Demon
ღამის სიჩუმეში ბუს ხმა ისმოდა, როცა პატარა ბიჭი მშობლებთან ხელჩაკიდებული მიდიოდა ტყის ბილიკზე. როცა ბავშვმა მამას ახედა, კაცმა იმ კითხვის მოლოდინში დახედა, რომლის დასმასაც ბიჭი აპირებდა. - მამიკო, დემონი გინახავს? ახალგაზრდა კაცმა ჩაიცინა და თავი გააქნია. - არა ჰანა, არ მინახავს. ბიჭმა დედას შეხედა, მაგრამ მანაც თავი გააქნია და გამხიარულებულმა გაიღიმა. - არა საყვარელო, არც მე მინახავს. რამდენიმე წუთს ჩუმად მიდიოდნენ, სანამ ბუს კივილს გაიგებდნენ. ოჯახი ხმის მიმართულებით შებრუნდა. - ეს რა იყო...? - ბიჭის მამამ ჩუმად იკითხა. იმ ტყეში ბევრი არაფერი იქნებოდა ისეთი, რაც ბუს მოკლავდა. კიდევ ერთხელ გაიგეს ველური კივილი, რომელსაც მხოლოდ ცხოველი თუ გამოსცემდა და რომელსაც ძველ, საშიშ ფილმებში აჩვენებდნენ. ამჯერად ხმა ხის წვერიდან მოდიოდა და ოჯახმაც მაშინვე ზემოთ აიხედა. - რა ჯანდა...? - სანამ წინადადების დასრულებას მოასწრებდა, რაღაც უზარმაზარი დაეცა და ძვლების მსხვრევის ხმა და გამყინავი, შემაძრწუნებელი ღრიალი გაისმა. ბიჭის დედა აცახცახდა, როცა დემონმა მისი ქმრის ნაწილებად დაფლეთვა დაიწყო. რაღაც უზარმაზარ ცხოველსა და ძველი დროის გადმონაშთი არსების მსგავს ურჩხულს შეჰყურებდნენ. მისი წინა კიდურები წვრილი და ოდნავ გაწელილი იყო, ხოლო ფეხები ძლიერი, რომ სირბილი და მოძრაობა გაადვილებოდა. სახით რაღაც წარმოუდგენელი იყო, რასაც ვერაფერს შეადარებდი. თითქოს მგლის ყბები ჰქონდა, მაგრამ ნიანგის კბილები. ყველაზე უჩვეულო კი კუდის ნაკლებობა და ის ფაქტი იყო, რომ თვალები არ ჰქონდა. - ჰ..ჰანა... გაიქეცი! - ჩაიჩურჩულა დედამ და ბავშვს ოდნავ ხელი ჰკრა. ბიჭი წაბარბაცდა, მაგრამ თვალები ისევ იქით მიეპყრო, სადაც მამამისის ნაწილები დარჩენილიყო. დემონი მთლიანად ყლაპავდა... მამას... - მამიკო? - ურჩხული ბიჭისკენ შებრუნდა და დაიყმუვლა, რამაც ბავშვი გამოაფხიზლა. - გაიქეცი! - დაუყვირა დედამისმა და კიდევ ერთხელ ჰკრა ხელი. ამჯერად ბიჭი ყოყმანით გაიქცა ჩაბნელებული ტყისკენ. დედის კივილი შემზარავად გაისმა და ბიჭმის უფრო სწრაფად გაიქცა, თანაც იმ არსების ნაბიჯების ხმა ესმოდა, რომელიც თანდათან უახლოვდებოდა. ისე სწრაფად მირბოდა, როგორც შეეძლო. წამიერად თვალები დახუჭა და რაღაც ძლიერს შეასკდა. ძირს ჩაცურდა და ჩამოცვენილ ფოთლებზე კანკალით დაეცა. ამჯერად ვეღარსად გაიქცეოდა... ისიც მოკვდებოდა, როგორც მისი მშობლები. დემონის მოახლოება იგრძნო და ბავშვი უფრო მეტად მოიკუნტა, მაგრამ როდესაც ურჩხული მიუახლოვდა, რაღაცის უფრო ბოხმა ხმამ შეაჩერა, რომელიც ბავშვს თავზე წამოსდგომოდა. ჰანამ იცოდა, რომ უკვე ორნი იყვნენ, მაგრამ როცა თვალები გაახილა და აიხედა, გაოცდა. ის არსება იყო რამაც ბუ მოკლა. ამაზე იქვე მიგდებული უსიცოცხლო ფრინველის, ნახევრადშეჭმული სხეული მიუთითებდა. დემონი, რომელიც ბიჭთან ახლოს იდგა, მეორესთან შედარებით უფრო დიდი იყო. ჰანა ჩუმად შესცქეროდა, როგორ უყვიროდნენ ერთმანეთს ორი არსება. პატარა დემონმა მალევე დაიხია უკან და იქით გაიქცა, საიდანაც მოვიდა. ბიჭი ამას ნამდვილად არ ელოდა, ახლა უფრო დიდი დემონის წინაშე სრულიად მარტო აღმოჩნდა. არსებამ რამდენიმე ნაბიჯი გადადგა და ისევ მობრუნდა, პირი ღია ჰქონდა და სქელ, ბასრ კბილებს აჩენდა. მისი თვალები ნელ-ნელა იკვეთებოდნენ და ღამის წყვდიადში ოქროსფრად ელავდნენ. ჰანამ ხელები მომუშტა და იმ სველ ლაქას დახედა, რომელიც მის შარვალს აჩნდა. პატარა ბიჭმა იცოდა, რომ მოკვდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ორი წლის იყო, მაინც ხვდებოდა ამას, მაგრამ საბედნიეროდ დემონის თავდასხმამდე გონება დაკარგა. - ერთი თვის შემდეგ - -კენ! - კენ! - ჰო, ჰო, მოვდივარ. წამოვჯექი, თავი გავაქნიე და საათს გავხედე. " მართალია ერთი საათით მეტი მეძინა, მაგრამ მაინც... ღამის სამი საათზე?????" - კეეეეეენ! როცა მის ხმაში ოდნავი პანიკა შევნიშნე, ამოვიოხრე, გავიზმორე და თავი ვაიძულე საწოლიდან წამოვმდგარიყავი. არასდროს მიფიქრია ბავშვის ყოლაზე, მითუმეტეს ადამიანის, მაგრამ როცა ამ პატარამ ფაქტიურად ზედ გადამიარა, როცა ტყეში მარტოდმარტო მირბოდა, სხვანაირად არ შემეძლო. დერეკს ვერ მივცემდი მისი მოკვლის უფლებას. ამ ამბის შემდეგ, ჩემი სახელის გარდა თითქმის არაფერი უთქვამს და ამასაც საკმაოდ ამახინჯებდა. რა თქმა უნდა, არ ველოდი, რომ ის , რასაც შეესწრო მასზე არანაირ კვალს არ დატოვდა. სამწუხარო იყო, რომ ყველაფერი ახსოვდა, რაც განსაკუთრებით ჩემს ძილზე მოქმედებდა. ყოველ ღამით კივილით იღვიძებდა და არ მშვიდდებოდა, სანამ არ მივიდოდი და შიშის გრძნობას არ გავუქრობდი. წარმოდგენა არ მაქვს რატომ, სწორედ ის ვიყავი რისიც უნდა შეშინებოდა. დიდ ოთახში შევაბიჯე და პატარა აკანკალებული ბიჭი შევნიშნე, რომელიც დიდ საბანში გახვეულიყო. - მმ..მ..მონსტრი! როცა პირველად ეს თქვა, მეგონა ჩემზე ლაპარაკობდა და გარეთ გავედი. კარების დაკეტვისთანავე ისევ კივილი და ჩემი სახელის ძახილი დაიწყო. კარგად დაფიქრების შემდეგ გავიაზრე, რომ დემონები, რომლისაც ეშინოდა, კარადაში, საწოლის ქვეშ და თითქმის ყველგან იყვნენ. მივედი თუ არა საბანი გადააგდო და შემომახტა. ხალხის დამშვიდება საერთოდ არ გამომდის, მაგრამ საბედნიეროდ ჩემს მკლავებში გახვევაც აბედნიერებდა. როცა საბოლოოდ დამშვიდდა, ჩემს ოთახში გავიყვანე და ძილბურანში გახვეული დავაწვინე საწოლში. ახალი ამბები ჩავრთე. ადამიანები დიდად არ მაინტერესებდა, მაგრამ სიახლეების მოსმენა არ მაწყენდა. რა თქმა უნდა, მთავარი ამბავი ორი წლის დაკარგულ ბიჭზე, ჰანაზე, იყო. თვალი იმ ბავშვისკენ გავაპარე, რომელიც მკერდზე მომკვროდა და ტელევიზორს ცრემლიანი თვალებით შეჰყურებდა. საბედნიეროდ ადგილობრივ ეკლესიაზე დაიწყეს საუბარი, რომელიც საკმაოდ დიდი ჩანდა. ბიჭმა მაშინვე თავი წამოყო, რომ ჩემთვის შემოეხედა. - მათ შენ თქვეს! ისე შევხედე თითქოს ჭკუიდან შეიშალა - რა? - ეკლესია! - ჰო, ამ შენობის სახელია. - შეიძლება ეკლესიაში? - ამმ... გინდა რომ ეკლესიაში წაგიყვანო? მხიარულად გამიღიმა და თავი დამიქნია. - კარგი, ხვალ წავიდეთ... ან დღეს საღამოს. გამიღიმა და მკერდზე კიდევ უფრო მეტად მომეკრო. თვალები გადავატრიალე, დემონი ბავშვები სითბოს არ ამჟღავნებდნენ... ადამიანები კი უცნაურები არიან. - მიდი, ჰანა ხელები მაღლა ასწიე. ბიჭმა შემომიბღვირა, წარმოდგენა არ მქონდა რაზე მებუტებოდა, თქმაც კი არ იკადრა. - გინდა თუ არა ეკლესიაში წასვლა? თუ არ იჩქარებ დამთავრდება. ნახევარი საათი კიდევ არ დაიწყებოდა, მაგრამ ყველაფრის თქმა საჭირო არ იყო. ბღვერის ნაცვლად ამჯერად აღელვებულმა შემომხედა და ხელები სწრაფად ასწია. - ყოჩაღ. წითელი მაისური ჩამოვაცვი და შარვლის ჩაცმაში დავეხმარე. არც ისე კარგი, არაეკლესიური დემონის კვალობაზე ის მაინც ვიცოდი, რომ კარგად უნდა ჩაგვეცვა და მე არ შემეძლო რამე წმინდას შევხებოდი... როცა ჰანა საბოლოოდ შეიმოსა, ოთახში შემომყვა და შემომცქეროდა, სანამ შავ ტანსაცმელს ვიცვამდი, რომელსაც უმეტესად სამსახურისთვის ვხმარობდი. - კარგი, მზად ხარ? ჰანამ თავისი პატარა ხელები გამომიშალა. - კარგიი - თვალები ავატრიალე. სახე გაუნათდა, როცა ხელში ავიყვანე და გარეთ გავედით. ფეხით სასიარულო ბევრი არ გვქონდა, რამდენიმე შენობას გავცდით და ეკლესიას მივადექით. ფრთხილად დავსვი ჰანა ძირს, მისი პატარა ხელი ჩემსაში მოვიქციე და კიბეს ავუყევით. ახალგაზრდა ბიჭი სტუმრებს ესალმებოდა და ჰანას დანახვისთანავე სახე გაუნათდა. დაიჩოქა და ბავშვს ხელი გამოუწოდა. - სალამი! რა გქვია ძვირფასო? ჰანამ ზუსტად ის გააკეთა, რასაც მოველოდი. გამოიქცა და უცნობ ბიჭს ჩემს უკან დაემალა. არც ისე უცნობი იყო, მაგრამ ჰანა ჩემს გარდა ყველას უცხოდ მიიჩნევდა. ბიჭი საკმაოდ ლამაზი იყო, დიდი ყავისფერი თვალებით და ძალიან ღია, თაფლისფერი თმით, რომელიც თითქმის ოქროსფრად უბზინავდა. სანამ არ წამოდგა ვერც შევნიშნე, რომ მივშტერებოდი. - დილა მშვიდობის, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! როგორი საყვარელი შვილი გყავთ! - აჰჰ... მადლობა. სწრაფად გამომიწოდა ხელი, რომელსაც რამდენიმე წუთს ყოყმანით ვუყურებდი, შემდეგ კი ჩამოვართვი. ხელი შეხებისთანავე გასწია და ყელზე ჩამოკიდებულ ჯვარს დასწვა, მე კი ჩავისისინე. ალბათ ნაკურთხი წყალი ესვა ხელზე ან რაღაც მსგავსი, მისმა შეხებამ ხელი დამიწვა. - ახლავე მოშორდი აქედან, დემონო! ახალგაზრდა ყმაწვილმა ისე ჩაისისინა, რომ ჩამვლელებს ვერ გაეგოთ. ბრძანებებლურ ტონს ვერ ავიტანდი. იმის მაგივრად, რომ მისი ნათქვამი შემესრულებინა, ჰანა ხელში ავიყვანე და გავიღიმე. - ჰანას ძალიან უნდოდა ეკლესიის ნახვა. მისმა მზერამ ჩემს ხელში მყოფ პატარა ბიჭზე გადაინაცვლა. როცა თითი ჰანასკენ წაიღო, ბავშვმა ხელი მოჰკიდა და ისე დაიქნია თითქოს ხელს ართმევდა. - ეკლესიის ნახვა! უხხ ეს პატარა არსება. - ის.. ის.. - ადამიანია, ნამდვილად. ბიჭმა მაშინვე ჰანას წართმევა სცადა, მაგრამ უნდა სცოდნოდა რომ არ ღირდა. გვერდზე გავიწიე და ისიც ინერციით კიბისკენ წავიდა. - რამდენი ხანია რაც შენთან არის? - დაახლოებით ერთი თვე იქნება. - დაიცადე.... ის ბავშვია პარკში რომ დაიკარგა? წარბი ავწიე და უდარდელად ავიჩეჩე მხრები. - შესვლის უფლებას მომცემ თუ არა? ამდენი მოთმინება სად მაქვს. - ..... რა გქვია დემონო? ამაზე გამეცინა. - კაენი. თვალები დაახამხამა, თითქოს რაღაც უხეირო ხუმრობა მეთქვას. - ჩემი სახელი კაენია და ჰანას ეკლესიის ნახვა უნდა. მისცემ თუ არა ამის საშუალებას? ადამიანმა რაღაც წაიბურტყუნა და წუთის შემდეგ თავი გააქნია. - იცოდე თვალს არ მოგაშორებ, "კაენ". - ხედით ისიამოვნე, ადამიანო. ამის შემდეგ დიდ შენობაში მუდამ კუდში დაგვყვებოდა. - მაიკლი მქვია. - არავის უკითხავს, ადამიანო. შევბრუნდით და სამლოცველოში შევაბიჯეთ. ჰანა აღფრთოვანებული ცქმუტავდა ჩემს მკლავებში, როცა ამდენ მინის შუშას უყურებდა, რომლებზეც სხვადასხვაფერის ნახატები მოჩანდა. წუთით შევყოვნდი და მას დავხედე. - მოგწონს? ამომხედა და თავი დამიქნია, შემდეგ კი ისევ სამლოცველოს თვალიერება განაგრძო. სკამების რიგები გავიარე და წინ დავჯექი, ჰანა კი მუხლებზე დავისვი. მაიკლი ჩვენს წინ გაჩერდა, გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა: - თუ რამეს შეგამჩნევ, ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ნაკურთხ წყალში გაბანავებ. - აყალმაყალის მოწყობას არც ვაპირებ. ჰანას მოსწყინდება თუ არა მაშინვე წავალთ. ტუჩები მოკუმა, თითქოს კიდევ რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ ვიღაცამ დაუძახა და ისიც წავიდა. ლოცვა მალევე დაიწყო და ჰანაც მთელი დროის მანძილზე გაოცებული ისმენდა თითოეულ სიტყვას. საათნახევარი მაინც გრძელდებოდა, ბოლოს კი ძლივს დამთავრდა და ბავშვმა გაბრწყინებული თვალებით ამომხედა. მისგან გასაკვირი იყო, რადგან უმეტესად შეშინებული შემომყურებდა. - შეიძლება კიდევ მოვიდეთ ეკლესიაში კენ? "რა თქმა უნდა... მკვლელი დემონები ხომ თავისუფალ დროს აქ ფლანგავენ" - კარგი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.