ფორთოხლები
როდესაც ორთქმავლები სანაგვისკენ მოისროლეს ლურჯმწვანეზე გაჩნდა ყვითელი და ლურჯი ველოსიპედები.გრძელი კისრები და განიერი სახელურები ჰქონდათ,მათი ზარი ნაზად წკრიალებდა,წინ მიმაგრებული კალათიდან კი ყოველთვის ჰქონდა ერთ-ორ გვირილას თავი ამოყოფილი.ჩვენ ვწმენდდით მათ ჭრელი ტილოებით,რომლებსაც გზად წყაროზე ვასველებდით,უზარმაზარ ბორბლებზე ვკიდებდით მივიწყებულ სამაჯურებსა და ყელსაბამებს ფერადი თვლებითა და მძივებით.სამყარო იყო ცისარტყელასავით მოულოდნელი და ხასხასა.მე,დედა და ბებო პატარა ხის სახლში ვცხოვრობდით ქალაქის განაპირას.დიდი ეზო გვქონდა,სადაც ბევრი მწვანე სარეველა ხარობდა.დილით სამზარეულოს მაგიდაზე სვეტად ეცემოდა ხოლმე მზის სხივი,რომელიც გვამცნობდა,რომ ოთახში მტვრის ბუღი იდგა.მათი ბოლომდე გაქრობა შეუძლებელი იყო,თუმცა მომწონდა კიდეც პაწაწინა ნაწილაკების ცეკვა,თუ როგორ სინქრონულად მიუყვებოდნენ ყვითელ სხივს ზემოდან ქვემოთ,პრუჟინებივით.მეორე სართულზე ასასვლელი კიბე სახლშივე იყო.მზე,რომ ზენიტს მიაღწევდა დედა კოპლებიან სარაფანზე ყვითელ საწვიმარს იცვამდა,უზარმაზარ ქუდს იფხატებდა თავზე,ხელთათმანებს ირგებდა და მაკრატლითა და პეპის სარწყავით იწყებდა გოგონების გაგრილებას.ასე ეძახდა მისივე ხელით დარგულ ყვავილებს,რომლებსაც ისევე უვლიდა,როგორც მე.ბებო სავარძელში იჯდა და რომანებს კითხულობდა.წითელყვითელი ატმების ჭამასა და მათი კურკების ეზოს განაპირას დამარხვას,რომ მოვრჩებოდი ველოსიპედს ვიღებდი და ჩემს საყვარელ ადგილას მივდიოდი.ჩვენს მეზობლად ერთი ოჯახი ცხოვრობდა.ბევრნი იყვნენ:დედა,მამა,ბებია და შვიდი შვილი.აქედან მხოლოდ ერთი იყო გოგონა.ლენო.ოქროსფერთმიანი ჩემივე სიმაღლის პაწაწინა არსება იყო.ძალიან მშვიდი და საყვარელი სული ჰქონდა.მისი ველოსიპედი ღია წითელი იყო.ლენოს ძალიან ცისფერი თვალები და ძალიან თეთრი კანი ჰქონდა.შორიდან,რომ დაგენახა გეგონებოდა ავადმყოფიაო.გზად ნაცნობებს ზარის წკარუნითა და მოკრძალებული ღიმილით ვესალმებოდი.ქალაქის ერთ მხარეს ჩემი სახლია,მეორე მხარეს კი ჩემი საყვარელი ადგილი.პატარა მწვანე ტბასთან ახლოს ამოშვერილ ხეებთან ვტოვებდი ხოლმე ველოსიპედს,გზას კი ფეხით ვაგრძელებდი.შემოდგომა იდგა.გაზაფხული დასრულებას აგვიანებდა,თუმცა ოფიციალურად უკვე შემოდგომა იყო.ხეები ჯერ კიდევ მწვანედ მესალმებოდნენ,ჩიტებიც თავიანთ ბუდეებში ისხდნენ,მე კი ჩემი მოწყენილი მეგობრებისკენ მივიჩქაროდი.ტყის სულ ოდნავ შეღრმავებულ ადგილში იდგა ეს ორი ვეებერთელა ხე.სხივები ალმაცერად ეცემოდნენ მათი ფოთლებიდან მოტვლეპილ მდელოზე.მტირალა ხეები.თავჩაქინდრულები იდგნენ და არაფერს აკეთებდნენ,არც სიოს ეპასუხებოდნენ,არც ერთმანეთს.თითქოს მხრებიც ჩამოეყარათ და ცხვირებიც ჩამოეშვათ.ძალიან უცნაურები და ლამაზები იყვნენ.ორივე მანდილოსანი გახლდათ,თუმცა სულ ისეთი შეგრძნება მქონდა,თითქოს შეყვარებულები იყვნენ ერთმანეთზე. ზურგსუკან მოპარული ნაბიჯების ხმა მესმის.ლენო მოვიდა. _ხომ ხედავ არსად წასულან,ისევ აქ დგანან. თეთრი სიფრიფანა სარაფანი ეცვა.ტოტზე ცისფერი ყელსახვევი ეკეთა,ხელით კი გირჩებით სავსე კალათს მოათრევდა. _არც არსად აპირებენ წასვლას,ისინი ხომ ხეები არიან. ვეუბნები ღიმილით. _ხეებსაც შეუძლიათ წასვლა,ჩვენზე უფრო შორსაც კი. *** კოკისპირულად წვიმდა.ვერა ბებომ წვეთებს ტრაგედიის ცრემლები დაარქვა.აზრიც კი არ ჰქონდა არაფერს,ისეთი ამინდი იყო.ტყეს ჩეხავდნენ.ალბათ ველოსიპედებიც აღარ იქნებოდნენ ისეთი ფერადები,როგორც ადრე. _ვერა ბებო,რატომ ჭრიან ხეებს? ვიკითხე მძიმე ინტონაციით. _სახლები უნდა ააშენონ ბები. _მერე სხვაგან ვერ ააშენებენ? უპასუხოდ დავრჩი.მხოლოდ ვერა ბებო არ იყო ის ერთადერთი,ვინც ვერ მპასუხობდა.მთელი ქალაქი რომ დაგეყენებინათ ერთი ადამიანიც კი ვერ მეტყოდა იმას,რისი მოსმენაც მსურდა.ჩემი მტირალა ხეები გამახსენდა,ალბათ მათაც ზედ მიაყოლებენ.უეცრად მთელმა სამყარომ გამამწარა,ისეთი სიბრაზე მომაწვა თვალებიდან ნაპერწკლებს ვყრიდი.დედას ყვითელ საწვიმარში გავუყარე ხელები,დავავლე ცარიელკალათიან ველოსიპედს ხელი და ტყისკენ გავიქეცი.ველოსიპედს ხელით მივათრევდი,თან ლენოს ვეძახდი ხმის დაკარგვამდე.ისევ თავსხმა წვიმა მოდიოდა.საწვიმრებიდან წვეთები ნიაღვარივით ჩაგვდიოდა ჯერ კისერში,მერე კი ზურგში.საბოლოოდ საწვიმარს დანიშნულება დავუკარგეთ,თუმცა მაინც არ ვჩერდებოდით.გვინდოდა მიგვესწრო.გაუარესებული ამინდის გამო ტყეში აქა-იქ იყო მიმობნეული ხეების მოსაჭრელად საჭირო ნივთები,თუმცა შემსრულებლები არსად სჩანდნენ.გალუმპული ველოსიპედები გზადვე დავყარეთ და სირბილით გავიქეცით ტყის შუაგულისკენ.იქ იდგნენ,ისევ ისე,უცვლელად.თუმცა კარგად თუ დააკვირდებოდი შენიშნავდი,რომ მეტად მობუზულიყვნენ.შეშინებულებს ჰგავდნენ. _მეცოდებიან. ჩუმად ვუთხარი ლენოს.მან არაფერი მიპასუხა,თუმცა მხარზე ვიგრძენი მისი ნაზი თითები,რაც ალბათ გამხნევებას ნიშნავდა.მტირალებს შევეფარეთ,უკვე დაცულები ვიყავით ლურჯი წვიმისგან. _გინდა ჩამოვჯდეთ? მკითხა შემცივნული ხმით.სველ მიწაზე დავსხედით და მუხლები მკერდზე ავიკარით.ისე იყო თითქოს ვიღაცას ასაფლავებდნენ. _იცი რა მიკვირს ლენო? _რა? _ადამიანები,რომ მიდიან და უცხოვდებიან.აი დიდი ხანი,რომ არიან ერთად,მერე უცებ სხვადასხვა გზებით,რომ მიდიან და ერთმანეთს ივიწყებენ. ბავშვივით ვლაპარაკობდი. _ბაბუა ამბობდა ყველა ადამიანი თავის კვალს ტოვებს სხვა ადამიანშიო. _მე? _რა შენ? _მე ვტოვებ კვალს? ლენოს არ უპასუხია. _მეშინია. _რისი? _რომ მეც დამივიწყებენ. _რატომ უნდა დაგივიწყონ? _არ ვიცი,ადამიანები ასე არიან,ჯერ კარგად არიან მერე კი ივიწყებენ.ამათაც დაივიწყებენ ალბათ. _ალბათ სამყარო ასეთია. _იცი ყველაზე ცუდი ის არის საყვარელ ადამიანს,რომ ჩაუქროლებ ველოსიპედით და იგრძნობ,რომ მისი ზარის წკარუნი საყვარელი სულაც აღარ არის. ლენო ისევ ჩუმად იყო. _შენი ზარის წკრიალი ჩემთვის სულ საყვარელი იქნება. ვუთხარი ჩუმად. იმ დღეს ერთი წამითაც არ შეჩერებულა წვიმა.მე და ლენომ მტირალა ხეებს წითელი ძაფი შემოვახვიეთ და ბევრჯერ გავნასკვეთ,რომ მათი გახსნა რთული ყოფილიყო.სახლში,რომ მოვდიოდით ბოლოჯერ შევავლე თვალი შეყვარებულებს და მომეჩვენა,რომ ახლა უფრო ახლოს იდგნენ ერთმანეთთან,ვიდრე ადრე.შორიდან არც ისეთი ცხვირჩამოშვებულები და მოწყენილები ჩანდნენ.თუმცა შორი მანძილიდან არ ჩანდა წითელი ძაფი,ვიმედოვნებდით,რომ მე და ლენომ საკმარისად ძლიერი კვანძები შევკარით. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.