ზღვასთან ახლოს (II თავი)
-ლილიანაა! ადექი გვეჩქარება! - დილით კარებზე ბრახუნმა გამოაფხიზლა. ზანტად წამოსწია თავი და ტუმბოზე მოთავსებულ მაღვიძარას შეხედა. ცხრა საათს უჩვენებდა. შემდეგ უცებ გაახსენდა, რომ დღეს დედას მაღაზიებში უნდა წაჰყოლოდა და წინასაქორწილო სამზადისში მიხმარებოდა. ამის გაფიქრებისთანავე სიზარმაცემ მთელი ძალით შემოუტია და ზმუილით უკმაყოფილომ მთელი ძალით დაახეთქა თავი ბალიშზე. -მალე გამოვალ დედა! - გასძახა ნამძინარევი ხმით. ხუთიოდე წუთი კიდევ იკოტრიალა აქეთ-იქეთ, შემდეგ კი უკვე კარგად გამოფხიზლებული სწრაფად წამოხტა ფეხზე და მოემზადა. ხასიათიც ნელ-ნელა გამოუკეთდა და ღიმილით გამოაღო კარი. სასადილო ოთახში გავიდა და დედას უხმოდ სუფრის გაშლაში მიეხმარა. -დილა მშვიდობისა. - გაისმა გიორგის ბოხი ხმა. -დილა მშვიდობისა. - ღიმილით მიეგება ლილიანაც. -რას შვებით, ემზადებით? -კი, ახლა უნდა გავიდეთ, ისედაც შეგვაგვიანდა. უამრავ დეტალზე უნდა ვიზრუნოთ, დრო კიდევ თითქმის არ დაგვრჩა. ზეგ ქორწილია. -ალბათ ქალებს ვერასდროს გაგიგებთ. რა საჭიროა ამდენი წვრილმანი? ბანტები, გაფორმებები, მოსაწვევს მარჯვნიდან ექნება ზოლი თუ მარცხნიდან... - ჩაიფრუტუნა კაცმა. -როგორ თუ რა საჭიროა?! - ჩვენი ქორწილი შეიძლება დიდი არა, მაგრამ იდეალური და ლამაზი უნდა იყოს. ლილი ყავა დაგისხა? -არ მინდა. ქალმა ორი ფინჯანი გაამზადა და მაგიდას მიუჯდა. ისე ისაუზმეს და დატოვეს სახლი ცოტნესთვის თვალიც კი არ მოუკრავთ, მეტიც ისიც კი არ შეუმჩნევიათ საერთოდ იყო თუ არა სახლში. ლილიანას საერთოდ არ გახსენებია მისი არსებობა... ეს ფაქტი კი სიმშვიდეს ანიჭებდა. მშვენიერი დღე იყო, მცხუნვარე მზე ცის უკიდეგანო კამარაზე გადაჭიმულიყო. გარეთ ცხოვრება დუღდა. უამრავი ხალხი ირეოდა ქუჩებში, უმეტესობა ბედნიერი სახეებით, ეს კი გოგონას განწყობაზე დადებითად აისახებოდა და უფრო მხიარულ განწყობაზე აგრძელებდა მაღაზიების თვალიერებას. ჯერ თამუნას კაბა შეამჩნიეს, გრძელი, კრემისფერი და საკმაოდ დახვეწილი. -დეე რა ლამაზი ხარ! - მხოლოდ ეს სიტყვები აღმოხდა განცვიფრებისგან პირდაღებულ გოგონას. ქალი მართლაც ასხივებდა ამ კაბაში. -მეც ძალიან მომწონს. - უპასუხა გაბადრულმა ქალმა. - მგონი ეს ფეხსაცმელიც უხდება. -ხოდა ეგეც იყიდე! - გახარებულმა ტაში შემოჰკრა გოგონამ. -ესე იგი გადაწყვეტილია. ამ კაბას ვყიდულობთ. - მიმართა კონსულტანტს.- ახლა კი შენი კაბის დროა. - ამ სიტყვების გაგონებისთანავე გოგონა მოიღუშა. სასტიკად ეზარებოდა საყიდლებზე სიარული და ათასი რამის მოზომება, რომელთაგანაც თითქმის არაფერი არ უხდებოდა. -ჩემი ძველი ტანსაცმლიდან რომ ავარჩიო რამე? -არაფერი არ გამაგონო! - მკაცრად, თითისქნევით მიმართა ქალმა. - ჩემს ქორწილს არ ჩაგაშლევინებ! ამას გავიხდი და დროზე უნდა მივხედოთ ყველაფერს, თან სალონშიც უნდა ჩავეწეროთ და ადმინისტრატორთანაც უნდა მივიდეთ. საკმაო ხანს მოუწია გოგონას სარკის წინ ტრიალი და ათასგვარი კაბის მოზომება. -ეს ბოლოა. - ამოთქვა სასოწარკვეთილმა. -აი ესეც მოიზომე და თუ არ მოგეწონება აღარ ვიცი რას გიზამ! - გაღიზიანებულმა ფირუზისფერი ნაზი კაბა გაუწოდა და გასახდელში შეაგდო. ლილიანა კმაყოფილი სახით გამოვიდა. -მგონი ამას არა უშავს. ვიყიდი. -არა უშავს?! შვილო თვალები სად გაქვს? ულამაზესი ხარ! -კარგი რაა დედა! მგონი ზედმეტად კარგად მაფასებ! -არაფერიც. - შეიძლება ქორწილში მეც დამჩრდილო. - გულიანად გაიცინა. - თუმცა წინააღმდეგი არ ვარ. კაბები კონსულტანტს ყუთებში მოათავსებინეს და მაღაზია დატოვეს. შემდეგ გვერდითა ქუჩაზე არსებულ სალონში შევიდნენ და ზეგინდელი ქორწილისთვის ჩაეწერნენ. ბოლოს კი ორგანიზატორთანაც შეიარეს. ქალმა კიდევ ერთხელ დაწვრილებით აუხნსა ყველაფერი, განრიგსაც გადახედეს და ერთმანეთს დაემშვიდობნენ. საკმაოდ დაღლილები, თუმცა ბედნიერები დაბრუნდნენ სახლში. -მიხარია ასეთს რომ გხედავ. - გაუღიმა გოგონამ. - როგორც იქნა ბედნიერი ხარ! მართალია ამდენი წლის მერე, მაგრამ მაინც. -ჩემი სულელი - ნიკაპზე წაავლო ხელი ქალმა. - მე აქამდეც უბედნიერესი ვიყავი შენ რომ მყავდი. ლილიანა უცებ მთელი ძალით მოეხვია დედას და ერთი-ორი ცრემლი ჩუმად გადმოაგდო. -რა გატირებს?... ლილი - ახლა უკვე გაეცინა ქალს. - ხომ არ გტოვებ? ერთად უნდა ვიცხოვროთ. -ვიცი, უბრალოდ გული ამიჩუყდა. - სლუკუნით მიუგო გოგონამ. - ჩემი გუჩვილი. - ბედნიერმა მოხვია ხელი გოგონას. - წამო სახლში შევიდეთ. ლილიანამაც უბრალოდ თავი დაუქნია და გვერდით მიჰყვა ქალს. გიორგი სახლში არ იყო, სავარაუდოდ ისევ თავის რესტორანში ჰქონდა რაღაც საქმე. -მიდი პარკები შეიტანე, გამოიცვალე და სწრაფად მოდი, ვახშამი გავამზადოთ. გოგონამაც დაავლო ხელი დივანზე მიჰრილ პარკებსა და ყუთებს და თავის ოთახს მიაშრა. კარი ჩვეულებრივ შეაღო და უცებ გაშეშდა. მის ოთახში ცოტნე იდგა საწერი მაგიდის უჯრა გამოეღო და გოგონას ნახატებს დაკვირვებით ათვალიერებდა. -აქ რას აკეთებ?! - მკაცრად გაიჟღერა გოგონას ხმამ. ბიჭი ისევ გაუნძრევლად მისჩერებოდა ნახატებს. -მგონი კითხვა დაგისვი! ცოტნე ნელა შემობრუნდა, ხელებგადაჯვარედინებული მაგიდას მიეყრდნო და გოგონა დაკვირვებით აათვალიერა. -შენ რა დამუნჯდი?! -რატომ დამხატე? -ვერ გავიგე? - გაკვირვება შეეტყო გოგონას ხმაში. -მშვენივრად გაიგე. რატომ დამხატე გუშინ? -როდის დაგხატე... საიდან მოიყანე. -აბა ეს რა არის?! - ნახატი აუფრიალა ბიჭმა ცხვირწინ, სადაც მისი სილუეტი იყო გამოსახული, თუ როგორ ჰაჰყურებდა ზღვას. - გუშინ აივანზე რომ ბრძანდებოდი და რაღაცას თხიპნიდი, არ მეგონა ჩემით თუ ასე დაინტერესდებოდი. -შენით რატომ უნდა დავინტერესდე? თან ეს უბრალოდ ნახატია. არაფერი განსაკუთრებული, უბრალოდ იმ კონკრეტულ პეიზაჟს უხდებოდი. -აჰა, ესე იგი ვუხდებოდი. - ირონიამ გაიჟღერა ბიჭის ხმაში. -დიახაც. -ვინ მოგცა უფლება ჩემს დაუკითხავად დამხატო? -მაგას რა უფლება უნდა? - გაიკვირვა გოგონამ. - ამით რამე დავაშავე? -კი, დააშავე და მომავალში მსგავს რამეს აღარ გაბედავ. არ მინდა მომავალში შენთან რამე შეხება მქონდეს. ის რომ ერთი თვე ამ სახლში ერთად მოგვიწევს ცხოვრება შენდამი ჩემს დამოკიდებულებას არ ცვლის, ამიტომ თავი შორს დაიჭრე. -მგონი ავადმყოფი ხარ! - აღმოხდა გაკვირვებისგან თვალებგაფართოებულ გოგონას. - ათი წლის ბავშვივით იქცევი, გეგონება რამე ბუა ვიყო და გაშინებდე. -ენა დაიმოკლე. - შეუბღვირა ბიჭმა. - შემდეგ კი უცებ შებრუნდა და ოთახი დატოვა. „ეს მართლა ვერ არის“ გაიფიქრა ლილიანამ და ტანსაცმლის გამოცვლას შეუდგა. შემდეგ კი ნათიასთან ერთად გააწყო ვახშამი, გიორგიც მოვიდა და როგორც ერთმა ბედნიერმა ოჯახმა, ისე ივახშმეს. რა თქმა უნდა ცოტნეს გარეშე. იმ დღეს არ გამოჩენილა, არც მეორე დღეს. მაღვიძარამ დილის მშვიდი და ნეტარი ძილი სასტიკად დაურღვია. რომ გამოფხიზლდა გაახსენდა დღეს თამუნას ქორწილი რომ იყო და სასწრაფოდ წამოყო თავი, გვერდით მწოლიარე დედა ხელით რამოდენიმეჯერ შეანჯღრია და ქალმაც ბოლოს იკადრა თვალების გახელა. -დედა ადექი, ბევრი საქმე გვაქვს. -ეხლავე. - ამოიბუზღუნა ქალმა და ზანტად გაახილა თვალები. გოგონა სასწრაფოდ დატრიალდა. უცებ მიიღო შხაპი, ტანსაცმელი გადაიცვა, გამოძახებულ ტაქსში დაიკავეს ადგილი და სალონისკენ გაემართნენ. პროცედურები საკმაოდ ხანგრძლივი და დამღლელი აღმოჩნდა, განსაკუთრებუთ კი ამ ყველაფერს შეუჩვეველი ლილიანასთვის. ერთი სული ჰქონდა ამ სტილისტს ხელიდან როდის დაუძვრებოდა, რომელიც მთელი ძალით წიწკნიდა თმებს და ზედ ათასნაირ სპრეის ასხურებდა. -მგონი საკმარისია. - ბოლოს ვეღარ გაუძლო და ფეხზე წამოხტა. -იქნებ ჩრდილები გვეცადა თვალებზე? -არა, ეს მაკიაჟიც მშვენიერია. - სასწრაფოდ უარყო გოგონამ და სალონის წინ არსებულ აივანზე გავიდა ცოტა ამოსასუნთქად. მზიანი დღე იყო, თუმცა ძალიან არ ცხელოდა. სასიამოვნო გრილი ნიავი უბერავდა. ხუთიოდე წუთში სალონში შებრუნდა და უკვე გამზაგებულ დედას მაკიაჟი და ვარცხნილობა მოიწონა. შემდეგ კი კაბების ჯერიც მიდგა. ძლივს ჩაეტია კაბაში ისე, რომ ვარცხნილობა არ დაშლოდა. გარეთ გამოსულმა კი საკუთარი თავი სარკეში რომ შეათვალიერა, იმდენად მოეწონა „სხვანაირი მე“, რომ კარგა ხანი თვალს ვერ წყვეტდა. -დედი მზად ვარ. აბა როგორია?! - დატრიალდა ქალი მის წინ. -ვაუ, არაჩვეულებრივია. - გიორგი რომ ნახავს ნამდვილად გადაირევა. -ხოდა ძალიან კარგი. - კეკლუცად გაიღმა ქალმა. -ლიკა რას შვება? -თითქმის ჩამოვიდა, ტაძართან დაგვხვდება. -გიორგის დავურეკე და მანქანა გამოგზავნა უკვე. უცებ გარეთ სიგნალის ხმა გაისმა. -აი მოვიდა კიდეც. -კარგი, სასწრაფოდ ის ჩანთა აიღე. ტელეფონი არ დაგრჩეს. ნივთებს დაავლეს ხელი. სალონის პერსონალს მადლობა გადაუხადეს და იქაურობა სასწრაფოდ დატოვეს. ტაძართან მისულებს გიორგი და მათი უახლოესი მეგობრები და მეჯვარეები გამოეგებნენ. მანქანიდან ჯერ ლილიანა გადავიდა, შემდეგ კი თამუნაც მიჰყვა. გიორგი კარგა ხანს გაშეშებული, გაფართოებული თვალებით შესცქეროდა თავის საცოლეს, სანამ ამ უკანასკნელმა, ყველასგან უჩუმრად მუჯლუგუნი არ ჰკრა, გამოფხიზლდიო. -მაპატიე. უბალოდ ისეთი ლამაზი იყავი. -კარგი გეოფა. - ღიმილით დადნა ქალი. შემდეგ მეჯვარეებიც, ლიკა და მერაბი მიეგებნენ და ერთად გაემართნენ ტაძრისკენ. მთელი ჯვრისწერის განნმავლობაში ყველა მონუსხული შეჰყურებდა ნეფე-პატარძალს, მათ შორის ლილიანაც. ტაძრიდან ბედნიერები გამოვიდნენ, გაბრწყინებული სახეებით, ბევრი ფოტოც გადაიღეს და უკვე ხელის მოსაწერად გაემართნენ. საღამოს უკვე გიორგის ერთ-ერთ რესტორანს მიადგნენ. ქორწილი სტუმრების მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩეოდა, სულ რაღაც ასიოდე კაცი იქნებოდა, თუმცა იქაურობა ულამაზესად იყო მორთული. ლილიანა ძირითადად დედის გვერდით ტრიალებდა, ხან ლიკასთან საუბრობდა. მათ შორის არ იყო დიდი ასაკობრივი სხვაობა, ასე რომ დედის დქალებთან საერთო ენას ყოველთვის პოულობდა. ხანდახან ბებიასა და ბაბუას გვერდით ატარებდა დროს, რომლებიც ამ დღისთვის საგანგებოდ ჩამოსულიყვნენ და დღესვე აპირებდნენ უკან დაბრუნებას, მიუხედავად თამუნასა და გიორგის დიდი თხოვნისა, რომ დარჩენილიყვნენ რამოდენიმე დღით. საღამო საკმაოდ სასიამოვნო და მხიარული იყო ყველასვის, მათ შორის ლილიანასთვისაც, სანამ არასასურველ სილუეტს მოჰკრავდა თვალს. ცოტნე მთელი ქორწილის განმავლობაში არ გამოჩენილა, თუმცა მისმა რესტორანში ხილვან გოგონა ოდნავ ააფორიაქა და დაძაბულობა შემატა. მათი მაგიდიდან მოშორებით იჯდა. განუწყვეტლივ სვამდა და თან ხალხს აკვირდებოდა. საბოლოოდ კი მზერა ლილიანაზე შეაჩერა და გოგონა უფრო მეტად დაძაბა. დარბაზში მუსიკა შეიცვალა, მოულოდნელად ცოტნე წამოდგა და მათი მაგიდისკენ გაემართა, გოგონას თავზე წამოადგა და ხელი გაუწოდა. -ვიცეკვოთ? - იკითხა სრულიად ჩვეულებრივი, აუღელვებელი ხმით. გოგონამ დიდი ცისფერი თვალებით ყურადღებით ახედა, შემდეგ კი თავისი ხელი შეაგება უსიტყვოდ. წარმოდგენა არ ჰქონდა რატომ დათანხმდა მისთვის არასასურველ ადამიანს ცეკვაზე, მით უმეტეს მაშინ, როდესაც მთელი საღამოს განმავლობაში არავისთან უცეკვია და არც ამის სურვილი გააჩნდა. დარბაზის ცენტრში დაიკავეს ადგილი სხვა მოცეკვავე წყვილებს შორის, გოგონამ ხელი მხრებზე მოხვია, ცოტნემაც ჩააცურა ხელი მის წელზე და დაიწყეს ნელ, სასიამოვნო მუსიკაზე ცეკვა. მთელი ცეკვის განმავლობაში ერთმანეთისთვის თვალები არ მოუშორებიათ. ყურადღებით აკვირდებოდნენ და თითქოს ნაკვთებს სწავლობდნენ. ლილიანას ნელ-ნელა დაძაბულობაც მოეხსნა და მისდა გასაოცრად საოცარი სიმშვიდე და კომფორტის გრძნობა ჩაეღვარა სხეულში. მუსიკის დამთავრებისთანავე უსიტყვოდ მოშორდნენ ერთმანეთს და გოგონაც თავის ადგილს დაუბრუნდა. ამის შემდეგ ცდილობდა იმ მაგიდისკენ აღარ გაეხედა, სადაც ცოტნე იჯდა. უკვე გვიანი ღამე იყო. სტუმრების უმეტესობა წასულიყო. მხოლოდ აქა-იქ შემორჩენილიყვნენ უახლოესი ადამიანები და ისინიც მალევე აპირებდნენ დაშლას. გადაღლილი ლილიანა დედისაკენ გაემართა, მაგიდასთან მის გვერდით დაიკავა ადგილი. -დაიღალე დედი? - გაეღიმა ქალს. -ცოტათი. - პირზე ხელაფარებულმა დაამთქნარა გოგონამ. -მე და გიორგი ამაღამ სასტუმროში ვრჩებით. მერაბს ვეტყვით და სახლში ის გაგიყვანთ გიორგის მანქანით. ცოტნემ დალია არა? -მე რასაც ვხედავდი დალია კი არა გაილეშა. -თუ რამე გითხრა არ მიაქციო ყურადღება კარგი? -კარგი დეე. გპირდები. - მოეხვია ქალს. სულ რაღაც ნახევარ საათში ყველა დაიშალა. მერაბმა ჯერ ცოტნე და ლილიანა მიიყვანა სახლამდე, შემდეგ კი თავადაც სახლში წავიდა. ცოტნე ბარბაცით აუყვა კიბეებს, ლილიანამ კი კარი შეაღო და ჯერ ბიჭი შეატარა, შემდეგ კი თავის ქნევით მიჰყვა უკან. კარი მიხურა და მაშინვე თავისი ოთახისკენ გაემართა, ისე რომ სიტყვაც კი არ უთქვამს ცოტნესთვის. ძალაგამოცლილმა უბრალოდ გამოიცვალა და საწოლში შეწვა. თვალების დახუჭვისთანავე მკვდარივით ჩაეძინა. გამთენიის ხანს რაღაც უსიამოვნო გრძნობამ გამოაღვიძა. პირი საშინლად უშრებოდა. ახლა ადგომა ესიკვდილებოდა, თუმცა სხვა გზა არ იყო. ნელა წამოიზლაზნა ფეხზე, იქვე მიგდებული ხალათი უბრალოდ მოისხა და სამზარეულოსკენ გაემართა. ორი ჭიქა წყალი მიყოლებით ჩაცალა და უკან მიბრუნდა, როდესაც შეშინებულმა შეჰყვირა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. -შემაშინე! -აქ რა გინდა?! რას დაბოდიალობ შუა ღამით?! -წყალი მომწყურდა! - უპასუხა უხეშად. - შენ რას დაბოდიალობ? ბიჭს პასუხი არ გაუცია. მარჯვნივ გადადგა ნაბიჯი, რომ გოგონასთვის გვერდი აეარა, თუმცა ლილიანამაც სწორედ იგივე მიმართულებით გადადგა ნაბიჯი. ახლა მეორე მხარეს გაიწია გოგონა, თუმცა ბიჭიც მიჰყვა. ასე განმეორდა რამოდენიმეჯერ. -იქნებ მიხვდე და გოგოს დაუთმო გზა? -მობრძანდით თქვენო უმაღლესობავ. - სარკასტულად გაიღიმა ცოტნემ და გვერდით გაიწია. ლილიანამ ერთი შეუბღვირა და თავისი ოთახისკენ გაეშურა. მაშინვე შეწვა საწოლში და სულაც არ გახსნებია ცოტნე, ისე მიეცა მშვიდ ძილს. დილით გვიან გამოფხიზლდა. უკვე პირველი საათი ხდებოდა. სასწრაფოდ ჩაიცვა ტანზე, თავი მოიწესრიგა და სასადილო ოთახს მიაშურა. მაგიდასთან ცოტნე მოკალათებულიყო. ყავა გაემზადებინა და თან ტელეფონში იყო ჩამძვრალი. -დილა მშვიდობისა. - მოვალეობის მოხდის მიზნით წამოისროლა გოგონამ და საკუთარი თავისთვის საუზმის მზადებას შეუდგა. იცოდა რომ ახალდაქორწინებულები შეიძლება დღეს საერთოდ არ მოსულიყვნენ, ხოლო ცოტნე კი მის მომზადებულს არაფერს არ დააკარებდა პირს. შესაბამისად ზედმატად თავი არ შეუწუხებია. -შეგეძლო უბრალოდ შემოგეთავაზებინა. -შეგეძლო მისალმებაზე სალამით გეპასუხა. ახლავე გავამზადებ მეორე პორციას. -შენი არაფერი მჭირდება. - დაიღრინა ბიჭმა. უცებ მობილურზე დაურეკეს, მაშინვე დაავლო ხელი და უპასუხა. - დიახ ბატონო დავით... საბუთები მეორე უჯრაშია. - ფეხზე წამოდგა და გვერდითა ოთახში გავიდა. გოგონამ ერთი თავისთვის მიალანძღა და მშვიდად დაიწყო საუზმობა. შემდეგ სახლი მიალაგა და როდესაც აღმოაჩინა, რომ საქმე აღარაფერი ჰქონდა, გადაწყვიტა ცოტა გარეთ გაესეირნა. ფეხით დაუყვა სანაპირო ზოლს და იქვე მოშორებით მდებარე პატარ ზღვისპირა კაფეში შევიდა. შიგნით შესულს საოცარი სურათი დახვდა. კედლები ლაჟვარდისფრად იყიო შეღებილი. აქა-იქ მოხატული, რაც ზღვის ტალღების იმიტაციას ქმნიდა. ირგვლივ სულ სურათები და ზღვის ნიჟარებისა და ფერადი კენჭებისგან გაკეთებული ათასგვარი სუვენირი იწონებდა თავს. კაფეში ხის ძველი მაგიდები და სკამები ოდგა, რაც უფრო სასიამოვნო და მყუდრო ატმოსფეროს ქმნიდა. გოგონამ ღიმილით დაიკავა ადგილი, საიდანაც ყველაზე კარგი ხედი იშლებოდა და ფორთოხლის ცივი წვენიც შეუკვეთა. ნელა წრუპავდა წვენს, თვალუწვდენელ ჰორიზონტს გაჰყურებდა და თან ზღვის სასიამოვნო, მლაშე სურნელს ღრმად ისუნთქავდა. -შეიძლება დავჯდე? გოგონა უცებ გამოფხიზლდა შორს წასული ფიქრებიდან და მის წინ მდგარ სასიამოვნო გარეგნობის მამაკაცს შეხედა. იქნებოდა ასე ოცდაათი წლის. წვერი საგულდაგულოდ გაეპარსა. თეთრი პერანგი ეცვა, რაც უფრო კარგად გამოკვეთდა მის გარუჯულ, დაკუნთულ სხეულს. ლილიანა უცებ დაიბნა. არ იცოდა რა მიზეზი მოეფოქრებინა უარის სათქმელად. -დაბრძანდით, მე ისედაც მალე ვაპირებდი წასვლას. -მე ეს არ მიგულისხმია. - მის წინ დაიკავა ადგილი მამაკაცმა. - მინდოდა თქვენთან დავმჯდარიყავი, თორემ ცარიელი ადგილები ისედაც საკმაოდაა ამ კაფეში. გოგონამ უხერხულად გაუღიმა. -ლექსო. - ხელი გაუხოდა მამაკაცმა. -ლილიანა - შეაგება თავისი ნაზი მტევანი გოგონამაც. -სასიამოვნოა შენი გაცნობა ლილიანა. - მომნუსხველად გაუღიმა მამაკაცმა. - ძალიან ლამაზი ხარ. -გმადლობ. - მორხცვად დახარა თავი გოგონამ. სახეზე ოდნავ სიწითლე შეეპარა. -აქამდე არ შემიმჩნევიხარ. -ალბათ იმიტომ რომ ამ ქალაქში ახალი გადმოსული ვარ. -მართლა? ძალიან კარგი. ესე იგი ხშირად მექნება შენი ხილვის შესაძლებლობა. -ხო... შეიძლება შემთხვევით შევხვდეთ ხოლმე. -და რატომ შემთხვევით და არა გამიზნულად? პირდაპირ გეტყვი... შენი ახლოს გაცნობა მინდა. -იცით მე... -ძალიან გთხოვ შენობით. -არა მგონია გამიზნულად მოგვიწიოს შეხვედრა... ახლა უნდა წავიდე. - ფეხზე წამოდგა გოგონა. -კარგი, მაშინ გაგაცილებ მაინც. -როგორც გინდა. - მხრები აიჩეჩა გოგონამ. -ხოდა მინდა. ნელა დაუყვნენ სანაპირო ზოლს. -რას მეტყვი შენზე ლილიანა? - უცნაურად გამოკვეთა მამაკაცმა გოგონას სახელი. - აქ რატომ გადმოხვედი? -დედაჩემი გათხოვდა და ჩემს მამინაცვალთან გადმოვედი. აი იმ სახლში. - ხელით მიანიშნა გოგონამ მათი სახლისკენ რომელიც საკმაოდ შორს მოჩანდა. -გიორგი კარგი ადამიანია. ახლოს ვიცნობ. სამწუხაროდ ქორწილზე ვერ მოვახერხე ჩამოსვლა. -გასაოცარია - გაუკვირდა გოგონას. - საიდან იცნობ გიორგის? -ერთი პერიოდი კომპანიონები ვიყავით, შემდეგ საზღვარგარეთ მომიწია წასვლა და ჩვენი გზებიც გაიყარა, თუმცა ურთიერთობა რა თქმა უნდა ისევ გვაქვს. აქ პატარა კერძო ბიზნესი მაქვს. აი ის კაფე, რომელშიც ახლახანს ვიყავით. -მართლა? - თვალები გაუფართოვდა გოგონას. - ულამაზესია. მშვენიერი გემოვნება გქონია. იქაურობა ზღაპრულ ატმოსფეროს ქმნის. -გმადლობ. - შენზე რას იტყვი ლილიანა? -ჩემზე?... სათქმელი არაფერია. ხატვა ძალიან მიყვარს. -სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი ორი წელი, ახლა კი საბუთები გადმოვიტანე და აქ განვაგრძობ სწავლას. -ძალიან მიხარია. ანუ საბოლოოდ ამ ქალაქში რჩები. -ასე გამოდის. -მგონი უკვე მოვედით. -ასეა. უნდა წავიდე. დიდი მადლობა რომ მომაცილე. -სასიამოვნო იყო შენი გაცნობა ლილიანა. -ჩემთვისაც. -იმედია კიდევ ბევრჯერ გნახავ. - მომნუსხველად გაუღიმა მამაკაცმა, თან მუქ ყავისფერ თვალებს არ აშორებდა გოგონას. -იმედია. დროებით. - მიუგო გოგონამ ღიმილით და ზურგი აქცია. ნელა აუყვა სახლისკენ მიმავალ ბილიკს. მამაკაციც კარგა ხანს არ აშორებდა თვალს. კარი ნელა შეაღო გოგონამ და უკან მიიხედა. ლექსო უკვე მიდიოდა. -ვხედავ კაცების გაცნობაც დაგიწყია უკვე... სახლამდეც გაცილებენ. -რა გინდა?! - ბრაზი იკვეთებოდა გოგონას ხმაში. -მე? რა უნდა მინდოდეს? არც არაფერი! -ხოდა მაშინ უაზრო კომენტარებისგან თავი შეიკავე! ცოტნეს ხმა არ გაუცია, ისე შებრუნდა და სახლი დატოვა. გოგონამ ფანჯრიდან ძლივს გაარჩია საღამოს ბინდბუნდში, თუ როგორ დაფარა სწრაფი ნაბიჯებით გზა ზღვამდე. მაისური და შორტი იქნე სანაპიროზე მიაგდო და ტალღებში გადაეშვა. გოგონამ ღრმად ამოისუნთქა და შებრუნდა. სავარაუდოდ თამუნა და გიორგი არც ამ საღამოს დაბრუნდებოდნენ სახლში. მსუბუქი ვახშამი მოამზადა, თვითონ ცოტა მიირთვა და საჭმელი მაგიდაზე დატოვა, იმ შემთხვევისათვის, თუ ცოტნე მიეკარებოდა მის გამზადებულს ვახშამს. ისევ თავის ოთახს მიმართა. სავარძელში მოხერხებულად მოკალათდა. ფანჯარა გამოაღო, წიგნი მოიმარჯვა და სრულიად სხვა, წარმოსახვით, მაგრამ საინტერესო და სასიამოვნო სამყაროში გადაეშვა. მთელი გრძნობებით და აღტაცებით კითხულობდა. ვერც კი შეამჩნია, ისე გაეპარა დრო. გონზე კარის მოჯახუნების ხმამ მოიყვანა. მიხვდა, რომ ცოტნე დაბრუნდა. ასე ხმაურიანად შემოსვლა მარტო მას თუ შეეძლო. შემდეგ მის კარზე გაისმა კაკუნის ხმა. -შემოდი. ბიჭმა კარი შეაღო და ოდნავ მობეზრებული ხმით მიმართა: -გიორგიმ დამირეკა. ხვალ დაბრუნდებიან. მითხრა შენთვისაც გადმომეცა. -გმადლობ. - ჩაილაპარაკა უემოციოდ გოგონამ. კარი ხმაურიანად მიიკეტა. ლილიანა დიდხანს ჩასცქეროდა წიგნს, ერთი და იგივე აბზაცს უკვე მერამდენედ კითხულობდა, თუმცა მის თავში ერთი სიტყვაც კი არ შედიოდა. ბოლოს ნერვები მოეშალა და წიგნი საერთოდ დახურა. ყოველთვის ასე ემართებოდა ცოტნესთან შეხვედრის შემდეგ. ეს ბიჭი რაღაცნაირად თრგუნავდა და ამავდროულად ემოციებით ავსებდა. უცნაური გრძნობები ეფლებოდა, რომელბიც ერთმანეთისგან ვერ გაერჩია. თითქოს ეს ბიჭი ერთდროულად სასიცოცხლო ძალისგან წურავდა კიდეც და ენერგიის უშრეტ წყაროსაც აძლევდა. გავლენა დიდი იყო. მისგან განთაავისუფლების საშუალებას კი ვერ ხედავდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.