მდუმარე სასტუმრო - სიზმრების დამჭერი (თავი 3)
ღამის სამი საათი იყო, როდესაც ელი მეთიუს ეზოში შევიდა. მეთიუს არ ეძინა. ვერანდაზე, მოქანავე სავარძელში იჯდა და წიგნს კითხულობდა. ელის დანახვაზე შეკრთა, წიგნი გვერდით გადადო და ფეხზე წამოდგა. შეშფოთებულმა ჰკითხა, – რამე ხომ არ შეგემთხვათო და როდესაც მიხვდა, თუ რისთვის იყო მოსული მასთან ელი, ბევრი აღარ ულაპარაკია, ხელში აიყვანა და საძინებელი ოთახისაკენ გაემართა. მეთიუ ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ელი ქალიშვილი იყო. მას ძალიან გაუკვირდა ელის გადაწყვეტილება, მაგრამ ზედმეტი კითხვები არ დაუსვამს. ელი მეთიუს ლოგინში იწვა და საწოლის თავზე ჩამოკიდებულ უცნაურ ნივთს აკვირდებოდა. ტყავის წვრილ ზონრებზე მრგვალი და ბრტყელი ბადისმაგვარი საგანი ეკიდა, რომელსაც ბოლოში ბუმბულები ემაგრა. ბადე ხელით იყო ნაქსოვი და ობობის ქსელს წააგავდა. - ეს "სიზმრების დამჭერია"! წამოიძახა მოულოდნელად მეთიუმ და უცნაურ საგანს თითით შეეხო. - რა არის? - "სიზმრების დამჭერი"... ინდიელები ამას საძინებელ ოთახში, საწოლთან სიახლოვეს კიდებენ… - რისთვის? - იმისთვის, რომ ცუდი სიზმრებისაგან თავი დაიცვან... ლეგენდის თანახმად, ლაკოტას ტომის შამანი მთებში იყო წასული, როდესაც ხილვა მოუვიდა. მას სიბრძნის მასწავლებელი, უდიდესი შამანი, სახელად იკტომი გამოეცხადა ობობის სახით და საიდუმლო ენაზე დაუწყო ლაპარაკი. მერე აიღო რგოლი, რომელზეც დამაგრებული იყო ცხენის კუდი, ბუმბულები და ზედ ქსელის ქსოვა დაიწყო. ის შამანს ცხოვრების ციკლზე ესაუბრებოდა. უთხრა, რომ ჩვენი ცხოვრება ბავშვობიდან იწყება. მერე ვიზრდებით და ვბერდებით, რითიც ისევ ბავშვებს ვემსგავსებით, რადგან სხვების მზრუნველობას ვსაჭიროებთ. ამითი ციკლი სრულდება! მაგრამ ცხოვრების სხვადასხვა მომენტში ჩვენ ძალიან ბევრნაირ ძალას ვეჯახებით… ზოგიერთი მათგანი ზიანს გვაყენებს, ზოგსაც პირიქით, ჩვენი შველა შეუძლია. თუ კეთილი ძალების მოსმენას შევძლებთ და გავეხსნებით მათ, ისინი სიამოვნებით დაგვეხმარებიან და საჭირო მიმართულებას დაგვანახებენ. მაგრამ, თუ შენი არჩევანი არასწორი აღმოჩნდება, მაშინ შეიძლება "ცხოვრების ხაფანგში" მოყვე და დაზიანდე. ასე რომ, ელი, ამ ძალებს შველაც შეუძლია და ბუნების ჰარმონიაში ჩარევაც. – სიზმრების დამჭერი – იდეალური წრეა - ცენტრში ხვრელით. ბადე ჩვენს კეთილ სურვილებს და ფიქრებს დაიჭერს, ხოლო ბოროტი აზრები, კოშმარები ამ ხვრელის მიღმა გაივლიან... "სიზმრების დამჭერის" გამოყენებით, შეიძლება მიზანსაც მიაღწიო. სიზმრები ხომ იდეების საწყისია? ყოველ შემთხვევაში, ასე თვლიან ინდიელები… - საინტერესოა... დაბნეულად ჩაილაპარაკა ელიმ და თავი უცნაურად იგრძნო. - გინდა ჩემი კოლექცია გაჩვენო? - კოლექცია?.. მეთიუ საწოლიდან წამოდგა. შარვალი ჩაიცვა და ელის თავისი პენუარი მიაწოდა. შემდეგ ერთ-ერთ ოთახში გაიყვანა, სადაც თაროებზე ლამაზად დაწყობილი უამრავი ნივთი ელაგა. იქ იყო ქვები, რომლებზეც გაურკვეველი სიმბოლოები იყო გამოსახული; სპილოს ძვლისაგან დამზადებული პატარა უცნაური ფიგურები; ეშვები და ბევრი სხვა ნივთი, რომლის მსგავსი ელის არასოდეს ენახა... იქვე რკინის მაგიდა იდგა, რომელზეც ბევრი იარაღი ეწყო. ბასრი საჭრელი დანები, სხვადასხვა ზომის ქლიბები და სხვა… ელის, ცოტა არ იყოს, შეეშინდა კიდეც. - ეს მედალიონი მინდა, რომ გაჩუქო! მე თვითონ გავაკეთე… მეთიუმ თაროდან ტყავის ზონარზე ჩამოკიდებული მედალიონი გადმოიღო და ელის კისერზე ჩამოჰკიდა. მედალიონი სპილოს ძვლისაგან იყო დამზადებული და უცნაური სიმბოლო ჰქონდა გამოსახული. - ამ სიმბოლოს დაცვის მაგიური ძალა გააჩნია! ავი სულებისაგან დაგიცავს... - მადლობა… ძალიან ლამაზია! თქვა ელიმ და მეთიუს უცნაურობებისადმი რეალური შიში შეიგრძნო. უცებ ძალიან მოუნდა სახლში დაბრუნება. გარკვეული პერიოდი სახლში გამოიკეტა და გარეთ ცხვირის გაყოფა აღარ უნდოდა. მეგი გაფრთხილებული ჰყავდა, რომ თუ მეთიუ გამოჩნდებოდა, მისთვის ეთქვა, რომ ელი მამასთან გაემგზავრა. დეპრესიიდან ჯონიმ იხსნა, რომელმაც თითქმის ძალით გამოიყვანა ოთახიდან და აიძულა, ბარში დაბრუნებულიყო. რამდენჯერმე შემთხვევით მაინც შეხვდა მეთიუს, მაგრამ თვალი აარიდა… ხოლო, როდესაც ის ბარში მოვიდა, სამზარეულოში შეიყუჟა და არ გამოსულა. მეთიუ მიხვდა, რომ ელი მას გაურბოდა. ერთხელაც ზურგჩანთა მოიკიდა და ორი კვირით სადღაც გადაიკარგა. მერე ყველაფერი ჩვეულ რიტმს დაუბრუნდა. ანას გამოჩენამ ელის გულში ნამდვილი გადატრიალება მოახდინა. ახლა უფრო და უფრო ხშირად იხსენებდა მეთიუს სახლში გატარებულ ღამეს და თავის უაზრო საქციელს ნანობდა. იქნებ როგორ სჭირდებოდა მეთიუს მასთან ურთიერთობა?.. *** დილის რვა საათი ხდებოდა. ელიმ ნელ-ნელა დაიწყო მზადება სამსახურში წასასვლელად. ფეხზე ბოტები ჩაიცვა და მეთიუს გაკეთებული მედალიონი ჩამოიკიდა. პირველად… - დღეს ცხელი ჩაის და ყავის დღე გვექნება! საკმაოდ ცივა! – ბარში შესვლისთანავე უთხრა მას ჯონიმ. - თუ შემოვიდა ვინმე საერთოდ, კიი… - რაღაც არ მომწონხარ დღეს… გადაღლილი სახე გაქვს! ცუდად გეძინა? სეტყვამ ხომ არ შეგაშინა? - სეტყვამ არა! ისე, ზოგადად გადავიღალე… - მერე გამოუშვი ერთი კვირა შენი და და დაისვენე! - ჩემი და? - ჰოო, რა გაიკვირვე? დიდი გოგოა უკვე! შენ მაგხელა რო იყავი, უკვე სტაჟიანი ბარის მენეჯერი გერქვა! - მიმტანი, ჯონ… - მენეჯერი, რომელიც მიმტანის მოვალეობასაც ითავსებს! – გაიღიმა ჯონმა და ცეცხლზე ჩაიდანი შემოდგა. - სანამ ბარს გავაღებთ, ცხელი ჩაი დავლიოთ… - ასეთი კეთილი როგორ ხარ, ჯონ? გაეღიმა ელის და ჩაის დასაყენებლად სამზარეულოში გავიდა. *** ელი და ჯონი ჩაის სვამდნენ, როდესაც ბარის შესასვლელთან თეთრი ძველებური მანქანა გაჩერდა. ელის ფინჯნიანი ხელი ჰაერში გაუშეშდა და გაღებულ კარს შეშინებული მიაჩერდა. თეთრი ძველებური მანქანა თითქოს მისი სიზმრიდან რეალობაში გადმოსულიყო. ყველაფერს წარმოიდგენდა ელი, გარდა იმისა, რომ იმ მანქანიდან მეთიუ გადმოვიდოდა. მეთიუმ მანქანას შემოუარა, საბურავები შეამოწმა, ბოლოს კაპოტი ახადა და შიგნით ჩაიხედა. - ეს ვისი მანქანაა, ჯონ? იკითხა ელიმ და სასწრაფოდ ჩაი მოსვა, რადგან არ უნდოდა, ჯონს მისი აღელვება შეემჩნია. - ეს არის სიდის მამის ძველი მანქანა, გუშინ რომ ვუთხარი მეთს. როგორც ჩანს, უკვე იქირავა… შენ რატომ გაქვს ასეთი სახე? - უბრალოდ, ასეთი მანქანა წუხელ სიზმარში ვნახე… - მანქანა ნახე თუ მეთი? - მანქანა… ჰოდა, ახლა რომ დავინახე, ცოტა არ იყოს, შემეშინდა! თითქოს ის კოშმარი გაცოცხლდა... - შანსი არ არის, რომ ეს მანქანა ადრე არ გქონდეს ნანახი… მე რომ გუშინ ვუთხარი მეთიუს, სიდის მამას დაელაპარაკე-მეთქი, ეტყობა, გონებაში ჩაგრჩა და შენმა არაცნობიერმა ამოატივტივა მეხსიერების ბნელი კუნჭულებიდან… - ალბათ, ეგრეა! შეიძლება პატარაობისას მინახავს სიდის მამა ამ მანქანით... - ხშირად მოვლენებს, რომლებსაც ძალიან რთულად აღვიქვამთ, სინამდვილეში მარტივი ახსნა აქვს… მეთიუ აქეთ მოდის! ელი ამჯერად ვეღარ დაიმალებოდა სამზარეულოში. გამბედაობა მოიკრიბა და წელში გაიმართა. მეთიუ ელის მიესალმა და ოდნავ შესამჩნევად გაიღიმა. - გამარჯობა, ელი... ჯონ! - გაგიმარჯოს, მეთ… გილოცავ... ძლივს ამოთქვა ელიმ და იგრძნო, როგორ წამოწითლდა სახეზე. - მადლობა… - როგორც ვხედავ, მანქანა მოგაქირავეს... - ჯონ! მადლობის სათქმელად შემოვიარე! ეს მანქანა მომყიდა, თანაც იაფად. ცოტა ხელის შევლება სჭირდება, მაგრამ მთავარია, რომ ვიშოვე! სიდმა, კარგა ხანია ამისი მოშორება მინდოდაო… - მაშინ ორმაგად მოსალოცად გქონია საქმე, მეგობარო, ვისკი ჩემზე იყოს! ჯონი ბართან მივიდა და ვისკის ბოთლი გადმოიღო. - არ გინდა, ჯონ… ნუ შეწუხდები… დღეს საჭესთან მომიწევს ჯდომა. აი, ცხელ ჩაის ან ყავას კი დალევდა კაცი… - ელ… - ახლავე... ფიქრებიდან გამოერკვა ელი და დაფაცურდა. – რომელი მოგართვა, მეთ? ყავა თუ ჩაი? - მოდი, ყავა იყოს… ცოტა რძე ჩამისხი, თუ არ შეწუხდები… ელი სამზარეულოსკენ გაემართა. ნაბიჯებს რომ ადგამდა, ფეხები უკანკალებდა და ერთი-ორჯერ ლამის მუხლებიც კი მოეკვეცა… საკუთარ თავზე ნერვები მოეშალა. - ჯანდაბა! ჩაიბურდღუნა და აპარატში ყავა ჩაყარა დასაფქვავად. მეთიუ და ჯონი რაღაცაზე ლაპარაკობდნენ. ელიმ ყური დაუგდო, მაგრამ სიტყვები ვერ გაარჩია. აპარატის ხმაური მათ ხმას ახშობდა. - შენი მეუღლე სად არის? – ჰკითხა ელიმ, როდესაც ყავის ჭიქა ბარის დახლზე დადგა. - რომ წამოვედი, ჯერ კიდევ ეძინა! იცი, ელ… ძალიან უნდა შენი გაცნობა… - ჩემი? – დაიბნა ელი. - ჰო… მე როცა გასული ვარ, მოწყენილია ხოლმე… ჩვენ ხომ მეზობლები ვართ, რაც არ უნდა იყოს... "რაც არ უნდა იყოს"-ში ალბათ იმ ღამეს გულისხმობს, – გაიფიქრა ელიმ. - მე მთელ დღეებს აქ ვატარებ, მაგრამ ჩემი და თითქმის სულ სახლშია… თან, ჩემგან განსხვავებით, ბევრი ლაპარაკი უყვარს! ასე რომ… როცა მოუნდება, შეუძლია მეგის შეუაროს… - კარგი, გადავცემ! ანა ძალიან კარგი გოგოა… კეთილი და მხიარულია... - ეჭვიც არ მეპარება… ჩაილაპარაკა ელიმ და ნაძალადევად გაიღიმა. შემდეგ ბარს მოშორდა და მაგიდების წმენდა დაიწყო. მეთიუ ყავას აუჩქარებლად სვამდა და დროდადრო ელისკენ გამოიხედავდა ხოლმე. ელის თითქოს მოეჩვენა, რომ მეთიუ მის მკერდს უყურებდა. თვითონაც დაიხედა, ღილი ხომ არ გამეხსნაო და უცებ მიხვდა, რომ მეთიუ მის მედალიონს უყურებდა. - ფუ, რა იდიოტი ვარ! როგორ არ მოვიხსენი, როცა დავინახე… რას იფიქრებს ახლა… ელი ისე ანერვიულდა, რომ ხელები აუკანკალდა. ჯონის ეს ამბავი არ გამოჰპარვია. - რა გჭირს შენ დღეს, პატარავ, ხომ არ გაცივდი? მოდი, ასე მოვიქცეთ! დღეს ბარს არ ვამუშავებ და დასვენების დღეს გამოვაცხადებ… არა მგონია, მაინც ვინმე მოვიდეს. ყველა თავის დასეტყვილ მოსავალზე დარდობს, ალბათ! მოიხსენი წინსაფარი და მეთს გაჰყევი... - ხომ სახლში მიდიხარ, მეთ? - არ გინდა, ჯონ… ელის ხმა ძლივს ამოუვიდა. - კი, კი... სახლში მივდივარ და წავიყვან ელის! მეთიუ ფეხზე წამოდგა, ჯინსის უკანა ჯიბიდან საფულე ამოიღო, რომ ყავის საფასური გადაეხადა. - ყავაზე დღეს მე გპატიჟებ!.. სანაცვლოდ, ამ გოგოზე ხარ პასუხისმგებელი! მეთიუს გაეცინა და საფულე ჯიბეში ჩაიბრუნა. ელი ისევ ყოყმანობდა. - გაჰყევი! ერთი გზა გაქვთ მაინც... არ მოეშვა ჯონი. წინააღმდეგობის გაწევას არავითარი აზრი აღარ ჰქონდა. ელიმ წინსაფარი მოიხსნა და მეთიუს ლანდივით აედევნა უკან. თეა ინასარიძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.