შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

პაემანის დღიურები. თავი 2. ჩაშლილი პაემანი


12-02-2018, 04:15
ავტორი anushka 5
ნანახია 1 605

მანქანის ფარების სინათლემ გამომაფხიზლა. გული, რასაც ჰქვია, ფეხებში გამეპარა სიხარულისგან და შვებით ამოვისუნთქე. მის ახალთახალ „პორშე კაიანს“ უკვე ვცნობდი. არა, თავიდან ვერ ვცნობდი, მაგრამ პარასკევს, ჩემი წამოყვანა თავის თავზე რომ ითავა, მაშინ ვკითხე, თუ რა მანქანა იყო. ისეთმა გაოცებულმა შემომხედა, მეგონა, ახლა გამიღებდა კარს და მანქანის დატოვებას მიბრძანებდა. ჰოდა, მაშინ ამიხსნა, რა მოდელიც იყო.
ამ კორპუსში ცხოვრების მანძილზე პირველად ვინატრე, რომ რომელიმე ყველაზე ჭორიკანა მეზობელს ზუსტად ახლა გამოეყო თავი და დავენახე - მე, სესილი, როგორ ვჯდებოდი ცოტა გაჭირვებით, მაგრამ ამაყად,
ახალთახალ „პორშე კაიანის“ ბოლო მოდელის ჯიპში მაგრამ ჩემი ბედის ამბავი რომ ვიცი, ფანჯრიდან მარტო მაშინ იხედებიან ჩემი ჭორიკანა მეზობლები, როცა ტაქსიდან ნასვამი ვცდილობ გადმოსვლას, ორ ფეხზე რომ ვერ ვდგები და ოთხით მივდივარ ლიფტამდე.

ჩავჯექი მანქანაში და სახეგაბრწყინებულმა შევხედე მას. არაჩვეულბრივად გამოიყურებოდა ეს ბიჭი, ყოველ შემთხვევაში, კარგად ჩაცმული მაინც იყო. ყველა პუნქტს, რომელიც იდეალური მამაკაცის აღმნიშვნელ სიაში მქონდა, მწვანედ ,,პწიჩკავდა“. საოცარი სუნამო ესხა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ვერ ვერკვევი სუნამოების სახელებსა და ბრენდებში და პირველი გადაწყვეტილება, რაც მივიღე, იყო ის, რომ არც უნდა გამეგო, რა ერქვა მის სუნამოს, რათა როცა დავშორდებოდით, „დრამაქვინობის“ შემოტევებისას უკანასკნელი ფულით ეს სუნამო არ მეყიდა და ბალიშებზე არ მეპკურა.

- ხომ გითხარი, რომ მოვალ, დაგირეკავ და მერე ჩამოდი-თქო. მაინც დამაგვიანდა ის ათი წუთიც კი, რაც დავაანონსე. - მითხრა საყვედურნარევი ტონით. ახლა გასაგებია, ბოლოს რომ დარეკა, რა მითხრა, მე კიდევ არც კი მოვუსმინე.

- ჰოო, რა ვიცი, ამ წამს ჩამოვედი და შემოხვედი კიდეც ეზოში, ასე რომ, ეგ არაფერი! - შევხედე და გავუღიმე, რადგან დარწმუნებით შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან მომხიბვლელი ღიმილი მაქვს.

- ჰო საშინელი საცობი იყო, პლატოზეც თუ დაიწყო საცობები, არ მეგონა.

- ხდება ხოლმე, - ვუთხარი უინტერესოდ. რას არ მივცემდი ახლა სიგარეტის ერთი ნაფაზის გამო, მაგრამ „№6“ არ ეწეოდა, სპორტულ ცხოვრებას მისდევდა და დიდი შანსია, არც მწეველი გოგოები მოსწონდეს. არც მანქანში დგას თამბაქოს სუნი. თითების ტკაცუნი დავიწყე და მერვე თითის გატკაცუნებასაც რომ მოვრჩი, მერე გამახსენდა დედაჩემის ნათქვამი: - „უზრდლობაა ეგ და სხვების ნერვებზე მოქმედებს, ეგებ არასდროს მექნა ხალხთან!“ - იყო ამაში სიმართლის მარცვალი. ორივემ მდუმარედ ჩამოვიარეთ პლატოს დამრეცი გზა. მე ყველა სიტყვა დამავიწყდა, ის კიდევ საერთოდ არ აპირებდა ლაპარაკს. ალბათ, ნანობდა კიდეც, რომ დამპატიჟა.

- რას უსმენ? - დაარღვია ყველაზე გოიმური კითხვით სიჩუმე. მთელი უბედურება კიდევ იმაში მდგომარეობდა, რომ რას ვუსმენდი, თავადაც არ ვიცოდი. ბევრი მომღერლის არც სახელი ვიცი, არც სიმღერის სათაური, ისე ვუსმენდი ხოლმე, რადგან ან მელოდია მომწონდა, ან ტექსტი. ჰოდა, ასე როგორ ჩამოვუთვალო? და თუ გულწრფელობაზე მიდგა საქმე, გუშინ ღამე ვაგნერის ოპერას ვუსმენდი. ჰოდა, სანამ გაფიქრებას მოვასწრებდი, წამოვიძახე:
- ვაგნერს!
მანქანა ისე დაამუხრუჭა, ღვედი რომ არა, რამეს შევასკდებოდი. ჯერ ვიფიქრე, ჩემმა პასუხმა ჩააგდო შოკში, მაგრამ საბედნიეროდ, გაირკვა, რომ წინა მანქანამაც დაამუხრუჭა. „№6“-მა შეიგინა, მერე მომიბოდიშა, რომ აღელდა, საპასუხოდ მხოლოდ გავუღიმე და შვებით ამოვისუნთქე, რადგან ჩემი ვაგნერი უკომენტაროდ დარჩა. ახლა ჩემი ჯერი იყო კითხვის დასმის.

- სად მივდივართ, თუ საიდუმლო არაა?

- სად და... ძალიან საინტერესო ადგილას. მოგეწონება! დიდად ორიგინალური არ ვარ, მაგრამ სამაგიეროდ, რომანტიკული ვარ. ჰოდა მენდე, ხომ მენდობი?
სანამ რამეს ვეტყოდი, თავისი მარჯვენა ხელით ჩემი ხელი მოძებნა, აი, ის ხელი, რომელზეც ბოლო ორი გასატკაცუნებელი თითი დამრჩა და თბილად მომიჭირა. სანამ დანიშნულების ადგილას არ მივედით, არც გაუშვია. თავიდან გამიხარდა, ასე რომ მოიქცა. გრძელი თითები ჰქონდა, ცხელი ხელები. ვცდილობდი, არ მეფიქრა ამ ხელებზე, რომლებიც ადრე თუ გვიან (ან თუნდაც ახლავე ყოფილიყო, მზად ვიყავი) ჩემს კანზე ისრიალებდა და შეისწავლიდა ჩემს სხეულს. ახლიდან აღმოაჩენდა... სითბო, სიჩუმე, მისი სუნამო - ეს ყველაფერი თავბრუს მახვევდა და მგონი, მასველებდა კიდეც. მაგრამ მერე გულში ეჭვმა გამკრა, იქნებ იცოდა, რომ ის ორი თითი ზუსტადაც რომ მარცხენა ხელზე დამრჩა გასატკაცუნებელი და ხელი იმიტომ დამადო, რომ არ უნდოდა, ისიც გამეტკაცუნებინა. ნამდვილად ასე იქნებოდა, სხვა მიზეზი უბრალოდ წარმოუდგენელია იყოს...

მანქანა გააჩერა. ღვედი რომ შევიხსენი, შემაჩერა: - მოიცადე ერთი წუთითო. მანქანიდან გადმოვიდა და კარები თავად გამიღო. კინაღამ იქვე ჩავიკეცე სიამოვნებისაგან, უფრო სწორად, თვალებში რომ ავხედე მადლიერი მზერით, მაშინ წამოვდე ფეხი რაღაცას.
გახარებულმა მამცნო: - ხედავ, მახსოვდა, რომ მითხრი, მომწონს, როცა კარებს მიღებენო...
პირზე ღიმილშეყინულმა დავუქნიე თავი და გონებაში უკან გადავახვიე ორი დღე - პარასკევს მომიყვანა სახლში. პლატოს აღმართზე ამოსვლის დროს, მანქანაში ვუყვებოდი, თუ რა კარგი სპორტია კალათბურთი და როგორ მომწონს. ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ფეხბურთელი იყო. შესაბამისად, როგორც კი მითხრა, იმდენად დავიბენი, რომ ვერაფერი მოვიფიქრე და ისღა ვკითხე: - ფეხები გაღუნული გაქვს თუ სწორი-მეთქი?
გაოცებულმა შემომხედა და მანქანაც გააჩერა - როგორ განახო აქო?
- როგორ და, ხომ უნდა გამიღო მანქანის კარი? - ისეთი სახით შევხედე, თითქოს მთელი ცხოვრება ამის მეტი არაფერი უკეთებიათ ჩემთვის.

- აჰ, ხო.
მიპასუხა და მანქანიდან გადმოვიდა, წინიდან შემოუარა და კარი გამიღო. მე კიდევ უფრო დაბნული მის ფეხებს მივაშტერდი, რომლის ფორმა ჯინსებში არ ჩანდა და მერე უაზროდ შევცინე.
- ლიფტიც ხომ არ გამოგიძახო? - ვერ მივხვდი, გულწრფელი იყო თუ უფრო ირონიული. უარის ნიშნად თავი გავაქნიე, ხელი დავუქნიე და უკანმოუხედავად წამოვედი. გადაკოცნა მეზედმეტა. სახლში მოსვლისთანავე, მისი ფოტოები „დავგუგლე“. „ფეისბუქში“ ვერ ვნახე, „ინსტაგრამზე“ კიდევ დახურული გვერდი ჰქონდა. ამიტომ გულის ამარა დავრჩი. რამდენიმე ყვითელ ჟურნალში მის შესახებ ამოვიკითხე ამბები. მის ყოფილ, უმშვენიერეს შეყვარებულებს და ნაშებს გადავავლე თვალი და იმედგადაწურულმა ლეპტოპი და მასზე ფიქრი ერთდროულად დავხურე.

რესტორანი, სადაც დამპატიჟა, საკმაოდ პრესტიჟულად ითვლება. მე კიდევ პირველად ვარ აქ. დიდად არ ვწყალობო, ვერ ვიტყვი, უბრალოდ, ჩემი უმუშევრობის გადამკიდე, ყავისა და ჩაის სახლებს, პიცერიებს უფრო ხშირად ვსტუმრობ, ვიდრე ასეთ ადგილებს. იმ ფასად, ის ერთი თავი კერძი, რაც აქ მომივა და მერე ნახევრად მშიერი უნდა წამოვიდე სახლში, სხვა დაწესებულებაში იმდენი საჭმლის შეკვეთა შემეძლო, რომ გამვლელსაც ვაჭმევდი, გამომვლელსაც და რაც დამრჩებოდა, სახეზეც წავისვამდი.
ყველანაირად ვეცადე, არ შემემჩნია ფეხების კანკალი. მესამე სართულზე ავედით, საიდანაც უმშვენიერესი ძველი თბილისის ხედი გადაგვეშალა თვალწინ. აი, როცა ქურთუკების გასახდელთან დავდექით, იქ გამკრა გულში ცუდად, რომ მე ასეთ ადგილას პიჟამოთი წამოვედი. არა! აქამდე რას ვფიქრობდი? რას ველოდებოდი, რატომ გავაკეთე ასე? ამ ფიქრში გახევებული, ხელებით უფრო შემოვიხვიე ჩემი გრძელი პალტო. „№6“-მა სახელი და გვარი შეახსენა ოფიციანტს. როგორც ჩანს, მაგიდა წინასწარ ჰქონია დაჯვშნილი, თუმცა დაბაზი ნახევრად ცარიელი იყო. უცებ მთელი სიცხადით ვიგრძენი, რა უპასუხისმგებლოდ მოვიქეცი. ძალიან მომინდა, მისთვის მკლავში წამევლო ხელი და მეთხოვა, რომ სხვაგან წავსულიყავით.
თუნდაც სადმე საშაურმეში, მერე რა, რომ ხალხში ვამბობ, ვერ ვიტან შაურმას-თქო? ისე კი ძალიანაც მიყვარს. ჯანდაბას, სახინკლე იყოს, პიცერია იყოს, ან საერთოდ, მაკდონალდსში გავიაროთ და მერე მანქანაში ვჭამოთ. რაზე ვფიქრობდი საერთოდ??

- ჰა, არ შემოხვალ?- გამომაფხიზლა "ექვსმა". მეც რაღა დამრჩენოდა. გავიხადე პალტო და იატაკზე თვალებმიშტერებულმა მივაწოდე ისე, რომ მისთვის არ შემეხედა, მისი სახე რომ არ დამენახა.

- ეს რა გაცვია? - ვერ დამალა გაოცება "ექვსმა".

- აკი მითხარი, როგორც გინდა, ისე წამოდიო. არ ვიცოდი, თუ ასეთ ადგილას მომიყვანდი მართლა...

ეს მართლა ისე საცოდავად ვთქვი, კიდევ ერთი საყვედურნარევი ბგერაც და ავტირდებოდი. სახე, ყურები, ლოყები, მთლიანად მიხურდა... ღრმად ჩავისუნთქე და ამაყად გავყევი. მხოლოდ წინ ვიყურებოდი და ჩემდა ჭირად, კარგად ვხედავდი, წინა მაგიდებთან მსხდომი ადამიანები როგორ უთითებდნენ ერთმანეთს ჩემზე. როგორც იქნა, დასრულდა სირცხვილის ხეივანი. ჩვენს მაგიდასთან დავსხედით. ყურებში სელინ დიონის სიმღერა ჩამესმოდა, ჩემი იმედების ტიტანიკი საბოლოოდ ჩაიძირა და სქელი ყინულიც გადაეფარა. მივხვდი, რომ ეს იყო მეორედ მოცემული უკანასკნელი შანსი, რომელიც როგორც ყოველთვის, ვერ გამოვიყენე. მაგრამ ჯერ კიდევ რას წარმოვიდგენდი, რომ ეს ყველაფერი დასწყისის დასასრული თუ დასასრულის დასაწყისი იყო? მოკლედ, ჯოჯოხეთი.

მაგიდასთან მსოფლიოში ყველაზე უხერხული დუმილი ჩამოვარდა. ხმას არ ვიღებდი. საბედნიეროდ, ოფიციანტმა მენიუ დაგვიდო და როგორც იქნა, საქმით დავკავდი. პირველი გვერდი გადავფურცლე. აი, აქ კი დაიწყო ჯოჯოხეთი. ისეთი ფასები ეწერა, ყველაზე იაფიანი კერძიც კი ძალიან ძვირი ღირდა. მე კიდევ ახლა გამახსენდა, რომ დღეს საერთოდ არ მქონდა საჭმელი ნაჭამი. აი, დილემა. ახლა რომ შვუკვეთო, რაც მინდა, არ მინდა, რომ იფიქროს, რომ უნახავი ვარ, თან ჩემი რომელიღაც „მე“ მეუბნებოდა, რომ მაინც ბოლო შეხვედრაა და სჯობდა, კარგად გამომეყენებინა, მერე სადმე საუბრისას კი აუცილებლად ვახსენებდი ამ რესტორანს და ჩავაკვეხებდი, რომ გემრიელი კერძები ჰქონდათ. ხორცის სტეიკი ფორთოხლის სოუსით და ქარის წვნიანი ბამბუკის ფოთლებით მოვნიშნე გონებაში და მდუმარების გასაფანტად, ექვს ნომერს ვკითხე, თავად რას უკვეთავდა.
- მე აქაური ორაგული მომწონს ალუბლის სოუსით და სოკოს წვნიანი აქვთ საოცარიო.
- მარხვაზე ხარ? - ვაჯახე პირველივე, რაც თავში გამკრა, და როგორც ყოველთვის, ენაზე ვიკბინე. ჩვეული გაოცებული მზერა, მერე თბილი ღიმილი, წვერი მოიფხანა და თავი გააქნია.

- არა, ძალიან გემრიელად აკეთებენ. თუ მენდობი, შენც გირჩევ.

თავი დავუქნიე და შვებით ამოვისუნთქე, რომ ეს მენიუ და საჭმელების შერჩევა მოშორებული გვქონდა. როგორც კი მენიუ დავკეცეთ და დავდე, მაშინვე მოვიდა ოფიციანტი და ჩვენი შეკვეთა ჩაინიშნა, მერე კი შეგვეკითხა, თუ რას დავლევდით.

- მოდი, ქალბატონს მივანდოთ არჩევანი. - ღიმილით შემომხედა ექვსმა ნომერმა. მაგრამ მე ისეთი ,,მე მიკეთებ ამაას?" სახით შვხედე, ღიმილი ვერ დამალა.

- ღვინო, თუ შეიძლება თეთრი, ქისი, წყალი და ერთი ჭიქა კაკაო.

-კაკაო? - გაოცებულმა ვკითხე.
- არ გიყვარს?
- კი, მაგრამ ახლა არ მიფიქრია დალევა.

- შენ პიჟამოს მოუხდება!
როგორც იქნა, გამაგებინა მიზეზი, თუ რატომ შეუკვეთა კაკაო. გამეცინა, ეგ არის, რომ ვერ ვიხსენებ, გულიანად თუ ნერვიულად. რადგან საკუთარი თავით ყოველმხრივ უკმაყოფილო ვიყავი და კატეგორიულად ავკრძალე ლაპარაკი, რადგან იმდენად მომწონდა ექვსი ნომერი, რომ ზედმეტი მონდომებისაგან უკვე სისულელეებს ვროშავდი.
პირველად გავიაზრე როდესღაც ვიღაც ბრძენის ნათქვამი: დუმილი ოქროა, მთელი სიბრძნე და დიდებულება, პარალელურად კი გულში იმ ადამიანის დალოცვა დავიწყე, ვინც ოდესღაც დაამკვიდრა პაემნები - დანა-ჩანგლის ფონზე. ამასობაში, კაკაოც მოიტანეს და ღვინოც. ოფიციანტმა ღვინის მოკლე ისტორია მოგვიყვა, - სად, ვინ, რატომ დაწურა. უინტერესოდ მოვუსმინე, მერე კი დაასხა. მაშინვე ვტაცე ჭიქას ხელი და მივიყუდე. რამდენიმე ყლუპში გამოვცალე და რადგან ყველაფერი უკვე კატასტროფულად გაფუჭებული იყო, აზრი აღარ ჰქონდა არაფრის გამოსწორების მცდელობას, არც ღვინის ნება-ნებით წრუპვა იყო აუცილებელი. ღვინომ მუცელი გამითბო და წამებში შემათრო, თვალები ამიციმციმდა და რაც ყველაზე ძალიან მაწუხებდა, ის ამოვთქვი: - იცი, მართლა რომ გეთქვა, რომ ეს პაემანი იყო, ასე არ წამოვიდოდი!

- კარგი რა, სესილია, რაზე წუხხარ. არა, მეც გამოგიტყდები, არ ველოდი ასეთ ლუქს, მაგრამ ბოდიში, უბრალოდ, ისეთი საყვარელი ხარ, ისეთი დაბნეული, მეცინება.

- ჰოდა, დამცინე, მართლა მეც დავცინებდი ჩემს თავს, გვერდიდან რომ ვხედავდე.

- არა, არა! შენ დასცინი არ ხარ, უბრალოდ, ძალიან საყვარელი ხარ. სასაცილო - ეს სხვა კონტექსტში გითხარი!
ჩემი მარცხენა ხელი კვლავ თავის გრძელ და დიდი ტორებში მოიქცია. მაშინვე დავნებდი, გავჩუმდი, გუნებაში კი სიგარეტს მოვუკიდე და წარმოსახვით გავაბოლე. საქმე იმაში იყო, რომ რომც არ მომრიდებოდა ექვსი ნომრის, აქ მაინც არ ეწეოდნენ.

- აუუ, ეს ვის ვხედააავ! - ზურგს უკან დათაფლული აქცენტით ნათვამი სიტყვები მომესმა. ჩემი არცერთი ადეკვატური ნაცნობი ასე არ ლაპარაკობდა, აი, ექვსი ნომერი კი შეცბა ან მე მომეჩვენა, რომ შეცბა. ხელი უკან გასწია და წამოდგა, ის დათაფლულსიტყვება გოგო კი გვერდით დაგვიდგა და ფეხზე წამომდგარი ექვსი ნომერი გადაკოცნა. რადგან სულმა მძლია, მეც შევხედე. გამოპრანჭული, მუქ მწვანე ბოტფორტებზე შემდგარი, მოკლეკაბიანი და სხვათა შორის, ზუსტად ისეთკაბიანი, მე რომ გამოვიწერე ჩინური საიტიდან და ვერ ვაგდებდი. ოღონდ იმ გოგოს კაბა მწვანე იყო, ჩემი გამოწერილი კიდევ ნაცრისფერი.
ოქროსფრად შეღებილი გასწორებული და დაგრძელებული თმები ლამაზად მოიქნია და ზემოდან გადმომხედა. გავუღიმე ოდნავ შემცბარმა. არა, მეც ძალიან კარგი ვარ, ეგ ვიცი, უბრალოდ, ეს პიჟამო მკლავდა. და თუ ორი საათის წინ ამის გამო ლილოში წავედი და ყველაზე მაგარ და ორიგინალურ გადაწყვეტილებად მეჩვენებოდა პირველ შეხვედრაზე ზუსტადაც რომ პიჟამათი შეხვედრა, ახლა სირცხვილით არ ვიცოდი, სად დავმალულიყავი.
ექვს ნომერსა და იმ გოგოს შორის, რომელსაც ჩემდა გასაოცრად, თინათინი ერქვა, თუმცა დარწმუნებული ვიყავი, რომ თინჩოდ გამეცნობოდა, ლაპარაკი გაგრძელდა. მე კიდევ უხერხულად ვიჯექი. თავიდან მინდოდა, ტელეფონი ჩამესქროლა, ფეისბუქის ამბები გამეგო, მაგრამ გამახსენდა, რომ არც მობილური ინტერნეტი მქონდა და აქაური ვაიფაის პაროლის გაგების ჩოჩქოლი კიდევ მეზარებოდა. ბედზე, სოკოს წვნიანიც მოგვიტანეს და გადავწყვიტე, წვნიანის თავზე ცხიმის ბურთულები დამეთვალა, სანამ ექვსი ნომერი თინათინთან ლაპარაკობდა.
სამოცდამეათე ცხიმის ბურთულას ვითვლიდი, როცა მორჩნენ ლაპარაკს. იმდენად გამიტაცა თვლამ, ვერც გავიგე, სანამ ექვსმა ნომერმა მხარზე ხელი არ შემახო და ყურთან ჩამჩურჩულა - სესილია, რა გჭირს? - შევხტი, თავი გავაქნიე, - არა, არაფერი, რა მოხდა?

- ისეთი დაძაბული ზიხარ და ჩაჰყურებ მაგ წვნიანს, მეგონა, სადმე თმა დაინახე და გერიდება თქმა.

- არა არა, ასეთი ჩვევა მაქვს ბავშვობიდან... „- არა სესილი, არ გინდა!!“ - მიყვირის ჩემი თავი, მაგრამ უკვე დაწყებული მაქვს ლაპარაკი და ვაგრძელებ: - ბავშვობიდან მაქვს ასეთი ჩვევა, სანამ წვნიანი გაცივდება, დავითვალო, ხედავ, ზედაპირზე ცხიმის ბურთულებს? თითით მივუთითე, ხო და აი, ამას ვითვლი ხოლმე. - დამთავრებული არ მქონდა წინადადება, ექვსმა ნომერმა გულიანად გაიცინა და თავზე მაკოცა, მერე კი თავის ადგილას დაჯდა.

უკვე ისე იყო შეგრილებული წვნიანი, ჭამა შეიძლებოდა და სანამ ჩემი კუჭი უფრო ხმამაღლა აყვირდებოდა, კოვზი მოვიმარჯვე და ჭამა დავიწყე. საოცრება იყო, სოკოს წვნიანი როგორ არ მქონდა აქამდე ნაჭამი. არა, ასეთი ღარიბიც არ ვარ, უბრალოდ. ასეთი და გემრიელი პირველად ვჭამე. მალე მოყვა მეორე კერძი, ისიც საოცრად მომეწონა. ეგაა რასტორნის ოდნავ მუქი განათების გამო რამდენიმე ფხა ვერ დავინახე და მერე, როცა ღეჭვისას ვიგრძენი, პირიდან დაღეჭილი ლუკმის გადმოფურთხება მომერიდა. ხელსახოცებიც არ იყო ახლომახლო, მხოლოდ დიდი ტილო, რომელიც საერთოდ არ ვიცოდი, როგორ უნდა გამომეყენებინა, სანამ ექვსმა ნომერმა მუხლებზე არ დაიდო. ცოტა ხანში მეც მივბაძე. თუმცა თავიდან მეგონა, რომ ყელზე უნდა გამეკეთებინა, რათა წვნიანი არ დამწუწოდა.
კიდევ კარგი, ასე არ მოვიქეცი. ჰოოდა, მეორე ფხიანი ლუკმაც რომ შემყვა, ვეცადე, კბილებით ფხა კარგად დამენაკუწებინა, მაგრამ მაინც გამეჭედა სადღაც ყელში და რადგან წყალი მოშორებით იდგა, მე კიდევ ლაპარაკის არც თავი მქონდა და არც დრო, კვლავ შევსებულ ღვინის ჭიქას ვწვდი და მოვიყუდე. საბედნიეროდ, ჩაიტანა. დარჩენილ თევზს ნახევრად დანაყრებულმა გავუღიმე და გადავწყვიტე, რომ აღარ მეჭამა.
ექვს ნომერს შუმჩნეველი არ დარჩნია ჩემი პაუზა და შეშფოთებულმა მკითხა, რატომ არ ვჭამდი, ნუთუ არ მომეწონა? ვუთხარი, რომ ძალიან გემრიელი იყო, უბრალოდ, ფხები ჰქონდა. ზალპით დალეულმა ორმა ჭიქამ თავისი ქნა. გულახდილობას ისედაც არ ვუჩიოდი, მაგრამ ახლა ლოყები ამიწითლა. იმედია, ღვინომ და არა სირცხვილმა, რადგან ამასობაში დარბაზში მსხდარი ადამიანებიც შემეჩვივნენ და ჩუმად მომარჯვებული სმარტფონები მაგიდებზე დადეს.

- მოიცა, მე გაგირჩევ! - სანამ რამეს ვიტყოდი, ჩემი თეფში გადაიდგა და ვირტუოზულად გამოასუფთავა ფხებისგან ხორცი. შემდეგ დამიბრუნა. მის ამ საქციელზე, რასაც ჰქვია, დავდნი და უფრო მოვიწყინე. - არა, რა უნდოდა ასეთი კარგ, განსაკუთრებულ, უზომოდ სიმპათიურ და საყვარელ ბიჭს ჩემგან? აი, რას ვერ ვხდებოდი, ჩემისთანა ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გოგოსთან. მისი ტიპაჟი იყო თინათინისნაირი გოგოები. მერე ჩემს თავზე მომეშალა ნერვები. მთელი ცხოვრება ვეძებდი, ველოდი ასეთ ტიპს და ახლა, როცა ის მთელი თავისი თავაზიანობითა და პერსონით ჩემ წინ იყო, მე თინათინისნაირ გოგონებს ვუთმობდი?
მერე კიდევ იტყვიან, რატომ ხდება ასე, კარგი ტიპები რატო არიან ბოტოქსა ნაშებთანო, ხო. ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ, ჩვეულებრივ, არაფრით გამორჩეულ გოგოებს, ქალებს, იმდენად დაპატარავებული გვაქვს ეგო, ავტომატურად, ძალაუნებურად, ხელს ვიღებთ, არ ვიბრძვით ასეთი ბიჭების არც მოსაპოვებლად, არც შესანარჩუნებლად. ანდა ჩემი მაგალითის მიხედვით, იმდენად მინდოდა, რომ ექვსი ნომერი ჩემ გვერდით ყოფილიყო, ყველაფერს ვაფუჭებდი, მე ხომ არც ასეთი ,,დაბდურა", არც ასეთი დაბნეული ვარ. პირიქით, საუკეთესო ყველგან, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში და აი, ახლა რატომ გადავწყვიტე, რომ რადგან ვიღაც გოგოს თუ სხვა გოგონებს მკვეთრი მაკიაჟით, რომლებსაც აცვიათ გამომწვევად, აძლევენ თავს უფლებას, ჩაიცვან სექსუალური მოკლე კაბები და სწორი წვრილი ფეხები გამოაჩინონ, რატომ ვულოცავ მას ჩემს საოცნებო ექვს ნომერს, რატომ ვთვლი, რომ მე არ ვარ ღირსი? რადგან არ მაქვს გრძელი და სწორი ფეხები? რადგან მაკიაჟის წასმა არ ვიცი და ძუძუების ლამაზად გამოჩენა? იქნებ და ჩვენშია პრობლემა თავიდანვე. ხოდა, გადავწყვიტე, რომ ბრძოლა ღირს, ბოლომდე, სანამ კიდევ არსებობს შანსი, იყოს ჩემთან.
ასეთ სიჩუმეში მალე საჭმელიც გამოილეოდა. საჭირო იყო დიალოგი. შესაბამისად, გადავწყვიტე, ამჯერად ფეხბურთით დავინტერესებულიყავი. გუნებაში გადავავლე თვალი ჩემს ცოდნას. ვიცი, 45 წუთი თამაშობენ, ორი გუნდი დასდევს ბურთს და ცდილობს, ერთმანეთს კარებში შეუგდონ. მერე იმარჯვებს ის, ვინც მეტს შეყრის მოწინააღმდეგის კარებში. კიდევ არსებობს პენალტი, როცა... არა, ეგ „როცა“ არ ვიცი, მაგრამ პენალტი ვიცი. იდეაში ზოგადი ცოდნა მაქვს, ალბათ, უფრო ღრმაც, უბრალოდ, ახლა არ მახსოვს. არც კალათბურთის აზრზეც არ ვარ, მაგრამ ხომ ველაპარაკე?
მეოთხედი თევზი უკვე ათვისებული მქონდა. თეფშზე თევზის გაცლილ კანს გულმოკლულმა გავხედე, რომელზეც ექვს ნომერს ეზრუნა და ფხებთან გადაედო. არადა, როგორ მიყვარს შემწვარი თევზის ტყავი, ახლა კიდევ უნდა დამეტოვა. მისი თეფშისკენაც გავაპარე თვალი. მისი თევზის ტყავიც ხელუხლებელი იდო, ეჰჰ..

- შენი საყვრელი ფეხბურთის გუნდი რომელია? - არ ვიცი, როგორ იგრძნო, რომ მეც ფეხბურთზე ვფიქრობდი და იმავეს კითხვას ვაპირებდი. ფიქრი დავიწყე. ბარსელონა ვიცი, მაგრამ აი გუნდია? გოიმობა ხომ არაა, რომ ვუთხრა? მესი რომ თამაშობს და შაკირას ქმარი, ეგეც ვიცი. სხვა ნეტავ ის გამახსენებინა, ვიქტორია ბეკჰემის ქმარი სად მუშაობს, რომელ გუნდშია. „გუგლი“ მაინც მქონდეს. მეორედ გავბრაზდი ჩემს თავზე, რომ ინტერნეტის ყიდვა დამავიწყდა. რომ მქონოდა ანგარიშზე, ახლა ტუალეტში გასვლას მოვიმიზეზებდი და დავგუგლავდი იქ. ასე რომ, დღეს უკვე მეორე აუცილებელი კანონი მოვიგონე, რადაც არ უნდა დამიჯდეს, არასდროს დამავიწყდეს, ვიყიდო ინტერნეტი და ასეთი გამოუვალი მდგომარეობის დროს გამოვიყენო.

- ხოკეი უკეთესად ვიცი, ფეხბურთი ისე რა, მარტო მესი, ბექჰემი, პელე , მეორე კაცი ფეხბურთელი და პიკე, მეტი არავინ. - ვუპასუხე გულწრფელად.

- მეორე კაცი პელეს მერე, მარადონა? - დააზუსტა ღიმილით.

- ჰო, ეგ - დავუდასტურე თავის ქნევით. სახე უკვე მიხურდა, არადა, რა მოხდა ახლა, რომ არ ვიცი?! - და შენი საყვარელი გუნდი? - ჯობდა, მას ელაპარაკა და მე მომესმინა.

- მე იუვენტუსი მიყვარს. - იუვენტუსი, მეცნო სახელი...
-აა. ვიცი ეგ გუნდი, ინგლისური, ხოო?
-არა! - მიქნევს თავს შემცბარი.
- აა, ბოდიში, ამერია! ვიცი, ვიცი, წითელ და თეთრი ფერებშია მისი დროშა.

- არა, შავ-თეთრია და იტალიურია. - უკვე გაოცებული და სიცილით მპასუხობს. ფარ-ხმალი დავყარე, გამოდის. რომ მარტო სახელის ცოდნაც არ ყოფილა მთავარი. ახლა მთავარია, ხოკეიზე არაფერი მკითხოს. აქვე მესამე კანონი, როცა ხვდები ტიპს და კარგად იცი მისი ინტერესების შესახებ, ზოგადი თემები უნდა შეისწავლო კარგად, რომ ელაპარაკო. ახლა სჯობს დავაგროვო მასზე ბევრი ინფო და თუ მეორე პაემანი მეღირსა, უფრო მომზადებული შევხვდე.

- ჰო, გეტყობა. არა უშავს, სადღაც კარგია იცი, რომ აზრზე არ ხარ. არა, ძალიან მიყვარს ფეხბურთი, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ მაგაზე უნდა ვილაპარაკო, სხვებს ასე ჰგონიათ. - დაამატა მოწყენილმა. - სესილი, შენზე მომიყევი რამე, - მკითხა ინტერესით.
- რა მოგიყვე? - დავიბენი. - სესილი ვარ, მეტრი და სამოცდაათი სიმაღლე. მაქვს ერთი გული, ორი თირკმელი, ხუთი ლიტრი სისხლი...

- ორი ხელი, ორი ფეხი და ძალიან, ძალიან ლამაზი თვალები, ყველაფრის მიუხედავად, ჰოდა, ცოტა უცნაური ხარ. - დაასრულა ექვსმა ნომერმა ჩემი ჩამონათვალი. გული ჯერ სიხარულისგან შემიფრთხიალდა, მერე კი სიხარული წყენამ შეცვალა, მარტო ლამაზი თვალები მაქვს!! მაშინვე მისი კომპლიმენტი საწყენად მივიღე. რატომ მარტო თვალები, სახე, ტუჩები, ცხვირი, ფეხები, მკერდი? თან უცნაურიო, რატომ ვარ უცნაური? მაგრამ გამახსენდა რა ჩემი საქციელები, უცნაურობაზე გავჩუმდი. აი, თვალებზე კომპლიმენტი კიდევ ვერ ამოვიგდე, - ლამაზი თვალები გაქვსო - ასე ნეტავ როდის ეუბნებიან გოგოებს? როცა არ მოსწონთ? როცა აფრენდზონებენ? როცა არ უნდათ, რომ აწყენინონ? აი, იმას ჰგავს, ბუნება გაქვს ლამაზი, შინაგანი „მეო“ რომ ეუბნებიან. ან ეს ყველაფრის მიუხედავად რაღა იყო!! რა ყველაფრის?

- დესერტზე გადავიდეთ, ხოო? - შემაწყვეტინა ფიქრი. არც კი დაელოდა ჩემს თანხმობას, იხმო იფიციანტი. არ მიყვარს ტკბილეული, მაგრამ ახლა ძალიან მინდოდა, კიდევ რაღაცით გამეხანგრძლივებინა მასთან ყოფნა. და დაე, იყოს დესერტი. კი გავბრაზდი, რომ არც დაელოდა ჩემს პასუხს, ისე დამაყენა თავზე ოფიციანტი, მაგრამ სანამ ეს - მე არაფერს მეკითხება, ყველაფერს თავად მიწყვიტავს გახდებოდა ის მიზეზი, რაც მასზე გულს ამიცრუებდა. დაამატა - ვგიჟდები ტკბილზე, აი, ძალიან მიყვარს სუსნაობა, გემრიელი ნამცხვრები, შოკოლადები. პირველი, როცა ევროპაში ჩავდივარ, რასაც ვაკეთებ, ესაა - ვეძებ, სად აქვთ საუკეთესო ტკბილეული. - ჯანდაბა! შევძახე გულში, ამაშიც ვერ ვემთხვევით. წელიწადი ისე გავა, არ მახსენდება, რომ შოკოლადი არსებობს და ვჭამო. ახლა კი გადავწყვიტე მეთქვა, რომ მეც ძალიან მიყვარდა. აგერ, ნელიკო, ჩემი ბავშვობის მეგობარი ვეგანს ხვდებოდა ორი წელი და მოატყუა, რომ თავადაც ვეგანი იყო, რის გამოც ფეისბუქიდან სამასამდე ფოტო წაშალა, ხინკლით, მწვადით და ჰამბურგერით სადაც პოზირებდა, იმასთან კვდებოდა ბოსტნეულის ხეთქვით და მერე ჩემთან, ისიც მხოლოდ სახლში, ამოჰქონდა ხორცეული და ერთად ვჭამდით. სხვაგან არა, ერიდებოდა, ვინმე ნაცნობს არ დაენახა და არ მიეტანა ამბავი, რომ ატყუებდა.

- ვგიჟდები ტკბილეულზე, კი!! - ურცხვად დავუდასტურე. ამასობაში ოფიციანტიც მოვიდა, დაგვიდო მენიუ და კვლავ ის საშინელება, ავარჩიო დესერტი, ვაშლის შტრუდელი მომხვდა თვალში და ეს ავარჩიე. თავად შოკოლადიან-მარწყვიანი სუფლე შეუკვეთა და მერე მომიბოდიშა, წამოდგა და სავარაუდოდ, ტუალეტისკენ გაემართა. - ერთი წამით ისიც ვიფიქრე, რომ ახლა იმ თინჩოს დაურეკავდა და მე რომ მომიშორებდა თავიდან, მას შეხვდებოდა და სანამ ამაზე დავიმართებდი დრამებს, თვალი მოვკარი მის აიფონ X-ს, რომელიც მაგიდაზე იდო და გულზე მომეშვა. სასწრაფოდ ავიღე ტელეფონი, არა, ჩემი ტელეფონი. მისას როგორ მოვკიდებდი ხელს, თან სავარაუდოდ, დაბლოკილიც ექნება, რომ არ ჩაიხედოს უცხომ. ჩემი ტელეფონი სელფის რეჟიმზე ჩავრთე, სარკედ რომ გამომეყენებინა. - ვაი სირცხვილო!!! - კინაღამ გამივარდა ტელეფონი, მთელი ტუში ჩამოდღაბნილი მქონდა თვალებზე. ალბათ, მაშინ, როცა გადავწყვიტე, რომ აღარ მოდიოდა და ცრემლები წამსკდა, წყალარაგამძლე ტუში მესვა, ხოდა, რომ მოვიდა, მერე ეს ცრემლი მოვიწმინდე, და აჰა!!
პიჟამო ხომ ძლივს ვაპატიე ჩემს თავს, და ეს? ესს...
თვალები რას მიგავდა!! არც ხელსახოცი იდო, არც მე მქონდა თან. ამიტომ მუხლებზე გადაფარებული ტილო ავიღე და სასწრაფოდ დავიწყე ჩამოდღაბნილი ტუშის მოცილება, ისე გავერთე, მისი მოსვლა ვერც შევამჩნიე.

- რას აკეთებ? - შემაკრთო მისმა კითხვამ.

- რატომ არ მითხარი, თვალებზე ტუში რომ მქონდა საშინლად ჩამოდღაბნილი?- ვუპასუხე გულმოსულმა.

- მეგონა, სპეციალურად გქონდა, რაღაც ახალგაღვიძებულის პონტში. - აშკარად გულწრფელი იყო. ტელეფონი დავდე, მასთან ხომ არ დავიწყებდი ტილოს ენით დასველებას და თვალების ამოწმენდას. ხოდა, ახლა ერთი გაწმენდილი და მეორე დადღაპნილი თვალით მივაშტერდი, შავი ტუშით დათხვრილი ტილო კი თაფშის ქვეშ მივკუჭე.

დესერტის ჭამამაც უხმოდ ჩაიარა, მე ჩემს შავ თვალზე ვფიქრობდი. აზრი არ ჰქონდა ტუალეტში გასვლას და მოშორებას, ან იქნებ ჰქონდა? ცოტა ადრე რომ მენახა... მერე ანგარიშის გადახდის დრო მოვიდა. დაძაბული დავაკვირდი. ბიჭებს ჩვევიათ ისე დადება ანგარიშის, რომ კარგად დაინახოს გოგომ, რა დაუჯდა ბიჭს მისი გამოძღობა, რასაც ვერ ვიტანდი. არც ამაში ჩაჭრილა. პლასტიკურით გადაიხადა, მერე კი, როცა საკმოდ მსუყე ჩაიც დაუტოვა, წამოვედით. გზაშიც ჩუმად ვისხედით, მე გული მომდიოდა, ჩემს თავზე ვბრაზობდი და კვლავ მეტირებოდა. უიმედოდ ღრმად ვისუნთქავდი მის სუნამოს, რომელიც მანქანაში უფრო იგრძნობოდა. მუცელში რაღაც პეპლებივით დამდიოდა, მაგრამ რად გინდა? საცოდავმა მუცლის პეპლებმა ისიც კი არ იცოდნენ, რომ მალე დაიხოცებოდნენ.
გუნებაში ვემშვიდებოდი „პორშე კაიანის“ მოხერხებულ სავარძელს, კარგ მუსიკას და მის გრძელთითებიან დიდ ხელებს. მალევე მივედით ჩემ სახლთან. მანქანა გააჩერა. სახელურს ვწვდი გასაღებად. - მოიცა, მე გაგიღებ რაა. - შემაჩერა და მანქანიდან გადავიდა, გამიღო. გადმოვედი და ავხედე, - დიდი მადლობა არაჩვეულებრივი ვახშმისთვის, - მგონი, ეს იყო ყველაზე ნორმალური და ადეკვატური წინადადება მთელი საღამოს განმავლობაში, რაც ვუთხარი.

- პირიქით, მადლობა შენ, ძალიან სასიამოვნო იყო. კი იყავი ცოტა დაძაბული, მაგრამ არა უშავს.

- ჰო, არა უშავს! - გავიმეორე უიმედოდ და სევდიანმა მისი ნათქვამი, ახლა კი მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, მალე ავიდე სახლში, დავემხო ჩემს ოთახში ლოგინზე და ვიტირო, ამოვიტირო და მოვინელო ცხოვრებაში ძლივს გამოჩენილი, ერთი შეხედვით არაჩვულებრივი მამაკაცის დაკარგვა. ჩემივე მოუხერხებლობის გამო. დავემშვიდობე, არ გადავკოცნე, ისე მშრალად, მე კიდევ ის კანზე შეხება და სიახლოვე მინდოდაა? და წამოვედი.

- სესილი!! - დამიძახა ექვსმა ნომერმა. იქვე შევეყინე ასფალტს და მივტრიალდი...
- ჰო.
- მოიცა ერთი წუთით...- მითხრა და ჩემკენ წამოვიდა.



№1 სტუმარი ბუთხუზა????

ესეც კარგია მე მომეწონა❤ველი ახალ თავს❤❤

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent