შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თუ გაზაფხული მოვა...(თავი 13-14-15)


17-07-2019, 23:40
ავტორი Elisabeth_
ნანახია 1 483

თავი 13

'დამნაშავე ლუკა დევდარიანია'

წითელი ასოები უცნაურად იყო გამოსახული თეთრ ფურცელზე.
თითქოს ითხოვდნენ ხშირად წაკითხვას, დაკვირვებას და დაჯერებას.
კესო კი ვეღარ აზროვნებდა. მისი გონება იმდენად აირია, გული იმდენად დაიბნა, რომ ვერ ხვდებოდა, ახლა რა უნდა ეფიქრა.
ზუსტად იცოდა, რომ უნდა გაეგო ვინ იყო მირიან ახვლედიანი. იცოდა, რომ ვერაფერს ეტყოდა თორნიკეს, იცოდა რომ არ იცოდა მეგობართან როგორ უნდა დაეჭირა თავი მომხდარის შემდეგ. იცოდა, რომ ვერ აიტანდა თეოს უთავმოყვარეობას, როცა ბექას მის სახლში დაინახავდა. იცოდა, რომ ვერ იკითხავდა გაბოსა და ნენეზე, რადგან ორივე მალავდა თავის გრძნობებს...
ის კი იცოდა, რომ ყველაფერი უნდა გაერკვია და უცნობები სახლში აღარ შეეშვა, თუმცა ჯერ ვერ გაერკვია, ვინ და როგორ დაუტოვა წერილი...
მერე ლუკა გაახსენდა, რომელმაც საჩუქარი საწოლზე დაახვედრა და მიხვდა, რომ ეჭვი ეპარებოდა მასში...

***

-თეო მომენატრა!-წამოიძახა ქალმა, რომელიც დინავზე იჯდა და დაბალ, შუშის მაგიდაზე ჰქონდა ფეხები შემოწყობილი.
-არაა ღირსი,-ზიზღით ჩაილაპარაკა კაცმა, თუმცა მის ხმაში, სადღაც შორს მაინც ჩანდა ის მზრუნველობა და სიყვარული, დის მიმართ რომ ჰქონდა.
-აუ, გაბო!-დიდი, შავი თვალები მიანათა კაცს. გაბრიელს გაეცინა. უცნაურად გაეცინა... ვერ უწევდა წინააღმდეგობას. ალბათ, იმის გამო, რომ ზედმეტად უყვარდა.
-არ მინდა, რა!-წარბშეჭმუხნულმა დაიწუწუნა,-ერთხელ მაინც იგრძნოს დანაშაული!
-ისე, რატომ ვთვლით დამნაშავედ?-ნენეს თითქოს საკუთარი საქციელი გაუკვირდა.
-იმიტომ, რომ უპრინციპო და უთავმოყვარეოა!
-შენი დაა..!
-მაგიტომ არ უნდა ბედავდეს ამდენს!-თქვა გაბომ და მიხვდა, ხმას როგორ აუწია,-მაპატიე,-დაამატა იმ წუთში, თან სახე მოულბა. ნენე დაიბნა. ცოტა ხანს ხმა აღარ ამოუღია. ვერ ხვდებოდა ლაპარაკის გაგრძელება ჯობდა, თუ გაჩუმება. თუმცა, დიდხანს მაინც ვერ მოითმინა.
-აუ, წამო რა,-აწყლიანებული თვალები მიაპყრო კაცს,-კესოც იქ იქნება და თორნიკესაც ვნახავ...
-დაურეკე და შევხვდეთ მაგათ სადმე,-ბიჭმა მხრები აიჩეჩა, ასეთ მარტივ რამეს როგორ ვერ ხვდებიო.
-ტელეფონს არ იღებენ და მესამე დღეა თირნიკე სახლში არ მოსულა!
როგორც ჩანს, ახალი ამბები საერთოდ არ გაუგიათ. არაფერი იცოდნენ იმ საღამოზე, როცა თორნიკე კესოს გამოუტყდა, არაფერი იცოდნენ ლუკასა და კესოზე და, რა თქმა უნდა, არც მირიან ახვლედიანზე გაუგიათ რამე.
გაბო ერთ წუთს ჩაფიქრდა.
მერე შეხედა ნენეს, შავი თვალები ერთ წერტილზე რომ მიეშტერებინა, თხელ ლამაზ ტერფებს ათამაშებდა და გამოყვანილი თითებით სქელ ჯემპრს აწვალებდა.
გულში ჩაეცინა. თავი გააქნია, ღრმად ჩაისუნთქა და ბოლოს ნენესთვის სანატრელი სიტყვებიც წარმოთქვა.
-ადექი, წავიდეთ.
ნისიმეს თვალები გაუბრწყინდა. მაშინვე ფეხზე წამოხტა. მერე წაბორძიკდა. თავბრუ დაეხვა. გაბრიელი მას მივარდა.
-კარგად ხარ?-ტაბალო ტემბრით იკითხა, ხელები სწრაფად მოხვია ქალს. ნენეს გაეღიმა, კიო, ჩაილაპარაკა და წინ წავიდა.

გაბრიელმა, სახლში დაბრუნებამდე, კიდევ რამდენჯერმე ჰკითხა რა დაემართა მაშინ, თუმცა ნენეს არაფერი უთქვამს. სინამდვილეში კი ეჭვები ღრღნიდა და იმედი ჰქონდა, მალე დაადგენდა ყველაფერს. მერე ეშინოდა იმის, რასაც ემალებოდა, თუმცა ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა... იმ წუთში მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ გაბრიელის გვერდით იჯდა, თავისი გაბრიელის გვერდით და სხვა სადარდელი არ ჰქონდა...

და ვინ იცის, სად იყო ამ დროს თორნიკე. ვინ იცის, როგორ განიცდიდა ყველაფერს-მას ხომ არავინ იცნობდა და არც ცდილობდა ვინმე, მისი მწვანე თვალების მიღმა გაეხედა. არავის აინტერრსებდა ვინ იყო თორნიკე ჩადუნელი, კესოს გარდა... კესომ კი დატოვა. ზურგი აქცია.
ამიტომ, გაქრა. დაიკარგა. ალბათ, ელოდა ზარს, მოკითხვას, მონატრებას... და რა იცოდა სიყვარულით დამარცხებულმა, რომ იქ, სადღაც, მისი და დარდობდა მასზე... რა იცოდა, რომ კესო მასთან საუბარზე ნატრობდა...

***

ჯერ კიდევ იმაზე ფიქრობდა კესო, რა უნდა გაეკეთებინა. განყოფილებაში ვერ მივიდოდა, თორნიკეს ვერ ნახავდა, ვერ გაუძლებდა. კილომეტრების დაშორებითაც კი გრძნობდა მის ტკივილს. იმხელა დარდი იქნებოდა თორნიკეს თვალებში, კესო რომ ვერ გადაიტანდა, დაეცემოდა და ადგომას ვერ მოახერხებდა...
ნეტავ, როგორ ახერხებდა თორნიკე ამხელა ტვირთის ზიდვას? როგორ შეეძლო გაეღიმა მაშინ, როცა ყველაზე მწარედ კბენდა სიყვარული... ამიტომ იყო ძლიერი! ამიტომ იყო განსაკუთრებული... ამიტომ იყო ის თორნიკე ჩადუნელი..!

თვალწინ ედგა ლუკა დევდარიანის ნერვიული სახეც, როცა ყველაფერს ყვებოდა. იცოდა... ზუსტად იცოდა, რაღაცას მალავდა ლუკა. თუმცა იცოდა, რომ სიმართლე უთხრა და ვერ ხვდებოდა, როგორ უჯერებდა მაშინ, როცა ყველაფერი მის წინააღმდეგ იყო.

ფიქრობდა, რომ მირიან ახვლედიანმა მოკლა ელენე ჯინჭარაძე.
ფიქრობდა, რომ მირიან ახვლედიანი შეიპარა მის სახლში...

გონება ერეოდა, ამდენ რამეს რომ იხსენებდა. საბოლოოდ, ნენეს მესიჯმა გააწყვეტინა ფიქრი და მისი აზროვნებაც იმ წამს შეჩერდა.
'თეოსთან მივდივართ. შენი ნახვა მინდა.'
მხოლოდ ხუთი სიტყვა და კესო მზად იყო, ქვეყანას ამხედრებოდა. თეო და თორნიკე აღარ აინტერესებდა, იქ ნენე იყო, რომელიც ელოდებოდა და სწორედ მის გამო გავიდა სახლიდან დაუფიქრებლად.

***

ნაცრისფერი თვალები გაახილა თუ არა, მაშინვე შვილს გადახედა. ჯერ კიდევ ეძინა პატარა ერეკლეს. ფრთხილად ადგა და ოთახიდან გავიდა. ჯერ აბაზანას მიაშურა, შემდეგ სამზარეულოს და სასტუმრო ოთახში, დივანზე მშვიდად მწოლიარე კაცსაც შეავლო თვალი.
ადრე გაეღიმებოდა მის დანახვაზე, ახლა კი ვერ ხვდებოდა რა უნდა გაეკეთებინა.
-როდის აპირებ ადგომას?-უემოციოდ იკითხა ქალმა.
ბექამ სქელი ბაგეები ერთმანეთს დააშორა, გრძელი თითები თავზე გადაისვა, მერე მიხვდა , რომ გადაპარსულ თმას გადაწევა არ სჭირდებოდა, ერთხელ ამოიხვნეშა და თავი წამოსწია.
-ჯერ ადრეა რაა,-დაიწუწუნა და ისევ დაეცა დივანზე.
-არაა ადრე,-თეოს ხმის ტონი არ შეცვლილა. რამდენიმე წუთით გაჩუმდა. მერე იგრძნო, როგორ წამოდგა ბექა. ერთიანად დაიძაბა, როცა სამზარეულოში დაინახა მისი მაღალი, გამხდარი სხეული.
მაშინვე ზურგი აქცია. გაიგო, როგორ ჩაეცინა ბექას.
-რა გჭირს?-კაცის ხრინწიანი ხმა გაჟღერდა დაცარიელებულ სახლში.
-არაფერი,-ჩუმად თქვა ქალმა.
ბექას გაეცინა მის ბავშვურობაზე. სწორედ ეს უყვარდა თეოში. ეს სიწმინდე, სხვაში რომ ვერ აღმოაჩინა.
-არაფერი?-ეჭვით იკითხა.
თეო გაჩუმდა. ღრმად ჩაისუნთქა. აცრემლებული თვალები დახუჭა და ისევ ჩუმად თქვა.
-მთელი ბავშვობა შენ შემოგწირე. მეგონა გამაბედნიერებდი, მეგონა გიყვარდი!-ბექასკენ შებრუნდა,-ერეკლე გაგვიჩნდა. ჩვენი ერეკლე,-თვალებში უყურებდა და ხვდებოდა, ყელში გაჩხერილ უზარმაზარ ბურთს ვეღარ აჩერებდა. პატარა, თეთრი, გამჭირვალე წვეთი გადმოგორდა მის ხშირ წამწამებზე,-უბედნიერესი ვიყავი, ბექა... და მიღალატე! ახლა კი აქ ხარ და შენ გამო ვკარგავ მეგობრებს!-არ ყვიროდა. ვერ ყვიროდა, რადგან ერეკლეს ეძინა და ესეც აღიზიანებდა. უნდოდა ყველაფერი ეთქვა, უნდოდა დაცლილიყო, გათავისუფლებულიყო, მაგრამ ვერ შეძლო. ტიროდა და ბექას უყურებდა, თან ყველაფერს ამბობდა, ვერაფერს ალაგებდა, თუმცა ყველაფერს ეუბნებოდა მამაკაცს, რომელიც ჯერ კიდევ უყვარდა.
-შენი იმედი მქონდა! შენ კი მიღალატე! უნდა დამვიწყებოდი, გესმის? ვერ შევძელი...-სველ სახეზე მოისვა აკანკალებული ხელი.
ბექამ თავი გააქნია.
თეოს მიუახლოვდა.
-არა,-ქალმა უკან დაიხია, თუმცა სამზარეულოს ავეჯმა აშკარად შეუშალა ხელი,-არ მომეკარო!
-მე შენთვის არ მიღალატია!-კბილებში გამოსცრა კაცმა,-მე შენ ვერ გიღალატებდი!
-მაშინ ამიხსენი, ბექა! ახლა მაინც... სამი წლის მერე მაინც ამიხსენი, იქ რა მოხდა?!
-საერთოდ არ ვიცნობდი იმ ქალს!-წარბშეკრულს ყბა დაეჭიმა. დაინახა თეოს თვალებში ტკივილი როგორ გაიზარდა.
-ამის დედაც!-თეოს გვერით, მაგიდას დაარტყა მუშტი,-არ მიღალატია! რატომ არ გესმის?! რატომ არ მენდობი.?!-ჩურჩულით იყვირა. ქალი შეხტა, შეეშინდა. მიხვდა, უფრო მეტად ეტირებოდა. ყურთან ბექას სუნთქვა იგრძნო. ჟრუანტელმა დაუარა. მერე კაცმა თავისი ძლიერი ხელები მოხვია თეოს.
და ქალის ნაცრისფერი თვალებმა განაგრძეს ნაცრისფერი ტკივილის გამოდევნა.
წვიმასავით ასველებდა ბექას მაისურს, მის აჩქარებულ გულისცემას ისმენდა და ხვდებოდა, უყვარდა ეს ადამიანი.
-მე არ უნდა დამივიწყო, თეო,-ქალის თმებში ჩამალულმა ამოილაპარაკა.
-მინდოდა...
-ჩშშ...-უფრო ძლიერად ჩაიკრა გულში ბექამ და გამტყდარი ხმით დაამატა,-არ შეიძლება. არა, რადგან მე შენთვის ვარსებობ და შენ ჩემთვის. იცოდე, თუ ერთმანეთს დავივიწყებთ, ამ სამყაროში აღარ იქნება ჩვენი ადგილი...

ერთი საათიც არ გასულა ამის მერე.
ვერც ერთი ამბობდა შევრიგდით, წარსული დავივიწყოთო, და ვერც მეორე, აღარ დავშორდეთო.
თუმცა მაინც, ერთმანეთს მიხუტებულები ისხდნენ , შუაში ერეკლე ეჯდათ და მულტფილმს უყურებდნენ, როცა კარზე ზარის ხმა გაიგეს.
თეომ ბექას ახედა. უფროსმა ქალის ნისლიან თვალებს შეხედა, გაიღიმა და კარის გასაღებად ადგა, ისე, როგორც სამი წლის წინ...

-მგონი, მეგობრები არ დაგიკარგავს,-თბილი ირონიით გასძახა თეოს ჭუჭრუტანაში გახედვის შემდეგ და კარი გამოაღო.
-ერთს არ უნდოდა ჩემი ნახვა და სავიმე ერთად დამესხით თავს?-სიცილით შეეგება ძველ მეგობრებს.
-შენ რატომ აღებ ჩემი სახლის კარს?!-ზიზღით შეხედა გაბრიელმა და ისე შევიდა სახლში, ბექას გაწევა არ დააცადა. მხარო გაკრა და შემოსასვლელში შეაბიჯა. ბექა წაბარბაცდა, გულიც კი ეტკინა, თუმცა გვერდზე გადგა და ქალბატონებს დაუთმო ადგილი.

თეო მათ დანახვაზე ფეხზე წამოხტა.
თითქოს ის დრო დაბრუნდა, მხოლოდ ბავშვობაში რომ ჰქონდათ. წამში შეიცვალა ყველაფერი. დაძაბული სამი დღე წარსულში დარჩა.
ახლა იქაურობას მხოლოდ თორნიკე აკლდა. და ამას ამჩნევდა ყველა, შემჩნევით კი არც ერთს შეუმჩნევია. ბექას დაიგნორებასაც ცდილობდნენ და ეს ნაწილობრივ გამოსდიოდათ, თუმცა რა იცოდნენ, რომ მისთვის ზურგის შექცევა უსამართლობა იყო.

ბოლოს, ნენემ კესოს ანიშნა, აივანზე გამომყევიო. სიგარეტის კოლოფს დაავლო ხელი და მეგობართან ერთად გარეთ გავიდა.
აივანზე დადგა. ერთი ღერი ბაგეებს შორის მოიქცია. კესო გვერდით მიუდგა.
რამდენიმე წამით თვალებდაწვრილებული უყურებდა ნენე წინ გადაშლილ ხედს. მერე კესოს მზერა იგრძნო.
-დაიწყებ?-მისი უცნაური, მობეზრებული და საშინლად დაინტერესებული ხმაც გაიგო.
მერე სიგარეტს მოუკიდა, ჯერ გაეღიმა, სიმწრითა და სინანულით, მერე ისევ დამშვიდდა და ლაპარაკი დაიწყო.


თავი 14

ყველა ფიქრობს, რომ განსაკუთრებულია, განსხვავებულია, თუნდაც ამას არ აღიარებდეს. ყველას ჰგონია, რომ შეუძლებელი არაფერია.
ნუთუ, სიმართლეა ეს?!
არა! არ არსებობს ადამიანი, ვისაც  დანაშაული აპატიეს.
მეგობარი ყოველთვის ეტყვის მეგობარს, რომ ყველაფერს ეშველება, ყველაფერი გამოსწორდება, თუმცა გულში ჩაბუდებულ წყენას ვერ გააგდებს, თუნდაც კარი ღია იყოს...

***

მთვარემ მზის ადგილი დაიკავა. შავ ცაზე ჩამოკიდული დაჰყურებდა ყვითლად აციმციმებულ ქუჩებს.
კესო უყურებდა ნენეს სევდიანად ანთებულ თვალებს.
-დარწმუნებული ხარ?-იკითხა ბოლოს. ნენემ თავი გააქნია. ქვედა ტუჩი კბილებს შორის მოიქცია და თვალები დახუჭა, თითქოს ცრემლების შეკავებას ცდილობდა.
-ისე არ გეტყოდი,-ბოლოს ჩუმად თქვა.
კესო წამით გაჩერდა. მერე გაეღიმა. უცნაურად გაიღიმა. ბოლოს გაეცინა.
-შვილი გეყოლებათ!-ჩურჩულით შესძახა, თხელი თითები სახეზე აიფარა.
-კარგი, რა!-ნენემ თავი დახარა. სიგარეტს მოუკიდა და ის იყო ნაფაზი უნდა დაერტყა, კესოს შეხება იგრძნო მხარზე.
-დედა გახდები, ნენე!-გაბრწყინებული სახე მიანათა მეგობარს,-ეს აღარ გჭირდება,-სიგარეტი გამოართვა, ჩააქრო და გარეთ გადააგდო,-რა გჭირს?
-არაფერი...
-მესმის, არ ხარ მზად. რა მნიშვნელობა აქვს ამას? შემ ჰო გიყვარს გაბო!
ნენე დაიბნა. კესოს გაეცინა.
-აღიარე, ნენე, აღიარე!-დაიჩურჩულა და ნისიმესაც გაეცინა.
-მიყვარს,-აკანკალებული ხმით ამოილაპარაკა.
-იმასაც ხომ ხედავ, გაბოს როგორ უყვარხარ? შეიძლება არ გეთქვათ ერთმანეთისთვის, მაგრამ...
-ჰო და ეგაა პრობლემა!
-სხვა სანერვიულო ვერაფერი ნახე?-კესოს მხრები აუთრთოლდა, უნდოდა ყველასთვის ეთქვა, მისი მეგობარი რომ ორსულად იყო,-თორნიკემ იცის?.. როგორ გაუხარდება!-ბედნიერმა წამოიძახა და იგრძნო, როგორ ეტკინა გული. საშინლად ენატრებოდა თორნიკე და აკლდა. ანადგურებდა ის, რომ არ შეეძლო მისი ნახვა, მისი ჩახუტება...
-ახლა რა ვქნა?-ნენემ ისევ ხედს მოავლო თვალი.
კესო გამოფხიზლდა, მეგობარს შეხედა და თბილი ღიმილით უთხრა:
-ახლა გაბოს უნდა უთხრა და მერე ყველაფერზე ერთად უნდა იფიქროთ!

სახლში რომ შევიდნენ კესო იქაურობას მოსწყდა.
არ მოსწონდა, როცა იქ ბექას ხედავდა და არა თორნიკეს.
ბედნიერი იყო და თითქოს ეს ბედნიერება აუბედურებდა იმ წუთებში.
თორმეტს გადასცდა, როცა ნენემ თქვა, დავიღალეო. გაბომ მაშინვე უთხრა სახლში წაგიყვანო. კესოც წასვლას აპირებდა. თეოს და ერეკლეს დაემშვიდობნენ და სახლიდან გადიოდნენ, როცა კესოს ბექამ დაუძახა, მე წაგიყვანო.
-არ მინდა,-ცივად უპასუხა ქალმა.
-არ მიკითხავს. მარტო ვერ წახვალ.
-არ მიდის მარტო, მე მიმყავს,-ჩაერია გაბრიელი.
ბექას სახე დაეჭიმა, თვალები დაახამხამა და მუშტები შეკრა.
-არა, შენ ნენე მიგყავს,-ბოლოს დამშვიდებულმა თქვა და კესოს ჩაავლო ხელი.
კესომ თეოს შეხედა და მის სახეზე დაინახა რაღაც თხოვნის მსგავსი. ამიტომ დათანხმდა და ბოლოს, როგორც ბექამ ითხოვა (თუ ამას თხოვნა ერქვა), კესო ბექას მანქანაში აღმოჩნდა.

დიდხანს იყვნენ ჩუმად.
მერე ბექას ხრინწიანი ხმა გაისმა.
-სახლში მიგიყვანო?
-არა, განყოფილებაში,-რამდენიმეწამიანი ფიქრის მერე ცივი ტონით უთხრა კესომ. ბექამ ღრმად ჩაისუნთქა, წამით გზას თვალი მოაშორა და კესოს შეხედა, მერე ისევ გზას და კვლავ ალაპარაკდა.
-არ მექცევი სწორად, კესო...
-არც შენ მოიქეცი სწორად მაშინ.
-მაშინ არაფერი გამიკეთებია,-ბნელი თვალები კვლავ კესანეს მიანათა. ქალს ცივმა ჟრუანტელმა დაუარა მთელ სხეულში.
-დარწმუნებული ხარ?-ირონია ვერ დამალა. ბექას ჩაეცინა. როგორ მონატრებია კესოს ეს კაცი და მასთან უაზრო საუბრები!
-ის ქალი ნუცა იყო. ნუცა ჭავჭავაძე. იმ დღეებში მის ქმარს ეძებდნენ და იმან მე მთხოვა, გაიყვანე ქალაქიდანო. მაგიტომ ნახეთ ჩემს ოთახში და გზაზეც მაგიტომ ვუცქერდით კამერებს ერთად, ჩემი მანქანიდან...
-ამას მე რატომ მიყვები?-უემოციოდ იკითხა კესომ. ბექას არ შეცვლია სახე.
-იმიტომ, რომ შენ უნდა გცოდნოდა,-თქვა ისე, რომ კესოსთვის არ შეუხედავს.
მანქანა გააჩერა.
კესანე შემოდგომის ცივ-თბილ ნიავს შეერკინა, წასვლამდე ბექას შეხედა, თითქოს ძველი მეგობრის სახეზე დაინახავდა ნუგეშს, თითქოს იქ გაერკვეოდა, თუმცა მაინც ვერაფერი იპოვნა. დამშვიდობების გარეშე წავიდა.
ბექამ მანქანა მაშინვე დაძრა.
და კესოს გაახსენდა ლუკა... დათა! დათა, რომელიც მუდამ ელოდებოდა... დათა, რომელიც არ წავიდოდა, სანამ კესო თვალს არ მიეფარებოდა.

შენობაში შესვლისთანავე დაეუფლა უცნაურად საშინელი შეგრძნება. თორნიკეს სურნელი იდგა ყველგან. სუნთქვა შეეკრა კესოს, ისე მოუნდა მისი ნახვა. ვერ გაანალიზა მისი კაბინეტისკენ როგორ გაიკვლია გზა.
-ეკა,-თავი დაუკრა ნაჩქარევად თორნიკეს მდივანს, მისალმების ნიშნად, მერე კი თორნიკეს კაბინეტის კარი შეაღო. ეკას ხმაც გაიგო, აქ არ არისო, თუმცა ყურადღება არ მიაქცია. ბოლომდე ეგონა, რომ იქ იქნებოდა თორნიკე, რომელიმე კუთხეში, რომელიმე თაროსთან ან ტუმბოსთან ჩამუხლული... თუმცა არ იყო, არსად იყო.

უნდოდა მისი ნახვა. იქნებ, ბოდიშიც კი მოეხადა... ან არა... ამას არ ჰქონდა მნიშვნელობა, მთავარი ის იყო, მისი ხუჭუჭა თმა და გამჭირვალე, მწვანე თვალები.

-ეკა!-გასძახა დერეფანში მდგარ გოგონას, როცა დარწმუნდა, რომ თორნიკე კაბინეტში არ იყო.
ეკა მაშინვე მის წინ გაჩნდა.
-სად არის თორნიკე?!-გაღიზიანებულმა იკითხა. ისიც კი დაავიწყდა, რისთვის მივიდა განყოფილებაში.
-იცით... მას შემდეგ, რაც ორი საქმე დახურა, განცხადება დაწერა, შვებულება აიღო...
-არ უთქვამს სად წავიდა?-კესოს სახე წაეშალა.
-არა...

ასეთი დაბნეული, ალბათ, ლუკაზე სიმართლის გაგების შემდეგ არ იყო. ეკა კაბინეტიდან გაუშვა და თორნიკეს სკამზე დაეშვა. ნერვიულად მოატარა ცარიელ ოთახს თვალი, თავი გააქნია უაზრო აზრების გასაფანტად. ვერ გააანალიზა, როგორ აიღო ტელეფონი, აზრზე რომ მოვიდა, უკვე თორნიკეს ურეკავდა. რამდენიმე ზარის შემდეგ გათიშა, მიხვდა, თორნიკე არ უპასუხებდა.
მისი კომპიუტერი ჩართო, მერე არქივში დაიწყო ქექვა. ყველაფერი გააკეთა, რომ სიმართლე გაეგო, რაღაც გაერკვია... ორი-სამი საათის მერე გონებაში ახალი დეტალები ჩაინიშნა.

მირიან ამილახვარი: 35 წლის. ორჯერ ნასამართლევი. პირველად დააკავეს დაყაჩაღებისთვის მიესაჯა შვიდი წელი. მეორედ-განზრახ მკვლელობისთვის, 15 წელი.
ნუცა ჭავჭავაძე: მირიან ამილახვარის მეუღლე. 30 წლის. ქმრის დაკავების შემდეგ ქვეყნიდან წავიდა.

გული აუჩქარდა ქალს.
შეიძლება, ბექა მართლა არ იყო დამნაშავე. აუცილებლად გაიგებდა, იცნობდა თუ არა ის მირიანს. წამით გაჩერდა. ეკას დაუძახა. თითქოს მთელი საუკუნე ფიქრობდა, ღირდა თუ არა კიდევ ერთხელ კითხვის დასმა. საბოლოოდ, ხმა ამოიღო.
-რამდენი ხანია არ გამოჩენილა?
-თორნიკე?-ეკამ დაბნეულად იკითხა. კესანემ თავი დაუქნია და მანაც განაგრძო,-სამი დღეა.
გული ცუდს უგრძნობდა. თითქოს თავისი ერთი ნახევარი ეცლებოდა ხელიდან. თითქოს ყველაზე მნიშვნელოვანს კარგავდა.
სუნთქვა გაუხშირდა.
ტელეფონს ხელი დაავლო და თორნიკეს ნომერი მოძებნა.
არ აინტერესებდა საქმე, არაფერი უნდოდა, მხოლოდ მისი ხმის გაგონება და დარწმუნება იმაში, რომ კარგად იყო თორნიკე...
თითქმის მთელი წუთი ელოდა მამაკაცის ხმას.
მერე სიგნალი შეწყდა. მძიმე სუნთქვა იგრძნო ქალმა. მერე ნანატრი ხმაც გაიგონა.
-კესო...
რაღაც ეუცხოა ქალს. რაღაც ისე არ იყო...
-სად ხარ?-ანერვიულებულმა იკითხა. რამდენიმე წამით ხმას არ იღებდა თორნიკე.
-სახლში,-ჩუმად თქვა ბოლოს. თუმცა ეს უბრალოდ ჩურჩული არ იყო. თითქოს, ვერ ახერხებდა ლაპარაკს, ძალა არ ჰქონდა...
-რა ხმა გაქვს... რა გჭირს?!-კესო ფეხზე ადგა, კაბინეტიდან გადიოდა, თან თორნიკეს სახე ედგა წინ.
-რაღაც... რაღაც არასწორად გავაკეთე, კესო...
-რას გულისხმობ? მოიცადე...
-მგონი, ვკვდები...-უკვე უხმოდ ამოილაპარაკა თორნიკემ. კესომ საღად აზროვნების უნარი დაკარგა. თორნიკეს სახლში მისულმა სისხლის გუბეში მწოლიარე კაცი დაინახა. ეს არ იყო ის თორნიკე, რომელსაც კესო იცნობდა, რომელიც წარმოიდგინა... ეს იყო განადგურებული ადამიანი, რომელიც საბოლოოდ გატყდა. ვეღარ გაუძლო თორნიკემ. უნდოდა, სისხლით გამოედევნა ტკივილი სხეულიდან... და ამ სისხლს გაყვა მისი სულიც. რომ გამოფხიზლდა კესო, უკვე სასწრაფოს მანქანაში იჯდა ლურჯტანსაცმლიან ქალთან ერთად, გონწასულ, ფერგადასულ თორნიკეს უყურებდა და თეოს ურეკავდა. მერე გაბრიელს გააგებინა. შეეცოდა ნენე, რომელიც ახალ სიცოცხლეს ატარებდა მუცლით. ეცოდებოდა გაბრიელიც, რომელმაც არაფერი იცოდა ნენეზე. ეცოდებოდა ბექაც რომელსაც არავინ უჯერებდა. ეცოდებოდა საკუთარი თავი, ამდენის გადატანა რომ უწევდა და ყველაზე მეტად ეცოდებოდა და ენანებოდა თორნიკე, რომელიც სიცოცხლეს უკანასკნელი ძალებით ებღაუჭებოდა, გადარჩენას ცდილობდა...

საავადმყოფოს დერეფანში იჯდა ტყავის ფერგადასულ სკამზე. მოსაცდელში არავინ იყო. გათენებამდე ჯერ კიდევ დიდი დრო იყო დარჩენილი. ნათება დერეფნის ჭერზე იმდენად ცივი იყო, კესოს სულში წვდებოდა და უყინავდა...
-სად არის? რა დაემართა?!-დერეფნის ბოლოდან გაიგო ნენეს ხმა.
-დამშვიდდი, გავარკვევ,-გაბრიელი სიმშვიდის შემარჩუნებას ცდილობდა. წინ გამოქცეულ ქალს ხელი ჩასჭიდა და თავისკენ მიიზიდა, მერე კი მასთან ერთას წავიდა კესოსკენ.
ეს უკანასკნელი გამოფხიზლდა, ფეხზე წამოდგა. მაშინვე უამბო მომხდარი. ნენემ ფერი დაკარგა.
-როგორაა?-უხმოდ იკითხა. აშკარა იყო, ფეხზე დგომა უჭირდა.
-ნენე!-კესომ მისი სახელი წამოიყვირა და ნენეც მოსწყდა ადგილს. გაბომ დაიჭირა. მიშველეთო, ორივემ ერთად იყვირა და დერეფანში მაშინვე გამოჩნდნენ ექთნები.
მოვიდნენ თეო და ბექაც, რომლებმაც შვილი თეოს მშობლებს დაუტოვეს. თორნიკესთან ერთად ნენეზეც გაიგეს. ერთი ამბავი იყო საავადმყოფის დერეფანში. ყველა ერთმანეთს აწყნარებდა, ყველა ერთმანეთს ეფერებოდა, და მაინც-ყველა ზედმეტად ნერვიულობდა.

თეთრხალათიანი გოგონას დანახვისას ოთხივემ მას გახედა.
-ნისიმე ჩადუნელთან ვინ არის?-მშვიდი ხმით იკითხა, თუმცა აშკარად ეტყობოდა, გადაღლილი იყო.
-როგორაა?-ყველას დაასწრო გაბრიელმა.
-ნერვიულობის ფონზე დაკარგა გონება. ახლა კარგადაა, ნაყოფსაც არაფერი მოსვლია.
-უკაცრავად,-გაბრიელს ფერი წაეშალა სახეზე,-ნისიმე ჩადუნელზე საუბრობთ? შავთმიან ქალზე... ხუჭუჭა თმა აქვს...
-დიახ,-ექთანმა უცნაურად გაიცინა, ანერვიულებულ, დაბნეულ მეგობრებს ზურგი აქცია და სხვა პალატაში შევიდა.

გაბრიელი წამით გშეშდა. მერე კესოს, თეოსა და ბექას მიუბრუნდა. სახეზე არანაირი ემოცია არ ეწერა. წვრილი, ცისფერი თვალები გაეფართოებინა, ლამაზი წარბები ზევით აეზიდა, თხელი ბაგეები ერთმანეთისთვის დაეშორებინა.
კესოს გაეღიმა.
წარმოიდგინა გაბრიელი, გაბო... გაბო და ბავშვი... თბილი სანახავი იყო...
და თითქოს კესოს ღიმილმა მოიყვანა აზრზე. დანარჩენებს გადახედა. თეო ვერ იაზრებდა, ბექა კი სიამაყით სავსე მზერას არ აშორებდა ყოფილი ცოლის ძმას.
მერე გაბოს ჩაეცინა. მხრები აუთამაშდა.
წამით წარმოიდგინა, რომ იქ თორნიკეს კი არა, ნენეს გამო მივიდნენ.
გაიცინა და ბედნიერმა ჩაილაპარაკა:
-მგონი, მამა ვხდები...

თავი 15

-გაიღვიძა?-ჩუმად იკითხა კაცმა.
-რომელმა?-ქალმა უცნაურად ჩაიცინა. გაბომ მხრები აიჩეჩა.
-თეოს ღვიძავს,-კესომ ჩუმად თქვა.
-შეხვედი?
-არა, შენ გელოდებოდი. შედი,- უთხრა და თბილად გაუღიმა. ოდნავ ხელოვნურად, თუმცა მაინც, თბილად.
გაბოს თვალები გაუბრწყინდა. კესოს ზურგი აქცია. არც კი უკითხავს, სად იყო მისი და. არაფერი უკითხავს თორნიკეზე.
პალატის კარი შეაღო.
ქალი საწოლზე იჯდა, ბალიშს მიყრდნობოდა. გრძელი, ხუჭუჭა თმა მხრებზე გადაეფინა, სქელი, წითელი ტუჩები უფრო დასიებოდა და შავი თვალებით საკუთარ თითებს დაჰყურებდა.
-ნენე!-ბედნიერმა შესძახა და შიგნით შევიდა გაბრიელი. გვერდით მიუჯდა. ნენემ კაცს ახედა. გაბრიელი იმდენად სხვანაირი იყო, იმდენად ნათელი თვალები ჰქონდა, ნენეს იმედი მიეცა...
-რა მოხდა?-ჩამწყდარი ხმით იკითხა.
-არაფერი,-გაბრიელმა თავი გააქნია. ხელი ნაზად შეახო ქალს მუცელზე,-რატომ არ მითხარი?
-ვაპირებდი...-ქალმა თავის მართლება სცადა. გაბრიელს გაეცინა. ჯერ კიდევ ვერ აანალიზებდა, რომ მამა ხდებოდა.
-არასდროს არაფერი დამიმალო,-ძლივსგასაგონად თქვა. ქალს ხელი შემოჰხვია და თავისკენ მიიზიდა. შუბლზე შეახო თხელი ტუჩები. მერე იგრძნო, როგორ მიხვია ქალმა თავისი ხელები, როგორ ჩასჭიდა მის მაისურს თხელი თითები და გაუაზრებლად ჩაილაპარაკა:
-ნენე, მიყვარხართ.
და მის მკერდში ჩამალულ ნენეს გაეღიმა.
-როდის უნდა გეთქვა?-ირონიულად ჩაილაპარაკა და იგრძნო, როგორ აუჩქარდა გაბოს გული, მერე კი დაამატა,-მეც.

ბედნიერება წამიერია, თუმცა ამ შემთხვევაში მათი ბედნირების უკან დიდი ტკივილი იმალებოდა. ორივეს ედგა თვალწინ თორნიკე, რომლის ნახვაც კი ვერ მოახერხეს.

სანამ ნენე პალატიდან გამოსასვლელად ემზადებოდა, გაბრიელი გარეთ გავიდა. თავისდაუნებურად ეღიმებოდა, თან გული არ ანებებდა თავს. ვერ იჯერებდა, მამა ხდებოდა.

საავადმყოფოს ეზოში დასეირნობდა. თან ნენეზე ფიქრობდა. მერე მისი სხეული გაბრიელის წარმოსახვებში თორნიკემ ჩაანაცვლა.
ყოველთვის უფროსი ძმასავით ჰყავდა თორნიკე. ყოველთვის გვერდში ედგნენ ერთმანეთს. და ახლა რაღაც მოხდა... ერთმანეთს მოსწყდნენ... ვეღარ შეამჩნია გაბომ თორნიკე, ხელი გაუშვა და უფროსი ბნელ უფსკრულში გადაეშვა. ახლა, ალბათ, სადღაც სიღრმიდან უყურებდა კაცი მეგობრებს და იქიდან ამოსვლას ვეღარ ახერხებდა. ცდილობდა... გაბრიელმა კი ზურგი აქცია... მხოლოდ ახლა გაახსენდა... მხოლოდ ახლა შეამჩნია...

საკუთარმა საქციელმა გააღიზიანა. გულაჩქარებულმა, წარბშეკრულმა განაგრძო გზა. და მერე ნაცნობი ხმა გაიგო. ქალის ხმა იყო... მას კაცის ხმა ენაცვლებოდა... გაბრიელმა წინ გადადგა რამდენიმე ნაბიჯი და მალე თავისი დაც დაინახა, კედელზე მიყრდნობილი. წინ ბექა ედგა.
სახე წაეშალა გაბრიელს.
საკუთარი თავი შეზიზღდა. გაიხსენა, როგორ წავიდა სახლიდან ნისიმესთან ერთად, როცა თეოს გვერდით ბექა დაინახა. ძმა იყო და და დატოვა. უმცროსი და დაუტოვა ადამიანს, რომელიც იქ არ უნდა ყოფილიყო.
-წაგიყვან,-ესმოდა შორიდან ბექას ხმა,-თან ერეკლესაც წამოვიყვან... ერთად ვიქნებით...
-ამის დრო არაა, ბექა,-პასუხობდა ჩუმად ქალი.
ვერ გააანალიზა გაბომ, როგორ წავიდა მათკენ და წამში ბექა კედელს მიახეთქა.
-რა უფლება გაქვს?! რა უფლებით ელაპარაკები?!-დაისისინა და ყოფილი სიძის ღაწვებზე მუშტის კვალი დატოვა.
ბექას ნაცრისფერი თვალები თავისდაუნებურად დაეხუჭა, დარტყმისგან მიყენებული ტკივილის გამო მის ბაგეებს ოხვრა აღმოხდათ. მერე თვალები გაახილა და გაბრიელს შეხედა. დაბნეულს გაეცინა. გაბრიელმა მეორედაც დაარტყა... მერე მესამედ... ბექას უნდოდა ეთქვა, რომ არაფერი გაუკეთებია, უნდოდა თავი ემართლებინა... უნდოდა გაეჩერებინა გაბრიელი. თუმცა რა აზრი ჰქონდა? სამი წლის განმავლობაში არაფერი უთქვამს. არაფრით გაუმართლებია საკუთარი საქციელი, არაფრით სცადა თავის დაღწევა... თითქოს მასაც უნდოდა თეოს დათმობა... და ეს ვერ შეძლო. არ შეეძლო, რადგან თეო იყო მისი სამყარო, მისი ჰაერი და მის გარეშე ვერ იცოცხლებდა.
მის ლოყაზე სისხლის კვალი გამოჩნდა. თვალები ისევ დახუჭა, ძლიერად, თითქოს ცდილობდა კოშმარისგან თავის დაღწევას. ქალის ყვირილი ისმოდა... ესმოდა ბექას, როგორ სთხოვდა თეო ძმას, გაჩერდიო. ესმოდა, როგორ შეემატა მას ნისიმესა და კესანეს ხმები... და გაბრიელიც გამოფხიზლდა. სისხლიან, თავბრუდახვეულ კაცს ხელი გაუშვა და უკან დაიხია.
-არაფერი დაუშავებია!-ცრემლებს ამოაყოლა ნისიმემ ბოლოს. გაბრიელმა მას შეხედა. მერე კესოს, რომელსაც სახეზე ეტყობოდა, მეგობრების იმედი დაჰკარგვოდა. თეოსაც, რომელსაც პატარა, ლამაზი თითები ცრემლებისგან დასველებულ სახეზე აეფარებინა. დაინახა, თავისი და როგორ მივარდა თვალდასიებულ ბექას, როგორ ჩაეხუტა, როგორ მოიხადა გაბრიელის მაგივრად ბოდიში.
-რა..?-ხმაჩამწდარმა ამოილაპარაკა. ნისიმემ თავი გააქნია, არ შემიძლია მოყოლაო, და გაბრიელის მკერდს მიეკრა.
-ბექა დამნაშავე არაა. ის ქალი ძმაკაცის ცოლი იყო, დამალვაში ეხმარებოდა,-მოკლედ მოუყვა კესომ. თეოს მიუახლოვდა და ბექას საავადმყოფოში შეყვანა გადაწყვიტა. წასვლამდე გაბოს შეხედა, რომელიც არეული სახით უყურებდა მათ, თან ნენეს ეხვეოდა. ტკივილით გაიღიმა და მშვიდად უთხრა კაცს:
-დამნაშავე არც ლუკა დევდარიანია. შეგიძლია კიდევ ერთხელ დაეხმარო, დამალვა სჭირდება.

და მიუხედავად იმისა, რომ კესო მშვიდად საერთოდ არ იყო, არაფერი ეტყობოდა. სინამდვილეში ხვდებოდა, მეტ დარტყმას ვეღარ გაუძლებდა.
საფიქრალი უამრავი ჰქონდა, თუმცა არ იცოდა რით უნდა დაეწყო...
მანამ, სანამ საბოლოოდ განადგურდებოდა, თეოს დაეხმარა, ბექა ექთნამდე მიეყვანა. უკვე ნაცნობმა ქალმა თავი ვეღარ შეიკავა, სიცილოთ ჰკითხა, მეტი არავინ დაგრჩათო? კესომაც გაუცინა და მერე იქაურობა დატოვა. თორნიკეს პალატამდე მივიდა. კარი შეაღო და შიგნით შევიდა.
ჯერ კიდევ უგონოდ იწვა თორნიკე, აბურდული ხუჭუჭები სახეზე გადმოყროდა. ფერი უბრუნდებოდა, თუმცა სიცოცხლის არაფერი ეტყობოდა.
სკამზე დაჯდა კესო და თორნიკეს ცივ მტევანს ჩაჰკიდა ხელი.
თავი ვეღარ შეიკავა. ცრემლებმა გაიკვლიეს გზა მის აწითლებულ ღაწვებზე.
-თორო, არ დამტოვო, რა...-თვალდახუჭულმა ამოილაპარაკა,-მარტო ვერ ვიქნები... მარტო ვერ გავუძლებ...

და აი, თორნიკეს თვალში ყველაზე ძლიერი ქალიც კი გატყდა. ატირდა. მხრებათრთოლებული დაეშვა თორნიკეს სხეულზე და მისი სისხლიანი მაისურის ცრემლებით დასვრა დაიწყო.
დიდხანს იყო ასე. მერე, ორი ღამის უძინარს, თვალები მიელულა. ცუდად არ სძინებია, თუმცა თავს მშვიდად ვერ გრძნობდა. ძილშიც კი აწუხებდა რაღაც. მერე თითქოს დაესიზმრა, როგორ შეეხო ლუკა... ღიმილმა გადაირბინა მის ტუჩებზე. ტირილისგან დასიებული თვალები ზანტად გაახილა. იგრძნო, სიზმარმა რეალობაში გადმოინაცვლა. მის თმაზე ვიღაც გაუჩერებლად თამაშობდა, თითებს ხლართავდა, გაურკვეველ ლაბირინთს ქმნიდა.
-თორნიკე...-უხმოდ ჩაილაპარაკა და თავი წამოსწია. თმას ხელი მოაშორა კაცმა და კესოს შეხედა. მის ჩამქრალ თვალებში ხელახლა გაღვივდა სიცოცხლის ნაპერწკალი.
-არა!-ჩუმი სიმკაცრით გააწყვეტინა ჯერ ართქმული სიტყვა კესოს. გაიღიმა ქალის რეაქციაზე. უსულოსაც კი ენატრებოდა მისი სახე, მისი თვალები, მისი ღიმილი...
-ეს რატომ გააკეთე...-აწყლიანებული თვალები გაუსწორა კესომ თორნიკეს. რაც არ უნდა ყოფილიყო, საკუთარ თავს აბრალებდა. ამას ხვდებოდა თორნიკე და გული სწყდებოდა... ის ხომ თორნიკე იყო... თორნიკე! და კესოს უნდა სცოდნოდა, ს არ ეცდებოდა...
-მე არ გამიკეთებია,-თორნიკემ მხრები აიჩეჩა.
-რა?-ქალს ნერვიულად ჩაეცინა.
-ჰო. მირიან ამილახვარი... თურმე, ციხიდან გაქცეულა...-ჯერ კიდევ მძიმედ სუნთქავდა თორნიკე.
კესოს არ ესიამოვნა ამ სახელის გაგონება.
-ამაზე უნდა დავილაპარაკოთ,-თავდახრილმა თქვა. უფროსმაც თავი დაუქნია.

ადამიანი რეალობას ვერასდროს ხედავს. ყოველთვის თავის სამყაროში ცხოვრობს და ხშირად ავიწყდება, რომ მის გარშემო სხვებიც არსებობენ.
თეო, გაბრიელი, ნისიმე, კესანე, თორნიკე... მათ ყველას სჭირდათ ეს ადამიანური დაავადება, რომელმაც იმდენად ჩაითრია თითოეული, რომ გამოფხიზლებას ვეღარ ახერხებდნენ.
თეოს დაავიწყდა, რომ ჰყავდა მეგობრები და ძმა...
გაბრიელმა დაივიწყა თორნიკე, დაივიწყა თეო, დაივიწყა ლუკაც, რომელიც სკოლიდან მოყოლებული გვერდში ედგა.
ნისიმეს წარმოდგენაში მხოლოდ პატარა ბავშვი და გაბრიელი იყვნენ... ერთ მომენტში კესანეც გამოჩნდა, თუმცა ის მაშინვე გაქრა, როგორც კი რჩევა მიიღო...
კესო? კესო საკუთარ თავში ვეღარ ერკვეოდა. მის სამყაროში ცხოვრობდნენ დათა და ლუკა-ერთი ადამიანის სხვადასხვა სახე. იქვე იყო თორნიკეს ნამსხვრევები.
და თორნიკე? თორნიკემ დაივიწყა, რომ ჰყავდა და, ჰყავდა გაბრიელი და თეოც... კესოს შესწირა თავისი ცხოვრება და მისი სამყაროც განადგურდა. ამ განადგურებამ დააბრუნა ყველა რეალობაში.
თორნიკეს წყალობით, ყველა გამოფხიზლდა, ვარდისფერი სათვალე მოიხსნაეს.
ახლა მხოლოდ იმაზე უნდა ეფიქრათ, როგორ გაეძლოთ ცხოვებისთვის, რომელიც დაუნდობლად გადაუვლის ყველას, ვინც მზად არაა ბრძოლისთვის...

***

ნენეს დაემშვიდობა გაბრიელი და წავიდა... წავიდა იქ, სადაც წლების განმავლობაში უნდა ეარა-დევდარიანებთან...
გავიდა რამდენიმე დღე და თორნიკეც სახლში დაბრუნდა.
როგორც კესოს უთხრა, არ უცდია, მირიან ამილახვარმა გააკეთა ეს.
კესოც წავიდა სახლში, სადაც მარტო ყოფნა აღარ უნდოდა...
ბექას უდანაშაულობა ყველამ დაიჯერა და მამაკაცი საყვარელ ქალს დაუბრუნდა. პატარა ერეკლეს ყველა ერთად ზრდიდა.
ნენეს მუცელი თითქმის არ ემჩნეოდა, თუმცა პატარა ნიშნებზეც კი ერთ ამბავს ტეხდა, გაბოს ეძახდა, დაქალებს ურეკავდა, თორნიკეს ეუბნებოდა...

შემოდგომა მიილია. დეკემბერი დაიწყო. ნენემ და გაბომ ქორწილი დაგეგმეს. ყველა მოსწყდა თავის საქმეს, ახალი საფიქრალი ჰქონდათ.
კაბა, მანქანა, სუფრა, სტუმრები... ყველაფერს ინაწილებდნენ, ყველაფერზე ფიქრობდნენ...
თორნიკე და კესო თითქოს მიეჩვივნენ სიყვარულზე თვალის დახუჭვას. თორნიკესთვის კესო მაინც ერთადერთ ქალად რჩებოდა, თუმცა მისი ნების საწინააღმდეგოდ არ გადადგამდა ნაბიჯს, ამიტომ ეგუებოდა იმ ფაქტს, რომ კესო მას არ ეკუთვნოდა (თუმცა სიყვარულმა დათმობა არ იცის... ვინ იცის რას ფიქრობდა თორნიკე სინამდვილეში, მანამდე კი ფიქრობდა ნენეზე და მომავალ დიშვილზე, შვილივით რომ ეყვარებოდა).
კესო ნენეს მეჯვარე იყო. ეჩვენებოდა, რომ მეგობარზე მეტად თვითონ ნერვიულობდა. იცოდა, გაბრიელი ყოველ კვირა ნახულობდა ლუკას. რამდენჯერმე დევდარიანების სახლშიც კი მივიდა კესო მის სანახავად. გასაკვირი ის იყო, რომ მარიტა და თომა თბილად ექცეოდნენ, თითქოს გაიზარდნენ ზაფხულის შემდეგ. თუმცა იქ ლუკა არ უნახავს და არც დათა მოლანდებია. ლუკა გაბრიელმა გადამალა. და სად, კესოს არ უკითხავს. აინტერესებდა, თუმცა არ კითხულობდა, თითქოს ასე დაივიწყებდა იმას, რაც მისი ნაწილი იყო. თუმცა მოგონებები არსად ქრებოდნენ, უფრო ღრმად იკვლევდნენ გზას კესოს მეხსიერებაში და ისიც, თავიდან ვეღარ იშორებდა დათას...

ქორწილის დღეც დადგა.
ტირილი და სიცილი ენაცვლებოდა ნენეს სახეზე ერთმანეთს. უხაროდათ... ყველას უხაროდა...
დიდი ქორწილი არ ჰქონიათ, თუმცა იყო მხიარულება, ბედნიერება... ყველას უყვარდა ერთმანეთი იმ დღეს. თითქოს ეშმაკიც კი ხვდებოდა, რომ სიკეთის დღე იყო.
უკვე საკმაოდ გვიანი იყო, გაბო პატარძალს რომ მოშორდა და კესოს მიუახლოვდა. ქალს გაუხარდა, რაღაც ახალი შენიშნა გაბრიელში, თითქოს ეტყობოდა, რომ უკვე ჰყავდა ცოლი და მალე ეყოლებოდა შვილიც...
-აბა, ჩემო კესო,-გვერდით მიუჯდა მამაკაცი,-ხომ არ მოიწყინე?
-თქვენი შემყურე, როგორ მოვიწყენ,-კესომაც თბილად გაუცინა.
-ვერ მოიწყენ,-ისე აიჩეჩა გაბომ მხრები, თითქოს პასუხი ისედაც ცხადი იყო.
-როგორ ტოვებ ცოლს მარტოს?-ნენეზე მიანიშნა კესომ.
-ეგ სულ ჩემთან იქნება,-წარბაწეულმა გაბრიელმა საყვარელ ქალს გახედა, მერე კესოს დაუბრუნდა,-შენ კი ვერა...
-რას გულისხმობ?-ქალი დაიბნა, გაიცინა, თხელი თითებით მრგვალ საყურეზე დაიწყო თამაში.
-ვერ გეტყვი. ჩაიცვი და ჩუმად გადი გარეთ,-თქვა გაბომ და დატოვა.
ვერაფერს მიხვდა კესო. უფრო დაიბნა, შეშინდა კიდეც. დიდხანს ფიქრობდა, რა უნდა გაეკეთებინა. მერე გაბოს სიტყვები თამაშად ჩათვალა და გადაწყვიტა თვითონაც ეთამაშა. ქურთუკს ხელი დაავლო, ტელეფონიც აიღო, ჩანთა მოიკიდა და ყველასთვის უთქმელად დატოვა რესტორანი.
ზამთრის სუსხმა დაუარა მის სხეულს, სიცივემ აიტანა. აკანკალებული ხელით თმა გადაიწია ყურს უკან და გარშემო მიმოიხედა.
მერე მანქანა დაინახა, ფარებანთებული. წარბშეკრულმა აარიდა თვალი, თუმცა მალევე დაუბრუნდა მანქანის საქარე მინას, სადაც ნაცნობი სახე დალანდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent