შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიმართლე სიცრუეში


4-11-2020, 21:37
ავტორი keti_one
ნანახია 1 827

რომანი მოგვითხრობს უცნაურ ვითარებაში გაუჩინარებულ სესილიაზე და გამომძიებელ ოთარზე, რომელიც მთელი არსებით ჩაეფლო მის ძიებაში. გაუჩინარებიდან ორი კვირის თავზე, გოგონა შინ ბრუნდება და როგორც თვითონ ამბობს არ ახსოვს ამ დროის მონაკვეთში მომხდარი ამბები. გამომძიებლის ინტერესი სესილის მიმართ დღითიდღე იზრდება და დროთა განმავლობაში სიყვარულში გადადის. რომანი მათ შორის სწრაფად ვითარდება და მალევე კრახით სრულდება დიდი ასაკობრივი სხვაობის გამო. თუმცა, ეს სრულებით არ აქრობს ოთარის ინტერესს და სიყვარულს პირიქით, უფრო ზრდის მას. თვეების გადის და როდესაც გაუჩინარებისგან გამოწვეული ქარიშხალი მთავრდება, სესილია კი ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება, სწორედ ამ დროს ხდება ყველაზე შემზარავი და მოულოდნელი რამ მის ცხოვრებაში... უნივერსიტეტში ხუთი შეიარაღებული ადამიანი იჭრება და ასობით სტუდენტი მძევლად აჰყავს.
----------------


12.06.2017
ზაფხულის თბილი საღამოა,თითქოს ბუნებას გაზაფხული გამორჩა ისე უეცრად დამატყდა თავს ცხელი ამინდები. ხეები,მზის ჩასვლა, წითელი ცა, ასფალტზე თეთრი წყვეტილი ხაზები... რომელ ერთს მივაპყრო მზერა? თბილმა ნიავმა, სევდის და მოგონებების სუნი მოიყოლა თან. დიახ! ყველაფერს აქვს სუნი, მათ შორის მოგონებებსაც. როგორია ისინი? ისეთივე ცხადი, როგორც ღამის თქეში წვიმის შემდეგ მოსული დილა. ან ახალმოსული თოვლით დაფარული არემარე, აივანზე მდგომნი რომ ხარბად შევყურებთ და ვცდილობთ დიდხანს ჩავიბეჭდოთ მეხსიერებაში. გრძნობების არომატია სწორედ ყველაზე ძლიერი და საგრძნობი... ავტომობილის დანჯრიდან თავი ბოლომდე გადავყავი, ტკივილი იმდენად გამიჯდა სულში მისგან თავის დაღწევას აღარც კი ვცდილობდი.
05.09.2017
ჯიუტად ვცდილობდი „მაგარი გოგოს“ იმიჯი მომერგო. იმდენად ვიყავი სიყვარულის და სიმშვიდის ძებნაში თავით გადაშვებული საკუთარ „მე“-ზეც კი ვთქვი უარი. თავს ვარწმუნებდი, რომ მეც შემეძლო სხვებივით შევხვედროდი,გამეცნო ადამიანები და მათგან საუკეთესო ამერჩია. მიკვირდა, როგორ ახერხებდნენ სხვები და თუ ისინი ახერხბდნენ მე რატომ არ შემეძლო? ვცადე... მაგრამ როგორც კი, ვიღაც შემეხო სწორედ იმ წამს მივხვდი,მე არ ვგავდი სხვებს. არ შემეძლო გავკარებოდი, თუნდაც შემეხედა ადამიანისთვის რომელიც არ მიყვარდა. არ მიყვარდა ისიც, ვინც წლობით მიყვარდა. რეალობას წამებში შევეჯახე და გვერდით მჯდომ ადამიანს ქურდულად შევავლე თვალი. ჩემი „მაგარი გოგოობა“ სადღაც უკვალოდ გაქრა. ვიჯექი დამფრთხალი და მე, ღმერთის არარსებობაში დარწმუნებული ადამიანი,ვლოცულობდი მალე გავცლოდი მასაც და ყველას, ვისაც ჩემთან ყოფნა სურდა.ბრაზმა მოიცვა მთელი ჩემი გონება, გული, სხეული. ვბრაზობდი, როგორ შეეძლო ადამიანს, რომელიც ასე მიყვარდა ჩემი ამ სამყაროში მარტო დატოვება? (ადამიანები ამ სამყაროში ასე თუ ისე, ყოველთვის მარტონი ვართ, უბრალოდ ტვინში ვიბეჭდავთ აზრს, იმედს იმისას, რომ ვიღაც არსებობს ისეთი ვინც ამ მარტოობას როგორმე ამოავსებს. ჩვენ ხომ გვერდით არავინ გვყავს გარდაცვალებისას? მარტო გავდივართ იმ გზას, რომლისაც დაბადებიდან ყველაზე მეტად გვეშინია.)რა უნდა გამეკეთებინა? მეტირა? ტირილს რა აზრი ჰქონდა? მეყვირა? რას შეცვლიდა ჩემი ყვირილი? გვერდით მჯდომს ხელზე ნაზად შევეხე. ეს ადამიანიც ხომ საკუთარ პრობლემებსა და ცხოვრებისეულ ტვირთს დაატარებდა ზურგით? ლაპარაკობდა და მისი ხმა იმდენად შორიდან მესმოდა სიტყვებს ვერ ვარჩევდი. გავუღიმე და სევდანარევი მზერა მივაპყარი. ღიმილი დაინახა, სევდა ვერა. მივხვდი,არც ისეთი მნიშვნელოვანი ვიყავი მისთვის თორემ, ასე მკაფიოდ გამოხატულ სევდას აუცილებლად შეამჩნევდა. დავმშვიდდი...მნიშვნელოვანი არ ვიყავი ,მაშასადამე დიდ ტკივილსაც არ მივაყენებდი ჩემი წასლით.


28.01.2018
საღამოა... წოლაც რომ უკვე აღარ მომწონს, არც დგომა, არც ჯდომა.საკუთარი თავიც აღარ მომწონს, შევცქერი გაბზარულ სარკეში და ვერ ვცნობ ადამიანს რომელიც მიმზერს. არა... ეს თეთრი ნაკვთები ნამდვილად ჩემია, მაგრამ ეს მზერა... ეს მზერა ვისია? ფიქრებთან ნაომარი ჩემი გონება, რომელიც ვეღარ უმკლავდება მოგონებებს და იმედგაცრუებას გაქცევას ლამობს. ირგვლივ მიმოვიხედე, ოთახიც ისეთივე ცარიელია როგორც მისი პატრონი. სწორედ ეს ოთახია ჩემი სულის ანარეკლი. საწოლზე მიგდებულ სათამაშოს გავხედე და გულისრევის შეგრძნება გამიორმაგდა. რამდენი წლობით ნაგროვები ემოციაა მასში მოთავსებული, მისი დანახვაც კი აღარ მსურს. აგრესიის გრძნობამ სრულიად მომიცვა, სათამაშოს განრისხებული მივუახლოვდი, ხელი ვტაცე და პირდაპირ ფანჯრიდან გადავუშვი . არ ვიცი, რისი იმედი მქონდა როცა ამას ვაკეთებდი, ალბათ ვფიქრობდი მასთან ერთად ყველანაირი დარდი და ტკივილი გაქრებოდა.

*** საათის წიკწიკი ცარიელ ოთახში შემაწუხებლად ხმამაღლა ისმოდა და გამომძიებლის ნერვებზე საშინლად მოქმედებდა. ოთარი წამოდგა და ფანჯარას დაფიქრებულმა გახედა. მთელი ქალაქი ნაცრისფერ ბინდში იყო გახვეული, ლამპიონები მკრთალად ანათებდნენ ნაწვიმარ ქუჩებს. ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ჯანელიძე პირველი მიდიოდა სამსახურში და ბოლო ბრუნდებოდა,ან საერთოდ არ მიდიოდა შინ. ოთარი მაგიდაზე უსწორმასწოროდ მიყრილ სურათებს მიუბრუნდა
-სად ხარ?!- მისკენ მიპყრობილ მზერას თვალებში ჩახედა და ხმადაბლა თითქმის ჩურჩულით დაუსვა კითხვა. ჯანელიძე იძიებდა საქმეს, რომელმაც მთელი ქვეყანა მოიცვა და მისი დასმული კითხვა აწუხებდა ყველას, ვისაც ერთხელ მაინც მოეკრა ყური ამ ამბისათვის. ოთარის მზერა ისევ მრავალჯერ წაკითხულ მცირე ჩანაწერებს გადასწვდა, რამხელა იმედგაცრუება და ტკივილი გამოსჭვიოდა ამ პატარა დღიურებიდან? იმდენად რეალური იყო გოგოს გაქცევის სურვილი, რომ ოთარს ეგონა გაცრეცილი ფურცლებიც კი აორთქლებას ლამობდნენ. დრო გადიოდა და გამომძიებელს აცოფებდა ის აზრი, რომ ხელჩასაჭიდს ვერაფერს მიაგნო.
-რა მოგივიდა?- ისევ სურათებს მიშტერებოდა, მისი მზერა იმდენად მეტყველი იყო, ჯანელიძეს ეგონა, სადაცაა უფერულ ტუჩებს აამოძრავებს და პასუხს გამცემსო. საკუთარმა ზღაპრულმა და არარეალურმა ფიქრებმა თვითონვე გააღიზიანა. დაუფარავ აგრესიას გრძნობდა გოგოს წრის მიმართ, ფიქრობდა ყველაფერი მათი ბრალი იყო. ნუთუ ვერ მოიძებნა ერთი ადამიანი, რომელსაც გულწრფელად დაელაპარაკებოდა ?
კაბინეტის კარი ხმაურით შემოაღო კობამ, რომელსაც უკმაყოფილო სახეზე ეწერა იმ მომენტში ძილს, არაფერი ერჩივნა. ოთარმა არაბულს შემოსვლა არც აცადა, მაშინვე კითხვით მიუბრუნდა
-კობა!
-გისმენ?
-მითხარი, შენი აზრით საქართველოში მშობლების 80% რატომ თვლის, რომ შვილის გაზრდა და გამოკვებაა ყველაფერი?
-იმიტომ, რომ მშობლები და მათი მშობლების მშობლებიც, ასე გაიზარდნენ
-კი მაგრამ, ნუთუ არც ერთი თაობა არ შეაწუხა იმ აზრმა, რომ შვილებთან მეგობრობაც აუცილებელი და შესაძლებელია?
-ეჰ ოთარ! დაწყევლილ ქვეყანაში ვცხოვრობთ. ყველას უჭირს, პლიუს ამას მახინჯი მენტალიტეტის მსხვერპლნი ვართ... ისეთ თემებზე საფიქრელად, როგორიც შვილებთან მეგობრობაა დრო აღარ გვრჩება.
არაბულის ნათქვამს ოთარი სრულიად ეთანხმებოდა. ისიც ასე არ გაზარდეს? სეზონზე ერთ ხელ ტანსაცმელს ყიდულობდნენ, სკოლისთვის წიგნებს და რვეულებს ეს იყო და ეს. ყოველდღიურ ყოფაზე გადართული მისი მშობლები, ფიქრადაც არ ივლებდნენ გულში რომ მასთან რაიმე სახის ურთირთობა ჩამოეყალიბებინათ. არ იცოდნენ, როდის წავიდა პაემანზე და აკოცა პირველად გოგოს, არ იცოდნენ ვის ემეგობრებოდა სკოლაში. რომელი სპორტი აინტერესებდა, რა საგნები უფრო უყვარდა. ვერც ის გაიგეს რაზე სწავლობდა ამდენი წელი. არასდროს უკითხავთ რა ინტერესები და მიზნები ჰქონდა ცხოვრებაში.
გამომძიებელი გაუჩინარებულ გოგოსთან იმხელა კავშირს გრძნობდა, რომ ამას ვერაფრით ხსნიდა. დარწმუნებული იყო ის გაიქცა, თუმცა ამის მხოლოდ ჯანელიძეს სჯეროდა,სხვა ყველა ფიქრობდა, რომ ის გაიტაცეს.
ნაშუადღევს გადაწყვიტა ენახა ერთადერთი ბიჭი ვისთანაც სესილიას ურთიერთობა ჰქონია. ატალახებულ გზას ნელა მიუყვებოდა, ინტერესი შიგნიდან ღრღნიდა ნეტავ როგორი ბიჭია? როგორი ბიჭი შეიძლება ჰყვარებოდა ისეთ გოგოს როგორიც სესილიაა? გახუნებულ ჭიშკარი შეაღო და ეცადა ომახიანად დაეყვირა
-არის აქ ვინმე?
სახლის კარი გაიღო და მაღალი, ქერა სუსტი ბიჭი გამოჩნდა. ოთარს მისი სურათები ნანახი ჰქონდა, მაგრამ რატომღაც, მაინც სხვანაირი წარმოედგინა
-გისმენთ?-კიბეები სწრაფად ჩამოიარა ბიჭმა და გამომძიებელი ინტერესით შეათვალიერა
-გამომძიებელი ოთარ ჯანელიძე, თქვენ ალბათ ლაშა ხართ მაჭავარიანი
-კი,მე ვარ.- ბიჭმა ხელი ჩამოართვა
-შეიძლება რამოდენიმე კითხვა დაგისვათ? თქვენი ყოფილი მეგობარი გოგოს საქმეს ვიძიებ.
-დიახ ვიცი, ტელეფონზეც ვილაპარაკეთ არა?
-დიახ.
- რამდენიმე დღის წინ ჩამოვფრინდი, ამიტომაც ვერ მოვახერხე თქვენი ნახვა
რამდენიმე დღეა ჩამოფრინდა?! თუ გოგოს ბედი ანაღვლებდა რატომ ელოდებოდა დღეების გასვლას? ნუთუ ამაზე მნიშვნელოვანი საქმეები ჰქონდა? გაუჩინარების პირველივე დღეს მშობლების და მეგობრების ეჭვი ერთმანეთს დაემთხვა. ყველას ეგონა, სესილი ლაშასთან წავიდა საფრანგეთში, თუმცა ეს ეჭვი მალევე გაქარწყლდა.
-უკაცრავად, სახლში ბევრნი ვართ ვერ შეგიპატიჟებთ...
-ეზოში დავსხდეთ, მხოლოდ რამდენიმე წუთს წაგართმევთ
ორივენი ეზოში მდგომ სკამზე ჩამოსხდნენ. ოთარმა ინტერესით შეავლო თვალი ლაშას
-საფრანგეთში რას საქმიანობთ?
-ვსწავლობ- ბიჭი მოუსვენრად აცეცებდა თვალებს. ჯანელიძეს რატომღაც ბავშვი გაახსენდა, რომელსაც საშინლად უნდა ეზოში თამაში და დედა ამის უფლებას არ აძლევს.
-მაშ ასე, მაინტერესებს რატომ დაშორდით ერთმანეთს?
-სესო ძალიან რთული პიროვნებაა. ეჭვიანი, მესაკუთრე და საოცრად ცვალებადი. მე კიდევ პირიქით, ჩვენი ხასიათები ერთმანეთისას საერთოდ არ ემთხვეოდა- ბიჭი ადამიანების იმ კატეგორიას მიეკუთვნებოდა საკუთარი თავი ყოველთვის მართალი რომ ჰგონიათ.
- ანუ უსაბაბოდ, ყველაფერზე ეჭვიანობდა?- ჩაეკითხა ჯანელიძე, ლაშას სიწითლემ დაუარა და დიდი ძალისხმევის შემდეგ, აღიარა
-არა, ჰქონდა რაღაც მიზეზები მაგრამ...
-ანუ არც ისეთი „გიჟი“ ყოფილა თქვენ რომ ამბობთ.
-არა ეს არ მითქვამს...
-კარგით. კონტაქტი თუ გქონდათ მასთან ბოლო პერიოდში?
-არა. დაახლოებით ექვსი თვეა მისგან არაფერი მსმენია. ბოლოს ძალიან გავაბრაზე- ხმაში სინანული შეეპარა
-მანამდე ხომ არ შეგიტყვიათ მისთვის რაიმე უცნაური ქცევები? ან რამე ხომ არ აწუხებდა? იქნებ გაიხსენოთ.
-არა მსგავსი არაფერი შემიტყვია...
-როგორ ფიქრობთ, შეეძლო ყველას და ყველაფრის მიტოვება?
-გაქცევას გულისხმობთ?- ისეთი ტონით იკითხა ბიჭმა, ოთარი მიხვდა ამ ვერსიის არ სჯეროდა ისევე ,როგორც სესილის სხვა ახლობლებს
-სესილი ზედმეტად მზრუნველია და ამას ვერ გააკეთებდა, ასე ვერავის ანერვიულებდა- მზრუნველი რომაა იმიტომ არ გადაჰევი თან? ფიქრბდა გულში ოთარი
-დარწმუნებული ხართ ამაში?
-სრულიად. ამას არ იზამდა
-როდესმე ულაპარაკია თქვენთან სადმე მოგზაურობაზე? სადმე შორს წასვლაზე?- ბიჭი დაფიქრდა და თავი გააქნია
-არა, მსგავსი რამ არ მახსენდება
-ის მაინც თუ იცით, რომელი ქვეყანა მოსწონს ყველაზე მეტად?
-ადრე მითხრა... მაგრამ აღარ მახსოვს.
-თქვენ ნამდვილად მისი შეყვარებული იყავით?- ირონია ვეღარ დამალა გამომძიებელმა
-ძალიან გულმავიწყი ვარ და არ მახსოვს მსგავსი რაღაცეები-თავი იმართლა ლაშამ
-კარგით, გასაგებია- ოთარი წამოდგა
-მოიცადეთ, მხოლოდ ამის საკითხავად მოხვედით?
-სამწუხაროდ, თქვენ ამ გამოძიებას ვერაფერში წაადგებით- მის მიმართ გულგრილობის დამალვა აღარც უცდია ჯანელძეს
-ახალი თუ იქნება რამე, ან ჩემი დახმარება დაგჭირდათ აქ ვარ, მასზე ძალიან ვღელავ
- დიახ, დარწმუნებული ვარ.
უპასუხა ირონიით გაჟღნთილი ღიმილით და იქაურობა სწრაფად დატოვა. ვერაფრით ვერ ხვდებოდა რა უყვარდა სესილიას ამ ბიჭში?რამით ხომ უნდა მოეხიბლა თავის დროზე?! ღამე ჩაბნელებულ სახლში, სიჩუმეში გაათია. რატომ ჰქონდა ყველას დამნაშავე, დამფრთხალი მზერა, როდესაც სესილის უხსენებდა? მისი უძლურობა და გოგოს კვალის არარსებობა აგიჟებდა.
***
ქალაქს ჯერ კიდევ ღამის სუსხიანი ბინდი გადაჰკროდა, როდესაც ოთარმა კაბინეტის კარი შეაღო. ცხელმა ყავამ გამოაფხიზლა. მაგიდაზე დაგდებულ ყვითელ კონვერტს ეჭვით შეავლო თვალი
-ეს რაღაა?- კონვერტს მიუახლოვდა, გახსნა და შიგნით მოთავსებულ შავ-თეთრ ფოტოებს შეხედა
-სესილი!- გამარჯვებულის ხმით შეჰყვირა და ფოტოებს კარგად დააკვირდა. სათვალთვალო კამერებით გადაღებულ უხარისხო სურათებში სესილია არჩვაძე მოჩანდა. ქერა თმით და უჩვეულოდ დიდი, კაპიუშონიანი მოსაცმელით. დროს დააკვირდა, გაუჩინარებიდან მეორე დღეს იყო გადაღებული, თანაც ბათუმში. ოთარმა ახლა უკვე ის მაინც იცოდა, სად უნდა ეძებნა. ფიქრებმა ისე წაიღო, ვერც კი გაიგო დრო როგორ გავიდა
-გესმის?- გამოაფხიზლა არაბულის ხმამ
-რაა?- უპასუხა დაბნეულმა
-ჯერ მოგესალმე, მერე რაღაც გკითხე და სანამ არ ვიყვირე ვერ გამოგაფხიზლე. რა გჭირს?
-ეს კონვერტი ვინ მოიტანა?
-ეს გუშინ მოიტანეს, ფოსტით
-ვინ გამოაგზავნა?
-ბათუმის ერთ-ერთი სუპერმარკეტის მენეჯერმა
-მერე არ უნდა გეთქვა?!
-ძალიან გვიან მოიტანეს, აღარ დაგირეკე
-შენ მე გამაგიჟებ!- კარზე კაკუნმა ოთარს ლაპარაკი შაწყვეტინა და კობამაც შვებით ამოისუნთქა
-შეიძლება?- შავგვრემანი, სუსტი ქალი დამფრთხალი, ჩუმი ნაბიჯებით შემოვიდა კაბინეტში. უძილობისგან უპეები ჩაშავებოდა და ნერვიულობისგან სახე გაფითრებოდა
-მობრძანდით- უთხრა საქმიანი ტონით ოთარმა და კობას თვალებით ანიშნა, რომ ოთახიდან გასულიყო
-ვეღარ გავძელი სახლში.. მითხარით ახალი არაფერია?
-სწორედ ახლა ვაპირებდი დარეკვას, დიახ არის- ქალს თვალები გაუნათდა, გამომძიებელმა უხარისხო ფოტოები დაულაგა წინ
-სესილი? არა.. მას ქერა თმა არ აქვს
-არ შეეძლო გადაეღება?-ქალის უაზრო პასუხზე ოდნავ გაეღიმა
-არა.. ვიცი თქვენ ფიქრობთ, რომ ის გაიქცა მაგრამ დამიჯერეთ, სესილი ასეთი არაა
-იქნებ თქვენი ფარული ფლირტის შესახებ გაიგო? იმ კაცთან... შემახსენეთ სახელი?-გამომძიებლის უტაქტო შეკითხვამ ქალბატონს ლოყები აუწითლა
-არა, გამორიცხულია...
-მე მაგალითად ამის გარკვევა არ გამჭირვებია, რატომ გამორცხავთ რომ მანაც გაიგო?
-სესოს ფეთქებადი ხასიათი აქვს. ამას აუცილებლად იტყოდა, იყვირებდა, იტირებდა მაგრამ ასე არ წავიდოდა
-იქნებ დაიღალა ამ ყვირილით და ტირილით? თქვენ მეუბნებოდით, რომ მას შეეძლო რამოდენიმე დღე სახლში მჯდარიყო და ოთახიდან ცხვირი არ გამოეყო გახსოვთ?
-დ..დიახ. -ვერ მიხვდა ოთარს საით მიჰყავდა საუბარი
-მითხარით, არასდროს გაგჩენიათ კითხვა რატომ იყო ის კვირობით სახლში გამოკეტილი და რა აწუხებდა?
-არაფერი აწუხებდა, ის უბრალოდ ასეთია, არ უყვარს გარეთ ბოდიალი. -ოთარი გაღიზიანდა, ქალი საერთოდ არ იცნობდა საკუთარ შვილს. მასთან ლაპარაკის გაგრძელება აღარ სურდა. იცოდა, რაღაც ისეთს იტყოდა რისი თქმის უფლებაც არ ჰქონდა.
-ეს კადრები... როდინდელია?- ცრემლმორეული აკვირდებოდა ფოტოებს ქალი. აი ისევ ამოიკითხა სინანული მის მზერაშიც
-გაუჩინარებიდან მეორე დღეა
-კი მაგრამ, სად არის?
-ბათუმში, დღეს ვაპირებ წასვლას
-ბათუმში?!
-ახლა ხვდებით რატომ მგონია, რომ გაგექცათ? ფოტოებზე სრულიად მარტოა. ყველანაირი გამტაცებლის გარეშე - გამარჯვებული მზერით დააკვირდა ქალის რეაქციას
-მეც წამოვალ- მტკიცედ განუცხადა ქალმა და წამოდგა. ჯანელიძე უარის თქმას აპირებდა, მაგრამ სუნთქვაშკრული კობას შემოვარდნამ ოთახში სიტყვა გააწყვეტინა
-ოთარ...
-რა ხდება?
-იპოვეს!
-სესილი?- წამოიყვირა გახარებულმა ქალმა
-დიახ.
-სად?! სად არის ჩემი შვილი?
-ის... ეე- ენა დაება არაბულს და ქალს თანაგრძნობით აღსავსე მზერით შეხედა
-თქვენი შვილი საავადმყოფოშია. მითხრეს, რომ დაჭრილია...
ჯანელიძემ მშობლის განწირულ მზერას უემოციოდ შეხედა . ქალი შეუძლოდ გახდა და სავარძელში მოწყვეტით ჩაესვენა.
-ძალიან გთხოვთ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება... მთავარია ვიპოვეთ- გულწრფელად ამშვიდებდა შეწუხებული კობა. ოთარი კი, ამ სცენას გაყინული ადევნებდა თვალს. მეტიც, ერთი სული ჰქონდა, როდის მორჩებოდა ქალი ქვითინს. არ სჯეროდა, რომ ადამიანს, რომელმაც ორი კვირის მაძილზე მოსვენება დაუკარგა საკუთარი თვალით ნახავდა ხორცშესხმულს. ნეტავ როგორი იყო რეალურად? რა სჭირდა? სად გაქრა? გაიქცა თუ მართლა გაიტაცეს? მალე ყველა კითხვას ფარდა აეხდებოდა...
***

მარადიულ სიბნელეს სინათლე ცვლის... იმდენად კაშკაშა რომ მაიძულებს თვალები ფართოდ გავახილო. არა! არა! ჩააქრეთ! კიდევ ცოტა ხანს დამაძინეთ... კივის ჩემი გონება. თავი ისე მტკივა თითქოს ორად მაქვს გახლეჩილი. ასე მგონია, ტვინი ამომაცალეს და ახლა ძალით ცდილობენ მის უკან დაბრუნებას. სიმშრალის შეგრძნება უფრო და უფრო ძლიერდება.
ნეტავ ერთი წვეთი წყალი მაინც დამალევინა... ვნატრობ გულში
-გონს მოდის!- მესმის სიხარულით სავსე ნაცნობი ხმა. ვიღაცის ხელი ისე ძლიერად მიჭერს, თითქოს ეშინია სადმე არ დავეკარგო
-წყალი- ვჩურჩულებ ხმადაბლა და დიდი ძალისხმევის ხარჯზე თვალებს ვახელ. გაურკვეველი და ბურუსით მოცული სილუეტები ნელ-ნელა უფრო მკაფიო ხდება. თვალში პირველი დედაჩემის გაფითრებული სახე მხვდება. რამდენიმე ყლუპი წყალი მოვსვი, მაგრამ სიმშრალის შეგრძნება მაინც არ გაქრა.
-სად ვარ? რა ხდება?- ოთახს თვალი შიშით მოვავლე, წამოდგომა ვცადე და ტკივილმა ისე დამიარა ყვირილი დამაწყებინა. რა ხდებოდა? აქ რას ვაკეთებდი?
-ძალიან გთხოვთ, დაწყნარდით... თქვენთვის მოძრაობა არ შეიძლება.- თეთრხალათიანი კაცის დანახვამ უარესად ამირია თავგზა
-დედა! რა ხდება?- ტკივილს ყურადღება აღარ მივაქციე წამოდგომა ისევ ვცადე. რამოდენიმე ხელი ერთად ჩამაფრინდა და ჩემი შეჩერება სცადა. მხაზე ჩხვლეტა ვიგრძენი და წამებში ისევ სიბნელეში აღმოვჩნდი...
არ ვიცოდი რამდენი დრო გავიდა, როდესაც თვალები გავახილე ოთახში აღარავინ დამხვდა ექიმის გარდა. როგორც კი დაინახა, რომ ვუყურებდი მაშინვე ღიმილით მომიახლოვდა
-გამარჯობა სესილია, მე ზურა ვარ თქვენი ექიმი
-ესეიგი...ეს სიზმარი არ ყოფილა?
-სამუხაროდ არა, მაგრამ არ შეგეშინდეს ყველაფერი კარგადაა.
-იმას თუარ ჩავთვლით, რომ თავი საშინლად მტკივა? რა მომივიდა?
-ტვინის შერყევა გაქვთ, აქ ამიტომ ხართ
-კი მაგრამ როდის...რანაირად მოვახერხე?- ექიმმა დაეჭვებული მზერით შემათვალიერა
-ეს თქვენ უნდა გვითხრათ..
-ვერ გავიგე?
-თქვენ უნდა გვითხრათ ეს ვინ გააკეთა...
-მე... არ მახსოვს- ექიმი სწრაფად წამოდგა და მომიახლოვდა
-სესილია, მითხარით ბოლო მოგონება. რა გახსოვთ?
-უნივერსიტეტიდან გამოვედი, ჯგუფელს დავემშვიდობე და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავედი
-შემდეგ?
-შემდეგ...- გონება დავძაბე, მიწისქვეშა გადასასვლელის შემდეგ სად წავედი? საშინლად ავნერვიულდი, ვერაფერი გავიხსენე.
-არ მახსოვს- ვუპასუხე გაოგნებულმა
ჩემი პასუხით აფორიაქებული ექიმი სადღაც გავარდა , წამებშივე უკან დაბრუნდა და დაიწყო უსასრულო, არაფრისმომცემი გამოკვლევები.
ტკივილისგან შეწუხებულს, საშინლად არ მინდოდა მორიგი დღე მოსულიყო. ერთადერთი რაც მსურდა მეძინა იქამდე, ვიდრე შუაზე გაპობილი თავი თლიანად გამთელდებოდა.
-გაიღვიძე- ყურთან ახლოს მიჩურჩულა ნაცნობმა გოგოს ნაზმა ხმამ.
-მარიამ!- გამიხარდა ბავშვობის მეგობრის დანახვა.
-რა კარგია რომ გიპოვეთ!- გადამეხვია
-აუჰ... ნელა
-ვაიმე მაპატიე, დამავიწყდა
-გთხოვ, შენ მაინც გამაგებინე რა ხდება. შუაღამე გამეღვიძა და გამოკვლევებით დამტანჯეს. ვერავინ ვნახე ვინც წესიერად ამიხსნის რა დამემართა!
-მართლა არაფერი გახსოვს?
-ჰჰჰ. მართლა არაფერი მახსოვს!
-სესო, მთელი ორი კვირაა გეძებთ.
-რაოო?! რამდენი?
-ხო... გავგიჟდით ნერვიულობით. კოშმარი გადავიტანეთ რა აღარ გავაკეთეთ, მაგრამ ვერსად გპოულობდით- მარიამს მწვანე თვალები ცრემლით აევსო
-ვაიმე გთხოვ ცრემლი არ დამანახო.
-კარგი, კარგი უბრალოდ,რომ მახსენდება რა გადავიტანეთ...
ოთახში ექიმი და ჩემი მშობლები ერთად შემოვიდნენ
-გაიღვიძე სესო?- რიგრიგობით გადამკოცნეს მშობლებმა. ექიმიც მომესალმა და ლაპარაკი დაიწყო
-სესილია... შენი სიმპტომებით და გამოკვლევებით დავასკვენით, რომ რეტროგრადულ ამნეზიასთან გვაქვს საქმე
-გასაგებია...
-საშიში არაფერია, შენს მონდომებაზეა ყველაფერი დამოკიდებული. დროთა განმავლობაში მეხსიერება დაგიბრუნდება- მის ლაპარაკს ვეღარ ვისმენდი თავი იმდენად მტკიოდა
-აუჰ...-წამოვიყვირე და შეხვეულ თავს ხელი ვტაცე
-სესილი რა გჭირს?- მომმვარდა გაფითრებული დედაჩემი
-ძალიან მტკივა- ამოვიკნავლე საწყლად
-პაციენტს დასვენება სჭირდება, გთხოვთ გახვიდეთ- მიმართა ექიმმა ოთახში მყოფებს და რიგრიგობით გაუშვა გარეთ. სიჩუმემ ჩემზე კარგად იმოქმედა, გამაყუჩებლებმა კი მიმაძინა.
შემდეგ დღეს თავს ბევრად უკეთ ვგრძნობდი.საწოლში წოლა უკვე აღარ შემეძლო და იმის წარმოდგენაც კი მზარავდა, რომ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო. მთელი თვე! მთელი თვე უნდა ვწოლილიყავი თანაც გაუნძრევლად! კარი ისევ თეთრხალათიანმა ზურამ შემომიღო
-აბა? როგორ გრძნობ დღეს თავს?
-უკეთესად არც შეიძლება!
-ტკივილი ნორმალურია... ისეთი ჭრილობით მოგიყვანეს დღემდე გაოგნებულები ვართ მხოლოდ ტვინის შერყევა რომ მიიღეთ. სახვევები მომხსნა
-მითხარით, თმა ძალიან კოშმარულად შემჭერით?
-ძალიან ცოტა, მხოლოდ ჭრილობის ადგილას- ღიმილმა გადაურბინა სახეზე
-რა საშინელებაა! იცით რამდენი წელი ვიზრდიდი?!
-ღმერთო! ახლახანს გითხარი სასწაულებრივად გადარჩი მეთქი და შენ მხოლოდ ამაზე ღელავ?- გამეცინა
-კარგია თქვენობითი ფორმა, რომ მოაშორე აქედან.
-აქ იმდენ ხანს მოგიწევს წოლა, ასე აჯობებს- თვითონაც გამიცინა
კარი ვიღაცამ უცერემონიოდ შემოაღო
-ვხედავ პაციენტი კარგ ხასიათზე გყავთ, ბატონო ზურაბ- ირონიით გაჟღენთილი ხმის პატრონს შევხედე. ჩემს წინ მაღალი, სუსტი კაცი იდგა, რომელსაც ყორანივით შავი თმა და თვალები ჰქონდა. კაცს უკან დაბალი, ქერა, ჯმუხი აღნაგობის მამაკაცი შემოჰყვა
-ოთარ, ხომ შევთანხმდით რომ უნდა მოგეცადათ?
-მეტის მოცდა აღარ შიძლება, თანაც ვხედავ სესილია თავს უკვე კარგად გრძნობს-დაჟინებული, ცბიერი მზერა ჰქონდა. ვერ მივხვდი ვინ იყო და რა უნდოდა ჩემგან
-მე ოთარ ჯანელიძე ვარ, გამომძიებელი, ეს კი კობა არაბულია-მიუბრუნდა უკან მდგომ კაცს
-მიხარია რომ გამოჩნდით და უკეთ ხართ- გამიღიმა თბილად არაბულმა
-მადლობთ-მეც გავუღიმე და მზერა ისევ ჯანელიძეზე გადავიტანე
-ჩვენ თქვენს საქმეს ვიძიებთ.
-დიახ, რა გაინტერესებთ?- ვკითხე დაბნეულმა
-თქვენი აზრით?
-მე... არაფერი მახსოვს.
-დიახ, უკვე მითხრეს. იქნებ თავს ძალა დაატანოთ?
-დამიჯერეთ, ეგ უკვე ვცადე.
-ოთარ ახლა ამის დრო არ არის- წამოდგა ექიმი
-აბა როდის იქნება?
-რამოდენიმე დღე უნდა მოიცადოთ- გამომძიებელს სახეზე დაეტყო რომ ლოდინი დიდად არ უყვარდა.
-კარგით ახლა წავალ, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები- მისი ეს სიტყვები მუქარასავით ჟღერდა. თითქოს ამ კაცს არ სჯეროდა, რომ არაფერი მახსოვდა. სანადიროდ გამოსულს ჰგავდა, რომელიც შინ ხელცარიელი და განრისხებული ბრუნდება.
-ნახვამდის- მეორე თბილად დამემშვიდობა ოთარმა კი უცერემონიოდ დატოვა პალატა. მარტო დარჩენილი, საშინლად გავბრაზდი. აქ ვწევარ თავგახლეჩილი, არ მახსოვს რა დამემართა. ეს უხეში ადამიანი კი დგას და ეჭვი შეაქვს ჩემს ნათქვამში? თანაც ბედავს და მემუქრება კიდეც?!
-შეშლილი!- ჩავიბურტყუნე ჩემთვის. აღარ მსურდა ამ კაცის კიდევ როდესმე დანახვა.
***
ოთარმა გადაწყვიტა სანამ საავადმყოფოს დატოვებდა სესილის მკურნალ ექიმს გასაუბრებოდა
-შეგიძლიათ მცირეოდენი დრო დამითმოთ?
-დიახ, რა თქმა უნდა. - ექიმს უკან მიჰყვა
-დაბრძანდით-ხელით ანიშნა მაგიდასთან მდგომ სკამზე
-მითხარით, გოგოს თავზე ჭრილობის გარდა თუ აღენიშნება სხვა დაზიანებები?
-პაციენტს აღენიშნებოდა რამოდენიმე, ოდნავშესამჩნევი, სილურჯე ესაა და ეს.
-ს*ქსუალური ძალადობის კვალი?
-არა, გამოვრიცხავთ ს*ქსუალური ძალადობის ფაქტს
-ტრავმა თავის არეში რას ფიქრობთ, რა იარაღითაა მიყენებული?
-აშკარაა, რაღაც ბლაგვი საგანი ჩაარტყეს. გოგონას ძალიან გაუმართლა რომ გადარჩა
-ანუ ს*ქსუალური ძალადობა გამოირიცხა...-უფრო საკუთარ თავს ელაპარაკებოდა ჯანელიძე
-დიახ, ასეა
-ამნეზიაზე რას მეტყვით?
-პაციენტს რეტროგრადული ამნეზია აღენიშნება
-ადამიანურ ენაზე თუ შეიძლება- გამომძიებელი ვერ იტანდა სამედიცინო ტერმინებს
-უკაცრავად... ეს არის ამნეზია, რომელიც პიროვნებას რაღაც დროის მონაკვეთში მომხდარ ამბავს ავიწყებს. ხშირად გამოწვეულია გადატანილი სტრესისგან, ან შიშისგან.როგორ გითხრათ... ეს უფრო მოგონებებს ეხება,ვიდრე მთლიანად მეხსიერებას.
-ანუ ეს ხდება მაშინ, როდესაც ადამიანს სურს დაივიწყოს ის საშინელება რაც თავს გადახდა?
-დიახ, ასეა.
-ანუ, სესილიმ თავს ძალა თუ არ დაატანა შესაძლოა ეს ორი კვირა სამუდამოდ გაქრეს მისი მეხსიერებიდან?
-დიახ, ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული რამდენად ეცდება სესილი აღიდგინოს მოგონებები.
გამომძიებელი ექიმის ლაპარაკს ყურს აღარ უგდებდა. რა მოხდა ამ ორი კვირის მანძილზე? სესილი თავისი ფეხით ჩავიდა სხვა ქალაქში,მაგრამ რატომ? ვისთან? სექსუალური ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა, რაც მას უფრო აკვირვებდა. ჯანელიძეს ეგონა გოგოს გამოჩენით ყველაფერს ფარდა აეხდებოდა. ახლა კი, საქმე იმაზე მეტად ჩაიხლართა ვიდრე აქამდე იყო.
-რას ფიქრობ?- კითხა კობამ სამსახურისკენ მიმავალ გზას როცა გაუდგნენ
-როგორ შეიძლება, გოგო ასე უკვალოდ გაქრეს და ვერცერთმა სულიერმა ვერ ნახოს?!- მოთმინების ფიალა ევსებოდა ოთარს. ამ მომენტამდე არ არსებობდა ისეთი საქმე, რომლის გამოძიებაც ვერ შეძლო. სიმართლის გაგება ისევე სჭირდებოდა, როგორც ჰაერი და ისევე სწყუროდა, როგორც წყალი.
-ოთარ, ვიცი უცნაური საქმეა, მაგრამ გოგო აქაა, ცოცხალი და უვნებელი.ხომ ნახე, არც თვითონ და არც მისიანებს არ სურთ ამ საქმის გამოძიება და შენ რაღატომ არ ეშვები?
-ვერ შევეშვები!
კობამ ფარხმალი მალევე დაყარა, იცოდა გამომძიებელი მანამდე ვერ მოისვენებდა სანამ სიმართლეს არ გაიგებდა, თუნდაც ამ ყველაფერს თვეები ან წლები დასჭირვებოდა.
სწორედ ამ დღეს გადაწყვიტა ჯანელიძემ სესილის აჩრდილად გადაქცევა. გადაწყვიტა გაეგო ყველაფერი მის შესახებ, გაეგო ისეთი რაღაცეებიც კი, რაც თვითონ გოგომაც არ იცოდა საკუთარ თავზე.
***
გამომძიებლის ვიზიტიდან სამი დღის თავზე, როდესაც უკვე მეგონა თავი დამანება და მის ცბიერ მზერას აღარასდროს შევეფეთებოდი, იმედები მწარედ გამიცრუვდა.
-ისევ თქვენ...
-წინანდელზე უკეთ გამოიყურებით
-მადლობთ-ვუპასუხე ცივად. სკამი ჩემს საწოლთან მოაჩოჩა და უფრო ახლოს დამიჯდა
-აქ რას აკეთებთ?
-თქვენს საქმეს ვიძიებ, თუ გახსოვთ
-მახსოვს. ისიც ვიცი, რომ ჩემი გამოჩენის შემდეგ, საქმე დაიხურა. მე აქ ვარ ცოცხალი და უვნებელი
-ცოცხალი ხართ, დიახ. აი უვნებელის რა გითხრათ- ჩემს შეხვეულ თავს მიაპყრო მზერა
-ვერ ვხვდები, რატომ გადამეკიდეთ?!
-მე კი ვერ ვხვდები, როგორ შეიძლება არ გაინტერესებდეთ რა შეგემთხვათ?
-ხომ გითხარით, რომ ამნეზია მაქვს?
-შეგიძლიათ ეცადოთ და გაიხსენოთ- არ მეშვებოდა
-არ შემიძლია!
-იქნებ სულაც იგონებთ და არაფერი გჭირთ?- ჯანელიძე ჩემსკენ გადმოიხარა და თვალებში გამყინავი მზერით ჩამხედა
-როგორ ბედავთ?! მალე ალბათ იმასაც იტყვით თავი თვითონ გაიტეხეო!
-არა, მაგას არ ვიტყვი.- გაეცინა ჯანელიძეს. სიბრაზის მიუხედავად, მაინც დავაფიქსირე, რომ სიცილი ძალიან მოუხდა.
-მოდით რაღაცას განახებთ- განაგრძობდა ლაპარაკს
-რას?
-რომ იცოდეთ, მთლად უკვალოდაც არ გამქრალხართ- მითხრა გაბადრული სახით და გააგრძელა
-არსებობს რამდენიმე კამერის ჩანაწერი. აი ეს მაგალითად, რამდენიმე დღის წინ ჩამივარდა ხელში- ფოტო ცხვირწინ ამიფრიალა
-აქ ჩანს, როგორ ამოდიხართ ორშაბათს 19:08 წუთზე მეტროდან
-მერე? რა არის ამაში უცნაური?
-დამამთავრებინეთ,ეს სამშაბათია. დილის ექვსი საათი. მატარებლის სადგურზე ჩამოდიხართ, ბათუმში
-რა სისულელეა! რა მინდოდა ბათუმში?
-მეც ამ კითხვას გისვამთ ზუსტად. - ფოტოებს დავაკვირდი, ნამდვილად მე ვიყავი. სრულიად მარტო, უცხო ქალაქში.წამით დავიბენი
-რას ფიქრობთ?
-სახლიდან არ გავქცეულვარ. რამეს მაინც ვიტყოდი წასვლის წინ და ასე არ ვანერვიულებდი ხალხს - ვუმტკიცებდი ჯიუტად
-იქნებ რამე ისეთი გაიგეთ, რამაც გონება დაგიბინდათ? ან იქნებ თვლიდით, რომ ამით დასჯიდით ყველას?
-რისთვის?- ამ კაცმა მგონი თვითონაც არ იცოდა რას ლაპარაკობდა!
-ეს თქვენ უკეთ იცით. მოდით ასე ვქნათ, დაძაბეთ გონება იქნებ რაიმე გაგახსენდეთ? უბრალოდ სცადეთ, სხვას ხომ არაფერს გთხოვთ? - მივხვდი ამ კაცს ასე ადვილად ვერ ჩამოვიშორებდი და დავთანხმდი. თვალები მაგრად დავხუჭე, შევეცადე რამე გამეხსენებინა, მაგრამ ამაოდ. სრული სიცარიელე გაბატონებულიყო ჩემს გონებაში. არც კი მჯეროდა, რომ მთელი ორი კვირით გავქრი, ეს ყველაფერი საშინელი ხუმრობა მეგონა. იმ დღიდან კი, ბოლო მოგონება ისევ და ისევ მიწისქვეშა გადასასვლელი იყო და სხვა არაფერი...
-ვწუხვარ, არაფერი გამომდის. - გამომძიებელს არ გაჰკვირვებია, თითქოს იცოდა მსგავს პასუხს რომ გავცემდი. ღიმილით წამოდგა
-ძიებას არ შევწყვეტ, გავარკვევ რა შეგემთხვათ.
-საქმე დახურულია- გავუმეორე ისევ
-ჩემთვის არა.
-მინდა ცხოვრების ეს გვერდი სამუდამოდ დავხურო, ძალიან დავიღალე ერთი და იგივე კითხვებით.
-თქვენთვისვეა უკეთესი რეალობას თვალი გაუსწოროთ, დამიჯერეთ. სანამ ამას არ იზამთ, სიმშვიდეს ვერ მოიპოვებთ.
-ისე ნუ იქცვით თითქოს ძალიან გადარდებდეთ რა შემემთხვა. თქვენ უბრალოდ გინდათ ყველაფერი იცოდეთ და გაგიჟებთ ის აზრი, რომ რაღაც ვერ გაარკვიეთ.
-მართალი ხართ, გაურკვევლობას მართლაც ვერ ვეგუები.
-მინდა აქედან წახვიდეთ! რაც გინდათ ის გამოიძიეთ, მე ნუღარ შემაწუხებთ.
-თქვენი შეწუხება ალბათ კიდევ მომიწევს -თითქოს ჩემი ნათქვამი ვერც გაიგო, ისე მიპასუხა და კარი ხმაურით გაიხურა. დაკეტილ კარებს თვალს ვეღარ ვაცილებდი, ამ კაცში იყო რაღაც ისეთი, რაც მაღიზიანებდა და თან მომწონდა. მისი შეუპოვრობა და ჯიუტი ხასიათი აქამდე უცნობ გრძნობას იწვევდა ჩემში.
და აი ეს დღეც დადგა! საავადმყოფოდან გამომწერეს! თავიდან მიხაროდა, მაგრამ როდესაც სახლში მისულს მნახველების ჯარი(მეზობლებისგან, ნათესავებისგან და ნაცნობებისგან შემდგარი არმია) დამატყდა თავს ვინატრე, ისევ უკან დავებრუნებინე ვინმეს. ერთადერთი,, რაც ამ დროის მონაკვეთში მადარდებდა იცით რა იყო? ჩემი მოჭრილი თმა, რომელსაც ვერაფერი მოვუხერხე და მნახველების არმია რომ არა, ალბათ გადამავიწყდებოდა კიდეც ჩემი დაკარგვის ამბავი.
***
ესეც ასე! მესამე კურსის მეორე სემესტრი დაიწყო. არ მჯეროდა, სულ რაღაც ერთი წელი და თავისუფალი ვიქნებოდი. ღიღინით მივუახლოვდი კარადას და საყვარელი ჯინსის შარვალს დანახვისთანავე ვეცი. შიშველ ფეხებზე როგორც კი ამოვიცვი, თავი უცნაურად ვიგრძენი, რაღაც რიგზზე არ იყო... ეს შარვალი ყოველთვის ტანზე მქონდა მომდგრი ახლა კი, თითქოს ვიღაცამ შემიცვალა და ორი ზომით დიდი ჯინსი ჩატენა კარადაში.სარკეს მივუახლოვდი და საკუთარი თავი ვეღარ ვიცანი. იმდენად გავხდი, აღარც ერთი ჯინსი არ მქონდა კარგად
-სესო, რას აკეთებ?- დედამ კარი დაუკითხავად შემომიღო
-შემომხედე... ასე როგორ გავხდი?
- მერე რა კარგია, შენ ხომ სულ გინდოდა გამხდარი ყოფილიყავი?
-მთლად ასეთი სიგამხდრეც არ მინატრია!
-არაუშავს, მომჯობინდები და მოიმატებ
-როგორ ყველაფერს „არაუშავს“ შენთვის?
-სესილი! საით გაგიწევია? -ახლა მამაჩემი შემომივარდა
-უნივერსიტეტში
-ვერსად ვერ წახვალ, ან დედაშენი გაიყოლე
-ხუმრობთ ალბათ? რომელი ბავშვი მე მნახეთ?
-ბოლოს ეს რომ თქვი ორი კვირით გაქრი- ჩაერია დედა
-მე უნივერსიტეტში მივდივარ და არც შენი გამოყოლაა საჭირო, ყელში ამომივიდა საწოლში გაუნძრევლად წოლა. -გაბრაზებულმა შევხედე ორივეს, იქნებ გამომძიებელი მართალი იყო და სახლიდან მათ გამო წავედი? რატომ მაღიზიანებდნენ ასე?
-კარგი, კარგი... მაგრამ ყოველ საათში მოგვწერ შეტყობინებას
-აჰაა კაი- დავუქნიე თავი ისე,თითქოს მართლა ვაპირებდი შეტყობინებების ყოველ წამს გზავნას.. რომც მდომოდა ეს საქმე არ გამომივიდოდა, მართალია მე დავბურნდი, მაგრამ სამაგიეროდ, ჩემი ტელეფონი გაუჩინარდა სამუდამოდ.ძალიანაც კარგი, თავის გასამართლებლად შესანიშნავი მიზეზი მქონდა!
თითქოს საუკუნე გავიდა მას შემდეგ, რაც ბოლოს მიწაზე ფეხი დავდგი... მომენტებში იმისაც მეშინოდა სიარული არ დამვიწყებოდა. შიშმა კი როგორც ყოველთვის, შედეგი გამოიღო. ნაბიჯებს იმ ბავშვივით ვადგამდი, რომელმაც ფეხი ეს ესაა აიდგა. სასწავლებელს მივუახლოვდი, შესასვლელის პატარა ეზო ბავშვებით იყო გადავსებული. ყველა ერთმანეთს ეხვეოდა, კოცნიდა, ზოგი იპრაჭებოდა, ზოგი ეწეოდა. ზოგმა კი, თვითონაც არ იცოდა რა გაეკეთებინა.
აქ შესვლა ერთ დიდ ჯოჯოხეთს წარმოადგენდა ჩემთვის. თავს ძალა დავატანე და ხალხის ტალღაში გაჭირვებით გავიკვლიე გზა. შიგნით არაფერი შეცვლილიყო, დაცვაც კი ისევ ისე იჯდა კუთვნილ ადგილას, თითქოს იქაურობას მიწებებოდა.
-ბარათი?- მომაძახა უკნიდან ერთ-ერთმა
-მესამე წელია ამ კარებში შემოვდივარ, ნუთუ ყოველ ჯერზე ეს აუცილებელია?!- ვკითხე გაღიზიანებულმა. პრინციპში რა მისი ბრალი იყო? ასე ჰქონდა დავალებული და რა უნდა გაეკეთებინა? მაგრამ იმ მომენტში ამაზე არ მიფიქრია. სტუდენტებით გადაჭედილ აუდიტორიაში უხალისოდ შევაბიჯე და ვერ მოვიცილე აზრი, რომ ყველა მე მომშტერებოდა. თუმცა, ეს მხოლოდ წარმოსახვის ნაწილი არ ყოფილა. გვერდზე სრულიად უცხო გოგო მომიჯდა და ზედმეტად ხმამაღლა მკითხა:
-შენ ხომ ის გოგო ხარ... სესილი არა? ძალიან გამიხარდა რომ გამოჩნდი!
- ეე.. კი მე ვარ. მადლობთ მეც გამიხარდა, რომ ცოცხალი ვარ- გოგომ მხიარულად გადაიკისკისა
-მე ნატა მქვია
-როგორც უკვე ცნობილია შენთვის, სესილი
-ძალიან სასიამოვნოა. კიდევ ერთხელ გამიხარდა რომ კარგად ხარ. ძალიან ბევრი ადამიანი ნერვიულობდა შენზე.
-კიდევ ერთხელ, მადლობა- ერთმანეთს გავუღიმეთ, მიხვდა რომ მასთან საუბრის გაგრძელების სურვილი დიდად არ მქონდა, წამოდგა თბილად დამემშვიდობა და მეგობრებთან დაბრუნდა.
უცნაურია, მაინც და მაინც რამე უბედურება უნდა შეგემთხვეს რომ ხალხმა გაგიღიმოს? არა, დიდად არც არასდროს მანაღვლებდა ვინ გამიღიმებდა და ვინ არა, მაგრამ ეს ტრაგედიის შემდეგ გაკეთილშობილება მემარაზმებოდა.
-სესო!
-მათე?! გთხოვ მითხარი რომ ჩემს ჯგუფში ხარ
-გილოცავ! მთელი სემესტრი ვერ მომიცილებ თავიდან
-ძალიან კარგი! ერთი ნორმალური ადამიანი მადლობთ ღმერთო!
-ყველა პირველკურსელია?- აუდიტორიას თვალი მოავლო
-მგონი, უმეტესობა...
სიტყვა „პირველკურსელი“ მაღალკურსელებს გვრთგუნავდა. ეს სიტყვა ასოცირდებოდა უაზრო, სკოლაში ჩარჩენილი ბავშვების ხუმრობებთან, ლექტორისთვის „მასწავლებელოს“ ძახილთან და რაღა თქმა უნდა, სასიყვარულო რომანებთან, რომლებიც მხოლოდ რამდენიმე კვირა გრძელდებოდა.
-მითხარი, ჩვენც ასეთები ვიყავით?
-რა თქმა უნდა, არა! ნუ თუ რომანებს არ ჩავთვლით...
-ხო შენი რომანების ამბავი ვიცი- გავმხიარულდი უცებ
-სულ მალე წამოვა ხუმრობების კორიანტელი-მათეს ვითომ მოწყენილ სახეს შევხედე და სიცილი ვეღარ შევიკავე.
-როგორ დაისვენე?- თემა შევცვალე
-მშვენივრად. ნუ შენსავით თავგადასავლებით სავსე თვე არ მქონია, მაგრამ...
-რა ბოროტი ხუმრობაა! კარგი იქნებოდა ეს თავგადასავლები მახსოვდეს მაინც-განვაგრძობდით ორივე სიცილს
-კარგი რა სესო. შენ წეღან, ვინ რა გითხრა ეგ არ გახსოვს და თვეების წინ მომხდარს გაიხსენებ?
-მართალი ხარ!- ამიტომ მიყვარდა მასთან ერთად დროის გატარება,მას შეეძლო ეცინა და მეც გავეცინე იმაზე, რაზეც სხვები სავარაუდოდ თანამიგრძნობდნენ, და შემიცოდებდნენ. მათე შედიოდა იმ რამოდენიმე ადამიანში, რომელსაც უნივერსიტეტში ყოფნის დროს დავუმეგობრდი.
-ერთიიი.. ოოორიიიი, სამი! ახლა ნახე!- და მართლაც, წამოვიდა ხუმრობების კორიანტელი. სიცილისგან მუცელი ამტკივდა. პირველკურსელების ხუმრობებს ლექტორის ლაპარაკი ანაცვლებდა იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მისი საგანი, როგორ წერს ქულებს. გადასწვდა ყველანაირ თემას, საყვარელი სატელევიზიო შოუებიდან დაწყებული პოლიტიკით დამთავრებული. ბოლოს კი ჭკუაც დაგვარიგა, გვასწავლიდა როგორ უნდა დაგვესახა მიზანი და რა უნდა გაგვეკეთებინა მის მისაღწევად. „სწავლაზე მნიშვნელოვანს ვერაფერს იზამთ“ საუკუნის ფრაზა, რომელსაც ბავშვობიდან ვისმენდი და იმდენად მობეზრებული მქონდა ლამის იქვე ჩამომეძინა კიდეც.
-ისევ სახლში დავრჩენილიყავით არ ჯობდა?
-აუ აბაა?! წამო ყავა დავლიოთ თორე ამას ვერ გავუძლებ.
კაფეტერიაში მდგომ ცარიელ მაგიდას მივუსხედით.
-საინტერესოა, ყველა ჭამს, ლუკმებით აქვთ გამოტენილი პირები და ვინღა ლაპარაკობს ისე, რომ ხმა ყაყანში გადადის?!
-მემგონი ნევროზი გაქვს, იცი?
-სესო! როგორ ხარ?- ნანიმ სიხარულით მომვვარდა და გადამეხვია.
-კარგად ვარ, შენ?- ვლოცულობდი კითხვებით აღარ გამოეჭედა ტვინი , როგორც ეს საავადმყოფოში ვიზიტისას გააკეთა
-საერთოდ არ ჭამ? ძალიან დასუსტდი ასე როგორ შეიძლება?!
-მოსული არაა და უკვე დაიწყო. შეეშვი გოგო რამდენი ხანია დასუსტებას ჩალიჩობს -ჩაერია მათე. ჩემს ფეხებს დავხედე, მართლაც იმის ნახევარიც არ იყო დარჩენილი, რაც მანამდე მქონდა, ნანის შევხედე და უაზროდ გავუღიმე, პასუხის გაცემა დამეზარა. ყავა სიამოვნებისგან დამანჭულმა მოვსვი, მოულოდნელად , თავი საშინლად ამტკივდა და რაღაც უცნობმა მოგონებამ წამიერად გაირბინა მეხსიერებაში. შიშველ ფეხზე ვიღაცის ძლიერი ხელი გველივით შემომხვეოდა.ეს ხელი კი, მთლიანად სვირინგებით იყო დაფარული. იმდენად ძლიერად ჩამფრენოდა განძრევაც კი არ შემეძლო. ტკივილმა იმძლავრა და შეწუხებულმა ავიფარე ხელი სახეზე
-სესილი! რა გჭირს?
- თავი საშინლად ამტკივდა...
-გინდა საავადმყოფოში წავიდეთ?- ნანის შეშფოთებული მზერა მომშტერებოდა
-არა... გამიარა. წამიერად ამტკივდა, უბრალოდ რაღაც...- ენას კბილი მწარედ დავაჭირე, რა აზრი ჰქონდა ამის თქმას? გარკვევით არაფერი დამინახავს, იქნებ ეს მოგონებაც არ იყო? სწრაფადვე დავიმშვიდე თავი
-რა რაღაც? რამე გაგახსენდა?- ჩამეკითხა მათე
-არა, არა არაფერი არ გამხსენებია. კარგად ვარ- ვეცადე მათთვის გამეღიმა და ლაპარაკი სხვა თემაზე წამოვიწყე. რამოდენიმე წუთი ეჭვის თვალით მიყურებდნენ, მაგრამ ბოლოს ისე გაერთნენ საუბარში ჩემი ამბავი სრულებით გადაავიწყდათ.
სახლისკენ მიმავალ გზას ნელა მივუყვებოდი, სვირინგებიანი ხელი მეხსიერებიდან არ ამომდიოდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ვიღაც ყოველთვის კუდში დამყვებოდა, მითვალთვალებდა. მარტო შხაპის მიღების დროსაც კი არ ვგრძნობდი თავს. უკან სწრაფად გავიხედე, ქუჩა სრულიად ცარიელი იყო.
-შესანიშნავია! სრული ბედნიერებისთვის ესღა მაკლდა! ღმერთო ჩემო თანაც საკუთარ თავს ველაპარაკები...ნამდვილად გიჟდები სესილი!- ვბურტყუნებდი მთელი გზა გაბრაზებული.
სახლში მისულს მხიარული მშობლები შემომეგებდნენ.
-რა ხდება? ასეთი სახეები რატომ გაქვთ?
-ეს შენ ჩვენგან- ხელში ტელეფონის ყუთი მომაჩეჩეს
ჯერ კიდევ დილას მიხაროდა, მიზეზი მქონდა მათგან თავის დასაღწევად. ახლა რაღა უნდა მომეფიქრებინა? ბოლო თაობის აიფონს შევხედე და ვერ მივხვდი, რა აუცილებელი იყო ამდენი ფულის დახარჯვა ტელეფონში.
-მადლობა- გავუღიმე ნაძალადევად, გულაჩუყებულები გადამეხვივნენ მშობლები. ძლივს დავაღწიე მათ მკლავებს თავი და ოთახში შევვარდი. ტელეფონი ჩავრთე, გადავწყვიტე ინტერნეტით მესარგებლა. პირველად ჩემი გაუჩინარების შემდეგ დამაინტერესა, რა ხდებოდა სოციალურ ქსელში. პაროლი რამდენჯერმე არასწორად ავკრიფე, ბოლო ცდაზე გამიმართლა, ჩემი გვერდი გავხსენი და გაოცებისგან პირი დავაღე. ჩემი სურათები სრულიად უცხო ხალხს ასობით კომენტარებით აეჭრელებინათ, ფოტოების გაზიარებებს დავხედე და ცუდად გავხდი
-ეს რა ჯანდაბაა? მთელი ქვეყანა მე მეძებდა?!- მესიჯებიც იმდენი დამხვდა ალბათ მთელი კვირა მოვუნდებოდი მათ გახსნას, წაკითხვაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი... სასწრაფოდ გავაუქმე ყველანაირი გვერდი რაც მქონდა. უკვე აღარ მიკვირდა ხალხი საიდან მცნობდა. სურვილიც კი აღარ მქონდა, რომ როდესმე სადმე ისევ გამოვჩენილიყავი. ტელეფონი ბალიშის ქვეშ შევტენე და წამოვწექი.
***
იმ იმედით, რომ სახლში გვიან მივიდოდი და ფიქრებისა და მოგონებებისთვის დრო აღარ დამრჩებოდა, დავთანხმდი სტაჟირებას ტურისტულ სააგენტოში, რომელიც უნივერსიტეტთან ახლოს მდებარეობდა. ჩემმა იმედებმა გაამართლეს კიდეც, რამდენიმე დღე ისე გავიდა არანაირ მოგონებას არ შევუწუხებივარ. ზოგჯერ გამომძიებელი მაგონდებოდა და მიკვირდა, რომ ასე ადვილად დამანება თავი, გულის სიღრმეში კი ვიცოდი, ის აუცილებლად გამოჩნდებოდა.
სამშაბათის საღამო უჩვეულოდ თბილი გამოდგა. ჰაერიც კი სხვანაირი ტრიალებდა გარეთ. უნივერსიტეტის მოპირდაპირედ, ჩემს საყვარელ კაფეში შევედი. დამღლელი ლექციების შემდეგ ვცდილობდი ძალები აღმედგინა და სამსახურშიც ფხიზლად ვყოფილიყავი. მინის კარები ფრთხილად შევაღე კაფე როგორც ყოველთვის სავსე იყო, მაგრამ ნაკლებად ხმაურიანი.
-რიგში ბოლო თქვენ ხართ?-მომესმა ნაცნობი ხმა უკნიდან
- ისევ თქვენ?! მე კიდევ მიკვირდა ასე ადვილად თავი როგორ დამანება-თქო
-რა დამთხვევაა!- გაიოცა ჯანელიძემ
-ვფიქრობ მსახიობობაზე გეცადათ ბედი, აშკარად უკეთ გამოგდით
-იქნებ მართლა დამთხვევაა და მე არაფერ შუაში ვარ?-გამიცინა
-სულელი გგონივართ? თანაც დამთხვევების არ მჯერა
-რას ამბობთ პირიქით, ძალიან ჭკვიანი მგონიხართ
-აქ რას აკეთებთ?
-მოდი დასაწყისისთვის შენობით მომმართე. დავიღალე ამ ოფიციალურობით-უნებლიედ გამეღიმა
-ოთარ, საქმე ხომ დაიხურა?- ვეცადე მშვიდად მელაპარაკა
-დაიხურა, თან არც დაიხურა. ნებას მომცემ მე დაგპატიჟო?- პასუხს არც დაელოდა, ისე შუკვეთა ორი ყავა და კუთხეში მდგარი ცარიელი მაგიდისკენ წავიდა. მას უკან ფრუტუნით გავყევი.
-აქტიური სტუდენტური ცხოვრება გაქვს, არა?
-ვცდილობ
-როგორც ვიცი, ორი უნივერსიტეტი გამოიცვალე
-ასეა.
-გადაუხდელობის გამო?
-კი- ვიცრუე
-მე კი ვიცი რომ ფული გადაგიხადეს, მაგრამ არ დადიოდი- ჯანდაბა! მახეში გამაბა
-თუ ყველაფერი იცი მე რაღატომ მეკითხები?
-რატომ არ დადიოდი?
-რთული პერიოდი მქონდა
-პირადი ცხოვრება, ოჯახი, მეგობრები?
-პასუხი ამაზეც გეცოდინება
-ფსიქოლოგისთვის თუ მიგიმართავს როდესმე?
-არ ჩავთვალე საჭიროდ
-სამაგიეროდ ფსიქოტროპულ წამლებს იღებდი- წყვდიადივით შავი თვალებით მიყურებდა, მის მზერას ვერ გავუძელი და გვერდზე დავიწყე ყურება. ასეთი წვრილმანები მაინც საიდან გაიგო?
-ფსიქოტროპული არ ეთქმოდა, ძილის მოწესრიგებისთვის უფრო იყო განკუთვნილი
-სხვათაშორის ამისთვის ბევრად უკეთესი საშუალება არსებობს. ყავა შეცვალე ჩაით, მარტივია.- თვალი ჩამიკრა
-ჯერ თქვენობითი ფორმა გავაქრეთ, ახლა რჩევებსაც მაძლევ ცოტაც და დავმეგობრდებით!- გაეღიმა და ცხელი ყავა ტუჩებთან მიიტანა
-თმა თუ შეგიღებავს როდესმე?- გამეცინა, რაში აინტერესებდა ჩემი თმის ფერი?
-არა, არასდროს
-კარგი, მაშინ ეს ვინაა?- მაგიდაზე შავ-თეთრი სურათი დადო, შიშით შევხედე.
-როგორ მგავს!- წამოვიყვირე და ფოტოს უფრო ახლოდან დავაკვირდი. ეს ზედა...
-გგავს? მე ვფიქრობ ეს შენ ხარ. გაუჩინარებიდან მესამე დღეა
-ჩემს თმას ხედავ? შავია. ამას კი, თითქმის თეთრი თმა აქვს- გავღიზიანდი, რისი მიღწევა სურდა?!
-იქნებ გადაიღებეთ
-გამომძიებელი კი ხარ, მაგრამ ქალების არაფერი გაგეგება. გადაღებილი რომ მქონდეს აუცილებლად განასხვავებდი, ბუნებრივად ამოსულ თმისძირებს და შეღებილ ბოლოებს ერთმანეთისგან.
-მაშინ პარიკია. კაი თმის ფერს შეეშვი ტანსაცმელი გეცნობა?
-არა- ისევ ვიცრუე. ჩემი საყვარელი ჟაკეტი, რომელიც უკვალოდ გაქრა და ვერსად ვიპოვე მაშინვე ვიცანი.
-შენ ხომ დამთხვევების არ გჯერა? გაუჩინარებიდან მეორე დღეს ბათუმში აღმოჩნდი, მესამე დღეს კი ქერა თმით დადიხარ სუპერმარკეტში. იგონებ არა? ყველაფერი მშვენივრად გახსოვს!
-არაფერს არ ვიგონებ და არც შენ დაგიწყებ რამის მტკიცებას!
-მითხარი რა მოხდა- მზერა და ხმა შეეცვალა, თოთქოს უფრო დაუთბა.
-ჩემგან რა გინდა?! ძლივს დავაღწიე დეპრესიას თავი. ვცხოვრობ ისე, როგორ უნდა მეცხოვრა აქამდე. რა მოხდება როდესაც გავიხსენებ? იქნებ რამე საშინელება შემემთხვა? ნუთუ ეს საერთოდ არ გადარდებს?
-მესმის, მაგრამ...
- არა! არ გესმის. გითხრა რა მოხდება? დეპრესიას თავს ვეღარ დავაღწევ, ამის ძალა აღარ შემრჩა. სამუდამოდ დავრჩები იმ სიბნელეში, რომლიდან გამოსვლასაც ასე ვცდილობდი.
-სესილი, მომისმინე
-იქ წადი სადაც დახმარებას გთხოვენ. მე ეს არ მჭირდება. მინდა რომ შემეშვა!- წამოვდექი, მთელი სხეული მიცახცახებდა
-არ შემიძლია.
-მადლობთ ყავისთვის, ნახვამდის!- გარეთ სწრაფად გავვარდი,შევჩერდი ჰაერი ხარბად ჩავუშვი ფილტვებში, ასე მეგონა ცოტაც და დავიხრჩობოდი. ემოციები, კითხვები მახრჩობდნენ.
-უნდა გავიხსენო. უნდა გავიხსენო- საკუთარ თავს ვეჩურჩულებოდი სასოწარკვეთილი. გვერდით გავიხედე, ოთარი იდგა და ინტერესით აკვირდებოდა ჩემს რეაქციებს. ზურგი ვაქციე და თითქმის სირბილით გადავჭერი ქუჩა.
ცხელმა შხაპმა დამამშვიდებლად იმოქმედა ჩემზე, სხეული მომიდუნდა. იმდენად დაღლილი ვიყავი სველი თმებით ჩავესვენე სუფთა საწოლში. ბალიშზე თავის დადება და ძილის სამყაროში აღმოჩენა თითქმის ერთი იყო...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent