შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ორმაგი ცხოვრება 4


13-01-2018, 01:11
ავტორი Kristy
ნანახია 1 756

არასდროს მიყვარდა საქმიანი წვეულებები, მითუმეტეს ოჯახური შეკრებები თანამშრომლებთან, რომლებიც საერთოდ არ მიმაჩნდა სასიამოვნო ადამიანებად, მაგრამ ალეკოს ვუთხარი, რომ წავყვებოდი და ბოლო წუთს აზრის შეცვლა კარგი ტონი არ იყო. ბევრი არ მიფიქრია იმაზე, რა ჩამეცვა, რადგან ზუსტად ვიცოდი, რომ ნებისმიერ კაბაში იმაზე კარგი ვიქნებოდი, ვიდრე რომელიმე სხვა ქალბატონი აღნიშნული შეკრებიდან. შავი სადა კაბა ჩავიცვი, ერთ მხარეს მუხლებამდე ჩახსნილი, მოღიავებული მკერდი გიშრის მსხვილი ყელსაბამით დავიმშვენე და ასეთივე საყურეები მოვირგე. ოდნავშესამჩნევი მაკიაჟი ხასხასა წითელი პომადით გავამდიდრე და ზუსტად მაშინ, როცა პატა ხელჩანთის ასაღებად გავედი, კარებზე ზარიც გაისმა.
- მზად არის? - მომესმა გარედან. თაკოს პასუხი ვერ მოვისმინე, ამიტომ თავად გავძახე, რომ გამოვდიოდი და თაკოს დავუწყე ძებნა.
- მე წავედი. - დავუბარე ოთახში შეკეტილ მეგობარს.
- წადი. - შემომიღრინა. - როცა ის წავა, მე მერე გამოვალ.
- ასე იყოს. - მეგობრის ბავშვურ ქცევაზე გულწრფელად გამეცინა, ოთახის კარები ისევ მივუხურე და ალეკოს გავყევი.
საღამო იმაზე ოფიციალური აღმოჩნდა, ვიდრე მე ვიფიქრებდი. უზარმაზარი დარბაზი სავსე იყო იურისტებით, პოლიტიკოსებითა და მათი მეუღლეებით, რომლებიც წრის ფორმის ოთახში ქაოტურად მიმოდიოდნენ და დროის სასიამოვნოდ გასატარებლად, მათთვის საინტერესო სტუმრებს ეძებდნენ. ალეკო გაცისკროვნებული სახით მიმიძღოდა მისი სამეგობრო წრისკენ, რომლებიც თითქმის დარბაზის შუაგულში შეგროვილიყვნენ და თან შორიდან მაცნობდა თითოეულ მათგანს, მე კი დაბნეული და გაბრაზებული ვიყავი იმის გამო, რომ მან ამ საღამოს მნიშვნელობა დამიმალა, მაგრამ იმასაც კარგად ვხვდებოდი, რომ ახლა ბრაზის დრო არ იყო. ჩემთვის ყველაზე უინტერესო ადამიანების გარემოცვაში ვიყავი, ყალბ ღიმილს არ ვიშურებდი და გამოგონილი ინტერესით ვისმენდი მათ სასაცილო ისტორიებს.
- ალეკო, ბოლოს და ბოლოს მეტყვი რა ხდება აქ? - ვკითხე, როგორც კი მარტო დავიგულე.
- დაწინაურებას მიპირებენ მარიამ, ეს კი ერთგვარი მოსალოცი შეკრებაა.
- დაწინაურება?
- ამ წუთას ქვეყნის მომავალ მთავარ პროკურორს ესაუბრები. - თვალები მღელვარებისგან ერთიანად უელავდა.
- გილოცავ. ძალიან კარგი ამბავია.
- სულ ესაა? ნუთუ საერთოდ არ გაგიხარდა?
- გამიხარდა, მაგრამ რა უნდა ვქნა, რომ ეს დაგანახო არ მესმის. - გავეპასუხე ცინიკურად.
- მარიამ, შენი მართლა არ მესმის, მე ხომ… - ალეკომ სიტყვის დასრულება ვერ მოასწრო, რომ დარბაზში სროლის ხმა გაისმა. - მარიამ, დაწექი!
სროლის ხმა დარბაზის დახშულ სივრცეში იმდენად შემზარავი იყო, რომ საშინელი პანიკა გამოიწვია. ადამიანები ყველა ხერხით ცდილობდნენ თავის გადარჩენას, ზოგი მათგანი გაქცევას ცდილობდა, ზოგი კი იატაკზე იყო გართხმული. სახელდახელოდ გამოპრანჭული ნაღები საზოგადოება ამ წუთებში მხოლოდ თვითგადარჩენაზე ფიქრობდა და მანერები სულ გადაავიწყდათ, ერთმანეთს ზედ ახტებოდნენ, ყვიროდნენ და გულისფანცქალით შეჰყურებდნენ მათ ირგვლივ შემოკრებილ ხუთ თავდამსხმელს, რომლებიც მთელ ამ ქაოსს მშვიდად გაჰყურებდნენ, აქაოდა ჩვენ არაფერ შუაში ვართო. ალეკო დარბაზის საყრდენ ბოძს ამოფარებოდა და გაფითრებული გამომცქეროდა.
- ქალბატონო, - თითქოს ჩემს თავს ზემოთ რაცია ალაპარაკდა. თავი მაღლა ავწიე და ნაცნობი სილუეტი დავინახე. - წამოდექით. თქვენნაირი ქალბატონი იატაკზე არ უნდა იჯდეს.
- ისევ თქვენ? - სიმწრისგან ლამის თვალები გადმომცვივდა.
- ყოველთვის ცუდ დროს ჩნდებით ცუდ ადგილას, ასე არ არის? - დამცინა, მერე წამომაყენა და ირგვლივ ერთადერთ წაუქცეველ სკამზე დამსვა.
- ყოველთვის იქ ვარ, სადაც უნდა ვიყო. - ვთქვი მტკიცედ. ბიჭს გაეცინა, მერე ჩემკენ დაიხარა და ყურში ჩუმად მიჩურჩულა:
- შენი თანმხლები სად არის მარიამ?
- ჩემი სახელი საიდან იცი? საერთოდ ვინ ხართ? - შევყვირე მე, ის კი თითქოს არაფერი გაუგონიაო, თავისიანებს მიუბრუნდა:
- ბატონი ალექსანდრე დამალობანას გვეთამაშება ბიჭებო.
- ვინც კარგად ვერ დაიმალა, ჩემი ბრალი არაა. - დაიძახა ერთ-ერთმა და მაგიდის ქვეშიდან ალეკო გამოათრია.
- იღბლიანი ალექსანდრეც ვიპოვნეთ. - ხმიდან, რომელიც რობოტისას უფრო ჰგავდა, ვიდრე ადამიანის, შეუცდომლად იკითხებოდა უდიდესი ზიზღი ალეკოს მიმართ. - ჩვენ უბრალოდ არ შეგვეძლო მისთვის დაწინაურება არ მიგველოცა, მან კი არ დაგვპატიჟა. წარმოგიდგენიათ?
- მაგრამ ჩვენ მაინც გავუკეთეთ პატარა საჩუქარი, რომელსაც ვერასოდეს დაივიწყებს. - განაგრძო მეორემ და ყველას ყურადღება მონიტორისკენ მიაპყრო. - ბატონო ალექსანდრე, ნუ მორცხვობთ, წინ გამოდით.
ფერდაკარგული ალეკო მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა მასზე ორი თავით მაღალ, ჩაფსკვნილ მამაკაცს, რომელსაც თავისი რკინისებური ხელებით ჰყავდა დაჭერილი და ქეჩოზე ხელწავლებულს ისე მიათრევდა, როგორც დედა ძაღლი მიათრევს ურჩ ლეკვს. წინ გაიყვანა, მონიტორის წინ ყველას დასანახად დაატრიალა და იქვე კუთხეში მიაგდო. ალეკომ ისევ სცადა იქიდან გამოძრომა, მაგრამ საპასუხოდ სახეში ძლიერი დარტყმა მიიღო და მას შემდეგ განძრევაც აღარ უცდია. თავდამსხმელებმა მონიტორი ჩართეს და განგვიცხადეს, რომ თუ აქედან გასვლა გვინდოდა, ჩანაწერისთვის ყურადღებით უნდა გვეყურებინა. პოლიციის მანქანის კამერით გადაღებულ ვიდეო ჩანაწერში გარკვევით ჩანდა როგორ უსწორდებოდა ფიზიკურად ალექსანდრე ტომარაძე ოციოდე წლის ბიჭს, რომელსაც მისი მანქანის გაკაწვრას აბრალებდა.
- ღმერთო, ეს ხომ თემოს მანქანაა. - ვთქვი ჩუმად და სკამზე მოვიკეცე.
- როგორ ფიქრობთ ქალბატონო ადვოკატო, - ჩამესმა გამყინავი ხმა. - სად არის ახლა ბიჭი, რომელიც ამ ჩანაწერში ჩანს?
არასოდეს წარმომედგინა, რომ რაიმე მოვლენას შეეძლო ისეთი შოკისმომგვრელი ყოფილიყო ჩემთვის, ვიდრე ალეკოს ამ სახის დანახვა და მითუმეტეს, ამ ყველაფერში ჩემი ძმის თანამონაწილეობა იყო. ჩვენს ოჯახს ბევრი ნაკლი ჰქონდა, ერთმანეთს დიდად ვერასდროს ვუგებდით და ამ მიზეზის გამო, სახლში ყოველთვის საშინელი ქაოსი იყო, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ჩვენ ვიცოდით. ქედმაღალი დედისა და საოცრად ჯიუტი მამის შვილებს თავადაც რთული ხასიათი გვქონდა, თუმცა ერთადერთი, რასაც ვერასოდეს ვიფიქრებდი იყო ის, რომ რომელიმე ჩვენგანს მსგავსი რამის ჩადენა და მერე ამით ცხოვრება ასე მარტივად შეეძლო. ძალაგამოცლილი შევყურებდი ჩემს ერთი შეხედვით იდეალურ ოჯახს და რამდენიმე საათის წინ ნანახი სცენის გამო ბრაზი მახრჩობდა.
- მარიამ, როგორ ხარ შვილო? ფერი არ გადევს. - მომიახლოვდა მამაჩემი.
- იცოდი? - ვკითხე გაყინული სახით და მისი ხელი სახიდან მოვიშორე.
- მარიამ, ყველაფერი ასე არ არის.
- ყველაფერი ასე არ არის. - დამცინავად გავიმეორე მოსმენილი ფრაზა და ისევ ჩემს კითხვას მივუბრუნდი. - იცოდი?
- დიახ, ვიცოდი.
- შენც? - ახლა დედაჩემს მივუბრუნდი.
- რა თქმა უნდა. - უდარდელად მომახალა დედაჩემმა. - მე ყველაფერი ვიცი!
- იცი, მართალი ხარ ლალი. იმის გაფიქრებაც კი დიდი დანაშაულია, რომ შენ არაფერი იცოდი. - ზიზღისგან ტუჩები მითრთოდა.
- მარიამ, აგიხსნი. - სიტყვა შემომბედა ალეკომ.
- გაჩუმდი! - ვუყვირე მე, მერე თავი ხელში ავიყვანე და თითქმის ჩურჩულით დავუმარცვლე ჩემი სათქმელი: - შენი ხმის გაგონება აღარ მინდა. არასოდეს!
- ჩემზე რას იტყვი? - მკითხა თემომ, რომელიც მთელი ეს დრო უსიტყვოდ გვისმენდა.
- საერთოდ არ გრცხვენია უფროსო ძამიკო, - ბოღმას კანქვეშ ვეღარ ვიტევდი. - ნუთუ საერთოდ დაკარგე ზნეობა? ნუთუ მათ დაემსგავსე?
- მარ, მე… - რაღაცის თქმა სურდა, მაგრამ არ დავანებე.
- ასეთს არ გიცნობდი თემო! ასეთი არ ყოფილხარ! მაგრამ როგორც ჩანს, საბოლოოდ ყველა იხრწნება, არა?! ბოლოს ყველა გიცრუებს იმედს!
- მე ისევ ის თემო ვარ დაიკო.
- ჩემი ძმა ამას არასოდეს ჩაიდენდა. - ვთქვი მკაცრად და წასასვლელად გავემზადე.
- მე არაფერი ჩამიდენია. - მომაძახა თემომ.
- მართალია, შენ მხოლოდ უყურებდი! - მივაძახე კარებისკენ მიმავალმა.
ჩემი უეცრად შეცვლილი განწყობა თაკოს არ გამოპარვია და მას შემდეგ, რაც სახლში შევდგი ფეხი, დაჟინებით ცდილობდა ჩემს ალაპარაკებას. საბოლოოდ გაიმარჯვა კიდეც, ამიტომ მიღებული შოკისა და გაუსაძლისი დასვენების სურვილის მიუხედავად, ყველაფერი დეტალებში მოვყევი. თაკო სიხარულისგან ხტოდა, რადგან მისივე სიტყვებით, როგორც იქნა დავინახე, ვინ იყო ალეკო სინამდვილეში, თავად მას კი იმდენად უშვერი სიტყვებით ლანძღავდა, ხშირად ვამოწმებდი ნამდვილად ჩემს მეგობარს ვუსმენდი თუ არა. რამდენიმე წუთი მოთმინებით ვუსმენდი მეგობრის შეფასებებს, მერე კი უსიტყვოდ გავედი ოთახში, მოწყვეტით დავეშვი საწოლზე და მაშინვე ჩამეძინა.
- დილა მშვიდობის პრინცესა. - ჯერ კიდევ მძინარეს ჩამესმა მეგობრის თბილი ხმა და ნაადრევად გამომაღვიძა.
- დილა მშვიდობის. - გულიანად გავიზმორე. - რომელი საათია?
- ათი. დიდი ხანი გეძინა დაიკო.
- მართლაც. - სწრაფად წამოვდექი და ტანზე გაკვირვებით დავიხედე. - ასე მეძინა?
- როგორც ჩანს. - ჩაიცინა თაკომ და კაბაზე გაჩენილ ნაკეცებზე მიმითითა.
- ვერც ვიგრძენი, როდის დამეძინა.
- დასვენება კი გჭირდებოდა. ნუ ღელავ, დღეს არსად მივდივართ.
- რატომ? - გავიკვირვე.
- სამსახურში დავრეკე, ვუთხარი რაც მოხდა და უფროსმა ერთი კვირით ფასიანი შვებულება მოგვცა ორივეს. შენზე კი მითხრა, მამაცი გოგონააო.
- და ორივეს რატომ?
- რა საზიზღარი ხარ მარიამ? - მსუბუქად წაიწუწუნა. - ვუთხარი შოკი აქვს და ცოტა ხანი მასთან უნდა ვიყო-თქო. ისიც დამთანხმდა.
- შენ ხომ ყველაფერი საშენოდ უნდა გამოიყენო.
- არ მითხრა მეწყინაო. - გაიბუსხა თაკო.
- არა, პირიქით, - ვთქვი ომახიანად და თვალები ამიციმციმდა. - რაღაც იდეა მაქვს, მოდი დღეს გავერთოთ.
გიჟივით დავრბოდი ოთახიდან ოთახში, წარმოუდგენლად ენერგიული და მხიარული ვიყავი, საუზმობასა და თავის მოწესრიგებას ერთდროულად ვცდილობდი და თაკოს გაოცებული სახის დანახვა კიდევ უფრო მახალისებდა. მეგობარი ვაიძულე სწრაფად ჩაეცვა და თითქოს გასაიდუმლოებულ მისიაზე მიმყავდა, ჩემი გეგმების შესახებ ხმას არ ვიღებდი. თაკო ცოტა არ იყოს შეშინებული ჩანდა, თვალებში შემომცქეროდა და მიუხედავად ჩემი დუმილისა, ათას კითხვას მაყრიდა.
- ნამდვილი გიჟი ხარ, - მიყვირა თაკომ, როცა ადგილზე მივედით. - ამას რას მიმალავდი?
- არ ვმალავდი, უბრალოდ მინდოდა შენი თვალით გენახა.
- კარგი და, მისამართი ვინ გითხრა?
- მე გავარკვიე. - ეშმაკურად გავეპასუხე.
- ჩემი შერლოკი, ვამაყობ შენით. - ჩაიკისკისა მეგობარმა და ჩემზე ადრე შევიდა პატარა მწვანე კარებში.
ვარდისუბნის ქუჩის ბოლოში მდებარე პატარა სპორტდარბაზი სავსე იყო ახალგაზრდა, წარმოსადეგი ბიჭებით, რომლებიც თავდაუზოგავად ვარჯიშობდნენ. ყველა მონდომებული და საქმეზე კონცენტრირებული ჩანდა, თითქოს ისეთ მნიშვნელოვან რამეს აკეთებდნენ, რომ მცირედი უყურადღებობაც კი დანაშაული იქნებოდა. ინტერესით ვადევნებდი თვალს თითოეულ მათგანს, თან მათ შორის ნაცნობ სახეებს ვეძებდი, თაკომ მაშინვე იპოვნა იაკობი და მასთან მიირბინა, გიორგიც შორიახლო იყო.
- გცალია? - ხელი დავუქნიე და პატარა ბავშვივით ადგილზე ცმუკვა დავიწყე. გიორგიმ ბიჭს მოუბოდიშა, რომელსაც რაღაც ილეთს ასწავლიდა და ღიმილით მომიახლოვდა.
- ანუ ეს ადგილიც იპოვნეთ.
- ეგ საერთოდ არ იყო რთული. - გავიცინე და ხელი გავუწოდე. - გამარჯობა გიორგი.
- გამარჯობა მარიამ. - ხელი უხერხულად ჩამომართვა და ვიგრძენი როგორ შეეცვალა განწყობა, მაგრამ ვერაფრით მივხვდი რატომ.
- მოკლედ, იდეა მაქვს. - უხერხულობა დავაიგნორე და ჩვეულ სტილში განვაგრძე. - აქ გოგოები არ დადიან? მინდა მეც ვისწავლო.
- რა? - გიორგის თვალები გაუფართოვდა.
- ჰო, მე და თაკოს გვინდა ჩხუბი გვასწავლო.
- ვის ცემას აპირებთ? - გაეცინა გიორგის და დარბაზს მოავლო თვალი.
- თაკოს იოსთან გამოადგება, მე კი… - უნდა მეთქვა შენთანო, მაგრამ დროზე გავჩუმდი.
- ალეკოსთან? - ამ სახელის მოსმენამ დამაბნია, განსაკუთრებით გიორგისგან და ალბათ სახეზეც დამეტყო. - თბილისი არც ისე დიდი ქალაქია მარიამ, რომ მთავარი პროკურორის საცოლის ვინაობა დამალოს. გილოცავთ!
- რა სისულელეა, რა საცოლე, მე… საიდან იცი ეს?
- უკვე მთელმა ქალაქმა იცის. - იქვე მიგდებული გაზეთი აიღო და სახეზე ამაფარა. პირველივე გვერდზე უზარმაზარი ასოებით ეწერა: “ქალაქის მთავარი პროკურორისა და შსს-ის მინისტრის ქალიშვილის ნიშნობა”.
- რა? არა, ეს... - გაზეთს უაზროდ დავცქეროდი და იქიდან ამოკითხული სიტყვების გამო თავს ვიმართლებდი. - ეს საიდან მოიტანეს? ვინ დაწერა?
- უმნიშვნელო კითხვებია. - მკაცრად თქვა გიორგიმ.
- ეს არ არის სიმართლე!
- დარწმუნებული ვარ არ შევცდები თუ ვიტყვი, რომ ეს ნიშნობის ბეჭედია, რომელსაც ისევ ატარებ. - მან ჩემს ხელს დახედა და თავხედურად გამიღიმა.
- ისევ? - წინადადების ფორმულირებამ ოდნავ დამაბნია, მაგრამ ამჯერად თავის მართლებაზე უფრო ვფიქრობდი. ბეჭედი მოვიხსენი და ჩანთაში ჩავდე. - ახლა არ არის!
- ახლა არ ჩანს. - გამისწორა წინადადება გიორგიმ.
- ბეჭედი გაშინებს თუ მე?
- არცერთი. - სახეზე აშკარად შეეტყო, რომ ასეთ კითხვას არ ელოდა. - უბრალოდ, პატრონიანი ქალები არ მიზიდავს.
- აჰ, იქნებ „პატრონები“ გაშინებენ?!
- თუ თქვენ ასე გაწყობთ, ადვოკატო... - თავი დამიკრა და სადღაც წავიდა. ვუყურებდი როგორ მოაგროვა საკუთარი ნივთები და ჩქარი ნაბიჯით წავიდა მანქანისკენ, რომლის გასაღებიც მაშინ ავიღე, როცა დარბაზში შემოვდიოდი, რადგან უყურადღებოდ იყო მიგდებული რომელიღაც კარადასთან.
- შორს ვერ წახვედი, არა? - ვკითხე უკან მობრუნებულს და გასაღები დავანახე.
- ეს რა, წინასწარ დაგეგმე? - შემომიღრინა და მივხვდი, რომ ძალიან გაბრაზდა.
- არა, შემთხვევით მოხდა. - ისევ თავის მართლება დავიწყე. - იქ ეგდო და ვიფიქრე… საერთოდ, ამას რა მნიშვნელობა აქვს?
- კარგი. მომეცი.
- მოდი და აიღე. - ვთქვი მტკიცედ.
- სერიოზულად? - გაეცინა. - ჩემთან თამაში გადაწყვიტე?
- მოდი და აიღე. - გავიმეორე ჯიუტად და მაშინვე ვინანე. გიორგიმ წელზე მომხვია ხელი, მკერდზე ისე ძლიერად მიმიკრა, რომ სუნთქვა შემეკრა, ჰაერში გაშეშებული ხელები ზურგს უკან გამიკავა და გასაღები წამართვა. მერე ცივად მომშორდა და ისევ მანქანისკენ გაეშურა.
- უჟმურო! - მივაძახე გაბრაზებით.
- რა ხდება მარიამ? - თაკო და იაკობი მაშინვე ჩემთან გაჩნდნენ.
- ისევ დაეწყო? - გაეცინა იაკობს.
- ასე ადვილად ვერ წავა! - განვაცხადე თავდაჯერებულად და უკვე ამოძრავებულ მანქანას წინ გადავუდექი.
- შენ რა, გაგიჟდი? - მანქანის ფანჯრიდან გამომძახა გიორგიმ.
- აქედან ფეხს არ მოიცვლი, სანამ არ ვილაპარაკებთ!
- აქ უნდა ვილაპარაკოთ? - მკითხა დამცინავი ტონით და ამ უცნაური სცენის საყურებლად შეკრებილ ბიჭებს გახედა.
- არ წავალ. - გავჯიუტდი მე.
- ჯანდაბა, საშინელი ხასიათი გაქვს. - თქვა ბუზღუნით, მერე მარცხნივ გადაიხარა და მანქანის კარი გააღო. - დაჯექი.
- მარიამ, მშვიდობა გაქვთ? - მომაძახა თაკომ, მაგრამ არაფერი მიპასუხია, სასწრაფოდ ჩავჯექი მანქანაში და გიორგის გამარჯვებული სახით შევაცქერდი.
- ნუ მიყურებ ეგრე. - მითხრა ისე, რომ ჩემკენ არც კი გამოუხედავს.
- საიდან იცი როგორ გიყურებ, როცა ზედაც არ შემოგიხედავს?
- ვგრძნობ. - შეუმჩნევლად ჩაეღიმა.
- სად მივდივართ? - ვიკითხე, როცა მანქანა დაძრა და მთავარ ქუჩაზე გავედით.
- სახლში მიმყავხარ… უკვე მეორედ. - ბოლო სიტყვებს ხაზი ისე გაუსვა, აშკარად იმ ღამეზე მიმანიშნა, რომელსაც დავიფიცე, რომ არასოდეს განვიხილავდი.
- ეს არ არის ერთი და იგივე. - გავიბუსხე მე.
- ნუთუ?!
გიორგიმ შემოვლითი გზით არჩია წასვლა, ალბათ ქალაქის გადატვირთული მოძრაობის გამო და ჩვენც მივქროდით თითქმის ცარიელ გზატკეცილზე, როგორც მტაცებლისგან გამოქცეული მსხვერპლი გარბის ტრიალ მინდვრებში. მიუხედავად სიჩქარისა, საჭეს კარგად ფლობდა და მსუბუქად მართვადა, მოხერხებულად უვლიდა გვერდს კანტიკუნტად შემხვედრ მანქანებს, მე კი მის გვერდით გაშეშებული ვიჯექი.
- ცოტა ნელა იარე. - ვთხოვე საბოლოოდ.
- არ დავიმტვრევით.
- არც სხვას დავამტვრევთ?
- სხვებზე უფრო დარდობ თუ საკუთარ თავზე?
- ნუ ხარ ასეთი! - მოვთხოვე ბავშვური სიბრიყვით.
- როგორი? - გზას თვალები მოაცილა და მე შემომხედა.
- უხეში. - ჩავიბუტბუტე მე.
- ბოდიში, რაღაც ვერ გავიგე. გამიმეორებ? - თვალს არ მაცილებდა.
- წინ იყურე რა, მეშინია. - ბრაზი მომერია და თავი ვეღარ შევიკავე. - ასე სპეციალურად მიკეთებ? რა გჭირს, ბავშვი ხომ არ ხარ?!
- არა, მარტო იმიტომ, რომ… - სიტყვა მოულოდნელად შეწყვიტა, თვალებში ბრაზის ნაპერწკლებმა გაუელვა და ისე, რომ ჯერ კიდევ მე მიყურებდა, კბილებიდან გამოსცრა: - ჯანდაბა!
- რა მოხდა? - ყურადღება დავძაბე მე და ირგვლივ დავიწყე ყურება. ამ დროს სირენების ხმაც მომესმა და უკვე ვიცოდი, რაც ხდებოდა.
- როგორ ვერ შევამჩნიე. - ჩაიდუდუნა გიორგიმ.
- ჩემი ცქერით იყავი დაკავებული. - თავი ამაყად ავწიე. მან ინტერესით შემათვალიერა და პოლიციის მოთხოვნით მანქანა გააჩერა.
- დილა მშვიდობის. - მოგვესალმა ოფიცერი და მანქანა შეათვალიერა.
- დილა მშვიდობის. - უხალისოდ გაეპასუხა გიორგი.
- მართვის მოწმობა თუ შეიძლება. - მოითხოვა ოფიცერმა. - სადმე გეჩქარებათ?
- თან როგორ. - კბილებში გამოსცრა გიორგიმ და მოწმობა გაუწოდა.
- და მაინც ბატონო გიორგი, ამ სიჩქარით მოძრაობა დაუშვებელია.
- წესები ვიცი ოფიცერო. დაწერეთ ჯარიმა და წავალთ. - კაცმა წარბქვეშიდან გახედა, კარგად დააკვირდა და მე მომიბრუნდა.
- თქვენი პირადობა თუ შეიძლება.
- ის რაღა შუაშია? - გაბრაზდა გიორგი, მაგრამ მე მაშინვე მოვძებნე უკან მიგდებული ჩანთა და ოფიცერს ჩემი პირადობა გავუწოდე.
- მარიამ ოქროპირიძე? - კიდევ ერთხელ გადმომხედა მამაკაცმა. - თქვენ…
- დიახ, მე. - მსგავს რეაქციას მიჩვეულმა, ირონიულად გავიღიმე.
- მაპატიეთ ქალბატონო მარიამ, ახლავე გაგიშვებთ. - მომიბოდიშა ოფიცერმა, მერე გიორგის გადახედა და სხვათა შორის უთხრა. - ფრთხილად იარე. იცოდე, თვალს გადევნებ.
- მამიკოს გავლენა. - გამომხედა გიორგიმ, როცა ოფიცერი წავიდა და მანქანა დაძრა.
მთელი გზა ჩუმად ვიყავით. გიორგის კომენტარით გაგულისებული მის ბოდიშს ველოდი, მაგრამ რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო ვრწმუნდებოდი, რომ ვერ მივიღებდი. ისევ მე უნდა მეყოჩაღა და საუბრის თავიდან დაწყებისთვის თემა მეპოვნა, მაგრამ გიორგის მოღუშული სახის შემხედვარე ეს ძალიან რთული იყო. მალე ჩემს სახლთან ვიყავით, გიორგიმ მანქანა გააჩერა და ელოდა, როდის გადავიდოდი.
- ამოდი, უნდა ვილაპარაკოთ. - ვუთხარი მტკიცედ.
- მთელი გზა რას ვაკეთებდით?
- შეწყვიტე და ამოდი. - ვთქვი მე და მანქანიდან გადავედი. გიორგიც გადმომყვა.
- რაზე უნდა ვისაუბროთ არ მესმის. - ამჯერად მან დაიწყო. - მე ყველაფერი გითხარი და ვფიქრობ, შენც თქვი უკვე შენი სათქმელი.
- ეგრე შენ გადაწყვიტე, მე ჯერ არაფერი მითქვამს, მაგრამ აქ იმიტომ ხარ, რომ არც შენ გითქვამს ბევრი რამ და მინდა, რომ ეს შეწყდეს.
- არაფერი მესმის. - გიორგი მართლაც დაბნეული ჩანდა.
- იმ დღეს მოხვედი, რაღაცეები მითხარი, კარგი რაღაცეები და მეგონა, რომ რაღაც შეიცვალა, ახლა კი ისევ ისე ვართ, შენ ისევ ძველებურად მიბღვერ და ისე მიყურებ, როგორც მტერს.
- ის დღე შეცდომა იყო. - თქვა მან და ზურგი შემაქცია.
- არა, არ იყო. - ისევ ჩემკენ შემოვაბრუნე. - შემომხედე და ეგ ისე მითხარი. როგორც მაშინ, თვალებში მიყურე.
- ჩემგან რას ელი მარიამ?
- სიმართლეს.
- ჰოდა, გითხარი სიმართლე. - ხმას აუწია. - წარმოდგენა მაინც თუ გაქვს, რამხელა ძალისხმევად დამიჯდა საკუთარი თავის დარწმუნება, რომ მოვსულიყავი და ის ყველაფერი მეთქვა? მაგრამ მაინც მეგონა, რომ სწორად მოვიქეცი, სანამ დღეს შენი ნიშნობის ამბავზე არ წავიკითხე და მერე თავად გნახე ისევ იმ წყეული ბეჭდით ხელზე.
- სისულელეა, ბეჭედი არც კი შემიმჩნევია, იმ სტატიაზე კი არაფერი ვიცი.
- არ გინდა მარიამ. - თავიდან მომიშორა და ჩემგან შორს დადგა.
- შენ უბრალოდ თვითონ არ იცი რა გინდა.
- იქნებ მართალიც ხარ. არ ვიცი რა მინდა შენთან, შენგან რა მინდა. - დანანებით შემომხედა და ვიგრძენი, რომ გულწრფელი იყო.
- მე კი ვიცი, ჩვენ ერთმანეთი გვჭირდება.
- ილუზიაა!
- მაშინ რა არის სიმართლე? მითხარი, რატომ ვერ მიტან გაცნობის დღიდან, რამე დაგიშავე? ან იქნებ უბრალო ჩემი არსებობა გაწუხებს?!
- შენ თუ ასე ფიქრობ… - ცივად გამეპასუხა.
- თუ ასე არ არის, მაშინ ვერ ვხვდები რა ჯანდაბა ხდება საერთოდ! - ვუყვირე მე.
- ეგ არაფერი, გადაიტან.
- უგრძნობი ხარ! - ვუღრიალე მე. - ეს არის სიმართლე. უბრალოდ არ შეგიძლია რამე იგრძნო, ამისთვის არ შექმნილხარ.
- მართლა? ანუ არც ახლა უნდა ვიგრძნო რამე. - სწრაფად მომიახლოვდა, ერთი მოძრაობით ამაკრა კედელზე და ვნებიანად მაკოცა. მერე უცებ უკან დაიხია და თითქოს თავისი საქციელის შერცხვაო, სახე მომარიდა.
- მაშინ ვერ ვხვდები, რატომ გამირბიხარ ასე გულმოდგინედ. - ამჯერად მე მივუახლოვდი და თითები კისერზე მოვხვიე.
- ამას ნუ აკეთებ. - ჩურჩულით მითხრა და უკვე ვიცოდი, რომ ჩემსას მივაღწიე. გიორგი პოზიციებს თმობდა.
- სიმართლე მითხარი.
- თავიდან იმიტომ გიშორებ, რომ ჭკუას მაკარგვინებ მარიამ! საშინლად მინდიხარ! - მძიმედ სუნთქავდა, დაძაბულობისგან ნესტოები ებერებოდა.
- მერე ეს ცუდია?
- ცუდია, რადგან ჩვენ ერთად მომავალი არ გვაქვს!
- ამას საიდანღა ასკვნი? - თავი ვერ შევიკავე მე. დანანებით გადმომხედა და სახით კედლისკენ შებრუნდა.
- ლამაზმანი და ურჩხული, არა? - თქვა პატარა პაუზის შემდეგ.
- ურჩხული არ ხარ და რომც იყო, არ მადარდებს.
- არ იცი ვინ ვარ! - იმხელა ხმაზე მიყვირა, მეგონა სახლი თავზე ჩამომენგრეოდა. ამ დროის მანძილზე მისი პირველად შემეშინდა. - თავი ნუ მოგაქვს, თითქოს სიყვარულისთვის რამის დათმობა შეგეძლოს! ერთი გათამამებული, მდიდარი გოგო ხარ!
- თურმე არც შენ იცი ვინ ვარ!
- ასეც რომ იყოს მარიამ, მე არ გთხოვდი ჩემ გამო რამეზე გეთქვა უარი. - ეს ისეთი მზრუნველი ტონით თქვა, მომინდა მოვხვეოდი.
- ეს ჩემი არჩევანია, მე ვწყვეტ რისი გაკეთება მინდა და რისი არა. გგონია დიდი კაცივით იქცევი? ასე არაა! სულელ ბავშვს გავხარ, რომელსაც ჰგონია, რომ დიდ საქმეს აკეთებს. - უხმოდ მისმენდა, მე კი არ ვჩუმდებოდი, მისი დარწმუნება მსურდა, რომ ყველაფერი წინ გვქონდა და მთელი ძალით ვცდილობდი, არ გამეშვა. როცა ყვირილს მოვრჩი მომეხვია, შუბლზე მაკოცა და ყურში ჩუმად მიჩურჩულა:
- ისეთი გრძნობა მაქვს, თითქოს დიდი ცოდვა ჩავიდინე... თითქოს ღვთაება ხარ და შენს ფეხებთან დაჩოქილმა თაყვანი უნდა გცე, მე კი შენი შეყვარება გავბედე.
გიორგი საბოლოოდ დანებდა გრძნობებს, ძლიერად მომხვია ხელები და ცხელ სხეულზე მიმიკრა. არც მე გამიწევია წინააღმდეგობა, მეტიც ინიციატივასაც კი ვიჩენდი, თითები თმებში შევუცურე და ვაკვირდებოდი, როგორ გაინაბა ერთიანად, შემდეგ დახუჭული თვალები დავუკოცნე. გიორგიმ ხელში ამიყვანა, მეც ფეხები წელზე შემოვხვიე და უფრო ძლიერად მივეკარი სხეულზე, მისი ცხელი ტუჩები კისერზე დაცოცავდნენ და საოცარ სიამოვნებას მგვრიდნენ. ვერც კი შევნიშნე, როგორ აღმოვჩნდით ჩემს საწოლში, მაგრამ ამას უკვე აღარ ჰქონდა მნიშვნელობა, ამ წუთებში მე მას ვეკუთვნოდი და ის მე, ამ წუთებში მხოლოდ ეს იყო მნიშვნელოვანი.
სიმშვიდე კარზე კაკუნმა დამირღვია. თვალები უხალისოდ მოვიფშვნიტე და ბალიში თავზე წამოვიფარე, რომ ძილი გამეგრძელებინა, მაგრამ სწრაფადვე მოვედი გონს, გამახსენდა რატომ ვიყავი საწოლში თითქმის შუადღეს და თავი უხერხულად ვიგრძენი. კაკუნი ისევ განმეორდა და ახლა იმის შემეშინდა, როგორ ავუხსნიდი თაკოს გიორგის აქ ყოფნას, მიუხედავად იმისა, რომ ზუსტად ვიცოდი, რომ ჩვენი ამბავი გაახარებდა. ბალიში გვერდზე გადავდე და მხოლოდ მაშინ შევნიშნე, რომ საწოლი ცარიელი იყო. მესამედ აღარ დაუკაკუნებიათ, თაკომ კარები შემოაღო და თვალებგაფართოებულმა მკითხა:
- საწოლში რა გინდა გოგო?
მეგობრის დასმული კითხვა იმდენად დამაბნეველი აღმოჩნდა ჩემთვის, რომ ხმა ვერ გავიღე, მერე გიჟივით წამოვხტი საწოლიდან, ტელეფონის ძებნაში მთელი ოთახი გადავქექე და რომ დავრწმუნდი იქ არაფერი იყო, მთელ ბინას მოვედე. 'ნამდვილად გაგიჟდა', მომესმა მეგობრის ნაღვლიანი ხმა, თუმცა ამჯერად მის მოსწრებულ კომენტარს არ გავუღიზიანებივარ, ამის დრო უბრალოდ არ მქონდა. კარგა ხნის ძებნის შემდეგ როგორც იქნა მივაგენი ტელეფონს, რომელიც ჩემდა გასაკვირად იქვე მაგიდაზე იდო ჩანთისა და სათვალის გვერდით, სასწრაფოდ მოვძებნე არც ისე დიდი ხნის წინ ჩანიშნული ნომერი და მოუთმენლად დაველოდე როდის მიპასუხებდნენ.
- გისმენ მარიამ. - გიორგის თბილმა ხმამ, რომელიც ტელეფონიდან ლამაზი მუსიკასავით ისმოდა, ყველა დარდი ერთიანად გამიქრო.
- სად წახვედი? - ვიკითხე გაუბედავად.
- სახლში, არ მინდოდა თაკოს შევემჩნიე.
- ასეთი სამარცხვინო იყო შენთვის? - ვიწყინე მე.
- არ მინდოდა უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით, როცა თაკო დაბრუნდებოდა. - სცადა თავისი წინადადება აეხსნა.
- რატომ იყო უხერხული? შენი საერთოდ არ მესმის.
- მარიამ, წარმოდგენა არ მაქვს გინდა თუ არა მეგობრისთვის რამის თქმა. - მითხრა ნაწყენი ხმით. - ისიც კი არ ვიცი, საერთოდ სად ვართ ახლა.
- ისევ დაიწყე ხო?!
- არა, ყველაფერს შენ განდობ, თავად გადაწყვიტე.
- მაშინ მისმინე. - ვთქვი უცებ, მერე მეგობარს გავძახე და ისე, რომ ტელეფონი არ გამითიშავს, ყველაფერი მოვუყევი. მერე ტელეფონს მივუბრუნდი და გამარჯვებული ტონით ჩავძახე: - ახლა ხვდები რამდენად სერიოზული ვარ?
- ნამდვილი გიჟი ხარ მარიამ! - აღმოხდა ორივეს ერთდროულად.
- ვიცი, ვიცი. - ჩავიდუდუნე უხალისოდ.
- უკვე გაწყენინე? - დამნაშავესავით იკითხა გიორგიმ, როცა ჩემი ხმა ვეღარ გაიგონა.
- არა, არა. - გამეცინა. - მისმინე, ხვალ გცალია?
- შენთვის ნებისმიერ დროს მოვიცლი.
- შენი ნახვა მინდა. - მოურიდებლად მივახალე და მის რეაქციას დაველოდე.
- ეგ მარტივია. ხვალ გამოგივლი.
- ოღონდ სამსახურის მერე რა.
- შევთანხმდით. - თქვა მან და ტელეფონი ისე გათიშა, დრო არც კი უკითხავს.
დათქმული შეხვედრის მოლოდინში საათები წლებივით იწელებოდნენ. დრო, რომელიც აქამდე უკანმოუხედავად გარბოდა, ახლა თითქოს ერთ ადგილს მიჰყინვოდა და დაძვრას არც აპირებდა. გული ისე მიცემდა, თითქოს პირველად მიწევდა მისი ნახვა და მეშინოდა, რომ დამიწუნებდა. მთელი ამ განცდების ფონზე იმდენად ცუდ გუნებაზე დავდექი, რომ საქმის კეთებაც კი მიჭირდა, რამაც თაკოს შანსი მისცა თავისი სიბრძნით ავევსე, მთელი ეს დრო იმაზე საუბრობდა, როგორ ცვლის სიყვარული ადამიანს, მე კი თანდათან უფრო ცუდ გუნებაზე ვდგებოდი. გარეთ ამინდიც კი შესაბამისი იყო: მშრალი, მაგრამ გამყინავი ქარით, რომელიც ძვლებამდე ატანდა. სიცივეს ვერასდროს ვიტანდი, ამიტომ დავასკვენი, რომ ბუნებაც ჩემ წინააღმდეგ იყო.
ნაშუადღევს ქარი მიწყნარდა, მზემაც გამოანათა და საგრძნობლად დათბა. თბილ ჩეროებში მიყუჟული ჩიტები მზის თბილ სხივებს მიეფიცხნენ და ჟღურტული დაიწყეს. ძირფესვიანად შეცვლილმა გარემომ, განწყობა მეც გამომიკეთა, თითქოს სამყარომ თანხმობა მოგვცა, რომ ბედი გვეცადა და მეც პოზიტიური ენერგიით ავივსე. დღის ბოლოს სამსახურიდან პრაქტიკულად გამოვიქეცი, ცნობისმოყვარე მეგობარი ძლივს მეწეოდა, მე კი ისეთი მიზანდასახული გავრბოდი სახლში, რომ იქვე მდგარი გიორგის მანქანა ვერც კი შევნიშნე.
- მარიამ, მარიამ. - შორიახლოს ნაცნობ ხმას მოვკარი ყური და მივტრიალდი. ჩემკენ გიორგი მორბოდა. ჯერ ყურადღებით შემათვალიერა, მერე როგორც სჩვეოდა გვერდულად ჩაიცინა და ყალბი ინტერესით მკითხა: - საით?
- ისედაც მიხვდი, რაღატო მეკითხები? - ბავშვივით ავწუწუნდი.
- კარგი, კარგი. - გულუბრყვილოდ შემომცინა. - მანქანით ვარ, გაგიყვანთ.
- თაკო სად წავიდა? - გამახსენდა უცებ და ხალხის თვალიერება დავიწყე. გიორგიმ თითით თავის მანქანაზე მანიშნა, რომელშიც თაკო უკვე კომფორტულად მოწყობილიყო და ჩვენ გველოდა.
- ნამდვილი გიჟია. - გავკიცხე ხმამაღლა.
- ხალისიანი და დამოუკიდებელი გოგოა, იცის რაც უნდა.
- გინდა მითხრა, შენგან განსხვავებითო, ხომ ასეა?! თქვი, არ მოგერიდოს. - წავიბუტბუტე და საკუთარ თავზე გამეცინა.
- წამოდი, მანქანაში ჩავსხდეთ. - ხელი მომხვია და მანქანისკენ წამიძღვა.
- მოხვედით მტრედებო? - შემოსძახა თაკომ, როგორც კი მანქანაში ჩავსხედით. - ამდენი ხანი რაზე საუბრობდით ამ ყინვაში?
- შენ გჭორავდით, გიორგი მიყვებოდა, რომ ადამიანების ცნობა კარგად გამოსდის და შენ ნამდვილად გიჟი დაქალი გყავსო მითხრა. - გიორგიმ ჩუმად გამომხედა, მაგრამ არაფერი უთქვამს.
- მართლა? იცოდეთ, იოსთან გიჩივლებთ ორივეს, მოღალატეებო! - აქ კი გიორგიმ თავი ვეღარ შეიკავა და გულიანად გაეცინა. - აი, დამცინის კიდეც.
- სად გინდათ წასვლა გოგოებო?
- თქვენთან ერთად მარტო არსად წამოვალ. თუ იო არ მოდის, მე სახლში ჩამომსვი და მინიმუმ თორმეტამდე დაბრუნებული არ დაგლანდოს ჩემმა თვალებმა ქალბატონო. - დამემუქრა თაკო და სავარძელზე მშვიდად გადაწვა.
- იო რა თქმა უნდა მოდის, რომც დამება, სახლში ვერ დავტოვებდი. - გაეცინა გიორგის.
- მაშინ სადმე კარგ რესტორანში წავიდეთ. - ადგილიდან წამოფრინდა თაკო. - იცით როგორ მინდა პიჯაკებში გამოეყოთ და სადმე მდიდრულ რესტორანში წავიდეთ ოთხივე.
- კარგი აზრია, საინტერესო იქნება შენი პიჯაკში ნახვა. - მხარი ავუბი მეგობარს. გიორგი ჩუმად იჯდა და ღიმილით გაჰყურებდა გზას.
რამდენიმე წუთში ჩვენს სახლთან ვიყავით. ბინაში სწრაფად ავედით და თაკოს მოთხოვნის შესაბამისად, მაშინვე მდიდრული ვახშმისთვის მზადებას შევუდექით. მე თავს ისევ უხერხულად ვგრძნობდი იმის გამო, რომ ბიჭებს ასეთი მოთხოვნა წავუყენეთ, ამას ისიც ემატებოდა, რომ გიორგი ისედაც გაჩერჩეტებულ მდიდარ გოგონად მთვლიდა და არ მინდოდა თაკოს ამ მოთხოვნას, ჩვენს შორის ძლივს დალაგებული ურთიერთობა ისევ აერია. გიორგის ჩუმად ვადევნებდი თვალს და მის სახეზე თითოეულ მიმიკას ვაკვირდებოდი, თუმცა არც უკმაყოფილო ჩანდა და მითუმეტეს, არც ნაწყენი. პარალელურად, თაკო გამუდმებით იმაზე წუწუნებდა, რატომ არ გამოჩნდა იაკობი, მაგრამ გიორგიმ გვითხრა, რომ თვითონაც უნდა წასულიყო.
- რატომ მიდიხარ? ვერაფერი გავიგე. - ავწუწუნდი მე.
- უბრალოდ სახლში მოგაცილეთ და გავიგე სად გინდოდათ წასვლა, ნუ დაახლოებით მაინც. - ამიხსნა მან. - ახლა კი უნდა წავიდე, იოსაც გავაგებინო და სხვათა შორის, მეც მჭირდება მომზადება.
- ეგ ჰო. - ჩავიბურტყუნე. - მისმინე, ეს ვახშამი თაკომ რომ დაიჟინა... იცი, არ არის აუცილებელი, არ მინდა თავი უხერხულად იგრძნო და ამიტომ დაგვთანხმდე.
- თავი უხერხულად რატომ უნდა ვიგრძნო? გგონია პიჯაკში ცუდად გამოვიყურები? - ჩაიცინა და თვალებში მოუთმენლად მომაშტერდა.
- დარწმუნებული ვარ პიჯაკშიც ბრწყინვალედ გამოიყურები. მე ის ვიგულისხმე, რომ... - გიორგიმ თავი უკან გადასწია, მერე ღრმად ამოისუნთქა და ღიმილით მითხრა:
- მივხვდი რაც იგულისხმე მარიამ, მაგაზე არ იდარდო. მოემზადეთ და ერთ საათში გამოგივლით.
- ამდენი ხანი რაში გჭირდება?
- გვჭირდება მარიამ, გვჭირდება. - თვალი ეშმაკურად ჩამიკრა და საჩქაროდ გავიდა ოთახიდან.



№1  offline წევრი blondeangel631

აი ეს მესმის ჩემი აზრით ის მძარცველები თი ბანდიტენი ეს 5 ნი არიან და გოგოები მალე გაიგებენ მათზე ♡ ♡ ♡

 


№2  offline წევრი Kristy

გეგე მარიშკა
აი ეს მესმის ჩემი აზრით ის მძარცველები თი ბანდიტენი ეს 5 ნი არიან და გოგოები მალე გაიგებენ მათზე ♡ ♡


 


№3 სტუმარი sesil

ძალიან მიყვარხაააარ რო ასეთ მაგარ ისტორია წერ და საშუალებას გვაძლევ ვიკითხოოოთ, არ დამიგვიანო იცოდე smiley smiley ისე ველოდები შემგედ თავს და ამათ პაემანს, ვითომ მამო მე მეპატიჟება

 


№4  offline მოდერი ტკბილიწიწაკა

ძალიან კარგიაა♥♥♥ ყოჩაღ მართლა არაჩვეულებრივადვწერ და ძალიან კარგად ანვითარებ თხრობას♥♥♥♥წარმატებები♥♥

 


№5  offline წევრი Kristy

sesil
ძალიან მიყვარხაააარ რო ასეთ მაგარ ისტორია წერ და საშუალებას გვაძლევ ვიკითხოოოთ, არ დამიგვიანო იცოდე smiley smiley ისე ველოდები შემგედ თავს და ამათ პაემანს, ვითომ მამო მე მეპატიჟება


✌✌ ???? მადლობა შენ საყვარელო გულშემატკივრობისთვის. ♥

ტკბილიწიწაკა
ძალიან კარგიაა♥♥♥ ყოჩაღ მართლა არაჩვეულებრივადვწერ და ძალიან კარგად ანვითარებ თხრობას♥♥♥♥წარმატებები♥♥


მიხარია, მიხარია, მიხარია, უზომოდ!!!! ♥♥♥♥ ჩემო კარგო, მადლობა რომ ჩემთან ხარ ♥

 


№6 სტუმარი სტუმარი elis

საინტერესო ისტორიაა , მაგრამ მოვლენებს ძალიან სწრაფად ანვითარებ. ზოგ მომენტში ვერც ვიგებ რა ხება

 


№7 სტუმარი სტუმარი დი კო

ახალს რატო აღარ ტვირთაავ ,საინტერესოა ძალიან და არ შეწყვიტო რაააა????

 


№8  offline წევრი Kristy

სტუმარი elis
საინტერესო ისტორიაა , მაგრამ მოვლენებს ძალიან სწრაფად ანვითარებ. ზოგ მომენტში ვერც ვიგებ რა ხება



გავიითვალისწინებ აუცილებლად relaxed

სტუმარი დი კო
ახალს რატო აღარ ტვირთაავ ,საინტერესოა ძალიან და არ შეწყვიტო რაააა????



არა, არა, არ შევწყვეტ, უბრალოდ ვეღარ მოვახერხე წერისთვის დრო დამეთმო (პირადი მიზეზების გამო), ყველას ბოდიშს გიხდით, ვინც ელოდებით და გპირდებით, რომ მალე დავბრუნდები kissing_heart kissing_heart მადლობააა დიდი heart_eyes

 


№9 სტუმარი სტუმარი დი კო

გელოდები მოუთმენლად❤❤❤

 


№10  offline აქტიური მკითხველი Chikochiko

კრისტი არ აგრძელებ ისტორიას? მეორედ წყვეტ, და გული მწყდება რომ არ გრძელდება. პასუხი მაინტერესებს, ყველანაირ მიზეზს გავიგებ

 


№11 სტუმარი სტუმარი ირინა

გაგრძელება აღარ იქნება ძალიან დამაინტერესა და მომეწონა

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent