პაემანის დღიურები. ეპიზოდი 10. საქველმოქმედო სექსი
მდაა… პირველად აღმოვჩნდი ასეთ სასიამოვნო გაურკვეველ შარში, როგორც ახლა ვარ და ვინმეს რომ ეთქვა ჩემთვის - სესი, გავა დრო და შენ ორ მამაკაცს შეხვდები და საერთოდ არანაირი მორალის ძარღვი არ შეგერხევა შუბლზეო, - ალბათ, განვრისხდებოდი. ახლა კიდევ არც სინდისი მაწუხებს, არც ნამუსი, არც იმაზე ვფიქრობ, მერე რა იქნება. მოკლედ, ვეცდები, დალაგებულად მოვყვე, რა ხდებოდა ეს დღეები ჩემს თავს. დილას ვნებადამცხრალს რომ გამეღვიძა, ხოლო გაღვიძებისთანავე გავიაზრე, რომ ექვსი ნომერი მეწვა გვერდით, არ ვიცი, მაინც ვიბწკინე ხელზე, სიზმარი არ ყოფილიყო. ის იწვა მშვიდად, ფშვინავდა და უზომოდ კარგი სანახავი იყო. საბანი ოდნავ ჰქონდა გადახდილი. წამოვჯექი და იმის გაანალიზება დავიწყე, თუ რა მოხდა გუშინ. მერე ჩემს თავს შევეკითხე, ვიყავი თუ არა კიდევ გაბრაზებული მასზე ამ ყველაფრის მერე, რაც მაშინ გამიკეთა, მიმატოვა, არ გამოჩნდა ამდენი ხანი, სერიოზული კომპლექსი ამკიდა, თავი არარაობად მაგრძნობინა; მერე მოულოდნელად, მაშინ, როცა მეგონა, რომ დავივიწყე, ახლიდან გადავწყვიტე ცხოვრების გაგრძელება, მოულოდნელად გამოჩნდა, მიიღო მისაღები, ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე. არა, არ ვიყავი გაბრაზებული, მე ახლა ვიყავი კმაყოფილი. ბედნიერი და სავსე. გახსენებაზეც კი, თუ რას ვაკეთებდით მთელი ღამე, როგორი თბილი ძლიერი და საოცარი იყო, ახლაც ცუდად ვხდები. დაახლოებით ათი წუთი ვუყურე ბედნიერმა და აღფრთოვანებულმა ექვსი ნომრის მძინარე პროფილს და მერე ავდექი, სამზარეულოში გავედი და ყავა მოვიდუღე. ახლაღა შევამჩნიე, რომ კარები უბრალოდ მოხურული იყო და არ ჩამიკეტავს. ტელეფონი ჩავრთე. მესენჯერში ქეთენოს მესიჯი დამხვდა. ახლაღა გამახსენდა, რომ წუხელ მას ველოდებოდი. კარგი ქნა, რომ არ ამოვიდა. მისი მონაწერი გავხსენი და - ვუალა! ქეთენო: - კარგი აქვს შენს შუშას. გუშინ გაგეფრთხილებინე მაინც, რომ ამოვიდა. თვალებიდან ვერ ვიშორებ მის უზადო სხეულს და სცენას, როცა შემოვედი ოთახში. - რაღა დამრჩენოდა? კარები გავიხურე და წავედი. გოგო!! ვერც ვბრაზობ შენზე, რომ ასე მალე გქონდა სექსი ორი დღის გაცნობილ ტიპთან. რომ მოხვალ ამ ქვეყანაზე, მომწერე! გავშრი. ესე იგი, ქეთენო მოსულა კიდეც, ვუნახივართ და შუშა ექვსი ნომერი ჰგონია. არა, ამ ამბავს ასე ვერ მივწერ, რომ ის ექვსი ნომერია. კარგად ახსოვს ჩემი უბედური სახე და ტირილამდე ატკიებული სული და ახლა რომ მივწერო, რომ შუშა კი არა, ექვსი ნომერი იყო, ჯერ მთელი დილა ახსნა-განმარტებაში გავა, მერე კიდევ, ხომ ვიცი, ყველაფერს მიატოვებს და აქ გამოვარდება. თან ჩემ დამუნათებას და ნამუსზე აგდებას დაიწყებს, რომ უთავმოყვარეო ვარ. ოო, რა ადვილია სხვისთვის ამის თქმა, განა მე არ ვიცი ეს? იმ ყველაფრის მერე, რაც მოხდა, ასე არ უნდა ვიყო. მე კიდევ რა ვქნა, რა? ბედნიერი ვარ და ამის გამო თავი ვიმართლო? არ მაწუხებს ბრაზი, თავმოყვარეობის შელახვა, უბრალოდ, ერთი სული მაქვს, კვლავ შევწვე ჩემს ბიჭთან... ყავა ექვს ნომერს არ მოვუდუღე, მარტო ჩემთვის გავიკეთე და სიგარეტს მივაყოლე. მშვენიერი ამინდი იდგა გარეთ. მართლა მეგოიმა და მებანალურა მისთვის ყავის მოდუღება და ლოგინში მირთმევა. მერე წყალი გადავივლე და ის-ის იყო, აბაზანიდან გამოვედი და საძინებელში შესვლა დავაპირე, რომ ექვსი ნომერი შემეფეთა კართან. რაღაცნაირი ცივი და დაბნეული იყო. ვნებიანი კოცნის მაგივრად, შუბლზე მაკოცა მშრალად, მერე კი აბაზანაში შევიდა. მხრები ავიჩეჩე და ,,ზალაკომნატაში" დივანზე მოვკალათდი. მალე გამოვიდა აბაზანიდან, ჩაიცვა და ბოლოს შემოვიდა იქ, სადაც მეც ვიყავი. რაღაცნაირი არეული, დაბნეული მომეჩვენა. ჩემ წინ ჩამოჯდა და ჩემი ხელები თავის დიდ, ძლიერ ხელებში მოაქცია. ცოტა კი მოვიწყინე, წასასვლელად გამზადებული რომ დავინახე... გამოდის, დილის სექსის იმედი არ უნდა მქონოდა, მაგრამ რადგან მაინც ბედნიერი და მშვიდი ვიყავი, ახლა მხოლოდ ის მაინტერესებდა, რას მეტყოდა. - სესი, ეს ალბათ აღარ განმეორდება. როგორ გითხრა, გუშინ ცოტა დავლიე, მერე კი სიგიჟემდე მომენატრე და არ მახსოვს, როგორ გავჩნდი შენს სახლთან. მხოლოდ ერთი სურვილი მკლავდა, მენახე და ჩაგხუტებოდი. როგორ აგიხსნა, ერთი მხრივ, ელესთან ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ ამავე დროს, დაძაბული, რაღაც მაკლია; მეორე მხრივ კი, შენთან, შენ გახსენებაზე ვმშვიდდები და მენატრები... გაოგნებული ვუყურებდი ექვს ნომერს. ანუ რა გამოდის? უბრალოდ აუდგა ჩემზე, მოვიდა, გაისწორა და ახლა დამემშვიდობება და თან ვინმე ელეც ჰყავს. უკვე მეორედ მიკეთებს ამას!!! აი, აქ კიდევ არა, არ ვიცი, თავად რა მომივიდა, როგორ არ ვლეწე ხელი, რომელიც გაბრაზებულმა გამოვგლიჯე თავისი დიდი ტორებიდან. როგორ არ გავაგდე? ამის ნაცვლად, ირონიულმა სესილიმ გაიღვიძა ჩემში, რაღაცნაირმა ახალმა... ცოტა ხანს ვუყურე ექვს ნომერს, მერე ფეხზე წამოვდექი. - მისმინე, როცა გაგიხარდება, მაშინ მოდი, არ არის პრობლემა. მე ვინ ვარ, როო? - ქალი, რომელიც შეგიძლია მიატოვო, როცა გაგიხარდება და იმდენიც არ ინებო და არ შეიწუხო თავი, რომ მერე უბრალოდ აუხსნა და მოიკითხო, დაინტერესდე მაინც, როგორაა, რას განიცდის. რა თქმა უნდა, შეგიძლია ამოხვიდე ნებისმიერ დროს, როცა გაგებზიკება და მე ამოგიტივტივდები მეხსიერებაში. მოდი, არაა პრობლემა. მე როგორც გუშინ, არაფერს გკითხავ, საყვედურიც არ წამომცდება იმის გამო, რომ მიმატოვე სადღაც სასტუმროში და მერე ისიც არ ინებე, დაინტერესებულიყავი ჩემი ბედით, ბოდიში მოგეხადა. არ არის პრობლემა მართლა, უბრალოდ ახლა გთხოვ, დატოვო ჩემი სახლი და წაბრძანდე! კართან მივედი და დიდი სიამოვნებით გავაღებდი, რომ არა მეზობლის შემოხედვის ან მათი რიდი. არ მინდოდა, ენახათ, როგორ ვისტუმრებდი დილის ათ საათზე კაცს, თან ყვირილით. - ნახვამდის და დიდი მადლობა! - დავასრულე და გულში ყელმობჯენილმა შევხედე. ექვსი ნომერი ჯერ წყნარად იჯდა, მერე წამოდგა და მომიახლოვდა. ეცადა ჩამხუტებოდა, მაგრამ ხელით შევაჩერე. - არ არის სენტიმენტები საჭირო, მე ხომ ის ქალი ვარ, რომელიც შეიძლება გამოვიყენოთ და მერე მშვიდად მივაგდოთ. ნუ ხარჯავ ამ ენერგიას ჩემზე, არ გინდა. სხვასთან იყავი თბილი და ყურადღებიანი, სესილი ამასაც გადაიტანს! - სესი, ვერ გამიგე შენ, ყველაფერი სხვანაირად იყო... - ჰოო? რა ვერ გავიგე? - რომ თითქმის ერთი თვე დაკარგული მოულოდნელად გამოჩნდი, არანაირი ახსნა-განმარტება. კაი, დავიკიდეთ, მერე სექსი და ახლა, დილას მეუბნები, რომ მეტი ეს არ განმეორდება? მეც გპასუხობ, კი ბატონო, არ არის პრობლემა, შეგიძლია წახვიდე. რა ვქნა მეტი, თავზე ვერ გადაგალეწავ ვერაფერს... - სესი, მეც მინდა ეგ, არ მახსოვდე, მაგრამ არ გამომდის! რაღაც მიზიდავს შენში. ვერ ვხვდები, რა მეძახის, ვერ გთმობ. ვეცადე, დამევიწყებინე, მაგრამ არ გამომდის, ყველგან შენზე ვფიქრობ. ელეს რომ ვუყურებ, მეფიქრება, ახლა სესი რომ იყოს, რას იტყოდა, რას გააკეთებდა. ძალიან მრცხვენოდა, რომ ასე მოვიქეცი. ვერ გავბედე დამერეკა, მომეწერა. მერე რამდენჯერაც მოვიკრიბე ძალა, ვერ... მეშინოდა! ახლაც ამიტომ მოვედი. მართლა, მინდოდა უბრალოდ მენახე, დაგლაპარაკებოდი, მომებოდიშა და ყველაფერი ამეხსნა, მერე კი დაგინახე, როგორ მოგძვრა პირსახოცი და აი, მერე თავი დავკარგე... ახლა კი არ ვიცი, რა ვქნა? ვინ ვარ, როგორ მოვიქცე... - მე გეტყვი, ვინ ხარ, ლაჩარი კაცი ხარ! რომელიც ისეთი საცოდავია, ვერც ვბრაზდები. ხოდა, ახლა აახვიე აქედან, აღარ მინდა დაგინახო! - აუღელვებლად ვუთხარი და თავადვე დავუკარი ტაში გულში საკუთარ თავს. Related image - არ შემიძლია. ხანდახან მაინც გნახავ რა. ახლა მესმის, რომ ძალიან გაბრაზდი. ვიცი, ვიცი, მაგრამ ასე ვერ ვერევი ჩემს თავს. რომ არ გნახო, დაგელაპარაკო, მგონია, მოვკვდები. შენ ყველაფერი არ იცი, სესი. ვიცი, ჩვეულებრივი არამზადა არაკაცი გგონივარ, მაგრამ ასე არაა. - ნუ მიხსნი, გთხოვ, არ მაინტერესებს, ნახვამდის! - ახლა უკვე მეკიდა, მეზობელი ხმაურზე გამოიხედავდა თუ არა. ვხვდებოდი, რომ ძალიან ვბრაზობდი, კიდევ აქეთ რომ ცდილობდა ჩემ დადანაშაულებას იმაში, რომ მე არ მესმის მისი. ექვსი ნომერი წამოდგა და სანამ გავიდოდა, კართან შედგა. - სესი, სხვანაირადაა ყველაფერი მართლა. ახლა არ ვარ მზად მოსაყოლად, მაგრამ მოვალ, გეხვეწები, კიდევ ერთხელ მოვალ და აგიხსნი. ნუ ბრაზობ, არ შემიძულო. ხმა არ გამიცია, ხელის მოძრაობით ვაჩვენე, რომ გასულიყო კარიდან. გავიდა. ფრთხილად დავხურე კარი და გადავკეტე. მერე საძინებელში შევედი, ვეცი თეთრეულს და გადავაძრე ლოგინს. არაფერი არ მინდა, რაც მის აქ ყოფნას გამახსენებს. მერე ერთად მოვაქუჩე და სანამ სარეცხ მანქანაში შვყრიდი, მაინც ჩავიხუტე რამდენიმე საათის წინ მისი სხეულით თბილი თეთრეული, მერე კი სასწრაფოდ შევყარე და რეცხვის რეჟიმი მივუთითე. ვერ ვისვენებდი. გამწარებული სახლში ვცემდი ბოლთას და ვერ ვხვდებოდი, ჩემს თავზე უფრო ვბრაზობდი თუ მასზე, თუ ჩვენზე. მგონი, მასზე უფრო და მერე ჩემზე. ბოლოს ვერ მოვითმინე, მაგიდაზე მდგარ ჭიქას ხელი მოვკიდე და კედელს მივანარცხე. დაიმსხვრა და ვიგრძენი, აი, ასე დამსხვრეული ვიყავი მეც, უკვე მეორედ. სადღაც შუადღე იყო, შუშამ მომწერა და შეხვედრა მთხოვა. დავსინე, მისი ნახვის სურვილი არ მქონდა. რა გამოდიოდა, მეც ექვსი ნომერივით ვიქცეოდი? ერთ ბიჭთან ვიწექი, მეორეს ვხვდებოდი. მაგრამ ახლა რა ვქნა? ამის გამო ძალიან კარგ ტიპთან შეხვედრაზე უარი ვთქვა? თან არაფერი ყოფილა ჩვენ შორის ჯერ, უბრალოდ ვმეგობრობთ და არც ვალდებულება არ გვაქვს ერთმანეთთან. საკუთარი თავის და ქცევის გამართლებას ვცდილობდი, როცა ლისის ტბაზე ასვლა დავგეგმე შუშასთან ერთად, ანუ მე შუშას ვექცევი ისე, როგორც ადრე ექვსი ნომერი მექცეოდა. რაღაც საშინელი ჯაჭვია, წრე და არ ვიცი, მართლა არ ვიცი, რა უნდა ვქნა. ტელეფონს დავხედე. ქეთენო რეკავდა, აინტერესებდა წუხანდელი ღამის დეტალები. ათი წუთი მებოდიშა, რომ ჩემი კაცი შიშველი ნახა. შუა ლაპარაკში მიხვდა, რომ არ ვიყავი ლაპარაკის განწყობაზე და მის კითხვებს ,,ჰო", ,,კი", ,,არა", ,,რავი" - ასე ვპასუხობდი, თუმცა ეს ყველაფერი დაღლას დააბრალა. მერე საღამოს ნახვაზე ჩამომიგდო ლაპარაკი, მაგრამ როცა გაიგო, რომ ორ საათში შუშას ვხვდებოდი და ლისზე ვაპირებდით გასეირნებას, გადაიფიქრა. ამ ამბავმა კიდევ ძალიან გაახარა. - ხვდები ხოო, რომ ტიპი სერიოზულად ფიქრობს შენთან ურთიერთობაზე, ანუ მთელი ღამე სექსი გქონდათ, შენთან დარჩა, მერე წავიდა და ახლა ისე მოენატრე, რომ კიდევ უნდა შენი ნახვა, თან ისე კი არა, კვლავ სექსი რამე, არა, სასეირნოდ გეპატიჟება!! სესი, არ გააფუჭო საქმე რა, არაჩვეულებრივი ვინმე ჩანს. ვცდებოდი, რომ გითხარი, სისულელეა მასთან ახლა ურთიერთობის გაბმა-მეთქი. - არ ჩერდებოდა ქეთენო. მერე, როგორც იქნა, დაასრულა აღტაცებული ლაპარაკი და დამემშვიდობა. მე კიდევ გაშეშებული ვიდექი და ვფიქრობდი, რას ვაკეთებდი... საუკეთესო მეგობარს ვუმალავ, რომ უთავმოყვარეოდ ვიქცევი და ექვს ნომერს ვხვდები. არ ვეუბნები სიმართლეს და თან, მეორე კაცსაც მშვიდად ვხვდები. სესი, გაბოზების ჩანასახები იგრძნობა! - შევძახე ჩემს თავს. მერე გადავწყვიტე, რომ შუშასთან სექსი ჯერ არ მქონოდა და სანამ ისე ვხვდებით, გამოდის, რომ არაფერსაც არ ვაშავებდი, ხოლო თუ ყველაფერი სერიოზულად წავიდოდა, ჯერ ამ ამბავს მოვუყვებოდი და მერე დავიწყებდი მასთან რამეს. მომწონდა შუშა? - კი. მომწონდა ექვსი ნომერი? - კი. თუმცა ახლა გაბრაზებული ვიყავი ექვს ნომერზე, მაგრამ მაინც მომწონდა, თან გატესტილი იყო უკვე და შეუძლებელია უკვე, კიდევ უფრო არ მომწონებოდა. ეგაა, დეგენერატია, მე კიდევ დებილქალასავით ვიქცევი. ლისის ტბაზე ძალიან ბევრი ხალხი დაგვხვდა. თავიდან მეგონა, რამე ღონისძიება იყო, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ისინიც ჩვეულებრივი ამომსვლელ-დამსვენებლები იყვნენ. ბორბლიან-პედლებიან კარტინგზე ვიკატავეთ და ძალიან გავხალისდი. სხვა მშობლები, რადგან ეს კარტინგი თავისი სიმარტივით საშუალოდ ათ წლამდე ბავშვებისთვის იყო განკუთვნილი, გაოცებულები გვიყურებდნენ ორ ზრდასრულ ადამიანს, რომლებიც სამბორბლიან მანქანებს ატრიალებდნენ და ხარობდნენ. მერე რამდენიმე დედამ და მამამ მოგვბაძა და ახლა უფროსები უფრო მეტნი ვკატაობდით სიცილ-ხარხარით, ვიდრე გაოცებული ბავშვები. მერე რატომღაც ბამბის ნაყინი მომინდა. მერე ველოსიპედი ვიქირავეთ და ორი წრე დავარტყი გაჭირვებით ლისს. ხალხი წამდაუწუმ გვედებოდა ფეხში, ჩვენს სავალ ადგილას და როცა ყვირილით ვახსენებდი, რომ გამცლოდნენ, თავადვე იყვნენ უკმაყოფილოები და ბუზღუნით გვითმობდნენ ადგილს. ბოლოს კაი გვარიანად მომშივდა და იქვე, ლისის ტბის თავზე ბარში ავედით. სავსე იყო იქაურობა, მაგრამ რაღაც ჯადოსნობით, არ ვიცი, როგორ, მალევე ორი ადგილი გათავისუფლდა ჩვენთვის. ასევე რაღაც ჯადოსნობით ძალიან მალე უგემრიელესი ჰამბურგერი მოგვიტანეს. ეს მაშინ, როცა სხვებისთვის ნალექიანი ყავის შეკვეთას ვერ ასწრებდნენ. კარგად ვაცნობიერებდი, რომ ჩემი მშვენების გამო არ ხდებოდა ეს და არც იმის გამო, რომ გუშინ საქველმოქმედო სექსით ვიყავი დაკავებული. აშკარად შუშას ოინები იყო. მერე მთაწმინდის პარკში ავედით. იქაც კარგად ვიხალისეთ და საღამოს იქვე რესტორანში ვივახშმეთ. იქაც გადატვირთულობის და მაგიდის დაუჯავშნობის მიუხედავად, მალე იპოვეს ჩვენთვის ცარიელი მაგიდა საუკეთესო ხედით და მას მერე, რაც უგემრიელესი სტეიკის დასრულებისთანავე პირადად გამოვიდა იქაურობის შეფი და პირადად გვკითხა, როგორი იყო კერძი, ეჭვი გამიჩნდა, რომ რაღაც ხდებოდა. მე აღტაცებულმა და პირგატენილმა დავუქნიე თავი და ყველა მიმიკის სახეზე გამოსახვით ვანიშნე, რომ საოცრება იყო, ხოლო შუშამ რაღაც დეტალებზე მიუთითა და იმანაც მშვიდად მოუსმინა. როცა შეფი წავიდა და ყავას ველოდებოდით, მაშინ ვიხელთე დრო და ვკითხე შუშას, რა ხდებოდა. მოკლედ, ბევრი რომ არ ვილაპარაკო, ჩემი შუშა ერთ-ერთი საუკეთესო შეფმზარეული ყოფილა დედაქალაქსა და ქვეყანაში, ხშირად დადიოდა საზღვარგარეთ და იქ სწავლობდა. ის კი არა და, მასტერკლასებსაც ატარებდა კულინარიის სფეროში და ხშირად იწვევდნენ სხვადასხვა რესტორანში. ახლა კი ნათელი გახდა ყველგან მისთვის ადგილის ნახვა და განსაკუთრებული მომსახურების მიზეზი. ჭამა და სპორტი. ჰმ, გავიფიქრე უნებლიეთ. საინტერესო დამთხვევაა. კიდევ ბევრ რამეზე ვილაპარაკეთ. აი, საოცარი იუმორი ჰქონდა შუშას. ყველაფერზე ისე გულიანად მაკისკისებდა, გვერდითა მაგიდიდანაც კი გვიყურებდნენ, რა მაცინებდა ასე. პირველი ხდებოდა, სახლთან რომ მომიყვანა. ხოდა, ის-ის იყო, ღვედი მოვიხსენი, მანქანიდან გადმოსვლაც დავაპირე, რომ შუშამ შემაჩერა. - სესი, ერთი წუთით ... - ამ სიტყვების გაგონებაზე ადგილზე გავიყინე. გულმა უსიამოვნოდ დამიწყო ფრთხიალი. ვერაფერი ვუთხარი, უბრალოდ მივაშტერდი. - სესი, რის თქმა მინდოდა, იცი, ალბათ, ხვდები ხომ, რომ ძალიან მომწონხარ. ხოდა, მაინც თუ არ ან ვერ ხვდები, მინდა იცოდე, რომ მე შენთან ურთიერთობას მარტო მეგობრობის ჭრილში არ ვუყურებ. უფრო სერიოზული სახე მინდა, რომ მივცე. არაფერს გაძალებ. ვეჭვობ, სულ ახლახან სერიოზული დაშორება და ტრავმა გადაიტანე. ხოდა, დრო გინდა. მე აქ ვარ და დაგელოდები. მერე კი დადუმდა. მეც ვდუმდი. მართლა არ ვიცი, რა უნდა მეთქვა. ასე ეუბნებიან ბიჭები ხოლმე? არ მახსოვს, რა განცდა მქონდა? რა თქმა უნდა, მომეწონა, მეამა. შუშა მეც მომწონდა. საინტერესოა, სიმპათიური, სუპერიუმორის მქონე, ყურადღებიანი და მოკლედ - სუპერკარგი ბიჭი, მაგრამ სადაა ის ღელვა, ის გულის ფრიალი, რაც ექვს ნომერთან მქონდა? რატომ არ გადავირიე სიხარულით? რატომ მივიღე ეს ყველაფერი მშვიდად? არ ვიცი. - კი, კი, ვხვდებოდი, მაგრამ სასიამოვნოა, რომ ეს მხოლოდ დასკვნები კი არაა, უკვე ფაქტია. კი, შუშა, მე გადავიტანე სერიოზული სტრესი და მართლა ვცდილობ, მოვერიო... გავერკვე. მეც მომწონხარ, არ მოგატყუებ. - დავიწყე ახსნა და ის-ის იყო, უნდა მომეყოლა ექვსი ნომრის ამბავი, რომ მერე მეთქვა, რომ არ ვიცი, რას ვგრძნობ, რა ხდება ჩემს თავს, მის დასავიწყებლად მომწონს თუ უბრალოდ; მოკლედ, ათასი ქალური უბედურება, ეჭვები რაც გვახასიათებს, მაგრამ ვინ გაცალა, გადმოიწია და მაკოცა. თავიდან შევცბი და არ ვუპასუხე, მერე კი... ლიფტი, როგორც ყოველთვის, არ მუშაობდა და ფეხით ავედი. ჩემს თავზე გამცინებოდა თუ გავბრაზებულიყავი, არ ვიცოდი. 24 საათში უკვე ორ სხვადასხვა მამაკაცს ვეკოცნავე. ერთს უფრო მეტი. სინდისოო!! სად ხარ? - ვიხმე საეჭვოდ მიძინებული გრძნობა, მაგრამ არანაირი გამოხმაურება. ძლივს ავედი მეთორმეტე სართულამდე და იქ კიდევ სხვა სიურპრიზი მელოდა, ექვსი ნომერი იჯდა ჩემს კართან. შევდექი... ახლა, ახლა.... ათასი ღმერთი დავლოცე, რომ შუშა არ დავპატიჟე და მხოლოდ პირველი კოცნით შემოვიფარგლე, რომელიც გამოვტყდები და, საოცრება იყო. მაგრამ ამის პარალელურად, ტვინს ვერ ვთიშავდი და გამუდმებით ვიმეორებდი, სესი, ჯერ გაერკვიე, ჯერ გაერკვიე. ვინ გაცდის, რომ გავერკვიო! - თერთმეტი საათიდან გელოდები. - წამოდგა ექვსი ნომერი ფეხზე. - სად დადიხარ? - უკაცრავაად? რეპორტი უნდა ჩაგაბარო, თუ რამე უფლება უნდა ავიღო შენგან, სად და ვისთან ვიქნები? - ავიჯაგრე განრისხებული და რაღა დაგიმალოთ, თან გახარებული, კმაყოფილი, რომ ისევ აქ მელოდებოდა ის, ვინც დილას ამაყად გამომიცხადა, რომ ეს ჩვენი ბოლო შეხვედრა იქნებოდა. - არა, ჰო, ბოდიში, ვერ მოვზომე. თავისუფლი ქალი ხარ, რომელსაც სადაც და ვისთანაც უნდა, იქ წავა. ჩემი საქმე, სამწუხაროდ, აღარაა ეს. - ამ "სამწუხაროდ"-ზე გული სიხარულით შემიხტა. ამასობაში კარი გავაღე და რა უნდა მექნა, შემოვიპატიჟე. მისაღებში შევედი, ჩანთა დავაგდე იქვე და შუქი ავანთე, მერე კი ექვს ნომერს შევხედე - რა ხდება, გისმენ, რატომ მოხვედი? - მომენატრე! მჭირდები - გაშალა ხელი და ნაბიჯი გადმოდგა ჩემკენ. შევჩერდი. ახლა პირველად შევხედე დამშვიდებული თვალით ექვს ნომერს. ჩემ წინ აღარ იდგა ოცნების სრულყოფილი მამაკაცი, არამედ რიგითი კაცუნა, რომელსაც ვერაფერი გაუგია, რა სურს და ვერცერთ ქალს ვერ თმობს, ვერც ვიღაც ელეს და ვერც მე. აი, მე კიდევ უკვე შემიძლია გავაკეთო არჩევანი და ეს არჩევანი შუშა იქნება! გავიფიქრე ამაყად და გავაღე პირი, რომ მეთქვა მისთვის სიმართლე და ყველაფერი. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.