აბლაბუდა თავი პირველი
თბილი და მზიანი შემოდგომა იდგა თბილისში, აი ისეთი ცხოვრებას რომ მოგანდომებდა ადამიანს. ქუჩა-ქუჩა ხეტიალს, ყვითელ ფოთლებში ხელის არევას და ჭრელ ფერებში დაკარგვას. სამარშუტო ტაქსში მჯდომმა იმდენად რეალურად წარმოვიდგინე ეს ყველაფერი, რომ უნებურად გულიც კი დამწყდა, რამდენი ხანია ქალაქიდან არ გავსულვარ?!. ისე ამოვიხვნეშე თითქოს მთელი სამყაროს დარდი ამოვაყოლე და ისევ ტელეფონის ეკრანზე აციმციმებულ წერილობით შეტყობინებას დავაცქერდი. ჩემი უახლოესი მეგობრის ყურებამდე გაკრეჭილი სახე მხიარულად მიღიმოდა, სამწუხაროდ იგივეს ვერ ვიტყოდი მის მიერ მოწერილ ელექტრონულ წერილზე: - იმ დეგენერატმა ისევ „დამსინა“, ორი დღეა მესიჯს ვუგზავნი და პასუხსაც არ მცემს. - მოწერილი აღვარღვარებული ღიმილით სრულდებოდა. წესით ახლა უნდა შევშფოთებულიყავი, ალბათ შეწუხებულს უნდა დამერეკა, თუმცა მშვიდად ვკრეფ ტექსტს. - ეგ რომელია? - სწრაფად ვაგზავნი და მისი გაცოფებული სახის წარმოდგენაზე სულელივით მეღიმება. - რა რომელი? ნიკუშა გოგო. - ცრემლიან ღიმილს ამჯერად გაბრაზებული ჩაენაცვლა. - პაემანზე შენ რომ დაპატიჟე? - ნამდვილად ვერ ვხვდები მისი მრავალრიცხოვანი თაყვანისმცემლებიდან რომელია ნიკუშა. - არა. Facebook-იდან რომ გავიცანი. საპასუხოდ ტექსტური შეტყობინების აკრეფა მეზარება და პირდაპირ ვურეკავ. - კაი რა. - მისი ნამტირალევი ხმის გაგონებაზე ვკისკისებ - როგორ შეიძლება ონლაინ გაცნობილი ადამიანის გამო მოთქვამდე? - არაფერი არ გესმის. ისე ახლოს ვართ. - უფრო ამოუჯდა გული. - არც კი იცნობ. იქნებ საერთოდ არცაა ნიკუშა? - აბა ვინაა?! - შიში გაეპარა ხმაში. - ვინმე ოთხმოცდაათი წლის მაყვალა! - ავხარხარდი მე. - არასერიოზულო, ხმა არ გამცე, აღარ გელაპარაკები! - მართალია ისევ ქსუტუნებდა, მაგრამ მაინც ვიგრძენი როგორ გაეღიმა. - რამდენჯერ უნდა აგიხსნა, თიკო, არ შეიძლება ონლაინ გაცნობილ ტიპებთან მეგობრობის გაბმა, დღეს არიან - ხვალ არ იქნებიან. ან რა გარანტია გაქვს, რომ ბიჭია, იქნებ ვინმე გაშაყირებს? - ნუ მიყვები ზღაპრებს, აი გაიცნობ შენც და... არ ჩუმდება და მეც მოთმინებით ვისმენ მათი გაცნობის ისტორიას, როგორ მოეწონა, რომ მისი ნიკუშას მსგავსი ადამიანი მეორე არ დადის დედამიწაზე. პაუზასაც არ აკეთებს, მეც სხვა რა დამრჩენია თავის ქიცინით ვეთანხმები მის მონოლოგს. - ოკ. კარგი, დაასრულე, ასეთი კარგი თუა - გამოჩნდება, სად წავა?! - ისევ ირონიულად მეცინება და აი, აქ ვუშვებ საბედისწერო შეცდომას. - დეა, კარგი რა.... - ისედაც გულჩვილს ჩემი სიტყვები ისევ წყინს და ცრემლებს აფრქვევს. სხვა რაღა დამრჩენია? მოთმინებით ვისმენ ხელახლა მისი ტრაგიკული სიყვარულის ისტორიას, წუწუნს უბედობაზე, ამ პერიოდში სამარშრუტო ტაქსი ბოლო გაჩერებაზეც ჩერდება, თანხას ვიხდი და ისევ ტელეფონით ყურზე ვაგრძელებ გზას სახლისკენ, ვისღა ახსოვს თბილი შემოდგომა და ბუნებაში სეირნობა ახლა ფიქრებით მაგიდაზე გაშლილ საკუთარ რომანს ვუტრიალებ, რომელსაც აგერ უკვე მეხუთე დღეა რედაქტირებას ვუპირებ და ვერა და ვერ მოვიცალე. - კარგი თიკო, დამშვიდდი, გამოჩნდება აბა სად წავა, იქნებ ქალაქიდანაა გასული, იქნებ სახლში რომ კატა ჰყავდა, ის გაუხდა ცუდად? - ისევ ხუმრობას ვცდილობ. - კატა, რომელი კატა?! - აშკარად ვერ მიმიხვდა. - აი, ის ბებიამისს რომ ჰყავდა და სახურავზე რომ იჯდა. - უხეიროდ ვიკრიჭები. - დამცინი ხომ? არადა მე სულელს მეგონა ოდნავ მაინც გამიგებდი. - დედას გეფიცები მთელი გულით ვცდილობ, - როგორც იქნა დავსერიოზულდი - მაგრამ მილიონჯერ მაინც მითქვამს, არ შეიძლება მსგავსი მიმოწერის სერიოზულად აღქმა. მესმის ერთობი, მაგრამ ხომ ხედავ რა დღეში ხარ? - ვერაფერიც ვერ გაგიგია, როდის გითხარი ვერთობიო? მიყვარს გესმის?! მთელი გულით მიყვარს. - გაკაპასდა თიკო. - უცნობია, მისი სახეც კი არ იცი! - ხმას ავუწიე მეც. - ფოტო მაქვს ნანახი. - იქნებ სხვისი გამოგზავნა, რა იცი რომ ისაა? - აუტანელო, არაფერიც არ გესმის, შენ სამყაროში ხარ ჩაკეტილი და იმის იქით არ იხედები. - დაუნდობლად მლანძღავს ბავშვობის მეგობარი სრულიად უცნობი ნიკუშას გამო. - თიკო, მგონი ზედმეტი მოგდის. - არაფერიც. ვიღაცამ მაინც ხომ უნდა გითხრას სიმართლე?! ამიტომაც ხარ დღემდე მარტო! გაანჩხლებულმა მეგობარმა ტელეფონი ისე გამითიშა სიტყვის თქმაც არ დამაცალა. თუმცა რომ გითხრათ დიდად ვიდარდეო, მოგატყუებთ, კარგად ვიცოდი მისი ფეთქებადი ხასიათის შესახებ, სულ რამდენიმე წუთი და ბრაზი გადაუვლიდა. თუმცა მისმა სიტყვებმა მაინც ჩამაფიქრა. იქნებ არც ცდებოდა, იქნებ მართლა ჩემში იყო პრობლემა და ამიტომაც ვიყავი დღემდე მარტო? თავი უარყოფის ნიშნად გავაქნიე, ყურსასმენები მოვირგე და მთელი არსებით საყვარელ მელოდიაზე გადავერთე. იმდენად მსიამოვნებდა შემოდგომის თბილი დღე, რომ პერიოდულად მავიწყდებოდა კიდეც ქუჩაში რომ მივაბიჯებდი და მელოდიას სხეულსაც ვაყოლებდი. რეალობაში ისევ გამვლელთა გაოცებულმა მზერამ დამაბრუნა. არ ვარ ალბათ ნორმალური, თუმცა ეს ხომ ისედაც ვიცი? ღიმილი ისევ არ მშორდება. ეზოში შეკრებილ პენსიონერთა საპატიო ბირჟას მთელი მოწიწებით ვესალმები და ვიდრე ჩვეული, უწყინარი კითხვა დაუსვამთ, რატომ არ ვთხოვდები, სწრაფი ნაბიჯით შევრბივარ სადარბაზოში. ესეც ასე, როგორც იქნა დანიშნულების ადგილამდეც მივაღწიე. მიუხედავად იმისა, რომ ლიფტი ყოველთვის მუშაობდა, შესვლა აზრადაც არ მომსვლია, კიბეები შეუჩერებლად ავირბინე, მეექვსე სართულზე საკუთარი ბინის კარი გავაღე და ისე შევვარდი, თითქოს უკან ვინმე მომდევდა. ფეხსაცმელები შესასვლელშივე გავიხადე, იქვე მოთავსებულ ჩუსტებს გვერდულად გავხედე და გრილ მეტლახზე ფეხშიშველი გავტანტალდი. დედა ექთნად მუშაობდა, შესაბამისად ღამეს ან საავადმყოფოში ატარებდა ან რომელიმე მოხუცს უვლიდა დამატებით ანაზღაურების სანაცვლოდ, ახლაც ალბათ ისევ მორიგეა. მამა ბუნდოვნად მახსოვს. ქუჩურ ჩხუბში დაღუპულს უფრო მისი მეგობრების მოგონებებიდან ვიცნობდი. ბებია-ბაბუას ზაფხულობით არდედეგების დროს თუ ვნახავდი სოფლად ჩასული. ასეა თუ ისე, თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მარტო ვიზრდებოდი. თუ არ ჩავთვლიდით თიკოს და მის ოჯახს, რომელიც არც მეტი და არც ნაკლები, ჩემი კარის მეზობელი გახლდათ. თიკოს მშობლები ოჯახის სარჩენად საზღვარგარეთ სამუშაოდ წავიდნენ და გოგონა გასაზრდელად ბებიასთან დატოვეს. მართალია თიკო მუდამ მშობლების გადაწყვეტილებაზე წუწუნებდა, მაგრამ უნდა ვაღიარო, მე ნამდვილად გამიმართლა. წარმოდგენაც კი არ მინდოდა, რა იქნებოდა ჩემი ცხოვრება მის გარეშე. მიუხედავად იმისა, რომ ერთმანეთისგან ძალიან განვსხვავდებოდით, როგორც ფიზიკურად ასევე ხასიათით ერთმანეთს არ ვშორდებოდით. მუდამ პოზიტიური და ხალისიანი მისი სიგიჟეებით აშკარად მავსებდა და ჩემ ცხოვრებაში ზუსტად ის დაკარგული სილაღე და თავისუფლება შემოჰქონდა ასე რომ მჭირდებოდა. არ ვიცი მე რამდენად კარგი მეგობარი ვიყავი, თუმცა ფაქტია ხშირად ამბობდა, რომ ჩემი ძველმოდური, კონსერვატორული აზროვნებით ძალიან ვგავდი სოფელში მცხოვრებ ბებიაჩემ, მედიკოს. ამას ისიც ემატებოდა, რომ დედაჩემმა საკმაოდ მრავალმნიშვნელოვნად აღნიშნა, დეა სწორედაც რომ ზ/აღნიშნულ ბებიის საპატივცემულოდ დავარქვიო და თიკოსაც მეტი რა უნდოდა. ყოველ ხელსაყრელ შემთხვევას იყენებდა, როგორმე ბებიის სახელით მოემართა. სხვას ამის გამო ალბათ თვალებს დავთხრიდი, მაგრამ ის ხომ თიკო იყო? ერთს დამიფახუნებდა მის ლურჯ თვალებს და ბრაზიც მაშინვე გადამივლიდა. მოკლედ ბევრი რომ არ ვილაპარაკო. ავად თუ კარგად, ჩვენ ორნი მუდამ ერთად ვიყავით. სკოლაში ერთ მერხთან მჯდომნი, ერთ სახლში მცხოვრებნი, ხშირად ერთი საწოლის მოზიარეც კი. მუდამ მოკინკლავე, თუმცა მაინც ყველაზე მაგარი მეგობრები. ალბათ შემედავებით, მეტყვით რომ თქვენ ბევრად უკეთესი და ერთგული მეგობრები გყავთ, მაგრამ მე მაინც ჩემი თიკო მიმაჩნია საუკეთესოდ. საყინულიდან ნაყინს ვიღებ, ცივ ყავას ვთქვეფ და კარის მეზობელთან ელექრონულ წერილსაც ვუშვებ. სულ რამდენიმე წამში მესმის ძლიერი კაკუნი და მეც ღიმილით გავრბივარ გასახსნელად. ესეც ჩვენი ჩვევაა, მიუხედავად კარზე არსებული ზარისა, ვაბრახუნოთ იქამდე, ვიდრე მასპინძელი კარს არ გახსნის. - დაგიგვიანდა, ქალბატონო?- საყვედურებით შემოვიდა თიკო. - ვითომ? - ეჭვით ვუმზერ ხელზე მოთავსებულ საათს. - თხუთმეტი წუთია კართან ვიცდი როდის გამომიგზავნიდი მესიჯს! - უცერემონიოდ აიღო მისთვის მომზადებული ნაყინიანი ყავა და სავარძელში მოთავსდა. - რატომ არ გამოხვედი, მესიჯს ელოდებოდი? - თვალები მიფართოვდება გაოცებულს. - რა თქმა უნდა. რომ შემოვსულიყავი ყავას ისევ მე გამაკეთებინებდი! - თვალებს ეშმაკურად ათამაშებს საკუთარი სიტყვებით კმაყოფილი. - გიჟი ხარ! - სიცილს ვეღარ ვიკავებ მისი მოთხუპნილი საულვაშის დანახვაზე უშედეგოდ რომ ცდილობს ენით მოიწმინდოს - რაო ნიკოლოზმა? - ნიკოლოზი კი არა, ნიკუშა... - თვალები სიხარულით უციმციმებს და ტუჩებს ბუსხავს. - გაბრაზებული აღარ ხარ? - მისი უჩვეულოდ დატკბობა ძნელია ვერ შენიშნო. - ფეხი უტკენია. მყესები მაქვს დაჭიმულიო. - თაბაშირში ჩასმული ბანჯგვლიანი ტერფის ფოტოს ცხვირთან მიტრიალებს. - ფეხი უტკენია თითი ხომ არა? - ირონიას არ ვიშურებ. - არა, გოგო, საავადმყოფოში დააწვინეს. მობილური კი სახლში დარჩენია. - ამართლებს ვაჟს. - დავიჯერე. ეგ ზღაპრები მოუყვეს იცი ვის? - მეგობრის მიამიტობაზე უკვე ვღიზიანდები. - დედას გეფიცები, ასე ყოფილა. - ისევ თვალებს აფახუნებს თიკო. - კარგი, რაც არის არის. იმედია შენს ტრამვირებულ ბიჭს არ ეწყინება ამ საღამოს ჩემი ესსეს გამომცემლობაში ჩაბარებას თუ აღვნიშნავთ? - ანუ მოიწონეს? - ვისღა ახსოვს ნიკუშა და მისი ნატკენი ფეხი, ადგილიდან მყისვე წამოხტა - ასეც ვიცოდი, ხომ გეუბნებოდი, აი ხომ ვამბობდი? - ემოციებს ვეღარ მალავდა აღტაცებული - ჰონორარზე რაო, როდის ჩაგირიცხავენ? - ავანსი უკვე მომცეს... - გაიგეთ ხალხო, დაქალი ცნობილი მწერალი მეყოლება!... - მე აღარც მისმენდა გახარებული დარბოდა სახლში. ყველაზე მეტად სწორედ უდარდელობა მიყვარდა თიკოს ხასიათში, ნებისმიერ ქალურ სტანდარტს ანგრევდა, გინახავთ ვინმე თხუთმეტ წუთში ემზადებოდეს და მაინც შეუდარებლად გამოიყურებოდეს? სულ უბრალო ჩითის სარაფანშიც კი შეეძლო საზოგადოების ყურადღების მიპყრობა. ასეთი იყო ბავშვობიდანვე და ასეთად დარჩა. ამაყი მზერით შემათვალიერა, ჩემი დაძენძილი ჯინსები და მაისური დიდად თვალში არ მოუვიდა, ის-ის იყო საყვედური უნდა ეთქვა, რომ გამაფრთხილებლად ავუწიე საჩვენებელი თითი: - არ დაგავიწყდეს, გადამხდელი მე ვარ. დღეს ჩემი გაღიზიანება არ გაწყობს! - ტუჩსაცხი მაინც წაგესვა? - ბედს შეგუებულმა ღია ვარდისფერი კოლოფი ხელში შეათამაშა. მიუხედავად იმისა, რომ დიდად არ მიყვარდა პრანჭვა, გამოწყობილ მეგობარს ხათრი ვეღარ გავუტეხე, ჩვეულებისამებს ცხენისკუდივით შეკრული თმა გავიშალე და თიკოს თქმით მსუბუქი მაკიაჟიც გავიკეთე, ჩემთვის რომ გეკითხათ სახეზე ამაზე მეტის წასმა წარმოუდგენელიც კი იყო. - ეს რა ფეხსაცმელია?! - ახლაღა შენიშნა კარადაში საგულდაგულოდ გადამალული თერთმეტ სანტიმეტრიანი ვერცხლისფერი ფეხსაცმელი. - დედაჩემს რომ კაცი დაუჯერებს უარესის ღირსია. ქალს ერთი გასასვლელი ფეხსაცმელი ხომ უნდა ქონდესო, გაიგიჟა თავი და აგერ მეორე წელია განისვენებს თაროზე. - ირონიულად გამეცინა. - აუ, სუფთა ტყავია, რა ქუსლი აქვს?! ეს ჩაცმული რა იქნება, გეხვეწები მოიზომე რა! ერთად-ერთ მეგობარს ასეთ წვრილმანზე უარს ხომ არ ვეტყოდი? მყისვე წავყავი ფეხები და მოდელის მოძრაობით ამაყი სახით გავიარ-გამოვიარე. - გეხვეწები, თუ გიყვარდე, დღეს ეგენი ჩაიცვი და ამ გაურკვეველ ფერის მაისურზე უსიტყვოდ დავხუჭავ თვალებს? - მუდარით მიმზერდა თიკო. - ზედმეტი მოგდის! - დაფეთებულმა ფეხსაცმელები ისე შევტენე კარადაში, თითქოს ძალით მიპირებდა ჩაცმას. მიუხედავად იმისა, რომ კარგად იცოდა ჩემი ხასიათიც და ჩაცმულობის სტილიც, მაინც არ იღლებოდა იმის მცდელობით ოდნავ გამომწვევად თუ არა, ქალურად ჩაცმული მაინც ვენახე. ამ საკითხში დედაჩემიც აიყოლია. არ ვამბობ რომ არ მიხდებოდა, რა თქმა უნდა მომწონდა საკუთარი თავი ქუსლებზეც და კაბაშიც, თუმცა ჩემი რეჟიმით მცხოვრებ ადამიანს ვერაფრით ვერ ვიგებდი, როგორ შეიძლებოდა ასე ჩაცმულს თავი კომფორტულად მეგრძნო. - აღარ მივდივართ?! - იქვე მიგდებულ ქურთუკს ხელი ვტაცე და უკვე კარში მდგომმა გამოვძახე გახევებულ დაქალს. - ერთი ფეხის ზომა მაინც გვქონოდა! - დუდუნით მომყვებოდა კიბეებზე თიკო. ბევრი რომ არ გავაგრძელო, ჩემი ჩაცმულობა განხილვის თემა გახლდათ ბარში მისვლამდე. თურმე სულ ამ დაგლეჯილი ჯინსებისა და ესოდენ საყვარელი კედების ბრალი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში რომ არ ჩნდებოდა ის ერთად-ერთი, თეთრ რაშზე ამხედრებული პრინცი. ასე გაგრძელდა ოდნავ შეთრობამდე. ორიოდე ჭიქის შემდეგ ჩემი ჯინსები და უცხენო პრინცები აღარც გახსენებია, რომ დაიწყო ცეკვა არ დამჯდარა, თავისთავად ცხადია არც მე გავჩერებულვარ ერთ ადგილას, ვერთობოდით ვიდრე ვიღაც ორი სახე დაკარგული ბიჭი არ ავიკიდეთ. გონება არეულები მაქსიმალურად ცდილობდნენ ცეკვისას მთელი ტანით მოტმასვნას, სამწუხაროდ ვეღარც ხელებს უძებნიდნენ ადგილს და ვერც ერთხელ ნათქვამი „არა“-ს დანიშნულება გავაგებინე. ხან დაღლა მოვიმიზეზეთ, ხან უგუნებობა, თუმცა მათი ჩამოშორება სულაც არ გამოდგა ასე მარტივი. ისევ ნაცნობ ბარმენს ვანიშნეთ დაგვხმარებოდა, ტაქსი გამოგვიძახა და უკანა კარიდან ქურდებივით გამოვიპარეთ. - შენ კიდევ ჩემ ჯინსებს იწუნებდი! - ისტერიულად მეცინებოდა თიკოს შეშინებული სახის შემხედვარეს წარა-მარა უკან რომ იყურებოდა, ბიჭები ხომ არ გამოგვყვნენო. - რა იყო ეს, ამათი შიშით ვეღარც უნდა იცეკვო?! - სამშვიდობოს დაიგულა თუ არა თავი, საუბრის საღერღელიც გაეხსნა - ისე შენი ბიჭი სულაც არ იყო ცუდი ტიპი... - თვალებში ჭინკები უხტოდა. - მეც მაგ საკითხზე ვფიქრობდი. მგონი ბედი მეხსნებოდა და ვერ დავაფასე. - ირონიულად გამეცინა. - ვერ ისწავლე ჭკუა, მერამდენედ უშვებ ერთსა და იმავე შეცდომას?!. - თავი ისე გადააქნია თითქოს ძალიან წუხდა - შენი არ ვიცი და მე მაგრად მეძინება! მთქნარებითა და ფეხების ფრატუნით ისე შევიდა საძინებელში მეც კი დავიჯერე, რომ იძინებდა. თუმცა ოთახში შესულს ლოგინზე ბუდას ფორმაში მჯდომი, ბეჭებთან ბალიშებ ჩალაგებული და მუხლებზე კომფორტულად მოთავსებული ლეპტოპით დამხვდა. - არ დაიძინე? - გაოცება ვერ დავმალე აციმციმებულ ეკრანს მიშტერებული მეგობრის დანახვაზე. - არა, გოგო ნიკუშასთან ლაპარაკს შევყევი და.... - ლაპარაკს თუ წერას? - ინტერესით მივაჩერდი ეკრანს, თუმცა სიტყვების ნაცვლად მხოლოდ სხვადასხვა ფორმის ღიმილები დავინახე, თიკომ მახინჯი ცუგო შეარჩია, სასაცილოდ რომ იჯღანებოდა და გაგზავნის ღილაკსაც დააჭირა ხელი. ეშმაკური სახით ელოდა ნიკასგან საპასუხო გამოსახულებას. დიდხანს ლოდინი არ დასჭირდა, მალევე გამოჩნდა გაპრანჭული ბაჭია. - ამას ეძახი მიმოწერას? - სიცილი ვეღარ შევიკავე თვალებაციმციმებული დაქალის შემხედვარემ. - უჟმურო, არაფერიც არ გესმის!... - ერთი კი შემომიღრინა, თუმცა თვალი ისევ ეკრანზე აციმციმებული წითელი, გატეხილი გულისკენ გაექცა - შეხედე რა საყვარელია... - სახე გაებადრა ბედნიერებისგან. - განა შეიძლება დღევანდელ ცხოვრებაში, როცა გვერდით მყოფ ადამიანშიც კი არ ხარ დარწმუნებული რას ფიქრობს, ასე ვირტუალურად უჯერებდე ვიღაცას? - სკეპტიკურად ავხედე აჟიტირებულ მეგობარს. - არ გესმის, არაფერიც არ გესმის. ბევრი ვიდუდუნე, თუმცა უშედეგოდ. თიკოს უბრალოდ არ სურდა ჩემი გაგონება. - ღმერთო, შენ უშველე ყველა გაჭირვებულს, რომ ჰკითხო ჩემთან დარჩა! - უკმაყოფილომ თავზეც კი დავიფარე თხელი პლედი. ერთი კი გამომხედა ცალი თვალით და თითების კაკუნით გააგრძელა მის ნიკუშასთან საუბარი. მონოტონურად, გამაღიზიანებლად ისევ ჩამესმოდა კლავიატურის კაკუნი, თუმცა დაღლილობამ მალევე შემახსენა თავი და როდის ჩამეძინა ვერც გავიგე. მიუხედავად წინა დღის ნაბახუსევისა, ჩვეულებისამებრ ისევ გამთენიისას გამეღვიძა. თიკოს ნოუთბუქით ხელში ჩასძინებოდა. სხვისი წერილობითი შეტყობინებების კითხვა არ მჩვეოდა, თუმცა თვალი აციმციმებული ეკრანისკენ მაინც გამექცა, თიკოსგან გაგზავნილი უკანასკნელი მესიჯი 4.45 წუთს უჩვენებდა. - გადარეული... - ფრთხილად ავაცალე ნოუთბუქი და იქვე მდგომ ტუმბოზე მოვათავსე. მესენჯერი ისევ ციმციმებდა, წარა-მარა წკაპუნი მორიგი წერილობითი შეტყობის მიღებას გვამცნობდა. მიუხედავად იმისა, რომ თიკო აღარ პასუხობდა, ნიკუშა ისევ რაღაცას წერდა. - ეს ხომ არის და არც ის აკლებს სიგიჟეს. - ისევ მოდიოდა უპასუხოდ დარჩენილი შეტყობინებები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.