ცივი დღეების მოგონებები
ყველაფერი შემოდგომაზე დაიწყო, არც თვე მახსოვს და არც რიცხვი. უბრალოდ მახსოვს რომ შემოდგომა იყო. ჩემი სეზონი, იმაზე უფრო მეტად ჩემი ვიდრე მანამდე. დრო, როცა ჩემი ადამიანი ვიპოვე. რომ მკითხოთ რა ერქვაო ვერ გიპასუხებთ, ვერც გარეგნობას ავღწერ. არ ვიცი მისი თვალები როგორია, ან სახის ნაკვთები, მაგრამ მახსოვს მისი ყველა სიტყვა, ყველა ამოსუნთქვა, ყველა მოძრაობა, სურნელი, სუსუფთავის სურნელი, რომელიც სხვას არავის არ ასდის. მისი ხმის ტემბრი, რომლისთვისაც დაუღალავად შემეძლო მომესმინა. -როგორ შეხვდი? მეღიმება, ვიხსენებ იმ მომენტს, რომელიც არასდროა დამავიწყდება, რომლის ყოველი გახსენება უფრო მკვეთრად მიჯდება გონებაში. -როგორც ვთქვი შემოდგომა იყო, გარეთ ვიყავი, მიყვარს ღამე ღია ცის ქვეშ ჯდომა და ცაში ყურება, სიმშვიდე, გრილი სიო. ყოველ ღამე ტრადიციად მაქვს ცის ყურება. გრძელ სკამზე ვიჯექი, ტყის პირას და მაშინაც ცას ვსწავლობდი. გვერდით დაჯდა. ახლაც მახსოვს მისი ამოსუნთქვა. ისე ამოისუნთქა თითქოს დიდი ტვირთი მოშორდა ბეჭებიდან. მერე ვიჯექით და არ ვლაპარაკობდით. თითქოს ერთმანეთის დუმილის გვესმოდა. თითქოს არა, გვესმოდა... პირველი შეხვედრა დუმილით დასრულდა. მეორე დღეს ისევ შევხვდით, ისევ იქ. კვლავ დუმილი. შემდეგ ისევ ისე ღრმად ამოისუნთქა როგორც იცოდა და მითხრა -თითო კითხვის ღამე ვითამაშოთო- გაკვირვებულმა გავხედე, ისიც მიყურებდა, ვუყურებდით ერთმანეთს და ვერ ვხედავდით, უბრალოდ ინტუიციით ვხვდებოდით რომ ერთმანეთს ვუყურებდით. მეც დავთანხმდი და ასე დაიწყო ერთი კითხვის თამაში. -ყოველ ღამე ვკითხავთ ერთმანეთს თითო კითხვას. -მითხრა და ადგა, წავიდა. მესამე ღამეს ისევ მოვიდა. გვერდით დაჯდა. ისევ დუმილი, ისევ ზეცისკენ მიპყრობილი ორი წყვილი თვალი და ისევ სიჩუმე. მივხვდით რომ თამაში არ გამოგვივიდა. ამ მჯერად მე წამოვედი. რამდენიმე ღამე ასე გაგრძელდა, არ ვითვლიდი დღეებს, არ მინდოდა ადამიანებთან ურთიერთობაში რიცხვები ყოფილიყო. ერთხელ მოვიდა. იღიმოდა. სუნთქვაზე ეტყობოდა რომ იღიმოდა. -როგორ ხარ? მკითხა ლაღად. მე პასუხი არ გამიცი. არა, არ მაღიზიანებდა, უბრალოდ რა მეპასუხა არ ვიცოდი. ისევ ღრმად ამოისუნთქა-მოდი თავიდან ვცადოთ. თითქოს ბაღში ვართ და მასწავლებელი გეკითხება, წელიწადის რომელი დრო გიყვარს?-გაეცინა, მეც გამეცინა. -შემოდგომა და ზამთარი. შენ? -რატომ შემოდგომა და ზამთარი?- კითხვაზე არ მიპასუხა. -საუკეთესო დროა ადამიანის ჩასახუტებლად. -გიყვარს ჩახუტება? -კი, ყველაზე კარგი რამაა რაც კი შრიძლება ვინმესგან მიიღო.- კვლავ სიჩუმე. დუმილი მე დავარღვიე- კითხვაზე რატომ არ მიპასუხე? -რომელზე? -შენ რომელი დრო გიყვარს? -ზამთარი. -რატომ ზამთარი? -ყველაზე კარგი დროა ვინმეს გასათბობად. -ცოტა ხანს ისევ ვიჯექით. მერე ორივე ავდექით და საპირისპირო მხარეს წავედით. ყოველ ღამე ვხვდებოდით. უმეტესად მდუმარე შეხვედრები იყო. საკმარისი იყო ჩვენ სამნი ვყოფილიყავით. მე, ის და მთვარე. დილით რომ ვიღვიძებდი, იმას კი არ ვფიქრობდი რომ სადმე არ დამგვიანებოდა, იმას ვფიქრობდი რომ მალე დაღამებულიყო. ყველა ადამიანში მას ვეძებდი ვინც კი შემხვდებოდა. მაგრამ მისნაირი სუნთქვა არავის ქონდა, არც მისი სურნელი ასდიოდა ვინმეს. მერე მივეჩვიე, აღარ ვეძებდი. ისიც მაკმაყოფილებდა რომ ყოველ ღამე ვნახულობდი. -დღეს პირველი დეკემბერია იცი? -ვიცი- ავიფუზე და კაშნე უფრო მაგრად შემოვიხვიე. -ერთმა ადამიანმა მითხრა, რომ ზამთარი საუკეთესო დროა ადამიანის ჩასახუტებლად. -რა დამთხვევაა, მე კი მითხრეს რომ ზამთარი საუკეთესო დროა ადამიანის გასათბობად. ახლოს მოიწია და ჩამეხუტა. სულ სხვანაირი სითბო მოდიოდა მისგან. მას შემდეგ ჩახუტება ტრადიციად გვექცა. ერთხელ კვლავ ცას ვუყურებდით. -ასე რატომ გიყვარს მთვარე?- მკითხა ისე რომ ხელი არ გაუშვია. მისგან ნასწავლი ღრმა ამისუნთქვით ამოვისუნთქე. -ადამიანს გავს... მთვარის ფაზები. პატარა რკალით იწყება, ნელნელა იზრდება, სრულყოფილებას აღწევს და შემდეგ ისევ პატარა რკად იქცევა. ადამიანებიც ასე არიან. ნელნელა იზრდებიან, სრულყოფილებას აღწევენ და შემდეგ კვლავ პატარავდებიან. -უმთვარო ღამეები? -უმთვარო ღამეები არ არსებობს, ესეც ადამიანს გავს, იმ ადამიანივითაა რომელსაც გონი რომ რაღაც ცხოვრების ეტაპი გამოტოვა, მაგრამ სინამდვილეში არაფერიც გამოუტოვებია, უბრალოდ უმთვარო ღამესავით უჩინარი იყო. -მე კი მგონია უმთვარო ღამეები იმ ადამიანებივით არიან,რომლებმაც სრულყოფილებას ვერ მიაღწიეს, ან შემდეგ ვერ გააგრძელეს დაპატარავება. იმ ადამიანებს გვანან რომლებიც გაქრნენ მიწაზე, ყოველ უმთვარო ღამეს მგონია რომ ცაზე უფრო მეტი ვარსკვლავია, და ეს ვარსკვლავები ის ადამიანები არიან რომლებმაც უმთვარო ღამე გამოიწვიეს. -სიკვდილის გეშინია? -არ ვიცი, ზოგჯერ არა, მაგრამ ზოგჯერ საშინლად. ჩემს გამო არა, იმ ადამიანების გამო მეშინია ვინც შემეჩვია, არ მინდა გული ეტკინოთ, იტირონ. არ მინდა სულის წვა იგრძნონ, საშინელებაა. როცა ამას წარმოვიდგენ ეგოისტურად მინდება სიცოცხლე. -მე არ მეშინია. სიკვდილზე მეტად დავიწყების მეშინია. არ მინდა ნაწილ-ნაწილ გავქრე მათი მეხსიერებიდან. არ მინდა მხოლოდ სიმთვრალეში გამიხსენონ, ან რამე მნიშვნელივან დღეს. ნეტა შეიძლებოდეს რომ ყველას მეხსიერებიდან ერთდროულად გავქრე. არ მინდა რომ ჩემზე მოგონებებით დაიტანჯნონ და მეც ნაწილებად დამშალონ. ახალი წლის ღამესაც ერთად ვიყავით, ისევ უცვლელ ადგილას. ისევ ჩახუტებულები. -რატომ არ მეკითხები ვინ ვარ? რას ვაკეთებ, იქნებ ცუდი ვარ. -არ მინდა სახელები, არ მინდა პირადი ინფორმაციების გაცვლა, იმ დღეს რომ მოხვედი და გვერდით დამიჯექი მე ხომ არ მითქვამს რომ მოსულიყავი, დარჩენილიყავი. არ მინდა ვიცოდე შენი ნაკვთები, შენი აღნაგობა. არ არის საჭირო ადამიანის გასაცნობად მისი გარეგნული შესწავლა საჭირო, არც პირადი ინფორნაცია, არ მაიტერესებს რა გქვია, ვინ ხარ, სად ცხოვრობ, რას საქმიანობ, ჩემთვის ისიც საკმარისია რასაც ამბობ, რაზეც ვსაუბრობთ. -მე თუ მინდა? იქნებ მინდა დავინახო როგორი ხარ, იქნებ ყოველ მთვარიან ღამეს კაშნეთი შეფუთული და ქუდ ჩამოფარებული რომ ზიხარ მინდა შენ გიყურებდე. იქნებ მხოლოდ ზეცაში ყურება არ მაკმაყოფილებს და მინდა მეც შემომხედო. -არ გინდა? რომ გდომოდა არ მოხვიდოდი, გვერდით არ დამიჯდებოდი და ჩემს დუმილს არ გაიგებდი. შეუხედავად, სუნთქვაზე ვერ შემატყობდი ყველა ემოციას. ატირებულს მიზეზს მკითხავდი, მაგრამ ამას არ აკეთებ. ეს ორივემ კარგად ვიცით. არცერთს არ გვინდა ერთმანეთის შესახებ რაიმე ვიცოდეთ. -მართალია, ჩვენთვის ისიც საკმარისია რომ ერთმანეთის ადამიანები ვართ.- მითხრა და უფრო მჭოდროდ მიმიხუტა. ამ წელს სულ სხვანაირი ზამთარი იყო. ყველაზე თბილი რაც კი გამომივლია. მისი სითბო მათბობდა. ერთმანეთის სუნთქვის ინტერვალებს ვავსებდით. მე მის სუნთქვას ვუსმენდი, ის ჩემსას. არ გვინდიდა რომელიმეს გადაგვეფარა ერთმანეთის სუნთქვა. თოვდა, ისეთი თოვლით თოვდა მე რომ მიყვარს, ფეხქვეშ რომ ხმა გაქონდა. თმებში რომ იკარგებოდა. -გიყვარს თოვლი? -სასწაულად, წვიმის შემდეგ. -რატომ? -წვიმა ყოველთვისაა, ზამთარი კი იმდენად ეგოისტია, რომ თოვლი მხოლოდ მისთვის ემეტება. შენ გიყვარს თოვლი? -არა. -რატომ? -ძალიან მალე ქრება, თვალის დახამხამებასაც ვერ მოასწრებ ისე. ზამთარი სრულდებოდა. საშინელი სიცივე იყო, ludovico einaudi-ის experience-ს ვუსმენდით. ესეც საერთო გვქონდა. ორივეს გვიყვარდა კლასიკური მუსიკა, ზოგჯერ მხოლოდ მუსიკას ვუსმენდით, ზედმეტი სიტყვების გარეშე. -ზამთრის ბოლო დღეა. -ვიცი.- ორივე ვდუმდით ცოტა ხანს, ვიცოდით რომ ეს დასასრული იყო. -იცი? მაშინ რომ მკითხე რატო არ მინდოდა შენზე რამე მცოდნოდა მოგატყუე. იმიტომ არ მინდოდა რომ მე უკვე დაგხატე ჩემს წარმოსახვაში, შენი იდეალური სახე წარმოვიდგინე, არ მინდოდა რომ რეალური მენახე, მინდოდა ისეთი დარჩენილიყავი როგორიც მე შეგქმენი, რაც არუნდა კარგი იყო მე ჩემეული უფრო მომეწონები. -მეც მოგატყუე, მაშინ რომ მკითხე თოვლი მიყვარდა თუ არა, მოვატყუე. მიყვარს თოვლი. მაგრამ მაშინ სიმართლეს დამაჯახე. მეც ზამთარივით ვარ. ეგოისტი. მაშინ მივხვდი რომ თოვლს ვერ დავიჩემებდი. ვერც შენ დაგიჩემებ. არა, შენ ჩემი ადანიანი ხარ. უბრალოდ შენც თოვლივით ხარ. იმ თოვლივით უდაბნოში რომ მოდის. იშვიათად, სასწაულად. ის თოვლი ხარ რომელიც სამუდამო კვალს ტოვებს. - ორივე ჩუმად ვიჯექით, ერთმანეთის სუნთქვას ვიმახსოვრებდით. თოვდა, კვლავ თოვდა. შემდეგ ერთდროულად წამოვდექით. -დღეს ზამთრის ბოლო დღეა. -თან თოვს. -ერთმა ადამიანმა მითხრა რომ ზამთარი საუკეთესო დროა ჩასახუტებლად-გამეღიმა -მე კი მითხრეს რომ ზამთარი საუკეთესო დროა ადამიანის გასათბობად. - მაგრად მომეხვია. მისი სურნელი ღრმად შევისუნთქე რომ არ დამვიწყებიდა, ისიც ასე მოიქცა, დიდხანს ვიყავით ჩახუტებულები. მერე ყურში ჩამჩურჩულა. -ხელები გაშალე და თოვლს შეუშვირე, როცა ისინი შენს ხეკებში ჩაიკარგებიან მეც მათსავით გავქრები. ვიგრძენი რომ ცრემლები წამომივიდა. დავიფიცებ რომ ისიც ტიროდა. სუნთქვაზე ეტყობოდა. დავუჯერე. მაღლა ავიხედე, ხელები გავშალე და თოვლს შევუშვირე. ფიფქები ხელებში ჩაიკარგა. შემდეგ გზას გავხედე და მისი სილუეტიც გაქრა. -გიყვარდა? -არა, უბრალოდ მივეჩვიე. -სიყვარული ხომ ყველაზე დიდი მიჩვევაა? -ჩვენ არცერთს გვიყვარდა რაიმეზე სახელის დარქმევა. -გენატრება? -არა, რადგან ის ჩემს გონებაშია, მისი სუნთქვა მესმის და სუნს ვგრძნობ. -არ გიცდია კვლავ შეხვედრა? -არა. მეშინია, მეშინია რომ რეალობამ ოცნება გამინადგუროს. -რატომ წავიდა თუ ასე ძვირფასი იყავით ერთმანეთისთვის? -რომ დარჩენილიყო ფასს დაკარგავდა. -არ მესმის თქვენი. -ზოგჯერ ადამიანისთვის საკმარისია მოგონებები. მანამდე უნდა შეწყვიტო სანამ გაუფასურდება. ადგა. მომიბრუნდა და მითხრა. -მადლობა. -რატომ? -იმიტომ რომ ახლა პირდაპირ მასთან წავალ ვისაც აქ გამოვექეცი. სრულიად უცხო ადამიანს მომიყევით თქვენზე. მე კი ერთ რამეს მივხვდი. თქვენ თქვენი ბედნიერება ცივი დღეების მოგონებებში იპოვნეთ. თქვენთვის ის რამდენიმე თქვეც კი საკმარისი იყო. მაგრამ მე იმდენად ეგოისტი ვარ რომ ვერ დავთმობ მას. ეგოიზმიც კი სხვანაირად გვესმის. მინდა მასთან დავრჩე და ვნახო ჩვენი ისტორიის დასასრული. წავიდა, მე კი ვიღიმოდი. ყველას თავის ბედნიერება აქვს. ალბათ ახლა ბედნიერები არიან. ზოგჯერ ერთი სიტყვაც საკმარისია საკუთარ თავში გასარკვევად. მე კვლავ იმ სკამთან მივედი. ჩვენი მოგონებების სასაფლაოსთან. მე ხომ ბოლომდე არ მოვყევი ამბავი. მე ხომ ზუსტად ისტორიის დასასრული არ ვუთხარი. სწორედ ამ ისტორიის დასასრულის გამო წავიდა. ყველა ისტორიას ერთნაირი დასასრული აქვს და ეს ორივემ ვიცოდით. ადრე თუ გვიან ორივეს შიში იჩენდა თავს. რა არის ისტორიის დასასრული? იმ ადამიანების რიცხვს რომელთა გამოც სიკვდილის ეშინოდა მეც მივემატებოდი. ჩვენ ორივე ერთდროულად წავედით ერთმანეთისგან, რადგან მე იმის შემეშინდებოდა რომ მას არ დავვიწყებოდი. ვერც ერთმა ვერ გავიმეტეთ ერთმანეთი საამისოდ. ოდესმე ხომ მოხდებოდა. ყველა ისტორიას ხომ აქვს დასასრული. მაგრამ ოცნება დაუსრულებელია.აქ შეგიძლია კადრები ამოჭრა, შეცვალო, ისე დაალაგო როგორც გინდა. ერთმანეთის ოცნებაში ხომ ჩვენს ისტორიას დასასრული არ ქონდა. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.