შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მერვე)


4-08-2018, 19:14
ავტორი sofikela
ნანახია 2 844

გულმა გამალებით დამიწყო ცემა ჩემი უბანი და ნაცნობი სახლები რომ გამოჩნდა. რამდენიმე წუთში მთელმა ბავშვობამ თვალწინ ჩამიარა. გამახსენდა, ზაფხულის დადგომისთანავე როგორ ვჭიმავდით საგულდაგულოდ შენახულ ბადეს, ვთამაშობდით ხელბურთს, წრეშიბურთს, შვიდქვაობანას, ხანდახან იმდენი ვიყავით, დასაჯდომი ადგილიც აღარ გვყოფნიდა. წლების გასვლასთან ერთად ჩვენი რაოდენობა შემცირდა, გავიზარდეთ, ჩვენი გზა ვიპოვეთ და რატომღაც, აღარ მოვისურვეთ მშობლიურ რაიონში დაბრუნება. არადა, ადამიანები თავიანთ სახლებს უნდა უბრუნდებოდნენ-მეთქი, სულ ამას ვუმეორებდი ჩემს თავს და დღესაც დიდი იმედი მაქვს, ერთ დღეს ისევ ჩამოვალ აქ, დავრჩები და ჩემი ცოდნით რაიმე სასიკეთოს მოვუტან ყველას.
რეალობაში ჩემი სახლის დანახვამ დამაბრუნა. რეალობა სევდანარევი სიხარულით იყო სავსე. სიხარულით, ოჯახისწევრების ნახვის გამო და სევდით, სანდროსთან განშორების მოლოდინის გამო. უკვე საკუთარ თავსაც აღარ ვუმალავდი, ძალიან რომ მომწონდა ეს ბიჭი.
ბარგი გადმოვიტანეთ და მივხვდი, მასთან დამშვიდობების დრო იყო. ვეცადე სახეზე არაფერი დამტყობოდა, გულგრილად ვუსურვე კეთილი მგზავრობა, მაგრამ თავგადასავალი ისევ გაგრძელდა, როცა მამამ სანდროს წასვლის უფლება არ მისცა და ვახშამზე შემოიპატიჟა შინ.
ჩვეული იუმორით უძღვებოდა მამა სუფრას, მე კი აჩქარებული პულსითა და გაციებული ხელისგულებით ერთი ლუკმის გადაყლაპვასაც ვერ ვახერხებდი.
- ამბობენ, თუ გინდა კაცი გამოხვიდე, იმერეთში უნდა ჩამოხვიდეო - სიცილით უთხრა მამამ სანდროს.
- ნამდვილად არ ვიტყოდი ასეთ გარემოში ყოფნაზე უარს - სიცილითვე გასცა პასუხი და ხელი თმაში შეიცურა.
- ჰოდა, დარჩით და ჩემი საპატიო სტუმარი იქნებით ხვალ რთველში - შეაპარა მამამ სათქმელი.
- სიამოვნებით, მაგრამ თბილისში ბევრი საქმე მელოდება - გულისწყვეტით თქვა ბიჭმა. არ ველოდი, მამას წინადადებას რომ დათანხმდებოდა, მაგრამ მაინც დამწყდა გული, უნდა ვაღიარო.
- მაშინ მომავლისთვის დავტოვოთ დაპატიჟება ძალაში, ჩვენი კარი თქვენთვის ყოველთვის ღია იქნება .
- აუცილებლად, ერთხელაც ნამდვილად გამოვნახავ დროს და გესტუმრებით - თქვა სანდრომ და წამოდგა. ახლა კი ნამდვილად გარდაუვალი იყო მასთან დამშვიდობება.
მხოლოდ იმერული სტუმართმოყვარეობის გამო არ მივაცილე კართან, ნამდვილად მინდოდა მასთან დამშვიდობება. კიდევ ერთხელ გადავუხადეთ მადლობა გაწეული სამსახურისთვის და მანამ ვიდექით გარეთ, სანამ მისი მანქანა თვალს არ მოეფარა.
- აბა, ჩემო გოგოებო, ახლა თქვენ მომიყევით რა ხდება თქვენკენ - ისევ კარგ ხასიათზე იყო მამა.
- ძველებურად ვართ, თემური ბიძია, არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ ხდება ჯერ-ჯერობით - ღიმილითვე უპასუხა სალომემ.
- მორჩით ამ სწავლა-განათლებას და პატრონს ჩაბარდით - ისეთი სახით გვითრა ბებიაჩემმა, ერთდროულად აგვიტყდა სიცილი ყველას.
- გავცდით უკვე მაგ ასაკს ჩვენ - გამომიკეთდა ხასიათი მეც.
- სუ, მეორედ არ თქვა ეგ, გულს ნუ მიხეთქავ - აგრძელებდა დარიგებას ბებია, რომელიც 80 წელს იყო უკვე გადაცილებული, დროს კი უკვე თავისი კვალი დაეტყო მის სახესა და თმაზე.
- ახლა ვიწყებ მე ცხოვრებას, რა დროს ასაკია? - შეიცხადა ანამ და კიბის საფეხურზე ჩამოჯდა.
- ხვალ მდინარის პირას ჩავუყვეთ, იახტას ვერ შეგპირდები, მაგრამ ფიცრული ნავით იქნებ კი ჩამოიაროს ვინმემ - სიცილით ვუთხარი ანას და კიდევ ერთხელ გავუსვი ხაზი მისი იახტებისადმი ლტოლვას.
- არ მინდა, მადლობა, ჩემი პრინცი თვითონ მიპოვნის, როცა ამის დრო მოვა - თავი დაიიმედა ცისფერთვალება გოგომ, რომელიც მუდამ სიმშვიდესა და ბედნიერებას ასხივებდა.
- ჰო, მაგ იმედით იყავი, ანუკა, და შენ ხელი არ გაანძრიო - გვერდით მიუჯდა მარი.
- აბა, ცივი ყავა ვის უნდა? - მაცდური წინადადება შევთავაზე გოგოებს.
- აუუ, ძალიან მინდა, ოღონდ თქვენ გააკეთეთ და მე დედაჩემს დავურეკავ, ბავშვებს მოვიკითხავ - ენა გამომიყო ნათიამ.
- წამოდი, სოფიკო, წამოდი, ისევ ჩვენი გასაკეთებელი იქნება, არ იცი ამათი ამბავი? - ხელით მანიშნა სამზარეულოსკენ ნინამ.
- იმედია, მაცივარში ცივი წყალი მოიპოვება - შეწუხებული სახით გავაღე მაცივრის კარი.
- მე ჭიქებს გამოვიტან - გააღო კარი ნინამ - საწრუპებიც იქვე დევს დაბლა, უჯრაში - მივაძახე და მობილური ამოვიღე ჯიბიდან. ნერვიულად ვათამაშებდი თითებს ეკრანზე, ვერ გადამეწყვიტა, მიმწერა თუ არა შეტყობინება სანდროსთვის.
„მშვიდობიანი მგზავრობა“ ავკრიბე და სწრაფად გავაგზავნე ტექსტი, მეშინოდა, არ გადამეფიქრებინა. „ დიდი მადლობა“ - დამიბრუნა სწრაფადვე პასუხი.
- პირადი მძღოლი ხომ არ გწერს? - თავზე დამადგა ნინა.
- გეხვეწები, ოღონდ ახლა არ გვინდა ამაზე ლაპარაკი, რა - ჩუმდ ვუპასუხე და კარისკენ გავიხედე, მინდოდა მენახა, კიდევ ვინმე ხომ არ ისმენდა ჩვენს საუბარს.
- კარგი, დღეს იყოს, როგორც გინდა, მაგრამ ისევ დავუბრუნდებით ამ თემას - არ მაიძულებდა საუბარს ნინა.
- ოქრო ხარ - ვუთხარი და ვაკოცე ლოყაზე -აბა, გოგოებო, თქვენი ყავა მზად არის, სრული მომსახურეობა - გავუცინე და ყველას ჩამოვურიგე კუთვნილი ჭიქა.
- აქ ყოფნა უკვე მომწონს - ჰაეროვანი კოცნა გამომიგზავნა ანამ.
- ჰო, დღეს დაისვენეთ, ხვალ ვიძიებ შურს, ვენახში - ნიშნისმოგებით ვუპასუხე, მარიამის გვერდით მოვკალათდი ჰამაკში და თავი ჩავუდე კალთაში.
- რაო, ფისო, მოგეფერო? - თმაში შემიცურა ხელი მარიამმა - აჰამ, ხომ იცი, რაც მიყვარს? - დავხუჭე თვალები.
ჯერ კიდევ არ მქონდა თვალები გახელილი, ეზოდან ხმაური რომ შემომესმა. მივხვდი, მეზობლები და ნათესავები იკრიბებოდნენ და რთველის სამზადისი იწყებოდა. რაც მახსოვს, სულ ასე ხდება, ტრადიციად იქცა მთელი უბნისა და ახლოსმცხოვრები ნათესავების შეკრება ამ დღეს. დილით ადრევე ხალისიანად ვიწყებთ ყურძნის კრეფას, მოკრეფილი ყურძენი თანვე იწურება და საღამოს მოლხენით სრულდება.
- აბა, გღვიძავთ? - წამოვდექი და გავძახე გოგონებს.
- ხმაურზე მივხვდი, რომ ადგომის დროა - თავი წამოსწია ნინამ.
- უკვე გათენდა? - ზმორებით წამოიმართა ანა და მარიამს გადახედა, რომელსაც ჯერ კიდევ ტკბილად ეძინა.
- ანა, არ გაბედო, გააღვიძო, თორემ მოგკლავს - თითი დავუქნიე ცისფერთვალებას.
- მაგის თავი არ მაქვს ახლა, თორემ მაგის ისტერიკების არ მეშინია - წამოდგა და ფარდა გადასწია.
- ჩავალ და ყავისთვის წყალს დავადგამ, მანამდე მოწესრიგდით, ცოტა დაგვიანებას გვაპატიებენ - ვუთხარი გოგონებს და კიბეები ჩავირბინე. აივანზე უკვე საკმაო რაოდენობის ხალხს მოეყარა თავი. განიხილავდნენ ამინდს, მოსავალს, კითხულობდნენ ერთმანეთის შვილებისა და შვილიშვილების ამბებს.
- გამარჯობათ - მივესალმე ყველას ერთად და მორიგეობით დავიწყე მათი გადაკოცნა.
- გილოცავ, შვილო, რამხელა წარმატებისთვის მიგიღწევია - მითხრა ერთ-ერთმა.
- აბა, მაგას კოჭებში ეტყობოდა როგორიც გაიზრდებოდა - მხარი აუბა მეორემ.
- ახლა, მთავარია კარგი ბედ-იღბალი - განაგრძო საუბარი.
- ეგ ბებიაჩემს არ გააგონოთ, გეხვეწებით, ისედაც მაგაზე მელაპარაკება დღე და ღამე - ვუთხარი სიცილით და გაზქურაზე ჩაიდანი შემოვდგი წყლის ასადუღებლად.
- ყავას ხომ არ მიირთმევთ, სანამ კრეფას დავიწყებთ? - შევთავაზე შეკრებილებს.
- მიდი, მიდი, ვნახავთ, როგორი ყავის მოდუღება ისწავლე ქალაქში - სიცილით მითხრა ქეთინო დეიდამ.
- აი, გაგიკეთებთ და გასინჯეთ - ვუპასუხე სიცილითვე.
ის იყო, ყავის დასხმას მოვრჩი, შეტყობინების ხმა მომესმა :
- კარგ რთველს გისურვებთ, ლექტორო - მწერდა სანდრო.
- დიდი მადლობა,განწყობა ნამდვილად კარგი გვაქვს - ვეცადე ძალიან მოკლე და მშრალი წინადადება არ მიმეწერა.
- იმედი მაქვს, ამინდიც გიწყობთ ხელს - მალევე დამიბრუნა პასუხი.
- ზუსტად შესაფერისი ამინდია, არც ცხელა და არც ცივა, მოკლედ, გაგვიმართლა - ავკრიბე ტექსტი და ლამის გადამავიწყდა დასხმული ყავის მსურველთათვის მიტანა.
- რაო, დე, ვისმა მონაწერმა გაგახალისა ასე? - გამომხედა დედამ და ნახევრადშემწვარი ქათამი გადაატრიალა.
- ჩათში მწერენ, დე, ისეთი არაფერი - ვუპასუხე და სასწრაფოდ დავტოვე სამზარეულო.
- გოგოებო, მზადაა ყავა, ჩამოდით - ავძახე მეორე სართულზე მყოფ გოგონებს.
მეზობლებმა ინტერესიანი მზერა მიაპყრეს კიბეზე ჩამომავალ გოგონებს.
- გამარჯობათ - მიესალმნენ.
- რენდგენში გაგატარეს - ვუთხარი სამზარეულოში შემოსულებს.
- ნინა, არ უნდა ჩაგეცვა ასეთი მოკლე შორტი - უკმაყოფილოდ შეავლო თვალი ანამ ნინას შორტის სიგრძეს.
- ოო, კარგი, რა - ცხელი ყავა მოსვა ნინამ.
- კარგი რა, კი არა, სვანეთში წასვლამდე არავინ მოგიტაცოს - არ ჩუმდებოდა ანა.
- ვინ რას გაბედავს? - ვუთხარი სიცილით და ნინასა და მისი ერთ-ერთი თაყვანისმცემლის შეხვედრა გავიხსენეთ.
- აღარ მორჩით ყავის წრუპვას? - უკმაყოფილო სახით შემოვიდნენ სამზარეულოში სალომე და მარიამი.
- სალ, ჩაის გაგიკეთებ, არ გინდა? - შევთვაზე.
- არა, არაფერი არ მინდა ახლა - მიპასუხა და თმა მოხერხებულად აიწია.
- რა ვქნა ახლა, სანამ ბაფთიან მოსაწვევებს არ გამოგიგზავნით, აღარ გამოხვალთ? - გამოგვძახა მამამ - მოგვადგა შუა დღე.
- მოვდივართ - ვუპასუხე და შეწუხებული სახით გადავღვარე ჯერ კიდევ მოუსმელი ყავა. ჩვევა მაქვს, ცხელ ყავას ვერ ვსვამ, ოდნავ უნდა შეგრილდეს და დავდივარ მერე ყავით ხელში, შემიძლია ერთი ჭიქა ყავა ვსვა მთელი დღე.
- აი, რატომ უნდა გიყვარდეს ცხელი ყავა - ნიშნისმოგებით მითხრა ნინამ, სათავსო და მაკრატელი აიღო და კიბეები ჩაირბინა.
- რას ვიზამ, მერე დავლევ - მივბაძე მეც მას.
- აბა, სად დავდგე? - ჰკითხა მარიამმა მამაჩემს.
- სადაც გინდა, გახედე რამდნია, სულ თქვენი მოსაკრეფია, მე არ ლებით - მარნის კართან იდგა მამა და მითითებებს გვაძლევდა.
- ნინა, შენ ტალავერი მოკრიფე, სიმაღლე გიწყობს ხელს - მივუთითე მეგობარს.
- კარგი,ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა - თქვა და რთველიც დაიწყო.
ძველი ამბების გახსენებასა და სხვების განხილვაში დრო უცებ გავიდა. ივსებოდა და იცლებოდა ტომრები, იწურებოდა ბადაგი, სახლიდან კი გემრიელი საჭმლის სურნელი გამოდიოდა.
- ესეც ასე, მოვწყვიტე ჩემთვის განკუთვნილი ბოლო მტევანი - მე მოვრჩი - გადავხედე გოგონებს.
- მეც თითქმის ბოლოში ვარ უკვე - გამომძახა ნათიამ.
- როგორი ყოჩაღები მყავხართ, მოკლედ, რა , წავიდეთ ახლა და სანამ სხვებიც ამოვლენ მოვწესრიგდეთ - შევთავაზე მათ.
- ჰო, უცებ გადავივლოთ და გამოვიცვალოთ - მოეწონათ იდეა მათაც.
ცოტა ხნით დავიწყებული მყავდა „ ჩემი მძღოლი“, სახლში შევედი თუ არა, მობილური შევამოწმე. შეტყობინება არ იყო მოსული, მაგრამ ამჯერად მე ავიღე ინიციტივა და ტექსტი ავკრიბე :
- რთველმა კარგად ჩაიარა.
- ცოტაოდენი ყურძენი შემხვდება? - მომწერა სანდრომ.
- იმსახურებ, ნამდვილად - მივწერე და მისი კიდევ ერთხელ ნახვის იმედი გამიჩნდა.
- დაგხვდებით, რომ ჩამოხვალთ .
- ეგრე არ შეგაწუხებთ, ისედაც რამხელა გზაზე ჩამოგვიყვანე - თანდათან მეფინებოდა ღიმილი სახეზე.
- არ შევწუხდები, მაგრამ დაისვენე რომ ჩამოხვალ და მომავალ კვირაში წავიღებ ჩემს კუთვნილ ყურძენს.
- კარგი, სანდრო, დროებით - არ მინდოდა ასე სწრაფად დამესრულებინა მიმოწერა, მაგრამ არც განსაკუთრებული ინტერესი უნდა დამტყობოდა.
- დროებით ლექტორო , ბევრი არ დალიო - გამაფრთხილა.
- ვეცდები - ვწერდი და არ მინდოდა მასთან დამშვიდობება.
- საღამოს შევამოწმებ სიმთვრალის ხარისხს - კვლავ გაისმა შეტყობინების ხმა.
- შევთანხმდით.
- ვის წერ ასე გაღიმებული - ოთახში შემოვიდა ანა და ისეთი სახე მივიღე, ბავშვს რომ გამოიჭერენ შოკოლადების ჩუმად ჭამაზე.
- სანდრომ მომწერა - არ დავმალე.
- რაღაც ვერ გცნობ და არის რამე ისეთი, რაც უნდა ვიცოდე? - ეჭვის თვალით გამომხედა ცისფერთვალებამ.
- არაფერი, ან, მომწერა და მეც ვუპასუხე. უზრდელი ხომ არ ვარ? - თითქოს ძალიან გავიკვირვე მისი ნათქვამი და მე საერთოდ არ მსურდა მასთან კონტაქტი.
- ზედმეტად კარგად გიცნობ იმისთვის, რომ რაღაც-რაღაცები შევნიშნო შენს სახესა და ღიმილში - თითი დამიქნია.
- არაფერია, მართლა, არ დაგიმალავდი, ხომ იცი?
- ჰო, ჯერ არაფერია , მაგრამ ასე თუ გააგრძელეთ, რაღაც აუცილებლად იქნება.
- კარგი, მოვრჩეთ ახლა ამაზე და თუ იქნება, მერე განვიხილოთ - გავუღიმე და სიტუაციიდან გამოძრომას ვეცადე, მინდოდა, რაც შეიძლება მალე დაგვესრულებინა ამ თემაზე საუბარი.
- კარგი, ახლა მოვრჩეთ, მაგრამ ზოგადად, ჯერ არ დამიმთავრებია, იცოდე.
- ნუ გეშინია, ცუდს არაფერს გავაკეთებ, ხომ იცი? - თვალი ჩავუკარი და ოთახი დავტოვე.
გოგონები დედას სუფრის გაშლაში ეხმარებოდნენ.
- დღეს დავლიოთ, რა, ჩემი შვილების გადამკიდე საუკუნეა არ დამილევია - შემოგვთავაზა ნათიამ.
- დავლიოთ, მე არ ვარ წინააღმდეგი.
- ცოტას მეც დავლევ, თქვენ ისეთი ღვინო გაქვთ - დაგვთანხმდა სალომეც.
- მარიამ, შენ ბევრი არ დალიო - გააფრხილა ანამ გოგონა.
- ბევრი კი არა, საერთოდ არ დავლევ და მერე თქვენზე ვიხალისებ - უპასუხა მარიამმა.
ცოტა ხანში ყველა შემოგვიერთდა. მეც და ჩემი მეგობრებიც ძალიან კარგად ვგრძნობდით თავს მათ საზოგადოებაში. იხსენებდნენ ახალგაზრდობის ამბებს. საუბრობდნენ წინა წლების მოსავალზე და დროც ხალინიანად გადიოდა. საღამოსკენ უკვე კარგად შემთვრალები ვიყავით.
- მე ვინ მომეხმარება სუფრის ალაგებაში ? - სიცილით გადმოგვხედა დედამ.
- აი, მარიამია ფხიზელი - გასცა პასუხი ნინამ.
- კი, კი, მე მოგეხმარებით - არ ეზარებოდა მასაც.
- ისედაც შენზე ლაპარაკობს სულ ბებია,თხილის მოკრეფაში რომ მოგვეხმარე ორჯერ, ახლა უფრო მეტად შეუყვარდები - შევაქე მარიამი.
- რა ვარ ასეთი ცითმოვლენილი - გაიცინა მანაც.
- როგორც ია ამბობს, დაწურული ოქრო ხარ - გავახსენე დედამისის სიტყვები.
- ნუ, ვერ შეგეწინააღმდეგები, სრული სიმართლეა .
- ოთახში ვიყავი და ტელეფონი წამოგიღე, მგონი შეტყობინების ხმა იყო - თვალი ჩამიკრა ნინამ და მობილური მომაწოდა. ანამ ისეთი თვალებით გადმომხედა, პირისკენ წაღებული წყალი ჰაერში გამიშეშდა.
- სარეკლამო შეტყობინება იქნება - ვცადე თავი გამემართლებინა.
- ისე ეგენი, რაღაც, აღარ მწერენ მე და რა ხდება? აა, ალბათ შენი ნომერი უფრო მოსწონთ - არ ჩერდებოდა ანა .
- თუ ასე გწყდება გული, გავიგებ რა ნომერზე უნდა გაგზავნო შეტყობინება, ხშირად რომ მიიღო სიახლეები - ვუთხარი და თან ვანიშნე, გეყოფა-მეთქი.
რა თქმა უნდა, სანდრო მწერდა. არ დავიწყებია დაპირება, სიმთვრალის ხარისხს შევამოწმებო:
- „ აბა, რას შვები, ლექტორო, დათვერი?“
- „ არა, არც ისე“
- „ რომ არ აღიარებ, ეგ უკვე ნიშნავს, რომ ნასვამი ხარ“ - მომწერა და წარმოვიდგინე, როგორი სახით ამბობდა ამას.
- „ მთვრალი არა, დალეული ვარ“ - მივწერე ცნობილი ფრაზა.
- „ კარგია, კარგ ხასიათზე რომ ხარ, მიხარია“
-„ მე სულ კარგ ხასიათზე ვარ“ - ღიმილი არ მშორდებოდა სახიდან.
- „ ჰო, ასეთები ვართ რეალის გულშემატკივრები“
- „ აუუ, აი, ახლა წასულების სადღეგრძელოს ვიტყვი ზიდანის თამადობით“ - ძალიან კარგ ხასიათზე ვიყავი უკვე.
- „ პერესის მოსაგონარიც მალე გეთქვას“ - მომწერა და ისეთ ხმაზე გამეცინა, ყველამ მე შემომხედა.
- „ წავედი ახლა, თორემ მალე გამომგლეჯენ ხელიდან ტელეფონს“.
- „ დროებით, ჩემო ლექტორო“ - წავიკითხე და თვალები შუბლზე ამივიდა. „ჩემოო“ მომწერა? ნამდვილად ასე წერია? რას უნდა ნიშნავდეს ეს? ათასი აზრი მიტრიალებდა თავში. „დროებით“ მივწერე მოკლე პასუხი და ფანჯრის რაფაზე გადავდე ტელეფონი.
დღე კარგად დასრულდა. ყველანი კმაყოფილები ვიყავით და განსაკუთრებით მე. ჯერ არ ვიცოდი, როგორი განვითარება ექნებოდა ჯერ არ დაწყებულ ურთიერთობას, მაგრამ თუ რამე მოხდებოდა, ეს მარტივი ნამდვილად არ იქნებოდა. ვუყურებდი ჩემს თავს და მიკვირდა, როგორ აღმოვჩნდი ასე მარტივად ამ მდგომარეობაში. უკვე ვხვდებოდი, რომ თვალები მეხუჭებოდა და აღარ მინდოდა, სირთულეებზე მეფიქრა. მალევე გადავეშვი სიზმრების სამყაროში, სადაც ნაცნობ თვალებს გადავეყარე.



№1 სტუმარი Mako

Kargia da zalian nu agvianeb

 


№2 სტუმარი ლიკ ლიკ

ძალიან პოზიტიურია , არ შეწყვიტო

 


№3 სტუმარი Qeti qimucadze

Vaime rogor gamaxareee, imxela intervali iyo, megona shecyviteee, iqneb sheecado da male dado gtxovv

 


№4  offline წევრი MamrikishviliAani

არაა საჭირო მალე დადება მთავარია პოზიტიური ,და ცხოვრებისეული იყოს რაც მთავარია ემოციები და სულ დიალოგებით ნუგაქ გადატენილი ისტორიაა ,კაია წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent