თავშესაფარი. უჩვეულო დამთხვევა (თავი 2)
აწ უკვე დასატენად შეერთებულ მობილურს რომ ვრთავ, დედაჩემისგან შემოსული ხუთი ზარი მხვდება. რაც ახალი მობილური ვუყიდე მანანას, მას შემდეგ ჭირივით ეზარება ვიღაცასთან დარეკვა, ან თუნდაც შეტყობინების გაგზავნა. ასე რომ ამაფეთქა, ესე იგი მართლა რაღაც მოხდა. ცოტა არ იყოს შეშფოთებული ვრეკავ მასთან, მაგრამ ისე განაზებით და ალერსიანად მეპასუხება, რომ მაშინვე ვხვდები... ვიღაც ახალი, მშვენიერი, ჩამოყალიბებული, განათლებული, საქმიანი, ბინიანი და მანქანიანი გამოჩნდა! - დე, მერამდენედ გითხრა, რომ მორჩი-მეთქი, ჰა? - შეწუხებული ვეკითხები და გონებაში მაშინვე ვაგონებივით ეწყობიან წარსულში ჩამოტოვილი დედაჩემის შერჩეული იდეალური კანდიდატები ჩემი ქმრობისთვის. - მეც მერამდენედ გითხრა, რომ ყველას უნდა ჰქონდეს თავისი ბუდე? ნუ დაიწყებ ახლა! შენი ფოტო უნდა მივცე დედამისს და დარწმუნებული ვარ, მოეწონები. - უფრო უარეს ინფორმაციას მაწვდის ის. - შენ რა გაგიჟდი, დედა? ვის რაში სჭირდება ჩემი ფოტო? რომელი საუკუნეა? - ხმას ვუწევ იმით გაცხარებული, რომ მე არაფერს შემეკითხნენ. - ოჯახი და პატიოსნება ყველა დროში ფასობს, ელენიკა. როდამდე, მითხარი? როდამდე ვისმინო მეზობლების ჭორები და მოსაზრებები იმასთან დაკავშირებით, თუ ვისთან გაქვს ურთიერთობა და რომ... რომ ეულად დაყიალობ! - აღელვებისგან ენა ებმის დედას. - აღარ შემიძლია მეტი. გამოდი დღეს ჩემთან და ვილაპარაკოთ. არ ღირს, დედა... შენ ხომ გათხოვდი პატიოსნად, არა? ხომ გქონდა ოჯახი და ხომ არავის უჭორავია შენზე? ხარ ბედნიერი? ვერ წავიდა მამაჩემი თავის გზაზე და ვერ იცვლის ახლა საყვარლებს რუსეთში ისე, რომ სინდისი არც კი აწუხებს? - მაზოლზე ვადგამ ფეხს. - მე მაინც გამანებე თავი, რა. - შენ... შენ ხომ მაინც იცი, რა მტკივნეულია ეს ჩემთვის... როგორ შეგიძლია ამით იმართლებდე თავს? - იმდენად ძლივსღა მესმის მისი სიტყვები, რომ ვხვდები, მობილური შორს წაიღო, მისი ტირილის ხმა რომ ვერ გავიგო. - გამოვალ დღეს, დედა, მაგრამ გთხოვ, მეტად აღარ დამაძალო, რა! -ვთხოვ და ცრემლები მერევა. ზუმერის ხმა გულს რომ მიწვრილებს, მაშინღა ვდებ მობილურს მაგიდაზე. ბავშვობის ტრავმა თავს მახსენებს. არ მინდა, რომ მეც შემიყვარდეს და მერე მიმატოვონ. ვიყო თუნდაც უნამუსო, თუნდაც კახპა, ყველასათვის საძულველი, მაგრამ ბედნიერი. ამოვიდა ეს პატიოსანი უბედურება ყელში. ის, რომ ყველა გიღიმის, გეფერება და გაქებს იმისთვის, რომ წესიერად ცხოვრობდი, ილუზიაა. სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ასე იქცევიან, შედიან თუ არა სახლში, იხსნიან წინსაფარს, იმოკლებენ კაბას და შინ საყვარლებს ეპატიჟებებიან, მერე კი გამოდიან გარეთ და ისევ იფარებენ სახეზე ნიღბებს. რატომღაც ადამიანები არასდროს აქებენ იმას, ვისაც ბედნიერება შეუძლია. მშობლიურ კორპუსს რომ ვუახლოვდები, მის ძირში არსებულ მაღაზიაში შევდივარ. შოკოლადების გრძელ რიგს მანამდე ვათვალიერებ, სანამ ჩემი ჯერი მოვიდოდეს და მოლარესთან აღმოვჩნდებოდე. ეს დრო რომ დგება, ჯერ ისევ ძებნის პროცესში ვარ, რადგან ჩემი საყვარელი შავი შოკოლადი ვერ მიპოვნია. სხვაგან არც არასდროს მინახავს. პატარა რომ ვიყავი, მაშინ ყიდულობდა ხოლმე დედა და ყოველ საღამოს თითო ნატეხს მაძლევდა. რამდენგანაც ვიკითხე, არსად არ ჰქონდათ. საქმე იმაშია, რომ ყველა შოკოლადთან შედარებით იაფი ღირს და თან როგორც დედა ამბობს, ძველი დროის წმინდა გემო აქვს შემორჩენილი. - შავი შოკოლადი მუქ წითელ შეფუთვაში არ გაქვთ? -ვეკითხები მოლარეს და ცხვირს ვჭმუხნავ. - მოიცა, სადღაც აქ უნდა იყოს...-დაბლა იხრება გოგონა და კლიენტისთვის ნაკლებად შესამჩნევი ადგილიდან იღებს ნაცრისფერ ქაღალდში შეფუთულ ფილას. - ერთ ასეთ ფილას მეც შევიძენ. - უკან მდგომი მყიდველი ჩემნაირ გემოვნებას იჩენს. ცნობისმოყვარეობა მძლევს და უკან ვტრიალდები. თვალები შუბლზე ამდის, ნაცნობ თვალებს რომ ვხედავ. მსუბუქად ვკივი და მოლარეს პარკს ხელიდან ვტაცებ. - აი, აიღეთ, ხურდა კი შეგიძლიათ დაიტოვოთ. - ზრდილობიანად ვუღიმი მას და მაღაზიიდან ელვისუსწრაფესად გამოვრბივარ. ის, რომ ორი დღეა ვიღაც შეშლილი უკან დამდევს, სულაც არ არის სასიამოვნო. არა, სასიამოვნო თავიდან იყო, მაგრამ ახლა გვანცასი არ იყოს, უკვე საშიშში გადაიზარდა. სულის მოსათქმელად კუთხეში რომ ვჩერდები, ვიღაც აჩქარებული სუნთქვით მიახლოვდება. საკივლელად პირს ვაღებ, მაგრამ მამაკაცი ერთი ხელის მოძრაობით მაბრუნებს თავისკენ და მეც მომზადებულ ყვირილს შეძრწუნებული ვყლაპავ. ვინ ხართ? რას გადამეკიდეთ? აშკარად ვიღაცაში გეშლებით. გუშინ ხომ... გუშინ ხომ ეს თვითონაც თქვით! -თვალებს აქეთ-იქით საცოდავად ვაცეცებ და შველას ყველა მხრიდან ველი. - რა გქვია? - უგრძნობლად მეკითხება უცნობი, ისე, რომ არც ერთი ნერვი არ ერხევა სახეზე. - ელენიკა. - სწრაფადვე ვპასუხობ. ახლა იმაზე ფიქრი არ შემიძლია, რომ უცნობებს სახელი და გვარი არ უნდა გავუმხილო. - ვიცოდი. - ხვნეშის ის. - რა იცოდით? - ვკრთები მისი მოკუმული მუჭის დანახვაზე. - არაფერი. ბოდიში, თუ შეგაშინე. - მიბოდიშებს და სხვა მხარეს ანგარიშმიუცემლად იხედება. - იცით, ბოდიში საჭირო არ არის, მაგრამ ნამდვილად ძალიან შემაშინეთ. მაინც ვერ ვხვდები, რა გინდათ ჩემგან და .... და ალბათ ვერც გავიგებ, ჰო? - შედარებით დამშვიდებული ვაპარებ იმას, რომ მისი ვინაობის გაგება და გაურკვევლობის გაქრობა მინდა. - რაში გჭირდება ამის ცოდნა?-ისე შთამბეჭდავად, ღრმად და მომხიბვლელად იღიმის, რომ ცოტაც და ჩავიკეცები. - არ გსმენია, რომ რაც უფრო ნაკლები იცი, მით უფრო ლამაზი ხარ? - როგორც ჩანს, უკვე ბევრი ვიცი. - მეცინება ყველასათვის ცნობილი ფრაზის გაგონებაზე. მამაკაცი დუმს. არც ველოდი იმის მოსმენას, რომ ძალიან ლამაზი ვარ, არადა ჩემი ეს სიტყვები ზუსტად ამ კომპლიმენტისთვის იყო გამიზნული. - წავიდე და დარწმუნებული ვიყო, რომ მეტჯერ აღარ შემხვდები და აღარც არასდროს გამომყვები უკან?- კ არგად შენიღბული შიშით ვეკითხები. თურმე მისი არნახვა ნახვაზე უფრო საშიში ყოფილა. - წადი, მაგრამ დარწმუნებული ნუ იქნები! - ისევ ისე მიღიმის ის და კედელს ეყრდნობა. იმდენად კმაყოფილი ვრჩები მისი პასუხით, რომ აღარაფერს ვამბობ და კუთხეში ვუხვევ. ისეთი გრძნობა მრჩება, თითქოს ეს მომენტი ისევ დადგება მომავალში, რამდენიმე დღის თუ თვის შემდეგ. ცხვირს კაშნეში ვმალავ და სუსხიან ქარს სადარბაზოში ვაფარებ თავს. ზოგჯერ ხვდები, რომ ის ადგილი ძალიან ძვირფასია შენთვის, რომელიც ძველ ტკივილს და საკუთარ ცრემლებს გახსენებს. ჩემს ოთახში შესვლა მუდამ ძლიერ ემოციებს იწვევს ხოლმე ჩემში. ვჯდები საწოლზე, თავს ვდებ ბალიშზე და ის სისველის გრძნობა მახსენდება, დილით გაღვიძებული თეთრ ნაჭერს ხელს რომ გადავუსვამდი და დასიებულ უპეებზე ადრე ეს მახსენებდა, წინა ღამე რომ ტირილში მქონდა გატარებული - არაფერი შემიცვლია. შენ იშვიათად რჩები ხოლმე, მაგრამ იყოს ასე.-მეუბნება დედა და მხარზე მიხუტებს. - არ შეცვალო! არასდროს! - ვჩურჩულებ და თავს გულზე ვადებ. - არ ვარ უბედური, ელენიკა, მე... მართლა. - ისე მიმტკიცებს, როგორც აქამდე არაფერი დაუმტკიცებია, მაგრამ მაინც არ მჯერა. - უბედური რომ არ იყო, ამას კი არ მეტყოდი, არამედ იმას, რომ ბედნიერი ხარ. იცოდი, რომ ყველაზე ადვილად ტყუილს მაშინ ამბობს ადამიანი, როცა სიმართლეს უარყოფს? - ვეკითხები ღიმილით. - არა. შენ საიდან იცი? - ეს კითხვა უკვე ყიდის მას. -უბრალოდ მივხვდი. მის მკლავებს ვიშორებ და საძინებელში მარტო ვტოვებ. წამოსვლისას ყოველ ნაბიჯზე უცნობის ხმა მესმის და გულს ისეთი ბაგა-ბუგი გააქვს, რომ ვხვდები, გავები. სულ ის მელანდება, ხან ხეებს შორის და ხანაც სიბნელეში იკვეთება მისი აღნაგობა. ვიცი, რომ ეს ყოველივე ილუზიაა, მაგრამ იმდენად რეალური, რომ ვერ გამიყვია ერთმანეთისგან მოლანდება და ცხადი. როგორ შეიძლება დაინახო ადამიანი და გულში ჩაგივარდეს? ერთხელ კი არა, არიან ადამიანები, რომელთაც უამრავჯერ ვხვდები, მაგრამ მათ მიმართ არაფერი მიგრძვნია. ჯანდაბა, ჯანდაბა, ჯანდაბა! ნეტავ, ეს ვიღაც დედაჩემისგან გამეცნო, როგორც კაცი, რომელიც ჩემზე დაქორწინებაზეა თანახმა... მაშინ, ალბათ, მიუხედავად მისი საოცარი მზერისა მთქნარებას დავიწყებდი და ვინატრებდი, რომ მეტჯერ აღარასოდეს მენახა... ახლა ეს უცნაური გარემოებები და მისი იდუმალი ქცევა უფრო მიწვევს და მიზიდავს, რაც წესით და რიგით ასე სულაც არ უნდა იყოს... ნუთუ გავიგებ ყველაფერს მასზე და მორჩა? იქნებ მართლაც ასე მოხდეს? ის მაღაზია, სადაც შოკოლადები ერთად ვიყიდეთ, ან სულაც არ იყიდა მან, ჯერ კიდევ ღიაა. თავში შესანიშნავი იდეა მომდის და გამყიდველთან სალაპარაკოდ მაღაზიაში შევდივარ. - ელენიკა, შემოდი... გაგიმართლა, რომ მოგვისწარი! უკვე ვიკეტებით. - სიცილით მეუბნება ქალი და დახლთან დგება. - ნინო, არაფრის ყიდვა არ მინდა, უბრალოდ იმ კაცზე უნდა გკითხო, ის შოკოლადი რომ შეიძინა, რომელიც მე ვიყიდე. ხომ იცი, ძალიან იშვიათად, რომ ვინმეს მოსწონდეს. ხშირად მოდის ხოლმე აქ? - ადრე კი, ახლა ძალიან იშვიათად.-ღონდება ჩემ მიერ ნახსენები პიროვნების გახსენებაზე.-მაგას სულ არ უყვარს ეს შოკოლადი. დღეს არ ვიცი, რა დაესიზმრა. ალბათ ცოლის მონატრებამ თუ სძლია... - ცოლის?-სულ მთლად ვირევი ამის გაგონებაზე. - ჰო, საწყალი. სამი წლის წინ გარდაიცვალა ის გოგო. სულ აქ მოდიოდა ხოლმე და ამ შოკოლადს ყიდულოდა. ბოლო დროს ვაჟიც ხშირად მოყვებოდა. მგონი გიორგი ჰქვია. გიოო, ასე ეძახდა გოგონა. ეს სულ იმეორებდა, ამას რა გაჭმევს, დაობებულ შოკოლადს ჰგავსო. ამაზე გოგოს ყოველთვის ეცინებოდა. საოცარი სიცილი ჰქონდა... აი, შენნაირი. სხვათა შორის ძალიან გგავდა, ძალიან! -აღტაცებით ამბობს და მისი გადიდრონებული თვალები ჩვეულებრივ ფორმას რომ უბრუნდება, ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს სადღაც დაფრინავდა და მერე უცებ მიწას დაენარცხა. -ეს ბიჭი მისი სიკვდილის შემდეგ ხშირად მოდიოდა? -გაოცებული და განადგურებული სიტყვებს ძლივს ვპოულობ კითხვის დასასმელად. - არა, ელენიკა, რას ამბობ... დღეს პირველად იყო, მაგრამ მაინც ვიცანი! შესანიშნავი წყვილი იყო! ორი ანგელოზი ერთად... ეს ხომ... საცოდაობაა პირდაპირ! ყველას გვაშოროს ღმერთმა ასეთი უბედურება! -პირჯვარს იწერს ნინო. -ელენიკა, სად მიდიხარ? უკვე კართან ვდგავარ. ცხვირთან მსხვილი ცრემლი მიცურდება. ასეთ მდგომარეობაში რომ ნინომ მნახოს, ხვალვე ყველაფერს გაიგებს დედა, რაც სულაც არ მაწყობს. საშინლად უტაქტოდ გამომდის, მაგრამ გამოვდივარ. კიდევ მესმის უკნიდან დაძახება. არ ვრეაგირებ და ისე ვაგრძელებ გზას, თითქოს არც არაფერი მომხდარიყოს. ვიცი, რომ რა ხდება ჩემს თავს? ავტორი სოფიკო კობლიშვილი გაგრძელება იქნება სამშაბათს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.