შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დაცემა (სრულად)


9-04-2019, 21:44
ნანახია 2 913

იმქვეყნად შენს ფულებს კი არა, ცოდვებს დაითვლიან.
გახსოვდეს, სიკვდილი შენთანაც მოვა.

ჭიქა არაყზე გაყიდულმა ვაგზლის ბოზებმა ამრეზით შემომხედეს. ერთმა წითურმა ზიზღისგან მობრეცილი სახე ამარიდა.
იმ ცნობილ ადგილზე იაფფასიანი ნამუშევრებივით გამწკრივებულან ჩექმებიანი კატები. ეგრევე განასხვავებ ყველასგან. სექსს მოწყურებული თვალებით გწვავენ, ნებისმიერ გამვლელში ფულიან მამიკოებს ხედავენ და ერთი სული აქვთ, აყროლებულ სასტუმროში შეგათრიონ. ტუალეტადაც არ ივარგებს, ისეთი ადგილია, მაგრამ მაინც აკითხავენ. ხან ჩემნაირი ლოთები, ხან დახლებთან მდგარი ქალს მონატრებული კაცები.
ერთხელ მეც ვიყავი. შავგვრემანი ქალი გამომიგზავნეს. რამდენიმე დღის დაუბანელი თმა შუბლზე უშნოდ მიწეპებოდა. დაკვნეტილი, ჭუჭყიანი ფრჩხილები ჰქონდა. ზედა ყბაზე რამდენიმე კბილი აკლდა. ღიმილით მაინც ისე ხალისიანად იღიმოდა. დანარჩენ კბილებს წითელი პომადა უფარავდა. გული გამიჩერდა, მაგრამ ზომაზე მეტი ალკოჰოლი მქონდა მიღებული და ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. ერთი თავმოყვარეობისაც-მეთქი და საქმეს შევუდექი.
არაფრით განვსხვავდებოდი მათგან. ჭიქა არაყზე სხეულს კი არა, სულსაც გავყიდდი.

არ არსებობენ ყოფილი მეგობრები. არსებობენ ცუდ დროს მოსული, დროულად წასული ადამიანები.
ერთი მეგობარი მყავდა, ვოვა ერქვა. მთელი ცხოვრება ეზოში იჯდა და ნარდს თამაშობდა. ერთად გავიზარდეთ. იტალიურ ეზოს რომ ეძახიან, იქ ვცხოვრობდით. ბავშვობაში ბურთი გვიყვარდა. გადავაგდებდით ხოლმე ვინმეს ეზოში და მიდიოდა მერე ხვეწნა-მუდარა. ხან დაჭრით გვემუქრებოდნენ, ხან წართმევით. აბა, ბავშვები ვიყავით და რა გვეკეთებინა. მერე, ორმოცს რომ გადავაბიჯე, მეც მაღიზიანებდა ბავშვების ხმაური, ჩამსხვრეული ფანჯრები, მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი. ვიჯექი ჩემთვის და საწოლს მიჯაჭვულ ცოლს ვუყურებდი.
ლეილა ამ რამდენიმე წლის წინ კიბიდან დაგორდა და ხერხემალი დაიზიანა. დაინვალიდდა. საწოლიდან დამოუკიდებლად ვერ დგება. მეც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს და ყოველ დღე მისი მოვლა მიჭირს. ერთი შვილი გვყავს და ისიც საზღვარგარეთ წავიდა.
ახალგაზრდობაში ერთი ქალი მიყვარდა, ნადია სმირნოვა. საოცარი ქალი იყო. ლამაზი, მოვლილი. უბანში რომ გაივლიდა, ყველა მაგას ვუყურებდით. ესეც, იფერებდა, თმას მხარზე გადაიგდებდა ხოლმე და გვერდების ქნევით მიიკვანწებოდა. ექიმი მშობლები ჰყავდა. ფული მაგათ არ უჭირდათ და ცხოვრება. ერთხელ, უბანში ნადიას გამო ჩხუბი მოგვივიდა. დავერიეთ ერთმანეთს. კაციშვილი ვერ გვაშველებდა. ბოლოს, მეზობლის გაცი გადმოეყუდა აივანზე, აბა, დაიშალეთ, სანამ მილიცია გამომიძახებიაო და ჩვენც კუდამოძუებულები გავიქეცით. რამდენიმე თვეში ქალი ოჯახიანად რუსეთში წავიდა. დავრჩით ხახამშრალები. ისევ დომინოსა და ნარდს ჩავუსხედით. იმ წელს უბანში ახალი ოჯახი გადმოვიდა. საცოდავმა დედაჩემმა რომ გაიგო ჩვენი ფენის გასათხოვარი გოგო გადმობარგდა, ახალი ნაყიდი ტანსაცმელი ჩამაცვა და მეზობლების გასაცნობად წამიყვანა. ასე გავიცანი ლეილა. ერთმანეთი არ გვიყვარდა. მაინც დავქორწინდით. ამდენი წელი გავიდა და ჩვენი გრძნობები შეჩვევას ვერ გასცდა. არადა, შესანიშნავი ცოლი იყო. ყურადღებას მე არ მაკლებდა, მშიერი არ დავდიოდი. ბავშვსაც კარგად უვლიდა. მაინც ვერ ჩავანაცვლე ნადია. ნერვიულობამ გადამიყოლა და საშველი სასმელში ვიპოვე. გამოვთვრებოდი ყოველ საღამოს, მივდიოდი სახლისკენ არეული ნაბიჯებით და ნაბიჯივით არეულ ცხოვრებას გულში ვაგინებდი.
ვოვა ორი თვის წინ დაიღუპა. უბანში დიდი გლოვა შეიქმნა. ეზოში დასვენებულ მეგობარს წრეს ვურტყამდი და ვერ ვიჯერებდი, რომ აღარ გვყავდა. მაშინ მივხვდი, ორ წამში უსულო ხორცის მასად ქცევას არაფერი რომ არ უნდოდა, დავიფარე თავზე ქუდი და სამი დღე სახლში აღარ მივსულვარ.
იმ სამ დღეში მოვასწარი დაუბანელი ნატაშას გაცნობა.

რამდენიმე დღის შემდეგ, შუაღამისას, ჭექა-ქუხილის ხმამ გამაღვიძა. შეშინებული წამოვხტი ფეხზე და კიბეზე დავეშვი. უფრო მოსახერხებელი რომ ყოფილიყო, ლეილას პირველ სართულზე მოვუწყე ოთახი. ვიცოდი, როგორ ეშინოდა ასეთი ამინდის და დავხედავ-მეთქი, გავიფიქრე. ჯერ სამზარეულოში შევედი. ჭიქა წყალი დავლიე, მეორე ჭიქა ლეილასთვისაც გავავსე და ოთახისკენ დავიძარი. მისული არ ვიყავი, შემაძრწუნებელი სიცილის ხმა რომ მომესმა. ჭიქა ხელიდან გამივარდა და ნაფშხვენებად იქცა. ვერ გადამეწყვიტა, რა მექნა. ფეხაკრეფით მივუახლოვდი კარს და შევაღე. სურათმა ადგილზე გამაქვავა.

რა საშინელი სანახავი ყოფილა ადამიანი, რომელიც ძილში იცინის.

როცა კაცობრიობა გააცნობიერებს თუ რამხელა ნაგავში ვცხოვრობთ, უკვე გვიანი იქნება. დედამიწაზე უცხოპლანეტელები ირბენენ და ადამიანის გასაკეთებელს სპეციალურად გამოგონილი რობოტები გააკეთებენ. მათი მბრძანებლობის ხანაში კი ნაგვის ადგილს ჩვენ - ადამიანები დავიკავებთ. საბოლოოდ მაშინ დაგვერხევა, როცა გადაგვამუშავებენ. აღსასრულის დღეს მწვანე მბრძანებელთან წარვსდგებით და სასჯელად რომელიმე არადედამიწელის ს წმენდა მოგვეზღვება. ჯოჯოხეთს მაშინაც ვერ ავცდებით.

მეზობელი მყავს, შინაბერა ნათელა. კაცობრიობაზეა გაბრაზებული და განაწყენებული. თითქოს ვინმეს ბრალი იყოს, ეგ რომ ვერ გათხოვდა. ჩვენ რომ ნარდს ვაგორებთ ხოლმე, ჩამოვა ეზოში და დაგვას იწყებს. აამტვერებს ყველაფერს. გვინდა არ გვინდა, ვიშლებით.
ორი კვირის წინ, კარზე მომიკაკუნა და თუ ჯერ არ გიჭამია წამოდი, გეპატიჟებიო, შემომთავაზა. დავიფარე თავზე ქუდი და გავყევი. სახლში საჭმელი მაინც არაფერი მქონდა. ხელგაშლილ მეზობელს კი უარს როგორ ვეტყოდი. ისე, ასაკში შესული ნათელა ხშირად ცდილობს ფეხის გაშლასაც. მაგაზე არავინ მიყვება.
წინ დამიდო მოხარშული მაკარონით გადავსებული თეფში. მაცდურად მომზირალი საჭმლის დაგემოვნებამდე, რამდენიმე ნერწყვის გადაყლაპვა მოვასწარი. მაკარონი კბილებზე მეწეპებოდა, ისე კი არაუშავდა. აწრიალებული მუცელი ნელ-ნელა დამშვიდდა. მეხუთე თუ მეექვსე ლუკმაზე სიმაგრე ვიგრძენი, კბილი დავაჭირე და ყბებს შორის რაღაც გატკაცუნდა. სანამ ნათელა შებრუნებული იყო, დრო ვიხელთე და ნაღეჭი თეფშზე დავაბრუნე. აზელილი მასიდან თავი დიდ, ჭუჭყიან ფრჩხილს ამოეყო. თავი ძლივს შევიკავე, გული რომ არ ამრეოდა. თეფშს ხელი ვკარი და მას შემდეგ იმ სახლისკენ აღარც გამიხედავს.

ჩემმა შვილმა დარეკა. ამ თვეში ფულს ვერ ვგზავნი და როგორმე თავი გაიტანეთო. სათქმელად ადვილია. სამსახური მე არ მაქვს, გასაყიდიც არაფერი დარჩა. ლეილას მიჯაჭვულობას ერთი პლუსი აქვს: ვერ ხედავს როგორ ვაცარიელებ სიმწრით ნაგებ და გავსებულ სახლს. ცხოვრებას რა ვუთხარი, თორემ თავის დროზე ბევრის გაკეთება შემეძლო. ახლა აღარავის უნდა ფეხსაცმლის მწმენდავი. მხოლოდ მიშაღა შემორჩა მაგ საქმიანობას. ისიც იმიტომ, რომ თბილისში ცნობენ და უყვართ.

თავი ერთი კვირა ძლივს გავიტანეთ. ერთი კვირის მერე ბათუმიდან დარეკეს და მითხრეს, რომ დედა გარდაიცვალა. იმ პერიოდში ლეილაც ვერ იყო კარგად. დატოვება გამიჭირდა, მაგრამ დედასთვის უნდა მიმეხედა. გასაღები ნათელასთან დავტოვე, იმ პირობით, რომ დღეში რამდენჯერმე დახედავდა და წინასწარ გამზადებულ საჭმელს აჭმევდა.

წავედი ორი დღით. გაუბედურებული სახლის დანახვაზე გული მომიკვდა. თურმე რა პირობებში ცხოვრობდა საცოდავი დედაჩემი. ორი დღის მერე მიწას მივაბარე. თბილისში ჩასვლა გადავდე და სახლი გასაყიდად გავამზადე. ერთ კვირაში ვიღაც უცხოელმა იყიდა. რა ჯანდაბად უნდოდა არ ვიცი, მაგრამ კარგად კი გადამიხადა.
თბილისში სავსე ჯიბით დავბრუნდი. წინასწარ ვემზადებოდი ლეილასთვის ახალი ამბის სათქმელად. რამდენიმე თვეს კიდევ გავქაჩავდით, მერე რამეს ვიშოვიდი.
სამზარეულოში, გაზზე, სუპით სავსე ქვაბი ისე დამხვდა, როგორც დავტოვე. აყროლებულმა სუნმა ცხვირის ნესტოები ამიწვა. შესამოწმებლად მაცივარი გამოვაღე, შიგ ხორცი არ იდო. ჭიქა წყლით გავავსე და ცოლის ოთახისკენ გავწიე. სუნი უფრო გამძაფრდა. გულისრევის შეგრძნებამ მთელ სხეულში დამიარა. კარი გავაღე და არაბუნებრივ მდგომარეობაში მწოლიარე ჩემი ცოლი დავინახე. ღია თვალებით ჭერს აჰყურებდა. თითქოს ახლა შეემჩნია წვიმისგან გაუბედურებული რემონტი. წინ მივიწევდი და არ მინდოდა თვალი გამესწორებინა იმ რეალობისთვის, რაც გარდაუვალი იყო.

ჭიქა ხელიდან გამივარდა.

სამი დღის შემდეგ, ჩემი ცოლი დავასაფლავეთ. შინაბერა ნათელა არც სამძიმარზე მოსულა, არც დაკრძალვაზე. მე ვიდექი გარეთ, ჩემი პატარა სახლის შესასვლელში და სამძიმარს ვიღებდი. ყოველი თავის დაქნევა მექანიკური იყო. გონებით სადღაც სხვაგან, რუსეთის ერთ-ერთ სოფელში ვიყავი და ვფიქრობდი, რას ვიგრძნობდი ნადია რომ მომკვდარიყო.
ჩემი შვილი არ ჩამოსულა.

ჩემი ცოლის საფლავზე ყვავილები ყოველ ოთხშაბათს ამაქვს. ახლა ვცდილობ გავაკეთო ის, რაც ერთად ყოფნის პერიოდში არ გამიკეთებია.
სასაფლაოდან წამოსვლისას ვხვდები, რომ სახლში არავინ მელოდება. რომ, რეალურად, ჩემი ცხოვრება დროის უაზრო ფლანგვაა და ადრე თუ გვიან, ხალხი ფეხებზე მეც დამიკიდებს. თურმე მაშინ კვდები, როცა მარტო რჩები. არადა, ამხელა სამყაროში ადამიანი მარტო რა ცოდოა...

***
გუშინ ნატაშა დავინახე. გაჩერებაზე იდგა და ხელს მიქნევდა. ღიმილისას ის ნაკლული კბილები უჩანდა. დანარჩენზე ისევ წითელი პომადა ესვა.



№1  offline წევრი manonreom

ხომ...ასეთ დასასრულს ნამდვილად არ ველოდი ...
--------------------
ი.მ.

 


№2  offline ახალბედა მწერალი tasusuna

სულიერი დაცემა და გახრწნილი მოძრავი სხეული...
კარგია,
ნიჭი,სიტყვათა მარაგი აშკარაა :)
წარმატებები

 


№3  offline წევრი Kalina

დამამუნჯე.
პირი გამეხევა, ისეთი ბედნიერი ვარ, რომ გიპოვე.
:)
--------------------
საით მივყავართ ოცნებებს?

 


ყოჩაღ რს, ყოჩაღ ნამდვილად

 


№5  offline მოდერი guroo

ლაღი და ჩამთრევი თხრობის მანერა...
სევდიანი, მაგრამმაინც პოზიტიური სიუჟეტი...

ძალიან კარგი იყო❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent