ნიტე (თავი 2)
*** 24.03.2023 პარასკევი 07:23 “დღეები მიდიან… იქ, სადღაც - უფსკრულში! უფსკრულში, რომელიც წარსულად ითვლება… უშენოდ… დღეები სულ იკარგებიან, ცხოვრება უშენოდ… აზრს კარგავს სრულიად! სიგიჟე არ მყოფნის უშენოდ დარჩენილს, უფეროს… უსულოს, სრულიად სახეცვლილს, შეხებებს ვლამობ და შენს კოცნებს შევნატრი… შენ გნატრობ, ძვირფასო, შენს ღიმილს ვესწრაფვი! კადრები იცვლება, შენ მუდამ აქ რჩები. ჩემს ფიქრებს არ ტოვებ, იქ ცხოვრობ მუდმივად. დღეები მიდიან… მე სიზმრებს გავყვები, შენს სიახლოვეზე ისინი იტყვიან. მიყვარხარ უზომოდ! მე - მთელი არსებით! უსიტყვოდ... თვალებით... ღიმილით მიყვარხარ! მიყვარხარ უძიროდ! სულს გიძღვნი უფიქროდ! მიყვარხარ, მიყვარხარ! მიყვარხარ… უსიტყვოდ!” … დღიურს კითხულობდა… კითხულობდა და თან ტიროდა, ასე დაიწყო მათი შეხვედრის შემდეგ პირველი დილა, ასე გაგრძელდა მთელი ზამთარი, გაზაფხულიც დადგა, მაგრამ ნიტე არ გაზაფხულობდა. ცოტა ხანს უძრავად იჯდა საწოლზე, შემდეგ კვლავ მოიცვა წერის სურვილმა და ამ სურვილმა მასზე გაიმარჯვა. 08:35 “გაზაფხულის ცივმა სითბომ და მარტის ჭირვეულმა დილამ ტკბილ მოგონებებში გადამაგდო, უმოწყალოდ გამიშვა ხელი აწმყომ და წარსულზე ფიქრმა თავბრუ დამახვია. ჩვეულებრივი დილა გათენდა, ჩვეულებრივ, ტლანქად მოძრაობდა დედამიწა, რომელიც სინამდვილეში უდიდესი ძალისხმევით ცდილობდა იმ მნიშვნელოვანი დროის გაყვანას, რომელზეც ყველა ასე ჩაციკლვით ვღელავდით, რა სწრაფად ან როგორ გაწელილად გადისო... ფიქრისას, მაშინაც კი როცა დროის სწრაფ სვლაზე ფიქრობ, ვერ იაზრებ რამდენად სწრაფად ხდება ყველაფერი. ვფიქრობდი შეცდომებზე, რომლებმაც ტკბილ მოგონებად აქცია იმჟამინდელი საოცარი აწმყო და აქ მომიყვანა... აქ, ამ აწმყოში... ყველაფრის თავიდან დასაწყებად.” დღიურში წერის გაგრძელება მისმა მონატრებამ აიძულა, ძველი ნაწერების კითხვა მასზე ბრაზმა. უნდოდა სტკენოდა, ისე სტკენოდა, რომ საკუთარი თავისთვის უფლება აღარ მიეცა ის ახლოს მოეშვა. უკვე მერამდენედ დადო პირობა, რომ არ დანებდებოდა მის უძირო თვალებს, არ დაეყრდნობოდა მის ძლიერ ხელებს და არ შეიგრძნობდა მის სურნელს ახლოდან… მერამდენე პირობას არღვევდა, მერამდენედ ჩაიკლა სიყვარული გულში… მაგრამ ახლა, ეს სულ სხვა იყო. სულ სხვა ტკივილი, რომელიც 4 თვის მანძილზე ვერ მოიშორა… ისევ ისე სტკიოდა, ისევ ისე უკიოდა სული და ახლა, ნიტე არ დაუშვებდა, რომ რაც მისგან დატოვა ბედმა, ის თავადვე გაეთელა საკუთარი ხელით… რატომ? პასუხი თავადაც იცით - კახუჩელა, მისი ბოლო იმედი. სამსახურში წასვლა ესიკვდილებოდა, მაგრამ სხვა გზა არ იყო. აბაზანიდან ნაჩქარევად გამოვიდა, ფორმა სახლშივე ჩაიცვა და ავტობუსის გაჩერებისკენ გაემართა. ხალხი სწრაფი ნაბიჯებით მიდი-მოდიოდა. ყველას სადღაც მიეჩქარებოდა, ზოგს სამსახურისკენ, ზოგსაც ბაღსა თუ სკოლაში. გაყინული სახეები, დაღლილი და უიმედო მზერები. თითქოს ყველას ჰქონდა გულში ჩამალული ლამაზი სურვილები, გულწრფელობა და ფერადი ფიქრები, მაგრამ ამაოდ გატარებულმა ცხოვრებამ ყველას დაატყო წარუშლელი კვალი. უჭირდათ ადამიანებს ერთმანეთში სინათლის სხივის შემჩნევა, არაფერი იყო ხელჩასაჭიდი, რომ ვინმეს ეფიქრა, ჯერ კიდევ არის დრო გამოსავლის ძიებისთვისა და ბედნიერების პოვნისთვისო. ზამთრის მიერ დატოვებულ ნაცრისფერ გარემოს ერწყმოდა ადამიანთა აურა და ნაცრისფერდებოდნენ მათი სულებიც. ნელ-ნელა უფროდაუფრო ღრმად იფლებოდა ლამაზი სურვილები, სადღაც ქრებოდა გულწრფელობა და მუქდებოდნენ ფიქრები. მაგრამ მაინც, ყველა სადღაც მიიჩქაროდა, ყველა რაღაცისკენ გარბოდა და მაინც, მათ ეს რაღაც უფრო მნიშვნელოვანი ეგონათ, ვიდრე გამოსავალი, ვიდრე მთავარი - ბედნიერება. ავტობუსში ავიდა და თავისუფალი ადგილი დაიკავა, “აი დღის პირველი მიღწევა - ავტობუსში საკუთარი ადგილი მაქვს.” გაიფიქრა და თავისსავე ფიქრებზე გაეცინა. “ჩვენი ურთიერთობა მზერაა. სულების დიალოგია. ყველაზე ხმაურიანი სიჩუმეა. ყველა ფიქრის ამოცნობაა ჩვენთვის ყველაზე სასურველ მზერაში. ჩვენი ურთიერთობა შეხებაა. ჩვენი სიტყვების ნაცვლად შეხებები, ჩვენი ფიქრების განცდა შეგრძნებებით. შეხება გრძნობის... ჩემი და შენი, ჩვენი გრძნობის. ჩვენი ურთიერთობა ერთი უდიდესი, უღრმესი, მრავლისმთქმელი, დაუსრულებელი და ყველაზე საინტერესო საუბარია. ჩვენი ისტორია უამრავი ისტორიაა ერთად. უამრავი სიტყვა, უამრავი უთქმელი ფიქრი, უამრავი თქმული და უამრავი შეგრძნებით მოყოლილი გრნობა. ჩვენი ურთიერთობა ჩვენ ვართ, ჩვენი ამბავი, რომელიც ჩვენზე ჩვენით ყვება და ჩვენ გვაქცევს ჩვენად. ჩვენი ურთიერთობა ჩვენი სულების ერთობაა. ჩვენი სხეულების ერთ სულად გაერთიანება. ჩვენი პიროვნებების, ჩემის და შენის - ჩვენად ყოფნა.” … 09:50 ავტობუსი გაჩერდა, მძღოლის შეკითხვამ “აქ არ ჩამოდიან?” ნიტეს შეახსენა, რომ დღიურს მოშორებოდა, რადგან უკვე კაფესთან იყო. მისი სამუშაო დრო 10 წუთში იწყებოდა. ხომ არ დამაგვიანდა? - კაფეში შეირბინა და იქვე მდგარ საუკეთესო მეგობარს მხარში მუშტი უთავაზა. ეეე! რა დავაშავე? ჯერ არც მოგსალმებივარ! - გაეცინა დამიანეს. ხოდა, მაგის გამო მიიღე, ძმაო. - გაეკრიჭა ნიტე, იქვე მდგარი უფროსის შემჩნევისას სახე დაისერიოზულა. დაგასწრო მოსვლა… მერე, არ უნდა გამაფრთხილო?! - დაუბღვირა და კაფეში შემოსულ პირველ ორ სტუმარს მიესალმა. … 23:55 "რა არის პირობა? სიტყვა, რომლისაც მხოლოდ შენ გჯერა და სიტყვა, რომელსაც თავისმართლებისას იშველიებ. ჩემთვის ის პირობა, რომელიც შეცდომის დაშვებას მოსდევს ფუჭად დაკარგულია. ადამიანი პირობის დადებამდე წრფელი სურვილით ივსება, წარმოიდგენს მის მიერ წარმოთქმული სიტყვის სინამდვილეს და წინასწარი განწყობა ექმნება. სინანულისა და თავისმართლების შეგრძნება ასეთ გრძნობას აუფერულებს, ფასს უკარგავს. ნუთუ საჭიროა იმის თქმა, რომ პირობა უძვირფასესი და განსაკუთრებული სიტყვაა, ფიცი, რომლისაც წარმომთქმელსაც და მომსმენსაც თანაბრად სჯერა. ფიცი, რომელიც მომავალზე წამით შიშის გარეშე ჩაგაფიქრებს, რადგან ზუსტად იცი, რომ ეს აუცილებლად მოხდება. გჯერა, მასაც სჯერა და ასე ერთად, ძალიან მნიშვნელოვნად, განსაკუთრებულად, საოცარი ბმით კავშირდება ორი ადამიანის წარმოდგენა მომავალზე და ორივესთვის ერთს ნიშნავს პირობა... რა არის პირობა? სიტყვა, რომლისაც შენც გჯერა და მასაც სჯერა, რომელიც აუცილებლად სრულდება და იმედებს არასდროს გიცრუებს. ყველაფერი ამ დღეზე იყო დამოკიდებული, მიტოვებული ევანგელინა თავის ოცნებას - ჰყოლოდა ნამდვილი ოჯახი, ხელს ჩასჭიდებდა და აღარ გაუშვებდა, აღარასოდეს იგრძნობდა თავს უბედურად. … არ ვიცი, არ ვიცი რა გითხრა მედეა… - თავადაც შოკში იყო ალექსანდრე. Მე რა უნდა მითხრა?! ახლა ამაზე ფიქრობ? - ფორსმაჟორულ სიტუაციაში იყო, თუმცა საღ აზრს არ კარგავდა. განსაკუთრებული ნიჭით დაჯილდოვდა სამყაროსგან, ფიქრი ყოველთვის შეეძლო. უბრალოდ ფიქრი არა, სწორად ფიქრი… განსჯა, განსაზღვრა, გადაწყვეტა. ახლაც, მიუხედავად თავსდატეხილი გაუგებრობისა, მიუხედავად უამრავი პასუხგაუცემელი კითხვისა, პირველ რიგში, პატარა, უმწეო გოგონას მდგომარეობაზე ფიქრობდა. მგონი არ არის ჩემი შვილი, მგონი სისულელეა… - თავს ნერვიულად აქნევდა, სადაცაა გაგიჟდებოდა. ალექს! საკმარისია! გთხოვ, დამიჯერე… არ მომიტყუებიხარ, არც ვარ დარწმუნებული ამ ამბავში… - ალექსანდრე ცდილობდა აეხსნა სიტუაცია, მაგრამ უჭირდა, რადგან თავადაც არ ჰქონდა წარმოდგენა რა მოხდა მაშინ, შორეულ წარსულში, ან რა ხდებოდა ახლა, მის არეულ აწმყოში, არც ის იცოდა, რა მოხდებოდა ბურუსით მოცულ მომავალში. არ გინდა, ალექსანდრე. - მოკლედ მოუჭრა მედეამ. ჯანდაბა! გავგიჟდები! სანამ შენ გიჟდები, სასტუმრო ოთახში მომაკვდავ მოხუცთან ერთად შენი მცირეწლოვანი შვილი გელოდება! წარმოუდგენია, რომ ეძებდი, ელოდი… უნდა, რომ გულში ჩაიკრა! შენი შვილია, ხვდები?! ამაზე იფიქრე?! თუ დიდხანს აპირებ ბოლთის ცემას და “გაგიჟებას”?! - მშვიდად საუბრობდა ქალი, გასაკვირად მშვიდად და მისი ყოველი სიტყვა უფრო დიდი ძალით ანარცხებდა ძირს ალექსანდრეს. … ოთახში პატარა ევა დიდი მოლოდინით ელოდა უცნობ, მაგრამ ალბათ მილიონჯერ წარმოდგენილ მამიკოს. უხაროდა, მაგრამ თან მღელვარებას მოეცვა მისი პატარა ოცნებებით სავსე გული. ათასგვარი სიუჟეტი ჰქონდა წარმოდგენილი მის მიუწვდომელ გონებას, როგორ შეხვდებოდნენ ის და მამიკო ერთმანეთს, როგორ შეუქებდა მოხდენილ კაბას, როგორ აჩუქებდა პატარა თოჯინას, რომელსაც თურმე დიდი ხანია ინახავდა მისთვის. რეალობა სხვაგვარი იყო, ის უბრალოდ იდგა ოთახის შუაგულში, ცალი ხელით ნერვიულად ქაჩავდა მარჯვენა ნაწნავს, ცალით კი ბებიის ხელი ჩაებღუჯა. პატარა გოგონას დიდი მოლოდინი… მედეამ ძალა მოიკრიბა, მეუღლისადმი მიმართული რისხვა თავისსავე სხეულში ჩაიხშო, მაქსიმალურად დაიმშვიდა თავი და ალექსანდრე, რომელიც ისევ ბოლთას სცემდა, მარტო დატოვა. ოთახში შესვლისას შეჩერდა, ჩუმად, შორიდან დააკვირდა ევანგელინას, “რა ლამაზია” გაიფიქრა და უეცრად მოერია ბრაზი. “მაგრამ ალექსანდრეს არ ჰგავს!” აგიჟებდა იმაზე ფიქრი, რომ უცნობი ქალი, რომელმაც მოახერხა მათ შორის ჩამდგარიყო, მიუხედავად მათ ცხოვრებაში არარსებობისა, ლამაზი იყო. თავი გააქნია, რათა ეს საზიზღარი ფიქრები გაექარწ....ბინა, ღრმად ჩაისუნთქა და ოთახში შეაბიჯა. მაპატიეთ, ალექსი… ის… ის ახლავე მოვა. - უკვე შებრუნებას აპირებდა, რადგან ვერ მოუყარა სათქმელს თავი, თუმცა ევანგელინას ხმამ ერთ ადგილას გააშეშა ქალი. უკაცრავად, თქვენ დედაჩემი ხართ? - წკრიალა, ნაზი ხმით დასვა ეს გულწრფელი შეკითხვა ევამ, თან ფრთხილად შეეჭმუხნა წარბები და სევდანარევი სახით შეჰყურებდა ბებიას, რომელმაც წამის წინ ხელზე მოუჭირით აიძულა გაჩუმებულიყო. ეველინა! - ჩახლეჩილი ხმით დაიხავლა მოხუცმა, შემდეგ დაახველა და ხმის ამოღება, რომ ვეღარ შეძლო, ხელით ანიშნა მედეას, რომ წყალი მიეწოდებინა. აი, ინებეთ, ქალბატონო… - სახელი არ იცოდა. მარია… - წყლის დალევის შემდეგ, ძლივს ამოისუნთქა ქალმა და სახელიც გაუმხილა მის წინ მდგომს. 8 წელი ინახავდა თავისი ცხოვრების უდიდეს საიდუმლოს, მალავდა შვილიშვილს და მის სრულწლოვნობამდე ასეც აპირებდა, რომ არა უეცრად აღმოჩენილი ფილტვის სიმსივნე. მალევე შეეგუა ფაქტს, რომ სიკვდილი უახლოვდებოდა თავისი სრული საშინელებით, წაართმევდა დარჩენილ რამდენიმე წელიწადსაც. გაიაზრა, რომ ცხოვრების ამაოება წინ აღუდგა საკუთარ თავთან დადებულ პირობას. გულს ტკენდა რეალობა, დარდი თან გაჰყვებოდა მოხუცს, ვერ გააკეთა ისე, როგორც მას სურდა. ვერ მოამზადა შვილიშვილი მამასთან შესახვედრად, ვერ უზრუნველყო მისი მომავალი. ახლაც ვერ ეგუებოდა წარსულში მომხდარს. შემთხვევით აღმოაჩინა, რომ მისი გოგონა შვილს ელოდებოდა, საშინელი რეაქცია ჰქონდა, მაშინვე გადაწყვიტა, რომ ეს ბავშვი არ უნდა დაბადებულიყო. ევანგელინას დედას სხვა გზა არ დაუტოვა, ის გაიქცა და მხოლოდ მაშინ დაბრუნდა, როცა ბავშვი დაიბადა… ევა 1 წლისაც არ იყო, დედამ მიატოვა და მას შემდეგ არ გამოჩენილა. შვილიშვილს ჯერ ისევ ვერ ეგუებოდა მარია, 1 წელი იყოყმანა, ფიქრობდა, რომ გაეშვილებინა, მაგრამ ვერ შეძლო… ამ პატარა არსებამ მთლიანად მოიცვა მისი შინაგანი სამყარო, ისე შეაყვარა თავი ახლაც ვერ გაეგო ქალს, ეს როგორ მოახერხა… რა თქმა უნდა, საკუთარ თავს ადანაშაულებდა, სწორი რეაქცია რომ ჰქონოდა იქნებ ყველაფერი ასე არ ყოფილიყო… ასე დამსაჯა უფალმაო, გაიფიქრა, როცა სიმსივნის შესახებ გაიგო. ევა მალე სკოლაში უნდა წასულიყო, დედაზე კვლავ არაფერი ისმოდა. ავდმყოფობის ამბავი, რომ შეიტყო უმალ გადაწყვიტა გოგონას მამასთან წაყვანა. დაიწყო ძიება, ბევრი არც უწვალია, როგორც ჩანს ევანგელინას დედამ იმ დროისთვის, როცა ევა მამის ნახვას გადაწყვეტდა მთავარი ინფორმაცია თავის მეგობართან დატოვა, რათა შვილს მამის პოვნა არ გასჭირვებოდა. სწორედ ამ მეგობარმა გადასცა წერილი მარიას და ასე შეძლო მან ალექსანდრესთან მოხვედრა. ჯერ ვერ იაზრებდა, რომ ეველინას, თავის უსაყვარლს გოგონას აქ ტოვებდა, ბოლოჯერ ხედავდა მის ზღვისფერ თვალებს და სიყვარულით სავსე ღიმილს. საშინლად დაძაბული იდგა უცხო ადამიანების სახლში და გულში ლანძღავდა საკუთარ თავს, როგორ ვერ მოერია თავს, როგორ ვერ მიიღო საკუთარი შვილი, რომელმაც შეცდომა დაუშვა და სრულიად მარტო დარჩა… როგორ მიიყვანა იმ მდგომარეობამდე, რომ გაქცეულიყო. ის საკუთარ თავს ადანაშაულებდა იმაშიც, რომ ევანგელინა დედის გარეშე დარჩა. მისი შვილი იყო, მან ვერ აღზარდა, ამიტომ დაუშვა შეცდომაზე შეცდომა და გაანადგურა მის გარშემო ყველაფერი. ოთახში სამარისებური სიჩუმე იყო, ევანგელინა აქეთ-იქით აცეცებდა თვალებს, ხან ბებიას უყურებდა, ხანაც უცნობ ქალს, რომლის გრძელ თმას დანახვისთანავე მოეგო მისი პაწაწინა გული და ახლაც დაჟინებით აკვირდებოდა მის სიგრძეს, თან ცდილობდა შეუმჩნევლად გაეზომა საკუთარი ნაწნავი, რომელიც მხართან ძლივს სწვდებოდა. მარიას კვლავ უხუთავდა სულს შვილიშვილის მომავალზე ფიქრი, ერთ ადგილს მიშტერებოდა და ოთახში დაძაბულობისგან გასქელებულ ჰაერს ძლივს სუნთქავდა. მედეა, რამე შესთავაზე სტუმრებს… - უხერხული სიჩუმე დაარღვია ოთახში ახლახანს შემოსულმა ალექსანდრემ, თვალს ვერ უსწორებდა ოთახში მყოფ ადამიანებს, ხან მედეას შეხედა, ხანაც მოხუც ქალბატონს, რომელმაც 8 წლის შვილი მოუყვანა სახლში. ევანგელინასკენ გახედვასაც ვერ ბედავდა. გული თითო ძგერას ტოვებდა, საშინლად სტკიოდა თავი მამაკაცს. მართალი ხარ, როგორ ვერ მოვიფიქრე… - სახეზე ჩამოყრილი თმა გაისწორა მედეამ და სამზარეულოში გავიდა. ევა დაჟინებით უყურებდა მისგან მოშორებით მდგარ, მაღალ, წვერიან მამაკაცს… იღიმოდა და ერთი სული ჰქონდა როდის ჩაჰკიდება ხელს მას, როდის დაუძახებდა მამიკოს, როდის მოისმენდა მისგან ძილისპირულ ზღაპრებს… მრავალი ოცნება ტრიალებდა ახლა მის გონებაში. თითქოს რაღაც ძალამ უბიძგაო, მომენტალურად გაუშვა ხელი ბებიას და ალექსანდრეს ფეხებზე მოეხვია. გახევდა მამაკაცი, გაშრა… სული გაეყინა. მალევე შეცვალა ეს გრძნობები საპირისპირომ. სითბო ჩაეღვარა გულში, ყელში სინანულის გრძნობა მოაწვა, თავს ძალას ატანდა, რომ ხელში არ აეტაცებინა პატარა გოგონა, ძალიან დიდი ენერგია იგრძნო მისგან. მამიკო… - კივილად ჩაესმა ეს ხმა ოთახში დაბრუნებულ მედეას, თავბრუ დაეხვა, ძლივს მოახერხა ლანგარი ხელიდან არ გავარდნოდა. ეველინა! მოდი ჩემთან… - შოკში იყო მარიაც, მედეასაც შეატყო დაძაბულობა და სცადა სიტუაცია განემუხტა. არ მინდა რა, შენთან ხომ ვიყავი უკვე… თანაც… ბევრი დღით! - სცადა დაეთვალა რამდენი დღე ელოდა მამასთან შეხვედრას, მაგრამ მიხვდა, ვერ შეძლებდა. ეველინა, რა ლამაზი სახელია… - მედეა ალექსანდრეს გაფითრებულ სახეს, რომ დააკვირდა, მიხვდა როგორმე უნდა გადაეტანა პატარა გოგონას ყურადღება და მასთან საუბარი წამოიწყო. ევამ ხელები მოაშორა მამაკაცს. მადლობა, თქვე..ნც ლამა…ზი სახელი გაქვთ… - ენის ბორძიკით უთხრა ევამ, ასლოკინებდა… ნერვიულობდა მედეასთან საუბრისას. დიდი მადლობა, საყვარელო. - ცხვირზე წაეთამაშა ჯერ ისევ ალექსანდრეს ფეხებთან მდგარს. ზღაპრები იცი? - მიუბრუნდა ევა ალექსანდრეს და დაჟინებით დააკვირდა შუბლშეჭმუხნული. მედეას ჩაეცინა, ალექსანდრე კი უარესად დაიბნა. შენც გიყვარს ზღაპირები ეველინა? ალექსანდრემ ბევრი ზღაპარი იცის, მეც ბევრს მიყვებოდა… ზედმეტად ბევრსაც კი. - ამრეზით გახედა თავისი ცხოვრების პირველ, ერთადერთ სიყვარულს და ირონიული ღიმილი აიკრა სახეზე. უჭირდა ქალს ამ ყველაფერთან გამკლავება, არასოდეს წარმოედგინა ამ მდგომარეობაში თუ აღმოჩნდებოდა. მედეამ ევანგელინა აივანზე გაიყვანა, სთხოვა საუკეთესო ყვავილის შერჩევაში დამეხმარეო და გოგონაც დიდი ხალისით გაჰყვა მას. მარიამ და ალექსანდრემ მხოლოდ ახლაღა შეძლეს საუბარი. ალექსანდრე თავს ვერ უყრიდა აზრებს, არ იცოდა რა ეკითხა უცნობი ქალისთვის, რა ეთქვა, იქნებ თავი უნდა გაემართლებინა? თუ შეტევაზე გადასულიყო და ასე უეცრად გამოჩენისთვის რისხვით დასტყდომოდა თავს?! ალექსანდრე, მესმის თქვენი მდგომარეობა. შემიძლია წარმოვიდგინო, რა ცუდ დღეში ჩაგაგდეთ ასე უეცრად თქვენს ცხოვრებაში შემოჭრით. ნამდვილად არ მქონდა ინფორმაცია თქვენს შესახებ, არ ვიცოდი ოჯახი თუ გყავდათ. მეტი დრო, რომ მქონოდა, ალბათ სხვაგვარად მოვიქცეოდი… სწრაფად მომიწია გადაწყვეტილების მიღება. როგორც უკვე გითხარით 1 თვეზე ნაკლები დამრჩა, არ მინდოდა ეველინას ენახა ჩემი ცუდად ყოფნა, ისედაც დიდი ზიანი მივაყენეთ მას მე და ჩემმა შვილმა… მოკლედ, წერილს გადმოგცემთ, სხვა არაფრის თქმა შემიძლია. - დაასრულა საუბარი მარიამ და ალექსანდრეს დაელოდა, იქნებ რამე მოესმინა მისგან, რაც ოდნავ მაინც დაამშვიდებდა მოხუცს. ქალბატონო, ეს მგონი რაღაც ხუმრობაა, ვერ ვიჯერებ! მოდიხართ ჩემს სახლში, მეუბნებით, რომ 8 წლის შვილი მყავს, არ მეუბნებით თქვენს შვილთან დაკავშირებით ერთ სიტყვასაც კი… როგორ ფიქრობთ, ეს ნორმალურია?! - ხმაში ბრაზი ერეოდა მამაკაცს, ცდილობდა კორექტულობა შეენარჩუნებინა, მის წინ ხომ მომაკვდავი, გულმოკლული მოხუცი ქალი იდგა, რომელიც არანაკლებ ცუდ მდგომარეობაში იყო. არ შემიძლია რამე გითხრათ, მე ისიც კი არ ვიცი თქვენ საიდან იცნობდით მას, ისიც კი არ ვიცი ახლა სად არის, ან საერთოდ ცოცხალია თუ არა… - ხმა გაუწყდა ქალს, სადაცაა იტირებდა. დამშვიდდით, გთხოვთ. ჩამოჯექით. - დივნისკენ მიუთითა და დაჯდომაში დაეხმარა. გვანცა… ეს სახელი რამეს გეუბნებათ? არა, ასეთს არავის ვიცნობ, არც წარსულიდან მახსენდება ვინმე! - სახელის გაგების შემდეგ უარესად დაიბნა ალექსანდრე, თავის ტკივილმა კიდევ უფრო ძლიერ შეუტია. თუ ცოცხალია, იქნებ იპოვოთ კიდეც… მის მონაცემებს დაგიტოვებთ, მაგრამ… ალექსანდრე, გთხოვთ, ეველინა თქვენთან დარჩეს, გვანცა ვერ გახდა დედა, ის წავიდა… ევასთვის აჯობებს, არც კი იცოდეს მის შესახებ. - ალექსანდრე ისევ სახელზე ფიქრობდა, გვანცა… ვინ არის გვანცა…? თქვენს შვილიშვილს არაფერი ემუქრება ჩვენთან, მასზე ვიზრუნებთ. ჩემს შვილიშვილს? ის თქვენი შვილია… - გაეღიმა მარიას. ამაში დარწმუნებული არ ვარ. - მოკლედ მოუჭრა მამაკაცმა. მარიამ ვერაფერი უპასუხა, მართალი იყო. ერთი უმნიშვნელო ქაღალდი ვერ დააჯერებდა მას, რომ ეველინას მამა იყო. მე წავალ… ეველინას უთხარით, რომ… - ხმა გაებზარა ქალს და სახე ხელებში ჩარგო. არა, მას დაემშვიდობებით. არასწორი იქნება, ადგეთ და უბრალოდ წახვიდეთ მისი ცხოვრებიდან. - ალექსანდრეს თავადვე გაუკვირდა ეს, რომ თქვა. მამობრივი მზრუნველობა თუ უბრალოდ საღი აზრი… ვინ იცის?! არ ვიცი, რა ვუთხრა… - უფრო ეტირებოდა საწყალ მოხუცს. ოთახში დაბრუნებულ ევას ბებიამ უთხრა, რომ ავად გახდა და სამკურნალოდ მიდიოდა სხვა ქვეყანაში, შემდეგ კი მხოლოდ ერთი კითხვა დაუსვა. ეველინა, წამოხვალ ჩემთან ერთად? - ისედაც იცოდა, რომ ამ კითხვას უარი მოჰყვებოდა. მე მამასთან დავრჩები. - ჩაეხუტა საყვარელ ბებიას და გამოჯანმრთელებაც უსურვა. რამდენიმე დღეში მედეამ ბილეთები იყიდა, არც არავინ გაუფრთხილებია. დატოვა მშობლიური ქალაქი, სახლი, სამსახური და ამერიკაში გადავიდა ალექსანდრესა და ევასთან ერთად.” … 02:59 “წერას მოვრჩი. ჩემი პერსონაჟების ცხოვრების წარმართვა ჩემს ხელთ იყო, დიადი მიზნები და გეგმები მქონდა მათთან დაკავშირებით. გადავწყვიტე ჩემი ისტორია თავადვე შემეცვალა, წარმოვიდგენდი დედაჩემის გავლილ ბილიკს, რომელიც დაშვებული შეცდომების ბურუსში იყო გახვეული. გული მწყდებოდა იმ მწერლის უნიჭობაზე, რომელსაც ჩემი ცხოვრება ებარა და ნერვებს მიშლიდა მისი ეს დამცინავი ტონი. თავიდან ისე ავითარებდა მოვლენებს, რომ ყველაფერი უფერული და უინტერესო იყო. ბავშვობის პერიოდი - არაფრისმომცემი, გაურკვეველი და დაფარული ნაწილი ჩემი ცხოვრებისა. მოზარდობა და ზრდასრულობა ისე მიება ერთმანეთს, ვერ გაარჩევდი, რომ არა დაკვირვებული თვალი. გულის სიღრმეში ვფიქრობდი ჯერაც არ დამდგარა ზრდასრულობის პერიოდი მეთქი. სკოლის დასრულება და სტუდენტობის დასაწყისი, ორ წლიანი პაუზა მეორე კურსის შემდეგ, სწავლის გაგრძელება და სამსახური, რომელსაც ვერ ვიტან. შეგრძნება, რომ ყველაფერი ფუჭია, უშედეგო და არასაჭირო. ფიქრი, რომ ჩემი ცხოვრება ჩემს ხელში არაა და ყოველი დღე უფროდაუფრო უარესია. ყავით ხელში ვდგავარ ფანჯრის წინ, იმ მწერალს ვლანძღავ, რომელმაც ჩემი პერსონაჟის განვითარება ასე გადაწყვიტა. ვერ ვეგუები ჩემს მდგომარეობას. ყველას ვადანაშაულებ ჩემ გარშემო და მაინც, არც კი ვიცი, სინამდვილეში ვინ არის დამნაშავე.” ნიტეს ფიქრები ჰაერში იფანტებოდა, დიდხანს ტრიალებდა გოგონას ოთახში და კვლავ მას უბრუნდებოდა… … 25.03.2023 შაბათი 12:30 დღეს პაპასთან მიდიოდა ნიტე, ამიტომ უჩვეულოდ ცქმუტავდა დილიდან. ახალგაღვიძებულმა არც ყავა დალია, არც კი ისაუზმა, მაშინვე პატარა ზურგჩანთაში ჩაალაგა ტანსაცმელი და თავისეული სინარნარით დატოვა მისი თითქმის ყოველთვის არეული, თუმცა კოხტა ბინა. გზაში ბებოს რეცეპტების წიგნს ჩაჰკირკიტებდა, “დღეს შქმერულს გავუკეთებ!” - გაიფიქრა და გაიხსენა ბოლოს რა პროდუქტები შეიძინა პაპასთვის. გზად მაინც შეიარა ბაზრობაზე, ბევრი ნიორი იყიდა, თავის საყვარელ გამყიდველთან მივიდა და სიხარულით მიესალმა ჩაპუტკუნებულ, ლოყებღაჟღაჟა ქალბატონს. მანანა დეიდა, როგორ ხართ? - დასვრილი ხელთათმანი ეცვა ქალს, ამიტომ მტევნის ნაცვლად იდაყვი გაუწოდა და ნიტემაც ხითხითით “ჩამოართვა” ხელი. ნიტა, სულ დაგვივიწყე, გეთაყვა. - თვალები აუფახულა დემონსტრაციულად და უფრო გაახალისა ახალგაზრდა. ყველა იცნობდა ნიტეს, უბრალოდ ერთი პრობლემა იყო, ყველა ნიტას ეძახდა, ეხუმრებოდნენ შეეშალათ და ნიტე დაწერეს, აბა ეგ რა სახელიაო. ნიტე სხვებს არ აპატიებდა ამ შეცდომას, მაგრამ ამ უთბილეს, შრომისმოყვარე ხალხს გულს არ სწყვეტდა და სიხარულითაც ეგებებოდა მათ მიერ შეცდომით დაძახებულ სახელს. საუკეთესო ქათამი მინდა, მანანიკო! ხომ იცი ჩემს კახუჩელას ვერ ვაკადრებ სხვანაირს… - მთელი სახით უღიმოდნენ ერთმანეთს ორნი. აბა რა, ჩემო გოგო! სულ ახალი ქათმები მაქვს, რას უკეთებ პაპას? შქმერული უნდა გავუკეთო, კარგა ხანია არ გამიკეთებია… გაუხარდება. - ჩვეული ხალისით მივიდა პაპასთან და ჩვეული სიყვარული მიიღო მისი თვალების დანახვისას. ერთად მოამზადეს სადილი, კახა ლენკასთან გატარებული ბედნიერი წლებიდან ბევრ ამბავს უყვებოდა ნიტეს, ზოგჯერ მრავალჯერ მოყოლილსაც, ნიტეც ყოველჯერზე გულიანად იცინოდა კახას იუმორზე და ლენკას მიეამიტურ ბუნებაზე. უცებ შემოუტევდა მონატრება, გული აუჩუყდებოდა, მაგრამ არ აჩვენებდა პაპას, მასაც არ მორეოდა სევდა, უფრთხილდებოდა მისთვის უძვირფასეს მოხუცს. … 04:21 ღამე ბნელია, უძირო, საშიში… მაგრამ ამავდროულად ღამე ყველაზე კარგი დროა, რომ უსმინო საკუთარ ფიქრებს, ღამის მელოდია ყველაზე მეტად უხდება მელანქოლიურ განწყობას… "როგორია სინამდვილის შეგრძნება? რატომღაც არასდროს მიფიქრია თუ როგორია, როცა შეიგრძნობ, რომ სინამდვილეს ეზიარები. იქნებ, მაშინ, როდესაც სინამდვილეს ხვდები, სულაც ვერ ასწრებ გააზრებას, არ მიაქცევ ყურადღებას, ან მიაქცევ და ვერ იმახსოვრებ. როგორი იმედგამაცრუებელია, სინამდვილეში აღმოჩნდები და არ იცი, რომ იქ ხარ ან კიდევ უფრო უარესი, არ გახსოვს, არ აიძულებ შენს თავს შეიგრძნო წამი, რადგან გგონია, რომ სინამდვილე ის რეალობაა, რომელშიც ცხოვრობ. რატომ ხარ ასეთი დარწმუნებული?! იქნებ ყველაზე იშვიათად ხვდები სინამდვილეს, იქნებ ყველაზე ცოტა ხნით, იქნებ ჯერ არც კი გქონია ეს შანსი... იქნებ სწორედ ამ წამს, როდესაც არ ფიქრობ სინამდვილეზე, ის გიხმობს... შეხებიხარ სინამდვილეს? დაგინახავს? რა იცი, რომ არსებობს?" _________________________________________________ თითქმის 4 თვის შემდეგ გიზიარებთ მეორე თავს... თუ ვინმე მელოდებოდა, ბოდიშს გიხდით ^^ კვლავ, ველი შეფასებებს! მადლობა, რომ კითხულობთ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.