ჩემი ცხოვრების უინტერესო ისტორია (1 თავი)
„საახალწლო არდადეგები“ როდესაც პირველ იანვარს სახლში დავბრუნდი და იქ დამხვდა, დივანზე იჯდა და ელენიკოს ეხუტებოდა, მაშინვე გამოვიკეტე კარები და ზედა სართულზე ავედი. ბრაზის გამკლავება ძალიან მიჭირს, ყოველთვის მიჭირდა და მგონია ეს დიდად დაკავშირებულია ჩემს ბავშობასთან. ჩვეულებრივ, ძალიან გაბრაზებული როდესაც ვარ ნივთების სროლა მიყვარს ან ფეხის რამეზე მაგრად მირტყმა. იმ წამს უბრალოდ ოთახში დავიწყე სიარული. რა შეიძლება იყოს იმაზე საშინელი, ვიდრე ახალი წლის პირველ დღეს მასთან შეხვედრა? თუ ვერ ხვდებით, მოდით შარშანდელი წლის ბოლო დღიდან დავიწყებ: ახალი წლის დილას თათუკამ მომწერა, ჩემთან გამოდი და იქ შევხვდეთ ახალ წელსო. თავდაპირველად უარის თქმა დავაპირე, ტრადიცია მაქვს, რომ ყოველ ახალ წელს სახლში ვხვდები, თან ეკაკო უნდა გამოსულიყო ჩემთან პირველისკენ. მერე თათუკამ ორივენი გამოდითო და არ ვიცი, ამიყოლია ამ აზრმა. ეკაკოს მივწერე და ნახევარი საათი მალოდინა, პასუხიც გაურკვეველი მომწერა და ვერ ვხვდებოდი მოდიოდა თუ არა. ეკაკო და თათუკა არ არიან ახლოს და მხოლოდ რამდენჯერმე შეხვედრიან ერთმანეთს ჩემს გამო. მოკლედ დიდად გაურკვევლობაში ვიყავი და ცოტა ბრაზიც მერეოდა. საბოლოო ჯამში გადავწყვიტე გავსულიყავი თათუკასთან და მეგონა ეკაკო არ მოდიოდა. გავედი, საკმაოდ სახალისოდაც შევხვდი ახალ წელს, დავლიე კიდევაც, ვიცინე და პირველის მერე ვნახე ეკაკოს მესიჯი, გამოვალ მისამართი მომწერეთო. ჩემი მობილური თათუკას ეკავა და რას წერდა არც ვიცოდი და რომც მდომოდა ვერც გავიაზრებდი იმდენად მთვრალი ვიყავი. მერე მომაწოდა ტელეფონი და მითხრა შენთან უნდა ლაპარაკიო. დავხედე და ეკაკომ ურთიერთობა დავასრულოთო. ვიფიქრე მოლანდებები დამეწყოთქო და უბრალოდ ღადაობა დავიწყე, რა გჭირს-მეთქი?! სერიოზულად მწერდა თურმე, მაგრამ იმ წამს ჩემს ტვინში ვერანაირი ინფორმაციის გადახარშვა ვერ მოხდებოდა. ასე, რომ გავატარე. ღამე ვიმხიარულეთ, დილით კი გავხსენი ტელეფონი და თავიდან წავიკითხე ყველა მესიჯი. მოკლედ, გაბრაზებული იყო. ავუხსენი კაი რაზე ჩხუბობ-მეთქი, მაგრამ მომწერა პატივს ვცემ რაც გვქონდა და ნახვამდისო. გამიკვირდა იმაზე მეტად ვიდრე გული დამწყდა, იმიტომ, რომ 4 წლიანი დაქალობა მესენჯერით დაასრულა. ტელეფონი გადავდე და მეტი აღარაფერი მიმიწერია. შუადღისკენ მე და თათუკა სასეირნოდ გავედით და ვილაპარაკეთ, მერე მაკამ დამირეკა, ცუდად ვარ და სახლში გამოდიო. გავედი და სწორედ მაშინ დავინახე ისიც. ის არის კაცი, რომელიც ალბათ არის იმის მიზეზი, რომ ზოგადად კაცთა მოდგმა საშინლად არ მიყვარს. მიზეზი, რომლის გამოც პანიკური შეტევები მაქვს, რომლის გამოც არასდროს გონებაში არ შემიძლია ბედნიერი ოჯახის წარმოდგენა. ჩემი მშობელი მამა. ზოგადად ძალიან ვცდილობ, რომ არავინ არ მძულდეს. იმიტომ, რომ სიძულვილი მხოლოდ შენ გამძიმებს და არა ამ გრძნობის ადრესატს. ვერ დავარქმევ იმ საზიზღარ, სულისშემხუთველ გრძნობას სიძულვილს, არ მინდა მჯეროდეს, რომ მე ვინმეს შევიძულებ. ეს რაღაც სხვა გრძნობაა, გრძნობა, რომლითაც ვაანალიზებ, რომ ბავშობაში ჩემთვის კერპად ქცეული ადამიანი აღარ მიყვარს, მასთან ერთად ყოფნა, ერთი ჰაერის სუნთქვა არ მსიამოვნებს. მისი დანახვა მახსენებს ყველა იმ არასასიამოვნო მოგონებას, რომელიც მინდა ოდესმე მაინც დავივიწყო. მისი დანახვისას უფრო და უდრო ვბრაზდები დედაჩემზე, უფრო და უფრო მიქრება მისდამი პატივისცემა და მიუხედავად იმისა, რომ ალბათ 18 წლის ასაკში ვერც კი გავიაზრებ რისი გადატანა მოუწია დედაჩემს, მაინც ვერ ვუგებ და ალბათ ვერასდროს გავუგებ მას. ახალი წლის არდადეგები, რომელიც ნამდვილად დავიმსახურე ასე ჩამშხამდა. სახლიდან კიდევ ერთხელ გაგდებული ადამიანი ისე დაბრუნდა, რომ იცოდა არავინ ელოდა. სწორედ მისი სახლში ყოფნის პირველ საათებში ამოვიდა ჩემს ოთახში და დამიძახა. -მა, არ მელაპარაკები? -ვეცადე პასუხი არ გამეცა, მაგრამ მივხვდი, რომ სულელურად გამოვჩნდებოდი ამიტომ ტელეფონიდან თავი არ ამიწევია ისე ვუთხარი: -არა და გთხოვ გადი. -ამას, რომ ვეუბნებოდი მისი სახე წარმომედგინა, როდესაც მირტყავდა. გააფთრებული, გაცხოველებული სახე, რომლითაც ჩემსკენ მოემართებოდა და მისი ძარღვებგადმოცვენილი ხელი, რომლითაც სახეში გამარტყა. ეს ყველაფერი წასვლამდე. საერთოდ, მეტად უინტერესო თუ გინდათ გავხადო ეს ისტორია, გეტყვით, რომ ის აგერ უკვე ორი კვირაა ჩვენთან არის და ამ დროის განმავლობაში ჩემს ოთახს მინიმალური საჭიროებებისთვის ვტოვებ. სახეში არც ერთხელ არ შემიხედვას იმიტომ, რომ როდესაც ვუყურებ სულ ის მახსენდება, როგორ მორბოდა დასარტყმელად. არ ველაპარაკები, მაგრამ ვხედავ, როგორ ელაპარაკებიან ჩემი და-ძმა, როგორ უყვარს ელენიკოს და ვერ იაზრებს თუ როგორი ნაგავი მამა ყავს. სამი წლისაა და ალბათ ჯერ ვერც მიხვდება. სამი წლისას მეც სწორედ ეგრე მიყვარდა. მერეც, დიდი ხანი, ძალიან დიდი ხანი მზე და მთვარე ამომდიოდა მასზე. არ ველაპარაკები, არ ვუყურებ, მაგრამ ვხედავ ისევ როგორ ეშინია დედაჩემს მისი და ვერ უბედავს კითხოს როდის წავა. საერთოდ, ეს ისტორია ყველაზე უინტერესო ისტორიაა მთელს პლანეტაზე. ერთი დანგრეული ოჯახის ამბავი, რომელიც სარკის ნამსხვრევის მემილიარდედია. ჩემსავით დამსხვრეული ოჯახი ბევრს ყავს. მაინც, სულ მინდა ვიკითხო, ჩემს მეგობრებს, დაქალებს, ახლობლებს ყველას ვკითხო. თვითონაც ესიზმრებათ ყველა საშინელი სცენა? თვითონაც პანიკა ემართებათ მაუსის ყველა გაწკაპუნებაზე? თვითონაც ესვრიან მამებს ვაზებს, თეფშებს და ყველაფერს რაც ხელში მოხვდებათ, რომ ბრაზი დაიწყნარონ? თვითონაც ეუზრდელებიან? თვითონაც ტირიან, იმიტომ, რომ დედები კვლავ მამებს უბრუნდებიან, რომლებიც თამაშობენ, ეწევიან, იკეთებენ, ყიდიან, იგინებიან. თვითონაც აქვთ შეგრძნება, რომ უძლურები არიან ამ მონობის წინაშე?! თვითონაც უნდათ სახლიდან გაქცევა?! თვითონაც უნდათ რომ სხვა ოჯახში გაჩენილიყვნენ?! ამაზე მეყო, ეს ისტორია არ მინდა ოჯახური ძალადობის საჩივარს დაემსგავსოს. რეალურად ეგრეც არ არის საქმე. ხანდახან ვფიქრობ, რომ ყველაფერი ჩემს თავშია ასე ძალიან გასაჭრი ძალიან იშვიათად არის. დღიურივით წერას თუ არ მოვეშვები მკითხველებს დავკარგავ ალბათ, მაგრამ ეს ხომ არ არის კიდევ ერთი სასიყვარულო ისტორია. სასიყვარულო ისტორიის წერა მარტივია, წარმოიდგინე მამაშენი და მისგან ყველანაირად განსხვავებული პიროვნება აღწერე. სასიყვარულო ისტორია და სასიყვარულო ამბები ჩემგან შორს არის, ამას მაშინ მივხვდი, როდესაც თათუკასთან და მის შეყვარებულთან ერთად ვიყავი. რამდენჯერაც ერთად ყოფნა მოგვიწია, იმდენჯერ გულის რევა დამეწყო სახლში ასულს. საერთოდ ეს სექსუალური ქემისთრი და იმხელა სტიმი ჰაერში ჩემს დაძაბვას იწყებს. მერე კიდევ, ერთმანეთს უყურებენ, ეხებიან, ეჩურჩულებიან და ვხვდები, რომ ეგ არის ყველაზე საშინელი რამ. სადღაც ძალიან კარგი ციტატა ამოვიკითხე „They f.uck you up. Your mom and dad.” ამ ისტორიას გაგრძელება აქვს, იმიტომ, რომ ჯერ კიდევ ცოცხალი ვარ და საკუთარი ცხოვრების მთავარი გმირიც ვარ. მინდა, რომ გაგრძელებაში საკუთარი თავის სიბრალულს მოვრჩე, გადავაბიჯო ჩემში ბავშბობის ტრავმებს, ოჯახის პრობლემებს, პატარა შეშინებულ გოგონას, რომელსაც ხელ-ფეხი შეკრული აქვს და საინტერესო ისტორია დავწერო. იმიტომ, რომ ჩემი ცხოვრება მე მეკუთვნის და თავადვე წარვმართავ ჩემს გზას. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.