საკუთარი თავის ძიებაში (თავი I)
ჩემმა "საძულველმა" საგვარეულომ ყველა იმ დაავადებით “დამასაჩუქრა”, რისი გადაცემაც მემკვიდრეობით შეიძლებოდა, სწორედ ამიტომ ვდგავარ ახლა ექიმის კაბინეტთან რიგში და ველოდები, როდის გადამაყლაპებენ ე.წ "ზონდს". პროცედურა, როგორც ამიხსნეს, ისეთი რთული აღარაა, როგორც გასულ საუკუნეში, მაგრამ დამეთანხმებით, ნათურის გადაყლაპვა არც სასიამოვნო უნდა იყოს.. "როგორც იქნა", ჩემი რიგიც მოვიდა. ჩემზე წინ დედაჩემი შერბის და აფორიაქებული შეჰყურებს უზარმაზარ აპარატს. გაოგნებული ექთანი ხან ერთს გვიყურებს ხან მეორეს, ბოლოს ექიმს გადახედა, იმანაც დაბნეულმა მხრები აიჩეჩა და კითხვით აღსავსე მზერა მოგვაპყრო. -პაციენტი მე ვარ, ეს აქტიური მშობელია-განვუმარტე. -ააა, ყველაფერი გასაგებია. სახელი, გვარი, ასაკი-დაიწყო სტანდარტული პროცედურები. ღმერთო, როგორ იწელება დრო.. არა, სულაც არ მეჩქარება ამ საშინელების პირში “ჩათხრა”, მაგრამ რაც მალე დავიწყებ, მალე მოვრჩები კიდეც.. სამსახურში მაგვიანდება.. გამოცდა მაქვს.. აი მომიახლოვდა, პირი მთელი ძალით გამაღებინა და ოლიმპიური სიმშვიდით დაიწყო მილის ჩაშვება, თან მითითებებსაც იძლევა, ღრმად ისუნთქე, შეწიე მუცელი, ჩაისუნთქე.. თითქოს რამის თავი მქონდეს.. სხვა რამეზე იფიქრე, თამარ, გადაიტანე ყურადღება-უნიჭოდ ვამხნევებ თავს და გონება ისევ სამსახურისკენ გარბის, ჯანდაბა, დღეს მართლა გამოცდა მაქვს.. ენერგიის უკანასკნელი ნასახი, რაც "ზონდის" კაბინეტიდან გამოსულს შემრჩა, ლაბორატორიაში დამატოვებინეს და საბოლოოდ, ფეხზე ძლივს მდგომმა დავტოვე საავადმყოფო, როგორ ვერ ვიტან ამ სიტყვასაც კი.. სამსახურში მივედი თუ არა, ორი საათიც შესრულდა, ჯანდაბა, ყავის დალევასაც კი ვერ ვასწრებ! საგამოცდო ბილეთების დასტას მოვკიდე ხელი, ზედ უამრავი საჭირო ნივთიც დავაწყვე და მესამე სართულისკენ დავიძარი, თავს სუსტად ვგრძნობდი – ოღონდ სადმე არ წაიქცე-მაფრთხილებდა გონება. როგორღაც უსაფრთხოდ მივაღწიე ოთახამდე და დაიწყო.. ********* საქართველოში ექვსწლიანი სწავლება რომ დავამთავრე და მართვის მოწმობაც ავიღე, ყოველ ღამე ტაქსის ნიშნები მესიზმრებოდა.. აბეზარმა ფიქრებმა დიდხანს რომ არ დამანება თავი და არც დასაქმების საიტებმა გამიწია დახმარება, გადმოვიღე ჩემი უზარმაზარი ჩემოდანი, "გვამის ჩანთას" რომ ვეძახდით ხუმრობით და პირველივე სამაგისტრო პროგრამაზე, რაც თვალში მომხვდა, სასწავლებლად გავიქეცი.. უკანმოუხედავად გავიქეცი.. რა თქმა უნდა, არც ასე მარტივად ყოფილა საქმე, უმრავი დაბრკოლების გადალახვაც მომიწია და ლიტვაში ჩემი ცხოვრება ხომ ცალკე ამბავია, რომელზეც ადრე თუ გვიან აუცილებლად დავწერ, მაგრამ ახლა, ახლა მთავარ სათქმელს მივუბრუნდეთ.. მას შემდეგ, რაც სამშობლოს კვალიფიკაცია-ამაღლებული, მოტივირებული და სწავლებას მოწყურებული დავუბრუნდი, უფრო ინტენსიურად დავიწყე სამსახურის ძიება და ჰოი, საოცრებავ, ერთ დღესაც მართლაც დამიბარეს გასაუბრებაზე.. მთელი რიგი დამღლელი პროცედურების, შემოწმების, გადამოწმების, სირბილის და ნერვიულობის მერე, პირველ სამუშაო დღეს გავიაზრე მხოლოდ, რომ მართლა ამიყვანეს! ********* ძლივს დავლასლასებ მერხებს შორის, ვგრძნობ, ენერგია საერთოდ აღარ მაქვს, თავს გაჭირვებით ვიმაგრებ, რომ სკამამდე მივაღწიო, აი ოთხი ნაბიჯი დამრჩა.. სამი.. ორი.. მორჩა.. დაცემის ხმა არ გამიგია, არც ტკივილი მიგრძვნია, მგონი შეგრძნებები საერთოდაც გამიქრა, მაგრამ მაინც, მაინც ვგრძნობ ნაცნობ სურნელს, ცხვირს მიწვავს, რეცეპტორებს მიღიზიანებს, შევიშმუშნე, მაგრამ თვალებს ვერ ვახელ, არც მჭირდება, ისედაც ვიცი, რომ ისაა.. მისი ცხელი სუნთქვა მთელ სახეზე, ყელზე მეცემა და უფრო მითიშავს, ისედაც დაბინდულ გონებას.. ნერვიულობს, ვგრძნობ.. ხელში ავყავარ და გულზე მიკრავს, წუთში ათასჯერ უცემს პულსი.. განვიცდი, მაგრამ ქვეცნობიერი მაინც ზეიმობს.. ნერვიულობს, შეეშინდა, ე.ი მისთვის სულერთი არ ვარ.. მისი ხმა ძლივს სწვდება ჩემს ყურთასმენას, თვალების გახელას მთხოვს, თავს ძალას ვატან, მაგრამ არ შემიძლია.. -არ დამტოვო, გთხოვ-ჩამჩურჩულა. გაღიმება ვცადე და მგონი გამომივიდა, პულსი შედარებით დაუწყნარდა.. ნირვანაში გადასულს სასწრაფო დახმარების მანქანის სირენის ხმა ჩამესმის, საკაცეზე დამაწვინეს და ყველაფერი უზარმაზარ ბურუსში ჩაინთქა.. ********* -შეუძლებელია ჩვენი ერთად ყოფნა, 6 წელია ჩვენ შორის სხვაობა, რატომ არ გესმიის?! მთელი ექვსი წელიი -ხუთნახევარი! -ხუმრობ კიდეც? -პუგაჩოვას სინდრომი გაქვს მგონი-ახარხარდა ბოროტულად. -თავი დამანებე, გამიშვი!-ხელი გავაშვებინე და გავიქეცი. მალევე ვიგრძენი მძიმე სხეულის მოჯახება, ხელები მჭიდროდ შემომხვია და ყურში ჩამჩურჩულა: -ძლივს გიპოვე და სად უნდა გაგიშვა?! მიყვარხარ! ********* პირველად ვაღიარე საკუთარი თავის წინაშეც კი, ხმამაღლა კიდევ უფრო საზარლად ჟღერდა: -ჩემი სტუდენტი შემიყვარდა!–თითქოს დრო ამ წამს გაჩერდა. ვუყურებდი მის გაოგნებულ სახეს და ველოდი სკანდალს, ჩხუბს, ლექციას პედოფილიაზე, მუქარას, პანიკას. თავი ჩავხარე და მოსალოდნელი უსიამოვნებისგან შემაჟრჟოლა.. –რამეს მოვიფიქრებთ!–გაოგნებისგან თვალები შუბლს უკან გადამივიდა. თავი ავწიე და შეშინებულმა შევხედე, ბოლო ყლუპი მარტინიც მოსვა და მშვიდად დადო მაგიდაზე ჭიქა. აი, ამიტომ მიყვარს ასე სხვანაირად! ჩემი სულის ნაწილია ის და ასეთი მეგობრობის მჯერა მხოლოდ მე... ********* მიუხედავად იმისა, რომ სიმაღლის შიში მაქვს, ყველაზე მეტად ახლა რაც მინდა ისაა, რომ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის სახურავზე ვიწვე, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას შევყურებდე და იმ დაწყევლილ ვარსკვლავზე ვფიქრობდე, მე რომ გავჩნდი.. მინდა ყველა გაქრეს ამ სამყაროში და საკუთარ თავთან მარტო დარჩენის უფლება ერთხელ მაინც მივიღო, სულ რამდენიმე წუთით მაინც.. მინდა ვიყვირო, ბოლო ხმაზე ვიყვირო.. მინდა ყველა ის ტკივილი ამოვუშვა შიგნიდან, რაც მჭამს და სუნთქვის საშუალებასაც არ მაძლევს, მინდა გავთავისუფლდე, მინდა თვალები დავხუჭო, გავახილო და ყველა პრობლემა იმ იმედივით გამქრალი დამხვდეს, უკანასკნელი რომ აღმოჩნდა და საბოლოოდ მომისპო ბედნიერების ყველა შანსი.. მერე, მერე ყველაფერი "ჩვეულ რიტმს" დაუბრუნდება, რა თქმა უნდა, აღარაფერი იქნება ისე, როგორც ადრე, მაგრამ რიტმი, დღევანდელი ცხოვრების გადარეული რიტმი არავის ინდობს.. ისევ წახვალ სამსახურში, ისევ შეასრულებ სულელურ დავალებებს, ისევ იმ დროს დაბრუნდები სახლში, მოისმენ დედის მონოლოგებს და მხოლოდ იმიტომ დაეთანხმები ყველაფერზე, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაიძვრინო თავი.. ისევ იტირებ ბალიშში თავჩარგული უხმოდ, ისევ აარიდებ დილით მზერას ოჯახის წევრებს, მაკიაჟით შეეცდები წაშლილი სახის დაფარვას და ხეში გამოკვეთილი ღიმილით წახვალ სამსახურში.. ისევ.. ისევ.. ისევ.. რა მოხდებოდა „პირში თქმის“ საერთაშორისო დღე რომ არსებობდეს? ასე, უბრალოდ, მარტივად, მიხვიდოდი ადამიანთან, ეტყოდი, რომ გამოუსწორებელი იდიოტია, არაფერი ეშველება და ძალიან წუხხარ, რომ მასთან ურთიერთობა გიწევს.. ეტყოდი, მიუხედავად მისი სტატუსისა, თანამდებობისა.. მეორე დღეს კი ყველაფერი ჩვეულებრივად გაგრძელდებოდა. ის არ იქნებოდა ნაწყენი, ამის უფლება არ ექნებოდა. შენ კი გულმოოხებული მშვიდად განაგრძობდი იდიოტების ატანას შემდეგი 364 დღე იმ იმედით, რომ მალე ისევ მოვიდოდა „პირში თქმის“ საერთაშორისო დღე და გულში ნადებს სრულიად კანონიერად, მორალურად და სუფთა სინდისით გადმოანთხევდი, თან არც სამსახურს დაკარგავდი და არც არაფერს, სრულიად არაფერს.. ფიქრებში ჩაძირული საიდანღაც "გაჩენილმა" ვალსის ხმამ გამომიყვანა, ჩემს ყურსასმენებში რომ გაჰკიოდა და იმაზე უფრო მეტად მოქმედებდა ნერვებზე, ვიდრე მაშინ, როცა მაიძულებდნენ ის დამეკრა.. მახსოვს, როცა პირველად გამოვუტყდი საკუთარ თავს რომ მიყვარდა, სარკესთან ვიდექი და ჩემს, ბედნიერებისგან აციმციმებულ თვალებს ვუყურებდი, მაშინ მივხვდი, რომ მასში დაკარგული "მე" ვიპოვე, 10 წლის წინ დაკარგული საკუთარი თავი ხელახლა აღმოვაჩინე, აი, ახლაც ვდგავარ სარკის წინ და ვხედავ, არა მხოლოდ ვგრძნობ, ვხედავ კიდეც, როგორ ვიცრიცები, ვიკარგები, ნაწილებად ვიშლები, ვქრები, ნელნელა ვქრები და ძლივს ნაპოვნი სიმშვიდეც მიჰყვება ყველაფერს.. სარკეში გამოსახულებას კვლავ ვუსწორებ თვალს, შედეგი აშკარაა: მე, მე აღარ ვარ!! თითქოს ჩემი აურაც ქრება ოთახიდან და გაუცხოების შეგრძნება არ მასვენებს.. პირველი დილა გათენდა შენი "დილა მშვიდობისა"-ს გარეშე და საკუთარ თავს მხოლოდ ერთ კითხვას ვუსვამ: გათენდა კი?! საწოლიდან ნელა, ზლაზვნით წამოვდექი და მობეზრებულად დავიწყე ჩვევაში გადაზრდილი საქმეების კეთება, ცხელი ყავა ჩამოვასხი და მის სურნელზე ოდნავ გამოფხიზლებულმა უცებ შევკივლე: –პეპერი, ღმერთო!– მოხდენილად დაცურავდა წყლის ზედაპირზე, პირს სასაცილოდ აფჩენდა, ჩემ დანახვაზე მთლად გადაირია, აკვარიუმის კიდეებს აწყდებოდა, საჭმელს ელოდა.. –გეგონა, დამავიწყდი?–დაფხვნილი საჭმელი ნელა ჩავუყარე და შუშიდან მივეფერე.. ************* ყოველ წუთს საათს ვუყურებდი, არა და არ ეღირსა 6 საათს მოსვლა, საოცრად გადაღლილს ერთი სულიც აღარ მქონდა, როდის წავიდოდი სახლში.. ახალი წლის წინა დღეები იყო და უამრავი საქმე გვქონდა.. –ჯერ არ წახვიდე სახლში, გთხოვ, მეტროსთან შემხვდი–მომწერა. –რაო? ხო არ გაგიჟდი? ხო იცი როგორი დაღლილი ვარ–მაშინვე გადავურეკე. –ძალიან გთხოვ–ესღა მითხრა და გამითიშა. ჯაჯღან–ჯაჯღანით და ბუზღუნ–ბუზღუნით წამოვედი.. –რა ხდება, აღარ იტყვი?–მივწერე გზიდან. –ვიღაც უნდა გაგაცნო.. –რაოო?? გამორიცხულია – ჯანდაბა მაკიაჟი მაინც გამეკეთებინა, რაღა დღეს მოუნდა.. შორიდან კარგად დავათვალიერე, აშკარად მარტო იყო, ნელა მივუახლოვდი –აბა ვინაა? სადაა? –10 წუთიც დამელოდე, გთხოვ–სიტყვის თქმაც არ მაცადა, გაურკვეველი მიმართულებით გაიქცა.. ცოტა ხანში შუშის ყუთით ხელში დაბრუნდა, ყოველ შემთხვევაში შორიდან ასე მომეჩვენა, მასში დახვეული ქაღალდი, წყლით სავსე პარკი და ყუთები ელაგა.. –ხოო, ამისთვის მალოდინე?–ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული ვჩანდი.. –შენ რა ვერაფერს მიხვდი? –უნდა მივმხვდარიყავი? მხოლოდ სახლში ამოსულმა, ჩემ წინ, მისი ხელით აწყობილ აკვარიუმში მოცურავე წითელქუდა რომ დავინახე, გავიაზრე, რომ თევზი მაჩუქა... თევზი, რომელზეც ბავშვობიდან ვოცნებობდი.. –პეპერი დავარქვათ, ხო? –როგორც ლუის თევზს?–გამეცინა. –ხოო.. –მიყვარხარ! –ახალ წელს გილოცავ! მაპატიე, ვერ მოვითმინე 31მდე... ************* ოქტომბრის დასაწყისია ჯერ მხოლოდ, მე კი „ზამთრის ხალათში“ გამოწყობილი ვზივარ ფანჯრის რაფაზე და უშედეგოდ ვცდილობ ხელების ცხელი ჩაის ჭიქაზე გათბობას, ერთიანად ვკანკალებ, გამათბობლისკენ ნელნელა ვჩოჩდები და ვცდილობ ჩემი პრობლემების უგრძეს სიას დამწვრობა მაინც არ დავუმატო, ვერაფრით ვთბები, კანკალი მთელ სხეულზე მომედო და ახლა უკვე შესამჩნევად ვცახცახებ.. -სულის გაყინვას ჩაი ვერ უშველის-ჩამსისინებს ქვეცნობიერი და მასზე თუ საკუთარ თავზე გაბრაზებული ჩაის ჭიქას იატაკზე ვისვრი.. ვხედავ, როგორ იჟღინთება მოწითალო სითხით დედაჩემის საყვარელი ხალიჩა, ამ რამდენიმე დღის წინ რომ გაარეცხინა.. ოთახი მარწყვის სურნელებამ მოიცვა და იმ წამს შემოსული, ყნოსვაგამძაფრებული ნინოს ყურადღებაც მიიპყრო.. -შენ კიდე მანდ ზიხარ, გოგო? რა კარგი სუნია, აუუ აცივდაა-ავტომატის ჯერივით მომაყარა და გამათბობელთან აიტუზა. -ამოისუნთქე-ამდენი ხნის შემდეგ პირველად, გულწრფელად ჩამეღიმა. -ადექი, ჩაიცვი-მომიბრუნდა უცებ. -არაა-მოვიბუზე და ისე მოვიხვიე ხალათი, გეგონება ნინო შემოხევას მიპირებდა. -როდემდე უნდა იჯდე მაგ ფანჯარაში, გოგო?-ყვირილზე გადავიდა უკვე-საკუთარ ცხოვრებას შენივე ხელით ინადგურებ, ნერვებს იწამლავ, მე შორიდან უნდა გიყურო და არაფერი ვქნა ხო? არაა, ამჯერად აღარ გავჩუმდები, ახლავე ჩამოდი, კატასავით რო შემომჯდარხარ მანდ-ჩემკენ წამოვიდა სწრაფი ნაბიჯით და ისე უცბად აღმოჩნდა იატაკზე გართხმული, "სამალავიდან" ჩამოხტომას ვერც მოვასწრებდი. ოთახი ჩემმა გამაყრუებელმა ხარხარმა მოიცვა.. -ავდგებოდე ერთი აქედან, გიჩვენებდი როგორ უნდა დაცინვა, ამასაც თუ საუკეთესო მეგობარი ჰქვია რააა-აჯაჯღანდა და თან უშედეგოდ ცდილობდა წამოდგომას. -მორჩი?-ამომღრინა, როცა ძლივს დალაგებული სახით წამოვადექი თავზე. უხმოდ დავუქნიე თავი. -მოიცა, ტკბილი რატო ვარ? ახლა არ მითხრა, რომ-თვალი სკამის ქვეშ დაგდებულ ჩაის ჭიქას გაუსწორა და განწირულმა შემომხედა. ახალი ძალით იფეთქა ჩემმა ხარხარმა. რამდენიმე საათში უკვე სარკის წინ ვიდექი და მობეზრებული ვიცვამდი პირველივე, ხელში მოხვედრილ ტანსაცმელს. -ეგ არაა, აი ეს ჩაიცვი-გადმომიგდო გრძელი, შავი კაბა და თმის გაშრობა გააგრძელა. -სად მივდივართ, შეიძლება გავიგო?-წავუსისინე. -დაინახავ, რომ მივალთ-ფენი გამორთო და ჩემ გარდერობს მიუტრიალდა-აქ რამე ჩემი ზომა მოიძებნება ნეტა? –დათო წაგვიყვანს–მითხრა სადარბაზოდან გასულს. –რისთვის შეაწუხე ადამიანი, ტაქსით ვერ წავიდოდით?–ავჯაჯღანდი. –გეკადრება?–დათო მანქანიდან გადმოსულიყო და მშვიდად მიღიმოდა–თან ისეთ ადგილას მივდივართ, ტაქსით ვერ გაგიშვებდით–თვალი ჩამიკრა და ნინოს ჩაეხუტა. –ნეტა ვიცოდე, რას მიპირებენ–ჩავიბურტყუნე და მანქანაში ჩავჯექი, ისე ბნელოდა, გზა არც ჩანდა, აღარც მიწვალია იმის გასაგებად, სად მივდიოდით, ბედს თუ მეგობრებს მივენდე და იქამდე აღარც ამომიღია ხმა, სანამ დათომ მანქანა არ გააჩერა და სარკეში არ გამომძახა: –მოვედით, თამო.. ********** შავნაბადას მონასტერთან ვიყავით.. –ამ დროს აქ ყველას ეძინება–ვუთხარი გაკვირვებულმა. –ყველას, გარდა იმისა, ვინც გველოდება. დათომ ჭიშკარი გააღო და შიგნით შეგვიძღვა მე და ნინოს, მამა ტარიელი, დათოს მოძღვარი და დიდი ხნის მეგობარი, თავის კელიაში გველოდა.. –არ მეგონა, თუ აქ ამომიყვანდი–გადავუჩურჩულე ნინოს. –დროა, სიმშვიდე და პასუხები იპოვო–გამიღიმა. რამდენიმე საათი დავყავით იქ, მამაო სასიამოვნო მოსაუბრე აღმოჩნდა, ბევრი რამ მოგვიყვა, თავისი ცოდნა და გამოცდილება გაგვიზიარა, მე თითქმის ჩუმად ვიჯექი, იშვიათად თუ ამოვიღებდი ხმას, საიდანღაც მოსულმა სიმშვიდემ მოიცვა ჩემი სხეული და სულიც კი.. წამოსვლის წინ მამაოს მივუბრუნდი: –როგორ მოვიქცე?–ვკითხე მე. –ოცნებებს მიჰყევი–მიპასუხა მან. –ყველა გზა მისკენ მიდის–ჩავიბუტბუტე მე. –რა თქმა უნდა–გამიღიმა მან. –ვაპატიო? –გულს მოუსმინე–დამლოცა მან. გამარჯობა ^-^ ჩემი პირველი ისტორიაა, რეალური ამბის ელემენტებით <3 იმედია, დაგაინტერესებთ.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.