შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

დათარსული კაცი (თავი 13 დასასრული)


6-07-2022, 00:00
ნანახია 9 629

ჰოლში შევედი და კარი ჩავკეტე. სასტუმრო ოთახიდან ნინა გამომეგება. გაფითრებული და აღელვებული მომეჩვენა. მომეკრო, მაკოცა. მეც მაგრად მოვხვიე ხელი.
-ჰარი! აჩურჩულდა ნინა. ჩემს არყოფნაში აქ რაღაცას ეძებდნენ.
უფრო მაგრად ჩავიკარი გულში.
-რატომ გგონია?
-ჩუმად ილაპარაკე. შეეძლოთ სადმე მიკროფონი დაემალათ?
ამაზე არ მიფიქრია. ახლა კი მივხვდი, რა საფრთხეც მელოდა.
-თუ დამალავდნენ, ალბათ სასტუმრო ოთახში.
-ვეძებე, მაგრამ ვერაფერი ვნახე.
-აქ მომიცადე.
სასტუმრო ოთახში შევედი, რადიომიმღები ჩავრთე და ბოლომდე ავუწიე ხმას. ოთახი წამში ჯაზმა დაიპყრო.
ფანჯარაში გავიხედე. პოლიციის მანქანა არ ჩანდა, მაგრამ ეჭვიც არ მეპარებოდა, სადღაც შორიახლოს იქნებოდა მიმალული, ისეთ ადგილას, საიდანაც კარგად შეიძლებოდა ჩემი ჭიშკრის თვალთვალი. სამზარეულოში გავედი. სამზარეულოს ფანჯრიდან ხეივანი მოჩანდა. ოდნავ მოშორებით, ზუსტად სამზარეულოდან ბაღში გამავალი კარის პირდაპირ, ორი ელექტრომომტიორი იდგა. ერთ-ერთი ტელეგრაფის ბოძზე აძვრა, მეორე ქვევით დარჩა. რატომღაც მომეჩვენა, შესაკეთებელი არაფერი უნდა ჰქონდეთ-მეთქი.
მერე გულდასმით გავჩხრიკე სასტუმრო ოთახი და როგორც იქნა, გათბობის მილის უკან მიკროფონიც ვიპოვე. ასე კარგად რომ არ მცოდნოდა პოლიციის მეთოდები, ნამდვილად ვერ მივაგნებდი.
რადიომიმღები უფრო ახლოს მივწიე მიკროფონისკენ, მინდოდა მუსიკით ჩამეხშო ჩემი და ნინას ხმები.
-ახლა ვეღარ მოგვისმენე, ვუთხარი ნინას, მაინც, როგორ მიხვდი?
-რა ვიცი?! ინტუიცია.
უცებ დაჯდა და შეშინებულმა ამომხედა.
-კარი გავაღე თუ არა, მაშინვე მივხვდი აქ ვიღაც უცხო იყო-მეთქი. კარადაში შევიხედე ყველაფერი არეულ-დარეული დამხვდა.
ნინას გააჟრჟოლა.
-ეს რას უნდა ნიშნავდეს, ჰარი?
-ეჭვი აიღეს. სახლს უთვალთვალებენ.
უცებ გონება გამინათდა. საძონებელ ოთახში გავვარდი, კარადა გამოვაღე და დავათვალიერე. მაინტერესებდა ყველაფერი ადგილზეა თუ არა-მეთქი.
ყავისფერი სპორტული კოსტიუმი გამქრალიყო.
ცოტა ხანს გაშტერებული ვუცქერდი საკიდს, მერე ისევ სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.
-ჩენი ყავისფერი კოსტიუმი წაუღიათ, ვუთხარი ნინას.
ძლივს იკავებდა ტირილს. იმის შემხედვარე, გული მიკვდებოდა.
-რა ვქნათ, ჰარი? მეშინია. ხელახლა რომ დაგგკარგო, გავგიჟდები. რას გიზამენ?
ვიცოდი, რასაც მიზამდნენ გაზის კამერაში მიკრავდნენ თავს. ოღონდ, ნინასთვის ეს არ მითქვამს.
-რატომ მიეცი ფირები? ისტერიკას ბევრი არაფერი უკლდა. ჯობდაა.
-გეყოფა! ეს ჩემი საქმეა! როგორ შეატყვე, ხუმრობდა? უნდა მიმეცა და მივეცი!
ნინამ მუხლზე მუშტი დაირტყა.
-ახლა რა ვქნათ?
-არ ვიცი. რაღაც გამოსავალი უეჭველად არსებობს. ვცდილობ მივაგნო.
-ჯიმის უნდა უამბო ყველაფერი. მოგვეხმარება, დარწმუნებული ვარ!
-იმას ჩემი გადარჩენა არ შეუძლია. ჩემი სიმართლის დამამტკიცებელი არავითარი საბუთი არ არსებობს. თუ მიშველის რამე, მარტო ო'რეილის აღიარება, მაგრამ როგორ გინდა მაგას მიაღწიო?
-ფული სადღა გაქრა, ჰარი?
ცოლს შევხედე, თითქოს უეცრად ამეხილა თვალი, ო'რეილის სიტყვები გამახსენდა: გამოსასყიდს მიაგნებთ მკვლელსაც იპოვითო.
-რა იყო, ჰარი?
-ფული! ფული ვისა აქვს?
წამოვხტი და ოთახში სიარული დავიწყე.
-არც ისე იოლია წვრილი კუპიურებით ხუთასი ათასის დამალვა. სად შეინახეს? რა თქმა უნდა, ბანკში არა. სახლში დატოვეს? არა მგონია. იმდენს კი ხვდებიან, თუ დამაპატიმრეს, ერთ-ორ ტკბილ სიტყვას მათზეც ვიტყვი. მაშინ რენიკი კი მალრუს სახლს ფიცარ-ფიცარ გაჩხრეკს. არა, იქ არ უნდა იყოს. აბა, სად?
-ბანკის სეიფში?
-სახიფათოა. ანგარიში უნდა გახსნა, ხელი უნდა მოაწერო, გასაღები რომ მოგცენ. ყველაზე შესაფერისი ადგილი შემნახველი საკანია ან აეროპორტის, ან რკინიგზის ანდა ავტოვაგზლის. ო'რეილის ყოველგვარი რისკის გარეშე შეეძლო ჩემოდანი იქ დაეტოვებინა. ყურადღებას არავინ მიაქცევდა. როცა მოუნდება, მაშინ მივა ფულის წამოსაღებად.
-ეს ყველაფერი რენიკს უნდა უამბო.
-არ მიშველის, თუკი ო'რეილის სწორედ ჩემოდნის საკნიდან აღების დროს არ დააკავებენ. ფაქტზე უნდა დაიჭირონ.
ნინამ სასოწარკვეთილმა გაშალა ხელები.
-ფაქტზე რატომ დააჭერინებს თავს?
-მართალი ხაარ, ოღონდ..
გავჩუმდი, ცოტა ხნის მერეღა დავამთავრე სათქმელი:
-იქნებ შეშინდეს და პანიკაში ჩავარდნილმა რამე სისულელე ჩაიდინოს.
-კი, მაგრამ, როგორ? ეგეთი კაცი..
-მაცალე, მოვიფიქრო. არ ვივახშმოთ? სანამ რამეს გაამზადებ, მეც ცოტა ტვინს გავანძრევ, ოღონდ ჯერ რადიოს გამოვთიშავ, თორემ გადამიყვანა ჭკუიდან.
-მეშინია.. შენ თუ წაგიყვანეს.
-ჯერ არ წავუყვანივართ.
წამოდგა.
-მაპატიე, ჰარი.
ვაკოცე.
-ვახშამს მიხედე, ვთქვი მე, რადიომიმღებთან მივედი და გამოვთიშე.
ნინა სამზარეულოში გავიდა, მე კი დავჯექი და თავს ვიმტვრევდი, რით შემეძლო ო'რეილის წონასწორობიდან გამოყვანა. სულ ცოტა ხანში ერთი იდეა დამებადა.
ნინაც, იმედით რომ გამოაპარებდა ხოლმე ჩემკენ თვალს, მაშინვე მიხვდა, რაღაცა მოიფიქრაო.
-მგონი რაღაცას მივაგენი, ვთქვი მე. მაგიდას რომ მივუსხედით, მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობს. ჭკუაში უნდა ვაჯობოთ. ოღონდ წარმატება იმაზეა დამოკიდებული, მართლა შემნახველ საკანშია ფული თუ, ვთქვათ, ბანკის სეიფში ან სახლში. იქ თუა, მაშინ წასულია ჩვენი საქმე, მაგრამ არა მგონია.
-წესიერად გამაგებინე, ჰარი, თუ ღმერთი გწამს!
-ერთი წუთით.
საწერ მაგიდას მივუჯექი, ქაღალდი ავიღე და შემდეგი ტექსტი დავწერე:
,,საგანგებო ინფორმაცია.
ცოტა ხნით ვწყვეტთ პროგრამას, რათა მალრუს საქმის მსვლელობის შესახებ გაცნობოთ შემდეგი:
პალმ-სიტის პოლიციას გარკვეული საფუძველი აქვს ივარაუდოს, რომ გამოსასყიდი თანხა ბანკის სეიფში ან შემნახველ საკანში ინახება.
შტატის გუბერნატოორმა უკვე მოაწერა ხელი ორდერს ყველა შემნახველ საკანში და ახლახან იჯარით აღებულ ბანკის სეიფებში ჩხრეკის ჩატარების თაობაზე, დეტექტივთა ჯგუფები ხვალ, დილის ცხრა საათიდან შეუდგებიან საქმეს.
ყველა მოქალაქე, ვინც მიმდინარე თვეში იჯარით აიღო ბანკის სეიფი, ვალდებულია გამოცხადდეს პოლიციის უახლოეს უბანში და თან იქონიოს სეიფის გასაღებები.
ჩხრეკა ჩატარდება პალმ-სიტის გარშემო ასი მილის რადიუსში. ოლქის პროკურორი მედოუზი რწმენას გამოთქვამს, რომ გატარებული ღონისძიებანი უზრუნველყოფს ფულის აღმოჩენას.
ფურცელი ნინას გავუწოდე. წაიკითხა და გაოცებულმა შემომხედა.
-არაფერი მესმის, ჰარი.
-ადგილობრივი ტელევიზიისა და რადიოსთვის ინფორმაციის ჩემი უშუალო სამსახურეობრივი მოვალეობა გულისხმობს. ამ განცხადების ეთერში გადაცემაზე უარს, რა თქმა უნდა, არ მეტყვიან. ო'რეილიც მოისმენს და დაფრთხება, მცდარ ნაბიჯს გადადგამს და იქ მიმიყვანს, სადაც ფულია შენახული. რა ვერ გაიგე?
-რა გარანტია არსებობს. რომ მოისმენს?
-წინასწარ გავაფრთხილებ.
ტელეფონისკენ გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ მაშინვე გავჩერდი.
-ჩვენსაში, ალბათ, უკვე მიკროფონი ექნებათ ჩადგმული. ავტომატიდან დავრეკავ. მედოუზმა თუ გაიგო ჩემი გეგმა, განხორციელებას აღარ დამაცდის.
წასასვლელად გავემზადე.
-აქვე კუთხეში მივალ, აფთიაქში. წუთში დავბრუნდები.
-წამოგყვე, ჰარი?
-ჯობია შინ დარჩე.
უკვე ბინდი ჩამოწვა. შინიდან გამოვედი და ჭიშკრისკენ გავემართე. გავაღე, მივიხედ-მოვიხედე. პოლიციის მანქანა ორმოცდაათიოდე ნაბიჯით ზემოთ იდგა, აფთიაქი კი საპირისპირო მხარეს მდებარეობდა. ზურგს უკან სტარტერი აზუზუნდა, მომესმა, როგორ დაიძრა ადგილიდან მანქანა. ვიცოდი, კვალდაკვალ მომყვებოდა ტაატით და თავს არ ვაბრუნებდი. მთავარი იყო, მანამდე არ დავეჭირეთ, ვიდრე ჩანაფიქრს განვახორციელებდი.
აფთიაქში შევედი და ტელეფონის ჯიხურში შევიკეტე. ადგილობრივი ტელესტუდიის ნომერი ავკრიფე. ფრედ ჰიქსონი ვიკითხე დიქტორი, რომელთანაც მქონდა ხოლმე ჩვეულებრივ საქმიანი ურთიეთობა.
-ფრედ, მნიშვნელოვანი განცხადება მაქვს ტელევიზიისთვის. ოლქის პროკურორს სურს, დღეს თერთმეტ საათზე გადასცენ. მოხერხდება?
-რა თქმა უნდა, მიკარნახეთ, თქვა ჰიქსონმა.
ტექსტი ვუკარნახე.
-თერთმეტზე ორივე პროგრამას შევწყვეტთ. ეტყობა, პროკურორმა სერიოზულად მოჰკიდა საქმეს ხელი, რას იტყვით?
-ნამდვილად, კვერი დავუკარი. გმადლობთ, ფრედ. აბა, დროებით.
ყურმილი დავკიდე. საათზე დავიხედე. ცხრის ნახევარი იყო. მალრუს ნომერი ავკრიფე. რამდენიმე წამის შემდეგ მსახურმა მიპასუხა.
-პოლიციის სამმართველოდან გირეკავთ, ვთქვი მე. ო'რეილი მჭირდება. შინაა?
-მგონი, თავის ოთახშია, მიპასუხა მსახურმა. ერთი წუთი მოითმინეთ. შეგაერთებთ.
ყურმილში ტკაცანი გაისმა და ო'რეილის ხმა გავიგონე.
-ალო! ვინ ლაპარაკობს?
ნელა და გარკვევით, ისე, რომ ერთი სიტყვაც არ გამორჩენოდა ვუთხარი:
-სალამი, ვირო, რაო, რას გეუბნება სინდისი?
წარმოვიდგინე, თანდათან როგორ უქვავდებოდა სახე, როგორ უჭერდა ყურმილს თითებს.
-ვინ ლაპარაკობს? მკითხა ისევ. შენა ხარ, ბარბერ?
-ნამდვილად! ინფორმაცია მაქვს შენთვის. როგორც იქნა, ოლქის პროკურორმაც ისროლა ჭკვიანური იდეა. გირჩევ, თერთმეტ საათზე ტელევიზორი ადგილობრივ პროგრამაზე გადართო. განცხადებას წაიკითხავენ. გაიგე? ადგილობრივი არხი, თერთმეტ საათზე. აბა, გაზის კამერაში შეხვედრამდე!
ყურმილი დავკიდე, სანამ რამის თქმას მოასწრებდა, ჯიხურიდან გამოსულმა მაღალი, წითური კაცი დავინახე. შუბლზე ეწერა პოლიციელი იყო.
ვიცოდი, ადრე თუ გვიან აუცილებლად დაეშვებოდა ჩემს კისერზე ნაჯახი, მაგრამ ამ კაცის დანახვაზე მაინც სისხლი გამეყინა.
-მისტერ ბარბერ?
-დიახ.
-სამმართველოში გელოდებიან. მანქანით ვარ.
მანქანისკენ მიმავალი, ნინაზე ვფიქრობდი.
უკანა სკამზე მოვთავსდით. მანქანასთან მდგომი მეორე დეტექტივი საჭეს მიუჯდა.
-რაშია საქმე? ვიკითხე, როცა მანქანა ადგილს მოსწყდა. მოხდა რამე?
-არ ვიცი, მოწყენილი ხმით მომიგო პოლიციელმა. ნაბრძანები მაქვს სამმართველოში მიგიყვანოთ.
სხვას უკვე ვერარაფერს გავაკეთებდი. ახლა ყველაფერი იმაზე იყო დამოკიდებული, რა კარტი ეჭირა ო'რეილის ხელში ქალი თუ ტუზი. ჯვრის ტუზი მიგებდა.



2



რენიკი სამუშაოში ჩაფლული უჯდა საწერ მაგიდას. ოთახში მხოლოდ ერთი, მწვანე თალფაქიანი ნათურა ენთო.
ორმა დეტექტივმა ლამის ციმციმ შემიყვანა კაბინეტში, ისე მიფრთხილდებოდნენ, თითქოს ეშინოდათ. არ გაგვიტყდეს და ნამსხვრევებად არ გვექხესო. რენიკს ჩამაბარეს, გავიდნენ და კარი გაიხურეს.
მაგიდას მივუახლოვდი, მიხაროდა, ოთახში ბინდბუნდი რომ იდგა.
რენიკი ეწეოდა. ჩამოვჯექი. სიგარეტის კოლოფი და ასანთი გამომიწოდა. მეც მოვუკიდე.
-რა მოხდა? ვკითხე და სიგარეტიც და ასანთიც მაგიდაზე დავდე. უკვე დაწოლას ვაპირებდი.
-იქნებ, გვეყოფა, ჰარი, ჩუმად თქვა რენიკმა. ცუდ ამბებში ხარ გახვეული. არ შემიძლია არ გაგაფრთხილო.
-დაპატიმრებული ვარ?
-ჯერ არა. გადავწყვიტე, მანამდე დაგლაპარაკებოდი. შენ გამო უმუშევრად დარჩენა მემუქრება, მაგრამ ბოლო ოცი წელიწადი ჭირშიც და ლხინშიც ბევრს ნიშნავთ ჩემთვის, ერთ შანსს კიდევ გაძლევ. ოღონდ, სიმართლე უნდა მითხრა. თუ ჩემი შიში გამართლდა, საქმეს რეიგერს გადავცემ. შენს საქმეს მე ვერ გამოვიძიებ. გულახდილად მითხარი, ამას ოქმში ჩასაწერად არ გეკითხები შენ მოკალი ოდეტა მალრუ?
თვალი გავუსწორე.
-არა, მაგრამ ვალდებული არ ხარ სიტყვაზე მენდო.
-ამ ოთახში არც მიკროფონია, არც მოწმე. ალალად გეკითხები..
-იმასვეს გიპასუხებ: ოდეტა მალრუ მე არ მომიკლავს. შუქი დაეცა. ორი ღამის უძინარს ჰგავდა.
-ჰო, ეს უკვე რაღაცას ნიშნავს, თქვა მან. მაგრამ შენ მაინც რაღაცნაირად გარეული ხარ ამ საქმეში. ეგრეა?
-კი. ისეთ შარში გავეხვიე, შენც კი ვერაფერს მიშველი.
ახალ სიგარეტს მოუკიდა.
-ყველაფერი თავიდან მიამბე.
-აუცილებლად, მაგრამ ჯერ ეს მითხარი, როგორ გამომიჭირე?
-ტიმ კოულიმ მითხრა, მკვლელობა რომ მოხდა, იმ საღამოს თურმე ავტობუსის გაჩერებაზე უნახავხარ ჟღალთმიან და მოთეთრო-მოცისფრო კაბიან გოგოსთან ერთად. მეც რაღაც-რაღაცები შევამოწმე. ყველა გზა შენკენ მოდიოდა.
-ვიცოდი, კოული მიტირებდა ყოფას, ვთქვი დაღლილი ხმით. კრეტინი ვარ, ამ ორ ქალს რომ გადავეკიდე, მაგრამ ფული ძალიან მჭირდებოდა. ორმოცდაათი ათასი შემომთავაზეს ისეთ საქმეში, სულ იოლი გასაკეთებელი რომ მომეჩვენა. ამ ფულით ქალაქიდან წავიდოდი და ახალ ცხოვრებას დავიწყებდი.
-დალაგებით მიამბე.
მეც ყველაფერი დავფქვი, იმის გარდა, ოდეტას გვამის თავიდან მოშორებაში ნინაც რო მეხმარებოდა. ნინას ვერ გავრევდი ამ სიბინძურეში.
-მეგონა, ფირების წყალობით ხიფათი არ მელის-მეთქი, მაგრამ ო'რეილიმ მაიძულა ფირებიც მისთვის მიმეცა.
ახლა ჩემი ნათქვამის აღარავითარი დამადასტურებელი საბუთი არ გამაჩნია.
სანამ ვლაპარაკობდი, რენიკი გაუნძრევლად იჯდა და შემომცქეროდა. მერე მძიმედ ამოიოხრა.
-ღმერთო ჩემო! ერთი მაინც ვერ გამიგია ოდეტა რატომ იქცა იმათ თანამზრახველად.
-თავიდან ამან მეც გამაკვირვა, მაგრამ კაცმა რომ თქვას, ადვილი ასახსნელია. მე მგონი, ო'რეილი შეუყვარდა. ეტყობა, მაგრად დაახვია თავბრუ. რა თქმა უნდა, ხვდებოდა მამა თავის მძღოლზე არ გამათხოვებსო, ამიტომ ფული ო'რეილის დასაბმელად სჭირდებოდა. არ იცოდა, ო'რეილი რეასაც თუ ეკურკურებოდა. მოკლედ ო'რეილიმ და რეამ ოდეტა მშვენივრად გამოიყენეს. ალბათ, ო'რეილიმ თუ შესთავაზა მოტაცების გათამაშება. ოდეტასთვის ეს ერთადერთი გზა იყო დიდი ფულის უცებ საშოვნელად. ისიც მოტყუვდა. მერე ქიდნეფინგი გაითამაშეს, ოღონდ ჩემს ზურგს ამოფარებულებს, გოგოს მოკვლა ადრევე გადაწყვეტილი ჰქონდათ. მე მგონი, სწორედ ასე იყო ყველაფერი.
რენიკი წუთით ჩაფიქრდა.
-ოღონდ, შენ ეგ ვერ გიშველის, ჰარი. სიმართლეს ვერაფრით ამტკიცებ. მედოუზი ყურსაც არ დაგვიგდებს.
-გასაგებია.
საათს დავხედე. თერთმეტის თხუთმეტი წუთი იყო.
-ერთი დახმარება კი შეგიძლია გამიწიო. ო'რეილის ხაფანგი დავუგე. შეიძლება თვითონ მიმიყვანოს დამალულ ფულთან. მინდა, შენც ჩემთან ერთად წამოხვიდე. ეს უკანასკნელი შანსიღა დამრჩა. პოლიციელი მჭირდება მოწმედ.
რენიკი შეყოყმანდა.
-ვერ წარმომიდგენია, რატომ უნდა გიჩვენოს სამალავი. რისი იმედი გაქვს?
-მხოლოდ და მხოლოდ იღბლის. სხვა რისი იმედი უნდა მქონდეს?! არსად გამქცევი მე არა ვარ, ჯიმი. ოღონდ, შენც უნდა შემიწყო ხელი. თუ ჩემი გეგმა ჩაიფუშა, დავიღუპე და ეგაა.
-კარგი, მაგრამ გაფრთხილებ, ჰარი ვალდებული ვარ მედოუზს მოვახსენო, ის კი ალბათ, შენს დაპატიმრებას მოითხოვს. ჯერჯერობით შენზე იმასთან არ მილაპარაკია, მაგრამ ახლა მომიწევს ყველაფრის თქმა.
-ერთი საათი მომეცი. თუ ამ დროში ვერ ჩავეტიე შენი ხმალი და ჩემი კისერი.
-კარგი.
-შეიძლება ნინას დავურეკო? ღელავს ალბათ.
ტელეფონზე მიმითითა.
ცოლს დავურეკე, ვუთხარი რენიკთან ერთად ო'რეილის ასაყვანად მივდივარ-მეთქი.
-სამჯერ გადააფურთხე და არ ინერვიულო, ვთქვი და ყურმილი დავდე. წავედით, ჯიმი.
-სად?
-მალრუსთან.
რენიკი კარისკენ დაიძრა, მეც უკან მივყევი.
დერეფანში ატუზულმა ორმა დეტექტივმა კითხვიანი მზერა მიაპყრო რენიკს.
-დაგვჭირდებიან, გადავულაპარაკე რენიკს.
ოთხივემ პოლიციის მანქანას მივაშურეთ. მალრუს სასახლემდე ისე მივედით, არც ერთს კრინტი არ დაგვიძრავს.
-ჭიშკარში ნუღარ შევალთ, ვთქვი მე. აქედამ ფეხით წავიდეთ. არ უნდა გაიგონ ჩვენი მისვლა.
როცა სახლს მივუახლოვდებით, თერთმეტს ათი წუთი აკლდა. პირველი სართულის სამ ოთახში შუქი ენთო. თბილი საღამო იდგა, ფანჯრები ღია დაეტოვებინათ.
-მე წინ წავალ, ვუთხარი დანარჩენებს. უკან მომყევით.
უხმაუროდ ავუყევი ვერანდაზე ამავალ საფეხურებს. კედელს აკრული გამოღებულ ფანჯარასთან ავიტუზე და ფრთხილად შევიჭყიტე ოთახში.
ორივე იქ იყო.
სპორტულ პერანგსა და შარვალში გამოწყობილი ო'რეილი შეზლონგში გადათხლაშული იჯდა, ხელში ჭიქა ეჭირა. რეა კანაპეზე წამოწოლილიყო, ეწეოდა და აშკარად ეტყობოდა, აღელვებული იყო.
რენიკი მომიახლოვდა. ორი დეტექტივი ჩვენ ზურგს უკან გაინაბა.
-ბლეფობს, თქვა ო'რეილიმ. აი ნახავ, ცარიელი ლაყაფი თუ არ გამოდგეს. თავს დავდებ.
-უკვე თითქმის თერთმეტია. ჩართე ტელევიზორი.
მხები მკაფიოდ ისმოდა.
ო'რეილი წამოდგა და კუთხეში მდგარი დიდი ტელევიზორი ჩართო. მერე ისევ შეზლონგთან მიბრუნდა და სულმოუთქმელად გადაკრა ნახევარი ჭიქა.
ტელევიზორში ოცდაათიანი წლების განგსტერულ ფილმს უჩვენებდნენ. ორი რევოლვერმომარჯვებული, სახეგაქვავებული კაცი უსიტყვოდ ჭამდა ერთმანეთს თვალებით.
რეამ გრძელი, ჩამოქნილი ფეხები კანაპედან გადმოკიდა და ეკრანს მიაჩერდა. ისიც და ო'რეილიც გახევდნენ, მოლოდინად იქცნენ.
ზუსტად თერთმეტზე გამოსახულება გაქრა და ეკრანზე ფრედ ჰიქსონი გამოჩნდა.
-ჩვენ მცირე ხნით ვწყვეტთ პროგრამას, რათა ახალი ცნობები მოგაწოდოთ მალრუს საქმესთან დაკავშორებით. თქვა მან და ჩემი ნაკარნახევი განცხადების კითხვა დაიწყო. კითხვა დაამთავრა თუ არა, ფილმის ჩვენებაც განახლდა.
დაძაბული ვადევნებდი თვალს ო'რეილის და რეას, ძლივს ვსუნთქავდი. ლოდინი დიდხანს არ დამჭირვებია.
ო,რეილი წამოხტა, ჭიქა ხელიდან გაუვარდა.
ტელევიზორს ეცა, გამორთო და ოთახში ბოლთის ცემას მოჰყვა. სახე გაუფითრდა, თვალები აქეთ-იქით გაურბოდა.
-ხვალ ცხრაზე! ესე იგი, ჯერ ორდერი არა აქვთ, თორემ ახლავე დაიწყებდნენ.. აეროპორტში უნდა გავვარდეთ!
შვებით ამოვისუნთქე. იმედი გამიმართლა. არ შევმცდარვარ.
-რისთვის? ჰკითხა რეამ?
-რისთვის? ოყვირა ო'რეილიმ შენ როგორ გგონია? ფულს თუ იპოვიან, ჩვენი საქმე წასულია. მანამდე უნდა წამოვიღო. მართლა, სულელი ვარ, რამ დამატოვებინა ჩემოდანი აეროპორტში?! როგორ ვერ მივხვდი, რაღაც ამისთანას მოიფიქრებენ-მეთქი!
რეა კანაპედან წამოდგა. სახე მიტკალივით გასთეთრებოდა, თვალები უელავდა.
-იდიოტო! ვერ ხვდები, ხაფანგს გიგებენ! შენ რა, გგონია, ბარბერს იმედი რომ არ ჰქონდეს, ფულის ადგილსამყოფელს მაპოვნინებსო, მართლა გაგაფრთხილებდა წინასწარ? ადგებოდა და ლეიტენატს ეტყოდა ყველაფერს. აეროპორტში ალბათ უკვე აგენტებიც გელოდებიან..
ო'რეილიმ ხუთივე თითით მოიჩეჩა თმა.
-რისკზე წასვლა მაინც მოგვიწევს. თან, უკეთესი იქნება ჩემოდანს შენ თუ წამოიღებ. მე იქ წამსვლელი არა ვარ.
-არც მე ვარ. თუ იპოვიან, იპოვინ! ფულის პოვნა ჩვენს კვალზე დადგომას ჯერ არ ნიშნავს.
-წასვლა მაინც მოგიწევს, თქვა ო'რეილიმ.
ვხედავდი, ოფლისგან როგორ უბზინავდა შუბლი.
-რისი გეშინია? შენზე ეჭვს მაინც არავინ მიიტანს. ვერც მიხვდებიან, ფულს თუ იღებ. იფიქრებენ, უბრალოდ თავის ჩემოდანს მოაკითხაო.
-არსადაც არ წავალ, მკაცრად მოუჭრა რეამ. ეგეთ ბავშვურ ხაფანგში თავს არ გავაბმევინებ. იპოვონ ფული! საიდანაც ეგ ფული მოვიდა, იქ კიდევ ბევრი დარჩა.
ო'რეილიმ ოთახში გაიარ-გამოიარა.
-მომისმინე, ჩემო კარგო, თავის გადარჩენა თუ გინდა, უნდა წახვიდე. ის ორი ფირიც ფულთან ერთად დევს.
რეა გახევდა.
-ფირი? რას მიედ-მოედები?!
-კარგად გესმის, რასაც გეუბნები. ის ფირები, ბარბერს რომ წავართვი, იქვეა დამალული.
-აკი გავანადგურეი!
-ნუ ყვირი! გავანადგურე კი არა, შევინახე!
ცოტა ხანს ოთახში სიჩუმემ დაისადგურა.
-ტყუილს ამბობ! თქვა მერე რეამ, თქვა კი არა იწივლა. ფულის ხელში ჩაგდება გინდა!
უცებ, ო'რეილის აშკარად გაუქრა ამ საუბრისადმი ყოველგვარი ინტერესი.
-მისმინე, საყვარელო, მე კი არა შენ გეტირება ყოფა. გიმეორებ, ფირებიც ფულის გვერდზე დევს. კარგი, გეთანხმები, ტუტუცი ვარ დავუჯერე იმ არამკითხე ბარბერის რჩევას. იმან მითხრა, ფირებს გაუფრთხილდი, თორემ რეა შენც ჩემსავით ჩაგძირავსო. მეც წავედი აეროპორტში და ფირები ფულთან ერთად შევინახე. ქორწილში მინდოდა შენთვის მეჩუქებინა. მე ჩემდა თავად, სუფთა ვარ, ეგ ფირები შენი სასიკვდილო განაჩენია. ჰოდა, დროზე წადი აეროპორტში, რაც მალე იზამ მით უკეთესი.
-არამზადა! ბრაზიანად ჩაისისინა რეამ. შტერო! ყეყეჩო!
-ტყუილად კარგავ დროს, ჩემო გოგო. თუ არ გინდა სიცოცხლე გაზის კამერაში დაამთავრო დაუჩქარე.
-ფეხსაც არ მოვიცვლი! შენ თვითონ წახვალ, თუ არადა, პოლიციას მოვახსენებ, ვინცაა ნამდვილი მკვლელი. შეიძლება მე მართლა ჩავჯდე რამდენიმე წელი, მაგრამ გაზის კამერაში ვის უკრავენ თავს, მაგასაც ვნახავთ. ყველაფერს ვიტყვი! ყველაფერს! შენი სასიყვარულო წერილებიც შენახული მაქვს, სულელო.. მიდი, დროზე მოიტანე ჩემოდანი!
ო'რეილის სახე გაუქვავდა.
-ცოლად გამოგყოლოდი? იყვირა რეამ. შენ?! ორმოცდაათ ათას დოლარს დაგპირდი, მაგრამ ნუთუ წუთით მაინც დაუშვი, რომ ცოლად გამოგყვებოდი? შენისთანა ხეპრეს? წადი, ფული და ფირები მოიტანე!
-მე უკეთესი იდეა მაქვს, ჩემო კარგო! არ გინდა, შუბლში ტყვია დაიხალო, ჰა? პოლიცია იოლად დაიჯერებს თვითმკვლელობის ამბავს. ფირებს იპოვიან და დაასკვნიან, ამისთანა საქმის ჩადენის მერე ნერვებმა უმტყუნა და გამოსავალიც იპოვაო. მე კი ბოლომდე სუფთა დავრჩები. აბა, რას იტყვი, როგორ მოგწონს?
-გასწიე რევოლვერი, თქვა რეამ, თან უკან დაიხია. ბარბერმა იცის, გოგო შენ მოკალი! უჩემოდაც ჩაგიშვებს პოლიციაში.
ო'რეილიმ ბოროტად ჩაიცინა.
-იმის სიტყვას ვინ დაუჯერებს, ან რით დაამტკიცებს? არა, ჩემი იდეა ნაღდად ჯობია.
რენიკმა მხარი გამკრა, გვერდზე მიმაგდო, ხელი პიჯაკქვეშ ჩაიცურა, 38 კალიბრის რევოლვერი დააძრო და ოთახში შეაბიჯდა.
-დააგდე იარაღი! უუყვირა ო'რეილის.
ო'რეილი ხმაზე მოტრიალდა. მისი ,,ბულდოგის'' დაგუდული ყეფა. 38ის გრიალმა ჩაახშო
ო'რეილი შებანცალდა, რევოლვერი გამოუსხლტა თითებიდან. ცოტა ხანს კიდევ იდგა ფეხზე, რენიკს მიშტერებული, მერე მუხლი მოეკვეთა და იატაკზე დაენარცხა. რეამ ყურისწამღებად იკივლა.





3





სიკვდილამდე ო'რეილიმ განცხადების დაწერა მოასწრო. ჩემი ვარაუდი სავსებით გამართლდა. ო'რეილიზე შეყვარებული ოდეტა, თურმე ცდილობდა სადმე ერთად გაქცევაზე დაეყოლებინა ყოფილი პოლიციელი. არადა ამ დროს ო'რეილი უკვე თვითონ იყო თავფეხიანად გახვეული რეას სასიყვარულო ქსელში. მოტაცების იდეაც რეას ეკუთვნოდა. ო'რეილი ოდეტას მოკვლას იმ პირობით დათანხმდა, თუ კი ვინმე ჩემისთანა არიფს იპოვიდა წინდაწინ, ვისაც მერე იოლად გადააბრალებდნენ დანაშაულს. ასე გავები ამ ხათაბალაში.
ვნებები რომ დაცხრა, მივხვდი, ისევ ციხეში მომიწევდა წასვლა. წარმოდგენა არ მქონდა, რა მელოდა, თუმცა მტკიცედ მწამდა მკვლელობისთვის მაინც არ ვაგებდი პასუხს.
დაპატიმრებიდან ორი დღის შემდეგ ჩემს საკანში რენიკი შემოვიდა.
-შანსი გაგიჩნდა, ჰარი, მითხრა მან. შენი დახმარების გარეშე, მედოუზი იმ ქალთან ვერაფერს გახდება. თუ დაჰპირდები, სასამართლოზე რეას მამხილებელ ჩვენებას მივცემო, მოსამართლეს მოელაპარაკება და გაგათავისუფლებენ. მისის მალრუმ უკვე დაიქირავა ვექილების მტელი არმია, უშენოდ ნამდვილად ვერ გავუმკლავდებით. რას იტყვი, თანახმა ხარ?
-რა თქმა ნდა, ვუპასუხე უყოყმანოდ.
-ვიცოდი, რომ დაგვთანხმდებოდი. ნინა ვნახე. სახლის გაყიდვას აპირებს. აქაურობას უნდა მოშორდეთ და სადმე სხვაგან სცადოთ ახალი ცხოვრების დაწყება.
-მესმის, ვთქვი მე. დაუყოვნებლივ ავიბარგებით. ნინასთან შემახვედრებენ?
-ხვალ დილით.
კიდევ რა გითხრათ?
მისის მალრუ და იმისი ვექილები თავგანწირვით იბრძოდნენ, მაგრამ მაინც თხუთმეტი წელი მიუსაჯეს. გადამწყვეტი როლი ჩემმა ჩვენებებმა ითამაშა. ბოლოს მეც დამაყენეს მოსამართლის წინაშე.
დაუფარავად პირში მომახალა ყველაფერი, რასაც ჩემი პიროვნების შესახებ ფიქრობდ. ოღონდ, სულ ტყულად გაისარჯა: უამისოდაც შესანიშნავად ვიცოდი საკუთარი თავის ფასი. ხუთი წელი მომისაჯა პირობით. თუ კი ისევ დავაშავებდი რამეს, ჯერ ხუთი წლის მოხდა მომიწევდა, მერე კი უკვე ახალი სასჯელისაც, მაგრამ ამჯერადაც ფუჭად დაკარგა დრო. შარში გაბმას აღარ ვაპირებდი.
ნინა გარეთ მელოდა.
ხელი გამომიწოდა და გამიღიმა.
ხელახლა ვიწყებდი ცხოვრებას.



№1 სტუმარი One

Dzalian kargi iyo,dadzabuli da saintereso, eac mtavaria gamartuli , sasiamovnod wasakitxi.
Warmatebebi

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent