შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

იღბლიანი შეცდომა (თავი მეცამეტე)


16-08-2018, 18:42
ავტორი sofikela
ნანახია 2 795

ამჯერად მე დავასწარი მაღვიძარას გაღვიძება. განსაკუთრებულად კარგ ხასიათზე გამეღვიძა. გუშინდელ საღამოს როგორც კი გავიხსენებდი, ბედნიერებით მევსებოდა გული. ახლა ზუსტად ვიცოდი, რომ ეს გოგო ჩემთვის იყო გაჩენილი.უცნაური შემთხვევა, რომლის წყალობითაც სოფო გავიცანი და ტყუილი, რომელმაც ასე დაგვაახლოვა, წარმატებული აღმოჩნდა ჩვენი ურთიერთობისთვის. წინათგრძნობა, რომელიც ამ დღეების განმავლობაში არ მტოვებდა, კარგისკენ მიმანიშნებდა. მას შემდეგ, რაც ეს გოგო გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თავიდან იშვიათად, ბოლოს კი საერთოდ აღარ იჭრებოდა ჩემს გულსა და გონებაში თათიას სახე. აი, ასე, უბრალოდ გაქრა, თითქოს, სამუდამოდ დამემშვიდობა. სიმშვიდე, რომელიც სოფომ მომიტანა, დიდი ხნის დავიწყებული მქონდა უკვე. გეგას ნომერი ავკრიფე, ხმამაღალ რეჟიმზე გადავიყვანე და ყავის მომზადება დავიწყე ჩემთვის :
- არ გეძინა თუ ასე ადრე რამ გაგაღვიძა? - მიღრენდა ტელეფონიდან მეგობრის ხმა.
- რა დროს ძილია, გეგუშ, აშენდა ქვეყანა.
- რაღაც ძალიან კარგ ხასიათზე ხარ ამ უთენია და რამე მოხდა? - ფხიზლდებოდა ნელ-ნელა.
- საღამოს რა გეგმები გაქვს?
- რაო, სოფომ ისევ უარი გითხრა და მე მიგყავარ პაემანზე? - გაუმხიარულდა ხმა გეგას.
- ჰო, მიმყავხარ, ოღონდ სოფოც მომყავს და ბიჭებიც გამოიყოლე, თორნიკე გააფრთილე ლიკაც წამოვიდეს და სადმე ქალაქგარეთ გავიდეთ, რას იტყვი?
- ვაა, ასე სერიოზულადაა უკვე საქმე, ჩვენთან რომ მოგყავს?
- ჩემი არასერიოზულობა სად გინახავს, დედას გაფიცებ ?
- მოიცა, მოიცა, ახლავე გაგახსენებ.. წვიმიანი დღე, უცნაური გამოძახება, მერე სადღაც გადასაკარგავში გოგოების წაყვანა..- დაიწყო მხიარულად გეგამ.
- ეჰ, ჩემო ძმაო, ეგ ყველაზე სერიოზული ნაბიჯი აღმოჩნდება ჩემს ცხოვრებაში, გული მიგრძნობს - ვუპასუხე სერიოზული ხმით.
- მეც ეგ მინდა, სანდრინიო, ხომ იცი? ერთხელ და სამუდამოდ, ყველა ცუდი მოგონება წარსულში უნდა დარჩეს და ყველაფერი კარგით შეიცვალოს - მამხნევებდა მეგობარი.
- ეგრეც იქნება, დარწმუნებული ვარ, ისე, შენ მარტო მოდიხარ თუ მოგყავს ვინმე? - ვკითხე ინტერესით.
- მე და მარტო, სანდრო? მომყავს ერთი - მიპასუხა სწრაფად.
- ერთი? ორი ათას ერთი თუ სამი ათას ერთი? - ვეღარ ვიკავებდი სიცილს.
- ხო, იცინე, შენ, იცინე, რა გენაღვლება, თავი ქუდში გაქვს, ეჰ, ისევ მე ვრჩები ეულად, ერთხელ მეც მესროლოს იმ კუპიდონმა თავისი ისარი, არ შეიძლება - ბურდღუნებდა გეგა.
- მოიცა, მოიცა, აბა მომყავს ვიღაცო? არასერიოზული ხალხი არ გვჭირდება, რა, იქ.
- ეე, რა არასერიოზული, ეგრე მიცნობ? ერთი გოგოა, ვერასდროს წარმოვიდგენდი თუ ვინმე ლაპარაკში მაჯობებდა და გამაჩუმებდა, მაგრამ რა აღარ ხდება ამ ქვეყნად.
- რაო? მომიყევი , აბა - მართლა მაინტერესებდა, ვინ იყო ის გოგო, რომელმაც მისი გაჩუმება შეძლო.
- ოო, მაგას საღამოს მოგიყვები, ჩემო ძმაო, მთელ ჩემს ქარიზმას ჩავრთავ და ისე.
- შენ არაფერი გამოგასწორებს - ვუთხარი და ყავა მოვსვი.
- კუზიანის და სამარეს ამბავი როგორცაა, ეგრეა - ჩემიც .
- კარგი, კარგი, წავედი ახლა და საღამოსკენ შეგეხმიანებით. ბიჭებთან შენ მოაგვარებ, ხო? დეტალებს მოგწერ შუა დღისკენ და საღამოს დაგირეკავ სამსახურიდან გამოსვლამდე - ვუთხარი და დავემშვიდობე მეგობარს.
- კარგი, ჩემო ძმაო - გამითიშა გეგამ.
კიდევ ერთხელ დავათვალიერე წოდორეთის ნაკვეთის ფოტოები, ისევ დამიბრუნდა სურვილი, ძველი იდეებისთვის ხორცი შემესხა. ერთ წელზე მეტი გავიდა, რაც კომპიუტერში საგულდაგულოდ გადანახულ საქაღალდეს აღარ გავკარებივარ. ცივმა ოფლმა დამასხა და უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. ის ბეჭედი გამახსენდა, თათიასთვის რომ ვიყიდე წლების წინ. საძინებელში შევედი. მაშინ, გადასაგდებად ვერ გავიმეტე და ისე დავმალე, თვალში რომ არ გამჩხეროდა, ახლა კი ვეღარ ვიხსენებდი, სად შეიძლებოდა წამეღო. მაისურები გადმოვალაგე. უჯრები ამოვქექე, ვერსად ვპოულობდი. კარადის თავზე ყუთს მოვკარი თვალი და გამახსენდა, ბეჭედი, მის ნაჩუქარ სხვა ნივთებთან ერთად, სწორედ მასში შევინახე. ღრმად ჩავისუნთქე და გავხსენი. ახლა ზუსტად ვიცოდი, ამ ნივთებთან გამომშვოდობებით, სამუდამოდ დავემშვიდობებოდი თათიასაც. მაისურები, სუნამოები, ჯვარი, რომელიც სამი წლის განმავლობაში მეკეთა და ბევრი სხვა ნივთი ინახებოდა ამ ყუთში. სულ ბოლოს კი ბეჭედს წავაწყდი. გავხსენი, ძველებური წყენა და გულისტკივილი ვეღარ ვიგრძენი. ახლა ნამდვილად იყო ის დრო, ამ ყველაფრისთვის თავისი ადგილი რომ მიმეჩინა. მოვემზადე და სამსახურში წასვლამდე მაიკოს შევუარე :
- სანდრო, რა ქარმა გისროლა? თუ სართული შეგეშალა? - გაკვირვებული სახით გამომხედა ზურამ.
- ვაა, მამა, სახლში ხარ? წასული მეგონე. ხო მშვიდობაა, ამ დროს ისევ აქ რომ ხარ?
- ჰო, კახეთში მივდივარ დღეს, ღვინოს უნდა დავხედო, უჩემოდ იქ არაფერი გამოდის, ხო იცი.
- წელს მაინც დაადგება საშველი ბოთლებში ჩამოსხმას?
- კი, წელს აუცილებლად, შენ სახელი მომაფიქრებინე და დანარჩენს მე მივხედავ - მხარზე ხელი დამარტყა და გასასვლელისკენ წავიდა.
- მაიკო სადაა?
- მარკეტში ჩავიდა კარგა ხანია, წესით, უნდა ამოვიდეს უკვე, ეს რა ყუთია? - დახედა ინტერესით.
- ძველი ნივთებია, მაიკოს უნდა მოვაძებნინო დანიშნულება.
- კარგი, წავედი ახლა და ნუ დაიკარგე, რა, ორი სართული გვაშორებს ერთმანეთს და მაინც ვერ გხედავთ ხშირად - მითხრა და კარი გაიხურა.
- სანდრო, აქ ხარ, დედი? მომენატრე - დაბრუნდა მაია, ხელში უამრავი პარკი ეჭირა.
- დედა, ომი იწყება თუ გადასახლებაში მოვყევით? - შევეშველე მეც და მაგიდაზე მოვათავსე პროდუქტები.
- არაფერი განსაკუთრებული, დე. ჩემი გოგოები უნდა გამოვიდნენ საღამოს და რაღაცებს მოვამზადებ, მსუბუქად.
- ჰო, ვიცი მე შენი მსუბუქი სალათები, სამსართულიანი სუფრა „გაიჩითება“ - ჩავუცინე და ხილის წვენი გავხსენი.
- დე, ნინოს გოგო ხომ იცი, თეკლა, მაგისტრატურა დაუმთავრებია ახლა, ძალიან ჭკვიანი და ლამაზია, მგონი, ისეც ამოვა და მოდი შენც მაგ დროისთვის, ახალგაზრდები უფრო გაუგებთ ერთმანეთს, ჩვენთან მოიწყენს - შემომაპარა დედაჩემმა.
- მაიკო, შენც ახალგაზრდა ხარ და მაგ გოგოზე ჭკვიანი და ლამაზიც ხარ, დარწმუნებული ვარ, ჩამოუჯექი და ელაპარაკე, ოღონდ მე არ გამრიო მაგ საქმეში და ნუ ცდილობ რაღაცებში გამხლართო - ვუთხარი სიცილით.
- არაფერში არ გხლართავ, შვილო, თუ შენით ვერ ხვდები, მეც ჩუმად უნდა ვიყო? აღარ მოვიდა დრო, დაგვაყენო საშველი? მეც მინდა შენს შვილებს ვეთამაშო .
- ნუ წუწუნებ , მაიკო, არ გინდა ეს მაჭანკლობა, ისედაც მალე გაგაცნობ ერთ ძალიან კარგ გოგოს, ზუსტად ისეთს, შენ რომ მოგეწონება, ოღონდ ნუ დამახრჩობ, ვიღაცებს ნუ დამახვედრებ სახლში და სულს ნუ ამომხდი - გავეხუმრე მაიას და ვუთხარი სიმართლე, მისი შეწუხებული სახის დანახვისას.
- რას ამბობ, სანდრო, ხუმრობ თუ მართლა ხდება რამე? - გაუნათდა სახე.
- არ ვხუმრობ, მაიკო, არა, ოღონდ დამაცადე ცოტა და ყველაფერი კარგად იქნება.
- შენ ვერ წარმოიდგენ, როგორ გამახარე, შვილო.
- კარგი ახლა, არ გვინდა ცრემლები, ერთი თხოვნა მაქვს შენთან - დამისერიოზულდა ტონი.
- მთხოვე, რაც გინდა, დედი.
- ამ ყუთში ბევრი ძველი ნივთი დევს. რომ ჩახედავ, შენითაც მიხვდები, თათიას ნაჩუქარი რაღაცებია. აქამდე ვინახავდი, ბეჭედიც შიგ დევს, ვერ გავიმეტე გადასაგდებად. თუ გინდა გადაყარე, თუ გინდა, ვინმეს აჩუქე. შენ უფრო მოუძებნი დანიშნულებას. მე აღარ მინდა, მის თავს რამე მახსენებდეს, საბოლოოდ გამომშვიდობების დრო დადგა - ვუყურებდი და ვხედავდი, როგორც ეცვლებოდა გამომეტყველება.
- როგორ მიხარია, სანდრო, როგორ მიხარია, რომ ეს დღე დადგა. ყოველ საღამოს მაგას ვევედრებოდი ღმერთს, შენი ბედნიერი სახე მენახა, შენი თვალებიდან სევდა გამქრალიყო და მგონი, ეს დღე დადგა, ხო? - ცრემლები მოსდიოდა მაიას.
- კარგი, რა, დე, რა გატირებს ? მე კარგი ამბავი გითხარი და შენ კიდევ ტირი? - ჩავეხუტე დედას.
- სიხარულით შვილო, მხოლოდ სიხარულით ვტირი - ნაწყვეტ-ნაწყვეტ მელაპარაკებოდა.
- გპირდები, დღეიდან მხოლოდ სიხარულის ცრემლები იარსებებს ჩვენს ცხოვრებაში, ახლა უნდა წავიდე, თორემ დამაგვიანდება სამსახურში - ვაკოცე ლოყაზე და კარისკენ წავედი.
- დე, იმ გოგოზე როდის მომიყვები?
- ამ დღეებში, დე, გპირდები. ხომ იცი, შენი და მამას ისტორია როგორ მიყვარს, მაგრამ არც ეს იქნება ნაკლები, გული მიგრძნობს - თვალი ჩავუკარი დედას.
მანქანაში ჩავჯექი, სოფოსთან მინდოდა დამერეკა , მაგრამ მახსოვდა, რომ დღეს ისვენებდა და არ მინდოდა, ასე ადრე გამეღვიძებინა. ვიფიქრე, როცა გაიღვიძებს, თვითონ მომწერს ან დამირეკავს-მეთქი და სამსახურისკენ წავედი.
დრო ძალიან ნელა გადიოდა, მასთან შეხვედრამდე წუთებს ვითვლიდი. საათს დავხედე და ციფერბლატი სამის ოც წუთს მიჩვენებდა. შეტყობინების ხმა გავიგე, ეკრანს დავხედე და ამოვისუნთქე, როგორც იქნა, მომწერა :
„ ახლა გავიღვიძე“ - წავიკითხე შეტყობინება და ნომერი ავკრიფე, მისი ხმის გაგონება მინდოდა :
- გისმენ, სანდრო - მითხრა ნამძინარევი ხმით.
- შუადღე მშვიდობის, ძილისგუდა ლექტორო - ვუთხარი და გულში სითბო ჩამეღვარა, მისი ხმის გაგონებისას.
- მართლა ძალიან ბევრი მეძინა - ხმაზე ეტყობოდა, რომ ჯერ კიდევ არ იყო გამოფხიზლებული.
- არაუშავს, იმსახურებდი, ისევ გაქვს სიცხე? - დავინტერესდი მისი მდგომარეობით.
- არა, კარგად ვარ, ძილმა მიშველა, განსაკუთრებით.
- მიხარია, კარგად რომ ხარ და იმედი მაქვს, გუშინდელი შეთანხმება გახსოვს, დღევანდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩემს სამეგობროსთან ერთად გავიდეთ ქალაქგარეთ.
- კი, კი, მახსოვს, ისე, ჩემს მეგობრებსაც უნდათ არქიტექტორ სანდრო გიორგაძის გაცნობა და ეგეც დავგეგმოთ ამ დღეებში, რა - მთხოვა სოფომ.
- როცა გინდა, სადაც გინდა და როგორც გინდა, თუ გინდა, დღეს შემოგვიერთდნენ შენი მეგობრებიც, ჩვენი სამეგობრო შეხვდება ერთმანეთს - შევთავაზე წაბლისფერთმიანს.
- მეეჭვება, მაგათი ასე ერთად შეკრება არაა იოლი საქმე, თან დღეს სამუშაო დღეა და არ ეცლებათ, ალბათ, ისე დავგეგმოთ, შაბათ-კვირა რომ იყოს - მითხრა მშვიდი ხმით.
- კარგი, შეხვედრაზე გავდივარ ახლა და რამე თბილიც წამოიღე საღამოსთვის, სიცივე რომ იყოს, დაგჭირდება - ვუთხარი და საკუთარი თავი გამოვიჭირე მისდამი მზრუნველობაში , ეს რა დაგმართნია, სანდრო-მეთქი, ვთქვი გულში და ჩამეცინა.
- კარგი, დროებით, დეტალები მომწერე.
- გკოცნი - ვუთხარი და მის პასუხს დაველოდე აჩქარებული გულისცემით.
- მეც - მითხრა მორცხვად და ტელეფონი გამითიშა.
ზუსტად 7 საათი იყო, სამსახურიდან რომ გავედი და გეგას დავურეკე :
- რას შვები, აბა, ხომ არაფერი შეცვლილა?
- არა, სანდრო, ლიკას და თორნიკეს შენ გაუარე, რა და ჩვენ მერე მოვალთ - მთხოვა მეგობარმა - ზურასაც მე გავუვლი და ერთად ამოვალთ.
- კარგი, გადავრეკავ ახლა თორნიკესთან და მერე გავუვლი სოფოს - შევუთანხმდი მეგობარს.
თორნიკე და ლიკა უკვე მანქანაში ისხდნენ, სოფოს კორპუსთან რომ მივედი და ჩამოდი-მეთქი, დავურეკე.
გრძელი, შავი კაბა ეცვა, ფერადი შარფი ჰქონდა მხრებზე მოხურული და თმა გაეშალა. საოცრად ლამაზი მომეჩვენა. გადმოვედი, გადავკოცნე და კარი გავუღე.
- სოფო, გაიცანი, ესენი თორნიკე და ლიკა არიან, ჩემი მეგობრები -ვუთხარი და სარკეში გავხედე. ჩემს უკან იჯდა. - დანარჩენებს იქ გაგაცნობ.
წყნეთამდე ბევრი ვისაუბრეთ, ძალიან ლაღი, თავისუფალი და მშვიდი იყო ჩემი წაბლისფერთმიანი. ისე ესაუბრებოდა ლიკას, თითქოს დიდი ხანი იყო, რაც იცნობდა და საერთოც ბევრი ჰქონდათ. ვუყურებდი სარკიდან მის სახეს და უფრო და უფრო მეტად მინდოდა, ახლოს მყოლოდა, გულში ჩამეკრა და მისი თმის სურნელი ხარბად შემესუნთქა. საოცრად ლამაზი იყო წყნეთი წელიწადის ამ დროს. „კოპალას“ ეზოში შევედით. ყველაფერი წინასწარ მქონდა დაგეგმილი. სუფრა ეზოში გავაშლევინე. ჯერ ვახშმობა, შემდეგ კი ბოულინგის თამაში გვქონდა გეგმაში.
- გეგა, გაგვიანდება? - დავურეკე მეგობარს.
- არა, 10 მაქსიმუმ 15 წუთში მანდ ვიქნებით.
- იმედია, შენი წუთი წუთობს - გავეხუმრე მეგობარს, ტელეფონი გავთიშე და სოფოსკენ წავედი. განმარტოებით იდგა, საოცარ ბუნებას გასცქეროდა.
- მოიწყინე? - ვკითხე და ზურგიდან მივეხუტე.
- არა, ძალიან კარგი მეგობრები გყავს, ხედით ვტკბებოდი, უბრალოდ - ვიგრძენი, როგორ დაეხორკლა კანი ჩემი შეხებისას და მესიამოვნა.
- შენ ჯერ გეგა უნდა გაიცნო. ის ნამდვილი ფეიერვერკია - ვუთხარი სიცილით და ჩემსკენ შემოვაბრუნე. საოცრად მიყვარდა მისი თვალები. სიმშვიდესა და ბედნიერებას ასხივებდა ერთდროულად.
- ვაა, გეგაც მოსულაა - დაიძახა თორნიკემ და დავინახე, როგორ გაუღო კარი ვიღაც შავთმიან გოგონას.
- მართლა წუთობს შენი წუთი გეგუშ, როგორც ჩანს - ჩავეხუტე მეგობარს.
- კარგი, რა, სანდრინიო, მე და ტყუილები, ხომ იცი? ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა - ჩვეულ ფორმაში იყო გეგა.
- არ არსებობს, ყველას ველოდი ახლა აქ, შენ გარდა - წამოიძახა სოფომ და გეგასთან ერთად მოსულ შავთმიან გოგონას გადაეხვია.
მგონი, ერთმანეთისთვის ბევრი რამ გვაქვს მოსაყოლი - უთხრა დაბალი ხმით შავთვმიანმა, მაგრამ მაინც გავიგონე და ჩამეცინა.
- გაიცანი, გეგა, ეს სოფოა - გავაცანი მეგობარს ჩემი წაბლისფერთმიანი ლექტორი.
- სასიამოვნოა, ძალიან ბევრი მსმენია თქვენზე - თქვა გეგამ მხიარულად და ხელი ჩამოართვა სოფოს.
- იმავეს თქმა შემიძლია მეც - სიცილითვე უპასუხა ლექტორმა.
- ეს მარიამია - გაგვაცნო გეგამ გვერდით მდგომი. სოფოს ეტყობოდა, რომ უფრო თავისუფალი გახადა მეგობრის მოსვლამ. მეტად მხიარული ჩანდა.
- მარიამ, გეგას ჩაგრავსო ლაპარაკში, ხმები მომივიდა - მივმართე შავთმიანს და ვეცადე, უფრო მეტად ჩამერთო საუბარში.
- არც მთლად ეგრეა საქმე, ნუ აყვები მოტანილ ხმებს - მხიარულად მიპასუხა გოგონამ. ბევრთან ერთად მინახავს გეგა, თუმცა მათი უმრავლესობა, თვითონაც აღარ ახსოვდა რამდენიმე დღეში. რადგან ეს გოგო ჩვენს შეკრებაზე ამოიყვანა და გაგვაცნო, რაღაც სერიოზული ჩანაფიქრი უნდა ჰქონდეს-მეთქი, ვფიქრობდი და გული რაღაც კარგს მიგრძნობდა.
- მარიამ, ყველგან, ყველგან და აქ თუ შეგხვდებოდი, ნამდვილად არ მეგონა - შემოგვიერთდა სოფოც.
- ჰო, ცხოვრება მოულოდნელობებითაა სავსე და არასდროს ვიცით, რა მოხდება, ნამდვილო მეგობარო - ხელზე ხელი დაადო მარიმ სოფოს და მივხვდი, მათ ძველი ისტორიები აკავშირებდათ ერთმანეთთან.
- და თქვენ საიდან იცნობთ ერთმანეთს? - საუბარში ჩაერთო გეგაც.
- მაგისტრატურაზე ჯგუფელები ვიყავით - უპასუხა სოფომ გეგას.
- და დღემდე ნამდვილი მეგობრები ვართ, რატომ გავიწყდება ამის აღნიშვნა? - დაამატა გოგონამ.
- ეს ნამდვილი მეგობრობა რამე საიდუმლო კოდია თუ რა ხდება? - გადავხედე სიცილით გოგონებს.
- არა, უბრალოდ უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის, სულ ესაა - გამიღიმა მარიამმა. ხომ არიან ადამიანები, მთელი სახე რომ უღიმით და სწორედ ასეთი იყო ეს გოგონაც. მისი თვალებიდან წრფელი და ბავშვური ემოციები მოდიოდა. მესიამოვნა გეგას გვერდით ასეთი გოგოს დანახვა, მითუმეტეს მას შემდეგ, რაც გავიგე, რომ სოფოს მეგობარი იყო. „ესეც კიდევ ერთი ნიშანი ჩვენს ცხოვრებაში“ - მივწერე მეგობარს და დავინახე, როგორ გაიღიმა შეტყობინების წაკითხვისას.
- რომ არ მოვყვე, როგორ გავიცანი მარიამი, არ შემიძლია - დაიწყო გეგამ მოყოლა და მივხვდი, წინ სასაცილო ისტორია გველოდა.
- აპარატიდან თანხა შევიტანე ანგარიშზე და არ დაჯდა. ვიფიქრე გავარკვევთქო და ოპერატორთან დავრეკე, იმის მაგივრად, რომ ვენუგეშებინე და რამეში დამხმარებოდა, იცით, რა მითხრა? - ყვებოდა სიცილით გეგა - მე რა შუაში ვარ, აპარატმა ჩაგიყლაპათ თანხა, მე ხომ არაო .
- მოიცა და აბა, მე ჩავყლაპე? - ჩაერია მარიამიც და ისეთი სახე ჰქონდა, სიცილს ვეღარ ვიკავებდით.
- არ მჯერა, გეგა, რომ შენ ხარ ის ბიჭი, ეს ისტორია მეც ვიცოდი - ძლივს ახერხებდა სიცილისგან რამის თქმას სოფოც.
- ჰოდა, ამ ამბავს ასე ხომ არ დავტოვებდი? სახელი ვიცოდი და ჩემი კონტაქტების წყალობით, როგორღაც მოვახერხე მისი ვინაობის გაგება.
- და, ალბათ, პირდაპირ სახლთან დახვდი - ჩავერიე საუბარში მეც.
- უი, ზოგადადაც ასეთი ბანალური ხარ? - მხარი ამიბა მარიამმა და ჰკითხა გეგას.
- გენიალურობა რომ სიმარტივეშია, ჩემგან უნდა გესწავლებოდეთ ეგ თქვენ? - მხრები აიჩეჩა გეგამ და საუბრის შეცვლა სცადა.
- ზურიკო, ბიჭო, ვინმე პაციენტი მაინც წამოგეყვანა რეანიმაციიდან, რომ დამიჯექი აქ ეულად - ახლა ზურა ამოიღო მიზანში გეგამ.
- ვერავინ დავითანხმე - ზურაც ხუმრობითვე პასუხობდა. ვუყურებდი მათ და ვხვდებოდი, როგორ გამიმართლა ცხოვრებაში, სწორედ ისინი რომ იყვნენ ჩემ გვერდით და არა - სხვები. აშკარა იყო, რომ ყველას საერთო ინტერესი გვქონდა, მიუხედავად იმისა, რომ ერთი შეხედვით, განსხვავებულად გამოვიყურებოდით.
რამდენიმე საათმა ისე გაიარა, ვერც მივხვდით.
- მგონი, ბოულინგის თამაშის დრო მოვიდა - გადავხედე მეგობრებს.
- ოო, ამ საქმეში ცოლ-ქმარს კონკურენტი არ ჰყავს - ლიკასა და თორნიკეზე მიგვანიშნა გეგამ.
- ჰო, სად შევწვდებით ცაში ვარსკვლავებს - გამეცინა მეც.
- მე და მარიამიც კარგად ვთამაშობთ - თქვა სოფომ.
- სამწუხაროდ, თქვენი წყვილი უნდა დავშალო - ხელი გადავხვიე სოფოს - ვნახოთ, ცალ-ცალკე როგორები ხართ - თვალი ჩავუკარი გეგას.
- ჰო, აბა, ორი ძლიერი გუნდი უკვე მეტისმეტია - მიმიხვდა გეგაც.
- ზურა, დამეჩაგრე, მაგრამ, აბა, რით გიშველო? - მხარზე ხელი დაარტყა ზურას გეგამ.
- ღმერთო, ასეთი რა დავაშავე, ეს ბიჭი რომ ვერ მოვიშორე? - ცაში აიხედა ზურამ.
- დიდებული ადამიანები რომ უძეგლოდ იკარგებიან, ეგ „ამბავია“ , გავა დრო და დამაფასებ - არ ჩერდებოდა გეგა.
- კარგი, წავიდეთ მაშინ და ვნახოთ, ვის რა შეუძლია.
ლიკასა და თორნიკეს, ისევ ვერ ვაჯობეთ, ჩვენ წყვილში რომ ვერ ვითამაშეთ, მაგიტომ წავაგეთო, თავს იმართლებდნენ მარიამი და სოფო.
- ბოულინგში ვერა, მაგრამ ცხოვრებაში მოვიგე ძალიან მაგარი ვიღაც - ჩავჩურჩულე ჩემს წაბლისფერთმიანს ყურში და დავინახე, როგორ წამოუხურდა სახე.
- იმედი მაქვს, შენს მეგობრებთან გამოცდა წარმატებით ჩავაბარე - გამიღიმა ლექტორმა.
- მაგას კითხვა უნდა? - ვუთხარი და ხარბად ჩავისუნთქე მისი თმა.
- გეგა ძალიან მაგარი ტიპია - შეაფასა სოფომ ჩემი მეგობარი.
- ხომ გეუბნებოდი, ნამდვილი ფეიერვერკია-მეთქი?
- მის გვერდით მარიამის დანახვა ისე გამიკვირდა, რომ რა ვიცი, ყველაფერს ველოდი ამის გარდა - განაგრძობდა საუბარს ლექტორი.
- ჰო, ცხოვრება რომ სასიამოვნო მოულოდნელობებითაა სავსე, ამაში ბევრჯერ დავრწმუნდი, განსაკუთრებით, ამ ბოლო დროს - თვალებში ჩავხედე წაბლისფერთმიანს.
- ჰო, ასეთი რაღაცები შემთხვევით არ ხდება - დამეთანხმა ისიც.
ყველაფერი იდეალურად იყო. იმდენად იდეალურად, მეშინოდა კიდეც. ცივმა სიომ დაუბერა და სოფოს პლედი მოვახურე ბეჭებზე :
- გუშინ სიცხე გქონდა, არ შეგიბრუნდეს, მეც აუცილებლად უნდა ჩაგეხუტო - ვითომ გავამართლე ჩემი ჩახუტება ამ სიტყვებით.
- ხო? შენს ჩახუტებას რეცეპტი არ სჭირდება? - ხუმრობის ხასიათზე დადგა ლექტორი.
- შენთვის არა.
- და სხვისთვის? - ეჭვიანობის ნაპერწკალი გაუკრთა თვალებში სოფოს.
- სხვისთვის დავფიქრდები - განვაგრძობდი ხუმრობას მეც.
საღამო დასასრულს უახლოვდებოდა, მანქანებში გადავნაწილდით, სოფოს კარი გავუღე და ის იყო, მეც უნდა დამეკავებინა საჭესთან კუთვნილი ადგილი, ნაცნობი სურნელი მომიტანა ქარმა. მერე გამოსახულება გაბუნდოვნდა, ფეხქვეშ თითქოს მიწა გამომეცალა, დავინახე, როგორც მოაბიჯებდა ჩემკენ უკვე მივიწყებული სილუეტი ქერა, გრძელი თმით. მანქანას დავეყრდენი და მისი ხმაც გავიგონე :
- საღამო მშვიდობის, სანდრო - დიახ, ეს ნამდვილად თათია იყო, არ მეჩვენებოდა.
- გამარჯობა, თათია - ვუპასუხე მკაცრად.
- რა ფერი გაქვს, არ გაგეხარდა ჩემი დანახვა - კეკლუცობას აგრძელებდა ქერათმიანი.
- გაგიკვირდება და არა - ვუთხარი მკაცრად.
- რა ხდება სანდრო, ასე ძალიან შეიცვალე თუ ყველაფერი დაგავიწყდა? ასეთ დახვედრას არ ველოდი - წამოენთო გოგონა.
- ერთ მდინარეში ორჯერ არ შედიან - ვუპასუხე მკვახედ და მანქანაში ჩავჯექი. თბილისამდე ხმა არ ამომიღია. ვხვდებოდი, მძიმე საუბარი მელოდა წინ და გული ცუდს მიგრძნობდა.



№1  offline წევრი დარინა

როგორ მიყვარს სანდროს და სოფოს წყვილი ისეთი ლაღები და საყვარლები არიან მათბობენ თავიანთი სიყვარულით, ახლა თატიას გამოჩენა იქნებოდააა, იმედია სანდრო ივაჟკაცებს და სოფოს არ დაკარგავს, ყველაფერს აუხსნის და სოფო დარწმუნებული ვარ გაუგებს, უნდა გაუგოს, აუ არ მინდა ეს წყვილი რომ დაიშალოს ტანჯვისთვის არ მემეტებიან, სულ მოგელიი ახალი თავით მიყვარს ეს ისტორიააა.

 


№2  offline წევრი kora

როგორ გამიხარდა ახალი თავი, ძალიან შემიყვარდა ეს ისტორია. სიყვარულითაა სავსე და მინდა ბოლომდე ასე იყოს. იმედი მაქვს თათიას გამოჩენით სანდროს არ დააშვებინებ ისეთ შეცდომას რომ გაუფერულდეს ეს პერსონაჟი, ამ პერსონაჟის გარეშე კი ჩემთვის ისტორიაც გაუფერულდება...
კარგი გოგო ხარ და კარგად წერ, მოუთმენლად ვუცდი შემდეგ თავებს <3
--------------------
kira.G

 


№3 სტუმარი სტუმარი ნათია

როგორც იქნაა არ მეგონა თუ დღეს დამხვდებოდა, არადა როგოე ვუცდიდი. თათიას გამოჩენა არ მესიამოვნა ძლივს დალაგებული ისევ უნდა აურიოს სანდრინიოს. თუმცა საჭიროა ასეთების არსებობაც . გამოცდას უნდა გაუძლონ.

 


№4  offline წევრი Chameleon ))

მუღამი დამეკარგა ისტორიის კითხვის იმდენხანს არ დებდი :/

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent