სეკრეტ სანტა (სრულად)
-სიყვარულის გამო, რაიმე სიგიჟე ჩაგიდენია? -კი. -რა ჩაიდინე? -გავთხოვდი. *** „მე ერთი უბედური გოგო ვარ, რომელსაც არაფერში არ უმართლებს. ერთ-ერთ კაფეში მიმტანად ვმუშაობ, რადგან ქირის და საჭმლის ფული მქონდეს. პატარა ოთახი მაქვს ნაქირავები, სადაც მხოლოდ მძინავს. დროის დანარჩენ ნაწილს სამსახურში ვატარებ. დავრბივარ წინ და უკან, ღიპიანი მამრების უხამსი კომენტარების ფონზე და დღეში 7 ლარს მიხდიან. თვეში 210 ლარი გამომდის. აქედან, 150 ლარს ოთახში ვიხდი და 60 ლარი მგზავრობაში და ჭამაში უნდა მეყოს. თუკი კლიენტებს საჭმელი მორჩებათ, მყოფნის კიდეც. ბედის ირონიაა, რომ ოთახის პატრონი ჩემზე საცოდავი ვინმეა. ერთადერთი ოთახი აქვს გაქირავებული და ჩემი 150 ლარით არჩენს თავის 20 წლის ვაჟს. ჰო, ალბათ ჩემი წერილი ადრესატს ცოტათი გუნებას შეუცვლის, მაგრამ არც ეგ მაინტერესებს, რადგან ასეთმა ცხოვრებამ ცოტათი გამაბოროტა. რა საჩუქარი გამიხარდებოდა? ალბათ, მინდა ჩემი სანტა იყოს მდიდარი, სიმპათიური ყმაწვილი, რომელიც საქორწინო ბეჭედს მაჩუქებს და სამუდამოდ შემიცვლის ამ ჯოჯოხეთურ ყოფას. თუ ვინმე, ჩემსავით საცოდავი კითხულობს ამას, ჯანდაბამდეც გზა გქონია.“ -ლილე, დროზე მოწყდი მაგ ტელეფონს და მექსიკური კარტოფილი გაუტანე მე5 მაგიდას. -შეჰბღვირა მენეჯერმა. ლილემ წერილი გააგზავნა, ტელეფონი წინსაფრის ჯიბეში ჩააცურა და ხელოვნური ღიმილი აიკრა სახეზე. შემდეგ, თეფშს ხელი დაავლო და იგივე სახით გაემართა მე5 მაგიდისაკენ. დღის ბოლოს, ლილემ თავისი ხვეული თმა სახეზე ჩამოიყარა. ძველი, გაცრეცილი დუტი შემოიხვია სხეულზე, კაპიუშონში შემალა კულულები და აბუზული გაუდგა შინისკენ გზას. არ მოგიყვებით, როგორი იყო მისი დღეები, სანამ ტელეფონზე შეტყობინებას მიიღებდა. თავისთავად ცხადია, რომ ერთფეროვანი და მოსაბეზრებელი დღეები ჰქონდა. წერილის გაგზავნიდან, ერთი კვირის თავზე, 27 დეკემბერს მიიღო შეტყობინება, რომ თავის სეკრეტ სანტას საჩუქარი უკვე გამოეგზავნა. ლილემ მობეზრებულად აატრიალა თვალები, დამცინავად ჩაიფრუტუნა და გულგრილად დააბრუნა ტელეფონი წინსაფრის ჯიბეში. -რას აპირებ ახალ წელს? -სხვათაშორის ჰკითხა ნინიმ, ისე რომ ტელეფონიდან თავი არ ამოუწევია. ლილემ ზედა ტუჩის კუთხე აიბზუა, ფეხებიდან შეათვალიერა გოგონა და ასევეთივე ტონით უპასუხა. -ძილს. -ჰო, მე კიდევ მორიგე ვარ. გაგიმართლა, რომ ახალი წლის ღამეს მუშაობა არ გიწევს. -კი, მაგრად გამიმართლა. -დამცინავად ჩაიფრუტუნა ლილემ. -არადა, მეგობრებს დაგეგმილი გვქონდა რომ წვეულება გაგვემართა ერთ-ერთის სახლში. ყველაფერი ჩამშხამდა. -პირდაპირ მითხარი, რომ გაცვლა გინდა. რას მიედ-მოედები?! -ისევ აიბზუა ცხვირი ლილემ. ნინიმ როგორც იქნა, ტელეფონიდან თავი ამოჰყო და ლილეს ვედრევით მიუბრუნდა. სანამ რამეს ეტყოდა, ლილემ დაასწრო. -ჰო კარგი, მე ვიმუშავებ. -ნინი გულაჩუყებული მიუახლოვდა ლილეს ჩასახუტებლად, მაგრამ გოგონამ ხელი აუქნია. -რას მემადლიერები, შენს გამო კი არ გადამიფიქრებია?! უბრალოდ, არაფერი დამიგეგმავს და ჩემთვის სულერთია. მერე ამინაზღაურებ და გავსწორდებით. ეს თქვა და სწრაფად გაეცალა იქაურობას. *** ცერა თითთან 3ჯერ გადაკერილი, თავის დროზე დათბილული, მაგრამ დროისგან გაცვეთილი წინდები ეცვა ლილეს და შალის პლედში გახვეული ელოდა ძილის მოსვლას, როცა ოთახის კარზე ბრჩხილების ფხაჭუნის ხმა შემოესმა. ისევ მობეზრებულად აატრიალა თვალები და საწოლიდან ფეხები გადმოსწია. ძლივს მიათრევდა გათოშილ ფეხებს, სამ ნაბიჯში უკვე კართან იყო. კარი რომ გააღო, თითქმის შუამდე დამდნარი ანთებული სანთელი შეაჩეჩა ოთახის პატრონმა. -გამარჯობა, ლილე, საყვარელო. ლილემ თავი დაუქნია მისალმების ნიშნად და ცალყბად გაუღიმა. ოთახის პატრონმა ნერვიულად ჩაახველა და მორიდებულად დაიწყო. -ლილე, ჯერ ადრეა, მაგრამ ჩემს კოსტას შეყვარებული ყავს. ხომ იცი, ეს ახალგაზრდები. სამუშაოც არ არის ახალგაზრდებისთვის, ჯერ 20 წლისაა... მოკლედ, ისევ მშობელი უნდა დაუდგეს ამ დროს გვერდით თავის შვილს და მეც ერთადერთი შვილი მყავს, ჩემს მეტი ვინ დაეხმარება ახლა მაგას?! ხოდა, მე უნდა მივცე ის ფულიც, გოგო რომ სადმე დაპატიჟოს ამ საახალწლოდ და... -ქირის ფული გინდათ, ბატონო ჯემალ? -ოჰ, ეს ახალგაზრდები... მიყვარს, უცებ რომ ხვდებით ყველაფერს. -გულზე მოეშვა ჯემალს, მაგრამ გაბადრული სახე უმალვე შეწუხებულით შეცვალა. -ოჰ, ეს ახალგაზრდები. -ხელოვნურად გაშალა ტუჩები ლილემ. -სამწუხაროდ, ჩემი უფროსია ხანშიშესული და არც ახალი წელი იცის და არც შეყვარებული. რომ თქვა ყოველ 1 რიცხვში დაგირიცხავთ ხელფასსო, ზედმიწევნით ასრულებს დანაპირებს. ბატონმა ჯემალმა დანანებით ჩაიღიმა და თავი დაუქნია მორცხვად. -კაი შვილო, კაი. მრავალს დაესწარი. -შებრუნდა უმალვე. ლილე ისევ მოიბუზა და სისინით აძვრა საწოლზე. მეორე დღეს, ნინის მთელი დღე სახე ჩამოსტიროდა. საეჭვოდ აღარ იყურებოდა ტელეფონშიც. მთელი დღე გარს უვლიდა ლილეს. ბოლოს, როგორც იქნა გამბედაობა მოიკრიბა და ისევ სხვათაშორის უთხრა. -არა იყოს, ვიმუშავებ 31ში. -გადაიფიქრეთ? -ჰო. -მოკლედ მოუჭრა ნინიმ და ორი ფინჯანი ყავა წააჩანჩალა ერთ-ერთი მაგიდისკენ. დღის ბოლოს, მენეჯერმა ყველა მიმტანი შემოიკრიბა და ზევიდან გადმოხედა ყოველ მათგანს. -31ში მე არ ვიქნები. აქ ნინი, თეონა და მარიამი იმუშავებენ. მთელი პასუხისმგებლობა თქვენ გეკისრებათ. იცოდეთ, ერთი შენიშვნა რომ მივიღო დირექტორისგან, ყველას მოგხსნით! მთელი კოლექტივი დუმილით შეხვდა მენეჯერის განცხადებას. თუმცა ეს დუმილი ცარიელი არ იყო, ის სავსე იყო ზიზღით და აგრესიით, რომელიც მენეჯერისკენ იყო მიმართული. -დუმილი თანხმობის ნიშანია. -კმაყოფილად გაიღიმა მენეჯერმა. გრძელ, შავ თმაზე ამაყად გადაისვა ხელი და გავიდა. თანამშრომლებმა წამით გახედეს ერთმანეთს, შემდეგ კი ყველა მორჩილად შეუდგა თავის საქმეს. *** ახალი წლის საღამო: განათებულ ქუჩებში, ყველა მომღიმარი, სიცილ-კისკისით ელოდებოდა ახალი წლის შემოსვლას. „ახალ წელს სასწაულები ხდებაო“ - გაჰყვიროდნენ. მხოლოდ ლილე იყო შეყუჟული თავის დუტში და გულგრილად ათვალიერებდა საზოგადოებას. სასაცილოდაც არ ჰყოფნიდა სასწაულის მოლოდინში მყოფები. ერთი საათი ფეხით იხეტიალა და როგორც იქნა, დაადგა თავისი სახლის ქუჩას. ისევ გაეხვეოდა პლედში და ისევ ძილს დაელოდებოდა, თუმცა იმ ღამეს უფრო გვიან მოვიდოდა ძილი. საახალწლო ფეიერვერკების ხმა არ დააძინებდა და ამის გამო, უკვე ზიზღი უჯდებოდა სხეულში. -სისულელეა ეს ახალი წელი, სანტა კლაუსი და სნეგურაჩკა. -ჩაიბურტყუნა თავისით და სახლის კარს სახელურზე დასწვდა. -სანტა კლაუსი ნამდვილად არსებობს, მაგრამ ხუჭუჭა სნეგურაჩკა პირველად ვნახე. ლილე მოულოდნელად შეხტა და უკან შეტრიალდა. თვალები ოდნავ მოჭუტა და კარგად დააკვირდა. ფეხებიდან შეათვალიერა ობიექტი. ტანსაცმელი აშკარად ძვირადღირებული იყო, ძირითადად ძვირადღირებულ მაღზიებთან ჩერდებოდა ხოლმე, როცა სახლისკენ მიდიოდა, ამიტომ ხარისხიან და უხარისხო ტანსაცმელს კარგად არჩევდა. ამის გამო უფრო მეტად ეზიზღებოდა ხოლმე საკუთარი ცხოვრება. სახესთან რომ შეჩერდა, სასიამოვნო გარეგნობის ყმაწვილს წააწყდა, რომელსაც აშკარად ძალიან უხდებოდა ღიმილი. ლილესაც გაეღიმა. -სად შეხვდი სანტა კლაუსს? -სიცილით შეეკითხა ლილე. -ო ჰო ჰო ჰო ჰო... -სანტას ხმით ჩაიხითხითა უცნობმა. -მე ვარ სანტა კლაუსი. ლილეს სიცილი წასკდა. -წვერი რა უყავი? -სიცილით შეეკითხა გოგონა. -შენიღბული ვარ. ეს ჩემი და შენი საიდუმლო იყოს. -ჩურჩულით უპასუხა უცნობმა. -ოჰ, კარგი და რისთვის ჩამობრძანდა სანტა ლაპლანდიიდან? -სნეგურაჩკას ვეძებ. -დაუფიქრებლად უპასუხა უცნობმა. -ხუჭუჭას? -ისევ გაეცინა ლილეს. -ყველა ხუჭუჭა არ მომეწონებოდა. შენ იდეალური ვარიანტი ხარ ჩემთვის. ლილეს გაეღიმა და ისევ სახლის კარს მიუბრუნდა. -სიყვარულის გამო რაიმე სიგიჟე ჩაგიდენია? -მოესმა ხმა უკნიდან. -არ მაქვს პასუხი. -გამომყევი. ლილე წარბებშეკრული მოტრიალდა და თვალებით შეჰბღვირა. -კარგი, გავიცინეთ, გვეყო. წავედი, კლაუს. -დამცინავად გახედა ლილემ და ისევ შეტრიალდა. კარის ზღურბლს გადასცდა, როცა წამებში უცნობის ბეჭზე გადაკიდებული აღმოჩნდა. -გაგიჟდი? დამსვი. -აყვირდა ლილე. -არ ვაპირებ, ლაპლანდიაში სნეგურაჩკას გარეშე დავბრუნდე. ხომ გესმის, რთულია მარტოობა. -უცნობი გზას აგრძელებდა. -ვიღაც მასხარა იდიოტი ხარ, წადი შენი! გამიშვი ახლავე, თორემ ვიკივლებ! საპასუხოდ ვერაფერი მიიღო ლილემ. -გესმის? ჰაეე, კლაუს. რამოდენიმე წამში, ლილეს ფეხები ჰაერიდან მიწაზე დაეშვნენ. აი ესაა ჩვენი მარხილი. თავით ლილეს ზურგს უკან მიმართულებით გაიქნია უცნობმა და ლილეც შებრუნდა. მხოლოდ ის დაინახა რომ შავი BMWიდგა. სარკისებურად ლაპლაპებდა ახალთახალი, სავარაუდოდ ძალიან ძვირადღირებული მანქანა და ისევ შეტრიალდა უცნობისკენ გაოცებული. ამჯერად უცნობი წითელი ყუთით იდგა, აშკარად ლილეს მიმართულებით ჰქონდა გაწვდილი. -ეს რა არის? -თვალებგაფართოვებულმა დახედა ყუთს. -შენია, ლაპლანდიიდან ჩამოგიტანე. ლილემ ფრთხილად შეახო ხელები და ყუთი გახსნა. მაშინვე გაოცებისგან პირზე აიფარა ხელები. უზარმაზარმა, ბრილიანტის ბეჭედმა გაიელვა გოგონას თვალწინ და საახალწლო ფეიერვერკის დამაყრუებელი ხმებიც გაისმა. მთელი ქვეყანა ყიჟინით დახვდა ახალ წელს. უცნობი ოდნავ ლილესკენ დაიხარა და ხმამაღლა დაჰყვირა, რადგან ასეთ ხმაურში ფაქტობრივად შეუძლებელი იყო სიტყვის გაგონება. -ახლა გაქვს პასუხი? -რაზე? -სიყვარულის გამო, რაიმე სიგიჟე ჩაგიდენია? -კი. -რა ჩაიდინე? -გავთხოვდი. -ეშმაკურად გაუღიმა ლილემ. ასევე ეშმაკურად გაიღიმა კლაუსმაც. -მაშ, წავედით ლაპლანდიაში. -სიცილით შეჰყვირა ბიჭმა. -წავიდეთ, ოღონდ ერთი პირობით. -ისევ ეშმაკურად გაეღიმა ლილეს. *** კაფეში რუზრუზი და მხიარული ხმები ისმოდა, მხოლოდ მიმტანებს არ ჰქონდათ დრო რომ ფეიერვერკისთვის მაინც ემზირათ. ნინის ტელეფონი აწკრიალდა და დაღლილი სახით ამოიღო ტელეფონი წინსაფრის ჯიბიდან. -გისმენ ლილე, გილოცავ ახალ წელს. -ყველანი გარეთ გამოდით, სასწრაფოდ. კავშირი გაწყდა, ნინიმ უცნაურად შეკრა წარბები, შემდეგ კი გოგონებს ანიშნა გარეთ გასულიყვნენ. გარეთ გასულებს ლილე დახვდათ, სიმპათიურ ყმაწვილთან ერთად. უჩვეულოდ მხიარული გამომეტყველება ჰქონდა ლილეს. გოგონების დანახვაზე, მათკენ გამოქანდა. -მენეჯერის ნომერი აკრიბე და მომეცი. -მივარდა ნინისთან ლილე. ნინიმ კიდევ ერთხელ შეკრა უცნაურად წარბები, თუმცა დაგიპნოზებულივით აკრიბა მენეჯერის ნომერი და ლილეს გაუწოდა. რამოდენიმე ზარის შემდეგ, ნამთვრალევი, მაგრამ ძალიან მხიარული ხმა გაისმა მეორე მხრიდან. -რამე პრობლემაა ნინი, თუ რატომ მირეკავ? -ნინი არ ვარ, ლილე ვარ. იმისთვის გირეკავ, რომ ამ კაფეში არავინ აღარ ვმუშაობთ. თუკი სამსახურის შენარჩუნება გინდა, აწიე *რაკი და მობრძანდი, თუ არადა, ჯანდაბამდე გზა გქონია. და ჰო, გილოცავ ახალ წელს! დარწმუნებული ვარ, შენც გვილოცავ, ხომ ასეა? -წამებიანი დუმილი ჩამოვარდა, რომელიც ისევ ლილემ დაარღვია. -დუმილი თანხმობის ნიშანია. ტელეფონი კისკისით გათიშა ლილემ და პირდაღებულ გოგონებს მიუბრუნდა. -მენდეთ, გოგონებო! -სამივეს გაუღიმა და მანქანისკენ ანიშნა. თავიდან, ეჭვის თვალით უყურებდნენ ყოფილი მიმტანები, მაგრამ ლილეს ეშმაკურ ღიმილს ენდვნენ და მანქანისკენ წავიდნენ. ნინი წამით შეჩერდა და ლილეს მიუბრუნდა. -კიდევ ერთი დაგვემატება. -მორცხვად ჩასჩურჩულა ლილეს. გოგონამ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია. ნინიმ ტელეფონი მოიმარჯვა. -მიყვარხარ, კოსტა! *** მოშორებით, ვიღაც გაჰყვიროდა: „ახალ წელს სასწაულები ხდება.“ *** უცებ, შემომეწერა, ბავშვებო :) <3 გილოცავთ, ახალ წელს! <3 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.