შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სუსტი ძლიერი


13-09-2017, 16:36
ავტორი Ramzisher
ნანახია 1 487

მე და ჩემი მეწყვილე დაჩი ჩვეულებისამებრ ორმოცდამეათე ეკიპაჟად წოდებულ ავტომობილში ვსხედვართ და ზანტად ვმოძრაობთ ჩვენს კვადრატში. მე მძღოლის ადილი მიკავია, ხოლო ჩემი მეწყვილე გვერდით სკამზეა მოკალათებული. ცხელი ზაფხულის ჩვეულებრივი თბილისური დღეა. ფანჯრები ჩაწეული გვაქვს და დაჩი ისე ხარბად ისუნთქავს გამონაბოლქვით გაჯერებულ აუტანელ ჰაერს, რომ მგონია თავი სადმე საირმის მთებში წარმოუდგენია და ილუზიების ეპიცენტრში მყოფს ჯერ კიდევ ვერ გაუცნობიერებია ჟანგბადის ნაცვლად ტყვიით და ნახშირორჟანგით რომ იწამლავს ფილტვებს. კონდიციონერი არ უყვარს ვაჟბატონს, „თავს ატკივებს“ და თავსაც ასე იტანჯავს და მეც მტანჯავს იქამდე, სანამ ჩვენი უნიფორმის ყველა ნაწილი არ დაიწყებს სიმწრის თუ სიცხისგან მოგვრილი ოფლის წვეთებით გაჟღინთვას, ხოლო ჩემი მოთმინების თუ დიდსულოვნების ფიალა მოუთმენლობის ჩანჩქერად არ იწყებს გადმოდინებას. აი მაშინ კი ვუწევ ფანჯრებს, მისი ღრმა და ყოვლისმომცველი პატივისცემის მიუხედავად და ოცდამეერთე საუკუნის კიდევ ერთი საოცრებით- ჰაერის გამაგრილებელი საშუალებით ვაგრილებ სიცხისგან გახვითქულ შუბლს, რომელიც ისეა გახურებული ქუდის ქვეშ, თითქოს კეცშემომდგარი მაყალი ყოფილიყოს აალებული კოცონის თავზე. ერთი უკმაყოფილო მზერა კი მაჩუქა ჩემმა მეწყვილემ და თქმაც დააპირა თითქოს რაღაცის, მაგრამ მიხვდა, რომ ის ორი საათი, რაც ჩემი გულკეთილობით ისარგებლა და ფილტვები ცხლი ჰაერით დამიშანთა, საკმარისი დათმობა იყო ჩემი მხრიდან და ხმა აღარ ამოუღია.
დაჩი ჩემსავით სკოლის მერხიდან პოლიციის რიგებში გადავიდა. მამაჩემის დაჟინებული უპირობო მოთხოვნით 17 წლისა იურიდიული ფაკულტეტზე ჩავირიცხე, სისხლის სამართლის მიმართულებით. ყველას მამაჩემის მოსამართლეობრივი გზის გამგრძელებლად ვესახებოდი, მაგრამ მე ყოველთვის ვიცოდი, რომ მიუხედავად წარჩინებულად დასრულებული ხუთწლიანი სწავლისა, სხვა ვექტორს ავირჩევდი.
ერთ მშვენიერ დღესაც ჩემმა ბავშვობის ძმაკაცმა და საუკეთესო მეგობარმა, გიორგიმ, რომელიც ჩემსავით გზააბნეული იურიდიულის სტუდენტი იყო და მისი ოჯახიც მას დიდ ვექილობას უპირებდა, შემომთავაზა პოლიციის აკადემიაში გაგვეგრძელებინა სწავლა და მიუხედავად ჩვენი ოჯახების იმედგაცრუებული უპერსპექტივო მომავლის ხედვისა, ასეც მოვიქეცით.ის პერიოდი იყო, როდესაც პატრულ-პოლიციელი, როგორც ახალი, მაღალი სტატუსის და იმიჯის მქონე პროფესია ყალიბდებოდა და ძველი ყაიდის ქრთამის სუნით აქოთებული პოლიციელების კასტა გადაშენების გზაზე იდგა. დავასრულეთ თუ არა სწავლა, პატრულებად გაგვანაწილეს თბილისის სხვადასხვა რაიონებში. თითქმის არ ვხედავდით ერთმანეთს. მაშინდელი ხელმძღვანელობის მიდგომა და ინსტრუქციები ახლანდელისგან განსხვავებული იყო და ამიტომ მეწყვილეებს ყოველ ნახევარ წელიწადში ერთხელ გვიცვლიდნენ, ეს პროფილაქტიკისთვის, რომ მიჩვეულ გარემოში ისევ არ დაეწყო ვინმეს ხელის მოთბობა. თორმეტ წელიწადზე მეტია ამაყად ვატარებ პოლიციელის ფორმას და სამკერდე ნიშანს. რამდენიმეჯერ დაწინაურება და თანამდებობა შემომთავაზეს დამსახურებების გამო, მაგრამ ვიცი, რომ მენეჯმენტი და ერთ ადგილას სკამზე ჯდომა ჩემი საქმე არ არის, მივხვდი, რომ ჩემი მოწოდებაა საზოგადოების სამსახურში ყოფნა და მამაჩემის და თავისი გავლენიანი მეგობრების დაჟინების მიუხედავად, ყოველთვის თავაზიანი უარით ვისტრუმრებდი ხოლმე ამგვარ შემოთავაზებებს. ახლა მაიორის წოდება მაქვს, ვარ ასმეთაური, ჩემი სახლის მისაღების კარადა სიგელებით და ჯილდოებით არის გამოტენილი, რაც ვერ დაეტია საძინებლის კარადის თაროებსაც ამშვენებს, მყავს ძალიან ბევრი პოლიციელი და სამხედრო მეგობარი, და მეტი რაღა მინდა, არც არაფერი.
-რაო, უფროსო ლეიტენანტო, ცივმა ჰაერმა ალერგია ხომ არ მოგგვარათ?- ვეხუმრები ჩემს მეგობარ მეწყვილედწოდებულს. მე და დაჩი უკვე თითქმის ნახევარი წელიწადია ერთ ეკიპაჟს ვატარებთ ჩვენს ძვირფას კვადრატებში და მიუხედავად სრული ურთიერთწინააღმდეგობრივი ხასიათისა, ამ მცირე ხნის განმავლობაში განუყრელ მეგობრებად ჩამოვყალიბდით. ისიც ჩემსავით ოცდათხუთმეტს მიტანებული უცოლო კაცია და ამიტომ სამსახურის შემდეგ ბევრი დრო გვაქვს, რომ საყვარელი საქიანობით, ფეხბურთის და რაგბის ყურებით დავტკბეთ.
-რა მოგწონს ამ კონდიციონერში ვერ გავიგე რა- ჩაიბუზღუნა გაბრაზებულმა. ამ დროს ეს მთასავით კაცი ისეთ ბავშვურ იერს იღებდა, ტირილის ხასიათზეც რომ ყოფილიყავი გაგეცინებოდა.
-სულ მცირე , ის მაინც, რომ 35 გრადუსის ნაცვლად, ჩვენს სამუშაო გარემოში ოცდაორი გრადუსია და უნიფორმა არ მაქვს ოფლის წვეთებით გაჟღენთილი. შენი შიშით ხელი ვერ ჩამომირთმევია მოქალაქისთვის, ისე მისველდება ამ სიცხისგან. თუ ასე ძალიან გაწუხებს კომფორტი და სიგრილე, გადავაყვანინებ შენს თავს გზების მარეგულირებლად და იდექი მერე გზაგასაყარზე. იმღერე თან წვიმად გადავიქეცი- ბოლოს წავუმღერე კიდეც, რომ ნერვები კიდევ უფრო მომეშალა მისთვის. ძალიან მახალისებდა მისი მიამიტური სიბრაზე. უაზროდ და უკიდეგანოდ ჰუმანურ დაჩისთის რა უნდა გეწყენინებინა რომ სერიოზულად გაბრაზებულიყო.
-შენ როგორც ჩანს ასაკობრივი კრიზისი დაგეწყო, ძმაო. ამიტომ მიისწრაფი ასე ამ კომფორტისკენ. მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო, არ გაგიგონია?
-ფრთიან აზრებს ტყუილა ნუ ისვრი, დღეს შენი თბილი ჰაერის ლიმიტი ამოწურული გაქვს, მე მეტი შენ დღეს ფანჯარა აღარ ჩამოგიწიო, თავს მეხი დამეცეს თუ გინდა. ჩემი არმანიც კი აორთქლდა ტანსაცმლიდან ისეთი სიცხეა გარეთ.
-ყველა პატრულის ეკიპაჟს, მე-15 , მე-16 კვადრატში, ბარათაშვილის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით გამომავალ გზაზე გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობს მსუბუქი ტიპის, მერსედესის მარკის თეთრი ავტომანქანა ნომრით ალ555კი, ყურადღებით იყავით, შესაძლოა არაფხიზელ მდგომარეობაშიც იმყოფებოდეს და შეამოწმეთ. არ დაემორჩილა შეჩერების ბრძანებას და გზა გააგრძელა.
-50-ე ეკიპაჟი გისმენთ, მეთხუთმეტე კვადრატში ვმოძრაობთ და შევეცდებით შევაჩეროთ- ჩავძახე მიმღებ აპარატში, საჭე უახლოეს მოსახვევში დავატრიალე და მოცემული მიმართულებით განვაგრძეთ სვლა.
-ამ ასახვევში ადი, ერეკლე და ციხეების გზაგასაყართან მანქანები დავბლოკოთ, როგორც ადრე მოვიქეცით და გაჩერდება ეგეც.
-არის, უფროსო ლეიტენანტო,- შევძახე ომახიანად მეგობარს და მისი ინსტრუქცია შევასრულე. ისეთი სერიოზული და დინჯი სახით იყურებოდა პირდაპირ, მეგონა საომრად იყო მომართული და გამეღიმა. მაღალი იყო, მხარ-ბეჭიანი, ზორბა აღნაგობის, მაგრამ სახეს ბავშვური ნაკვთები შემორჩენოდა. ოდნავ შავგვრემანი იყო და შავთვალება. მის ფართე, მაგრამ ნათელ სახეს ამშვენებდა არწივისებური ნისკარტისმაგვარი ცხვირი და ნაიარევისგან ოდნავ ზედა მხარეს დადაღული სქელი ტუჩები, როგორიც ერთი თავდასხმის დროს არაკაცმა საჩუქრად დაუტოვა. ისეთი გულიანი სიცილი იცოდა, რომ ახარხარებულ ტუჩ- პირს მთელს მკერდს სინქრონულად აყოლებდა. მისი სათნო გარეგნობის მიღმა კი უძლიერესი სპორტული მონაცემები და მეხის ცემასავით ძალ-ღონე იმალებოდა.
-ვაი მათ, ვისაც მისი მუშტი მოჰხვედრია,- გავიფიქრებდი ხოლმე, როდესაც ყავის ჭიქაზე სალტოსავით შემოვლებულ მის ხელს უცებ თვალს მოვკრავდი. არ ყოფილა ჯერ აქამდე ინციდენტი, რომ იარაღის ან ხელკეტის მოშველიება დაგვჭირვებოდა, მას და მე ერთი სიმაღლის ახმახებს მანქანიდან გადასულს როგორც კი დაგვინახავდნენ ჩვენი ძვირფასი, „შარს“ მონატრებული კანონდამრღვევები, მოთვინიერებული ცუგებივით დამყოლები ხდებოდნენ უმალ.
***
გორგასლისა და გულუას ქუჩის კუთხეში გავაჩერეთ მანქანა და საცობი შევქმენით, ისე, რომ მანქანებს ვერც ერთი მიმართულებით სწრაფად გასვლა ვერ მოეხერხებინათ, ჩემი და დაჩის ნაცადი უტყუარი ხერხი იყო.
რამდენიმე წუთის მოლოდინის შემდეგ ჩვენი „მსხვერპლიც“ გამოჩნდა და ბუნებრივად გაჩერდა მანქანებით დახუნძლულ ჩვენს მიერ ორგანიზებულ საცობში. მეც მეტი რა მინდოდა, დაჩის ხელით ვანიშნე მე წავალ-თქო და ავტომანქანას მივუახლოვდი.
ჩემდა გასაკვირად შავი, დაბურულ-ფანჯრებიანი მერსედესის ფანჯრიდან შემომყურებდა ულამაზესი მადნდილოსანი, რატომღაც მეგონა მამაკაცი აღმოჩნდებოდა საჭესთან. უცებ რაც შევამჩნიე ეს იყო მისი შველივით თვალ-წარბი, როდესაც სათვალე ოდნავ ჩამოიწია ცხვირზე რომ ამრეზით შემოხედვა მოეხეხებინა ჩემთვის და მორაკრაკე წყაროსავით დატალღული მუქი გრძელი თმა, რომელიც მის ყვრიმალსა და ყელს ისე შემოხვეოდა, როგორც ვაზის ფოთოლი სუროს.
-რაო, ოფიცერო, საქმე აღარ გაქვს, თუ რა ხდება?-არ დამაცალა თავის წარდგენა და ხელადვე მომახალა. მივხვდი, რომ მძიმე საუბარი მელოდა და ღრმად ჩავისუნთქე. იმ ფაქტს გადავაწყდი, რაც ძალიან არ მიყვარს, მანდილოსან კანონდამრღვევს, რომელიც მთელი სითავხედით ცდილობდა თვალი არ მოეშორებინა ჩემთვის, რადგან კარგად შემენიშნა ჩემთვის განკუთვნილი ის აგდებული ღიმილი, რომელიც დასთამაშებდა ამ საქციელისთვის შეუფერებლად ლამაზ სახეზე.
-მაიორი მახვშიანი, მოგესალმებით. თქვენ დაარღვიეთ საგზაო მოძრაობის წესები, ასევე არ დაემორჩილეთ გაჩერების ბრძანებას და...
-ვაა, მახვშიანი, ეგ რას ნიშნავს?-უცებ შემაწყვეტინა დედაენასავით დაზეპირებული ფრაზები.
-მოქალაქევ, წარმოადგინეთ პირადობის და მართვის მოწმობები პირველ რიგში და შემდეგ უკვე ბრძანეთ, ჩემი სიტყვებიდან რომელი იყო ასეთი გაუგებარი.-ვესაუბრებოდი და თვალს არ ვაშორებდი მის აგდებულ ღიმილიან სახეს, თანაც ნერვები მეშლებოდა, ამდენის უფლებას რომ აძლევდა საკუთარ თავს.
ზანტად გადაიწია გვერდით სკამთან, ჩანთა გახსნა, ამოიღო მოწმობები და საჩვენებელ და შუა თითს შორის მოქცეული გამომიწოდა. გამოსართმევად რომ გავუწოდე ხელი, უკანვე გასწია და ჩაიქირქილა. ისე თავხედობდა, ამდენი წლის გამოცდილება რომ არ მქონოდა და ქალთა კასტის წარმომადგენელი თუ მისი მაგვარი არ ყოფილიყო, ალბათ მანქანიანად ავაყირავებდი.
-მოქალაქე ჩრდილელო, სამწუხაროდ უნდა შეგამოწმოთ თუ ხართ ფხიზელ მდგომარეობაში, აი აქ ჩაბერეთ- და გავუწოდე აპარატი. ჩემდა გასაკვირად, ძალიან მშვიდად აღასრულა მოთხოვნა და ისევ ჩემდა გასაოცრად აღმოჩნდა, რომ არაფხიზელი არ მართავდა საჭეს. რაღა დამრჩენოდა, მისთვის საგზაო წესების დარღვევისთვის ჯარიმა გამომეწერა და გამეშვა საითაც მოისურვებდა წაბრძანებას. ის იყო დარღვეული მუხლების მთელი დასტის ჩამორაკრაკება უნდა დამეწყო, რომ ტელეფონმა დაურეკა და უპასუხა.
-რაოო? ვის? მამას? რას ამბობ?-ისეთი მუდარით აღსავსე თვალებით შემომაცქერდა, მივხვდი, რომ რაღაც საშინელება შეემთხვა მის უახლოეს ოჯახის წევრს. კარი გამოაღო, სავარაუდოდ მისი გაშვება რომ მოეთხოვნა ან ეთხოვნა ჩემთვის, მაგრამ გადმოსვლა აღარ ვაცადე, კარი მივუხურე და ერთი სიტყვით მოვუჭერი:
-წადი!
ისეთი გაონებული მზერით შემომხედა, მივხვდი, რომ არ მოელოდა ასეთ სწრაფ დადებით გადაწყვეტილებას ჩემგან და ეს რამდენიმე წამის უკან დამცინავი იერი მადლიერების ელფერმა მთლიანად შეუცვალა.
-მადლობა, მახვშის შთამომავალო, არასდროს დაგივიწყებ იცოდე!- და ელვის უსწრაფესად მოწყვიტა შავი მასა დაჩის მიერ საცობისგან გაწმენდილ გზაზე.



№1  offline აქტიური მკითხველი nawkas12345

Gamixarda sheni Danaxva.
Wavikitxav aucileblad

Dzaan saintereso iyo.. policielebze araferi wamikitxavs jer da

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent