შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოლეანდრა (3)


4-12-2017, 22:30
ავტორი MariamG
ნანახია 1 643

“როგორ სჩვევიათ ხოლმე წერილებს სულის დამშვიდება. სულის, გაუსაძლისად რომ აგატკიებს მონატრება.“
*-*-*
მეორე კვირა იწურებოდა, თავადთან არასახარბიელო ჭორები მიდიოდა.
იმ დღეს, ქალაქისა თუ ახლომახლო სოფლების მაცხოვრებლები თავადის სახლში მომხდარ ამბავზე ჩურჩულებდნენ.
მანამ სჯეროდათ მომხდარის აბსურდულობის, სანამ ახალგაზრდა, ცხრამეტიოდე წლის ბიჭმა არ ჩამოირბინა ხიდზე და ყველას გასაგონად არ დაიყვირა - „ქურდობა! მაიოტას თავადი გაქურდეს!“
ერთხმად გაისმა აღშფოთების გამომხატველი ჩასუნთქვა-ამოსუნთქვის ხმა, შეცხადებებისა და შემაწუხებელი ზუზუნის კორიანტელი, თუმცა საკვირველი მხოლოდ ის იყო, რომ იმ დღეს, მომდევნო დღესაც და სხვა დროსაც, ქალაქის საბჭო დუმდა, სწორედ ისე, როგორც თავადი სებასტიანი.
მეოთხე კვირის მიწურულს კი, შემაშფოთებელმა ამბავმა გაიჟღერა - მხოლოდ მას შემდეგ გამოჩნდა ხიდზე თავადი და ვიდრე მოასწრებდნენ სიტყვის თქმას, უმალვე გაქრა.

*-*-*
თავადი სახლის უზარმაზარ მისაღებში იჯდა და რომელიღაც სკულპტურას მიშტერებული ფიქრებს მისცემოდა. ვერც კი გაიგო როდის შევიდნენ მასთან საბჭოს წევრები, რამდენიმე წარჩინებულ მოქალაქესთან ერთად.
-თავადო, ყველა საჭირო ადამიანი ადგილზეა, რჩეული ღვინო დავასხით. -გადაუჩურჩულა ელეგანტურად, იმ საღამოსთვის შესაფერისად გამოწყობილმა ანტუანმა, რომელსაც წამითაც კი არ ესმოდა იმ ტანისამოსის მნიშვნელობა, რომელზეც ასე მონდომებით აკვირდებოდნენ სტუმრები. თავადი ბუხართან,სტუმრებისაგან ზურგშექცევით იდგა და საყვარელ ღვინოს მიირთმევდა, წესისამებრ. როგორც ყოველთვის, მისი ახალგაზრდა, ლამაზი სახე მწუხარების მარწუხებში მომწყვდეულიყო და ლამაზი ნაკვთები დასჭმუჭვნოდა.
ანტუანის ხმის გაგონებაზე მხრებში გაიმართა, ელეგანტური ტანისამოსის ღილები შეისწორა და სტუმრებს მიუბრუნდა მკაცრი, უკმაყოფილო გამომეტყველებით. მის წინ იდგნენ ორი, ან სამი თავით დაბალი, საკმარისზე მეტად დამრგვალებული საბჭოს წევრები და თვითაღიარებული, მამისეული ფულის ბატონ-პატრონი წარჩინებული მოქალაქეები. მამაკაცებს თან ახლდნენ წითელ-მწვანე სამოსში გამოწყობილი, მაღალი, ტანადი და ასაკით ოციოდე წლით უმცროსი ქალიშვილები ცოლად.
სებასტიანმა თვალი მოავლო იქაურობას და ჩამოჯდა. მას დაჰყვა იქ შეკრებილი საზოგადოება.
-გისმენთ, პატივცემულნო. ასე დაჟინებით ითხოვთ შეხვედრას, ნუთუ რაიმე უსამართლობას აქვს ადგილი საბჭოში? -თავადის ცივმა ხმამ გაიჟღერა დარბაზში. ერთ-ერთი, მელოტი და მრგვალი კაცი, წინ წამოიწია, ოფლის მოსაწმენდად თეთრი ცხვირსახოცი გადაისვა მოზრდილ ულვაშებზე, იქაურობას თვალი მოავლო, თითქოს ამოწმებს ვიღაცის ყოფნა/არყოფნასო და თავადს მიუბრუნდა.
-სებასტიან, არ მინდა თავხედობაში ჩამომართვათ, ვინაიდან ეს თქვენი პირადი ცხოვრებაა, თუმცა ჩვენი წრის ახლობლობას თუ გავითვალისწინებთ, ვგონებთ, გვაქვს უფლება გკითხოთ, რას აკეთებს აქ ვივიენ რიჩარდსი?
-დიახ, სებასტიან, მეორე კვირა იწურება ფეხიც არ დაგიდგამთ ქალაქის საბჭოში. რაც მთავარია, ქალიშვილიც კი არ გვინახავს. თავიდან, ვფიქრობდით, რომ ეს უბრალო სასიყვარულო ურთიერთობა იყო, თუმცა რამდენიმე ჩვენგანმა, არქივებში ჟან ნიკოლა რიჩარდსის ძველი საქმეები აღმოაჩინა და მივხვდით, რომ პრობლემა სხვაგვარია.
-პრობლემა... ხომ ხვდებით, სებასტიან. -ენა მოემტვრა სარივით გაჭიმულ, უშნოდ დავარცხნილ მამაკაცს. თავადმა სამივეს მკაცრად გადახედა, ნაკვთიც არ შერხეულა მის ხორბლისფერ სახეზე. მხოლოდ უყურებდა ცივი, გააზრებული მზერით და მარცხენა, თავისუფალ ხელს მუშტად კრავდა. დარბაზში ზედმეტი წყვილი ფეხსაცმლის ხმა გაისმა, ერთის გარდა, ყველას მზერას შეეცვალა მიმართულება და ერთადერთისკენ მიმართულიყო. დარბაზში მოხდენილად მოაბიჯებდა გრძელ, თავადის საყვარელ ზურმუხტისფერში გამოწყობილი ვივიენი, რომელსაც გრძელი, თეთრი ყელი მოეღერებინა.
-საღამომშვიდობისა, პატივცემულნო. -ხმა აიმაღლა ვივიენმა და იქვე, სავარძლის კიდეზე ელეგანტურად ჩამოჯდა. უნაკლო პირისახეზე დასთამაშებდა ქალური ეშმაკობით გაბადრული ღიმილი. -ვხედავ, თავადი ძალიან შეგიწუხებიათ ჭორების აგორებითა და სტუმრის ამბების კითხვით. ვგონებ, განაწყენდებით, თუმცა მაინც გავბედავ და ვიტყვი, რომ მაიოტას თავადის ხელგაშლილობით მოხიბლულმა ახალგაზრდა ქალბატონმა, შეუძლებელია ორ კვირაში დატოვოს მოზამბიკის სრუტე. -ირონიით სავსე ღიმილი დასთამაშებდა ვივიენს, თუმცა ის ერთადერთი მომენტი იყო, როცა სებასტიანი ემადლიერებოდა კიდეც დაუპატიჟებელი შემოსვლისათვის, მიუხედავად იმისა, რომ ცივი და თავშეკავებული იყო თავადი. სიჩუმე ჩამოწვა, მხოლოდ ღვინის ბოკალი გადადო ხის ძვირფას მაგიდაზე თავადმა, ანტუანისკენ გადაიხარა და რაღაც უჩურჩულა, ბიჭიც წამში დარბაზიდან გაქრა და რამდენიმე წუთში, უკან დაბრუნდა მისტერ კლოდთან ერთად. კლოდს წარბები შეეკრა, ფერი გადასვლოდა და ისეთი მზერა ჰქონდა, თითქოს საკამათოთ შემოსულიყო დარბაზში.
-მოგესალმებით, ბატონებო. -შევერცხლილმა, ყალბი ღიმილით გაბრწყინებულმა კლოდმა სათითაოდ გადაავლო გამომცდელი, ეშმაკური მზერა მამაკაცებს. არ გამოპარვია სტუმრების უკმაყოფილო და შეწუხებული გამომეტყველებაც, რამაც თითქოს, მეტად გაამხიარულაო მისტერ კლოდი. იქვე ჩამოჯდა, თან შემოტანილი საქაღალდე იქით გადადო და სებასტიანს გადახედა.
-სებასტიან?! -ცივმა ოფლმა დაასხა იქ შეკრებილთ.
-იცით, მე ძალიან მომთმენი და შესაბამისად მშვიდი ადამიანი ვარ. -ხმადაბლა დაიწყო თავადმა. -თუმცა როცა საქმე საყვარელი ადამიანის ხსოვნას ეხება...ხსოვსნას, რომელმაც პასუხისმგებლობა და საზრუნავი დამიტოვა, არ შემიძლია მშვიდად ვუყურო ჩემი პირადი სამყაროს სხვისი, ბინძური ხელებით ნგრევას. მისტერ კლოდი, ჩემი ოჯახის პატივცემული და მეტად დასაფასებელი ადვოკატი, მზადაა გაგაცნოთ ყველა პირობა, რაც პირადი საქმეების უკანონოდ ქექვას ეხება. -გესლიანად ჩაილაპარაკა სებასტიანმა. თითქოს ჟანგბადი ეცოტავათო იქ შეკრებილებს, საყვედურით გადახედეს ერთმანეთს ქალბატონებმა და მხრები აიწურეს. მისტერ კლოდი კმაყოფილი, გახალისებული წამოდგა, გესლიანი მზერა ესროლა ვივიენის თეთრ პირისახეს და ამაყად ასწია თავი.
-ვიმედოვნებ, თავადი სებასტიანისთვის დარბაზში მყოფი ადამიანები საიმედონი და ერთგულნი არიან. -მკვახედ განაცხადა კლოდმა და ზემოდან, წარბაზიდვით დააცქერდა სებასტიანს. თავადმა მზერა გააპარა ვივიენის გამართული სილუეტისაკენ, კლოდს მსუბუქად დაუკრა თავი და უნდობლობით ნირწამხდარი მიაჩერდა სივრცეს.
-მოგეხსენებათ, ბატონებო, აღნიშნულ საკითხზე -კლოდმა არც კი დააკონკრეტა, თვალს არ აშორებდა თავადის თვალიერებით გართულ ვივიენს. -მასალები მეტად გასაიდუმლოებულია. საბჭოს წევრობა უფლებას არ გაძლევთ თქვენი ქალაქის თავადის, დიდებული ბატონის და მისი განსვენებული მამის წარსული შებღალოთ. -პირი დააღეს სტუმრებმა, თუმცა სებასტიანმა ხელი სიჩუმის ნიშნად აღმართა და აღარც მისტერ კლოდს ეტყობოდა მხიარულება. ეს ელეგანტური, შევერცხლილი, ჭკვიანი და ზოგისთვის, აბეზარი კაცი, კუშტად შეჰყურებდა ვირთხებივით ერთმანეთზე აკრულ სტუმრებს.
-ჟან ნიკოლა რიჩარდსისა და თავადი სებასტიანის კონფლიქტი მეტად პირადული, დაფარული და დაცულია. შესაბამისად, თქვენმა არაეთიკურმა ნორმებმა, თავადი გაანაწყენა და იძულებული გახადა, საბჭოს შემადგენლობიდან თითოეული თქვენგანი გაეთავისუფლებინა, ხოლო პირადი შეურაცხყოფისათვის, კანონის სრული სიმკაცრით დაესაჯეთ. -მისტერ კლოდმა გარკვევით, მიკიბვ-მოკიბვის გარეშე, ცივად დაასრულა გამოსვლა და იქვე ჩამოჯდა. იგრძნობოდა,როგორ დაიძაბა სიტუაცია, როგორ შთაინთქა ჟანგბადი. მხოლოდ ქალიშვილი გაამხიარულა მომხდარმა, ხმამაღლა, ურცხვად გაიცინა და წამოდგა, თავადს მიუახლოვდა და მის გვერდით, მისსავე სავარძლის კიდეზე მოკალათდა. ამრეზით გადახედა ზურმუხტისფერი კაბის კალთას სებასტიანმა, ზიზღი აუბუყბუყდა მკერდში და გულისრევის მძაფრმა შეგრძნებამ შეაფხიზლა.
-ბატონებო, ნუთუ?! -ვივიენის მშვიდმა და ღიმილშეპარულმა ხმამ გაიჟღერა. -რა თქმა უნდა, თავადის პირადი სივრცის შებღალვა კანონის სრული სიმკაცრით უნდა დაისაჯოს, თუმცა რატომ ისეთი უბრალო კაცის გამო, როგორიც მამაჩემია? -დასმულმა კითხვამ მისტერ კლოდი და სებასტიანი ადგილს მიაყინა. თავადს სუნთქვა ყელშივე გაეყინა და მხოლოდ გაყინული, გააფთრებული მიაჩერდა ვივიენის ზურგს.
-ქალიშვილო -მისკენ გადაიხარა კლოდი. -რაკი თავადისთვის მამათქვენის საქმე ესოდენ ძვირად ფასობს, ვგონებ, უადგილოა კითხვის ამ სიტუაციაში დასმა. თქვენ კი, პატივცემულნო, დარბაზი დატოვეთ. -გაცეცხლებული მიუბრუნდა მისტერ კლოდი სტუმრებს.

*-*-*
-თავადო, ხმა ამოიღეთ! -დადუმებულ დარბაზში გაისმა ვივიენის ტკბილი ხმა. მოჩვენებითად შეწუხებული და მართალი ინტერესით სავსე. იქვე, ბუხართან ახლოს, სავარძელში ჩასვენებულმა მისტერ კლოდმა მსუბუქად დაჰკრა საკუთარ შუბლს ხელი და ქშენა ამოუშვა პროტესტის ნიშნად, ქვემოდან შეჰყურებდა ქალიშვილს და თითქოს მისი მოგუდვა სურსო, თვალებს უშნოდ ავიწროებდა.
-ქალიშვილო, წუთით მაინც დაისვენეთ, ჩამოჯექით! -შეწუხდა კლოდი.
-მისტერ კლოდ, თავადი ხმას არ იღებს, თქვენ მაინც სთხოვეთ, თქვენი ხომ ესმის? -შეევედრა ვივიენი კლოდს. თვალს არ აშორებდა თავადის პროფილს, რომელიც უცხო სამყაროში ჩაძირულიყო.
-რატომ ვითომ? -შეიცხადა მისტერ კლოდმა. -მერწმუნეთ, თქვენი ხმა ისევე კარგად ესმის თავადს, როგორც ნახევარ მაიოტას, ქალიშვილო. -ზანტად დაეყრდნო საკუთარ ხელისგულს ნახევარი სახით კლოდი და ბუხარში მოგიზგიზე ცეცხლს გაუშტერა თვალი.
ვივიენს სახეზე ბრაზმა გადაუარა, ზიზღი მოგროვდა მის მკერდში და უკმაყოფილო მზერით გადახედა აბეზარ, შევერცხლილ მამაკაცს, რომელიც არც კი მალავდა საკუთარ დამოკიდებულებას ვივიენის მიმართ. თუმცა ქალს სულაც არ ადარდებდა რას ფიქრობდა მისტერ კლოდი, ან მისტერ ვინმე სხვა, რადგან მისი ერთადერთი მიზანი, რომელიც რაღაცნაირად საზრუნავადაც ქცეულიყო, თავადი სებასტიანი გახლდათ.
-ვივიენ რიჩარდს. -გაისმა მდუმარე დარბაზში დაბალი, სასიამოვნო ტონალობის, ბრაზშერეული ხმა. სინქრონულად აიწია დახრილი თავები, ყველა თავადის მოელვარე თვალებს მიშტერებოდა. -თქვენი ჩამოსვლის დღიდან ამ წუთამდე, თითოეულ ადამიანს უამრავი კითხვა გაუჩინეთ, თუმცა საკმაოდ გასაგებად გაწერიათ მომღიმარ სახეზე, რომ პასუხის ღირსად არ ჩაგვთვლით. -თავადი ნელა წამოდგა, ღვინის ბოკალი გადადო და ზურგი აქცია ქალიშვილს. ოკეანისებრი სფეროები მიაპყრო ცეცხლის ბოროტ ენებს და მათით აივსო. -მინდა იმედები გაგიცრუოთ, ძვირფასო. არ არსებობს თამაში, რომელსაც ერთი მხარე ჰყავს. თუმცა არსებობს მხარე, რომელსაც უკეთესი სტრატეგია აქვს. მივიღებ, თუკი თქვენი ხსნა თავხედური, შეუფერებელი როლებია, მოგცემთ საშუალებას გაიმარჯვოთ, იზეიმოთ, ბევრი იცინოთ და ბევრიც ილაპარაკოთ, თუმცა პირობასაც გიდებთ, ჩემი დარტყმა ერთი და სასიკვდილო იქნება. -თავადმა კვლავ ბოკალს მოჰკიდა ხელი, რომელშიც ნახევრამდე დარჩენილიყო სისხლისფერი სითხე. ვივიენს გაუსწორა მზაკვრული მზერა და ჩამოწოლილ მდუმარებაში საზარელი ხმით შეუძახა ბუხარში ბოკალს. ცეცხლის ალები მაღლა ავიდნენ, ერთმანეთში გადაიხლართნენ და შემაძრწუნებელი ხმებით დაიკივლეს. მოულოდნელი დახვედრისგან გაოცებულ ქალიშვილს, მსხვრევის ხმაზე გააჟრჟოლა, მხრები შეუხტა და თვალებში გულწრფელი შიშის ნაპერწკალი გამოუჩნდა. სწორედ, ის ერთადერთი, გარდამავალი წამი დაიჭირა სებასტიანმა, მთელი ძალით მოეჭიდა და თავისკენ მოზიდა. გამარჯვებას ზეიმობდა თავადი.
მისტერ კლოდსა და ანტუანს თვალი გაეშტერებინათ თავადის გაბოროტებული სახისათვის და ყველაზე ნამდვილ, მართალ გაოცებას ყლაპავდნენ.

*-*-*
ფრთხილად დააკაკუნა ანტუანმა ვივიენის კარზე. მცირე პაუზის შემდეგ ნახევრად გამოჩნდა შეღებულ კარში ვივიენის დაღლილი სახე. წამით ბიჭს ეჩვენა, რომ ქალი რადიკალურად განსხვავდებოდა იმ არსებისგან, რომელიც მუდამ, ნებისმიერ წამს ცდილობდა თავადის გეგმები ჩაეშალა, გამოჩენილიყო უდროო დროს და ელაპარაკა ის, რაც ენაზე მოადგებოდა. თუმცა ანტუანის აზრით, ქალი სულაც არ „ბოდავდა“ და პირიქით, გამიზნულად ტოვებდა დაუფიქრებელი, დაუდევარი ადამიანის შთაბეჭდილებას.
ყველაფრის მიუხედავად, იმ საღამოს ანტუანმა სხვანაირი ვივიენი დაინახა. თითქოს ორად გაყოფილიყო ქალის სული და მხოლოდ ლანდი დადიოდა დერეფნებში, ნამდვილი სახე კი ჩარაზულ ოთახში იმალებოდა და როგორც ყველა ქალი, ეს უკანასკნელიც ტიროდა.
-გაწუხებთ, მაგრამ მისტერ კლოდს თქვენთან პირადად სურს საუბარი.
-შემოდი. -მკვახედ მიაძახა ვივიენმა და კარში გაუჩინარდა. შედგა ანტუანი, არ იცოდა როგორ შეეღო საკუთარი ნებით ქალბატონის კარი და როგორ შესულიყო მის საძინებელში შუაღამისას, სრულიად მარტო. თუმცა არც ის სურდა ქალბატონი განაწყენებულიყო, ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა და კარს მიაწვა.
ეს საძინებელი მრავალჯერ ენახა ანტუანს, მიუხედავად იმისა, რომ ამ საძინებელში არასდროს არავის სძინებია, თუმცა მაინც უცხოდ ეჩვენა გარემო, თითქოს ქალბატონის იქ ყოფნას შეეცვალა ყოველივე - მსუბუქი, მშვიდი და ლამაზი გარემო შექმნილიყო.
ვივიენი სისხლისფერ, საშინაო, მეტად უბრალო და მისთვის შეუფერებელ საშინაო კაბაში გამოწყობილიყო. სახე დაებანა და ბავშვური, სევდიანი მზერით უცქერდა საკუთარ ანარეკლს უზარმაზარ სარკეში. ანტუანი კედელთან აიტუზა, თავი დახარა და ბრძანებას მორჩილად დაელოდა.
-მაიოტა ლამაზი ქალაქია. ეს ოკეანე, რომელიც ასე გულითა და სულით უყვარს შენს ბატონს...
-ქალბატონო, პატივისცემის მიუხედავად, მინდა იცოდეთ, რომ მე თავადი სებასტიანის მაცნე ვარ.
-რაც ნიშნავს, რომ ზუსტად გადასცემ ჩემს ნათქვამს, არა? -გაეღიმა ვივიენს. წამით, ანტუანს მოეჩვენა, რომ ეს ღიმილი ყველაზე მშვენიერი და უბრალო რამ იყო სამყაროში, რაც კი არსებობდა. ქალის თვალები ღია თაფლისფრად ანათებდა და სასიამოვნო სითბოს ღვრიდა. დაეჭვდა ანტუანი, არ ესიამოვნა თითქოს ქალის ფერისცვალება და წამში ამოუტივტივდა სებასტიანის ნათქვამი - „თქვენი ხსნა თავხედური, შეუფერებელი როლებია.“
-ანტუან, რატომ ელოდება სებასტიანი გემს? -ბიჭი დუმდა, თუმცა მისი ბავშვური მზერიდან იღვრებოდა უზომო ბრაზი. ბრაზი, რომ ისეთი მშვენიერი არსება, როგორიც ვივიენ რიჩარდსი იყო, მსგავს, გაუგონარ თავხედობას ბედავდა.
-ქალბატონო, მისტერ კლოდს თქვენთან პირადად სურს საუბარი, თუ გსურთ გადავცემ, რომ უგუნებოდ ხართ.
-ბრაზობ, რაც ნიშნავს, რომ ერთგული ხარ.
-ერთგულება მონობას არ ნიშნავს, ქალბატონო. -შეეპასუხა ანტუანი. -ერთგულება ფიცია, რომელიც ღირსეულ გულებს აკავშირებს. -ვივიენი თითქოს გაშრაო, თვალი აარიდა ანტუანს და მისი სახიდან ერთმანეთის მიყოლებით გაქრნენ სიკეთე, უბრალოება, მშვენიერება და სილაღე. აღარ ჰგავდა ბავშვს, რომელიც ნამდვილ სახეს ფარავდა, ვივიენი ქალი იყო, რომელსაც დემონური ძალა ჰქონდა ხელთ ეგდო ისეთი სუსტი არსებების სულები, როგორიც კაცთა მოდგმა იყო.

უემოციო, უაზრო სახით შევიდა ვივიენი დარბაზში და ბუხართან მოკალათებულ მისტერ კლოდს ზემოდან დახედა. ზიზღით ააყოლა თვალი იქვე ჩამომდგარ ანტუანს.
-საღამომშვიდობისა, მშვენიერო ქალბატონო. -ჩაეცინა მისტერ კლოდს. -ვხედავ, უგუნებოდ ბრძანდებით. ანტუან, შვილო, ხომ არ დაგიძალებია ქალიშვილისთვის?
-რას ბრძანებთ, მისტერ კლოდ. -ბავშვურად გაწითლდა ანტუანი. ვივიენი დაუკითხავად ჩამოჯდა რბილ სავარძელში, თვალი გაუსწორა ცეცხლს და ხელები ერთმანეთში გადახლართა.
-მისტერ კლოდ, დასაფასებელი იქნება, თუკი პირდაპირ სათქმელზე გადახვალთ.
-ფიცხი ქალი ხართ, ვივიენ. -შენიშნა კლოდმა. -თუმცა იმისთვის არ დამიბარებიხართ, რომ უაზრო ომში ჩაგებათ. პირიქით, ვგონებ, უფროსი კაცისგან შეგონება არ გაწყენდათ.
-მისტერ კლოდ, აზვიადებთ. -თავი გადააქნია ვივიენმა.
-სებასტიანი ღირსეული, კეთილი გულის მამაკაცია. სწორედ, ამის გამოა, მაიოტას ხალხს რომ გულწრფელი სიყვარული აკავშირებს მასთან. თავს გადადებენ თავადისთვის, იციან მისი ხელგაშლილობისა და გულკეთილობის ამბავი. ადრე, არასდროს შემინიშნავს, რომ სულიერად ისევე ჰგავდა განსვენებულ მამამისს, როგორც გარეგნულად. მხოლოდ დღეს, ვივიენ, როცა თქვენ გესაუბრებოდათ. -მისტერ კლოდის მონოლოგში ვივიენმა თითქოს გამოსადეგი შენიშნაო, მოდუნდა, ბრაზის ნაცვლად ინტერესმა შეიპყრო და თვალი გაუსწორა კლოდს. -მამამისიც ისეთივე კეთილი და გულისხმიერი კაცი იყო, როგორიც ჩვენი თავადია. მხოლოდ ერთი იცოდა უსაშველოდ დიდი - სიძულვილი. ალბათ, ამ უკანასკნელმაც გაისტუმრა იგი ამ ქვეყნიდან. სებასტიანი ბავშვობიდან სხვანაირი ჩანდა, მუდამ გულჩათხრობილი, წიგნებში მცხოვრები, კეთილი ბავშვი იყო. მას დღემდე აქვს საკუთარი, სხვა სამყარო, სადაც ცხოვრობს. ვიცოდი, ვხედავდი, რომ ჰგავდა მამას, სებასტიანს დიდი გული აქვს და სიყვარული დიდი იცის, თუმცა არ მეგონა, თუ უფრო მეტად, უფრო ძლიერად შეეძლო სიძულვილი. ეს ბოროტი, ავი გრძნობა დღეს, პირველად შევნიშნე მის გამოხედვაში. არ მინდა დაგემუქრო, ქალიშვილო, თუმცა როგორც ასაკით უფროსი, გაგაფრთხილებ მხოლოდ, თავადს ნუ გადაიმტერებ, მისი სამიზნე ნუ გახდები, ნუ აიძულებ დაივიწყოს სიკეთე. ჟან ნიკოლა ძველი, საქაღალდეში ჩადებული ისტორიაა, რომელიც თავადთან ინახება და მტვერი ედება. -ვივიენმა თითქოს სული მოითქვაო, ეშმაკ თვალებში რაღაცამ მზაკვრულად გაუელვა და ბაგე შეუმჩნევლად ჩაუტყდა. წამოდგა, კაბის კალთაზე ხელები ჩამოისვა და ხელი გაუწოდა მისტერ კლოდს.
-მისტერ კლოდ, თუკი მადლობა საკმარისი იქნება, ათას მადლობას მოგახსენებთ. ვწუხვარ, რომ თავადს იმედი გავუცრუე. ვფიქრობ, ყველაფრის თავიდან დაწყებას მოვახერხებ.
-ღმერთი შენკენ, შვილო, ამქვეყნად მშვიდობაზე უფრო ძვირფასი არაფერია. -გამოწვდილ ხელს საკუთარი შეაგება კლოდმა და თბილად გაუღიმა ქალიშვილს.
წამოდგა მისტერ კლოდი, გასასვლელამდე ღიმილით მიაცილა ვივიენი. ხელი შეუშვა თუ არა, მორიდებულად დაემშვიდობა ქალი და ზურგი აქცია. მიდიოდა ვივიენი, მისი ბაგე ეშმაკურ ღიმილს დაეშორებინა ერთმანეთისთვის, იმედი მიეცა მისტერ კლოდის წამოროშილ სისულელეებს და მისი გონება თითქოს აფეთქების პირას იყო. ნაბიჯს აუჩქარა ვივიენმა, საძინებლის კარი მაგრად ჩარაზა და სარკის ჩარჩოებს დაეყრდნო. ხმამაღლა გაიცინა ქალმა, არაამქვეყნიურ სილამაზეში შეფუთული დემონი იღიმოდა, თუმცა არც კი იცოდა რა ელოდა.

მისტერ კლოდი დანანებით გასცქეროდა ქალის ზურგს, შემდეგ შებრუნდა, ანტუანთან ერთად აუყვა გრძელ კიბეს და ნაცნობ დარბაზთან შედგა. ერთმანეთს გადახედეს, ერთად შეაღეს დარბაზის კარი.
თავადი ბუხართან, წიგნითა და ღვინით ხელში იჯდა. ირგვლივ მხოლოდ ორი სანთელი ანათებდა, ორივე თავადის წინ, ხის პატარა მაგიდაზე. ხმამ გამოაფხიზლა, წიგნში სანიშნი ჩადო და წამოდგა, უემოციოდ შეჰყურებდა დარბაზში შესულებს.
-სატყუარა გადაყლაპა, თავადო. -მისტერ კლოდი მოსვენებული დაეშვა სავარძელში. სებასტიანმა თავი დაუქნია.
-რას ფიქრობთ, კლოდ, ეს ქალი ვინ არის?
-ქალის ტყავში გახვეული ეშმაკია, დაწყევლილი! გრძნეულია ნამდვილად, თავადო. უყურებ და თითქოს მზად ხარ, სული გაყიდო.
-იცით, გრძნეულობისა რა მოგახსენოთ, ძვირფასო კლოდ, თუმცა ეშმაკი ნამდვილად არის. მე კი, მაინც გავაფრთხილე, ნიღაბი ან სამუდამოდ გრჩება, ან მისი მოშორება ძალიან გტკენს-მეთქი, როგორც ჩანს, დატოვება გადაწყვიტა.
-თავადო, ერთი რამ გამაგებინეთ, ხომ შეიძლება, პირდაპირ ლინჩის წესით გაასამართლოთ? ან, თუკი ეს უკანონოა, გალიაში ჩავსვათ და შორიდან დავტკბეთ მისი სილამაზით? ღმერთის თუ გწამთ, სებასტიან, ეს ქალი მოვლენილი ჯოჯოხეთია, ჩემი ასაკის კაცს მეტი არც მოეთხოვება. -ხელი აიქნია მისტერ კლოდმა. -არამც და არამც! სებასტიან, იცოდეთ, არ გაბედოთ თქვენი ხელის აწევა გაჩუმების ნიშნად! რაც მეტად მთხოვთ დამშვიდებას, მეტად ავფორიაქდები! -წამოდგა კლოდი და აქეთ-იქით სიარულს მიჰყვა. -მთელი ცხოვრება ინტრიგებს შევალიე, რას აღარ ვკადრულობდი, მაგრამ ეშმაკის პირისპირ არ ვმჯდარვარ და ცრუ ბავშვობაზე არ მომიყოლია! ღმერთმა იცის, საძაგელი ბავშვი ბრძანდებოდით, პატივცემულო. მომიტევეთ, მაგრამ ნამდვილად, წმინდა წყლის სიმართლეა, თქვენი მსგავსი სიმაგრის ქვა არ დაგორავს! ღმერთმანი! -მის უაზრო, უადგილო ბოდვაზე თავადს გულწრფელად გაეღიმა. დიდი დრო გასულიყო, რაც ამ ღიმილს ბატონის უნაკლო, მშვენიერი ნაკვთები არ დაეფარა. მარგალიტივით გაიელვა ბნელ დარბაზში სებასტიანის ღიმილმა.
-მისტერ კლოდ, დაბრძანდით და მოისვენეთ! იცით, კაცმა მტრის შერჩევა უნდა იცოდეს. მე კი ვფიქრობ, ვივიენ რიჩარდსი ჟან ნიკოლას სარკისებური ანარეკლია.
-ღმერთმანი! -აღმოხდა ღონემიხდილ მისტერ კლოდს. -ღმერთის არა გწამთ თქვენ, ახალგაზრდებს! თითქოს ერთი არ კმარაო, მეორე დაგვიმატეთ, სებასტიან. ნუთუ თაობებს გადასცემთ ერთმანეთს?
-მისტერ კლოდ, ნუთუ არ გრცხვენიათ? საიდან მოგაქვთ ეს სარკაზმი?
-ამას წმინდა წყლის სიმართლე ჰქვია ჩემს ენაზე. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ -წამოდგა კლოდი და თვალი მოავლო დარბაზს, უშნოდ მოედო თვალში კუთხეში ატუზული, ჩაფიქრებული ანტუანი. თითქოს სებასტიანი მის მზერას გაჰყვაო, შეათვალიერა საიმედო მაცნე და რაღაც უცხო შენიშნა მის გაქვავებულ მზერაში.
-ანტუან, თქვი რამე!
-იცით, ჩემო ბატონო, როცა ქალბატონი მოვინახულე... -დადუმდა ანტუანი, ნაპოვნი სიტყვები უკანვე დაჰკარგვოდა. -ვფიქრობ, ყველაფერი არასწორად გვესმის. ადამიანებში ხშირად ვცდებით.
-ამოღერღე, ნუთუ გათენებას ელოდები? -გაცეცხლდა მისტერ კლოდი. ანტუანმა გამბედაობა მოიკრიბა, ღრმად ჩაისუნთქა და გულისტკივილივით ამოთქვა
-ეს ქალი, სულაც არა ჩანს ისეთი, როგორადაც თავს გვაჩვენებს. გახსოვთ, ერთხელ გითხარით, თვალები ადამიანებზე ბევრს გვეუბნებიან. ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველა და ყველაფერი შეიძლება მოატყუო თვალების გარდა. ამ საღამოს, ქალბატონის თვალებში ტკივილი შევნიშნე, ბავშვური ბრძოლა, სადაც ბოროტი გაიმარჯვებს. მე ვფიქრობ, რომ მას განადგურებაზე მეტად, დახმარება სჭირდება და სწორედ, ამისთვის ჩამოვიდა აქ. -თავი დახარა ანტუანმა. მისი წამოძახილი აღარ იყო მორჩილი, მოკრძალებული მაცნეს მონოლოგი. ეს ჰგავდა ნატკენი, გულდამწვარი ადამიანის ტკივილს,რომელმაც შენიშნა მონათესავე, დაშლილი სულის ტანჯვა და ხმამაღლა გააჟღერა.
შედგა სებასტიანი, წარბები შეკრა და კარგად დააკვირდა ანტუანის ნაკვთებს. თითქოს იმ წამს შენიშნაო, ტკივილსა და ბავშვურ სევდას დაეფარა ბიჭის სახე. თითქმის ესმოდა კიდეც თავადს, როგორ ფეთქავდა ნატანჯი გული დასერილ მკერდში.
-„ჩემი მოკრძალებული აზრით“ -გააჯავრა მისტერ კლოდმა ანტუანს და ბრაზით გადახედა. -ღამე მშვიდობის, ბატონებო. ბევრი არ იფიქრო ანტუან, ფიქრებმა დარდის გაჩენა იციან. შენ კი არაფრად გიღირს ქალზე დარდი, არაფრად! -მხოლოდ სებასტიანი იდგა უძრავად, შეჰყურებდა ანტუანს და გრძნობდა რაღაცას, მნიშვნელოვანს, თუმცა უცხოს.
თითქოს გული ეწვოდა, რომ მანამდე, არასდროს შეენიშნა ანტუანის ტანჯვა და არასდროს ეცადა შეემსუბუქებინა იგი.

*-*-*
იმავე საღამოს, მაიოტას თავადი გაქურდეს.
დილით, ანტუანი ხიდთან იდგა და მომხდარს ხმამაღლა აჟღერებდა, ყალბი სიბრალული აღბეჭდვოდა სახეზე, თუმცა შინაგანად დუღდა და იშლებოდა. სწიწკნიდა მის გულს მომხდარი უსამართლობა. მთელი გულით სურდა, თუნდაც თავი გაეწირა, ოღონდ თავადის სიმშვიდეს არაფერი დამუქრებოდა.
თავადი კი, დარბაზში იჯდა, კითხულობდა ლამაზი, გაკრული ხელით ნაწერ წერილს და მარჯვენა ხელში მომარჯვებულ ღვინოს ცლიდა. მონატრების უსაშველო სევდას დაემძიმებინა მისი ოკეანისებრი სფეროები. ტალღებად დასდებოდა მის ქუთუთოებს სიმძიმე.
არავის ესმოდა ამქვეყნად, რა საფასური აქვს დუმილს ისე, როგორც სებასტიანს.

*-*-*
ბორგავდა სხეული, ხრიალებდა და ხმამაღლა ტიროდა. ბავშვურად, გაბმულად გამოსცემდა ხმებს და კედელს დროდადრო თავს გამეტებით ურტყამდა.
ხელები მკერდზე შემოეხვია, მუხლებიდან კანი აქერცვლოდა და სისხლის წვეთებს გამოეჟონა.
ტიროდა, დარდს აყოლებდა გამოცემულ ხმებს.
უაზრო იყო მისი ბოდვა, მისი ხრიალი, ხველა და ტანჯვა, თუმცა საიმედო.
ძილშივე მოპარულ სიზმარს ჰგავდა მისი არსებობა.
ეჯახებოდა,
ეჯახებოდა თითქოს ტალღები, თუმცა არ იძირებოდა, არ ჰქონდა ბოლო მის ტანჯვას.



№1  offline ახალბედა მწერალი ლორელაი

რა საინტერესოა, ბოლოს ამხელა ინტრიგა დატოვე. ვივიენია ნუთუ ის ქურდი? სულ დაძაბულმა ჩავიკითხე ეს თავი და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი შენი ენაქარგულობით. საოცრქდ კარგად აღწერ ყველაფერს, ხალხს, ხასიათს, გარემოს.მგონია ფილმს ვუყურებ წინა საუკუნეების კოლონიზატორებსა და მდიდარ ფერმერებზე.

 


№2  offline ახალბედა მწერალი MariamG

ლორელაი
რა საინტერესოა, ბოლოს ამხელა ინტრიგა დატოვე. ვივიენია ნუთუ ის ქურდი? სულ დაძაბულმა ჩავიკითხე ეს თავი და კიდევ ერთხელ აღვფრთოვანდი შენი ენაქარგულობით. საოცრქდ კარგად აღწერ ყველაფერს, ხალხს, ხასიათს, გარემოს.მგონია ფილმს ვუყურებ წინა საუკუნეების კოლონიზატორებსა და მდიდარ ფერმერებზე.

როგორ მიხარია, რომ ასეთი მრავალფეროვანი და საინტერესოა შენთვის <3 ყველაფერი ნელ-ნელა გამოჩნდება ^^
უღრმესი მადლობა!

 


№3  offline აქტიური მკითხველი La-Na

როგორც ყოველთვის მოწონების მაღალ საფეხურზე ხარ საყვარელო heart_eyes საინტერესოა მართლაც რა სურს ვივიენს.როგორ მაინტერესებს რა მოხდება.იმედია მალე გავიგებთ ამ ორი გვარის დაპირისპირების მიზეზს.უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა.ძალიან მაგარი გოგო ხარ და ფართო ასპარეზს იმსახურებს შენი ისტორიები wink
--------------------
ლანა

 


№4  offline ახალბედა მწერალი lullaby

მშვენიერი ეპიზოდი იყო მარ... თითქოს ყველა ეკლებზე იჯდაო და მეც დაზაბული ვკითხულობდი. საცარაუდოდ ქურდი სატყარაგადაყლაპული ვივიენია... უკანასკნელი მონაკვეთი უფრო მარწმუნებს ამაში, მაგრამ, არავინ იცის... მუხედავად იმისა, რომ ამ ქალის გეგმების გაგება მეჩქარება, ჩემს მთავარ ინტერესს მაინც გემი წარმოადგენს. მეშინია ერთადერთი რამის: ანტუანი კეთილია, არ მინდა ვივიებმა ამით ისარგებლოს. ამ პერსონაჟის დაჩაგვრას ვერ გადავიტან...

 


№5  offline წევრი An_Gel

უკვე საშინლად მაბნევს ვივიენი. ერთდროულად ვიზიარებ მისტერ კლოდის და ანტუანის შეხედულებებს. მე, როგორც ოპტიმისტ ადამიანს, იმედი მაქვს ანტუანი აღმოჩნდება მართალი და სებასტიანი რაღაც სხივს დაინახავს ვივიენის თვალებში. სხივს, რომელსაც ჩაეჭიდება. ეს ქალი უფრო ხშირად მინდა, რომ იყოს ნამდვილი. სულ თამაშობს, მაცდურია, ეშმაკური, ირონიული და არ მაძლევს უფლებას, მომწონდეს. მისტერ კლოდის და სებასტიანის სატყუარა ძალიან მომეწონა. გამეცინა კლოდის სიფიცხეზე. მეც რატომღაც დინჯ და წიგნის ჭია ბავშვად წარმოვიდგენდი სებასტიანს :დ
სიმართლე გითხრა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ქურდი ვივიენია. თუმცა ახლა ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. უკვე მეორე თავია ბოლო მონაკვეთით საშინელ ინტრიგას გვიტოვებ. იმ პერსონაჟს, რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ,სავარაუდოდ, ისეთი განცდები აქვს, გული მიწუხდება. იტანჯება არაადამიანურად, ეს ფაქტია. გავიფიქრე, სწორედ იმ გემზე მყოფი ადამიანის მდომარეობას ხომ არ აღწერსთქო ან არ ვიცი... მოკლედ, იმ ადამიანის ვინაობა ყველაზე მეტად მაინტერესებს ახლა. გელოდები <3

 


№6  offline ახალბედა მწერალი MariamG

La-Na
როგორც ყოველთვის მოწონების მაღალ საფეხურზე ხარ საყვარელო heart_eyes საინტერესოა მართლაც რა სურს ვივიენს.როგორ მაინტერესებს რა მოხდება.იმედია მალე გავიგებთ ამ ორი გვარის დაპირისპირების მიზეზს.უბრალოდ არ ვიცი რა გითხრა.ძალიან მაგარი გოგო ხარ და ფართო ასპარეზს იმსახურებს შენი ისტორიები wink

უღრმესი მადლობა, ლან! ვნახოთ რა იქნება <3 საოცარი შეფასებაა ჩემთვის.

lullaby
მშვენიერი ეპიზოდი იყო მარ... თითქოს ყველა ეკლებზე იჯდაო და მეც დაზაბული ვკითხულობდი. საცარაუდოდ ქურდი სატყარაგადაყლაპული ვივიენია... უკანასკნელი მონაკვეთი უფრო მარწმუნებს ამაში, მაგრამ, არავინ იცის... მუხედავად იმისა, რომ ამ ქალის გეგმების გაგება მეჩქარება, ჩემს მთავარ ინტერესს მაინც გემი წარმოადგენს. მეშინია ერთადერთი რამის: ანტუანი კეთილია, არ მინდა ვივიებმა ამით ისარგებლოს. ამ პერსონაჟის დაჩაგვრას ვერ გადავიტან...

კი, გეთანხმები, რომ ძალიან "შეუმსუბუქებელი" სიტუაციები აღვწერე, სადაც თითქმის მშვიდად არც ერთი პერსონაჟი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ სებასტიანი მუდამ ასეთი დინჯი და მშვიდი ჩანს...
სხვა დანარჩენს დრო გვიჩვენებს.
დიდი მადლობა <3

An_Gel
უკვე საშინლად მაბნევს ვივიენი. ერთდროულად ვიზიარებ მისტერ კლოდის და ანტუანის შეხედულებებს. მე, როგორც ოპტიმისტ ადამიანს, იმედი მაქვს ანტუანი აღმოჩნდება მართალი და სებასტიანი რაღაც სხივს დაინახავს ვივიენის თვალებში. სხივს, რომელსაც ჩაეჭიდება. ეს ქალი უფრო ხშირად მინდა, რომ იყოს ნამდვილი. სულ თამაშობს, მაცდურია, ეშმაკური, ირონიული და არ მაძლევს უფლებას, მომწონდეს. მისტერ კლოდის და სებასტიანის სატყუარა ძალიან მომეწონა. გამეცინა კლოდის სიფიცხეზე. მეც რატომღაც დინჯ და წიგნის ჭია ბავშვად წარმოვიდგენდი სებასტიანს :დ
სიმართლე გითხრა, არ ვარ დარწმუნებული, რომ ქურდი ვივიენია. თუმცა ახლა ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანია. უკვე მეორე თავია ბოლო მონაკვეთით საშინელ ინტრიგას გვიტოვებ. იმ პერსონაჟს, რომელსაც ჯერ არ ვიცნობთ,სავარაუდოდ, ისეთი განცდები აქვს, გული მიწუხდება. იტანჯება არაადამიანურად, ეს ფაქტია. გავიფიქრე, სწორედ იმ გემზე მყოფი ადამიანის მდომარეობას ხომ არ აღწერსთქო ან არ ვიცი... მოკლედ, იმ ადამიანის ვინაობა ყველაზე მეტად მაინტერესებს ახლა. გელოდები <3

სიმართლე გითხრა, ძალიან ხშირად, ჩვენი აზრები ემთხვევა და ზოგჯერ ვამბობ ხოლმე, მე რომ ჩემი მკითხველი ვყოფილიყავი, სწორედ იმას ვეტყოდი "მეს", რასაც ანა ამბობს-მეთქი. ამ შემთხვევაშიც ასეა. ოპტიმისტობით ვერ დავიკვეხნი, თუმცა არც პესიმისტი ვარ, უფრო რეალისტი ადამიანი ვარ და ვინაიდან, ამ კონკრეტულ ეპიზოდებში რეალიზმი უადგილოა, სრულიად ვიზიარებ შენს აზრს და ვიმედოვნებ, ანტუანი ხელშეუხებელი დარჩება და მისი გულწრფელი, ადამიანური დასკვნაც გამართლდება.
თუმცააა, თუმცააა..
<3 დიდი მადლობა, ანა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent