შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კომა. თავი 1.


25-09-2019, 00:23
ავტორი Whisper
ნანახია 2 576

ნოემბერია. ისევ მარტო ვხვდები შემოდგომის ბოლო თვეს და ვიცი რომ დეკემბერიც მარტოობის სიცივით დაიწყება. როგორც ყოველთვის, არავინ იქნება ჩემს გვერდით, რომ გამათბოს. რა ბანალურად ჟღერს, თუმცა მაინც რეალობაა. ძნელია ასე ცხოვრება, მაგრამ შეუძლებელი ნამდვილად არა. არაფრის მოლოდინი, არაფრის იმედი. ისევ უთქმელი თვალებით ვუყურებ ჩემი დღიურის დარჩენილ ცარიელ ფურცლებს. არადა, ადრინდელ ნაწერებს რომ გადავხედე, საკმაოდ მრავალფეროვანი იყო ჩემი ცხოვრება. მეგობრები, გართობა, სიყვარული და ძალიან ბევრი პატარა ბედნიერება. ახლა აღარაფერი მაქვს, აღარავინ მყავს. როდის მოხდა ეს ყველაფერი? აღარც მახსოვს ან უბრალოდ ჩემს გონებას აღარ უნდა გახსენება. თვალებს რომ ვხუჭავ, მხოლოდ სიბნელეა, გარშემო კი ათასი ხმა ისმის. ტკივილის, უსუსურობის, ვედრების, ტირილის...უბრალოდ გამოუვალი მდგომარეობა სუფევს ამ სხვარსხვა ხმაში...ზოგი პატარა ბავშვისაა, ზოგიც ზრდასრული ადამიანის...მათში ირევა საკმაოდ ნაცნობი ხმებიც, თუმცა ვისი, არ მახსოვს...
საინტერესოა, ყავა ყოველთვის ასე ძალიან მიყვარდა? რატომღაც მას როცა ვხედავ, მაჟრიალებს და საშინელი სურვილი მიჩნდება მოვსვა ერთი ყლუპი მაინც, თუმცა, როცა მწარე შავი ყავის ერთი ყლუპის გემოს წარმოვიდგენ, ვეღარ ვჩერდები და ზედიზედ რამდენიმე ჭიქას ვაყოლებ. უკვე გულიც არასტაბილურად მიცემს. მგონი, არითმია მაქვს ან ვინ იცის...
ვინ ვარ? ეს მეც არ ვიცი...ერთი უბრალო ადამიანი, რომელიც არაფერს წარმოადგენს ახლა, თუმცა ერთ დროს წარჩინებული მოსწავლეც ვიყავი, საუკეთესო სტუდენტიც, დიპლომიც მიდევს სახლში...უნივერსიტეტი დამიმთავრებია...მაგრამ მაინც არაფერი ვიცი.
როგორ წვიმს...ჩემს სულში ძვრება თითქოს სათითაო წვეთი და შინაგან სამყაროს მილპობს, არადა ადრე მიყვარდა თურმე წვიმა. პირველად სწორედ წვიმაში მაკოცა ბიჭმა, რა საინტერესოა...როგორი იყო? მომეწონა? არ ვიცი...
ჩემი სახლი...ჩემია ნამდვილად? ვინმე სხვასთან ჰო არ აღმოვჩნდი შემთხვევით? იქნებ საერთოდ არაა ეს ჩემი წიგნების კარადა...არ მახსოვს ოდესღაც წამეკითხოს დოსტოევსკი, ნიცშე, კაფკა...თან ყველაფერი ჟანრების მიხედვითაა დალაგებული. ასეთი მოწესრიგებული ვარ? არადა, ლოგინისკენ რომ ვიხედები, გაუსწორებელია, ტანსაცმელიც მიყრილია მთელს ოთახში. ფანჯრები გასაწმენდია...
ჩემი თმა...ასეთი გრძელი რატოა? არ ვიჭრიდი არასდროს? ან საერთოდ, ამ სარკეში ეს გოგონა მე ვარ? ვინც არ უნდა იყოს, არც ისეთი შეუხედავია, თავისებური ეშხი დაჰკრავს მის გარეგნობას...
გარეთ ვიხედები და ვხვდები რომ ცივა, თუმცა ვერ ვგრძნობ...უბრალოდ მინდა თბილი ჯემპრი ჩამოვიცვა და პლედში გავეხვიო, სავარძელში ჩავჯდე და რამე გავაკეთო. ალბათ კითხვა მესიამოვნებოდა ახლა ყველაზე მეტად...მაინც რა წავიკითხო? არჩევანი დიდია, დროც ბევრი მაქვს. როგორც ჩანს, არაფრით ვარ დაკავებული.
თვალებს ვხუჭავ და საშინლად ვგრძნობ თავს. ისევ ათასი ხმა ისმის, მათ შორის ძალიან ნაცნობი და ახლო, თუმცა ვერ ვხვდები, არ ვიცი ვისია.
ისევ მარტო ვარ...გარშემო სრული სიჩუმეა. მხოლოდ წვიმას ვუგდებ ყურს და მაჟრიალებს. საინტერესოა, რამდენი ხანი გავიდა?
-შემდეგი.-ისმის ხმა არსაიდან.
გაკვირვებულმა მოვათვალიერე ოთახი, თუმცა ვერავინ შევნიშნე.
-შემდეგი.-იმეორებს ხმა.
შიშმა ამიტანა. აშკარად არავინაა აქ ჩემს გარდა.
-ქალბატონო!-უკვე მკაცრდება უცნობის ხმა.
ვფხიზლდები. ისევ ქრება ყველაფერი. ხმაც გაქრა. აღარავინ საუბრობს. ისევ მარტო მე და სიცივე. თუმცა, უკვე იმაშიც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მე ვარ.
აბაზანაში შევედი და სახეზე ცივი წყალი შევისხი გამოსაფხიზლებლად. ვერაფერი ვიგრძენი. სადაა ჩემი შეგრძნებები? რატომ ვერ ვხვდები ვერაფერს? საერთოდ რა ხდება?
გაკვირვებული ვზივარ ისევ სავარძელში და პლედმოფარებული ვუყურებ ერთიანად სავსე და ცარიელ ოთახს. რაღაც აკლია აქაურობას. მგონი მე ვაკლივარ...არადა, აქ ვარ...
-ეჭვი მეპარება.-ისმის უცნობი მამაკაცის ბოხი და საკმაოდ დამწუხრებული ხმა.
-მაინც...სულ ცოტა ხანი მაინც...-ქვითინებს ქალი.
-აზრი არ აქვს.
-ჩემთვის აქვს...
ხმა წყდება და ისევ სიჩუმე ვარდება. რა უცნაურია. ვერაფერს მივხვდი, მაგრამ ქალის ხმაც მეცნო. მგონი გულისცემა ამიჩქარდა, თუმცა უკვე ვერ ვგრძნობ. ისევ ჩაწყნარდა, ასე მგონია...
-არა!-კივის ქალი განწირული ხმით.
რა მოხდა?...რა მოხდა?...არ მესმის...
***
6 თვის წინ...
ლიტერატურული კაფე.
ორი ახალგაზრდა გოგონა დიდი ინტერესით ათვალიერებს მეორე სართულზე განლაგებულ ბიბლიოთეკას.
-ამის წაკითხვას ვგეგმავ.-თქვა ერთმა, საკმაოდ მომხიბვლელმა და საყვარელმა.
-ზაფხულში გადავაწყდი მაგ წიგნს, მოგეწონება.-გაუღიმა მეორემ, არანაკლებ მიმზიდველი გარეგნობის მქონე გოგომ.
-რომ წავიკითხავ, გაგიზიარებ შთაბეჭდილებებს.-უღიმის პირველი.
-მოუთმენლად ველი.-ასეთივე ღიმილით პასუხობს მეორე.
დიდი ვერანდა.
ღამე. ორი გოგონა გაჰყურებს შორს მოელვარე ჰორიზონტს.
-როდის წავალთ.-ამბობს სიცილით ერთი.
-ძალიან მალე, რაღა დარჩა.
-ვეღარ ვძლებ...
ორივე ვარსკვლავებით მოჭედილ ცას უყურებს და ტკბება.
-საინტერესოა, რამდენი ვარსკვლავია ცაზე?-კითხულობს პირველი.
-ალბათ რამდენი პრობლემაც გვაქვს.-ჩაეცინა მეორეს.
-ბედნიერებას გაუტოლდეს, არ ჯობია?-იცინის პირველიც.
-ძალიან ბევრსაც ნუ მოინდომებ.-უღიმის მეორე და თვალს აშორებს მოსაუბრეს, ისევ ცას აპყრობს მზერას.
წიგნების მაღაზია.
ორი გოგონა წიგნს არჩევს, თან ჩურჩულებენ.
-მეჩვენება, თუ ის გამყიდველი მომაშტერდა?-ჩუმად ეცინება ერთს.
-მეც შევამჩნიე.-მეორე უღიმის.
-ისე კარგი ბიჭია, არა?-პირველი ნელა აპარებს მზერას წიგნების გამყიდველისკენ.
-საკმაოდ. მოსაწევად გავალ, შენ აქ იტრიალე.
-არ დამტოვო.
-ნუ ხარ მშიშარა.-ეცინება მეორეს და მალე შორდება მოსაუბრეს.
მაღაზიაში დარჩენილი გოგონა ნერვულად აგრძელებს წიგნების თვალიერებას.
-დაგეხმაროთ?-წიგნების გამყიდველი მომხიბვლელი ღიმილით უახლოვდება.
-თუ არ შეწუხდებით.-უღიმის გოგონა.
-რა ჟანრის წიგნს ეძებთ?
-ვფიქრობ, რაიმე ძალიან ჩამთრევი მჭირდება. ისეთი, რომელიც გადამავსებს ემოციებით და მერე ერთიანად დამცლის.
-მაშინ, ამას გირჩევდით.-ბიჭმა ხელი ერთ-ერთი წიგნისკენ წაიღო.
-ასე მალე?-გოგონას ჩაეცინა.
-ჩემი საყვარელი წიგნია.-გაეღიმა ბიჭს.
-მშვენიერი. გენდობით. ხვალ შემოვივლი საყიდლად.-გაუაზრებლად უთხრა გოგონამ.
მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ყიდვა იმ მომენტში თავისუფლად შეეძლო, რაღაც ამოუცნობმა ძალამ უბიძგა, ასე ეპასუხა. თითქოს უნდოდა ამ ბიჭის მეორედ ნახვა.
-გელით.-ისევ მომხიბვლელად გაუღიმა წიგნების გამყიდველმა.
სახეზე ოდნავმა სიმხურვალემ დაჰკრა გოგონას. თავჩახრილმა ფრთხილად გაიარა წიგნებით გადატენილი კარადები და კარებთან მისულმა, დარცხვენილმა ჩაილაპარაკა:
-ხვალამდე.
და ისე, რომ ბიჭის პასუხს არ დალოდებია, გარეთ გამოვიდა. შეიძლება ვერც გაიგო მისი დამშვიდობება წიგნების გამყიდველმა, თუმცა არა...რატომღაც დარწმუნებულია ეს გოგო, რომ გაიგო.
დიდი აივანი.
წითელი ღვინით ნახევრად სავსე ლამაზი წვრილკისერა ორი ბოკალი პატარა, მრგვალ ხის მაგიდაზე დევს. დაწნულ სავარძელში ორი გოგონა ზის.
-ანუ ხვალ ისევ შეივლი?-ეცინება მეორეს.
-მხოლოდ წიგნის საყიდლად.-ეცინება პირველს.
-მჯერა, როგორ არა. შენც მოგეწონა ის ბიჭი.
-საყვარელია.
-იმაზე მეცინება, ჩემი გასვლისთანავე რომ იხელთა დრო და გამოგელაპარაკა.
-ნუ ხარ ინტრიგანი, ისედაც აპირებდა მოსვლას ჩვენთან, ალბათ...
-ზუსტადაც, რომ ალბათობაზეა. არ მოვიდოდა. ნახევარი საათი ვწრიალებდით და არც მოგვახლოვებია, მხოლოდ მარტო როცა დაგტოვე, მაშინ ეყო გამბედაობა.
-გინდა თქვა, გაუბედავია?
-უფრო, ფრთხილი.-ეცინება მეორეს და ღვინოს ნელა, გრაციოზულად წრუპავს.
***
საინტერესოა, მკვდარი სიჩუმე რატოა გარშემო? მინდა ვიკივლო და ყველას გავაგონო ჩემი ხმა. რატომ ვერ ვკივი?
***
ისევ ოთახში ვარ. ჩაბნელებულ ოთახში. გარეთ შეუჩერებლად წვიმს. საინტერესოა, ოდესღაც გადაიღებს?
სავარძელში ვზივარ, პლედს არ ვიშორებ. რაღაცის მეშინია, თუმცა რისი, მეც ვერ ვხვდები.
-თუ შეიძლება, თქვენი ადგილები დაიკავეთ.-მესმის ვიღაც ქალის ხმა.
ისევ ვიხედები გარშემო, მაგრამ არავინაა. სწორედ ეს მაფრთხობს. საიდან მოდის ეს ხმები? ვინ მესაუბრება გამუდმებით, ან...მე მომმართავს საერთოდ?
ყავით სავსე ფინჯანს ვხედავ. თუმცა სურნელს ვერ ვგრძნობ, მაგრამ დალევის სურვილი მკლავს. გემო არ აქვს, მხოლოდ წარმოვიდგენ. საიდანღაც მახსოვს მისი გემო.
-უკაცრავად, მიირთმევთ რამეს?-ისევ იმ ქალის ხმა, თუმცა ოთახში სიცარიელეა.
ვერ ვპასუხობ ან რა უნდა ვუპასუხო იმას, ვისაც ვერ ვხედავ...
ხელებს დავხედე. გამხდარი და ფერმკრთალია. თითქოს გაყინესო. თითის მოძრაობა მიჭირს, ვიცი რომ მტკივა, მაგრამ ეს მხოლოდ თეორიულად, გრძნობით ვერაფერს აღვიქვამ.
მარტო გულისცემა რატომ მესმის? მაბრუებს მხოლოდ მისი ხმა...
ფანჯრიდან გრძელი და ფართო ქუჩა ჩანს, ტროტუარის იქით კი დაბალი სახლები.
-ლამაზია.-წამომცდა თავისით.
მაგრამ სად ვარ? ძალიან ნაცნობია, თუმცა ამავდროულად სრულიად უცხო.
-ძალიან გთხოვთ, დამშვიდდით. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ.-ნაცნობი ქალის ხმაა, თუმცა სიმშვიდე აფორიაქებამ ჩაანაცვლა, იმ აფორიაქებამ, რომელიც გულში რჩება და გარეგნულ გამოხატვას არ ექვემდებარება, თუმცა მაინც ვამჩნევ.
უკვე მივეჩვიე იმ ფაქტს, რომ არავინაა გარშემო და მხოლოდ ხმები მესმის. ადრე ეს მხოლოდ მაშინ ხდებოდა, როცა თვალებს ვხუჭავდი, მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირადაა.
ვითომ, რამეს მივხვდები?
გასასვლელი კარებისკენ წავედი. რატომღაც ვიცოდი, რომ გასაღები კარადის ბოლო უჯრაში იდო. გარეთ ნელა გავიხედე. სიცარიელეა. ფეხაკრეფით გადავდგი რამდენიმე ნაბიჯი და ძველი, ხვეული კიბეები უხმოდ ჩავიარე. თითქოს რაღაცას ვუფრთხოდი.
ჩემთვის მოულოდნელად იმ ფართო ქუჩაზე აღმოვჩნდი, რომელსაც ამდენი ხანი მხოლოდ ფანჯრიდან ვხედავდი.
ნელა დავუყევი დაღმართს, თუმცა სად მივდიოდი მეც არ ვიცოდი...
***
ბუხარი, სავარძლები.
ორი გოგონა ყავას სვამს.
-სიკვდილზე გიფიქრია?-კითხულობს ერთი.
-ძალიან ბევრჯერ, მაგრამ ყოველთვის თავს ვარიდებდი.
-მე არა. რატომ უნდა მეფიქრა?-ჩაეცინა პირველს.
-აბა ამ წამს არ იფიქრე?-გაეღიმა მეორეს.
-უბრალოდ, გამახსენდა.
-სიკვდილი დავიწყებულიც კი გქონდა?-მეორეს ღიმილი სიცილში გადაიზარდა.
-აზრადაც არ მომდიოდა.-შეიშმუშნა პირველი.
-სიკვდილი ასეთ უყურადღებობას ვერ აიტანს, ფრთხილად იყავი.-უღიმის მეორე.
სახლი.
-ნუ ხარ დაძაბული.-ბიჭს ეცინება.
-უბრალოდ მოულოდნელი იყო.-გოგონა უხერხულად იღიმის.
-პირველად ხარ ბიჭთან სახლში?
-არა, მაგრამ რომანტიკული ვახშამი...
-რესტორანს მაინც არ გირჩევნია?-თითქოს ნაწყენი ხმით ამბობს ბიჭი.
-ბევრად.-დაუფიქრებლად ამბობს გოგონა.
-მაშინ მოდუნდი, არ შეგჭამ.-ბიჭს ეცინება.
პატარა კაფე წიგნების მაღაზიის კუთხეში.
-რას იტყვით?-ენთუზიაზმით აღსავსე გამომეტყველებით უყურებს მეორე გოგონა მოსაუბრეებს.
-მგონი არაა ცუდი იდეა.-პირველი თბილად იღიმის.
-მეც არ ვარ წინააღმდეგი.-თავდაჯერებული ხმით ამბობს ბიჭი.
-მაშინ, გადაწყვეტილია!-მეორე გოგონა ბედნიერი სახით უყურებს მოსაუბრეებს.
***
გადაწყვეტილია! ამ ქუჩას ბოლომდე ჩავუყვები. გადაწყვეტილია!...რატომ მეცნობა? ვიღაცის ხმა მიტრიალებს თავში...არ ვიცი...



№1  offline წევრი izabella

საინტერესო დასაწყისია, მოგყვები.

 


№2  offline წევრი Whisper

izabella
საინტერესო დასაწყისია, მოგყვები.

ძალიან მიხარია რომ დაგაინტერესა^_^ მადლობა^^

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent