შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადამიანური ცდუნებანი (თავი 1)


15-03-2019, 02:26
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 603

„ერთადერთი რამ აღაგზნებს პირუტყვს სიამოვნებაზე მეტად - ტკივილი“
უმბერტო ეკო

რაფაზე ვზივარ, ყავას ნელა ვწრუპავ და თან პატარა გოგოსავით ტელეფონს დავყურებ, როდის შემოვა, მომწერს ან მივწერ. ზუსტად არ ვიცი, რა განცდაა, ან რას ნიშნავს ეს ყველაფერი. შესაძლოა, უბრალოდ ავტომატურად ვმოქმედებ და მეორე მხარეს გადახვევა არ შემიძლია ისე, როგორც მამაჩემს, რომელმაც 10 წლის წინ მანქანა ვერ დაიმორჩილა და ჩემს პატარა დასთან ერთად დაგვტოვა.
საათს ვაშტერდები. ერთი სული მაქვს, შემოვიდეს და მომწეროს, უბრალოდ მომწეროს, არ აქვს მნიშვნელობა რა. ბევრი ვერ გაიგებს, მაგრამ ეს იმ მცირეთაგანია, რაც ძალიან მახარებს. ყოველ ღამის 2 საათზე ასე ვზივარ და ველოდები, როდის აინთება მწვანედ. ალბათ გაინტერესებთ, რატომ მაინც და მაინც ეს დრო... ეს იმიტომ, რომ სანდრო ამ დრომდე მუშაობს, ავადმყოფ მოხუცს უვლის, რომ სიმსივნიან დედას სიცოცხლე შეუნარჩუნოს.
„ძალიან დავიღალე“ - მოულოდნელად მოდის მონაწერი და სახე მებადრება.
„მეც“.
„რითი ?“ - მყისიერად მიბრუნებს პასუხს. მინდა ვუთხრა, რომ მისი ლოდინით დავიღალე, მაგრამ თავს ვიკავებ, მეღიმება და ვპასუხობ :
„წასაკითხ წიგნს ვარჩევდი.“
„მერე რა აარჩიე ?“
„ჯერ ზუსტად არ ვიცი“ - სიცილის სმაილს ვამატებ, ყავის ფინჯანს გვერდზე ვდგამ და საწოლისკენ მივდივარ. ვგრძნობ, რომ ფეხები არ მემორჩილება. ალბათ იმიტომ, რომ დღეს გარეთ გასვლა დამეზარა და სითხის გარდა არაფერი მიმიღია.
„რომ აარჩევ, მითხარი“.
„ძალიან მშია“
„ჭამე მერე“.
„მთელი დღე ვერ გავედი გარეთ, საყიდლებზე..“
„ეჰ, ცუდია.. ხვალამდე გაქაჩავ ?“
„დავიძინებ, თორემ ვერა“.
„ძილი ნების, ტკბილი სიზმრები“
„ასევე“

***
დილის უენერგიოდ მეღვიძება. რა იქნებოდა მარტო რომ არ ვცხოვრობდე ? ეს ფიქრები ხშირად მიტევს და ცდილობს, მშთანთქავს.
მახსენდება, როგორ მიმატოვა დედამ, რომელიც საყვარელი ადამიანების დაკარგვის მერე ალკოჰოლს მიეძალა და ვიღაც მისნაირთან გადავიდა. მერე არც ვიცი, რა მოხდა. შესაძლოა, ცუდი შვილი ვარ და უნდა მომეძია, მაგრამ განა არ ვცადე ? დიახ, ვცადე, მაგრამ ამაოდ.. წლების შემდეგ მისი ასავალ-დასავალი გაქრა.
არ ვიცი, იქნებ უკეთ უნდა მეცადა, ან იქნებ ასე სჯობდა... არ ვიცი. ხშირად არაფერი მესმის, ცხოვრებას ოდნავად ვერ ვუგებ.
უბრალოდ მივსდევ დღეებს და ვცდილობ, ბედნიერი ვიყო; თუმცა მგონია, რომ ეს სიტყვა სულელების თვალის ასახვევადაა შექმნილი. აბა, როგორ შეიძლება სახელი უწოდო მას, რაც აბსტრაქციის ნაწილია ? როგორ შეიძლება, აღწერო ის, რაც შეგრძნების საფეხურიდან გონებამდე მიღწევასაც ვერ ასწრებს ?

„სალონიკში ახლა 10 საათია“ - მომდის სანდროსგან სმს.
„თავი მისკდება“ - რეალურად არ ვიცნობ, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სულ ჩემს გვერდით იყო. არ ვერიდები გახსნილობას. ვწერ იმას, რასაც ვფიქრობ, განვიცდი, რაც ბევრ ახლობელთანაც კი რთულია.
„რატომ ?“
„დაღლილი ვარ. თითქოს ერთ ადგილზე გავიყინე და ვერ ვიძვრი. ვიცი, ბევრი ნატრულობს ჩემს ადგილას ყოფნას, მაგრამ მათ ვერასდროს გავუგებ, ჰო გესმის ?“
„მესმის“.
ესმის ? შესაძლოა...
თუმცა ხშირად ეჭვი მეპარება, რომ ვინმეს სრულიად ესმის ჩემი; საზოგადოების დიდი ნაწილი მატერიების ფოლადივით მტკიცე კვანძებში ღაფავს სულს.
სანდრო გადის, მეც ვთიშავ ინტერნეტს და მახსენდება, რომ ღამით ძალიან მშიოდა. ისევ მეზარება საჭმელზე ჩასვლა, მაგრამ თავს ძალას ვატან და ყველაზე ახლოს არსებულ მაღაზიაში შევდივარ.
დიდი კულინარი არ ვარ, თან საკუთარი თავისთვის მომზადება ძალიან მეზარება ხოლმე; ამიტომ მსუბუქ და მარტივ საუზმეს ვიფიქრებ, უკვე ჩემი დილის „ჰიტად“ ქცეულს.
შვრიის ფანტელებს, მაწონს, ვაშლს ვყიდულობ და ბინაში ვბრუნდები; ყველაფერს შესაბამისი რაოდენობით ერთმანეთში ვურევ და ცოტაოდენ წყალსაც ვამატებ.
საუზმის შემდგომ ტანსაცმელს ვაწყობ სავარჯიშო ჩანთაში და დარბაზში მივდივარ. ეს ჩემი ცხოვრების საუკეთესო, საინტერესო ნაწილია. ძალიან მეხმარება, განვიტვირთო, ცხოვრებას მარტივად ვუყურო და მეტ ბედნიერების ჰორმონს მოვუყარო თავი.

***
საღამოს ბავშვობის ფოტოებს ვათვალიერებ. ვაკვირდები ბედნიერ სახეებს და მეღიმება. მახსენდება, როგორი ფერადი იყო ცხოვრება, სანამ ერთად ვიყავით მე, დედა, მამა და პატარა და. თვალწინ მიდგება ის მტანჯველი წამები, როცა 15 წლის მოზარდმა გავაცნობიერე, სულ მარტო ვრჩებოდი.
თითქოს ყველაფერი ჯერ კიდევ გუშინ იყო. ვხედავ, როგორ შემოდის ზუსტად ამ კარებში ბიძაჩემი და მეუბნება, აწი ჩვენთან უნდა გადმოხვიდეო; ცრემლებს ვერ ვიკავებ, მინდა, რომ ყველაფერი სიზმარი იყოს და გათენდეს.
მახსენდება, როგორ ვპოვე ბედნიერება ერთადერთ რამეში - ჭამაში, როგორ დავემსგავსე ბეგემოტს და გავხდი ბულინგის მსხვერპლი.
სკოლაში ვერავინ მიტანდა, განსაკუთრებით ბიჭები; თვითმფრინავის ქაღალდებს მესვროდნენ ხოლმე და „ბეგეს“ მეძახდნენ. მეც არაფერს ვამბობდი; როცა სუსტი ხარ, მით უფრო გეშიანია ადამიანს წინააღმდეგობის და მუდმივ ზეწოლის ქვეშ გიწევს ყოფნა. გიწევს აიტანო გარშემომყოფთა სისტემატიური დამცირება, ყველაფერზე თვალი დახუჭო და ძილის წინ გამოიტირო შენი ორმაგი უბედურება.
ასე გრძელდებოდა ერთი წელი, სანამ 16 წლის დაბადების დღეზე მეზობელმა ბიჭმა სპორტდარბაზის აბონემენტი არ მაჩუქა და კულტურულად მიმანიშნა მის საჭიროებაზე.
სწორედ აქ იწყებს ჩემი ორმაგი უბედურების მიჩქმალვა, პიროვნული ძლიერების წინ წამოწევა და საკუთარი თავის შეყვარება.
ბავშვობაში დედაჩემი ყოველთვის მეუბნებოდა, თუ არ გეყვარება შენი თავი, ვერავინ შეგიყვარებსო, ამიტომ მისი დახმარებით ყოველთვის ვზრუნავდი საკუთარ ბედნიერებაზე, მაგრამ მისვლა წასვლამ სრულიად გამომაცალა საყრდენი.

***
-ლილით, დღეს ჩემთან ამოდი სურამში, ვიკრიბებით და მაგრად ვერთობით - მირეკავს ნორა, ჩემი ბავშვობის და მარადისობის დაქალი.
-აუ, რომ მეზარება..
-შენ ბოლო დროს ძალიან დუნდები.. უნდა გაერთო.. ამოდი, რა.. შენც ახლა ათი მეტრო და ავტობუსი გჭირდებოდეს...

ლილითი .. ალბათ ამ სახელმა დაგაფიქრათ.. ჩემი მშობლები ყველაზე უცნაური წყვილი იყო, თორემ სხვას ვის მოაფიქრდებოდა.
მეც ხშირად მაფიქრებს, რატომ დამარქვეს, დედას ვეკითხებოდი კიდეც და ყოველთვის მპასუხობდა, რადგან მამაკაცის ძალაუფლებასთან მებრძოლი უნდა იყოო. იგი ძალიან გატაცებული იყო თანასწორობით იდეით, მეგობრები ხშირად აბუქებდნენ მის ამგვარ ინტერესს და ფემინისტსაც კი ეძახდნენ.

***
მანქანას ვქოქავ, მუსიკას ვუწევ და სურამისკენ ვიღებ გეზს. ვატყობ, მანქანის მართვა მსიამოვნებს. ორ კლიენტსაც ვწერ, რომ მათი ამანათები ხვალ ჩამოვა და ტელეფონს ვიშორებ.
ცხოვრება ზოგჯერ საოცრება მეჩვენება, ზოგჯერ კი უბრალოდ გულისრევა. შუალედური მდგომარეობის პოვნა მიჭირს; მახსენდება უმბერტო ეკოს სიტყვები პირუტყვს სიამოვნებაზე მეტად ტკივილი აღაგზნებსო და ადამიანთა ცხოველურ ბუნებაზე მაფიქრებს.
ალბათ ფიქრები კიდევ უფრო შორს წამიყვანს რომ არა სამი ბიჭი, რომლებიც მანქანებს ხელს უქნევს და ცდილობს, რომელიმე მათგანი მაინც გააჩერონ. მეცოდებიან, საღამოს ხომ ჯერ კიდევ საკმაოდ ცივა, თანაც ეტყობათ, ნასვამები არიან. შორიახლოს ვაჩერებ და ვეკითხები, საით მიდიან.
-სურამში მივდივართ, დაია - მპასუხობს დაბალი და ცოტა მოსუქებული, რომელიც თვალებში ვეღარ იხედება, ბარბაცებს და ლამისაა ადგილზევე დაეცეს.
-მეც მაქეთ მივდივარ, ჩასხედით - კარებისკენ ვანიჩნებ.
-სპასიბა - მეორე გაცილებით მაღალი და სიმპათიური მპასუხობს, კარებს უღებს ძმაკაცებს, თვითონ კი ჩემს გვერდით ჯდება. მანქანას ვძრავ.
-შენ უკეთ ხარ, მგონი და არ გამომაპარო, როცა მივალთ - ვთხოვ გვერდით მჯდომს.
-კარგი.
-სად დალიეთ ასე და თან ასე ადრე ? - ვინტერესდები.
-ძმაკაცზე შევიტყვეთ, რომ ავარიაში მოყვა...
-მერე ? ამით რამეს შველით ?! - წამიერად ვიხედები მისკენ.
-ჰო იცი ქართველი კაცის ბუნება ? - კითხვითვე მპასუხობს უცნობი.
-მაგ ბუნებით ნუ ამართლებ საკუთარ ცდუნებას.
-კარგი, გვეყო... მართალი ხარ, ვიცი... მაგრამ ყველანაირი სახის ნარკომანმა თეორიულად იცის თავს რომ იკლავს, მაგრამ შესაჩერებელ ძალებს ვერ იკრებს. მას დახმარება სჭირდება.. ყველას დახმარება გვჭირდება, გვერდში დგომა, მაგრამ ხშირად ეს იმდენად მცირე დოზითაა ჩვენს ცხოვრებაში, ბევრ რამეს ვერ ვუმკლავდებით...
-რთული და გრძელი თემაა, თან საჭესთან არ გამოვა ამაზე საუბარი.. თუმცა ერთი რამ დაიმახსოვრე ყოველივე ცდუნებას ორი სათავე აქვს - სიამოვნება და ტკივილი.


***
წვეულებაზე შევდივარ. პირველ რიგში ნორას ვეხვები. რამდენიმე სიტყვას ვეუბნები ჩემს მგზავრებზე, თუმცა ის სიტყვას ბანზე მიგდებს და მისაღებისკენ გავყავარ.
-მაგარი ტიპი უნდა გაგაცნო ! - სახე უბრწყინავს, ვინტერესდები და ოდნავ ვიბნევი.
-ლაშა, ეს ლილითია. ლილით, ეს ლაშა. გულის ექიმი, ქირურგია, ჩაფიძეში. ლილითი კი ნორჩი ბიზნესვუმენი გახლავთ - გვაცნობს ერთმანეთს, მე კი უარეს ბურუსში ვეხვევი.
-სასიამოვნოა ! - მამაკაცი ხელს მიწვდის და გამობერილი ლოყები კმაყოფილებისგან ეკეცება. ცალ ხელს მოგვიანებით ნახევრად გაცვენილ თმაზე ისვამს და ცდილობს, თვალებში მიყუროს.
დაახლოებით უკვე ვიცი, როგორი ტიპაჟია. წარმატება და ფული სამყაროს ბატონპატრონებად რომ ათვლევინებთ თავს.
-სასიამოვნოა - ძალით ვუღიმი და ერთი სული მაქვს, იქაურობას მოვწყდე.
-მე დაგტოვებთ, სასმელი მაქვს გამოსატანი - თითქოს ეშინია საყვედურის, გარბის და უცხო მამაკაცთან მარტო მტოვებს.
-ძალიან ახალგაზრდა ხართ - რამდენიმე წამიანი ფიქრის შემდგომ მეუბნება და თმას ისევ ისწორებს. ალბათ ცხოვრებისეული გამოცდილების საბუთად და ღირსებად მიაჩნია გაცვენილი თმა; ქართველ მამაკაცთა უმრავლესობა ამ მოვლენას ხომ ტესტასტერონის დიდი რაოდენობით ქონით ხსნის.
იმ მომენტში საშინლად ვბრაზდები ნორაზე.
„მსგავსი რამ საიდან მოაფიქრა ? რამე მინიშნება მივეცი ? არ მიცნობდეს მაინც ?“ - ქაოტური ფიქრები ჩემს ჩათრევას ცდილობენ.

პ. ს არ ვაპირებდი ჯერ დადებას, მაგრამ ვითმინე, ვითმინე და ვეღარ მოვითმინე...
როცა არ ვდებ, აქტიურად ვერ ვწერ..
წერის გარეშე კი ცხოვრება არ შემიძლია..
მომენატრეთ ...



№1 სტუმარი სტუმარი მაკო

გადასარევი დასაწყისია განსხვავებული და საინტერესო. დიდხანს ნუ გვალოდინებ ოღონდაც ხოოო

 


№2  offline წევრი mariam m.k

Sainteresoa

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent