შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მემკვიდრეობითი ცოდვა (თავი 7)


18-02-2021, 09:55
ავტორი Melice
ნანახია 2 921

მზიანი, თუმცა ცივი შუადღე იყო. უნივერსიტეტიდან გამოვედი და ავტობუსის გაჩერებასთან აზიდულ ბანერს თვალი შევავლე. საბასთან დარეკვა ორჯერ უშედეგოდ ვცადე, ამიტომ გადავწყვიტე, მოქმედებაზე გადავსულიყავი.
ნაცრისფერი ტაქსი გავაჩერე და უკანა სავარძელზე გაყინული ხელების ფშვნეტით მოვკალათდი.
- დიღომში, „ასტრა პარკთან“, თუ შეიძლება. - მთლიანად გაჭაღარავებულ მძღოლს თავაზიანად გავუღიმე.

საქარე მინიდან ვაკვირდებოდი მზის სხივებით გავსებულ ქუჩებს და მიკვირდა. როგორ შეიძლება სითბოს ხედავდე, როცა რეალურად ყინავს?
ნაცნობი შენობა ისევ ენთო, მაგრამ დღის სინათლეზე ისე ვერ ბრდღვიალებდა, როგორც მახსოვდა.
საბას სიტყვები გამახსენდა...
„სიბნელეში ყველა ფერი უკეთ ჩანს“.

რკინის სქელ ჩარჩოში ჩასმულ მინას მთელი ძალით მივაწექი და დიდი კარიც ფართოდ გაიღო. საინფორმაციო დახლისკენ გზა თვალის ცეცებით გავიკვლიე.
- გამარჯობა, საბა აქაა? - საგულდაგულოდ დავარცხნილი გოგონა ვიცანი, ფეხზე წამოდგა და ისე დამაკვირდა, მივხვდი, რომ თავადაც მიცნო.
- დიახ, სპორტის ფედერაციიდან გვყავს ჯგუფი, ტრასის და მანქანების უსაფრთხოებას ამოწმებენ, ბატონი საბაც იქაა.
- ხშირად მოდიან? - გული დამწყდა.
- ექვს თვეში ერთხელ. - თვალები გაბეზრებით აატრიალა. - მაგრამ ამჯერად ბატონმა საბამ თვითონ მოიწვია, უნდა ყველაფერი მოწესრიგებული დატოვოს, სანამ გაემგზავრება.
- სად მიდის? - პირი მომენტალურად გამიშრა და დიდ თვალებში ჩავაცქერდი.
- ლიტა? - საბას ხმამ ტანში დამიარა, თავი ხმის მიმართულებით მივატრიალე. გაოცებული, მაგრამ თან გახარებული მოდიოდა. - კარგია, რომ მოხვედი, მაგრამ რამოდენიმე საათით დაკეტილია.
- ვიცი, მითხრა. - თვალები მოვჭუტე, ორივე ხელი მომხვია და ცეცხლმოკიდებული ზღვები გამისწორა.
- მაშინ, წავიდეთ.

როგორც კი შენობა დავტოვეთ, შევჩერდი და ჩვენმა ჩაკიდებულმა ხელებმა ისიც გააჩერეს.
- სად მიემგზავრები? - ვიგრძენი როგორ გასქელდა ჩვენს შორის გაჩრილი უხილავი მემბრანა და იქ სადაც ძველი შიშის დატოვება დავიწყე, ახალმა შიშმა თავი წამოჩიტა.
- არსად. - თვალები სწრაფად დაახამხამა.
- იმ გოგონამ მითხრა, რომ ყველაფერს აწესრიგებ, სანამ სადღაც წახვალ. - გული დამიპატარავდა, მისმა დუმილმა და არაფრისმთქმელმა გამომეტყველებამ კი გამაღიზიანა. - თქვი, თორემ შევალ და იმას ვკითხავ.
- ბათუმში მოვდივარ შენთან ერთად. - მხრები აიჩეჩა.
- მართლა?
- ხომ მითხარი, რომ მამაშენს შენთვის ვიღაცის გაცნობა უნდა. - ვიგრძენი, როგორ დაეძაბა ჩემს ხელზე ჩაჭიდებული თითები. - არც შენ მიხვალ მარტო.
- კარგი აზრია, მაგრამ იქნებ ჯერ გეკითხა?
- წინააღმდეგი ხარ?
- არა... - თვალი ავარიდე.
- აბა, რა პრობლემაა? - ნიკაპზე ორი თითი წამავლო და ისევ მის მზერას დამაბრუნა.
- ჩემთან შეუთანხმებლად ნუ მიიღებ ისეთ გადაწყვეტილებას, რაც მე მეხება.
- კარგი, გავითვალისწინებ. - მსუბუქად გამიღიმა და მანქნანისკენ გამიძღვა.
ღვედს ვიკრავდი, როცა უკანა სავარძლისკენ მზერა გამექცა და ყავისფერად ალაპლაპებულმა გიტარამ თვალი მომჭრა.
- გიტარაზე დაკვრას სწავლობ? - გაკვირვებულზე უფრო აღშფოთებული ვიყავი.
- კი. - მოკლედ მომიჭრა. - გეტყოდი, მაგრამ ეგ შენ არ გეხება. - მრავალმნიშვნელოვნად გამომხედა და ძრავიც აბუზღუნდა.

აღმაშენებლის ხეივანს რომ გავუყევით, მეგონა სახლში მივყავდი, მაგრამ დიდი დიღმის შესახვევს გავცდით და თბილისი მოლის ფერად შენობასაც მალევე ჩავუარეთ.
- ქალაქიდან გავდივართ? - თვალები მომეჭუტა.
- ჯვრის მონასტერში ყოფილხარ?
- ერთხელ, სკოლის ექსკურსიაზე. - მაშინდელი ემოციები გამახსენდა და გული მოუთმენლობით ამევსო. - ისეთი სილამაზე იყო...
- ჩემთვის ყველაზე განსაკუთრებული ადგილია, სიმშვიდის და მშვენიერების სინთეზი.

გზა ტყის გავლით, მთის მწვერვალზე გადიოდა. მაგისტრალიდან შორი ჩანდა, თუმცა მალევე ავედით და ტაძრისკენ მიმავალ ფილაქანს ხელიხელჩაკიდებულები ავუყევით. მონგრეული გალავანი სიძველისა და სიამაყის განცდას ტოვებდა. პატარა სამრეკლოს თვალი შევავლე და მომინდა, ხელით შევხებოდი.
- მარტივია, ღმერთის იწამო, როცა აქ ხარ... - სადღაც სიღრმიდან აღმომხდა და ყელზე შემოხვეული კაშნე თავზე გადავიფარე.
შესასვლელთან სანთლები ვიყიდეთ. დავინახე, როგორ შეათვალიერეს ჩემი ჯინსის შარვალი, მიუხედავად იმისა, რომ შეკრული ქურთუკი ლამის მუხლამდე მწვდებოდა.
ღვთისმშობლის ფრესკასთან გავჩერდი. სიმშვიდე იღვრებოდა და მეგონა, ეს ნაკადი ტაძრიდან გამდევნიდა.
- ისეთი სახე გაქვს, დარწმუნებული ვარ, რომ არ ლოცულობ. - საბამ დაიჩურჩულა და გამოსარკვევად თავი გვერდზე გავაქნიე.
- მე არასდროს ვლოცულობ. - ცეცხლის წვრილ ალებს გავხედე და საკმევლის გამაბრუებელი სურნელება ხარბად ჩავისუნთქე.
- ხმამაღლა არ თქვა. ბიბლიის აკრძალული ნაწილის მთავარი გმირის სახელი გქვია და აცხადებ, რომ არასდროს ლოცულობ. - უფრო ხმადაბლა დაიჩურჩულა.
- რომ ვთქვა? - ისევ ფრესკას ვუყურებდი, მაგრამ ვხვდებოდი, რომ საბა იღიმოდა.
- შეგაჩვენებენ. - ამის გაგონებისთანავე მისკენ მივბრუნდი, მაგრამ მხოლოდ ჩემგან მიმავალი ზურგი დავინახე.

ტაძრიდან უფრო მალე გამოვედი და მარჯვნივ გადაშლილმა ხედმა მისკენ მიმიტყუა. მცხეთის პანორამა უხვად გადაშლილიყო, მწვანე მტკვარი და მუქი არაგვი ერთმანეთს ერწყმოდა, შეერთებიდან რაღაც მანძილი ორ ფერად მიედინებოდნენ, შემდეგ კი მწვანე ყავისფერში იდღაბნებოდა და დედაქალაკისაკენ მიიწევდა.
- მდინარეებს უყურებ? - მანამ ვიგრძენი მისი მოახლოება, სანამ ხმას ამოიღებდა. - იცი, ჩვენ ამათ ვგავართ.
- მტკვარს და არაგვს? - ღიმილით გავხედე და მცირე ქარისგან გაფრენილი თმის ნაწილი ხელით გავისწორე.
- მე მტკვარი ვარ. ნელი, ერთფეროფანი და შორიდან მოსული. - ამოიოხრა და დაბლა გაბნეულ სივრცეს გადახედა. - შენ არაგვს გავხარ, ჩქარი, არეული, დაუკითხავად რომ მიუერთდა და მისი ფერები არია.
- მე არ მინდა, რომ არაგვს ვგავდე. - ამღვრეულ წყალს დავხედე. - თავისი გზით მოდის, მერე მტკვარს ხვდება და სახელი ეკარგება. არაგვი მაშინ მთავრდება, როცა მტკვარს ერთვის. არ მინდა, რომ დავიკარგო და ჩვენი ერთობისგან მხოლოდ შენ დარჩე. მინდა, რომ მეც ვიყო.
- ასე შორსაც ნუ წახვალ. - სულ ოდნავ გაეღიმა. - თან არასწორად მსჯელობ.
- კარგი ერთი! - ხელები გულზე დავიკრიფე.
- ნახე, მტკვარი მწვანე იყო, მერე არაგვი შეუერთდა და მცირე მანძილის შემდეგ ერთმანეში აირივნენ. ეს მხოლოდ მტკვარი აღარაა...
- მაგრამ მხოლოდ მტკვარი ჰქვია! - გაწიწმატებულმა გავაწყვეტინე.
- მოიცა... - შუბლი მოისრისა და ჩაიცინა. - ახლა მდინარეების გამო ვჩხუბობთ?
- შენ თვითონ შეადარე ჩვენს ურთიერთობას. - თვალი ავარიდე და ისევ ჰორიზონტს გავხედე.
- ესეიგი, ღმერთის არსებობის გჯერა. - გალავნის ნანგრევებზე ჩამოჯდა.
- ხანდახან. - თვალი გავუსწორე. - ახლა მჯერა... რადგან ასეთი ადგილები უღმერთოდ არ იქმნება.
- და რატომ არ ლოცულობ?
- არ გამომდის. - მხრები ავიჩეჩე და ცივი ჰაერის ჩასუნთქვამ შინაგანად გამყინა. - ისეთი შეგრძნება მეუფლება, თითქოს გულწრფელი არ ვარ, რადგან ის სიტყვები ჩემი არაა, თან მე რომ მწამს, ის ღმერთი ყრუა.
- ყრუა? - ღიმილი სახეზე შეახმა.
- სამაგიეროდ კითხვა შეუძლია. გვკითხულობს და ასე იგებს ნამდვილ ფიქრებს. სამრეკლოც ხომ ამიტომ შეიქმნა, ზარის რეკვით რომ გამოახედონ, მაგრამ მაინც არ ესმის, მაინც არ გვისმენს.
- სამრეკლო ადამიანებისთვისაა...- ისე გამომხედა, თითქოს ჩემს ფსიქოლოგიურ სიჯანსაღეში ეჭვი შეჰქონდა.
- ნუთუ? - გაოცებულ ზღვებში ჩავხედე. - ვერც მეცნიერებას უგულებელვყობთ. სამყარო ერთი დიდი აფეთქებისგან შეიქმნა, ადამიანმა მთვარეზეც კი დადგა ფეხი, გზად ღმერთის სამყოფელი - ცა გაიარა, მაგრამ არავინ შეხვედრია.
- იმიტომ, რომ ღმერთი ფიზიკური სხეული არაა. - ფრთხილად ჩამერთო. - ენერგიაა, იქნებ მეცნიერება სულაც არ ებრძვის რელიგიას და ის ძალა, რომელმაც დიდი აფეთქება და სამყაროს ჩამოყალიბება განაპირობა, სწორეს ღმერთის ენერგიამ მოახდინა?
- და სად არის ღმერთი? - ვკითხე და მის უცნაურ გამომეტყველებას თვალი შევავლე.
- ყველგან... - ნანგრევებიდან წამოდგა და ხელები გაშალა. - დილით რომ იღვიძებ და თვალები გებინდება, ის იქაა და მხედველობას გიბინდავს, როცა მღერი და აღმაფრენას განიცდი, ის გისმენს და ამ გრძნობით გავსებს, როცა მე მიყურებ და თვალის გუგები გიფართოვდება, ჩვენს შორის დგება და იღიმის. დღეს რომ ხატს უყურებდი და ჩუმად იდექი, ის იქ იყო და შენ გიყურებდა.
- და მაშინ სადაა, როცა ადამიანი კვდება? - დაძაბულობისგან ყბის ძვლები მეტკინა.
- მის ახლობლებში ნაწილდება, იმედის სხივებად ნაწევრდება, რომ ისევ შეხვდებიან დაკარგულ ადამიანს.
ხელი ფრთხილად მომხვია და ასე დავუყევით მანქანების სადგომისკენ მიმავალ დაღმართს.
- აღარ თქვა, რომ ღმერთი ყრუა, თორემ გაიგონებს და ეწყინება. - ცინიკურად ჩამომხედა.
- ხმამაღლა აღარ ვიტყვი. - თვალები დამიწვრილდა.
- თუ არ ლოცულობ, შენი სურვილები მე მითხარი და გადავცემ.
- შუამავალი თუ დამჭირდა, მღვდელს მივაკითხავ. თან შენზე უკეთესი ავტომობილები ჰყავთ. - მისი სედანის გვერდით დაყენებულ ჯიპზე ვანიშნე. სარკის ღერძზე დიდი ზომის ჯვარი ჯერ ისევ ირწეოდა.

ბოლო სემინარი ოცდაცხრა დეკემბერს მქონდა. თავიდან ავღშფოთდი, რადგან ახალ წლამდე მხოლოდ ორი სრული დღე მრჩებოდა, მერე დავმშვიდდი, რადგან სხვა გზა არ იყო და ბედს შევეგუე.
საღამოს ოთხივენი საბას მანქანაში გადავნაწილდით და ბათუმისკენ დავიძარით.
ნაცნობი გვირაბი, სურნელი, ბნელში ჩაკარგული ჰორიზონტი...
ნაცნობი ქუჩა, კორპუსი, სადარბაზო, სართული...
ყავისფერ კარზე მოზომილად დავაკაკუნე. მეორე მცდელობისას მძიმე ნაბიჯების ხმა შემომესმა და კარის გაღებისთანავე შევნიშნე დაბალი, მოსუქებული და ნაოჭებით დასერილი სახე.
- ნათელა?! - სიხარულისკენ ვიყვირე და ჯერ ისევ გაოგნებულს ჩასახუტებლად ვეცი.
- ლიტა, ბებო, ჩამოხვედი? - ხმა აუკანკალდა და პუტკუნა ხელები მომხვია.
- ლიტა? - ზურა მისაღები ოთახიდან ვაშლის ჭამით გამოფრატუნდა. - ხომ თქვი, რომ ხვალ მოდიოდი?
- სიურპრიზი... - ახლა ზურას ჩავეხუტე. გაუფრხთილებლად ჩასვლა გადავწყვიტე, რადგან მაინტერესებდა ზურას რჩეული ღამე თუ რჩებოდა ჩვენთან, თუმცა მის მაგივრად ბებია დამხვდა.
- როგორ გაზრდილხარ და გალამაზებულხარ... - ნათელამ თავით-ფეხამდე ჩამათვალიერა და როგორც კი სიხარულის ტალღამ გადაუარა, ცხვირი აიბზუა. - თან როგორ გამხდარხარ, საჭმლის გაკეთება გეზარება?
- აჰა, დაიწყო... - თვალები ავატრიალე და სამზარეულოსკენ გავწიე. სიმართლე ითქვას, შიმშილისგან ფეხები მეკვეთებოდა.
სამი სახეობის კერძიდან ქათმის სალათი შევარჩიე და თეფშის ნაცვლად პურის ნაჭერზე გადავფინე.
- გადმოიღე და ადამიანივით ჭამე. - ნათელამ მაშინვე დამტუქსა.
- ასე უფრო გემრიელია. - ტუტუცი ბავშვივით გავუღიმე და კუთხეში აწურულ ზურას შევხედე. - ახალ წელს სად ვხვდებით?
- შენს საყვარელ რესტორანში დავჯავშნე მაგიდა ოთხ კაცზე. - ნათელას ფრთხილად გახედა.
- ახალი წლის საღამოს უნდა გაგვაცნო? - ლუკმა ყელში გამეჩხირა, ნათელამ თავი დახარა და გული მომეწურა. - შენ უკვე იცნობ?
- ასე მოხდა... - დამნაშავესავით ამომხედა.
- შეგიძლია, კიდევ ერთი სკამი დაამატებინო? მეც მინდა ვიღაც გაგაცნოთ.
- ვინ? - ზურა მაშინვე დაიძაბა.
- ნიკას ნათესავი ხომ გახსოვს? - თვალი გავუსწორე.
- მაშინ ხომ გავიცანი?
- უფრო ახლოს გაიცნობ. - გვერდი ავუარე და საძინებლისკენ დავიძარი. - ღამემშვიდობისა.

ოთახის კარი მჭიდროდ მივხურე და შუქის ჩამრთველს მივწვდი. საკუთარ სივრცეში თავს უცხოსავით ვგრძნობდი. ნათელას ყველაფერი თავის ნებაზე მიელაგებინა. მისი საღამურის ნახვისას მივხვდი რომ აქ ეძინა ხოლმე. გასაკვირი არაფერი იყო, მხოლოდ ორი საძინებელი გვქონდა.
გზის მტვერი წყალს გავატანე და ოთახში დაბრუნებულს ნათელა საწოლთან დამხვდა.
- მომენატრა შენთან ერთად დაძინება. - წყლიან თვალებს გავუსწორდი და გული ამიჩუყდა.
საწოლში შევსრიალდი, ისიც მაშინვე მომიწვა და თავი მის მკერზე დამადებინა.
- ჩემი პატარა ლილიტი. - თავზე ხელი გადამისვა.
- როგორი ქალია? - საკუთარი ხმა ვერ ვიცანი.
- ჩვეულებრივი.
- მოგეწონა?
- დედაშენს ვერავინ შემიცვლის... - ბგერები აუკანკალდა. - სოფია ჩემთვის რძალი კი არა, შვილი იყო... და რადგანაც ყოფილი შვილები არ არსებობენ, ის დღემდე ჩემი შვილია.
- ზურა ბედნიერებას იმსახურებს. - დაზეპირებულივით ამოვილუღლუღე.
- შენ იმსახურებ ბედნიერებას. - თავზე ნაზად მაკოცა.
ხარბად ჩავისუნთქე მისი სურნელი. მოტკბო და სახლური არომატი ჰქონდა, ისეთი, როგორიც მხოლოდ ბებიებს აქვთ ხოლმე.
ჩვენი თანაცხოვრების წლები გამახსენდა.
დედა რომ გარდაიცვალა, მას შემდეგ რამოდენიმე წელი ზურა გამუდმებით მოგზაურობდა, მე ნათელას მიმაბარა და ვფიქრობდი, რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო.
ჩვენ ერთმანეთი გვჭირდებოდა, ჩვენს კოშმარებსა და ამოუვსებელ სიცარიელეებს ერთმანეთი სჭირდებოდათ. მრავალი წლის შემდეგ პირველად, მასზე მიკრულს ჩამეძინა. მის პერანგზე ხელი ისე მქონდა ჩაჭიდებული, როგორც დაღლილი მცურავი ებღაუჭება ტივტივას.
საბა მართალი იყო...
ღმერთი იყო ენერგია, და ამ ენერგიას ნათელა ერქვა.

ცარიელ საწოლში გამეღვიძა და საათი შევამოწმე. უკვე შუადღე იყო. ზმორებით წამოვდექი და ფანჯარაში გახედვისთანავე ყბა ჩამომივარდა.
ბარდნიდა...
თოვლის ფენები ხეების შიშველ ტოტებზე, სახლის სახურავებსა და ტროტუატერბზე სქელ ფენად ეფინა.
აღელვებისგან სუნთქვა გამიხშირდა ოთახიდან ხტუნვით გავვარდი.
- თოვს!.. - ისე შევყვირე, ნათელას ნახევრად გარჩეული მანდარინი დაუვარდა.
- გამოუღვიძია დათვს ზამთრის ძილიდან. - ძველი ფრაზა ძველებური ტონით ჩაიბურტყუნა.
ზურა სახლში არ იყო. კერძების დიდ არჩევანს გადავხედე და საბოლოოდ ნათელას საფირმო ნიგვზიანი ბადრიჯანი შევარჩიე.

საბას უნდა შევხვედროდი, ამიტომ სწრაფად მოვწესრიგდი და ისე ჩავიფუთნე, მხოლოდ თვალებიღა მომიჩანდა.
სადარბაზოსთან დამხვდა, შავი ქუდი ეხურა და ოდნავ მობუზულიყო.
- ისეთი საცობია, მანქანა ვერ გამოვიყვანე. - გამარჯობის ნაცვლად შორიდანვე დამიძახა და როგორც კი მივუახლოვდი, გულში ჩამიკრა.
- არ დაგვჭირდება. - ცას ავხედე, ფანტელები შორი-შორს მოფარფატებდნენ და სახეზე დაცემისას ცივ კვალს მიტოვებდნენ.

სანაპირომდე სანამ მივაღწევდით, ორჯერ წავიქეცით. უფრო სწორად, მე მოვსრიალდი და საბაც გავიყოლე. ბულვარს გავცდით და თეთრი ნაპირის ნახვისას თვალები შუბლზე ამივიდა.
- ამაზე ლამაზი გინახავს რამე? - დანახულს ვერაფრით ვიჯერებდი. თეთრ დედამიწასა და ფიფქებით სავსე ცას შორის ზღვა გაწოლილიყო და ზომიერი ტალღებით მსაყვედურობდა.
„დააგვიანე...
სად იყავი?..“
- მინახავს. - დაგვიანებული პასუხი მომესმა, უკვე აღარც მახსოვდა რომელ კითხვაზე მიპასუხა.
- გინდა, ანგელოზის გაკეთება გასწავლო?
- მინდა. - თვალისმომჭრელმა სიცილმა სახე გაუნათა. რამოდენიმე წამი უხმოდ შევყურებდი, მერე კი გაუკვალავ თოვლში შევხტი და ზუგზე გავწექი. კიდურები რამოდენიმეჯერ გავუსვი სიგანეზე.
- შენც მოდი!.. - თავის წამოწევით ვუხმე.
ჩემს გვერდით გაწვა და იგივე გაიმეორა. ფიფქები თვალებში ჩამდიოდა და გამუდმებით ვხუჭავდი.
- საკმარისია, ავდგეთ. - განკარგულება გავეცი და ორივე წამოვდექით. ხუთიოდე ნაბიჯით დავშორდით ნამოქმედარს.
- გამოგვივიდა? - ეჭვის თვალით დახედა.
- თან მშვენივრად...
ჩემი სახე ხელებში მოაქცია და საყოველთაო სითეთრეში გამოკვეთილ სილაჟვარდეებში ჩავიკარგე.
თოვდა.
ჩვენი პირადი ანგელოზები დაბლიდან შემოგვცქეროდნენ.
ზღვას გამუდმებით მოჰქონდა და მიჰქონდა ტალღები.
კიდევ ორ ზღვას ქუთუთოები ფარავდა.
ის აქ იდგა, ჩემთან. ჩემს თმაში თითები აეხლართა და თვალები დაეხუჭა.
ერთ ჰაერს ვიყოფდით.



საღამოს თამუნა ვნახე. დიდ ხანს ვერ ვისაუბრეთ, რადგან საახალწლო სამზადისში იყო გართული.
სახლში რომ ავედი, უკვე საკმაოდ გვიანი იყო. ვახშმის ძალაც აღარ მქონდა. პირდაპირ საძინებელში შევედი და დაღლილი სხეული საწოლზე ზეწარივით მივფინე.
ბურანიდან მცირე ხმაურმა გამომაფხიზლა. ნათელა ფრთხილად დაწვა და საბანი საგულდაგულოდ ამომიკეცა.
- იცი, ბებიას რატომ არ გეძახი? - თვალები ვერაფრით გავახილე.
- არ ვიცი. - დაიჩურჩულა და სახეზე ჩამოყრილი თმის მოშორება ვიგრძენი.
- დედასავით ხარ...



წლის ბოლო დღეც დადგა.
საღამომდე აჩრდილივით უხმაუროდ დავდიოდი და ნერვიულობისგან კბილები მიკაწკაწებდა.
ნათელამ ზურას სმოკინგი გააუთოა, ჩემი შარვალიც მიაყოლა და საბოლოოდ თავისთვისაც გაიმზადა შავი სამოსი. რატომღაც ღრმად სწამდა, რომ ჩვენ ისე ვერაფერს გავაკეთებდით, როგორც საჭირო იყო.
საბა რესტორანში უნდა შეგვხვედროდა.
ზურამ მანქანა ფილით მოპირკეთებულ სადგომზე დააყენა. თოვლი საგულდაგულოდ აეხვეტათ და ფეხით გავლაც უსაფრთხო იყო.
„სან-რემომდე“ მიმავალ გზას ერთად დავადექით. კიბეებზე ასვლისას მზერა ზღვისკენ გამექცა. სიბნელეში ჩაკარგულიყო, მაგრამ ნაპირზე მოდებული თოვლის ფენა მკვეთრად მოჩანდა.
ქურთუკების სანაცვლოდ დანომრილი ჟეტონები მოგვაწოდეს.
დარბაზში შევაბიჯეთ, მიმტანი მოგვეგება და ჩვენი მაგიდისკენ გაგვიძღვა. სკამები გონებაში გადავთვალე, ხუთი იყო. როგორც ჩანდა, ზურამ ჩაამატებინა.
გამუდმებით შემოსასვლელისკენ ვიყურებოდი და როგორც კი სასურველი სილუეტი გამოჩნდა, გული მაშინვე ამიჩქარდა. მუქი ლურჯი შარვალი და თეთრი პერანგი იდეალურად ერწყმოდა ერთმანეთს.
- საღამო მშვიდობისა. - ჩვეული მედიდურობით მოგვიახლოვდა და ზურას თვალი გაუსწორა. - დამდეგს გილოცავთ.
- გამარჯობა, გილოცავ, მრავალს დაესწარი. - ზურა სხარტად წამოდგა ფეხზე და ხელი ჩამოართვა.
- ეს ნათელაა, ჩემი ბებია. - მეც წამოვდექი და ხელის გულები გამიოფლიანდა.
მცირე ფორმალობის შემდეგ სკამებს დავუბრუნდით. საბამ ადგილი ჩემს გვერდით დაიკავა.
- რას საქმიანობ, სწავლობ? - იკითხა ზურამ და ჩემს დაბრიალებულ თვალებს არც კი შეხედა.
- მცირე, გასართობი ბიზნესი მაქვს.
- კაზინო? - შეიცხადა ნათელამ და პირზე ხელი აიფარა.
- არა, კარტინგები. - ოდნავ გაეღიმა. - პატარა, სარბოლო მანქანებია. წუთობრივად ქირავდება.
- რა გვარის ხარ? - ზურას კითხვები არაფრით შეწყდა.
- ყიფიანი. - საჭიროზე მეტად გაქვავდა. - როგორც ვიცი, მამაჩემს იცნობთ.
- ვინ არის მამაშენი? - ზურას ხმა ჩაუწყდა და თვალები დაუმრგვალდა.
- ვანო. - კბილებს შორის გამოსცრა. - ვანო ყიფიანი.
- გამარჯობა. - თავს ორმოც წლამდე, სანდომიანი სახის, ქერა ქალი წამოგვადგა. - გილოცავთ და ბოდიშს გიხდით, დაგვიანებისთვის.
გავიყინე და სკამს ორივე ხელი ჩავჭიდე. ზურა წამოდგა და მის გვერდით სკამი თავაზიანად გამოუწია.
- ეს ლილიტია, ჩემი ქალიშვილი. ეს კი საბა, ლიტას მეგობარი. - ჯერ ჩვენ წარგვადგინა და რატომღაც საბას თვალი აარიდა. - გაიცანით, მარინა.
- შეყვარებული. - საბას ხმა შორიდან მომესმა. - მე ლიტას შეყვარებული ვარ.
- ძალიან მიხარია, რომ როგორც იქნა ერთმანეთი გავიცანით. - თბილად გამიღიმა, გაფაციცებით ვეძებდი მის ღიმილში რაიმე ყალბს, მაგრამ ვერ ვიპოვე.
- ჩემთვისაც. - თვალები ამეწვა.
აქ იყო...
ქალი, რომელსაც ამდენი ხანი გავურბოდი. ჩემს წინ იდგა და მზერით მეუბნებოდა, რომ არაფერი იყო საშიში. მაინც მეშინოდა.
- რას საქმიანობთ? - ჩემი გამოკითხვის ჯერი დადგა.
- სკოლაში ვმუშაობ, ბიოლოგიას ვასწავლი. - სწრაფად მიპასუხა და დაბნეულობამ სახეზე გადაურბინა.
- შვილები გყავთ?
- მყავს, თორმეტი წლის ბიჭი. - ისე გაეღიმა, ლამის გული ამიჩუყდა. - ლუკა ჰქვია.
- გასაგებია. - შემდეგი კითხვის მოსაფიქრებლად ჭერში ავიხედე და განათებულ ბურთებს დავაკვირდი.
- ერთმანეთი როდის გაიცანით? - ჩემს ნაცვლად საბამ იკითხა.
- ერთი წლის წინ, მაგრამ მხოლოდ რამოდენიმე თვეა რაც შეხვედრები დავიწყეთ. - მარინამ უპასუხა და მისმა უშუალობამ მომხიბლა.
- თქვენი სახელი... ზღვის ხედს ნიშნავს. - გაუაზრებლად წამომცდა.
- მართალია, მაგრამ თქვენობითი ფორმის გარეშე, კარგი? - რაღანაირად გამიღიმა, თითქოს მითანაგრძნო.
- კარგი. - თავი ოდნავ დავუქნიე.

რამოდენიმე წუთი უხვად გაშლილ ვახშამს შევექცეოდით და ზურას დუმილი თავგზას მიბნევდა. ხმამაღალი მუსიკა საუბრის საშუალებას არ გვაძლევდა. ახალი წლის დადგომამდე ნახევარი საათიღა რჩებოდა.
- ცოტა ხნით დაგტოვებთ. - საბა წამოდგა და თვალი გამისწორა. შეკითხვით სავსე მზერით ავხედე. გამიღიმა და ხალხით გადავსებულ მაგიდებს შორის შესაშური გრაციოზულობით გაიარა.
- კარგი ბიჭია. - ნათელა ჩემკენ გადმოიხარა და თვალი ჩამიკრა.
- ვიცოდი, რომ მოგეწონებოდა. - შეძლებისდაგვარად ვუჩურჩულე.
ზურა და მარინა რაღაც საკითხს განიხილავდნენ. სმენა მაქსიმალურად დავძაბე, თუმცა ვერაფერი გავიგე და ბოლოს შევეშვი.
ნაცნობმა მელოდიამ ყველა სხვა შეგრძნება დამიფარა და რამოდენიმე წამი დამჭირდა იმის გასააზრებლად, რომ ეს მელოდია ჩემი შექმნილი იყო. ფეხზე წამოვდექი, მაგრამ ნაბიჯის გადადგმა ვერაფრით შევძელი.
მუსიკოსებისთვის განკუთვნილ სცენაზე საბა იდგა. ხელში გიტარა აეტაცებინა, ღვედი კისერსა და ცალ მხარზე შემოეტარებინა და იმ ნოტებს იღებდა, რომელიც მირზა გელოვანის ლექსისთვის შევადგინე.
- „ყველა მოკლე და ქერა თმის ნახვით
გამახსენდება შენი შოლტები.
როგორ არ მინდა, როგორ არ მინდა,
მაინც მივდივარ, მაინც გშორდები.
ასე თიშავდნენ ძველი ზღაპრები
ასფურცელას და ოქროსთმებიანს,
ქარმა დაგლიჯა ყველა აფრები
და შენზე დარდში დამთენებია.
მგზავრი ვარ, შენზე ფიქრებს ვუნდები
და აჩრდილებთან თამაშს უვნელებს.
მე დავბრუნდები,
ჰო, დავბრუნდები,
მე შენი თმები დამაბრუნებენ...“

აღარაფერი მესმოდა. დაბინდული თვალებით შევნიშნე, როგორ მოიხსნა გიტარა, დატოვა სცენა და გასასვლელისკენ წავიდა.
მობილურის განათებულ ეკრანს დავხედე.
„სანაპიროზე დაგელოდები, მარცხენა მხარეს“.
საბა იყო.
მობილური და გარდერობის ჟეტონი ხელში ჩავბღუჯე.
- მალე მოვალ... - მაგიდის წევრებს დავხედე.
- ოცი წუთიც აღარ დარჩა. - ზურამ გამკიცხავად ამომხედა.
- მოვასწრებ. - პასუხისთვის აღარ დამიცდია, ლამის გავიქეცი და გამიხარდა, რომ იმ დღისთვის დაბალქუსლიანი ფეხსაცმელი შევარჩიე.
როგორც კი რესტორნის კიბეს ჩავცდი, მარცხნივ გავუხვიე და მივხვდი, რატომაც შეარჩია ეს მხარე. რესტორნის ორივე აივანი დაკეტილი იყო და იქედან ვერავინ დაგვინახავდა.
გული მიფართხალებდა და ქვებზე დაყრილი თოვლის ხრაშუნს ყურადღებას არ ვაქცევდი.
უნდოდა ახალ წელს მხოლოდ ჩვენ ორნი შევხვედროდით, ხოდა მეც მივდიოდი.
ახალი წლისთვის, ახალი ემოციებისთვის და ახალი შეგრძნებებისთვის სრულიად მზა ვიყავი, სრულიად გახსნილი.

ზღვა ერთიანად შავი იყო, საბა ჩემგან ზურგშექცევით იდგა. ნაბიჯს შევუნელე და ძირს დავიხედე. ქვების ნაცვლად ქვიშასავით დაფენილ თოვლში მივაბიჯებდი. სუნთქვა შემეკრა და დასამშვიდებლად რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე.
- გამარჯობა. - ჩემკენ მობრუნდა.
- კარგად გამოგივიდა, მომეწონა. - გავიღიმე, მაგრამ ღიმილი სახეზე მიმეყინა. თვალები ზღვასავით შავი ჰქონდა.
უარყოფითი ფიქრების გასაფანტად თავი გავქნიე.
„ღამეა და ბნელა, ამიტომაცაა ყველაფერი შავი.“ - გონებაში გამუდმებით ვიმეორებდი.
- გახსოვს, გითხარი რომ შენი ერთადერთი პრობლემა სხვისი ცოდვები იყო. - ზღვის ხმაურის მიუხედავად, მისი სიტყვები გარკვევით მესმოდა.
- მახსოვს ეგ ხუმრობა. - ძალით გავიცინე.
- ეს არ იყო ხუმრობა. - ისე თქვა, თითქოს შეურაცხყოფა მივაყენე.
- რას გულისხმობ?
- მე ისიც გითხარი, რომ ჩემი მშობლები ორი წლით დაშორდნენ და...
- და უდედოდ დარჩი, მერე? - მოუთმენლად გავაწყვეტინე.
- ზურაა ის კაცი, ვისთანაც დედაჩემი ცხოვრობდა!.. - ხმას ორი ტონით აუწია და შუბლზე ძარღვი გამოეკვეთა.
- რა სისულელეა! - ორი ნაბიჯით უკან დავიხიე.
- მიდი და მამაშენს ჰკითხე!.. - მომიახლოვდა და მკლავში ხელი წამავლო. - გითხრას, როგორ მოიპარა სხვისი ცხოვრება და როგორ მიატოვა ორსული, ისიც გითხრას, როგორ მოეშალა მუცელი დედაჩემს, ან ის, როგორ მივუვარდი იმ ბინაში, სადაც ახლა შენ ცხოვრობ!..
არ არსებობს სიტყვა, სიტყვათა მყარი შეთანხმება ან თანწყობა, რითაც ჩემს მდგომარეობას ავხსნიდი. ვუყურებდი ბნელში ჩაძირულ თვალებს და ვვოცნებობდი, რომ ესეც მორიგი კოშმარი ყოფილიყო.
- როცა გამიცანი, იმ დღიდან... - დავიწყე, მაგრამ სათქმელად ენა არ მომიბრუნდა.
- იმ დღიდანვე ვიცოდი!.. - ჩემს ნაცვლად დაასრულა და ხელი გამიშვა. - შენ ხარ მისი ღირსება.
- ახლა რა იქნება? - თავს ვიკავებდი, მაგრამ თავნება ცრემლები მაინც ჩამომიგორდა.
- აღარაფერი იქნება, მე ქვეყნიდან მივდივარ. - ძლივს გავიგონე მისი სიტყვები.
- ესე იგი, შური იძიე? - უკუნეთში ჩაკარგულ ჰორიზონტს გავხედე.
- დედაჩემის გამო! - უკან დაიხია.
- მე რა დავუშავე დედაშენს? - ღაწვები ხელით შევიმშრალე.
შუბლი შეეჭმუხნა და პირი რაღაცის სათქმელად გააღო, მაგრამ სიტყვები არ გამიგია.
- გეკითხები! - საკუთარმა ღრიალმა შემძრა, - მე რა დაგიშავეთ?! ვისზე იძიე შური? მამაჩემზე თუ ჩემზე...
- მამაშენზე... - ბულვარისკენ გატრიალდა და მისი ნაბიჯები თოვლზე ნაფეხურებად დარჩა.
- ახლა სად არის ღმერთი? - სამიოდე მეტრში დავაწიე. ისევ კუპრის ჰორიზონტს გავყურებდი და არ ველოდი, რომ გაიგონებდა.
- აქ არ არის...
მომესმა.
დავიღალე და საშინლად მომეძინა.
მობუილურის წკრიალმა გამომაფხიზლა. თოვლზე ვიჯექი, სივრცეს გავყურებდი და არაფერზე ვფიქრობდი.
- გისმენთ. - არც კი დამიხედავს, ისე ვუპასუხე.
- ლიტა, გილოცავ და ცოტა ადრე გირეკავ, მერე გადაიტვირთება. - თამუნას ხმამ რეალობის შეგრძნება დამიბრუნა და მთელი სხეული ამტკივდა.
- შეგიძლია, მოხვიდე? - სულს ძლივს ვითქვამდი.
- სად ხარ?
- „სან-რემოსთან“, სანაპიროზე.
- მოვდივარ!..
მობილური თოვლში ჩავამხე და შეკავებულ ემოციებს გამოღწევის საშუალება მივეცი. გამოვუშვი, რადგან შიგნიდან მჭამდა და მახრჩობდა... გამოვუშვი, რადგან არაგვი ვიყავი და როგორც კი მტკვარს შევხვდი, იქვე დავმთავრდი. გამოვუშვი, რადგან საკუთარი თავი ძლიერი მეგონა და სუსტი აღმოვჩნდი.
ხმამაღლა ვტიროდი, რადგან ღმერთი ყრუ იყო და ვერ გაიგონებდა.
ხმამაღლა ვტიროდი, რადგან ღმერთი იქ არ იყო...

ფეიერვერკისა და ასაფეთქებლების ხმამ არემარე გააყრუა, აჭრელებულ ზეცას ავხედე. ჩემნაირი ადამიანები სამყაროს დენთსა და ცეცხლს ესროდნენ, ცაშივე კლავდენენ უამრავ ფრინველს, წამლავდნენ ატმოსფეროს.
უხაროდათ.
როგორ გინდა განსაჯო ბედნიერი ადამიანი?

- ლიტა! - სალომეს ხმა თოვლის ჭრაჭუნს ექოდ მოჰყვა. - რა მოხდა?
- სახლში მინდა, ოღონდ ჩემთან არა. - ქვემოდან ავხედე.
ჩაიმუხლა და ხელები მომხვია.
- ჩემთან წამოდი, სულ გაყინულხარ. - გრძელი ლაბადა გაიხადა ქურთუკზე გარედან მომახურა.

არც კი მახსოვს, როგორ აღმოვჩნდი მის საძინებელ ოთახში. საწოლში ფრთხილად ჩამაწვინა.
- მამაშენს ველაპარაკე, არ ინერვიულებენ. - საბანი შემისწორა და შუქი ჩააქრო.
თვალები უნებურად დავხუჭე.
- გამაღვიძე, როცა გამივლის...



№1 სტუმარი სტუმარი ქეთა

საზიზღარიიი, როგორ მოექცა, როგორ არ დაინდოოო. აუუ თან რომ მახსენდება, გახსოვდეს რომ მიყვარხაროო, რამდენჯერ გაუმეორა. ლიტა მეცოდება ძალიან, ძალიან ცუდად მოექცა საბა, მაინც ვერანაირად ვერ გავამართლებ.

 


№2 სტუმარი Qeti qimucadze

kargi ra sabaam miuxedavad imisa rom velodi. mainc damtrgunveli iyo. tan zaliann. arminda lita depresiam sheipyros. minda zveleburi liliti iyos zlieri. vaime rodis dadeb momdevnos raaaaaaaaa. zalian magariaaa. axlcels daamtxvia. iq mivxvdi kartingebze gogom rom utxra lilits modiso. ragac rom moxdebodaa

 


№3  offline წევრი Melice

Qeti qimucadze
kargi ra sabaam miuxedavad imisa rom velodi. mainc damtrgunveli iyo. tan zaliann. arminda lita depresiam sheipyros. minda zveleburi liliti iyos zlieri. vaime rodis dadeb momdevnos raaaaaaaaa. zalian magariaaa. axlcels daamtxvia. iq mivxvdi kartingebze gogom rom utxra lilits modiso. ragac rom moxdebodaa

დასაწერადაც რთული იყო((
გავსკდი ტირილით ❣️
ახალი თავის წერს დავიწყე, დღეს თუ არა, ხვალ იქნება ❤️

სტუმარი ქეთა
საზიზღარიიი, როგორ მოექცა, როგორ არ დაინდოოო. აუუ თან რომ მახსენდება, გახსოვდეს რომ მიყვარხაროო, რამდენჯერ გაუმეორა. ლიტა მეცოდება ძალიან, ძალიან ცუდად მოექცა საბა, მაინც ვერანაირად ვერ გავამართლებ.

საბაც ვერც მე ვამართლებ :((

 


№4 სტუმარი სტუმარი ანი

"იდგა. ნაბიჯს შევუნელე და ძირს დავიხედე. ქვების ნაცვლად ქვიშასავით დაფენილ თოვლში მივაბიჯებდი. სუნთქვა შემეკრა და დასამშვიდებლად რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე.
- გამარჯობა. - ჩემკენ მობრუნდა.
- კარგად გამოგივიდა, მომეწონა. - გავიღიმე, მაგრამ ღიმილი სახეზე მიმეყინა. თვალები ზღვასავით შავი ჰქონდა."

ამ მომენტზე დავბნელდი :'(
მე არ ვიცი როგორ შეგიძლია ნაწერით ამხელა ემოცია გადმომცე. სული და გული შემიძრა ემოციებმა :(

ჯანდაბა საბა. ჯანდაბა შენ თავს.
სულელო -_-
როგორ გთხოვდი ეს ოხრობა არ გექნა, ოხ საბაა რააააა. კაი საცემი ხარ. :/
ძალიან მაინტერესებს თვითონ როგორაა ახლა, იმედია იქნება შემდეგ თავში მსგავსი მონაკვეთი.

ასეთი სულელი როგორ არის, ყველაფრისგან დაბრმავებულმა ისიც კი არ იცის რა ჯანდაბა გააკეთა.

ლიტას 'დანაშაულს' ვერ ვხვდები, მართლა ოღონდ. ვის რა დაუშავა არ მესმის. არ იმსახურებდა მსგავს არაფერს :'(

უფფფფფფ....

ველი ახალ თავს იმედია მალე დადებ..

 


№5  offline წევრი Melice

სტუმარი ანი
"იდგა. ნაბიჯს შევუნელე და ძირს დავიხედე. ქვების ნაცვლად ქვიშასავით დაფენილ თოვლში მივაბიჯებდი. სუნთქვა შემეკრა და დასამშვიდებლად რამოდენიმეჯერ ღრმად ჩავისუნთქე.
- გამარჯობა. - ჩემკენ მობრუნდა.
- კარგად გამოგივიდა, მომეწონა. - გავიღიმე, მაგრამ ღიმილი სახეზე მიმეყინა. თვალები ზღვასავით შავი ჰქონდა."

ამ მომენტზე დავბნელდი :'(
მე არ ვიცი როგორ შეგიძლია ნაწერით ამხელა ემოცია გადმომცე. სული და გული შემიძრა ემოციებმა :(

ჯანდაბა საბა. ჯანდაბა შენ თავს.
სულელო -_-
როგორ გთხოვდი ეს ოხრობა არ გექნა, ოხ საბაა რააააა. კაი საცემი ხარ. :/
ძალიან მაინტერესებს თვითონ როგორაა ახლა, იმედია იქნება შემდეგ თავში მსგავსი მონაკვეთი.

ასეთი სულელი როგორ არის, ყველაფრისგან დაბრმავებულმა ისიც კი არ იცის რა ჯანდაბა გააკეთა.

ლიტას 'დანაშაულს' ვერ ვხვდები, მართლა ოღონდ. ვის რა დაუშავა არ მესმის. არ იმსახურებდა მსგავს არაფერს :'(

უფფფფფფ....

ველი ახალ თავს იმედია მალე დადებ..

ისე ველი ხოლმე, რომელი მონაკვეთი მოგეწონება ❤️
მიხარია, რომ იმ ნაწილზე ამახვილებ ყურადღებას, რაც მინდოდა რომ გამოკვეთილიყო ❤️
მადლობა შენ ❣️

 


№6  offline წევრი OKI ME

აუუ, ამეტირა ((( საბასი თან მესმის თან არა. ისიც მესმის რა რთული იყო საბასთვის ამის გაკეთება. უარი ვერ თქვა შურისძიებაზე.

ზურასგან არ მოველოდი. ((( გამიტყდა რაღაცნაირად. (( მეგონა უკეთესი მამა იქნებოდა. არა განა იმას ვამბობ, ცუდი მამა იყოთქო? არა, მაგრამ, როდესაც მშობელი ხარ ასეთი ქარაფშუტობის დრო არ არის. მის ქცევებს, რომ ვუფიქრდები, რაღაცნაირად ჩამოუყალიბებელი კაცია. ანუ ის ორი წელი ლიტას რომ ეგონა მოგზაურობდა ზურა ამ დროს თბილისში, საბას დედასთან იყო. მდააჰ, არ ველოდი ზურასგან მსგავს საქციელს.

ოო, ლიტა (( ჩემი ლილიტი რა დღეში ჩამიგდეთ :დდდ არა, სად წავა საბა, გონია დიდ ხანს განძლებს ლიტას გარეშე? ან დაივიწყებს? :დდ რთული პერიოდი დაუდგა ლიტას. იმედი მაქვს, მოახერხებენ და მეგობრები გამოიყვანენ მდგომარეობიდან. ზურას თუ ვაპატიო ასეთი საქციელი. საბას ვაპატიე უკვე :დდ ზურას არა. აი, ასე.

აუუ, რა მოიცდი შემდეგ თავამდე? (((

 


№7  offline წევრი Melice

Megioki
აუუ, ამეტირა ((( საბასი თან მესმის თან არა. ისიც მესმის რა რთული იყო საბასთვის ამის გაკეთება. უარი ვერ თქვა შურისძიებაზე.

ზურასგან არ მოველოდი. ((( გამიტყდა რაღაცნაირად. (( მეგონა უკეთესი მამა იქნებოდა. არა განა იმას ვამბობ, ცუდი მამა იყოთქო? არა, მაგრამ, როდესაც მშობელი ხარ ასეთი ქარაფშუტობის დრო არ არის. მის ქცევებს, რომ ვუფიქრდები, რაღაცნაირად ჩამოუყალიბებელი კაცია. ანუ ის ორი წელი ლიტას რომ ეგონა მოგზაურობდა ზურა ამ დროს თბილისში, საბას დედასთან იყო. მდააჰ, არ ველოდი ზურასგან მსგავს საქციელს.

ოო, ლიტა (( ჩემი ლილიტი რა დღეში ჩამიგდეთ :დდდ არა, სად წავა საბა, გონია დიდ ხანს განძლებს ლიტას გარეშე? ან დაივიწყებს? :დდ რთული პერიოდი დაუდგა ლიტას. იმედი მაქვს, მოახერხებენ და მეგობრები გამოიყვანენ მდგომარეობიდან. ზურას თუ ვაპატიო ასეთი საქციელი. საბას ვაპატიე უკვე :დდ ზურას არა. აი, ასე.

აუუ, რა მოიცდი შემდეგ თავამდე? (((

სანამ ისტორიის წერას დავიწყებდი, ვიცოდი, როგორ უნდა განვითარებულიყო, მაგრამ ამ კონკრეტულის დაწერა საკმაოდ გამიჭირდა. ❣️
მიხარია, რომ სათქმელი სწორად მოვიდა.
მშობლების გამო შვილები ხშირად ისჯებიან ხოლმე ((

 


№8 სტუმარი სტუმარი მარიკო

რასაც ვკითხულო, ემოციების სწორად გადმოცემა არასდროს გაგჭირვებია, მაგრამ ეს იყო პიკიიი...
რამოდენიმე სიტყვაში ჩაეტია ტრაგედია, უბრალოდ ვერ გამოვდივარ შთაბეჭდილებიდან.????
იმედი მაქვს ლილიტი მთლად მიწასთან არ გასწორდება და შეინარჩუნებს თავის თავს????
ველი ახალ თავს ❤️

 


№9  offline წევრი Melice

სტუმარი მარიკო
რასაც ვკითხულო, ემოციების სწორად გადმოცემა არასდროს გაგჭირვებია, მაგრამ ეს იყო პიკიიი...
რამოდენიმე სიტყვაში ჩაეტია ტრაგედია, უბრალოდ ვერ გამოვდივარ შთაბეჭდილებიდან.????
იმედი მაქვს ლილიტი მთლად მიწასთან არ გასწორდება და შეინარჩუნებს თავის თავს????
ველი ახალ თავს ❤️

უღრმესი მადლობა ❣️
ლილიტი ძლიერია, ამას კიდევ ბევრჯერ დაამტკიცებს !

 


№10 სტუმარი სტუმარი ხათო

ნუ ადანაშაულებთ საბას.ის ძალიან საყვარელი ბიჭია.უყვარს ლილიტა და არ მიატოვებს მჯერა

 


№11  offline მოდერი sameone crazy girl

ღმერთი ყრუა და არ ესმის...
არაგვი ვიყავი და როგორც კი მტკვარს შევხვდი მაშინვე დავმთავრდი...
საბას ზღვასავით შავი თვალები
და ბოლოს ხო საერთოდ მომეღო ბოლო
გამაღვიძე როცა გამივლისო
ღმერთო როგორ მეტკინა ... მეც როგორ ვნატრობ ყოველი დაძინების წინ რომ გამიაროს. ჩემთვისაც ყრუა ღმერთი და ვერც მე ვლოცულობ ყალბი მგონია ყველა სიტყვა იმიტომ რომ თუ არსებობს ისედაც ეცოდინება რაც მჭირდება ... ამას მნიშვნელობა არ აქვს
ავირიე ... სუნთქვა შემეკრა
წარმომიდგენია წერის პროცესი როგორი იყო და მგონი მეც დავწერ იმ რთულ ამბავს რასაც გავურბივარ ეს დღეები . საშინლად მომინდა ახლა იმ ემოციური ამბის განცდა და აღწერა რაც გონებაში მაქვს.
ყოჩაღ !
მადლობა თითოეული სიტყვისთვის

 


№12  offline წევრი Melice

sameone crazy girl
ღმერთი ყრუა და არ ესმის...
არაგვი ვიყავი და როგორც კი მტკვარს შევხვდი მაშინვე დავმთავრდი...
საბას ზღვასავით შავი თვალები
და ბოლოს ხო საერთოდ მომეღო ბოლო
გამაღვიძე როცა გამივლისო
ღმერთო როგორ მეტკინა ... მეც როგორ ვნატრობ ყოველი დაძინების წინ რომ გამიაროს. ჩემთვისაც ყრუა ღმერთი და ვერც მე ვლოცულობ ყალბი მგონია ყველა სიტყვა იმიტომ რომ თუ არსებობს ისედაც ეცოდინება რაც მჭირდება ... ამას მნიშვნელობა არ აქვს
ავირიე ... სუნთქვა შემეკრა
წარმომიდგენია წერის პროცესი როგორი იყო და მგონი მეც დავწერ იმ რთულ ამბავს რასაც გავურბივარ ეს დღეები . საშინლად მომინდა ახლა იმ ემოციური ამბის განცდა და აღწერა რაც გონებაში მაქვს.
ყოჩაღ !
მადლობა თითოეული სიტყვისთვის

ისეთი სიტყვები ამოკრიფე, კომენტარს რომ ვკითხულობდი თავიდან დავიცრემლე ❣️
მართლა ძალიან რთული დასაწერი იყო, ემოციურად გავნადგურდი.
კიდევ ვაპირებდი გაგრძელებას დიდი თავი რომ გამომსვლოდა, მაგრამ ვერ შევძელი. ბოლო სიტყვები დავწერე და წავედი, მეც დავიძინე.
უნდა დაწერო!.. ნახავ როგორ მოგეშვება, როცა შენს გრძნობებს პერსონაჟს ათქმევინებ ❣️
პირიქით, მადლობა შენ... ისეთი მუხტი მომიტანე, უბრალოდ "სტიმული" რომ დავარქვა, დაკნინება გამომივა ❤️

 


№13 სტუმარი ანუ

დღეს დადებ ახალს? ^-^

 


№14  offline წევრი Melice

ანუ
დღეს დადებ ახალს? ^-^

კი, მაგრამ ცოტა გვიან მომიწევს და ალბათ ხვალ დადასტურდება ❤️

 


№15  offline წევრი Barbare ❤

საოცრებაა პირდაპირ. ფაქტიურად ამოუსუნთქველად წავიკითხე მთელი 7 თავი ველოდები შემდეგს სულმოუთქმელად. შოკირებული ვარ საოცრად წერ ❤
ლიტას რა ბრალი იყო?! იმედები გამიცრუა საბამ. :((

მაგრამ მაინც პოზიტიური განწყობით ვარ❤ მჯერა კარგად გაგრძელდება მათი სიყვარული ❤

 


№16  offline წევრი Melice

Barbare ❤
საოცრებაა პირდაპირ. ფაქტიურად ამოუსუნთქველად წავიკითხე მთელი 7 თავი ველოდები შემდეგს სულმოუთქმელად. შოკირებული ვარ საოცრად წერ ❤
ლიტას რა ბრალი იყო?! იმედები გამიცრუა საბამ. :((

მაგრამ მაინც პოზიტიური განწყობით ვარ❤ მჯერა კარგად გაგრძელდება მათი სიყვარული ❤

ძალიან დიდი მადლობა ❤️
მიხარია, რომ მოგეწონა❣️
ახალი თავი დასტურს ელოდება.

 


№17 სტუმარი სტუმარი მარი

დაგვაღირსოოოოონ ეს დასტური რაააააა.

 


№18  offline წევრი Melice

სტუმარი მარი
დაგვაღირსოოოოონ ეს დასტური რაააააა.

მეც ველი ((

 


№19  offline წევრი Marikagogolqdze

შური ვერავისზე ვერ იძიაბრადგა მჯერა ლოყა მართლა უყვარს. თავი გაანადგურა და ლიტაც და ყველა. ვიცი კარგი დასასრული ექნება. მჯერა

 


№20  offline წევრი Daldoni Daldoni

ღმერთო ეს რა იყოოო, როგორ არ მინდოდა ჩემი ვარაუდი გამართლებულიყოო, ძალიან ემოციური თავი იყო ტკივილიანი, რთულია რამის თქმა ყველაფერს ორი მხარე აქვს და მესმის თუმცა მაინც თუმცა.....მშობლების ცოდვებისთვის შვილები არ უნდა ისჯებოდნენ, ასე სასოწარკვეთილი და შურისმაძიებელი ადამიანები იქცევიან, როცა არ იციან განცდილი ტკივილი რომ გაანელონ, რაც რეალობაშიც ხშირად გვხვდება, მაგრამ მაინც ყველაზე ცუდი დრო შეარჩია საბამ და ყოველმხრივ საუჯეთესო წუთები ჩაუშხამა ლიტას, თუმცა ვფიქრობ ეს უკვალოდ არ ჩაივლის და მასაც დაასვამს დაღს, არამგონია უგრძნობი იყოსს, უჰააა ინტერესით ველოდები რა იქნება, ვფიქრობ ლიტა საკმაოდ ძლიერია, და ამას გადალახავს..

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent