სუსტი ძლიერი (მესამე ნაწილი)
გოგონები უკვე მანქანაში ისხდნენ, ამიტომ ვერ გაიგებდნენ რას მელაპარაკებოდა მათი „მრისხანე დამცველი“. ისეთი მშვენიერი იყო განრისხებულიც, პრინციპში მე სხვაგვარ მდგომარეობაში ჯერ არ მინახავს. მაღალი იყო და ხმელი, მიუხედავად ამისა, საოცრად ქალური და მიმზიდველი ფორმები მაინც გამოჰკვეთოდა მის შოლტივით სხეულს. გრძელი მუქი დალალები აწეწილად ეყარა გრზელ კისერსა და მხრებზე. ლამაზი სახე, პროპორციული და თხელი ნაკვთებით კიდევ უფრო სავსე იერს აძლევდა მის უნაკლო ტანს. მაგრამ თვალები ჰქონდა რაღაც საოცარი, მუქი გადამწიფებული წაბლისფერი, თითქმის შავი. აი თვალებით მივამსგავსე იმ პატარა შეშინებულ გოგონას, ამდენი კაცი რომ გვაცემინა სულ ცოტა ხნის უკან და ვერც კი გამეგო საიდან მეცნობოდა. -რას მიყურებ, არამზადავ, მიპასუხე-გამომარკვია საკუთარი უხეშობით საამო ბურანიდან. -გოგონი, სწრაფად მართვის დროს ტვინი ხომ არ დაგიტოვებიათ შემთხვევით სადმე?!-ვუპასუხე ნახევრად ღიმილიან-ირონიული ხმით და შევემზადე უარესი აგრესიისგან თავის დასაცავად. რატომღაც ძალიან მახალისებდა მისი გაბრაზება. -ყველაფერთან ერთად უზრდელიც ყოფილხარ, არ იცი ვის როგორ ელაპარაკო. რა მოხდა მეთქი?- -„კიდევ მე გამოვედი უზრდელი“-გავიფიქრე ჩემთვის და გამეღიმა, მაგრამ არაფერი მიპასუხია. ის კი ერთი ნაბიჯის მანძილზე მომიახლოვდა და გაჩერდა, მთელი ტანი მომართული ჰქონდა ჩხუბისკენ. ჩემი ბიჭები შორიახლოს იდგნენ და გაკვირვებულები შემოგვყურებდნენ მე და მოჩხუბარ ქალბატონს. -მისმინეთ, ნინო- დავიწყე საუბარი და ისეთ დისტანციაზე მივუახლოვდი, რომ მისი თვალების ფსკერი დავინახე. თითქოს ოდნავ შეკრთა, მაგრამ უკან არ დაუხევია. -ჩემი სახელი საიდან იცი-არ დამასრულებინა აზრი, მაგრამ შემდეგ თვითონვე გასცა თავის კითხვას პასუხი- აა ხო, დღეს, პირადობა, კარგი. განაგრძე-რიხიანად შემომძახა. -მოკლედ, დიდად მადლობელი დაგრჩებით, ნინო, თუ დამასრულებინებთ და გაიგებთ კიდევაც ყველაფერს. პირველ რიგში გკითხავთ, გოგონა თქვენი ვინ არის? -ჩემი პატარა და-მოკლედ მომიჭრა. -ასეც ვიფიქრე. ძალიან არ მინდა გითხრათ ამგვარი რამ, სავარაუდოდ არც იცით ვითარება, მაგრამ თქვენი პატარა და, არასასურველ დაწესებულებაში მიზანმიმართულად უცხოელ კაცთა გასართობად მოვიდა ან მოიყვანეს-დავასრულე და დავაკვირდი მის რეაქციას, სახეზე ალისფერმა გადაურბინა. -რაო? როგორ ბედავ? შენ ვინ გგონივართ? ან ვისზე რას ამბობ, თვითონაც არ იკლებ ასეთ გართობას, როგორც ვხედავ-იკივლა გაცხარებულმა. -დამშვიდდით, საერთოდ არ არის ამ წუთში მნიშვნელოვანი მე თქვენ ვინ მგონიხართ. კარგი იქნება დაფიქრდეთ ამ წრეში საიდან ან ვინ მოახვედრა, ხოლო ჩემი გართობა საერთოდ არანაირად არ გეხებათ თქვენ-მშვიდად ვუპასუხე, მაგრამ მას სახე ისე დასძაბვოდა, კისრის მარჯვენა მხარეს ცისფერი ძარღვი კანიდან გამოსვლას ლამობდა. -დილანდელი ინციდენტი იმის უფლებას არ გაძლევს ჭკუა მასწავლო, პოლიციელო! შენთან ერთად რას აკეთებდა მაშინ? დავინახე ერთად რომ გამოხვედით-მის ძარღვს არ ვაშორებდი თვალს, კინაღამ ხელი მივაჭირე, ისე შემეშინდა არ გადმოუხტეს თქო. -ამას თვითონ მოგიყვებათ, თუ ჩათვლის საჭიროდ. მე უბრალოდ გავარიდე იქაურობას, მეტი არაფერი. ახლა მთავარია ამ წრეში აღარ იტრიალოს-ვცდილობდი სიმშვიდე შემენარჩუნებინა, მაგრამ მოთმინების ფიალა ზედა ზღვარს მალე გადააჭარბებდა ვგრძნობდი. -ვკითხავ, აბა რას ვიზამ, ვკითხავ კიდეც და...-აღარ დაასრულა, სიბრაზისგან ქვედა ტუჩი უცახცახებდა. უცებ ძალიან შემეცოდა. მივხვდი, რომ უფროსი დის ინსტიქტი დაუღალავად მუშაობდა და ტვინს არ აძლევდა საშუალებას საღი აზრი შეენარჩუნებინა. -დამშვიდდით-მხარზე ხელი მოვკიდე დასამშვიდებლად, მაგრამ ხელი ამიქნია. -ყველანი ერთნაირები ხართ-შემომძახა, უცებვე გატრიალდა და ძალიან სწრაფი ნაბიჯებით, თითქმის სირბილით გაემართა მანქანისკენ, სადაც სამი პატარა გოგონა ელოდა. თვალი არ მომიშორებია სანამ არ ჩაჯდა ავტომობილში. რომ დაძრა მაშინაც ვუყურებდი, ერთხელაც არ გამოუხედავს ჩემსკენ ისე, ელვის სისწრაფით გავარდა გზაზე. -„ნინო ჩრდილელი“- უცებ გავივლე გულში და მე თვითონ გამიკვირდა. თითქოს ვიმახსოვრებდი მის სახელს და გვარს, რომ დავიწყებას არ მისცემოდა უცებვე. მობრუნება ძლივს მოვასწარი, რომ თავზე წამადგნენ დაჩი და კაკო. სტუმრები ტაქსით გაეშვათ უკვე სასტუმროში. -მახვში, ვინაა? რა უნდა?- მომაყარა კითხვები აკაკიმ. -ერთი გზააბნეული მანდილოსანია, რომელსაც გადასახვევი ვერ უპოვნია სწორი მიმართულებისაკენ-ორაზროვნად ჩავილაპარაკე. -გზააბნეული კი არა თავნება ვინმეა, ჭკუის სწავლა სჭირდება მაგას. ვინ იყო ამ ბავშვების?-ფიქრს მიცემულმა თავის ქნევით მკითხა დაჩიმ. -იმის დაა, შავთმიანის. არ მგონია ასე მარტივად იყოს საქმე დაჩი, ადრე ნუ გამოვიტანთ დასკვნებს.-მივუგე მეგობარს, მაგრამ მეც ძალიან მაინტერესებდა რას უნდა გამოეწვია დების ასეთი რადიკალური საქციელები. დიდ ხანს ფიქრი ვინ მაცალა, მხარზე ხელი მომიტყაპუნა დაჩიმ და ყბაგახეულმა დამჩხავლა თავისი როხროხა ხმით: -ეეი, შენ ნამეტანი გაგიტაცა მემგონი ამ დაცურებულმა-აკაკიც ღიმილით თავს უქნევდა, როგორც სჩანს მანამდე მოსწრებული ჰქონდა მას ჩვენი დილის თავგადასავლის მეგობრისთვის ჩაკაკვლა. -აბა ნორმალური გოგოები ამას არ მოსწონს და-დაჩის გადაულაპარაკა კაკომ ჩემს გასაგონად-რაც მე მაგას ცოლის დაქალები ვაცანი, ათი წელი მის მსოფლიოს კონკურსს ეყოფოდა. -შენი გაცნობილი ფუტლიარები რაში მჭირდება, ბარბის კოლექციას კი არ ვაგროვებ-მივახალე იმაზე დაუფიქრებლად, რომ მისი ცოლის მეგობრები იყვნენ. -ვეტყვი მაგას ეთოს და მერე მოგიწევს ამერიკაში ან ჩინეთში გადახვეწა, თორემ ახლოში მაინც მოგაგნებს-დაჩიმ გულიანად გადაიხარხარა, სიცილის დროს მხრები ზევით-ქვევით აუდ- ჩაუდიოდა. -მოიცა და ეს ხომ გყავს ჭკუის კოლოფი, რას ამბობ. მანქანის ტარებაზე შეატყვე გენიოსობა?-უცებ გაახსენდა დაჩის საუბრის მთავარი თემა. -ჯერ ერთი, ვინ მყავს? და მერე მეორე, არავის არაფერი შევატყვე და არც დავკვირვებივარ-რაღაც ძალიან სენტიმენტალურები გამიხდით ამ სიბერეში ძმებო.-მხრებზე ხელი შემოვარტყი ორივეს, მათაც გაეცინათ. -წავედით ახლა კაკო, ჩვენ- თქვა დაჩიმ- ზაზაევიჩმა დარეკა, უნდა ვუპატაკოთ რაც მოხდა. იმედია შენი მეგობრები არ გავაგიჟეთ. -მაგათ უარესებიც უნახავთ, ნუ გეშიანიათ-ჩაიცინა კაკომ. დავემშვიდობეთ მეგობარს და განყოფილებისკენ გავეშურეთ, სადაც პოლიციის პოლკოვნიკი სერგო ზაზაევიჩი ელოდა ჩვენს მოხსენებას დღევანდელი ჩვენი გმირობებების შესახებ. კარგი დღე არ დაგვადგებოდა გუმანით ვგრძნობდით და წინდაწინვე გვეზარებოდა მისი ლანძღვა-გინების და საყვედურების მოსმენა. როგორც იყო, მივედით. პირდაპირ ზაზაევიჩის კაბინეტისკენ დავიძარით. განყოფილებაში ბევრი ხალხი არ იყო, მხოლოდ მორიგეები გვესალმებოდნენ ნამძინარევი სახითა და მთქნარებით. ზაზაევიჩი როგორც ჩანს გაეღვიძებინათ და ჩვენი შემთხვევის გამო მოეყვანათ, რადგან დღეს მეუღლის დაბადების დღე ჰქონდა და არანაირად არ უნდა ყოფილიყო სამსახურში. ფეხზე მდგომი დაგვხვდა, ფანჯრისკენ იყურებოდა და საყვარელ სიგარას აბოლებდა. დაბალი იყო, ჯმუხი და ღიპიანი, მაგრამ სახეზე სიმსუქნის ნიშანწყალიც კი არ ეტყობოდა. კარის ხმა რომ გაიგო, ჩვენსკენ შემოტრიალდა. თხელი და გამოყვანილი ნაკვთები ჰქონდა, შავი თმა და მუქი შავი წარბების ქვეშ შავი თვალები. საუბრის დროს, განსაკუთრებით გაცხარების დროს ამ წარბებს ისე ათამაშებდა, კაცს ეგონებოდა მათი სამართავი პულტი სადმე ხელში უჭირავს და ცალკე ათამაშებსო. სხვა დროს კარის შეღებისთანავე ტვინის ბურღვას იწყებდა და გაუთავებლად იგინებოდა, მაგრამ ახლა ჩემდა გასაკვირად სდუმდა, რაც კარგად არ მენიშნა. თანაც მაგიდაზე სიგარების ბლომად ნამწვავი ეყარა საფერფლეში ჯერ კიდევ ბოლასული, ეტყობოდა ნერვიულობდა და ზედიზედ შეუსვენებლად ეწეოდა. დაჩიც ჩემნაირ ფიქრებში იყო თუ არა, ვერასდროს გავიგებდი უცებ რომ არ წამოეროშა: -ზაზაევიჩ, რას დაგვიბარე ამ შუაღამეს, ხვალ ვერ დაგიპატაკებდიით-თქვა ჩვეული როხროხით და მივხვდი, რომ მისი ტვინი ყოველგვარი ფიქრებისგან ცარიელი იყო. -მაიორო მახვშიანი და უფროსო ლეიტენანტო ჭელიძე, რა ეშმაკები არ გასვენებენ რომ გამიმწარეთ ეს წინა საპენსიო პერიოდი და არ შემარგეთ თქვენი ბოლო გამოხტომიდან ერთი მშვიდობიანი თვეც კი?-მშვიდად და ავისმომასწავლებლად წყნარად დაგვიწყო რიტორიკული შეკითხვით. სიტყვის თქმა არ გვაცალა და გააგრძელა- მომახსენეთ ვითარება. ჩვენც მოვუყევით ყველაფერი, როგორც იყო დეტალებში. ვაკვირდებოდი მის კეთილ სახეს და ვხედავდი, როგორ ეცვლებოდა მიმიკები და ეჭიმებოდა ნაკვთები, როდესაც გოგონების ამბავს ვუყვებოდით. დავასრულეთ თხრობა და მან ახალი სიგარა გააბოლა. -ზემოდან დარეკეს,- გაჩუმდა, მეც მივხვდი უკვე რა იყო მისი მწუხარების მიზეზი, მაგრამ დავაცადე თვითონვე ამოეთქვა-თქვენს გათავისუფლებას ითხოვენ-მე და დაჩიმ ერთმანეთს გადავხედეთ, მაგრამ არაფერი გვითქვამს. ძალიან სერიოზული ხალხი ჩარეულა, ასეთი მოთხოვნა მაშინაც არ წამოუყენებიათ ქალზე მოძალადე დეპუტატის შვილი რომ გავლახეთ, როდესაც ჩვენს ბრძანებას არ დაემორჩილა. -მახვშიანი, შენ რანაირი წესრიგის დამცველი ხარ, თვითონ თუ ხარ პირველი უწესრიგობის და არევის ჩამდენი, ჰა? ან ჭელიძე, შენ თავში სინტიფონი გიდევს თუ ტვინი? უფლებამოსილების გადამეტებაზე არაფერი გსმენია ხო აქამდე, შე ჩემო ტვინის სიმსივნევ მართლა, ჰააა?რა ყველა გიჟი და ნაგიჟარი მე უნდა ამკიდონ, ესაა ჩემი ხვედრი ალბათ-აწუწუნდა ჩვეულებისამებრ. -თქვენც ასე მოიქცეოდით, ზაზაევიჩ-ვუპასუხე სრული სერიოზულობით და თვალებში დაჟინებით ჩავაცქერდი. -გადამრევს ეს!- ზურგს უკან დაწყობილი ხელები წინ წამოიღო და მაგიდას ორივე ხელით დაეყრდნო, ისე რომ ქვემოდან კარგად ამოხედვის დროს მეტი სერიოზულობა შეემატებინა მზერისთვის. -შენ მართლა მახვშია თუ მედიატორი ხო არ გგონია შენი თავი? დაუჯერე ბრძენ ხალხს, რომ იძახის „სადაც არა სჯობს გაცლა სჯობს, კარგისა მამაცისაგანო“. -სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანიო, თქვა რუსთაველმა და მის სიბრძნეს მსოფლიო აღიარებს,ხოლო ხალხის სიბრძნის რა მოგახსენოთ, პატივცემულო პოლკოვნიკო-ვუპასუხე ირონიულად და მისი იერიშისთვის მოვემზადე. -შენ თავი ავთანდილი ხო არ გგონია ან ტარიელი, ან იმ ჭკუასუსტ ჭელიძეს-ფრიდონი ჰა? -რაღა მე ფრიდონი, ზაზაევიჩ-გულუბრყვილოდ წამოროშა დაჩიმ. -ფრიდონი კი არა ქაჯი ხარ, ქაჯი!-იფეთქა მოთმინებადაკარგულმა პოლკოვნიკმა და წარბებიც ქოჩრამდე აძაგრა.-აი ქაჯეთის ციხეში რომ ქაჯები იყვნენ, ეგ ხარ, მეტს ვერ ქაჩავ. ვაი ჩემს პატრონს, რა დღეში ვარ ამათ ხელში. ხო დამმართეს ნაადრევად ინსულტი და ამაჭიკჭიკეს პოეტივით. -ისე თქვენს ასაკში ხშირია ეგ და უნდა გაუფრთხილდეთ თავს-ისევ წამოაყრანტალა ჭელიძემ და ბოლო წერტილიც დაუსვა ზაზაევიჩის კულტურულ საუბარს. იმავ წამს იფეთქა ზაზაევიჩის პირთაგან ლანძღვა-გინების მთელ-მთელმა კორიანტელმა და ამოქაფული ლავის შავი ფანტელებივით დაებერტყა ჩვენს ისედაც დამძიმებულ თავს. გულში მაინც მეღიმებოდა, ასე იცოდა სულ ზაზაევიჩმა, ცოტა ხანს ილანძღებოდა და მერე გულს მოიბრუნებდა ხოლმე ხელადვე და გამოსავლის ძიებას შეუდგებოდა დამშვიდებულ გონებაზე. -რა გიყოთ ახლა თქვენ, ჰა? ძალიან დიდი კაცები გადაგიმტერებიათ ბიჭებო- როგორცკი დამშვიდდა, თბილად მოგვმართა. -როგორც საქმეს სჭირდება ისე მოიქეცი, ზაზაევიჩ, ჩვენ არ დავიკარგებით, მაგრამ სამართალი მაინც პურს შეჭამს, არ მოვისვენებ მანამდე-ვუპასუხე მის ორაზროვან შეკითხვას. -მომკლა შენმა სვანურმა გამოხტომებმა, მახვშიანი! მამაშენი მაინც არ გეცოდება? ერთი ბიჭი ჰყავხარ და ისიც გზაზე თუ ვერ დააყენა. -შენ ნუ ღელავ, ზაზაევიჩ, გზა არ დამკარგვია არასდროს. უსამართლო არც მუნდირი მინდა და არც მედლები. ძალით ვერავის ჩამოვეკიდები, თუ არ სჭირდებათ ჩემი სამსახური-სრული სერიოზულობით გამოვუცხადე. დაჩი პირდაღებული შემომყურებდა, მერე თითქოს თავიდან დაბნეულობა გადაიფერთხა და მანაც დასძინა: -არც მე მჭირდება, ზაზაევიჩ! -რა არ გჭირდება, შე მართლა რაჭველო ოჩოპინტრე რა?-სიცილით უპასუხა დაჩის პოლკოვნიკმა.-ვაი შენს პატრონს, შენსას. სანამ შენ ხმის ამოღებას მიხვდები, კანონდამრღვევი სახლში მიგასწრებს და ფეხბურთსაც შეხედავს-და ხელი ჩაიქნია.- გენერალ წერეთელს ველაპარაკე და ამჯერად მოაგვარა. უბრალოდ შიდა საყვედურს მოგცემენ, მაგრამ იმ დაწესებულებას არ უნდა გაეკაროთ. ვიღაცა ზემოდან „კრიშავს“. -გინდა „კრიშონ“ და გინდა ღებონ, ბავშვებს ნუ დაათრევენ და ჩვენც თვალს ნუ ვხუჭავთ მაგაზე-ვეღარ მოვითმინე და გაცხარებულმა ვიყვირე. -მახვშიანი, რა დღეში გაქვს ნერვები. აქ მე ვარ მგონი პოლიციის პოლკოვნიკი და შენ პოლიციის მაიორი, თუ რანგი მოგიმატეს და მიმალავ?-ეცადა ხუმრობიით გადაეტანა საუბარი სხვა თემაზე, მაგრამ მე რაღა გამაჩუმებდა. -პოლკოვნიკო, იცით როგორ პატივს გცემთ და მადლობელი ვარ ყველაფრისთვის და ბოდიშს გიხდით პირადად თქვენ და მხოლოდ თქვენ, რომ ჩვენს გამო ხართ ხოლმე რთულ სიტუაციებში, მაგრამ ვიცი თქვენი წარსული გმირობების ამბები და ვიცი, რომ თქვენც ჩვენსავით სამართლიანობის რიგებში მოძრაობდით, ამიტომ ნუ მთხოვთ ისეთ რამეს, რასაც თქვენ თვითონ არასდროს გააკეთებდით. თუ კიდევ ვნახე მსგავსი ფაქტი, ისევ ისე მოვიქცევი და თუ ეს არასწორი იქნება, დამიჭირეთ, მომხსენით, მომკალით თუ რაც გინდა მიყავით. პოლკოვნიკი სდუმდა, მაგიდას ჩასცქეროდა დაჟინებით. ვიცოდი, რომ ჩვენს მხარეს იყო როგორც ყოველთვის, მაგრამ ისიც ვიცოდი, რომ ამის გამო ორ ცეცხლს შუა უწევდა სიარული. -ისე ნუ იზამ, რომ სადმე ბრმა ტყვიამ გიწიოს, ერეკლე-ბოლოსღა ამოილუღლუღა, სახელითაც ძალიან იშვიათ შემთხვევებში, თითქმის არასდროს მომმართავდა ხოლმე. -ნუ, ღელავთ, ზაზაევიჩ, მხედველობა მაქვს ისეთი, ბრმა ტყვიას შიშველ მკერდს არ დავახვედრებთ-ჩემს მაგივრად უპასუხა დაჩიმ. -ოო, შენი ბანჯგვლიანი მკერდით მაქსიმუმ პლიაჟზე თუ შეაშინე ქალები, თუ კაცი ხარ ერთი-უპასუხა პოლკოვნიკმა და ყველას გულიანად გაგვეცინა. კიდევ ცოტა ხანი გვასწავლიდა ჭკუას კეთილი ზაზაევიჩი და მერე დავიშალეთ ყველანი, მე და დაჩი სახლებისკენ და პოლკოვნიკი კი ცოლის წამოსაყვანად დაბადების დღის წვეულებიდან. ლიფტი ისევ არ მუშაობდა. ფეხით დავადექი მე-9 სართულის გზას, მხრებში კი ისეთ სიმძიმეს და ჩხვლეტას ვგრძნობდი, როგორც მაშინ, სამხედრო ბანაკში ოცდაათ კილომეტრიანი სირბილის შემდეგ, მძიმე ტომრების თრევით სიმაღლეზე ცოცვას რომ გვაიძულებდნენ და იქიდან დაბრუნებულს, გამთენიისას ახალჩაძინებულს, „სწორდით“-ის ძახილით რომ წამოგვყრიდნენ საწოლებიდან რამდენიმე საათში. კარი შევაღე და მისაღები ოთახიდან შუქმა მომჭრა თვალი სიბნელის მომლოდინეს. გამიკვირდა, წესით არ უნდა დამეტოვებინა ჩართული. შევედი ოთახში და ვხედავ, დედაჩემია სავარძელში ჩამჯდარი და ჩართულ ტელევიზორთან პულტით ხელში გემრიელად სძინავს. ალბათ მთელი ღამის ლოდინის შემდეგ გადაიღალა და ჩათვლიმა. ვცადე ფრთხილად გამომერთმია პულტი, ისე რომ არ გამეღვიძებინა, მაგრამ დაბარებულივით უცებვე შეიფხიზლა და შეხტა ადგილზე. დამინახა თუ არა აცაცხანდა. -შენ ნორმალური თუ ხარ, შვილო? სად გაქვს ეს ტელეფონი? ხომ იცი, რომ ვნერვიულობ შენი საქმის გადამკიდე?-მომაყარა ამოუსუნთქავად, მე კი სულელივით ვუღიმოდი. -დედა, საქმეზე ვიყავი. ხომ იცი ჩემი ამბავი-მივედი და ლამაზ სახეზე ვაკოცე. დედა ისევ ისეთი ლამაზი იყო, როგორც ახალგაზრდობის სურათებში, ვაკის პარკში თავის თავმომწონე დაქალებთან რომ აქვს გადაღებული. საშუალო სიმაღლის დედაჩემი, ქალბატონი ლია ჭავჭავაძე ასაკისთვის საკმაოდ მოხდენილი ტანის პატრონი იყო. მის ოდესღაც მუქ წაბლისფერ თმას ახლა უკვე ქერა ფერი მიეღო, მაგრამ თვალები კი ისევ თმის ფერი ჰქონდა, დაბრაწული წაბლისფერი. ჩემი ნეკის ნახევარი სიგრძის პაწუა ცხვირი და პატარა შუბლი ჰქონდა. მისი სიმეტრიული და გამოყვანილი სახის ნაკვთი არაერთხელ გამოუსახიათ ცნობილ თანამედროვე მხატვრებს ტილოებზე. ჩემი და, ლილე ჰგავს დედას, მისი ასაკით პატარა ასლია, ისეთივე ლამაზი და ნაზი, ხოლო მე კი მამას მამსგვასებენ, ცნობილ მოსამართლე დევეთ მახვშიანს. დედას აზრით, მასავით წარმოსადეგი და ღირსეული გარეგნობა მაქვს, აქამდე უცოლო როგორ ვარ ჩემს უბედობას აბრალებს, თორემ მას რომ ჰკითხოთ ყველა ქალი ყელზე უნდა მეკიდებოდეს.. ჩემი პატარა დაიკო ლილე ჩემზე რვა წლით უმცროსია და მამას მეგობარ მოსამართლესთან მუშაობს. ჩემგან განსხვავებით, მან მშობლების იმედები გადაჭარბებით გაამართლა. ერთი დარჩათ მხოლოდ მათ ორივეს შემთხვევაში სადარდებელი: ჩვენი დაოჯახება. -რა გინდოდა შვილო ამ საშინელ სამსახურში, მამაშენმა სხვების შვილები აღზარდა და ფეხზე დააყენა და შენ კიდევ სხვაგან გარბიხარ სადღაც. -დედა, მე მეტყობა რამე წაქცეულის? მე ჩემი გზა მაქვს, მამას თავისი, მაგრამ ორივენი ერთ მიზანს ვემსახურებით- კანონის უზენაესობის დაცვასა და წესრიგის დამყარებას. - ნეტავი ერთი თქვენი კანონები რა ბედენაა. -ჩაიბურტყუნა და მერე ისევ გააგრძელე-დავუშვათ ეგრეა, მაგრამ მამაშენმა ყველაფერი მოასწრო, შენს ასაკში უკვე ორივენი ჰყავდით, შენ კიდევ საერთოდ არ ფიქრობ...-სანამ გააგრძელებდა ისევ ჩემს ტვინში ჩხირკედელაობას, ვეღარ მოვითმინე და შევაწყვეტინე მონოლოგი. -დედა, იქნება თავის დროზე, დამშვიდდი-მივუჯექი ახლოს და ხელი გადავხვიე. -რა იქნება, ერეკლე, რა? რა წრეშიც შენ ტრიალებ, ან დამნაშავეს მოიყვან ვინმეს ან ან -ამ დროს ენა ებმება ხოლმე, უწმაწურ სიტყვებს შეუჩვეველი, აზრი როგორ გამოთქვას არ იცის - ან ვინმეს ნაიმასქნარს-ამოთქვა ბოლოს და ამოისუნთქა. არ შემეძლო არ გამეცინა მის შედარებებზე, მაგრამ თავს ვიკავებდი, რომ კიდევ უფრო არ გამბრაზებოდა. -დედა, ვინმეს „ნაიმასქნარი“ დღეს ცუდი სიტყვა აღარაა, ასე, რომ შეეგუე. -რაოო?-წამოხტა და დოინჯი შემოირტყა წელზე. ისე გადავიხარხარე, მთელი დღის დაღლილობა გადამავიწყდა. -კარგი, რა იყო ვიხუმრე. -არც გაბედო ასეთი ხუმრობა იცოდე! იმიტომ არ გაგზარდე და შენც 33 წელი იმიტომ არ იცადე, რომ აღვირახსნილი ან შენთვის შეუფერებელი გონჯი მომიყვანო ოჯახში-დაასრულა მრისხანე სახით და სავარძელში მოკალათდა ჩემგან მოშორებით. მე კი ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან. -დიახაც, შენი წრის და შენი ჯიშის შესაფერისი. კარგს კარგი უნდა, რომ არ გაფუჭდეს ჯიში, აბა! -დედა, არაბული მუსტანგი ხო არ ვარ, ვინმემ ჯიში გამიფუჭოს, ნუ ნერვიულობ-დავამშვიდე ჩემი აზრით. -ხო აბა რა, არაბებს შეადარე თავი და მრავალცოლიანებს და უჯიშოებს, რა გენაღვლება-გადაატრიალა თავი გაბრაზების ნიშნად. -დედა, ცხენი ვიგულისხმე-გამეცინა, მაგრამ ენაზე ვიკბინე, ძალიან გაცეცხლებული ჩანდა- შენ ოღონდ დამშვიდდი და საუკეთესოს მოგიყვან იცოდე.-უცებვე მოლბა, ახლოს მომიჯდა, ხელები ჩამომაყრდნო და სათქმელისთვის მოემზადა. -ზეგ საღამოს მოდი იცოდე, ლილეს კურსელები მოდიან-თვალებგაბრწყინებულმა მომახარა. -დედააა, ისევ დაიწყე შენებური რა. პიცის შეკვეთა ხო არ არის ცოლის მოყვანა, ეგეც შეკვეთით ხო არ ხდება ვაა. ჩემით მოვგვარდები. -როდის? მე და მამაშენი სამი სათვალითაც რომ ვეღარ დავინახავთ? გყავდეს მერე შენთვის. -მგონი, რომ ჩემთვის მომყავს ისედაც ცოლი, თუ მეშლება?-ვკითხე და მის დაბნეულ სახეს დავაკვირდი, მაინტერესებდა როგორ გამოძვრებოდა. -ეგ კი, ვინ გართმევს, მაგრამ შვილიშვილები ხომ უნდა ჩავიგორო კალთაში, ხომ უნდა დავინახო, მოვეფერო, მოვუარო?!- მაინც დამიძვრა, გამეცინა. -კარგი, მიშგუ დიულდ,- ასე ვეძახდი ხოლმე მოფერებით სვანურად- მოვალ ზეგ, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ შენი კუბდარი მომენატრა. -ისევ ბავშვივით გაუბრწყინდა თვალები, აშკარად ფიქრობდა მეშველაო. - კი, კი აბა რა, კუბდარი მოგენატრებოდა, გენაცვალოს დედა. ხვალ რვა საათზე სახლში იყავი წესიერად ჩაცმული. ან რას აიჩემე ეს ცალკე ცხოვრება, რომ არ მიმელაგებინა, სანაგვე მეგონა სახლი. გადმოდი შვილო ჩვენთან ისევ.-ვერ მოითმინა და მაინც მისაყვედურა. -დედა-შევძახე იმის ნიშნად, რომ ამ თემას აღარ დაბრუნებოდა. -კარგი, ეგრე იყოს,-თქვა ხმამაღლა და მერე ჩაიბურტყუნა-ჯერ. წავედი იქით ოთახში, წამოვწვები, შენც დაიძნე, ხვალ ყაჩაღები გეყოლება სადევნი ალბათ-ჩაიქირქილა და წავიდა. როგორც იქნა მივასვენე გადაღლილი თავი საყვარელ ბალიშზე და დღევანდელ დღეს ჩავუფიქრდი. ვერაფრით მივხვდი რას უნდა გამოეწვია ამ დების საქციელი, რამ განაპირობა მათი ასეთი თავზე ხელაღებულობა. ბევრი ფიქრის შემდეგ, ორ ვარიანტზე ჩამოვყალიბდი: ან აღზრდით გათამამებულები არიან და საკუთარი ქმედებებისთვის კონტროლის გაწევა არ შეუძლიათ, ან კიდევ მათ ცხოვრებაში გარდატეხის პერიოდი დამდგარა და სტრესულ გარემოს ასეთი საქციელებით უპირისპირდებიან. ლამაზები კი არიან, ვერაფერს იტყვი. განსაკუთრებით ნინო, თავისი შავი აზრიანი თვალებით, რომელიც ნამდვილად არ გაფიქრებინებდა პირველი ვარიანტის სისწორეზე. მომდევნო დღისათვის დავგეგმე მათზე ინფორმაცია მომეძიებინა, ამით დავასრულე დღევანდელი დღის ანალიზი და ძილს მივანდე ისედაც გათიშული გონება. *** სასიამოვნო საჭმლის სურნელმა შემიღიტინა ცხვირში და თვალებიც გავახილე, უკვე გათენებულიყო. საათს დავხედე, შვიდი არ იყო ჯერ, მაგრამ კუჭი ისე მიგვრემდა, შიმშილმა თავისი ქნა და წამოვდექი. ჩამი ჩუმი არ ისმოდა, მივხვდი, დედას საუზმე გაემზადებინა მისი აზრით მუდამ მშიერი შვილისთვის და წასულიყო. მოვწესრიგდი, ვისაუზმე, ამასობაში რვის ნახევარიც გახდა და ჩემი ტელეფონიც აწკრიალდა. დაჩი მირეკავდა. -ერეკლე პადიოომ, გამოგივლი მალე, გაემზადე.-ჩამძახა ყურმილის აღებისთანავე. -მზად ვარ, ძმაო, მოდი. -ვაა, წუხელ არ გეძინა, თუ რამ წამოგახტუნა ასე დილაადრიან? მე თავი ძლივს ავწიე, დედაჩემმა წამომაგდო უთენია ლანძღვა-გინებით, ტელეფონი დამიჯდა გუშინ, შენც გათიშული გქონია, ვერ დაგვკავშირებია, გაგიჟებულა, გადარეულა, წნევა ასწევია და მოკლედ ჭკუას მასწავლიდა დილიდან. რა მაგარია ცალკე რომ ცხოვრობ.-დაასრულა და გულიანად ამოიოხრა. -კი და მომბაძე-მოკლედ მოვუჭერი. ის კი არ იცოდა, რომ მიუხედავად ცალკე ყოფნისა, მაინც იგივე დღე თუ ღამე დამადგა მეც. -10 წუთში მანდ ვარ-გამითიშა ყურმილი და ზუსტად 9 წუთსა და რამდენიმე წამში სადარბაზოსთან იყო დარჭობილი. ნამეტანი სწრაფი რაჭველი გამოდგა დღეს. ჩავსხედით ჩვენს ძვირფას ეკიპაჟში და მშვიდად გავუყევით განყოფილების გზას. საუბრის თავი არც ერთს არ გვქონდა, ორივენი ფიქრებში ვიყავით გართულნი. ძალიან გამიმართლა, რომ დილით შედარებით გრილოდა, როგორც შევატყვე დაჩი ფანჯრების აწევას და კონდიციონერის ჩართვას არავითარ შემთხვევაში არ აპირებდა. მარცხენა სანაპიროზე ერთ ადგილას სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობდა და ამიტომ ორივე მარჯვენა სავალ ზოლში საცობი შექმნილიყო. ჩვენც მშვიდად ჩავდექით მწყობრში მიმავალ მანქანებს შორის და მივყევით საცობს. რაღა თქმა უნდა დიდხანს არ დააყოვნეს ურჩმა, ჩვენს წინ მიმავალ, სულ სადღაც მოჩქარე მძღოლებმა. დაინახეს თუ არა საპირისპირო მიმართულებით გამოთავისუფლებული გზა, გადაკვეთეს უწყვეტი ორივე ხაზი და დაიწყეს საწინააღმდეგო მიმართულებით სვლა. ცოტა ხანში მათ უკან ცუდის მიბაძვას მუდამ მოყვარული მძღოლების ავტომობილების მთელი დასტა აღმოჩნდა, რომლებიც დაბრკოლების შეხვედრისთანავე ისევ მორჩილ მძღოლებს უხტებოდნენ წინ. რეაგირება ვერ მოვასწარით, რომ ატყდა ერთი სიგნალების ვაი უშველებელი. -მიდი გადაუსწარი,-ვუთხარი დაჩის და მოვემზადე საყოველთაო უკმაყოფილებისთვის. პირველ დამრღვევს გავუსწორდით და ვანიშნეთ მანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადაეყენებინა. ეგ გავაკეთეთ თუ არა მასიურად დაიწყეს დამრღვევებმა ისევ სწორ ზოლში შევარდნა, რითაც საავარიო სიტუაციებს ქმნიდნენ. ჩვენ ყველას ვერ გავაჩერებდით, რაღა თქმა უნდა, ვინც მოახერხა გაძვრა, მაგრამ პროფილაქტიკისთვის ბუნტის ამყოლი 5 მანქანა გადავაყენებინეთ სავალი ნაწილიდან. პირველი მანქანა ძვირადღირებული ჯიპი იყო. მე და დაჩი დავიყავით და ის შემდეგთან მივიდა. მივედი, საჭის გასწვრივ დავდექი, მძღოლმა ზანტად და უხალისოდ ჩასწია ფანჯარა. ისეთი სახით შემომხედა, რომ არ მცოდნოდა რომ წარსულიდან არავისი დაუბრუნებელი ვალი არ შემომრჩენია, ნამდვილად ვიფიქრებდი ამის ვალი მაქ და მრავალი წლის ვადაგადაცილებულს მომთხოვნი სახით მიყურებს თქო. -მოქალაქევ, პირადობის და მართვის მოწმობა წარმომიდგინეთ თუ შეიძლება-ვუთხარი მაქსიმალურად დინჯად. -კი უფროსო, მაგრამ რა დავარღვიე რო-უტიფრად შემომაცქრედა საღეჭი რეზინის უშნო ღლაჭუნით თავგასიებული შუა ხნის მამაკაცი და საბუთები გამომიწოდა. -გაუგებარია მოქალაქე ლომაია? დაარღვიეთ საგზაო მოძრაობის წესები, უწყვეტი ღერძულა ორი ხაზი გადაკვეთეთ და შექმენით ავტოსაგზაო შემთხვევის საფრთხე. თანაც უსაფრთხოების ღვედი არ გიკეთიათ. ახლა გასაგებია? -უფროსო, „პრობკაში“ რამდენიმე ზოლი რო იქმნება ჩემი ბრალია? ან მთავრობა რომ „პრობკებს“ ვერ უმკლავდება ეგაა ჩემი ბრალი? გააკეთოს მთავრობამ წესიერი გზები და დღისით მზისით ნუ გადამიკეტავს და მერე კი ბატონო. ევროპაში რო გვინდა, ამით მიბაძონ ცუდს ხომ კარგად იღებენ ეგრევე .- რაღა თქმა უნდა, როგორც სტანდარტულად სრულიად საქართველოს მოსახლეობა დიდიან-პატარიანად, ეგეც „ექსპერტი“ გამოდგა პოლიტიკაში და ქვეყნის მოწყობაში. -მოქალაქე ლომაია, ევროპაში თქვენი აზრით საცობები არ არის?-ვერ მოვითმინე და ჩავეკითხე ამ ყოვლისმცოდნეს. -საცობები თუა, ერთმანეთის პატივისცემაც იციან, ძმაო და პატრულები ტყუილა არ აჩერებენ რა-მიპასუხა „ამომწურავად“. -მოქალაქევ, რომ დავანებოთ თავი საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას, იმაზე მაინც თუ გიფიქრიათ, რომ საცობში, სადაც ორ ხაზზე თავისი რიგის მომლოდინე მძღოლები პატიოსნად მოძრაობენ, თქვენ და თქვენს მაგალითს გამოყოლილი კიდევ ათობით მძღოლი, გამოსულები საწინააღმდეგო მოძრაობის ზოლში მათთვის არაპატიოსანი გზებით გადასწრებას ცდილობთ, რითაც მათი საცობში ყოფნის დროს მინიმუმ ერთხელ მაინც ზრდით. მათ მიმართ პატივისცემის ნიშნად არის ეს ჩადენილი ვითომ? ან უსაფრთხოების ღვედის გაუკეთებლობა ევროკავშირის რომელიმე ახალი სტანდარტით ხომ არ არის გათვალისწინებული?-ნახევრად კითხვით მივუგე და ყურადღებით დავაკვირდი მის აღშფოთებულ სახეს. -რაოო?-იმას კი მიხვდა, რაღაც კარგი რომ არ ვუთხარი, მაგრამ ზუსტად რა ვერ გაიგო. გადათარგმნა მიწევდა. -რაო და, რომ დგას ეს ხალხი შენი სიტყვებით „პრობკაში“ ნახევარი საათია, გგონია ეხალისებათ და მეტი საქმე არ აქვთ? გამოდიხარ შენ და შენნაირები და უხტებით ნაგლად წინ, რითაც მინიმუმ ნახევარ საათს უმატებთ კიდევ „პრობკაში“ დგომის დროს, ეს „დასტოინი“ საქციელია ძმაოო? თუ მარტო შენ გეჩქარება და მეტი არავის? ან ღვედს რომ არ იკეთებ ეგეც ევროპული საქციელია?- ვუთხარი , თანაც სიტყვა ევროპულს განსაკუთრებით გავუსვი ხაზი. -ეტყობა არ ეჩქარებათ,- ამოილუღლუღა ბოლოს, გაიგო როგორც იქნა რაც ვუთხარი. -რა ეტყობა და რა არა არ ვიცი მე, ახლა დაჯარიმდები და ქულებიც დაგაკლდება მართვის მოწმობაზე, ხოდა მეორეჯერ ადრე გამოხვალ სახლიდან რომ არ დაგაგვიანდეს საცობში დგომის გამო. სანამ ვიღაცეების კრიტიკას დავიწყებთ, ჯერ ჩვენს თავს გადავხედოთ, სწორად თუ ვაკეთებთ ყველაფერს. გასაგებია მოქალაქე ლომაია? -კი უფროსო, გასაგებია-ჩაიბურტყუნა და ჯარიმაც გამომართვა. რაღა თქმა უნდა მეორეჯერაც ზუსტად ანალოგიურად მოიქცეოდა, დარწმუნებული ვიყავი, მაგრამ იქაც რომ აღარ გაუვიდოდა, მესამედ ჯარიმის და ქულების დაკლების შიშით მაინც აღარ ჩაიდენდა მსგავს საქციელს. ყოველ შემთხვევაში, ძალიან მინდოდა ასე დამეჯერებინა. დავაჯარიმეთ ყველა შემდეგი დამრღვევი, ყველას პრეტენზია ჰქონდა და ყველა ვიღაცას უჩიოდა, მაგრამ საკუთარ საქციელზე არავინ ჩაფიქრებულა არცერთხელ. ნიუტონი ცოცხალი რომ ყოფილიყო ქართველებისთვის ახალ კანონს დაწერდა: ერთი სხვისი შეცდომა საკუთარი მთელი ცხოვრების დანაშაულებებზე n-ჯერ მეტია, ხოლო მთელი მსოფლიოს მოსახლეობის ღირსება კი საკუთარ ერთ ღირსებაზე n-ჯერ ნაკლებია, სადაც n რაღა თქმა უნდა უდრის უსასრულობას. ამ კანონს სხვაგვარად „გაზვიადების“ კანონსაც დაარქმევდა ალბათ. *** ეს დღეც როგორც იყო ჩავათავეთ, ხან ჩხუბი შეგვხვდა, ხან ოჯახური ძალადობა, ხან ქუჩის ხულიგნობა, ხან ავტოსაგზაო შემთხვევა და ასე შემდეგ. საღამოს ისევ აკაკიმ დამირეკა. აღმოჩნდა, რომ მასაც ჩვენსავით ოჯახური გარჩევების ღამე ჰქონია და ისევ სადღაც ბარში გვეპატიჟებოდა, ამჯერად უკვე ნორმალურში. ჩვენც სმენას მოვრჩით თუ არა გავეშურეთ ბარისკენ, სადაც ყველანი ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე. აკაკი უკვე იქ დაგვხვდა, მეგობრებთან ერთად. ჩვენც შევუერთდით და განტვირთვისთვის თვითო ჭიქა ლუდიც გადავხუხეთ. დიდი იმედი მქონდა, რომ ეს საღამო მაინც ჩაივლიდა მშვიდობიანად. ამის გაფიქრება იყო და დაჩის პირღია სახემ მაიძულა მისი მზერის მიმართულებით გამემახვილებინა ყურადღება. ბარის შემოსასვლელში ნინო იდგა, ჩემი გუშინდელი თავგადასავალი და აქეთ- იქით ატრიალებდა თავს, ვიღაცას ეძებდა. უცებ თვალი გამისწორა და ჩემსკენაც გამოემართა დარწმუნებული ნაბიჯებით. ულამაზესი იყო, შავ ჯინსის შარვალში და შავ პერანგში თავდასხმისათვის გამზადებული ავაზასავით გამოიყურებოდა. თმა აწეული ჰქონდა და სახეზეც სრულიად ბუნებრივი, ხელთუქმნელი სილამაზე აღბეჭდვოდა. -აი ახლა დაგერხა-გადმომილაპარაკა დაჩიმ, თან თანაგრძნობის ნიშნად თავს მიქნევდა. -ხო არ გაგეცალოთ, ჩემი გული კიდევ ერთ ჩხუბს ვერ გადაიტანს-გამეხუმრა აკაკიც. ბიჭებს მეტი რა უნდოდათ, სიცილის საბაბიც მიეცათ. ამასობაში თავზე წამომადგა ჩრდილელის ქალი. -გამარჯობა ერეკლე, საქმე მაქვს შენთან, თუ შეიძლება. ყველას საღამომშვიდობისა-კარგად მენიშნა მისი თავაზიანი ტონი. ბიჭებიც მიესალმნენ. -მოგესალმებით, მოქალაქე ჩრდილელო, კი ბატონო, გავიდეთ თუ გნებავთ გარეთ.- წამოვდექი და გარეთ გასვლა დავაპირე. -არა, იქ კუთხეში მაგიდა მაქვს შეკვეთილი და დავსხდეთ, ბევრ დროს არ წაგართმევთ-შემომთავაზა. მეც რაღა თქმა უნდოდა, დავთანხმდი, ხელით ვანიშნე წინ წაბრძანდი თქო და მეც კვალში გავყევი. დავსხედით, უჩვეულოდ დაბნეული ჩანდა, თვალს არ ვაშორებდი, თვითონ კი მაგიდას ჩასჩერებოდა და მენიუს ატრიალებდა თხა და გიგოსავით. -რას მიირთმევთ?-უცებ ამომხედა და მკითხა. -შენ რას მიირთმევ, გადავედით უკვე შენობითზე და აღარ გვინდა ოფიციალურობა. მე გეპატიჟები.-ვუთხარი ისე რომ თვალი არ მომიშორებია მისი ლამაზი თვალებისათვის. ის კი ხან მიყურებდა, მაგრამ ძირითადად მიზეზს ეძებდა, რომ თვალი აერიდებინა. ამასობაში მიმტანიც მოვიდა. -მოდი რამე დავლიოთ,-უცებ შემომთავაზა ნინომ, მეც თავი დავუქნიე თანხმობის ნიშნად. -რომი მოგვიტანე , ბოთლით ოღონდ-ხელადვე უთხრა ოფიციანტს- მე ვიხდი,-სანამ რამეს ვიტყოდი საჩვენებელი თითით მანიშნა გადაწყვეტილიაო. მე გამეცინა, არაფერი მიპასუხია, მხოლოდ გავიფიქრე, რომ გადახდას მაინც ვერ დამასწრებდა. მიმტანი გატრიალდა და შეკვეთილი სასმელი, ჭიქები და სასუსნავი ხელადვე მოგვიტანა და დაგვისხა. ნინომ იმწამსვე მოიყუდა და თვალის დაუხამხამელად გამოცალა ჭიქა. -ოჰო, ყოჩაღ!-შევუქე დასაწყისი-ახლა ის მითხარი, როგორ მომაგენი? -რთული არ იყო, მთავარია მონდომება. ამ ბარის ხშირი სტუმარი ყოფილხარ, პოლიციის მაიორო მახვშიანი. -სწორად მოუხსენებიათ, მოქალაქე ჩრდილელო.-ღიმილით ვუპასუხე და ჭიქები ისევ შევავსე. მეორეც მოიყუდა და დაცალა. მე აღარაფერი მითქვამს, მას კი ეტყობოდა უმძიმდა საუბრის დაწყება და თავს რომით იმხნევებდა. აღარ მსურდა ზედმეტი საუბრით კიდევ უფრო გამერთულებინა მისთვის საქმე, ამიტომაც ვდუმდი და შევცქეროდი მის ყოველ მოძრაობას. დაბნეული ჩანდა, ხან სად გაიხედავდა ხან სად, მე კი მაქსიმალურად მარიდებდა თვალს. რომის მათრობელა სითხემ რომ დარია მის აშკარად არამსმელ ორგანიზმს ხელი, მხნეობა მოიკრიბა, დაჟინებით შემომხედა, თვალი გამისწორა და მითხრა: -მადლობა, მაიორო. აღარ დამიწყია, რატომ, რისთვის და ვისთვის და პირდაპირ მივუგე მეც: -არაფერს, მოქალაქევ, ჩემი ვალი იყო მხოლოდ და მხოლოდ, მეტი არაფერი.-ისევ გავუღიმე და ჭიქაც ისევ შევუვსე. ისევ გამოცალა და წინ დამიდგა. -არ გეგონოს, რომ ასეთია, უბრალოდ რთული დრო გვაქვს ორივეს და ზედმეტის უფლება მისცა საკუთარ თავს. მეც, მეც-ამ დრო ენა დაებნა, სიტყვების ძებნა დაიწყო, მღელვარების ბრალი იყო, თუ რომის ვერ დავადგინე. შემდეგ აზრი მოიკრიბა და განაგრძო- მეც ვერ მივსდიე ბოლომდე, ჩემი ბრალიცაა.- ჭიქა აიღო და გამომიწოდა, მეც ისევ შევუვსე. -მე არაფერი არ მგონია, ნინო-მან უკვე მეოთხე ჭიქა გამოცალა და ისევ გამომიწოდა. ვაპირებდი მეთქვა იქნებ აღარ გვინდა თქო, მაგრამ დამასწრო. -დამისხი, მაიორო, დღეს შეიძლება და ნუ მკითხავ რატომ-ისევ შევუვსე, ისევ გამოცალა. მე აღარ ვსვამდი, რომ ერთ-ერთი მაინც ვყოფილიყავით ფხიზელ მდგომარეობაში. ნელ-ნელა თრობის წყაროში იძირებოდა, მე კი მისი უმთვარო ღამის მაგვარ შავ თვალებში ვიძირებოდი, რომლებიც რომს წვიმიანი ამინდივით აეპრიალებინა. ცოტაც და თავის აწევაზე შევატყვე კარგად შემთვრალი იყო. -შენ, შენ არ იცი რა საშინელი დღე იყო გუშინ, უსაშინლესი-მთვრალი კაცისთვის დამახასიათებელი პაუზებით ამოთქვა. მე მაინც არაფერი მიკითხავს, არ მინდოდა მისი მდგომარეობით მესარგებლა. თუ საჭიროდ ჩათვლიდა, თვითონ ისედაც მომიყვებოდა. -არ გაინტერესებს საერთოდ ხომ? რაში უნდა გაინტერესებდეს სხვისი დარდი-დაასკვნა და გაჩუმდა. კიდევ ერთი ჭიქა დალია და ბოთლიც დაიცალა. მიმტანს დაუძახა და სთხოვა კიდევ მოიტანეო, მაგრამ მე ჩუმად ვანიშნე არ მოსულიყო და ასეც მოიქცა. -მაინტერესებს, მომიყევი-მოკლედ მოვუჭერი. შემომხედა, მუქი ხშირი წამწამები ძლივს ძლივობით დააფახულა და გამიღიმა. -მამამ, ჩემმა სათაყვანებელმა, არა, ყველასთვის სათაყვანებელმა მამამ, დედაჩემის გარდაცვალების წლისთავის გასვლის დაუცდელად გუშინ დილით ახალი ცოლი მოგვაყენა სახლში-თქვა და გადაიხარხარა. -ხდება ხოლმე-რაღა მეთქვა არ ვიცოდი და წამოვროშე. -რა ხდება, რაა?-წმოიყვირა ისე ხმამაღლა, მთელმა ბარის სტუმრებმა ჩვენსკენ გამოიხედეს.-შენ მთავარი არ იცი, უმთავრესი. -მითხარი და მეცოდინება-მშვიდად მივუგე. -დედა ხომ დაიკიდა ფეხებზე, ეგ ერთი და მეორე- ჩემი დაქალი დამაყენა თავზე, ჩემი და-ქა-ლი- დამიმარცვლა ბოლო სიტყვა. ცოტა არ იყოს სერიალში მეგონა თავი. -, ეს რა გამიკეთა ამ გველმა გოგომ, ეს რა გამიკეთა, რა-ამოთქვა გულიდან და თავი ხელებში ჩარგო. უცებ მეგონა ტიროდა და ხელით ვცადე მისი სახე ამეწია და შემეხედა, მაგრამ ხელი ამიკრა. -რა იყო, არ მჭირდება შენი შეცოდება. არაფერში მჭირდება. ყველანი ასეთი ღირსეულები ხართ ვითომ, სანამ თქვენს არ გაისწორებთ-ღვარძლიანად თქვა და ისევ გადაიხარხარა. მე ისევ ჩუმად ვიყავი. -ეკუნაც პირველად იყო იმ ადგილას, საიდანაც შენ... ნუ მოკლედ ხო იცი სადაც, გეფიცები იმის ჯინაზე მოიქცა, შტერი! ის კი არ იცის, რას მიქარავდა, მაგრამ ჩემი ბრალია. გამოვქანდი სახლიდან გიჟივით და დავაგდე ბავშვი იმ გველთან და უღირსთან-ისევ ხელებში ჩარგო თავი. -მერე თურმე მამას გულის შეტევა ჰქონია, როგორც იმ გველმა მითხრა, ჩემი სიტყვების შემდეგ დაჰმართნია.-ისევ გაჩუმდა და ცოტა ხანში გააგრძელა-გადარჩა, მაგას რა მოკლავს, ახალგაზრდა ცოლი ეგულება საწოლში-ისევ გესლიანად ჩაიხითხითა, სიმთვრალეს კარგად დაებინდა მისი საღი აზრი უკვე. ცოტა ხანს ჩუმად იყო ხელებში თავჩარგული, შემდეგ უცებ ამომხედა. -შენ რომ არა, არ ვიცი რას ვიზამდი. ამ ბავშვს რომ რამე შემთხვეოდა, არ ვიცი... -ნინო, არაფერი მიქნია ისეთი, განსაკუთრებული. აღარ გვინდა ეს მადლობები. წამოდი თუ გინდა, სუფთა ჰაერი ჩავყლაპოთ და სახლამდეც მიგაცილებ. -არა, არ მინდა-უცებ ფეხზე წამოხტა, მაგრამ წაბარბაცდა და რომ არ წაქცეულიყო ხელებში ვწვდი და წელში გავასწორე. ხელი უხეშად გამაშვებინა, შეტრიალდა და საპირისპირო მიმართულებით წავიდა ბარბაც-ბარბაცით. -საით ნინო?-შევძახე და გაყოლა დავაპირე. -არ წამომყვე, იქ მივდივარ, სადაც მეფეები თავის ფეხით დადიან მხოლოდ.-მივხვდი საპირფარეშოსკენ გაეშურა, მაგრამ ძალიან მთვრალი იყო და მიმტანს ვთხოვე ჩუმად მიყოლოდა უკან. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.