სისხლის ორდენი თავი 5 ანგელოზები და დემონები
ოთახისკენ მიმავალმა მწველი მზერა ვიგრძენი, ვიღაც ამდევნებოდა. _ ელის, ელის _ ტომასის ხმა ვიცანი და მრისხანებამ შემიპყრო. მასთან საუბრის სურვილი ნამდვილად არ მქონდა, ამიტომ სიარული ისე განვაგრძე, თითქოს არაფერი გამეგონა. _ ელის, შეჩერდი ელის!!! _ ყვირილს უმატა და მალევე აღმოჩნდა ჩემს წინ. _ თავის გამართლებას თუ აპირებ, აზრი არ აქვს... _ სიტყვის თქმა არ ვაცადე, ისე დავიწყე ლაპარაკი. _ მინდოდა... _ გონებაში დალაგებული წინადადება გაუწყდა, აშკარად არ ელოდა ჩემგან დიალოგის ასეთ წარმართვას. _ უკვე გვიანია, ვეღარაფერს შევცვლით _ სახეზე აშკარა უსიამოვნება ამსახვოდა, რომლის დამალვასაც არ ვცდილობდი. _ მართლა არ მინდოდა ასე გამოსულიყო, შენი შეშინება აზრადაც არ მომსვლია _ დაბნეული ადგილს ვერ პოულობდა და იატაკს მისჩერებოდა. _ გასაგებია _ ცივად ვუპასუხე და არაფრისმომცემი საუბარი სწრაფად დავასრულე. _ კიდევ არის რაღაც _ ნაბიჯის გადადგმა არ დამაცადა. _ მაინც რა? _ ცივად მოვბრუნდი, შეიძლება ასეთი სიუხეშეც არ ყოფილიყო საჭირო, მაგრამ სხვანაირად არ შემეძლო. ღია წაბლისფერ თმაში ხელი შეეცურებინა და დაბნეული იყურებოდა სივრცეში. _ ბოდიშის მოხდა არაა საჭირო, ყველაფერი გასაგებია _ ვერ ვხვდებოდი რის თქმას ცდილობდა. _ ვხედავ ენ ბლექს დაუმეგობრდი _ ხმადაბლა მელაპარაკებოდა და თან დერეფანში მიმავალ ბავშვებს აკვირდებოდა. _ მერე?_ უკვე ვიბნეოდი. _ არ მინდა რაიმე არასწორად გაიგო, მაგრამ ჩემი რჩევა იქნება, მისგან თავი შორს დაიჭირო. თუმცა ამას რანაირად შეძლებ, თქვენ ხომ ერთ ოთახში ხართ, კარგი იქნება თუ განცხადებას დაწერ და სასწრაფოდ შეიცვლი ოთახსაც და მეგობარსაც _ ისე სწრაფად მიაყარა სიტყვები ერთმანეთს, რომ შინაარსის გამოსატანად რამდენიმე წუთი დამჭირდა. მის წინ დაბნეული და გაქვავებული ვიდექი. _ იმ უცნაურ შემთხვევაზე არაფერი იცი ხომ? _ ჩემი სახისა და ემოციის დანახვისას საუბარი განაგრძო. _ რომელ შემთხვევაზე? _ ვერ ვხვდებოდი ეს ყველაფერი სერიოზულად უნდა მიმეღო, თუ სულელი ტომასის მორიგი უაზრო ხუმრობა იყო, რომელიც სავარაუდოდ ისევ საშინლად დასრულდებოდა. _ ვერაფერი გამიგია, ამ სკოლაში ყველამ პირი შეკარით? _ აჰ, ალბათ ჩემი არ გჯერა ხომ ? ბუნებრივია, იმ ყველაფრის მერე, როგორ გინდა ასეთი ამბავი დაიჯერო ... _ წინადადება ლამის ჩურჩულით დაასრულა და ჩემსკენ უფრო ახლოს მოიწია. _ რომელი ამბავი? შეგიძლია გარკვევით ამიხსნა? _ ყველაფერს ჯობს შენთვითონ დაელპარაკო, დააკვირდი მის რეაქციას, საინტერესოა რას გეტყვის.. _ დერეფანში მოსიარულე ბავშვებს ეჭვით ადევნებდა თვალს, თითქოს რაიმე დაფარულს და აკრძალულს მანდობდა. _ მეხუმრები? მომხდარის შემდეგ, იმის სათქმელად მოხვედი, რომ ენ ბლექი რაღაც ამბავში დაადანაშაულო? _ ვცდილობდი დაგროვილი ბრაზი მასზე არ გადმომენთხია ,მაგრამ არ გამომდიოდა, მისი პიროვნება, ყოველი მისი სიტყვა საშინლად მაღიზიანებდა და საუბრის გაგრძელების სურვილს მიკარგავდა. _ ვიცი ბრაზობ, ვერც დაგადანაშაულებ, ჩემი მხრიდან ეს, ეს ... _ სათანადო სიტყვებს ეძებდა და მოუსვენრად იყო, ადგილს ვერ პოულობდა._ ვწუხვარ, რომ ყველაფერი ასე მოხდა _ სწრაფად მიაყარა და თვალი დერეფნის ბოლოსკენ გააპარა, სახეზე ფერი ეცვალა, თითქოს ყელში რაღაც გაეჩხირაო. _ ალისტერი _ შეტრიალებულმა მისი ჩრდილი დავლანდე, რომელიც წამიერად გაუჩინარდა. _ ელის, ქვემოთ თუ აპირებ დაბრუნებას გაგაცილებ _ ჩემსკენ გადმოხრილიყო და მარჯვენა ხელით მხარზე მეხებოდა, შეშინებული ჩანდა. _ რა? _ მისი ხმა ბუნდოვნად ჩამესმოდა და ვგრძნობდი, როგორ მეცლებოდა ფეხებში ძალა. _ კარგად ხარ? _ ეს მეც მაინტერესებდა. იქნებ, სულაც არ იყო ტომასი ასეთი გამაღიზიანებელი? _ არაა საჭირო მადლობა. _ საკუთარ თავს უფრო ველაპარაკებოდი. პასუხის შემდეგ ნელა დავიხიე უკან და ოთახის კარი უცერემონიოდ მივუხურე ცხვირწინ. ცოტაც და წავიქცეოდი, ღრმად ჩავისუნთქე და კედელს მივეყრდენი. ასეთ მდგომარეობაში ქვემოთ დაბრუნებას ნამდვილად ვერ შევძლებდი, ამიტომ გადავწყვიტე უბრალოდ წამოვწოლილიყავი და ცოტა ხანს მაინც დამესვენა. მთელს სხეულში შიში გამჯდომოდა, სასოწარკვეთა და უიმედობა მიპყრობდა. ხანდახან, ადამიანის უბადრუკი სხეული უბრალოდ სუსტია იმ ქაოსის დასატევად, რომელიც გონებაში ხდება და მერე მომწამლავი შხამივით ედება მთელს არსებას. _ ენ ბლექი? _ რა შეიძლებოდა თავს გადახდენოდა? რაზე მესაუბრებოდა ბიჭი, რომლის გამოც რამდენიმე საათის წინ საფრთხეში ვიყავი და მომხდარის გამო, მიღებული შოკისგან თავის დაღწევა მიჭირდა? წარმომედგინა, როგორ იჯდა სასადილოს მაგიდასთან მობუზული და გაყინულ ხელებში ყავის ცხელი, ორთქლადენილი ფინჯანი მოექცია. იქნებ ღირდა ჩასვლა და დალაპარაკება? არა, ასეთ ვითარებაში რომც ჩავსულიყავი, ვერაფერს ვკითხავდი. ტომასის გადაკრული საუბარი ბრალდებებს უფრო ჰგავდა. ჩემი მხრიდან კი ნამდვილად უსამართლობა იქნბოდა მისი ნაამბობის გარეშე რაიმე მეფიქრა , ან მითუმეტეს განმესაჯა. ოთახში სიჩუმე იყო , რომელიც ცოტათი მოდუნების და დამშვიდების საშუალებას მაძლევდა. ლოგინზე ემბრიონის პოზაში წამოწოლილი, ფანჯარას მივშტერებოდი. სიჩუმეს უკვე წვიმის ხმა ფარავდა და ეს ყველაფერი იმ საშინელ დღეს მახსენებდა ... საოცარია, როგორ შეიძლება სრულყოფილი პიროვნება, წარსულის აჩრდილად იქცეს, მოგონებები კი მტკივნეულ ფრაგმენტებად, რომელთა გახსენებაც საშინელ ტკივილს გაყენებს. რთული იყო მისი გახსენებისას მარტოობისა და უსუსურობის განცდის დაძლევა. იმ დღეს ხომ, ზუსტად ისეთი ამინდი იყო, როგორიც ბებიას უყვარდა. ვისურვებდი, მისი გახსენებისას გული სიხარულით ამვსებოდა და მეამაყა ჩემს ცხოვრებაში, ისეთი ადამიანის არსებობით, როგორიც მზრუნველი და მუდამ მომღიმარი რუთი იყო, მაგრამ ... განა სულ ასე არაა? რატომ არის ყოველთვის ბოლო წუთები და მოგონებები ასეთი მნიშვნელოვანი? რატომ ფარავდნენ მისი გარდაცვალების და გლოვის სცენები სხვა, გაცილებით ლამაზ დღეებს? ყელზე მობჯენილი ბურთი სუნთქვის საშუალებას არ მაძლევდა, ვცდილობდი მთელი ძალით შევწინააღმდეგებოდი რაიმე კარგი მონაკვეთი გამეხსენებინა ჩვენი ერთად ყოფნიდან, მაგრამ ამაოდ. _ არაფერი გამოდის ბებია, ვწუხვარ არაფერი გამოდის ... _ ვებუტბუტებოდი ჩემს თავს და თან წვიმის ხმას ვუსმენდი. ქუთუთოები ნელ- ნელა მიმძიმდებოდა და ყოველი თვალის მოხუჭვისას ბებიას სახის მაგივრად ალისტერის სილუეტს ვლანდავდი. სადღაც შორს მისი საშინელი, იდუმალი ხმა ჩამესმოდა, თითქოს ისევ იმ ადგილას, ბურუსით მოცულ ტყეში ვიდექი და სიცივეს ავეტანე. ეს სიცივე კი ტკივილი იყო, რომელიც განძრევის, გამოფხიზლების და წინააღმდეგობის გაწევის საშუალებას არ მაძლევდა. _ ალისტერ _ ახლა უკვე მის სახელს ვიმეორებდი გაუცნობიერებლად და ვეღარ გამეგო სიზმარში ვიყავი, თუ ცხადში მეორდებოდა ყველაფერი. ტყე სადღაც გამქრალიყო. ადგილი, სადაც მივაბიჯებდი საშიში და ბნელი ჩანდა. ფეხის ყოველი გადადგმისას მესმოდა, როგორ არხევდა ქარი ხეებს. ვერ ვიზარებდი სად ვიყავი, ან რა მიმართულებით მივდიოდი, უბრალოდ ერთი რამ მინდოდა _ მომეღწია დანიშნულების ადგილისთვის. მალე წვრილი ბილიკი გამოჩნდა, რომელსაც ორივე მხრიდან უზარმაწარი ხეების მწკრივი მიუყვებოდა. ადგილი, სადაც რამდენიმე წამში აღმოვჩნდი უფრო მეტად მისტიური მეჩვენა, ვიდრე საშიში და შემაძრწუნებელი. როგორც ჩანს ამ ბილიკზე მარტო არ ვიყავი, მარჯვენა მხრიდან ხმა შემომესმა, რომელიც ოდნავ ქუსლიანი ფეხსაცმლის პატრონს ეკუთვნოდა. შუახნის გამელოტებული, დაბალი მამაკაცი, თავის საყვარელ ფინიასთან ერთად ჩემსკენ მოაბიჯებდა. არ ვიცი, მეჩვენებოდა თუ ნამდვილად ვხედავდი, მათ უკან სიბნელეს, რომელიც მათ მოახლოებასთან ერთად ქრებოდა და სინათლე შთანთქავდა ბნელს. _ უკაცრავად მისტერ _ ქმედებები აზრებს წინ უსწრებდა, ისევ გავემართე მისკენ, რომ ადგილის შესახებ რაიმე მეკითხა, მაგრამ კაცმა ისე ჩამიარა გვერდით, თითქოს საერთოდ ვერ მხედავდა. ტანში საშინელმა სიცივემ დამიარა და გაოცებული შევტრიალდი მისკენ თვალის დასადევნებლად. არაფერი შეცვლილიყო. კაცი ისევ ისეთი ნაბიჯით მიეშურებოდა სასურველი ადგილისკნ და ფინაიც, ისევ ჩვეული მორჩილებით მიყვებოდა საყვარელ პატრონს. ახლა უკვე მე ვიდექი ბნელში და ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი, ან საით წავსულიყავი. _ ჰეი _ შევეცადე მეყვირა და დავდევნებოდი, მაგრამ ჩემი შემდეგი მცდელობაც უშედეგოდ სრულდებოდა. მათი სილუეტები ნელ- ნელა ქრებოდნენ და სივრცეში უჩინარდებოდნენ. მხოლოდ მათი გაქრობის შემდეგ შევავლე გარემოს თვალი. ირგვლივ სულიერი არავინ ჩანდა, მხოლოდ ქვების გროვები და მიცვალებულებისთვის მიძღვნილი ქანდაკებები, თუ სამახსოვრო წარწერები. აჩრდილების სამყაროში მყოფი, ერთადერთი სულიერი ვიყავი, რომელის არსებობასაც ვერავინ ამჩნევდა. უსუსურობისა და სევდის შეგრძნებები აქაც არ მასვენებდნენ და ცოცხლად მჭამდნენ. ან, იქნებ სულაც არ ვიყავი ცოცხალი? და ირგვლივ არსებული საფლავები, მათზე ასახული წარწერები თუ დროში მოგზაური ქანდაკებები ჩემზე მეტად რეალურნი და არსებულნი იყვნენ? ეიფორიამ შემიპყრო და ნაბიჯს ავუჩქარე, მინდოდა ფიქრები გამეკონტროლებინა და აჩრდილთა სამფლობელო დამეტოვებინა. ბილიკზე აღარ მივდიოდი, უკვე მივრბოდი და აკლდამებს შორის უაზროდ ვეძებდი გასასვლელს, რომელიც არ ჩანდა. ყოველი გასასვლელისა, თუ გასაძვრომის მიღმა ახალი ბილიკი იწყებოდა, რომელსაც ახალ საფლავთან და ქანდაკებებთან გავყავდი, რომლებიც თითქოს დარაჯების ფუნქციას ასრულებდნენ და მალე გაცოცხლებულნი ფეხდაფეხ ამედევნებოდნენ. მომთხოვნენ პასუხს გარდაცვლილთა შეწუხებისთვის და იმ სიჩუმის დარღვევისთვის, რომელიც ასეთი საშინელი და აუტანელი მეჩვენებოდა. სირბილით დაღლილი გზაგასაყარს მივუახლოვდი. ამ ნაწილიდან უკვე აღმართი იწყებოდა და დასასრული ნამდვილად არ ჩანდა. ამ ტერიტორიაზე არსებულმა ზომით ყველაზე დიდმა ქანდაკებამ ადგილზე გამაქვავა და სუნთქვა შემიკრა. სულ გადამავიწყდა ყველაფერი, ის რომ საშინელი სამყოველიდან გაღწევა მინდოდა და ისიც კი რაოდენ აღელვებული და დაღლილი ვიყავი სირბილის შემდეგ. ჩემს წინ აღმართული ქანდაკება ჰორიზონტს შეჰყურებდა. თავი ისევ უსუსურად ვიგრძენი და ვერ მოვახერხე იმ ყველაფრის აღქმა, რაც მისი დანახვისას ვიგრძენი. ანგელოზის ფრთები აჩვენებდა, შესამოსელიც ანგელოზის ჰქონდა. შიშველ ფეხებთან უზარმაზარი გველი იკლაკნებოდა, თითქოს თავდასხმისათვის ემზადებოდა. უცნაური ნამდვილად არაფერი იყო, თუ არ ჩავთვლით ანგელოზის სახეს, რომელიც ორ ნაწილად იყო გაყოფილი. მარჯვენა ნაწილი განთებული და გაბრწყინებული ჰქონდა, წელამდე ჩამოშლილი თმა ჩამოშლოდა და უცნაურად უბრწყინავდა. სახეზე ღიმილი დასთამაშებდა და მხოლოდ ამ ფრაგმენტების ყურება გადუნებდა, თითქოს სიმშვიდეს ასხივებსო. მაგრამ იყო მეორე, მარცხენა ნაწილიც, რომელიც ადგილზე შებოჭილს გაქცევის სურვილს გაღვიძებდა და გახსენებდა ყოველ არასწორ ნაბიჯს, ყველა ცოდვასა და დანაშაულს თუ ბრალდებას, რაც ცხოვრების განმავლობაში გადაგეტანა. სახე საშინლად მოღრეცვოდა, თითქოს ცინიზმით აღსავსეს, ზიზღი და ამპარტავნება დარჩენოდა. ლამაზად ჩამოზრდილი თმის ნაცვლად თავის მიდამოში მხოლოდ უზარმაზარი წანაზარდი ჰქონდა, რომელიც სიმახინჯის და ეიფორიის ელემენტი იყო და მისი დანახვისას შიშის შეგრძნება უფრო იმატებდა. თვალები დავხუჭე და შევეცადე ნახევრად ანგელოზ დემონს გავცლოდი, ისე რომ მისთვის არ შემეხედა და წარმოსახვისთვის გასაქანი არ მიმეცა. ის იყო პირველი ნაბიჯი გადავდგი, რომ შემაძრწუნებელი ხმა გამესმა, ისეთი თითქოს ვიღაც ტკივილისგან კვნესოდა. წამში გავახილე თვალები და ქანდაკებას გაოცებულმა ავხედე, უზარმაზარი ქვის ქმნილების უკან ვიღაც იდგა, უჩვეულო არსებ ა კი სისხლის ცრემლებით ტიროდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.