სისხლიანი ვახშამი (VII თავი)
VII თავი ქეთის მოზარდთა განყოფილებაში ვპოულობ , ოთახში , ფანჯარასთან ზის და მრგვლად გადაჭიმულ ტილოზე ყვავილებს ქარგავს . მგონი , გვირილებს . ოთახში სამი საწოლია, სამივეზე ხაკისფერი პლედია გადაფარებული , როგორც ჯარისკაცის კარავში. პირქუშ დიზაინს კედელზე გაკრული ნაქარგი ახალისებს - ლურჯი ცა, მწვანე მოლი, ყვითელი გვირილები. ეტყობა, ქეთის მოსწონს გვირილები. ჩემს დანახვაზე გოგონა თავს აბრუნებს და დაჟინებით მიყურებს . 14 წლის მოზარდები ასე არ იყურებიან . ასე იყურებიან გამოცდილი ქალები ან ექსტრასენსები. ქეთის უცნაურად აცვია , მონაზონივით. ნაცრისფერი ქვედაკაბა, შავი მაისური, დახურული ფეხსაცმელი. ყელზე - გასანთლულ ძაფზე ჩამოკიდებული წმინდა ნიკოლოზის გამოსახულებიანი მედალიონი. და თითები - გრძელი , თლილი, პიანისტის შესაშური. - გამარჯობა ქეთი, მე სოფოს კლასელი ვარ, იათამზე... - ვიცი, - მპასუხობს წარბშეუხრელად. ხმაც ჩამოყალიბებული აქვს , დაბალი, ხრინწიანი. ტელეფონში რომ მომესმინა , ვიფიქრებდი, მოწიფული ქალიშვილი მელაპარაკება - მეთქი. - საიდან იცი ? - გიცანით. სოფომ დამათვალიერებინა კლასელების ფოტოსურათები. იქ ჩოლკა გქონდათ. გამახსენდა ის „ჩოლკიანი“ გოგო - ცანცარა, უდარდელი, ხალისიანი ... „ეჰ, წუთით მაინც დაბრუნდებოდეს...“ - სოფო იას გეძახდათ, - მახსენებს ქეთი. - კი, ასე იყო. სოფო გითხრა ? - მიყვებოდა ხოლმე რაღაცებს. - მართლა? - კი - ააა... - ბავშვობის ფოტოები ცალკე ალბომში ჰქონდა შენახული. უფრთხილდებოდა. - ჰო, ხშირად ვიღებდით ხოლმე სურათებს , სოფო ისეთი ფოტოგენური იყო... - თქვენი ნაჩუქარი ბილეთიც მაჩვენა. - რომელი ბილეთი? - ვეკითხები გაკვირვებული. - არ გახსოვთ ? - ქეთის ხმაში დაუფარავი საყვედური ისმის . ვიღებ საყვედურს, დღის განმავლობაში უკვე მერამდენედ. - თვითმფრინავის ბილეთი. სოფომ მითხრა, ეს განსაკუთრებული ბილეთიაო, ბედნიერი. ღმერთო ჩემო, ეს ბილეთი სოფოს, მგონი ათი წლის წინ ვაჩუქე . არ ვიცი, რამდენად ბედნიერი გამოდგა, უცნაური კი ნამდვილად იყო. რეისის ადგილისა და გაფრენის დრო ერთმანეთს ემთხვეოდა და ეს რიცხვი იყო ცამეტი. უცნაური დამთხვევა თვითმფრინავში შესვლისას აღმოვაჩინე და ბილეთი შევინახე. აღარც მახსოვს , როდის და რატომ ვაჩუქე სოფოს , იმას კი სათუთად შეუნახავს . ნაგვიანევი სინანული გულს მიკუმშავს. თურმე რამდენი რამ გვქონია სათქმელი, გასახსენებელი...მაპატიე, სოფო. - ქეთი, მინდა რაღაც გკითხო... - რა ? - წარბშეკრული მიყურებს, თითქმის მტრულად. - სოფოს შენი შვილად აყვანა უნდოდა... - მერე ? - შენ გინდოდა სოფოსთან ცხოვრება ? - დიახ. - რამ შეგიშალა ხელი ? ქეთი საქარგს ფანჯრის რაფაზე დებს და ნერვიულად ატყუპებს მუხლისთავებს. ხელები მომუჭული აქვს, თითქოს თავდაცვისთვის ემზადება. - ქურდობა დამაბრალეს. - ვინ ? - ალბათ იმან, სოფოს ქმარმა. - ლადო არ მოგწონს ? - მძილს. - კბილებში ცრის ქეთი. - რატომ ? - ბინძურია. ჩავფიქრდი. რა შეიძლება იგულისხმოს 14 წლის მოზარდმა „ბინძურში“? იქნებ ლადოს ქერტლიანი თმა აქვს, ან სუნიანი ფეხები... - შეგიძლია დამიზუსტო ? - არ შემიძლია. - რატომ ? - მრცხვენია. - მენდე, არავის ვეტყვი. ქეთი დუმს. - სიმართლე ქეთის მკვლელის მოძებნაში დამეხმარება, ვაქეზებ აქედან . - მიკა დაიფიცეთ, რო არავის ეტყვით. - მიკა? - პირდაღებული მივჩერებივარ. ქეთიმ ჩემი დისშვილის არსებობაც კი იცის! საოცარია პირდაპირ, ოფ, სოფო, სოფო... - დიახ, მიკა, მიკა, - მიდასტურებს ქეთი და ხმაში ბავშვური ინტონაციები უკრთის. ის დგება , კარადიდან მოზრდილი ჩანთა მოაქვს, ჩანთიდან - ნაჭრის კლოუნი, მოსასხამის ქვეშ ხელს უფათურებს და ფოტოსურათი ამოაქვს. - აი, ნახეთ. გამომწვევად დამაკიაჟებულ დედიშობილა მოზარდში ქეთის ვცნობ . ნახევრად მობრუნებული ზის უზურგო სკამზე და პომადიან ტუჩებს ყალბი ღიმილით ჭიმავს . თავში ერთადერთი ფრაზა ფეთქავს : არასრულწლოვანთა პორნოინდუსტრია. - ვინ გადაგიღო? - იმან . - ვინ ? - ვეკითხები უაზროდ, რადგან არ მინდა დავიჯერო, რომ ამ საზიზღრობის ავტორი ლადოა. - სოფოს ქმარმა, - ქეთის არ შეუძლია ხმამაღლა თქვას მისი სახელი . ეს მის ძალას აღემატება. - ლადომ ? - ვაზუსტებ . თანხმობის ნიშნად თავს მიკრავს. - ეს... ეს სისხლის სამართლის დანაშაულია, ლადო დასაჭერია , ქეთი... - ისინი ბევრნი არიან , ყველას ვერ დაიჭერ. - როგორ თუ „ბევრნი“? რას ამბობ ? ქეთი ისე მიყურებს , როგორც მასწავლებელი გულუბრყვილო მოწაფეს. გახევებული თითებიდან სურათს მართმევს და უკანვე ინახავს. - ქალბატონმა დოდომ იცის ? - ვეკითხები ჩურჩულით. - ნწუ. - სოფომ იცოდა? - ნწუ. - მე რატომ მითხარი ? - თქვენ სოფოს ბავშვობის მეგობარი ხართ. სოფო კი მოკლეს. - ეს კაცი დასაჭერია, - ვიმეორებ საკუთარი უმწეობისა და ქეთის სიჯიუტით გაღიზიანებული. - ეს ამბავი ჩვენ შორის დარჩება. თქვენ დაიფიცეთ. - ქეთი... ის თავს აქნევს უარყოფის ნიშნად და ფანჯრის რაფიდან საქარგს იღებს , რაც იმას ნიშნავს , რომ აუდიენცია დამთავრებულია. ოდნავ შესამჩნევად უძაგძაგებს ფერმკრთალი თითები. ნეტავ, სულ არ მენახა... * * * შინ მისვლისთანავე კომპიუტერს ვრთავ . აი ბატონო ... „სისხლის სამართლის 225-ე მუხლი. პორნოგრაფიული ნაწარმოების, ნაბეჭდი გამოცემის ან პორნოგრაფიული ხასიათის სხვა საგნის უკანონოდ დამზადება , გავრცელება ან რეკლამირება ისჯება ჯარიმით ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთით“. ავღშფოთდი. ორი წელი ცოტაა, ჯარიმას კი ყველა სულელი გადაიხდის ! „...არასრულწლოვანის გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი მეთოდით დამზადებული ვიზუალური ან აუდიომასალა, რომელიც სხვადასხვა საშუალებით წარმოდგენილია კონკრეტული არასრულწლოვანის მონაწილეობა ნამდვილ ან სიმულირებულ სექსუალურ სცენებში,გამოყენებულია მისი ხმა ან ნაჩვენებია გენიტალური ორგანოები“... ვერსად მივაგენი განმარტებას, სადაც იქნებოდა მინიშნებული ზღვარი ეროტიკასა და პორნოგრაფიას შორის. იმდენად ბუნდოვნად ეწერა, საითაც გინდა, იქით გამოაბამ ყურს. ზემოაღნიშნული ფოტო შეიძლება ჩაითვალოს ეროტიკულად , თუკი მასზე ჩემი ასაკის ქალი იქნებოდა გადაღებული. მაგრამ ქეთი ბესალაშვილი არასრულწლოვანია, აქედან გამოდინარე, ლადო, ნებისმიერ შემთხვევაში , სისხლის სამართლის დამნაშავე გამოდის. რა ვქნა , როგორ მივუდგე, თუკი ქეთი გასაქანს არ მაძლევს? იქნებ მის სიჯიუტეს სულ სხვა რამ უდევს საფუძვლად, მაგალითად... ფიქრს მობილურის ზარი მაწყვეტინებს. დათა რეკავს . ვუყურებ განათებულ ეკრანს და მეც ვანათებ . თუმცა, არ ვეპასუხები. ამისთვის ორი მიზეზი მაქვს : პირველი - დათრგუნული ვარ და არ მინდა საღამო ჩავუშხამო , მეორე- მომკალით და ვერ ვინელებ წუხანდელ ამჩატებას. შოკში მყოფის პირობაზე მეტისმეტად აქტიურად ვირჯებოდი. პრინციპში, ამერიკელმა მკვლევრებმა დაასკვნეს, რომ სექსი დადებითად მოქმედებს სტრესზე - ნერვულ უჯრედებს აღადგენს, განგაშის განცდას ხსნის... მაგრამ იქ ლაპარაკი იყო რეგულარულ სექსზე და არა ერთჯერად ხვანცალზე... არადა , დათა ალბათ სიამოვნებით გადავიდოდა რეგულარულ რელსებზე, მაგრამ მე, მიუხედავად ხანმოკლე „ამჩატებისა“, მენტალურად დედაჩემის შვილად ვრჩები და ჩემს არეალში გაშრიალებულ მამაკაცს მომავალ ქმრად აღვიქვამ . და ამის მერე მყოფნის სითავხედე და ლალიკოს დავცინი... მობილური ქრება და მე მსჯელობას ვაგრძელებ. მაშ ასე. ქეთის სიჯიუტეს შეიძლება საფუძვლად ეკოს ტყუილი. ლადომ ქურდობა დააბრალა, ამან კი სამაგიეროს გადახდის მიზნით ფოტოსესია მოუგონა. გამორიცხული არაა, სურათი სულ სხვა ბიძიას გადაეღო, - აკი, საკუთარი პირით მითხრა , ასეთები ბევრიაო. არგუმენტი, ცოტა არ იყოს , მოიკოჭლებს. სადაური შურისძიებაა, თუკი ლადო თავისუფლად დანავარდობს და ხვალ რაიონშიც აპირებს გამგზავრებას? სხვა საკითხია, ქეთის სარჩელი რომ შეეტანა , მაშინ, იცოცხლე, გამოვაჭენებდით ლადო ბიძიას, მაგრამ 14 წლის მოზარდ ვერ მოთხოვ ინტიმური ცხოვრების დეტალებზე საჯაროდ ლაპარაკს. ქუჩაში გამოსული გოგო - ბიჭები , ადრე თუ გვიან , სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ხდებიან , სავარაუდოდ, ქეთისთვის ლადო არ ყოფილა პირველი მოძალადე . მხოლოდ ფოტოსესიით თუ დაკმაყოფილდებოდა, პედოფილობასაც ვერ ქაჩავს... ამჯერად კარზეა ზარი. საინტერესოა ვის გავახსენდი ?! აჰა ლალიკომ გადაწყვიტა სამაგიერო გადამიხადოს და გაუფრთხილებლად დამადგეს თავზე . რაც მთავარია, თავისი ავსტრიელი ფრენდიც მოიყოლოს. ფრენდს სანდლები და ბრიჯები აცვია, როგორც ყველა ნორმალურ მამრს ზაფხულის ხვარტში. კიდევ კარგი, დათა არ მოვიპატიჟე , თორემ რა ამოვიდოდა ლალიკოს ყბიდან ? - გუთენ აბენდ!- ვესალმები. - საგამო მშვიდობის ! - მესალმება. მეტი არც არაფერი იცის , ამიტომ გერმანულ ენაზე გადავდივართ. ლალიკოს კი ქართულად ვსაყვედურობ - ერთი ზარი მაინც გამოგეშვა -მეთქი. ლალიკო თვალებს ნაბავს და პარკიდან ლიქიორის შოკოლადის კანფეტი ამოაქვს. იცის გოგომ, რითი მომთაფლოს. - ცხელა! - ამბობს კლაუსი და მიხსნის, რომ მთებს შორის მოქცეული ქალაქი ცუდად ნიავდება . და ამას ცემს საამაყო ქალაქზე ამბობს , უმადური! თურმე სულ სხვაა ტიროლი, კერძოდ კი კუფშსტაინი, სადაც მუდმივად ქრის გრილი ნიავი. - კარგად გამოკითხე, კარგად , მე საიდან ვიცი მაგდენი გერმანული , - მუჯლუგუნს მკრავს ლალიკო. - და ეს კუფშსტაინი მთაშია? - ვითომ დაინტერესებული ვეკითხები კლაუსს. - დიახ, საკმაოდ მაღლა ზღვის დონიდან. არაჩვეულებრივი ჰავაა თითქმის არასოდეს ცხელა. - ხომ გითხარი, მტის წვერზე მეპატიჟბა , მამალი არწივივით. - კუთავს ლალიკო. - ჩვენთან შუა საუკუნეების ციხე - სიმაგრეა, ტურისტები ხშირად ჩამოდიან , მე და ლალიკო გეპატიჟებით, - ჟიკჟიკებს კლაუსი და ლალიკოს უღიმის. ლალიკო წითლდება და მე მიღიმის. ეჰაა, ამათი ამბავი გადაწყვეტილია , მთის წვერზე კი არა , ოკეანის ფსკერზე რომ დაუძახოს , ლალიკო წაყვება. უბრალოდ, თავს იფასებს , ჩემი არ იყოს, მენტალობის ტყვეობაშია. - შესანიშნავი ხალხური ორკესტრი გვაქვს, დღესასწაულებზე საგანგებოდ შეკერილ წითელ ჟილეტებს ვიცვამთ და კონცერტებს ვაწყობთ, - რეკლამას იკეთებს კლაუსი. - მღერით? - არა, საქსოფონზე ვუკრავ. - რას ერჩი, მუსიკოსიც ყოფილა! - ვამხნევებ ლალიკოს. - ია, ია , - ადასტურებს კლაუსი. კარზე ისევ ზარია. ბოდიშის მოხდით მივდივარ გასაღებად და ზღურბლზე დათას ვხედავ . ხელში ყვავილები უჭირავს, ცოცხივით, - გვირგვინით დაბლა. ყველაფერზე ეტყობა, ერთი სული აქვს, როდის განთავისუფლდება უჩვეულო აქსესუარებისგან . - რატომ არ იღებ მობილურს ? - შემოსვლისთანავე მსაყვედურობს და ყვავილებს მაჩეჩებს. - ეტყობა, ვერ გავიგე... - ვინმე გყავს? - დაეჭვებული ჩერდება. - მეგობარი და მისი საქმრო. შემოდი, გაგაცნო. ლალიკოს სახე უნდა გენახათ. რო იტყვიან , თვალები შუბლზე აუცოცდა . ხან მე მიყურებს, ხან დათას, ხან ყვავილებს. ერთმანეთი გავაცანი. დათამ გერმანული არ იცოდა , სამაგიეროდ , კლაუსმა იცოდა დამტვრეული რუსული და საუბარიც შესაბამისად მეზობელი ქვეყნის ენაზე წარიმართა. ყავის მოსადუღებლად სამზარეულოში გავდივარ. ფეხდაფეხ მომდევს ლალიკოც. - საძაგელო, საძაგელო, საძაგელო! - ლალიკო მუჯლუგინს მიშენს . - ჰმ, ჩემი, შენ გითხარიო. - კარგი , ბარი ბარში ვართ. მითხარი ვინ არის ? - მგონი ექიმია. თუ არ მატყუებს... - რამე სერიოზულია ? - მისი მხრივ არ ვიცი, მე მომწონს - მადუღარაში წყალს ვასხამ და გაზქურაზე ვდგამ. - მოსწონხარ რომელია, ისეთი თვალებით გიყურებდა ... მოიცა იცის , რომ გათხოვილი იყავი ? - იცის, კი. - მერე ? - რა მერე, ლალიკო, არც ვიცნობ წესიერად. ამ რამდენიმე დღის წინ გავიცანი, სუსიკოს სასაფლაოდან რო მოვრბოდი მაშინ . - რატომ მორბოდი ? - უკვირს ლალიკოს. ენა მოვიკვნიტე, ჩემი გრძელი , ჭარტალა ენა. რა საჭიროა ლალიკომ იცოდეს ირასთან და ლადოსთან დაკავშირებული ვარაუდების შესახებ ? და საერთოდ, ამ საქმეში ყველანიეჭვმიტანილები ვართ... ჩემ გარდა. ვიდრე პასუხზე ვფიქრობდი, ყავამ დრო იხელღა , ქშუტუნით ამოასკდა და გაზქურა წამიბილწა. - ვაი! - ვკივით ორივე. - არა უშავს, ახალს გავაკეთებ , - ვამშვიდებ ლალიკოს, - შენ გადი სტუმრებთან თორემ უხერხულია , ბავშვებივით სამზარეულოში შევიყუჟთ.რას იტყვიან კაცები ? - თორემ არ იციან , რო მაგათ ვჭორავთ! და რატო გამორბოდი სასაფლაოდან ? - არ ისვენებს ლალიკო. - დამაღამდა და იმიტომ , ისეთი არაფერი, წადი, წადი... გაზქურა მოვწმინდე და ხელმეორედ შევუდექი ყავის მოდუღებას. მისაღები ოთახიდან გაცხოველებული ლაპარაკი ისმის , კლაუსი ყვება თუ როგორ არ გაატარეს რუსებმა ბელგიელები გამომშრალი ნაკელით სავსე ტრაილებით. ინციდენტი კალინინგრადის ოლქში მომხდარა მოკლედ რუსები იქამდე ყვიროდნენ , ვიდრე ქრთამი არ შეაძლიეს. იმ საღამოს სამჯერ მომიწია ყავის მოდუღება, იმიტომ კი არა, რომ ისევ გადმომივიდა, გვიანობამდე შევყევით . სამივეს ერთდროულად ვაცილებ . დათა დაჭრილი მუსტანგის თვალებით მიყურებს , ვატყობ , დარჩენა უნდა და ჩემს შეთავაზებას ელოდება . მე კი პრინციპული ვარ , როგორც არასდროს. არ ვიცი, როდემდე გავუძლებ . |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.