შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სისხლიანი ვახშამი (1 თავი)


2-01-2018, 23:20
ავტორი cool baby
ნანახია 1 827

I თავი
როგორც იქნა, ოვიდა ნანატრი ზაფხული, მაგრამ ქუჩაში ისეთი პაპანაქებაა,თავი გოგირდის აბანოში მგონია . ერთი სული აქვს , შინამდე მივაღწიო, ტერფებს მიხორცებული ფეხსაცმელები მოვისროლო, ტანსაცმელი შემოვიძარცო,ტახტზე დავეხეთქო და ვიოცნებო...ზამთარზე.
არ დამცალდა. ტელეფონის ზარმა კარის გაღებისთანავე მომისწრო. რეკავდა სუსუკო რატიანი , ჩემი კლასელი და ბავშვობის მეგობარი.
-წყნეთში გეპატიჟები ვახშამზე,- მახარა.
-ვინ იქნებიან ?- დავინტერესდი.
-უელსის პრინცი მეუღლითურთ, ელტონ ჯონი პარტნიორითურთ...
-არა, მართლა !
-ძველი სასტავი . წკრიალა , მე ,შენ , ლალიკო, ჭუტალა, სოფო თაზოს ძმაკაცი ცოლით, თავად თაზო...მმმ...ირას დავუძახო ?
-ეგ საკითხი წკრიალას შეუთანხმე, რაც არ უნდა იყოს , კანონიერი ქმარია . მისმინე, სუსი, ,,სმა-ჭამა დიდად შესარგი “ იქნება ?
-არა , „სისხლიანიმერი“ .
-სისლიანი -ვინ ?
-მერი, მერი... „შენ ჯვარს იწერდი იმ ღამეს,მერი“...კოქტეილია ,გოიმო! ამერიკელები ტონობით სვამენ , გაუსკდათ მუცლები!
სუსიკო აცრილია ამერიკელებზე , რომლებმაც ერთი საცოდავი „გრინ ქარდი“ ვერ გაიმეტეს მისი ჭკუით დატენილი ქმრისთვის . არადა, რა ენთუზიაზმით გაემგზავრნენ ამ რამდენიმე წლის წინ, მთელი სამეგობრო გვაღიარეს აეროპორტში. სუსიკო აქეთ გვამშვდებდა :ნუ გეშინიათ,გოგოებო, სმოტკებს გამოგიგზავნით, ვიზებს გამოგიგზავნით, ფოტოებს ხო -თავისთავად ცხადია . „სისხლიანი მერის“ რეცეპტის ჩამოსატანად ნამდვილად არ ღირდა ოკეანის გადაღმა გაფრენა.
-რას გაჩუმდი?-მაფხიზლებს სუსიკო.
-ცხელა.
-ჰოდა, გასაგრილებლად გეპატიჟები. თუ გინდა, შაბათამდე დარჩი ჩემთან , ვიჭორაოთ. ჭორები ვიცი, ცოცხალი ვერ გადარჩები .
-მართლა ?-გამოვცოცხლდი მე ,-მაინც ?
-ტელეფონში სალაპარაკო არაა,- ცხვირში დუდუნებს სუსიკო.
ნათლად წარმოვიდგინე მისი დავიწროვებული ტუჩები და აცქვეტილი ნესტოები . 3
-რომელ საათზე ?
- შვიდძე არ ერჭვე.
-ვნახოთ.
- რას ქვია ვნახოთ !-ხმას უწევს სუსიკო,- რამეს ხომ არ მიმალავ , ბზიკოოო... მოიხედე აქეთ. პაემანზე მიძვრები ? შენ თუ კიდევ მორიგი ქმარი გამოთხარე, ორდენს გადმოგცემ მამაკაცების დაბოლებაში შეტანილი წვლილისთვის!
-დავუშვათ, ამოვთხარე , მერე შენ რა ?
-მიმასწავლე ის უძირო ორმო, სადაც პოტენციური ქმრები ბუდობენ!
-ეხ, კაცების მეტი რა არის, ვედრო ორ ლარად.
-ორლარიანი ჩემიც მეყოფა.
-რაღას ჩამოეკიდე ავგოროზივით?
-მაშინ ორმილიონიანი მეგონა.
-არცა გრცხვენია !
ჩემგან განსხვავებით, სუსიკოს გაუმართლა. თაზო პრაქტიკულად იდეალური მამაკაცია. ის, რომ ამერიკაში ფეხი ვერ მოიკიდეს , სუსიკოს ბრალია, ეს მან აიტეხა ემიგრაციაში წასვლა , ეგონა, აეროპორტშივე დაახევდნენ კალთებს . როგორც აღმოჩნდა, თაზოსნაირი პროგრამისტები ამერიკაში მართლაც ვედრო ორ ლარად ყრია , სუსიკოსთანა მეოვცნებე ნიამორები კი ყოველი მეორეა.
-მრცხვენია ,- სწრაფად ვეთანხმება სუსიკო და მისთვის საინტერესო თემას უბრუნდება ,- ჯანდაბას შენი თავი , შეგიძლია ისიც ამოიყოლო. შევხედავ მაინც, რითი ჯობია წინამორბედებს.
- არავინ მყავს, ადამიანო, რა დროის ქმარია ამ სიცხეში ?
-სიცივეში მოსულა ?ჰმ , მომინდომა აქ სეზონური ქმარი.
-კარგი, შვიდზე შენთან ვარ !- სყვირი და ყურმილს ვახეთქებ .
სუსიკო მომენტს არ უშვებს ხელიდან , ქმრების რაოდენობა არ შემახსენოს. არადა, სულ ორი მყავდა . პირველი- არც არის სათვალავში ჩასაგდები. ჩვიდმეტი წლის გავთხოვდი. ცოლად გავყევი ოცდაერთი წლის მუტრუკს, ბატიბუტა ბიცეპსებითა და ტვინში სამი ხვეულით. მკითხავთ- თუ იმთავითვე იცოდი ხვეულების რაოდენობა, რაღას თხოვდებოდი , დალოცვილოო? გიპასუხებთ : იმ მომენტისთვის მხოლოდ წელს ქვევითა ხვეულებს ვხედავდი , გრძნობად - ენერგეტიკულმა ჰორმონებმა თუ დამაბრმავა! თანაც , ის ხვეულები ისე ლამაზად იყო შეფუთული , მე კი არა , გამოცდილი მანდილოსანი შეცდებოდა. როცა დალევდა ხოლმე, იმ სამ ხვეულსაც ალკოჰოლი ისრუტავდა და ჩემზე მოიწევდა ამოყირავებულ პირამიდად. მოკლედ, ტიპური მოძალადე იყო.
ერთ წელიწადში დავიშალეთ. მეორედ ოცდახუთი წლის გავთხოვდი. რატომ დავიშალეთ , ვერ მოგიყვებით, დღესაც მტკივა და იმიტომ .
ამასობაში , წარდგენა დამავიწყდა. იათამზე მდივანი გახლავარ. პროფესიით გერმანული ენის მასწავლებელი , მოწოდებით ჩახლართული ამბების მოყვარული და მკვლევარი. ძირძველი ქართული სახელით მშობლებმა დამაჯილდოვეს, რომ გითხრათ, აღფრთოვანებული ვარ მათი პატრიოტული სულისკვეთებით, ტყუილი იქნება . იათამზეს მხოლოდ მამაჩემი და კლასის დამრიგებელი მეძახდნენ . დღეს არც ერთია ცოცხალი, არც მეორე. მე კი ხან იამზე ვარ , ხან ია, ხან იაკო, ხანაც ბზიკო. თუ ოდესმე მესამე წრეზე წავალ და შვილები მეღირსება , სულ დავითებსა და თამარებს დავარქმევ.
* * *
შაბათს , შვიდის ნახევარზე გამოპრანჭული ვდგავარ ვაკის სასაფლაოსთან და წყნეთისკენ მიმავალ მიკროავტობუსს ხელს ვუქნევ . შენც არ მომიკვდე, არავინ აჩერებს- სავსეა ხალხით. სამაგიეროდ, დაბინდულშუშებიანი „მერსედესი“ მოსისინდა . დგას და მელოდება. არ ვიმჩნევ. იქნებ მანიაკი იმალება დაბინდული შუშების მიღმა? წყნეთის ნაცვლად უღრან ტყეში გამაქანებს , ყელზე დანას მომადებს, გაუპატიურებას დამიპირებს... ფანჯარა მაინც ჩამოეწია , შევათვალიერებდი..
დრო გადის , დრო ჩემს ჯიბეზე არ ასხამს წყალს . თანდათან ვმწიფდები ტაქსის გასაჩერებლად. ი იყო, ნაბიჯი გადავდგი, რომ ნანატრ მიკროავტობუსიც გამოჩნდა. კიბეზე ფეხის შედგმისთანავე ჯუდუსუნში მუჯლუგუნი კრეს, წავიფორხილე და მრისხანედ მოვიხედე უკან . რიგებს შორის გზას მიიკვლევდა მდედრობითი სქესის სუმოს მოჭიდავე, რომელმაც ხალიასიანად გამკრა თავისი ცენტნერიანი საჯდომი და ხვნეშით ჩაეკვეხა ჩემთვის განკუთვნილ ართადერთ ადგილზე .
გავმწარდი.
-მოდი, აქ დაჯექი, - ვეცოდები მძღოლს და განსაკუთრებული კლიენტებისთვის გადანახულ ციცქნა ტაბურეტს მთავაზობს .
ვჯდები, სხვა რა გზა მაქვს ?! კეფაში სულმოუთქმელად მასუნთქავენ წყნეთში გაჯეჯილების მსურველები , ან სად იმალებოდნენ აქამდე , თითქოს მარტო ვიდექი დაჩერებაზე.
მძღოლმა მიკროავტობული ბოლომდე გაძეძგა და ბღუილით მოწყდა ადგილს . უბილეთო მგზავრები ფეხზე დგანან და სინქრონულად ირწევიან , ოცეკვავე პაპუასებივით. სადღაც ახლომახლოს ყარს გუდის ყველი... თუ ჩემ წინ ასვეტილი ბერიკაცის ოფლიანი ლაჯები...
წყნეთში დაბუჟებული საჯდომითა და შელახული ვარცხნილობით გადმოვდივარ . როგორია, ბალზაკის ასაკის ქალმა ნახევარი საათი ერთი ხელის დადება ტაბურეტზე იჯაყჯაყო ? რასაკვირველია, დამაგვიანდა. ჩემი მეგობრები ალბათშუა ქეიფში არიან , არ მგონია, სუსიკო მხოლოდ „სუსხლიან მერის“დაჯერდეს. გზადაგზა ვისწორებ მკლავზე ჩამოსრიალებულ ბრეტელს , ვიახლებ მაკიაჟს და გაღიმებული ვაღებ ნაცნობ ჭიშკარს.
ეზოში მეტყველი სიჩუმე დგას , როგორც აკლდამაში
-სუსიკო!- ვყვირი.
არავინ მეპასუხება.
კიდევ ერთხელ ვაკვირდები ეზოს , იმ იმედით , რომ მისამართი შემეშალა. აგერ, თუთის ხე, აგერ კაფელით მოპირკეთებული ონკანი, ცოტა ზევით-ვერანდაზე ამავალი რკინის კიბე ... მაგრა რატომ არ მესმის სტუმრების ყაყანი , რატომ არ მეგებება მეგრული ქათამივით მკვირცხლი და ენამოსწრებული სუსიკო ?
ფრთხილი ნაბიჯით მივიწევ ეზოს სიღრმისკენ , სიმძიმის ქვეშ ზრიალი გაუდის რკინის კიბეს. რაც თავი მახსოვს, სულ ასე ზრიალებს -სკოლის პერიოდში, სტუდენტობის დროს ,მერეც...
ვერანდაზე ფეხის შედგმისთანავე თავი საშინელებათა ფილმში ამოვყავი . სუფრასთან არაბუნებრივ პოზებში სხედან ჩემიკ მეგობრები - ზოგი თავჩაქინდრული ,ზოგიც-უკან გადავარდნილი თავით . ჰამაკში ნება-ნება ირწევა უცნობი წყვილი . ისინი მკვდრები არიან , ყველანი! მაგიდაზე წითლად კვასკვასებს კოქტეილის სანახევროდ დაცლილი ჭიქები, შიგ ფერად-ფერადი საწრუპები აწყვია. ალბათ ეს თუა „სისხლიანი მერი“ , ვფიქრობ გულისგარეთ და საკუთარი კივილი მესმის.




ავტორი:მაია ბურჭულაძე
დეტექტიური რომანი ციკლიდან "იათამზე მდივანი -თვითმარქვია დეტექტივი"



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

კარგია გააგრძელე

 


№2  offline წევრი modemodka

Magariaa , velodebi shemdeg tavs. Imedia , male dadeb.

 


№3  offline წევრი cool baby

modemodka
Magariaa , velodebi shemdeg tavs. Imedia , male dadeb.

ავტვირთავ ცოტახანში <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent