შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სათაურის გარეშე 8


9-09-2021, 20:44
ავტორი გაზაფხული
ნანახია 901

ნელ-ნელა, ქალაქ-ქალაქ მივუყვებოდით დასახულ მიზანს. მივიწევდით გამარჯვებისკენ, იმედით სავსე ქალაქისკენ. მივიწევდით თავაწეულები, მაგრამ ცოტათი დაღლაშემოპარულები. სამივეს გვქონდა პირადი მიზნებიც, ვფიქრობდით, ვოცნებობდით იმ დროზე, როდესაც სამივენი მყარად ვიდგებოდით ფეხზე და ჩვენს პირად ცხოვრებაშიც მოხდებოდა ღიმილის მომნიჭებელი ამბები. ქალაქ-ქალაქ მივუყვებოდით ჩვენი პირველი გამარჯვებით - მანქანით და გზაში ათასგვარ მუსიკას ვმღეროდით, ვხუმრობდით, ხანდახან ვთამაშობდით კიდეც. ხშირად გვიკითხავდა ჯო წიგნებიდან ამონარიდებს, ხანაც გვეძინა და ხანაც ვჭამდით. ერთად ვხვდებოდით მზის ამოსვლას, მზის ჩასვლას, ერთად ვუყურებდით ბუნების საოცარ ხედებს, ასევე ისეთ ადგილებს, რომელთათვისაც ღმერთს ფანტაზია აღარ ეყო. ვეცნობოდით ხალხს, როგორც და-ძმები, ცრემლით ვუყვებოდით ჩვენს გამოგონილ ისტორიას და ისინიც გვანუგეშებდნენ, საჭმელსა და სასმელს გვიწილადებდნენ. გვიზიარებდნენ საკუთარ გამოცდილებას. ზოგჯერ მათთან ერთი დღით ვრჩებოდით, ზოგგან კი სამი დღეც გავჩერებულვართ. რუკაზე ქინძისთავებს ვარჭობდი ქალაქებს, რომლებიც უკვე გაგვევლო. ყველაფერი კარგად იყო. თითქმის.
ჯოსა და ჩემს შორის არსებული ხიდი ჩაიტვრა. ჯო თავისი დიდი, მუქი მწვანე თვალებით აღარ მიყურებდა, აღარც მისი თხელი, ფართოდ გაჭრილი ტუჩები ამბობდნენ ჩემს სახელს, პატარა კეხიანი ცხვირითაც კი ვერ გრძნობდა სურნელს, რომელსაც ერთ დროს ვნებისაგან ჭკუიდან გადაჰყავდა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ სხეულებითაც კი ვიყავით შერწყმულნი, ჯო გაუცხოვდა.
-ქალები ძალიან უცნაურები ხართ - ნიკი წინა სავარძლიდან ძილბურანში ლაპარაკობდა - ახლა დამესიზმრა გოგო, რომელსაც არც კი ვიცნობ და სიზმარშიც კი ნერვები მომიშალა.
-ალბათ მიზეზი ჰქონდა.
-არა, ელიზაბეტ, მე მიზეზს არავის ვაძლევ. უბრალოდ თქვენ ხართ ასეთები, დღეს ეს გინდათ, ხვალ ის. ჩვენ კი მარიონეტებივით უნდა ვაკეთოთ ხან ეს, ხან კიდევ ის. ასე არ არის ჯო?
-არ ვიცი - ჯო არც კი გვისმენდა.
-ამ ბიჭს რაღაც დაემართა - ჩაილაპარაკა ნიკმა და ფანჯარაში გაიხედა.
-კი, ნამდვილად რაღაც სჭირს - დავეთანხმე მეც.
***
მანქანა უეცრად გაჩერდა და კაპოტიდან კვამლი ამოვიდა.
-ხომ ვამბობდი ამ მანქანას რაღაც ხმა აქვსთქო და აი - გაცხარებული ჯო მანქანიდან ჩავიდა და კარი მაგრად მიიჯახუნა - დავრჩით შუა გზაში. ეს არის, რომ არ მიჯერებთ.
-დამშვიდდი, ჯო, რამეს ვიზამთ, როგორმე მოვაგვარებთ, არ ინერვიულო.
-როგორ მოვაგვარებთ, ნიკ, არცერთს მანქანების არ გვესმის. თანაც შეხედე - ხელები გაშალა და დატრიალდა - ქალაქთან ახლოსაც კი არ ვართ.
გარეთ არ გადავსულვარ. არ მინდოდა ბიჭებისთვის დამამშვიდებელი სიტყვებით კიდევ უფრო მემოქმედა ნერვებზე. ავიღე რუკა და ბედნიერმა გადავყავი თავი მანქანიდან.
-მგონი აქ ახლოს სოფელი უნდა იყოს. დავიჯერო არავინ გამოივლის ან სოფელში არავის ეცოდინება რამე მანქანების?
-მანახე - რუკა ხელიდან გამომგლიჯა ნიკმა - სად აბა?
რუკაზე თითი დავუდე. პატარა, მწვანე სოფელი უნდა ყოფილიყო.
-კარგით, მაშინ მე წავალ და იქნებ ვინმე მოვიყვანო - ნიკმა ზურგჩანთაში ჩააწყო ცოტა საჭმელი და წყალი - თქვენ კი აქ იყავით და იქნებ ვინმემ გამოიაროს.
-წამოგყვები - ჯომ ნაბიჯი წინ გადადგა.
-მეხუმრები? - გაეცინა ნიკს - და ელიზაბეტი მარტო დავტოვოთ მანქანაში?
-რატომ მარტო? ჯოჯი ჩემთანაა - ჯოს ჩემთან მარტო დარჩენის ეშინოდა.
მიუხედავად ჯოს მცდელობისა, ნიკი მარტო წავიდა.
-რატომ მექცევი ასე? - დიალოგის დაწყება საკუთარ თავზე ავიღე, რადგან ვიცოდი ჯო პირველ ნაბიჯს არ გადმოდგამდა.
-როგორ? - ჯო მანქანას მიყუდებოდა და უსასრულობაში იყურებოდა.
-თითქოს არც კი ვარსებობ. აღარც სახელს მეძახი, არც ჩემს ნათქვამ წინადადებებზე გაქვს რეპლიკები. ალბათ საერთო მიზანი, რომ არა ჩემთან ერთად არც კი იმგზავრებდი. გამირბიხარ, ჯო.
-დიახ! - თვალები აენთო და მანქანის კარი გამომიღო. მეც გადმოვედი - გაგირბივარ, რადგან რაც ჩვენ შორის მოხდა ნორმალური არ იყო. ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო, რომელიც არ უნდა მომხდარიყო.
-და ამაში დამნაშავე მე ვარ? მხოლოდ მე მოვინდომე და შენ არაფერ შუაში ხარ?
-არა, აქ მთავარი დამნაშავე მე ვარ, ელიზაბეტ. გაგირბივარ, რადგან არ ვიცი თვალებში როგორ ჩაგხედო, არ ვიცი როგორ დავივიწყო მომხდარი. ძალიან მიჭირს შევეგუო ფაქტს, რომ მე და შენ ერთად ვიწექით.
-და რატომ არის ეს პრობლემა? ორივენი ზრდასრულები ვართ, ჩამოყალიბებული ადამიანები, რომელთაც გრძნობებით თუ გრძნობების გარეშე ერთად ყოფნა მოუნდათ და იყვნენ კიდეც. რატომ არის ეს პრობლემა იქნებ ამიხსნა. თუკი სიყვარულის გეშინია, მაშინ გეტყვი, რომ არ მიყვარხარ. არც ცოლად გამოყოლას ვაპირებ.
-ეგ არაფერ შუაშია - ხმის ტემბრი შეარბილა ჯომ.
-მაშ, რაშია საქმე?
-ჰენრის სული ალბათ დაგვყურებდა იმ ღამით.
-ჰენრი? ჩემი ქმარი, რომელიც მიწას მივაბარე ქორწილის მეორე დღეს? ჰენრი ცოცხალი აღარ არის და თუკი ის რომელიმე სამყაროდან მიყურებს, მაშინ დარწმუნებული ვარ ესმის ჩემი, რადგან ვარ ქალი, ჯერ კიდევ ყვავილობის ასაკში და მჭირდება გვერდით მამაკაცი, რომელთან ერთად სარეცელს გავიყოფ. ამ ეტაპზე კი მჭირდება მამაკაცი, რომელიც შეძლებს და დამიცავს, იზრუნებს ჩემზე. მე შენთვის სიყვარული არ მომითხოვია, ჯო. მე იმ ღამით მინდოდა თავი ქალად მეგრძნო და ესეც მოხდა. ხოლო შენ, თუკი ამ ყველაფერს ნანობ, მაშინ მეც დავივიწყებ შენს არსებობას და მოგექცევი ისე, როგორც შენ მექცევი ორი კვირაა.
ჯო გაჩუმდა. პირდაპირ თვალებში მიყურებდა და რაღაცაზე ფიქრობდა. ახლოს მოიწია და გულზე მიმიხუტა.
-ნეტავ შემეძლოს მსოფლიოში ყველაზე ბედნიერ ქალად გაგრძნობინო თავი.
***
ცხენების ხმა შემოგვესმა. მანქანიდან გადავედით და გზაზე დავდექით. ვიღაც, ვინც ცხენით მოდიოდა ჩვენი იმედი იყო. მალევე გამოჩნდა ორი, ძალიან ლამაზი და ტანადი ცხენები, რომლებიც ეტლზე ჩაებათ. ჯომ წინ ორი ნაბიჯი გადადგა და ხელები მაღლა აღმართა. ცხენებიც შეჩერდნენ.
-გამარჯობა, ბატონო - მიესალმა ჯო - ბოდიშით, რომ გაფერხებთ, თუმცა მცირე პრობლემა გვაქვს და იქნებ როგორმე დაგვეხმაროთ?
ეტლიდან მაღალი, დაახლოებით ოცდაშვიდი-ოცდარვა წლის შავგვრემანი მამაკაცი გადმოვიდა, რომელსაც მაღალწელიანი ნაცრისფერი შარვალი და მოკლესახელოიანი რძისფერი პერანგი ეცვა. პერანგზე ბოლო ორი ღილი შეეხსნა და ნაცრისფერი ჰალსტუხიც შეხსნილიყო. გადმოსვლისას ორივე შეისწორა და მომესალმა. ჯომ მანქანისკენ წაიყვანა და დაზიანებული ნაწილი აჩვენა, თან რაღაცას უხსნიდა, თუმცა არ მესმოდა რას.
-სამწუხაროდ მე ვერაფერს შევძლებ - ბოხი, სასიამოვნო ტემბრის ხმა ჰქონდა - შემიძლია დახმარება სხვაგვარად შემოგთავაზოთ. ჩემი სახლი აქედან რამდენიმე კილომეტრშია. მოგცემთ ოთახს, საჭმელს, სააბაზანოს. ხვალ დილით კი ჩემს ხალხს წამოვიყვან და მანქანას შევაკეთებთ.
-არა, ნუ შეწუხდებით, ჩვენ აქ დაგელოდებით - დაიმორცხვა ჯომ.
-ფრიად სასიამოვნო იქნება თუ წინააღმდეგობას არ გამიწევთ - მკაცრი, მაგრამ ზრდილობიანი ტონით მიუგო უცნობმა მამაკაცმა - ქალბატონთან ერთად ბრძანდებით, თან თუკი ცას დავუჯერებთ, მალე იწვიმებს.
-ჩვენ მარტო არ ვართ. ჩვენი ძმა სოფელში წავიდა ხალხის საპოვნელად - საუბარში ჩართვა გადავწყვიტე.
-მაშ, სჯობს მეეტლე აქ დაელოდოს თქვენს ძმას - ხელით მეეტლეს ანიშნა ჩამოსულიყო - გზას თავადაც გავაგრძელებ. ჩემი მეეტლე და თქვენი ძმა კი დილით აქ დაგვხვდებიან, ან თუკი იპოვის ადამიანს, ვინც მანქანას შეაკეთებს, ჩემი მეეტლე გზას ასწავლის და ჩვენთან ამოიყვანს.
უცნობი მამაკაცის მომაჯადოვებელ და მკაცრ ტონს ვერცერთი შევეწინააღმდეგეთ და ეტლში ავედით.
-გაცნობა დამავიწყდა - მოტრიალდა მამაკაცი მეეტლეს ადგილიდან და შავი თვალები შემოგვანათა - ფრანკ ჰილი.
გზა საუცხოოდ ლამაზი იყო. ჩამუქებული ცის ფონზე ყველაფერი მისტიკურ ფერს იღებდა. მთებზე მიფენილ ნაძვებს მუქი მწვანე ფერი დაჰრკავდათ, შავ ღრუბლებზე კი ალაგ-ალაგ მიმოფანტული იყო პატარა, თეთრი ღრუბლები. მთავარი გზიდან მარჯვნივ გადავუხვიეთ და მთაზე დავიწყეთ სიარული. ცხენები მშვიდად უმკლავდებოდნენ ქვიან გზას, რომლის ერთ მხარესაც კლდე იყო, ხოლო მეორე მხარეს ხევი. მივდიოდით მაღლა და გზა თითქოს არც კი მთავრდებოდა. ნელ-ნელა ბინდდებოდა კიდეც. ბატონი ფრანკი კი ერთ სიტყვასაც არ ძრავდა. მხოლოდ ცხენების ხმა ისმოდა, რომელსაც ხანდახან მგლების ყმუილი თუ გამოეხმაურებოდა შორეული მთებიდან. მე და ჯოც ხმაამოუღებლად ვიჯექით გვერდიგვერდ და ამდენი დღის შემდეგ პირველად ვგრძნობდით ერთმანეთის სხეულებიდან წამოსულ ენერგეტიკას.
ორსაათიანი მგზავრობის შემდეგ მთის მწვერვალზე შუქი შევნიშნე. შორეული, მაგრამ მკაფიო შუქი. მაშინ მივხვდი, რომ ბატონი ფრანკი ერთ-ერთ იმ სასახლის ბინადარი იყო, რომელზეც ლეგენდები დადიოდა. ზღაპრების მსგავსად დადიოდა ხმები, რომ სხვადასხვა მთებში ათი ასეთი სასახლეა აშენებული და თითოეული რაღაც, ძალიან განსაკუთრებულ და მისტიკურ ძალას ფლობს. ამბობენ, რომ ასეთ სასახლეებში ხშირია მოჩვენებები და ავი სულები. ასეთი ისტორიების არასოდეს მჯეროდა, თუმცა როდესაც ერთ-ერთი მათგანისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი, შიშმა მაინც შეუღიტინა გულს.
-ჯო - ჩუმად მივიტანე ტუჩები მის ყურთან - საშიში ხომ არაფერია?
-მე შენ გვერდით ვარ და ყველაფრისგან დაგიცავ - მისი ტონი მტკიცე იყო. შიშის გასაქრობად მან ხელი ჩამჭიდა.
-მოვედით - ფრანკმა ცხენები დიდ რკინის კარიბჭესთან გააჩერა.
წვიმდა, თუმცა ბატონი ფრანკი ცხენების შიგნით შეყვანას არ ფიქრობდა. ეტლიდან ჩამოვედით და როგორც ბატონმა ფრანკმა გვიბრძანა, ბილიკს გავუყევით.
-რანაირი კაცია, ბარემ ბოლომდე მივეცილებინეთ - ავწუწუნდი და ცივი წვიმისგან დასაცავად ხელები თავზე დავიფარე. კარამდე მთლიანად დასველდა ჩემი ვარდისფერი ატლასის კაბა.
-მობრძანდით - ღიმილით გაგვიღო კარი მოსამსახურემ - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენს სასახლეში.
მას გაოცებული ვუყურებდი. ნუთუ უკვე იცოდა ვინ ვიყავით და მათთან სტუმრობას, რომ ვაპირებდით? კი მაგრამ ეს როგორ იყო შესაძლებელი?
-ესენი ჩემი სტუმრები არიან და აქ იქამდე იქნებიან, სანამ თავად არ მობეზრდებათ აქ ყოფნა - ჩუმად მოგვეპარა ფრანკი - აჩვენე ოთახები და ლანგრით აუტანეთ ცხელი საჭმელი.
-თქვენ არ ივახშმებთ? - ჰკითხა მოსამსახურემ.
-არა, ძალიან დაღლილი ვარ, სჯობს გამოვიძინო და ხვალ სტუმრებთან ერთად ვისაუზმო. თქვენის ნებართვით - ხელი მკლავში ჩამჭიდა, გვერდით გამწია და სახლში შევიდა.
-ძილინებისა და მადლობა - მივაძახე ზურგსუკან.
-შემობრძანდით - კვლავ გაგვიღიმა ქალბატონმა მოსამსახურემ და შიგნით შეგვიპატიჟა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent