შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცრუის სადგური 2


9-05-2020, 22:58
ავტორი Lilian Clark
ნანახია 5 004

კარის მიღმა დარჩენილმა სოფიმ ასფალტზე გაშლილ ტელეფონის ნაწილებს დაუწყო ძებნა, მაგრამ იმდენად სავალალო მდგომარეობაში იყვნენ, მიხვდა, მათგან ვეღარაფერს ააწყობდა და რაც ხელში ეჭირა, გამწარებულმა შეახეთქა ლევან მდივანის სახლის კედელს:
-თავსგასული!-მთელი სიშმაგით მიაძახა და დაღმართზე დაეშვა, რომ როგორმე მთავარ გზაზე გასულიყო და ტაქსით ან ავტოსტოპით გაჰყოლოდა რომელიმე მანქანას.
-ახლა რა უნდა ვქნა? ტაქსსაც კი ვერ გამოვიძახებ,- ხმამაღლა ფიქრს მოჰყვა სოფი:- შენი დედაც, ლევან მდივანო!
მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა რომ შეაწუხა, გაიხადა, ხელში დაიჭირა და ფეხშიშველმა გააგრძელა სიარული:
-ნაგავი კაცი! თითქოს ის არ მეყოფოდა, ჩემს უკან დაწევას და იმ გაყოყოჩებული ნუცას წინ წამოწევას რომ აპირებს, ახლა ტელეფონის გარეშეც დამტოვა, თითქოს საფულიდან მსხვილ-მსხვილი კუპიურები მცვიოდეს და ხვალ-ზეგ არ ვიყიდიდე.
ფეხშიშველა მოსიარულეს ახალგაზრდა მძღოლმა მანქანა გაუჩერა, გოგონა ფეხის ტერფიდან თმის ღერამდე შეათვალიერა და ცინიკურად გასძახა:
-დილამდე მანქანაში ხომ არ გვებუქნავა?
-იდი ნახ/იუ, შე სირბანჯო!
-როგორი ბრაზიანი გოგო ყოფილხარ? რა გითხარი საწყენი?
-აბუქნავე ბებიაშენი და თუ დროულად არ გამეცლები, 112-ზე თითის დასაჭერად წამები მაშორებს.
-რას მეკაჩავები? არ გინდა, ნუ გინდა, წადი შენი დედაც მოვტ/ან! - სიჩქარეს მოუმატა სოფიზე გაწბილებულმა მძღოლმა და საბურავების წუილით გაეცალა ნერვებს აყოლილ გოგონას.
ბოლოს, ტაქსი გამოჩნდა, კლიენტი სახლში მიეყვანა და უკან რომ ბრუნდებოდა, გზაში მარტოდ მოსიარულე გოგონას გაუჩერა, შეატყო, რაღაც უჭირდა და დახმარება შესთავაზა.
-კიდევ კარგი, წესიერი ადამიანები ისევ არსებობენ,- თავისთვის ჩაილაპარაკა, ნდობით შეხედა შუახნის სანდო პირისახის მამაკაცს და დაუფიქრებლად დაიკავა უკანა სავარძელი.
-სად მიბრძანდებით?
სოფიმ ილანას მისამართი უკარნახა და ფეხსაცმლის ჩაცმა დაიწყო.
-აქ მცხოვრებს არ უნდა ჰგავდეთ, ამ ახალ უბანში მაცხოვრებლები არც თუ ისე ბევრია და თან თითქმის ყველა ოჯახის წევრს თავის მანქანა ჰყავს,-სარკიდან გახედა მძღოლმა.
-სწორად მიხვდით. აქაური არ ვარ, ახლობელთან ვიყავი და იქიდან მოვდივარ.
-ღამით ახალგაზრდა და ლამაზი გოგოსთვის მარტო სიარული მაინცდამაინც სასურველი არ არის. რამე შეგემთხვათ?
-არა, ყველაფერი რიგზეა. ცოტა გასეირნება გადავწყვიტე, სულ ეს არის. გადაგიხდით კიდეც, თქვენ მაგაზე ნუ იდარდებთ.
-რადგან დახმარება შემოგთავაზეთ, ჩემი სიტყვა ბოლომდე ძალაში დარჩება.
-ძალიან დიდი მადლობა.
-როგორ გეკადრებათ? -გაუღიმა მამაკაცმა და ტაბახმელის გზიდან თბილისისკენ სწრაფად დაეშვა.
გზაში აღარცერთს უთქვამს ერთმანეთისთვის რამე. მძღოლმა შეამჩნია, რომ მგზავრი ცუდ გუნებაზე იყო და საუბარში არ აჰყვებოდა. მითითებულ მისამართზე მიიყვანა და ღამე მშვიდობისა უსურვა.

***
-რას ჰგავხარ, ადამიანო?- გაფართოებული თვალებით მიაშტერდა სოფის მისავათებულ სახეს და ჭუჭყიან ფეხებს ილანა.
-ლევან მდივანის საუბარს ვიწერდი, ვიფიქრე გამოვიწვევდი და ვაღიარებინებდი, რომ გამარჯვებულთა ვინაობა უკვე გარკვეულია, მაგრამ ამაოდ, მიმიხვდა და ჩემი შანტაჟის გეგმა ხუხულასავით ჩამოიშალა.
-წარმოუდგენელია,-ტუჩზე იკბინა ილანამ,- მერე?
-რა მერე? მდგომარეობიდან გამოვიყვანე და ტელეფონი დამიმტვრია.
-და რომ დაესაჯე, ფეხები ჭვარტლიან ბუხარში შეგაყოფინა?
-გადი, რა. შენი უკბილო ხუმრობის ხასიათზე არ ვარ,- მოწყენილმა კაბა გაიხადა და საწოლზე დადო.
-აბა, რას გიგავს? რა არის ეს?
-ტელეფონი ვეღარ ავაწყე, ტაქსიც ვერ გამოვიძახე, იმ ახვარი კაცის სახლთან მდებარე დაღმართიდან კისრისტეხვით რომ არ ჩავსულიყავი, გავიხადე და ფეხშიშველმა ვიარე.
-გასაგებია,- პაუზა გააკეთა და ცოტა ხნის შემდეგ აღმოხდა: -შე საბრალო, ახლა რა უნდა ქნა?
-ხელფასამდე ორი კვირაა, მანამდე ვერაფერს ვიზამ,-თავის ტანსაცმელი გადაიცვა და სააბაზანოში შევიდა, რომ დამტვერილ ფეხის ტერფებზე ეზრუნა.
-ამაღამ ჩემთან გტოვებ, ტყუილად ირჯები წასასვლელად!
-წავალ, აღარ შეგაწუხებ. ხომ ხედავ რა ხასიათზეც ვარ? მარტო ყოფნა მჭირდება.
-ასე ნუ განიცდი, რომც არ მოიგო, მეორედ მოსვლა ხომ არ იწყება?
-ჩშ! აღარაფერი თქვა. შენ მაინც ნუ მომიკლავ გულს. მეგობარი ხარ და არ გესწავლება რამდენი რამეა დამოკიდებული ჩემს ორკესტრში მოხვედრაზე. რესტორანში დიდხანს ვეღარ დავრჩები. იმისათვის, რომ თვიდან თვემდე თავი გავიტანო, მთვარალი კაცების არმიის გაძლება მიწევს. უკვე ისე მაქვს რკინის ნერვები გამომუშავებული, არავის არაფერს ვპატიობ. პატარაობიდანვე ვისწავლე საკუთარი თავი როგორ დავიცვა. ასე, რომ ეს კონკურსი ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ასე იოლად ვერ დავთმობ.
-თუ ნუცას გამარჯვება აქვთ გადაწყვეტილი, ვერაფერს გააწყობ და წინასწარ უნდა შეეგუო.
- არ მინდა, რომ ეს საშინელება ერთი პროცენტით მაინც დავუშვა. წავალ და ვიმეცადინებ, ტყუილად ნუ შეეცდები ჩემს დაკავებას.
ილანა აღარ შეეწინააღმდეგა, იცოდა მეგობრის დაუმორჩილებელი ხასიათი და სახლიდან ლიფტამდე გააცილა. სახლში მიბრუნებულმა ფანჯრიდან გააყოლა ნაღვლიანი თვალები და ღრმად ამოიოხრა:
-„რაც უფრო მეტს ილაპარაკებენ ბედის უკუღმართობაზე, იმდენად უფრო მეტი შეუძლია თქვას იმაზე ყველამ, ვინც მონდომებით დაუკვირდება ამ ბედის ყოველგვარ ტრიალს; და ეს არავის არ უნდა გაუკვირდეს, თუკი თავმდაბლობით იფიქრებს, რომ ყოველივე, რასაც ჩვენ, ჩვენის უმეცრებით ჩვენადა ვთვლით, ამ ბედის ხელთაა, და, მაშასადამე მისი საიდუმლო განგებით განუწყვეტლივ რიგ-რიგად გადაეცემა ხოლმე ერთისაგან მეორეს და წინაუკმო, და ეს ისეთი წესითა ხდება, რომ ჩვენ ვერაფერს გავუგებთ ხოლმე.“ დიდებული ვინმე იყო ბოკაჩო,-ფარდა გადაწია და სანამ მწუხრი ძილის ჯადოსნურ სამყაროში გადაისროდა, ოთახში შუქი ჩააქრო.

***
სახლში შესული სოფი რამდენიმე საათის წინ მიღებულ მღელვარებას ერთი ღერი სიგარეტით შეებრძოლა, რომელსაც მხოლოდ მაშინ ეპარებოდა, როდესაც მომძლავრებულ ემოციებს ვეღარ იოკებდა. დიდხანს იბორიალა ღამის პერანგით ოთახიდან ოთახში და გონებიდან ვერ ირეცხავდა ლევან მდივანთან მომხდარს. წუთით დესაუსთან შეჩერდა და თვალი დაღუპული მშობლების ჩარჩოში ჩასმული ფოტოსკენ გაექცა. ხელში აიღო, ახალგაზრდა წყვილის ბედნიერ სახეებს დააკვირდა და თითები ფრთხილად გადაატარა მინას. შემდეგ თავის ადგილას დააბრუნა და იქაურობას სევდანარევი სახით გაერიდა. პიანინოს მიუჯდა, ნოტებს დახედა და კლავიშები აახმაურა. შუა ნაწარმოებისას გაჩერდა, მჭმუნვარე სახე კლავიშებზე ჩამოდო და დაგროვილი ნაღველი ცრემლებად ამოიტანა. გული რომ მოიოხა, ჩაწითლებული თვალები ხელის ზურგით სრუტუნით მოიწმინდა და მოძლიერებულმა ნაწარმოების შესრულება განაგრძო.
მხოლოდ ორი საათი ეძინა იმ ღამეს, მაღვიძარის ხმის გაგონებისთანავე საწოლიდან ძალით წამოწია ჯერ კიდევ მძინარე სხეული და სააბაზანოსკენ გალასლასდა. თავი ფინჯანი ყავით შეიფხიზლა და ნაცნობი ჟურნალისტის სამუშაო რედაქციისკენ გასწია.
-გინდა, მითხრა, რომ ჟიურის წევრები არაკომპეტენტურ გადაწყვეტილებას მიიღებენ? გესმის მაინც რამხელა სკანდალში გავეხვევით შენს მიერ მოტანილი ინფორმაცია სიმართლე რომ არ აღმოჩნდეს?
-აბსოლუტურად ვაცნობიერებ.
-არა, ასეთ რამეს ხელს ვერ მოვკიდებ. აგერ მთავარი რედაქტორი და მას დაელაპარაკე,- მისკენ გადაამისამართა და ამგვარი ხერხით აარიდა თავი სოფის.
-ჩემო კარგო, ეს რომ სიმართლე არ გამოდგეს და შენს მიერ მოწოდებული სახელებიდან და გვარებიდან ერთი ცდომილებაც რომ იყოს, დამიჯერე, ჩემს ჟურნალს საკმაოდ დიდი ზარალი მიადგება. სიმწრით მოპოვებული მკითხველის დაკარგვაზე საშინელი კი, არაფერია. ასე, რომ არ გეწყინოს, ჩვენ ვერ დაგეხმარებით,- ზრდილობიანი უარით გაისტუმრა რედაქტორმაც.
ამასობაში ახალმა ამბავმა ლევან მდივნამდე მიაღწია და ახლადგაღვიძებული მაესტრო სოფი მესხის მორიგმა საქციელმა უარესად გააცოფა:
-სია აუცილებლად შეიცვლება და მატყუარა პარანოიდის იარლიყსაც მალე აირტყამ. არადა, ჯერ მხოლოდ ოცდაორი წლის ხარ, ძვირფასო. ასე ძალიან დაუფიქრებელი იყოს კარიერის დასაწყისშივე პიანისტი, პირველად ვნახე. შეგეძლო ბევრად უკეთესად დაგვეწყო ურთიერთობა. ორივე კმაყოფილი დავრჩებოდით. სამწუხაროა, რომ არ მოინდომე,- ცივად ჩაეცინა და შხაპის მისაღებად სააბაზანო ოთახს მიაკითხა, თუმცა ზვავივით მომსკდარმა ნერვებმა უმტყუვნეს და კარი ისეთი სიძლიერით მიიხურა, კედლებმა ზანზარი დაიწყეს.

***
რამდენიმე დღეში ლევან მდივანის საცხოვრებელ სახლთან სოფი კვლავ გამოჩნდა. მოულოდნელად წამოსულ წვიმას ერთიანად გაელუმპა, თუმცა გოგონა ამინდის ცვლილებას არ შეუშინებია და ლევანის მანქანის გამოჩენას ელოდებოდა.
საღამო ხანი იყო, როდესაც კონცერტიდან დაბრუნებული მაესტრო სახლში დაბრუნდა. მანქანის ანთებულმა ფარებმა სოფის თვალები მოჭრეს და ხელი აიფარა.
-აქ რა ჯანდაბას აკეთებ?- მაშინვე იცნო მამაკაცმა.
-უნდა მომისმინოთ, რაღაცის სათქმელად მოვედი.
-ახლა რაღა ჩაიფიქრე? -უნდობი სახით შეხედა მანქანიდან გადმოსულმა მდივანმა.
-ფინალის დღე, რომელიც თქვენთვის შესაძლოა ერთ ჩვეულებრივ და მივიწყებულ საათებად იქცეს, მერწმუნეთ, ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. გთხოვთ, ვიდრე საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, კარგად აწონ-დაწონოთ და ისე შეაჯამოთ თქვენც და ჟიურის დანარჩენმა წევრებმაც ყველაფერი. ჩემს მიერ შესრულებულ მუსიკას გულისყურით მოუსმინეთ და ის გეტყვით როგორ უნდა მოიქცეთ. მე არ გთხოვთ, რომ დაუმსახურებლად გამომაცხადოთ გამარჯვებულად. თუ არ დავიმსახურებ და რამე ნაკლს მომიძებნით, აუცილებლად გავიგებ, შეუგნებელი არ ვარ, მაგრამ უსამართლოდ ნუ დამსჯით.
ლევანი სკულპტუოზულად უყურებდა წვიმისგან დასველებულ და ათრთოლებულ გოგონას, რომელიც იმ წამს იმდენად დაუცველად გამოიყურებოდა, წამით თანაგრძნობაც კი გამოიწვია, მაგრამ გაახსენდა მისი ოინები და კვლავ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდა:
-რაღაც არ მომწონს შენი ახალი წამოწყება.
-გეფიცებით, არაფერი სხვა ინტერესი არ მამოძრავებს. შეგიძლიათ შემამოწმოთ, ტელეფონიც კი აღარ მაქვს და თქვენი წყალობით, დიდი ხანი არც მექნება, მაგრამ ამას მნიშვნელობა არ აქვს, -ცარიელი ხელები დაანახა და სახეზე მიკრული თმა უმალ ყურებზე გადაიწია.
-შანტაჟის გეგმამ და რედაქციაში ჩემი სახელის შერცხვენისთვის მისვლამ რომ არ გაამართლა, ახლა საწყალი გოგოს როლის თამაში გადაწყვიტე? ძალიან საშიში პიროვნება ხარ, სოფი. შენი ნდობა არაფრით არ შეიძლება.
-დამიჯერეთ, გარდა იმ სიტყვებისა, რაც გესმით, არანაირი გადატანითი მნიშვნელობის და ალეგორიული ხასიათის ტექსტებს არ აქვს ადგილი. უბრალოდ მენდეთ და კონკურსი ისე წარმართეთ, როგორც კანდიდატები იმსახურებენ. სხვას არაფერს გთხოვთ. რაც შემეხება მე, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ჟიურის იმედები არ გავუცრუო.
-მაინც რას გააკეთებ? რა შედის შენს ყველაფერში?
-თქვენ, რა, მასხარად მიგდებთ?
-აბა, მე მკითხე, მჭირდება შენნაირი ვიგინდარა ადამიანი ორკესტრში?
-ვიგინდარა რატომ? რა დავაშავე?
-თუნდაც ის, ჩემი განადგურების გეგმა რომ შეიმუშავე, მაგრამ ჭკვიანი გოგო ხარ, მალე მიხვდი, რომ ცეცხლს ეთამაშებოდი და ტაქტიკა შეცვალე. იცი, რამდენად კარგად ვიცნობ ქალების ფსიქოლოგიას? ვერც კი წარმოიდგენ.
-ბატონო ლევან, გთხოვთ...
-თხოვნები დასრულდა. თოვლის ბაბუა არ ვარ, რომ შენნაირი ღლაპების სურვილებს ვუსმინო.
-ესე იგი, კონკურსზე აღარ გამოვიდე?
-აუცილებლად უნდა გამოხვიდე.
-რატომ? იმიტომ, რომ გული მეტკინოს?
-რა მოუმწიფებელი ადამიანივით მსჯელობ? როცა ასეთ სერიოზულ კონკურსებში მონაწილეობას იღებ, ყველანაირი შედეგისთვის მზად უნდა იყო. ძიძები არ ვართ, რომ ბაგა-ბაღის ატირებული ბავშვებივით ცრემლები გწმინდოთ.
-ჩემი მხრიდან ფარსში თამაშის საფუძველი დამანახეთ და მოვალ. არც დღეს დავბადებულვარ და არც გუშინ, ხედავთ, რომ აზრი ნამდვილად მომეკითხება და ის, რომ თქვენ ჩემზე ასაკით და თანამდებობით მეტი ხართ, იმის უფლებას არ გაძლევთ, რომ დამამციროთ.
-არავინ გამცირებს.
-ტყუით!
-შენი ნებაა, არავინ დაგაძალებს ხვალ კონკურსზე გამოსვლას და არც გამოუსვლელობისთვის დაგძრახავთ.
-ესე იგი, ეს თქვენი ბოლო სიტყვაა?
-კარგად მომისმინე და ეს სიტყვები გონებაში ოქროს ასოებად ჩაიბეჭდე! არანაირი წინასწარი სია არ არსებობს, რომელიც გამარჯვებულების სახელებსა და გვარებს მთელი სიზუსტით ასახავს. კონკურსი სამართლიანად ჩატარდება და ყველა იმას მიიღებს, რისი ღირსიც არის.
-მინდა, რომ მჯეროდეს.
-დაიჯერებ თუ არა, მე ეგ არ მეხება. ახლა წადი, ისედაც საკმარისზე მეტი დრო დაგითმე,- მამაკაცმა სოფის ზურგი შეაქცია და მანქანისკენ წავიდა.

***
ფინალის საღამო სულ რამდენიმე წუთში უნდა დაწყებულიყო. კონსერვატორიის საკონცერტო დარბაზი სათანადოდ მოეკაზმათ. ჟიურის წევრები საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებისთვის ემზადებოდნენ, კონკურსანტებთან ერთად მათაც დიდი მღელვარება ელოდათ. ლევან მდივანს დარბაზში შესვლამდე წინ სოფი გადაუდგა. არაფერი უთქვამს, მწვანე თვალები თავხედურად გაუსწორა და მხოლოდ გაუღიმა. ეს ღიმილი ბევრ რამეს მოასწავებდა.
დარბაზში ისევ ჩამობნელდა და კვლავინდებურად გამოჩნდა ნაცნობი წამყვანი. ფინალისტების დაცოტავებული რიცხვიდან იმ დღეს აუცილებლად გაუმართლებდა ხუთ კანდიდატს, რომლებიც სხვადასხვა მუსიკალურ საკრავებში თავისი საქმის უბადლო ცოდნას გამოამჟღავნებდნენ.
სოფი კულისებში იდგა და თითებს იფშვნეტდა.
-არ ინერვიულო, ჩემი გოგო, მჯერა მე შენი,- რუსულ-ქართული აქცენტით წარმოთქმული სიტყვებით ამხნევებდა ლექტორი, ტატიანა გორსკაია საყვარელ სტუდენტს.
გოგონამ მადლობა გადაუხადა და არც ღიმილი დაიშურა პატივცემული ლექტორისთვის.
-მგონი ნუციკოც ვნახე, მე წავალ და დარბაზიდან „გიბალეშჩიკებთ“,- ქართულ სიტყვებს ბარბარიზმი მოარგო და თვალთახედვის არიდან მიიკარგა.
კონკურსი დაიწყო. როიალის, არფის, კონტრაბასის, ჩელოს და ვიოლინოს ჟღერადობები დროდადრო ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. არაჩვეულებრივად მომზადებულ კანდიდატთა შორის რთული იყო რომელიმე გამოგერჩია, თუმცა ჟიურის გამოცდილებას არაფერი შეეშალა, ექვსივე მათგანი მაშინვე ხვდებოდა დაფიქსირებულ ხარვეზებს და თითოეულს ქულებად ასახავდა.
კონკურსს სოფის მიერ შესრულებული შუბერტის „სერენადა“ და შოსტაკოვიჩის „მეორე ვალსი“ ამთავრებდა. გამაოგნებლად გამორჩეული შესრულება, სილამაზე და თავდაჯერებულობა ჰქონდა კონკურსანტს. მეტყველი სახე და ჰანგებს აყოლილი სხეული ერთ მთლიანად გარდაქცეულიყვნენ და თავბრუდამხვევი ვიბრაციით გიტყუებდნენ კლასიკური მუსიკის შრეებში.
ტატიანა გორსკაიას თვალები ბედნიერების ცრემლებით დაეფარა. იმაზე უკეთესი რა უნდა შეეგრძნო, რასაც მის თვალწინ საოცრად გაზრდილი და ჩამოყალიბებული მუსიკოსი სტუდენტისგან ამგვარი შესრულებით იღებდა:
-სულის საკვები ხარ, საფია!- რუსულად წარმოთქვა და დასრულებას აღარც დაელოდა, ტაში შემოსცხო.
არც ჟიურის წევრები დარჩენილან ნაკლებად აღფრთოვანებულნი, თუმცა ლევან მდივანი აღტაცებას არ იმჩნევდა. საკმაოდ თავდაჭერილი გამომეტყველებით შესცქეროდა მუსიკის დედოფალს, რომელიც როიალთან საოცრებებს ჩადიოდა და პუბლიკისგან ოვაციებითაც ჯილდოვდებოდა.
სოფი შუბერტის და შოსტაკოვიჩის განუმეორებელი ნაწარმოებების გენიალურად შესრულებისთვის ბოლომდე დაიხარჯა. ეს იყო მაქსიმუმი, რომელსაც ვერცერთი მისი მეტოქე ვერ გაიღებდა.
საკონკურსო კონცერტი დასრულდა და ახლა ჟიურის რამდენიმე წუთი სჭირდებოდა, რომ საბოლოო გადაწყვეტილებამდე მისულიყო. სცენაზე გასული კონკურსანტები ძალიან ღელავდნენ. მიუხედავად იმისა, სოფის სხეულში ველურად დავლილი სისხლი ჩუხჩუხს განაგრძობდა და გულის პულსებს ვეღარ იმორჩილებდა, სახეზე ძალით შეკერილი სიმშვიდე გამოსჭვიოდა. რამდენიმე მეტრის მოშორებით საკმაოდ სერიოზული რამ წყდებოდა. სასურველი შედეგის მოსაპოვებლად კი, ყველამ დაინახა, არაფერი დაუშურებია. ახლა თითოეული ჟიურის წევრი მისი ბედის მწერალი გამხდარიყო. ნათლად ხედავდა ერთმანეთში მოკამათე სახეებს, რომლებიც რაღაცაზე ვერ თანხმდებოდნენ და ნერვიულობისგან მუხლები აუკანკალდა.
-ჰე, რაღას ელოდებით? გვითხარით შედეგები, თორემ დავიხოცეთ,- ჩურჩულით თქვა ილანამ და მეგობარს ხელი ჩასჭიდა.
მოულოდნელად წამყვანს კონვერტი მიაწოდეს, სადაც გამარჯვებულთა სახელები და გვარები ეწერა. წინასწარ მომზადებული სიტყვის დასრულებისთანავე დალუქული კონვერტი გახსნა და ფარატინა ფურცელი ამოაძვრინა.
დარბაზში მღელვარებამ იმატა. ახლა მხოლოდ წამყვანმა და ჟიურიმ იცოდნენ პასუხი, დანარჩენები დუმდნენ.
სოფის სუნთქვა შეეკრა. არ იცოდა რამდენად სამართლიანი იყო დღეს მისი ჟიური, ან იმოქმედა თუ არა მისმა სისხლის ბოლო წვეთამდე ბრძოლამ, რომ ლევან მდივანისთვის სინდისის სიმები შეერხია. უეცრად წამყვანის სიტყვებიც გაისმა, როგორც იქნა, მუსიკალური საკრავების მიხედვით გამარჯვებულთა გვარ-სახელების გამოცხადება დაიწყო. ყოველი მისი წარმოთქმული ბგერა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. სიხარულისგან მომკივანი და აჟიტირებული კონკურსანტების ჟივილ ხივილში სმენადაძაბული გადაიქცა. არ სურდა, რაიმე გამორჩენოდა, არ სურდა, მისი გვარის გამოცხადება ვერ გაეგო, თითოეული ბედნიერი წამი უნდოდა დაეჭირა და არსად გაეშვა...
-და, ბოლოს, გამარჯვებული პიანისტი გახლავთ...- ხმას აუწია წამყვანმა და სახელის და გვარის მჭექარე ხმით სათქმელად მოემზადა:- ნუცა მალიძე.
სოფის მთელი სხეული მიღებული შოკისგან დაუნაწევრდა, მოლეკულებად გადაექცა და ატომების სახით ჩამოეშალა. იდგა სცენაზე, მაგრამ მის დგომას ნამდვილად ვერავინ დაარქმევდა რომ იქ იყო. სადღაც წასულიყო, იქიდან გადაკარგულიყო, კოსმოსის იქით, კიდევ შორს, ჯერ კიდევ აღმოუჩენელ რეალობაში.
-სოფი მოიკრიბე ძალები და ოდნავ მაინც გაიღიმე, რა სახე გაქვს? ძალიან მაშინებ,- გადაულაპარაკა გვერდით მდგომმა ილანამ.
-აქედან გამიყვანე,-წყვეტილად თქვა, მერე ნუცას მიუბრუნდა, უგულოდ მიუგდო სიტყვა „გილოცავ“ და მეგობარს არეული ნაბიჯებით გაჰყვა.
სცენაზე სიყალბე ზეიმობდა. სიყალბე, რომელიც სამართლიანობას თავის სიშავით ერეოდა და ლაქებს ატყობდა. გულდაწყვეტილი კონკურსანტები ყურებჩამოყრილები შედიოდნენ კულისებში. სოფი სკამზე ჩამოჯდა. ატკიებული თავისთვის და დაგუბებული ყურებისთვის რომ ეშველა, საფეთქლები დაიზილა, თუმცა აქა-იქ გაბნეული სიტყვებიდან ბურუსით მოცული ჩურჩული მაინც აღწევდა დამარცხებულ გოგონამდე და კიდევ მეტად უხშობდა ყურთასმენას: „არ მეგონა, თუ პიანისტებიდან ნუცა მოიგებდა, ეს გოგო უნიკალურია“, „მგონი ჟიური შეცდა, მეც ეგ მეგონა, რომ გაიმარჯვებდა“, „აუ, ცოდოა“...
-ილანა, წავიდეთ, ჰო?- განადგურებული სახით შეხედა მეგობარს და კულისებიდან გასასვლელად მოემზადა.
-ჩემი გოგო, შენ გული არაფერზე დაიწყვიტო, ძალიან კარგი ხარ,- თანაგრძნობით გადაეხვია კულისებში შემოვარდნილი ტატიანა თავის სტუდენტს. სახეზე აშკარად ეტყობოდა უკმაყოფილება, თუმცა ნუცაც მისი სტუდენტი იყო და არ უნდოდა, ისეთი რაღაც ეთქვა, რაც მასწავლებლის ეთიკას ეწინააღმდეგებოდა.
-არ ვიცი ჟიურიმ რა დაინახა ნუციკოში, ალბათ, რაღაც სტანდარტებს აკმაყოფილებდა, მაგრამ ჩემთვის საუკეთესოთა შორის საუკეთესო შენ ხარ!- სამაგიეროდ საკუთარი სიტყვის თქმის არ შეეშინდა კონსერვატორიის ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელიც ალალად გამოთქვამდა გულის ნადებს.
სოფიმ მადლობა გადაუხადა ორივეს და უხასიათოდ დაემშვიდობა.
-წავიდეთ,- მოსასხამი მოიცვა ილანამ და წაგებულ მეგობარს ხელი მიაშველა.
-სულ დამავიწყდა, რომ გამარჯვება მომელოცა. გილოცავ, საუკეთესო ხარ და იმსახურებდი,- სოფიმ სუსტად გაუღიმა მეგობარს.
-მადლობა, -გოგონა მეგობარს ჩაეხუტა და ლოყა მიადო - ამგვარი ჟეშტით გამოხატა მადლიერება.
კულისების გასასვლელთან ლევან მდივანი გამოჩნდა. სოფის წინ გადაუდგა, ახლა მან ჩახედა თვალებში და ირონიული ღიმილით დააჯილდოვა.
თვალმა თვალს საშინელი პასუხი დაუბრუნა...
იმედწარხოცილ სოფის არაფერი უთქვამს მისთვის, ისეთი სახე მიიღო, თითქოს არც დაუნახავს, გვერდი აუქცია და უხმოდ გაეცალა.
-მოვა დრო, შენი საქციელისთვის პატიებას მთხოვ. ჩვენს შორის ურთიერთობა ახლა იწყება სოფი, დღეიდან ჩემს მიერ გათხრილ უხილავ ორმოებში ისე ჩავარდები, აზრზე ვერ მოხვალ,- გაიფიქრა ლევან მდივანმა და წინ მიმავალ გოგოებს თვალი გააყოლა.

***
სახლში მისულმა სოფიმ საღამოს ტანსაცმელი გაიხადა და აბრეშუმის თხელი ხალათი შემოიცვა. საძინებლის კართან აიტუზა და პიანინოზე გაშლილი ნოტების სახელმძღვანელოსკენ გაიხედა. ნელი ნაბიჯებით წავიდა, თანდათან მიუახლოვდა ინსტრუმენტს, თითები კლავიშებს რამდენჯერმე გააყოლა და არასრული ბგერების ნაერთს ყური დაუგდო. შემდეგ ნერვებმა უმტყუვნეს, ნოტები ერთი ხელის მოსმით გაისროლა და კლავიშები რომ აღარ დაენახა, საფარით გადახურა.
ილანა თავისთვის მიყუჟულიყო სავარძელში, მეგობრის ქცევებს აკვირდებოდა და დროდადრო თავს აქნევდა:
-ყავა გინდა?
-კი, მინდა,- მოკლედ უპასუხა და აივანზე სიგარეტის მოსაწევად გავიდა.
-რას აპირებ?- ცოტა ხანში ფინჯნით ხელში დაადგა აივანზე ჩაკეცილ სოფის, რომელიც ძირს დამჯდარიყო და თვალები ზეცისთვის გაეშტერებინა.
-იმ ჭკუაზე ვარ, ლამის კონსერვატორიის დიპლომზეც უარი ვთქვა და მათ მივუგდო.
-და ამით რას მიაღწევ? შენ დარჩები უდიპლომოდ და წლების განმავლობაში წვალებით მოპოვებულ დამსახურებას წყალში ჩაყრი. გგონია ვინმეს ჭკუას ასწავლი, ან ღამე შენი ცოდვით აღარ დაეძინება?
-ბედი რატომ მიმეტებს ასეთი სისასტიკისთვის? ხომ არ შეიძლება, მუდმივად ყველას ჩემი შურდეს? ერთხელ მაინც ხომ უნდა მოვდუნდე? დავიღალე ამდენი ომით.
-ნუ ადრამატულებ. თავიდანვე ვიცოდით, რომ ნუცას ჩაწყობილი ჰქონდა. ჩვენ ვერაფერს შევცვლიდით. ასეთი რამ მხოლოდ საქართველოში არ ხდება, უსამართლობა ყველა დროში და ყველგან იყო, არის და იქნება.
-დამამშვიდე, ხომ იცი?- ფინჯანი გამოართვა და ცხელი სითხე ორ ყლუპად მოსვა, შემდეგ ძირს დადგა და კვლავ ზეცას მიაპყრო თვალები.
-ჩემი აზრით, სხვა კონკურსებში უნდა სცადო ბედი. უამრავი პროექტია ნიჭიერი ხელოვანებისთვის.
-საზღვარგარეთ მონაწილეობის მიღებას ფინანსები სჭირდება. რესტორანში აგროვებული გროშებით ვერაფერს გავწვდები.
-დაფინანსების მოპოვებაც შეიძლება. ყველანაირი მონაცემები გაქვს, რომ საერთაშორისო დონის კონკურსებზე იფიქრო.
-სახელმწიფო ორკესტრში მოხვედრა ჩემთვის დიდი ტრამპლინი იქნებოდა. ბევრად მარტივად გადავიდოდი განვითარების შემდეგ დონეებზე. იქიდან ნებისმიერი რაღაცის დაგეგმვა მარტივად შეიძლებოდა. ახლა კი, უნდა „ვიპახავო“.
-არაუშავს, შესაძლოა ბედი უკეთეს რამეს გიმზადებს. აწიე ერთი ადგილი და სახლში შემოდი, გაცივდები.
-ჰმ, ბედი,- სუსტად ჩაეცინა სოფის, - ბედი რომ მქონოდა, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში და ცარიელი ხელებით არ აღმოვჩნდებოდი ასეთ საპასუხისმგებლო მომენტში სამყაროს წინაშე.
-შემოდი და აქ გავაგრძელოთ საუბარი,-ოთახიდან უპასუხა მეგობარმა.
სოფი კიდევ ცოტა ხნით დარჩა აივანზე, მერე როგორც სჩვეოდა, თავს შეუძახა რომ გამოფხიზლებულიყო და ოთახში დაბრუნდა.
-ხვალიდან ინტერნეტში შევალ და სხვადასხვა კონკურსებს გავეცნობი. შესაძლოა, მართალს ამბობდე, ეს წაგება ბევრად წამადგეს და უფრო გამაძლიეროს, ვიდრე დღევანდელ გამარჯვებას მოეტანა სარგებელი.
-ასე რა! ვერ ვიტან პესიმიზმით გაჭყეპილ ხალხს,- თვალები გაუბრწყინდა მეგობრის გამოდარებით გახარებულ ილანას და ტაში შემოჰკრა. მერე ნოტების სახელმძღვანელოს დასწვდა, პიანინოს თავზე შემოდო და მეგობარს გადაეხვია:- მჯერა, რომ ბევრს მიაღწევ! ასეთმა ქარტეხილებმა არ უნდა შეგაშინოს.
-არც ვუშინდები!- ტელევიზორის პულტი აიღო, არხების თვალიერებას მოჰყვა და ბევრ რამეზე ჩაფიქრებული საყვარელი ფილმის სიუჟეტში ჩაიკარგა.

***
მეორე საღამოს სამსახურში გამოცხადებულ სოფის რესტორნის მენეჯერი ქალი საყვედურით დახვდა:
-მთელი დღეა გირეკავ. დღეს საპატიო სტუმრები გვყავს და მინდოდა, განსაკუთრებული პროგრამა მოგემზადებინა მათთვის.
-ტელეფონი გამიფუჭდა და ვერ დამიკავშირდებოდით.
-და მე რა უნდა ვქნა?
-მე რაღა უნდა ვქნა? ავიღებ ხელფასს და შევიძენ.
-განვადებაზე არაფერი გსმენია?
-არ ვაპირებ ჩემს პრობლემებზე ვინმეს ვესაუბრო. მაინც არავინ გადამიჭრის.
-რა ხდება აქ? რაზე ვერ რიგდებით?- თავზე წამოადგათ რესტორნის მფლობელი.
-არაფერი, ბატონო ნუკრი, -სიტუაციის განმუხტვა სცადა სოფიმ.
-მთელი დღეა მასთან დაკავშირებას ვცდილობ, რომ დიპლომატების კორპუსიდან მოსულ სტუმრებს განსაკუთრებული მუსიკალური ნომრით დავხვედროდით და აქეთ მიწყრება,- თვალები მოწკურა და მჟავე ღიმილი გადაიფინა სახეზე მენეჯერმა.
ნუკრიმ მენეჯერი დააშოშმინა და სამუშაო ოთახში მიიხმო სოფი. სეიფიდან ახალი ტელეფონი გამოიღო და წინ დაუდო:
-აიღე, დღეიდან შენ გეკუთვნის.
სოფიმ აიფონის ბოლო გამოშვებულ მოდელს დახედა და თავი გაიქნია:
-მაპატიეთ, მაგრამ ასეთ ძვირიან საჩუქარს ვერ მივიღებ.
-იმისთვის, რომ ჩემი მენეჯერი ყოველთვის დაგიკავშირდეს და რესტორანში საერთო საქმე არ გაფუჭდეს, კიდევ იმისთვის, რომ შენნაირი თანამშრომელი სათანადოდ იყოს დაფასებული, მერწმუნე, ნამდვილად გვიღირს, რომ ეს ნივთი გადმოგცეთ. მიიღე ეს ტელეფონი არა ჩემი, არამედ მთელი ადმინისტრაციის სახელით და გააგრძელე ჩვენთან თანამშრომლობა.
-კი მაგრამ...- ძალიან დაიბნა სოფი,- საიდან იცოდით, რომ ტელეფონი მჭირდებოდა?
-არ ვიცოდი, უბრალოდ ასე საინტერესოდ დაემთხვა. ამ დღეებში გამრჯე თანამშრომლებისთვის ადმინისტრაცია სამადლობელო წერილების და საჩუქრების დარიგებას აპირებდა. შენმა პრობლემამ კი მოვლენები დააჩქარა. სხვათაშორის, ქალბატონი მარიკაც, რომელიც ასე გაწიწმატებული გესაუბრებოდა, არანაკლებ ღირებულ საჩუქარს მიიღებს და იმედი მაქვს, არ გამთქვავ.
-რა თქმა უნდა, არაფერს ვიტყვი. რაკი ასეა, მადლობის მეტი არაფერი მეთქმის,- საჩუქარი აიღო და რესტორნის მფლობელის სამუშაო ოთახი დატოვა.
ბატონმა ნუკრიმ შესანიშნავად მოახერხა სოფის ტყუილში დარწმუნება და ეჭვების გაფანტვა. მერე ლევან მდივანის ტელეფონის ნომერი აკრიფა და წარმატებით დაკისრებული მოვალეობის შესახებ ყველაფერი ამცნო.
-მოკლედ, შენი საჩუქარი გადავეცი, ყველაფერი იმდენად ბუნებრივად გავითამაშეთ, ვერაფერს მიხვდა.
-ძალიან კარგი. ერთ კვირაში თუ სამსახურიდანაც ისე დაითხოვ, შენზე არ გაბრაზდეს და ეგ მობილური უკან არ დაგიბრუნოს, პირობას ვდებ, რომ სცენის თანამშრომლები საუკეთესო მუსიკოსებით დაგიკომპლექტება. ხელს შეგიწყობ, რომ შენი დაწესებულება ნამდვილი VIP რესტორნის სახელს მოიხვეჭს და შემოსავლების შემოდინებაც წყლის მოვარდნას დაემსგავსება.
-შევთანხმდით,- ბევრი აღარ უჭოჭმანია რესტორნის მფლობელს,- წარმოსადეგი კაცი ხარ და სიტყვაზე გენდობი.
-დროებით,- ლევან მდივანმა სახეზე აღბეჭდილი სიამოვნებით გაუთიშა ტელეფონი და საქმის წარმატებით დასაგვირგვინებლად ვისკში მოცურავე ყინულებით ნახევრად სავსე ჭიქა მიიტანა პირთან.



№1 სტუმარი ტაისა

ახლა წავიკითხე ორივე თავი და მინდა მადლობა გადაგიხადო ,რეალურ ცხოვრებას რომ აცოცხლებ! ❤

მე თვითონ მუსიკოსი ვარ და ძალიან კარგად მესმის სოფის, რთულია ასეთი უსამართლობის შემდეგ თვითგვემას არ მიეცე.
გელოდები ❤

 


№2  offline მოდერი ანე ლაშხი

უუუჰ, ისეთი ინტერესით ვკითხულობდი, ძლივს ჩავიცხრე ეს აბობოქრებული ხასიათი და ამ ლევან მაჩოს გადაფხრეწა კი მომინდა, როგორ უნამუსოდ იქცევა, თვითმარქვია ეგა, გატყიპე ერთი კარგად და ჩამოულაგე ის თეთრი კბილები!!! ავფორიაქდი. :დ
სოფისადმი სიბრალულის გრძნობა მიპყრობს, ეს ჩაწყობები ისეთი რეალურია, არც ერთ კონკურსზე გასვლა არ მოგინდება მაგის გამო, მაგრამ რა გაეწყობა. ცხოვრება ბრძოლაა და ჩვენც ჩაბმულები ვართ, ენივეი, ვაი ნოთ? მომწონს! დაველოდები შემდეგ თავს. გუდ ლაქ, ლილიან და რა კარგი სახელი გქვია შენ. ♥️♥️♥️

 


№3  offline წევრი Ανάξιος

როგორ ვერ ვიტან უსამართლობას , წვალობ , წვალობ და არ გიფასდება შრომა
"ფული ჯოჯოეთს ანათებსო" და მართლაც ანათებს
კარგია ახალ თავს ველოდები

 


№4  offline მოდერი Lilian Clark

ტაისა
ახლა წავიკითხე ორივე თავი და მინდა მადლობა გადაგიხადო ,რეალურ ცხოვრებას რომ აცოცხლებ! ❤

მე თვითონ მუსიკოსი ვარ და ძალიან კარგად მესმის სოფის, რთულია ასეთი უსამართლობის შემდეგ თვითგვემას არ მიეცე.
გელოდები ❤

სასიამოვნოა ასეთი საინტერესო ადამიანების შემოერთება და ხილვა ჩემს მკითხველთა რიგებში.
მადლობა ❤

ანე ლაშხი
უუუჰ, ისეთი ინტერესით ვკითხულობდი, ძლივს ჩავიცხრე ეს აბობოქრებული ხასიათი და ამ ლევან მაჩოს გადაფხრეწა კი მომინდა, როგორ უნამუსოდ იქცევა, თვითმარქვია ეგა, გატყიპე ერთი კარგად და ჩამოულაგე ის თეთრი კბილები!!! ავფორიაქდი. :დ
სოფისადმი სიბრალულის გრძნობა მიპყრობს, ეს ჩაწყობები ისეთი რეალურია, არც ერთ კონკურსზე გასვლა არ მოგინდება მაგის გამო, მაგრამ რა გაეწყობა. ცხოვრება ბრძოლაა და ჩვენც ჩაბმულები ვართ, ენივეი, ვაი ნოთ? მომწონს! დაველოდები შემდეგ თავს. გუდ ლაქ, ლილიან და რა კარგი სახელი გქვია შენ. ♥️♥️♥️

ოოო ესეც ცეცხლი. მიხარია თქვენი დაინტერესება. სასიამოვნო მოსასმენია ასეთი განხილვები მწერლისათვის. მადლობა ❤

korean
როგორ ვერ ვიტან უსამართლობას , წვალობ , წვალობ და არ გიფასდება შრომა
"ფული ჯოჯოეთს ანათებსო" და მართლაც ანათებს
კარგია ახალ თავს ველოდები

რეალობა ყოველთვის ლამაზი არ არის, თუმცა რა გაეწყობა, ვეგუებით.
მალე იქნება ❤

 


№5 სტუმარი სტუმარი დარინა

აი ბოლომდე მეგონა რომ დამპალი ლევანი მაინც სამართლიანად მოიქცეოდა, მაგრამ იმედები გამიცრუაა, აი ისე მინდა რომ მაგ საზიზღარს ყველაფერი გადაალეწოს და დაუმტკიცოს რომ საუკეთესოაა ოღონდ ისე რომ მის მახეში არ გაებას, აი არ მინდა რომ ლევანმა თავისსას მიაღწიოს და სოფის მის იქეთ წასასვლელი გზა არ ქონდეს, არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული ესენი წყვილად უნდა შემოგვთავაზო თუ არა მაგასაც ვერ ვხვდები რადგა ჯერჯერობით არ მაქვს სურვილი ლევანმა თავისი გაიტანოს, აი ისტორია ძალიან მომწონს რეალურია, არ მახსენდება ჩვენთან კონკურსი სადაც ვინმეს სამართლიანად მოეგოს. მიხარია ჩვენთან რომ მოხვედი, წარმატებები და ველი შემდეგ თავს.

 


№6 სტუმარი სტუმარი ანი

აღფრთოვანებას არ დავმალავ და მინდა გითხრა ძალიან მომწონს. ორივე თავის კითხვა ამ წამს დავასრულე და ინტერესი მკლავს... ველი შემდეგ თავს. აშკარად ჩახლართული ისტორია გველის და წარმატებებს გისურვებ !!!! <3

 


№7  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი დარინა
აი ბოლომდე მეგონა რომ დამპალი ლევანი მაინც სამართლიანად მოიქცეოდა, მაგრამ იმედები გამიცრუაა, აი ისე მინდა რომ მაგ საზიზღარს ყველაფერი გადაალეწოს და დაუმტკიცოს რომ საუკეთესოაა ოღონდ ისე რომ მის მახეში არ გაებას, აი არ მინდა რომ ლევანმა თავისსას მიაღწიოს და სოფის მის იქეთ წასასვლელი გზა არ ქონდეს, არ ვიცი რა გაქვს ჩაფიქრებული ესენი წყვილად უნდა შემოგვთავაზო თუ არა მაგასაც ვერ ვხვდები რადგა ჯერჯერობით არ მაქვს სურვილი ლევანმა თავისი გაიტანოს, აი ისტორია ძალიან მომწონს რეალურია, არ მახსენდება ჩვენთან კონკურსი სადაც ვინმეს სამართლიანად მოეგოს. მიხარია ჩვენთან რომ მოხვედი, წარმატებები და ველი შემდეგ თავს.


ჩახლართული ისტორია გამოდის. ლევანის მიმართ აგრესია მომწონს. არ დაინდოთ ხოლმე. ღირსია და ეკუთვნის! blush თუ საჭირო გახდება, ლანძღვა-გინებაში მეც მოგეხმარები.

სტუმარი ანი
აღფრთოვანებას არ დავმალავ და მინდა გითხრა ძალიან მომწონს. ორივე თავის კითხვა ამ წამს დავასრულე და ინტერესი მკლავს... ველი შემდეგ თავს. აშკარად ჩახლართული ისტორია გველის და წარმატებებს გისურვებ !!!! <3


ანი, ძალიან მიხარია და მოტივაცია მეძლევა, რომ ნაწარმოები მოგწონს. არ ვიცოდი მკითხველი როგორ მიიღებდა პერსონაჟებს და სიუჟეტს. კი, ნაწარმოები რთული და ჩახლართული გამოდის.

 


№8  offline წევრი tamuna.s

ორივე თავი ერთად წავიკითხე და არ ვნანობ, ძალიან მომწონს სიუჟეტიც და გმირებიც. მგონია რომ სოფოს ასე ადვილად ვერ დააჩოქებს ლევანი და ამის ნახვა არც მინდა. ვფიქრობ ლევანი თავისივე დაგებულ მახეში გაებმება. ასე მგონია სოფო მომავალში სამაგიეროს მწარედ გადაუხდის ლევანს. ველოდები შემდეგ თავს და იმედი მაქვს არ გვალოდინებ. წარმატებები.

 


№9  offline მოდერი Lilian Clark

tamuna.s
ორივე თავი ერთად წავიკითხე და არ ვნანობ, ძალიან მომწონს სიუჟეტიც და გმირებიც. მგონია რომ სოფოს ასე ადვილად ვერ დააჩოქებს ლევანი და ამის ნახვა არც მინდა. ვფიქრობ ლევანი თავისივე დაგებულ მახეში გაებმება. ასე მგონია სოფო მომავალში სამაგიეროს მწარედ გადაუხდის ლევანს. ველოდები შემდეგ თავს და იმედი მაქვს არ გვალოდინებ. წარმატებები.

იცით რა არის? ყველაზე მეტად ის მახარებს, როცა მკითხველი საკუთარ აზრს აფიქსირებს როგორ წარიმართება მოვლენები. მიხარია, რომ ნაწარმოები გაგრძელების უამრავ სავარაუდო ვარიანტს იძლევა სხვებისთვის. მეტი მოტივაცია აქვს მწერალს, რომ არ გაჩერდეს და მადლობა თქვენ ამისთვის heart_eyes

 


№10 სტუმარი ანუკ

აუ დღეს ატვირთავ? ???????? ვეღარ ვითმენ ???? ხო კიდე აქ აღარაფერს ვკითხულობდი ბოლო 2 წელია თითქმის და ახლა შენ შემომიტყუე ❤️????????

 


№11 სტუმარი სტუმარი ქეთო

ვაუუ, ეს როგორი კარგი გოგო შემოემატა ამ საიტს. მომხიბლე, თან როგორ. ისტორია ქართულ რეალობას ასახავს. ნეპოტიზმი ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა?
ლევანი ძალიან მაღიზიანებს, საშინელი ბრაზი მიპყრობს. აი სოფი კი როგორ შემეცოდა. ასე მეგონა მე ვიდექი სცენაზე მის მაგივრად და როგორ მომეწურა გული. მაგრამ ამ გოგოში ისეთი ბობოქარი ხასიათი ზის, მე მჯერა სოფისნაირი პიროვნებები არ იკარგებიან და მართლაც კეთილი შურით მშურს მათი. ვგრძნობ წინ ბევრი ვნებათაღელვა ელის ჩვენს გოგოს. მე მოგყვები, იმედია ისტორიას არ შეწყვეტ და ბოლომდე მიიყვან

 


№12  offline მოდერი Lilian Clark

ანუკ
აუ დღეს ატვირთავ? ???????? ვეღარ ვითმენ ???? ხო კიდე აქ აღარაფერს ვკითხულობდი ბოლო 2 წელია თითქმის და ახლა შენ შემომიტყუე ❤️????????

მიხარია რომ შემოგიტყუე, თანაც ამდენი ხნის შემდეგ. ვერ დაგპირდები, თუმცა ვეცდები მაქსიმალურად დავაჩქარო ახალი თავის ატვირთვა. მადლობა.

სტუმარი ქეთო
ვაუუ, ეს როგორი კარგი გოგო შემოემატა ამ საიტს. მომხიბლე, თან როგორ. ისტორია ქართულ რეალობას ასახავს. ნეპოტიზმი ხომ ყოველ ფეხის ნაბიჯზეა?
ლევანი ძალიან მაღიზიანებს, საშინელი ბრაზი მიპყრობს. აი სოფი კი როგორ შემეცოდა. ასე მეგონა მე ვიდექი სცენაზე მის მაგივრად და როგორ მომეწურა გული. მაგრამ ამ გოგოში ისეთი ბობოქარი ხასიათი ზის, მე მჯერა სოფისნაირი პიროვნებები არ იკარგებიან და მართლაც კეთილი შურით მშურს მათი. ვგრძნობ წინ ბევრი ვნებათაღელვა ელის ჩვენს გოგოს. მე მოგყვები, იმედია ისტორიას არ შეწყვეტ და ბოლომდე მიიყვან

ვაუ, ეს როგორი საინტერესო ადამიანი შემოემატა ჩემს მკითხველთა სიას. მიხარია რომ დაინტერესდი და მაქსიმალურად ვეცდები რეალობასთან ახლოს ვიყო მთელი ნაწარმოების მანძილზე. ბოლომდე მიყვანას რაც შეეხება, უპასუხისმგებლო ნამდვილად არ ვარ. მადლობა ❤

 


№13 სტუმარი სტუმარი თეა

სიმართლე ითქვას,სოფიც არ მოიქცა ადეკვატურად.ნაწილობრივ მისი წინდაუხედავი საქციელის გამოა ასეთ მდგომარეობაში.ლევანი კი ზედმეტმა პატივმოყვარეობამ დააბრმავა და გამწარებულ გულზე სოფის ცხოვრების დანგრევა დაიწყო.თავისი ასაკისთვის არაადეკვატური ქცევა აქვს ორივეს.რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან.

 


№14  offline მოდერი Lilian Clark

სტუმარი თეა
სიმართლე ითქვას,სოფიც არ მოიქცა ადეკვატურად.ნაწილობრივ მისი წინდაუხედავი საქციელის გამოა ასეთ მდგომარეობაში.ლევანი კი ზედმეტმა პატივმოყვარეობამ დააბრმავა და გამწარებულ გულზე სოფის ცხოვრების დანგრევა დაიწყო.თავისი ასაკისთვის არაადეკვატური ქცევა აქვს ორივეს.რაღაცით ერთმანეთს ჰგვანან.

საინტერესო მოსაზრებაა!

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent