შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მზარეულის დღიური 8


14-03-2019, 17:49
ავტორი გაზაფხული
ნანახია 1 449

წასვლის დღე მოახლოვდა, მაქსიმალურად ვეცადეთ დაგვესვენა, რადგან ღირსეულად შევხვედროდით ოცდაშვიდ საათიან მგზავრობას. დილით ათ საათზე გამეღვიძა, ელენე უკვე ქვემოთ ჩასულიყო და თან ბარგიც ჩაეტანა. ნახევარ საათში მეც მზად ვიყავი და ლიფტით ქვემოთ ჩავედი. ელენე ალის ელაპარაკებოდა, არ ვიცი რა ჰქონდათ ამდენი სასაუბრო, თუმცა კუშადასის შემდეგ გაუჩერებლივ საუბრობდნენ და ერთმანეთს აზრზებს უზიარებდნენ.
-Günaydın- მივეესალმე ყველას და სათითაოდ ყველას თავი დავუკარი - ელენე, როგორ გეძინა? - მივუახლოვდი და ხელი წავკარი - მოგენატრება შენი ოცნების მამაკაცი?
-მაიმუნობას სჯობს მძღოლს გადაურეკო და გაიგო რამდენ ხანში მოვა, რომ წესიერად მოვასწრო ალისთან დამშვიდობება - ძალიან დიდ ყურადღებას აქცევდა ალის და უკვე ვეჭვობდი კიდეც, რომ მისი გრძნობები ნელ-ნელა სერიოზულდებოდა.
მძღოლი ათ წუთში სასტუმროსთან იქნებოდა, რაზეც ელენეს სახე ერთიანად მოიღუშა, ალისთან მივიდა და ძლიერად ჩაეხუტა, გაოცებისგან ლამის შევყვირე, რადგან ორ დღეში ასეთ სიახლოვეს არ ველოდი. მეც დავემშვიდობე ყველას, თუმცა ხელის ჩამორთმევა სრულიად საკმარისად მომეჩვენა და ათ წუთში უკვე გარეთ ვიყავით. ალიმ გამოგვაცილა, ბარგი წამოიღო და ბოლო წამებს ითვლიდა ჩვენთან, უფრო სწორად ელენესთან ერთად.
-მშვიდობით ალი, მშვიდობით იზმირო, მშვიდობით პირველო სიყვარულო. მყვირალა კაცო, შენც მშვიდობით იყავი და ახლა სხვა გოგონები გააგიჟე დილის ექვს საათზე ალაჰ, ალაჰის ძახილით, მშვიდობის ზღვაო და სიმითის გამყიდველო, მშვიდობით ჩემო ახლადშეძენილო მეგობრებო, მშვიდობით მზევ და მთვარევ თურქეთისაო. ძალიან მომენატრებით, განსაკუთრებით ჩემი შავთვალება ბიჭი მომენატრება, თუმცა მუხთალია ცხოვრება, გამოგაჩინა და კვლავ სადღაც, ათასობით კილომეტრის იქით გტოვებს, ეჰ, ჩემო ალი, იმედია ღირსეულ გოგოს შეირთავ ცოლად, დაივლით იზმირის ქუჩებს ცეკვა-ცეკვით და მონეტებით სავსე ქისებს გადმოგაყრიან მეზობლები მუხუდოს მარცვლებთან ერთად. ბედნიერებას გისურებ შენს მომავალ ცოლთან და პატარა თურქის შვილებთან ერთად - მთელი მონოლოგი წაიკითხა ელენემ ავტობუსში ასვლისთანავე და თან თვალზე ცრემლიც კი მოადგა რამდენჯერმე - იცი, მართა, მე მართლა მომეწონა ალი, ის ისეთი თბილი იყო, ყურადღებიანი, არცერთ იმ მამაკაცს არ ჰგავდა, რომლებსაც აქამდე შევხვედრილვარ, თუმცაც მათი სია იმდენად მწირია, რომ შეიძლება ვაბუქებდე კიდეც. ეჰ - გამოიკვნესა - რა კარგია საყვარელი მამაკაცი, რომ გელოდება საქართველოში. ვფიქრობ, რომ შენი და ვატოს ურთიერთობა მალე განვითარდება, შენი წარსული კი ხელს კი არ შეგიშლის, პირიქით, დაგეხმარება კიდეც. მაგრამ ერთ რჩევას მოგცემ, არასოდეს დაიწყო მისი გაკონტროლება, მართალია შენ გული გეტკინა, მაგრამ ის უღირსი მამაკაცი იყო, ვატოს კი მიეცი უფლება თავისი ერთუგლება დაგიმტკიცოს. არასოდეს შეადარო ის ლევანს, არასდეს აგრძნობინო მისი არსებობა თქვენს ურთიერთობაში, შეიძლება ბევრჯერ გაგახსენდეს, თუმცა შენშივე ჩაკალი ეს გრძნობები, მართა. გთხოვ, შეცდომა არ დაუშვა.
ელენეს სიტყვები სრული ჭეშმარიტება იყო. მე მზად ვიყავი ვატოსთვის ჩემი გრძნობები გამემხილა, გრძნობების სისწორეში განშორებამ კიდევ უფრო დამარწმუნა, მისმა მონატრებამ ბოლო დღეებში ძილიც კი დამიფრთხო.
-ვატო სარფში დაგვხვდება და იქედან თავისი მანქანით წაგვიყვანს თბილისში. ვერ მოვითმენ დამატებით ოთხი საათი შენს მონატრებაშიო და თვითონ გადაწყვიტა თითქმის ოთხასი კილომეტრის გამოვლა
***
კვლავ ხმაურით გავიარეთ მე და ელენემ თუნუქის ვიწრო გვირაბი და უკვე ჩვენს მიწაზე ვიმყოფებოდით. განსაკუთრებით ლამაზად მომეჩვენა იმ დღეს ჩვენი სამშობლო. განსაკუთრებით ვიგრძენი მისი სილამაზე. ჩემს თვალში ზღვა ბევრად ლამაზი მეჩვენებოდა საქართველოს ნახევარზე, მინდოდა მიწაც კი დამეკოცნა, ხარბად ვისუნთქავდი სენსტიან ჰაერს და თავს ისე ვატრიალებდი, თითქოს პირველად ვყოფილიყავი იმ ადგილას.
გზის მეორე მხარეს ვატო დავინახე, მანქანას მიყრდნობოდა, სიგარეტს ეწეოდა და თან მარჯვენა ფეხს ნერვულად ათამაშებდა. მუხლამდე შორტი ეცვა თეთრი ფერის, ფეხზე დაბალყელიანი კედები და თეთრი, ასევე დაბალყელიანი წინდები, ზემოთ კი მწვანე სადა მაისური, რომელზეც ისეთივე ფერის გრძელსახელოიანი მაისური მოეგდო ბეჭებზე. დანახვისთანავე გული განსაკუთრებულად ამიძგერდა, ელენეს დავუტოვე ბარგი და სირბილით გავიქეცი მისკენ.
მან უფრო გვიან შემამჩნია, სიგარეტი მაშინვე ჩააქრო და ჩემკენ წამოვიდა, თეძოებზე ხელი მომხვია და ჰაერში ამწია. ხელებს მაგრად ვუჭრდი და ძირს დასმას ვთხოვდი. დავსმა, ახლა უფრო გულიანად ჩამეხუტა და ჩემს კისერში თავი ჩარგო.
-მართა, საყვარელო, შენი სუნი როგორ მომენატრა - მომიცილა, ხელები მკლავებში მომკიდა და თვალებში ჩამხედა - როგორ მომანატრე თავი, შე საძაგელო
ამასობაში ელენეც მოგვიახლოვდა და ერთმანეთი გავაცანი.
-მართა, არ გითქვამს, რომ ასეთი სიმპატიური იყო შენი ვატუნა - ჩუმად ჩამჩურჩულა ყურში და გამომწვევად გამომხედა ელენემ - ჩემი ალი, რომ არა წაგართმევდი ამ ბიჭს, ეჭვიც არ შეგეპაროს.
-გოგონებო - სარკეში გამოგვხედა ვატომ - ბათუმშო ხომ არ შეგვევლო? ერთი-ორი დღე დავისვენოთ და შემდეგ წავიდეთ თბილისში.
იდეა ძალიან კარგი იყო, თუმცა არ მინდოდა კიდევ გამეცდინა უნივერსიტეტი, ამიტომ მორიდებით ჩავხარე თავი და უარის სათქმელად ლამაზი ტექსტი წარმოვიდგინე გონებაში
-ძალიან კარგი იდეაა, ვატო - საუბარი ელენემ დაიწყო და ჩემი ფიქრებიც და დალაგებული ტექსტიც სანაგვეზე მოისროლა - ორი ღამე არ გვინდა, დღეს დავრჩეთ და ხვალ კი გავუყვეთ გზას თბილისისკენ, დარწმუნებული ვარ მართაც იმავე აზრზეა, თუმცა - თითი ტუჩთან მიიდო და ჩაფიქრდა - ახლა ვერც ზღვაში შევალთ, არც ხალხი იქნება, დაძინებული ბათუმი კი ცუდი სანახავია, ეგ გეგმა ივლისისთვის ხომ არ გადაგვედო? ახლა კი სადმე სხვაგან წავიდეთ, მაგალითად, მაგალითად ... - ფიქრს არ წყვეტდა ელენე - მოვიფიქრე, მართასთან წავიდეთ სამეგრელოში
გაოცებისგან პირი დავაღე და ისე სწრაფად შევტრიალდი სახით მისკენ, რომ მან გააზრებაც ვერ მოასწრო. ელენე ჩემს სახლში პატიჟებდა ვატოს, სადაც დედაჩემიც კი არ იყო, სამეზობლოში და სანათესაოში კი ჭორების კორიანტელი დატრიალდებოდა, ზაზას გოგომ ბიჭი მოიყვანა სახლშიო. ასობით კუდს მოაბავდნენ ამ ამბავს, „გაფუჭებას“ თბილისს დააბრალებდნენ და შემარცხვენდნენ საშვილიშვილოდ, ამიტომ ტყუილის თქმა მომიწია.
-სახლში არავინაა, დედაჩემი დეიდაჩემთან არის საფრანგეთში დასასვენებლად, სახლი დაკეტილია, მე კი გასაღები ნამდვილად არ წამიღია თურქეთში
ელენე მოიღუშა, პატარა ცხვირი ძირს ჩამოუშვა და აწუწუნდა, სხვა ადგილს ვერ ვფიქრობო, ამიტომ მანქანა პირდაპირ თბილისისკენ გავაქროლეთ.
***
ერთ კვირას დიდი კვალი დაეტყო ჩემი სახლისთვის. მტვერი სქელ ფენად გადაფარვოდა ავეჯსა და ტექნიკას, სიმძიმის, ჩახუთული სუნიც კი იდგა სახლში, თუმცა ძილის გარდა არაფერი უშველიდა ენერგიის ბატარეას, რომელიც შევსებას საჭიროებდა.
განშორებისას ელენეს მთელი ძალით გადავეხვიე, იმდენად მივეჩვიე მის ტიტინს, რომ ვეღარც წარმომედგინა ამ ხმის გარეშე ცხოვრება.
-საჭირო მომენტში გამოვჩნდით ერთმანეთის ცხოვრებაში და ერთმანეთს ვუექიმეთ. მე მჯერა სასწაულებრივი დამთხვევების და იმისიც, რომ ბუნებამ ზუსტად იცის ვინ და როდის უნდა შეახვედროს ერთმანეთს. შენ საუკეთესო მეგზურობა გამიწიე, ელე, შენ რომ არა ალბათ სასტუმროში მოვკვდებოდი და შემდეგ ალი მიპოვიდა მოწყენილობისგან გარდაცვლილს, თუმცა შენ მიხსენი ამ ყველაფრისგან, ცოტა მეც დაგამშვიდე დედისაგან გამოქცეული ბარტყი და ერთმანეთი დადებითი ენერგიებით შევავსეთ.
-მე უკვე ზუსტად ვიცი სად უნდა წავიდე, როდესაც დედაჩემისგან თავის დაღწევა მომინდება - გამიღიმა და გულში პატარა ბავშვივით ჩამიკრა.
დილით გაურკვევლობაში გავიღვიძე. მთელი დილა მოლას ხმას ველოდებოდი, ჩემს გონებაში კვლავ სასტუმროს საწოლში მეძინა, თუმცა თვალების გახელისას ჩემი ოთახი შემრჩა ხელთ, რამაც ცოტა არ იყოს დამაღონა კიდეც. ტელეფონს დავხედე და ზუსტად ექვს საათზე ელენეს მესიჯი მოეწერა: ალაჰ, ალააჰ, ააააიიიიიააა, ალაააჰ
როგორც ჩანს მანაც იგრძნო რაღაცნაირი დანაკლისი და ესემესით შეივსო ის. ავდექი, მოვიმარჯვე სველი ტილოები და სახლის დალაგებას შევუდექი.
ვიღაცამ კარზე დააკაკუნა. შუა დალაგების დროს ვინმეს სტუმრობა ნამდვილად არ მინდოდა, თუმცა მაინც გავიხედე ჭუჭრუტანაში. ვატო იყო დიდი ყუთით ხელში, ცნობისმოყვარეობამ დალაგების სურვილს სძლია და კარი გავაღე.
-მადლობა ღმერთს - ქარივით შემოვარდა ვატო სახლში და სამზარეულოში გავარდა - ხელები ლამის დამეწვა, ხინკალი მოგიტანე, მონატრებული იქნებოდი - მომინდა ისე ძლიერად ჩავხუტებოდი, რომ გამესრისა, მინდოდა ის ლამაზი თვალები დამეკოცნა, რადგან დილიდან რამე გემრიელის ჭამის სურვილი ამყვა, სახლში კი არაფერი მეგულებოდა.
***
რომაული არა და თურქული არდადეგებიდან ერთი თვე გასულიყო. ელენე შიგადაშიგ მეხმიანებოდა, მიყვებოდა ახალ ამბებს, მე კი ვატოსთან ფლირტის ამბებს ვუყვებოდი. ერთ დღესაც, რიგითი მოკითხვის დროს მომწერა შენი ნახვა და ორ საკითხზე საუბარი მინდაო, რაზეც ჩემთან დაპატიჟება გადავწყვიტე. საგანდგებოდ მოვემზადე მის დასახვედრად. მოვამზადე ბერძნული სალათა, ტარხუნის ღვეზელი, მაკარონი სოკოთი და ისპანახით და თურქეთის საპატივსაცემოდ ბაქლავა. აქვე ამ ბოლო ხსენებულის ჩემეულ რეცეპტს დავწერ :
ფქვილი დავყაროთ მაგიდაზე, ამოვაღრმავოთ შუაში, ჩავტეხოთ მასში კვერცხი, დავასხათ რძე, ზეთი, მარილი, ძმარი და მოვზილოთ ცომი. გავაკეთოთ ცომიდან 15 (სასურველია 20) ბურთულა, თითოეული იქნება დაახლოებით კაკლის ტოლა. გადავაფაროთ ცომს სველი ტილო და დავტოვოთ 30 წუთი. შემდეგ ავიღოთ თითოეული ბურთულა, მოვაყაროთ მაგიდაზე სახამებელი და გავაბრტყელოთ ცომი რაც შეიძლება თხლად. თითოეულს კარგად მოვაყაროთ სახამებელი და დავაწყოთ ერთმანეთზე, გადავაფაროთ ტილო, რომ არ გამოშრეს.დავიწყოთ ბაქლავის აწყობა: ავიღოთ ოთხკუთხა ღრმა საცხობი ყალიბი, მასზე კარგად წავუსვათ გამდნარი კარაქი, დავდოთ ცომის 2 ფენა, თითოეულ ფენას ვუსვამთ ფუნჯით გამდნარ კარაქს თხლად, ყოველი 2 ფენის მერე ვაყრით მსხვილად დაჭრილ ნიგოზს ან თხილს(უკეთესია შერეული). ასე ვაკეთებთ ბოლომდე. ბოლო მეთხუთმეტე ფენასაც გადავუსვათ კარაქი თხლად, შემდეგ ავიღოთ მჭრელი დანა და ფრთხილად დავჭრათ ბაქლავა რომბისებურ ნაჭრებად.შევდგათ 170 გრადუსამდე გაცხელებულ ღუმელში და ვაცხოთ დაახლოებით 30-40 წუთი.სანამ ჩვენი ბაქლავა ცხვება, მოვამზადოთ სიროფი: შაქარი და წყალი ჩავყაროთ პატარა ქვაბში და ავადუღოთ, დავამატოთ ლიმონის წვენი და ვადუღოთ 10 წუთი, ბოლოს დავუმატოთ ნახევარი ჭიქა თაფლი. გამომცხვარი ბაქლავა გამოვიღოთ ღუმელიდან და ცხელსვე მოვასხათ სიროფი თანაბრად. გადავაფაროთ ტილო და ისე გავაცივოთ.
ელენე დიდი აღფრთოვანებით და სიხარულით შემხვდა, კარგა ხანი ვიდექით შემოსასვლელში გადახვეულები, ყვავილების დიდი ბუკეტი და შოკოლადი მოეტანა ჩემთვის.
-ვერც კი წარმოიდგენ როგორ გამეხარდა შენი ნახვა, ელენე - სამზარეულოსკენ გავუძეხი და დივანზე დავსვი - დილიდან ვემზადები შენს მოლოდინში, სამსახური მე აღარ მაქვს და საქმე, ვზივარ მთელი დღეები სახლში და ხან რას ვაკეთებ ხან რას. ლექციებიც მომბეზრდა და ყელში ამოვიდა, თუმცა მაინც დავდივარ და შიგადაშიგ ვახალტურებ ხოლმე - ყავის მომზადება დავიწყე, თუმცა გამომრთავ ღილაკზე თითი არ დამიჭერია და კვლავ საუბარი გავაგრძელე - დედაჩემი შემდეგ კვირას ჩამოდის, მის კმაყოფაზე ყოფნა მარტივია, ჩემს ხელფასზე თითქმის ორჯერ მეტს მირიცხავს ყოველი თვის დასაწყისში და გამაზარმაცა კიდეც, აბა არ მოეცა, ხომ არ მოვიკლავდი თავს მშიერს და დავიწყებდი მუშაობას, მაგრამ ჰა, დაისვენე შვილო მერეც ბევრი გექნება სამუშაოო, მამხნევებს. შენკენ რა ხდება?
-ალი ჩამოდის - ჩუმად, მაგრამ გარკვევით მითხრა მან - მთელი ეს პერიოდი ყოველ დღე ვწერდით და ვურეკავდით ერთმანეთს ვიდეო ზარებით, ახლა კი შვებულება აიღო და აქ ჩამოვლას აპირებს, თუმცა რა მეშველება არ ვიცი. დედაჩემი ისე აღარ მაკონტროლებს, მაგრამ ყოველ დღე სადღაც რომ გავალ რა ვუთხრა, სად მივდივართქო? - ამბის გადახარშვა კიდე არ მქონდა დამთავრებული, როდესაც ჩაიდანმა დასტვინა და შემახტომა. ალი, ჩვენი ალი, ბიჭი სასტუმროდან ელენეს სანახავად ჩამოდიოდა, ის ბიჭი ელენემ კარგი ბედ-იღბალი რომ უსურვა და ქორწილიც გადაუხადა გონებაში. ის ბიჭი დღეს-ხვალ საქართველოში ელენეს გამო ჩამოდიოდა, ვერ ვიჯერებდი, მილიონ კითხვას ვუსვამდი ელენეს და ბოლოს გულიც ვიჯერე სიცილით - რა გაცინებს, მართა - ბუზღუნით მითხრა ელენემ - მე თავი გამისკდა ფიქრით, ვერაფერი მოვიფიქრე, არადა როგორ ვუთხრა არ ჩამოხვიდე, დედაჩემს ვერ მოვატყუებ შენ გამოთქო
-ელენე, ბიჭი მზად არის ოცდაშვიდი საათი იჯდეს ავტობუსში შენ გამო და რა უარის თქმაზეა საუბარი? - უკვე სერიოზულად მოვეკიდე ზემოთხსენებულ საკითს და მეც მასთან ერთად დავიწყე ფიქრი, რა მოგვეხერხებინა დედამისისთვის - მოვიფიქრე, გეფიცები გენიოსი ვარ - თავი შევიქე და ჩემი იდეა გავანდე - დედაშენს უთხარი, რომ ჩემთან ერთად მოდიხარ სადმე, არ ვიცი, ეგ შემდეგ გადავწყვიტოთ, შემდეგ შენი ალი ბეი ჩამოვა და მასთან ერთად გაატარებ დროს, ღამით კი ჩემთან დარჩები ხოლმე, მასთან არ დაგტოვებ, აქედანვე იცოდე -თითი დავუქნიე და თეფშზე ღვეზელი გადმოვიგდე.
გაეცინა, მასაც თითქმის ასეთივე იდეა მოეფიქრებინა და ჩემი თანხმობის სათხოვნელად მოსულა.
-კიდევ არ მჯერა, ალი მოდის შენს სანახავად იზმირიდან თბილისში, რა ჩაუყარე სასმელში, ელენე, აღიარე რა -ვეხუმრებოდი და თან მართლა მიჭირდა დაჯერება, რომ ეს ყველაფერი რეალური იყო.
-შენ გამოუტყდი ვატოს შენს გრძნობებში? - ყველაზე მტკივნეულ თემას შეეხო ელენე, თუმცა ზუსტად ვიცოდი, რომ ამაზე საუბარს ვერ ავცდებოდი. უარყოფის ნიშნად თავი გავაქნიე და სალათა შევთავაზე თემის შესაცვლელად - თუ კიდევ დამალავ შენს გრძნობებს ის სხვა ქალს იპოვის. არცერთ ადამიანს არ უყვარს ლოდინი, რაც არ უნდა იმედი ჰქონდეს, ბოლოს მაინც მობეზრდება საუკუნოდ ელოდოს შენს სიტყვებს. მართა, ვატო კარგი ბიჭია, იმაზე კარგი ვიდრე მე წარმომედგინა, როგორ ფიქრობ, რამდენჯერ გაჩუქებს სამყარო განსაკუთრებულ მამაკაცს? მე თურქეთში მაპოვნინა და შენ აქვე გყავს, რატომ ეწინააღმდეგები საკუთარ თავს, ხომ ხვდები, რომ ამით მხოლოდ სიკეთეს მოუტან შენს თავსაც და ვატოსაც. თვეები გადის, ნახევარი წელია იცნობ, მოგწონს, მოსწონხარ და რა გიდგას წინ? ნუთუ გეშინია - ხელი ხელზე დამადო და თავისი ულამაზესი თვალები შემომანათა - გთხოვ, არ მითხრა რომ ლევანის შემდეგ მამაკაცების შიში შემოგეპარა.
ჩემი თავშეკავების მიზეზი რა იყო თავადაც არ ვიცოდი, იყო ეს შინაგანი ხმა თუ გარე ფაქტორების გავლენა, თუმცა მე მართლაც არაფერი მითქვამს ვატოსთვის. ელენეს სიტყვებმა კი ცოტა არ იყოს შემაშინა, ნუთუ შეიძლებოდა ვატოს იმედი აღარ ჰქონოდა და სხვა ქალთან წასულიყო. მწარე ტკივილი ვიგრძენი გულის არეში, რაც ელენეს გავუმხილე.
-ყველაფერს დღეს ეტყვი, გადადება არ შეიძლება - გადაჭრით თქვა მან და ხელი მაგიდას დაარტყა - ახლავე წავალთ, ვიყიდით ღვინოს, სანთლებს, ვარდებს და ყველა იმ საჭირო ნივთს, რაც რომანიკული საღამოსთვისაა საჭირო, შედგები მაღალ ქუსლებზე და ყველაფერზე დღესვე აქ დაილაპარაკებ!
ელენე ყველაზე ენერგიული ადამიანი იყო, ვინც კი მანამდე შემხვედრია. აღზრდის ტიპის მიუხედავად ის ყველაზე კომუნიკაბელური ადამიანი იყო მთელს დედამიწაზე. ნახევარ საათში უკვე მაღაზიებისკენ მიმაქროლებდა, თან ჩქარი ნაბიჯით, სალონში შესვლა უნდა მოგვესწრო. ტელეფონში პატარა სია შეადგინა და ისე, რომ მე არ მაჩვენებდა რაღაცებს შლიდა და კვლავ ინიშნავდა.
***
საღამოს შვიდ საათზე დავუთქვი ვატოს შეხვედრა ისე, რომ აზრზეც არ იყო წინ რა ელოდა. ელენემ სიტუაცია ცოტა გააბუქა და მათქმევინა, რომ ან დღეს უნდა მენახა, ან არასოდეს, რადგან თავიდან აგვეცილებინა მოულოდნელი უასიამოვნო შემთხვევები და მთლიანად ჩემზე ყოფილიყო მობილიზირებული.
სამზარეულოში მაგიდას ადგილი შევუცვალეთ და ცენტში დავდგით. ირგვლივ წითელი ვარდის ფურცლები მოვაბნიეთ, იატაკზევე მოვაწყვეთ პატარ-პატარა სანთლები, მაგიდაზე კი დიდ შანდალში ჩავარჭვეთ გრძელი, წითელი ფერის სამი სანთელი. საჭმლით არ გადავტვირთეთ სუფრა, მხოლოდ სალათი და ბაქლავა დავდეთ, დანარჩენი კი ელენემ იყიდა, რაფაელო, მაფინები, კრუასანები და კიდევ სამი სახეობის ტკბილეული. სანთლებთან დადგა ერთი ბოთლი წითელი ღვინო, მეორე კი მაცივარში შედგა გასაციებლად.
დიზაინერობაც თავად აიღო საკუთარ თავზე და ჩემი გარდერობიდან მივიწყებული მუქი შინდისფერი კოპლიანი კაბა გამოქექა, მომატებული კილოგრამები კაბას დაეტყო და შესაკრავი ბოლომდე ვერ ასწია. გაბრაზებულმა ლამის შემომახია კაბა და თავიდან შეძვრა ჩემს გარდერობში, ამჟამად თურქეთში ნაყიდ ღია ვარდისფერ ერთიან კაბაზე შეაჩერა არჩევანი. საკმაოდ მოკლე კაბამ და ღრმა დეკოლტემ ელენეს კმაყოფილება გამოიწვია, ფეხზე თეთრი საზაფხულო მაღალქუსლიანი მომიხდინა და მაკიაჟის გაკეთებაც თავად გადაწყვიტა.
შვიდის ნახევარზე მზად ვიყავი და ელენემაც დამტოვა უამრავი მადლობის და შექების ფონზე, რომ ალისთან დაკავშირებული საკითხი მარტივად მოვუგვარე.
და აი ისიც, კარზე კაკუნი და ჩემმა გულის ხმამ ყურები დამიყრუა. ხელები გამეყინა და ცივმა ოფლმა დამასხა, წამით ვიფიქრე არ გავუღებთქო, თუმცა ელენეს შედევრის დანახვამ ფიქრი გამიქარწყლა. კარი გამოვაღე და ვატოს მშვენიერი სახე დავინახე.
გაოცებისგან ლამის პირი დააღო. მე მაგიდისკენ გავუძეხი და ოთახმა კიდევ უფრო მეტი გაკვირვება დაატყო გამომეტყველებას.
ოთახში მძიმე სუნი იდგა: სანთლების, ყვავილების, საჭმლის. ვატომ თავისებური სუნი შემატა ბუკეტს და კიდევ უფრო დაამძიმა იქაურობა. ხელები კვლავ დაცვარული მქონდა ნერვიულობისგან. ვღელავდი და საკუთარი სუნთქვაც კი ნერვებს მიშლიდა.
-ვატო - პირველმა სიტყვამ კბილებში ისე გამოცრა, მეგონა ცივი წყალი გადამასხეს თავზე, სიტყვები ჰაერში გაიფანტნენ და ასოებად დაიშალნენ, მე მათ შეკრებას ვცდილობდი, თუმცა ერთის დაჭერის შემდეგ მეორე იკარგებოდა და არამცთუ წინადადებას, სიტყვასაც ვერ ვუყრიდი ერთად თავს - ვატო - კვლავ სახელის თქმა მოვახერხე და ფეხზე წამოვდექი, ისიც წამოდგა და ჩემ გვერდით გაჩნდა - აივანზე გავიდეთ, ჰაერი მჭირდება - პასუხს არ დავლოდებივარ, გარეთ გავვარდი, ხარბად ჩავისუნთქე ჟანგბადი და თვალები დავხუჭე, ეს გადამწყვეტი მომენტი უნდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაში. უეცრად ვატოს ხელი ვიგრძენი ჩემს წელზე, მისკენ შემატრიალა და სხეულზე ამიკრა - ვატო - კვლავ მხოლოდ სახელი და მისი ტუჩები ჩემსას შეეხნენ. სიმხურვალისგან სუნთქვა შემეკვრა, მთელს სხეულში რაღაც ამოუცნობი დატრიალდა და ძალა წამართვა, ვატო მიჭერდა და მკოცნიდა. მთლიანად ძალაწართმეული დავეწაფე მის ტუჩებს მეც, ხელი თმებში შევუცურე და მისკენ, კიდევ უფრო მაღლა ავიწიე - შემიყვარდი - სულმოუთქმელად ვუთხარი, როდესაც ტუჩები გამითავისუფლა - მე შენ შემიყვარდი, ძვირფასო - თვალებში ჩამხედა, დიდხანს მიყურა და კვლავ მწყურვალივით დაეწაფა ჩემს ბაგეს.
***
ჩემი ცხოვრება ერთ დიდ კერძს ჰგავდა და ახლაც ასეა. თითოეულ გრძნობას და ისტორიას ინგრედიენტებად აღვიქვამდი და სურვილისამებრ ვაზავებდი ერთმანეთთან. ვატოსტან ყოფნის პერიოდი კი ჩემთვის დესერტი იყო. ყველაზე ტკბილი და ჰაეროვანი, პირში ჩადებისთანავე, რომ ლღვებოდა და კიდევ და კიდევ მეტის ჭამის სურვილს გიჩენდა.
თუმცა აქვე მინდა გაგაფრთხილოთ, რომ ბევრი ტკბილი ვნებს ორგანიზმს და ხანდახან ღებინებასაც კი იწვევს, ამიტომ დააბალანსეთ თქვენი ცხოვრება. შაქარმა დიაბეტი, მწარემ კი კუჭის წყლული იცის, ამიტომ გახადეთ თქვენი ცხოვრება გემრიელი კერძების ნაზავი.
ალი სამ დღეში უკვე თბილისში იყო. ელენე მოუთმენლად ელოდა მასთან შეხვედრას. დედამისისთვის კახეთში, რეალურად კი ჩემს ბინაში ვყურყუტებდით ერთი კვირა. ალიმ უამრავი საჩუქარი ჩამოგვიტანა მე და ელენეს და არც ჩვენ დაგვიკლია პატივისცემა, ბოლო-ბოლო ყველაზე სტუმართმოყვარე ხალხის სახელი გვაქვს მთელს დუნიაზე.
ალის საუბრიდან გავიგეთ, რომ თავისი ოჯახი მზად იყო ქართველი რძალი მიეღოთ, ბიჭებს უწონებდნენ კიდეც ქართველი გოგოს შერთვას, სამაგიეროდ, თურქ გოგოს არ შეეძლო ქართველ კაცს გაჰყოლოდა ცოლად, ეს გვარის შეურაცყოფა და ქვეყნის ადათ-წესების ღალატად აღიქმებოდა. ერთი სიტყვით, ბიჭის მხარე თანახმა იყო ალისა და ელენეს ურთიერთობაზე, ელენეს დედა კი ზუსტად ვიცოდით არასოდეს დასთანხმდებოდა ამ ურთიერთობას, განსაკუთრებით კი ქორწინებას.
ქორწილზე საუბარი ჯერ ძალიან ადრე იყო, თუმცა ალიმ გააფრთხილა, რომ თურქეთში მიღებულ წესად არ აღიქმებოდა ერთ წლიანი შეყვარებულობა, თუკი ვაჟსა და ქალის გრძნობები ერთმანეთს დაემთხვეოდა გაცნობიდან სამ თვეში უკვე ქორწინება ნებადართული იყო, თუმცა ამ აზრს სასტიკად ეწინააღმდეგებოდა ელენე და თან ვატოს სთხოვდა ალისთვის „კაცურად“ აეხსნა საქართველოს წესები.
ალის სტუმრობა საქართველოში შიშში გატარებულ დღეებს ნიშნავდა ჩემთვის და ელენესთვის, მიუხედავად ზღვა სიხარულისა, რასაც ის განიცდიდა, მაინც აშინებდა შემთხვევით დედამისი ნახვის ალბათობაც, ამიტომ სადმე გასვლის წინ წინასწარ ვურეკავდით დედასმისს, რომ გაგვეგო რას საქმიანოდა, სახლში იყო, სამსახურში თუ დაქალებთან ერთად სადმე სასეირნოდ.
ბევრი ადგილი არ მოგვინახულებია, უმეტესად თბილისი, მცხეთა და კახეთი მოვატარეთ ალის და თან საქართველოს ისტორიებსა და ლეგენდებს ვუყვაბოდით. რამდენიმე სიტყვაც კი ვასწავლეთ ჩვენს ენაზე და არც ალის დავიწყებია თურქულის გაკვეთილები.
ერთ დღესაც ვატომ იმ ღვინის ქარხანაში წაგვიყვანა, სადაც მუშაობდა. სამსახურის გამო ჩვენთან ყოფნას მხოლოდ საღამოს საათებში შეეძლო ხოლმე, თუმცა თავისუფალი დროის არცერთ წუთს არ კარგავდა სხვაგან და დროს მთლიანად ჩვენთან ატარებდა, სანამ ერთ დღეს მასთან ჩასვლა არ მთხოვა.
***
-დღეს ჩემთან იყავი - მხარზე თავი დამადო და გაიტრუნა - დღეს ოთხი წელი გავიდა, რაც მშობლები დამეღუპნენ - მითხრა მან და თვალებიდან ცრემლი გადმოუგორდა.
გულის არეში სხვანაირი წვა ვიგრძენი, მინდოდა როგორმე მენუგეშებინა, თუმცა უძლური ვიყავი ამ ტკივილის ფონზე.
-დედაჩემის სოფელი კახეთშია, იქ დედაჩემის დედა და დეიდა ცხოვრობდნენ, უფრო სწორად ახლაც ცხოვრობენ. ერთ დღესაც ბებომ დედას დაურეკა, სახლში ჭერი ჩამოვარდა და იქნებ ნუგზარი მოგვეხმაროსო - ამბის მოყოლა ვატომ თავად დაიწყო, ჩემი თხოვნის და დაძალების გარეშე - მამაჩემი სამსახურში იყო და როგორც კი სამუშაო საათები დასრულდა, მაშინვე კახეთისკენ აიღეს გეზი. მე ლექცია მქონდა და ბევრი თხოვნის მიუხედავად უარი ვუთხარი სოფელში წასვლაზე. საღამომდე არც დამირეკავს მათთან, საქმე ჰქონდათ და არ შევაწუხე, არც ის მიკითხავს როგორ იმგზავრეს, მაგრამ ყველაფერი ბებოს ზარმა შეცვალა. დამირეკა და მკითხა შენები არ წამოვიდნენო? მაშინ ტელეფონი ხელში შემაშეშდა, ჩემს ძმასთან მივვარდი, ვუთხარი დედ-მამა რომელზე წავიდნენთქო და აღმოჩნდა, რომ ოთხ საათზე მეტი იყო გასული მათი წასვლიდან. სასწრაფოდ პოლიციაში დავრეკეთ და აღმოჩნდა, რომ ავარია მომხდარიყო. დეიდას დავურეკე და მორგში ის წავიდა ამოსაცნობად, ორივე ადგილზე დაღუპულიყო - ამოიხვნეშა და შემომხედა - ერთდროულად ყველა კიდური მომაჭრეს, მართა, ყველაფრის ხალისი დავკარგე, მთლიანად მშობლებზე ვიყავი დამოკიდებული და ეკონომიკური მხარე ცალკე სადარდებელი იყო. საბედნიეროდ, ამ კუთხით ბიძაჩემმა აიღო პასუხისმგებლობა, შემდეგ მეც დავიწყე იმ ღვინის მაღაზიაში მუშაობა და ნელ-ნელა მივიწევ ზემოთ კარიერულად, ახლაც დაწინაურებას ველოდები დღე-დღეზე. ჩემი ძმა ჩემზე სუსტი აღმოჩნდა და საზღვარგარეთ წასვლაში იპოვა გამოსავალი.
ჩემზე ძალიან იმოქმედა ამ ისტორიამ. ვატოს გულს უამრავი იარა ჰქონია და აქამდე არასოდეს ესაუბრა ამაზე, არც კი ეტყობოდა ერთი შეხედვით ამხელა ტრაგედიას თუ იტევდა მისი გული.
სასაფლაოზე გაყოლა მთხოვა, მეც დავთანხმდი. მითხრა დედაჩემს ვარდები უყვარდა ყველაზე მეტადო, ამიტომ მეც ყველაზე დიდი ბუკეტი ვიყიდე ფერად-ფერადი ვარდებით და სასაფლაოზე გავედით.
-დე, ვიღაც მინდა გაგაცნო - მიმართა ქვაზე დახატულ ქალბატონს და ერთჯერადი ცხვირსახოცით ქვა გაწმინდა - ეს მართაა, ისეთი გოგოა შენ, რომ მოგეწონებოდა დე, კარგ საჭმელებს აკეთებს, სულ ხომ იმაზე დარდობდი მშიერი არ დარჩეო, ოქროს ხელები აქვს, გეფიცები. დე, პირველად შემიყვარდა, ახლა ვხვდები რატომ გიციმციმებდა თვალები, როდესაც მამას უყურებდი. თქვენი სიყვარული ხომ წლების განმავლობაში არ გამქრალა, ახლა მეც მიყვარს და მთელი არსებით ვგრძნობ ამას. ახლა რომ ცოცხალი იყო ვიცი, რასაც ეტყოდი მას, გული არ ატკინო ჩემს ბიჭს, მაგრამ თუ ის გატკენს არ დაინდო და დასაჯეო. ყოველთვის ზუსტად იცოდი რა უნდა გეთქვა ჩემთვის. დედა, მამა, ეს ის გოგოა ვისზეც ვოცნებობდი, ამიტომ გთხოვთ თქვენც შეიყვაროთ და მიიღოთ ოჯახის წევრად, მერე რა რომ ვერ გაიცანით, მე არასდროს მოგატყუებთ ხომ იცით .
ვატოს სიტყვებმა გული ამიჩუყა და კარგად ავქვითინდი კიდეც, გულში პირობაც მივეცი ვატოს დედას, რომ ყველანაირად გავუფრთხილდებოდი მის შვილს და ყველა ტკივილისგან დავიცავდი თუკი ამის მომენტი დადგებოდა.



№1  offline წევრი Rania

Zalian emociuri tavi iyo. Yochaggg

Zalian emociuri tavi iyo. Yochaggg
--------------------
Q.qimucadze

 


№2 სტუმარი სტუმარი Takk.22

ძალიან მომწონს ეს ოსტორია,ძალიან კარგად წერ,მოუთმენლად ველი ყოველდღე ახალ თავს,წარმატებები.

 


№3  offline წევრი გაზაფხული

Rania
Zalian emociuri tavi iyo. Yochaggg

Zalian emociuri tavi iyo. Yochaggg

მადლობა შეფასებისთვის <3

სტუმარი Takk.22
ძალიან მომწონს ეს ოსტორია,ძალიან კარგად წერ,მოუთმენლად ველი ყოველდღე ახალ თავს,წარმატებები.

ძალიან დიდი მადლობა შეფასებისთვის
<3 მკითხველის აზრი ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent