ზამთრის ზღაპარი (სრულად)
I თავი საკუთარ ოჯახში, სამზარეულოს სკამზე მოკალათებული, მოღუშული სახით ვუყურებდი საახალწლო კერძების მომზადების პროცესს. წინ მოხარშული სტაფილო, კარტოფილი, კვერცხის ცილა და მჟავე კიტრი მეწყო და ეს ყველაფერი იმ საჭმელად უნდა გადამექცია, რომელსაც ბავშვობიდან ვერ ვიტანდი. ვინეგრეტი! ჯერ მარტო რანაირი სახელი ჰქვია და მერე რა, ჯანდაბა მოსწონს მასში ამ ხალხს?! ერთდროულად იმდენი გემო ირევა, პირველად გასინჯვისას, მისმა პატარა ლუკმამაც კი ამირია გული და არც უნიტაზში თავით გადაყუდებულს გამიტარებია ცოტა დრო. მიუხედავად ამისა, ოჯახში ყველაზე გემრიელად მე გამომდიოდა. ამიტომ ტრადიციად იქცა, რომ ყოველ ახალ წელს ვინეგრეტი აუცილებლად ჩემი ოქროს ხელებით მომემზადებინა, როგორც ამას მამაჩემი ამბობდა, თხუთმეტი აწეული ჭიქისა და "ასე მტერი დაგეცალოს" შემდეგ. მოხარშული კარტოფილი რომ დავჭერი , უხალისოდ გადავედი სტაფილოზე. სახლში სრული ქაოსი იყო. ჩემი სიცელქის ზენიტში მყოფი დისშვილები, ერთმანეთს ნაძვის ხის გარშემო დასდევდნენ პლასტმასის ხმლებით და ინდიელებივით გაჰყვიროდნენ რაღაც გაურკვეველ სიტყვებს. ნერვებს მიშლიდა ეს სიტუაცია. წამითაც არ იფიქროთ, რომ ცუდად ვარ განწყობილი ბავშვების მიმართ, უბრალოდ, ჩემს დაიკოს და სიძეს, მიახლოებითი წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ თემაზე —"როგორ აღვზარდოთ შვილები“. პატარა ანდრო და კატო იმდენად ჯიუტები და თავხედები იყვნენ, პანღურსაც ამოგარტყამდნენ, თუკი საყვედურს ეტყოდი უწესო საქციელის გამო. ჰოდა, მეც ვიჯექი და მოლოდნელი პანღურის პრევენციის მიზნით, ყურადღებას არ ვაქცევდი, როგორ იმხობდნენ თავზე მთელ სახლს. დედა სამზარეულოში ფუსფუსებდა ჩემთან ერთად, თან ფუტკარივით დასტრიალებდა თავს ღუმელს, საახალწლო ნამცხვრის ბისკვიტი რომ არ დასწვოდა. მამაჩემი ჩვენს სიძესთან — იოსებთან ერთად, ტელევიზორის წინ იყო მოკალათებული, თავის ამოჩემებულ სავარძელში და უზარმაზარ, პლაზმურ ტელევიზორში ფილმ "მარტო სახლში" -ს მეორე ნაწილს ადევნებდა თვალს. ჩემს უფროს დას რაც შეეხება, სამზარეულოს მაგიდასთან, ჩემს პირდაპირ იჯდა და ტელეფონის სენსორზე თითებს ისე გამალებით აკაკუნებდა, მეგონა ეკრანს გატეხდა. არ აინტერესებდა საახალწლო სამზადისი. მისთვის პრიორიტეტი დაქალებთან ერთად მსოფლიოს გაჭორვა უფრო იყო, ვიდრე საკუთარი, ყირაზე გადასული შვილებისთვის ყურადღების მიქცევა, ან ჩვენი დახმარება. ნერვებზე მოქმედებდა მსგავსი სიტუაცია. საერთოდ რა მინდოდა, რომ მოვრბოდი თბილისიდან ქუთაისში, მაშინ, როდესაც მთელი ჩემი სამეგობრო ერთად აპირებდა შეკრებას დაქირავებულ აგარაკზე, კოჯორში?! ამბობენ, ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია და სწორედ ოჯახთან ერთად უნდა გაატაროო. ჩემი აზრით კი, ასე ისინი ფიქრობენ, ვისთვისაც შინ ყოფნა, საკანში ჯდომაზე უარეს სასჯელად არ აქვთ ქცეული. მე კი ამ მხრივ ნამდვილად არ გახლდით იღბლიანი. სახლში ჩამოსვლა უდრიდა გაუთავებელ ლექციებს გათხოვების შესახებ. ამბობდნენ, რომ ოცდაექვსი წლის გოგოს უკვე საკუთარი ოჯახი უნდა მყოლოდა, რომ ჩემს დას, ამ ასაკში ორი წლის ანდრო ჰყავდა და რომ უმამაკაცოდ გატარებული ყოველი დღე, უფრო მეტად მაახლოვებდა შინაბერობასთან. რამდენჯერ გამიგონია დედაჩემისგან თავში ხელის წამორტყმითა და ტირილით ნათქვამი სიტყვები -"რა ანგელოზივით შვილი მილპება სახლში" და "რა მეშველება, ეს თუ პატრონს ვერ ჩავაბარე". სწორედ ამან მაიძულა თავის დროზე სამუშაოდაც და საცხოვრებლადაც, ქუთაისიდან დედაქალაქში გადასვლა. მსგავსი კომენტარები არც მაშინ მაკლდა, როცა დღესასწაულებზე ჩამოვდიოდი ხოლმე ოჯახის მოსანახულებლად. მართლა ვერ ვხვდებოდი, რატომ ფიქრობდნენ, თითქოს აღარაფერი მეშველებოდა, თუ ოცდაათწლამდე ვერ "ვიპოვიდი საბედოს". ჩემს წინ, კილიმანჯაროს თოვლიანი მთასავით დახვავებული ბოსტნეულის დაჭრა, როგორც კი მოვრჩი, თეთრ ჯამში ჩავყარე და ხის კოვზებით ამოვურიე. მხოლოდ მაიონეზის მოსხმა დამრჩენოდა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მაცივრიდან გამოღება დამვიწყნია. - ლილია, მიდი რა, მაცივრიდან მაიონეზი გამომიღე, ხელები დასვრილი მაქვს, - მივმართე ჯერ კიდევ ჩემს პირდაპირ მჯდომ, ტელეფონში თავჩარგულ უფროს დას, რომელსაც არაფერი აინტერესებდა. - აუ, ძაან მაგრად მეზარება, შენ თვითონ აიღე რაა, - ზუსტად ისეთი პასუხი მივიღე, როგორსაც ველოდი. რა თქმა უნდა, ხელის განძრევასაც არ აპირებდა, როგორც ეს მუდამ ხდებოდა ხოლმე. უკვე შეგუებული ვიყავი, რომ საახალწლოდ ოჯახში სტუმრად მოსული ლილია, მუდამ დეკორაციის ფუნქციას ასრულებდა და მხოლოდ გაწყობილ სუფრასთან იქნევდა ყბებს მადიანად. - ხელები რომ არ მქონდეს დასვრილი, შენ ნამდვილად არ გთხოვდი. იქნებ, ცოტა ხნით მაინც ამოგეყო თავი ტელეფონიდან? ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ანდრო და კატო მალე აქაურობასაც გადაწვავენ, თუკი ვინმე ყურადღებას არ მიაქცევს. -კვლავ ნაძვის ხის გარშემო მორბენალ დისშვილებს გავხედე. ბავშვებს უკვე მოესწროთ რამდენიმე სათამაშოს ჩამოგდება და ამჯერად, წვიმებს იხვევდნენ მთელ ტანზე. ლილიამ მხოლოდ წამით შეავლო მზერა შვილებს, თან ღიმილი გადაეკრა შავგრემან სახეზე. - რა გინდა, ბავშვები არიან და ცელქობენ, რატომ უნდა ვუსაყვედურო? - ნაძვის ხეს რომ ამოაყირავებენ, საინტერესოა მაშინაც თუ გადაუსვამ თავზე ხელს? - ვკითხე, თან სამზარეულოში იმ წამს შემოსულ დედას გავხედე. - ლიანა, შენ მაინც მომაწოდე მაიონეზი, მაცივრის მეორე თაროზე დევს. - გადავუსვამ, აბა, რას ვიზამ? - აშკარად გაიოცა ჩემმა დამ. - სიცელქის გამო ხომ არ უნდა მოვკლა?! გაიზრდებიან და ნელ-ნელა დასერიოზულდებიან. მე პრობლემას ვერ ვხედავ მათ ქცევაში და ძალიან გთხოვ, ახლა მაინც ნუ დაიწყებ შენებურად, რომ ბავშვები ჰიპერაქტიურები არიან და აუცილებლად საჭიროებენ გადაუდებელ ფსიქოლოგიურ ჩარევას, - დაამატა ბოლოს მობეზრებით და აღარც მე ამომიღია ხმა. მიუხედავად იმისა, რომ მართალი ვიყავი, საერთოდ არ მსურდა კაპასი დეიდის როლის მორგება, რომელსაც საკუთარი დისშვილები ეჯავრებოდა. პირიქით, ძალიანაც მიყვარდნენ ისინი და სწორედ ამიტომ მსურდა, მათი აღზრდისთვის ვინმეს სერიოზულად მოეკიდა ხელი. ერთ დროს, ჰიპერაქტიურ ბავშვებზე საკონფერენციო თემის დაწერაც მქონდა დავალებული სკოლაში და სწორედ აქედან ვიცოდი მათზე ყველაფერი. მათი უმეტესობა ფერებს ოთხი-ხუთი წლის ასაკშიც კი ვერ ცნობდა და მუდამ სიმაღლეებისა და რაღაცის გაფუჭებისკენ ჰქონდათ მიდრეკილება. ვერ მეტყველებდნენ თავისი თანატოლების მსგავსად და საკმაოდ აგრესიულები ხდებოდნენ "არ შეიძლება"-ს გაგონების დროს. რაც შეეხება ჩვენს ანდროსა და კატოს, ისინი თითოეულ ამ კრიტერიუმს აკმაყოფილებდნენ. თუმცა, არავის სურდა იმის გაგება, რომ ეს ის პრობლემები არ იყო, რომელთა უგულებელყოფაც და თავის ნებაზე მიშვებაც შეიძლებოდა. - აჰა, აიღე, შენი მაიონეზი და მორჩით კინკლაობას! - მაცივრიდან იმ წამს გამოღებული ინგრედიენტი დამიდო მაგიდაზე დედამ. მერე კიდევ ერთხელ შეამოწმა ღუმელში შედგმული თავისი შოკოლადის ბისკვიტი და მაგიდასთან ჩვენს გვერდით ჩამოჯდა. - კამელია, დედიკო, - მომმართა დამრიგებლური ტონით, თან წინსაფრის ბოლოთი ოფლით დაცვარული შუბლი შეიმშრალა. - შენს დისშვილებზე წუწუნს და მათი ცელქობის კონტროლს, საკუთარი ოჯახის შექმნაზე რომ იზრუნო, არ ჯობია?! მორჩა, დაიწყო! რატომღაც, გულის სიღრმეში იმედი მქონდა, წლევანდელი ახალი წელი მაინც ჩაივლიდა ჩემი დაოჯახების ამბების განხილვის გარეშე. ამ ნატვრას ახდენა არ ეწერა, როგორც ბავშვობაში, ჰელიუმის ბუშტებზე წაწერილ ჩემს საახალწლო სურვილებს, რომელთაც ახალი წლის ღამეს ჰაერში იმ იმედით ვუშვებდი, რომ სანტა დაიჭერდა და ყველაფერს ამისრულებდა. ლეილა კვლავ ჩვეულ ფორმაში იყო და იმ უზარმაზარი ლექციის წასაკითხად ემზადებოდა, უკვე ათასჯერ მაინც რომ მქონდა მოსმენილი. - მეტი რა ვქნა, დედა, გაზეთის მარტოხელების რუბრიკაში მეათედ მაინც გამოვაქვეყნე განცხადება და ველოდები, როდის გამომეხმაურება ვინმე. - მართლა გამოაქვეყნე? - ისე გაუხარდა, თითქოს მისთვის ჯეკპოტის მოგება მეცნობებინოს. არა, ლეილას შეცვლა არ იქნებოდა! - კარგი რა დე, რა გაზეთი და რა რუბრიკა, ვერ ხედავ, გეკაიფება?! -სიცილით ამოყო ჩემმა დამ თავი მობილურიდან. - ვითომ არ იცოდე, ოჯახის შექმნაზე ფიქრი ამისთვის ბოლო ადგილასაც რომ არაა სადარდებელთა სიაში. ლეილას ნუშისფერ თვალებში ანთებული იმედის ნაპერწკლები ერთმანეთის მიყოლებით ჩაქრა. ნუთუ მართლა იმდენად ცუდად იცნობდა საკუთარ შვილს, რომ სერიოზულად იფიქრა გაზეთებში დაიწყებდა განცხადებების წერას?! - დედი, საერთოდ არ ფიქრობ ამ თემაზე? - აშკარად ნაწყენი ხმა ჰქონდა, - რა გინდა? საბოლოოდ კატებთან და ძაღლებთან აპირებ დარჩენას? გინდა წნევამ დაგვარტყას მე და უბედურ მამაშენს? - კარგი რა, დედა, დღესასწაულზე მაინც ნუ გაიფუჭებ განწყობას და მეც ნუ გამიფუჭებ. ერთხელ რომ ჩაიაროს ჩვენმა დიალოგმა მაგ თემის წამოჭრის გარეშე, არ შეიძლება? - ნუ გაუწყალე გული, ქალო, მაგ ბავშვს! - მისაღებიდან მამაჩემი გამომესარჩლა ნახევრად მობრუნებული თავით, - თუ კაცი მოუნდება, ადგება და თავისით გათხოვდება, მაჭანკლობა არაა საჭირო. - შენ სულ გამოგაშტერა მაგ სიბერემ და რას ლაპარაკობ, თვითონაც არ იცი! - შენს ხელში, ქვებს რომ არ ვისვრი, არ გიკვირს? - გაჩუმდი ერთი თუ კაცი ხარ! - ხელი აუქნია ქმარს ლეილამ, - დედიკო, - ახლა მე მომიბრუნდა და ისეთი შეპარვით, თანაც ხმადაბლა დაიწყო, თითქოს რაღაც საშინელებისთვის წინასწარ მამზადებსო. როგორც მერე აღმოჩნდა, იყო კიდეც საშინელება, რისი მოსმენაც წინ მელოდა. - ჩვენს მეზობლად რომ ნანი ცხოვრობს, ხომ გახსოვს? - მახსოვს, მერე? - მაშინვე გამახსენდა, ორი სახლის მოშორებით მცხოვრები სათვალიანი, მრგვალი სახის ქალბატონი, რომელიც მუდამ ვიდეო-თვალის ფუნქციას ასრულებდა უბანში. ნანიმ ზეპირად იცოდა, ვისი ოჯახის ქალიშვილი მოჰყავდათ კორპუსამდე მანქანით უცნობ ბიჭებს და რომელი გოგო ბრუნდებოდა შინ იმ დროს, როდესაც წესით, „პატიოსანი გოგო სახლში უნდა მჯდარიყო“. - მერე ის, რომ წელს მაგის ძმისშვილია ჩამოსული, მოსკოვიდან, ექვსი თვით. თურმე ნანის უნდა ქართველი ცოლი მოაყვანინოს. იქაური თხა-თხა გოგოები აბა რა ოჯახში შესაშვებია? ჰოდა, ჩვენთან დავპატიჟე ამ საღამოს, იქნებ ერთმანეთი გაგეცნოთ, ჰა? ამის გაგონებაზე ლილიას ისტერიკული სიცილი აუტყდა. ალბათ, საკმაოდ კარგად მიცნობდა, რომ სცოდნოდა, რა რეაქცია მექნებოდა. - დედა, თუ არ გინდა ფანჯრიდან გადავხტე, მითხარი, რომ ეს ხუმრობაა და სერიოზულად არ გითქვამს, - წყალწაღებული ხავსს მოეჭიდაო, სწორედ ასე გახლდათ ჩემი საქმე. როგორც ჩანდა, ეს ახალი წელი, წინებთან შედარებით ბევრად უარესი იქნებოდა. სავარაუდოდ მთელი საღამო მომიწევდა დედაჩემის ცხრასართულიანი ქებისთვის მესმინა. ვიცი, ჩემს ქებას მოყვებოდა იმ ბიჭის წინაშე. ჩამოთვლიდა ჯილდოებსა და პრიზებს, რომლებიც სკოლის დროს ოლიმპიადებში მიმეღო. არც იმის თქმა დაავიწყდებოდა, რომ უნივერსიტეტი წითელ დიპლომზე მქონდა დასრულებული. ჯანდაბა, ეს რა ცხოვრება მქონდა! - სულ არ მეხუმრება ახლა მე! - ზომაზე მეტად მკაცრი ხმა ჰქონდა დედაჩემს. გამომეტყველება კი კიდევ უფრო მკაცრი. - არაფერი დაშავდება, იმ ბიჭთან ერთად რომ მიუჯდე მაგიდას და ნორმალურად დაელაპარაკო. ახლა შენებურად ნუ აყრი კვინტლებს და ქაჯივით ნუ მოიქცევი, თორემ არ ვიცი, რას გიზამ! - მე მეგონა, დღეს მხოლოდ ოჯახის წევრები ვისხდებოდით სუფრასთან, - კიდევ ერთხელ შევეცადე პოტენციური "საქმროს" ნახვას ავცდენოდი. - უცხო ხალხის დაპატიჟება რა საჭირო იყო? - თუ თვალებს გამოახელ და კარგად შეხედავ, აღარც შენთვის იქნება უცხო და აღარც ჩვენთვის! რა ჭირს შენი დასაწუნი?! გადასარევი ბიჭია, თბილისში ორი ბინა აქვს და ორიც სასახლისხელა აგარაკი უდგას, ერთი რაჭაში და მეორე კიდევ, სვანეთში. სამსახურიც გადასარევი იშოვა და მთელი ცხოვრება აწყობილი აქვს, - დაუღალავად აგრძელებდა დედაჩემი სასურველი სასიძოს ღირსებების ჩამოთვლას, როგორმე რომ დავეინტერესებინე. დედაჩემის ყოველი სიტყვა, ყურში დაახლოებით ასე ჩამესმოდა : - ბლა, ბლა, ბლა, ბლა, ბლა, ბლა, ბლა, ბლა და კიდევ ერთხელ ბლა! რა გარიგება, რის გარიგება?! საერთოდ რაზე მელაპარაკებოდნენ? როგორ უნდა ვმჯდარიყავი ერთ მაგიდასთან ისეთ ადამიანთან, რომელსაც ჩემს შესაძლო მეორე ნახევრად განიხილავდა მთელი იქ შეკრებილი საზოგადოება?! არა, ეს ყველანაირ ზღვარს სცდებოდა. მეგობრებთან ერთად ახალი წლის შეხვედრაზე უარი იმის გამო არ მითქვამს, რომ სამუზეუმო ექსპონატივით შებოჭილი ვმჯდარიყავი საკუთარ სახლში, ვიღაც მოსკოვიდან ჩამოსულ ბიჭთან ერთად. ნეტავ მან თუ იცოდა მიზეზი, რის გამოც დედაჩემი ჩვენთან ეპატიჟებოდა?! დიდი ალბათობით არა, რადგან ვერ წარმომედგინა, რომელიმე ჩემი ასაკის ბიჭი, ისეთ სისულელეს დათანხმებოდა, რასაც ლეილა მიმზადებდა დღევანდელ საღამოს. თუ მართლაც არაფერი იცოდა და ყოველივე ამას უბრალო, მეგობრულ მიპატიჟებად თვლიდა, საქმე გაცილებით უარესად იყო. სირცხვილისგან სად უნდა წამეღო თვალები, როცა ის ბიჭი ნამდვილ მიზეზს მიხვდებოდა, თუ რატომ იჯდა მაგიდასთან ჩვენთან ერთად. ალბათ ჩათვლიდა, რომ გათხოვებაზე დახამებული მორიგი ქალი ვიყავი, რომლის გასაღებასაც მშობლები მთელი ძალისხმევით ცდილობდნენ. ამაზე უფრო საშინელი რაღა უნდა მომხდარიყო? არა, ამას ნამდვილად ვერ დავუშვებდი. ყველაზე ნაკლებად მინდოდა ახალ წელს ასე უაზროდ შევხვედროდი, ამიტომ, გონებაში ამოტივტივებულ პირველივე გიჟურ გეგმას დავეთანხმე და საკუთარი საქციელი მხოლოდ იმით გავამართლე, რომ სხვა გამოსავალი უბრალოდ არ მქონდა. ვენეგრეტის კეთებას საბოლოოდ მოვრჩი და ფეხზეც წამოვდექი. ლეილამ ეჭვიანი მზერა გამომაყოლა. - სააბაზანოში შევალ, - ავხსენი ჩემი უეცარი წამოდგომის მიზეზი, - იმ ბიჭზე საუბარი მერე გავაგრძელოთ, კარგი, დედა? ლილია კვლავ ტელეფონში ჩამძვრალიყო, თუმცა ჩვენს საუბარს ცალი ყურით მაინც უსმენდა და სეირის მაყურებელივით ჩუმად იღიმოდა. - ჰო, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ, - მომიგო დარწმუნებით, - შენ თუ გგონია თავს დააღწევ, ძალიან ცდები. დედაშენი ვარ და შენთვის კარგი რომ მინდა, უნდა ხვდებოდე ამხელა გოგო. არაფერი ვთქვი. მართალია უთქმელი სიტყვები ყელში თევზის ფხასავით მქონდა გაჩხერილი, მაგრამ სიტუაციის გამწვავება ნამდვილად არ მინდოდა. თავი უხმოდ დავუქნიე და პირდაპირ სააბაზანოსკენ გავწიე. ხსნა სწორედ იქედან მეგულებოდა. ჩვენი სააბაზანო ზომით ვერ დაიკვეხნიდა, მაგრამ კედლის მარცხენა მხარეს საკმაოდ დიდი, მეტალო პლასტმასის ფანჯარა ჰქონდა დატანებული. სწორედ ეს იყო ჩემი გეგმა – ამ ფანჯრიდან უნდა გავმქრალიყავი, მოსალოდნელი საშინელი საღამოსთვის თავი რომ ამერიდებინა. მართალია, ეს არ იყო ზრდასრული ადამიანისთვის შესაფერისი საქციელი, მაგრამ ამ მომენტში სხვა გამოსავალი არ მქონდა, ან უბრალოდ დაფიქრება მეზარებოდა, როგორ მომეგვარებინა პრობლემა უფრო ჭკვიანური გზით. არ მსურდა სახლში ჩემ გამო ენერვიულათ. არც ის მინდოდა, ახალი წელი ჩაშხამებოდათ უმცროსი შვილის მოულოდნელი და უკვალო გავუჩინარების გამო. გადაწყვიტე, ჩემი და მაინც ჩამეყენებინა საქმის კურში. დარწმუნებული ვიყავი, ცოტათი გაბრაზდებოდა, მაგრამ წინააღმდეგობას არ გამიწევდა, რადგან ყველაზე უკეთ მიცნობდა და ისიც კარგად იცოდა, რომ ჩემსას მაინც გავიტანდი. ლილიას მესენჯერში შეტყობინება გავუგზავნე შემდეგი ტექსტით : "ამ საღამოს გადატანას ნამდვილად ვერ შევძლებ. აქედან უნდა მოვტყდე და იმედია, ოჯახიდან არ მომკვეთს უხუცესთა საბჭოს უფროსი - ლეილა. ქურთუკს და ფეხსაცმელს ხომ გადმომიგდებ?!" პასუხის მოლოდინში სარკმელი გავაღე. მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ გავეტეოდი. ჩემი ფორმები ამის საშუალებას ნამდვილად მაძლევდა. ამასობაში, ლილიასგანაც მივიღე პასუხი : "- იცი, რას ეძახიან იმას, რასაც ახლა შენ აკეთებ?" - გაბრაზებული სმაილიც მოაყოლა შეტყობინებას. გამეღიმა. როგორც ვივარაუდე, სწორედ ისე მოხდა. გაბრაზდა, თუმცა წინააღმდეგობის გაწევა ნამდვილად არ უცდია. "- ალბათ უსირცხცილობას, უნამუსობას და ფსკერზე დაშვებას ეძახიან, მაგრამ ახლა თუ აქედან არ წავედი, მთელი საღამო საგამოფენო თოჯინასავით ვიგრძნობ თავს, ვისაც სარფიანად უპირებენ გაყიდვას" "- შენი საქმისა შენ იცი, წარმატებები. თუ ახალ წელს ოჯახისგან შორს ყოფნა გირჩევნია, მაშინ ჯანდაბამდე გზაც გქონია!" "- მიყვარხარ, ლილია" "-მე არა!" ცოტახნიანი პაუზის შემდეგ, კვლავ დაიწყო ტექსტის აკრეფა და სულ მალე, მეორე შეტყობინების მოსვლაც მამცნო მესენჯერმა : "- იცოდე, თავს გაუფრთხილდი. შენს ადგილას, დიდი ალბათობით მეც თავქუდმოგლეჯილი გავიქცეოდი. სწორედ ამიტომ არ გიშვებ აქედან მაისურითა და ჩუსტებით." II თავი გარეთ აუტანლად ციოდა, თუმცა უკან დაბრუნებას ნამდვილად არ ვაპირებდი. ერთადერთი, რაზეც საკუთარ თავს ვუბრაზდებოდი, მხოლოდ ის იყო, რომ აქ ჩამოსასვლელად ცოტა უფრო სქელი ქურთუკი არ შევარჩიე, ან ხელთათმანები არ წამოვიცვი თითებზე. ქუთაისის საახალწლოდ მორთული ქუჩები, საოცრად გამოიყურებოდნენ. ხეებზე შემოხვეულ ბრჭყვიალა ნათურებს ახალი წლის განწყობა შემოჰქონდათ. საიდანღაც გიტარის ხმაც ისმოდა, თუმცა ზუსტად ვერ ვარჩევდი რომელი მხრიდან. ტროტუარს ჯიბეებში ხელებჩაწყობილი დავუყევი. ტანზე მეგობრის ნაჩუქარი მოცვისფერი, ირმებიანი მაისური და გრძელი მანტო მეცვა, ჯინსებთან და მაღალყელიან ჩექმასთან ერთად. გაშლილ თმაზე თოვლისფერი ქუდი მეხურა, თოვლის ბაბუის ნახატით. ერთი შეხედვით, შეუფერებელი, ოდნავ ბავშვური „ლუქი“ იყო ოცდაექვსი წლის გოგოსთვის. ჩემთვის ჩაცმულობა ასაკს არ ექვემდებარებოდა. დარწმუნებული ვიყავი, სამოცი წლის ასაკშიც კი თავისუფლად შევძლებდი მიკი-მაუსის ქუდის დაფარებას და თუკი ამის გამო ვინმე ჩემს დაცინვას შეეცდებოდა, ხელჯოხსაც კი გადავატეხდი თავზე, დიდი სიყვარულით. ქუჩა ბოლომდე ჩავამთავრე და პირველ საჯარო სკოლასთან მისულმა, მარჯვენა მხარეს გადავუხვიე. მრგვალ, ოდნავ შემაღლებულ ადგილას, ლამაზად მორთული, აციმციმებული ნაძვის ხე მოჩანდა. გიტარის სიმების ხმაც უფრო გაძლიერდა. ვინ უკრავდა, ჯერ ვერ ვხედავდი, რადგან ნაძვის მეორე მხარეს იჯდა და აბრჭყვიალებული ტოტები ფარავდნენ სხეულს. გამეღიმა. Let It Snow ყველაზე მეტად მიყვარდა საახალწლო სიმღერებს შორის. მისი მოსმენისას, მუდამ სანტას ირმებიანი მარხილი, ნესკაფეს ყავა და ფინჯნიდან ამოვარდნილი ცხელი, სუნელოვანი ორთქლი მახსენდებოდა ხოლმე, ზუსტად ისე, როგორც ჩემს საყვარელ საახალწლო რეკლამაში იყო. ხმის მიმართულებით წავედი. მაინტერესებდა, ჩემ გარდა კიდევ ვინ არ ხვდებოდა ახალი წლის დღესასწაულს ოჯახურ გარემოში. ნაბიჯის გადადგმასთან ერთად, ჟღერადობა უფრო მკაფიო ხდებოდა. ინსტრუმენტის ხმას ადამიანის ხმაც ერთვოდა. მომხიბვლელი, სასიამოვნო ბარიტონი ჰქონდა მამაკაცს. ნაძვის ხეს რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა. იმ ქუჩაზე მხოლოდ მე და უცნობი მუსიკოსი ვიყავით, ამიტომ, ცოტათი შემეშინდა კიდეც ასე აშკარად დავნახვებოდი. შემდეგ ეს შიში როგორღაც გადავლახე და მივუახლოვდი. გამეცინა იმ სურათის დანახვისას, რაც იქ დამხვდა. ნაძვის ხის ქვეშ გიტარით ხელში მჯდომ ბიჭს, ზუსტად ჩემნაირი საახალწლო, მოცვისფერი მაისური ეცვა, ოღონდ მას ირმების ნაცვლად ფიფქები ეხატა. ხელის შეშლა არც მიფიქრია. დაკვრა რომ არ შემეწყვეტინებინა, მეც მის შორიახლოს, ჩამოვჯექი და განვაგრძე ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი სიმღერის, მისეული ინტერპრეტაციის მოსმენა. უნდა ითქვას, სიმღერაც ისევე სასიამოვნოდ გამოსდიოდა, როგორც დაკვრა. მისი გრძელი, ლამაზი თითები, საოცრად ჰარმონიულად ეხებოდა გიტარის სიმებს. ამ პროცესის ყურების მომენტშიც კი მივლიდა უჩვეულო ჟრუანტელი მთელ სხეულში. თავადაც შემამჩნია. ზუსტად ვიცოდი შემამჩნია, თუმცა მაინც არ გაჩერებულა და არც ჩემი თვალიერება დაუწყია. ისე აგრძელებდა სიმებთან ურთიერთობას, თითქოს არც კი ვარსებობდი და ამან უფრო მეტად დამარწმუნა ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში, რომ მისი არ უნდა შემშინებოდა. საკმაოდ უწყინარი ჩანდა. შოკოლადისფერ თვალებში არეკლილი შუქი, ბევრად უფრო ლამაზს ხდიდა, მისი სახის ამ კონკრეტულ ნაწილს. არ ვიცოდი ვინ იყო, ქუჩის მუსიკოსი, თუ უბრალოდ გზააბნეული ადამიანი, მაგრამ მის გვერდით ჯდომა და ამ მელოდიის მოსმენა მაინც უზომო სიამოვნებას მგვრიდა. უცნობ მუსიკოსს კვლავ ერთი წერტილისთვის ჰქონდა თვალი გაშტერებული და მონდომებით მღეროდა. მხოლოდ პატარა წვრილმანით ვაცნობიერებდი, რომ ჩემს იქ ყოფნას კარგად ამჩნევდა — ტუჩის კუთხეში ეღიმებოდა და ამით მახვედრებდა ყველაფერს. ვუსმენდი... უხმოდ, სულგანაბული ვუსმენდი და თავადაც ვერ ვიშორებდი ღიმილს. წარმოდგენაც არ მქონდა რა უნდა მეთქვა, როდესაც სიმღერას დაასრულებდა, თუმცა აშკარა იყო, ორივენი ზუსტად ამ მომენტს ველოდით. საოცრად ლამაზი ხმა ჰქონდა, მთელი დღე რომ არ მობეზრდებოდა ადამიანს მოსმენა. მეც შემეძლო მისი სამუდამო მსმენელი ვყოფილიყავი, თუმცა როდესაც სიმღერას ბოლოს და ბოლოს მორჩა, ორივენი რეალურ სამყაროს დავუბრუნდით. ცოტა ხნის წინ მელოდიურად ჟღერადი გიტარის სიმები მდუმარების ოკეანეში ჩაიძირნენ. Let It Snow-ს სიტყვებიც თითქოს ნიავმა გაიტაცა უსასრულობაში. ირგვლივ ყველაფერი სიჩუმემ მოიცვა. დარჩა მხოლოდ ჩემი და მისი სუნთქვა, რომელიც რძისფერი ორთქლივით ერეოდა გამჭვირვალე ჰაერს. უცნობი მუსიკოსი გიტარას მკლავებით დაეყრდნო და გვერდულად გამომხედა. ამჯერად, შოკოლადისფერ თვალებშიც ჩასდგომოდა ის ღიმილი, ცოტა ხნის წინ მხოლოდ მის ტუჩებს რომ აჩნდა. ისე მიყურებდა, თითქოს მთელი ცხოვრებაა მიცნობსო. დრო იყო, ხმა ამომეღო. ბოლოს და ბოლოს, აქ მე ვიყავი დაუპატიჟებელი სტუმარი და არა ის. - ქუჩის მუსიკოსი თუ ხარ, ქუდის წინ დადება დაგავიწყდა, - როგორც მჩვეოდა, ის ვუთხარი, რაც ენაზე პირველად მომადგა და გავაცნობიერე, რამხელა სისულელე წამომცდა. უცნობს გაეცინა. იმდენად თეთრი, ერთმანეთზე ლამაზად მიწყობილი კბილები ჰქონდა, ამითაც კი იწვევდა სიმპათიას. - თუ ფულის მოცემა გინდა, როგორმე ჯიბეშიც ჩავატევ. - მომიგო მშვიდად. მერე თავიც გადააქნია, უარყოფის ნიშნად და დაამატა: - არ ვარ ქუჩის მუსიკოსი, უბრალოდ მსმენელებს არ ველოდი. მეგონა ყველა სახლში იყო და მაგიდას დასტრიალებდა, რომ შეუმჩნევლად მოეპარა ცოტაოდენი გოზინაყი. - გამონაკლისების წინააღმდეგი ხარ? - მგონი არა, მაგრამ კითხვა მიჩნდება, რატომ ხარ გამონაკლისების სიაში, თანაც ქუჩაში სრულიად მარტო? - გამომცდელად მიყურებდნენ მისი შოკოლადისფერი თვალები. გიტარას კვლავაც მკლავებით იყო დაყრდნობილი, თან მასზე თითებს მოუსვენრად ათამაშებდა. ნეტავ, თავად რას აკეთებდა აქ? გადავწყვიტე, კითხვა შემებრუნებინა, რადგან ნამდვილად არ მინდოდა საუბრის დაწყებიდან ორი წუთის მერე მიმეხალა, სახლიდან დედაჩემზე გაბრაზებული ვარ წამოსული, რადგან კვლავ ოჯახის შექმნაზე ლაპარაკით გამაბრუა-მეთქი. - ეგ შეკითხვა მეც დამებადა და მოდი, პირველმა შენ მიპასუხე, - არანაკლებ გამომცდელი იყო ჩემი მზერა. თავადაც მიკვირდა. სრულიად უცნობ ადამიანს ისე ვესაუბრებოდი, როგორც ძველ, კარგ მეგობარს. ალბათ, ახალი წლის მაგიურობა ჩემზეც ისევე მოქმედებდა, როგორც სხვა ადამიანებზე. - ამ წელს ასე გამოვიდა, - მარჯვენა ლოყაზე ფოსო გაუჩნდა, როცა ეს თქვა. - მშობლები გერმანიაში ცხოვრობენ, მეგობრებს სხვა გეგმები ჰქონდათ, მე კი გადავწყვიტე იმ ქუჩის მუსიკოსის მოვალეობა შემეთავსებინა, ვისაც ნაძვის ხის სათამაშოების გარდა არავინ უსმენს. - ცდები, მათ გარდა კიდევ გყავს ერთი მსმენელი, - მაშინვე გავაპროტესტე სიცილით. - იქნებ მაგ მსმენელმა ისიც მითხრას, როგორ უნდა მივმართო? - კამელია დაუძახე, - პასუხის გაცემისას, ხელიც გავუწოდე ჩამოსართმევად. - მე კი კლაიდი ვარ. - თავისი მარჯვენაც შემოაგება ჩემს გამოწვდილ ხელს, თან ოდნავ მომიჭირა. - კლაიდი? - ჰო, რა იყო? - არაფერი, უბრალოდ ახლა გული მწყდება, ბონი რომ არ მქვია. - რატომ ბანკის გაძარცვა გქონდა გეგმაში? - მერე დაფიქრდა და მეორე კითხვაც დასვა, - თუ უბრალოდ სახელებით გინდა ერთმანეთს მივუახლოვდეთ? გამეღიმა. მისი მუქი ფერის თვალებიდან, უზღვავი სითბო და პოზიტივი იღვრებოდა. სასიამოვნო იყო ამ ადამიანთან უბრალოდ დიალოგიც კი. მომაბეზრებელი ოჯახური კონფლიქტის შემდეგ, აშკარად ხასიათზე მოვედი. . - ერთიც და მეორეც, - დუმილი რომ საკმაოდ დიდხანს გაიწელა, მხოლოდ მაშინ გავეცი პასუხი მის მიერ დასმულ შეკითხვას. - და რატომ მაინცდამაინც კამელია? - ამის ახსნა მარტივად შეიძლება, დედაჩემს ყვავილები ძალიან უყვარს, - ამჯერად მაშინვე გავეპასუხე, - უფროს დას ლილია დაარქვა, მე კი, კამელია მხვდა წილად. - ორიგინალური ოჯახი ხართ! - ზედმეტად. საცოდაობაა წითელ წიგნში რომ არ ვართ შეტანილები. - ამჯერად, ორივეს ერთდროულად გაგვეცინა. მასთან საუბარმა ყურადღება სხვა რამეზე გადამატანინა და გავხურდი, ისე აღარ მციოდა. - ეგ მაისური სანტა-კლაუსმა გესროლა საახალწლო მარხილიდან? - საჩვენებელი თითით ჩემს ირმებიან ზედატანზე მანიშნა. - რა გინდა, რას უწუნებ? - უნებურად ამეზიდა ცალი წარბი. ერთადერთი არ იყო, ვინც ამ მაისურის გამო მეხუმრებოდა. კლაიდმა გიტარა გვერდზე გადადო. როგორც ჩანდა, მისი დღევანდელი რეპერტუარი საბოლოოდ დასრულებულიყო. - დაწუნებით არაფერს. პირიქით, ბავშვურად გამოიყურები და გიხდება. - სხვა რამის დაკვრას აღარ აპირებ? - თვალით გვერდით გადადებულ გიტარაზე ვანიშნე. უზომოდ მსიამოვნებდა ის ფაქტი, რომ იმ წამს, იქ ჩვენს გარდა არავინ ჩანდა და სავარაუდოდ, არც გამოჩნდებოდა. - არა, - უარის ნიშნად გადააქნია თავი, - დღევანდელი კონცერტი უკვე დასრულდა და ვეღარც სიტყვა "ბის" გაჭრის ამ შემთხვევაში. - საწყენია. არადა, სხვა საახალწლო სიმღერებსაც დიდი სიამოვნებით მოვისმენდი, ბატონო კლაიდ. - ბატონი კლაიდის სხვა დროს მოსმენა თუ მოგინდებათ, შეგიძლიათ ამის შესახებ აცნობოთ და პირობას დებს, შესაბამის ზომებს მიიღებს. - მაინც რა ზომები აქვს მხედველობაში? - დავინტერესდი მისი ჩანაფიქრით. არ ვიცოდი კონკრეტულად რას გულისხმობდა, თუმცა ამ ადამიანის სიმღერის მეორედ მოსმენის პერსპექტივა ზედმეტადაც კი მხიბლავდა. - იმას, რომ შეიძლება ეს ჩვენი ბოლო საუბარი არ იყოს. - კარგი, რა! - მაშინვე შევჭმუხნე წარბები უკმაყოფილოდ, როგორც კი ამ სიტყვების ქვეტექსტი გავიაზრე. იმედებიც საშინლად გამიცრუა მისმა ნათქვამმა. - გეგონა აქ შენს გასაცნობად და თავის მოსაწონებლად მოვედი? - მართალი გითხრა, არც მიფიქრია, - ისე გულწრფელად აიჩეჩა მხრები, ეჭვიც არ შეგეპარებოდა მის გულწრფელობაში, - უბრალოდ, თავად გწყდებოდა გული, მეორედ რომ ვეღარ მომისმენდი და ვცადე, ალტერნატიული ვარიანტი მომეძებნა. - სასიამოვნოა შენი ალტერნატივა, მაგრამ ამას რაღაც გაგრძელება მოჰყვება, მე კი ამ ეტაპზე არანაირი ახალი გამოცდილებისთვის არა ვარ მზად. - რომ იცოდე, თავადაც მაგ აზრზე ვარ, - მითხრა სიცილით, - ფლირტის გაბმა არც მიცდია, თუმცა, ზოგჯერ ადამიანთან მცირედი საუბარიც გახვედრებს, რომ არ გინდა ეს თქვენი ბოლო შეხვედრა იყოს. - ჰოო? - დაეჭვებით შევხედე მის შოკოლადისფერ ირისებს. ამჯერადაც სრული გულწრფელობა ირეკლებოდა მათში. ცხოვრებაში პირველად ვხედავდი ასეთ სუფთა, ყველანაირი სიბინძურისგან დაწმენდილ თვალებს. მიქარწყლდებოდა ჩემს გონებაში მკაცრად ჩაბეჭდილი მოსაზრება, რომ ერთი დღის გაცნობილ ადამიანზე დასკვნის გაკეთება სრული სიბრიყვე იყო და მეტი არაფერი. - დამიჯერე, ასეა, - წამოდგა და თავის გიტარასაც დასწვდა, - თან, როგორც ვამჩნევ, უცნობი მიზეზის გამო, ახალ წელს მარტო ხარ დარჩენილი. არც მე მყავს კამპანიონი, ამიტომ თუ დღევანდელის მსგავსად, არც ხვალინდელ დღეს გაქვს რაიმე გეგმები, ღამის ცხრა საათისთვის ჩემთან გეპატიჟები. ვიცი, გიჟურად ჟღერს, თუმცა თითოეული მომენტი დასამახსოვრებელი იქნება, თუკი დამთანხმდები. - სწორად გავიგე? - მის სიტყვებზე თვალები გამიფართოვდა, - ამ წამს, შენთან დამპატიჟე, ღამის ცხრა საათზე და მართლა ფიქრობ რომ მოვალ? - ვიცოდი, რომ შეგეშინდებოდა, - ღიმილით მომიახლოვდა, ჩემი თითები თავის ხელებში მოიქცია, -თვალებში მიყურე, კამელია! - გიყურებ, მერე? - მიყურე და ისე ამოიკითხე იმ შეკითხვის პასუხი, რომელსაც ახლა დაგისვამ. - კარგი, დამისვი, გისმენ, - ღიმილს ძლივს ვიკავებდი კლაიდის შემხედვარე. თუ არ ვცდებოდი, ოდნავ მასაც ეღიმებოდა. - შენი აზრით, ქალისთვის რამის დაშავება შემიძლია?! - მკითხა გამომცდელად, თანაც საკმაოდ სერიოზული ტონით, - ფიქრობ, რომ მისი სურვილების წინააღმდეგ წავალ და სიტუაციით ბოროტად ვისარგებლებ? გამომეტყველებაზე დავაკვირდი. ვუყურებდი ისე, თითქოს მთელი მისი შინაგანი სამყაროს შეცნობა უნდა მომესწრო, თანაც აუცილებლად. სრული სიგიჟე იყო ეს ყველაფერი. იქნებ, მესიზმრებოდა კიდეც? - ზედმეტად გიჟურ რამეს მთავაზობ, - ხმამაღლა გავახმოვანე საკუთარი ფიქრები, - ასეთ წინადადებაზე, არც ერთი ნორმალური ადამიანი არ დაგთანხმდებოდა, რამდენად სუფთაც არ უნდა იყოს შენი მზერა. კლაიდი ფეხზე წამოდგა და ის სასიამოვნო სითბოც წაიღო, მისი თითების შეხება რომ მგვრიდა. - მესმის შენი, - მითხრა ხმადაბლა, - უბრალოდ ორ ვარიანტს გთავაზობ, ან რისკზე წადი და შენი კომფორტის ზონას გასცდი, ან მასში დარჩი და ეს ახალი წელიც ცხელი შოკოლადის სმასა და "მარტო სახლში"-ს ყურებაში გაატარე. არჩევანი შენზეა. "ჯანდაბა, რა საოცარი ნიჭი აქვს, ადამიანს მის სასარგებლოდ მოანდომოს გადაწყვეტილების შეცვლა. არა, მაინც არ უნდა გატყდე,კამელია!" - შევუძახე, კინაღამ დამარცხებულთა მორევში გადავარდნილ ჩემს თავს და დამაჯერებელი მზერაც მოვიპატიჟე სტუმრად. - სიმართლე გითხრა, მეორე ვარიანტი მთლად კარგად არ ჟღერს, მაგრამ არც პირველის მიღებაზე ვფიქრობ სერიოზულად. - ასეც ვიცოდი. - ანუ თავიდანვე უარისთვის იყავი მზად, მაგრამ მაინც შემომთავაზე? - ბედი ვცადე, - თქვა, თან ჯიბიდან მარკერი ამოიღო და ჩემს ხელის გულს დასწვდა, - მაგრამ, თუკი საოცრება მოხდება, ტვინი გადაგიბრუნდება და გადაწყვეტილებას შეიცვლი, ჩემი მეილის მისამართი გეწერება ხელზე. შეგიძლია, მომწერო და დაუვიწყარი ახალი წელი აჩუქო საკუთარ თავს. - ზედმეტად თავდაჯერებული ხარ! მას ჩაეცინა და თავისი მეილის წერასაც მორჩა, მხოლოდ სახელის პირველი ასოსა და რამდენიმე რიცხვისგან რომ შედგებოდა. - ამის თქმის სერიოზული საფუძველი მაქვს, - მომიგო, - თუკი დამთანხმდები, ხვალინდელი დღის ბოლოს, მაგას შენივე პირით აღიარებ. - და თუ არ დაგთანხმდები? - მაშინ, ჩემი Let It Snow და ეს დიალოგი გაიხსენე ხოლმე, როცა ამ ადგილს კიდევ ერთხელ ჩაუვლი. - უკვე წასვლას აპირებ? - ვკითხე, რადგან ზუსტად იმ წამს, გიტარა გადაიკიდა მხარზე და თეთრი დუტის ქურთუკის ელვაც შეიკრა. -ჰო, მივდივარ... გირჩევნია, შენც შეაფარო სადმე თავი. მალე ფეიერვერკებისა და თოფების სროლა დაიწყება მთელ ქალაქში, შემთხვევით რამე არ მოგხვდეს, სახიფათოა. - ბედნიერი ახალი წელი, კლაიდ. - ბედნიერი ახალი წელი, კამელია, - თვალი ჩამიკრა, მერე კვლავ მოტრიალდა და დაამატა, - რამის წაღებას ვაპირებდი სამახსოვროდ, თუკი ერთმანეთს ვეღარასდროს ვნახავდით, მაგრამ თმის კულულის გარდა ვერაფერი მოვიფიქრე, ეს კი წინა საუკუნეების გადმონაშთია და არც მაკრატელი მაქვს სადმე. მეტი აღარაფერი უთქვამს. სანამ პასუხის გაცემას მოვასწრებდი, ბოლოჯერ გამიღიმა, შენელებული კადრივით გატრიალდა და დინჯი ნაბიჯებით გაუყვა ქვით მოკირწყლულ ბილიკს, თეთრი ხიდისკენ, რომლის ქვეშაც დუნედ მიედინებოდა ზამთრის სეზონისთვის შესაფერისი, კამკამა რიონი. ქუჩაში მარტო დავრჩი. ხელის გულზე კლაიდის მეილს დავყურებდი. ვიფიქრე, კვლავ სახლში დავბრუნებულიყავი, ჩემებთან, თუმცა დედაჩემის სიტყვების გახსენების შემდეგ, ეს აზრი მალევე მოვიშორე. საბუთები და ფული თან მქონდა, ამიტომ სასტუმროში წასვლა უფრო გონივრულ ვარიანტად მივიჩნიე. III თავი ძალიან გამიხარდა, დილით ფანჯრიდან რომ გავიხედე და შენობები თეთრად გადაპენტილი დამიხვდა. რძისფერი ციდან ლამაზად მოფარფატებდნენ მსხვილი, ჰაერში მოტრიალე ფანტელები. ირგვლივ ყველაფერი იმდენად ლამაზად გამოიყურებოდა, ჩემი მარტოობაც გადამავიწყდა და ის ნეგატიური შეგრძნებებიც გაქრა გონებიდან, რაც მას ახლდა თან. მახსოვს ბავშვობის ასაკში, ზამთრის სეზონი, გუნდაობა და სტაფილოსცხვირიანი თოვლის პაპის გაკეთება ზუსტად ისევე ძალიან მიყვარდა, როგორც ნაყინი, შოკოლადი და „ტოფიტას“ კანფეტებისთვის მუსრის გავლება. ამ წამსაც სწორედ პატარა ბავშვივით ვიყავი აჟიტირებული და საერთოდ ამ მსურდა ისე მოვქცეულიყავი, როგორც ზრდასრული ადამიანისთვის იქნებოდა შესაფერისი. ფანჯრიდან დანახული სასიამოვნო სითეთრე მოქმედებდა თავის მოწესრიგების სიჩქარეზე, ათ წუთში მზად ვიყავი. ლიფტის კაბინაში მოქცეული, ბედნიერების ღიმილით მივიწევდი ქვემოთ, ამ წლის პირველი ფანტელების შესაგებებლად. გარეთ გასულს, ყველაფერი იმაზე ბევრად ლამაზი მომეჩვენა, ვიდრე ეს ფანჯრიდან ჩანდა. ქუჩებში, ჩემს მსგავსად, უამრავი ადამიანი გამოფენილიყო და ბუნების ამ მშვენიერი საჩუქრით ტკბებოდა. განწყობა მთასავით მქონდა ამაღლებული. არ მეგულებოდა პიროვნება, ვისი ხასიათის გაუმჯობესებაც თოვლის ქათქათა ფიფქებს არ შეეძლოთ. აღარც მშობლებთან კამათი მახსოვდა, აღარც ჩემი არეული პირადი ცხოვრება და არც სხვა დანარჩენი, რასაც კი ნეგატიურად მივიჩნევდი. ჩემთან მხოლოდ თეთრი ფიფქები დარჩენილიყვნენ და მასთან ერთად, ზამთრის სუსხიანი ქარიც, ურცხვად რომ მიწითლებდა ისედაც გაყინულ ცხვირს. სეირნობისას გუშინდელი დღის მერე, მობილური პირველად ჩავრთე და ჩემს დას, ლილიას გადავურეკე. ძალიან ეწყინა რომ დღესაც არ ვაპირებდი შინ დაბრუნებას. მეჩხუბა კიდეც, ეგოისტიც მეძახა და ისიც დაამატა, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობო, მაგრამ საბოლოოდ მაინც გამიგო. დამპირდა, მშობლებს მე დავაწყნარებო და მეტად სევდიანი ხმითაც გამომემშვიდობა. სახლში მისვლა ყველაზე ნაკლებად მსურდა, თუმცა დანაშაულის გრძნობა მაინც არ მტოვებდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, ისინი მაინც ჩემს ოჯახად ითვლებოდნენ. ვიცოდი, მეტი მოთმინება მმართებდა, რაც სამწუხაროდ არ გამაჩნდა და არც მაღაზიაში იყიდებოდა. მესხიშვილის სვეტებიან თეატრს, რომლის წინაც ქალაქის მთავარი ნაძვის ხე იწონებდა თავს, ჯიბეებში ხელებჩაწყობილმა ჩავუარე. მის წინ, ქვაფენილზე, პატარა ბიჭები შეკრებილიყვნენ და ერთმანეთს გამეტებით უშენდნენ ბამბისფერ გუნდებს. მეც მომინდა ამ ბავშვური თამაშით გართობა, როგორც ეს პატარაობის ასაკში მჩვეოდა ხოლმე. სხვისთვის შეიძლება პატარა ბავშვებთან ერთად გუნდაობა წარმოუდგენელი იყო, მაგრამ მე შემეძლო და მომწონდა. თუკი რამეს მოვისურვებდი, როგორ სიგიჟედაც არ უნდა მომჩვენებოდა, ამას მაინც ვაკეთებდი ხოლმე და ახლაც სწორედ იმავეს გამეორება მქონდა გეგმაში. - ეი, თქვენ! - დავუძახე, თან მხიარულად დავუსტვინე, ხმის უკეთ მისაწვდენად. ჩემმა ძახილმა ბავშვების ჟრიამულიც გადაფარა. ყველა გაჩერდა და შემომხედა. - ჰო, ჰო, თქვენ გეძახით! - მივუახლოვდი სიცილით, - იქნებ კიდევ ერთი წევრი მიგეღოთ გუნდში? თუ რა თქმა უნდა, ასაკობრივი შეზღუდვა არ გაქვთ. ჩემს სიტყვებს რამდენიმეწამიანი დუმილი მოჰყვა. შემდეგ ბავშვების გუნდს, ყველაზე პატარა, წითური ბიჭუნა გამოეყო და გამიღიმა. წინა ორიდან, ერთი კბილი ამოღებული ჰქონდა და მის ადგილას სიცარიელის დანახვამ, სახეზე ღიმილი მომგვარა. გამახსენდა, როგორ მეშინოდა მის ასაკში კბილის მოცვლის და რამხელა დრამებს ვდგამდი. - თუ ჩემს გუნდში იქნები, მოდი, - წამომიყენა პირობა წითურმა, - ისედაც ყველანი მე მესვრიან და დამეხმარები. - აჰა, ანუ თქვენს შორის ყველაზე პატარას დაჩაგვრას აქვს ადგილი, - თვალი სათითაოდ გადავავლე დანარჩენ ბიჭებს, რომლებიც, თბილ ქურთუკებსა და ყელსახვევებში კომბოსტოსავით გახვეულიყვნენ. - ჩვენთან თამაშს მართლა აპირებ? - ამჯერად მწვანექურთუკიანი ბიჭუნა გამოეყო ოთხკაციან ჯგუფს, თან კიდევ ერთი პატარა გუნდა მოამრგვალა ხელთათმანიან თითებში. - ვაპირებ, ვაპირებ, ოღონდ წესების შემუშავებაა საჭირო, - საქმიანი იერით დავიწყე ახსნა, - მე და წითური ერთად ვიქნებით, თქვენ სამნი კი ჩვენ წინააღმდეგ, გაწყობთ? - გვაწყობს! - ჩემმა მომავალმა მეწყვილემ გამცა პასუხი ყველას მაგივრად. - თუ ვინმე აპროტესტებს, შეუძლია ახლავე თქვას! ბავშვებს არაფერი უპასუხიათ. მიბრუნდნენ და დამატებითი გუნდების მომრგვალება დაიწყეს, რაც "საომრად" მომზადებას მოასწავებდა. - შენი სახელი მითხარი, - ჩემი წითური პარტნიორი გვერდით ამომდგომოდა და ქვემოდან მხიარულად მიღიმოდა. იმდენად საყვარელი იყო თავისი გამობერილი ლოყებითა და სუფთა, ბავშვური ღიმილით, ერთი წამით მართლა მომინდა მისი კოცნით დახრჩობა, თუმცა საბოლოოდ მაინც სახელის თქმა ვამჯობინე. - მე, კამელია მქვია, ახლა კი თქვენც გამეცანით. - მე ნიკო ვარ, - წითურმა დაასწრო ყველას. შემდეგ მწვანექურთუკიანის ჯერი დადგა, მითხრა რომ გაგა ერქვა, დანარჩენებისთვის კი, როგორც გავიგე, ანრი და მარლენი უნდა დამეძახა. ამის მერე გუნდებად დავიყავით და საქმესაც მონდომებით შევუდექით. საერთოდ არ მადარდებდა, რომელი გამვლელი, რას იფიქრებდა ჩემზე — ვინ იტყოდა, რომ შეუფერებელი იყო ჩემი ასაკის ადამიანისთვის პატარა ბავშვების გვერდით სირბილი და გუნდების სროლა. საზოგადოების აზრი ახლაც ისევე არ მაინტერესებდა, როგორც ეს მუდამ ხდებოდა ხოლმე. ჩემი ლამაზი მოგონებების ზარდახშას, კიდევ ერთი "ექსპონატი" შეემატა. ამ ბიჭებთან ერთად ყოფნამ, მათთან თამაშმა, თავი კვლავ ათი წლის ბავშვად მაგრძნობინა. სასიამოვნო იყო იმ ასაკში დაბრუნება, სადაც არაფერი მეგულებოდა სიხარულისა და უდარდელობის გარდა. იმ დროში ყოველი დღე სილამაზესთან ასოცირდებოდა და ერთადერთი სადარდებელი მხოლოდ ის იყო, მომცემდა თუ არა დედა, ჩამოსასხმელი ნაყინის საყიდელ ფულს. საოცარი იყო ამ მხიარულ ბავშვებთან გატარებული ყოველი მომენტი. იმდენად კარგად გავერთე, ალბათ კიდევ დიდი ხანს არ დამავიწყდებოდა. სასტუმროში საკმაოდ ამაღლებულ განწყობაზე დავბრუნდი. მართალია იქ მისვლამდე, სადმე მყუდრო ადგილას მჯდომს მინდოდა ცხელი შოკოლადის დალევა, მაგრამ დღესასწაულის გამო ყველაფერი დაკეტილი იყო. სასტუმრომდე გზა ფეხით გავიკვლიე. ფოიეში მხოლოდ ადმინისტრატორები ისხდნენ და ირგვლივაც სიწყნარე სუფევდა. გადავწყვიტე ნომერში მოგვიანებით ავსულიყავი და მიმღებშივე მესარგებლა WF-ის მომსახურებით. ასეც მოვიქეცი, ერთ-ერთ ფუმფულა სავარძელში ჩავეშვი, ქურთუკი შევიხსენი და ინტერნეტის სამყაროში დავიწყე მოგზაურობას. Viber-ზე და WhatsApp-ზე სიახლე არაფერი იყო, თუმცა Facebook-ში ნამდვილად დამიხვდა რამდენიმე წერილი, თანაც ჩემი მეგობრებისგან, ჩვენი საერთო მიმოწერის ჯგუფში. ჩემ გარდა, ყველა ერთად იყო შეკრებილი კოჯორში, სპეციალურად ახალი წლისთვის დაქირავებულ კოტეჯში. მათი გამოგზავნილი ფოტოებიდან, ვიდეოებიდან და ხმოვანი შეტყობინებებიდან ჩანდა, რომ ერთად საკმაოდ კარგ დროსა ატარებდნენ. გული დამწყდა, მეც მათთან რომ არ ვიყავი. სასტუმროს ფოიეში არ მომიწევდა მარტო ჯდომა, მათ რომ გავყოლოდი და ქუთაისში ჩამოსვლა არ ამეტეხა, ოჯახთან ერთად დღესასწაულის გასატარებლად. <<კარგია თქვენ მაინც რომ ხართ კარგ ხასიათზე>> - გავაგზავნე შეტყობინება. მხოლოდ თიკა ციმციმებდა მწვანედ, პასუხიც მანვე გამცა. მართალია მხოლოდ ორი დღე იყო, რაც არ მენახა, მაგრამ მაინც ძალიან მყავდა მონატრებული ისიც და დანარჩენებიც. <<ხომ გაფრთხილებდით ჩვენთან დარჩი-მეთქი?>> - იმედგაცრუებული სმაილების მთელი შეკვრა გამომიგზავნა. რაღაც ასეთ პასუხს ველოდი და გამეცინა, როცა ჩემი ინტუიცია გამართლდა. <<ბოლო ორი დღე მაინც დავრჩები ჩემებთან და მერე ჩამოვალ, გპირდები.>> <<რაო? ეს დღეები მათთან არ ყოფილხარ?>> - აშკარად გაუკვირდა ამ სიტყვების წაკითხვა თიკას. ღრმად ამოვიოხრე. გუშინდელი დიალოგი გამახსენდა დედასთან და კვლავ წვიმიანი ღრუბელივით მოიღუშნენ ჩემი სახის ნაკვთები. <<კამათი მოგვივიდა და სასტუმროში ვრჩები ... მერე მოგიყვები, კარგი? ახლა ამაზე ლაპარაკი არ მინდა. >> - მოკლედ პასუხით შემოვიფარგლე. თიკამ შეტყობინება შესაშური სისწრაფით გახსნა. <<კარგი, კარგი, მაგრამ სერიოზული ხომ არაა რამე?>> <<არა, ისეთი არაფერია, დამშვიდდი.>> <<გასაგებია, ისევ ოჯახის შექმნაზე საუბრით მოგაბეზრეს თავი.>> <<გამოიცანი.>> - მოწყენილი სმაილების ნაკადი გავუშვი ამ ერთ სიტყვასთან ერთად. <<არ მოიღუშო კამი, მე და გოგონები ბევრს გკოცნით და მოუთმენლად გელოდებით.>> <<მეც გკოცნით, კარგად გაერთეთ და ფოტოებიც ხშირად გამომიგზავნეთ ხოლმე.>> თიკამ, პასუხად სხვადასხვა ფერის გულის სმაილები მომწერა, მერე ვიდეოც გამოუშვა, სადაც კოცნას მიგზავნიდა და ჩვენი მიმოწერაც სწორედ ამ ნაწილში დასრულდა. მასთან საუბრის დამთავრების შემდეგ, გადავწყვიტე რამე საინტერესო ფილმი ჩამერთო და დრო ამ საშუალებით მაინც მომეკლა. ძებნა IMDB კოეფიციენტის მიხედვით დავიწყე და ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რეიტინგის მქონე ეკრანიზაციაც შევარჩიე. საკმაოდ საინტერესო შინაარსის მიუხედავად, გული მაინც ვერაფრით დავუდე. აღარ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. არც ნომერში ასვლა მინდოდა, არც სახლში დაბრუნება და არც სხვა რამე. ახალ წელს, სრულიად მარტო, ყველანაირი გეგმის გარეშე ვიყავი დარჩენილი და უნდა მეღიარებინა, ჩემს ცხოვრებაში ასეთი რამ პირველად ხდებოდა. სახემოღუშულმა, ოთხმოცპროცენტამდე დატენილი მობილური კვლავ ქურთუკის ჯიბეში ჩავაბრუნე და ხელიც შიგნით ჩავტოვე. თითებში მეტად უცნაურად მომყვა რაღაც ოთხკუთხედი ფურცელი, რომელიც აშკარად აღარ მახსოვდა როგორ აღმოჩნდა იქ. დაბნეულმა ფურცელი მაშინვე ამოვაცურე ჯიბიდან და ზემოდანაც დავხედე. ზედ გაკრული ხელით ეწერა ვიღაცის Gmail -მისამართი. ფართოდ გამეღიმა. ჩემმა მეხსიერებამ, გააქტიურების ღილაკი აანთო და ზუსტად იმ წამს გამახსენდა, წინა ღამით ნანახი იდუმალი მუსიკოს. მისი მეილიც თავად გადავწერე ხელიდან ფურცელზე, სასტუმროს ნომერში დაბინავების შემდეგ. რა თქმა უნდა, ჯერ კიდევ სრულ სიგიჟედ მეჩვენებოდა მისი სახლში მიპატიჟების წინადადება, თუმცა ჩემს ერთ ნაწილს აინტერესებდა, როგორი იქნებოდა კლაიდთან ერთად გატარებული დღესასწაული და რა სიურპრიზს მოამზადებდა იგი ჩემი თანხმობის შემთხვევაში. სასიამოვნოდ მახსენდებოდა მასთან გაბმული მცირეხნიანი დიალოგი, „Let It Snow“-ს მისებური ინტერპრეტაცია, თბილი, შოკოლადისფერი თვალები და მომხიბვლელი ხმა. თითქოს ამ უეცარი გამოჩენით, რამდენიმე წუთით მაინც შემოიტანა პოზიტივი ჩემს ცხოვრებაში და ლამაზი სიმღერით უცნობი ჟრუანტელიც მაჩუქა. იქნებ, არც ისეთი სულელური გადაწყვეტილება იყო რისკზე წასვლა და მის შემოთავაზებაზე სერიოზულად დაფიქრება? ბოლოს და ბოლოს, ახალი წელი ხომ სიგიჟეებისა და სიახლეების დღესასწაული იყო? რა მოხდებოდა, მეც რომ ჩამედინა სიგიჟე და ეს წინადადება, ანდაზა —"ასჯერ გაზომე და ერთხელ გაჭერი“-ის ჯანდაბაში მოსროლით, ზედმეტი დაფიქრების გარეშე მიმეღო? რას ვკარგავდი? ოჯახის წევრებთან მაინც არ ვაპირებდი დღესასწაულის აღნიშვნას, არც თბილისში დაბრუნება მქონდა გეგმაში და არც რამე განსაკუთრებული იდეა, რითიც დროის გაყვანა შემეძლებოდა. აშკარად არ იყო ცუდი აზრი კლაიდის სახლში მისვლა. იქნებ, ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთ საუკეთესო ღამედაც კი გადაქცეულიყო და სამუდამოდაც დამრჩენოდა მეხსიერებაში? ამას ნამდვილად ვერასდროს გავიგებდი, თუკი შემოთავაზებას არ დავთანხმდებოდი. გადავწყვიტე, ერთხელ მაინც დამეტოვებინა ჩემი კომფორტის ზონა, რისკზე წასასვლელად. იმის შიშით, რომ გადაწყვეტილება აღარ შემეცვალა, ტელეფონში სასწრაფოდ ავკრიფე ფურცელზე დაწერილი Gmail და წერილის ველში, ტექსტის წერას შევუდექი. მეცინებოდა საკუთარ თავზე. პირველად ვიყავი ახალი წლის დღესასწაულზე იმდენად მარტოსული, რომ სრულიად უცხო ადამიანს ვთანხმდებოდი საღამოს ერთად გატარებაზე. ეს ყველაფერი რაღაც მხრივ საინტერესო ფილმის სიუჟეტად მეჩვენებოდა. თუმცა ბევრად მერჩივნა ჩემი საუკეთესო მეგობრების გარემოცვაში მემხიარულა, ვიდრე იმ იდუმალ პიროვნებასთან ერთად, რომლის მხოლოდ სახელი ვიცოდი და მეტი არაფერი. ბევრი ფიქრისა და წინადადებების დალაგების შემდეგ, როცა ყოველი საწინააღმდეგო აზრი მოვიშორე თავიდან, წერილსაც მივეცი ნორმალური სახე. მისი რედაქტირებული ვერსია დაახლოებით ასე გამოიყურებოდა: <<შენი მოსაწვევი ისევ ძალაშია, თუ, როგორც მითხარი, ახალი წლის გატარება, „მარტო სახლშის“ ყურებაში მომიწევს? არც კი მჯერა, რომ ამას რეალურად გწერ. მგონი გავგიჟდი.>> გაგზავნამდე წერილის სიტყვები კიდევ ერთხელ გადავიკითხე და როცა მივხვდი, რომ ნამდვილად არაფერი აკლდა, გაგზავნის ღილაკსაც დავაწექი. უჩვეულოდ მიცემდა გული. თვალები მაგრად დავხუჭე. რატომღაც, ღილაკიდან თითის აღებისას ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც დანაშაული ჩავიდინე და ამის გამო, მალე მკაცრად მომთხოვდნენ პასუხს. რაც არ უნდა ყოფილიყო, თავი ღრმად ჩასუნთქვა-ამოსუნთქვით გავიმხნევე და მიმღების ფუმფულა დივანში მოხერხებულად მოვკალათდი. ირგვლივ კვლავაც არავინ იყო სპეციალურ უნიფორმებში გამოწყობილი ადმინისტრატორების გარდა. მომწონდა ეს კომფორტი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს სასტუმრო მხოლოდ ჩემთვის მუშაობდა და მისი ერთადერთი დამსვენებელი ვიყავი. ფიქრებში გართულმა, საკმაოდ გვიან აღვიქვი მარცხენა ხელში მოქცეული მობილურის ზუზუნი. თავდაპირველად ვიფიქრე, რომ ოჯახის წევრებიდან ცდილობდა ვიღაც დაკავშირებას. ეკრანისთვის არც დამიხედავს, კიდევ ერთხელ რომ არ მეგრძნო დანაშაული მათ წინაშე. შემდეგ ვიფიქრე, ნეტავ ვინმეს რამე მნიშვნელოვანი საქმე ხომ არ აქვს-მეთქი და ვუპასუხე. კიდევ კარგი ასე მოვიქეცი! როგორც აღმოჩნდა, შეტყობინება Gmail-ზე იყო გამოგზავნილი, მისი ავტორი კი ის გახლდათ, ვისაც ცოტა ხნის წინ გავუგზავნე წერილი. გამიკვირდა მისგან ასეთი სწრაფი პასუხი. ეს იმის მანიშნებელი იყო, რომ მეილი ჩართული ჰქონდა და შეტყობინების მისვლის ხმაც დროულად გაეგონა. აფანცქალებული გულით დავხედე მის მოწერილ სიტყვებს. რამდენიმე წამით ნერვიულობისგან თვალებიც კი ამიჭრელდა, თუმცა მალევე შევძელი ტექსტის გარჩევა: <<ანუ, შენი წითელი ცირკულარით ძებნა აღარ იქნება საჭირო.>> გამეღიმა. მომეწონა მისი იუმორის გრძნობა და ისიც, რომ შეფარულად გადმომცა, როგორ არ სურდა, გუშინდელი ღამე ჩვენს ბოლო შეხვედრად ქცეულიყო. <<არა, საჭირო აღარ იქნება, მაგრამ თუკი შენთან მოვალ, ბარძაყზე ქამარი მექნება შემოსალტული, სადაც მაყუჩიან იარაღს ჩავიდებ. გაითვალისწინე და ზედმეტად ახლოს არ მოხვიდე.>> <<შენს ადგილას ბრონირებულ კოსტიუმსაც ჩავიცვამდი.>> - თავადაც ამყვა ხუმრობაში, თან სიცილის სმაილიც დაურთო შეტყობინებას. მომხიბვლელი იყო მისი საუბრის სტილი. თითქოს ვირტუალურადაც კი მჩუქნიდა იმ პოზიტივს, ასე ძალიან რომ სჭირდებოდა ჩემი სხეულის თითოეულ უჯრედს. <<კარგი, მოკლედ შენ გაიმარჯვე, შეგიძლია შამპანური გახსნა.>> პასუხი ახლაც საკმაოდ მალე მივიღე და ამჯერადაც ღიმილი მომადგა სახეზე. ალბათ იდიოტი, თინეიჯერი გოგოს გამომეტყველებაც მქონდა, რომელიც შეყვარებულის წერილებზე უაზროდ უღიმოდა ეკრანს. <<შამპანური არ მაქვს და ჯეკ-დენიელსი არ წავა?>> <<წავა, წავა, ოღონდ ძალიანაც ნუ გაგიხარდება ჩემი თანხმობა. თუკი ეს საღამო არ მომეწონება, შენზე შურს ვიძიებ!>> <<უსიამოვნოდ ჟღერს, მაგრამ არა მგონია შურისძიება საჭირო გახდეს. დარმწუნებული ვარ, ეს ახალი წელი შენთვის დაუვიწყარი გახდება.>> <<ნუთუ?!>> <<შეგიძლია სიტყვაზე მენდო, არ ინანებ!>> კვლავ ფართოდ გამეღიმა. რაც უფრო მეტი დრო გადიოდა, მით უფრო მომწონდა ეს ვირტუალური კონტაქტი, რის გამოც, მასთან მიმოწერაც საკმაოდ დიდხანს გამიგრძელდა. ათას უაზრობაზე მოვასწარით საუბარი და მის შესახებ საკმაოდ ბევრი რამ გავიგე. გავარკვიე, რომ კლაიდის საყვარელი მსახიობი, ოდრი ჰეფბერნი იყო, რომ უპირატესობას შავ-თეთრ ფილმებს ანიჭებდა, გიჟდებოდა არაქისიან ვაფლებზე, მწარე შოკოლადზე და ყველაფერ იმაზე, რაც სიტყვა "ტკბილეულის" ქვეშ ერთიანდებოდა. მეც ძალიან ბევრი რამ ვუამბე საკუთარ თავზე. კარგი მოსაუბრე იყო. შემეძლო დაუსრულებლად მელაპარაკა და წამითაც კი არ მომეწყინა. მიმოწერის გაგრძელებაში ხელი მხოლოდ იმან შეგვიშალა, რომ ჩვენი საერთო საღამოსთვის, ისიც მოსამზადებელი იყო და მეც. არ ვიცოდი, რა უნდა ჩამეცვა. სახლიდან წამოსვლისას ტანსაცმელი თან არ წამომეღო და ახლა გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი ჩავარდნილი. ვიცოდი, უკან ბარგის წამოსაღებად რომ დავბრუნებულიყავი, მაინც მოახერხებდნენ ჩემს დარჩენაზე დათანხმებას და კლაიდთან მთელი გეგმები ჩამეშლებოდა. ამის გამო, შინ მისვლა მაშინვე კატეგორიულად გამოვრიცხე და ალტერნატიულ ვარიანტზე დავიწყე ფიქრი. რა უნდა ყოფილიყო ეს ალტერნატივა? მაღაზიები დაკეტილი იყო, შესაფერისი ტანისამოსი რომ შემეძინა. იქნებ საერთოდაც არ იყო საჭირო განსაკუთრებულად გამოწყობა და უბრალოდ იმით წავსულიყავი, რაც ახლა მეცვა? ბოლოს და ბოლოს, პაემანი ხომ არ გვქონდა? შემეძლო ჩემს ახლანდელ სამოსში ცოტაოდენი ცვლილება შემეტანა და მასთან ისე წავსულიყავი. ამ გეგმით მეტად კმაყოფილი დავრჩი. მხოლოდ ერთადერთი ნივთი— მაკრატელი მესაჭიროებოდა და ყველაფერს საკმაოდ ადვილად მოვაგვარებდი. დასაწყისისთვის ტანზე გავიხადე, სამოსი გავრეცხე და საშრობის გამოყენებით კარგად გავაშვრე. საწოლზე დავაფინე ჩემი სანაქებო ირმებიანი მაისური და ჯინსის შარვალი, თავზე კი გამოცდილი დიზაინერივით დავადექი და ფიქრის ნიშნად, ნიკაპზე თითები ავათამაშე. გონებაში უკვე მქონდა რამდენიმე იდეა, როგორ გადამეკეთებინა ისე, რომ არც ზედმეტად გამომწვევი ყოფილიყო და არც ისეთი, მამაკაცის მოწონებას რომ ვერ დაიმსახურებდა. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც მსურდა კლაიდზე შთაბეჭდილება მომეხდინა. ბოლოს და ბოლოს, ქალი ვიყავი და ნამდვილად არ მსურდა საპირისპირო სქესს, ჩემი დანახვისას ეფიქრა, რომ საკუთარ გარეგნობაზე ოდნავადაც არ ვზრუნავდი. პირველ რიგში, ხელში ჯინსი ავიღე, საწოლის ბოლოში ფეხმორთხმით მოვკალათდი და მასზე პატარა ფიფქების ამოჭრა დავიწყე. ეს საახალწლო განწყობასაც შემოიტანდა და ჩემი სტილის ორიგინალურობასაც გაუსვამდა ხაზს. ჯინსის "გარდაქმნის" პროცესი რომ დასასრულს მიუახლოვდა, შემდეგ უკვე სვიტერს შევუტიე. ამ მხრივ, განსაკუთრებული დიზაინი ნამდვილად არ ამირჩევია. ზურგზე ამოვჭერი საშუალო ზომის სამკუთხედი, წინ მუცლის ოდნავ ზემოთ, პატარა წრის ფორმაც გავაკეთე, ყელი მთლიანად მოვარღვიე და როგორც კი მის მაგივრად მკერდთან ოდნავ ჩაჭრილი გული მივიღე, კმაყოფილება ვერ დავფარე. წითელი ხალიჩის ვარსკვლავივით ვერ ვიბრწყინებდი, თუმცა კრეატიულად ნამდვილად ვიქნებოდი ჩაცმული და ჩემი თვითკმაყოფილების ასამაღლებლად, ესეც სრულიად საკმარისი გახლდათ. საღამოსთვის მზადების პარალელურად, მომინდა საკუთარი გეგმების შესახებ მეგობრებისთვის მომეყოლა, თუმცა ორმა ფაქტორმა შემაფერხა. პირველი ის იყო რომ არ მსურდა მათთვის გართობაში შემეშალა ხელი, მეორე კი არანორმალურის იარლიყს მომაკრავდნენ და ჭკუის სწავლებასაც დამიწყებდნენ. გარდა ამისა, ისიც არ მინდოდა, რომ ჩემი კლაიდთან გატარებული წუთების შესახებ, სხვასაც ჰქონოდა ცნობები. მსურდა ეს მომენტები მხოლოდ ჩვენი ყოფილიყო და სხვას მათზე წარმოდგენაც არ ჰქონოდა. სიმართლე რომ ვთქვა, მსგავსი ფიქრები თავადაც ძალზედ მეუცნაურებოდა, თუმცა ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი. ისე მომწონდა ეს სიტუაცია, ყველაფერი დანარჩენი უკვე მეორეხარისხოვნად მეჩვენებოდა და არც ყურადღება გამიმახვილებია. გარეთ ისევ განუწყვეტლივ თოვდა და ფიფქების ზომაც, შემცირების მაგივრად, თანდათანობით მატულობდა. საზღვარი არ ჰქონდა შინაგანად დაგროვებულ სიხარულს. ძარღვებში სისხლის მაგივრად ენდორფინი მოძრაობდა, როცა ფანჯარიდან გადაშლილ ზღაპრულ სითეთრეს ვუყურებდი. საწოლზე ბამბის ხალათით გაშოტილს, ბალიში გულში მქონდა ჩახუტებული, ტელეფონში Let It Snow-ს ვუსმენდი და გული უჩვეულო სიხარულთ მიცემდა. ზოგჯერ რა ცოტაა საჭირო ადამიანის ბედნიერებისთვის? ამ სიტყვების არსი, სწორედ მაშინ გავაცნობიერე მთელი სიცხადით და უფრო მაგრად მოვეხვიე ჩემს ბალიშს. წინ ლამაზი ღამე მელოდა, რომელსაც დარწმუნებული ვიყავი, თავიდან ბოლომდე თეთრად გავათენებდი, ამიტომ მანამდე კარგად გამოძინებაზე უნდა მეზრუნა. ბავშვობიდან მიჭირდა დღის სინათლეზე დაძინება. სასტუმროში კი სქელი ფარდები არ იყო, ფანჯარა რომ დამეფარა. ამიტომ დასაძინებლად მისისიპების მაგივრად თოვლის მოცეკვავე ფიფქების თვლა დავიწყე. ორმოცზე რომ ავედი, ვიგრძენი, მთქნარება მომერია, ასზე თვალებზე სიმძიმე ვიგრძენი, ასორმოცდაათზე ისინი რამდენჯერმე დამეხუჭა, მერე კი, უკვე ყველაფერი ბუნდოვნად მახსოვს. მხოლოდ თეთრად გადაპენტილი გარემო მაგონდება, რომელსაც ნელ-ნელა შეერია უღიმღამო ნაცრისფერი და თავის მთენთავ ბურუსში ერთიანად გამახვია. IV თავი შიში ის საშინელი გრძნობაა, რომელიც მუდამ უკან გვხევს. მას შეუძლია გულით მიღებული გადაწყვეტილება შეგვაცვლევინოს. იგი გონებას მთლიანად დაეპატრონება, სიტუაციის განვითარების მრავალ არასასურველ სცენარს წარმოგადგენინებს. თუ ძლიერი არ იქნები, თუკი მტკიცედ არ დადგები, საბოლოოდ, დასახულ გეგმაზეც აგაღებინებსს ხელს. სწორედ შიშით ვიყავი გარემოცული, როცა თვალებდახუჭული, აჩქარებული სუნთქვითა და აფორიაქებული გონებით ვიდექი იმ კორპუსის წინ, რომლის მისამართიც კლაიდმა მომწერა მეილზე. თმაზე განუწყვეტლივ მეცემოდნენ თოვლის მსხვილი ფანტელები და მაშინვე დნებოდნენ. ცხრა საათს მხოლოდ რამდენიმე წუთიღა აკლდა, თუმცა ვერც წინ ვახერხებდი ნაბიჯის გადადგმას და ვერც- უკან. არც სასტუმროში გაბრუნებას მივიჩნევდი სწორ გადაწყვეტილებად და არც კლაიდის სადარბაზოში შესვლას. მართლა არ ვიცოდი რა მექნა. არ მესმოდა, როგორ შეიძლებოდა წამოსვლამდე ასეთი თავდაჯერებული ვყოფილიყავი, ხოლო დანიშნულების ადგილას მისვლისას კი ისე ძალიან შემშინებოდა, როგორც ახლა მეშინოდა. რა უნდა მექნა?! სიმამაცე გამომეჩინა და ზემოთ ავსულიყავი? იქნებ მართლაც არ იყო იმდენად კარგი ადამიანი, როგორიც აქამდე მეგონა? იქნებ საერთოდაც შეშლილი მანიაკი გახლდათ, ვისაც მომხიბვლელი, პოზიტიური მამაკაცის ნიღაბი იდეალურად ჰქონდა მორგებული სხვების მოსატყუებლად? გამორიცხულია, ეს შეუძლებელი იყო. არ მსურდა იმის დაჯერება, რომ ამ ადამიანში ასე შევცდი და იმად წარმოვიდგინე, ვინც სინამდვილეში არ იყო. ბოლოს და ბოლოს, ხომ გადავწყვიტე ჩემს კომფორტის ზონას გავცდენოდი და რისკზე წავსულიყავი?! ვერ გადავუხვევდი ამ გზიდან. ასე რომ გამეკეთებინა, მერე შეიძლებოდა მთელი დარჩენილი ცხოვრება მენანა, ამას კი არაფრით დავუშვებდი. აფორიაქებული გონების დასამშვიდებლად, ღრმად ჩავისუნთქე და შემდეგ ისევ ამოვისუნთქე. ასე კიდევ რამდენჯერმე მოვიქეცი, უკეთესი შედეგის მისაღწევად. ეს ცოტათი დამეხმარა კიდეც. აქამდე დარწმუნებული ვიყავი, რომ ადგილიდან განძრევას ვერ შევძლებდი, ახლა კი ფეხები თითქოს უხილავი ძალის ზემოქმედებით ამოძრავდნენ და მაიძულეს სადარბაზოში თავდაჯერებული მზერით შევსულიყავი. მიუხედავად ჩემი გარეგნული სიმშვიდისა, აჩქარებულ გულისცემას მაინც არაფერი ეშველა. მანამდე ვერ დავმშვიდდი, სანამ ლიფტით ზემოთ არ ავედი და კლაიდის კარი არ დავინახე. იქ მოხვედრამ თითქოს ერთიანად დამამშვიდა. წარმოდგენა არ მქონდა რატომ, თუმცა უკვე აღარც გული მიცემდა გაორმაგებულ ტემპში და არც ყოყმანის გრძნობა მიჭერდა ყელში უხილავ ხელებს. რაც იყო, იყო. რახან აქამდე მოვედი, უკან დახევას ნამდვილად არ ვაპირებდი და ამაში ბოლომდე დარწმუნებულმა, მხიარული სახით მივაჭირე საჩვენებელი თითი, კარის მარჯვენა მხარეს მიმაგრებულ ზარის ღილაკს. შიშის გრძნობა დილის ცვარივით აორთქლდა ჩემი გონებიდან. იმ მომენტში მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, რომ ეს ახალი წელი, ყველაზე ორიგინალური გამეხადა, რაც კი აქამდე მქონია. მჯეროდა, ასეც იქნებოდა. კლაიდი ნამდვილად ღირდა იმად, მის გამო რისკზე წავსულიყავი. უკან დასახევი გზა უკვე მოჭრილი იყო და ეს არც მე მინდოდა. ზარის დარეკვიდან არც ისე დიდი დრო იყო გასული, როდესაც ზღურბლის მეორე მხრიდან მკვეთრი ნაბიჯების ხმა მომესმა. გამეღიმა იმის გაცნობიერებაზე, რომ ერთმანეთთან სულ მცირედი ბარიერი გვაშორებდა და მალე ეს ბარიერიც გაქრებოდა. საკეტის ჩხაკუნის ხმა თითქოს მთელ სადარბაზოში გაისმა, ან მე მომეჩვენა ასე. ზუსტად ვიცოდი, მოუთმენლად მელოდა და ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ჩემი დანახვისას, სახეზე აღბეჭდილი ოდნავ ღიმილშეპარული გამომეტყველება დავინახე. თავადაც მომერია ღიმილი. იმდენად შინაურულად, თუმცა მოხდენილად ეცვა, შეუძლებელი იყო მისთვის თვალის მოწყვეტა. პუმას თეთრი ფერის, საკმაოდ დახვეწილი სპორტულები, საოცრად უხდებოდა მის იდეალურ სიმაღლესა და აღნაგობას. უნდა მეღიარებინა, სულაც არ იყო კლაიდი ის მამაკაცი, ვისთვისაც ქალი გულგრილად შეძლებდა გვერდის ავლას. არც მე ვიყავი უგრძნობი, ამიტომ მისი დანახვისას, გავშტერდი. მხოლოდ მაშინ მოვეგე გონს, როცა კლაიდმა, ჩვენ შორის უხილავ ძაფებად გაბმული დუმილი, თავისი მომხიბვლელი ხმით დაარღვია : - ისევ ირმებიანი ზედატანი? - ღიმილით ამათვალიერა. - არა, ცუდად არ გამიგო, ძალიან გიხდება - ჰოო? - კომპლიმენტის თქმის უფლება ხომ მაქვს? - კარის ჩარჩოს მიეყრდნო ცალი მკლავით. - მოდი, ახლა ყველაზე ბანალური კონპლიმენტი მითხარი, რაც კი არსებობს. - კარგი, ახლავე, - დაფიქრების ნიშნად თითები ნიკაპზე აათამაშა და ორწამიანი ფიქრის შემდეგ, თვალებში ჩამხედა, - თუ ლამაზი ხედის დანახვა გინდა, სარკეში ჩაიხედე. - ჰოო, ეს ნამდვილი საშინელებაა! - გულწრფელად გამეცინა და როგორც კი ხელით მაჩვენა შიგნით შევსულიყავი, ზღურბლსაც გადავაბიჯე, - აბა, რა გაქვს ამ ღამისთვის დაგეგმილი? - წინასწარ არაფრის თქმა არ მინდა და ნურც შენ გაუსწრებ წინ მოვლენებს, - მერე ჩაფიქრებული მზერა მიიღო და სანამ კიდევ ამოიღებდა ხმას, რატომღაც დაკვირვებითაც ამათვალიერა, - ისე, ძალიან უცნაურად მომეჩვენა შენი პირობა... - ის, რომლის მიხედვითაც ამ ღამის შემდეგ ერთმანეთი აღარასდროს უნდა ვნახოთ? - მაშინვე მივხვდი რასაც გულისხმობდა. ეს ყველაფერი კლაიდს „ჩატის“ დასასრულს მივწერე. შეიძლება ვინმემ სულელურ, ქალურ გამოხდომად ჩათვლოს, თუმცა მე მართლა მჯეროდა, რომ თუკი ერთმანეთთან ურთიერთობას განვაგრძობდით, მომავალში ყველაფერი აბლაბუდასავით აგვერეოდა და ამ ღამესაც გავაუფერულებდით. - ჰო, სწორედ ეგ... ურთიერთობის გაგრძელება ასე რატომ გაშინებს? - საერთოდ არ მაშინებს, - წინადადება ნორმალურად დასრულებულიც არ ჰქონდა, რომ მაშინვე უარვყავი, თანაც ისე, თითქოს ამის თქმით ჩემთვის რამე შეურაცხყოფა მოეყენებინოს. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ სიტუაციისთვის შეუფერებელი ტონი მქონდა და შედარებით დაწყნარებული ხმით განვაგრძე. - ქალის და კაცის ურთიერთობაში, მუდმივი არაფერია, კლაიდ. ჯობია კარგი მოგონებები გაგვყვეს და მომენტი არ გავაფუჭოთ. -კარგი, იყოს ასე, - ჩემდა გასაკვირად, მეტად ჩაძიება აღარ უცდია. ალბათ, ახლა იდუმალება უფრო მომხიბვლელად ეჩვენებოდა, ვიდრე ყველაფრის წინასწარ ცოდნა და მისი დუმილიც სწორედ ამის მიზეზი იყო. ჩემთვის ჯერ კიდევ უცნობ სახლს, მალულად მოვატარე ინტერესიანი მზერა. იქაურობა იმდენად მყუდრო და ლამაზი იყო, შინაგანი აღფრთოვანებაც კი ვიგრძენი. ბინა ოდნავადაც არ ჰგავდა მარტოხელა მამაკაცის საცხოვრებელს. არც არეულ ბუნაგს. პირიქით, ყველაფერი სისუფთავისგან ბრწყინავდა და ერთი უბრალო ნივთიც კი არ იდო უადგილოდ. შესასვლელი კარიდან ხელმაცხრივ, კედელზე, თაროსავით მიმაგრებული საწერი მაგიდა იდგა. მის ოდნავ ზემოთ, ფიჭის ფორმის თაროებზე, სხვადასხვა ჯიშის მცენარეები ეწყო ლამაზად მოხატულ, პატარა ქოთნებში. სახლი სწორედ რომ ერთ ადამაიანზე იყო გათვლილი. ამაზე ყველაფერი მოწმობდა - მინი-ბარი, მცირე ზომის სამზარეულო, დახვეული კიბე, რომელიც იმ საძინებელში ადიოდა, რომელიც აივანივით გადმოჰყურებდა მისაღებს და იატაკზე გაფენილი, უზარმაზარი, ბალიშებით გადავსებული მატრასიც კარგად ჩანდა, საწოლის ფუნქციას რომ ითავსებდა. - საოცრად ლამაზი სახლი გაქვს, - ვუთხარი მაშინვე, როგორც კი თვალიერებას მოვრჩი, - ალბათ აქაურობას დამლაგებელი ალაგებს ხოლმე... - სიმართლე გითხრა არა, ვერ ვიტან, როდესაც პირად სივრცეში უცხო ადამიანი მეჭრება და ჩემს ნივთებს ეხება. - ანუ, გინდა თქვა, რომ ბინას შენით აწესრიგებ? კლაიდმა ქვედა ტუჩს ღიმილით მოსდო კბილები, მერე კი სპორტული მოსაცმელის ელვაშესაკრავი ოდნავ შეიხსნა. -კარგი რა, კამელია, მამაკაცებმაც იციან, როგორ ირთვება მტვერსასრუტი და როგორ უნდა დაასხა საწმენდ ტილოს ანტისეპტიკური ხსნარი. - კარგი, კარგი, მაპატიე, - სიცილი ამიტყდა მის სიტყვებზე, - მანდ რა გიჭირავს? - იმ წამს მაგიდიდან აღებულ სანტა-კლაუსის ქუდზე ვანიშნე, რომლით ხელშიც ჩემკენ ნელა მოიწევდა. - საახალწლო განწყობის შემოსატანადაა საჭირო. - თუ ასეა, შენც დაიფარე. - გამორიცხულია, - თავი გააქნია და ქუდიც საკუთარი ხელით მომარგო, - დავიფარებდი, უბრალოდ ჩემი ზომის ვერსად ვიშოვე. - ჰო? არადა ასეთი დიდი თავიც არ გაქვს, - ავყევი ხუმრობაში, - მგონი საკმაოდ ნორმალური ზომისაა. - კარგი, ჩემი თავის ზომას შევეშვათ და ამ ღამის გეგმებს რაც შეეხება, სამ განსაკუთრებულ ადგილს მოვინახულებთ, მერე კი, დამატებით კიდევ ერთ ადგილას წავალთ, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მე გავცემ მითითებებს, შენ კი მათ შეასრულებ. - ასეთი რა მითითებები გაქვს? - ეჭვით დავხედე ზემოდან, როცა უკვე დუტის ნაცრისფერი ქურთუკი ჰქონდა მორგებული და ძირს დახრილი კედების ზონარებს იკრავდა. - ნუ ღელავ, ისეთი არაფერია, რაც არ მოგეწონება. მენდე. - რომ არ გენდობოდე, ახლა აქ არ ვიქნებოდი. - მიხარია ეგ რომ მესმის... გშია? - გააჩნია რისი შემოთავაზება შეგიძლია, - მხოლოდ მაშინ მივუგე, როდესაც ზონრების შეკვრა დაამთავრა და კვლავ წელში გაიმართა - სანამ მოხვიდოდი, იაპონური საჭმელი შევუკვეთე. დღეს მიმოწერისას წამოგცდა რომ ძალიან გიყვარს. შეგვიძლია თან წავიღოთ და გზაში შევჭამოთ. - სერიოზულად? - სასიამოვნო შეგრძნება თითქოს თმის ღერიდან ფეხის ფრჩხილამდე გავრცელდა. ჩემი იაპონური კერძებისადმი სიყვარულის ფაქტი მხოლოდ გაკვრით ვახსენე, დიალოგისას, თუმცა კლაიდმა მაინც დაიმახსოვრა და როგორც აღმოჩნდა, დიდი ყურადღებაც მიაქცია. - კონკრეტულად რა შეუკვეთე? - უკან გავყევი სამზარეულოსკენ ზომიერად სწრაფი ნაბიჯებით წასულს. - ატრია, ზღვის პროდუქტებითა და ცხარე საწებლით. - ვერაფერს ვიტყვი, მაგარია! - სიტყვის გაგონებაზეც კი ნერწყვი მომადგა. გამახსენდა, რომ დღეს შუა დღის მერე არაფერი მეჭამა და შიმშილის გრძნობამაც მთელი სიმძლავრით შემომიტია. - ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. - შენც გიყვარს იაპონური სამზარეულო თუ უბრალოდ, მე მიწევ ანგარიშს? - არა, მეც ძალიან მიყვარს. იაპონიაში მოგზაურობისას მეგონა, იქაურ კერძებს ვერაფრით შევეჩვეოდი, თუმცა ვაღიარებ, ძალიან მომეწონა. - ანუ იაპონიაში ხარ ნამყოფი. - ჰო, ვარ, - ჩემთვის განკუთვნილი, ქაღალდის ყუთში მოთავსებული პორცია გამომიწოდა. საჭმელ ჩხირებთან ერთად, თან დაამატა, - სხვათა შორის, იაპონელ შეფ-მზარეულებს ერთი გამოთქმა აქვთ... - მართლა? მაინც რა გამოთქმა? - ის, რომ საჭმელი ადამიანივითაა და მას გარეთ შიშველს ვერ გაიტან. სწორედ ამიტომ, კერძების გაფორმებას ყოველთვის ზედმეტად დიდ დროს უთმობენ ხოლმე. -კარგი, თუ ასეა, სიამოვნებით მოვისმენ იაპონიის შესახებ სხვა საინტერესო ფაქტებსაც. კლაიდს კვლავ მომხიბვლელად გაეღიმა, თავით გასასვლელი კარისკენ მანიშნა და სანტა-კლაუსის ქუდის ბურთულაზე საჩვენებელი თითით წამეთამაშა. - გპირდები, ყველა კითხვაზე გიპასუხებ, ოღონდ გზაში. აბა, რას იტყვი, წავედით? როცა ეს კითხვა დამისვა, თავისი შოკოლადისფერი თვალებით დამკვირვებლური მზერა მესროლა და ნათლადაც მაგრძნობინა, თუ რამდენად საინტერესო და ორიგინალური ახალი წელი მელოდა წინ. თანხმობის გარდა, ნამდვილად არაფერი დამრჩენოდა. - წავედით, კლაიდ. ოღონდ ჩემნაირ საახალწლო ქუდს შენც მოირგებ. აქეთ რომ მოვდიოდი, დავინახე, თოვლისგან გაკეთებულ ბაბუას ეხურა თავზე, რამდენიმე მეტრის მოშორებით მდებარე სახლის ეზოში... 21:45 -ადგილი N:1 (ყინულის სასახლე) ათი საათის შესრულებას, სულ რაღაც თხუთმეტი წუთი უკლდა, როდესაც, კლაიდის მანქანიდან გაოცებული სახით გადმოვედი და ჩვენს წინ აღმართულ, კარვის მსგავს დიდ, თეთრ შენობას შევხედე. ჩემი მშობლიური ქალაქის ყოველი კუთხე-კუნჭული ზეპირად ვიცოდი, ამიტომ იმის მიხვედრაც არ გამჭირვებია, რომ საციგურაო მოედნის წინ ვიდექი. - ვერ მეტყვი, აქ რას ვაკეთებთ, კლაიდ? - გონებაში მოტრიალე კითხვებზე პასუხის მისაღებად, ჩემს უკან მდგომ ადამიანს მივუტრიალდი. კიდევ ერთხელ გამეცინა მის თავზე მორგებული სანტა-კლაუსის ქუდის დანახვაზე, რომლის დაფარებაც მე ვაიძულე, მანქანაში ჩაჯდომის წინ. - საციგურაო მოედანზე რისთვის დადიან ხოლმე, კამელია? - ტუჩის მარჯვენა კუთხეში გამკრთალი, ოდნავშესამჩნევი ღიმილის თანხლებით შემომიბრუნა კითხვა მან. დავიბენი მისი მზერის შემყურე. რამდენიმე წამი მაინც დამჭირდა გონებაში სიტყვების დასალაგებლად და ნორმალური პასუხის დასაბრუნებლად. - საციგურაო მოედანზე რისთვის დადიან ეგ ვიცი, უბრალოდ ახლა ხომ ახალი წელია? - კვლავ შენობას გავხედე, - არა მგონია აქაურობა ღია იყოს და ციგურაობის ნება დაგვრთონ. კლაიდი სიჩუმეს ინარჩუნებდა, თან კი თვალს არ მაშორებდა. მერე, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ამ სიჩუმისთვის ბოლო მოეღო და ერთი ნაბიჯით მომიახლოვდა. - და თუ გეტყვი, რომ აქაურობა მხოლოდ ჩვენ ორისთვის დავიქირავე, მაშინ რას მეტყვი? - მკითხა ხმადაბლა და ნელა, ისე, თითქოს სასიხარულო ამბავს ფრთხილად მაპარებდა, რომ ზედმეტი სიხარულისგან გული არ გამსკდომოდა. - სერიოზულად ამბობ? - გაოცებისგან ლამის პირიც კი დავაღე. ამაღამ ბევრ საინტერესო რამეს ველოდი, თუმცა რაც ახლა მოვისმინე, ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. - ჰო, სრული სერიოზულობით ვამბობ. ციგურებზე დგომა შეგიძლია თუ მასწავლებლის როლის შეთავსებაც მომიწევს? - უნდა ვაღიარო, აშკარად მოულოდნელობებით ხარ სავსე, - ეჭვით დაწვრილებული თვალებით ვუყურებდი, - ციგურაობას რაც შეეხება, შეგიძლია არ ინერვიულო, პროფესიონალი ვარ. - ჰოო? - ეჭვი გეპარება? - შეგიძლია ეგ ყველაფერი შიგნით დამიმტკიცო და ჩემი ეჭვებიც მთლიანად გააქრო, - გამოწვევასავით ჟღერდა მისი სიტყვები და მეც მაშინვე გადავწყვიტე ამ გამოწვევას დავთანხმებოდი. - პრობლემა არ მაქვს, ყველაფრის დასამტკიცებლად ვარ მზად. - თუ ასეა, შევიდეთ. - შევიდეთ, მაგრამ უკვე ინტერესი მიპყრობს, რა იქნება მეორე მოსანახულებელი ადგილი. - მაგას თავის დროზე გაიგებ, - ღიმილით დააბოლოვა ჩვენი დიალოგი კლაიდმა და შესასვლელისკენ წასულს, თავადაც უკან მომყვა. ყინულის სასახლეში, სპეციალურად ჩვენთვის, ორი ციგურა იყო მომზადებული. დიდი ზომის ხმის გამაძლიერებლებში, ვალსის წყნარი მუსიკა უკრავდა. უზარმაზარ, მოყინულ მოედანზე კი მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით და სხვა, არავინ. საოცარი იყო ეს ყველაფერი. ციგურების ფეხზე მორგების შემდეგ, გარშემო ყველაფერს ისე ვაკვირდებოდი, როგორც ტურისტი უცხო ქვეყნის ადგილებს. ნუთუ რეალობა იყო ეს ყველაფერი?! ნუთუ ნამდვილად ხდებოდა, ის, რაც ხდებოდა?! ალბათ გავგიჟდებოდი, ეს ყველაფერი ლამაზი, საახალწლო სიზმარი რომ ყოფილიყო და დილით, ჩემი სასტუმროს ნომერში გამომღვიძებოდა, სრულიად მარტო მყოფსა და ბალიშზე ჩახუტებულს. - მართლა კარგად დგახარ ციგურებზე, არ მოგიტყუებია, - აღნიშნა კლაიდმა, როგორც კი ხელი მომკიდა და მოედნის შუა გულისკენ გამასრიალა. - ტყუილებს არ ვამბობ, მე კარგი გოგო ვარ. -კარგი გოგო თუ ხარ, მაშინ უნდა მეცეკვო კიდეც, - თანხმობის მიღებამდე მომხვია წელზე ცალი ხელი და ახლოს მიმწია. სასიამოვნო სურნელი ჰქონდა. მის ყელთან მიახლოებისა და არომატის უფრო ღრმად ჩასუნთქვის სურვილმა შემიპყრო, თუმცა კიდევ კარგი, დროულად მოვახერხე თავის შეკავება და საკუთარი სურვილები, გულის ყველაზე მიუვალ ცხრაკლიტულში გამოვკეტე გაბრაზებულმა - ვალსი სპეციალურად შეარჩიე? - არ მოგწონს? - პირიქით, ძალიანაც მომწონს, - კისერზე ორივე ხელი შემოვხვიე, თან შოკოლადისფერ თვალებს მზერა გავუსწორე, - გზაში, როცა იაპონიაზე ვსაუბრობდით, მითხარი ხშირად ვმოგზაურობ ხოლმეო. ახლა მივხვდი, ამდენი ქვეყნის მონახულებამ რა შეგძინა. - მაინც რა? - შევატყვე აშკარად დააინტერესა ამ წინადადების დასასრულმა და დიდხანს აღარც მე ვალოდინე. - ორიგინალურობა. ფრანგულად რომანტიკული ხარ, გერმანულად თავდაჭერილი და ამერიკულად მომხიბვლელი. კლაიდს ფართო ღიმილი გადაეფინა სისხლისფერ ბაგეებზე და ბეჭებზე ჩამოყრილ ჩემს თმას წაეთამაშა. - ასეთი შეფასება ჯერ არავისგან მომისმენია. უნდა ვაღიარო, თავადაც საკმაოდ ორიგინალური ხარ. - ჰოო? - ჰო. ზუსტად ისევე, როგორც შენი სახელი. - კარგი, ჩემს სახელს თავი დავანებოთ, - გამეცინა და ის კითხვა დავუსვი, რაც ყველაზე ძალიან მაინტერესებდა, - ისე, რამდენად ხშირად მოგზაურობ ხოლმე, ან რამდენად ბევრი ადგილი გაქვს ნანახი? ყოველ უქმეებზე მიდიხარ საზღვარგარეთ, თუ მხოლოდ ზაფხულობით? - არა, უქმეებზეც საკმაოდ ხშირად გავსულვარ ქვეყნიდან, - მერე ცოტა ხნით ჩაფიქრდა და დაამატა, - მოკლედ გეტყვი, თითქმის ყველაფერი მაქვს მოვლილი, თუკი აფრიკის კონტინენტს არ ჩავთვლით. - თუ ასეა, არ გამიკვირდება, აეროპორტის თანამშრომლები სახეზეც რომ გცნობდნენ. - თანამშრომლები არ ვიცი, თუმცა სტიუარდესებიდან რამდენიმე, უფასო სასმელით მიმასპინძლდება, ყოველი ფრენისას. - აჰა, ანუ, საჰაერო ტრანსპორტში დიდი პოპულარობით სარგებლობ, - ცალი წარბი ავზიდე. - ეგრე გამოდის. - კარგი, კიდევ ერთი კითხვა შეიძლება? - თუ გინდა, ორიც იყოს, -თან მესაუბრებოდა, თან ყინულზე ცეკვას აგრძელებდა, ჩემთან ერთად. საოცარი იყო ეს წუთები. იმდენად საოცარი, რომ ზუსტად ვიცოდი არასდროს დამავიწყდებოდა. - არა, ერთიც მეყოფა. - კი ბატონო, მაშინ გისმენ. - სადაც კი ყოფილხარ, მათ შორის ყველაზე მეტად რომელი ქვეყანა დაგამახსოვრდა? - ჩემდა გასაკვირად, კლაიდს ერთი წამიც კი არ დასჭირვებია პასუხზე დასაფიქრებლად. - სილამაზის მხრივ ჩეხეთი, კერძოდ-პრაღა, ბუნების მხრივ შვეიცარია, ხოლო არქიტექტურით - საბერძნეთი და იტალია ასი პროცენტით დავეთანხმე ყველაფერში. ეს ქვეყნები, ჩეხეთის გამოკლებით თავადაც მონახულებული მქონდა, თუმცა, ამ უკანასკნელის შესახებაც გამაჩნდა მცირედი ცნობები და ფოტოსურათების მეშვეობითაც საკმაოდ კარგად ვიცნობდი. - მსოფლიო დონის მოგზაური ყოფილხარ, მეტი არაფერი მეთქმის, - მისი მხრიდან ხელი ავიღე, საგრძნობლად მოვშორდი და ყინულზე ისე დავტრიალდი, რომ პირდაპირ კლაიდის მკლავებში მოვექეცი. დაჟინებით მიყურებდნენ მისი შოკოლადისფერი თვალები. შეუძლებელი იყო მათთვის მეცქირა და შინაგანად არაფერი განსხვავებული არ მეგრძნო. - არა, მოგზაური არ ვარ, - თავის გაქნევის პარალელურად თქვა ეს სიტყვები. - მაშინ ვინ ხარ? - უბრალოდ ტურისტი - და მაგ ორს შორის რამე განსხვავებაა? - რა თქმა უნდა, -კვლავ მოედნის შუა გულისკენ გამასრიალა. ამ დროს, ძველ წყნარ მუსიკას, ახალიც ჩაენაცვლა და კლაიდმაც დაიწყო თავისი სიტყვების ახსნა. - განსხვავება ძალიან დიდია. ტურისტები მარშრუტს ადგენენ და ისე მოგზაურობენ. მოგზაურები კი რაღაცისგან ცდილობენ გაქცევას. ტურისტები მიდიან და უკან ბრუნდებიან. მოგზაურებმა კი ისიც არ იციან, დაბრუნდებიან თუ არა საერთოდ. - ვაღიარებ, საინტერესო თეორიაა - მეც ვაღიარებ ერთ რამეს. - მაინც რას? - იმას, რომ საციგურაო მოედანზე ცეკვა ძალიან გიხდება, - ხმა დაადაბლა და თითქოს ჟრუანტელის მომგვრელ ქარად მომედო მთელ სხეულზე. მზერა ავარიდე. არ მინდოდა ჩემს თვალებში ამოეკითხა ყველაფერი ის, რასაც იმ წამს ვფიქრობდი. სასწრაფოდ უნდა შემეცვალა თემა. სხვაგვარად უბრალოდ არ შემეძლო. - ხომ გახსოვს, ფლირტი გეკრძალება, რადგან შეთანხმებისამებრ, ამ ღამის შემდეგ, ერთმანეთს ვეღარასდროს ვნახავთ. - მაგ შეთანხმებაში იმაზე არაფერია ნათქვამი, რომ აზრების დაფიქსირებაც მაქვს აკრძალული, - ოდნავი ღიმილით ამყვა პაექრობაში და სცადა ბოლომდე განვეიარაღებინე. - ანუ ეს ფლირტი არ ყოფილა. - არა, და სწორად მოიქეცი ჩემი შემოთავაზების რომ არ შეგეშინდა. ხანდახან კარგიც კია თუ შენს კომფორტის ზონას გასცდები და რისკზე წახვალ ხოლმე. - წარმოიდგინე, რომ ერთმანეთს კარგად არ ვიცნობთ და მაინც პაემანი გვაქვს, როგორ ეცდებოდი ჩემს მოხიბვლას? ისე დამელაპარაკე, როგორც მაშინ დამელაპარაკებოდი. - დარწმუნებული ხარ? - ეჭვისგან დაწვრილებული თვალებით შემომყურებდა კლაიდი, თან იდუმალ ღიმილს ვერ იშორებდა სახიდან. -კი. ვერ მივხვდი ამას რატომ მეკითხები. - უბრალოდ, უზარმაზარი შანსია იმისა, რომ ზედმეტად მოხიბლული დარჩე და მერე ძალიან ხშირად მოგენატრო ხოლმე. აი, ნარცისიზმის შემოტევაც ამას ერქვა. უნდა მეღიარებინა, სხვისგან ამის მოსმენა ოდნავ გამაღიზიანებდა კიდეც, თუმცა ის იმდენად ჯდებოდა ოქროს შუალედში ამ მხრივაც კი, რომ წარბის შეჭმუხნაც ვერ შევძელი. - არა უშავს, შენ მაინც სცადე და ვნახოთ, რამდენად გამოგივა ჩემი მოხიბვლა, - მართლაც ზედმეტად თავდაჯერებულად ჟღერდა ჩემი ხმა. ლამის თავადაც დავიჯერე, რომ ეს ადამიანი ჩემზე გავლენას ვერ ახდენდა. - კი ბატონო, ოღონდ გაითვალისწინე, თავად მთხოვე. - უკვე გავითვალისწინე. - ანუ მზად ხარ? - მზად ვარ! კლაიდმა სრიალი შეწყვიტა და ამასთან ერთად მეც ერთ ადგილას გამაჩერა. იმდენად ახლოს იყო, მისი სუნთქვა სახეზე მეცემოდა და ვგრძნობდი, როგორ ნაზად მეთამაშებოდნენ თმის ბოლოებზე თლილი, ლამაზი თითები. - იცი, რატომ წამოგიყვანე იქ, სადაც ყველაფერი თეთრია? - მკითხა უეცრად, თან ისე დამაკვირდა, თითქოს სულის სიღრმეში ცდილობდა ჩახედვას. - რატომ? - იმიტომ, რომ თეთრი ფერი ჩემთვის სისუფთავესთან და სილამაზესთან ასოცირდება, ისევე, როგორც შენ, - სახეზე ნაზად ჩამომიტარა თითები და ტუჩებით ოდნავ შემეხო საფეთქელზე, - მომწონს შენი ზომიერი სიმორცხვე, ლამაზი, გრძელი თმა, ქვედა ტუჩი, რომელსაც გამუდმებით იკვნეტ, როცა სიტყვებზე პასუხს სწრაფად ვერ პოულობ. -კლაიდ, გეყოფა, - მისი შეჩერება ვცადე, რადგან არ ვიცოდი თვალები სად წამეღო. ჩემთვის შეუცნობელი ჟრუანტელი მთელ სხეულში კოსმიური სიჩქარით ვრცელდებოდა და თითქოს მზერასაც კი ნაცრისფერი ბინდი ეკვრებოდა. - არა, გთხოვ, ნუ გამაწყვეტინებ, - ამჯერად, თვალთან ახლოს მომაკრო ტუჩები და ცხვირი ლოყაზე გამისვა. რამდენიმე წამით ჩუმად იყო. მხოლოდ მაშინ განაგრძო საუბარი, როდესაც მიხვდა, შეწინააღმდეგებას აღარ ვაპირებდი. კლაიდმა ჩემს თითებში, თავისი თითები გადახლართა. - პირველად რომ მომიახლოვდი, ვიფიქრე, ქუჩის მუსიკოსი გეგონე, ვისაც ხურდას დაუგდებდი და მერე, უბრალოდ გვერდით ჩაუვლიდი. შენ კი ჩამოჯექი და ბოლომდე მომისმინე. იმდენად გულწრფელი, მხიარული, გულღია იყავი, მაშინვე გავიფიქრე, რომ არ მინდოდა, ჩვენი ისტორია იმ ნაძვის ხესთან დასრულებულიყო. არ მსურდა, ისე წასულიყავი, რომ შენამდე მოსასვლელი გზა დამეკარგა. არ მინდოდა, ისე გამქრალიყავი, რომ ერთად რაიმე განსაკუთრებული მომენტები არ განგვეცადა. - ეგ ყველაფერი ნამდვილად იფიქრე, თუ იმ თამაშის ნაწილია, რაც ცოტა ხნის წინ მე წამოვიწყე? - არა, ნამდვილად ვიფიქრე, - უზომოდ სერიოზული, დამაჯერებელი ტონი ჰქონდა, - შენთან სრული თავისუფლება ვიგრძენი. გთხოვ, რაც არ უნდა მოხდეს მომავალში, არასდროს შეიცვალო, კარგი? იყავი ისეთი, როგორიც ახლა ხარ, თუნდაც ერთმანეთს ვეღარასოდეს შევხვდეთ. შენში ყველაზე ლამაზი, შენი გულწრფელობაა და ეს თვისება არასდროს მოკლა. - არც შენ მოკლა შენში ერთი თვისება, კარგი? - კონკრეტულად რომელი? - შენი შინაგანი სისუფთავე, - ყოველგვარი ზედმეტი დაფიქრების გარეშე მივუგე, - არავის შემოუხედავს ჩემთვის ისეთი სუფთა, ამქვეყნიური სიბინძურეებისგან სრულიად თავისუფალი მზერით, როგორც შენ. საახალწლო სიზმარს ჰგავხარ, იცი? და ეს სიზმარი ძალიან მომწონს. კლაიდი, ყინულზე კვლავ ჩემთან ერთად ამოძრავდა და ფრთხილად დამატრიალა. - მაშინ სიზმრის უფრო ლამაზი გაგრძელებისთვისაც უნდა იყო მზად, - მაცნობა მეტად მხიარული სახით - მეორე ადგილის მონახულების დროა? - გამოიცანი. - კარგი და რომელი საათია? - თითქმის თერთმეტი, - მაჯაზე შემოხვეულ სპორტულ საათს დახედა და ისე მიპასუხა, - აქედან პირდაპირ მეჯლისზე მიდიხარ, პრინცესა. - რომელ მეჯლისზე? - გაოცება ვერ დავმალე. - სასტუმრო "პალასი", კარნავალი "ზამთრის ზღაპარი", ორი ბილეთი მაქვს და თორმეტ საათზე უკვე იქ უნდა ვიყოთ. - რა კარნავალი, კლაიდ? კაბაც კი არ მაქვს და ასე ხომ არ წამოვალ? - საკუთარ შეუფერებელ სამოსზე ვანიშნე. მის თვალებში ვხედავდი, რომ ეს პრობლემაც კი გადაჭრილი ჰქონდა და მალე სიტყვითაც დაამტკიცა ჩემი ვარაუდი: - ნუ ღელავ, ამაზე უკვე ვიზრუნე. კაბის ამბავი მოგვარებულია. - როგორ? სპეციალურად ამ საღამოსთვის კაბაც მიყიდე? - ჩემი გაოცება უკვე ყოველგვარ საზღვარს სცდებოდა, - მაგრამ ეს რანაირად შეძელი? დღეს ხომ სავაჭრო ცენტრები დაკეტილია? - მართალი ხარ, დაკეტილია, თუმცა გამოწერის საიტები ჯერ კიდევ ფუნქციონირებს და იმედია, უარს არ იტყვი. ახალ წელს საჩუქარზე უარის თქმა უზრდელობაა. - აი, თურმე რა, - ყველაფერი ნათელი გახდა ჩემთვის და ვაღიარებ, მესიამოვნა კიდეც კლაიდის ასეთი სასიამოვნო ჟესტი. - კარგი, თუ ასეა, წამოდი, ერთად შევაბიჯოთ ზამთრის ზღაპარში. - მანამდე კი ჩემთან გავიაროთ, სახლში, შენი კაბა სწორედ იქ გელოდება. - ნუ ღელავ, მეჯლისზე არ დავაგვიანებთ, პრინცო უილიამ. - უინძორების პრინცზე სიმპათიური აღარ ვარ? - მისმა ხელოვნურად შეურაცხყოფილმა სახემ ღიმილი მომგვარა. - ხარ, ოღონდ უილიამს არ უთხრა, გული დაწყდება. - უილიამს გული დაწყდება, ბებიამის ელისაბეტს კი წნევა დაარტყამს. - ჰოდა, ჯობია, ჩუმად იყო. - კი ბატონო, პირზე ბოქლომს ვიდებ, - მომიგო სიცილით და სასრიალო მოედნის გასასვლელი კარისკენ მანიშნა. იქაურობა და ბასებში აჟღერებული მუსიკა, მართალია ძალიან ნაადრევად, თუმცა მაინც ამაღლებულ განწყობაზე დავტოვეთ. წინ ლამაზი მეჯლისი გველოდა, მე კი, დაუოკებელი ინტერესი მიპყრობდა, როგორ გამოიყურებოდა კლაიდის მიერ არჩეული კაბა. <<00:04 -ზამთრის ზღაპარი>> ჩემს გრძელ, თოვლისფერ და ზურგამოღებულ აბრეშუმის კაბაში ვიყავი გამოწყობილი და კლაიდის გვერდით თავდაჯერებულად მივაბიჯებდი უზარმაზარ დარბაზში, სადაც ყველას თეთრი ტანსაცმელი ეცვა. ეს მეჯლისის ორგანიზატორების მიერ დაწესებული დრესკოდი იყო. კლაიდიც საკმაოდ მომხიბვლელად გამოიყურებოდა ქათქათა ფერის სმოკინგში. როდესაც ჩვენს თავებსა და სადღესასწაულოდ მორთულ დარბაზს ვუყურებდი, მივხვდი რატომ აირჩია საღამოს ორგანიზატორმა ყველაფრის თეთრ ფერში გადაწყვეტა. იქაურობა მართლაც ისე გამოიყურებოდა, როგორც ზამთრის ზღაპარი. ჩემს გულში თითქოს არარეალური კმაყოფილება ისადგურებდა. ნამდვილად საოცარი იყო მარმარილოს იატაკზე დაყრილი ხელოვნური ფიფქები, დათოვლილი ნაძვები, უამრავი თეთრი ფერის ბუშტი და ჭერზე დამაგრებული უზარმაზარი, მოძრავი ჭაღი, საიდანაც გამუდმებით იფრქვეოდა მსხვილი ასევე ხელოვნური თოვლის ფანტელები. ფიფქები თმაზე მადნებოდნენ, თუმცა სისველის კვალს არ მიტოვებდნენ. შიგნით ყველაფერი მართლაც ზამთარს მაგონებდა. დარბაზში ცოცხალი მუსიკა უკრავდა. ყურს უზომოდ სასიამოვნოდ სწვდებოდა ვიოლენჩელოს წკრიალა ხმა, რომელსაც როიალის კლავიშების ჟღერადობაც ერთვოდა. - საოცრად გიხდება ეს კაბა, იცი? - ყურში ჩამჩურჩულა კლაიდმა, როგორც კი დაცვის თანამშრომელს შესასვლელი ბილეთები გადავეცით. ტუჩები ყურთან ახლოს ჰქონდა მოტანილი, მუსიკის ხმას მისი რომ არ გადაეფარა. - გმადლობ. შენც საკმაოდ კარგად გამოიყურები, - არც თავად დავიშურე კომპლიმენტი, - ოღონდ ეცადე, არ დამეკარგო, თორემ აქ იმდენი "თეთრი" დადის, მთელი ღამეც რომ გეძებო, მაინც ვერსად გიპოვი. - თუ ასეა, ხელი არ გამიშვა! - არაფერი მითქვამს. დასტურის ნიშნად, მხოლოდ თავი დავუქნიე. სპეციალურად მოწყობილი ბარიდან, ორი მშრალი მარტინის ჭიქა ავიღე, ერთი ჩემთვის, ერთიც კი კლაიდისთვის და იქ შეკრებილ, თეთრებში გამოწყობილ საზოგადოებასაც შევავლე თვალი. - მოდი, მაშინ ასე მოვიქცეთ, მარტინი ხელიხელჩაკიდებულებმა დავლიოთ და სადღეგრძელოც ვთქვათ, - ღიმილით შევთავაზე. ჭიქა ჩამომართვა და თანხმობის ნიშნად თავი დამიკრა. - კარგი, და რას გაუმარჯოს? - ზამთრის ზღაპარს, იმ ხელოვნურ თოვლს, რომელიც ახლა თავზე გვეყრება და მელოდიას, რომელიც ამ წამს უკრავს. - თანახმა ვარ, გაუმარჯოს! - მომიჭახუნა ჭიქა, ერთი ყლუპი მოსვა, მერე კი დაამატა :- ვაკვირდები და მგონი აქ ყველაზე ლამაზი შენ ხარ. - შენ კი ყველაზე სიმპათიური. - ამ სიტყვებს არც მე ვიტყოდი და არც შენ, დღეს ჩვენი ბოლო ღამე რომ არ იყოს, არა? - რა თქმა უნდა, არ ვიტყოდით, - სიტყვებთან ერთად, თავის დაქნევითაც გამოვხატე თანხმობა, - ასე თამამად იმიტომ გამოვხატავთ ფიქრებს, რომ ვიცით, ამის მეტად ერთმანეთს ვეღარასდროს ვნახავთ. - მაშინ, უაზრო რამებზე დროს ნუ ვკარგავთ, სასმელი დავდოთ და კიდევ ერთხელ მეცეკვე, ოღონდ ცოტა სხვანაირად. - სხვანაირად, როგორ? - მარტინის ჭიქა დავაბრუნე მაგიდის პრიალა ზედაპირზე. კლაიდის პასუხი არ გამიგია. მაჯაზე ფრთხილი შეხებით წამიყვანა საცეკვაო მოედნის შუა გულში შეკრებილი სხვა მოცეკვავე წყვილებისკენ. უკნიდან მომეხუტა, წელზე ხელები დამაბნევლად მომხვია და ტუჩები ყურთან მომიტანა. - იცი, რა გასაგიჟებელი სურნელი აქვს შენს თმას? - კლაიდ... - ჰო. - ჩვენ რომ წყვილი ვიყოთ, ჩემში პირველად რა თვისება შეგძულდებოდა? რამდენიმე წამით ჩუმად იყო, მხოლოდ მისი სუნთქვა მეცემოდა ყელთან ახლოს. მერე უფრო მაგრად შემომხვია მკლავები, ცხვირი ჩემს თმაში ჩარგო და ხმადაბლა ამოთქვა, ან მუსიკის გამო მომეჩვენა ასე : - შენში ისეთი არაფერი შემიმჩნევია, რაც ზიზღს დაიმსახურებდა, ან ჩემს, ან ვინმე სხვის თვალში. - მართლა? - მის თითებს, ჩემი გადავაფარე. მისი ცხელი სუნთქვა მთელ სხეულზე მომედო. - ოდესმე მომიტყუებიხარ? - თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეორე დღეა რაც გიცნობ, არა. - ჰოდა, ეგეც პროგრესია, - ნიკაპი მხარზე სიცილით ჩამომაყრდნო, - ახლა კი გულწრფელი კომპლიმენტის დრო მოვიდა. - ანუ? - ანუ ის, რომ გულწრფელად უნდა მითხრა ის, რისი თქმაც ჩემთვის გინდა და აქამდე ვერ მითხარი, შემდეგ კი თავადაც ასე მოვიქცევი. თვალები მაგრად დავხუჭე. როგორ უნდა ვყოფილიყავი ასი პროცენტით გულახდილი, როცა მასში ყოველი თვისება უზომოდ მომწონდა? ასე თუ მოვიქცეოდი, ალბათ მთელი დღე ვერ მოვრჩებოდი საუბარს, ამიტომ გადავწყვიტე მხოლოდ ის მეთქვა, რასაც ყველაზე ძლიერ უნდოდა ჩემი გულიდან ამოხეთქვა : - ალბათ იმას გეტყვი, რომ ყველაზე სუფთა, ყოველგვარი ბინძური ზრახვებისგან თავისუფალი თვალები გაქვს. ისეთი თბილი, სასიამოვნოდ სანდო ხარ, ხანდახან ეჭვიც კი მეპარება, რომ რეალური ხარ და არა ჩემი საახალწლო სიზმარი. - გინდა გიჩქმიტო? - ნუ დამცინი. - კარგი, განაგრძე, - მსუბუქად ჩაეცინა და პირზე ელვის შეკვრის იმიტაცია გააკეთა, მე კი, აზარტში შესულმა, საუბარი კვლავ განვაგრძე: - მომწონს შენი ხმა, ღიმილისას გაჩენილი ფოსო ლოყაზე, შენი შოკოლადისფერი თვალები, სასიამოვნო მუხტი, რომელიც შენშია და... - და, რა? - იმას ვამბობდი, რომ ნებისმიერი ქალისთვის საოცნებო მამაკაცი იქნებოდი, ბოლომდე ისეთი რომ იყო, როგორადაც ამ ორი დღის განმავლობაში გამაცანი თავი. - და რა იცი, ზუსტად ისეთი რომ არ ვარ? - ამჯერად თავისკენ შემატრიალა, თმა ზურგს უკან გადამიყარა და ისე მკითხა. - მართალია, არ ვიცი, - ქვედა ტუჩი ენის წვერით გავისველე, თან დაბნეული გოგოსავით გადავაქნიე თავი, - აშკარად რთული დასაჯერებელია, რადგან ნამდვილ ზამთრის ზღაპარს ჰგავხარ. შენში არაფერია ისეთი, რაც არ მომეწონებოდა. მისი ცხელი სუნთქვის ძლიერი ზეგავლენით, მხარზე და ყელზე რომ მეფრქვეოდა, თვალები კვლავ დავხუჭე და სიამოვნებისგან ღრმად ამოვისუნთქე. ლაპარაკის გაგრძელება აღარ მინდოდა. ისედაც იმაზე ბევრად მეტი ვთქვი, ვიდრე საუბრის წამოწყებისას ვაპირებდი მეთქვა და ეს მხოლოდ ახლა მომენტში გავაცნობიერე. - მორჩა, გაგრძელებას აღარ ვაპირებ, ახლა შენ გისმენ. - ასე მალე? არადა რა სასიამოვნოდ ჩამესმოდა ყურში შენი სიტყვები. - ყველა სიამოვნებას აქვს დასასრული. კლაიდის ხელები, ამჯერად, ჩემს ზურგზე აღმოჩნდა. მისი ლამაზი შოკოლადისფერი თვალებით ისე შემომყურებდა, სახის არიდება იმ წამს ყველაფერს მერჩვინა, თუმცა ასე რომ მოვქცეულიყავი, საკუთარ თავს გავყიდდი, ეს კი ნამდვილად არ მინდოდა. - პირველად შენში გულწრფელობამ მიმიზიდა, - მისი ხმა რომ მომესმა, თითქოს წარმოსახვითიდან, რეალურ სამყაროში გადმოვედი, - ისე მესაუბრებოდი, როგორც ძველ, საუკეთესო მეგობარს და მეც სწორედ ამიტომ გითხარი, თავისუფლება ვიგრძენი შენთან-მეთქი. - მუსიკა შეწყდა, კლაიდ. - ფეხებზე მ'კიდია, - სიცილით მომიგო. ჩემთან ცეკვას ისე განაგრძობდა, თითქოს დარბაზში სრულიად მარტონი ვყოფილიყავით, არარსებულ მუსიკას აყოლილები. - უზომოდ მომწონს შენი გახსნილობა, გულახდილობა, ოდნავი სიმორცხვე და კიდევ... - ზუსტად ჩემსავით დააპაუზა ბოლო მომენტზე, თუმცა სწრაფადვე განაგრძო შუა გზაზე გაწყვეტილი სიტყვა. - არც ერთ ქალზე არ შემიმჩნევია ისეთი ლამაზი ტუჩები, როგორიც შენ გაქვს. გთხოვ, თვალებში შემომხედე. - არა. - რატომ? - ამაზე პასუხს არ გაგცემ... - ანუ ერთ საიდუმლოს მაინც ტოვებ ზარდახშაში? - ასეა, - სწრაფად დავეთანხმე, თან მხარზე ჩამოვადე თავი, ზუსტად მაშინ, როცა მორიგი მელოდიის ჰანგებმა მოიცვა მთელი დარბაზი. - ვერ გეტყვი, რომ მწყინს, რადგან არც ჩემი ზარდახშაა ცარიელი, - ბრალდებულის ნანატრი აღიარებასავით ჟღერდა მისი ტონი. გამეღიმა. - თუ ეგრეა, მომეშვა - კამელია... - ჰო... - არაფერი, უბრალოდ ლამაზი სახელი გაქვს და მისი წარმოთქმა მსიამოვნებს. - შენს სახელსაც არა უშავს, მაგრამ იქნებ ცეკვისგან ცოტათი შეგვესვენა? - ახალი იდეა წამოვჭერი, რადგან საცეკვაო მოედანზე ტრიალისგან უკვე მართლა თავბრუ მეხვეოდა. მიუხედავად ამისა, მაინც კმაყოფილი ვიყავი. მომწონდა, რომ აქ მყოფთაგან, მე და კლაიდს საერთოდ არავინ გვიცნობდა და ჩვენც დანარჩენ თეთრებს შორის ვიყავით ჩაკარგულები. - საღამო ახლა დაიწყო და უკვე შესვენებაზე გასვლას ითხოვ? - რაც მოვედით, მხოლოდ ერთი ყლუპი მარტინი დავლიეთ და მას შემდეგ საცეკვაო მოედანს არ მოვშორებივართ. მგონი ორწუთიანი შესვენების აღება სამართლიანი იქნებოდა. - გამორიცხე, არანაირი დასვენება. თანაც ამის შემდეგ კიდევ ერთ ადგილას ვართ წასასვლელები. - ჰო, მაგრამ, მეჯლისი ჯერ არ დამთავრებულა. ნუთუ სასრიალო მოედნის მსგავსად, მის დატოვებასაც ასე ნაადრევად ვაპირებთ? - გულწრფელად გამიკვირდა. ზამთრის ზღაპარი სულ ახალი დაწყებული იყო, კლაიდი კი, როგორც ჩანდა უკვე წასასვლელად დაიწყებდა მზადებას და რამდენიმე წამში, თავისი სიტყვებითაც დაამტკიცა ჩემი ვარაუდი: - დღეს ღამით კიდევ ერთ ადგილას ვართ შესავლელები, სადაც საკმაოდ დიდი ხნის გატარება მოგვიწევს, შემდეგ კი, ბონუს ადგილსაც მოვინახულებთ და ჩვენი საახაწლო ისტორიასაც სწორედ იქ დაესმება საბოლოო წერტილი. - რა პროფესიონალურად გაქვს გაწერილი მთელი საღამო, ვაღიარებ, აღფრთოვანებულიც ვარ! - რომ იცოდე, პირველი და უკანასკნელი ღამის თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ძალიან ბევრი რამის გაკეთება უნდა მოვასწროთ. საკმაოდ ლამაზად ჟღერდა ეს ყველაფერი. წარმოდგენაც კი სასიამოვნო იმპულსებს გზავნიდა მთელ სხეულში. ჩემს წინ მდგომი ადამიანისა და ამ ღამისგან კიდევ ბევრ ლამაზ მომენტს უნდა დავლოდებოდი. ცხოვრებაში მიღებულ გადაწყვეტილებათაგან ყველაზე სწორად და გონივრულად იმ თანხმობას ვთვლიდი, კლაიდს რომ მივეცი. ვგრძნობდი, რაც არ უნდა მომხდარიყო და როგორც არ უნდა წარმართულიყო ჩვენი ცხოვრება მომავალში, ამ ახალ წელს ვერასდროს დავივიწყებდი და მუდამ ჩემს მეხსიერებაში ჩარჩებოდა, ყველაზე ლამაზი, ზღაპრული კადრების სახით. - თუ ასეა, მაშინ დაველოდები, რა იქნება ჩვენი შემდეგი გაჩერება, - გულზე თავი დავადე, შემდეგ კვლავ უწინდებურად ავყევი ნაზი მელოდიის ჯადოსნურ ჰანგებს, მთელ დარბაზში რომ ვრცელდებოდა და წარმოსახვითი, პატარა ვიოლინოს გასაღებებივით ტივტივებდა სითეთრით მოცულ სივრცეში. - ოღონდ ცოტა ხანს კიდევ დავრჩეთ და აქაურობით ვისიამოვნოთ, ეს გარემო ჩემზე ძალიან კარგად მოქმედებს. - აი, ჩემზე კი შენ მოქმედებ კარგად, - საფეთქელთან მომაკრო ტუჩები, მერე ცხვირი კვლავ ჩემს თმაში ჩარგო და სულ მალე, ყურთან ახლოს, მისი ცხელი სუნთქვა ვიგრძენი. რამდენიმე წამში, ჩურჩულით ნათქვამი სიტყვებიც მისწვდა ჩემს სმენას, რომლებიც ზუსტად ასე ჟღერდნენ: - შეიძლება კონკრეტული ადამიანი დაივიწყო, მაგრამ არასდროს დაგავიწყდება, თუ რა გაგრძნობინა მან. ვერც შენ დაივიწყებ ამ ყველაფერს. ზუსტად ვიცი, ასე იქნება. << 02 :45 წუთი -Hotel-Best Western>> ჩემთვის კარგად ნაცნობი სასტუმტოს ბოლო სართულისკენ, რომელზეც ულამაზესი ტერასაა გაშენებული, ლიფტის საშუალებით მივემართებით და თვალმოუშორებლად შევყურებთ ციფერფლატზე ცვალებად ციფრებს, რომლებიც დროის გარკვეულ ინტერვალში ერთით იზრდებიან. მეჯლისიდან კვლავ კლაიდთან გავიარეთ. სხეულს უკვე ის ტანსაცმელი მიფარავდა, რომლითაც ჩემი სასტუმროდან გამოვედი, თავის დროზე. აქ მოსვლისას, პირველი შეგრძნება გაკვირვება იყო. ჯერ კიდევ მანქანაში მჯდომი, ნამდვილად ვერ ვხვდებოდი, რას ვაკეთებდით სასტუმროს შენობის წინ. ეჭვიანი მზერითაც კი გავხედე ამ საღამოს "ორგანიზატორს", რადგან მეგონა, დახურულ სივრცეში განმარტოებით, სიახლოვის იმ ზღვარის გადაკვეთა უნდოდა, თავიდანვე რომ გავავლეთ. ცუდი ფიქრები, გონებიდან მხოლოდ მაშინ გამეფანტა, როცა კლაიდს ხმამაღლა გაეცინა ჩემს გამომეტყველებაზე და მაშინვე ხელების აწევით მითხრა, ნუ ღელავ, ყველაფერი ისე არ არის, როგორც შენ იფიქრეო. როგორც შემდეგ გავარკვიე, ნომერში ასვლისა და დარჩენილი საღამოს იქ გატარების მაგივრად, წინ სასტუმროს ვერანდაზე ვახშმობა გველოდა. ვახშამი მხოლოდ ჩვენთვის იყო გაშლილი. აქაურობის მფლობელი, კლაიდის ახლო მეგობარი იყო და ამიტომ რამდენიმე საათით სარგებლობის ნება მიეცა. ლიფტის მოძრავი კაბინა, უწინდებურად მიიწევდა მაღლა და მაღლა. კარგად არ ვიცოდი წინ რა მელოდა, თუმცა ეჭვიც არ მეპარებოდა უზომოდ სასიამოვნო დროს რომ გავატარებდით. "ბესთ-უესთერნის" ტერასაზე ადრეც ვიყავი ნამყოფი მეგობრებთან ერთად, რამდენიმე წლის წინ, ამიტომ სანახაობა უცხო არ იქნებოდა. თუმცა დარწმუნებული ვიყავი, კლაიდის გვერდით იქედან გადაშლილ ქალაქის ხედსაც კი სრულიად სხვა ფერი ექნებოდა. ციფერფლატზე მოძრავი ციფრები, როგორც იქნა ერთ კონკრეტულ რიცხვზე გაჩერდა და ლიფტის ორფრთიანი კარიც ხმადაბალი სრიალით გაიხსნა. ამ საახალწლო ღამის შემდეგ სიურპრიზამდე, მხოლოდ რამდენიმე ნაბიჯი მაშორებდა და ამის გამო გულისცემაც უცნაურად გააქტიურებულიყო. კლაიდმა კარში პირველი გამატარა და დერეფანში გასულს, თავადაც უკან მომყვა. მერე უკვე თავად დაწინაურდა, წინ გამოცდილი ექსკურსია-მძღოლივით გამიძღვა და ტერასისკენ ხელჩაკიდებული წამიყვანა. მსიამოვნებდა მისი კანიდან წამოსული სითბოს შეგრძნება. ამ ადამიანის ყოველი პატარა შეხებაც კი, სასიამოვნო ემოციებს აღვიძებდა ჩემს სხეულში. იმდენად სასიამოვნოს, რომ ზოგჯერ მეგონა კონტროლს დავკარგავდი და ხმამაღლა ვიტყოდი, რომ მსურდა, ამ ღამეს მომავალშიც ჰქონოდა გაგრძელება. მაინც რატომ დავდეთ პირობა, რომ ამ ღამის შემდეგ ერთმანეთი საერთოდ აღარ უნდა გვენახა? უფრო სწორი იქნება, თუ ვიტყვი, რომ თავად მოვიფიქრე, კლაიდმა კი უბრალოდ ჩემს სურვილებს სცა პატივი და შეწინააღმდეგება არ უცდია. რაღაც მხრივ, მინდოდა კიდეც შემწინააღმდეგებოდა. ამ ახალი წლის შემდეგ ერთმანეთის ნახვა შეიძლება ისეთი ლამაზი და უჩვეულო აღარ ყოფილიყო, რაც ძალიან მაშინებდა, რადგან ყველაზე ნაკლებად ურთიერთობის გაუფერულება მსურდა. ამასთან ჩემი გულის ერთი ნაწილი მაინც უფრთხოდა ამ ადამიანის სამუდამოდ დაკარგვას. - რა მოხდა, რაღაც უჩვეულოდ ჩუმი ხარ, - ფიქრებში წასულს, ბუნდოვნად ჩამესმა მისი ხმა. ჩემს აზრებს დროებით მოვწყდი და კვლავ რეალურ სამყაროში გადმოვინაცვლე. - ჰო, მაპატიე, რაღაცაზე ჩავფიქრდი, - მივუგე სწრაფად, თან რამდენჯერმე თვალებიც დავახამხამე, თითქოს ფიქრების გაფანტვაში დამეხმარებოდა. - მაგ ფიქრებში მეც მოვიაზრები თუ რამე სხვა თემაა? - სასიამოვნოდ თბილი ღიმილი ჩასდგომოდა თვალებში კლაიდს. - ძალიან ცნობისმოყვარეც ნუ იქნებით, მისტერ, ჩემს ფიქრებზე წვდომა მხოლოდ მე უნდა მქონდეს. - კარგი, გნებდები, - სიცილით გამიღო ვერანდაზე გასასვლელი კარი და სულ მალე, ნამდვილ, გიჟურ საოცრებაში ამომაყოფინა თავი. გონება და თვალები, წინ გადაშლილი სანახაობის რეალურობაში დარწმუნებას, შეთანხმებულად ვერ ახერხებდნენ და ყველაფერ ამას, დროებით მირაჟს მიაწერდნენ, წამი-წამზე რომ გაქრებოდა თვალთახედვის არეალიდან. ვერანდა მთლიანად დაწნული თოკებით ჩამოშვებული მინის სანათებით გახლდათ მორთული, რომელშიც იისფერი სანთლები კიაფობდნენ. ყველა მაგიდა სათითაოდ აელაგებინათ. მხოლოდ კრემისფერი, დიდი ზომის ფუმფულა სავარძელი იდგა ზუსტად ცენტრში, მასზე კი Cannon-ის ფირმის ფოტო-აპარატი იდო. ჯერ ვერ გამეგო რა ხდებოდა. ერთი შეხედვით, იქაურობა ციცინათელების შუქით განათებულ მდელოს ჰგავდა. მეტისმეტი იყო ერთი ღამისთვის ამდენი სილამაზე და ორიგინალურობა. იმდენად მეტისმეტი, რომ ჩემი გული ვერაფრით შეეგუებოდა იმ ადამიანთან სამუდამოდ გამომშვიდობებას, ვინც ასეთი ლამაზი ახალი წელი მაჩუქა. -კლაიდ, რისთვისაა ეს ყველაფერი? - თითქმის აკანკალებული ხმით გავტრიალდი მისკენ, თვალებში რომ ჩამეხედა და თუკი თავად არაფერს მეტყოდა, პასუხი თვითონვე ამომეკითხა, მაგრამ საბედნიეროდ ეს აღარ დამჭირდა. - იმისთვის, რომ თავიდანვე დავინახე შენში რაღაც განსაკუთრებული. ალბათ, ამის გამო მომინდა, ეს საღამოც ზუსტად შენნაირი განსხვავებული ყოფილიყო, - მერე თმა ყურს უკან გადამიწია, თითებით სახეზე ნაზად მომეფერა და დაამატა: - კიდევ იმისთვის, რომ მინდა ამ ადგილას ძალიან ბევრი ფოტო გადაგიღო და სამუდამოდ დაგიმახსოვრო. - ფოტოები უნდა გადამიღო? - შენთვის არ მითქვამს, რომ ფოტოგრაფი ვარ? - არა, არ გითქვამს, - გაკვირვებით ავიჩეჩე მხრები. ვაღიარებ, ფოტოგრაფები ძალიან მომწოდნენ, რადგან მათ ხელოვან ადამიანებად ვთვლიდი. მათ რაღაც განსხვავებული ხედვები აქვთ ცხოვრებაზეც და ადამიანებზეც. ჩემი ეს ვარაუდი, ასი პროცენტით გაამართლა კლაიდმა. - ჰო, ალბათ განსაკუთრებული მომენტისთვის ვინახავდი და ეს განსაკუთრებული მომენტი სწორედ ახლაა, - ოდნავ მოჭუტული თვალებით მაცნობა, თან ვერანდის შუა გულში მდგარი სავარძლისკენაც მანიშნა თვალებით, - ნებას მომცემ გადაგიღო? - მაგრამ... - ახლა არ დაიწყო, რომ ფოტოსესიისთვის შეუფერებლად გაცვია და ასე შემდეგ, - მაშინვე მიხვდა, რის თქმასაც ვაპირებდი, - მე ბუნებრივი სურათები მჭირდება და ასე გამოწყობილი, შენ ყველაზე ბუნებრივი და ლამაზი ხარ - აჰაა, ანუ გადაღებებზე ვარ და პოზებზე უნდა დავფიქრდე, - მსიამოვნებდა იმის გააზრება, რომ კლაიდს ჩემი ფოტოები დარჩებოდა სამახსოვროდ, როცა ერთმანეთს ერთმანეთს დავემშვიდობებოდით. კლაიდმა ვიდეო-კამერა აიღო და ღიმილით სავარძლისკენ მიმითითა. ზემოდან ჩამოშვებული, სქელ მინებში გამომწყვდეული სანთლები, იდეალურ ფონს ქმნიდა გადაღებისთვის და საახალწლო განწყობაც იდეალურად შემოჰქონდა. - ეტყობა. ამ გადასაღები მოედნის მოწყობაზე ძალიან დიდი დრო დახარჯე. - გეტყოდი, თუმცა ეგ მეტად კონფიდენციალური ინფორმაციაა. - ჰოო? - სავარძელში, კლეოპატრასავით მედიდურად მოვკალათდი და ისე გავხედე. - ფოტოსესიის პარალელურად რის გაკეთებას ვაპირებთ? - ვისაუბრებთ, - წამის მეასედიც არ უფიქრია, ისე მომიგო. მთელი საღამო ნამდვილად წინასწარ ჰქონდა გაწერილი. - მაინც რაზე ვაპირებთ საუბარს? - სანამ ობიექტივს ასწორებდა, მანამ მოვასწარი კითხვის დასმა. კლაიდმა წარბების ქვემოდან შემომხედა. თბილი მზერა ჰქონდა. ასე მხოლოდ რამდენიმე წამის განმავლობაში მაკვირდებოდა. - უკეთ გაცნობის მიზნით, ერთმანეთს რაღაცები შევეკითხოთ. ეჭვი მაქვს, შენც ბევრი შეკითხვა გექნება დაგროვებული, რაზეც ჩემგან გინდა პასუხები მიიღო. - პრინციპში, შეიძლება მაქვს კიდეც, მაგრამ ეს გადაღებას ხელს არ შეუშლის? - როდესაც ჩაის სვამ, პარალელურად სხვა რამეზეც ხომ ფიქრობ ხოლმე? - მკითხა გამომცდელად და სანამ საპასუხოდ ხმის ამოღებას მოვასწრებდი, მანამ განაგრძო: - ჰოდა, ჩათვალე, ესეც ზუსტად მსგავსი რამაა. ერთი-მეორეს ხელს არ შეუშლის, - ობიექტივის გასწორებასაც მორჩა და აპარატი ხელში მოიმარჯვა. მივხვდი, პირველი სურათის გადაღება ჰქონდა გეგმაში. - კარგი, ასე რომ ვიჯდე, როგორი იქნება, ბატონო ფოტოგრაფო? - სავარძლის სახელურს გადავადე ორივე ფეხი, თან თმები მარცხენა მხარეს გადმოვიყარე და კამერას შევხედე. - ოდნავ გაიღიმე და იდეალური კადრია. მისი თხოვნა ზედმეტი სიტყვების გარეშე შევასრულე და სულ მალე აპარატის ჩხაკუნის ხმაც მისწვდა ჩემს ყურთასმენას. პირველი სურათი უკვე მზად იყო და ამაში, მალევე დამარწმუნა კლაიდის სიტყვებმაც : - მორჩა, კარგია, ახლა გამომეტყველება შეიცვალე, თან ის ფრაზა დააბოლოვე, რომელსაც გეტყვი. - რა ფრაზა? - ინტერესით გავხედე. ღიმილიანი გამომეტყველება სერიოზულით შევცვალე. - ბავშვობაში მეგონა, რომ... - თქვა, სწორედ ამ ნაწილში დააპაუზა და გამომცდელი მზერა მესროლა. ამით მიმახვედრა, ეს წინადადება შენი ბავშვობის დროინდელი წარმოსახვებით დააბოლოვეო. სწრაფად დავიწყე იმაზე ფიქრი, თუ რა აზრები მიტრიალებდა თავში ჩემი ცხოვრების ამ პერიოდში. პატარაობაში ისეთი სულელური ფანტაზიები მაწუხებდა, ღიმილიც კი მომადგა ამ მოგონებების ამოტივტივებისას. - მგონი რაღაც გამახსენდა... - ჰოდა, გისმენ, - კიდევ ერთი ფოტო შემატა კლაიდმა თავის კოლექციას. - მოკლედ, ბავშვობაში მეგონა, რომ ვისაც ბუხარი არ ჰქონდა, თოვლის ბაბუა იმის სახლში ჭუჭრუტანიდან ძვრებოდა. კიდევ მეგონა, რომ სათამაშოს თუ ძალიან კარგად მოვექცეოდი, დამელაპარაკებოდა და ადამიანები დედამიწაში ცხოვრობდნენ და არა, დედამიწაზე. - სერიოზულად? - ფოტოაპარატი კისერზე ჩამოიკიდა და წამით ორივე ხელი სახეზე აიფარა სიცილს ძლივს იკავებდა ჩემს ნათქვამზე და მეც მეცინებოდა მის შემხედვარეს. - აი, მე კი მეგონა, მშობლები, ბავშვებს ქორწინების მერე ყიდულობდნენ მაღაზიაში, - თავადაც მომცა აღიარებითი ჩვენება. ამ სიტყვებმა ორივე კიდევ უფრო გაგვამხიარულა. - საკმაოდ ფანტაზიორი ბავშვი ყოფილხარ. - შენზე აღარაფერს ვამბობ, - ქვედა ტუჩის კუთხეს მოსდო კბილები, - რაო, სათამაშოებს თუ კარგად მოვექცევი, დამელაპარაკებიანო, არა? - კლაიდ, იცოდე, ნუ დამცინი, თორემ რამეს გესვრი, - ირგვლივ მიმოვიხედე, თუმცა სასროლი მართლა ვერაფერი ვიპოვე ჩემი მობილურის გარდა. ეს კი, არც თუ ისე სახარბიელო ვარიანტი გახლდათ. - არაფერი მესროლო, თორემ დედიკოს ვეტყვი და ყურს აგიწევს! - ყურს ამიწევს?! - ვითომ შეშინებულმა შევიცხადე, - რომ დამარტყამს, შემთხვევით ამერიკის შეერთებულ შტატებშიც ხომ არ გამაფრენს? კლაიდი სიცილისგან ლამის ჩაბჟირდა. ხმა მხოლოდ მაშინ ამოიღო, როდესაც მხიარულების ტალღამ ნაწილობრივ გადაუარა. - აუ, კამელია, - კვლავ ვერ ითქვამდა სულს, - მართლა მაგარი ტიპი ხარ, რა. ეგ ბავშვური, სულელური მუქარა კიდევ გახსოვს? - რამდენჯერაც ეგ მაქვს მოსმენილი, რა დამავიწყებდა, - თავადაც მეცინებოდა, თან, სავარძელში ჩამჯდარი ვაგრძელებდი კამერის წინ პოზიორობას. - კარგი, მოდი, შემდეგ კითხვაზე გადავიდეთ, რა აზრის ხარ? - კი ბატონო, სრულ მზადყოფნაში გახლავართ. - ამაღლებული განწყობით მივუგე. - ჰო, მართლა, ფოტოსესია როგორ მიდის? - მშვენივერად! - აპარატის კიდევ ერთხელ გაჩხაკუნების შემდეგ გამცა პასუხი. როგორც სახეზე ვატყობდი, დაჭერილი კადრებით საკმაოდ კმაყოფილი ჩანდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პოზიორობა არც ისე ცუდად გამომდიოდა. არადა, დასაწყისში ვფიქრობდი, არ გამომივიდოდა, - მოდი, ის სამი ნივთი დამისახელე, რომელსაც გამუდმებით თან დაატარებ, როცა სახლიდან გადიხარ. - ასე მგონია, ზეპირ ანკეტას ვავსებ. - ახლა ადექი, თმა ერთ მხარეს გადაიყარე და სავარძლის უკან დადექი, მკლავებდაყრდნობილი. რამდენიმე ფოტოს ეგრეც გადაგიღებ. კლაიდის მითითება რამდენიმე წამში შევასრულე. სახლიდან გასვლისას თან უამრავი რამ მიმქონდა ხოლმე, თუმცა იყო ნივთები, რის გარეშეც წამითაც არ შემეძლო და ახლა სწორედ მათ ჩამოთვლას ვაპირებდი. - ჰმმ, როგორც მახსოვს, თან ყოველთვის მობილური, უფერული ტუჩსაცხი და თილისმა დამაქვს, რომელსაც ბავშვობიდან ვატარებ. - ახლაც თან გაქვს? - ჰო, კისერზე მიკეთია. - მაინტერესებს, - ფოტო-აპარატს ცოტა ხნით თავი მიანება და თვალებში ჩამხედა, - არ მაჩვენებ? - რა პრობლემაა, - სავარძელს მოვშორდი, რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი და ვერცხლისფერ ცეპზე დაკიდებული, უსასრულობის ნიშანი დავანახე, ლამაზად რომ ბრწყინავდა ჩემს კისერზე. - კარგი რამეა, - ღიმილი გაკრთა მის სისხლისფერ ტუჩებზე, - ალბათ, წარმატებაც უნდა მოჰქონდეს, რადგან ასეთ ლამაზ ღამეს ჩემთან ერთად ატარებ და და საერთოდ რომ გამიცანი იმიტომაც. - ოჰოო, დიაგნოზი - ნარცისიზმის შემოტევა. მკურნალობის კურსი - ნაკლები უყურეთ საკუთარ თავს სარკეში, - შეძლებისდაგვარად გამოვაჯავრე. - რა პრობლემაა, სარკეებს სულ ჩამოვხსნი და შვებულებაში გავუშვებ. მაინც დაიღალნენ იმ კითხვაზე პასუხის გაცემით, თუ ვინაა ამ ქვეყნად ყველაზე ლამაზი. გამეღიმა. ზოგადად, მისი ყოველი სიტყვა, თუ მოქმედება სასიამოვნო ღიმილს მგვრიდა და ყველაზე კარგად მაგრძნობინებდა თავს. კლაიდმა კიდევ უამრავი კითხვა დამისვა, ფოტოც ბევრი გადამიღო, შემდეგ კი კამერა დავაყენეთ და მიუხედავად იმისა, რომ კლაიდს არ უნდოდა, ჩემი დაჟინებული თხოვნით ერთად დავიწყეთ პოზირება. ზოგ ფოტოში, მის ტუჩებს, ცერა და საჩვენებელი თითის ლოყებზე მიჭერით, თევზისას ვამსგავსებდი, ზოგში ძალით ვუწელავდი ბაგეებს აქეთ-იქეთ, კადრში ვითომ გაღიმებული რომ გამოსულიყო. რამდენიმე ფოტოში ალბათ მისი შეკრული წარბებიც აღიბეჭდა. ისიც, თუ როგორ გავაკეთეთ "ტიტანიკის პოზა", როგორ მომიგდო ზურგზე კლაიდმა, როცა ვცდილობდი მისთვის კატის ულვაშები მიმეხატა და როგორ ჩაეშვა ჩემიანად სავარძელში, როცა ამ ბავშვური თამაშებით საბოლოოდ ვიჯერეთ გული. უამრავი სანთლით განათებულ, ლამაზად მორთულ ვერანდაზე, კლაიდმა ჩემი სახე ხელებში მოიქცია, ლოყაზე, თვალის ოდნავ ქვემოთ ტუჩები ნაზად მომაკრო და იქვე ამოიჩურჩულა: - მშურს იმ მამაკაცის, ვისიც მომავალში უნდა გახდე. მშურს, რადგან შენი სახით ნამდვილი საგანძურის მფლობელი გახდება. - კლაიდ... - ნუ ღელავ, - ტუჩებზე საჩვენებელი თითი ამაფარა, თან შოკოლადისფერი თვალებით დაჟინებით მომაშტერდა. უკვე იცოდა, რის თქმასაც ვაპირებდი და ამას მის მზერაშიც ნათლად ვკითხულობდი. - მე, შენს სურვილებს პატივს ვცემ და პირობასაც ავასრულებ. აღარ ვეცდები ამის მეტად გნახო, თუკი თავად არ მოგინდება. - ხომ იცი, რომ მეორედ ყველაფერი ასეთი ლამაზი აღარ იქნება და ამ ღამის ეფექტიც გაქრება, როცა ყოველდღიურობაში გავიცნობთ ერთმანეთს? ეს საშინლად არ მინდა. - ჰო, მესმის და გპირდები, შენი სურვილების წინააღმდეგ არ წავალ, - სევდიანად ჩაეღიმა, მერე კი ჩემს თმას წაეთამაშა და დაამატა: - არ გაგიკვირდეს, ამ ღამის შესახებ რომ ერთ დღეს წიგნი დავწერო და ბესტსელერი გახდეს. - ჰო, მე კი ამ წიგნის პრეზენტაციაზე მოვალ, როცა შენ უკვე დაოჯახებული იქნები და ყველაფერი თავიდან დაიწყება, არა?! ზუსტად ისე, როგორც იმ ფილმშია, - სახელის გახსენება ვცადე, თუმცა, როცა არა და აღარ მომაფიქრდა, კლაიდმა წამაშველა სიტყვა: - „მზის ჩასვლამდე“ ჰქვია მაგ ფილმს. - ჰო, „მზის ჩასვლამდე“, - თავის დაქნევით დავადასტურე, მერე კი, უკვე სერიოზულში გადასული ტონით ვკითხე, - შენ რა, მართლა აპირებ რამე წიგნის დაწერას? კლაიდმა სიცილით გააქნია თავი, უარყოფის ნიშნად. კიდევ კარგი ასე მოიქცა, თორემ წნევის აწევა გარანტირებული მქონდა. - არა, სამწუხაროდ მწერლობის ნიჭით არ გამოვირჩევი, მაგრამ ფოტოები მაინც დამრჩება სამახსოვროდ. - ჰოო? აი, მე კი არ მინდა ამ ფოტოებს ვუყურებდე, ამიტომ ნუ გამომიგზავნი, - მაშინვე მივიღე გადაწყვეტილება, რადგან ვერ შევძლებდი ამ ღამით გადაღებული სურათების დანახვას. თავს ძალიან ცუდად ვიგრძნობდი და შეიძლება, კიდევ ერთხელ მეცადა კლაიდთან დაკონტაქტება. - შენი ნებაა, - მხრები აიჩეჩა მან, - ახლა კი საუბარი შეწყვიტე, მოდუნდი და მოდი ჩემთთან. ამ სიტყვებზე, მკლავები უფრო მაგრად შემომოხვია წელზე, თავისკენ მიმიზიდა და შოკოლადისფერი თვალებით გამიღიმა. არც მე გამჩენია წინააღმდეგობის გაწევის სურვილი. ტკიპასავით მივეკარი მის თბილ სხეულს, თავი გულზე ჩამოვადე, გაშლილი ხელი მის მკერდს დავაბჯინე და თვალებდახუჭული, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში საყვარელი მელოდიასავით ვუსმენდი მის რიტმულ გულისძგერას. არაფერი იყო ამ ხმაზე სასიამოვნო. არაფერი იყო კლაიდის თითების ჩემს თმაში შეგრძნებაზე უფრო ეიფორიის მომგვრელი და სწორედ ამ ნეტარებაში ჩაფლული, მის სხეულს უფრო მაგრად მივეკარი. - კლაიდ... - გისმენ... - მეც საშინლად მშურს იმ ქალის, ვისაც მომავალში შენი ერქმევა... <<05:02 -მწვანეყვავილა>> ქუთაისში ჩემთვის ყველაზე საყვარელი უბანი, ბავშვობიდან მწვანეყვავილა იყო. მახსოვს, როგორი ენთუზიაზმით მოვრბოდით მე და ჩემი თანაკლასელები შატალოებზე, სწორედ ამ დასახლებაში და რიონის ჰესს ავდიოდით. ვგიჟდებოდი, ისე მომწონდა იქაურობა. ხშირად სრულიად მარტოც კი ამოვდიოდი ამ ადგილას და უზარმაზარი კიბეების თავში მჯდომი, სიამოვნებით ვუგდებდი ყურს მდინარის ზემოდან ქვემოთ ჩადინების ხმას. პარალელურად, ხიდზე მოსიარულე დაცვის თანამშრომლებს ვაკვირდებოდი ხოლმე, არასდროს რომ არ ტოვებდნენ იქაურობას და ალაგ-ალაგ, დამკვირვებლური მზერითაც ამომხედავდნენ, აქაოდა რამეს ხომ არ აფუჭებს, ან შემოღობილ ტერიტორიებზე ხომ არ მოუნდომებია ფეხის დადგმაო. მთელი სხეული გამითბა, როდესაც კლაიდის მანქანა, სწორედ ამ უბანში მდგომი, ერთ-ერთი ორსართულიანი სახლის წინ გაჩერდა. შენობის ქვემოთ, მდინარის ლამაზი ხედი იშლებოდა და ჰესიც საკმაოდ კარგად ჩანდა. სახლს ეზო არ ჰქონდა, თუმცა ისეთ საოცარ ადგილას იყო აშენებული, ეს დანაკლისს საერთოდ არ იწვევდა. პირიქით, ასე უფრო მეტადაც კი იმსახურებდა სიმპათიას. - კლაიდ, ეს შენი სახლია? - გაღიმებულმა ავხედე, როგორც კი მანქანის კარი გამომიღო და მანიშნა, გადავსულიყავი. მახსოვდა, რომ იმ სამი ადგილის მონახულების შემდეგ, რომელიც უკვე მოვიარეთ, კიდევ ერთი "ბონუს ტურიც" უნდა გვქონოდა და სავარაუდოდ, სწორედ აქაურობა გახლდათ ჩვენი დამატებითი ადგილი. - ჰო, ჩემი სახლია, - თავის დაქნევითაც დამიმოწმა საკუთარი სიტყვები, - მთელ დარჩენილ ღამეს აქ გავატარებთ, სხვაგან წასვლას უკვე აღარ ვაპირებთ. - აჰაა, ანუ ეს არის ჩვენი ბოლო გაჩერება, - მხიარულად შევხვდი ამ იდეას, რადგან სახლმა აღმაფრთოვანა და საერთოდ აღარ მინდოდა სადმე სხვაგან წასვლა. ერთი სული მქონდა, როდის დავათვალიერებდი შიგნიდანაც და როდის გადავხედავდი აივნიდან გადაშლილ მდინარის ხედს, თვალისმომჭრელად რომ იშლებოდა უბნის ამ ნაწილიდან. - ჰო, აქედან უკვე ორივენი ჩვენ-ჩვენ სახლებში წავალთ, მანამდე კი მითხარი, გშია? - მგელივით, - მაშინვე ვაღიარე. მხოლოდ იმ წამს გავაცნობიერე, რომ მთელი გუშინდელი დღიდან მოყოლებული დღევანდელამდე, კლაიდის მიერ ნაყიდი ატრიის გარდა, ყელში საერთოდ არაფერი გადამსვლოდა. - ჰოდა, ნამდვილად სწორ ადგილას მომიყვანიხარ, - უცნაური ფორმის ბოქლომს, გასაღები მოარგო. ღია კარის წინ ვიდექით. შიგნიდან სიბნელესთან ერთად, მკრთალი, ოქროსფერი შუქებიც გამოკრთოდა, სავარაუდოდ, მისაღები ოთახიდან, რომელიც ჯერ კიდევ არ მქონდა ნანახი, თუმცა ინტერესი ნამდვილად მკლავდა, რანაირად გამოიყურებოდა მდინარისპირა სახლი, კედლებს მიღმა. - მხოლოდ თქვენს შემდეგ, მადამ, -ზღურბლისკენ ხელით მანიშნა, პირველს მე რომ გადამებიჯებინა. მანერები არანაირ სიტუაციაში არ ავიწყდებოდა. მისი ეს თვისება, დიდ სიმპათიას იწვევდა ჩემში. - შენი გამკვირვებია აქ რომ არ ცხოვრობ. მართლა საოცარი ადგილია, - გულწრფელად ვაღიარე შიგნით შესვლის შემდეგ, ზუსტად იმ მომენტში, როდესაც ჰოლში სინათლე აანთო. კლაიდი მთელი ეს დრო დაცვის თანამშრომელივით უკან მომყვებოდა. - საიდან იცი, რომ არ ვცხოვრობ? - ანუ? - ანუ ის, რომ ზაფხულის და გაზაფხულის სეზონზე მუდამ აქ გადმოვდივარ ხოლმე. შემოდგომის და ზამთრის გატარება კი იქ მირჩევნია, - განმიმარტა, - მოკლედ რომ ვთქვათ, სეზონური საცხოვრებლები მაქვს. - ფრინველივით ყოფილხარ, შემოდგომით თბილ ქვეყნებში რომ მიფრინავენ, - გამეცინა. მერე ისევ დავსერიოზულდი და მისაღებში შესული, მის თვალიერებას მოვყევი. საკმაოდ გემოვნებიანად იყო მოწყობილი სახლის ინტერიერი. კედლები სადა, კრემისფერი ტონალობაში იყო გადაწყვეტოლი, რაც სიმყუდროვის და სითბოს შეგრძნებას ბადებდა. ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ძირითადი ავეჯი, რასაც საშუალო ზომის დივანი და სავარძლები შეადგენდა, ზუსტად კედლების ფერს ეხამებოდა. არასოდეს მიყვარდა კონკრეტულ სივრცეში ფერების უაზრო სიმრავლე. ეს მისაღები კი ბოლომდე აკმაყოფილებდა ყველა მოთხოვნას, თითქოს ვიღაცას, სწორედ ჩემი გემოვნების შესაბამისად მოუწყვიაო. სახლში არც ტელევიზორი იყო, არც კომპიუტერი და არც ინტერნეტ-გაყვანილობა. როგორც ჩანდა, კლაიდი აქ ცხოვრების პერიოდში მათ ან არ იყენებდა, ან სეზონური საცხოვრებლის ცვლილებისას, უწინდელი ბინიდან მოჰქონდა ხოლმე ისინი. - მომწონს აქაურობა, - აღვნიშნე, როგორც კი თვალიერებას ასე თუ ისე მოვრჩი. ჩემი მასპინძელი მოსაცმელს იხდიდა და მეც მაშინ გამახსენდა რომ ქურთუკი ჯერ კიდევ ტანზე მეცვა და გახდა დავიწყე. - რატომღაც დარწმუნებული ვიყავი, მოგეწონებოდა. - როგორც ჩანს, ნაძვის ხესთან მოასწარი ჩემი ასე კარგად შეცნობა, - მერე გავიხედ-გამოვიხედე და დავამატე, - ჰო, მართლა, სანამ შიგნით შემოვიდოდით, მკითხე, მშიოდა თუ არა. აქ კი საჭმლის სუნიც კი არსად ტრიალებს. კლაიდს გაეცინა. - იმიტომ არ ტრიალებს, რომ ვახშამი თავად უნდა მოვამზადოთ, - მითხრა მან. - ახალი წელი იმითაცაა განსაკუთრებული, რომ ყველა ადამიანმა ის კერძი უნდა მოამზადოს, რომელიც ყველაზე კარგად გამოსდის, რომ ამ წელმაც საუკეთესოდ ჩაიაროს მისთვის. - ეგ შენ მოიფიქრე, თუ საახალწლო ელფებმა? - არც ერთმა და არც მეორემ, თოვლის ბაბუის ირმების მოფიქრებულია. - კარგი, - თანხმობის ნიშნად სიცილით დავუქნიე თავი. იმის გაფიქრებაზეც კი ნერწყვები მადგებოდა, რომ მალე უნდა გვევახშმა. ვაღიარებ, ნამდვილად არ იყო კარგი იდეა მთელი ორი დღის განმავლობაში საკვების მხოლოდ ერთხელ მიღება. გუშინდელი დილიდან მოყოლებული იმდენი საქმე მქონდა, ჩემი საბრალო, ცარიელი კუჭის არსებობის შესახებ მხოლოდ ბოლო წუთებში გამახსენდა, მაშინ როცა უჭმელობისგან საკმაოდ აქტიურად ახმაურდა. - თუ ასეა, წამოდი, სამზარეულოში გავიდეთ, - მაჯაზე ვიგრძენი მისი თითების შემოხვევა, - სულ აივნისკენ ნუ იყურები, როცა ვახშამს მოვამზადებთ, გავიდეთ და იქ ვჭამოთ. - ჩემს აზრებს კითხულობ. - ჰო, მაქვს ასეთი ნიჭიც, - ნარცისულად შეიფერა, მერე კი, პირდაპირ, ყოველგვარი ზედმეტი კომენტარის გარეშე გაემართა სამზარეულოსკენ და მეც თან გამიყოლა. სამზარეულო მისაღებზე ორჯერ პატარა, თუმცა მაინც საკმაოდ დიდი აღმოჩნდა. იქაურობა ისე იყო მოწესრიგებული, რომ პირველად შესულ ადამიანსაც კი არ გაუჭირდებოდა საჭირო ნივთების პოვნა. ყველაფერი თავის ადგილას იდო, დანებიდან დაწყებული, ჭურჭლითა და საჭრელი დაფებით დამთავრებული. კედლის ერთი მეოთხედი, ჭურჭულის სარეცხ ნიჟარამდე, რძისფერი თაროებით დაეფარათ, ხოლი მის ქვემოთ, მთელ სიგრძეზე გაყოლებულ, პრიალა, მარმარილოსფერ მაგიდაზე, სხვადასხვა ტექნიკური მოწყობილობები - მიქსერი, ვაფლების დასამზადებელი ხელსაწყო, ბლენდერი, წვენსაწური და ტოსტერი ელაგა. ჩვენი ვახშმის მზადება საკმაოდ მხიარულად დაიწყო. კლაიდს მზადება ნამდვილად არ გამოსდიოდა ცუდად. პირიქით, ამაში საკმაოდ დახელოვნებულიც კი იყო. ვერავინ იტყოდა, დანა ხელში მოუხერხებლად უჭირავს, ან პროდუქტებს არათანაბრად ჭრისო. მის შემხედვარეს, სირცხვილის გრძნობაც კი გამიჩდა, რადგან კერძების მომზადება, მეც კი არ მიხდებოდა ასე ძალიან. როგორც კლაიდისგან შევიტყვე, ყველაზე უკეთ თევზის კერძები გამოსდიოდა, ამიტომ, სწორედ მისი მომზადება ითავა ვახშმისთვის. მე გადავწყვიტე დესერტი მომემზადებინა. არჩევანი ნუტელას ორცხობილებზე შევაჩერე. ჩემი მეგობრები მუდამ მეუბნებოდნენ, რომ მათ მომზადებაში მსოფლიო დონის შეფ-მზარეულებსაც კი გავუწევდი კონკურენციას, ამიტომ, ამაყად მოვირგე მანდარინისფერი წინსაფარი, თმა სამზარეულოში ნაპოვნი იაპონური ჩხირებით ავიწიე ზემოთ და საქმეს ენთუზიაზმით შევუდექი. არ ვიცოდი, დამთხვევა იყო თუ უბრალოდ იღბალი, მაგრამ კლაიდის მაცივარში ყველა ის ინგრედიენტი აღმოჩნდა, რაც ჩემი დესერტის მომზადებისთვის იყო საჭირო. ამ ფაქტმა ძალიან გამახარა. ყოველთვის ვამბობდი, რომ ორცხობილა სრულყოფილად გემრიელი ვერ გამოვიდოდა, თუკი მას რაიმე მაინც დააკლდებოდა და გამიმართლა, რომ ამ შემთხვევაშიც ასე არ მოხდა. კლაიდს უკვე დაემთავრებინა თევზის გასუფთავება და საჭირო ბოსტნეულიც დაეჭრა, ლამაზად რომ იყო გადანაწილებული საჭრელ დაფაზე. აი, რაც შემეხება მე, ჯერ კიდევ ორცხობილის მასას ვამზადებდი, პარალელურად კი, მინანქარისთვის ვადნობდი კარაქს გაზქურაზე და ასე ვთქვათ, ორ ფრონტზე ვიბრძოდი ერთდროულად. - შენი ყველაზე დიდი ნატვრა მითხარი, - ვახშმის მზადებისას ჩამოვარდნილ დუმილს, კლაიდის ხმა შეერია. ხის კოვზით კარაქის რევა დროებით შევწყვიტე და მზერა მასზე გადავიტანე. ყავისფერტარიან დანას ცალი მკლავით დაყრდნობოდა და თან მობილურის კამერა ჰქონდა ჩემკენ მოშვერილი. - შენ რა, ვიდეოს მიღებ? - ჰო, - ტუჩის კუთხეში ღიმილი გაუკრთა, - როცა ეს ღამე დასრულდება და სამუდამოდ წახვალ, მინდა ძალიან ბევრი სამახსოვრო რამ დამრჩეს შენგან. გული შემეკუმშა ამ სიტყვებზე. საკმაოდ უსიამოვნოდ მომხვდა სიტყვები - "სამუდამოდ წახვალ", თუმცა თითოეულ უჯრედს მოდებულ სევდას, საშუალება არ მივეცი გამომეტყველებაზეც ასახულიყო და მოჩვენებითი ღიმილით მივუგე: - კარგი, თუ ასეა, გიპასუხებ, - გაზქურაზე ცეცხლს დავუწიე, უკვე გამლღვალი კარაქის ჯამში დიდი რაოდენობით კაკაო ჩავყარე და ჩემკენ მომართულ კამერაზე მიშტერებულმა, ქურაზე შემომდგარი მასის კოვზით მორევა განვაგრძე. - ჩემი ყველაზე დიდი ნატვრა ალბათ ის არის, რომ ადამიანების ფიქრების კითხვა შემეძლოს. ამაზე დიდი ნატვრა, უკვე წლებია აღარ მაქვს. კლაიდს ოდნავ გაეღიმა და წარბების ქვემოდან გამომხედა. - და ეს რომ შეგეძლოს, პირველ რიგში ვის ფიქრებს წაიკითხავდი? - შენსას, - არც კი დავფიქრებულვარ ისე მივუგე, თუმცა ენაზე კბენა და რამის შეცვლა უკვე გვიანი იყო. ჯანდაბა, კამელია, რა უტვინო და დაუფიქრებელი ხარ. ახია შენზე! - აჰა, ესე იგი ჩემსას, - ის ხელი, რომელშიც ტელეფონი არ ეჭირა ნიკაპზე გაისვა, - როგორც ვხედავ, ძალიან დამიინტერესებიხარ, რადგან პირველად ჩემს გონებაში დაიწყებდი ხელების ფათურს. - თავში ნუ აგივარდება! - პატარა ბავშვივით გამოვუყავი ენა. - შენ იმიტომ დაგასახელე, რომ ამ წამს ჩემს წინ მხოლოდ შენ დგახარ. - ნახე რა, მთელი სიხარული ჩამამწარა, - ვითომ დანანებით გადააქნია თავი, - არადა ცოტა ხნის წინ, როგორი ბედნიერი მივქროდი მეცხრე ცისკენ. - დედამიწაზე დაბრუნების დროა, მისტერ კლაიდ, თქვენი თევზი მოუთმენლად გელოდებათ. - შენ კი მგონი მინანქარი გელოდება მოუთმენლად, - გაზქურისკენ მანიშნა და ჩემს სასუნთქ ორგანოებსაც იმ წამს მისწვდათ უცნაური სურნელი. - ჯანდაბა, ჩემი მინანქარი! - ეჭვი მაქვს მაგ ორცხობილებს აღარ გავსინჯავ, - სიცილნარევი ტონი შევნიშნე მის სიტყვებში და გუნებაც მომეშხამა, თუმცა მერე აღმოვაჩინე, რომ საქმე არც ისე ცუდად იყო. მინანქარს მხოლოდ ოდნავ მოესწრო ბუშტუკების გაკეთება და მისი გადარჩენა არ გამჭირვებია. - თუ არ გასინჯავ, ბევრსაც დაკარგავ, ჩემს ორცხობილებს საიმისო არაფერი სჭირთ რომ ვინმემ დაიწუნოს. - შენ ჩემი თევზი უნდა ნახო, როდესაც მომზადდება. - თავმომწონედ ჟღერს, - ცალი წარბი ავზიდე, გაზქურა გამოვრთე და ჩემი მინანქარი გასაცივებლად მაცივარში შევდგი. სანამ ორცხობილის ჩასასხმელ მასას მოვიტანდი, კლაიდი კვლავ აგრძელებდა ვიდეოს გადაღებას. მერე ალბათ გაახსენდა, რომ მის კერძს სხვა ვერავინ გააკეთებდა და სრულაიდ სხვა ხერხს მიმართა. მობილურში წინა კამერა ჩართო და მოხერხებულად მიაყუდა გაზქურის თავზე შემოდებულ ჭიქაზე, რომ გადაღება უკვე დამოუკიდებლად გაეგრძელებინა. ძალიან ბევრი ვიხალისეთ მომზადების პროცესში. ყოველი წუთი რაღაც ახალს გვაგებინებდა ერთმანეთის შესახებ და უფრო მეტად ახლობლებს გვხდიდა ერთმანეთისთვის. ოჯახური ატმოსფერო შექმნილიყო ჩვენს გარშემო. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ ადამიანს უკვე ათ წელზე მეტ ხანს ვიცნობდი და ახალი წლის მასთან აღნიშვნაც, უკვე ტრადიციად ქცეულიყო. ერთმანეთს უამრავ სულელურ და ამავდროულად, საინტერესო შეკითხვას ვუსვამდით. მაგალითად იმას, თუ რა ასაკში გვეწვია პირველი სიყვარული, რას მოველოდით ცხოვრებისგან, რა თვისებებს ვაფასებდით საკუთარ თავში, როგორი ადამიანი იყო ჩვენთვის მიმზიდველი და რას გავაკეთებდით, თუკი ერთ დღეს გავიღვიძებდით და აღმოვაჩენდით, რომ სრულიად მარტონი ვიყავით დარჩენილი პლანეტაზე. თითოეულ კითხვაზე პასუხი, უკეთესად მაცნობდა კლაიდს, მას კი ჩემს თავს. ყოველი ნათქვამი სიტყვა, უფრო მეტად გვაახლოვებდა, ერთმანეთს გვაჩვევდა და მოსალოდნელ განშორებასაც უფრო საშიშს ხდიდა ჩვენთვის, რადგან ალბათ არც ერთმა არ ვიცოდით, როგორ გამოგვივიდოდა ეს ყოველგვარი გულისწყვეტის გარეშე. შოკოლადის დესერტს გაცილებით უფრო დიდი დრო დასჭირდა, ვიდრე კლაიდის კერძს. მიუხედავად ამისა, საუკუნის ბოლომდე ლოდინი არც ორცხობილების გამო მოგვიწია. თევზის საშუალო ზომის თეფშებზე გადანაწილებიდან ათი წუთის შემდეგ, ღუმელმა როგორც იქნა ხმამაღლა დაიწრიპინა და ჩემი კულინარიული შედევრის მომზადებაც გვამცნო. სრულ მზადყოფნამდე მხოლოდ მინანქარის მოსხმა და ქოქოსის ფხვნილის თავზე მოყრა ჰქონდა დარჩენილი, რაც ორი წუთის საქმესაც არ წარმოადგენდა. - მგონი თითქმის მზად ვართ, არა? - კლაიდ ლიმონის წვენს ასხამდა სხვადასხვა თეფშებზე გადანაწილებულ, უკვე ფხაგამოცლილ თევზს. საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურებოდა სხვადასხვა სახეობის ბოსტნეულით გაწყობილი კერძი. - თითქმის არა, უკვე სრულ მზადყოფნაში ვართ, - კმაყოფილება დასეირნობდა მის სახეზე, თუმცა თვალებში მაინც ეტყობოდა სევდა. ალბათ იმიტომ, რომ უკვე შვიდი დაწყებულიყო და ჩვენი ერთად ყოფნაც ნელ-ნელა დასასრულისკენ მიიწევდა. შეთანხმებისამებრ, როგორც კი საათის ისრები რვას უჩვენებდნენ, კლაიდს ჩემთვის ტაქსი უნდა გამოეძახა, რომელიც შინ წამიყვანდა და ჩვენი "წვეულებაც" სწორედ იმ დროს დამთავრდებოდა. სამწუხარო იყო ამის გააზრება, თუმცა საბედნიეროდ, დრო ჯერ კიდევ მქონდა და ამ წუთების იმაზე ფიქრში დახარჯვას ნამდვილად არ ვაპირებდი, რომ მალე ერთმანეთის ცხოვრებიდან სამუდამოდ მოგვიწევდა გაქრობა. - კარგი, მე აივნის მაგიდას გავაწყობ, კერძი კი შენ გამოიტანე. - თუ არ იშლი და მაინცდამაინც იქ გინდა დაჯდომა, მაშინ თბილი პლედიც დაგჭირდება, აივანზე ცივა. - დამჭირდება? - გამიკვირდა მრავლობითის მაგივრად, მხოლობითი რიცხვის გაგება, - შენ არ გაქვს სიცივის შეგრძნება? - მე თბორეგულაცია ბავშვობიდან მაქვს დარღვეული, - გაეცინა, თუმცა როგორც კი ჩემს სახეს შეხედა, დაამატა: - კარგი, ეგრე ნუ მიყურებ, ვხუმრობ. უბრალოდ ზამთარში ერთი სვიტერიც საკმარისია, რომ არ შემცივდეს. ქურთუკებს მხოლოდ იმის გამო ვიცვამ, რომ ქუჩაში ხალხმა გაკვირვებულმა არ დამიწყოს თვალიერება, ან გაჭირვებული არ ვეგონო. - უცნაური ადამიანი ხარ! - იმედია კარგი გაგებით... - რა თქმა უნდა, კარგი გაგებით, - გავუღიმე, თან კედელზე მიმაგრებული ხის კარადიდან საჭირო ჭურჭელი გადმოვიღე, იასამნისფერ ხელსახოცებთან ერთად, - წავალ, მაგიდას გავშლი, თორემ რვა საათი ისე შესრულდება, თვალის დახამხამებასაც ვერ მოვასწრებთ. როგორც კი ეს ვთქვი, კლაიდმა კედელზე მოწიკწიკე, მრგვალ საათს ახედა, მერე ისევ მე შემომხედა. კმაყოფილიც არ იყო, თუმცა ხმამაღლა მაინც არაფერი უთქვამს, უბრალოდ თავი დამიქნია და ამჯერად, თევზის მარილითა და პილპილით შეზავებას შეუდგა. აივნისკენ სწრაფი ნაბიჯებით გავემართე. ჩემი ინტუიცია ასი პროცენტით გამართლდა. იქედან გადაშლილი ხედი, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბნელოდა და კარგად ვერაფერს ვარჩევდი, მაინც საოცრად ლამაზი მეჩვენებოდა. ჰესის ჩხრიალა ხმა სასიამოვნოდ სწვდებოდა ჩემს ყურთასმენას. მდინარიდან ცივი ქარი ქროდა და ფანტელებიც არ წყვეტდნენ ლამაზად ცვენას. კაბადონს სულ ოდნავ ემჩნეოდა განთაიდის ნიშნები. ისევ სიბნელე ინარჩუნებდა დომინანტის სტატუსს და სინათლისთვის ადგილის დათმობას ჯერ არ ფიქრობდა. არც თავად მსურდა მალე გათენებულიყო. გარიჟრაჟის დანახვა, ჩემი წასვლის მოახლოებას მოასწავლებდა. ეს კი უსიამოვნოდ მჩხვლეტდა გულზე და მახსენებდა, რომ ყველა ლამაზ ზღაპარს აქვს დასასრული. ჩემი პირადი ზღაპარი კი, ორ საათზე ნაკლებ დროში მიუახლოვდებოდა ფინიშის ხაზს. თეფშები და ხელსახოცები მოღუშული სახით დავაწყე. მერე ერთ-ერთი სკამი გამოვწიე, ზედ ჩამოვჯექი, თან იმ მიმართულებით გავიხედე, საითაც ჰესი მეგულებოდა. აივანზე მართლა ძალიან ციოდა, მიუხედავად იმისა, რომ სვიტერიც მეცვა და ქურთუკიც. იმ წამს გავაანალიზე, რომ პლედი ნამდვილად დამჭირდებოდა და უკვე ერთი სული მქონდა, როდის მოვიხურავდი მას მხრებზე. გაშლილ მაგიდასთან სრულ მარტოობაში მყოფმა, თვალები დავხუჭე, აივნიდან გაშლილი ხელის გული გადავწიე და ფიფქების დაჭერა დავიწყე. ვგრძნობდი, როგორ ეშვებოდნენ მსხვილი ფანტელები ჩემს კანზე, მასზევე დნებოდნენ, მჩხვლეტავ სიცივეს მიტოვებდნენ სისველესთან ერთად და ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ნაბიჯების ხმა არ მომესმა. ადგილიდანა არ გავნძრეულვარ. გაუხედავადაც ვიცოდი ვინც მიახლოვდებოდა და სასიამოვნოდ გამეღიმა. აივნიდან ხელი შიგნით შემოვწიე და უკვე ზომაზე მეტად გაყინული კანის გათბობა, პირიდან გამოსული ორქლით დავიწყე. მართლა საშინლად გამყინვოდა ჩემი საბრალო თითები. - გცივა? - ხელში ორ ორად ეჭირა თევზიანი და დესერტიანი თეფშები. მაგიდაზე დააწყო და სანამ პასუხს გავცემდი, მხარზე გადაფენილი თბილი პლედი მომახურა. მერე ჩემს წინ ჩაიმუხლა და თითებზე, თითებით შემეხო, - მოდი, გაგათბობ. მისი ტუჩებიდან გამოსულმა ცხელმა ორთქლმა, ჩემი გაყინული ხელები გაათბო. ტკივილამდე მესიამოვნა ეს ყველაფერი. ნეტარებისგან თვალები დავხუჭე. მომწონდა მისი შეხება, სიახლოვე, კლაიდის თითების საკუთარ კანზე შეგძნება, მისი ტუჩები, რომლებიც მსუბუქად ეხებოდნენ ჩემს ხელის გულს და სადღაც მოუსავლეთში გზავნიდნენ აფორიაქებულ გონებას. სიგიჟე ერქვა ამ ყველაფერს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, ასე მძაფრად თუ შევიგრძნობდი ოდესმე ვინმეს მიმართ სიმპათიას. ახალი წლის ღამეს, საოცრებები ხდებაო, ხომ გაგიგიათ? ჰოდა, ეს იყო ჩემი პირადი საოცრება. იმ მომენტში, მე არ ვიყავი ის კამელია, რომელსაც სხვები იცნობდნენ. მე სრულიად სხვა ვიყავი. იმდენად სხვა, რომ თვითონაც კი მიჭირდა საკუთარი თავის ცნობა. კლაიდი მანამ არ მომეშვა, სანამ ნორმალური ტემპერატურა არ დამიბრუნა გაყინულ ხელებზე. მერე ფრთხილად წამოიწია ცალი მუხლით, მას მეორეც მიაყოლა და ფეხზე წამოდგომისას ხელებიც გამიშვა. - ხელებს რომ გითბობდი, სხეული გიკანკალებდა, - მაცნობა ოდნავი ღიმილით. მისი თვალები გამომცდელად მიყურებდნენ, მე კი ნამდვილად არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა, თავი როგორ დამეძვრინა ამ უხერხულობისგან. ისევ კლაიდმა განმუხტა სიტუაცია. - კარგი, კარგი, ზედმეტი ლაპარაკი არ გვინდა, თორემ საჭმელი გაგვიცივდება. - თუ გინდა, ათბალიანი სისტემითაც შეგიფასებ ნახელავს, - შევთავაზე. უხერხული სიტუაციის განმუხტვამ, მეც თავისუფლად ამოსუნთქვის საშუალება მომცა და ცოტათი მოვეშვი კიდეც. - წინააღმდეგი არ ვარ, - სკამზე ჩამოჯდომისთანავე დაწვდა ჩანგალს, თუმცა ჩემსას და არა თავისას. ჩანგალზე წამოცმული თევზის ნაჭერი პირთან ახლოს მომიტანა. - მინდა პირველი ლუკმა ჩემი ხელიდან გასინჯო, ასე უფრო მეტი ეფექტი ექნება. - შეფ-მზარეული კლაიდი საკუთარი ხელით მასინჯებს თავის კერძს, ახლა თავში ამივარდება. - უფლებას გაძლევ აგივარდეს, - თვითონაც ამყვა ხუმრობაში, მე კი ჩანგალზე წამოცმული ლუკმა ისე ნელა დავღეჭე, თითქოს სათითაოდ ყველა ინგრედიენტის გემოს გამორჩევა მქონდა გეგმაში. თევზის კერძების გულშემატკივარი მაინცდამაინც არ ვიყავი, თუმცა ეს იმდენად კარგი იყო, შემეძლო გამონაკლისი დამეშვა და ჩემს კუთვნილ ულუფასთან ერთად, მისიც დამეგემოვნებინა. - მართლა ძალიან კარგია, ათბალიანი სისტემიდან წელში გამართული ათიანით შევაფასებდი, - გულწრფელად შევუქე ნახელავი, შემდეგ კი, უფრო მეტითაც დავინტერესდი, - ასე მომზადება სად ისწავლე? - მოდი, ეს მარტოხელა კაცების პლუსად ჩავთვალოთ. ბავშვობაში დედა გვიმზადებს ცხელ კერძებს, თუმცა, როდესაც დამოუკიდებელ ცხოვრებას ვიწყებთ, იძულებულები ვართ საკუთარ თავს თვითონ მივხედოთ. - მაგრამ ზოგიერთი რესტორნებში ჭამას ან გამოძახების სერვისებს ირჩევს ამისთვის... - კლაიდმა თევზის ნაჭერი პირში ჩაიდო და პასუხიც მხოლოდ ამის შემდეგ გამცა : - ხანდახან ასეც ვიქცევი ხოლმე, თუმცა, ძირითადად მაინც სახლში მომზადებას ვამჯობინებ. პლედში უფრო მოხერხებულად გავეხვიე და ფეხები სკამზე ავიკეცე. ჩემი გამომცხვარი დესერტი, ჯერ კიდევ მაგიდის ზედაპირზე იდო ხელუხლებლად, რადგან მის დაგემოვნებას მთავარი კერძის დასრულების შემდეგ ვგეგმავდით. მართლაც საოცარი იყო იმ სახლში გატარებული ყოველი წუთი. აივანზე ერთმანეთის პირისპირ მსხდომები, ათას რამეზე ვსაუბრობდით, საახალწლო მაშხალებს ვანთებდით და ხელში მანამ გვეჭირა, სანამ ცეცხლისფერი ნაპერწკლების გაყრას არ დაამთავრებდა. ვიცინოდით, ვმხიარულობდით, ერთიმეორის შინაგან სამყაროს უკეთესად ვეცნობოდით და უფრო მეტად ვეჯაჭვებოდით ერთმანეთს. ცხოვრებაში პირველად მქონდა შეგრძნება, რომ ორი დღის გაცნობილ ადამიანთან, მინიმუმ ათი წლის ნაცნობობა მაინც მაკავშირებდა. ზოგადად, მუდამ მეცინებოდა ხოლმე, როდესაც სხვისგან მსგავსი სიტყვები მესმოდა და ვფიქრობდი, ისინი ან ზედმეტად აზვიადებდნენ, ან უბრალოდ ძალიან გულუბრყვილონი იყვნენ. ახლა კი, როცა ასეთ რამეს საკუთარ თავზე განვიცდიდი, ყველაფერი ბევრად უფრო ადვილი დასაჯერებელი გახლდათ, ვიდრე ეს ადრე იყო. ახალი წლის საღამო, რაღაც საოცრება გამოდგა ჩემთვის. თითოეული მომენტი, თითოეული დიალოგი და კლაიდის ყოველი შეხება მკაფიოდ მქონდა მეხსიერებაში ჩაბეჭდილი. იმდენად მკაფიოდ, რომ მათ ამოშლას ალბათ მრავალი წლის შემდეგაც ვერ მოვახერხებდი. ეს წუთები მხოლოდ ჩვენი იყო, ჩვენივე შექმნილი, დაგეგმილი და განხორციელებული. თითოეული მომენტი მარტო ჩვენ გვეკუთვნოდა, რადგან მასში მხოლოდ თავად ვმონაწილეობდით. კლაიდი, მე და გაჩერებული დრო. იმ წამს მხოლოდ ეს სურდა გულს, მაგრამ საათის ისრები თითქოს ჩემს ჯიბრზე აგრძელებდნენ დაუსრულებელ მოძრაობას, ნელ-ნელა მიემართებოდნენ რვისკენ და ახალი წლის ეს ჯადოსნური ღამე, დასასრულისკენ ძალის გამოყენებით მიჰყავდათ. ცაზე ნელ-ნელა იკვეთებოდა გარიჟრაჟის ნიშნები. ტკბილეულის თეფშიც უკვე დაცარიელებულიყო და მასთან ერთად მანგოს წვენის ჭიქებიც, კლაიდმა რომ დამატებით შემოიტანა, თევზის კერძის დასრულების შემდეგ. კლაიდი მას შემდეგ გამუდმებით მაჯის საათზე იყურებოდა, რაც ცას ნაწილობრივ გადაშორდა მტრედისფერი. თავადაც ასე ვიქცეოდი, შეუმჩნევლად. ალბათ, ორივენი ვგრძნობდით, რომ ყველაფერი დასასრულს უახლოვდებოდა და ჩვენც მალე გადავიქცეოდით ზღაპრული კარეტებიდან, უბრალო გოგრებად. - კამელია, - მისი დაბალი ხმის ტემბრი რომ გავიგე, ჩანგლით ორცხობილის ნამცეცებს ვაწვალებდი, თან თავი სევდიანად მქონდა ჩახრილი. მხოლოდ იმ წამს გავაანალიზე, თუ როგორი სახით ვიჯექი და დანაშაულში გამოჭერილი ბავშვივით მაშინვე მზერა გავუსწორე. - გისმენ. - რვა საათს ათი წუთი უკლია, იცი? - გამომცდელად მიყურებდა, თუმცა ვერ ვხვდებოდი რატომ ან რისთვის. - ჩვენი ზამთრის ზღაპრის წიგნი მალე დაიხურება, არა? - გინდა დაიხუროს? - მეორედ ასეთი ლამაზი აღარ იქნება, ხომ იცი არა? - მავედრებელი მზერა ვესროლე, საუბარი რომ არ დაეწყო. მართალია, საშინლად მიჭირდა იმის გაცნობიერება, რომ კლაიდს დღეს ბოლოჯერ ვხედავდი, თუმცა მაინც მსურდა მხოლოდ ეს იდეალური მოგონებები დამმახსოვრებოდა, ვიდრე დაწყებული გაგვეგრძელებინა. არ მინდოდა ჩვენი ურთიერთობა მოსაწყენი რუტინისთვის გაგვეწირა, ნამდვილად რომ არ აგვცდებოდა, რამდენიმე თვის ან თუნდაც წლის შემდეგ. - შენ გეშინია, კამელია. - ცდები, არ მეშინია! - მის თითებს, ჩემი გადავუსვი ინსტიქტურად, თუმცა მერე მივხვდი, რაც გავაკეთე და სასწრაფოდ წამოვიღე ხელი უკან. - კი, გეშინია, - სკამის საზურგეს მიწოლილი, გამჭოლ მზერას არ მაშორებდა, - შენი ხელები ჩემკენ მოემართება, ისე, რომ შენი გული ვერც კი აკონტროლებს, ამასაც უარყოფ? - ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს ყელი გამიშრა და უდაბნოს ქვიშას დაემსგავსა. ენა დამება. ხმა მანამ ვერ ამოვიღე, სანამ არ გავაცნობიერე, რომ დუმილი იმაზე დიდხანს გავწელე, ვიდრე საერთოდ შესაძლებელი იყო და საკუთარ თავს აზრებისთვის თავის მოყრა ვაიძულე. - ხელი უბრალოდ, შემთხვევით შეგახე, არა მგონია აქ რამე ისეთი იყოს, რის გამოც საუბრის გაგრძელება ღირს. - უკვე თენდება, ხედავ? - ცისკენ გაიხედა. სასაუბრო თემის შეცვლას ცდილობდა, უხერხულობა რომ აღარ მეგრძნო. ამის გამო, მისი უზომოდ მადლობელი ვიყავი. - ჰო, თენდება. - წლების შემდეგ გემახსოვრები? - მემახსოვრები, - ცხოვრებაში არასდროს ვყოფილვარ ისეთი დარწმუნებული, როგორც ამ სიტყვაში, - შენ თუ გემახსოვრები? კლაიდმა ოდნავ გაიღიმა, თვალებში ჩამხედა და ხმადაბლა მომიგო : - ზოგჯერ გვხვდებიან ადამიანები, ვინც არასდროს გვავიწყდებიან, კამელია. ვფიქრობ, შენც მათ სიაში ხარ… V თავი რისკზე წასვლა, ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო რამაა ამ ქვეყნად. რისკზე წასვლას, ჩვენი კომფორტის ზონიდან გამოვყავართ, ახალ რეალობას გვაჯახებს და ან უზომოდ ნასიამოვნებს გვტოვებს, ან უზომოდ იმედგაცრუებულს. მე კი რისკზე წასვლამ უდიდეს სიამოვნებასთან ერთად, დიდი სევდაც მომიტანა. ეს ორი გრძნობა ერთმანეთს უცნაურად ერწყმოდა და ვერც კი ვხვდებოდი, რომელი ითვლებოდა მათ შორის უფრო ძლიერად. თითქმის ცხრის თხუთმეტი წუთი იყო, როცა ტაქსის სიგნალის ხმა განაჩენის ზარივით გაისმა. აივანზე გაშლილი მაგიდა უკვე ალაგებული გვქონდა და დარეცხილ ჭურჭელს ერთად ვამშრალებდით ტილოთი, რომლის ერთი ბოლოც კლაიდს ეჭირა, მეორე კი - მე. მაშინ ყველაზე მძაფრად ვიგრძენი გულზე ჩამოკიდებული ლოდის შემაწუხებელი სიმძიმე. ისეთი შეგრძნება დამეუფლა, თითქოს რაღაც ისეთზე ვამბობდი უარს, რის გარეშეც სუნთქვაც კი გამიჭირდებოდა. მხოლოდ ერთი რამ მეიმედებოდა. ადრე თუ გვიან, ამ ღამეს უბრალოდ ძალიან ლამაზ მოგონებად ჩავთვლიდი და ყოველგვარი ტკივილის გარეშე გავიხსენებდი "საახალწლო ელფთან" ერთად გატარებულ წუთებს. - მგონი, ზღაპრულმა ეტლმა მომაკითხა, - რაც შემეძლო არხეინად ვთქვი. არა, ნამდვილად შესანიშნავი მსახიობი ვიყავი, ოსკარზე წარსადგენიც კი. კლაიდმა ჭურჭლის მშრალებას თავი მიანება. იგი ჩემსავით კარგად ვერ ირგებდა უდარდელობის ნიღაბს და ემოციები ბევრად უფრო მკვეთრად ეტყობოდა შოკოლადისფერ თვალებში. - რატომ არ მაძლევ უფლებას, მე წაგიყვანო? ეს ტაქსი რისთვის მოიგონე, როცა თავადაც მანქანით ვარ? - კლაიდ, ჩვენ ხომ შევთანხმდით?! - მავედრებლად შევაცქერდი მის სახეს - გამომშვიდობების სცენებს ვერ ვიტან, ასე ბევრად უფრო მარტივი იქნება როგორც ჩანს დანებდა, რადგან საპასუხოდ აღარაფერი უთქვამს და არც მზერით გამოუხატავს პროტესტი. ჩემს ერთ ნაწილს, ალბათ უნდოდა კიდეც შემწინააღმდეგებოდა, თუმცა მეორე, უფრო ძლიერი ნაწილი კვლავაც ჯიუტობდა და არსებული გზიდან გადახვევა არაფრით სურდა. - კარგი, შენ როგორც გინდა, ისე იქნება, - ვთქვა ბოლოს ამოოხვრით, - გმადლობ იმისთვის, რომ შემოთავაზებაზე დამთანმხდი და ეს ღამე ჩემთან ერთად გაატარე. - პირიქით, მადლობა შენ ამ ყველაფრისთვის. - ტაქსი გელოდება... - ნახვამდის, კლაიდ, - იმ წამს ყველაფერს მერჩივნა მაგრად ჩავხუტებოდი და გამომშვიდობების ცერემონიაც ასე დამეგვირგვინებინა, თუმცა მეშინოდა. მეშინოდა იმისა, რომ ვერ გავუძლებდი და სრულიად სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი ჩვენს მომავალთან დაკავშირებით. აფორიაქებული უხმოდ მივტრიალდი და რაც შემეძლო სწრაფი ნაბიჯებით დავიძარი კარისკენ. აღარ შემეძლო კლაიდის თვალების ყურება და იმაზე ფიქრი, რომ ეს სახე მხოლოდ წარმოსახვებში დარჩებოდა ცოცხალი. მიჭირდა ამის გააზრება. რატომ დასაწყისშივე არ ვიფიქრე, რომ ეს ყველაფერი ასე მტკივნეულად დასრულდებოდა და ჩემს თვალებსაც მოაწვებოდათ ცრემლები? იქნებ გადაწყვეტილება შემეცვალა და კლაიდის შემოთავაზებას აღარ დავთანხმებოდი? არა, არა! ეს შემოთავაზება ჩემთვის ყველაზე სასიამოვნო იყო, რაც კი მიმიღია და მასზე თანხმობის თქმას არასდროს არ ვინანებდი, რაც არ უნდა მომხდარიყო, ან როგორც არ უნდა მეგრძნო თავი განშორების გამო! სახლის კარს აკანკალებული სუნთქვით მივუახლოვდი და სახელური ძირს ნელა დავწიე. ტაქსი მართლაც ორი ფეხის ნაბიჯზე მელოდა, უძრავად გაჩერებული, ერთგული ცხენივით. გული შემეკუმშა. ახლა მასში უნდა ჩავმჯდარიყავი, კარები მომეხურა და სამუდამოდ გამოვთხოვებოდი აქაურობას. მინდოდა კი ეს?! უნდოდა ჩემს გულს სულელურ პრინციპებს აჰყოლოდა, იმ სისულელის დაეჯერებინა, თითქოს ურთიერთობის გაგრძელების შემთხვევაში ჩვენს დამოკიდებულებას რუტინა გააფუჭებდა? შეეძლო კლაიდზე უარი ეთქვა? იქნებ ყველაფერი, რასაც ვფიქრობდი სრულიად საპირისპიროდ მომხდარიყო? იქნებ სწორედ მას ვიშორებდი, ვისაც ჩემი გული მთელი ამ ხნის მანძილზე ელოდა? მასში ხომ ყველაფერი იყო თავმოყრილი, რასაც კი ადამიანში მუდამ ვაფასებდი? მართლა რას ვაკეთებდი? მივდიოდი და ფეხები უკან მრჩებოდა. შინაგანი ხმა მთელი ძალით მიკიოდა, დავბრუნებულიყავი, ყველანაირი სულელური ფიქრი უკუმეგდო და მხოლოდ იმისთვის მომესმინა, რის თქმასაც ჩემი მფეთქავი ორგანო ცდილობდა. მე არ მინდოდა კლაიდისგან წასვლა. არ მინდოდა ის ტკივილიანი მზერა გამყოლოდა ბოლო მოგონებად, რომლითაც მან გამომაცილა. თითოეული უჯრედი შეუჩერებლად მთხოვდა მიღებულ გადაწყვეტილებაზე ხელი ამეღო, დავრჩენილიყავი და ამ ღამისთვის გაგრძელებაც მიმემატებინა, რომელსაც მე და კლაიდი ერთად დავწერდით. ტაქსის კარისკენ წაღებული ხელი ჰაერში გავაჩერე და თავი გადავაქნიე. ყოველგვარი მცდელობა კვლავ არჩეულ გზას გავყოლოდი უაზრო იყო და საკმაოდ რთულიც. მართალია, საწყის ეტაპზე გადაწყვეტილება ზედმეტად მკაცრად მქონდა მიღებული და ეჭვი ოდნავადაც არ მეპარებოდა, რომ მას შევასრულებდი, მაგრამ ფაქტის წინაშე დადგომამ სრულიად სხვა მიმართულებით წარმართა ჩემი გონება. მორჩა, რაც იყო, იყო! თუკი ახმაურებული გული დარჩენას მკარნახობდა, მეც ავდგებოდი და მას გამოვუცხადებდი მორჩილებას. დავემორჩილებოდი, რადგან ყველაზე ნაკლებად ახლა ამ სახლიდან წასვლა მსურდა და არც წავიდოდი! საკუთარ გადაწყვეტილებაში ასი პროცენტით დარწმუნებულმა, ტაქსის მძღოლს ბოდიში მოვუხადე ცრუ გამოძახებისთვის, თანხა გადავუხადე და დავემშვიდობე. ახლა უკვე შემეძლო თავისუფლად ამომესუნთქა. ჩემს ცხოვრებაში ალბათ ეს მეორე ყველაზე გაბედული ნაბიჯი გახლდათ, კლაიდის წინდადებაზე დათანხმების შემდეგ. მე საკუთარ პრინციპებს გადავაბიჯე, რომლებიც ღრმად მქონდა გონებაში ჩაბეჭდილი. უზომოდ კმაყოფილიც ვიყავი ჩემი თავის. როგორც კი ტაქსი თვალს მიეფარა და ხმაც სადღაც მიიკარგა, კარის სახელური კვლავ უხმოდ დავწიე და შიგნით შევაბიჯე. სამზარეულოდან, სადაც კლაიდი დავტოვე, ჩამიჩუმიც არ ისმოდა. იქაურობა სრულ მდუმარებას მოეცვა და მხოლოდ საათის წიკწიკის არღვევდა სიჩუმით გაჯერებულ სივრცეს. მისაღები ცარიელი იყო, ისევე როგორც სამზარეულო. ნიჟარაში ჩაწყობილი გარეცხილი ჭურჭელი ხელუხლებელი იყო. ირგვლივ არავინ ჩანდა. თუმცა მე ხომ ვიცოდი, რომ კლაიდი აქ იყო? არ დამიწყია მისი მეორე სართულზე ძებნა. არც სააბაზანო და ტუალეტი შემიმოწმებია. რატომღაც შინაგანმა ხმამ მიკარნახა, რომ იგი აივანზე დამხვდებოდა. არც შევმცდარვარ. მისაღები გავიარე, მოკლე დერეფნის გავლით აივნის კართან აღმოვჩნდი. ჩემთვის სასურველი ადამიანი სწორედ იქ ვიხილე, ზურგით მდგომი და მოაჯირს მკლავებით დაყრდნობილი. დაუფარავად გამეღიმა. თითქოს მთელი ორგანიზმი სიხარულით აივსო და ძარღვებში სისხლის მაგივრად ენდორფინმა დაიწყო მოძრაობა. ვუყურებდი კლაიდს, მის მშვიდ სუნთქვას ვუსმენდი და ვხვდებოდი, რამ მაიძულა უკან დაბრუნება. რამდენიც არ უნდა მეძებნა, ამ ადამიანის მსგავსს ვერასდროს ვერსად ვიპოვნიდი. იგი ერთადერთი გახლდათ და ვერ დავკარგავდი. ასეთი სისულელის ჩადენის უფლებას საკუთარ თავს ვერასოდეს მივცემდი. ყურადღების მისაქცევად, ხმადაბლა ჩავახველე და რამდენიმე ნაბიჯით მივუახლოვდი მოაჯირთან მდგომს. რამდენიმე წამით კვლავ გაშეშებული იდგა, ისე, თითქოს სურს გაგონილის რეალურობაში დარწმუნდესო. მერე ქვის მოაჯირს ხელები მოაშორა, მდინარის ყურება შეწყვიტა, უკან ნელა მოტრიალდა და ჩემი სახის დანახვაზე, თვალებში რაღაც იდუმალმა სხივმა გაურბინა. მომეჩვენა, რომ ოდნავ გაეღიმა კიდეც, თუმცა იქნებ მომეჩვენა?! - შენ ახლა ტაქსიში არ უნდა იჯდე? - მკითხა, თან მომიახლოვდა. ჩვენს შორის დარჩენილი სივრცე ლამის ბოლომდე დაფარა და ზუსტად წინ დამიდგა, თითის გასაწვდენ მანძილზე. - უნდა ვიჯდე, მაგრამ არ ვზივარ. - ანუ... შენმა უწინდელმა აზრებმა რევოლუცია განიცადეს? თუ უბრალოდ რამე დაგრჩა და იმის წასაღებად მოხვედი? - ჰო, რაღაც მართლა დამრჩა. - აჰა, ანუ მიზეზი მხოლოდ ესაა... - იმედგაცრუება ჩაუდგა თვალებში და ეს მანამ გაგრძელდა, სანამ კვლავ არ ამოვიღე ხმა. - ის, რაც აქ დამრჩა, ახლა ჩემს წინ დგას და პირდაპირ სახეში მიყურებს. - კამელია... სერიოზულად?! - სერიოზულად, - თავის დაქნევითაც ისევე დავუმოწმე, როგორც სიტყვიერად, - შეიძლება ბოლო წამს მივხვდი, რომ ეს საღამო არ იმსახურებს გაგრძელებას გარეშე დარჩენას, თუმცა სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. აი, ახლა კი დარწმუნებით შემეძლო მეთქვა, რომ ნამდვილად ღიმილი გაკრთა მის ბაგეებზე. ბედნიერებამ შოკოლადისფერი თვალებიდანაც გამოაბრწყინა და გული ისე გამითბო, რომ ზამთრის სასტიკი ყინვაც კი ვერაფერს დააკლებდა. - ყველაზე კარგი საახალწლო საჩუქარი გამიკეთე, იცი ეს? - მკითხა, თან ლოყაზე ნაზად ჩამომიტარა თითები. როგორც ყოველთვის, ახლაც სასიამოვნო სითბო იღვრებოდა მისი კანიდან. - კლაიდ, - პირდაპირ თვალებში შევხედე და ქვედა ტუჩი ენის წვერით გავისველე, - მე... მართლა არ ვიცი, ასეთ დროს რა უნდა გავაკეთო ან ვთქვა. უკან დავბრუნდი და ამას არც ვნანობ, თუმცა, როცა ამდენი ვისაუბრეთ, ამდენ თემას შევეხეთ და მთელი ეს საათები ერთად გავატარეთ, უკვე აღარ ვიცი, რა იქნება შემდეგი ნაბიჯი. - ამაზე მარტივი არაფერია, - ისე გამიღიმა, ყველანაირი დაძაბულობა და დაბნეულობა მომეხსნა, ასე ძალიან რომ მაწუხებდა, - მე გასწავლი, რაც უნდა ქნა. -კარგი, თუ ასეა, გისმენ. - უბრალოდ მომავალზე ფიქრს შეეშვი, ჩემთან მოდი, ხელები აი, ასე ასწიე და რაც შეგიძლია, მაგრად მომეხვიე. მგონი დასაწყისისთვის ეგეც საკმარისი იქნება, - მერე ტუჩები ყურთან ახლოს მომიტანა, თმა გადამიწია, თავისი ცხელი სუნთქვა კისერზე შემომაფრქვია და ჩამჩურჩულა, - რაც არ უნდა მოხდეს, შენ ყოველთვის ყველაზე გიჟური და საინტერესო რამ იქნები, რაც კი თავს გადამხდენია, კამელია... დასასრული . . . პ.ს —ბედნიერი ახალი წლები ყველას :* |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.