ფარვანა ( 2 )
- მგონი დროა ჩემი სეხნია გავიცნო, -ცოტნემ ლილიას ხელი ხელებში მოიქცია და ფრთხილად მიიტანა ტუჩებთან, უკვე ერთი თვე იყო ერთად იყვნენ, თითქმის ყოველ საღამოს ხვდებოდნენ ერთმანეთს, ცოტნე ცდილობდა უფრო ახლოს გაეცნო გოგონა რომელმაც დანახვის წუთიდანვე მოხიბლა და თავგზა აურია, ლილიას კი იმდენად სიამოვნებდა მასთან ურთიერთობა ცოტნე დაურეკავდა თუ არა სიხარულით გარბოდა შესახვედრად, თუმცა რაც დრო გადიოდა მით უფრო კარგად ხვდებოდა რომ ის რასაც ცოტნეს მიმართ გრძნობდა სულაც არ იყო სიყვარული, არც ვნება, უბრალოდ სიამოვნებდა მასთან ერთად დროის გატარება, სულში არსებულ სიცარიელეს უვსებდა მისი თბილი ხმა და მზრუნველი მზერა, ყველაფერზე შეეძლო მასთან საუბარი, ნებისმიერ თემაზე, კარგი მსმენელი იყო ცოტნე ისეთი კარგი რომ უკვე ყველაფერი იცოდა ლილიას წარსულის შესახებ, თავიდან ეძნელებოდა მასთან ამ თემაზე საუბარი, მერე მიხვდა რომ რაც მეტს უყვებოდა მით მეტად მსუბუქი ხდებოდა ტვირთი მის მხრებზე, ცოტნე მასზე ზრუნავდა, არასდროს არაფერს აკეთებდა ისეთს რაც ლილიას უხერხულად აგრძნობინებდა თავს, ზედმეტად არ ეხებოდა, თუმცა ხანდახან როცა ამჩნევდა როგორ უშტერდებოდა მამაკაცს მის ტუჩებზე მზერა... - რაზე ჩაფიქრდი? -ცოტნე მისკენ გადმოხრილი ღიმილით შესცქეროდა თვალებში. - ისეთზე არაფერზე, მე უბრალოდ... - უკვე ცოლობაზე დამთანხმდი, ორ კვირაში ქორწილი გვაქვს, უფლება უნდა მომცე ქორწილამდე შენს შვილს დავუახლოვდე რომ უფრო ადვილად აღიქვას ეს ყველაფერი. - მესმის, მესმის, უბრალოდ ის ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია, არ მინდა გული ეტკინოს, არადა ჯერ ვერ გადავწყვიტე როგორ ავუხსნა ეს ყველაფერი. - მე მომანდე კარგი? უბრალოდ უფლება მომეცი რომ გავიცნო და დაველაპარაკო, პირობას გაძლევ ყველაფერი კარგად იქნება, შენ თვითონ ნახავ როგორ მოვეწონები. - კარგი იყოს იყოს ისე როგორც შენ გინდა, დღეს საღამოს ჩემთან გელოდები ცოტნეს შენ თავს გავაცნობ, ვიცი რომ მოეწონები ამაში ეჭვიც არ მეპარება, უბრალოდ ის მაფიქრებს ჩვენს ერთად ცხოვრებას როგორ შეეგუება... - მე კი ის მაფიქრებს შენ როგორ შეეგუები ჩვენს ერთად ცხოვრებას, -შეაწყვეტინა ცოტნემ და როცა დაინახა როგორ შეეფაკლა ღაწვები ლილიას გაეღიმა, -არ მინდა თავი უხერხულად იგრძნო, ვიცი რომ არ გიყვარვარ და ჩემს მიმართ არაფერს გრძნობ, ისიც ვიცი რომ ცოლად მხოლოდ იმიტომ მომყვები რომ ჩემში საიმედო მეგობარს და საყრდენს ხედავ, ეს ყველაფერი ვიცი მაგრამ იმდენად ეგოისტი ვარ უარს ვერ ვამბობ ცდუნებაზე ჩემად დაგიგულო, ორმოცდაოთხი წლის ვარ და აქამდე არასდროს მიგრძვნია ის რასაც შენს მიმართ ვგრძნობ, ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის რომ შენც შეგიყვარდე, გპირდები უბედნიერეს ქალად გაქცევ. უყურებდა ლილია მამაკაცს და ფიქრობდა რომ ეს ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო რისი მიღებაც შეეძლო, მიუხედავად მის მიმართ გრძნობების არქონისა, მიუხედავად ნინის შეგონებებისა რომ საკუთარ თავზე ეფიქრა და ცოლად ისეთ კაცს არ გაყოლოდა რომლის მიმართაც არაფერს გრძნობდა, რომ მასთან ბედნიერი ვერ იქნებოდა, მაინც ჯიუტად მიიწევდა მისკენ. - მადლობა ცოტნე, -ძლივს ამოილუღლუღა. - მადლობას რისთვის მიხდი? -გაიკვირვა მამაკაცმა. - იმისთვის რომ ასეთი კარგი ხარ, გამიმართლა რომ შენ შეგხვდი. ცოტნეს აღარაფერი უთქვამს, ჩვეულმა გულწრფელმა ღიმილმა გაუნათა სახე. - - - - - - - - - - არ მჯერა რომ ამას ვუყურებ, -ლილია ნინის გვერდით იჯდა მისაღებში ყავას სვავდა და თან თვალს არ აშორებდა აივანზე მხიარულად მოსაუბრე ორ ცოტნეს, პატარა ცოტნე დიდს საყვარელ კომიქსებს აჩვენებდა და დროდადრო ორივე გულიანად იცინოდნენ. - ეჭვიც არ შემპარვია რომ მისი გულის მოგებას შეძლებდა, ცოტნე არაჩვეულებრივი ადამიანია უბრალოდ... - კარგი რა ნინი ისევ ნუ დაიწყებ გთხოვ. ნინიმ ყავის ჭიქა ხმაურით დადგა მაგიდაზე და ქერა თმაში ნერვიულად შეიცურა თითები, ყურადღებით შეათვალიერა მეგობარი რომელიც ღიმილმორეული შესცქეროდა აივანზე მყოფთ. - არ მესმის, მართლა არ მესმის ასეთი გადაწყვეტილება რატომ მიიღე, ამდენი ხანია გვერდით არავინ გაგიკარებია და ახლა ასე უცბად ცოტნე? მითუმეტეს რომ ვიცი არ გიყვარს, ჩემს ადგილზე ვინმე სხვა რომ იყოს შეიძლებოდა ეფიქრა რომ ამას მისი ფულისთვის აკეთებ თუმცა შენ ფულიც არ გაინტერესებს, გამაგებინე რა ხდება, მაგ თავში რა გიტრიალებს? - არ ვიცი ნინი, არანაირი განზრახვა არ მაქვს, უბრალოდ მასთან თავს ძალიან კარგად ვგრძნობ, ვიცი რომ შევძლებ გრძნობებზე ვუპასუხო უბრალოდ ცოტა დრო მჭირდება. - მეც მაგას არ ვამბობ? რა საჭიროა ასეთი აჩქარება, იქნებ ცოტა მოგეცადათ, ერთმანეთი უკეთ გაგეცნოთ, რა იცი იქნებ და მართლა შეგიყვარდეს მერე დაქორწინდებოდით კიდეც, ახლა მგონია რომ შეცდომას უშვებ, იმედია არ ვცდები... - დედა რაღაც უნდა გითხრა, -მისაღებში შემოვარდნილმა უცნაურად აჟიტირებულმა ცოტნემ შეაწყვეტინათ საუბარი. - გისმენ სიხარულო, -ლილიამ მოჩაჩული მაისური ღიმილით შეუსწორა და ანიშნა თქვიო. - ცოტნემ შენი ხელი მთხოვა, -ისე სერიოზულად, საყვარლად და ამაყად გაჯგიმულმა თქვა რომ გოგონებმა სიცილი ვერ შეიკავეს. - შენ იცი რას ნიშნავს ხელის თხოვნა? -შეეკითხა ნინი. - ვიცი, ცოტნემ ამიხსნა, მითხრა რომ ის და დედა დაქორწინდებიან და ჩვენ სამნი ერთად ვიცხოვრებთ, ერთი დიდი ოჯახი ვიქნებით, მითხრა რომ გაგაბედნიერებს და ღამღამობით აღარასოდეს იტირებ, -დაზეპირებულივით ჩამოარაკრაკა, მადლიერებით სავსე თვალებით ახედა მომღიმარ მამაკაცს ლილიამ და ისევ პატარა ცოტნეს მიუბრუნდა. - შენ რა უპასუხე? - ვუთხარი რომ თუკი ბედნიერი იქნები და აღარ იტირებ ხოლმე თანახმა ვარ. - მოდი ჩემთან, -ლილიამ მკლავები გაშალა და ცოტნეც მაშინვე ჩაეკრა გულში ჩვეულებისამებრ მიაკრო პატარა ცხვირი ყელში და ამოიკრუსუნა. - - - - - - - - ლილიას პროტესტის მიუხედავათ ცოტნემ მისთვის საკმაოდ ძვირადღირებული კაბა შეუკვეთა, უბრალოდ თვალი მოკრა როგორ ათვალიერებდა ლილია ინტერნეტში აღფრთოვანებული და როგორ ცივად გადავიდა სხვა მოდელზე როცა ფასს შეხედა, ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ საყვარელი ქალის გარშემო საოცნებო გარემო შეექმნა, მისი ერთი ღიმილიც კი უზომოდ აბედნიერებდა, ახლაც ნიკოლოზის გვერდით იჯდა და თვალს არ აშორებდა მომავალ ცოლს რომელიც ნინისთან ერთად ვარცხნილობას არჩევდა და თან რაღაცაზე გულიანად კისკისებდა. - თავიდან თითქოს ეჭვით ვუყურებდი თქვენს ურთიერთობას მაგრამ ახლა როცა ვხედავ როგორი ბედნიერი ხარ, ვფიქრობ სწორი გადაწყვეტილება მიიღე, -ნიკოლოზმა მხარზე ხელი დაუტყაპუნა მეგობარს, ნინის შეავლო თვალი და ამოიოხრა, ცოტნეს ჩაეცინა. - მე კი ვიცი რომ კარგი გადაწყვეტილება მივიღე მაგრამ შენ რას აპირებ? - ნინის გულისხმობ? - რათქმაუნდა ნინის ვგულისხმობ. - არ ვიცი, რამდენჯერმე ვცადე მასთან ამ თემაზე საუბარი მაგრამ, გაგონებაც არ უნდა, ის ურთიერთობაც აკმაყოფილებს რაც გვაქვს, შენი აზრით იმდენად არ ვუყვარვარ რომ ცოლობაზე დამთანხმდეს? - ხუმრობ? შენზე გიჟდება, შენი დანახვისას თვალები უნათდება, ეს ყველაფერი ისეთი აშკარაა არ ვიცი როგორ ვერ ამჩნევ რომ მისთვის ყველაფერი ხარ. - არაფერს მეუბნება ცოტნე, ჩემთვის გულის გადაშლას ერიდება, ვიცი როგორ აწუხებს წარსული, დაბალი თვითშეფასება აქვს, ერთხელ მითხრა რომ თავს ჩემთვის შესაფერისად არ მიიჩნევს, ფეხებზე მისი წარსული და არ ვიცი როგორ მივაღწიო რომ დამიჯეროს. - უბრალოდ დრო მიეცი და ნახავ ნელ-ნელა შეეჩვევა ყველაფერს მიხვდება რომ ერთმანეთისთვის ხართ შექმნილი, კარგი გოგოა, ჩემთვის პირადად იმისთვის რომ მივხვდე როგორი კარგია ისიც კმარა რაც ლილიამ მის შესახებ მომიყვა. - რა მოგიყვა? მე არასდროს არაფერს მიყვება ლილიაზე, უბრალოდ ვიცი რომ ძალიან დიდი ხანია ერთად ცხოვრობენ და მეგობრობენ. - მგონი არასწორი იქნება მე რომ მოგიყვე, კითხე და თვითონ გეტყვის ყველაფერს. - მართალი ხარ, დღეიდან უფრო დიდ ყურადღებას დავუთმობ და მოვიყვან ჭკუაზე, -ღიმილით დაიქადნა და თვალდახუჭული მიეყრდნო საზურგეს, -შენ ის მითხარი ბიჭები არ აპირებენ ჩამოსვლას? - არამგონია მოახერხონ, როცა ვუთხარი რომ ცოლი მომყავს არცთუ ისე კარგი რეაქცია ჰქონიათ, უკვე ჩამოყალიბებული კაცები არიან და მაინც ძალიან დიდი გავლენა აქვს ლიკას მათზე, თავს ათასნაირი სისულელით უჭედავს და მათაც ყველაფერი სჯერათ, ვერც ჩემ თავს და ვერც ლიკას ვერასოდეს ვაპატიებ რომ ასეთი გაუცხოებულები არიან. - იმედია ყველაფერი თავის კალაპოტში ჩადგება. - იმედია, -ჩაილაპარაკა ცოტნემ და ლილიას მხიარული სახის დანახვისას თვითონაც ბედნიერების ღიმილმა გაუნათა სახე. ცოტნეს საქართველოში ბევრი ნათესავები და მეგობრები არ ყავდა მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც ხალხმრავალი ქორწილი გამოუვიდათ, ახალი კომპანიის თანამშრომლები, ბიზნეს პარტნიორები და მათი მეუღლეები... - რაზე ფიქრობ? -მის გვერდით მჯდარ შესამჩნევად მოწყენილ უკვე მეუღლეს გადაულაპარაკა ლილიამ. - იმაზე რომ ეს კაბა ძალიან გიხდება და ულამაზესი ხარ, -პასუხი არ დაუყოვნებია. - მე კი მგონია რომ რაღაც გაწუხებს. - კაცი ვერაფერს გამოგაპარებს, პატარა ეშმაკუნა, -წელზე ხელი შეუცურა თავისკენ მიიზიდა და მათკენ მომზირალი უამრავი თვალი არად ჩააგდო ისე დაეწაფა ბაგეებზე, ლოყები შეეფაკლა ლილიას თუმცა წინააღმდეგობის გაწევა არც უფიქრია, მალევე მოშორდა ცოტნე, ხალხით სავსე დარბაზს თვალი მოავლო და მერე დამნაშავესავით ჩაღუნა თავი. - მაპატიე შეგპირდი რომ ზედმეტად არ შეგეხებოდი უბრალოდ თავი ვერ შევიკავე, ცოტა არ იყოს დავიღალე, თანაც... - საბოდიშო არაფერია უბრალოდ მომიყევი რამ გაგიფუჭა ხასიათი, -ლილიას თვითონაც უკვირდა ამ კოცნის შემდეგ როგორ ახერხებდა ასეთი სიმშვიდის შენარჩუნებას. - ხომ გახსოვს ჩემს მეგობარზე რომ გიყვებოდი ლუკა ჟღენტზე. - კი რათქმაუნდა მახსოვს, მითხარი რომ ერთმანეთი ძალიან გიყვართ და შენთვის ძალიან მნიშვნელოვანი პიროვნებაა. - ჰო მართლაც ასეა, უმცროსი ძმასავით მიყვარს და ალბათ უფრო მეტადაც, მართალია შენ არ გაგაცანი მაგრამ შენზე ხშირად ვესაუბრებოდი ხოლმე, იცის როგორ მიყვარხარ, მინდოდა ჩვენს ქორწილში გამეცნო შენთვის, დილით გავიგე რომ რაღაც პრობლემები შეექმნა და ჩამოსვლას ვერ ასწრებდა, ცოტა ხნის წინ კი დამირეკა და მითხრა რომ რაღაც საქმეების გამო ავსტრალიაში უწევს წასვლა თვენახევრით... - ამაზე დარდობ? თვენახევრის შემდეგ ხომ ჩამოვა... -სიტყვა შუაგზაზე გაუწყდა როცა დაინახა როგორ შეეცვალა მამაკაცს სახე, მის მზერას გააყოლა თვალი, დარბაზის შემოსასვლელში ორი ერთმანეთის მსგავსი, მაღალი სიმპათიური ბიჭი იდგა, იდგნენ და ლილიას და ცოტნეს თვალს არ აშორებდნენ, მერე შედარებით მაღალმა მეორეს რაღაც გადაულაპარაკა და ღიმილით დაიძრნენ მათი მაგიდისკენ, ისე მოძრაობდნენ თითქოს პოდიუმზე დადიოდნენ, მათმა დახვეწილმა სიარულის მანერამ და საუცხოო გარეგნობამ მაშინვე მიიპყრო მთელი დარბაზის ყურადღება, ლილიამ ძლივს მოაშორა თვალი მათკენ მომავალ წყვილს და ისევ ცოტნეს შეხედა, სხვადასხვა გრძნობები ენაცვლებოდნენ მამაკაცის სახეზე ერთმანეთს, ბევრი ეცადა მაგრამ ვერ მიხვდა უხაროდა თუ არა მის მეუღლეს მათი დანახვა. - გამარჯობა მამა, -მელოდიური ხმით თითქმის ერთდროულად მიესალმნენ, ლილიას არ გაკვირვებია, მართალია ბიჭებს სახეზე არ იცნობდა მაგრამ იცოდა რომ პირველი ცოლისგან რომელსაც თვრამეტი წლის წინ გაშორდა ორი ბიჭი ჰყავდა, ოცი და ოცდასამი წლის. როგორც იქნა ცოტნემაც გაიღიმა წამოდგა და შვილებს გადაეხვია მერე კი ლილიას წარუდგინა და გააცნო, უმცროსს გიორგი ერქვა უფროსს კი იოანე, სათითაოდ გაეცნენ ბიჭები და გაბედნიერება მიულოცეს, სახიდან ღიმილს არ იშორებდნენ და ორივე ზრდილობის და თავაზიანობის განსახიერება იყო თუმცა ლილიას რატომღაც არ ტოვებდა უსიამოვნო შეგრძნება, ცოტა ხანში იოანემ ლილია საცეკვაოდ გაიწვია, ცოტნეს გადახედა ლილიამ და როცა მის თვალებში გაელვებული თანხმობა ამოიკითხა გაყვა, წყნარ მუსიკას აყოლებდნენ სხეულებს, ოდნავ ეხებოდა წელზე იოანე, არაფერი ზედმეტი და შემაწუხებელი თუმცა მაინც ვერ იშორებდა იმაზე ფიქრს რომ რაღაც რიგზე ვერ იყო... - მიხარია რომ გაგიცანი, მიხარია რომ შენ ხარ მამას მეუღლე, ბედნიერებას გისურვებთ, იმედია ყველაფერი კარგად გექნებათ, -თბილი და სასიამოვნო ხმა ჰქონდა იოანეს. - მართლა? -თავისდაუნებურად წამოსცდა ლილიას და უხერხულად გაიღიმა. - ჰო რატომ გიკვირს? არ ვიცი რა იცი ჩემს შესახებ მაგრამ მამას ბედნიერება ნამდვილად არ მეწყინება. - მაპატიე, ცუდად გამომივიდა, სიმართლე რომ გითხრა შენს შესახებ ბევრი არაფერი ვიცი მაგრამ რათქმაუნდა სურვილი მაქვს რომ შენთანაც და გიორგისთანაც კარგი ურთიერთობა მქონდეს. - ჰოო გიორგის რაც შეეხება ცოტა სხვაგვარადაა საქმე, -უცნაურად გაწელა სიტყვები იოანემ და კიდევ ერთხელ დაატრიალა ლილია ერთ ადგილზე. - რას გულისხმობ? -გაკვირვებისგან გაფართოებული თვალები შეანათა ლილიამ და როცა მის მზერას წააწყდა თავი დახარა. - შეიძლება არ დაიჯერო რასაც ახლა გეტყვი, შეიძლება უცნაურადაც მოგეჩვენოს, მაგრამ მაინც მინდა რომ კარგად მომისმინო, აქ ჩამოსვლამდე შენს მიმართ სხვაგვარად ვიყავი განწყობილი, მაგრამ გაგიცანი და აშკარაა რომ არ ხარ ფულზე მონადირე და მამას გამორჩენის მიზნით არ მიყვები ცოლად, რატომღაც მომწონხარ და მინდა რომ გაგაფრთხილო, გიორგის ერიდე… - რაა? რას ამბობ? შენს ძმას გულისხმობ? - ჩემს ძმას ვგულისხმობ, სერიოზულად გეუბნები ლილია, ერიდე არ ენდო და მასთან ყოველთვის ყურადღებით იყავი, ახლა ყველაფერს დაწვრილებით ვერ აგიხსნი, კიდევ ვილაპარაკებთ ამ თემაზე, შენ წარმოდგენაც კი არ გაქვს რა სახიფათო შეიძლება იყოს, ის საკმაოდ გამოცდილი ფსიქოპათი და მანიპულატორია, რაც არ უნდა გითხრას მისი ერთი სიტყვაც კი არ დაიჯერო, მე გაგაფრთხილე და ერთადერთი რასაც გთხოვ ის არის რომ იმის შესახებ რაც მოგიყევი არავის არაფერი უთხრა. - ხუმრობ არა? მითხარი რომ ხუმრობ, -ლილია ცდილობდა იოანეს თვალებში ამოეკითხა რომ ეს ყველაფერი სიცრუე იყო მაგრამ სულ ტყუილად, აშკარად არ ატყუებდა, ან კი რაში უნდა დაჭირვებოდა ასეთი რამ, იგრძნო როგორ ჩაეღვარა სხეულში ყინულივით ცივი შიში, როგორ მოიცვა ყოველი უჯრედი და როგორ მიაღწია გულამდე, არ უნდოდა მაგრამ თავისდა უნებურად მოძებნა თვალებით გიორგი, მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა, გიორგი უცნაურად შუბლშეჭმუხნილი თვალს არ აშორებდა მოცეკვავე წყვილს და ხელში ნერვიულად ათამაშებდა სანთებელას, იოანეს აღარაფერი უთქვამს, როგორც კი მუსიკა დასრულდა ლილია მაგიდასთან მიაცილა, მასაც და ცოტნესაც დაემშვიდობა და დარბაზიდან გავიდა, გიორგიც მაშინვე მიყვა ძმას უკან. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ცოტნე ისე იყო გართული ბიზნესპარტნიორებთან საუბრით საერთოდ არ შეუმჩნევია ლილიას ხასიათის ცვლილება სამაგიეროდ ნინის არ გამოპარვია მეგობრის ჩაფიქრებული გამომეტყველება - რა გჭირს გათხოვება ხომ არ გადაიფიქრე? თუ რამეა არც ახლაა გვიან უარის თქმა, -მხიარულად გაკრეჭილი მიუჯდა გვერდით. - ასე ნუ ხუმრობ, ხომ იცი რომ არ გადავიფიქრებ, -ლილიამ როგორც იქნა თავი დააღწია ძმებზე ფიქრს და ნინის შეჰღიმა. - კარგი ჰო აღარ ვიხუმრებ, უბრალოდ მითხარი რა გჭირს? მშვენივრად იყავი, ერთობოდი და ხალისობდი, მერე კი ცოტნეს შვილს ეცეკვე და ახლა ცხვირჩამოშვებული ზიხარ, დავინახე რომ ლაპარაკობდით, მითხარი ასეთი რა გითხრა? - არც კი ვიცი ღირს თუ არა რომ მოგიყვე, არ გამიკვირდება რომ არ დამიჯერო, ახლა თავს იმ ფილმის მთავარი გმირივით ვგრძნობ, საშინლად დაძაბული გაუგებარი სიუჟეტი რომ აქვს და არავინ რომ არ იცის ბოლოს რა მოხდება. - ასე უფრო დამაინტრიგე, ვეღარ ვითმენ, -ნინი წამოხტა და მაჯაში ხელი ჩაავლო, -წამოდი ცოტა ხანს საპირფარეშოში გავიდეთ და თან მომიყვები რა ხდება. დარბაზი მოათვალიერა ლილიამ, სასიამოვნო, წყნარი მუსიკა უკრავდა ხალხი სვავდა და ერთობოდა, ცოტნე რამდენიმე მამაკაცთან ერთად რაღაც თემაზე გაცხარებული კამათობდა და მისთვის აშკარად არ ეცალა... - კარგი ჰო, წავედით, -ხელჩაკიდებული გაჰყვა ნინის. - - - - - - - - - - - - სერიოზულად? რას ამბობ, მართლა ასე გითხრა? -ნინი გაოცებას ვერ მალავდა. - ხომ გითხარი რომ არ დაიჯერებდი. - არც არის ასე ადვილად დასაჯერებელი, არ მესმის გიორგი რას გერჩის მაგრამ ისიც არ მესმის იოანემ რატომ გითხრა ეს ყველაფერი, დავიჯერო დედინაცვალი გაცნობისთანავე ისე შეუყვარდა რომ მისი დაცვა გადაწყვიტა? რაღაც არა მგონია აქ სხვა რაღაცაშია საქმე. - მეშინია, -საცოდავად ამოიკვნესა ლილიამ, -ჩემს გამო არა ცოტნეს გამო მეშინია, მხოლოდ იმიტომ რომ დაუშაონ რამე რომ ჩემი შვილია... - სისულელეებზე ნუ ფიქრობ, უბრალოდ ყურადღებით იყავი და არცერთს არ ენდო, ახლა კი მიდი დაბრუნდი დარბაზში და მეც მოვალ ცოტა ხანში, მაკიაჟს შევისწორებ, ნინიმ პატარა ჩანთა გახსნა და კოსმეტიკა ამოალაგა, საპირფარეშოდან გამოვიდა ლილია და თავჩაღუნული გაუყვა დერეფანს... - შეგიძლია ერთი წუთი დამითმო? -ბოხი სასიამოვნო ხმა მოესმა ზურგსუკნიდან, შებრუნდა და როცა მისგან რამოდენიმე ნაბიჯის მოშორებით მდგარი გიორგი დაინახა შეცბა, ეცადა მაგრამ ვერაფრით შეძლო იმ შიშის და აღელვების დაფარვა რაც მის მიმართ იგრძნო, როგორც კი ნაბიჯი გადმოდგა მისკენ გიორგიმ, მაშინვე უკან დაიხია... - დამასწრო არა? -უცნაური, ტკივილნარევი ხმა ჰქონდა და საოცრად სევდიანი თვალები, ერთი წამით ისიც კი გაიფიქრა ლილიამ რომ როგორ შეიძლებოდა ასეთი თვალების პატრონი სახიფათო ყოფილიყო. - ასეა, ყოველთვის ერთი ნაბიჯით მისწრებს წინ, ჩემი გეშინია ლილია? თუ გინდა ნუ მიპასუხებ, სახეზე გეტყობა რომ გეშინია, რა მოხდა, ჩემი ძვირფასი უფროსი ძმა ჩემს შესახებ გესაუბრა? მართლა მაინტერესებს როგორ აღმწერა, რა გითხრა ვინ ვარ, საშიში ბოროტი არსება რომელსაც აუცილებლად უნდა მოერიდო? გითხრა რომ შენთვის რამის დაშავებას ვაპირებ? გითხრა რომ სახიფათო ვარ? ფქიქოლოგიურად გაუწონასწორებელი მანიპულატორი. - არა, არა, მე უბრალოდ... -ენა დაება და უკვე ვეღარ აზროვნებდა, ვერ ხვდებოდა რა უნდა ეპასუხა. - არ გაინტერესებს საიდან ვიცი რა გითხრა? - არა არ მაინტერესებს, მე უბრალოდ დარბაზში დაბრუნება მინდა, -ჩაიჩურჩულა და ის იყო უნდა შებრუნებულიყო რომ გიორგი ელვისსისწრაფით გაჩნდა მასთან და მის წინ აისვეტა. - ვერ წახვალ სანამ იმას არ გეტყვი რისი თქმაც მინდა. ლილიამ უმწეოდ მიმოიხედა ირგვლივ, არავინ ჩანდა რომ ეყვირა და დახმარება ეთხოვა, იქნებ სულ ტყუილად ეშინოდა, მანიაკიც რომ ყოფილიყო აქ რამის დაშავებას გაბედავდა? - ჩემი ნუ გეშინია არაფერს არ დაგიშავებ, -გიორგი თითქოს მის აზრებს კითხულობდა, -მოდი მოკლედ გეტყვი, იოანეს ასეთი რამ აქამდეც არაერთხელ გაუკეთებია, მისი წყალობით შეყვარებულიც დავკარგე და რამდენიმე საუკეთესო მეგობარიც, ნამდვილი ფსიქოპათია, მთელი ჩემი ცხოვრება მხოლოდ იმიტომ გაანადგურა რომ მასზე დამოკიდებული გავეხადე, გესმის რას გეუბნები? გესმის ეს რას ნიშნავს? - კი მაგრამ თუკი ასეა ამას რატომ აკეთებს, რა მოგება აქვს იმით რომ შეიძლება შემძულდე, -ლილიას გონება ძლივსძლივობით იწყებდა იმის აღქმას რასაც გიორგი ეუბნებოდა. - უბრალოდ სიამოვნებს ის ყველაფერი რასაც აკეთებს, ფსიქოპათია და საკმაოდ კარგი მანიპულატორი, ადამიანთა გრძნობებით თამაში ეხერხება, ოსტატურად ურევს გონებას მათ და ათას სისულელეს აჯერებს, აი შენც დარწმუნებული ვარ ურჩხული გგონივარ როცა სინამდვილეში პირიქით არის. - და შენ რატომ უნდა დაგიჯერო? - ალბათ არ დამიჯერებ მაგრამ ჩემს მოვალეობად ჩავთვალე რომ შენთვის ყველაფერი მეთქვა, არ მინდა შემდეგ იმის გამო რომ პირში წყალი ჩავიგუბე სინდისმა შემაწუხოს, ფრთხილად იყავი ლილია, იოანე ამ ბოლო დროს მხოლოდ გონებრივი თამაშებით აღარ კმაყოფილდება, მასთან მარტოდ დარჩენას მოერიდე, განსაკუთრებით ცოტნეს მოუფრთხილდი. საუბარს მორჩა მაგრამ ადგილიდან არ იძროდა, თუმცა იცოდა რომ პასუხს ვერ მიიღებდა, ერთხანს ყბებდაჭიმული და მკაცრად ტუჩებ მოკუმული ათვალიერებდა სახეგაფითრებულ ლილიას, მერე ღრმად ამოისუნთქა, მხრებში გასწორდა, სახეზე უდარდელი ღიმილი აიკრა და დრეფანს გაუყვა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.