შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!


7-03-2023, 12:08
ავტორი ვე რა
ნანახია 2 803

გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!

ზაფხულის მიწურული იყო, სოფელში რომ ჩავაღწიე. ქალაქის გამომშრალი , მტვრიანი ჰაერის შემდეგ, დახვარტულს და გასავათებულს ისე მეამა სოფლის სიგრილე და სიხალვათე. ვერც კი გადმოვცემ.
რამდენიმე დღე ჰამაკში ვინებივრე. გარეთ ცხვირიც არ გამიყვია. წიგნს ავიღებდი, ჰამაკში ჩავჯდებოდი და კითხვის ნაცვლად ვთვლემდი. ზუსტად ისე, როგორც ჩვენი ნაბო _კატა. ზუსტად ჩემს წინ ჩაჯდებოდა სარწეველა სკამში და ლულავდა თვალებს, მზეზე მიფიცხებული.
ცოტა ხანს მაცადა ბებიაჩემმა კლავდიამ და ბოლოს მოთმინება ამოეწურა და თავზე დამაცხრა:

_ აღარ აპირებ გამოღვიძებას შენა? ვითომ ჩამახვედი, მარა თვალგახელილი კი არ მინახიხარ ჯერე! ასე გაგაზულუქა ქალაქმა? _ ცალი თვალი ზანტად გავახილე. თავს წამომდგარ ბებოს ავხედე.

_ რა იყო კლავდია? შენც რა ჩემი უფროსივით დამკივი? ბაბო არა ხარ? ერთი ცივი კამპოტი გამიხსენი, ფხლოვანა დამიცხვე. ვაშლი გამიპრიალე კალთაზე.
ეეეჰ! _ ამოვიოხრე და გვერდი ვიცვალე.
კლავდიამ ჰამაკი აკვანივით გამირწია და იქვე პატარა ჯორკოზე ჩამოჯდა.

_ იღლები შვილო?_ ჩამეკითხა, მზუნველად.

_ აჰააა!_ შევაცოდე თავი მე.

_ ძალიანა?

_ აჰააა!_ ავწუწუნდი ისევ.

_ მოგიკვდეს შენი ბაბოო!_ ხელი დაირტყა მუხლზე.

_ რათ არ ჩამახვალ უფრო ხშირადა? ფხლოვანასაც გამოგიცხობ და ქადასაც, შოთსაც და ხაჭაპურსაცა. ღვინოსაც დაგალევინებ და კამპოტსაცა, ატმისასაცა და მაყვლისასაცა, ქაა!_ გამეღიმა. მართლა ასე ქოთქოთა და ტკბილია ჩემი "ბაბო".

_ მოიცა ქა, რა გამახსენდა კამპოტზედა!_ შეეცვალა უცებ მზრუნველი ტონი.

_ ხვალა უბნის ქალები მიედინებიან ტყეში მაყვალზედა, ოთარას მიყამს იმ ბრიხინა მანქანითა. აბრძანდები ფეხზედა, წამაბრძანდები ტყეშიი!

_ კაი რაა.._ ამოვიკრუსუნე მე.

_ კაი არ უნდა მაგასა!_ გამაწყვეტინა კლავდიამ.

_ კამპოტი ხომ გიყვარს?_ გიყვარს! მაყვალი ხომ გიყვარს ?_ გიყვარს. მა აპა მოკრეფა არ უნდა გიყვარდეს?

წამოვჯექი. მივხვდი სხვა გზა არ მქონდა. ბავშვობის შემდეგ არ მევლო მაყვალზე.
მაშინ ბავშვი ვიყავი და მიხაროდა. ახლა კი ოცდაათს მიკაკუნებული და უბნისქალებში " ჩარჩენილად" გამოცხადებული ანა ვარ, უფრო სწორედ ანანია.
ხოდა სწორედაც რომ მეზარება ტყე_ღრეში ხეტიალი, ერთი მუჭა მაყვლის გამო. თან რა გაუძლებს ქალების დაცინვანარევ ხუმრობებს და სალამ_ ქალამს.

" არ თხოვდები თუ ვერ თხოვდები?"
" ვერავინ მოატყუე?"
" მოტყუებასაც რო შნო უნდა!"
"ეს აქეთ თუ ითხოვს ვინმეს!" და ასე შემდეგ.
მაგრამ სხვა გზა აშკარად არ მქონდა.

_ დილა გათენდა მზიანი, კოხტა და ნათელიანი...ვღიღინებ მე და უზარმაზარი, კლავდიას ნამზითვი გარდიროფის წინ თეთრ, ტყისთვის სრულიაც შეუფერებელ, სარაფანს ვიზომებ. ვითომ კი არ ვიცი, რომ ტყეში ამ კაბის ადგილი არ არის, მაგრამ სპეციალურად ვირჩევ.
იქნება მე თუ არა ეს სარაფანი მაინც დაინდონ ქალებმა ?!
სპეციალურად ყველაზე გვიან გამოვედი ეზოდან. გეგონება საკვირაო ბაზარში, ანდა სატირალში მივდიოდი სადმე, ისე ვიყავი მორთულ_ მოკაზმული.

_ ერიჰააა!_ აკაკანდნენ " ბრიხინას" ძარაზე ამძვრალი ქალები.

_ ტყეში მიდიხარ ანანია ტყეში!_ გადმომძახა ლუბამ და თავისი ჯანიანი ხელი მომაშველა. ეს ქალი მკლავჭიდში რომ ცდიდეს ბედს უეჭველი ქვეყანას ასახელებდა. გავიფიქრე გულში.

_ მოდი მოგვიჯექ და ქალაქს რა ხდება გვიამბე!_ გამჭოლი მზერით ამათვალიერა ელიკომ.

მორჩილად მივედი და მასსა და მარგოს შუა ჩავეკვეხე . ამოტრიალებული სათლი დამიდეს სკამად. მთელი გზა არც თავად გაჩუმდნენ და არც მე გამაჩუმეს. რაც ვიცოდი და არ ვიცოდი, რაც მართალი იყო თუ ტყუილი ერთიანად დამაფქვევინეს. ბევრი იცინეს და იხალისეს თან გულიანად დამამუშავეს. რა გაეწყობოდა?! ისე დამღალეს, ერთი სული მქონდა ტყისთვის შემეფარებინა თავი, რომ მათი ყაყანისგან ცოტა ხნით მაინც დამესვენა.
ტყის პირს ჩამოვედით. და მხიარულად შევეფინეთ მაყვლიან ბუჩქებს. მე თავიდან ვინაზებოდი, ვითომ კაბას ვუფრთხილდებოდი. რომ გავიგე როგორ უთხრა ნაზომ მარგოს ჩემს გასაგონად.

_ თუ ეს გაქალაქელებული, ჰალსტუხიანი პეპელა მომიგებს, გეფიცები ორთავ შვილებსა და კიდო ზედ იმათ მამასა, უნიფხვოდ ვივლი ორი კვირა!

_ მე რა გავიგო ქა, შენ გეცმევა თუ არა ნიფხავი? _ გაიოცა მარგომ.

_ შემიმოწმე ხოლმე საცა და როცა გინდოდეს!_ დამტკიცებულად უთხრა ნაზომ.

_ საცა და როცა?_ წარბი აწკიპა ეშმაკურად მარგომ.

_. დამირტი ხელი!_ ერთი სიტყვით სისხლი საფეთქლებში მომაწვა , ანა მარუაშვილი არ ვიყო თუ ეს ავყია დედაკაცი უნიფხვოდ არ ვატარომეთქი ! დავექადნე გულში და მაყვლის ბურდებს ვეცი.

კალათი მოზრდილი იყო, ნახევრამდეც არ ვვარაუდობდი მის გავსებას, მარა ეს წყეული აზარტი რომ შემომიჩნდა მეპატარავა კიდეც.
ისე გავერთე კრეფაში და დახუნძლული ბუჩქების ძებნაში, როგორ მიჩუმდა ქალების ხმები და ჩამოწვა სრული სიწყნარე ვერც კი შევამჩნიე. ჩიტების სტვენა მესმოდა და მეც ბედნიერად მივუყვებოდი გაბარდულ ვიწრო ბილიკებს. ბოლოს ბილიკებიც გაქრა. იცით რამ გამომაფხიზლა? სრულმა სიჩუმემ! უკვე აღარც ჩიტები გალობდნენ, არც სხვა რაიმე ხმა არღვევდა მყუდროებას. კალათს დავხედე პირთამდე ამევსო.
მიმოვიხედე, უკვე ჩრდილები წვებოდნენ ტყეში. წამით შემეშინდა , სწრაფად შევბრუნდი და საიდანაც მოვედი იმის საწინააღმდეგო მიმართულებით გავუდექი გზას. კარგა ხნის ბოდიალის შემდეგ ისევ იგივე ადგილს რომ დავუბრუნდი და თანაც უკვე მესამედ აი მაშინ კი დამცხა.

_ ყოჩაღ ანანია, დაკარგვაც კი მოახერხე!_ შევუწყერი ჩემს თავს. კალათი მიწაზე დავდე და დავფიქრდი. ვცადე გამეხსენებინა, რას შვებიან ადამიანები ასეთ სიტუაციაში. მობილური ამოვიღე, მაგრამ მიღების კვალიც კი არ გააჩნდა.
რამდენჯერმე მაინც ვცადე დარეკვა, " შენი დიდი ხათრი მაქვს, მაგრამ არაოოო!" მიპასუხა ტელეფონმა.

ჯერ კიდევ დღე იყო და არ მეშინოდა, მაგრამ ამ უღარან ტყეში მარტო დარჩენის პერსპექტივამ ცოტა არ იყოს გული ამიჩქარა. თანაც მოღეღილი სარაფნით. რაც უფრო ვცდილობდი გზის გაგნებას, უფრო ვიკარგებოდი. მაგრამ მაყვლიანი კალათის დატოვება თავში აზრადაც არ მომსვლია. რამდენჯერაც დავაპირე, იმდენჯერ ნაზოს ნიფხავი გამახსენდა და ვერ გავიმეტე.
ბოლოს იმედგადაწურული ხის ქვეშ დავჯექი და დავფიქრდი.

_ ახლა რას აპირებ ანანია?_ ვკითხე საკუთარ თავს და გაწითლებულ ცას ავხედე. მზე ჩადიოდა. მართალია ჩვენს დალოცვილ ტყეებში ლომი, ვეფხვი და პანტერა არ ცხოვრობს , მაგრამ სამაგიეროდ ბევრია დათვი, ტურა და მგელი. ავდექი და ხეს ავხედე. ძლიერი ვარჯი ჰქონდა და ვიცოდი აძრომა არ გამიჭირდებოდა. მაყვალს ვინ მომპარავდა? ამიტომ დავტოვე ხის ძირში, კაბა ავიკეცე და მარდად ავძვერი ხის ტანზე. მსხვილ ტოტზე გემრიელად მოვეწყვე და ამოვისუნთქე. იმაზე სწრაფად ჩამობნელდა ვიდრე მე ველოდი. მოულოდნელად სიბნელეში ტოტების ლაწალუწი რომ მომესმა ინტერესით ჩამოვიჭყიტე ქვემოთ. მოზრდილი მურა დათვი გამოძვრა ბუჩქებიდან. ჩემს კალათს მიუახლოვდა, შიგ ჩაიხედა და აშკარად სიამოვნებით დაიზმუვლა. კაცივით მიუჯდა კალათს, თითქოს სულ ასე ეჭამოს თავის დღე და მოსწრება. და ამოუსვა ორივე ტორი. სიმწრით მგონი გავმწვანდი კიდეც. ნაზოს ნიფხავი თვალსა და ხელს შუა მეცლებოდა ხელიდან. მაგრამ რადგანაც ჩვენი დათვები გრიზლები არ არიან და ხეებზეც მოხერხებულად დაძვრებიან, გონს მოვუხმე და ხმა არ ამომიღია. სულ არ მინდოდა დესერტად მე დავეყოლებინე ამ მსუნაგ ცხოველს. კალათა ძირამდე რომ დაიყვანა, ორივე თათი გაილოკა. ამოაბოყინა და გზას დინჯად გაუდგა. თავი უკან რამდენჯერმე მივარტყი ხეს გაცოფებულმა და თვალები დავხუჭე. ტყეში ვიყავი დაკარგული და ერთ კალათ მაყვალზე ვდარდობდი.

_ ეჰ ანანია!_ შევიბრალე საკუთარი თავი. სიცივე ვიგრძენი. ზაფხულის მიუხედავად მციოდა. ჩამეცვა წესივრად რა მინდოდა?

_ რაც მოგივა დავითაო, ქალბატონო ანა, ყველა შენი თავითაო!_ ისევ დავგესლე ჩემი თავი.
დრო ნელა მიიზლაზნებოდა, მეც თვალები დამეხუჭა და ძილ_ბურანში გადავეშვი დაღლილ_ დაქანცული. უცებ ძილშივე ვიგრძენი, როგორ გადავცურდი ტოტიდან, მივხვდი გადავვარდი, ერთი კი შევკივლე, მაგრამ მოჭიდება ვეღარ მოვასწარი. მტკივნეულად დავეხეთქე მიწას. წამით თვალი გავახილე და დავინახე როგორ დატრიალდა სამყარო. ამ გასაოცარ ტრიალში ციცინათელებივით აინთო ათასი ყვითელი თვალი. შეშინებაც ვერ მოვასწარი, ვიღაცამ ხელში ამიყვანა, თავბრუ მეხვეოდა და კონცენტრაციას ვერ ვახერხებდი. მაგრამ საოცარ სიმშვიდეს ვგრძნობდი. ინსტიქტურად მეც მოვხვიე ხელები. აღარ მეშინოდა, ჩემს გვერდით ხომ ადამიანი იყო და თვალები დავხუჭე.

თვალი რომ გავახილე ჩაბნელებულ ოთახში ვიყავი, უხეშ ლოგინზე დაფენილ ტყავებზე ვიწექი და თავი საშინლად მტკიოდა. წამოვჯექი. ოთახს სუსტად ანათებდა კუთხეში მინავლული ბუხარი.

_ ვაიმე დედა!_ ვთქვი და მტკივან შუბლზე ხელი მოვივლე.
ოთახის თვალიერება არ შემიწყვიტავს. თუ ეთქმოდა ამას ოთახი. უფრო გამოქვაბულს ჰგავდა. კუთხეში უზარმაზარი ძაღლის ქანდაკებას მოვკარი თვალი. მეტი მოსართავი არც არაფერი იდგა იმ ოთახში. მოულოდნელად ქანდაკებამ ოქროსფრად მოელვარე თვალები რომ გაახილა, მაშინვე გავიაზრე, რომ არც ქანდაკება იყო და მით უფრო არც ძაღლის. შიშისგან შევკივლე და კედელს ავეკარი. არც მეტი არც ნაკლები მგელი იჯდა ჩემს წინ, მაგრამ საოცრად დიდი ზომისა. ზოოპარკში გამომწყვდეულ საცოდავ აჩრდილს კი არ ჰგავდა.

_ ნუ გეშინია!_ მომესმა ოთახის სიღრმიდან, ბოხი, ხრინწგარეული ხმა._ არაფერს გავნებს!

_ მმმგელლი?_ თითი საცოდავად გავუშვირე მშვიდად მჯდარი ცხოველისკენ და ხმის პატრონისკენ შევბრუნდი.

_ გოდო, აშინებ სტუმარს!_ ისეთი ხმა ჰქონდა, არ ვიცი, მორჩილებას მოითხოვდა თითქოს. სწორედ ასე უნდა ესაუბრათ ალბათ მეფეებს. მგელი მორჩილად ადგა და ოთახი დატოვა.

_ რაა? ის თქვენ გემორჩილებათ?თქვენ მისი პატრონი ხართ?_ გულწრფელად გამიკვირდა.

_ პატრონი?_ ჩაეცინა ხმას_ ასევ შეიძლება ითქვას!

_ ვერ გხედავთ, _ ვუთხარი რათა მიმხვდარიყო და სინათლეზე გამოსულიყო._ მე ანა ვარ, თქვენ მე გადამარჩინეთ. მადლობა მინდა გითხრათ!_ ვუთხარი ფეხები საწოლიდან ჩამოვიღე და ბარბაცით ავდექი. თავი საშინლად მიბრუოდა. შემდეგ ხელი გავუწოდე მისალმებისა და მადლიერების ნიშნად.
ცოტა ხანს უხმოდ მიყურა. შემდეგ კედელთან მდგარი მოზრდილი სკამიდან წამოიმართა უზარმაზარი ჩრდილი. გეფიცებით არ მომჩვენებია, მასაც იმ მგელივით უელავდა ველური თვალები.
ნელა მომიახლოვდა და ჩემს წინ მთასავით აღიმართა. სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ქვემოდან ავხედე. ფეხის წვერებზე თუ ავიწეოდი, მხოლოდ მხრებამდე მივწვდებოდი ალბათ. მკაცრი სახე ჰქონდა, მაგრამ რომ არა ეს სიმკაცრე, საოცრად მიმზიდველიც კი ეთქმოდა. გრძელი აბურდული თმა და სრულიად უწვერო სახე. ძლიერი ფართე მკერდი და დაკუნთული იარებით დაფარული სხეული. მხრებზე რომელიღაც ცხოველის ტყავი მოეგდო დაუდევრად. დაძარღვულ მკლავებზეც ძველი იარები მოუჩანდა.. გრძელი ლამაზი ძლიერი თითები. ისე ინტერესით ვათვალიერებდი, როგორც ხელოვნების ნიმუშს მუზეუმში. რატომღაც მისი არ მეშინოდა, უფრო მაოცებდა. ის ნამდვილი სრულყოფილება იყო!

_ ვინ ხარ?_ ვკითხე გაუბედავად. არაფერი უპასუხია. მხოლოდ მიყურებდა.

_ მგლები, ბატონი, ტყე,_ ფაზლის ყველა ნაწილი ჩემს გონებაში თავის ადგილს იკავებდა_ შეუძლებელია! დაუჯერებელია! ნუთუ ეს მართალია?

შევხედე და თითქოს უხაროდა, რომ მის ვინაობას ვხვდებოდი და მაინც არ მეშინოდა.

_ მამბერ!_ ვუთხარი უკვე ხმამაღლა._ მგელთა ბატონი, მამბერი!_ ბავშვობიდან მიყვარდა მითოლოგია. უამრავი რამ წამეკითხა ტყის არსებებზე. დალებზე, ოჩოკოჩებზე, კოპალასა თუ სხვა ღვთისშვილებზე, დევებზე და ყველაზე მეტი მამბერზე. აი რატომ მეცნო დანახვის წამიდან. მე ხომ მასზე მთელი ბავშვობა შეყვარებული ვიყავი. ზუსტად ისეთი იყო, როგორიც წარმომედგინა. არა, ვტყუი! ბევრად უფრო მშვენიერი იყო. ჩემდაუნებურად ხელი ავწიე და ლოყაზე შევეხე. თითქოს ვამოწმებდი რამდენად რეალური იყო. წამით ვიფიქრე, რომ მესიზმრებოდა, ანდა სულაც ტვინის შერყევის გამო მეჩვენებოდა. სახეზე ფრთხილად მოვეფერე.
წამით თვალები დახუჭა. მერე მაჯაში ხელი მომკიდა და ჩემი ხელი მის უზარმაზარ ტორში გაუჩინარდა.
არ ვიცი განცდილი ამბის გამო, თუ იმის გამო, რომ თავი ძლიერად დავარტყი. თავბრუ მეხვეოდა, უცნაურ ეიფორიას ვგრძნობდი. შევბარბაცდი და მუხლები მომეკვეთა.
წამში მომხვია წელზე ხელი და გულში ჩამიკრა. მთელ სხეულში ნაპერწკლებმა დამიარეს საოცარ ჟრუანტელად.

_ თუ ეს სიზმარია, არ მინდა გაღვიძება!_ ვუთხარი ჩურჩულით. ვუყურებდი მის საოცარ თვალებს და მათში უსაზღვრო თავისუფლებას ვხედავდი. მინდოდა ჩემთან დარჩენილიყო, მიუხედავად იმისა, ვინც იყო და რასაც წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ყველაფერი არარეალური და წარმოუდგენელი ჩანდა. ფეხის წვერებზე ავიწიე, მსურდა მეკოცნა, მაგრამ ვერ შევწვდი. გაეღიმა.

_ ეტყობა თავი მართლა ძალიან დაგირტყამს! _ მითხრა დამცინავად და საწოლისკენ წამიყვანა. რაღაც საოცარის მოლოდინში მას მივენდე. საწოლზე დამსვა. და მზრუნველად გადამისვა თმაზე ხელი.

_ დაისვენე!_ მითხრა თბილად. ჩემს თვალებში იმედგაცრუება რომ დაინახა ისევ გაეღიმა.

_ არ წახვიდე!_ ვთხოვე ნაწყენმა. მთელი ჩემი სითამამე მოვიკრიბე ხელები კისერზე მოვხვიე და ტუჩებში ვაკოცე. ჩემი მოშორება არც უფიქრია. თავადაც მაკოცა, ძლიერად , მომთხოვნად , მბრძანებლურად. ხელები მომხვია და გულში ჩამიკრა.

_ დაიძინე !_ მიბრძანა, როცა წამით მოვწყდი მის კოცნას. არ ვიცი რა ძალამ იმოქმედა ჩემზე, მაგრამ მის ბრძანებას დავემორჩილე თითქოს. თვალები თავისით დამეხუჭა. ბოლო რაც ვიგრძენი მისი მზრუნველი ხელები იყო საწოლზე რომ მაწვენდა ფრთხილად.

სანამ თვალს გავახელდი, პირველმა გონებამ გამოიღვიძა. ყველაფერი დეტალებში მახსოვდა. გიჟივით წამოვხტი ფეხზე. უკვე კარგად გათენებულიყო. ტყის პირას ვიჯექი. გვერდით პირთამდე მსხვილი მაყვლით სავსე კალათი მედგა. ტყეში ჩიტები გალობდნენ.

_ ნუთუ დამესიზმრა? ნუთუ მომელანდა?_ გავიფიქრე სიმწრით.

_ მამბერ!_ დავუძახე გაბრაზებულმა.

_ მამბერ ეს არ გააკეთო! მამბერ!_ რა თქმა უნდა, არავინ გამომპასუხებია.
მხოლოდ შორიდან მომავალ " ბრიხინას" მოვკარი თვალი.

როგორც მომიყვნენ მთელი ტყე გადააქოთეს, მეძებეს და ჩემს კვალსაც ვერ მიაგნეს. მეკითხებოდნენ ტყისპირისკენ გზა როგორ გამოვიგენი. მე არაფერი მახსოვდა და რა უნდა მეპასუხა? სანაძლეო მოვიგე. ყველა გაოცდა იმ საოცარი ლამის ალუჩის სიმსხო მაყვლით, სად იპოვნეო დაეჭვებულები კითხულობდნენ. მარგოს მეთვალყურეობით ნაზოს მართლაც მოუწია უნიფხვოდ სიარული. რაღაც მანქანებით ეს ამბავი მთელმა სოფელმა იცოდა და მისი ჩავლისას დიდი და პატარა მხიარულად იცინოდა. ყველა, ჩემ გარდა.
არ მინდოდა დამეჯერებინა, რომ მხოლოდ სიზმარი იყო! მოყოლითაც ხომ ვერავის მოვუყვებოდი!
დიდხანს ვითრიე ფეხი, დიდხანს ველოდე. რატომღაც მეგონა მომაკითხავდა. ბოლოს იმედი გადავიწყვიტე და თბილისში დავბრუნდი.
ახლაც, დაღლილი დღის შემდეგ სახლში მიმავალს, მეჩვენება რომ ვიღაც მომყვება, ღამით უეცრად გაღვიძებულს, მგონია რომ ოყახში მარტო არ ვარ. ხანდახან ბრბოში მის მკაცრ სახეს მოვკრავ თვალს, მაგრამ ეს ყველაფერი მხოლოდ ჩემი წარმოსახვაა და მეტი არაფერი! ყველგან მას ვეძებ და ვხვდები, რომ ჩემი წარმოსახვითი, სიზმრისეული და მითოლოგიური პერსონაჟი შემიყვარდა. ხანდახან ვბრაზობ, რა ჯანდაბა მინდოდა იმ ოხერ ტყეში? დრო კი გადის....

აი უკვე წელიც მიილია. და მე, როგორც ყოველთვის, კლავდიას მივაშურე. ჰამაკში ჩავჯექი. ერთი ჭიქა ცივი მაყვლის წვენი მოვიდგი გვერდით და ჩვეულ ოცნებაში ჩავიძირე...

_ ადე ბაბო გენაცვალოს, წადი საწოლში დაწექი, ნიავმა არ დაგკრას._ ფრთხილად გამაღვიძა კლავდიამ. დაღამებულიყო. ავდექი და ოთახში ავედი. აივანი რომ გავიარე, თვალში უცხოდ მომხვდა განიერ მოაჯირზე დადებული მოზრდილი ფოთოლი და მასზე მსხვილი, საოცრად მსხვილი ერთი მუჭა მაყვალი. გავშერდი, გამეღიმა, ბედნიერებამ ამავსო.

_ მამბერ!_ ჩავიჩურჩულე ხმადაბლა. დაძახება არ იყო აუცილებელი. მაინც ხომ არ გამაგონებდა. მაგრამ ვიცოდი, რომ მას ესმოდა.

_ მომენატრე!_ ისევ ქარს გავატანე მასთან ჩურჩული. ვიცოდი არ მოვიდოდა. მაგრამ რას ნიშნავდა მისი საჩუქარი? არ ვიცი...

ალბათ ოდესმე.....

ვე რა



№1 სტუმარი სტუმარი ნანა

წინა ისტორიას აღარ აგრძელეებთ

 


№2  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნანა
წინა ისტორიას აღარ აგრძელეებთ

კი როგორ არა. მაგრამ სანამ გავაგრძელებდე რაც მაქ იმას ცდებ

 


№3 სტუმარი Ana-maria

ძალიან მომეწონა. იმდენი მაქვს არ დასრულებულა
ძალიან საინტერესოა

 


№4 სტუმარი სტუმარი თეო

სასიამოვნო წასაკითხია ,ველოდები ერთი სული მაქ როდის დადებ"ზღაპრბი ძილსი წინ"????????❤️ წარმატებებს გისურვებთ ❤️

 


№5 სტუმარი ვინმე

ძალიან ძალიან მომეწონა! ქართულ მითოლოგიაზე შეყვარებული ვარ და ასეთი ჩვენებური ისტორიების კითხვა ძალიან მიხარია????

 


№6  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ვინმე
ძალიან ძალიან მომეწონა! ქართულ მითოლოგიაზე შეყვარებული ვარ და ასეთი ჩვენებური ისტორიების კითხვა ძალიან მიხარია????

კიი მეც მიყვარს ჩვენი მითოლოგია, რა ვამპირები და მაქციები, როცა გვყავს მამბერი,

 


№7 სტუმარი ქეთინო ჭ.

კარგი იყო....ველოდები ახალ ისტორიებს.შევეჩვიე თქვენს ნაწერებს...

 


№8  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ქეთინო ჭ.
კარგი იყო....ველოდები ახალ ისტორიებს.შევეჩვიე თქვენს ნაწერებს...

მადლობა ძალიან მინდა დავდო, მაგრამ ველიდები როდის დავამთავრებ. მინდა მთლიანად იყოს.

 


№9 სტუმარი სტუმარი lika

იქნებ ეს ჩანახატი ისტორიად აქციოთ. მერამდენედ ვკითხულობ ნეტავ იცოდეთ.

 


№10  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი lika
იქნებ ეს ჩანახატი ისტორიად აქციოთ. მერამდენედ ვკითხულობ ნეტავ იცოდეთ.

არ ვიცი მეც ვფიქრობ ამაზე, მაგრამ როგორ მოვათვინიერო ეს მგელკაცი ვერ ვხვდები

 


№11 სტუმარი სტუმარი lika

ასეთი ისტორიის დამწერს, ჩანახატის ისტორიად ქცევაც შეუძლია. იფიქრე ამმაზე, ამ ამბავს ძალიან დიდი გაგრძელება შეიძლე ჰქონდეს და სასწაული დასასრულიც.

 


№12  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი lika
ასეთი ისტორიის დამწერს, ჩანახატის ისტორიად ქცევაც შეუძლია. იფიქრე ამმაზე, ამ ამბავს ძალიან დიდი გაგრძელება შეიძლე ჰქონდეს და სასწაული დასასრულიც.

ფიქრით ვფიქრობ მაგრამ გულს ვერ ვუდებ ჯერჯერობით. მადლობა.

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent