შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარიშხლები ნაკვალებს ტოვებენ


18-04-2020, 02:57
ავტორი ალბა
ნანახია 680

თავი I


წუხანდელი მჩქეფარე ღამე ალბათ ძილში ჩამყვა, რადგან ვგრძნობდი, როგორ მირტყამდა ტვინში აუტანლად ხმამაღლა მოგუგუნე მუსიკა. მინდოდა გამეჩუმებინა, ან ხმა ჩამეწია მაინც, მაგრამ ვერ ვახერხებდი. ის პირიქით, უფრო და უფრო უმატებდა ზრიალსა და წრიალს. ბოლოს და ბოლოს გონებამ აღიქვა სასოწარმკვეთი შეგრძნება იმისა, რომ მაღვიძარა ხმიანობდა ასე შემაწუხებლად და მინდოდა თუ არა, თვალები უნდა გამეხილა. ყველა კუნთის და უჯრედის წინააღმდეგობის მიუხედავად წამოვიწიე და ერთიც დავხედე უიმედოდ საათს. სრული შვიდი იყო. ბედს შეგუებულმა დავთმე საწოლი და სამზარეულოში გავლასლასდი, რომ დილის ერთადერთი ნუგეში - ცხელი ყავა მიმეშველებინა ჩემი ტანჯული სხეულისთვის. იქ ერთი ბედნიერებაც აღმოვაჩინე - ყავა აღარ მქონია. გონებაში წუხანდელი ღამე ამოტივტივდა. რა თქმა უნდა, შეუძლებელი იყო სახლში კიდევ დარჩენილიყო რამე, რისი ჭამა ან დალევაც შეიძლებოდა. სიგარეტი აღარც მიძებნია. რომც ყოფილიყო დარჩენილი ორიოდე ღერი ამ საშინელ არეულობაში მაინც შეუძლებელი იქნებოდა პოვნა.

წყალი გადავივლე და სწრაფად მოვემზადე. სახლიდან გასულს ისევ ბოლო დღეების უსიამოვნო ფიქრი ამეკვიატა - ჩემი ცოლი. მან, ცალმხრივად და ერთპიროვნულად გადაწყვიტა, რომ ჩვენი ოჯახისთვის უკეთესი იქნებოდა თუ დედასთან წავიდოდა ამერიკაში, მომავალი შეერთების პერსპექტივით. მე კი, თუმცა სახლში მხოლოდ დასაძინებლად ვახერხებ შესვლას, თავში ქვა უნდა ვიხალო და მივხედო საკუთარ თავსაც და ნიასაც, "სულ ცოტა ხნით, არაფერი დაშავდება ამით." რა თქმა უნდა, არ უფიქრია, მე რა აზრის ვარ. დედისერთა, განებივრებულ გოგოს სხვისი გრძნობები ეკიდა მუდამ. როგორ უნდა მოვუარო სამი წლის ბავშვს ? ამაზე ფიქრი სასოწარკვეთილებაში მაგდებდა. შვილის გასაზრდელად მარტო სიყვარული ხომ არ კმარა. არც ძიძა... კიდევ ერთხელ ვინატრე დედა . ამ სუსტმა, კაფანდარა ქალმა, მუდამ ემოციებითა და საზრუნავით რომ იყო სავსე, ყოველთვის იცოდა, როგორ მოეგვარებინა ჩემი პრობლემები. ვერც ვიჯერებდი, რომ ის მართლა ავად გახდა. არ მეგონა, რომ რაღაცის დაძლევა არ შეეძლო და როცა გაუჭირდა ისევ მას ვეხვეწებოდი სასოწარკვეთილი, აქედანაც მოენახა გამოსავალი...

ფიქრში წასულმა ვერც შევამჩნიე, როგორ მივადექი ჩვენს - ჩემი, ზურასი და გოგას ოფისს, რომელიც ერთად გავაკეთეთ და ბოსებიც, მუშებიც და დამლაგებლებიც ჩვენ ვართ. დამლაგებელი გვყავს წესით - გოგას ბებია ეთერი, მაგრამ მას რატომღაც იშვიათად სცალია სამსახურისთვის, ამიტომ დალაგებაც ჩვენ გვიწევს უმეტესად.ჰო, გოგოც გვყავს, როგორც ყველა წესიერ ოფისს შეეფერება. ის მგონი ყველაზე მეტ საქმეს აკეთებს. იღებს შეკვეთებს, მასპინძლობს კმაყოფილ თუ უკმაყოფილო კლიენტებს, გვიმზადებს ყავას, ალაგებს ოთახს და ხანდახან ჩვენს ავეჯის სახელოსნოსაც. სამაგიეროდ, კვირაობით მინებს ჩვენ ვწმენდთ ხოლმე.ზოგჯერ გოგას ბებიაც გვეშველება და ვმუშაობთ ასე მშვიდობიანად და ხმაშეწყობილად.

ჩვენი ოფისი ერთი პატარა ოთხია დიდი სკამებით და კომპიუტერით. ძველებურ წიგნების კარადაში მუდამ ინახება რამე სასუსნავი. ჩვენი ნუციკო დაუჯერებლად მსუნაგია. არადა, მისი შემხედვარე, ძნელად დაიჯერებ თუ იკვებება საერთოდ. რაც მთვარია, ყავაა იქ ყოველთვის და ჩემი პირველივე სიტყვებით აქეთ იყო მიმართული:

- ნუციკო, ყავა მომაშველე, თორემ დაობლდება ოფისი.

- დღეს თუ იმ შეკვეთას არ დავასრულებთ,მართლა დაობლდება,- სათვალის ზემოდან გადმომხედა გოგამ, - დილაადრიან დარეკა ოთარმა, ხვალ თუ არ იქნება მზად, შეკვეთას ვაუქმებო.

- სიგარეტი გვაქვს? - მივუგე პასუხად, - თავში აფრიკული რიტმები მიგუგუნებენ, მაცადე ყავა დავლიო.

გოგამ გაუხსნელი კოლოფი მესროლა და წაიბუზღუნა:

- ან საერთოდ რაში გვჭირდებოდა ამ ოფისის ქირაობა? გადასახადებს ვერ ავუდივართ. ნუცა სახელოსნოშიც მონახავდა პატარა კუთხეს.

- ბებიაშენს რომ სამსახური ქონოდა, - თვალი ჩუკრა ზურამ, - ნუ აჯაჯღანდები დილიდან, მოვრჩებით დღეს, ცხრაც არაა ჯერ...

ყავა ხმაურით მოვხვრიპე. ვიგრძენი როგორ ჩაიარა ცხელმა, გამაცოცხლებელმა სითხემ სხეულში. მგონი ახლა ვიწყებდი გაღვიძებას.

- ხვალ სოფელში მივდივარ, ნია უნდა წავიყვანო. რამდენიმე დღით დავრჩები მეც, სანამ ბავშვი იქაურობას შეეგუება.

- ახლა? - გოგამ სათვალეც კი მოიხსნა, - შეუძლებელია, ძლივს სამუშაო გვაქვს. ხომ იცი ვადებში თუ ვერ ჩავეტიეთ ჩვენს იმიჯზე როგორ იმოქმედებს ეს - ხანდახან ასე დასერიოზულდება ხოლმე.

- რა ვქნა, ხვალ დილით ბავშვს გამომიყვანს ხათუნა და თან ვატარო?

ხათუნა ჩემი ცოლის ნათესავია. მართლია მთლად ნათლად ვერ ხსნიან ამ ნათესაობის წარმომავლობას, მაგრამ ის კი ზუსტად იციან გოგოებმა, რომ მათი მშობლები ახლობლობდნენ და ასეც გაგრძელდება მუდამ. ამიტომაც ორი კვირით მან წაიყვანა ნია, რომ ჩემთვის გონს მოსვლა ეცლია. მეც მოვედი გონზე და გადავწყვიტე ეს წელი სოფელში წამეყვანა ბავშვი. მომავალი ზაფხულიდან კი ... მაგრამ მართალი უნდა ვთქვა, მომავალზე არ ვფიქრობდი ჯერ.

- მერე რა, ატარე, მე მაინც აქ ვარ მთელი დღე, - ნუცამ ყავის მოხვრეპას ორცხობილას ხრამუნიც მიაყოლა. - თქვენ სულ სახელოსნოში ხართ შემძვრალები და მე მოწყენილი ვკვდები საღამოდე.

- მერე რას ზიხარ აქ მთელი დღე? იმიტომ ვერ ხვდება შენი რომეო სიბერემდე ტკბილად რომ არ უნდა იცხოვროს და დაოჯახებაც გაბედოს , - ზურას ჩვეულებისამებრ მხოლოდ თვალის კუთხეები უცინოდა, - უფრო ხშირად რომ რომ გადიოდე აქედან და თავს აბეზრებდე, იფიქრებს მაინც არ მაქვს მეტი საშველიო და გაყოფს თავს ყულფში.

ნუცამ უდარდელად გადაიკისკისა. ეჭვი არ ეპარებოდა შეყვარებულის ერთგულებაში და არც მისი ხანგრძლივი წინასაქორწინო პერიოდი აწუხებდა. ვფიქრობ ამ გულღია, გადამდები სიცილის გამო შეუყვარდა ცოტნეს ჩვენი ნუცა. ამ გოგოს კიდევ ქონდა შერჩენილი ბავშვური უშუალობა და გულუბრყვილობა, რაც ნებისმიერი ბუნების და ასაკის ადამიანს კომფორტულად აგრძნობინებდა თავს მის გვერდით.

- ასეთი მძიმე მეგრელი პირველად ვნახე, მგონი მე მომიწევს ხელის თხოვნა, - თავისივე სიტყვებით გახალისებული უფრო გულიანად ახითხითდა, - ვისარგებლებ შენი სიტყვებით და დღესვე შევეცდები ჩემი ბიჭი სამსხვერპლოს გზას გავუყენო.

-ცოტნე შენი მსხვერპლი, - ჩაიფრუტუნა გოგამ , უთუოდ ორმეტრიანი ახმახის პატარა ნუცას სხვერპლად წარმოდგენამ გაამხიარულა.

- კარგი დაუჩქარეთ ახლა, ლაზღანდარობა გვეყოფა. - ზურა წამოდგა და ქურთუკი მოიცვა. - მომიკითხე ცოტნე და გადაეცი, ხვალ დილით ბეჭდით თუ არ დაგინახავ მე დავეხმარები გონების გახსნაში.

მისი მუქარა ისეთივე სასაცილო იყო, როგორც ნუცას მსხვერპლი ცოტნე, რადგან ნუცას დიდად არ აღემატებოდა სიმაღლით . თუმცა კეთილი სურვილი ღირსეულად იქნა დაფასებული მისი საყვარელი რძანი შოკოლადით.

- მთელი დღს სამყოფი საწვავი მაქვს, - ჩაიცინა, - წავედით აბა და შევერკინოთ ხის გოლიათებს...

*********

გვიანობამდე ნამუშევარს ყველაფერი მტკიოდა მეორე დილით. თვალდახუჭული ვიწექი და ვგრძნობდი, ორი დღეც შემეძლო ასე გაჩერება. სიგარეტს გადავწვდი, მაგრამ სანთებელა მის გვერდით არ დამხვდა. გაჭირვებით გავახილე თვალები, რომ მომეძებნა, თუმცა ტუმბოზე არ იდო, ალბათ ღამით გადამივარდა. ორჭოფობა, წოლა მერჩივნა თუ სიგარეტი, მარტივად გადამაწყვეტინა ზარის ხმამ. ალბათ ჩემი ნია გოგო მომიყვანა ხათუნამ. სპორტული პიჟმა ამოვიცვი და დამძიმებული სხეული კარისაკენ გავიტანე. ეს მხოლოდ გუშინდელი მუშაობის შედეგი არ უნდა ყოფილიყო. ბოლო კვირის თავაწყვეტილმა ღრეობამ უფრო გამომფიტა. დასვენების დღეები კი, როგორც ჩანს, კარგა ხანს არ გამოჩნდებოდა ჰორიზონტზე.
ხათუნა თვისებური, მუდამ ნათელი ღიმილით შეომეგება.

-შენს ქალბატონს მამა მოენატრა, - შემომცინა პირველი მოკითხვის შემდეგ.

სიმართლე უნდა ითქვას, ჩემი გოგო ზედაც არ მიყურებდა და ამ სიტყვების სიმართლეს საეჭვოს ხდიდა, მაგრამ ჰაერში რომ ავიტაცე ჯეროვნად დააფასა და გულიანად აკისკისდა. ეს კისკისი მუდამ ფარ-ხმალს მაყრევინებს და გაბრაზებას გულის შორეულ კუნჭლში ვმალავ ხოლმე.

- მარტოს გაგიჭირდება, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ, - ხათუნას ოდნავ დამნაშავე ხმა ჰქონდა, - კარგი ძიძა იდეალური იქნებოდა შენთვის. მე თვითონ გინახავ, გადასარევ ქალს ვიცნობ, დედაზე ნაკლებად არ მოუვლის ნიას. ჩემი დაქალის შვილიც იმისი გაზრდილია.

- ყავა არ გინდა? - ვკითხე და მისი წინადადება უპასუხოდ დავტოვე. ამაზე ჩემი აზრი იცოდა და ნათელი იყო, მხოლოდ კეთილი სურვილს ნიშნვდა კიდევ ერთხელ შემოთვაზება.

- დავლევ უშაქროდ. ანას არ დაურეკია?

- ორი დღის წინ ველაპარაკე, მერე ვეღარ მოვიცალე... - არ მინდოდა ამაზე გაგვეგრძელებინა საუბარი და ნიას მივუბრუნდი ;

- როგორი გოგო იყავი, ხათოს აბრაზებდი?

ნიამ თავისი ციცქნა კიჭებით გამოანათა;

- ჩვენ დედას ველაპარაკეთ და გვითხრა ამერიკაში უნდა წაგიყვანოთო, - ნია რ-ს მეტისმეტად მკვეთრად გამოთქვამდა და ამის გამო კაჭკაჭივით ტიკტიკებდა; - როცა მუშაობას დაიწყებს, თვითმფრინავს მიყიდის და გავფრინდები. მა, გული ამერევა თვითმფრინავში?

ეს პატარა ადამიანი ახლა ჩემი ცხოვრების წარმმართველი იყო. მისი მოძრაობის მიმართულებით უნდა მევლო და ნაბიჯები მისი ციცქნა ნაბიჯებისთვის შემეწყო...

- ღამით უჭირს კიდევ, - ხათუნამ ყავა მოსვა და მანიშნა, სიგარეტი თუ გაქვსო. გამახსენდა, რომ მეც დილიდან მინდოდა მოწევა და ოთახში გავედი მოსატანად.

- აბა რა გადაწყვიტე, კიდევ იმუშვებ? - ხათუნამ ფეხი ფეხზე გადაიდო და კიდევ ერთხელ დავაფიქსირე მისი ულამაზესი წვივები.

- ვიმუშვებ, აბა ჩემი ნახატებით ვიცხოვრებ? - გამეცინა სარდაფში დაგროვილი, დამტვერილი ნახატების გახსენებაზე. უმეტესი მათგანი სტუდენტობის დროს, ნიას დაბადებამდე იყო დახატული. მას მერე, რაც პრაქტიკულად აზროვნება დამაწყებინა ოჯახმა, თითქმის აღარ მიხატია . დროც აღარ მრჩებოდა ჩვენი სახელოსნოს გადამკიდე.

- გული მწყდება რომ აღარ ხატავ, - ხათუნა სერიოზულად მიყურებდა, - მართლა ნიჭიერი ხარ.

- კარგი რა, ვან გოგიც იყო უკვე და ფიროსმანიც. ჩემნაირად ბევრი დახატავს.

თვითონვე ვიგრძენი ყალბი ნოტები ჩემს ხმაში და ხათუნას გამგები მზერა აღარ გამკვირვებია. ეს იგივეა ჭრილობა მუქი ტანისამოსით დაფარო. ხომ გამოჟონავს სისხლი როცა იქნება და ტკივილიც შეგაწუხებს...

- არ გვინდა ამაზე ლაპარაკი , - შეიძლება მოვიდეს ხატვის დროც, ახლა მთვარია ნიას მივხედო. სოფელში გადავწყვიტე წაყვანა ჯერჯერობით. ბებია ყოჩაღადაა და არაფერი გაუჭრდება.

ხათუნამ ფეხი შეინაცვლა. უმჯობესად ჩვთვალე მზერა ამერიდებინა.

- თუ გინდა... გავიფიქრე... ეს პერიოდი მაინც უმუშევარი ვარ და შეემიძლია ნიასთნ დავრჩე ხოლმე... სანამ უკეთეს გამოსავალს მოიფიქრებ... - ამ წინადადებამ ისეთი მეწამულით გაუფერადა მწყაზარი სახე, ლამის ხმამაღლა გამეცინა. თუმცა მისი უნაკლო ფეხები იმდენად ახლოს იყო, უყოყმანოდ მათქმევინა უარი მაცდურ წინადადებაზე.

- სოფელში ჯობია. ნიასთვისაც კარგია, სუფთა ჰაერზე იქნება და მარიამსაც უხარია, მარტო აღარ ვიქნები, გამახალისებსო. მადლობელი ვარ შენი წინადადებისთვის, მაგრამ დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება.

უცებ მწვავე ტკივილმა შემაკრთო. ნია მუხლებზე ამოცოცებულიყო და მკერდზე თმას მწიწკნიდა. ამან გამახსენა, რომ წელსზემოთ შიშველი ვიჯექი ისევ და იქვე, სკამზე მიკიდულ მაისურს მივწვდი.

- მაპატიე, ვერც შევამჩნიე, რომ არ ჩამიცვამს, - მოვუბოდიშე ხათუნას.

- ყველ შემთხვევაში ჩემი მზერა არ დაზარალებულა, - ხათუნას კაკლის მურაბისფერი თვალებში მხიარული ნაპერწკლები აუცეკვდა, მერე სწრაფად შეცვალა თემა; - ამ სახლში დიდი დღესასწაული მოგიწყვიათ როგორც ვხედავ.

მიმოვიხედე. სევდიანად შევნიშნე, რომ გუშინ, ჩემს აქ არყოფნაში თავისით არაფერი დალაგებულიყო წინა ღამის ღრეობის შემდეგ. მომიწევდა სოფელში წასვლამდე მუშაობა.

- ყოველდღე ხომ არ დავალაგებ, მერე ვეღარ ვიგრძნობ რა სასიამოვნოა სუფთა და მოწესრიგებული სახლი, - საკუთარ თავზე გამეცინა. უფრო იმიტომ,რომ მოკლე კაბაში ვერდამალული ლამაზი ფეხები იმაზე მეტად იქცევდნენ ჩემს ყურადრებას, ვიდრე ვისურვებდი.

მოულოდნელად ხათუნამ თავისი ათსანტიმენტრქუსლიანი ფეხსაცმელისგან გაითვისუფლა თავი და მხიარულად მიმოიხედა.

- მომეცი რაღაც, ზემოდან გადავიცვამ და შენს სახლს ერთ საათში ბრწყინვას დავაწყებინებ.

წინააღმდეგობა დაძლეულ იქნა უპრობლემოდ (ან რომელი წინააღმდეგობა აშინებს ხათუნასმაგვარ ქალს, თუ რამე გადაწყვიტა?). ორიოდე საათი ჩემს თვალებს დიდი გამოცდა ელოდა, რადგან ხათუნა, ჩემს მაისურში გამოწყობილი, კიდევ უფრო სექსუალური იყო.

არსებობენ ქალები, რომლებიც სექსუალობას ასხივებენ. მათი ყოველი უჯრედი ღაღადებს, ეს მე ვარ, შემომხედეთ და თქვენ ყველაფერს დაინახავთ, რაც საჭიროა. ჩემშია ევას ყველა ნიშანი, რამაც აცდუნა ადამი და სამოთხე დაათმობინა. სამაგიეროდ მიპოვა მე, ამქვეყნიური სამოთხე. არიან ასევე ქალები, რომლებიც მინავლებული ნაკვერჩხალივით, სულს თუ შეუბერავ ათასფრად მოელვარე ალად აბრიალდებიან. კაცები აღმერთებენ პირველი ტიპის ქალებს, მაგრამ თუ აღმოაჩინეს, სიცოცხლის ბოლომდე უყვართ მეორე...

ხათუნა უპირობოდ იღბლიანთა პირველ კატეგორიას მიეკუთვნებოდა. ის თავს არ იღლიდა პიროვნების სიღრმეებზე ფიქრით. იცოდა, რომ უნაკლო ფეხები ჰქონდა და ჯეროვნადაც აფასებდა ამას. მისი მოკლე კაბის მსხვერპლნი ხშირად ვხდებოდით მახლობლად მყოფი მამაკაცები. განსაკუთრებით მე, ვისაც აბსტრაქტული ნათესაობის გადაულახავი დაბრკოლებით მქონდა შეკრული ხელ-ფეხი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent