ფერადი (სრულად)
თორმეტი წლის იყო მწვანეთვალება ბოშა ბიჭი რომ აეკიდა და აღარ მოეშვა. უცხო ხალხს ვერ იტანდა. არ მოსწონდა რომ უყურებდნენ, ელაპარაკებოდნენ ან ეხებოდნენ. ამიტომ ნაბიჯს აუჩქარა. თითქმის მირბოდა, ისიც გაჯიუტდა და რადგან ნიტა იმ დროისთვის ოდნავ პუტკუნა იყო მაინც დაეწია. - აი ხურდა და შემეშვი! - ხელი გაუწოდა გოგონამ. - გაწვიმდება იცოდე. - თავს აქნევდა ბოშა. - იწვიმოს მერე მე რა შუაში ვარ? - ელვა იქნება, დიდი ელვა. - განაგრძობდა აქცენტით. - ქოლგა გინდა? - მე არაფერი მინდა. შენც არაფერი გინდა ხესთან. - რა ხესთან? - არ დადგე ხესთან, გაწვიმდება, დიდი სინათლე იქნება! - კარგად ბრძანდებოდეთ... - ეს ცუდი სინათლე იქნება, ხესთან იქნება... დიდი ხმაც იქნება... ხესთან არაფერი გინდა. - ეძახდა უკვე შორიდან. არ სჯეროდა, მაგრამ მაინც, აქამდე მისთვის სანატრელი, გასაოცარი ჭექა-ქუხილის ყურება, იმ დღიდან მაინც ტანჯვად ექცა. თუმცა როგორც ყველაფერი ძველი, დროსთან ერთად ბოშაც მიივიწყა. ჩვიდმეტის რომ შესრულდა მაისი იყო, ექსკურსიაზე ქუთაისში წავიდა, ისე მოიქუფრა ცა ერთიანად ჩამობნელდა. ავტობუსამდე შორი იყო, ამიტომ მასწავლებელმა სასწრაფოდ შეკრიბა ყველა და სირბილით წასვლა უბრძანა. რამოდენიმე ნაბიჯიც არ ჰქონდათ გავლილი რომ გაწვიმდა. ცამ პირი გახსნა და აღარ გაჩერდა. ბავშვებმა ხეებს მიაშურეს, ნიტამაც ტელეფონი რომ არ დასველებოდა სასწრაფოდ ჩაიდო ჯიბეში და უახლოესი ხისკენ წავიდა. უეცრად ელვას მოჰკრა თვალი, მერე პატარა ქუხილიც მოესმა და ნაბიჯს შეუნელა. - ჩქარა ნიტა რას უდგახარ! - გადაასწრო ბექამ. - მოიცადე! - ბოშას გაქნეული თავი გაახსენდა გოგონას. - მოიცადე ბექა არ მიხვიდე მანდ! - ხო არ გაგიჟებულხარ მოდი გოგო ჩქარა! - გარბოდა ბიჭი. - ბექა არ მიხვიდე-თქო არ გესმის? შეიძლება... - ბიჭმა ხეს მიაღწია და აქოშინებულმა გამოხედა. - ფილტვების ანთება გინდა? მოდი თორემ ძალით მოგიყვან! - მომისმინე... - ნიტა მიხვდა რომ ვერაფრით გადაარწმუნებდა, ამიტომ სხვა ხერხს მიმართა. - მე მანდ არ მოვალ და აბა როგორ მიმათრევ ვნახავ! - ნუ ჯიუტობ თორემ იცოდე მეხი... - დამაბრმავებელმა სინათლემ დამაყრუებელ ხმასთან ერთად იფეთქა. ნიტამ ძლიერი სიცხე და ტკივილი იგრძნო, თვალები ინსტიქტურად დაეხუჭა და დაეცა. ბავშვებმა კივილი მორთეს. ერთ ადგილას აიტუზნენ და ბექას მიაშტერდნენ რომელიც შუაზე გადახლეჩილ, ცეცხლმოკიდებულ ხესთან უგონოდ ეგდო. მოშორებით ნიტა წამომჯდარიყო და თვალებს ისრესდა. ვერავინ მოახერხა განძრევა. ყველა შოკში იყო, არ იცოდნენ რა ექნათ. მოგვიანებით ნიტას სასწრაფო მანქანის სირენა ჩაესმა. მხედველობაც თანდათან აღუდგა. შიშჩამდგარი ბაშვები შეშფოთებით ჩურჩულებდნენ რაღაცას. ექიმებს უკვე საკაცეზე დაეწვინათ ბიჭი. არა ეს მისი ბექა არ იყო, ეს იყო დალურჯებული, დამწვარი ადამიანი რომელსაც სისხლძარღვები კანსზემოთ უჩანდა. თმა საშინლად გაბურძგვნოდა, სისხლჩაქცევები ჰქონდა, არც ფეხზე ეცვა. ნიტამ ახლახანს გააანალიზა რომ ავტობუსთან იდგნენ, ეს თეთრხალათიანი კი დაჟინებით ეკითხებოდა რაღაცას. - მხედავ? ნიტა, მხედავ? - დიახ... - ანუ გესმის კიდეც? - დიახ... - რას გრძნობ, რამე გტკივა? - ნიტამ ხელებზე დაიხედა. - მეწვის... ეს... ეს რეებია? - გოგონას ხელებზე და მკერდზე სისხლძარღვების კვალდაკვალ წითელი ტატუირების მსგავსი დაკლაკნილი ვენები გამოსახულიყო. - დამწვრობაა, არ იღელვო, თავი ხომ არ გტკივა? - არა... უბრალოდ ესენი მეწვის. - დამშვიდდი. ექიმი კიდევ ეკითხებოდა რაღაცეებს მაგრამ გოგონას მისი აღარ ესმოდა. მის ტვინში ციბრუტივით ბოშას სახე ტრიალებდა. - არ დადგე ხესთან, გაწვიმდება, დიდი სინათლე იქნება. - ბუტბუტებდა მის სიტყვებს. ბოშამ იცოდა ეს დღე, სწორად ამაზე აფრთხილებდა. მისი მწვანე, მოჭუტული თვალები გაახსენდა. როგორ დაინახა? საიდან იცოდა? მართლა აუხდა, არ ეჯერა, მაგრამ მაინც აუხდა. მან გადაარჩინა, ბოშა რომ არა, ხომ მივიდოდა იმ ხესთან? მივიდოდა და ახლა ალბათ ბექას გვერდზე იწვებოდა. ბექას გვერდზე? მოულოდნელად ტვინს თითქოს აღდგენითი სამუშაოები ჩაუტარდა. სად იყო ბექა? როგორ იყო? საავადმყოფოში მისული სულ მას კითხულობდა, მაგრამ ერთადერთ პასუხს იღებდა. - მდგომარეობა კრიტიკულია, კომაშია, უმძიმესი ხარისხის დამწრობები აქვს და არავინ იცის გონს მოვა თუ არა. ნიტას ნელნელა ცრემლების ფუნქციაც აღუდგა, თავისით იწყეს სვლა და ბოშას სახე ბექამ შეცვალა. გაუმართლა, ბიჭი რამდენიმე დღე იყო კომაში, შემდეგ აზრზე მოვიდა, სისხლჩაქცევები გაუქრა, მხოლოდ ნიტას მსგავსად მასაც სამუდამო ნიშანი დაედო სხეულზე, გამოხატული ვენების სახით, თუმცა უფრო მკვეთრად. ბექამ ნიტას ნახვა არ მოინდომა და გოგონა ერთიანად დაზაფრა ამ ფაქტმა. არც სკოლაში მოსვლის შემდეგ ელაპარაკებოდა, მხოლოდ გამარჯობას თუ გაიმეტებდა. მას სხვა მოსწავლეებმაც მიბაძეს. აღარავინ ეკონტაქტებოდა, თითქოს ყველა თვლიდა რომ ეს ნიტას ბრალი იყო, ბავშვებმა მოისმინეს როგორ ეუბნებოდა ბექას მანდ არ მიხვიდეო, თითქოს კუდიანად ჩათვალეს, ზურგსუკან თანამედროვე ვანგად მოიხსენიებდენ და ადანაშაულებდნენ, რომ ბექას გადარჩენას საკმარისად არ ეცადა. - შეყვარებული არ გადაარჩინა და უცხოს რას უზავს. - კლასში შესვლისას მოესმა თანაკლასელის სიტყვები და სახე ერთიანად წაეშალა. აეხსნა? რა უნდა აეხსნა? რა უნდა ეთქვა? ან ვისთვის უნდა აეხსნა, ვინ იმსახურებდა ამას? ბექა? კლასელები? მათ ხომ ერთი კითხვაც არ დაუსვამთ, ერთხელ არ უკითხავთ როგორ ჰქონდა თავად მას დამწვრობა? ხომ არ სტკიოდა ან აწუხებდა რამე, უბრალოდ გარიყეს და მორჩა. ძალიანაც კარგი, ასეთი ადამიანები არ იმსახურებდნენ არაფრის ახსნას, არც ნიტას მეგობრობას და მოკითხვას, არც მის თანადგომას. სულელები, - ფიქრობდა ის. - დავამთავრებ სკოლას და არცერთს აღარ ვნახავ. - საიდან იცოდი? - ჰკითხა ვახშმისას ეკამ. - რა ვიცოდი? - იმ ხეს მეხი რომ დაეცემოდა. - ვინ გითხრა რომ ვიცოდი? - ყველა ამაზე ლაპარაკობს ნიტა. - დაეჭვებით შეხედა მამამ. - ბოშამ მითხრა. - არც უცდია სიმართლის დამალვა. ნიტა ასეთი იყო, ყოველთვის ამბობდა რასაც ფიქრობდა. - რა გინდოდა გოგო ბოშებთან? - არაფერიც არ მინდოდა ეკა, რუსთაველზე მივდიოდი და ამეკიდა, ეს დიდი ხნის წინ იყო, ალბათ იქიდან ხუთი წელი მაინც გავიდა. ფული მივეცი რომ მომეშორებინა და მაშინ გამაფრთხილა ჭექა-ქუხილის დროს ხესთან არ დადგეო, არ დამიჯერებია, მაგრამ გულში ჩამრჩა. - პეჩენიები გადმოიღო თეფშზე და მათგან კოშკის აშენებას შეუდგა. - მერე? - მერე ბექა რომ დავინახე ხესთან, რომელთანაც მე ვაპირებდი მისვლას გავაფრთხილე, მაგრამ არ მომისმინა. - უთხარი მეხი ჩამოვარდებაო? - კარგი რა მამა, ეგ რომ მეთქვა დამიჯერებდა? გიჟად ჩამთვლიდა! ვეცადე გამომეტყუებინა იქიდან, მაგრამ მეხმა დამასწრო... - სისულელეა, - თავი გააქნია ეკამ. - გინდა თქვა რომ ბოშამ ხუთი წლის წინ დაინახა რომ მეხი დაგარტყავდათ? - მას ბექაზე არაფერი უთქვამს, მხოლოდ ის მითხრა ხესთან არ მიხვიდეო და მორჩა. - არ მჯერა ასეთი რაღაცეების. - ხედავ მამა? ეკას ფაქტი არ სჯერა და ბექა როგორ დამიჯერებდა რომ მეთქვა გამოდი მაქედან თორემ მეხი დაგეცემა თქო? - არ ვიცი, არ ვიცი. ძალიან უცნაურია. არ ლაპარაკობენ შენზე კარგს ნიტა. - სულ ერთია, რაც უნდათ ის თქვან, მე მაინც არ მჭირდება მასეთი უტვინოები, მარტო უკეთ ვარ. - ისედაც არ გყავდა მეგობრები... - აქამდე არ ვიცოდი რატომ არ მყავდა, ახლა ვიცი, უჭკუოები არიან... - კოშკს სახურავი დაადგა და კმაყოფილმა გაიღიმა. - არ მჯერა და მომკალი. - გაიმეორა ეკამ. ნიტამ მხოლოდ ირონიულად ახედა. - ნუ გჯერა... ამ ამბის შემდეგ ერთი ჩვევა დასჩემდა, მუდმივად რაღაცას აშენებდა, ხილის ქერქებით, ვაფლებით, პატარა ერთნაირი ნივთებით, მუდმივად ჰქონდა სურვილი ფანქარი სჭეროდა და რამე დაეხაზა, ბოლოს უკვე მის ყველა წიკს ეს ერთიც, მშენებლობაც მიემატა, აქამდე ნასწავლ ისტორიას ზურგი მთლიანად აქცია და ფიზიკას ჩაუჯდა, მაინც არავინ ეკონტაქტებოდა, ხოდა ისიც მთელი თავისუფალი დრო ხაზავდა და ხაზავდა, ვაფლები და პეჩენიები დომინოს ქვებით ჩაანაცვლა, ასანთის ღერებიც დააგროვა და გადაწყვიტა თავისი საყვარელი ადგილის, ბორა-ბორას მაკეტი შეექმნა. ბოლო ზარზეც კი არ წავიდა, დაასრულა თავისი პირველი ნამუშევარი და კმაყოფილმა მოიკითხა მამა, იცოდა ეკას მაინც ვერაფრით გაახარებდა სულ რომ ბაბილონი აეშენებინა. მაგრამ მამა არ იყო, ეკა ნერვიულად ეწეოდა ერთ ღერზე მეორეს. - წავიდა გესმის? ყველაფერი ჩააბარგა და წავიდა! ეს რა კაცია, ეს რა ადამიანია, მთელი ცხოვრება ამ ჭირიან ბინაში ამომხადა სული, თავისი არანორმალური შვილი მაზრდევინა, მალაგებინა, მარეცხინა, სახლში გამომკეტა, ახლა კი, ადგა და წავიდა, გესმის შენ? - სად წავიდა? - ვიცი? - ეგ როგორ? - როგორც ხედავ, მობეზრდა ბიჭს თურმე მღებავობა, მანქანა ისე გაუყიდია არც მითხრა, რა ჰგონია, რას გააკეთებს ერთი იმ ევროპაში, თუ ფიქრობს პირდაპირ კრემლში უკრავენ თავს? - ეგ რუსეთშია... - ეკას უსწორმასწოროდ დაჭრილი ვაშლი თეფშზე სიმეტრიულად განალაგა ნიტამ. - ჯანდაბაშიც ყოფილა და სიკ*დილშიც წასულა! - ეკა... - რა გინდა? - რატომ ვარ არანორმალური? - რა? - შენ თქვი, რომ მამამ თავისი არანორმალური შვილი გაზრდევინა, ასე რატომ თქვი? - შენ ვერ ხვდები არა? იცი, ბავშვობაში თავიდან აუტისტი რომ გვეგონე? - რატომ? - ჩაკეტილი იყავი, არავინ მოგწონდა, ვინმე თუ აგიყვანდა ტიროდი, ისე რომ ბჟირდებოდი, არ ვაჭარბებ, მერე ფეხებით გკიდებდი და გირტყავდი რომ ამოგესუნთქა. რომ გიყურებდა ვინმე ამომეფარებოდი ხოლმე და მეკითხებოდი რატომ მიყურებსო, ნუ მიყურებსო, არ მინდა მიყურებდეს, უთხარი წავიდესო. - გაიღიმა ქალმა და კიდევ ერთი ღერი ჩაწვა. - გიჟი იყავი, არსად მიშვებდი, იძახდი თუ სადმე წახვალ თავს მოვიკლავო, არასდროს გეძინა, საშინელი ნერვოზი დამმართე, წლები ვმკურნალობდი, სერიოზულად ვამბობ. მამიდაშენი ამბობს რომ ეშმაკი გყავდა ჩასახლებული. - რა? - გაიცინა გოგონამ. - მე განსაკუთრებით მიბრიყვებდი, მამაშენს ხელშიც კი არ სჭერიხარ არასდოს, უბრალოდ არავისთან მიდიოდი. თავიდან მეგონა ასე იმიტომ მექცეოდი რომ შენი ნამდვილი დედა არ ვიყავი... მაგრამ მერე... - ეკა შეყოყმანდა, ფანჯარაში გაიხედა. - ერთ ღამეს გამაღვიძე, წყალი გინდოდა, ავდექი და დიდი ჭიქით მოგიტანე რომ დანარჩენი იქვე დამედგა, მაგრამ შენ ერთიანად დაცალე, გამიკვირდა, ძალიან გამიკვირდა... ცოტა ხანში კიდევ გამაღვიძე, ისევ გწყუროდა და ისევ ის დიდი ჭიქა ბოლომდე დალიე. ცოტა ხანი იჯექი, უცნაურად მიყურებდი, შემდეგ კი რაც დალიე ერთიანად უკან ამოიღე... ძალიან შემეშინდა იმ დღეს, მაგრამ შემდეგ უარესად იქცეოდი, რასაც ჭამდი და სვავდი, არაფერს ირგებდი, თუ გული არ გერეოდა პირში თითებს ძალით იყოფდი... - რას ამბობ ეკა, რატომ არ ვიცოდი ეგ ამბები მე? - მამაშენს არ უნდოდა გცოდნოდა... მერე, ის დღე არასდროს დამავიწყდება, არასდროს. - თავი გააქნია ქალმა. - გაზზე კარტოფილს ვწვავდი, შენც იქვე იდექი, თავი რომ ავხადე რამდენიმე შხეფი გამოისროლა, ვიფიქრე ნიტას ხომ არ დაეცა თქო და სახე დაგითვალიერე, ხელები, მერე მკერდზე სამკუთხედად გაწითლებული ადგილი შეგამჩნიე და სასწრაფოდ გაგხადე მაიკა. ის დღე, ის ნახატი ჩემი შოკი იყო, მკერდზე ეკლესიის გუმბათი გეხატა, ზემოთ პატარა ჯვრით... ისე მკვეთრად, თითქოს ფლომასტრით მიგახატესო. უბრალო კი არა, წითელი, ხასხასა ფლომასტრით.... ისე გავგიჟდი მაშინვე მამიდაშენს დავურეკე. ხომ იცი როგორი ეკლესიურია, რა ლოცვა აღარ წაგიკითხა, მერე ისიც იფიქრა ვინმე ბავშვმა ხომ არ დაახატაო და სახეხით გაგიხეხა ეგ ადგილი... არაფრით მოგშორდა... გადავწყვიტეთ სასწრაფოდ მოგვენათლე მარიამობას. ჯერ კიდევ 14 რიცხვი იყო, ორი კვირა გქონდა გამოსახული მკერდზე ეკლესიის გუმბათი, ვიფიქრე რომ მამაოს ნათლობის დღეს ვაჩვენებდი, რადგან მითხრეს ასეთი შემთხვევა ხშირიაო... - მერე? - ზუსტად ოცდარვაში, დილით, არანაირი კვალი აღარ გეტყობოდა ნიტა. თუმცა იმდღეს მართლა დავრწმუნდით რომ ეშმაკი გყავდა. - კარგი რა, რას ამბობ? - ისევ გაიცინა გოგონამ. - მართლა გეუბნები, ნათლობაზე მღვდელი რომ დაინახე ერთ ამბავში ჩავარდი, არავის მიეკარე, მე მეჭირე ხელში, წარმოგიდგენია? მამაომ დამრთო ნება სხვა გზა რომ არ იყო. - მერე? - ახლოს რომ მიგიყვანე დაწყნარდი, მღვდელს შეხედე, გაუღიმე, მერე უცებ ასწიე ხელი და სახე ჩამოღადრე. სულ ბუზღუნ-ბუზღუნით მოგნათლა, შენ კი ისევ წიოდი და კიოდი. - ვაიმე ეკა რაებს ამბობ... - ასე იყო ნიტა, ასე.... მას შემდეგ რა შედარებაა, ისე დამშვიდდი. ნეტავ უფრო ადრეც მოგვენათლე, მაგრამ ხომ იცი, ყველაფერს ფული უნდა, სუფრა... რა ვიცი, რა ვიცი... ახლა კი ვხვდები რომ ასეთი მნიშვნელოვანი რაღაცეები ფულის გამო არ უნდა გადადოს კაცმა... მამაშენი... ოხ, მამაშენს რას ვუზავ ხომ არ იცის... რა ჯანდაბა უნდა გააკეთოს ევროპაში, რა?! ,,ძაღლი შინ არ ვარგოდაო” ისეა მაგის საქმე. - რატომ არ დამემშვიდობა? - იცოდა ალბათ შენი ამბავი და იმიტომ... - ეკა... - რა? - ამიტომ შეგეშინდა მეხზე რომ ვიცოდი წინასწარ? - რა თქმა უნდა, ვიფიქრე ხომ არ გამოყვა რამე ეშმაკისეული თქო. - კარგი რა, ნუ ამბობ მაგ სიტყვას. - სიმართლე ესაა თუ გინდა. - ახლა რა ვქნათ? - არ ვიცი... - სოციალური რამდენ რამეში გვეყოფა კი მაგრამ? ხშირად როცა უფულობის გამო საჭმელი არ ჰქონდათ, ან შუქს უჭრიდნენ, ან გაზს, ეკა სოფელში მიდიოდა, ნიტა არ მიყვებოდა, უნივერსიტეტს ვერ გააცდენდა. ჯერ ისედაც ღამეები ათენა რომ ას პროცენტიან დაფინანსებაში მოყოლოდა. ხშირად ეცინებოდა, ოცდამეერთე საუკუნეში, გაჩახჩახებული ქალაქის ერთ პატარა ბინაში სანთლის შუქზე საწოლში ტანსაცმლიანი იწვა რომ არ შესცივნოდა და კონსპექტებს კითხულობდა, ძალიან რომ შეაწუხებდა მუცელი ცდილობდა დაეძინა. თანდათან ეკა აღარ ჩამოდიოდა თბილისში, მშობლებთან, სოფელში საჭმელი და სითბო მაინც ჰქონდა. მეზობლებმა იცოდნენ ნიტას ამბავი, ამიტომ ხშირად აწვდიდნენ გამხდარ, გალეულ, თვალებამოღამებულ ბავშვს ერთ თეფშ საჭმელს და ისიც აცრემლებული თვალებით აცილებდა კეთილ მოხუცებს სახლიდან. არავინ ჰყავდა ნიტას, სრულიად არავინ ამ ხალხის გარდა, რომლებსაც თავისთვისაც ძლივს ჰქონდათ რაღაც და მაინც უნაწილებდნენ გოგონას. სწორად ეს გახდა სტიმული ნიტასთვის, სიკეთის მწარე მადლი ნაადრევ ასაკში იგემა, ნახაზებს აგებდა, კოშკებს ხაზავდა, თავისი ოცნების სასახლეები და ცათამბჯენები კვადრატებში ჰქონდა სრული სიზუსტით აზომილი და სწავლას ერთი წამით არ წყვეტდა, იცოდა დადგებოდა დღე და დაუფასდებოდა, არამარტო მას, იმ ხალხსაც, ვინც მას ოდესმე დაეხმარა. პირველად მამამ ციხიდან დაურეკა. - რატომ აქამდე არ შემეხმიანე? - არ მქონდა საშუალება, აქ კი ტელეფონი უფასოა. - სიმწრით ჩაიცინა კაცმა. - რატომ დაგიჭირეს? - მშიოდა და მოვიპარე მამა... - ნიტას თვალები ცრემლებით აევსო. ვერაფრის თქმა ვერ მოახერხა. - თურმე აქ ოცნებები მართლა არ ხდება... - არ ნანობ რომ მიმატოვე? - არ მიმიტოვებიხარ მამა, ვეღარ ავიტანე მანდ მთელი დღე ხუთ ლარზე მუშაობა, შენი წლებისწინ ძლივს ნაყიდი ტანსაცმელიც ვეღარ ავიტანე მამა. შენი უმომავლობა, შენი უსწავლელობა... - მე ვსწავლობ მამა, სრული დაფინანსება მაქვს... - და საჭმელი როდის იყიდე ბოლოს? - სოციალური ხომ მაქვს... - კარგი რა ნიტა, კარგი რა! რამდენჯერ დაგიძინია მშიერს, რა გგონია, მე მეძინა შვილის მშიერ თვალებს რომ ვუყურებდი და არაფრის გაკეთება შემეძლო? რამე უნდა შემეცვალა, უნდა მეცადა მაინც... - რამდენი ხანი უნდა იჯდე მანდ? - მეგონა დამადეპორტებდნენ მაგრამ რავიცი, ჩამსვეს ამათი ..... ალბათ ექვსი თვე. - მამა... - რა? - უნდა წავიდე, ლექცია მეწყება. - წადი ნიტა, წადი, მეც შეზღუდული დრო მაქვს. იქნებ რომ გამომიშვებენ ვიშოვო რამე და გამოგიგზავნო. - კარგი... - მიყვარხარ იცოდე! - მეც მამა... სახლში გიჟივით შევარდა, წინა დღეს ლიას მოწვდილი ერთი თეფში აჯაფსანდლიდან ნახევარი დღეისთვის ჰქონდა დატოვებული და ერთი სული ჰქონდა ეჭამა. მაცივარი სწრაფად გამოაღო და სახე წაუხდა ნათურა რომ არ აინთო, ჩამრთველი მოიძია, ისევ გაუთიშიათ დენი... მაგიდასთან იჯდა და მშიერი თვალებით უყურებდა ამჟავებულ საჭმელს. - ესეც შენი აღმართში დაწეული ქვა... - ჩაილაპარაკა და სიმწრით ჩაიცინა. რამდენიმე ლუკმა გასინჯა, არ იყო ძალიან გაფუჭებული, - მთავარია არ მომწამლოს. - თქვა ბოლოს და გემრიელად შეექცა. კარზე მორიდებული კაკუნი გაისმა. მუცლის წვა იგრძნო და თავის თავზე გაბრაზდა მთლიანად რომ შეჭამა. ზლაზვნით გავიდა შემოსასვლელში და სახელური ჩამოსწია. რამდენიმე წამით გაოცებული უყურებდა. ბექა იდგა, სოლიდურ შარვალ-კოსტუმში გამოწყობილი ზღურბლსიქიდან უღიმოდა. - გამარჯობა ნიტა. - გამარჯობა ბექა... რამ მოგიყვანა? - არ ვიცი, უბრალოდ შენი ნახვა მინდოდა. შემომიშვებ? - მერე ხომ მნახე? - ნიტა, რა გჭირს? - რა მჭირს? - ჩაიცინა გოგონამ. - რა გინდა რატომ მოხვედი? - ხომ გითხარი რატომაც? - ძალიან დაგაგვიანდა, როცა მე ვცდილობდი შენ ნახვას ახლოს არ გამიკარე, ახლა მე აღარ მინდა! - უბრალოდ გაბრაზებული ვიყავი შენზე... - საინტერესოა, რატო ნეტავ? - ვიცი, სისულელე იყო ნიტა... - ხოდა ახლა მე ვარ გაბრაზებული და სრულიად სამართლიანად და ჭკვიანურად. ხოდა როგორც მობრძანდი ისე წადი აქედან! - ნიტა, გავიგე შენი და შენი ოჯახის ამბავი და მინდა... - დამეხმარო? - ნიტა გეყოფა ეს სიჯიუტე და შემომიშვი! - თორემ მეხი დამეცემა? - იმ საშინელ დღეს წარმოთქმული ბექას უკანასკნელი სიტყვები დღეს დაასრულა ნიტამ. ბიჭმა წარბები შეკრა და ინსტიქტურად ხელი გულზე მოისვა. - შენც დაგრჩენია კვალი, - ყელსქვემოთ გამოსახულ ვარდისფერ ვენებზე მიუთითა ბექამ. - საინტერესოა მხოლოდ ახლა რომ ამჩნევ ამას. - ნიტა მე სულელი ვიყავი! - მეც ძალიან სულელი ვიყავი, თქვენ რომ მიყვარდით, ყველა... - სევდიანად გაიღიმა გოგონამ და კარი ბიჭს ცხვირწინ რომ მიუხურა მწარედ ატირდა... მარტოობა, აი ახლა მიხვდა ამდენი ხანი თურმე რა სტკიოდა. შიმშილი და გაჭირვება ადრეც ჰქონია, მაგრამ მაშინ ყველა ჰყავდა, ასე არ განიცდიდა, ასე არ აწუხებდა. ახლა კი, არა დედა, არა მამა, არა მეგობრები, არა ეკა, არა შეყვარებული... სრული სიცარიელე, ტკივილი, რომელიც მაშინ შემოეპარა მის სულს, როცა ის წყეული მეხი ჩამოვარდა... მას მერე ყველა წავიდა, ნელნელა, მაგრამ მაინც წავიდა. - დაბრუნდებით... - ჩაილაპარაკა ტირილით დაღლილმა. - ბექა ხომ დაბრუნდა? თქვენც დაბრუნდებით... მაგრამ აზრი აღარ ექნება... სულელებო... თქვენ ჩემზე უფრო მარტოები ხართ... საღამო იყო რუსთაველზე რომ მოსეირნობდა, აი ის ადგილიც, ბოშა რომ შეხვდა. ეცადა აღედგინა მისი სახე, სხეული, მაგრამ მოჭუტული მწვანე თვალების გარდა ვერაფერი გაიხსენა. ნეტავ ახლა სად იქნებოდა? რამდენი წელი გავიდა... ის რომ არა, ვინ იცის იმ დღეს რა მოხდებოდა. ხალხი უკეთ მოათვალიერა, ყველას თავისთვის ეჩქარებოდა სადღაც, პატარა ბოშებსაც მოჰკრა თვალი და გულდასმით დააკვირდა. რა სისულელე იყო, ის ბიჭი მაშინვე ბევრად დიდი იყო მასზე და ახლა ხომ საერთოდ, ამ პატარა ბიჭებში რომელი იქნებოდა. უცებ აბრას მოჰკრა თვალი ,,პროექტების სააგენტო”. ფეხები თავისით წავიდნენ მისკენ. მიმღებში ახალგაზრდა ქალი დახვდა. - გამარჯობა, გისმენთ, რით შემიძლია დაგეხმაროთ? - იცით, როგორც მივხვდი აქ პროექტები იყიდება, არა? - დიახ, რისი პროექტი გნებავთ? - არა, მე, იცით მე მაქვს უამრავი მაკეტი, ნახაზები, იქნებ ვინმესთან გამესაუბრა და შემეთავაზებინა ჩემი პროექტების გაყიდვა? - ერთი წუთით. - ქალმა ნომერი აკრიფა, შემდეგ რაღაც ხმადაბლა თქვა და ყურმილი დადო. - მესამე სართულზე აბრძანდით, ხელმარჯვნივ კარია, უფროსი მენეჯერი მამუკა ჩოხელი აწერია. - გმადლობთ. როგორ გაუხარდა როდესაც ნება დართეს მისი პროექტები მიეტანა და ენახათ ვერც წარმოიდგენთ, თუ გაუმართლებდა და იყიდიდნენ, სოციალურის მოხსნაზე კი დარდობდა, მაგრამ მთელი ცხოვრება ამ საწყალი თანხით მაინც ხომ არ აპირებდა ცხოვრებას? მეორე დღესვე მიიტანა ყველაფერი რაც აქამდე შეუქმნია, მთელი თავისი ოცნებები იქ დატოვა, მიუხედავად იმისა რომ მამუკას ასეთი მაღალი დონის, ძვირადღირებული პროექტები არ უნდოდა, ნიტამ მაინც გაიტანა თავისი და იქიდან სულ ხტუნვა-ხტუნვით წამოვიდა. სიხარულმა მხოლოდ რამდენიმე დღე გასტანა. მერე ნელნელა შესუსტდა და საბოლოოდ გაქრა. არავინ ურეკავდა, ნიშნავდა რომ არ ყიდულობდნენ მის არცერთ ნამუშევარს. არადა ზამთარი ახლოვდებოდა, ეკამაც სულ დაივიწყა. შემოდგომაც მიიწურა, მისი პროექტები ისევ ხელუხლებელი იყო, რაღაც უნდა ეღონა, ამ წელს ძალიან ცივ ზამთარს წინასწარმეტყველებდნენ, მერამდენედ უნდა გაყინულიყო ყოველ ღამეს, ჩაცმული და თანაც საწოლში? სოციალური როგორც კი აიღო წავიდა და პატარა ღუმელი იყიდა. საბედნიეროდ ბოლო სართულზე ცხოვრობდა და კვამლი არავის შეაწუხებდა. მეზობლის ქმარს სთხოვა ფანჯრის მინის ამოჭრა, ისიც უყოყმანოდ დაეხმარა ნიტას, ღუმელიც აუწყო, მილებიც კარგად გააკეთა და ღიმილით დატოვა გახარებული გოგონა. ახლა შეშა სჭირდებოდა. უნივერსიტეტის მერე გზის ფულის უქონლობის გამო მაინც ფეხით დადიოდა, ხოდა გზაზე რაც რამე ხის შეხვდებოდა ყველაფერს დიდ ჩანთაში ყრიდა და სახლში მოჰქონდა. ახალი წლისთვის მეზობლებმა კვლავ დაასაჩუქრეს თითო თეფში ყველა კერძით. როგორ უყვარდა დღესასწაულები, ამ დროს სახლში ყოველთვის ერთ სახეობაზე მეტი საჭმელი ჰქონდა. მერამდენედ კითხულობდა უკვე ,,ჯეინ იარს” და ყოველი მისი ტკივილი გულთან უფრო და უფრო ახლოს მიჰქონდა. ოცნებობდა მისთვისაც დაეტოვებინა ვინმე შორეულ ნათესავს ქონება, მაგრამ ერთადერთი ვინც ახსოვდა მამიდა იყო, რომელიც ჯერ კიდევ მის ბავშვობაში გარდაიცვალა. უკვე მერამდენე ცრემლი მოიწმინდა და ისევ კაკუნი კარზე. რომელიმე მეზობლის მოლოდინით გააღო კარი და ნაძალადევი ღიმილი წამსვე გაუქრა სახიდან როცა საკმაოდ ბრენდულ მანტოში გამოწყობილი ბექა ტუღუში დაინახა. - დამდეგს გილოცავ ნიტა. - დიდი ვარდების თაიგული გაუწოდა გოგონას ღიმილით. - მეც გილოცავ. - მხოლოდ გაუღიმა. - არ გამომართმევ? - რას? - შენ მოგიტანე. - თვალით ვარდებზე ანიშნა ბიჭმა. - და რაში მჭირდება ეს ბალახები? - ნიტა გეყოფა, ოდესმე ხომ უნდა მაპატიო, არა? - და რატომ უნდა გაპატიო? - თუნდაც იმ წლების გამო რომლებიც ერთად გავატარეთ! - შენ წარმოიდგინე არ მიღირს. - რატომ არ გინდა ისევ ყველაფერი ნულიდან დავიწყოთ? - შენ გინდა გაპატიო ის რომ ზურგი მაქციე მაშინ, როცა ყველამ დამივიწყა? რომ სრულიად უმიზეზოდ დამ*კიდე და აღარ მოისურვე ჩემი ნახვა? ხომ გიყვარდი? მითხარი, არ გიყვარდი? - მე ახლაც მიყვარხარ ნიტა! - აი ხედავ? იძახი რომ ახლაც გიყვარვარ... მაგრამ მხოლოდ იძახი... მე კი უბრალოდ ნათქვამი სიტყვები არაფერში მჭირდება! - მე მინდა რომ დაგეხმარო, შემომიშვი ბოლოსდაბოლოს, ცივა! - და ვინ გითხრა რომ შენი დახმარება მჭირდება? - დავინახე როგორ აგროვებდი შეშებს ნიტა... - მერე? - მერე როდამდე უნდა იცხოვრო ასეთ გაჭირვებაში რომ გაზის ფული არ გაქვს და სახლში ფეჩი გიდგას? - და შენ რას ფიქრობ, როგორ უნდა დამეხმარო? - ცინიკურად გაიღიმა გოგონამ. - გეტყოდი, მაგრამ ვიცი რომ შეურაცხყოფად მიიღებ და ატეხავ ერთ ამბავს! - ხოდა არ მითხრა. კარგად! - არ დაკეტო კარი! - ამჯერად მომზადებული დახვდა ტუღუში ამ ფაქტს და ზღურბლთან ფეხი ჩაჭედა. - გააფრინე? - გაბრაზდა ნიტა. - შენი სიჯიუტე უკვე ყელშია გესმის? - მძლავრად მიაწვა კარს და თითქმის შეგლიჯა. - ნორმალური ლაპარაკიც კი არ დავიმსახურე შენგან? შემოსასვლელში მტკიცე ნაბიჯებით შევიდა და მისაღებს მიაშურა. მაგიდაზე საჭმელი სამკუთხედი ფორმით იყო განლაგებული, უმაღლეს წვერთან კი ერთადერთი თეფში იდო დანა-ჩანგლით, დიასახლისი აშკარად ძალიან არასტუმართმოყვარე გახლდა, თუმცა ყველაფერი აბსოლუტური სიზუსტით, სიმეტრიულად ეწყო არამარტო მაგიდაზე, არამედ მთელს ოთახში. - ეს შენი წიკები... - გაიცინა მან და დივანზე ჩამოჯდა. ნიტა მოჭუტული მიაჩერდა, - ეს მზერა მეცნობა. ამ დროს ყველაზე გაბრაზებული ხარ. ის დროა ჩემით გავრბოდე არა? - ტუღუში! - ოღონდ ასე ნუ ამბობ ნაილა მგონია მეძახის დაფასთან. - ვერასდროს ხუმრობდი კარგად. - ეგ შენ ვერ იგებდი ხუმრობის არსს თორემ შენ გარდა ყველა იცინოდა! - ისინი უბრალოდ იმიტომ იცინოდნენ რომ შენ ყვებოდი მაგ ამბებს. მე რომ მეთქვა იგივე ალბათ ტირილი აუვარდებოდათ. - არცერთ კლასის შეკრებაზე არ ყოფილხარ ნიტა... - ხო, ისე გამიბურღეთ ტვინი ყველამ, მოდი მოდიო რომ, თავი არ მქონდა... - წყალს მომიტან? - არა. - მე თვითონ მოვიტან. - სამზარეულოს მიაშურა ბიჭმა. არცერთი ქვაბი გაზზე, მაცივარი გამოაღო, სრულიად ცარიელი იყო ყველაფერი და გული შეეკუმშა. მძიმედ მიხურა კარი. ღრმად ამოისუნთქა და მისაღებში დაბრუნდა. - საჭმელები შენ გააკეთე? - არა. - ნიტა მიხვდა სადაც ურტყავდა ბიჭი და უფრო მოიღრუბლა. - და დახმარება არ გჭირდება არა? - ორი წელია ასე ვცხოვრობ და როგორც ხედავ ისევ ვსუნთქავ ბექა და გეყოფა სულ იმის ხაზგასმა რომ ღარიბი ვარ და მიჭირს! - ხო, რაც მთავარია სიამაყე და თავმოყვარეობა ხომ გაქვს! - დიახ! - მინდა რომ ფული გასესხო... - კაიი? - ნიტა... ღმერთო, შენ ვინ ყოფილხარ, როგორ დამღალე უკვე! - მერე წადი და დაისვენე, ვინ შეგაკავა? ძალით შემომივარდი და ახლა დაგღალე კიდეც თურმე არა? - აღარაფერი დარჩა იმ ნიტასგან, ვისაც ვიცნობდი. - შესწორება, აღარაფერი დატოვეთ იმ გოგოსგან, რომელსაც უყვარდით! - ნიტა... - ახლა წადი... - მაპატიე. - წადი მეთქი! თებერვალი იყო უცხო ნომერი რომ ამოიკითხა ეკრანზე. - გისმენთ. - გამარჯობა, ნიტა ქავჟარაძეს ვესაუბრები? - დიახ. - ერთი წუთით, გადაგრთავთ. ნიტამ კვლავ დახედა ნომერს, იქნებ მიმხვდარიყო ადრესატის ვინაობას. - ნიტა გამარჯობა, მამუკა ვარ, ჩოხელი, გახსოვართ? - დიახ მამუკა, რა თქმა უნდა. - სუნთქვა შეეკრა გოგონას. - თუ შეიძლება ჩვენთან მობრძანდით, თქვენს რამდენიმე პროექტზე შეაჩერეს უცხოელებმა არჩევანი და დალაპარაკება უნდათ. - ახლავე მოვალ. რამდენიმე წუთში უკვე სააგენტოსთან იდგა და ხმამაღლა სუნთქავდა. ასი ლარიც რომ მიეცათ თითოში ახლა ისე იყო რომ დაუფიქრებლად გაყიდდა. თარჯიმნის საჭიროება არ ჰქონდა, თვითონაც გამართულად საუბრობდა ინგლისურად. ამიტომ როცა შეიტყო რომ მისი ზამბარისებრი ცათამბჯენით დაინტერესდნენ, ორ კერძო სახლთან ერთად მიხვდა, ლაპარაკი პატარა თანხაზე რომ არ იქნებოდა. ოთახში უკვე ელოდნენ, მორიდებით შეაღო კარი და უკვე მაგიდასთან მისულმა თავაზიანად გაიღიმა. - დაბრძანდით ნიტა. - გმადლობთ. - უკვე გეტყოდნენ რომელ პროექტებზე გვაქვს ლაპარაკი, აქ რომ მოიტანეთ მაშინ თანხაზე არ გვილაპარაკია. - იქნებ პირდაპირ გვითხრას. ამდენი დრო არ მაქვს. - მომლოდინედ მიაჩერდა ერთერთი მათგანი. ბიჭი დაახლოებით ოცდაშვიდი-ოცდარვა წლის იქნებოდა. ნიტას მისი მზერა ეცნო, მისი მწვანე, მოჭუტული თვალები. ტვინმა ბოშა გამოსახა მის ადგილზე და... ბოშა? ის ბოშა ნიტა რომ გააფრთხილა? გოგონა ერთიანად დაიბნა და ბიჭს მიაჩერდა. - გისმენთ გოგონა! - მე... იცით... - თანხა! - იქნებ თქვენ შემომთავაზოთ? - მე? - დიახ, თქვენ ალბათ იმ უცხოელების წარმომადგენელი ხართ. - ნიტა იცით, - საუბარში მამუკა ჩაერთო. - ბატონმა ენდიმ... ასე ვთქვათ დაასწრო მათ. - ანუ? - ანუ მე ვყიდულობ შენს პროექტებს, სამივეს და ფასი მჭირდება! - მოუთმენელი თვალებით შეუბღვირა ნიტას. - მაპატიეთ ბატონო ენდი მაგრამ თქვენ იცით მე რამდენი ვიმუშავე მათზე? ასე უბრალოდ ვერ მოგყიდით, უნდა ვიცოდე სად აშენებთ, რაზე გაქვთ გათვლილი... - მეღადავება? - გაოცებული სიცილით გადახედა ბიჭმა მამუკას. - ნიტა იცით... - თუ არაფერს მეტყვით, არც მოგყიდით! - ოხ, ნიცა, ნიცა! აქ ვაშენებ საქართველოში ერთ სახლს ჩემთვის, უკრაინაში - ცათამჯენს და პლიუს იქაც სახლს, კმაყოფილი ხარ? ახლა თანხა თქვი. - ნიტა! - რა ნიტა? - მე ნიტა მქვია. რაც შეეხება თანხას... არ ვიცი, მართლა, ვფიქრობ არც ისე იაფი დაგიჯდებათ. - ღმერთო, - თვალები ჭერს მიაპყრო ბიჭმა. - კარგი, სამივეში ოთხმოცი ათასი და ხელს ვაწერთ ახლავე. - რამდენი? - გაოცდა გოგონა. - კარგი, ჯანდაბას, ას ოთხმოცი ათასი. იცოდე ეს ბოლოა! - გინდათ თქვათ, რომ სამივე პროექტში იხდით მაგ თანხას? - აღარ მოვუმატებ იცოდე! თვითონაც არ იცის იმ წუთას რა დაემართა, იცოდა რომ ეს სწორად ის ბოშა იყო და ნერვები მოეშალა ასე რომ ელაპარაკებოდა, დაუჯერებელი იყო რომ არ ახსოვდა, ან ვერ იცნო. - ორასი! - შანსი არ გაქვს. მე ვთქვი რომ აღარ მოვუმატებდი. - ჩემი პროექტები ასე ღირს, გინდა იყიდეთ, გინდა მიბრძანდით! - ოცი ათასის გამო მევაჭრები? - თუ ასე უმნიშვნელოა ეს თანხა, თვითონ რატომ არ მთანხმდები? სადაც ამდენი, იქაც ოცი. - გითხარი არა მეთქი, მე სიტყვას არ გადავდივარ! - კარგი, მაშინ სხვა შემოთავაზებაც მაქვს. - ჩქარა თქვი. - ოთხმოცი ათასზე გთანხმდები, სამაგიეროდ ოცპროცენტიანი წილი მინდა ცათამბჯენის მოგებიდან. - რა? - ენდი ჯერ გაოცდა, მერე გაეღიმა, შემდეგ კი ისეთი სიცილი მორთო ნიტამ თავი ყველაზე სულელ ადამიანად მიიჩნია. - მე შენ ასი ათასს გიკლებ! - გოგონა, ეგ თანხა იმის მესამედიც არაა, რაც მაგ პროექტს განხორციელების შემთხვევაში, ერთ თვეში ექნება! - მითუმეტეს, მაშინ უფრო ძვირს დავაფასებ! - წარმოუდგენელია, და საერთოდ რომ არ ვიყიდო? - როგორც გინდათ, მაგრამ ასეა, თქვენ მაინცდამაინც ჩემი პროექტები მოგეწონათ, იმიტომ, რომ მე ნიჭი მაქვს, ისეთი, როგორიც სხვა არავის და ჩემი შრომა, ძვირი ღირს ბატონო ენდი! სხვათაშორის მე ინჟინერიც ვარ და შემიძლია შეღავათიან ფასებში აგიშენოთ სახლი. - ინჟინერი? - დიახ. - შენ? - დიახ! ბიჭმა თვალები უფრო მოჭუტა. - თანახმა ვარ. ოთხმოცი ათასს მოგცემ სამივე პროექტში, მიწა სოლოლაკში მაქვს, მუშებსაც თვითონ დაიქირავებ და ყველაფერს შენ წარუძღვები. - და წილი ბატონო ენდი. - ღიმილით შეახსენა ნიტამ. - და წილსაც მიიღებ. - შევთანხმდით. - შევთანხმდით. - დაგირეკავთ შესაბამისი საბუთების მზადყოფნის დროს და შეგხვდებით. - კიბატონო. - ნიტა ფეხზე წამოდგა. - გელოდებით. - ნიტა, არ წახვიდეთ, სალაპარაკო გვაქვს. - შეაჩერა მამუკამ და ისიც წამოდგა. - დიახ, რა თქმა უნდა. - ოღონდ ჩემს კაბინეტში. აღმოჩნდა რომ კომპანია გაყიდული პროექტიდან მთლიანი თანხის ათ პროცენტს ითხოვდა თუმცა ახლა ნიტას ეს სულ არ ადარდებდა. მთავარი ის იყო, რომ რამდენიმე დღეში მას იმდენი ფული ექნებოდა და მალე ისეთი მუდმივი შემოსავალი, რომ ყველა მისი ოცნება რეალობას გაუსწორდებოდა. თუმცა იყო პრობლემა, რაც უფრო მიიწევდა სახლისკენ, უფროდაუფრო ეპარებოდა ეჭვი საკუთარ თავდაჯერებულობაში. ინჟინერი? მას ხომ ჯერ პრაქტიკებიც კი არ გაუვლია უნივერსიტეტში, რაზე ფიქრობდა როცა ენდის ამას სთავაზობდა? ისიც კი არ იცოდა სად უნდა ეპოვა მშენებლები ან რა დაევალებინა. სახში მისულმა ყველა წიგნი ამოატრიალა, მაგრამ პრაქტიკული სამუშაოების თეორიული მასალა ვერსად იპოვა. მერე ერთხანს ჩაფიქრებული იჯდა, ერთ წერტილს მიშტერებული და უცებ წამოხტა. თავში კარგი იდეა მოუვიდა. - რას იზამ ნიტა... ამ ცხოვრებაში ცოტა ეშმაკობა თუ არ გაქვს არაფერი გამოვა. - სარკესთან მივიდა, მხიარულად დატრიალდა და სირბილით საწოლს დაახტა. - მოვდივარ, უკეთესო ცხოვრებავ! რესტორანი, რომელშიც ნიტა დაიბარეს, საკმაოდ სოლიდური იყო, მეტი სერიოზულობისთვის შუქის ფულით ლამაზი, თეთრი შიფონის პერანგი იყიდა, შავი შარვალი ჩაიცვა და ოდნავ მაღალძირიანი, კლასიკური კედები ამოიცვა. - მელოდებიან. - გაუღიმა ჰოსტესს. - აქეთ მობრძანდით. - ქალმა დარბაზის სიღრმისკენ წაიყვანა. რატომღაც ეგონა რომ მაგიდასთან ბევრნი დახვდებოდნენ, მაგრამ იქ მხოლოდ ენდი იჯდა და სერიოზული სახით ეწეოდა. - გამარჯობა. - გაუღიმა ნიტამ და სკამზე ჩამოჯდა. - მეგონა დააგვიანებდი. - რატომ? - არ ვიცი, რატომღაც მოუწესრიგებელი და არაპუნქტუალური გოგოს შთაბეჭდილებას მიტოვებ. ნიტამ რამდენიმე წამით ვერაფერი თქვა. - საბუთები აქაა. - ფაილები მიუწია გოგონას. - გადახედე და ხელი მოაწერე. - რამდენია... ამას როდის წავიკითხავ.... იქნებ სახლში წამეღო? - თუ კითხვა არ იცი მე წაგიკითხავ. - ვიცი, - გაბრაზდა ნიტა. - მაგრამ საბუთები მნიშვნელოვანია და ბევრ დაკვირვებას საჭიროებს. - არ მენდობი? - ისეთი სახით თქვა ბიჭმა ნიტა კინაღამ სიცილისგან გადაყირავდა. - რა არის სასაცილო? - რა თქმა უნდა, არა. - დაიწყე კითხვა, ამდენი დრო არ მაქვს! - წარბები შეკრა ენდიმ და სიგარეტი საფერფლეში ჩაასრისა. ნიტა დაკვირვებით კითხულობდა რა ეწერა, ერთი შეხედვით საეჭვო არაფერი იყო, მაგრამ მაინც სულ აბზაც-აბზაც განიხილავდა. ენდი ღიმილით ადევნებდა თვალს, მერე დაიღალა, მიმტანი მოიხმო და შეკვეთა მისცა. - ნიცა დავიღალე! - ამოიოხრა ბოლოს. - ნიტა, ნიტა, ნიტა მქვია, გესმის?თანაც ხომ გითხარი სახლში წავიკითხავ თქო? - ყველაფერი ისე წერია როგორც შევთანხმდით, მორჩი კირ-კიტს და მოაწერე ხელი! - ცოტა დამრჩა. როგორც იქნა დაასრულა. კიდევ ერთხელ გადაავლო თვალი და რამოდენიმეგან ხელი მოაწერა. - ჰალილუია! - წამოიძახა გახარებულმა ენდიმ და ჭიქები წითელი ღვინით შეავსო. - მე არ ვსვავ ენდი. - როცა ორი მხარე ერთმანეთში თანხმდება და მითუმეტეს ასეთი ხელშეკრულებები იდება, აღნიშვნა აუცილებელია ნიცა. - სპეციალურად მეძახი არა ასე? - დიახ. - მაიმუნურად გაიღიმა ენდიმ და ჭიქა ასწია. - კარგი, ასე იყოს, ბოშა! - რა? - ბიჭს ხელი ჰაერში გაუშეშდა. - მე ვთქვი, ბოშა! - ნიტამაც ასწია ჭიქა და გაშეშებულ ენდის მიუჭახუნა. ბიჭმა კიდევ უფრო დაიწვრილა თვალები. - რა შუაშია ბოშა? - აბა რა შუაშია ნიცა? - ნიცა და ნიტა ერითმება მაინც ერთმანეთს, თუ ფანტაზიის უნარიც არ გაქვს? სად ენდი, სად - ბოშა? - გავხარ ბოშას. - ნუ გამაგიჟე ახლა, რით ვგავარ? - ქცევით. - რა ქცევით ნიცა? - წარსულში რომ იქცეოდი, იმ ქცევით ბოშა! - გიჟი ხარ? - ჰკითხა ძალიან სერიოზულად. - გაუმარჯოს ჩვენს შეთანხმებას. - ნიტამ სასმელი პირთან მიიტანა და რამდენიმე ყლუპი მოსვა. პირველად სვამდა ღვინოს, ოდნავ დაიჭყანა და წამში დავლილი ბჟუტუნის შემდეგ გაიღიმა. - მომისმინე, არავითარი ბოშა! - მაშინ არავითარი ნიცა! - შევთანხმდით. - შევთანხმდით. ოდნავ დაეჭვებით უყურებდა ენდი გოგონას. თითქოს ცდილობდა მისი აზრებს ამოცნობას, შემდეგ მანაც მოსვა და ნიტას უკან მომავალ წყვილზე შეაჩერა მზერა. გოგონამ შეამჩნია მისი მოღრუბლული სახე და მანაც მისი მიმართულებით გაიხედა. თვალები გაოცებისგან გაუფართოვდა ბექა რომ დაინახა მომავალი ჩალისფერთმიან, კარგი გარეგნობის გოგონასთან ერთად. წყვილი მალე გაუსწორდა მათ მაგიდას. - ენდი? - ნაძალადევად გაიღიმა მწვანეთვალებამ და ნიტას გადმოხედა. - გამარჯობა. - აქ რა გინდა? - ვვახშმობ როგორც ხედავ. - ხელით მაგიდაზე მიანიშნა ბიჭმა და ნიტამ ახლაღა გახედა ბექას რომელიც დაჟინებულ მზერას დაუფარავად არ აცილებდა გოგონას. - გამარჯობა ნიტა. - გამარჯობა. - ოდნავ ჩაიღიმა და სალათს ჩანგლით დაუწყო წვალება. ენდი მაშინვე მიხვდა სიტუაციას და წყვილს მაგიდასთან დაჯდომა შესთავაზა. - არა, გმადლობთ. არ შეგიშლით ხელს. - თქვა ანამ, მაგრამ ბექამ სკამი გამოსწია და გოგონას ანიშნა დამჯდარიყო. - რატომაც არა, სხვათაშორის არ ველოდი ნიტა შენს აქ ნახვას, მითუმეტეს ენდისთან. - რატომ? - ისე გაბრაზდა ნიტა ბექას მზერაზე რომ თითქმის ყვირილით ჰკითხა. - მე არ შევეფერები რესტორნებს, თუ პირიქით? - მე უბრალოდ... - სხვათაშორის დღეიდან ხშირად მოგიწევს ასეთ ადგილებში ჩემი ნახვა და აღარ გაოცდე. - ნიტა რა გჭირს? ღმერთო როგორ ვერ იტანდა ამ კითხვას. გაბრაზებულმა გადახედა ენდის, დასამშვიდებლად ღრმად ამოისუნთქა და ღვინო მოსვა. - დიდი ხანია ერთად დადიხართ? - აშკარად ვეღარ მოითმინა ანამ. - საკმაოდ. - იყო ენდის გულგრილი პასუხი. ნიტამ გაოცებულმა შეხედა. - მე და ნიტა დიდი ხანი ვიცნობდით ერთმანეთს და როგორც იქნა დავადგით საშველი. - რას გულისხმობ? - იკითხა ბექამ. - რა არის აქ გაუგებარი არ მესმის. - ნიტას მაგიდაზე დადებულ ხელს დასწვდა ენდი და ღიმილით მოეფერა გოგონას. გაგიჟდა? - ფიქრობდა ნიტა. - არა, ნამდვილად ვერ უნდა იყოს სრულ ჭკუაზე. რატომ აკეთებს ამას? - თუმცა ანას და ბექას წაშლილ, გაბრაზებულ სახეებს რომ გადახედა ყველაფერს მიხვდა. ტვინში თითქოს ნათურა აენთო. მეორე ხელი ენდისკენ წაიღო და მანაც გაიღიმა. - რას გაუგებ სიყვარულს. - ხო, აი უცებ მოვა და აღარ მიდის. - იცინოდა ენდი. - რა სიგიჟეა... - უკვე ვეღარ წყნარდებოდა ნიტაც. - თან ულტიმატუმებსაც რომ აყენებს! ბექა და ანა გაოცებულები უყურებდნენ გიჟივით მომცინარ წყვილს, თვალებზე სიცილისგან რომ მოსდგომოდათ ცრემლები და ვერ გაეგოთ ასე რა უხაროდათ. - ეხლაც არ მჯერა, შენ გჯერა ენდი? - შენისთანა გიჟი რომ შემიყვარდა? - და მე შენისთანა უჟმური? - რას გაუგებ სიყვარულს. - იცინოდა კვლავ ენდი. სიგარეტის კოლოფი შეათამაშა ხელში და ნიტას გაუწოდა. გოგონამ გაოცებულმა დახედა. - გინდა? - ნიტა არ ეწევა ენდი! - ნიშნის მოგებით გაიცინა ბექამ. - ეგ ადრე... - გათამამდა გოგონა და ერთი ღერი ამოაძვრინა. - ახლა უკვე ვეწევი. - ენდიმ ასანთი შეაშველა, დიდი ხანი ეცადა მოკიდებას, მაგრამ ნიტა ოდნავადაც არ არტყავდა ნაპასს. ბიჭმა ანიშნა შეისუნთქეო და მანაც ისეთი ძალით მოქაჩა კვამლი პირდაპირ ყელში ეცა. მაშინვე ხველება აუტყდა და თვალები სასაცილოდ დააჭყიტა. ბექამ გულიანად გაიცინა. - ეს რა სიგარეტია... - განაგრძობდა ხველას. - ძალიან ძლიერია ენდი... - მაპატიე ძვირფასო. - გაუღიმა ბიჭმა და ბექას სიცილში აყვა. - ამას ვერ მოვწევ. - გაუწოდა ზიზღით. ძალიან გაღიზიანდა ასე რომ დასცინოდა, მაგრამ მაინც გაიცინა. - ერთი ამბავი ვიცი სიგარეტზე, რადგან ასე გაგამხიარულეთ, ბარემ ამასაც მოვყვები. - გისმენთ ნიტა. - მიმტანის დასხმული ღვინო მოსვა ანამ და ენდის გადახედა. - ბოშა მამა ეუბნება შვილს: წადი დროზე და სიგარეტი მომიტანეო. ბავშვი პასუხობს: მერე ფულიო? ფულით ხომ სულელიც მოიტანსო, ადგება და მაგრად სცემს. - ნიტას ყურებამდე გაეხსნა პირი მოქუფრული ენდის დანახვაზე და განაგრძო. - ბავშვი წავა და ცარიელ კოლოფს მოუტანს მამას. ეს რა არისო? - იკითხავს ბოშა. კარგი რა მამა, სავსეს ხომ სულელიც მოწევსო? - დამთავრებული არ ჰქონდა მოყოლა რომ გულიანი კისკისი მორთო. ენდი ისევ იგივე სახით მისჩერებოდა. ბექას ვერ გაეგო გაეცინა თუ არა, მხოლოდ ანა იღიმოდა სახით - ,, რა სულელი გოგოა”. - გეყოფა! - ხელი დაარტყა ენდიმ მაგიდას, მაგრამ ნიტას ეს საერთოდ არ ანაღვლებდა. იცინოდა ენდის სახეზე, ბექას ეჭვიანობაზე, თავის მდგომარეობაზე, ანას აზრი კი თავიდანვე ეკ*და ფეხებზე. - ნიტა წავედით! - თქვა უკვე გაღიზიანებულმა და ფეხზე წამოდგა. - კარგი რა, ენდი. კიდევ ვიცი, შეიძლება მოვყვე? - არა, ადექი! - ახლა მართლა მიკვირს რამ შემაყვარა ასეთი უჟმური. - გადახედა ბექას და ანას და ისიც წამოდგა. - გემრიელად მიირთვით. რესტორნიდან ღიმილით გამოვიდა. რამდენი ხანია არ უგვრძნია ასეთი კმაყოფილება. მის ანგარიშზე ახლა სამოცდათორმეტი ათასი იყო. სახლში წასვლა და დაძინება საერთოდ არ შეეძლო. არც ენდის მოღუშული წარბების ყურება შეეძლო. ამიტომ პირველივე ტაქსს დაუქნია ხელი. - რას აკეთებ? - შეუბღვირა ბიჭმა. - სახლში მივდივარ. - მერე გგონია ჩემი შეყვარებული სახლში ტაქსით წავა? - შენ მართლა ხომ არ დაიჯერე შემთხვევით? - წარბი ასწია ნიტამ. - დავიჯერე? რომ მე, - ენდიმ ჯერ საკუთარ თავზე მიუთითა თითით, შემდეგ კი ნიტას მიუშვირა ხელი. - მიყვარხარ შენ? - და გოგონას გაბრაზებულ სახეზე სიცილისგან გადაყირავდა. - ამას შეხედეთ. დაეშვი ღრუბლებიდან გოგონა. უბრალოდ ამ წყეულ რესტორანს ყველგან მინები აქვს და სულ არ მინდა ანამ დაგინახოს როგორ მივდივართ ცალცალკე სახლებში, ასე რომ, მეც არ მინდა შენი მოჯღანული სიფათის ყურება, მაგრამ მიწევს. - მოჯღანული? მე ვარ მოჯღანული? - ნუ... - ენდი მანქანისკენ წავიდა და თან მგონი პირველად შეათვალიერა ნიტა. გოგონას ჩვეულებრივი, გამხდარი სხეული ჰქონდა, ნაცრისფერი, ტალღოვანი თმა და მსხვილი ფერმკრთალი ტუჩები, ცხვირი თითქმის არც ეტყობოდა. აი თვალები კი ვერც დაინახა და ვერც გაიხსენა რა ფერის ჰქონდა გოგონას. - არა გიშავს რა. - შენთან ერთად წამოსვლას, მირჩევნია ვირით წავიდე! - საბოლოოდ გაბრაზდა და გზისკენ წავიდა. - მახინჯი, საფრთხობელა ბოშა... მე ვარ მოჯღანული თურმე, ეს... ეს ვირეშმაკა... - ბურტყუნებდა თავისთვის და ჩქარი ნაბიჯებით მიდიოდა. - რა დამიძახე? - წამოეწია ენდი. - შენთვის არაფერი მითქვამს. - სამ დღეს გაძლევ იცოდე. შეკრიბე მუშები და დაიწყე მშენებლობა. - სამ დღეს? - უკვე ორს. და თუ ახლა მანქანაში არ ჩაჯდები, ხვალ დაიწყებ დილიდან! ნიტამ კიდევ გააღო პირი რაღაცის სათქმელად მაგრამ ენდის აწეულმა წარბმა და მომღიმარმა სახემ მიახვედრა რომ არ ხუმრობდა და თავდასხმისთვის მოჭიმული სხეული ერთიანად მოადუნა. დაჯდომისას კარი ძლიერად მოაჯახუნა, რასაც ენდის უკმაყოფილო გამოხედვა მოყვა, გოგონამ კი ცხვირი მაღლა ამაყად ასწია და კომფორტულად მოკალათდა. ბიჭმა სიცილით გააქნია თავი. მთელი გზა ერთმანეთისთვის არაფერი უთქვამთ. მხოლოდ მიახლოებისას ამოიღო ხმა ენდიმ. - ახლა საით? - შუქნიშანზე მარჯვნივ და მერე ისევ მარჯვნივ. - აქ ცხოვრობ? - ხო. - შენები არ ნერვიულობენ რომ აგვიანებ? - ვინ ჩემები? - მშობლები, ანუ. - არა. - კარგია, ასე რომ გენდობიან. ნიტამ არაფერი უპასუხა, უბრალოდ აარიდა სახე და ფანჯარაში გაიხედა. - ანუ მარტო ცხოვრობ. - მიუხვდა ენდი. - აქ გააჩერე, ცოტას ფეხით გავივლი. - მე სახლამდე მიგიყვან და მერე შენ გინდა გაიარე და გინდა გამოიარე. - გეყოფა ენდი, ხომ წამოვედი იქიდან შენთან ერთად? ახლა გააჩერე სადაც გეუბნები. - ხვალ დილით მზად იყავი. - შანსი არაა გესმის? ხვალ დილით როგორ ვიშოვო მუშები? დრო არ მჭირდება? - ადგილს დაათვალიერებ და მოიფიქრებ ვინ გჭირდება და რამდენი! - ნუ მბრძანებლობ! - არ ვმბრძანებლობ! - აი კიდევ... მორჩა აქ გააჩერე, შენი ატანა არ არის მარტივი. - ეგ მართალია. - ღიმილით გააჩერა ბიჭმა მანქანა. ნიტამ ღვედი შეიხსნა და ხელი სახელურისკენ წაიღო. - რა გავიწყდება ძვირფასო? - რა მავიწყდება? - კოცნა. - გაუღიმა ისევ. ნიტამ ბრაზით აბზიკა ტუჩი, წარბიც მიაყოლა და გადასვლისას ახლა უფრო მეტად მოაჯახუნა კარი. - გეყოფა ამის კეთება! - დაუყვირა უკვე ახარხარებულ ნიტას და გიჟივით მოსწყდა ადგილს. - ეგეც შენი კოცნა ბოშა, თავხედი. - მიდიოდა ღიმილით და თან თავს იწყევლიდა, რის ინჟინერი, რა მშენებლობა? სასწრაფოდ უნდა ეპოვა ვინმე რომ ენდისთან თავი არ შეერცხვინა. ან რა ჯანდაბად დარდობდა ახლა ამაზე, მას ხომ ხვალიდან ,,უზრუნველი” ცხოვრება ელოდა? დილით ადრე გაიღვიძა, სასწრაფოდ მოწესრიგდა და თავის მეზობელ ლილის ჩააკითხა, ქალს ბევრი არ უფიქრია, მაშინვე გაახსენდა მეგობარი, რომელიც იქვე ცხოვრობდა და ინჟინერი შვილი ჰყავდა. თავშალი მოიხსნა და თავად გაყვა მის სანახავად. რამდენიმე ზარის შემდეგ კარი ხნიერმა ქალმა გააღო. - ლილი, - გულზე ხელი მიიდო მან. - ხო მშვიდობაა, რა ხდება ქალო ამ უთენია, გიორგი ხომ არის კარგად? - მშვიდობაა, მშვიდობა, დამშვიდდი შენ და შემომიშვი თუ ქალი ხარ, კაი ამბავზე ვარ მოსული, ერეკლე სახლშია? - სახლშია სძინავს ჯერ მარა გავაღვიძებ თუ საჭიროა. მობრძანდით. უმცროსი დადალაური სახის ფშვნეტით გამოვიდა ოთახიდან. შავი თმა სასაცილოდ აჩეჩვოდა, იქნებოდა ოცდახუთი-ოცდაექვსი წლის. მაგიდასთან ჩამოჯდა და შავი, ხშირი წარბების ქვეშიდან მწყრალად გამოხედა მისი სიმშვიდის დამარღვეველს. ნიტამ მხოლოდ ის აუხსნა რომ ინჟინერი სჭირდებოდა სრულ განკარგულებაში, ჯერჯერობით გაურკვეველი ვადით, რასაც ბიჭის უფრო მეტი უკმაყოფილება მოჰყვა, თუმცა როგორც კი ნიტამ თანხა დაუსახელა წარბები მაღლა ასწია, შავი წვერი ხელის ჩამოსმით გაისწორა და გოგონას გაუღიმა. ეს საკითხიც მოგვარდა, სახლში მისული დიდხანს ელოდა ენდის, ბოლოს ვეღარ მოითმინა და თვითონ დაურეკა. - სერიოზულად? - უპასუხა ნამძინარევმა ხმამ. - საქმე დილით კეთდება ბატონო ენდი, სად ხართ? რაღაც ვერ გხედავთ ჩემ კორპუსთან ვერსად. - რომელი საათია ნიტა? - ცხრა! - მართლა ამბობ? - ხმის ცვალებადობის მიხედვით აშკარად საათს დახედა ენდიმ. - არა, თქვენი ხმის გაგონება მომენატრა და გატყუებთ რომ არ მეჩხუბოთ. - არა, არა, ამ პახმელიაზე შენი ხმა ნამეტანია. - ისე გათიშა ტელეფონი გოგონა ერთხანს გაოცებული უყურებდა ეკრანს. - იდიოტი... უტაქტო! - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა. - თუმცა რაზე ვნერვიულობ? თუ გნებავთ სულაც ნუ მოხვალთ მისტერ უუჟმურესობავ, ახლა წავალ და საჩუქრებს ვიყიდი, ბევრ საჩუქრებს და ყველას დავურიგებ... ეკასაც დავურეკავ... ნეტავ როგორ არის? რამდენიმე დღე ენდი არ გამოჩენილა, ნიტას თითქმის გადაავიწყდა კიდეც მისი არსებობა, მაღაზიიდან მაღაზიაში დადიოდა და რაც მოეწონებოდა ყველაფერს ყიდულობდა, სახლში ახალი ავეჯი და ტექნიკა შეიტანა, მეზობლებს საჩუქრები დაურიგა, ვინც რა სთხოვა ყველას დახმარებას შეჰპირდა, ეკაც მოიკითხა და ფული გაუგზავნა. აბაზანას წმენდდა როდესაც კარზე კაკუნი მოესმა, აწეულ თმაზე ბანტიანი ბენდენა შეისწორა, ხელები გადაიბანა და გაოფლილმა გამოაღო კარი. - გამარჯობა. - ბექა იდგა ზღურბლთან და უღიმოდა. - მოხდა რამე? - რა უნდა მომხდარიყო, არ შეიძლება ისე რომ მოვიდე ხოლმე? - ჰკითხა გაღიზიანებულმა. - არა. - ნიტა გეყოფა ეს ბავშვობა! - ბექა დავიღალე უკვე, რით ვერ გაიგე რომ არ გპატიობ? - ოდესმე ხომ მაპატიებ? - არა! - ოო, ნიტა! - წარბშეკვრით ჩაუარა გოგონას ტუღუშმა და შესასვლელში გაჩერდა. - ეს რა არის? - რა? - საჩხუბრად მომართულმა მიკეტა კარი და ოთახში შევიდა. - ჩემ დახმარებაზე უარი თქვი და ენდისი ამდენად არ მოგერიდა რომ მთელი სახლი გააწყობინე? - ბექას სახე სიბრაზისგან დაემანჭა, ნიტამ ცოტა ხანს ვერაფერი თქვა, მერე უცებ ერთიანად წამოენთო და ბიჭს მაჯაში წვდა. - ახლავე წაეთრიე აქედან, არ გესმის? ახლავე მოშორდი ჩემი სახლიდან! - დაეჯაჯგურა როცა ბექა არ გაინძრა და კარისკენ უბიძგა. - რა თქმა უნდა, წავალ, რისთვის მოვედი, რას ველოდი შენგან? მე ერთი უბრალო წყენის გამო ფულის სესხებაზე მითხარი უარი და ამას შეხედეთ როგორ მოწყობილა, ხშირად მოდის აქ? იქნებ რჩება კიდეც? - ყვიროდა ტუღუში და ხელებს აქეთ-იქეთ იქნევდა. - რა? შენ... შენ ტვინი სულ გამოგერეცხა? რაებს ბოდავ საერთოდ ვინ მოგცა ჩემთან ასე ლაპარაკის უფლება? - უკვე იყავით ერთად? მიპასუხე, - მკლავებში ხელი ჩაავლო გოგონას და სახე სახესთან მიუტანა რომ თვალებში უკეთ ჩაეხედა. - უკვე იწექი ენდისთან? ნიტას შეურაცხყოფისგან თვალები გაუფართოვდა. მარჯვენა ხელი გამოგლიჯა ბიჭს და მოწყვეტით დაარტყა სახეში. - აბა კიდევ გაიმეორე რაც თქვი, მიდი გაიმეორე და გეფიცები აქედან ცოცხალი ვერ გამასწრებ, გაიმეორე! - ნიტა... - ბექა თითქოს აზრზე მოვიდაო, ცალი ხელი შეუშვა გოგონას, მეორეთი სახე მოისრისა, უკან-უკან წავიდა და დივანზე ჩამოჯდა. ცოტა ხანს იჯდა თავდახრილი, შემდეგ დამნაშავის თვალებით ამოხედა და ამოიოხრა. - მაპატიე, სულელი ვარ... უბრალოდ... უბრალოდ ვერ ავიტანე ის დღე. შენ და ენდი... შენ და სხვა კაცი... შენ სხვასთან... ვერ წარმომიდგენია და ვერ დამიჯერებია ნიტა. არ მინდა გესმის? შენ ჩემი ნიტა ხარ, მარტო ჩემი და სხვას ვერ დავუთმობ შენ თავს! - ისევ ბოდავ, როგორც ჩანს ის წლები არ გეყო ჩემს გასაცნობად, ადამიანზე ერთხელ თუ ამიცრუვდა გული ბექა, მორჩა, დამთავრებულია, სულ რომ მალდივები მიყიდო და ხელის გულზე მატარო ისე ვეღარ ვიქნები, როგორც ადრე ვიყავი შენთან. - სხვანაირად იყავი მერე... მთავარია, რომ ჩემთან იქნები გესმის? ჩემთან და არა სხვასთან. - ეჭვიანობ... - ძალიან! - მე ენდი მიყვარს ბექა და აღარაფერი ეშველება ამ ამბავს! - გეყოფა ნიტა, გეყოფა! შეიძლება სულელი ვარ, მაგრამ ის მაინც ვიცი რომ ტყუი, მაშინაც ტყუოდი და ახლაც... შენ უბრალოდ მისმა... როგორ გითხრა, ფული და შესაძლებლობები მეც ბევრი მაქვს ნიტა... ჩემთან იყავი... - მართლა რა სულელი ხარ... - ნაღვლიანად გაიღიმა გოგონამ. - წადი გთხოვ, აღარ მინდა შენი ნახვა. - ნიტა... - წა-დი! - დაფიქრდი გთხოვ! - წამოდგა ბიჭი. - ახლავე წადი თორემ მართლა თუ დავფიქრდი კარგს არაფერს მოვიფიქრებ იცოდე! სიტყვა დამთავრებული არ ჰქონდა რომ კიდევ შემოესმა კაკუნის ხმა. ჩქარი ნაბიჯებით წავიდა და კარზე გვერდით მიყრდნობილი ენდის დანახვაზე უსიამოვნების მოლოდინით სუნთქვა შეეკრა. - გიპოვე! - კმაყოფილად ჩაიცინა ბიჭმა. - ცივი წყალი გექნება დეიდა, შენი თვალების ჭირიმე. - და სანამ ნიტა რამეს იტყოდა უკითხავად შეაბიჯა შესასვლელში და ოთახთან მისული გაჩერდა. - ბექა? - მორჩა... ის დროა გავრბოდე... - ჩაილაპარაკა მოღლილი ხმით ნიტამ და კარი ზანტად მიკეტა. - აქ რა გინდა? - ტუღუშისკენ წავიდა ბიჭი. - აქეთ ვიყავი და ნიტას შემოვუარე. შენ რა გინდა აქ? - მე და ნიტა რომ ერთად ვართ შეგახსენო კიდევ თუ როგორაა ეს საქმე? - მაშინ ისიც უნდა იცოდე რომ ჩვენ დიდი ხანია ვიცნობთ ერთმანეთს. - ეჰ, ბექუშ, მასე რამდენს ვიცნობ იცი? მაგრამ ყველას სახლში კი არ ვაკითხავ. - ვერ გავიგე არ შეიძლება რომ კლასელი მოვინახულო? კლასელიო არა? მხოლოდ კლასელი და მეტი არაფერი. იქნებ მეგობარიც. ნიტას ტვინში სისხლი მოაწვა. - რა თქმა უნდა, შეგიძლია, თუ ეს ნიტას სურს. რას იტყვი ძვირფასო? ენდიმ ირონიულად გადმოხედა გოგონას. მან მხოლოდ ღრმად ჩაისუნთქა და ორივეს რიგრიგობით გადახედა. - ძალიან ბევრი საქმე მაქვს და თუ რამე სერიოზული არ ხდება გთხოვთ რომ დამტოვოთ ჩემს სახლში მარტო! - ხდება და მერე როგორ, ხვალიდან იწყებ მუშაობას და ადგილი უნდა დაგათვალიერებინო. ჩაიცვი მიდი და წავიდეთ. - სავარძლისკენ წავიდა ენდი, ფეხი-ფეხზე გადაიდო და გაიღიმა. - მანამდე წყალი რა ,,სოლნიშკა”. - მაცივარშია ძვირფასო, ხომ იცი. მე წყალი უნდა გადავივლო და ჩავიცვა. - ორივე ბექას მიაჩერდნენ. უკმაყოფილოდ ჩაიცინა ტუღუშმა და წამოდგა. - კარგად იყავით. თუ რამე დაგჭირდეს დამირეკე ნიტა. - აუცილებლად. - გაიღიმა გოგონამ და სასწრაფოდ გააცილა. - უყვარხარ არა? - მისაღებში მობრუნებულს თვალების ციმციმით ჰკითხა ენდიმ. - რა სისულელეა... - ასეა, ასე. მე ანა მიყვარს, ანას - ბექა, ბექას შენ და შენ... შენ ვინმე გიყვარს საერთოდ ნიტა? - ოთხკუთხედი რომ არ იკვრება ფაქტია. - არ დააკლო ირონია გოგონამ და ოთახისკენ წავიდა. - წყალი! - ხომ გითხარი რომ მაცივარშია? - მომიტანე მერე! - მიდი და თვითონ აიღე. შენი მოსამსახურე კი არ ვარ. - შენ ჩემთან მუშაობ, ჩემი ხელქვეითი ხარ! - არანაირი ქვეითი არ ვარ, ინჟინერი ვარ და წყლის მოტანა სულ არ მევალება. - გამოსძახა უკვე ოთახიდან. - ეს რანაირი სტუმარ-მასპინძლობაა, ქართველი არა ხარ? წყალს გთხოვ საჭმელის გაკეთებას კი არა. - მა-ცი-ვარ-ში-ა! - პისახოცით ხელში გამოვიდა ოთახიდან. - ისღა მაკლია საჭმლის გაკეთება მომთხოვო. - და სანამ ენდი კიდევ იტყოდა რამეს აბაზანაში შეიკეტა. ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ ენდის მოთმინება თანდათან ამოიწურა. კედლებზე სურათების თვალიერებას მიყვა. ყველგან ნიტა და მამამისი იყო გამოსახული, ერთგან კი ის ქალთან ერთად იყო, მაგრამ გოგონა არსად ჩანდა. უკეთ დააკვირდა ენდი და ვერანაირი მსგავსება მათსა და ნიტას შორის ვერ იპოვა. თითქოს გოგონა არც კი იყო მათი შვილი. საერთოდ არცერთს არ ჰგავდა. - არ ჩამოყარო! - მოესმა უკნიდან. - უბრალოდ ვუყურებ, რანაირად უნდა ჩამოვყარო? - გაღიზიანდა მამაკაცი. - მზერით. - რა მზერით? - შენი განმგმირავი მზერით. - დასცინა გოგონამ. ენდიმ წარბის აწევით შეათვალიერა პირსახოცშემოხვეული გოგონა რომელიც თმას იმშრალებდა და სახეზე ღიმილი შეეპარა. ნიტამ ახლახანს გააანალიზა სიტუაცია და ოთახისკენ წავიდა. - ნიტა! - დაიყვირა უცებ ენდიმ. - რა მოხდა? - არ გაინძრე, ზურგზე დიდი ხოჭო გაზის. - მატყუებ, ვერაფერს ვგრძნობ! - პირსახოცზე ზის რანაირად იგრძნობ? - ნიტამ ისე დაიკივლა ენდიმ ყურებზე აიფარა ხელი. - გაგიჟდი? - მომაშორე, მომაშორე ენდი! - ყვიროდა გოგონა და აქეთ-იქით დარბოდა. - ერთ ადგილას თუ გაჩერდები ვცდი მაინც! - შეუბღვირა ბიჭმა. - მომაშორე, მომაშორე, ზურგზე ამოვა და თმაში შემიძვრება ენდი ჩქარა მომაშორე! - კიოდა გოგონა და სირბილს არ წყვეტდა. - გაჩერდი! - როგორც იქნა დაიჭირა ბიჭმა და მკლავებში ჩაჰკიდა ხელი. - პირდაპირ ფანჯრიდან ისროლე გესმის? ენდი ჩქარა თმაში თუ შემიძვრა ვეღარ ამოვიცლი! - - წყნარად თორემ დაფრთხვება! აი ასე, ნელა. - ბიჭმა ხელები შემოხვია და ყურთან ტუჩები ძალიან ახლოს მიუტანა. - ენდი... - ჩშშშშ... - გთხოვ ჩქარა... - ,,შუტკაა!” - ჩასძახა უცებ ყურში. - რა? - ნიტა გაოცებული მოშორდა ბიჭს და შემდეგ თვალები ერთიანად გაუწითლდა. - მე მეგონა პირსახოცს გაიძრობდი და ისე ირბენდი, სამწუხაროა, არ გაამართლა. - დანანებით ჩაიქნია ხელი ენდიმ. - შე მანიაკო! - ორივე ხელი ასწია და მუშტები მთელი ძალით ჩაარტყა მკერდში. - შე არანორმალურო, ფსიქოფატო. ახლავე გაეთრიე აქედან, მოშორდი, მეტად აღარ დაგინახოს ჩემმა თვალებმა! - გეყოფა, გეყოფა მეტკინა! ღმერთო რა ველურია, შეხედავ ადამიანი წყნარი ჩანს. - ახლავე მოშორდი თქო ვერ გაიგე? წადი ჩქარა! - დაგავიწყდა რისთვის გელოდე ამდენ ხანს? - არ მაინტერესებს! - მომუშტული ხელი მაღლა ასწია ნიტამ, მეორეთი პირსახოცს იჭერდა. - სამამდე ვითვლი, თუ არ წახვალ გეფიცები სულ პოლისჯოხით გაგაგდებ. ერთი... - მივდივარ, მივდივარ, ეს რა გოგოა... - კარისკენ წავიდა წყენით. - საერთოდ ხარ კი გოგო? - მოუტრიალდა უცებ. - ორი... - გოგო კი არა თხა ხარ, ჯიუტი თხა! - მოწყვეტით გამოხსნა კარი და ხმაურით მოაჯახუნა. - სამი! - დაიყვირა იქიდან. - კრეტინი... - ჩაილაპარაკა გაბრაზებულმა. უკან ფრთხილად გააპარა თვალი და პირსახოცი შეიხსნა. - მართლა მომატყუა, ბოშასგან მეტს რას ველი. არაუშავს, გასწავლი ჭკუას. ბევრი ფიქრის შემდეგ ნიტამ გადაწყვიტა რომ ენდი აღარ დაბრუნდებოდა და სანამ ცათამბჯენი აშენდებოდა რამე საქმე უნდა წამოეწყო ამ ფულით რომ უაზროდ არ შემოფლანგვოდა. რამდენიმე დღე დასჭირდა რომ ფართი ექირავა და კომპანია დაერეგისტრირებინა. ეს უნდა ყოფილიყო დაახლოებით ისეთივე პროექტების სააგენტო, როგორშიც თავად მიიღო მონაწილეობა, მაგრამ ნიტას რაღაც უფრო განსხვავებული და კრეატიული უნდოდა. ამიტომ სასწრაფოდ მოიძია საჭირო ხალხი და ინტერნეტში ვაკანსიები გამოაქვეყნა. მას სჭირდებოდა ახალგაზრდა ხელოვანთა და პროექტორთა ჯგუფი, რომლებიც ერთად თუ ცალ-ცალკე იმუშავებდნენ და პრაქტიკულ შენობებთან ერთად მათთვის საუკეთესო ფასადებს შექმნიდნენ. გასაუბრება პირადად ჩაატარა, უკვე ძალიან იყო დაღლილი როცა შემდეგი კანდიდატი შემოვიდა. მაგიდაზე იდაყვდაყრდნობილი იყო წამოწოლილი და არც შეუხედავს შემომსვლელისთვის ისე თქვა. - დაბრძანდით. - კანდიდატი დაჯდა. - სივი გაქვთ? - არა. - იყო ნაცნობი ხმა. იმდენად ნაცნობი რომ ნიტა შეკრთა. ძალიან ნელა ასწია თავი და ენდის დანახვაზე წარბები ისე შეკრა ბიჭმა მაშინვე ხელები ასწია. - დასაზავებლად მოვედი და გთხოვ ქვეყანა არ შეყარო. - ასეთი თავხედი როგორ ხარ? - დამიჯერე მეც არ ვაპირებდი შენ ნახვას და საერთოდ, სულ არ მაინტერესებს რას ფიქრობ, მაგრამ ჩემს ანას დაბადებისდღე აქვს. - ვინ ანას? - ანა, არ გახსოვს რესტორნიდან? - მერე ეგ შენი როდიდან გახდა? - გაიღიმა გოგონამ. - ანა სულ ჩემი იყო და ჩემი იქნება! - კარგი რა, არ უყვარხარ, დაგავიწყდა? ანას - ნექა, ბექას - მე. - ენდიმ ნიტა შე-ჭა-მა! - დაასრულა ბიჭმა ბრაზით და გოგონამ გულიანად გაიცინა. ენდი უცებ დასერიოზულდა და რამდენიმე წამით მიაშტერდა. - რას მომაჩერდი? - იცი, ლაპარაკი რომ არ შეგეძლოს შეიძლება მართლა შემყვარებოდი. - იმდენად გულწრფელად თქვა ეს სიტყვები რომ ნიტას სახე მოეღრიცა. მერე ისევ ჩვეული სახით შეკრა წარბები. - და მაგ ანას რომ დაბადებისდღე აქვს მე რა შუაში ვარ, არ მითხრა რომ ბეჭედი გაქვს საყიდელი და ჩემი ქალური თვალი გჭირდება. - შენი? - ხო. - ქალური? - ამჯერად ენდიმ დასცინა. - შენ ქალური მარტო ფორმები გაქვს. - მეჩვენება თუ დღეს კომპლიმენტებს მეუბნები? - გეჩვენება. - თუ ბეჭდის არჩევა არა, აბა რა გინდა, ჩემთან რას გამოვარდი? - დაგავიწყდა რომ მე და შენ ერთად ვართ? - მერე რა, მე სულ არ მაინტერესებს ეგ შენი ანი რას იფიქრებს თუ არ წამოვალ. - არც ბექას აზრი გაინტერესებს? ისიც იქ იქნება. - სხვათაშორის უკვე ძალიან მომწყინდა ეს არაპროპორციული ოთხკუთხედი და მგონი დროა დავშორდეთ, ვითომ ვიჩხუბეთ რამეზე და მორჩა. - მაინც რაზე? - რა ვიცი ათას წვრილმანზე ჩხუბობს ხალხი. მაგალითად შენ ჩემი კაბის სიგრძე არ მოგეწონა და მეჩხუბე. მერე მე თავი გაგიტეხე და საავადმყოფოში იწექი, ახლა გეხვეწები შემირიგდი თქო და აღარ მირიგდები. - მე უკეთესი ვარიანტი მაქვს. ბექას ძალიან მოეწონება. - აბა მიდი, იბრძნე. - ვეტყვი რომ მის გამო დამშორდი, რომ ისევ გიყვარს და ჩემთან ურთიერთობას ვერ ახერხებ. - ფანტაზია - ნული! როდის აქვს დაბადებისდღე? - ამ საღამოს. - უუუფ რა... როგორ მძულს ასეთი დღეები. იჯექი, უსმინე და უღიმე... ენდი ვითომ ცუდად ვარ... - არა მეთქი, წამოხვალ და მორჩეს ამაზე ლაპარაკი. - კარგი მაშინ ანეგდოტს მოგიყვები. - არა! - მაშინ არ მოვდივარ და რაც გინდა ის ქენი. - მოყევი. - თვალები აატრიალა ენდიმ და სკამის საზურგეს გადაჯვარედინებული ხელებით მიეყრდნო. - ბოშა შვილი ეუბნება მამას: მამა მე ბოშა ვარ თუ ებრაელი-ო. რა თქმა უნდა, ბოშა, რატომ მეკითხები-ო? - მსახიობურად გაშალა ხელები ნიტამ. - ჩვენი მეზობელი ბიჭი ველოსიპედს ყიდის და ვერ გამიგია ვევაჭრო თუ მოვპარო-ო. - სიცილისგან გადაყირავდა გოგონა. ენდიმ წარბები ასწია. - მორჩა? - ებრაელი ვაჭრობის პონტში, ბოშა მოპარვის გამო, ვერ მიხვდი? - იცინოდა ისევ ნიტა. - დროზე დაამთავრე ეს გასაუბრება და წადი სახლში მოემზადე. მემგონი ძაან გადაიღალე. - წამოდგა ბიჭი და კარისკენ წავიდა. - საერთოდ ოდესმე იცინი? - მაგ რაღაცაზე მარტო ტირილი შემიძლია ნიტა. დანარჩენებს მე ვეტყვი რომ ხვალ მოვიდნენ. - ასე იყოს, მისტერ უუჟმურესობავ. - რა დამიძახე? - მე არაფერი მითქვამს... - ანეგდოტები არ გავიგო იქ იცოდე! - დაუქნია თითი პატარა ბავშვივით და კარში გავიდა. საღამო იყო ენდის მანქანის კარი ნიტამ რომ გამოაღო. ამ დროს ტელეფონზე ლაპარაკობდა. წამით გადმოხედა გოგონას და ლაპარაკი შეწყვიტა. ნიტამ მხოლოდ გაუღიმა და ხელი დაუქნია. - კი, კი გისმენ. მერე დაგირეკავ. ეს რა გაცვია? - მოუბრუნდა როცა აპარატი გათიშა. - სარაფანი, რა მოხდა? - სეზონის გიჟი ხარ? გაიყინები. - რას გავიყინები ეთბილება. - ტერასაზე იხდის, რანაირად ეთბილება? - ხოდა შენ პიჯაკს მათხოვებ და მამაკაცური, ჯენტლმენური ჟესტი გამოგივა. - არ გაიტეხა თავისი გოგონამ. - ახლავე ადი და თბილად ჩაიცვი! - ნუ მბრძანებლობ! - არ ვმბრძანებლობ! - შენ რა გადარდებს? - ჩემი პიჯაკის თხოვებას არ ვაპირებ. - ღმერთო რა ბავშვია... - მე ვარ ბავშვი? - ხო, პატარა, განებივრებული ბავშვი. - ახლავე გაჩვენებ როგორი ბავშვი ვარ! - მანქანის კარი გააღო ენდიმ და ნიტას მხარეს შემოუარა. - რას აკეთებ? - აკივლდა გოგონა როცა ენდი წელზე სწვდა და მხრებზე გადაიგდო ნიტა. - ენდი შენ ხომ არ გაგიჟდი დამსვი! - ბავშვი ვარ არა? ვინ-ვის ეუბნება, ოცდაცხრა წლის ბიჭს თვრამეტი წლის ლაწირაკი. სასაცილოა. - ოცის ვარ შე ველურო, დამსვი! - წყნარად იყავი თორემ სულ მანდ დარჩები იცოდე. - როგორ მძულხარ ნეტავ იცოდე, რა ჯანდაბა მინდოდა, რატომ აგყევი ამ სულელურ თამაშში. - ალბათ ჩემთან ახლოს ყოფნა გინდოდა. - გაეცინა ენდის. - მე მინდოდა შენთან? შენთან ყოფნა ჭოტსაც არ მოუნდება. აუტანელი, უგულო რამე ხარ! - მოვედით. - სახლის კართან დაატრიალა ენდიმ. - გასაღები სად გაქვს? - ჩამომსვი, თვითონ გავაღებ! - შენ სანდო არ ხარ. - გეყოფა ენდი ხომ არ გავიქცევი და ჩავხტები მანქანაში, ჩამომსვი! - გამორიცხული არაა, მაგრამ, კარგი. იცოდე თუ გაიქცევი ძაან ცუდად დაამთავრებ. - დამსვი! ტერასაზე ჩხუბით ავიდნენ, მაგრამ როგორც კი ხალხი დაინახეს შეთქმულებივით გაჩუმდნენ. ენდიმ ხელი-ხელში ჩაავლო და წინ წავიდა. ნიტაც მიყვებოდა, რატომღაც თავისი თითების დანახვას ცდილობდა ბიჭს რომ დიდ მუშტში მთლიანად მოექცია. - აი იუბილარიც. - გაუღიმა ენდიმ ანას და წელზე ხელისმოხვევით გადაკოცნა. - ეს ჩვენგან. - მადლობა ენდი. - გილოცავ. - უბრალოდ გაუღიმა ნიტამ. - მეგონა მარტო მოხვიდოდი. - ენდის გადახედა ანამ. - ხომ ხედავ, ნიტას დატოვება წამით აღარ მინდა. - ანუ მოსალოცად გაქვთ უკვე საქმე? - ხო, რატომაც არა. რაღას ველოდოთ, არა ,,სოლნიშკა”? - ნიტას გადმოხედა ბიჭმა. ნაძალადევად აკრული ღიმილიც კი გაუქრა სახიდან გოგონას და ენდის ხელი როგორც შეეძლო ისე მაგრად მოუჭირა. რესტორანში ანამ თავიდანვე შეამჩნია ბექას და ნიტას დაძაბული ურთიერთობა, ნელ-ნელა იმასაც მიხვდა რატომ გაურბოდა ბიჭი და რაზე ფიქრობდა ხშირად, როცა მისი თქმით ,,ამ სამყაროს ეთიშებოდა”. ამიტომ მაშინვე გადახედა ხალხს და როგორც კი ბექა შეამჩნია ხელი დაუქნია. - გესმის ძვირფასო? მალე ქორწილი იქნება. - აღტაცებით შემოკრა ტაში და ბიჭის რეაქციას დააკვირდა. ბექამ ჯერ გაფითრებულ ნიტას გადახედა. შემდეგ ირონიულად მომღიმარ ენდის და წარბები შეკრა. - რა ქორწილი? - ენდის და ნიტას ქორწილი. რა მაგარი იქნება არა? სულ მაინტერესებდა ენდი საკურთხეველთან და აჰა, დადგა! - ხელები მაღლა აღაპყრო ანამ თითქოს უკვე ეკლესიაში იდგა წყვილი და ჯვარს იწერდა. ენდიმ წელზე ხელი შემოხვია ნიტას და გვერდზე აიკრა. - უკვე ერთი სული მაქვს. - ღიმილით ჩახედა თვალებში ნიტას, შემდეგ კი მზერა მის ტუჩებზე გადაიტანა. გოგონა თითქოს სიზმარში იყო, თან ისეთ სიზმარში ხმას რომ ვერ იღებ და ვერც გარბიხარ. უბრალოდ იდგა და დაბნეული უყურებდა ხან ენდის, ხან მოქუფრულ ბექას. ბოლოს მოახერხა გაღიმება და ხმადაბლა დაიჩურჩულა. - საპირფაეშოში გავალ... დანარჩენი აღარაფერი გაუგია, მისი ტვინი წარმოსახვითი ენდის დანაკუწებით იყო გართული, იქვე ანაც ზედ მიაყოლა და ფიქრების გასაფანტად სახეზე ცივი წყალი შეისხა. თავი რომ ასწია დაიკივლა. - შემაშინე, აქ რა გინდა? - მართალია? - თავს ძლივს იკავებდა ბექა. - კითხვა არ იცი? ეს ქალების საპირფარეშოა, ქალების, თუ ნიშანსაც ვერ ცნობ? - მართალია თუ არა ნიტა?! - რა თქმა უნდა, მართალია. შენ მგონი მართლა სულ გამოგერეცხა ეგ თავი, გასაგებად არ გითხარი რომ ენდი მიყვარს? ხოდა მივყვები ცოლად! - ტყუი, საშინლად ტყუი! ვერ ხვდები რომ არ გიყვარს? თუ... მოიცა შენ ჩემს გასამწარებლად აკეთებ ამას არა? იმიტომ მიყვები რომ გინდა ამით დამსაჯო! - შენთან ლაპარაკი აღარ მინდა. - გვერდის ავლა სცადა ნიტამ მაგრამ ტუღუშმა მკლავზე ხელი წაავლო და კედელთან მიიმწყვდია. - გაგიჟდი? - შენ მე გიყვარვარ ნიტა, მე! - გამიშვი! - გაგიშვებ თუ ენდის უარს ეტყვი. - გეყოფა ეს სისულელე ბექა გამიშვი თქო, საიდან მოიტანე რომ შენ შეიძლება მიყვარდე და არა ენდი? - შევამოწმოთ? - აღარაფრის თქმა აღარ დააცადა გოგონას, ხელები თმაში შეუცურა, მთელი სხეულით მიაკრა კედელს და ტუჩებზე დასწვდა. ნიტამ თვალები დააჭყიტა და ორივე ხელით მკლავებში ჩააფრინდა, ვერაფრით შეძლო მისი მოცილება. წლების ნაგროვები სურვილით და მონატრებით კოცნიდა ტუღუში. მისთვის აღარ ჰქონდა მნიშვნელობა ძლიერ მკლავებზე ჩაფრენილი ნიტას წინააღმდეგობას, არც ის ადარდებდა სად იყვნენ და არც ის, რომ ნებისმიერ წამს შეიძლება შემოსულიყო ენდი. მთელი გრძნობა ჩააქსოვა რამდენიმე წამიან კოცნაში, არ ემეტებოდა გასაშვებად გოგონა, მაგრამ მაინც ნელა მოაცილა სახე და თვალებში ჩახედა. სასიამოვნო შეგრძნება რომელიც კოცნისას დაეუფლა მაშინვე გაუქრო ნიტას სახემ. აწყლიანებული თვალებით შეჰყურებდა ბიჭს და ბრაზისგან ღრმად სუნთქავდა. - აბა, დარწმუნდი? - ძლივს მოაბა თავი ორ სიტყვას და მოწოლილი ცრემლები გადაყლაპა. - ნიტა... - ხო, ნამდვილად, შენ ნამდვილად სულელი ხარ... იქვე დადებულ ტელეფონს დასწვდა გოგონა და კარი გაცოფებულმა გამოგლიჯა. ტერასაზე უფრო მეტ ხალხს მოეყარა თავი. ანას გვერდით მდგომი ენდის თვალებს გადააწყდა, რომელმაც ნიტას დანახვაზე გაოცებით შეკრა წარბები. მაშინვე დაიწყო გასასვლელის ძებნა და იქით წავიდა. ლიფტი უცებ გამოიძახა, საბედნიეროდ მალე მოვიდა. უკნიდან ენდის ხმა მოესმა მაგრამ ერთი წამით არ დაუცდია. სწრაფად შევიდა შიგნით და ღილაკს თითი დააჭირა. ბიჭს უკან ბექაც მოყვა და ნიტას კვლავ აუწყლიანდა თვალები. - რა მოხდა? - ბექას მიუტრიალდა ენდი როცა ცხვირწინ დაეკეტა ლიფტი. - არაფერი. - შეტრიალდა ტუღუში. - როგორ არაფერი? გაუფრთხილებლად ესე პროსტა წავიდა და თვალებიც უბრალოდ ჰქონდა აწყლიანებული? - შემეშვი. - რა მოხდა? - ამჯერად ანა მოუახლოვდა ბიჭებს. ენდიმ რამდენიმე წამს შეკრა მუშტები, შემდეგ ნიტა გაახსენდა და კიბეს სირბილით დაუყვა. - არაფერიც არ მოხდა. - მითხარი ბექა, რატომ წავიდნენ? - ანა მოდი შევწყვიტოთ რა ეს უაზრობა. - ამოიოხრა ბიჭმა და იქვე მდგარ პუფზე ჩამოჯდა. - ვერ ვხვდები? - ხომ გინდოდა ენდის გამწარება? ხოდა ნახე რა მოხდა? ამ თამაშში სულ დაკარგე და ნიტა შეუყვარდა! - მე შენთან კარგად ვგრძნობ თავს. - თავი ჩახარა გოგონამ. - მესმის, მაგრამ შენც ხომ ხვდები რომ არაფერი გამოგვივა? უკვე საკმარისად გააბრაზე ენდი, ხოდა ახლა მიდი და დაიბრუნე. - შენ ის ნიტა გიყვარს არა? - თვალები ზიზღით მოჭუტა გოგონამ. - შენ ენდის დაიბრუნებ, მე ნიტას... თორემ მართლა რომ დაქორწინდნენ... - ბექამ ვერ მოიფიქრა რას გააკეთებდა და სასოწარკვეთილმა გაშალა ხელები. - მე ენდი არ მჭირდება! - გჭირდება, რომ დაიბრუნებ მერე მიხვდები რომ ძალიანაც გჭირდება! - ხმას აუმაღლა ბიჭმა. - და აუცილებელი იყო ეს ლაპარაკი ჩემს დაბადებისდღეზე არა? - თვალები აემღვრა ანას. - აღარ დარჩე, არც შენ მჭირდები... შეგიძლია ახლავე წახვიდე იმ შენს ნიტასთან! ენდის რამდენიმე ზარს არ უპასუხა, ბოლოს სულ გაუთიშა ხმა ტელეფონს და დივანზე დაწოლილმა თვალები ჭერს მიაპყრო. ეს კოცნა წინებს საერთოდ არ ჰგავდა, გრძნობა, რომელიც ბექას შეხებისას ეუფლებოდა საერთოდ გამქრალიყო ნიტას სხეულიდან. ბექა რომ მოსცილდა სწორედ ამას განიცდიდა, ამას გლოვობდა, ადამიანი რომელიც მთელი ახალგაზრდობა უყვარდა, კოცნიდა, ის კი ვერაფერს გრძნობდა. არანაირი ჟრუანტელი, არანაირი ადგილზე გაყინვა. ეტკინა ნიტას, კიდევ ერთი ადამიანის სამუდამოდ დაკარგვა ეტკინა გულიდან. შეუცნობლად დახუჭა თვალები და ის იყო ძილში წავიდა რომ კარის ბრახუნმა შეაკრთო. ოთახს თვალი მოავლო, იქვე დადგმულ ლარნაკს ხელი წამოავლო და კარისკენ წავიდა. დარწმუნებული იყო რომ ბექა იქნებოდა და აწეული ხელი ჰაერში გაუშეშდა მის მაგივრად ზღურბლზე მდგარი, სახეშეშლილი ენდი რომ დაინახა. საყვავილის დანახვაზე დაიბნა და ოდნავ უკან გაიწია. - რას აკეთებ ნიტა? - სხვა მეგონე. - მაშინვე დაუშვა ხელი გოგონამ. - შენ სულ გააფრინე არა? რატომ წამოხვედი? - შედარებით დამშვიდებული შევიდა ოთახში და დივნისკენ წავიდა. - აღარ მინდოდა ამ სპექტაკლის გაგრძელება. - ნიტას უცებ გაახსენდა ქორწილის თემები და გაცოფებული დაადგა ბიჭს თავს. - მე გავგიჟდი თუ შენ, ა? საერთოდ ნორმალური ხარ მაინც? რა ქორწილი, რის ჯვრისწერა, ხვდები მაინც რა სისულელეები თქვი? - ლაპარაკმა მოიტანა, დამშვიდდი და დადე ეგ ვაზა! - არა მაინც რას ფიქრობ, როგორი იქნება გაგრძელება? თუ მართლა გავმართოთ ქორწილი? - რატომაც არა? - ენდი შენ მგონი ვერ ხვდები. - ყველაფერს კარგად ვხვდები, რა მოხდა, დედა შენ არ გყავს, მამა და ნათესავები, რამდენიმე თვე ვიქორწინებთ და გავშორდებით მერე მართლა ცოლად კი არ მინდიხარ! ისე უბრალოდ თქვა ენდიმ ეს სიტყვები ნიტას ყველა შინაგანი ორგანო ერთდროულად აეწვა. - მართალი ხარ, ვისაც არავინ აღარ ჰყავს რა უნდა იმის გამოყენებას... - მე ეგ არ მითქვამს... - ენდიმ ახლაღა გააანალიზა რაც თქვა და თავი უხერხულად იგრძნო. - ძაან მეძინება, კარი იქეთაა. - ლარნაკი დადო გოგონამ და საძინებლისკენ წავიდა. - ნიტა ამის თქმა სულაც არ მინდოდა... - აღარ აქვს მნიშვნელობა. აღარ მაინტერესებს არც შენი და არც ბექას აზრი, სპექტაკლი ასე სრულდება, მე ორივესგან მივდივარ და ჩემთვის მარტო ვცხოვრობ როგორც აქამდე, აღარ მინდა შენი ნახვა და მიბრძანდი თუ შეიძლება. თამაში დასრულდა! - ნიტა... - წადი, დამანებე თავი, არ გესმის? - არსად არ წავალ, აქ ვიჯდები სანამ ნორმალურად არ დავილაპარაკებთ სულ რომ ეს ვაზა თავში ჩამარტყა! - არ მინდა შენთან ლაპარაკი. - მე მინდა! - რაზე? - ყველაფერი ძალიან კარგად მიდის და არ მოგცემ უფლებას ახლა წასვლისა! - რა ეგოისტი ხარ, ჩემზე არ ფიქრობ? მე როგორ მიმდის ყველაფერი ის ფეხებზე გკ*დია არა? მთავარია შენი სურვილები ასრულდეს, რას დაეძებ მე ცუდად ვარ თუ კარგად! - ასეთი რა გითხრა ბექამ მე მაგის დედას შ****ი ა? - სულ ერთია, მე ამ თამაშში აღარ აგყვები. - ჩემთან ურთიერთობა მაინც მოგიწევს, დაგავიწყდა? ჩემი სახლი გაქვს ასაშენებელი. - სხვას ააშენებინე. - კონტრაქტი შენთან გავაფორმე და შენ ააშენებ. მორჩა მეტს აღარ გადავდებ. ხვალ ცხრაზე მოვალ და მზად დამხვდი. - როგორ დამღალე! - მიაძახა უკვე გასულს. - ჯერ სად ხარ. - გაიღიმა ბიჭმა და კარი ფრთხილად მიკეტა. დილის ცხრაზე უკვე მზად იყო, ენდიმ დათქმულ დროს წამითაც არ გადააცილა. - როგორ ხარ? - ჰკითხა და ძრავა ჩართო. - კარგად. პირდაპირ გადი, ჩემი ასისტენტიც უნდა წამოვიყვანო. - ვინ ასისტენტი? - ენდიმ მოქუფრულმა დაძრა მანქანა. - შენ დაგავიწყდა რომ მე ათასი საქმე მაქვს ჩემ სააგენტოში? ასისტენტი ავიყვანე რომ როცა მე არ ვიქნები მან მისცეს მშენებლებს დავალებები. გუშინ დავურეკე და გველოდება. - იმედია ვინმე სულელი არ არის! - სულელები გუშინ დავტოვე წარსულში. იმ კორპუსთან მიდი. აი ის არის, სპორტულები რომ აცვია. - ცოტა ხო არ ტეხავს ბიჭი რომაა და თან ასეთ ზმანზე რომ მოდის პირველივე დღეს? - ბიჭი რომაა რა პრობლემაა? - მეგონა შენი ასისტენტი გოგო იქნებოდა. - არასწირად გეგონა. ან ზმანს რას ერჩი, პიჯაკი უნდა ჩაეცვა მშენებლობაზე? - ბიჭს პასუხი აღარ დასცალდა. ნიტამ მინა დაუშვა და ერეკლეს გაუღიმა. - გამარჯობა. - თქვა ბიჭმა როგორც კი მანქანაში მოთავსდა. ენდიმ მხოლოდ სარკეში გახედა და თავი დაუქნია. - როგორ ხარ ერეკლე? - გამხიარულდა უცებ ნიტა, რასაც ენდის უკმაყოფილო გამოხედვა მოყვა. - კარგად, მადლობ, თავად? - მშვენივრად, შესანიშნავი დილაა, როგორც იქნა გამოდის ამინდები. - ხო, ნასესხებმა ჩაიარა. - რამ? - გაუკვირდა ენდის. - მარტმა რომ ისესხა. - აუხსნა ნიტამ. - რა ისესხა ვერ გავიგე... - არ იცი? - ისე გაოცდა ნიტა თითქოს ორჯერ-ორი ვერ გამოიცნო ენდიმ. - აპრილი რომ დადგა მეცხვარეს გაუხარდა, ასე თქვა: წავიდა მარტი-მურტიო, ვერ დამაკლო ბატკნის ყურიო. ხოდა გაბრაზდა ეს ჩვენი მარტი და აპრილისგან ისესხა სამი დღე, თოთხმეტი, თხუთმეტი და თექვსმეტი. - მერე? - მერე აპრილის ეს სამი დღე ძირითადად ყოველთვის ცივია, ზოგჯერ თოვლიც მოსულა და ნასესხები დღეები ჰქვია. - რა სისულელეა. - რა არის სისულელე? - ეგ ამბავი! - ამბავი გაპიროვნებულია. თუ ამის განმარტებაც არ იცი მორჩა, აღარაფერს აგიხსნი. - დავიღალე შენი უაზრო ანეგდოტებით და ამბებით. არ შეგიძლია რომ ჩუმად იჯდე? - არა, ძალიან მეშინია არ შეგიყვარდე! - ნიშნის მოგებით ჩაიცინა გოგონამ და ცხვირი ამაყად ასწია მაღლა. - სწორად იქცევი რომ გეშინია! - თითქოს თავისთვის თქვაო ენდიმ, უკანა ხედვის სარკეში გაიხედა, ერეკლე ღიმილნარევი სახით უსმენდა წყვილს და ფანჯარაში იყურებოდა. - ანუ? - ვეღარ მოითმინა ნიტამ და პასუხის მოლოდინში სუნთქვა შეეკრა. - ანუ რა? - რაც თქვი ის განმიმარტე. - რაც ვთქვი, ვთქვი. განმარტება რათ უნდა მაგას. რომ მდომოდა სხვანაირად თქმა ვიტყოდი. - უჟმური. - ფანჯარაში გაიხედა ნიტამ. - რას მეძახი? - ჩემთვის ვთქვი. - არა, რაც გაგიცანი რაღაცას მეძახი! - დავასრულე შენთან დიალოგი. ენდიმ ბრაზით გააქნია თავი და ისევ ერეკლეს გახედა. ბიჭი თავისთვის იღიმოდა. ენდისაც გაეცინა. აღარაფერი უთქვამთ. მალე მივიდნენ დანიშნულების ადგილას და ნელ-ნელა ყველაფერი დაგეგმეს. ერეკლე უკვე დაღლილი უსმენდა ნიტას და ენდის კამათს, რომელებიც ყველა სიტყვაზე ეკიდებოდნენ ერთმანეთს, და უკვე მოთმინება ეწურებოდა. - ათი-თორმეტი მშენებელი ყველაზე კარგი იქნება. - ჩაურთო წყვილს. - სწრაფად იმუშავებენ. - ჩემთვის რაოდენობას მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია პროფესიონალები იყვნენ და ხარისხიანად გააკეთონ საქმე. - თქვა ენდიმ. - ნიტა მე ვიცი კარგი ბრიგადა, თუ შენ სხვა ვარიანტი არ გაქვს დავურეკავ, სცალიათ თუ არა. - კი, კი. დაურეკე, ხვალვე ჯობს რომ დაიწყონ. - ხვალვე არ გამოვა, პროექტი უნდა ნახონ, მასალები უნდა ვიყიდოთ. - ხო, რა თქმა უნდა... - უხერხულად გაიღიმა ნიტამ. - მეც ეგ ვთქვი, ანუ ხვალვე დაიწყონ ორგანიზება თქო. - თუ შენ არ გცალია მასალებს მე ავარჩევ. - ერეკლე თავიდანვე იყო საქმის კურსში რომ ნიტამ არაფერი იცოდა და იმიტომ დაიქირავა რომ ენდის ვერ შეეტყო ამის შესახებ. ამიტომ ფრთხილად სთავაზობდა ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას. - შენ გაიხარე ერეკლე. - ამოისუნთქა გოგონამ. - მე იმდენი საქმე მაქვს სააგენტოში, მასალებზე სიარული დიდ დროს წამართმევს. - კარგი, დავრეკავ და მოვალ. ერეკლეს ნაცნობი მშენებლები უყოყმანოდ დათანხმდნენ და შემდეგი დღისთვის შეუთანხმდნენ. ნიტა ყველაფრის საქმის კურსში იყო, თითოეულ დეტალს აკვირდებოდა, ერეკლე მშვიდად უხსნიდა რას რატომ აკეთებდა, რა უფრო სჯობდა და გოგონაც გულმოდგინედ სწავლობდა. იმდენად გაიტაცა ამ საქმემ რომ სააგენტოში გვიან ღამემდე არ მიდიოდა. ენდი იშვიათად სტუმრობდა. ბექაც იმ დღის მერე აღარ გამოჩენილა. გარკვეულწილად ყველაფერი დამშვიდდა და დალაგდა. უბრალოდ იყო ერთი რამ, ნიტას გონებაში ორი სახე გაჩნდა... კვირას ყველაფრისგან ისვენებდა, ამიტომ შაბათს ადრე წავიდა სააგენტოში, რომ საქმეები მოელია და საღამო მშვიდად გაეტარებინა. სახლში ახალი შესული იყო დაუპატიჟებელი სტუმრები რომ ეწვივნენ. ნიტამ გაოცება ვერ დამალა როცა ზღურბლთან მდგარი, მომცინარი მაკო და ქეთა დაინახა. ხელში ნამცხვრების ყუთი ეჭირათ. - ნიტა! - თითქმის ერთად დაიყვირეს და გადაეხვივნენ თანაკლასელს. - როგორ გამხდარხარ, რა სხვანაირი ხარ! - არა მსუქანი ადრეც არ იყავი, მაგრამ ახლა ძალიან კარგ ფორმაში ხარ. - შემოვალთ ხო? გოგონამ ბრაზიანი მზერა გააყოლა უკვე შესულებს და თვალების ბრიალით მიაჯახუნა კარი. - ნელა ძვირფასო, არ ჩამოიღო. - გაიცინა მაკომ და დივანზე ჩამოჯდა, ტელეფონი სწრაფად ამოიღო და რაღაცის წერას შეუდგა. - ნამცხვარი მოგიტანეთ, ხომ გიყვარს? - მახსოვს უყვარდა. - ხო, თან მინანქარი აქვს ზემოდან, ნახე. - ყუთს თავი ახადა ქეთამ. - რა ხდება? - ვეღარ მოითმინა ნიტამ და დოინჯი შეკრა. - რა უნდა ხდებოდეს, შენი ნახვა დიდი ხანია გვინდოდა და მოვედით, აქეთ ვიყავით ლინდასთან, ხომ გახსოვს? ჩვენი პარალელი იყო, ქერა, კულულა. - რამდენი ხანია მაინც? - ნიტა რა დაგემართა, თავაზიანობა გამოიჩინე. - გაიოცა ქეთამ. - მე შენ ასეთი არ მახსოვდი. - არც მე. როგორი რაღაცნაირი იყო, არა? საყვარელი, უპრეტენზიო. - ხო, ახლა კი... ასე თუ არ გესიამოვნა ჩვენი ნახვა წავალთ. - მსახიობურად მოიბუზა ქეთა. - ხო, კარგი იქნება. - არ დამალა გაბრაზება ნიტამ. - და ეგ ყუთიც წაიღეთ. მე არაფერში მჭირდება. - კარგი რა ნიტა... გასაგებია რომ ბრაზობ... ვიცით... მაგრამ მას მერე წლები გავიდა, როგორ შეგიძლია მეგობრები ასე დაგვივიწყო? - ღმერთო, - ხელები მაღლა ასწია ნიტამ. - შენ მომეცი გამძლეობა. მე როგორ შემიძლია დავიწყება არა? და თქვენ როგორ შეძელით? - ჩვენ შენ სულ გვახსოვხარ. უბრალოდ უნივერსიტეტი, ისა-ესა და ხომ გესმის... - არა, არ მესმის. ახლავე ადექით ჩემი დივნიდან და... - ნიტამ ბრაზით ამოისუნთქა კიდევ რომ გაიგო კარზე კაკუნი. - ახლა ესეც თუ ჩვენი კიდევ ერთი კლასელია ყველას გაგყრით! - გაგულისებულმა გამოაღო კარი და შეცბა. - როგორ ხარ? - ბექას ხელში პარკები ეჭირა. - ეს შენ მომიყვანე ესენი არა? - ვინ? - გაიოცა ბიჭმა. - ბექა! - მოესმა ნიტას ზურგსუკან. - ვაიმე რა დამთხვევაა, რამდენი ხანია არ გვინახიხარ. - როგორ ხარ? - გადაეხვია ქეთაც. - კარგად, კარგად. ესენი გამომართვით. - პარკები გაუწოდა ბიჭმა და ოთახში შევიდა. ნიტა გაოგნებული უყურებდა სამეულს და მისი მოთმინების ფიალა წვეთ-წვეთად ივსებოდა. - ეს რა სპექტაკლი დადგით? - გაეცინა სიმწრისგან. - თქვენ მე უტვინო გგონივართ? ჰა, ბექა? - არ მესმის. - არ გესმის არა? არც თქვენ გესმით ალბათ. - გადახედა ქეთას და მაკოს. გოგოებმა დუეტში გააქნიეს თავი. - კარგი, ახლა გაიგებთ... - სამზარეულოსკენ წავიდა ნიტა. - რა დაგემართა არ მესმის, - მიაძახა ბექამ. - შემთხვევით ამოვედი და ესენიც აქ იყვნენ... - შემთხვევით არა? ესეც შემთხვევითია. - გაყინულ წყლიანი ბოთლები გამოალაგა მაცივრიდან და სახურავები მოხსნა. - მეც შემთხვევით წეღან შევდგი ეს ბოთლები მაცივარში და ახლა ვხვდები რომ თურმე არ მჭირდება. - პირველი ბოთლი მაკოს ჩამოაცალა თავზე, კივილით წამოხტა დივნიდან და გაქცევა სცადა. ქეთამ მიხმარება რომ გადაწყვიტა ახლა მას მოუტრიალდა ნიტა და ჯერი მეორე ბოთლზე მიდგა. დაბნეულმა ბექამ მხოლოდ ამის შემდეგ მოახერხა ადგომა და წ....ბი ხელიდან გამოგლიჯა გოგონას. - რას აკეთებ, გაგიჟდი? - შენ მაინც გადამირჩი არა, ტუღუში? შენ ხარ ამ სპექტაკლის მთავარი სცენარისტი. პირველი შენ უნდა ყოფილიყავი წესით. - ვერ წყნარდებოდა ნიტა და ისევ ბოთლებისკენ იწევდა. - დამშვიდდი ბოლოსდაბოლოს, ნიტა გაჩერდი მეთქი თორემ გატკენ რამეს და ძაან არ მინდა! - სულელად მთვლი არა? - ყვირილზე გადავიდა გოგონა. - მორჩა, ეს ბოლო შემთხვევაა, ხვალვე გავაკეთებინებ კარზე ღრიჭოს რომ კარგად დაგინახოთ და აღარ შემოგიშვათ! - ნიტა... - შეაწყვეტინა ქეთამ. გოგონამ თავი სწრაფად მიატრიალა. გოგოები ერთმანეთს ეხუტრბოდნენ და კანკალებდნენ. - ესღა მაკლდა. - ხელი ჰკრა ბექას და თავი გაითავისუფლა. - ხედავ რა გააკეთე? - თავი გააქნია ბიჭმა. - ახლა გაცივდებიან და ვისი ბრალი იქნება? მომინდომა ამ შუა მაისსში წუწაობა! - გაჩუმდი! - ბუზღუნით წავიდა თავისი ოთახისკენ ნიტა. - თქვენ კიდე წამოდით! რამდენიმე წუთში ქეთას და მაკოს ნიტას ტანსაცმელები ეცვათ. უკვე დივანზე ისხდნენ და პირსახოცებით იმშრალებდნენ სველ თმას. ბექას ყავების გაკეთება მოესწრო და უკვე მაგიდაზე დგავდა ნიტა რომ გამოვიდა. - რამდენი ხანია ჩემი გაკეთებული ყავა არ დაგილევია? - გაუღიმა ბიჭმა. - არ ვიცი, მაგრამ აშკარად არ იყო კარგი, რადგან არც გემომახსოვს და არც მომნატრებია. - ნიტას ტელეფონი აწკრიალდა. გოგონამ ეკრანს რომ დახედა წარბები ასწია, მეგობრებს თვალი მოავლო და სამზარეულოში გავიდა. - გისმენთ. - როგორ ხარ ნიტა? - კარგად, მოხდა რამე? - არა, პროსტა დაგირეკე, დღეს ადრე დაამთავრეთ მუშაობა? - საკმაოდ, მასალები არ იყო. - იცრუა უცებ. - აჰა... - ხო... - უხერხული სიჩუმე ჩამოვარდა. - არ გშია? წამო სადმე ვჭმოთ. - რამე გაქვს სათქმელი? - არ შეიძლება ისე რომ დაგპატიჟო? - რავიცი... სტუმრები მყავს... - ვინ? - ბექა და ჩემი ორი კლასელი. - კაი სხვა დროს იყოს... - ენდი... - რა? - მოწყენილი ხარ თუ მეჩვენება? - გეჩვენება... - იცი რა? აქ ამოდი, ჩემთან. - არა, არა... წავედი მეჩქარება. - ენდიმ ტელეფონი გათიშა. ნიტა ერთხანს უყურებდა ეკრანს. - ენდი იყო? - მოესმა ზურგსუკან ბექას ხმა. გოგონა არც კი მოტრიალებულა, ენდი მოწყენილი იყო, ხმაზე ეტყობოდა, ნიტასთვის კი ეს სულერთი ნამდვილად არ აღმოჩნდა. გულის სიღრმეში ესიამოვნა რომ ბიჭმა მას დაურეკა, აშკარა იყო, ენდი რაღაცას დარდობდა და ნიტასთან ერთად უბრალოდ გულის გადაყოლება უნდოდა. ნიტასთან ერთად... რატომ მასთან... სხვა მეგობრები არ ჰყავდა? რა თქმა უნდა, ჰყავდა, მაგრამ მაინც ნიტას დაურეკა, ნიტას და არა სხვას... გოგონას მუცელი უსიამოვნოდ შეეკუმშა. - ნიტა კარგად ხარ? - უნდა წავიდე... - მოტრიალდა უცებ. - რამე მოხდა? - მშენებლობასთან არის დაკავშირებული, სასწრაფოდ უნდა მივიდე... - ენდის სახლის მშენებლობასთან? - ხო... - თუ მხოლოდ ენდისთან? - ბექა, - წარბი ასწია ნიტამ. - გოგოებს უთხარი, რომ გავდივარ. სწრაფად მოემზადა, ენდის მოკლე ტექსტური შეტყობინება გაუგზავნა, გოგოები წავიდნენ, ბექა კი ჯიუტად იჯდა დივანზე და ნერვიულად ეწეოდა. - შენ კიდევ აქ ხარ? - გელოდებოდი, მე გაგიყვან სადაც მიდიხარ. - არ მინდა, ენდი გამომივლის და წამიყვანს. - იცი რომ ენდის და ანას ერთმანეთი ბავშვობიდან უყვართ? - ბექა, უკვე ძალიან დამღალა ამ თემებმა... - ვერ ხვდები რომ უბრალოდ გიყენებს? - ანუ შენც გიყენებს ანა? - მე უბრალოდ ვეხმარები, აი შენ კი ენდი მართლა გიყვარდება, იცი რა იქნება ,,კანეცი”? ის ანისთან დაბრუნდება, შენ კი დარჩები სულელი და შეყვარებული! - შენით წახვალ თუ ჩემით? - დაფიქრდი იცოდე, - წამოდგა ტუღუში. - კარგად დაფიქრდი, იმიტომ რომ... უკეთესების ძებნაში, ზოგჯერ მართლა საუკეთესოს ვკარგავთ... - პირადი გამოცდილებით იცი ალბათ. - ხო, ვიცი... - გაიღიმა ბექამ, ერთხანს უყურა გოგონას, შემდეგ კი ნელ-ნელა კარისკენ წავიდა. რესტორანში სასიამოვნოდ თბილოდა. ნიტამ მოსასხამი გაიხადა და ენდი მოათვალიერა. დარბაზის სიღრმეში იჯდა, მწვანე თვალები მოეჭუტა, სივრცეს მიშტერებოდა და სიგარეტს ეწეოდა. - მოვედი. - გაუღიმა გოგონამ. - მოკლედ რა, - გამოფხიზლდა ენდი. - არასდროს აგვიანებ. - შენ კი ყოველთვის ადრე მოდიხარ. - ხო, ჩვევა მაქვს ასეთი... - ისევ უხერხული სიჩუმე. - რას შეუკვეთავ? - არ ვიცი, რასაც შენ. - კაი რა, იქნებ კიბორჩხალა მინდა? - გინდა? - არა, მაგრამ... - ხოდა რაც გინდა ის შეუკვეთე, ვნახოთ რამდენად გემოვნებიანი ხარ. დღეს რაღაც ხდებოდა, ვერცერთი ვერ პოულობდა სალაპარაკო თემას, ბოლოს ენდის თავისთვის გაეცინა. - რა ხდება? - სტეიკს საკმაოდ დიდი ნაჭერი ჩამოაჭრა ნიტამ. - ძაან უცნაურია. თუ არ ვჩხუბობთ ვერ ვლაპარაკობთ. - მართალია. - გაეცინა ნიტას. - რატომ მოხვედი? - გინდა ჩხუბი დავიწყოთ? - იღიმოდა გოგონა. - არა, მართლა მაინტერესებს, სტუმრები გყავდა, ბექა, უარი მითხარი და მერე უცებ მომწერე მოვდივარო... - ხო, მიდიოდნენ უკვე. - თვალი აარიდა გოგონამ. - თანაც მოწყენილი მეჩვენე. - არ მითხრა რომ განიცადე. - რატომაც არა? რაც არ უნდა ვიჩხუბოთ მაინც ერთი საქმე გვაქვს, შენი წყალობით გადავრჩი და მეგობრები ვართ. - რას ნიშნავს - ჩემი წყალობით გადარჩი? - უკვე აღარ ვიცი ენდი ასეთი დაუკვირვებელი ხარ თუ მართლა ვერ შეამჩნიე ესენი? - ნიტამ შარფი მოიხსნა და სახელოები აიწია. - ეს რაებია? - დამწვრობა... უფრო სწორად... ერთ ამბავს მოგიყვები. - ამოისუნთქა ნიტამ. - გოგონა თორმეტი წლის იყო რუსთაველზე რომ მისეირნობდა და ბოშა ბიჭი აეკიდა, მან ხურდა მისცა მოსაცილებლად, მაგრამ ბოშა არ მოეშვა. - ენდიმ უფრო მეტად მოჭუტა თვალები, დაკვირვებით უსმენდა. - ბიჭმა გააფრთხილა, არ დადგე ხესთან, დიდი სინათლე ჩამოვარდებაო, ხმაც იქნება და ეს ძალიან ცუდი იქნებაო. - ენდის სახე გაეხსნა და ღიმილი შეეპარა. - რამდენიმე წლის შემდეგ გოგონა ექსკურსიაზე მიდის, ჭექა-ქუხილი იწყება და ხესთან აპირებს მისვლას, რომელთანაც მისი თანაკლასელი დგას და უცებ ბოშა ახსენდება. - ნიტას უსიამოვნებისგან სახე მოეღრუბლა და მინის მიღმა გაიხედა. - ცდილობს გააფრთხილოს, მაგრამ ბიჭი ჯიუტად არ გამოდის იქიდან... მერე... მერე დამაყრუებელი ხმა დიდ სინათლესთან ერთად და... იმ დღეს მეხი ჩამოვარდა ენდი, შედეგად კი ორივე მათგანს სამუდამო ნიშანი დარჩა... გოგონა გარიყეს... კუდიანად ჩათვალეს... მერე მამამაც დატოვა და... - ნიტას უკვე თვალები აემღვრა... - არაფერი გახსენდება ენდი? - მახსენდება. - თქვა ბიჭმა ღიმილით. - პუტკუნა ნაცრისფერთვალებიანი გოგონა, რომელიც, ოღონდ მოვეშორებინე და, ქოლგას მთავაზობდა. - საიდან იცოდი ენდი... ის დღე როგორ დაინახე... დღემდე ვერ ამიხსნია... ნათელმხილველი ხარ? - ბიჭმა ნიტას სიტყვებზე გულიანი სიცილი მორთო. - მოდი მეც მოგიყვები მაშინ ერთ ამბავს. - გამჭვირვალე ჭიქა წითელი სითხით შეავსო ენდიმ. - ერთი ბიჭი იყო, უდედმამო, უმშობლო... დეიდა ზრდიდა, ქალს თავისი შვილებიც ჰყავდა და ყველას საკმარისად ვერ ინახავდა. ბიჭი თავს იდანაშაულებდა, ეგონა რომ მის გამო ეკლდა ამ ოჯახს ყველაფერი და სახლიდან წამოვიდა. დადიოდა ქუჩა-ქუჩა, ბოლოს ბოშებს დაუმეგობრდა, რაღაც-რაღაცეები ისწავლა მათგან და ხშირად დაყვებოდა. ერთ საღამოს გოგონა დაინახა რუსთაველზე, თავი ჩახრილი ჰქონდა - ნიშნავდა რომ ჩაკეტილი იყო და არავისთან ურთიერთობა არ უნდოდა. ბიჭმა იფიქრა რომ ასეთი გოგო მოსაცილებლად აუცილებლად მისცემდა ხურდას და მაშინვე აედევნა. მეხი, - ამას ყველაზე ხშირად იტყუებოდა, თითქმის ყველას ამას ეუბნებოდა, მსოფლიოში უამრავი ელვა ეცემა, ხოდა რა არის ალბათობა იმის რომ უცებ შენ არ დაგეცემა? - უღიმოდა ენდი ნიტას. - ანუ მომატყუე? - რატომ? ხომ მართლა ჩამოვარდა? - ხო მაგრამ შენ არ იცოდი, ანუ მომატყუე! - ხო, მოგატყუე, მაგრამ ჩემმა ტყუილმა გადაგარჩინა. - ესეიგი... რა სულელი ვარ... მე კი სულ მეგონა რომ ის დღე ხილვაში ნახე და... - მართლა რა სულელი ხარ. - ხარხარებდა ენდი. - თან რომ გნახე ბოშა მეგონე... - ხო, ანეგდოტებს რომ ყვებოდი მივხვდი რაღაც იცოდი, აშკარად ჩემი გაბრაზება გინდოდა. - კარგად გამომდიოდა. - საერთოდ არ მეცინებოდა, პირიქით იმაზე ვფიქრობდი შენ რა გაცინებდა, მგონი ცოტა ვერა ხარ ნიტა... - მადლობთ. - ღვინო მოსვა გოგონამ. - არა მართლა გეუბნები. - ალბათ იმიტომ რომ ბავშვობაში ეშმაკი მყავდა ჩასახლებული. - გულიანად გაიცინა გოგონამ. ენდიმ პირი დააღო. - რა? - მაგარი ისტორიაა, ეკამ მომიყვა რომ თურმე.... დიდხანს იცინოდნენ, საერთოდ გაეთიშნენ ამ სამყაროს და ვერ ამჩნევდნენ რომ დარბაზში ბევრი სხვაც იჯდა. დროდადრო ნიტას ხმამაღალ სიცილზე უკმაყოფილოდ იხედებოდნენ გარშემო მყოფნი, თითქოს რესტორანში კი არა დაკრძალვაზე ისხდნენ და ლაპარაკიც კი ეკრძალებოდათ. მათ კი ამაზე უარესად უტყდებოდათ სიცილი და ცდილობდნენ ერთმანეთი გაეჩუმებინათ. გვიანი იყო ნიტას სახლთან რომ გაჩერდნენ. აშკარად არცერთს არ უნდოდა წასვლა. - ხვალ ისვენებ? - თუ დასვენება ჰქვია მაგას, კი. უბორკის დღე მაქვს. წესით დღეს უნდა გამეკეთებინა მაგრამ ვინ დამაცადა. ის ორი შტერი მოვიდა... მერე წ....ბი დავასხი თავზე, მერე ჩემი ტანსაცმელი ჩავაცვი და მერე შენც დამირეკე. ასე რომ... - ვინ ორი? - მაკო და ქეთა. ბექამ მომიყვანა, ნეტა განახა რა სასაცილოები იყვნენ, ვითომ შემთხვევით მოვიდნენ ყველანი ჩემთან. - გადაიკისკისა გოგონამ. - ცდილობს დაგიბრუნოს არა? - გაიღიმა ენდიმ. - არ მინდა ამაზე... - სახელურისკენ წაიღო ხელი ნიტამ. - გინდა ჩემ დამლაგებელს დავურეკავ და გამოგიგზავნი ხვალ. - არა, არა. მერე მაინც თავიდან დასალაგებელი მექნება. არ მიყვარს სხვისი დალაგებული. - მაშინ გაწყდი წელში მეტი რა გითხრა. - ხო, იმას ხომ არ მეტყვი ამოვალ, დაგეხმარებიო! - მე? - ხო. - დაგეხმარო დალაგებაში, შენ? - ჰო, რა მოხდა. ბექამ დამაყრუებლად გადაიხარხარა. - რა კომპლექსიანი ხარ. - ნიტამ თავი დანანებით გააქნია. - მე ვარ კომპლექსიანი? - აბა მეგობრის დახმარება რა გგონია, მარტო ფულით შეიძლება? - ასე არ ვფიქრობ... - ხოდა მაშინ ხვალ მძიმე დღე მაქვს და აბა შენ იცი, - კარი გააღო ნიტამ. - ასე პიჯაკით ნუ მოხვალ. - მომხიბვლელი ღიმილით დააჯილდოვა ბიჭი და სანამ ენდი რამეს ეტყოდა, ნარ-ნარით დატოვა იქაურობა. კვირა დილით ენდი ტელეფონის ზარმა გააღვიძა. ეკრანს ცალი თვალით დახედა, ანა რომ დაინახა მაშინვე წამოჯდა და უპასუხა. - ხო ანა. - ენდი... როგორ ხარ? - კარგად, მოხდა რამე? - არაფერი. - დაიბნა გოგონა. - უბრალოდ დაგირეკე... დღეს კვირაა და ვიფიქრე... არ ვიცი... რამე გეგმები გაქვს? - რა იფიქრე? - სადმე წავიდოდით... ვილაპარაკებდით... როგორც ადრე, მეგობრულად. - ანა რამე მოხდა და არ მეუბნები? - უბრალოდ... - ანას ეტყობოდა საუბარი უჭირდა. - მე და ბექამ ცოტა ვიკამათეთ და... ვიფიქრე განტვირთვა კარგი იქნებოდა თუ გცალია... თუ არ გცალია არაუშავს... - როგორ არ მცალია... გამოგივლი ესე ერთ საათში. ხო სახლში ხარ? - კი... - კარგი, მაშინ, დროებით... - დროებით... ნიტამ უკმაყოფილოდ შეკრა დოინჯი, არ იცოდა საიდან დაეწყო, თავზე წითელი ბენდენა გაიბანტა და ღრმად ჩაისუნთქა. უნებლიედ ტელეფონს დახედა. - არ დავურეკავ. - თქვა და ცხვირი მაღლა ასწია. - თუ არ უნდა ნუ მოვა! უკვე ორი საათი იყო გასული, მხოლოდ სააბაზანო ჰქონდა დარჩენილი, ტელეფონი კი ისევ დუმდა, გადაწყვიტა რომ ამაზე აღარ იფიქრებდა, ბლუთუზი დააკავშირა და დინამიკებში ხმამაღალი მუსიკა ჩართო. თითქმის ბოლოში იყო გასული, კარზე ძლიერი ბრახუნის ხმა რომ მოესმა. მუსიკებს დაუწია და კარისკენ წავიდა. გულში თითქოს რაღაც ჩასწყდა ენდის მაგივრად ბექა რომ დაინახა. - რა იყო, სხვას ელოდი? - მიზანში მოარტყა ბიჭმა. - მაინტერესებს როდის დაიღლები! - არასდროს! - შემოდი, - გვერდზე გადგა გოგონა. ბექამ გაოცება ვერ დამალა, ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნიტამ სახლში შეიპატიჟა. - ესენი ამოიცვი. - ცისფერი პარკები გაუწოდა გოგონამ. - რა ხდება, დეზიმფექციას ატარებ? - ასე ვთქვათ. ახალი გაწმენდილია ყველაფერი, ეცადე არაფერს შეეხო, უბრალოდ დაჯექი და ჩუმად იყავი. - სიჩუმე რაღა საჭიროა? - უკმაყოფილოდ ამოიცვა პარკები და დივნისკენ წავიდა. - ბაქტერიებს მოაფრქვევ! - ვაიმე, შენ რომ შვილი გეყოლება ალბათ მთლიან კორპუსს გადაკეტავ და რამე ანტიბაქტერიულ ხსნარებს მოასხავ ყველგან. - აჰამ. - სერიოზულად დაეთანხმა გოგონა. - გიჟი ხარ გეფიცები. - აბა რა გგონია, ჩემ შვილს ბინძურ სახლში ვამყოფებ? - მანიაკი ხარ. - ბავშვი ძალიან სათუთია ბექა! - ხო ვიცი, შენ საუკეთესო დედა იქნები ნიტა. - სევდიანად გაიღიმა ბიჭმა. მერე მზერა აბაზანის შეღებულ კარზე გადაიტანა. - მალე დაამთავრებ? - თუ მომეხმარები კი. - რა თქმა უნდა, მოგეხმარები. - წამოდგა ბექა. ნიტა რამდენიმე წამს უყურებდა, გულში კიდევ ჩაწყდა რაღაც. - მერე რამე გემრიელსაც გავაკეთებ და ვჭამოთ. - ხო... - აბა რომელ ბაქტერიებს ვერჩით უფრო? - სადეზინფექციო ხსნარი ხელში იარაღივით შეათამაშა ტუღუშმა. - ყველას. - გაეცინა ნიტას. ჩიჟი-ბიჟი - ასე ერქვა კერძს, რომელიც ბექამ დიდი თავმომწონებით მოამზადა და პირველი კოვზი ნიტას თვითონ გადაუღო. - Bon appetit! (გემრიელად მიირთვი) - კმაყოფილი დაჯდა თავის თეფშთან. - Merci! (გმადლობთ) - თავი დაუქნია ნიტამ და პირველი ლუკმა გასინჯა. - აბა? - გქირაობ! - გაიცინა ნიტამ. - მართლა. - ისე მადიანად დაიწყო ჭამა, ბექას წამით დაავიწყდა თავადაც რომ მთელი დღე არაფერი ეჭამა და გოგონას სიამოვნებით მიაშტერდა. - შენც ჭამე. - გამოაფხიზლა ნიტას ხმამ. - არ გშია? - ძალიან მშია. - გადმოიღო მანაც. - ნიტა... - განაახლა საუბარი ცოტა რომ დანაყრდა. - მე და ანა დავშორდით. - რატომ? - ვერ ხვდები რატომ? - ბექა... ხომ ხედავ, მშვიდად, წყნარად ვზივარ ჩემთვის და ვჭამ, მეც კმაყოფილი ვარ და შენც. თუ ისევ ჩვენზე და ენდიზე გინდა საუბრის დაწყება იცოდე რომ კარგად დაწყებული დღე ცუდად დამთავრდება, რაც შენ წარმოიდგინე და არ მინდა. - ანუ ამ თემებს არ შევეხო საერთოდ? - გაბრაზდა ბიჭი. - არა! - კარგი... - ამოისუნთქა მოთმინებამილეულმა. - ასე იყოს... მაგრამ შენ თხოვდები ნიტა! - ვაიმეე, რა დროს ქორწილია ბექა, ენდის ხელი არ უთხოვია! - აბა ანამ რატომ თქვა? - უბრალოდ ასე დაასკვნა, რა ჩემი ბრალია. ათასი საქმე მაქვს გესმის? როგორც იქნა დავიწყე ცხოვრება. სანამ ენდის გავიცნობდი, სანამ ჩემ პროექტებს იყიდდა, უბრალოდ ვარსებობდი, ახლა კი ვცხოვრობ გესმის? უნივერსიტეტშიც კი ვეღარ მივდივარ იმდენი საქმე მაქვს, გამოცდები, ენდის სახლის მშენებლობა, ჩემი სააგენტო, სახლი... რა დროს ქორწინებაა... - ესეიგი არ თხოვდები? - ღიმილი შეეპარა სახეზე ბექას. - ოდესმე ალბათ გავთხოვდები, მაგრამ ჯერ არა... - გასაგებია. - ბექას კმაყოფილებამ ნიტას ნერვები მოუშალა. - ნუ ღელავ, შენზე ახლო მეგობარი არ მყავს, მეჯვარედ აუცილებლად დაგნიშნავ. - გაუცინა ტუღუშის წაშლილ სახეს გოგონამ და წვენის ჭიქა მიუჭახუნა. - მეჯვარედ? - ჰო. - და პირდაპირ ნეფე რომ ვიყო არა? - ესე პირდაპირ ხო იცი არაფერი ხდება. - მაიმუნურად იღიმოდა ნიტა. - ნიტა... - რა? - ცხვარი ცხვარიაო ხომ გაგიგია? - გამიგია, გამიგია. მაგრამ ნიტა ნიტააო, შენც ხომ გსმენია? - მინახავს. - გაიცინა ბექამაც. - გინდა გავისეირნოთ ფეხით? - არაა... - ამოისუნთქა გოგონამ, მიხვდა ბევრი მოუვიდა საჭმელი და სკამის საზურგეზე მიწვა. - ძალიან დავიღალე, თან გამოცდები მაქვს მალე, რამე მაინც უნდა წავიკითხო, ისედაც ვაცდენ ქვიზებს და ბევრი ქულა დავკარგე. - როგორც გინდა. - წამოდგა ბიჭი. - შენ აალაგებ თუ დაგეხმარო? - თვითონ ვიზავ, დიდი მადლობა. - შესასვლელისკენ გაუძღვა გოგონა. - მადლობა შენ, ნიტა. - ზღურბლთან შედგა ტუღუში. - კარგად. - გაუღიმა გოგონამ. ბექამ სევდიანად დაუქნია თავი. ცოტა ხანს უყურა და ზანტად დაეშვა კიბეებზე. თითქმის ერთი თვე გავიდა, როგორც იქნა ჩააბარა გამოცდები ნიტამ და ეს პრობლემა მოეხსნა, ბექა სულ ურეკავდა, როგორც კი შეეძლო ნახულობდა, აი ენდი კი მხოლოდ ერთხელ ნახა, მაშინ, როცა მშენებლობის ამბით დაინტერესდა. თავი ჩვეულებრივ ეჭირა, ნიტამაც არ შეიმჩნია წყენა და ყველაფერი ანახა და მოუყვა რაც საქმეს ეხებოდა. იმ დღეს ისე წავიდა არც დაემშვიდობა. ნიტა ხშირად ურეკავდა, მაგრამ ენდი დაუფარავად არიდებდა თავს, ხან რას იმიზეზებდა, ხან რას. თითქოს არაფერი, მაგრამ ძალიან განიცდიდა ნიტა. ერთ საღამოს ლილიმ ამოაკითხა, მისი დისშვილი თავისთან დაასაქმა ნიტამ და ქალი მადლობებს არ წყვეტდა. შემდეგ დღეს კი მოულოდნელად ეკა ესტუმრა. რაღაცნაირი მოტეხილი ეჩვენა ნიტას და ეტკინა. - დარჩი აქ, ხომ ხედავ, მე კარგად ავეწყე, უკვე ჩემი საქმე მაქვს. - მადლობა ნიტა, - გაუღიმა ქალმა. - მაგრამ არ შემიძლია, დედაჩემი უკვე ვეღარ დადის, ფაქტიურად ჩავარდნილია, დიდხანს ვერ ვტოვებ, ახლაც, მეზობელი რომ გვყავს ხომ იცი, ლალი, შენ რომ სულ ვაშლებს გჩუქნიდა. - რა დამავიწყებს, - გაიცინა ნიტამ. - აღარ შემეძლო ამდენი ვაშლები, ახლაც ვერ ვიტან. - ხოდა ლალის ვთხოვე მიეხედა. მაინტერესებდა შენი ამბები, ძალიან გამიხარდა ნიტა. - სიგარეტი გაქვს? - მოწევა დაიწყე? - არა რა დავიწყე... რაღაცნაირად მინდა... - ქალმა ჩანთიდან ამოიღო კოლოფი და ნიტას გაუწოდა. - მოხდა რამე? - ბევრი რამ მოხდა ეკა... მე კიდე, აღარ ვიცი, გაურკვევლობაში ვარ... - ბიჭის ამბავია არა? - გაიღიმა ქალმა. - ბიჭების... - თვალი აარიდა გოგონამ. - აბა დაიწყე! - არა რა ეკა, მეზარება ახლა ამხელა ამბის მოყოლა. უბრალოდ არ ვიცი რა მემართება, როცა ბექასთან მინდოდა ხელი მკრა, ახლა მას უნდა ჩემთან და... ვერაფრით დავანგრიე ის კედელი ჩვენ შორის რომ დიდი ხნის წინ აღიმართა... ვცდილობ გესმის? მართლა... - ალბათ ვიღაც სხვა გიშლის ხელს და საკმარისად არ ცდილობ. - გაუღიმა კვლავ ქალმა. - ენდი... - ენდი ქვია? - ხო რა მოხდა? - არაფერი, უცხოელია? - არა. ქართველია, ქავთარაძე. - მერე? - ხოდა ეს ,,მერე” აღარ ვიცი... ვითომ ჭკვიანი ვარ, არც შესახედად ვარ ცუდი... მას კი მაინც ის სულელი, ამპარტავანი გოგო ურჩევნია. - გიყვარს ნიტა? - მერავიცი... - ნერვიულად დაარტყა ნაპასი და ფანჯარაში გაიხედა. - გინდა გითხრა განსხვავებები ჭკვიან და სულელ ქალს შორის? ადრე სადღაც წავიკითხე და დამამახსოვრდა. - მითხარი. - აი, ნახე. - სულელი ქალი, ყოველთვის ბუნებრივად მიმზიდველი და საყვარელია, ის გარეგნობაზე აკეთებს აქცენტს, ჭკვიანისთვის კი ცხოვრებაში უფრო მეტად ღირებული წიგნები და საკუთარი საქმეა. - მართალია... - სულელი ყოველთვის თავდაჯერებულია და მისი მოქმედებები უბრალო და მარტივია, ჭკვიანი კი იმის შიშით რომ შეცდომა არ დაუშვას ხშირად ბევრს ფიქრობს და ამ დროში მთავარი საქმე გასაკეთებელი რჩება. - ასეა... - ეთანხმებოდა გულდაწყვეტილი ნიტა. - სულელს უაღრესად მნიშნელოვან შეცდომასაც კი პატიობენ ნიტა, ამბობენ თავისი უტვინობით მოუვიდაო, ჭკვიანს ერთ უბრალო არსწორ საქციელსაც კი მსოფლიოს ღალატად უთვლიან. სულელი ყოველთვის ზედაპირულად თხოვდება ძირითადად უზრუნველ ცხოვრებაზე და ბედნიერია, რადგან მზადაა ყველაფერი მოითმინოს, ჭკვიანი ქალი კი ბევრს ფიქრობს და ყოყმანობს, რადგან მისთვის ქორწინებაში ქმრის პატივისცემა და სიყვარული ყველაზე მთავარია. - დალევა მინდა. - თავი გააქნია ნიტამ და მაცივრისკენ წავიდა. - დალიე რა ჩემთან ერთად. - დავლევ... - გაიცინა ეკამ. - გილოცავ, შენ მოახერხე და მომანდომე რომ ყველაზე სულელი გოგო ვიყო ამ ქვეყნად. - მერე იყავი. - გაიცინა კვლავ ქალმა. - რანაირად? - იცი მთავარი განსხვავება რა არის მათ შორის? - რა? - ჭკვიან ქალს, ყოველთვის შეუძლია სულელის ნიღაბსამოფარებულმა ბედნიერად გაატაროს დრო მთელი ცხოვრება. აი უტვინოს კი პირიქით არ გამოუვა. ნიტა წამით დაფიქრდა, გაიაზრა ეკამ რა უთხრა და არყით და ჭიქებით ხელში სკამზე დაეშვა. - ანუ რა გინდა თქვა? ვითამაშო ვითომ სულელი ვარ? - არაფერიც არ ითამაშო, - თავი გააქნია ქალმა. - უბრალოდ ამოარჩიე თვისებები, რომლებიც სულელში მოგწონს. მიეცი შენს თავს მოდუნების უფლება, დაუშვი შეცდომები და არ იღელვო, თუ რამე არასწორად მოხდა, მთავარია სცადო და არცერთი ცხოვრებისგან მოცემული შანსი არ გაუშვა ხელიდან. - მგონი გავიგე... - დაასხი მაშინ. - გაიცინა ეკამ. იმ დილით ჯერ კიდევ საწოლში იწვა და ფიქრობდა, დიდ ხანს იჭყლიტა ტვინი, ბოლოს წამოჯდა და ხმამაღლა დაუსვა კითხვა საკუთარ თავს. - რა მინდა? ან რა არ მინდა? ვიცი, - თავი დააქნია ბევრი ფიქრის შემდეგ. - ენდისთან მუშაობა აღარ მინდა, სულელი რომ ვიყო, ასე მოვიქცეოდი, ნამდვილად, უპასუხისმგებლოდ და თავქარიანად... - გაიღიმა კმაყოფილმა და საბანი გადაიძრო. - აბა ვნახოთ როგორ მოეწონება. კიდევ რა თქვა ეკამ? - კარადასთან მივიდა და ტანსაცმელს დაუწყო არჩევა. - გარეგნობა, ცოტა სახესაც მივხედავ... რამდენიმე დღე არ წავიდა მშენებლობაზე, მთლიანად სააგენტოზე გადაერთო და ერეკლეს დაუბარა მე აღარ ვმუშაობ მანდ, შენ ხარ ახლა მთავარი ინჟინერიც, ქალიც და კაციცო. ბიჭს დიდად არ გაჰკვირვებია, ნიტას წასვლით მაინც არაფერი დააკლდებოდა, ამიტომ მშვიდად დაეთანხმა და ტელეფონი გათიშა. დაახლოებით ერთ კვირაში ენდის ზარი დაინახა ტელეფონზე და სიამოვნებისგან გაეღიმა. - მაპატიე ძვირფასო, დაკავებული ვარ. - ხმა გაუთიშა აპარატს და პროექტებში ჩარგო თავი. ტელეფონმა კიდევ რამდენიმეჯერ დარეკა, ნიტა სულ ღიღინ-ღიღინით აწერდა ხელს ფურცლებს. - ქალბატონო ნიტა, - კარზე მოაკაკუნა გოგონამ. - შემოდი თიკუნა. - ბატონი ენდია მოსული, ამბობს რომ... - თიკას აღარ დასცალდა, ბიჭმა შეკრული წარბებით გადმოკვეთა ოთახი და ნიტას თვალებში ჩააჩერდა. - გამარჯობა ენდი. - გაუცინა გოგონამ. - დაჯექი, რატომ დგახარ? - დავჯდე არა? - თავისუფალი ხარ თიკუნა. - რა გააკეთე? - ხელები გაშალა ბიჭმა. - არ მესმის ენდი, რაზე ამბობ? - რატომ აღარ დადიხარ სამსახურში? - აა, წამოვედი. - ვითომ ახლა გაახსენდაო ისე გაუცინა გოგონამ. - რა ქენი? - მომწყინდა ენდი და წამოვედი. რა მოხდა? - ასეთი უპასუხისმგებლო როგორ შეგიძლია იყო? - ერეკლე ხომ დავტოვე? - მხრები აიჩეჩა ნიტამ. - რატომ აკეთებ ამას? - რას? - რატომ სულელობ? ნიტა თითქოს გამოიჭირესო, ისე გაუშეშდა სახე. რამდენიმე წამით ვერაფერი თქვა. - ენდი რა მოხდა ვერ გავიგე, ცა ჩამოიქცა? ერეკლე ჩემზე უკეთ ართმევს თავს ამ საქმეს. მე კი ჩემ საქმეებს და ჩემ ცხოვრებას მივხედავ. - შენ ცხოვრებას მიხედავ? - ხო. - ისევ აიჩეჩა მხრები ნიტამ. - შენ ხომ დაუბრუნდი შენსას, მეც ასე ვიქცევი. - აი თურმე რაში ყოფილა საქმე, გაგიტყდა ყურადღება რომ მოგაკელი? - ყურადღების დეფიციტი მე არ მაქვს ენდი. უბრალოდ ვაფასებ და პატივს ვცემ ადამიანურ ღირებულებებს, რაც შენ ასე გაკლია! - ვეღარ მოითმინა ნიტამ და ძველებურ ლაპარაკს დაუბრუნდა. - ანუ მაშინ სახლის დალაგებაში რომ არ დაგეხმარე და ანასთან წავედი ეგ გაგიტყდა. - ნიტას ანას სხსენებაზე ხელები მოემუშტა. - მე სულ არ ვიცოდი შენ სად წახვედი, გაინტერესებს რატომ? იმიტომ, რომ ერთსიტყვიანი მესიჯიც არ გამოგიგზავნია. - ვერ გავიგე, ატჩოტები გინდა გაბარო? - მე არაფერი არ მინდა შენგან ენდი, მე წამოვედი შენგან. - ჩემგან? - ხო. - ანუ აღარ გინდა ჩემთან ურთიერთობა? - არა! - იმის გამო რომ იმ წყეულ დღეს არ დაგეხმარე? სახლის დალაგების გამო? - სხვა რამეში რომ მეთხოვა დახმარება მოხვიდოდი? - ენდი დაფიქრდა და გაჩუმდა. - ხედავ? - სევდიანად გაიღიმა ნიტამ. - მე არ მჭირდება გვერდით ადამიანი, რომელსაც ლხინის დროსაც კი ვერ დავეყრდნობი, გაჭირვებაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტია... იმ საღამოს არაფრის გაკეთებას არ აპირებდა, უბრალოდ უნდოდა სახლში მჯდარიყო და ტელეფონში რაღაცეები ეთამაშა. შვიდი ხდებოდა უცხო ნომერმა რომ დარეკა. - გისმენთ. - ნიტა გამარჯობა, ანი ვარ ჩიქოვანი, გახსოვარ? - გამარჯობა ანა, მოხდა რამე? - არ ვიცი ენდიმ გითხრა თუ არა, მე მისი სახლის ინტერიერი უნდა გავაკეთო, მოვაწყო და ასე შემდეგ, ამიტომ იქნებ შევხვდეთ სადმე და დავილაპარაკოთ? რაღაცეების გადაკეთება მინდა. - ერეკლეს ნომერს გამოგიგზავნი, ახლა ისაა მთავარი ინჟინერი, მე აღარ ვმუშაობ ენდისთან. - არა, არა. პროექტი შენია, ამიტომ შენთან მინდა შევათანხმო, იქნებ მოიცალო დღეს? - დღეს არ მცალია. - გაჯიუტდა ნიტა. - კარგი რა, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. - შენთვის ალბათ თორემ ჩემთვის სულაც არა. - ნიტა გთხოვ, რა დაგემართა? რამდენიმე წამით დაფიქრდა, შერცხვა თავისი უაზრობის და ღრმად ამოისუნთქა. - კარგი, სად მოვიდე? - მისამართს მოგწერ. - კარგი. - დროებით. - დროებით. ტუჩაბზეკილმა გათიშა ტელეფონი და იქვე მიაგდო. მოკლე, შავ საღამოსკაბაში გამოწყობილი ნიტა რესტორნის შესასვლელთან იდგა და უკვე თავს იწყევლიდა ამხელა ქუსლიან ფეხსაცმელზე რამ დააყენა. ოდნავ ჩაბნელებული დარბაზი მის ფერმკრთალ მაკიაჟს უფრო გამოკვეთილს ხდიდა, თვალის ჩრდილებიც შავი შეარჩია. თვითონაც არ იცოდა რას აიტეხა ასე გამოპრანჭვა, გულის სიღრმეში ეშინოდა, რომ ანა ჩვეულებრივი ტანსაცმლით მოვიდოდა და ძალიან სულელი გამოჩნდებოდა. განცვიფრება ვერ დამალა, როცა წითელ კაბაში გამოწყობილი ანას გვერდით ორი პიჯაკიანი ბიჭი, ენდი და ბექა დაინახა. ერთ ადგილს მიეყინა და ფაილში ჩადებული სახლის პროექტი უხერხულად მოჯმუჯნა. - ნიტა! - ათი წლის უნახავი დაქალივით შეხვდა ანა, ფეხზე წამოდგა და გადაკოცნა. - გამიხარდა რომ მოხვედი. დაჯექი. მიუთითა სკამზე და თავისი ადგილი დაიკავა. გოგონამ ინსტიქტურად ენდის გადახედა, აშკარა იყო, არც ის ელოდა ნიტას ნახვას. ფრთხილად წავიდა სავარძლისკენ და დაძაბული დაჯდა. - როგორ ხარ ნიტა? - გაუღიმა ბექამ. - კარგად. ანა რა ხდება? - რაზე ამბობ? - შენ მითხარი რომ... - ეგ სხვა დროისთვის გადავდოთ, ძალიან მიხარია რომ ისევ შევიკრიბეთ ყველა ერთად. ენდი, დაასხი ძვირფასო. - მკლავზე მოეფერა ბიჭს. ნიტას უდიდესი სურვილი დაეუფლა ხელები დაემტვრია მისთვის მაგრამ თავი შეიკავა. ,,მიეცი შენს თავს მოდუნების უფლება” - გაახსენდა ეკას სიტყვები და დაძაბული სხეული ოდნავ მოუშვა. - დღევანდელი დღე განსაკუთრებულია. - ჭიქა ასწია ბექამ. - გაგვიმარჯოს. - გაგვიმარჯოს. - იყო ენდის პასუხი. ნიტა თვალებში არ უყურებდა მაგრამ მისი დაჟინებული მზერა ერთიანად სწვავდა ისედაც გაცხელებულ კანს. - რას აღვნიშნავთ? - ვეღარ მოთმინა ნიტამ. - ბედნიერებას. - გაუღიმა ბექამ. ნიტას ცუდად ენიშნა ეს პასუხი და ღვინო მოსვა. - დღეს შენც განსაკუთრებულად გამოიყურები, იცი? - ალბათ გული მიგრძნობდა. - გაიღიმა გოგონამ. მთელი საუბრის განმავლობაში ენდი ისე უყურებდა, თითქოს პირველად ხედავდა. ასეთ ფორმაში მართლა არასდროს ენახა გოგონა, ტვინს მის ყოველ ნახვაზე თითქოს რაღაც უღრღნიდა, საკუთარი თავისთვის ვერაფრით აეხსნა რა იყო და ახლაც სწორად ამაზე ფიქრობდა. მოულოდნელად მუსიკა შეიცვალა, ბექამ პიჯაკის ჯიბიდან პატარა კოლოფი ამოიღო და ნიტას გაუწოდა. - მოგწონს? - კი ბექა, ლამაზია. - უსიამოვნების შეგრძნება ახლა უკვე მთელ სხეულში დაეუფლა გოგონას. - შენია... - ჩემი? - გახდები ნიტა ჩემი ცოლი? ენდიმ შეუცნობლად მომუშტა ხელები. რამდენიმე კუნთიც შეუთამაშდა სახეზე და ახლა უფრო უარესი დაჟინებით მიაჩერდა აწითლებულ გოგონას. - ბექა, მე... - ვიცი, ახლა დაბნეული ხარ, იმიტომ რომ ვიცი, შეყვარებული ხარ, შეიძლება ცოტა ადრე გეჩვენება, მაგრამ დამიჯერე, პირიქით, ისედაც ძალიან დავაგვიანე ნიტა. - მისი ხელი მუშტში მოიქცია ტუღუშმა. ნიტამ ინსტიქტურად გახედა ენდის. მათი თვალები სულ რამდენიმე წამს გადააწყდნენ ერთმანეთს, ნიტას უნდოდა რამე დაენახა, მაგრამ დაძაბული მზერის გარდა ვერაფერი იგრძნო. გოგონამ თავი ჩახარა. - მართალი ხარ ბექა. - გაიღიმა სევდიანად. - ანუ? - თვალები აუციმციმდა ტუღუშს. - ძალიან დააგვიანე... ძალიან... - თვალი-თვალში გაუყარა ნიტამ ბიჭს. - შეყვარებული მართლა ვარ, ოღონდ შენზე არა... - ნიტა, რას ამბობ? - გაოცდა ანა. - ჩემგან თავი შორს დაიჭირეთ დღეიდან, სამივემ... არცერთის ნახვა აღარ მინდა... - ნიტა. - ფეხზე წამოხტა ბექა და წასასვლელად გამზადებული გოგონა შემოაბრუნა. - სპექტაკლებს ვერ ვიტან, შეიგნე ბოლოსდაბოლოს, ვერ ვიტან! - რა შუაშია სპექტაკლები? - აბა რა საჭირო იყო ჩემი აქ მოტყუება და ამათ თვალწინ ხელის თხოვნა? - ხელის თხოვნა, კარგად აღნიშნე, ცოლად გამოყოლას გთავაზობ და შენ იმაზე ღელავ რომ... თუმცა რას ვკითხულობ. - სიმწრით ჩაიცინა ბიჭმა. - ენდის თვალწინ რომ გთხოვე ხელი ეგ არ მოგეწონა? - ნიტამ ინსტიქტურად გახედა ბიჭს. არაფრისმთქმელი მზერით უყურებდა ენდი, თუმცა ყბის კუნთები დაჭიმვოდა და დროდადრო უთრთოდა. - მე უკვე ყველაფერი გითხარი... კარგად... - ნიტა, მოიცადე.... ჩაესმა უკანასკნელად ანას ხმა, მაგრამ ყურადღება აღარ მიუქცევია. მტკიცე ნაბიჯებს ნელნელა თავდაჯერებულობა მოაკლდა, ნიტამაც ნაბიჯს უკლო და ტრასას გახედა. ტაქსის ლოდინში რამოდენიმეჯერ მოატრიალა თავი და შემდეგ სიმწრით ჩაიცინა. - ვის ველოდები... როდის იყო ენდი გამოგკიდებოდა... ნიტას წასვლის შემდეგ მაგიდასთან მხოლოდ ანა და ენდი დარჩნენ. - კმაყოფილი ხარ? - ხასიათზე ვერ იყო ბიჭი. - მე? მე რა შუაში ვარ? - შენ არ დაპატიჟე ნიტა? შენ არ მოგვიყვანე აქ ყველა? რა გინდოდა, რისი მიღწევა გინდოდა, რატო ერევი სხვის საქმეში გამარკვიე, რატო? - გაცხარდა ენდი. - ენდი რანაირად მელაპარაკები? - როგორც იმსახურებ! - ბექამ მთხოვა დახმარება... - თავი ჩახარა გოგონამ. - მე და ნიტა ერთად ვიყავით და თქვენ თქვენი პრიალა ტვინებით გადაწყვიტეთ რომ ძაან ჩვეულებრივი იქნებოდა ეს შეხვედრა და ხელის თხოვნა ჩემს წინ? - ვერ გავიგე რა ხდება, ისევ გიყვარს? - რა შუაშია? - აბა რა მნიშვნელობა ჰქონდა სად თხოვდა ხელს? - ხომ ხედავ თურმე ჰქონდა! - არ მესმის ამ გოგოსი, ჯერ შენთან იყო, დაშორდით, ახლა ბექასთანაა და ცოლად არ მიყვება! - რა არ გესმის ანა, რატომ გამაგიჟე? თუ არ უყვარს როგორ გაყვება? - აბა რა უნდა მასთან? - შენ რა გინდოდა ბექასთან? - ეგ სხვა რამე იყო... - ადექი წავიდეთ! - კარგი რა ენდი, რაზე მიბრაზდები? - შენ არ გიბრაზდები. - აბა ვის? - საკუთარ თავს. - დანანებით გაიცინა ენდიმ და წამოდგა. - სახლში მიგიყვანო? - სახლში? მეგონა სადმე წავიდოდით. - სხვა დროს. - გასაღებს დასწვდა ბიჭი და გასასვლელისკენ წავიდა. ზაფხული ისე მიიწურა არცერთი მათგანი არ უნახავს, მხოლოდ მაკო და ქეთა ესტუმრნენ რამდენიმეჯერ, ნიტა უკვე აღარც ბრაზობდა მათზე, პირიქით ხანდახან ეცინებოდა. მთელი ეს დრო სააგენტოს და მართვის მოწმობის აღებას მოუნდა, ასე ბევრად მარტივი იყო, დროდადრო, როდესაც ყურადღება გაეფანტებოდა და წარსულის ფიქრებში ჩაძირულს გამოიჭერდა საკუთარ თავს, მაშინვე ცხვირს მაღლა სწევდა და ამბობდა. - ნუ ფიქრობ ნიტა, რასაც არ ეშველება, არ ეშველება... მეოთხე ცდაზე აიღო მართვის მოწმობა და სიხარულით ცას ეწია, თეორია მაშინვე ჩააბარა მაგრამ პრაკტიკა გაუჭირდა, მანქანის მართვა ადრე მამამ ასწავლა, იცოდა, თუმცა როგორც კი გამოცდაზე ჯდებოდა მაშინვე ფეხები უკანკალებდა, ხან სად შეუხვევდა არასწორად და ხან სად. რამდენიმე დღეში მანქანის ყიდვა გადაწყვიტა, ბევრი იფიქრა და ბოლოს ერეკლე გაახსენდა. - როგორ ხარ ერეკლე? - კარგად ნიტა, თავად? - ვარ რა. როგორ მიდის მშენებლობა? - მალე დავასრულებთ. - მართლა? - აჰამ... მოხდა რამე? - ერეკლე გამყევი რა რუსთავში... - რა გინდა იქ? - მანქანა მინდა ვიყიდო, საშუალო ფასში და ნორმალური... სააგენტო კი ამუშავდა კარგად მაგრამ, ჯერ იმხელა მოგება არ აქვს რომ პირდაპირ მაღაზიაში ვიყიდო მანქანა. - როდის გინდა? - ხვალ დილით. - ვეტყვი ენდის და გავეთავისუფლები მარა... ნიტა აზრზე არ ვარ მე მანქანების. - არაუშავს, ვითომ ხარ. ბიჭს რომ დაინახავენ არ მომატყუებენ, მაგიტომ გადავწყვიტე შენი წაყვანა. - კარგი, კარგი. - იცინოდა ერეკლე. - ხვალ რვაზე მანდ ვიქნები ზუსტად და აღარ დაგირეკავ, პირდაპირ ჩამოდი. - ჯიგარი ხარ. - გაეცინა ნიტასაც. ზუსტად რვა საათზე გოგონა სადარბაზოში გამოჩნდა. გაეღიმა ენდის, იცოდა წინ მთელი ამბები ელოდა და მანქანიდან დინჯად გადმოვიდა. ნიტა ფეხსაცმლის ყურებით იყო გართული, თავი ასწია და ენდი რომ დაინახა ხესავით გაშეშდა. - შენ აქ რა გინდა? - როგორ ხარ ნიტა? - აქ რა გინდა-მეთქი? - ჩაჯექი მანქანაში და მშვიდად წყნარად ვილაპარაკოთ, აგიხსნი რატომ მოვედი მე. - მოიცა, ერეკლეს მაგივრად შენ მოხვედი? - ხო, ვერ გამოვუშვებდი, ადრე დამეთხოვა და ისეთი რაღაცეები გააკეთეს მუშებმა კინაღამ ჭკუიდან გადავედი, ერთი კვირით მაინც დავიხიეთ უკან. - კარგი, შეგიძლია წახვიდე, სხვას ვიპოვი ვინმეს ან დაველოდები როდის დაისვენებს ერეკლე. - მიუხედავად დაუძლეველი სურვილისა რომ წაყოლოდა მაინც თავი შეიკავა გოგონამ. - კარგი რა, დაჯექი გთხოვ, ჩემზე კარგად ვინ ერკვევა მანქანებში? - არ მაინტერესებს. - თან ცათამჯენზე მინდა დაგელაპარაკო, მშენებლობა უკვე დავიწყეთ. - გაუღიმა ბიჭმა. - არ მინ-და! - გეყოფა სიჯიუტე და ახლავე ჩაჯექი მანქანაში! - მოთმინება ამოეწურა ენდის. - შენ ყრუ ხარ? - კორპუსისკენ შეტრიალდა ნიტა. - გიყვარს არა, რომ გაძალებ... - უკვე ახლოდან მისწვდა მის სმენას და ჰაერში აფრინდა. - რას აკეთებ შე სულელო, არ მინდა წამოსვლა! - ენდის მკლავებში აფართხალდა გოგონა. - ნუ იტყუები თორემ ეგ ნიშკვა ცხვირი გაგეზრდება. - ღიმილით მიჰყავდა მანქანისკენ და თან გოგონას მოქნეულ ხელებს იგერიებდა. - დამსვი შე ველურო! - ახლავე, მოიცა, - ცალი ხელით მანქანის კარი გამოაღო და სავარძელზე დასვა ნიტა. - რას შვრები? - ხომ მითხარი დამსვიო? - ღვედი შეუკრა ენდიმ და კარი მიუკეტა. - აქ არ მითქვამს, ენდი! - დამშვიდდი. - საჭეს მიუჯდა ბიჭი. - წავალთ, მანქანას ვიყიდით და წამოვალთ. - არ მინდა, გაიგე, შენთან ერთად არ მინდა! - მე მინდა. - რა? - სუნთქვა შეეკრა გოგონას. - შენთან ყოფნა მინდა. - აუჰ, - ტაში შემოჰკრა ნიტამ. - როდიდან ბატონო ენდი? - რაც გაგიცანი იქიდან. - აა, მაგიტომ არ მცილდები ეტყობა გვერდიდან, დღე და ღამე ჩემთან ხარ! - აწი მართლა არ მოგცილდები. - თავდაჯერებულად გაიღიმა ენდიმ. - ვერ გავიგე... - გაოცებული სიტყვებს თავს ვერ აბამდა ნიტა. - სრულ ჭკუაზე ხარ? - რა მანქანა გინდა? - მერავიცი... ახლა სულ არ ვფიქრობ მაგაზე. - მაშინ მე აგირჩევ... - შენ არ ამირჩევ! - თუ მოგეწონება ჩემი არჩეული არ იყიდი? - იცინოდა ენდი. - არა! - ძაან თუ მოგეწონა? - მაინც არა! - აი, ძაან ძაან თუ... - არა-მეთქი! - უტვინო ვარ. - გულიანი სიცილი უცებ შეწყვიტა ენდიმ. - აქამდე უნდა მოვსულიყავი შენთან... სულ მაცინებ და რაღაცნაირი ხარ... - რანაირი? - ფერადი... ნიტას კვლავ შეეკრა სუნთქვა. - შენ კიდევ ეგოისტი... - მეც დავაგვიანე? - რა? - ბექამ დააგვიანა, მეც დავაგვიანე? ნიტამ პირი გააღო თანხმობის სათქმელად, მაგრამ შინაგანი ძალა არ ეყო, საკუთარ თავზე გაებრაზა და მინის მიღმა გაიხედა. ბექას უყოყმანოდ, დაუფიქრებლად უთხრა ეს სიტყვები, რამ შეაკავა ახლა? რამე უნდა ეთქვა, ასე ვერ გაჩუმდებოდა, მაგრამ ენა ვერაფრით მოატრიალა, აზრები გაეფანტა და საბოლოოდ ქაოსმა მოიცვა. - შენ საერთოდ რა შუაში ხარ? - ამოღერღა ბოლოს. - ჩვენც ხომ ვიყავით ერთად? - ეგ ტყუილი იყო. - ნამდვილად? - ვერ გავიგე? - რა ფერის მანქანა გინდა? - ღიმილით გადაიტანა თემა ენდიმ. - თავი დამანებე. - გაიბუსხა გოგონა და მინისკენ შეტრიალდა. - გვიანია ნიტა, გვიანიაა. - რას გულისხმობ გამაგებინებ? - მოტრიალდა ცნობისმოყვარედ. - უკვე წამოვედით საყიდლად და ახლა აქ ხო არ დაგანებებ თავს? - ენდი... - რა? - ნუ მეთამაშები იცოდე... - საიდან მოიტანე? - მე გაგაფრთხილე. - საჩვენებელი თითი წარბთან ერთად ასწია გოგონამ, ერთხანს უყურა თვალებში, შემდეგ კი უკან მოტოვებულ თბილისს სარკეში გახედა. საშინლად ცხელოდა რუსთავის ბაზრობაზე, თუმცა ნიტა ამას ვერ ხვდებოდა, აღტაცებული უყურებდა მანქანებს და ყველა მათგანი მოსწონდა. ენდის მოთმინება ამოეწურა, დიდ ხანს სდია უკან და საბოლოოდ თითქმის იყვირა. - ნიტა! - რა მოხდა? - შეეშინდა გოგონას. - ახლა ან აირჩიე ყველაზე ძალიან რაც მოგწონს, ან არ ვიცი ოფლი გამდის უკვე, ვერ ხედავ? - რას მოგყავდი მერე ვინ შეგეხვეწა? - რო მცოდნოდა შენი ამბავი ერეკლეს გამოვუშვებდი აუცილებლად! - წამოსცდა ბიჭს. ნიტამ თვალები მოჭუტა. - ესეიგი შეგეძლო მისი გამოშვება? - ნიტა, გთხოვ... დამაყენე საშველი და აირჩიე რამე... - მე ის მომწონს ყველაზე უფრო, ,,ინფინიტზე” მიუთითა გოგონამ. მაგრამ ძვირი ეღირება, მისვლაც არ მინდა. - ჩაილაპარაკა წყენით. - მე მივალ და ვკითხავ, რამდენი გაქვს ფული? - და როგორც კი ნიტამ თანხა დაუსახელა ღიმილით წავიდა გამყიდველისკენ. ერთხანს უცადა გოგონამ მოლაპარაკე წყვილს, საუბარი არ ესმოდა მაგრამ ენდის გამომეტყველებით უკმაყოფილო არ უნდა ყოფილიყო, ბოლოს ღიმილით მოტრიალდა და ანთებული თვალებით დაუქნია ხელი ნიტას. - ვყიდულობთ. - ეგ როგორ? - გაუკვირდა ნიტას. - აბა ჰკითხე რამდენს აფასებს? - გოგონამ კითხვით აღსავსე მზერა მიაპყრო გამყიდველს და როგორც კი მისგან ზუსტად ის თანხა გაიგო რაც მას ჰქონდა სიხარულით ჯერ ტაში შემოჰკრა, მერე თვალები მოჭუტა და ეჭვიანად ჰკითხა. - ეს ცოტა არაა ამ მანქანისთვის? - იცით, ძალიან მეჩქარება და სწრაფად მინდა გავყიდო. - გაუღიმა კაცმა. - გაფუჭებული ხომ არაა? - შეგიძლიათ ანახოთ თქვენს ნაცნობ ხელოსანს. - ენდი სერიოზულად? ანუ... ანუ ახლავე შემიძლია ყიდვა? - შეგიძლია. - ვაფშე არაფერი არ აქვს გაფუჭებული? - ძალიან უმნიშვნელოდ, პირდაპირ ჩემ ხელოსანთან მივიყვანთ, შეცვლის და ეგაა. - კარგი... - კიდევ ერთხელ მოავლო ეჭვიანი მზერა, შემდეგ მანქანისკენ წავიდა. სალონში ჩაჯდა და თითქმის დაიყვირა. - ვყიდულობ ენდი, ახლავე... ჩქარა, ჩქარა! წინ ენდი მიდიოდა, უკან ნიტა მიყვებოდა, დაძაბული იჯდა ეს ციცქნა გოგო ამხელა ჯიპში და თვალებს სასაცილოდ აცეცებდა. მთელი გზა სარკეში უყურებდა ენდი და დროდადრო გულიანად იცინოდა, მშვიდობით ჩავიდნენ თბილისში, ხელოსნამდე მივიდნენ და შემდეგ ნიტა ისევ ენდისთან გადმოჯდა. - ენდი... - რა იყო? - რამე არ უქნას ჩემს მანქანას... - რა უნდა უქნას გოგო, ვიცნობ მეთქი, გააკეთებს კარგად, ზეგ მოვალთ და წავიყვანთ. - ხომ აკეთებენ ასე, კარგ ნაწილებს აცლიან და ცუდებს უდგავენ... - ნერვიულობდა გოგონა. - ნიტა, დამშვიდდი და მოეშვი. არ მენდობი თუ რა ხდება? - არც შენ გენდობი და არც იმ შენს ხელოსანს! - დიდი მადლობა! - ბრაზით საჭე კინაღამ მოგლიჯა ენდიმ. - არაფრის... - ცხვირი ასწია გოგონამ. - არ გშია? - ძალიან... - რესტორანში წავიდეთ... - კარგი რა, ამოვიდა ყელში ეს რესტორანი, მოდი ,,მაკდონალდში” წავიდეთ... - გიყვარს? - შემიძლია ყველაფერი ვჭამო რაც კი იქ აქვთ. მაგრამ ორმაგ ,,ჩიზბურგერს” არაფერი მირჩევნია. - კარგი. - გაიღიმა ენდიმ. - მაშინ ,,დრაივში” შევალ. - და მერე სად ვჭამ? - სახლში შენთან. - არც იოცნებო, მე შენ არ შეგრიგებულვარ. - ნიტა ცოტა ხნის წინ ძალიან სერიოზული მანქანა დაგათრევინე თუ გახსოვს! - მერე რატომ მაყვედრი? - არ გაყვედრი, უბრალოდ მინდა გაითვალისწინო. - ან რას ნიშნავს დამათრევინე? - რა გგონია, მართლა ასე ცოტა ღირდა ეგ ,,ინფინიტი”? - ენდიმ ენაზე იკბინა. - აბა? - ბიჭი დუმდა. - ენდი რას ნიშნავს რაც ახლა თქვი, ანუ რა? - არაფერი, ვევაჭრე ამდენი ხანი, გავიქაფე, დავიღალე და შენ არც კი მირიგდები! - ამიტომ გადაიღალე მერე ასე ძაან? შესარიგებლად გააკეთე ეს ყველაფერი? - არა, ბაზრობაზე ამ სიცხეში სიარული ძაან მერომანტიულებოდა. - გააჩერე მანქანა! - არ დაიწყო ახლა... - გა-ა-ჩე-რე! - არა! - ენდი ნუ შემშლი ახლა ჭკუიდან, გააჩერე! - ა-რა, მორჩა, თუ გინდა მთელი გზა იკივლე, მაინც არ ჩამოგსვავ ახლა აქ! - როგორ მძულხარ! - უსუსურად მომუშტა ნიტამ ხელები, ენდის კმაყოფილად გაეღიმა. დილით ადრე გადაწყვიტა თვითონ წასულიყო სახელოსნოში და ენდისთვის არ დაეცადა, ცხრა საათი იქნებოდა, იქ რომ მივიდა. - გამარჯობა, - თავი დაუქნია შუა ხნის კაცს. - აბა როგორაა საქმე? - თქვენ ,,ინფინიტი” არა? - დიახ, მე და ენდი ვიყავით ერთად. - სადაა თავად? - არ ეცალა, მე წავიყვან ჩემს მანქანას. - ღიმილით დაუკონკრეტა გოგონამ. - არ გამოვა. - როგორ? - წარბები ასწია ნიტამ. - ენდის გარეშე ვერ გაგატანთ. ასე დამიბარა. - ტელეფონი მოიმარჯვა კაცმა. - უკაცრავად, მაგრამ მანქანა ჩემია, აქ ერთად მოვიყვანეთ და საბუთებსაც გაჩვენებთ ახლავე. - ვერ გაგატან გოგონა, ენდის ვკითხავ ჯერ. აი, გავიდა. - ღმერთო. - თვალები აატრიალა ნიტამ და დაელოდა. ენდიმ მალევე უპასუხა, კაცმა ჰკითხა რა ექნა, შემდეგ კი თავის ქნევით გათიშა ტელეფონი. - ხომ გითხარით, ვერ გაგატანთ, მოვა და ერთად წაიყვანთ. - რა? - აღშფოთებისგან აღმოხდა ნიტას. - მანქანა ჩემია მოხუცო, ჩემი! რა არის გაუგებარი რომ მისი წაყვანა მინდა? იცით რა? - გაცხარდა ბოლოს. - ახლავე ვრეკავ პოლიციაში, ახლავე! - დარეკეთ, სანამ ისინი მოვლენ, მანამ ენდიც მოვა. - გაიღიმა კაცმა, ნიტას ტვინში სისხლი მოაწვა. ხმაურზე თანამშრომლებიც მოვიდნენ და იკითხეს რაში იყო საქმე. - არაფერი ისეთი. - უპასუხა კაცმა და ნიტა სულ შეიშალა. - არაფერი? ჩემს მანქანას სახლში არ მატანს, გაგიგიათ ასეთი რამ ან სადმე გინახავთ? ჩემია მანქანა ჩემი, ეს კი გაიძახის ენდის გარეშე არ გაგატანო, ანუ უნდა ველოდო ახლა მე აქ როდის ინებებს ბატონი ენდი მობრძანებას და როდის დაგვრთავს ნებას? - დამშვიდდით ქალბატონო, წყალს მოგიტანთ. - წყალი რა ჯანდაბად მინდა? ჩემი მანქანა მინდა მე საქმეები მაქვს უამრავი, სააგენტოში... - ნიტას ყვირილი ტელეფონის ზარმა გააწყვეტინა. უცხო ნომერი იყო. - გისმენთ... - ქალბატონო ნიტა გამარჯობა, უკაცრავად რომ გაწუხებთ, გურამი ვარ, მანქანა იყიდეთ ჩემგან. - აა, დიახ გურამ, გისმენთ, რა ხდება? - აქ მარტო თქვენი ნომერი იყო მითითებული თორემ არ შეგაწუხებდით, ბატონ ენდისთან მინდა დაკავშირება. - ნიტას საეჭვოდ ეჩვენა ყველა მასთან რომ ცდილობდა დაკავშირებას და ხმა მაშინვე დაიტკბილა. - იცით, მითხრა ენდიმ რომ შეიძლებოდა დაგერეკათ და მთხოვა ჩემთვის გეთქვათ სათქმელი. - არა, არა, მირჩევნია მას დაველაპარაკო... - კარგით რა, ენდიმ ყველაფერი მითხრა. - იცრუა გამოტეხვის მიზნით. - ნამდვილად? - აბა რა, ჩვენ მალე ვქორწინდებით და ერთმანეთს არაფერს ვუმალავთ, ან ეგ რა დასამალი იყო. - გაიცინა და პასუხის მოლოდინში გაიტრუნა. - კარგით მაშინ უთხარით რომ ის ანგარიშის ნომერი, რომელიც ვითხარი, გაუქმებული მქონია და დანარჩენი თანხა, მესიჯით მოგწერთ და იქ გადმომიგზავნოს. - ნიტამ რამდენიმე წამს ვერაფერი თქვა. - შემახსენეთ რამდენია? - სიბრაზისგან სახე აელეწა როცა გაიგო, რომ ენდიმ ნახევარი თანხის ზემოდან დამატება შესთავაზა კაცს. - გასაგებია. - თქვა ბოლოს. -აუცილებლად ჩაგირიცხავთ დღესვე. აპარტი გათიშა და ცოტა ხანს ეკრანს მიაშტერდა, ცდილობდა კარგად გადაეხარშა მომხდარი. რა გამოდიოდა? რაც ნიტამ მანქანაში გადაიხადა, სინამდვილეში თურმე ორმაგი ღირდა. ენდის ასეთი საქციელები უკვე ყელში ამოუვიდა გოგონას, ეს საზღვარი იყო, რომელიც ბიჭმა უკითხავად გადაკვეთა. - წყალი ქალბატონო. - მოესმა უკნიდან. - არ მინდა... ცოტა ხნით სკამზე ჩამოჯდა. ელოდებოდა ენდი როდის მოვიდოდა და ოცნებაში ბიჭს თავზე სამყაროს ამხობდა. - აბა, როგორაა საქმე? - მოესმა მისი ხმა და თავი ასწია. - გელოდებათ. - ნიტაზე მიანიშნა კაცმა. ენდიმ ღიმილით გამოიხედა, თუმცა წამში შეეცვალა სახე. - როგორ ხარ? - ახლა შეიძლება წავიყვანო ჩემი კუთვნილი მანქანა? - გადახედა ხელოსანს. - კი ბატონო, ვინ დაგიშალათ. - დასცინა მოხუცმა. - შენს ასაკს უმადლოდე მოხუცო, - სიბრაზით დააკვესა თვალები ნიტამ. - თორემ მაგ ორმოში ჩაგაყუდებდი ამ სიტყვების გამო ახლა! - ნიტა, რა ხდება? გოგონას ზედ არც შეუხედავს ისე გამოართვა კაცს გასაღები და საჭეს მიუჯდა. ენდი მთლად დაიბნა. - სად მიდიხარ გოგო, მოიცადე ერთ წამს. - ნიტამ მანქანა დაქოქა და მინები ბოლომდე ასწია. - რა დაგემართა რა ხასიათზე ხარ? - მისკენ წავიდა ენდი და გოგომ ახლა ყველა კარი ჩაკეტა. - არ დაძრა იცოდე მანქანა, გააღე კარი ნიტა! - გოგონამ ნელა გაიყვანა მანქანა შენობიდან, გამოდევნებულ ენდის მკვლელი მზერა ესროლა და გიჟივით მოსწყდა ადგილს. - სულელი, უტვინო, არანორმალური... - ლანძღავდა უკვე ხმამაღლა. - მე შენ გაჩვენებ ენდი ქავთარაძე, დავალებული გინდა ვიყო შენგან, არა? გგონია გადაიხდი ფულს და მერე დამაყვედრი აი, რა სიკეთე ჩავიდინეო, მე შენ განახებ როგორ უნდა ჩემი გაცურება... გაჩვენებ... - ტელეფონი ამოიღო ნიტამ და მდივანს დაურეკა. ღამდებოდა კაკუნი რომ მოესმა. უკვე იცოდა ვინც იყო და წარბაწეულმა გამოაღო კარი. თვალები მოეჭუტა ენდის, ძირს იყურებოდა და სიგარეტს ეწეოდა. - სულ გაბრაზებ არა? - რატომ მოხვედი? - ისე მიყვარს შენი გაბრაზება რომ აი, აზრზე არა ხარ. - გაიცინა ბიჭმა და ისევ დახარა თავი. - მთვრალი ხარ? - ცოტა. - ორი ერთმანეთთან დაახლოებული თითით აუხსნა ბიჭმა. - არ მინდა შენთან ლაპარაკი ენდი. - ვიცი, რომ იცი, და სულ ტყუილად გგონია რომ ამით შენს მომადლიერებას ვცდილობ. - აბა რატომ მოიქეცი ასე, რატომ მომატყუე? - დავიღალე ბაზრობაზე წოწიალით. - გაიცინა ისევ. - რატომ მოხვედი ენდი, ახლა, აქ და საერთოდ, რა გინდა, იცი? - ვიცი. - თავი დაუქნია მან. - მე კი მგონია რომ სადღაც, ორ მხარეს შორის ხარ დაკარგული და ვერ გაგირკვევია რა გინდა. - გავარკვიე, იცი როდის გავარკვიე? თავი ასწია და თვალებში შეხედა გოგონას. - იმ რამდენიმე წამში, ბექასთვის თანხმობის თქმა რომ დააპირე... - არ დამიპირებია... - დააპირე... - და რას მიხვდი რა გაარკვიე? - ის, რომ შენს გვერდით სხვისი ნახვა არ მინდა. - მოგიწევს! - რა? - დიდხანს ვიფიქრე და გადავწყვიტე რომ ბექა სწორად ის ადამიანია, ვინც მე მჭირდება, მთელი ცხოვრებაა ვუყვარვარ ისეთი, როგორიც ვარ! და იცი რა? მე ზუსტად ასეთი, სანდო, ერთგული და დასაყრდნობი ადამიანი მინდა იყოს ჩემი ქმარი. - მაგრამ არის ერთი პაწაწუნა, - ენდიმ თითებით ანიშნა გოგონას. - საყვარელი პროლემა. - გაიცინა ნიშნისმოგებით. - შენ მე გიყვარვარ! ნიტა გაშრა, ზოგადად ენდისთან დაკავშირებით ძალიან უფრთხოდა ამ სიტყვას, სულ ცდილობდა გვერდი აეარა და ამაზე არ ეფიქრა, ახლა კი ბიჭმა პირდაპირ, მოულოდნელად მიახალა ფაქტი და გოგონამ ფერი დაკარგა. - დამშვიდდი, არავის ვეტყვი. - აჩურჩულდა ენდი, ცოტა ხანს უყურა ნიტამ და შემდეგ გულიანი სიცილი მორთო, სინამდვილეში ეს სიმწრის სიცილი იყო, მაგრამ ენდის მაინც გაუქრო სახიდან კმაყოფილება. - რა სასაცილოა ღმერთო, - ცრემლებს იწმენდდა ნიტა. - შენ გგონია რომ მე, - გოგონამ თითი მიიდო გულთან, - მიყვარხარ შენ? - შენ თვითონ არ უთხარი ბექას? - ვუთხარი, იმის გასააზრებლად რომ მიმხვდარიყო ჩემთან შანსი აღარ ჰქონდა. მაგრამ ხომ ხედავ როგორ დამიტრიალდა ყველაფერი? - ეს ტყუილებიც იმას მოუყევი, მე მაგაზე არ დავხურდავდები! - გაცხარდა ბიჭი. - რაც გინდა ის ქენი, სულ ერთია. - კარის მიკეტვა დააპირა ნიტამ მაგრამ უცებ შედგა. - ხო მართლა, დარჩენილი თანხა უკვე გადავურიცხე გურამს და არ იდარდო ამაზე. - რა ქენი? - კარგად იყავი. - და კარი ცხვირწინ მიუჯახუნა. რაც დრო გადიოდა ნიტას კმაყოფილებას სევდა ცვლიდა, რა უნდოდა ვეღარ გაეგო, იცოდა ბექაზე მართალს ამბობდა, მაგრამ თავს ვერაფერი მოუხერხა რომ მასზე ისევ ეფიქრა. ენდი იყო ის ადამიანი ვინც მართლა შეუყვარდა, საბოლოოდ, გულწრფელად, უყვარდა მასთან ჩხუბი, მისი გაბრაზება, სიჯიუტე, ურჩობა... ისეთი უყვარდა, როგორიც იყო, თავისი სიძლიერეებით და ნაკლოვანებებით, მისი ტყუილები და მაიმუნობებიც უყვარდა, უბრალოდ ნიტასთვის, როგორც პიროვნებისთვის შეურაცხმყოფელი და მიუღებელი იყო ბიჭის საქციელები. რაც მასში მოსწონდა სწორად ის სტკენდა გულს და ამიტომ იყო საგონებელში ჩავარდნილი. რა იყო ნიტასთვის ურთიერთობა, მთავარი ღირებულებები და ოჯახი? - ურთიერთ პატივისცემა, ნდობა, დათმობა და სიყვარული. მაშინ რა აკავებდა ენდისთან? - ამ თვისებას სიამაყე ერქვა, რომელიც არ აძლევდა საშუალებას ყოფილიყო მის გვერდით არასრულყოფილი ადამიანი. ნიტამ მოაჯირს დააყრდნო ხელები და მტკვარს ჩახედა. მის გვერდით მოხუცი ბებო იჯდა და ლიმონს ყიდდა. კარგად დააკვირდა ნიტა მის სახეს, დიდი, წყლიანი თვალები ჰქონდა ქალს, წამდაუწუმ ცხვირსახოცს იღებდა და ცხვირს იწმენდდა. ნიტას ისეთი გრძნობა დაეუფლა, რომ ეს ბებოს ჩვევა იყო, თითქოს მთელი ცხოვრება ამას აკეთებდა. მის ყველა ნაოჭს ალბათ თავისი ისტორია ჰქონდა, თითოეული მათგანი ცხოვრების იმედგაცრუებას, ტკივილს ყვებოდა, მაგრამ თვალები... დიდი, წყლიანი თვალები... მათში ნიტამ სასოწარკვეთა დაინახა. - ლიმონი გინდა ნენა? - გაუღიმა ქალმა. - პასუხები უფრო მინდა ბებო. - თავი დახარა ნიტამ. - ეჰ, მაგას ვინ გეტყვის, - ამოიოხრა ქალმა. - პასუხებს რომ სხვებში ვეძებდი კი ვზივარ აგერ აქ... - აბა რა ვქნა ბებო? - ცხოვრება ჩქარია ნენა, ჩქარი, ჯერ კიდევ გუშინ, რუსეთში ვიყავი, თბილად, შვილიშვილებთან ერთად, დღეს კიდე აქ ვზივარ... სიცივეში, უკვე რაღა აზრი აქ, აქ ვიჯდები თუ იქ ვიწვები, სადაც ჩემი შვილი წევს უბედური... - ცხვირსახოცი ამოიღო კვლავ ქალმა და თავი ჩახარა. ნიტას ცრემლები მოერია, თავი დამნაშავედ იგრძნო რომ ძალაუნებურად მისი ტკივილი ზედაპირზე კვლავ ამოატივტივა და ჯიბეები მოიქექა. - ერთი კილო მომეცი ბებო. - ახლავე... ახლავე ნენა გენაცვალოს, ჩემი შვილიშვილის ხელა ხარ, დაგლოცოს უფალმა... თავი დაუქნია და დამძიმებული გამობრუნდა სახლისკენ. - ერთი იცოდე ნენა... - გაუღიმა ქალმა უკან მოტრიალებულ ნიტას. - სრულყოფილება არ არსებობს, ყველა ადამიანი უნდა მიიღო ისეთი, როგორიც სინამდვილეშია... გული გეტყვის ნენა, გული... სხვა ვერავინ გიპასუხებს მაგაზე, ვერა... ნიტამ ისევ დაუქნია თავი და გზა გააგრძელა. ახლა ზუსტად ლიმნიანი ჩაი უნდოდა, სიწყნარე, სიმშვიდე და ჩაი... პლედი აიღო და აივანზე გავიდა. ზაფხულის წვიმა ჭექა-ქუხილის თანხლებით... როგორ უყვარდა, მიუხედავად ყველაფრისა დაკლაკნილი, სივრცეში ჩაკარგული ნათების ყურება მაინც დიდ სიამოვნებას ჰგვრიდა. ხარბად შეისუნთქა წვიმის სურნელით გაჟღენთილი ჰაერი და ჩაი მოსვა. რადენიმე შეტყობინება ერთად მოუვიდა, მაგრამ ტელეფონს არც კი დახედა, მოკლე ზარები ისევ გაგრძელდა, მერე კიდევ და აღარ და აღარ გაჩერდა. გაოცებულმა აიღო აპარატი ხელში, თექვსმეტი შეტყობინება, სულ სხვადასხვა ნომრიდან. ღიმილით ჩამოყვა თითოეულს და სიცილი აუვარდა. ყველაში ერთიდაიგვივე ტექსტი ეწერა. - ,,ანას - ბექა, ბექას - ნიტა, ნიტას ენდი უუყვარს!” მთელი საათი გრძელდებოდა შეტყობინებები და ბოლოს ნელ-ნელა შეწყდა. უკვე აღარ ბრაზობდა ნიტა, პირიქით, სიამოვნებდა და ერთობოდა. დილით ისევ მოვიდა უწყვეტი მესიჯების წყება. ცალი თვალი გაახილა და პირველივე შეტყობინება გახსნა. ,,შეურიგდი ენდის!” - იწერებოდა პირველი უცხო ნომერი. ,,შეურიგდი ენდის” - იყო მეორე და ასე ყველა ერთსადაიმავე ტექსტს შეიცავდა. - რა სულელია. - გადატრიალდა გაღიმებული სახით. - არაფერსაც არ შევურიგდები, ვნახოთ კიდევ რას მოიფიქრებს... შეტყობინები მთელი დღე გრძელდებოდა და ნიტას უკვე ნერვები ეშლებოდა, მანამდე მისი სახლის წინ გამოკრულ აბრაზეც ეწერა ,,შეურიგდი ენდის!”, ერთერთ ბილბორდზეც, რომელიც გზაში დაინახა და მისი სააგენტოს თავზე განთავსებულ სარეკლამო ბანერზეც. გოგონას უკვე ნერვოზი დაემართა. დღის ბოლოს კი სოციალური ქსელი რომ შეამოწმა და გვერდის მოწონების მოთხოვნა მიიღო სახელწოდებით ,,თიმ ენდი” - ტელეფონი სულ გათიშა. დიდხანს იტრიალდა და ბოლოს მზერა ჭერს გაუსწორა. ,,შეურიგდი ენდის!” - ეწერა დიდი ასოებით და თვალები ბრაზისგან და გაოცებისგან ერთდროულად დააჭყიტა. - მოვკლავ, გესმით? აუცილებლად მოვკლავ! ბევრი იწვალა, რა არ დადგა საწოლზე რომ პოსტერს მიმწვდარიყო, პატარა სკამი, პუფი, ბალიშები, მაგრამ შედეგად ახორხლილი წიგნების დაცურება და იატაკზე ზღართანი მიიღო. - ახლა მართლა მოვკლავ... - ჩაიბურდღუნა და ნატკენი ფეხი დამანჭული სახით დაიზილა. - მოვკლავ... შუადღე იყო მისი ტელეფონი რომ აწკრიალდა, ნომერი ეცნო, მაგრამ ვერ გაიხსენა. - გისმენთ! - გამარჯობა ნიტა. - გოგონამ თავში ხელები დაიშინა ანას ხმა რომ გაიგო. - მაპატიე ანა, ახლა არ მცალია. - ნიტა გრყოფა რა, - გაღიზიანდა გოგო. - მშვენივრად ვიცი რომ გცალია და თავს მარიდებ უბრალოდ. - ხო? საინტერესოა რატომ? - უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, კმაყოფილი ხარ? - ვერ გავიგე? - კმაყოფილი ხარ ბექას ამ მდგომარეობით? - არ მესმის რაზე მელაპარაკები, ბექას სჭირს რამე? - არც კი მოგიკითხავს არა? მიიყვანე იქამდე რომ ცოლობა გთხოვა და ვსიო, ნა*უი, რაღაში გაინტერესებს რომ ცუდადაა! - ანა, - ღრმად ჩაისუნთქა ნიტამ. - კარგი მოთმინების უნარი მაქვს, მაგრამ თუ ამომეწურა უკონტროლო ვხდები, ასე რომ მოეშვი ჩემს გაკრიტიკებას და მითხარი რა მოუვიდა ბექას? - რა მოუვიდა... - გამოაჯავრა ანამ. - იმ დღის შემდეგ სულ აურია, სახლში ჩაიკეტა და აღარავის ეკონტაქტება, არავის ნახვა არ უნდა, ნეტავ განახა რა დღეშია, სვავს, ეწევა, სამსახურში არ დადის... - კაი... - რა კაი? - ვნახავ და დაველაპარაკები. - შენ გააფრინე? ისევ მიეცემა რამის იმედი და მერე შენ... - ჩემი საქმის მე ვიცი... - მობეზრებულად გათიშა ტელეფონი. ბექას ნომერი აკრიფა და დიდხანს ელოდა, არ უპასუხა, ცოტა ხანში კიდევ დარეკა. - რა გინდა? - უხეში იყო ტუღუშის პასუხი. - შენი ნახვა და დალაპარაკება. - ოჰო, რაო რა ხდება, ხომ არ გადაიფიქრე? - შეგიძლია მნახო დაახლოებით ერთ საათში? - სად? - არ ვიცი... სადმე. - ჩემი კორპუსის ქვემოთ რომ კაფეა იქ დაგელოდები. - კარგი... - კარგი... მიდიოდა და ფეხები უკან რჩებოდა. სინამდვილეში სულაც არ უნდოდა ბექას ნახვა, უბრალოდ თავს დამნაშავედ და ვალდებულად თვლიდა. შემინული შენობის მიღმა დაინახა ტუღუში და გულში რაღაცამ უბწკინა, ჩაშავებული, ამოღამებული, უარყოფილი თვალები ჰქონდა ბექას, შავი, მოშვებული წვერი გამხდარ სახეზე. ვერასდროს წარმოედგინა მისი ასეთ მდგომარეობაში ნახვა, თანაც თავის გამო. მძიმე ნაბიჯებით შევიდა და მაგიდას მიუახლოვდა. - დაჯექი. - სკამზე მიანიშნა ლურჯი თვალებით. - როგორ ხარ? - იცოდა ეს კითხვა არ უნდა დაესვა მაგრამ, ფორმალობას ვერ გაექცა. ბექას ტუჩის კუთხე ჩაეკეცა. - უკეთესად წარმოუდგენელია. შენ როგორ ხარ? - რა ვიცი... არც ისე კარგად... - ვა, რატო? - რა დღეში ხარ ბექა? - კითხულობ კიდეც? - ეს რა გჭირს, რა დამართე შენს თავს? - ვეღარ მოითმინა ნიტამ. - მე დავმართე არა? - სწორად რომ შენ, რა გგონია, რისთვის მოვედი, რომ შეგიცოდო? ოი, პატარა, საწყალი ბიჭუნა რომელსაც იმედი გაუცრუეს, უარყვეს, რაღა გეშველება ახლა? როგორ უნდა იცხოვრო, ეს რა საშინელება დაგმართნია... - ნიტა! - გამოფხიზლდი, გასაგებია? ცხოვრება ჩემით არც დაგიწყია და ვერც დაამთავრებ, რა საშინელებაა რას დამსგავსებიხარ, სვავ, ეწევი, სამსახურში არ დადიხარ... - ახლავე შეწყვიტე! - მე ასეთი ტუღუში არ ვიცი გესმის? არასდროს მინახავს და არც მინდა მეტად ნახვა, რა გჭირს ბოლოსდაბოლოს, დეპრესია გაქვს? - ნიტა-მეთქი! - იმეორე ახლა, ნიტა, ნიტა... რა გინდა აბა, შეგიცოდო? თავი დავიდანაშაულო? სანამ აქ მოვიდოდი ვგრძნობდი კიდეც ასე, მაგრამ ახლა აღარ, მე არ ვარ დამნაშავე იმაში რაც ჩემზე დამოკიდებული არაა, ვერ შეგიყვარე გესმის? ვერა! ახლა შეგიძლია დაჯდე და იტირო რა უსამართლოა ეს ცხოვრება, რომ არ გიმართლებს და ყველაფერი სხვების ბრალია, მაგრამ ამ ზომამდე რომ მიხვედი, ეს მხოლოდ შენი დამსახურებაა. მე ბევრჯერ დავეცი, არავის მოუშველებია ხელი მაგრამ მაინც ავდექი და ისე მყარად დავდექი ფეხზე რომ ვეღარაფერი დამაგდებსდა თუ მაინც დავვარდი, ისევ წამოვდგები. თანაც ამჯერად უფრო მარტივად, უფრო ძლიერად გესმის? იმიტომ, რომ მე ძლიერი ვარ, აი შენ კი სუსტი, დეპრესიული, უკონტროლო და უნიათო! - საკმარისია ნიტა! - ისე დაიყვირა ტუღუშმა ყველამ მას გადმოხედა. - საკმარისია ჩემი დამცირება, გეყოფა! - იმას ვამბობ რაც რეალურადაა და თუ შენ ეს დამცირებად მიგაჩნია მაშინ კარგია, როგორც ჩანს აზროვნების უნარი ჯერ კიდევ შემოგრჩა. - წავედი! - წადი... - მე შენგან ეს სიტყვები არ დამიმსახურებია იცოდე! - შეიძლება, მაგრამ ჩემ გარდა არავინ გეტყოდა ამ სიმართლეს. ყველა ჩვენი უბედურება აქედან მოდის. - თითით ტვინზე მიანიშნა ნიტამ. - ახლა წადი... ცოტა ხანს კიდევ იჯდა, მიმტანი უკვე მერამდენედ მოვიდა მაგიდასთან და ნერვები მოეშალა. - შეუკვეთავთ რამეს ბოლოსდაბოლოს? - კი, თქვენს თავს ლანგრით მორთმეულს. - გაუცინა ერთწამიანი ღიმილით და წამოდგა. ,,ჩაი” მაგიდაზე დატოვა, მძიმედ გამოაღო შემინული კარი და ახმაურებულ ქალაქს გადახედა. ისევ ატკინა, ახლა ალბათ უარესად და საბოლოოდ, მაგრამ ძალიან ძლიერად. ახსოვს, როდესაც პატარა იყო და რამეს იტკენდა, ეკას არასდროს აყავდა ხელში და არ ეფერებოდა. ნელ-ნელა თითქოს მიაჩვია გოგონა რომ თავისით გამკლავებოდა ყველანაირ განსაცდელს და სხვისი შეცოდების და დახმარების იმედი აღარ ჰქონოდა. რამდენჯერ უნატრია დედა ამ დროს... ნიტამ ინსტიქტურად ცას ახედა. - ნეტავ მენახე მაინც... - ჩაილაპარაკა და ყველა შინაგანი ირგანო აეწვა. - ნეტავ მახსოვდე... მეორე დღეს სააგენტოდან გამოსულს ქეთა და მაკო შეხვდნენ. ახლა სულ არ იყო მათ ხასიათზე და სახე მოეღრუბლა. - რამე მოხდა ნიტა? - ჰკითხეს თითქმის ერთდროულად. - ხო... რაღაც ვერაა კარგად საქმე და... საით თქვენ? - ბექასთან, ბაკურიანში ვაპირებთ წასვლას, იქ თოვლი უკვე მოვიდა. რა მოხდა კი მაგრამ? - რა ვიცი, სააგენტო გაკოტრდა, - თვითონაც ვერ მიხვდა ისე თქვა. - არადა ბინა, მანქანა, ყველაფერი ამ საქმეში ჩავდე, დროზე თუ არ დავფარე ბანკი ყველაფერს დავკარგავ. - რას ამბობ, სერიოზულად? - ხო... - რა საშინელებაა ნიტა... - ხო, მაგრამ... გახსოვთ ფული რომ გასესხეთ? - მერე? - სახე შეეცვალა ორივეს. - ხოდა იქნებ დამიბრუნოთ, ნუ ყოველშემთხვევაში რისი საშუალებაც გაქვთ... - ვაიმე ნიტა... არ ვიცი... სწავლის ფულიც ახალი გადახდილი გვაქვს... - მე წავალ, - თქვა ნიტამ. - თუ რამის საშუალება გექნებათ, რაც არ უნდა პატარა თანხა იყოს მაინც გამომადგება ხომ იცით? - კი, რასაკვირველია... - კარგით, დროებით... - კარგად. ცუდი ამბები სწრაფად ვრცელდება, თითქმის ყველამ გაიგო ნიტას ამბავი, გაიგეს ისიც, რომ დახმარება სჭირდებოდა, მაგრამ მისი ტელეფონი, სულ რომ წკრიალებდა ახლა სამარესავით დუმდა. რამდენიმე კვირა გავიდა, არავინ შეხმიანებია ნიტას, ყველაზე მეტად მაინც ენდისი უკვირდა, თითქოს მისთვის სულერთი უნდა ყოფილიყო ნიტას მდგომარეობა, მაგრამ ერთხელაც არ დაურეკავს. იქნებ მისგან ელოდა ახლა უკვე ნაბიჯს? მისგან ელოდა დახმარების თხოვნას? - არა, რა თქმა უნდა. ეს რანაირი სიყვარული იყო, ყველა წესით უნდა მოსულიყო როგორც კი გაიგებდა. იქნებ არ გაუგია? - ამართლებდა შინაგანი ხმა, მაგრამ უკვე ყველაფერი სულერთი ხდებოდა. ადამიანები, ვისაც ნიტა ხელს უმართავდა როგორც შეეძლო, გაქრნენ, თითქოს მიწამ პირი დააღო და ყველა ერთიანად ჩაყლაპა. ისევ მარტო დარჩა, ისევ ცარიელი ოთახები, არანაირი კომუნიკაცია და ტკივილი, ახლა უკვე ორმაგად. ცხოვრებამ ბუმერანგივით დაუტრიალა ის შეგრძნება, რაც ალბათ ნიტამ ბექას გამოაცდევინა. სიმატოვე, უძლურება, ქაოტური ფიქრები და ცრემლები ძილის წინ... ახალი წელი ისე მოვიდა ვერ გაიგო, ოცდაათში მაღაზიები დაიარა, ცოტა გული გადააყოლა, საჩუქრები უყიდა ყველას ვისაც კი იცნობდა და ფოსტაში მივიდა. თითოეულ მათგანში ჩადო პატარა წერილი და შედარებით დამსუბუქებული გამოვიდა. ყველასთვის იყო საჩუქარი, ენდის და ბექას გარდა. არ იცის რატომ, მაგრამ უბრალოდ ასე გადაწყვიტა. შენობიდან გამოსულს წითელვარდებიანი ბიჭი დახვდა, ალბათ ასი იქნებოდა, თვალის ერთი შევლებით ასე ჩანდა. ნიტას სიხარულისგან სუნთქვა შეეკრა. - ეს თქვენ. - მადლობა, ვისგანაა? - ვარდებს უსუნა და წერილის ძებნა დაიწყო. - არ ვიცი. - გაუღიმა ბიჭმა და წავიდა. ღიმილით გააგრძელა გზა, რამდენიმე ნაბიჯი არ ჰქონდა გადადგმული რომ ახლა მეორე ბიჭი დახვდა, ამჯერად მას ქრიზანთემები ეჭირა. - ეს თქვენ. - ესეც? და ვისგანაა? - ცალი ხელით ძლივს გამოართვა ნიტამ. - არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა მანაც. მანქანისკენ წასულს შროშანებისთაიგულიანმა ბიჭმა გადაუჭრა გზა. - ეს თქვენ. - ახლა გავგიჟდები... - მესამეც როგორღაც დაიტია მაგრამ ბიჭები და თაიგულები კიდევ არ წყდებოდა. - შეგიძლიათ დამეხმაროთ? - სთხოვა ერთერთ მათგანს. - მანქანის კარი გამოაღეთ, უკანა კარი თუშეიძლება... თხუთმეტი წუთის განმავლობაში ყვავილებს მანქანაში რასაც ჰქვია ტენიდა და ტენიდა. თაიგულებმა ყველა ადგილი დაიკავეს საბარგულის ჩათვლით, საჭის მხრიდან მიაწვა რომ რამენაირად თვითონაც დამჯდარიყო და უეცრად ნაცნობი ხმა გაიგონა. - დამდეგს გილოცავ ნიტა! - ბექა იყო, წვერგაპარსული, მომატებული, დამშვიდებული სახით, სოლიდურ მანტოში გამოწყობილიყო და უღიმოდა. - მადლობა... - თვითონაც არ იცის როგორ ეყო ძალა ამის სათქმელად. ტკივილის ძლიერმა ტალღამ დაუარა მისი ყველა ორგანოს, გული ალბათ რამდენიმე წამს ვეღარც ფეთქავდა. არა, არა და არა... რატომ ბექა, რატომ, რატომ ის და არა ენდი? - მაღაზიაში დაგინახე და გამოგყევი. საჩუქრები დაარიგე? - ხო... - საინტერესოა მე რა გამომიგზავნე? - გაუღიმა ბექამ. - იმედგაცრუება. - სევდიანად გაუღიმა ნიტამაც. - ამუშავდა სააგენტო? - ის არც გაჩერებულა... მეტი ემოციების შეკავება ვეღარ შეძლო, ცრემლები ძლიერად აწვებოდა ყელში, ბექას რომ არ დაენახა სწრაფად მიუჯდა საჭეს და დაძრა მანქანა. მლაშე სითხემ წამებში დაუფარა მხედველობა და წვეთ-წვეთად გადმოკვეთა სახის ყოველი ნაკვთი. მოეჩვენა რომ გულსაც გაუჩნდა პატარა ნაოჭი სადღაც შიგნით, ღრმად... ყველა სულში დაგროვილი ემოცია ერთად მიაწვა მის სხეულს და გარეთ გამოსასვლელი გზა ცრემლების სახით იპოვა. თითოეული მათგანი მთელი ცხოვრების, ყველა შემხვედრი ადამიანის ისტორიასა და დაკარგვას ყვებოდა. გონს რომ მოვიდა სახლთან იყო გაჩერებული, აკანკალებულ ხელებს ვეღარ იმორჩილებდა, თავი დაადო საჭეს და უფრო მწარედ ატირდა. ეკას: არ ვიცი, შეიძლება არც გაგიგია ჩემი ამბავი და ვერაფერს მოგთხოვ, მაგრამ მე უბრალოდ მოკითხვა მჭირდებოდა შენგან... ყველაფრისთვის დიდი მადლობა ეკა, ალბათ სხვისი შვილის გაზრდა, თან ჩემნაირის ძალიან რთული იყო, ამიტომ შენი ორმაგად მადლიერი ვარ. ეს კაბა... ალბათ ზუსტად არ ჰგავს ერთხელ ინტერნეტში რომ მანახე იმას, მაგრამ ვფიქრობ მოგეწონება. სიყვარულით, ნიტა. ქეთას და მაკოს: მინდოდა თქვენთვის ბომბები გამომეგზავნა მაგრამ ვერსად ვიშოვე, მერე მივხვდი რომ თქვენ უბრალოდ არაფერი მოგეთხოვებათ. ორივესთვის ერთნაირი ტელეფონი შევარჩიე, იმედი მაქვს არ მოგეწონებათ. უსიყვარულოდ, ნიტა. ანას: ბევრი ვიწვალე მაგრამ ვიშოვე, ეს კამელიებია, ძალიან ლამაზი ყვავილები, რომ დასუნავ ალბათ მიხვდები რატომ გამოგიგზავნე. - ნიტა. დანარჩენი წერილები ერთიდაიგივე შინაარსის იყო, - დამდეგს გილოცავთ! ახალ წელს სახლში შეხვედრა არ უნდოდა, ხუთი წუთი ეკლდა თორმეტს კარი რომ გადაკეტა და კიბეებს დაუყვა. სადარბაზოდან გამოსული უეცრად ვიღაცას შეეჯახა. შავ, მაღალ სილუეტს ხელში დიდი თაიგული ეკავა. ნიტა კარგად დააკვირდა და აღელვებისგან თვალები გაუფართოვდა. - ნიტა? - გოგონამ ვერაფერი თქვა. - საით? - შენ საით? - გაბრაზდა უცებ. - შენთან. - მაპატიეთ მაგრამ სახლში არ ვარ! - დავაგვიანე? - ძალიან! - უბრალოდ შენთვის დროის მოცემა მინდოდა. - დიდი მადლობა, კარგად დავფიქრდი. - ნიტა... - რა გინდა? - არ ვიცოდი რომელი ყვავილი გიყვარდა და თითქმის ყველა გუშინ გამოგიგზავნე. მერე მივხვდი რომ ყველაზე მთავარი, იასამნები გამომრჩენია. უამრავმა ფეიერვერკმა ერთად იფეთქა, წყვილმა ჯერ მაღლა აიხედა, შემდეგ ერთმანეთს შეხედა და ორივეს გაეცინა. - მრავალს დაესწარი ენდი... - შენთან ერთად ნიტა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.