მკვლელობა შავი იებით (თავი 7)
ემა დედამისთან იჯდა დივანზე, ეხუტებოდა და ამშვიდებდა, რადგან ის ისევ ნერვიულობდა შვილის მოყოლილ სამუშაოს ამბავზე. გაუღიმა: _ რომ იცოდე, რა სულელური სამუშაო იყო, დედა. შენც ხომ იცი. მიხარია კიდეც, რომ წამოვედი იმ სულელი კაცის სამსახურიდან! შენ გგონია ეს ტყუილი და ფარსი მასულდგმულებდა?! უფრო მეტად მკლავდა და მახრჩობდა! ამიტომაც გადავწყვიტე წასვლა. მე იქ მშვიდად და ბედნიერად ვცხოვრობდი! _ მაგრამ ჩვენგან შორს იყავი, შვილო და მარტო! _ ხელოვნებაა ის, რაც მასულდგმულებს, ამიტომაც არ ჩამითვლია, რომ მარტო ვიყავი. მხოლოდ სამი წელი, სამი წელი, დედა, ახლა მე აქ ვარ და ეს მიხარია... აღარ მინდა იმ სისულელეზე საუბარი და ფიქრი! ვინ რა თქვა ან რა იფიქრა, ესეც კი აღარ მაინტერესებს! მე მაქვს ჩემი საქმე და ჩემი გადაწყვეტილებები! ახლა ვიცი, რომ ჩემი თავის წინ არავის დავაყენებ, არავის მივცემ უფლებას, მეუფროსოს და რაიმე მიბრძანოს! აქ ვრჩები და ჩემს სამუშაოს უნდა დავუბრუნდე. ამაზე ნუღარ ინერვიულებთ. ის დრო მორჩა და დასრულდა! მხოლოდ ერთ დღეში მორჩა და დასრულდა! რაღაც ცუდში არის რაღაც კარგიც, რომლის დანახვაც ადამიანმა უნდა შეძლოს და იპოვოს ეს რაღაც კარგი. თუნდაც სიკვდილამდე მოუწიოს ლოდინმა, უნდა იპოვოს! მე ვიპოვე. წავედი იქ, რამაც ჩემი თავი და ბედნიერება მაპოვნინა... _ ახლა ხარ ბედნიერი, შვილო?! _ კი, დედა! მიყვარს ჩემი სამუშაო და მიხარია, რომ ჩემი თავის უფროსი მე ვარ! _ თქვა, დედას აკოცა და დამშვიდებული წავიდა საძინებლისკენ. *** ერიკი სახლში წავიდა. თავისი ოთახიდან საქმის მასალები გამოიტანა და დის ოთახში შევიდა. ლოგინზე ჩამოჯდა და ბედნიერმა გადახედა ბალიშს, რომლიდანაც ისევ იგრძნობოდა ქალისგან დატოვებული სურნელი. გაეღიმა იმის გაფიქრებაზე, ქალს მძღოლობაზე რომ დათანხმდა. მთელ ლოგინზე გაშალა მასალები, რომლებიც ფედერიკო რაირას პიროვნებას ეხებოდა. როგორც იქნა, გაარკვია, რომ ის დანიელას შეყვარებული იყო და ერთმანეთს ჩუმად ხვდებოდნენ. * * * ემამ მშობლებთან გემრიელად ისაუზმა და ანიტასთან გავლა გადაწყვიტა. ახალი ტანსაცმელში გამოეწყო და კმაყოფილი გამოვიდა სახლიდან. მაღალი ქუსლებით მისეირნობდა ქუჩაში და ღიმილით ისრუტავდა დილის ჯერ კიდევ სუფთა ჰაერს, სადაც გაუღვიძებელი მანქანების სიჩუმე მთელი სისავსით იგრძნობოდა. ტაქსის ხელი აუწია და დაუშვა თუ არა, თავის ხელთათმანებზე შეაჩერა მზერა. ორივე ხელი მომუშტა და ჩაფიქრებულმა გამოაღო ტაქსის კარი. _ არ მესმის... არ მესმის და ძნელი დასაჯერებელია, რატომ, ან რისთვის აღმოჩნდა ეს ერთი პატარა ამბავი ჩემთვის ასეთი შემაშინებელი, დამთრგუნველი, რომ დავიკარგე და საერთოდ აღარ მომინდა ვყოფილიყავი ის, ვინც სინამდვილეში ვარ... სრულიად სხვა, ახალ, უცხო არსებად ვიქეცი, რომელიც ვეღარც საკუთარ თავს ცნობს და აღარც უნდა ნამდვილი მარია იყოს... _ თქვა ჩუმად და მძღოლს ახლაღა შეხედა, რომელიც ჯერ ისევ უმეორებდა, სად მიბრძანდებითო. ქალი უცბად გამოფხიზლდა, მისამართი უთხრა და ფიქრებში ჩაიძირა: `აქამდე მეგონა, რომ ტყუილი ძნელი სათქმელი იყო, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ ადვილია მოატყუო საკუთარი თავიც და სხვებიც, თითქოს ბედნიერი ხარ...~ მანქანიდან გადავიდა, შენობაში შევიდა, დაცვას მიესალმა და ლიფტში შეაბიჯა. სარკეში შეხედა თავის ორეულს და ისევ ფიქრებში გადაეშვა. `ფიქრები ბუმერანგივით ბრუნდებიან უკან. გაბრაზებულმა და გულნატკენმა ადამიანის სიკვდილზე ვიფიქრე და მართლა შემარქვეს მკვლელის სახელი~... _ ხელი მომუშტა, ისევ გაშალა და თითებზე დაიხედა: _ რატომ... რატომ არ მშორდება ეს ტკივილი? ეს პატარა ტკივილი როგორი საბედისწერო აღმოჩნდა ჩემთვის, სრულიად დამიმონა, ისე, რომ საკუთარი სახელი და გვარი დამაკარგვინა! _ თქვა და ლიფტიდან გავიდა. წინ მომღიმარი ქალი შემოხვდა და თვითონაც გაუღიმა. მისალმებისა და მოკითხვის შემდეგ კაბინეტს მიაშურა. ნელა მიხურა კარი და ზურგით მიეყრდნო. ხელში მოქცეული ჩანთა დივანზე მიაგდო და აივნისკენ დაიძრა. ჰაერი ღრმად ჩაუშვა ფილტვებში. გარემოს მოავლო თვალი და დილას მდივნის მიერ მოტანილ იებს მიაშურა. გაღიმებულმა ყვავილის ფურცლებს ხელი შეახო. _ რა ნაზია... ნაზია და სათუთი, თითქოს ერთი ხელის შეხება, პატარა შეხებაც კი მისთვის სასიკვდილო და საბედისწერო აღმოჩნდება. _ თითები გადაუსვა ხავერდივით სქელ ფოთლებსაც და წაიჩურჩულა: _ თითქოს ეს სქელი ფოთლები იცავენ თავიანთ ყვავილებს და მფარველობას უწევენ, მაგრამ მე... მე ვინ დამიცავს მათსავით და ვინ დამიფარავს... მხოლოდ მე ვიცი, რომ იმ მბზინავი კრისტალივით დროებითი ვარ, რომელიც შეიძლება ძირს დავარდეს და მილიონ ნამსხვრევად დანაწევრდეს და ვერ გამთელდეს... _ თქვა და იებს მოშორდა. _ როგორც წამში იცვლება ხოლმე ცაზე განლაგებული ღრუბლები, ისე შეიცვალა წამში ჩემი ცხოვრებაც, როცა მარიადან ემა გავხდი და დავივიწყე... დავივიწყე პატარა თბილი გოგონა, ბედნიერი, სიცოცხლით სავსე... _ თქვა და კაბინეტში შებრუნდა. ყუთებიდან რამდენიმე ნივთი ამოალაგა, მაგიდასა და თაროებზე დააწყო და ისევ ყუთებს მიუბრუნდა. მერე თავისი მაგიდის უჯრა გამოაღო, ფანქრებისა და საღებავების ყუთები ჩააწყო და ხელი გადაუსვა მრავალ ფერთა პალიტრას. _ ადამიანებიც ფერებივით არიან... მათაც შეუძლიათ შეიცვალონ და გახდნენ სხვადასხვა ფერის დროის და გარემოს მიხედვით... _ თქვა და უჯრა მიხურა. ქაღალდების მთელი შეკვრა იქვე ჩააწყო დიდ ყუთში და ფეხზე წამოდგა. მდივანს უთხრა, სახელოსნოში ჩავდივარო და გზა გააგრძელა. ხელებიდან ხელთათმანები წაიძრო, შესასვლელში მდგარ თანამშრომელს რეზინის გამოართვა და ხელოსნების უფროსისკენ გაემართა. ემამ გაუღიმა კაცს, მოიკითხა და მის გვერდით დადგა. ხელში მოიქცია ახალი ქვა და მის ფერებს დახედა. მწვანე, ლურჯ, ყვითელ ფერთა გამა ერთმანეთში შერწყმულიყო და ალაგ-ალაგ მოჩანდა ყავისფერ ქსელში გადაკრულ ფერებში. რეზინის ხელთათმანიანი ხელი გადაუსვა და კაცს შეხედა: _ საოცრებაა... ნამდვილი საოცრება... ჯადოსნურ ქვას ჰგავს, რომელიც ყველა საიდუმლო ფერს ინახავს და მისი შეხება არაამქვეყნიურ გრძნობებს აღვიძებს... _ თქვა და ხელოსანს გაუღიმა.: _ ასე თბილად ეპყრობით და ხელთათმანით ეხებით. ვიცი, რომ ასეც გრძნობთ მის სულს, მაგრამ არ გინდებათ შიშველი ხელით შეეხოთ და უფრო ახლოს იგრძნოთ?! კაცს გაეღიმა და ემას შეხედა: _ შიშველი ხელით შეხება უფრო მიმაჯაჭვებს მის ფერებს და ჭაობივით გამხვევს თავის ყავისფერ ქსელში... ემას გაეღიმა, ნაზად დადო რბილ ქსოვილზე ოპალის ქვა. _ ჯერ კიდევ მჭირდებით და ნამდვილად არ მინდა მის ქსელში გაებათ, _ უთხრა კაცს და გამობრუნდა. მეორე თანამშრომელთანაც მივიდა. რამდენიმე ქვას შეავლო ხელი და კარისკენ დაიძრა. ხელთათმანები გაიძრო, მაგიდაზე დატოვა და ჩაფიქრებული გაუყვა გზას ლიფტისკენ. მდივანს გაუღიმა და ისევ კაბინეტში შეაბიჯა. თავისი სავარძელი დაიკავა. დაფაზე ქაღალდის დამაგრების მერე ხელში ფანქარი და სახაზავი აიღო. ყავისფერ ქსელში გადაკრულ ფერებში ნელ-ნელა იძირებოდა და ახალ ესკიზებს ხატავდა. თვალწინ წარმოუდგა დიდ ზღვაზე გაშლილი ოპალის ქვები, მთლიანად რომ ანათებდა ღამის სიბნელეში და იქაურობას საოცრად იდუმალ და ჯადოსნურ იერს აძლევდა. დაკვირვებული მზერით შეხედა ნახატს და ფანქარი დაფაზე დაამაგრა თუ არა, ჩაფიქრებული დაიძრა ფერთა პალიტრის გასამზადებლად. ქალს უხელთათმანო თითები სხვადასხვა ფერის საღებავით დაეთხუპნა. პალიტრას დახედა, ფერები დაამატა და ისევ დაუბრუნდა ახალ ესკიზებს. რამდენიმე საათი კაბინეტში მოძრაობდა. ხან ახალ ესკიზებზე ფიქრობდა, ხან თავის დაფას უბრუნდებოდა. ბოლოს გადახედა ახალშექმნილ ესკიზებს, პალიტრა მაგიდაზე გადადო და ხელის დასაბანად სააბაზანოს მიაშურა. ალმას რამდენიმე ხანს ესაუბრა თან მშვიდად, თან აფორიაქებულმა, რადგან ძალაუნებურად წარსულის ის დღეც ამოუტივტივდა. ისევ აივანზე გავიდა გონების ნეგატივისგან გასათავისუფლებლად... გარემოს თვალი მოავლო, ცას ახედა, ქუჩებსაც შეავლო მზერა და მის გარშემო მდგარ მოძრავ და უძრავ სივრცესაც. მცირე ხნის შემდეგ ისევ ესკიზებს დაუბრუნდა, შორიდან გადახედა ფერებს და მუშაობა გააგრძელა... *** ქალი ლოგინზე მიწოლილიყო. თავი ბალიშზე დაედო და თვალები დაეხუჭა. ზმანებაში იძირებოდა და ბალიშს ჩაბღაუჭებული ხელებს უფრო უჭერდა. ერიკი სამსახურიდან გამოვიდა და ანიტას ბინას მიადგა. ქალს მიესალმა, მერე ოთახები გაიარა და ერთ-ერთში შევიდა. თეთრ ბალიშზე ქალს თავი დაედო, ხელებით ბალიშს ჩაბღაუჭებოდა და სრულიად არ აქცევდა ყურადღებას სახეზე დაყრილ თმის ღერებს. კაცი მისკენ დაიძრა თუ არა, ქალმა თმა გადაიწია და კაცმაც უკან დაიხია. მის ყელს დააკვირდა, რომელზედაც შარფი ეკეთა. თეთრ ვარდისფერბურთებიან პლედს შეავლო თვალი და ქალის ხელს ხელი გადაუსვა, მაგრამ უცებ დაიხია უკან. ქალი მაჯაში სწვდა. ამ დროს მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და მის მაჯას ჩაფრენილი ქალი წამოიწია. _ აქ რა გინდა? _ კარგად გაწვრთნილი ხარ! გეძინა, მაგრამ მოახლოება იგრძენი თუ არა, მაშინვე მეცი! _ ფხიზლად მძინავს! _ ალბათ გეშინია და რაღაც არ გაძინებს! იქნებ მკვლელობა?! _ მკვლელობას ნუღარ მიხსენებ! რას გადამეკიდე! დაწერე დასკვნა, რომ საქმე გამოძიებული და დასრულებულია! მე თავი დამანებე!!! _ დაუყვირა და კაცს როგორც შეეძლო, მაჯაზე ხელი მოუჭირა. _ სიმართლე უნდა აღიარო! _ დავიღალე შენი ბრალდებებით! _ კაცს ხელი გაუშვა და ორივე მაჯა წინ გასწია: _ დამაპატიმრე, თუ ასე ძალიან გსურს! ერიკმა ხელი მისკენ გაიწვდინა და უსწრაფესად მოხსნა ყელზე შარფი. _ ეს ახლა აღარ გინდა! _ თქვა და შეხედა. ქალი კი მისკენ იწევდა და უყვიროდა, დამიბრუნეო. კაცმა მკაცრად უთხრა, ჩემიაო და ქალს ხელი წაავლო: _ სახლში რატომ ხარ?! _ ყელი მტკივა! _ ხმამაღლა მელაპარაკები და იმიტომ! _ არა, ცივი წვენი დავლიე და მაგიტომ! _ ახლა თბილი რამე დალიე და თან მეც მომიმზადე! _ მეტი საქმე არ მაქვს, შენ გემსახურო! _ ემაა! _ რა გინდა! _ იყვირა ისევ ქალმა და კაცს შეხედა. _ ბოდიში, ქალბატონო, ბევრი საუბრისთვის! მაგრამ ანიტას ქმარი ჩამოუვიდა და ახლა შენ აქ ზედმეტი ხარ! სახლი უკვე გიპოვე, დროებითი ჯერ! გააჩნია, როგორ აგიტანს მასპინძელი! _ თქვა და გაუღიმა. მერე ხელი მოჰკიდა, ლოგინიდან წამოაგდო, მის ჩანთას დაავლო ხელი და პირზე ხელაფარებული ქალი მანქანაში ჩასვა... _ მე ზედმეტი არასდროს ვარ, იდიოტო!!! _ განრისხებით დაუყვირა ქალმა კაცს, რომელიც მანქანას ქოქავდა. _ თქვენს თანამშრომლებს რბილად და მშვიდად ექცევით და მეც იმავეს ვითხოვ, მეც ხომ თქვენთან ვმუშაობ უკვე! _ ყველა გამომძიებელი ამდენს საუბრობს?! _ ძირითადად კი, დამნაშავე რომ გამოტეხონ! _ მაინც რამდენი საქმე გაქვს გახსნილი, ერთი?! _ შეეკითხა და გაეცინა. _ ბევრი! _ უპასუხა გაბრაზებულმა. _ მაინც?! _ მკვლელობები, გატაცებები, ქურდობები, ჯამში 20. _ ძალიან ცოტაა! _ შენ რამდენ სამკაულს აკეთებ ხოლმე?! _ თვეში 50-ს ან მეტს! _ იმიტომ, რომ ადვილია! _ მიუგო მკაცრად და მანქანა გააჩერა თუ არა, კარი მიაჯახუნა და ქალის შენიშვნებს აღარ მოუსმინა. _ უკვე მოვედით! მასპინძელს უყვარს სიმშვიდე და სიწყნარე! _ თქვა და ლიფტისკენ წავიდა. _ შენს ბინაში მიქირავე ოთახი?! ნამდვილი იდიოტი ხარ! _ არა! _ სერიოზული ტონით თქვა კაცმა, თავისი ბინის კართან დადგა, გააღო, ქალს ხელი წაავლო და შიგნით შეიყვანა. _ მე მოგაქირავე ერთი ოთახი! _ ღიმილით დააბოლოვა. _ როდის მომშორდები! _ იყვირა უცებ ემამ და კაცი ხელში ჩააფრინდა: _ ჩუმად, თორემ მასპინძელი გარეთ გაგაგდებს! _ იდიოტი! _ თქვა ისევ ქალმა, კაცს ხელი გამოგლიჯა და ფეხსაცმელი შესასვლელში დატოვა. _ შენს დროებით ოთახში შედი! უკვე იცი სადაცაა, თუ არ დაგავიწყდა! ქალი გაბრაზებული წავიდა ოთახისკენ, კარი შეაღო და იქვე ჩანთები დაინახა. მაშინვე უკან გამოვარდა: _ ჩემს ჩანთებს აქ რა უნდა?! _ ანიტასგან წამოვიღე, არაფერი დამიტოვებია იქ, რადგან ვიცოდი, რომ აქ დაგჭირდებოდა! ისევ თავისი ოთახისკენ მიტრიალებულს კაცის ხმა დაეწია: _ არაფრის. _ და კარი ისე მოიჯახუნა, სიტყვა არ უთქვამს. ერთი ჩანთა გახსნა და რაღაცას დაუწყო ძებნა. _ რა გინდა?! _ უცებ იკითხა ქალმა, ისე, რომ მაღლა არც აუხედავს. _ რამე გინდა?! დამანებე თავი! _ არც ამოგიხედავს, ისე მიხვდი, რომ აქ ვიდექი! უბრალოდ, ჩუმად ვიქნები და გიყურებ! _ ეგრე უნდა იდგე კარებში?! შემოდი და დივანზე დაჯექი! _ ისეთი ფორმით დამხვდი ანიტასთან, სულ დამავიწყდა, შოკოლადი რომ მოგიტანე! იქაც მოგიტანე და შენს სახლშიც, შენ კი მადლობაც არ გითქვამს! _ მოჩვენებითი გაბრაზებით თქვა კაცმა. _ მე დაცვას ველოდებოდი, ჩანთები რომ მოეტანა და არა შენ! ჩემს სახლშიც დაუპატიჟებლად შემოიჭერი! შენი შოკოლადი არ მჭირდება! ამიტომაც დავტოვე ჩემს სახლშიც და ანიტასთანაც! _ შენი სახლიდან წამოვიღე! _ თქვა და ფილა ლოგინზე დაუდო: _ მიირთვი, იქნებ დატკბე! ქალმა შუბლშეკრულმა გახედა, ხელი მომუშტა, მაგრამ მოულოდნელად გააცნობიერა, ვინ იდგა მის წინ და მზერაც მოაშორა და ხელებიც მოადუნა. მერე ლოგინისკენ დაიძრა: _ არ მინდა... _ თქვა და პლედს დაავლო ხელი, _ მეძინება... დამტოვე. კაცი მიუახლოვდა, ლოგინზე დასვა, შოკოლადი პირთან მიუტანა და წარმოთქვა: _ გასინჯე... _ ჯერ შენ ჭამე, იქნებ მოწამლულია. კაცმა ცოტა მოატეხა, შეჭამა და დანარჩენი ისევ მას მიაწოდა: _ უგემრიელესია. ახლა კი შენი ჯერია. ქალმა ხელიდან გამოგლიჯა შოკოლადი და სანამ ჩაკბეჩდა, თქვა: _ რადგან ჯერ ისევ ცოცხალი ხარ, ესე იგი მეც არ მომკლავს! _ თქვა და ჩაკბიჩა. კაცს ჩაეცინა. _ როგორია? _ არა უშავს. _ მიუგო ქალმა და მზერა გააყოლა კაცს, რომელმაც ძილი ნებისა უსურვა და კარისკენ გაემართა, მაგრამ უცბად მოტრიალდა. _ დღეს დაგჭირდებით? _ შეეკითხა. _ არასდროს დამჭირდები! ერიკმა კარი გაიხურა. ქალი გაბრაზებული წამოვარდა ლოგინიდან. ცოტა ხანში იბანავა და ფენით თმის გაშრობას შეუდგა, თან შოკოლადს გადახედა, რომელიც იქვე კარადაზე დაეტოვებინა კაცს. უეცრად ვიღაცამ კარი შემოგლიჯა. ემამ მიიხედა და შეშინებულმა ფენი გათიშა. _ ოთახში რას მივარდები?! _ დაუყვირა კაცს. _ ხმა, რომ გავიგონე, შემეშინდა! ვერ ვიფიქრე, რომ ფენის ხმა იქნებოდა, ბოდიში... _ წადი, დაიძინე! და დაკაკუნება ისწავლე! _ თქვა და ფენი ისევ ჩართო. მორჩა თუ არა თმის გაშრობას, შუქი ჩააქრო და დაწვა. მეორე დღის გეგმებზე ფიქრებში მშვიდად ჩაეძინა. ერიკი ოთახში შევიდა, რბილად დაწვა, ხელი ქალის შარფს შეახო და ფიქრებში წასულმა ჩათვლიმა... * * * დილით ემა ადგა, ივარჯიშა, წყალი გადაივლო და ჩაცმას შეუდგა. მოკლე ლურჯი ქვედაბოლო ჩაიცვა, ზემოდან თეთრი თავისუფალი შიფონის ბლუზა გადაიცვა. ლურჯი ყელსაბამით ყელი დაიმშვენა და სანამ საათს მაჯაზე დაიბნევდა, ნატკენ ხელს საჩვენებელი თითი გადაუსვა. შემდეგ მარლით შეიხვია და ლურჯი საათი ზემოდან გაიკეთა. ღია ფერის პომადა წაისვა, თეთრ მაღალქუსლებიან ფეხსაცმელზე შედგა, თხელი თეთრი პალტო ჩაიცვა, თეთრი ჩანთა, რომელშიც პასპორტი, საფულე, ტელეფონი და ბარათები ჩააწყო, მხარზე გადაიკიდა და სუნამოც დაიპკურა. მერე ფლაკონი ჩანთაში ჩააგდო, მეორე ჩანთას დაავლო ხელი და ოთახიდან გასულმა შემოსასვლელში მდგარ სარკეში ჩაიხედა. ამ დროს ერიკი გამოვიდა და ქალი შეათვალიერა. _ დილა მშვიდობისა... ასე ადრიანად საით გაგიწევია?! _ მოესმა ქალს, როცა სარკეში იხედებოდა. _ შენ ვინ ხარ?! _ სარკიდან შეხედა ქალმა, რომელიც მის გვერდით ისე იდგა, რომ სარკეში ჩანდა. _ ერიკ ფრანკი! _ კომისარ-გამომძიებელი! _ თქვა ქალმა და კაცს თვალი თვალში გაუყარა: _ ანგარიშს ბოლოს გაგისტუმრებ, დავითვლი შენს სახლში გათენებულ დღეებს, დავუმატებ მძღოლის საათებს! ახლა კი წავალ! _ უთხრა და კარისკენ შეტრიალდა. როცა ხელი გასწია მის გასაღებად, კაცის ხმაც გაისმა: _ ვნახოთ, როგორ წახვალ! _ რააა?! _ ემა მკვეთრად შემობრუნდა. ერიკმა გასაღები დაანახვა და ჯიბეში ჩაიდო. _ მომეცი გასაღები! შენ უსაქმურად ხარ, მე კი უამრავი საქმე მელოდება! _ თქვა გაბრაზებულმა და კაცისკენ დაიძრა. მის წინ დადგა და ისევ გაუმეორა, კარი გაეღო. _ შენი ბრალდებებისგან ძალიან დავიღალე და მეტად ნუ მომიშლი ნერვებს, გააღე კარი! _ ბრძანების ტონით თქვა და კაცს თვალი თვალში გაუყარა. _ შოკოლადი მაინც შეჭამე და მერე წადი, _ თხოვნა გაურია ხმაში ერიკმა და შოკოლადი გამოუტანა. ქალმა ერთი-ორჯერ ჩაკვნიტა ფილა. _ მადლობა... დანარჩენი შენ მიირთვი, _ უთხრა და კართან დადგა. კაცმა კარი გააღო და ქალს უჩურჩულა, დროებითო. მის თბილ ხმას ყური მოჰკრა თუ არა, ემა მოულოდნელად გვერდზე გადგა და კაცს შეხედა, მაგრამ მსწრაფლ მოაშორა მზერა, კარი ბოლომდე გამოაღო და კიბეზე დაეშვა. _ რატომ აქვს ასეთი თბილი ხმა... რატომ აქვს ასეთი ბარიტონი... _ თქვა ჩაფიქრებულმა და ქუჩას ფეხით გაუყვა. _ ეს შოკოლადიც რატომაა ასეთი ტკბილი და გემრიელი, როცა ვერასდროს ვიტანდი შოკოლადს. ახლა კი... ძნელია არ დააგემოვნო... _ ჩაილაპარაკა და ქუჩა გადაჭრა. ფეხით კარგა მანძილზე გაისეირნა და ტაქსის ხელი დაუქნია. უცბად გააჟრჟოლა, რადგან გვერდით მანქანამ დაამუხრუჭა. გაბრაზებული ქალი ფანჯარას ყვირილით მივარდა: _ რა გინდა, რა!!! _ დაჯექი, მე წაგიყვან სამსახურში! _ უთხრა ერიკმა და ქალს თავით ანიშნა. ემა ჩაჯდა და კარი მთელი ძალით მოიჯახუნა. _ ცოტა ნაზად! _ ირიბად გახედა ქალს, _ ნაზად უნდა ისწავლო საუბარი და მოქცევა. _ მოკეტე! _ დაუღრინა ქალმა, თან მისამართი უკარნახა, სადაც ერიკს უნდა მიეყვანა. ერთხანს უხმოდ იარეს. _ დაიღალე?! _ ღიმილით შეეკითხა კაცი. _ რითი?! _ რომ არ ყვირიხარ და ასე ჩუმად ზიხარ, გამიკვირდა. _ როცა თავს მესხმიან, მეც ვესხმი, _ უპასუხა ემამ, _ შენ კი ჩამოსვლისთანავე დამესხი თავს!.. ამასობაში მანქანა გაჩერდა. _ წადი! არ დამელოდო! _ გულგრილად უთხრა ემამ. _ შენი ძმა ნახევარ საათში სამსახურში უნდა იყოს, ასე რომ, მასთან მეტხანს ვერ დარჩები. ამიტომ დაგელოდები! _ თქვა და გაუცინა. გაბრაზებულმა ქალმა კარი მიაჯახუნა და ლიფტს მიაშურა. კაბინის კარი გაუღეს თუ არა, მაშინვე დაიძახა: _ მეც მოვედიიი! _ და ჯერ ძმას ჩაეხუტა, მერე რძალს, ბოლოს კი პატარა ბავშვს წაავლო ხელი: _ ჩემი ბიჭი როგორ არის?! _ მაამ...მაამ... _ თქვა ბავშვმა და ემას ჩაეხუტა. ემამ ხელში აიყვანა იგი და კოცნით გაძღა თუ არა, ჩანთას დასწვდა. _ ჩემს გემრიელს საჩუქრები მოვუტანე, _ ამის თქმაზე ბავშვი მაშინვე ფეხზე ააცოცდა და ჩაეხუტა: _ მააამ. _ მამიდა, მამიდა, _ გაუსწორა ემამ და გაუცინა. მერე საჩუქრები ამოიღო და რძალს მიმართა, _ ეს ჩანთა ამ ცელქისაა... ეს კი თქვენი, _ თქვა და ადგა, _ ახლა კი უნდა წავიდე. აბა, მითხარი, კარგად, მამიდა-თქო, _ გაუცინა ბავშვს, ჩაკოცნა და ხელი დაუქნია, ამით ყველას დაემშვიდობა... ერიკი დაინახა, მანქანა გააღო და ჩაჯდა. _ სამსახურში! _ უბრძანა და ჩანთა კალთაში ჩაიდო. ერიკმა მანქანა დაქოქა და ქუჩას გაუყვა. _ როგორ ვართო?! _ კარგად! _ მოკლედ მოუჭრა ემამ და გზას გახედა. _ ბავშვმა რაო?! _ მამ დამიძახა და მაკოცა. _ ისეთი ცივი ხარ... შენ არ აკოცე?! _ ვაკოცე და ჩავეხუტე! ძალიან საყვარელია და გემრიელი! `შენც!~ _ თქვა გულში ერიკმა და ქალს გახედა: _ არ ყოფილხარ მთლად ცივი... მანქანა გაჩერებული რომ დაიგულა, ქალი გადავიდა და ოფისისკენ ამაყად გაემართა. _ მალე გამოხვალ თუ საღამოს მოგაკითხო?! _ 9 საათზე მოვრჩები! _ მიაძახა ქალმა და შენობაში შევიდა. ამ დროს ლიფტისკენ მომავალი კარლო შეამჩნია და დაელოდა. ერთმანეთს მიესალმნენ და ლიფტში ერთად შევიდნენ. _ თანამშრომლებს ვეუბნები, სახლში ჭამეთ-თქო და მე თვითონ უჭმელი მოვდივარ, _ ღიმილით თქვა. კარლოსაც გაეღიმა: _ მაშინ მე მოგიმზადებთ რაიმეს. უკვე ყველას მენიუ ვიცი, ერთის გარდა. _ და ის ერთი მე ვარ?! _ ჩაეცინა ქალს: _ დილას და საღამოს ცოტა მსუბუქი. შუადღეს კი შედარებით მსუყე, მაგრამ მხოლოდ დღეს ვითხოვ დილის საჭმელს. _ კარგი, მალევე გაგიმზადებთ. _ უთხრა კარლომ. ქალმაც მადლობა გადაუხადა და დროებით დაემშვიდობა. კაცი თავის სართულზე გავიდა. ემამ კი მე-9 სართულისკენ გააგრძელა სვლა. მდივანს მიესალმა, გაუღიმა, ბედნიერი დღე უსურვა და კაბინეტის კარი შეაღო. ესკიზები უკვე გამშრალიყო. ჩაფიქრებულმა ჩანთა და პალტო დივანზე დადო. მოსასვენებელ ოთახში გავიდა და რამდენიმე ხანში შავი თავისუფალი კაბით გამოვიდა. ფუნჯები, ფანქრები, პალიტრა გაამზადა და ისევ ხატვას შეუდგა. ფიქრებში გართულს მდივანმა საუზმე შემოუტანა. გაღიმებულმა ემამ სააბაზანოში ხელები გადაიბანა და მხოლოდ ამის მერე დააგემოვნა კარლოს გამოგზავნილი საჭმელი. ყოველი ლუკმის შემდეგ ესკიზებს გადახედავდა და ისევ ახალ კოლექციაზე ფიქრში აგრძელებდა ჭამას. შოკოლადი გაახსენდა და უცბად ზეზე წამოიჭრა. მუზა ესტუმრა. მის წარმოსახვაში თითქოს გრძელი გზა გამოჩნდა, ყვავილებითა და ქვებით მორთული. რამდენიმე შავი შოკოლადისფერი სილუეტი დაიძრა ფერადი ქვებით სავსე გზაზე. მათ შოკოლადისფერ სხეულზე მხოლოდ სამკაულები ბრწყინავდა... მაშინვე ფანქარი მოიმარჯვა და ყოველივე ამის დასახატად პალიტრას დაუბრუნდა... *** ერიკი ფრანკოს ესაუბრა ტელეფონზე, მერე გზიდან გადაუხვია სხვა საქმის მოსაგვარებლად. რამდენიმე საათის შემდეგ მაღაზიებში გაიარა. სახლში პარკებით დახუნძლული შევიდა თუ არა, ხმაურიც შემოესმა. _ ემა! ემააა! _ ყვიროდა პატარა გოგონა და ემასკენ ხელს იშვერდა. _ დეეეე, ისააა, ის! _ ჰო, შვილო, ემააა! აქაც ემას სახელი ესმოდა და იფიქრა, ეს ქალი ისევ მელანდება, როგორც სიზმარში მეძახდაო. მასაც შემოესმა სახლში შესვლისას ემას ხმა. დისშვილისკენ გავარდა და დაინახა, რომ ემა ტელევიზორის ეკრანიდან შემოსცქეროდა. `დღეს როგორც იქნა კომპანია `ამეთვისტოს~ სათავეში ჩაუდგა და მუშაობა განაახლეს~, _ კომენტარს აკეთებდა ჟურნალისტი, თან ემას კითხვებს უსვამდა ოფისის მე-13 სართულზე, გამოფენების დარბაზში. _ აქ როგორ მოხვდა ბოსტონიდან?! _ გაკვირვებულმა დამ თავისთვის ჩაილაპარაკა. _ დაოოოო, ჩემო პრინცესააა... _ იყვირა კაცმა და ორივეს ჩაეხუტა, მერე დას შეეკითხა: _ რატომ ყვირის მის სახელს, საიდან იცით, ვინაა?! _ ბავშვი ლიფტში გაიჭედა და ემამ უშველა, ხელზე ჭრილობა აქვს, კარს მიარტყა. ერიკს ახლა გაახსენდა, ეს ამბავი ემამ რომ მოუყვა და ტყუილი რომ ეგონა. _ გამოდის, არ მოვუტყუებივარ და მან ჩემი დისშვილი გადაარჩინა... _ გაიფიქრა და გაეღიმა. *** _ ემას, ბატონო, ახლა 2-საათიანი შეხვედრა აქვს და გთხოვთ, დაიცადოთ. _ უთხრა მდივანმა და ერიკი კაბინეტში არ შეუშვა. ისიც იძულებული გახდა, დივანზე ჩამომჯდარიყო. _ ემა! ერიკ ფრანკი გკითხულობთ! _ ახლა დაკავებული ვარ. უთხარი, 2 საათში მოვიდეს, თუ სასწრაფო არაფერია! კამილამ სიტყვასიტყვით გადასცა გამომძიებელს ქალის დანაბარები. ერიკმა დაცდა ამჯობინა. დაახლოებით 10 წუთში ვერტმფრენის გუგუნის ხმა გაისმა. _ რა ხმაა?! ვერტმფრენი... საიდან ისმის? _ ფეხზე წამოიჭრა მამაკაცი. _ ქალბატონ ემას შეხვედრა აქვს, ამიტომაც გადაფრენა უწევს, ზემოთ ასასვლელი მისი კაბინეტიდანაა. ზუსტად 2 საათში დაბრუნდება. _ მე გამომძიებელი ვარ. ვისთან აქვს შეხვედრა?! _ ბატონო, ამის თქმის უფლება არ მაქვს. თავად ქალბატონ ემას ჰკითხეთ... _ თქვა ქალმა და კაცს დასალევი შესთავაზა, რაზეც უარი მიიღო. ერიკი ფანჯარას მიუახლოვდა და გადაიხედა. ვერტმფრენი დაჯდა თუ არა, ემა ჩამოვიდა და სწრაფი ნაბიჯით გაემართა დიდი ყავისფერი შენობისკენ. თეთრ ხალათში გამოწყობილმა დიდ მანქანებს და დანადგარებს გვერდით ჩაუარა. დააკვირდა, როგორ ნაზად ისხმებოდა შავი სითხე ყალიბებში და როგორ ეყრებოდა ყველა მათგანს ქოქოსის შემდეგ თხილი, როგორ ცივდებოდა და იფუთებოდა ერთდროულად ერთად გამზადებული ამდენი შოკოლადი. ემამ ხალათი გაიხადა და გამჭვირვალე მინის კედელს გასცდა. რამდენიმე საფეხური აიარა, ფართო კაბინეტში შევიდა. მაურისიო რამოსთან საუბრის შემდეგ გაღიმებულმა გამოართვა კაცს შოკოლადით სავსე კალათა, დაემშვიდობა და ისევ ვერტმფრენში ავიდა. სანამ უკან დაბრუნდებოდა, ემამ მდივანს დაურეკა: _ მანდ არის?! _ დიახ! _ უპასუხა კამილამ და ემამაც სთხოვა, სადილი შეეკვეთა ორ კაცზე და კაბინეტში შეეტანა. მდივანი მაშინვე დაფაცურდა. ამასობაში ემაც დაბრუნდა. მწვანე ზედა, თეთრი მოკლე ქვედაკაბა და თეთრი ფეხსაცმელი ეცვა, რომელსაც გარშემო თვლები ჰქონდა ჩაყოლებული. ფეხსაცმელს ძირზე კი კომპანიის სახელი და ლოგო ეხატა, რომლის მფლობელიც ემა იყო. ხელში მწვანე ჩანთა ეჭირა. იგი ვერტმფრენიდან ჩამოვიდა და იმავე გზით კაბინეტში დაბრუნდა. ჩანთა დადო, სააბაზანოში, რომელიც მის კაბინეტს ესაზღვრებოდა, ხელები დაიბანა და მდივანს დაურეკა, შემოვიდესო. ერიკი რომ შემოვიდა, ემა არც კი განძრეულა. _ გამარჯობა, _ თქვა კაცმა და მისკენ დაიძრა. ემამ შეამჩნია, უცნაურად რომ უყურებდა და მკაცრად მიმართა: _ გამარჯობა, ბატონო ერიკ... ხომ არ გვესადილა? _ და მაგიდისკენ ანიშნა. _ გმადლობ, არ მშია. _ უპასუხა გაბრაზებულმა. _ თუ ასეა, მარტო მივირთმევ, პრობლემა არ არის. _ თქვა ქალმა, ადგა, გვერდით ჩაუარა გამომძიებელს და მაგიდას მიუჯდა. ერიკმა თვალი გააყოლა. ახლა დააკვირდა, რომ ტანსაცმელი გამოეცვალა. დილით სხვა ეცვა, ახლა სხვა. გაუკვირდა, მაგრამ არ შეიმჩნია, ქალს უკან მიჰყვა და მაგიდასთან ცარიელი სკამი დაიკავა. ემა ჭამას შეუდგა. _ რა ხდება, რამ შეგაწუხა?! _ თან ილუკმებოდა, თან შეეკითხა. _ არც ისეთი მატყუარა ყოფილხარ, ზუსტად 2 საათში დაბრუნდი! _ ცინიკურად შენიშნა კაცმა. _ ზუსტად ვიცი, როცა შეხვედრაზე მივდივარ, რაზე უნდა ვილაპარაკო და რამდენ ხანს! _ და ისევ გააგრძელა ჭამა. _ 2 საათია აქ ხარ. ჭამე რამე, არ მოგწამლავ! `უკვე ბევრჯერ მოვიწამლე შენი კოცნით და სილითაც~. _ უნდოდა ეთქვა, მაგრამ შერცხვა და თვითონაც გადაიღო თეფშზე ცოტა საჭმელი. _ ტანსაცმელი სად გამოიცვალე?! _ აქ. რა იყო?! _ აქ სად გქონდა ტანსაცმელი?! _ გარდერობში მაქვს ცალკე, რაც შეხვედრების დროს დამჭირდება! _ ჩემს დას რომ იცნობ, იცი?! _ ვიცი. _ მიუგო და დაამატა, _ ჭამის დროს ლაპარაკი არ შეიძლება! _ ისეთი მკაცრი ტონით წარმოთქვა, რომ მიახვედრა, მაცალე ჭამა და მერე გააგრძელე შენი სისულელეებიო. ერიკიც გაჩუმდა და თავის თეფშს მიუბრუნდა. _ ფედერიკოს სეიფი გავაღეთ, იქ კი შენს სახელზე წერილი ვიპოვეთ, _ თქვა ერიკმა და ქალს წერილი გაუწოდა: `ემა, ეს თანხა შენია. 70 000 დოლარი~. წაიკითხა ემამ. ამ დროს ხველება აუტყდა. _ სახლის სეიფში იყო. კოდი _ `მკვლელობა შავი იებით~. გილოცავ! შურისძიებაც მორჩა და გამდიდრდი კიდევაც! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.