შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება უცნაურია (სრულად)


26-04-2023, 07:46
ავტორი ვე რა
ნანახია 8 687

ცხოვრება უცნაურია
1

კაკუნი მესმის, ვხედავ გამომწვევად ჩაცმული ქრისტინა, როგორ მიკაკუნებს კარზე, მაგრამ თან მიკვირს რანაირად ვხედავ? მე ხომ ლოგინში ვწევარ.
კაკ! კაკ! კაკ! კაკ! კაკ!
კაკუნი არ წყდება. თითქოს პირდაპირ თავში მიკაკუნებდეს ვინმე. ძლივს ვახელ თვალს და ფაფუ ქრისტინა. სამზარეულოდან ისმის რკინის ჯამის ჯიუტი რაკუნი. ტელეფონს დავხედე და დილის ხუთი საათია, არა უფრო სწორედ ხუთს აკლია სამი წუთი.

_ ბუყეეე, გაჩერდი ბუყეეე! _ ვედრებით ვიძახი გამწარებული, მაგრამ მონოტონური კაკუნი არაფრით არ წყდება.

_ დაგახრჩობ ახლა!_ გიჟივით წამოვხტი ფეხზე და სამზარეულოში გავიქეცი. ჩემი პატარა წითური ჯალათი ზის, რაღაცნაირი ქედმაღალი სახით თავისი საჭმლის ჯამის გვერდით და თათით არახუნებს მეტლახის იატაკზე. თან
" მშია მონავ!" სახით მიყურებს. ერთი სურვილი მაქვს , რომ ის წითური გაფუებული თავი წავაწყვიტო. უჯრიდან " მომენტ" წებოს ვიღებ და ჯამს სამზარეულოს შუაგულში ვაწებებ პირდაპირ იატაკზე. რატომ აქამდე არ მომაფიქრდა? მხოლოდ ამის შემდეგ საჭმლით ვუვსებ.

_ ჯანდაბას შენი თავი, ბუყე!_ ამომხედა , კუდი აიპრიხა და "დაახვიე ახლა აქიდანო !" მითხრა.
ხოო, ჩემი კატა ლაპარაკობს! ადამიანივით კი არა, ვერ აგიხსნით, როგორ! მაგრამ მე მესმის. თავიდან მეგონა ვაფრენდი, მაგრამ ელდამ რომ გამიარა, მივეჩვიე. სახალისოც კია, მაგრამ არა დილის ხუთ საათზე.

_ დამპალო!_ ჩავისისინე და სამზარეულოდან გამოვედი.

სამი წლის წინ უცნობი ბებია დამეღუპა. ეს უზარმაზარი სახლი მემკვიდრეობით დამიტოვა. მაგრამ იმ პირობით, რომ აქვე ვიცხოვრებდი. მეც სხვა რა გზა მაქვს?! ვცხოვრობ. უცნაური მეზობლები მყვანან, სულ ასაკიან_ პენსიონერი ხალხი. თავიდან ესეც გამიჭირდა, ახლა კიდეც მომწონს.
ალეც, ანჟელაც, ფილომენაც, ვალერიც_ყველა ჩემი ბებიის სულის წინაშე მოვალედ თვლის თავს , რომ ჩემზე იზრუნონ. ერთი ბებია_ ბაბუა კარგია, ოთხი?_ კიდევ უკეთესი. ბოლოს შემიყვარდა ეს ხალხი. ზუსტად სამი წლის წინ, ერთი კვირის გადმოსული რომ ვიყავი, მოვიდა ბუყე, გამხდარი, გაძვალტყავებული, წითელი ფისო. მოვიდა და სამ წელიწადში საიმპერატორო გვირგვინი თვითნებურად, თავისივე თათით დაიდგა თავზე! ახლა ის მეფეა _მე მისი მონა!
მეკატე თუ ვიქნებოდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, მითუმეტეს უმუშევრად თუ ვიჯდებოდი, მაგრამ ბებია კატიამ სახლთან ერთად მოზრდილი ანგარიშიც დამიტოვა. არც კი ვიცოდი ასეთი შეძლებული ბებია თუ მყავდა, არა ბებია თუ მყავდა ეგეც კი არ ვიცოდი სამი წლის წინ.
სამი წლის წინ უბრალოდ ჯანო ჯანუკაშვილი ვიყავი, ასე ლამაზად გარითმული სახელ_ გვარით. ვმუშაობდი სარეკლამო კომპანიაში, ვგრიალებდი, რამდენადაც ხელფასი ამის საშუალებას მაძლევდა 33 წლის კაცს. ახლა კი პენსიონერ_ მილიონერების მიყრუებულ მდიდრულ უბანში ვცხოვრობ და ბუყე_ კატა მეპატრონება. უცნაურია ცხოვრება არა?

ისევ საწოლში დავბრუნდი. შორიდან მესმის, როგორ ახრამუნებს ბუყე ხრამუნებს. ჩემი მიზოფონიის გადამკიდეს გული ყელში მებჯინება, ბალიშს ვიღებ და თავზე ვიფარებ , რათა ხრამუნის სუსტი ხმა დავახშო.
ბავშვობიდან მეჩხუბებოდა დედა და არაფრით სურდა დაჯერება, რომ ჩემთვის ზოგიერთი მონოტონური ხმაური, მარტივად რომ ვთქვათ, რთული ასატანი იყო. ფიქრობდა, რომ უბრალოდ ზრდილობის კონტროლი მიჭირდა. თუმცა, როგორც აღმოჩნდა ამ უცნაურ აშლილობას საკუთარი სახელიც კი ჰქონია. დედაჩემს არ სჯეროდა ჩემი, მაგრამ ჩემს კატას ძალიანაც სჯერა. და მშვენივრადაც იყენებს სათავისოდ.
მაიძულებს იმის კეთებას, რაც არ მინდა. როგორც წამის წინ.
ის ის არის ისევ სიზმარს ვუბრუნდები, რომ ახლა მისაღებიდან მესმის ველოსიპედის პატარა ზარის აუტანელი წკრიალი.
ვცდილობ მოვუყრუო, მაგრამ ვიცი, რასაც ბუყე ითხოვს და მანამ არ გაჩერდება, სანამ სასურველს არ მიიღებს. ექვსის ნახევარია , ჯერ ისევ ბნელა.

_ ბუყეეეე, ახლა კი დაგაჯდა სიკვდილის ბუზიიიი!_ ვღრიალებ და ჰადესივით თავზე ცეცხლწაკიდებული გავრბივარ ჩემი დესპოტი კატის მოსაკლავად. ეტყობა ძალიან დამაჯერებელი სახე მაქვს, ველოსიპედის კალათში ჩასკუპული ბუყე სწრაფად ტოვებს ადგილს და ფაცხაფუცხით გარბის. თვითკმაყოფილი ღიმილით ვიღიმი და წარბებს ვათამაშებ.
უკან ვბრუნდები და შემოსასვლელის უზარმაზარ სარკეში ვხედავ, როგორ მიიპარება ბუყე ისევ ველოდიპედთან. მისთვის წინააღმდეგობის გაწევას აზრი რომ არა აქვს, უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი, საკმაოდ ჯიუტი ვინმეა!

_ ეეეჰ, _ ვოხრავ დანებების ნიშნად. და თავს იმით ვიმშვიდებ, რომ ჯანმრთელი ცხოვრების წესი სასარგებლოა.
რამდენიმე წუთის შემდეგ მე და ბუყე ბებიასეული ველოსიპედით ვეშვებით ჩვენი დიდი დაღმართიდან.
ზის ბუყე საჭის წინ დამაგრებულ პროდუქტების კალათში და ნიავი ფაფუკ წითურ ბეწვს უფრიალებს.
მე კი ხელებს ვშლი და ასე ერთად მივექანებით თავისუფლი სივრცის უკიდეგანო უსასრულობაში.

2


კარს ვაღებ. კართან ქრისტინა დგას. აზრზე არა ვარ, ვინ ჯანდაბაა ქრისტინა, მაგრამ ვიცი, რომ ნამდვილად ქრისტინაა. ისევ გამომწვევად აცვია, ფეხებიდან მაღლა ვაყოლებ თვალს, თან ვფიქრობ, აშკარად ისევ სიზმარს ვხედავმეთქი. ხოდა გარუჯულ ფეხებს მაღლა მივუყვები, სიზმარშიც კი მსიამოვნებს. ლამაზი მკერდი, ულამაზესი ტუჩები, გრძელი ჩალიფერი თმა ლამის კანზე ღია ფერის და ის ისაა თვალებში უნდა შევხედო, რომ ყელში ხელებს მიჭერს, გაოცება სწრაფად მეცვლება შიშით. ვიხრჩობი, ვიგუდები, ჰაერი აღარ მყოფნის, ფართხალს ვიწყებ.

_ ჯანო გაიღვიძე!_ ვუყვირი საკუთარ თავს და თვალებს ვახელ. ეს არანორმალური "ბარაბაშკა" კატა პირდაპირ სახეზე მაზის. აშკარად ჩემი მოკვლა უნდა!!! ხელი გავკარი და ძირს გადავისროლე.

_ სულ გააფრინე????_ ვუყვირი და სულის მოთქმას ვცდილობ.

_ კაიიიი?! _ შემომკნავლა და თათი გაილოკა.

_ კაი კი არა, გაეთრიე აქიდან, სანამ ისევ ქუჩაში გაგიძახე!

_ ოოო!_ ისევ ისე მიყურებს, თითქოს წამის წინ კინაღამ არ მომკლა.

_კაი, კინაღამ არ ითვლება!_ ვამბობ მე.

_ წამოეთრიე, გაცეცხლო!_ ვეუბნები და სამზარეულოსკენ მივფრატუნობ. 36 წლის კაცს იმის ნაცვლად ცოლ_ შვილი მაღვიძებდეს კატა მაღვიძებს, რომელშიც აშკარად ავი სულია ჩასახლებული. ხომ გითხარით უკვე, რომ ცხოვრება უცნაურია, არა? სასაყვედურო რა მაქვს? მე კატა მაინც მყავს.

კარზე კაკუნია, ოღონდ ამჯერად მართლა.

_ დილა მშვიდობისა ფილომენა!_ ვესალმები ვარდისფერ ფრიალა ხალათში გამოხვეულ, ვარდისფერ სათვალიან მშვენიერ მოხუცს.

_ ჯანუკაა, შვილო, ნახე ბისკვიტი გამოვაცხვე!_ დაუპატიჟებლად შემოდის სახლში. სამზარეულოს კარადაზე მჯდარ ბუყეს ყელში ფხანს.

_ რაო ფისოო? ხომ კარგად უვლი ჩვენ ბიჭს?_ ეკითხება და ყურადღებით უყურებს თვალებში.

_ კიიიი!_ აფერისტულად ეთანხმება ბუყე.

_ ფილოო! მარწყვით არის?_ გახარებული დავჩერებივარ ფუმფულა მარწყვებით გამოტენილ ბისკვიტს.

_ ხოო, როგორიც შენ გიყვარს!_ თვალს მიკრავს ის._ დღეს ქალაქში თუ ჩადიხარ, ჩემს მკერავს შეურბინე რაა!
ისე მთხოვს, როგორც მხოლოდ ბებიებმა იციან. ფილო ყოფილი მსახიობია, ახალგაზრდული შარმი და ეშხი ისევ შენარჩუნებული აქვს, ვიზუალურად ახლანდელ სოფი ლორენს ჰგავს.

_ ფილო, მშვენიერი ხარ!_ ვეუბნები კომპლიმენტს. კომპლიმენტები უყვარს. მიღიმის და კარისკენ მიდის ატლასის ხალათის ბოლოების ფრიალით.

_ შეურბენ ხო ჟუჟას?_ მკითხავზე მეკითხება და კარებიდან უკან მიყურებს.

_ დიახ ჩემო ქალბატონო!_ ვპასუხობ. ის თვალს მიკრავს, მზის სათვალეს ირგებს და გადის.

_ ბუყეე, ვერაგოო!_ ვეძახი კატას.

_ რაააა?_ მორბის კნავილით.

_ წამოეთრევი ჟუჟასთან?_ კი ვეკითხები , მაგრამ წინასწარ ვიცი წამოსვლა უნდა. ვინ თქვა კატები ინტროვენტი ცხოველები არიანო? ამის მთქმელი ბუყეს აშკარად არ იცნობდა. სანამ მე მაისურს ვიცვლი, ის უკვე კალათში ზის. ხო, მანქანა კი მყავს ბებიაჩემისეული , მაგრამ ველოსიპედი მირჩევნია, რატომღაც, ბუყესაც!
დაღმართზე გამოვდივართ და სრიალით ვეშვებით ქალაქისკენ. უკან ავტობუსით ვბრუნდებით ხოლმე. ამ ასაკში აღმართს ვეღარ ვუქაჩავ.

_ ჯანუკაააა!_ ახლა ალე მეძახის, ალე, ანუ ალექსანდრე . თუ ანჟელას ფანტაზიას ვენდობი, ალე კატიას უკანასკნელი პარტნიორი იყო, თუმცა ამას არცერთი არ აღიარებდაო.
არ ვიცი, იყო და იყო! ახლა რაღა აზრი აქვს?! ისე ბებიაჩემი კარგი ცეცხლი და გრიგალი ყოფილა თუ 80 წლის ასაკში 75 წლის პარტნიორი დაკერა. რატომაც არა?!

_ დილა მშვიდობისა ალე!_ ვესალმები და ვჩერდები. ბუყე ორ თათზე დგება კალათში.

_ ალეე!_ კნავის იმაზე აფერისტულად, ვიდრე ფილოს შემთხვევაში. ალეც ფილოსავით ესიყვარულება, ბუყე კრუტუნს იწყებს. ეს ძალიან იშვიათად ხდება! ამ კატას ჩემ გარდა ყველა უყვარს, და რაღა მე დამეპატრონა ვერაფრით ვიგებ!

_ ნახე ჯანუკა,_ სახელს არ მეძახიან ესენი, გვარს მიმოკლებენ._ ეს სიაა წამლების, ვერაფრით მივეჩვიე ოლინას გამოწერას( ონლაინ გამოწერას გულისხმობს????)

_ კაიი ალე, რა პრობლემაა, ბოლო_ ბოლო ჩემი პოტენციური ბაბუა ყოფილხარ!_ სიას ვართმევ და პედლებს ვატრიალებ.

_ ჯანუკააა !_ მესმის ზურგს უკან ალეს ძახილი_ ნეტაავ!

_ ნეტავ ვალერი სადაა?_ ვფიქრობ და დაეჭვებული უკან ვბრუნდები. მე და ვალერის სახლები კედლებით ეყრდნობიან ერთმანეთს. ერთი საერთო უზარმაზარი წითელი აგურის ღობე ყოფს ჩვენს ეზოებს. ასე ვთქვათ კედლის მეზობლები ვართ. მისი სახლის წინ გავლისას, ვხედავ ხოლმე, რომ
ყოველთვის პარმაღზე ზის ხოლმე და ყავას სვამს. ახლა კი არ ჩანს. ვალერი ყველაზე მხცოვანია მათ შორის, ჩოჩიალით დადის. მაგრამ მაინც დადის. 96 წლისაა. ყოფილი პროფესორი. მეცნიერ_ ქიმიკოსი, ნობელის პრემიის ლაურეატი მშვიდობის დარგში. ახლა კი უბრალოდ ვალერი, მარტოსული და სევდიანი. ველოსიპედიდან გადმოვდივარ. ბუყეც ხტება და მისი კარის წინ მოუსვენრად წრიალებს. ავად მენიშნა მისი საქციელი.
კარზე ვაკაკუნებ, პასუხი არაა. სახელურს ვაწვები და კარი ღიაა.
შევდივარ და ხმადაბლა ვეძახი. უცებ ადგილზე ვშეშდები , მისაღებში ტახტის წინ იატაკზე წევს.

_ ვალო ეს რა მოგსვლია! _ მისკენ გავრბივარ დაფეთებული.
წარბებშეკრული მიყურებს.

_ ვცადე და ვერაფრით ავდექი!_ ბურტყუნებს თავისთვის.

_ რატომ არ დამიძახე?_ ვბრაზობ ამ ჯიუტ მოხუცზე.

_ ვიფიქრე, ცოტას დავისვენებდი და თავიდან ვცდიდი!_ მპასუხობს და მხრებს იჩეჩავს. იღლიებში ხელს ვავლებ და დივანზე ვსვამ.

_ რამე ხომ არ გტკივა?_ ვათვალიერებ ინტერესით.

_ არა!_ იბზუებს ცხვირს.

_ კაი! წავალ ახლა ანჟელას მოვიყვან!

_ ოღონდ ანჟელა არა!_ ვედრებით მიყურებს, მაგრამ მე ვიცი, ახლა ანჟელაა საჭირო. მხოლოდ მას ვერ ერევა ვალო. ანჟელა ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის. სულ რათაც 60 წლისაა . ქოთქოთა და მხიარული.

_ ბუყე დარჩი ვალოსთან!_ ვეუბნები და ისიც მაშინვე ვალოს კალთაში ინაცვლებს.
გასვლისას მესმის ვალერის საუბარი:

_ ეჰ , ჩემო კარგო, მგონი ჩემი დროც იწურება უკვე!

_ არაა! _ არ ეთანხმება ბუყე.

ანჟელა ლამის სირბილით მომყვება.

_ არა, ხომ ვუთხარი მაგ აუტანელ ბებერს დამხმარე აიყვანეთქი?_ჯერ არ მისულა და უკვე ჩხუბობს _ ერთხელაც იქნება გაჭიმავს ფეხებს და სანამ არ ამყრალდება კაციშვილი ვერ გაიგებს ვერაფერს!
ასე კი ჩხუბობს , მაგრამ არ გეგონოთ გულით! ანჟელა ყოფილი ექიმია, კარდიო ქირურგი. უბრალოდ ავარიაში მოყვა რამდენიმე წლის უკან და ტრემორი დაეწყო. ვერ აიტანა, რომ ოპერაციებს ვეღარ აკეთებდა და სულ წამოვიდა. ახლა მიწვევით კითხულობს ლექციებს. მისი სახელი ჯერ კიდევ საუბრობს მის ნაცვლად.

ნამდვილი არწივივით დააცხრა საწყალ ვალერის, შემეცოდა კიდეც ისეთი თვალებით გამომხედა.

_ წამო!_ ვეძახი ბუყეს, და სრულიად დარწმუნებული, რომ ვალოს სანდო ხელებში ვტოვებთ, კვალავ ქალაქისკენ ვეშვებით.

ჩემდა გასაკვირად, მალევე აღმოვაჩინე, რომ კატია ბებიას სახლს მივეჩვიე. კატია, ყოფილი ბალერინა და სახელგანთქმული მოცეკვავე იყო. რუსის ქალი თავადური წარმოშობით. მაგრამ სადღაც ჯანო ბაბუას გადაეყარა და იქ დამთავრდა მისი თავქარიანი, ბოჰემური ცხოვრება. შეუყვარდა ქართველი კაცი ცოლადაც გამოჰყვა და ერთი შვილიც გაუჩინა. ანუ მამაჩემი. მაგრამ მამას ცოლი ვერ შეითვისა.
დედა კახეთიდან იყო, უბრალო პატარა სოფლიდან. ნინო სამადაშვილი. ლამაზი ჭკვიანი და უბრალო ქალი. მაგრამ კატიამ ისე მოიძულა დაქორწინების შემდეგ რძალი. მამაჩემი ნიკო ჯანუკაშვილი იძულებული გახდა ცოლის მოყვრებში გადაცხოვრებულიყო და ჯიუტ დედასთან ურთიერთობა საბოლოოდ შეეწყვიტა. ეს უფრო მამის ხასიათის ბრალი იყო. გენეტიკური სიჯიუტე დედისგან დაჰყვა. არ ესმოდა ,თავად კატიამ სიყვარულისგამო, ერთი უბრალო ჯანო ჯანუკაშვილისთვის, უარი თქვა საქვეყნო დიდებაზე და საკუთარ შვილს რატომ აიძულებდა სიყვარულზე უარის თქმას? ასე გავიზარდე სოფელ პატარძეულში. თავად მე არასდროს მესმოდა ადამიანების წარმომავლობით ანდაც ქონებით შეფასება, თავს უბრალო, გაწონასწორებულ და გონიერ ადამიანად მივიჩნევ. ესეც მშობლების დამსახურებით. როცა ადვოკატებმა ანდერძი გაგვაცნეს, მამამ კატეგორიული უარი განაცხადა მშობლების სახლში დაბრუნებაზე, აი მე კი წამითაც არ მიყოყმანია. ასეთი მსუყე მემკვიდრეობა? რატომაც არა?! რომელი გიჟი იტყოდა უარს?! ასე გავხდი მდიდარი პენსიონერების ერთადერთი ახალგაზრდა მეზობელი. და როგორც აღმოჩნდა მეზობლებშიც გამიმართლა. მართლაც ხომ უცნაურია ცხოვრება, არა?

ჟუჟას სალონიდან კაბა წამოვიღე, რა თქმა უნდა, ისიც ვარდისფერი. ფილო ვარდისფერის გარდა სხვა ფერს არ აღიარებდა. მისი სამოსი მუდმივად ვარდისფერი ტონალობის სხვადასხვა გრადაციებში თამაშობდა. ახირებული ქალის მშვენიერი აკვიატება!
შემდეგ ალეს წამლების სიას გადავხედე და აფთიაქებს ჩამოვუარე. მერე კი ვალმოხდილი გავჩერდი ავტობუსის გაჩერებაზე.
ბუყე ფილოს კაბაზე იყო დასკუპული და გარემოს ინტერესით ათვალიერებდა. მოულოდნელად გაიფხორა, ზომაში მგონი ერთიორად გაიზარდა და ავად ასისინდა.
ჩვენთან მოზრდილმა ოქროსფერმა ლაბრადორმა მოირბინა. ზოგადად ძაღლების ეს ჯიში კომუნიკაბელურობით და კეთილი განწყობით გამოირჩევა, მაგრამ ამ შემთხვევაში რაღაც არ გაგვიმართლა. ჯერ გარშემო ღრენით შემოგვირბინა, შემდეგ გაფხორილ ბუყეს წაეტანა პირით და სანამ მე რეაქცია მექნებოდა, ბუყემ ისე დაკრა ალესილი კლანჭები, რომ საწყალი ძაღლის დრუნჩიდან მოზრდილი კანები აათალა. ძაღლი ღრენა_წკავწკავით გაგვეცალა. გაშეშებული ვიდექი, მიმოვიხედე და გავიფიქრე, ახლა კი მომიწევდა გაცოფებული ძაღლის პატრონის წივილ_ კივილის მოსმენა. ბუყე კი ვითომ აქ არაფერი თათს ილოკავდა მშვიდად და წყნარად. არა , ხომ ვამბობ, ეს კატა მომინელებს!
ველოსიპედს ხელი დავავლე და ავტობუსში ავქანდი. ის იყო კარი დაიკეტა, რომ დავინახე ვიღაც გოგო როგორი კივილით და ლანძღვის კორიანტელით მორბოდა გაჩერებისკენ, წინ კი დრუნც დასისხლიანებული ძაღლი მოუძღვოდა. ენატანია ძაღლი ესა!
შვებით ამოვისუნთქე. კალათში ნებიერად გადათხლაშულ ბუყეს შევხედე და მკაცრად ვუთხარი:

_ დღეიდან ქალაქს დაემშვიდობე!_ ბუყემ კუდი დაუდევრად გაიქნია.

_ ერთი შენ მოგცლიაო?! _ აშკარად ეს გაიფიქრა.


3

დილით, ჩვეულად, ქრისტინას კაკუნი მაღვიძებს. ხალათს ვიცვამ და კარისკენ მივდივარ. კარს ვაღებ და უცნაურ სცენას ვხედავ ; ხელში ნარინჯისფერი რეზინის წყლის მილი უჭირავს და ითვლის: ერთი, ორი, სამი... და წყლის მსხვილ ნაკადს პირდაპირ სახეში მიმიზნებს. ცივი წყალი მაშინვე მაფხიზლებს და ბედი ჩემი, რომ ბროლის კატიასეული სურა ჩემი თავის ნაცვლად საწოლის თავს ხვდება.

_ ბუყე, რას მერჩი?_ ჩხუბის თავიც კი აღარ მაქვს. ალისფერი ალქაჯი, იქვე პატარა კარადაზე, ზის. სრულიად უდანაშაულო სახით.

_ დაგიშავე რამე?_ ვეკითხები გაწუწული და ნაწყენი. დღეს აშკარად არ ვარ ჩხუბის ხასიათზე.

_ მშიააა!_ კნავის ეს საძაგელი.

_ ნუთუუ?!_ ირონიას მოვუხმობ მე.

_ კიიი!_ მეთანხმება და მწვანე მრგვალ თვალებს მიბრიალებს.

_ ფეხებიც გაგიჭიმიააა!_ მეც მის კნავილს ვბაძავ.
ის კი ისეთ რამეს მპასუხობს, აქ რომ ვერ გავიმეორებ.
სველ მაისურს ვიხდი და პირდაპირ სამზარეულოში მივდივარ, ყავის გასაკეთებლად. რაღაცნაირი მოჟამული დილაა, ალბათ იწვიმებს. ბუყე უკვე ჯამთან ზის. თათით აწვალებს, მაგრამ ვერ მივართვი.

_ რაო, აღარ რახუნებს არა?_ მეღიმება. ის კი ბრაზობს.

_ ჯანდაბას შენი თავი, ბუყე!_ ჯამს საჭმლით ვუვსებ. ყავის ჭიქით აივანზე გავდივარ. საძაგლად ცივა. მე კი ნახევრად შიშველი ვარ.
გზაზე ძაღლს ვხედავ. მოყვითალო ლაბრადორია. წითელი ყელსაბამით. ენაგადმოგდებული მორბის. ის ბუყესგან ნაცემი ლაბი მახსენდება და მეცინება.

_ ნეტა ვისი ძაღლია?_ ვფიქრობ და ძაღლიც თვალს ეფარება. სიცივისგან მაჟრჟოლებს და ოთახში ვბრუნდები. უცებ კარზე ზარია.
" ნუთუ ფილოა ამ დილაუთენია?" ვფიქრობ და მავიწყდება ტანზე რა მაცვია, დაუფიქრებლად ვხსნი. კარში არც მეტი არც ნაკლები ქრისტინა დგას. ცოტა ხანს ვუყურებ. ულამაზესია. ბოლოს და ბოლოს მის თვალებსაც ვხედავ. ულამაზესი შავი თვალები ჰქონია. მეცნობა! ნეტავ საიდან მეცნობა? და უცებ ვიაზრებ, რომ ახლა ეს ყველაფერი სიზმარი არაა.

_ ახლა მღვიძავს?_ ჩემდაუნებურად ვეკითხები ჩემსავე თავს. ქრისტინას აშკარად უკვირს ჩემი კითხვა.

_ უკაცრავად!_ ბოდიშობს და მიღიმის. ოღონდ არა გულწრფელად. არა! ისე აი, ადამიანის კეთილგანწყობის მოპოვებას რომ ცდილობ.
და სინამდვილეში ძალიანაც რომ არ მოგწონს , მაგრამ რომ გჭირდება და სხვა გზა არ გაქვს.

_ ვალოდია ჩხენკელის სახლს ვერ მიმასწავლით?_ მეკითხება ამ ყასიდი ღიმილით.

_ დიახ, ზუსტად ჩემს გვერდით._ ვპასუხობ და ვხედავ დაუფარავი ინტერესით, როგორ მათვალიერებს. გულში მსიამოვნებს მისი ინტერესი. კარის დირეს ზურგით ვეყრდნობი და ჩემი პრესისი დემონსტრირებას ვცდილობ.
უცებ დამცინავად იბზუებს ტუჩს.

_ მადლობა! ისე ვარჯიში არ გაწყენდა!_ მპასუხობს ეს თავხედი და ირონიული სახით მაქცევს ზურგს.

_ არაფერს და მადლობა რჩევისთვის, ქრისტინა!_ჩემდაუნებურად და სრულიად მოულოდნელად მის სახელს ვამბობ. მაშინვე ჩერდება და დაეჭვებული თვალებით ჩემკენ ნელა ბრუნდება.

_ რაღაც არ მახსოვს, ჩემი სახელი მეთქვა!_ ავი ძაღლივით იღრინება. ვიბნევი. არ ვიცი, რა ვუთხრა. სიმართლე რომ ვუთხრა... არა! ჯერ კიდევ მწყურია სიცოცხლე.
ისე თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ, სრულიად უცხო, ნახევრად შიშველმა კაცმა, რომ გითხრათ სიზმარში გნახულობ ყოველ დილით და მრავალგვარი გზით ცდილობ ჩემს მოკვლას ჩემსავე სიზმრებშიო?
ამ ფიქრებში რომ ვარ და შედარებით მარტივი პასუხის პოვნას გამალებით ვცდილობ. უცებ აივნიდან დანახული ლაბრადორი ღრენით გვიახლოვდება. თითქოს ეს არ კმაროდა, ჩემს წინ ბუყე იფხორება. გაბურძგნული ბეწვი ყალყზე უდგას და წელში მაქსიმალურად აღუნული, არ ვიცი, სხვაგვარად როგორ აღვწერო მისი ეს უცნაური პოზა, თითქოს ზომაში ერთი ორად იზრდება.

_ ვააააააა!_ დაახლოებით ამგვარ ხმას გამოსცემს და მთელი საძაღლეთის მიმართ არსებულ ზიზღს ამ ხმაში ატევს.
იქით ზოგადად ვითომ მშვიდ ლაბრადორს მორღვევია ღრანჭი და გამწარებით იღრინება. მის ცხვირზე ნათლად ვამჩნევ სამ მოზრდილ, ახლად შეხორცებულ ნაკაწრს და გონება მინათდება. ეს ხომ ის ენატანია ძაღლია , გაჩერებიდან.

_ მშვიდად შე ვერანა!_ საყელურში აფრინდება ქრისტინა. სწორედ შესაფერისი სახელია.

_ ბუყე, შედი სახლში!_ მე ჩემს კატას ვამშვიდებ და ვცდილობ ფეხით უკან სახლში შევტენო.

_ ააა, ეს თქვენ ხართ არა? ცოფიანი კატის მშიშარა პატრონი?!_ ესღა მაკლდა! ვფიქრობ და მართლაც ვბრაზდები. პირველი ხომ მისი ძაღლი დაგვესხა თავს.

_ ენატანია ძაღლის შეშლილი პატრონისგან მესმის!_ მივაძახე ჩემს სიზმრისეულ ქრისტინას და კარი მივუჯახუნე.

_ ჩვენ ისევ შევხვდებით!_ მომესმა კარს მიღმა მისი კივილი.

_ როცა გინდა!_ ვუღრიალე მე შიგნიდან.ცოტა ხანში ღრენის ხმა მიწყდა და სიჩუმე ჩამოვარდა.

_ ყოჩაღ ბუყე! ერთი ღერენა არ შეარჩინო მაგ საზიძღარ ძაღლს!_ ვმოძღვრავ ჩემს კატას და ამ დილით უკვე მეორედ ვუვსებ საჭმლის ჯამს. მან ეს დაიმსახურა.
მხოლოდ რაღაც ხნის შემდეგ მახსენდება, რომ ქრისტინა ვალოს სახლის მისამართს მეკითხებოდა. ნეტა რა უნდოდა ვალოსგან? ნუთუ ანჟელამ მომვლელის აყვანა აიძულა?!
არა ! ნუთუ ეს შეშლილი წყვილი ახლა ჩემი ღობის მეზობელი იქნება? სასწრაფოდ ვიცვამ ტანზე და ანჟელასთან მივდივარ.

_ დილა მშვიდობის, ჯანუკა!_ აშკარად უხარია ჩემი დანახვა.

_ მოდი , ჩაის ხომ დალევ? სწორედ ახლა ვაპირებდი საუზმობას!_ მაგიდასთან მეპატიჟება. მალინის ჩაის წინ მიდგამს და კარაქიან _ჯემიან ბუტერბროდს თეფშზე უკითხავად მიდებს. მეც , იმაში დარწმუნებული, რომ უგემრიელესი ჯემი აქვს, მაშინვე პირისკენ მივაქანებ.

_ ანჟი, ვალომ მომვლელი აიყვანა?_ პირგამოტენილი ვეკითხები. ისე მაინტერესებს წამიც ვერ ვითმენ.

_ლამაზია არა?!_ ეშმაკურად, სულ სხვა რამეს, მეკითხება ანჟელა. ინსტიქტურად თავს ვუქნევ, მაგრამ რომ მახსენდება დილანდელი სცენა, მაშინვე ხმამაღლა ვვუარობ.

_ ლამაზი? ვინა ქრისტინა? ჰა , ჰა, დამცინი?_ ლუკმას ვყლაპავ და ყელზე მადგება, ლამისაა გავიგუდო. ასე იცის ტყუილმაა! შეშფოთებული
ანჟელა ბეჭებზე ხელს მირტყამს.

_ რა იყო? მოხდა რამე? გაიცანი უკვე?_ მეკითხება , როცა ხველა მიჩერდება.

_ ვინ, ეგ ქაჯი?_
ვეკითხები ბრაზით.

_ ქაჯი? მე კი ვფიქრობ ,მშვენიერი ახალგაზრდა ქალია დახვეწილი, ზრდილობიანი!_ რაო? ნუთუ ერთი და იგივე ქალზე ვსაუბრობთ?! დახვეწილი და ზრდილობიანი?

_ხოდა ვინაა, ეგ ღვთაება?_ ვიცი, კაცს არ შეეფერება, ქალზე ასეთი ტონით საუბარი , მაგრამ თავს ვერაფერს ვუხერხებ. უცნაური ჟინით ატანილს, მინდა რაც შეიძლება მეტი საძაგელი ეპითეტით შევამკო მისი უდახვეწილესობა!

_ ეგ ძაღლების დედოფალი ეგა!_ ვამბობ და მის ჯინაზე კიდევ სამ ბუტერბროდს ვაქრობ.

_ ვინაა და ვალოს შვილიშვილი!_ ისევ მშვიდად მპასუხობს ანჟელა და გახუხული პურის ნაჭერს ლამაზად უსვამს ჯემს.

_ რაოოო?_ პირთან მიტანილ ჩაის ფინჯანს მაგიდაზე ვაბრუნებ.

_ ვალოს ვინა?

_ რა იყო? კატიას თუ ჰყავდა შვილიშვილი ჯადოსნურ სკივრში გადამალული , ვალოს ვერ ეყოლებოდა? აი მე კი სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ : არანაირი საიდუმლო შვილიშვილი არ მყავს დახლქვეშ გადამალული! ასი პროცენტით ვარ ამაში დარწმუნებული!_ ამბობს და "გრაციოზულად" კბიჩავს ტოსტს. თან თვალს მიკრავს. თუმცა ვერც კი ვხვდები, რას მიმანიშნებს.

_ ანუ ვალოს შვილიშვილი არა?!_ ვხვდები, რომ მისი სტუმრობა დროებითი ვერაფრით იქნება. გამოდის, უნდა შევეგუო, რომ ღობის მიღმა ჯოჯოხეთის მოციქული და მისი მაშხალა დასახლდნენ!

_ ყოჩაღ ვალო! ყოჩაღ!_ ახლა რატომღაც ვალოზე ვბრაზდები.

_ ვხედავ, გაცნობა მოგისწრია?!_ ისევ ორაზროვნად მეკითხება ანჟელა.

_გავიცანი თუ მაგას გაცნობა ჰქვია, არაა ნორმალური!_ ვუსვამ გადაწყვეტილ დიაგნოზს.

_ ოჰო! მოასწრო გოგონამ ცეცხლის დანთება?_ ცალ წარბს მაღლა სწევს ანჟელა.

_ ცეცხლის? _ ცოტა მოგვიანებით ვიაზრებს , რასაც გულისხმობს._კაი რაა!

ვვუარობ ისევ. თუ მაინცდამაინც სიძულვილის ცეცხლი ნამდვილად დაანთო. თანაც ეს ცეცხლი ჩვენს ოთხფეხა მეგობრებსაც გადაედოთ. და ახლა ოთხივე ერთად ვიწვით.

იმ დღის შემდეგ ქრისტინა სიზმარში აღარ მინახავს. ან მანამდე რატომ მესიზმრებოდა? ამაზეც საკმაოდ ბევრს ვფიქრობდი. მაგრამ სიზმარი რაღად მინდოდა? ახლა 24 საათი ცხადში მეჩხირებოდა თვალში. და მეც მაზოხისტივით ჩასაფრებული ველოდი მის გამოჩენას. იმ დღის შემდეგ, ნამდვილმა ქარიშხალმა დაიდო ბინა ჩემი წითელი აგურის კედლის მიღმა. მე კი მას ვუთვალთვალებდი ფანჯრიდან, აივნიდან, ღობიდან, და ყველა ჭუჭრუტანიდან, საიდანაც კი მისი დანახვა შემეძლო. თუმცა მალევე აღმოვაჩინე , რომ ბუყეც ზუსტად ჩემსავით იჯდა და 24\7 ვერანას უთვალთვალებდა. თუმცა ჩემგან განსხვავებით ათასნაირი ხერხებით ცდილობდა მის გამწარებას. საკმარისი იყო, მისი გიშერივით შავი ცხვირის წვერი თათის მანძილზე მიახლოებოდა, რომ სასწაულ ნახაზებს უტოვებდა ზედ. მიმიქარავს ნასკას უდაბნოს გეომეტრიული ფიგურები. ქრისტინაც, კვირაში დაახლოებით სამჯერ მაინც, მოდიოდა და უშვერი სიტყვებით გვლანძღავდა.
მიუხედავად ჩვენი გამუდმებული ომისა, ვალო ძველებურად მეგობრულად მესალმებოდა და ჩემდა გასაოცრად, ბუყესაც ძველებურად ეალერსებოდა და ეჩურჩულებოდა. ბუყეც ჩვეულად ჩაუხტებოდა კალთაში და აკვესებდა მწვანე თვალებს.

ერთ საღამოს, აივნის ქვეშ კატიასეულ ქრიზანთემებს ვკრეჭდი. რათა შემოდგომას მრგვალი და ლამაზი ბუჩქი მქონოდა, ალემ მასწავლა. მებაღეობა იყო მისი იდუმალი გატაცება. თურმე სწორედ ამით მოუხიბლავს კატია ბებია. ხოდა ვკრეჭდი ამ ოხერ ქრიზანთემებს, რომ ქარიშხალივით შემოვარდა ქრისტინა. უკან ვერანა მოჰყვა აფერისტული წკავწკავით, აქაოდა ნახეთ რა საბრალო ვარო. ისე, რომ შევხედე, თვალთან კარგა მოზრდილი წითელი ზოლი ეტყობოდა. ეტყობა თავი საჭიროზე მეტად გამოეყო ღობის ნაბზარში. ხოდა
მეცა ქრისტინა გაცოფებული.

_არა, ხომ აქვს ყველაფერს საზღვარი არა?!_ დამკივლა რიტორიკული შეკითხვა.

_ ბატონო?_ ავხედე გაოცებულმა _ ახლა რაღა მოხდა?

_ შეხედე, რა დღეშია საწყალი!_ მიბრძანა და ხელები გულზე დაიკრიფა. კაცმა რომ თქვას, ქალს ასე უხდებოდეს სიბრაზე ჯერ არსად მინახავს. რომ არა მისი აუტანელი ხასიათი, მართლაც საოცარი ქალი იქნებოდა.

_ რას მომჩერებიხარ?_ იეჭვა, რაღაც არასათანადოზე რომ ვფიქრობდი და გამჭვირვალე მოსაცმელი მჭიდროდ შემოიხვია ტანზე.
საოცარად კონტარასტული ფერის კანი ჰქონდა, ღიაფერის თმასთან და შავ თვალებთან შედარებით.

_ მოიცადე და მე რა შუაში ვარ?_ფეხზე წამოვდექი მისი ანჩხლი კივილით შეწუხებული და მიწიანი ხელები შარვალზევე შევიწმინდე. დავინახე როგორ ამრეზით შემათვალიერა.

_ ან მეეე!_ ჩამოგვკნავლა აივნიდან ბუყემ. როდის მოასწრო აივანზე აძრომა, ვერც კი მივხვდი.
ქრისტინამ მაღლა ახედა, თითი მუქარით დაუქნია და დაემუქრა.

_ გეფიცები , ქალი არ ვიყო! სადაც დაგიჭერ თუ ეგ კუდი არ გაგპარსო!

_ იქნება ჯერ შენი ვერანა დაგება?_ ვკითხე და ღიმილის შეკავება ვერ მოვასწარი.

_ ანუ გეცინება კიდეც არა? ანუ სასაცილოა არა?ამას კიდე, ვერანა კი არა, ბარნი ჰქვია! _ კიდევ ერთი არასწორი სიტყვაც და გეფიცებით, მზად იყო ჩემთვის თვალები ამოეკაწრა. დღეს რომ ვფიქრობ, რამ ამახედა ზუსტად იმ წამს მაღლა, მართლა არ ვიცი. მაგრამ აშკარად დავინახე, როგორ ჰკრა ბუყემ ორი თათი წითელი პეტუნიას მოზრდილ ქოთანს და დისტანციურად მართვადი რაკეტასავით პირდაპირ ქრისტინას თავისკენ როგორ დაუშვა. არ ვიცი, აფექტის ბრალი იყო, ინსტიქტის თუ ქართველი წინაპრების ვაჟკაცური სისხლის ყივილი , მაგრამ წამის მეასედში მოვხვიე ქრისტინას ხელები, გულში ჩავიკარი და მთელი სხეულით გადავეფარე. იმდენად სწრაფად მოხდა ეს ყველაფერი, ქრისტინამ წინააღმდეგობის გაწევაც ვერ მოასწრო, რომ ის უზარმაზარი ქოთანი გრუხუნით დამეფშვნა თავზე. სულ რაღაც წამით დავცქეროდი მის ლამაზ თვალებს და მახსოვს, სანამ სიბნელეში ჩავიძირებიდი, გავიფიქრე, რომ უარს არ ვიტყოდი თუ სიკვდილის წინ უკანასკნელად რასაც დავინახავდი, სწორედ მისი გიშრისფერი თვალები იქნებოდა.
იმის გაფიქრებაც მოვასწარი, რომ ცხოვრება მართლაც უცნაურზე უცნაურია...


4


აი ხომ იცით მელოდრამებში , ლამაზ გოგონებს რომ გული მისდით და ბიჭებს რომ ხელში აყვანილი მიჰყავთ ექიმთან, რაღაც მაგდაგვარი სცენა გათამაშდა, ოღონდ სრულიად საპირისპიროდ. მე თავად გავხდი ქალის მოსავლელი.
ყველაფერს ბედი არ უნდა? მომინდა აქ გმირობანას თამაში. თვალები საავადმყოფოში გავახილე და პირველი შიშისგან თვალებდაჭყეტილი ქრისტინას სახე დავინახე. ვერაფერი რომანტიკა იყო დამიჯერეთ, მე გატეხილი და გადაბინტული თავით.

ტვინის შერყევა და წოლითი რეჟიმი მერგო ჯილდოდ. სამაგიეროდ ქრისტინას თვალში კაპიტან ამერიკაზე მეტი თუ არა, ნაკლები ნამდვილად არ ვიყავი. ისე დამფოფინებდა თავზე, როგორც 96 წლის ბაბუამისს.

საავადმყოფოში დარჩენას სახლში დაბრუნება ვარჩიე. ჩემზე ზრუნვის და მეთვალყურეობის ვალდებულება კი ამ შავთვალა, მჩხავანა მეზობელმა გადაიბარა. ექიმებს რეკომენდაციები გულდაგულ ჩამოართვა და სახლში ჩემთან ერთად დაბრუნდა. საშინლად მრცხვენოდა მისი და ერთი სული მქონდა სახლში მაინც დავრჩენილიყავი მარტო, მაგრამ ნურას უკაცრავად. თითქოს ის არ მყოფნიდა კედლის მიღმა რომ არსებობდა და ახლა პირდაპირ ჩემს სახლშიც კი შემომისახლდა.

რაღა ძალად მაცხონე, მზრუნველი ქალი და რაღა ოკუპანტი რუსეთი?
სწრაფად მოახდინა ჩემი სამზარეულოს და მისაღები ოთახის ანექსია. მე კი ისე მტკიოდა თავი შეკამათების ძალაც არ მქონდა.

ვხედავდი როგორ აკვირდებოდა ბუყე ქრისტინას. შორიდან უთვალთვალებდა. და თუ ის შემთხვევით ახლოს გაუვლიდა, გაფხორილი კლანჭებს ამზადებდა დასარტყმელად. მაგრამ ქრისტინა ისე იქცეოდა, თითქოს ბუყე არც არსებობდა. ვხვდებოდი ამ სახლის იმპერატორი დიდხანს აღარ მოითმენდა ოკუპანტის პარპაშს და ინტერესით მოველოდი მათ შორის გაჩაღებული ცივი ომის დასასრულს.

_ მოდი გაჭმევ, მერე აქაურობას მივალაგებ და ვალოსთან დავბრუნდები!_ თბილად დამხედა, ალბათ უკვე მეასეჯერ ქრისტინამ. მე მორჩილი ბავშვივით თავი დავუქნიე. სხვა რა გზა მქონდა? წინააღმდეგობის გაწევას აშკარად არ ჰქონდა აზრი.
საწყალი ვალო. ალბათ ახრჩობდა თავისი გადამეტებული მზრუნველობით.

ტანის ნარნარი რხევით გავიდა სამზარეულოში, არ ვიცი, იქნებ მე მეჩვენებოდა ასე ტვინის შერყევის გამო?!

ცოტახანში ჭურჭლის ხმა მომესმა. რომელსაც მალევე მოჰყვა მადის აღმძვრელი სურნელი.
რაღაც სასიამოვნოს მოლოდინში გააქტიურდნენ ჩემი გემოს რეცეპტორები. კაცმა რომ თქვას, ეს ქალი ნებისმიერი კაცის ოცნება იქნებოდა, ლამაზი , შესანიშნავი მზარეული, მზრუნველი და ... მჩხავანა. სწორედ ცოლის იდეალი.

_ ხომ არ მოიწყინე?_ წამით გამოყო თავი სამზარეულოდან.
და ზუსტად მაშინ მოვკარი თვალი, როგორ შეიძურწა ბუყე მალულად მის უკან.
გულში გამიელვა , რაღაც სიბოროტის ჩადენას აპირებსმეთქი, რომ სამზარეულოდან ქრისტინას განწირული კივილი მომესმა. ფეხზე წამოვხტი. რამდენიმე ნაბიჯი გადავდგი , მაგრამ თავბრუ დამეხვა და იატაკზე გავიშლართე. სამზარეულოს გავხედე, იქიდან ქრისტინა არ წყვეტდა კივილს .

_ შე დამპალო არსება! შე გველო! შე არამზადა! მოდი აქ ! მოეთრიე მეთქი! აბა რას იტყვი, კაია? აბა მოგწონს? რაო? აბა როგორ გესიამოვნა ჰა?_ქრისტინას გაავებულ ხმას ბუყეს გამწარებული კნავილი ფარავდა. იქ ნამდვილად რაღაც საშინელება ხდებოდა. მინდოდა ავმდგარიყავი და გამეშველებინა ისინი, მაგრამ რაც უფრო ვცდილობდი, მით უფრო ვკარგავდი წონასწორობას .
ბოლოს ლამის ოთხზე დამდგარი შევხოხდი და ისეთი სცენა წარმომიდგა თვალწინ, გეფიცებით არცერთ ჰოლივუდს თუ ბოლივუდს არ დასიზმრება არასდროს.
გაწეწილ ქრისტინას ბუყე ჩაეტენა ხახვის დაკლეტკილ ტომარაში და უზარმაზარი მაკრატლით კრიჭავდა. ბუყეს სიამეყე და მშვენება, ოქროსფერი
ბუნდღლები მთელ სამზარეულოში იყო მოფენილი. თავადაც დაკაწრულ _დასერილი ხელებიდან სდიოდა სისხლები. ყიზილბაშებსაც კი არ უნახავთ ალბათ ასეთი საშინელი ბრძოლის ველი.

_ ქრისტინა რა ჯანდაბას აკეთებ?_ მუხლებზე დამდგარმა ვუყვირე და ვცადე მაკრატლის წართმევა.

_ რა ქნა იცი? რა გააკეთა იციი?_ აზრად არაფერი მომივიდა, ამის ფასი რა შეიძლებოდა ბუყეს ექნა.

_ ჩემს რაგუში ჩააფსა ამ ტირანმა! ზუსტად ერთმანეთის ღირსები ხართ არანორმალურებო!_ და აჰა მზრუნველ ქრისტინასაც ჩამოსძვრა ნიღაბი. არა, სანატრელი ცოლი კი არა , ნამდვილი კაცების კოშმარი იყო!

ხომ წარმოგიდგენიათ კატა მოშარდვის გამო გაპარსა და კაცს რას უზამდა, თუ ღალატზე წაასწრებდა?! ამის გაფიქრებისას ინსტიქტურად მივიფარე ორივე ხელი ჩემს კაცურ ღირსებაზე. ნამდვილად ვუთანაგრძნობდი მის მომავალ რჩეულს.
ქრისტინამ კი ჩემი ეს მოძრაობა მორიგ გარყვნილობად მიიჩნია რატომღაც და
" გარყვნილო, გარყვნილოს!" კივილით გავარდა სამზარეულოდან.

კარის გაჯახუნების ხმა რომ გავიგონე გეფიცებით შვებით ამოვისუნთქე.
მერე რა თუ ბრძოლის ველი სამზარეულო, ჩაფსმული რაგუ, გაპარსული კატა და ტვინის შერყევა დამიტოვა. სამაგიეროდ ჩემგან შორს იყო. და მე ვიყავი უსაფრთხოდ მისგან შორს.

ფილომენა, ანჟელა და ალე ერთად მოვიდნენ, ჩემ სანახავად.

_ ეს რა მოგსვლია ჩემო ბიჭო?_ გვერდით მომიჯდა ანჟელა._ მართლა ქრისტინეს გადასარჩენად გასწირე თავი?
მითხრა თანაგრძნობით და სამი წყვილი თვალი გულაჩუყებული მომაჩერდა.

_ რა ვქენი?_ ანუ ჩემი საქციელი თავგანწირვად არ შემიფასებია და ამგვარმა ფორმულირებამ კინაღამ თავად მეც ამიჩუყა გული.

_ მართლა ბუყეს ბრალი იყო? _ ახლა ბუყეს მიუბრუნდა ფილომენა._ შენს სულ გადაირიე? რას აკეთებ თუ ხვდები? მასზე უნდა იზრუნო, კი არ უნდა მოკლა!!!

_ კიიი!_ ამოკნავლა საწყალმა ბუყემ. ვინ ვინ და მე ხომ ვიცოდი, იმ ქოთანს მე რომ ნამდვილად არ მიმიზნებდა. ყველაფერი ჩემი უადგილო და არამკითხე გმირობის ბრალი იყო.

_ რა დაგმართა იმ ალქაჯმა, საყვარელო?_ მიეალერსა ალე და აფერისტსაც მეტი რა უნდოდა. მიეგლისნა დამღვალი კარაქივით.

ბუყე კი ქრისტინასთან ბრძოლის შემდეგ ბუყე აღარ იყო. ისე შეუბრალებლად გაეკრიჭა იმ არანორმალურს, არა კი არ გაეკრიჭა გაეღრიჯნა. მისი საამაყო ულვაშები ძირში მოესხიპა. ფუმფულა ლოყები ოღროჩოღროდ გაეკორტნა. ფაშფაშა კუდუნია ისე ჰქონდა გასლეკილი, როგორც ბიგლის გაფშეკილი კუდი.
გვერდებზეც სულ ხახვის ტომრის ბადეები ეხატა. სხვისი კატა რომ ყოფილიყო სიცილით გავსკდებოდი. ჩვეულად საიმპერატორო მიმიკა, ახლა დაღრეჯილ კლოუნისას უფრო მიუგავდა. თუმცა რამდენადაც ბუყეს ვიცნობდი, ვიცოდი ვალში არ დარჩებოდა და ყოველ წამს ველოდი რაღაც საშინელებას.
და აი ეს დღეც დადგა!

სამზარეულოს ომის შემდეგ ქრისტინას ერთხელაც კი არ მოვუკითხივარ. აღარც მისი საძაგელი ვერანას ხმა ისმოდა. ყველაფერი ქარიშხლის წინა მატყუარა სიმშვიდეს მაგონებდა.
ერთ დილას აივანზე ყავას რომ ვსვამდი. დავინახე, როგორ გამოვიდა ქრისტინა ველოსიპედით სასეირნოდ და თან ეგრეთწოდებული ბარნი ქამრით როგორ მიაბა საჭეს. ჩამეცინა , თავადაც იცოდა რა სულელი ძაღლი ჰყავდა, თორემ დაბმა რად უნდოდა იმ ზულუქს, ისე ვერ გაეკიდებოდა?

მოულოდნელად ქუჩის საპირისპირო მხრიდან ბუყეც გამოტყვრა. და ზუსტად მათ პირდაპირ დადგა. ვესტერნებში რომ დუელების სცენებია ყველას გინახავთ ალბათ არა? აი შერიფი და რომელიმე ბანდიტი რომ დგანან დაძაბული ერთმანეთის პირისპირ და თითი რევოლვერის ჩახმახზე უდევთ. სწორედ ის სცენა გამიცოცხლდა იმ უთენია დილით. გეფიცებით საიდანმე მრგვალად დახვეული თივის თუ ხმელი ბალახის ბულული რომ გაგორებულიყო მათ შორის თუ გამკვირვებოდა საერთოდ.
ქრისტინამ მაგრად მოჰკიდა ველოსიპედის საჭეს ხელი და მარჯვენა ფეხი პედალს დაადგა. ვერანა გაიძაგრა. ბუყემ კი მშვიდად აიქნია კუდი. წამის მეასედში მთელი სისწრაფით დაიძრა ქრისტინა. ალბათ ეგონა მისი შეუპოვრობით შეშინებული ბუყე გვერდით გახტებოდა, მაგრამ მწარედ შეცდა. ჯიუტი კატა ადგილიდან მილიმეტრითაც კი არ დაძრულა. ბოლო წამს ვეღარ გაიმეტა ქრისტინამ სულიერი და ველოსიპედი უგანა. მაგრამ სწორედ იმ დროს დააცხრა ბუყე ვერანას. ისე დაკაწრა, სულ წკავწკავი დააწყებინა. თავად კი სწრაფად გახტა ალეს სურნელოვანი ჟასმინის ცოცხალ ღობეში. იმ ბოთე ვერანამაც გაცოფებულმა დაითრია ველოსიპედი თავის პატრონიანად და პირდაპირ ბუჩქებში ჩაარჭო თავდაყირა . ცოტა ხანს ვიდექი გაშეშებული და იმის გააზრებას ვცდილობდი , რაც დავინახე. წამის შემდეგ გაწეწილი და დაკაწრული ქრისტინა ძლივს გამოძვრა განადგურებული ბუჩქიდან. ვუყურე, ვუყურე და ტომი და ჯერი გამახსენდა , კედელს რომ ზუსტად სხეულის ფორმაზე ანგრევენ გაქცევისას და ისტერიული , სულისშემძვრელი და ხმამაღალი ხარხარი ამიტყდა.
აი ამას ერქვა სრულყოფილი შურისძიება. ამ კატას კი ბუყე არა ლუციფერი უნდა რქმეოდა!
აი ასეთი უცნაურია ცხოვრება დღეს ის იმარჯვებს, ხვალ კი ისევ შენ ხარ მოწოდების სიმაღლეზე. არაფერია მარადიული ამ ქვეყანაზე!!!

5


ქრისტინას ჩვენს უბანში მოსვლას ერთი პლიუსი ჰქონდა. ბუყემ ჩემს დესპოტურ გაღვიძებებს თავი დაანება და ყურადღების მთელი კონცენტრაცია მისკენ მიმართა. მაგრამ მშვიდი ძილი მაინც არ მეღირსა . დილიდანვე რაღაცას აკაკუნებდნენ და ხერხავდნენ აგურის ღობის მიღმა. ცოტა ხანს ვიწრიალე საწოლში, მაგრამ ამ საშინელ , ჯოჯოხეთურ ხმებს ვერაფრით გავუმკლავდი.
ფეხზე ავიზლაზნე და სამზარეულოში შევლასლასდი. ადოლფ_ბუყეს ჯამი ცარიელი იყო. წარბი გაოცებით ავწიე. ნეტა სხვას რას აკეთებდა , ამ დილაუთენია, ჭამაზე მნიშვნელოვანს?!
მე როგორც უკანასკნელმა ყავისტმა, ქაფ_ქაფა ყავა მოვიხარშე და აივნისკენ წავედი.
"მესამე რაიხიც" საკუთარ სათვალთვალო პოსტზე დამხვდა გამოჭიმული. ორი თათით აივნის მოაჯირზე იდგა, ორით ჩარდახის წვრილ ბოძზე ატოტებული, დაძაგრული და თვალებ დამრგვალებული ზვერავდა მეზობლის კარ_მიდამოს.

_ რაო ბუყე, რას ანგრევენ მტრის ფრონტზე?_ ვკითხე და ყურებს შორის მოვეფერე.

_ მიააავ!_ ისე მიპასუხა არც კი მობრუნებულა.

_მოიცა მეც ვნახო!_ მეც ოდნავ გადავიწიე აივნიდან და დავინახე, უამრავი დახერხილი და გარანდული ფიცრების შუაში როგორ იდგა მშვენიერი ქრისტინა და რაღაც ნახაზებს ჩაჰკირკიტებდა.

_ რა ჯანდაბას აკეთებს ეს ვითომ?_ ქალი და ხერხ_ჩაქუჩი ერთად და ხანგრძლივი ქაოსი გარანტირებული გაქვს!
მაგრამ ლამაზი სანახაობა კი იყო. ქერა ბრჭყვიალა თმა კოსად აეწია და ლამაზი ყელი მოეღერებინა. თავს არ ვუტყდებოდი, თორემ ეს ქალი სიზმრებიდანვე მაღელვებდა, უბრალოდ ხასიათი ჰქონდა აუტანელი, მეტისმეტადაც კი.

მთელი დღე ვიჯექით მე და ბუყე აივანზე და ქრისტინას თვალთვალში გართულები ერთმანეთს ვესაუბრებოდით.
მოულოდნელად კატა ძირს ჩამოხტა და ფაცხაფუცხით გავარდა აივნიდან.
ინტერესით გადავიხედე და ქრისტინას უკან ვერანას მოვკარი თვალი. დავინახე ბუყე კარიდან როგორ გაიძურწა და ლამის მიწაზე გაკრული, როგორ მიცოცდა აგურის ღობესთან. მერე ღობეს დაუყვა ასე ძრომიალით სულ მთლად ღობის ძირში პატარა გასაძრომში გაძვრა. პატრონის უკან მშვიდად მჯდარ ბარნის გალურსული ვერაგულად მიუახლოვდა, მაგრამ ძაღლმაც იგრძნო მტრის მოახლოვება. უცბად მოუტრიალდა და ავი ღრენით გამოედევნა. ბუყემ რამდენიმე წრე დაარტყა აკივლებულ ქრისტინას, რომელიც ძაღლის დაჭერას ცდილობდა, მაგრამ გაცოფებულ ვერანას აღარაფერი აღარ ესმოდა. მოულოდნელად ბუყე საიდანაც შეძვრა, ზუსტად იქით გამოვარდა და ღობეში ისარივით გამოძვრა, ვერანამ კი ყეფით მოაშურა და იმავე ნახვრეტში რაღაც სასწაულად თავით შემოერჭო. სანამ გაიაზრებდა, რა მახეში გააბა ბუყემ კიდევ ყეფდა გულადად, მაგრამ რამდენიმე ცდაზე თავი რომ ვეღარ გაყო უკან, ისეთი ღრიალი ასტეხა ადამიანს რომ შეშურდებოდა. ბუყე კი ზუსტად ცხვირწინ ჩამოუჯდა და თავის შელახული ბეწვის საფარის გაკრიალება დაიწყო მშვიდად. ვუყურებდი მის თვითკმაყოფილ ფიზიონომიას და გეფიცებით ვეღარ ვიცინოდი. ზუსტად ვიცოდი შემთხვევით არაფერი არ მომხდარა. ბუყემ გეგმა დაისახა და სრული სუზუსტით აასრულა კიდეც. სულელი ვერანა მახეში გააბა. უკვე ეჭვი მეპარებოდა მართლა კატა იყო, თუ რომელიმე დემონის რეინკარნაცია.

_ კიდევ დიდხანს უნდა იცინო?_ მომესმა ფიქრებში გართულს. არადა ღმერთია მოწმე წამითაც კი არ გამცინებია.

_ ხედავ, რა უქნა ამ ალქაჯების მაშხალამ ბარნის?_ ძაღლიც გაუთავებელი წკავწკავით ბანს აძლევდა პატრონს.
ყურთასმენა აღარ იყო ამ ორისგან.
ამოვიოხრე და ეზოში ჩავედი.
ბარნი ისე იყო გაკვეტებული ღობის გამონგრევის გარდა ვერაფერი უშველიდა. მოზრდილი ურო ავიღე და მათკენ გავემართე.

_ ეგ რა ჯანდაბად გინდა?_ მკითხა ეჭვით ქრისტინამ და ჩემსა და ვერანას შორის ჩადგა.

_ მე რომ ბებიაჩემის ღობეს არ გამოვანგრევ, შენც ხვდები, არა?_ ხუმრობის ხასიათზე მოვედი მე.

_ მერე?_ მკითხა ინტერესით , დაძაბულმა ქალმა.

_ მერე რაღატომ ვაწვალოთ საწყალი? უცებ მოვუღებ ბოლოს! გპირდები, საერთოდ ვერაფერს იგრძნობს! მხოლოდ ერთხელ ჩავცხებ!_ მშვიდად ავუხსენი და ურო შევათამაშე.

_ ვის ჩასცხებ?_ გაოცებისგან თვალები გამოკარკლა ქრისტინამ.

_ ვერანას, ვის აბა?_ რატომ მანიჭებდა მისი გაბრაზება სიამოვნებას, არც კი ვიცოდი .

_ არ მიუახლოვდე! არ მიეკარო! _ ნიკაპი აუკანკალდა ქრისტინას._ ხელი არ ახლო!

არც კი უეჭვია, რომ ვხუმრობდი. მეგონა ჩვეულად იყვირებდა და იკივლებდა და ცოტას გავერთობოდი, მაგრამ მისი ატირება არც კი მიფიქრია.
ლამაზი თვალები ცეემლებით აევსო.
ცოტა ხანს ვუყურებდი გაოცებული. ნუთუ ასეთ უგულო ადამიანად მიმიჩნევდა, რომელიც უროთი გააფრთხობინებდა ძაღლს სულს? თუნდაც ეს ძაღლი მსოფლიოში ყველაზე აუტანელი სულიერი ყოფილიყო.

_ გეხუმრე ქრისტინა!_ ვუთხარი სერიოზულად._ უბრალოდ გეხუმრე!
ქალი ისევ ეჭვით მიყურებდა.

_ გეყოფა ტირილი! გაიწიე იქით, ნახვრეტი უნდა გავაფართოვო!_ ვუთხარი უკვე გაბრაზებულმა.
ნელა გადგა გვერდზე. მე კი ფრთხილად და მოზომილად გამოვაგდე კიდევ ერთი აგური ღობიდან. ვერანაც გასუსული აკვარკვალებდა შავ თვალებს, სანამ მე სამაშველო ოპერაციას ვატარებდი. ბუყემ ანჩხლად შემომკნავლა და უკმაყოფილოდ აძვრა ისეთ სიმაღლეზე სადაც შურისძიებით ანთებული ვერანა ვერ მისწვდებოდა.

_ მადლობა!_ მითხრა ქრისტინამ, ბარნი რომ უსაფრთხოდ დაინახა.

_ არაფერს!_ ვუთხარი ნაწყენი ხმით.

_მაპატიე, რაც გითხარი. უბრალოდ..._ ვერაფერი მოიფიქრა და გამიღიმა. პირველად ვნახე მისი ღიმილი. მზესავით იყო. აი ჩაბნელებულ დღეს რომ გაუნათებს ადამიანს, თურმე სწორედ ისეთი ღიმილი ჰქონია. მახსოვს გავიფიქრე, რომ დიდი სიამოვნებით ვიქნებოდი ამ კაპასი ქალის ხშირი ღიმილის მიზეზიმეთქი!

_ გინდა ცივი ყავა დავლიოთ?_ მკითხა მან.

_ მინდა! _ არა ყავა კი არა მასთან ახლოს ყოფნა მინდოდა.

_ წამოდი!_ მითხრა და ისევ გამიღიმა. ვალოს ეზოში შევედით. იქვე კიბეებთან დადგმულ სკამზე დამსვა და მალე ყავა და საზამთრო გამოარბენინა. გვერდით მომიჯდა.

_ მოდი თავიდან ვცადოთ!_მითხრა ძალიან გაუბედავად.

_ რა ვცადოთ?_ ძალიან კარგად მივხვდი, მაგრამ მინდოდა თავად ეთქვა.

_ დამეგობრება ვცადოთ! ვალომ ათასჯერ მითხრა, რომ შენ ძალიან კარგი ბიჭი ხარ! მე კი დაუმსახურებლად გექცევი ცუდად!_ ხელი გამომიწოდა და ისევ თავისი ჯადოსნური ღიმილი შემომანათა.

_ იცი, ხშირად უნდა გაიღიმო!! _ ვუთხარი და გამოწვდილ ხელზე თითები მოვუჭირე._ ძალიან გიხდება!

_ რას აკეთებ?_ ვკითხე საუბრის ასაწყობად და თვალით სამუშაო მასალაზე ვანიშნე ეზოს შუაგულში რომ ჰქონდა გაშლილი.

_ კლიმატისების ფანჩატურს ვაწყობ!_ მიპასუხა ბედნიერმა.

_ გეხერხება მსგავსი საქმეები?_ ვკითხე გაოცებულმა.

_ კიი ლანდშაფტის დიზაინი ჩემი გატაცებაა!_ ნახავ ცოტა ხანში ამ ეზოს რა სილამაზედ ვაქცევ!_ დაიქადნა ბავშვივით ჭირვეულად.
ალეს ეზოსგან განსხვავებით, ვალოს ეზო მოუვლელს ვერ ვიტყვი, მაგრამ ულამაზო და ცარიელი იყო.

_ აი შენს კედელთან ბანქსიებს დავრგავ. ძალიან მოუხდება წითელ აგურს ყვითელი ვარდები, ნახე , აი აქ შემოსასვლელთან გლიცინიას ავაყოლებ.
უყურე, იქ უკანა კედელთან იასამნებს და აზალიებს. აქ ხომ კლემატისები იქნებიან. მერე დაბალი ყვავილებს და გაზონს მივხედავ. აივანზეც მაქვს გეგმები.
იმ დღეს ალეს ჟასმინის სურნელმა მომხიბლა!_ ის გაიხსენა ბუყემ რომ ვესტერნის ოინი მოუწყო. გამეღიმა_ ხოდა მოზრდილ ნერგს შემპირდა.
ისე იყო აღფრთოვანებული, დაუზარელად გადი გამოდიოდა,თვალებ ანთებული მიხსნიდა თუ რას და სად დარგავდა. როგორ დეკორს გააკეთებდა. მე კი ვუყურებდი და მისი მოსმენა, მისი ყურება მსიამოვნებდა.

_ გინდა დაგეხმარო ამის აწყობაში?_ ვკითხე და საფანჩატურე მძიმე მასალაზე ვანიშნე. საკმაოდ მძიმე კოჭები და ფიცრები იყო, დახმარების გარეშე ვერაფერს გააწყობდა. თავი დამიქნია.

იმ დღიდან რაღაც შეიცვალა. ჩვენ ერთად ვმუშაობდით და ერთმანეთს ისე გავუგეთ თავიდან რომ ვერც წარმოვიდგენდით. ვერანაც და ბუყეც გაოცებული გვადევნებდნენ თვალს. თითქოს ერთმანეთისადმი მტრობაც კი გადაავიწყდათ. თუმცა არა მარტო ისინი, ალე , ფილო და ანჟელაც მოდიოდნენ ვალოსთან, ერთად და შეთანხმებულად. მერე დასხდებიდნენ ოთხივენი ვალოს პარმაღზე და გვიყურებდნენ ბედნიერი ღიმილით. აშკარად შორსმიმავალი გეგმები ჰქონდათ ჩვენთან დაკავშირებით.

თუ ფილო რაიმეს დამავალებდა, მაგალითად ჟუჟასთან გამაგზავნიდა. ალე ქეისტინას აგზავნიდა, სწორედ იმ წამს მოუნდებოდა ან წამალი, ან რაიმე პესტიციდი. ჩვენც ვითომ შემთხვევით, შევხვდებოდით ერთმანეთს უბნის დაღმართის თავზე ბებია_ ბაბუასეული ძველი ველოსიპედებით და დავუყვებოდით ქალაქისკენ მიმავალ გზას.

დაბნეულობამ და გაურკვევლობამ ვერანას და ბუყეს მალე გადაუარათ და ისევ მოსისხლე მტრებად იქცნენ. მართლა არ ვიცი, საიდან იგონებდა ბუყე ამდენ ოინს. ან ეს სულელი ბარნი, როგორ ვერ სწავლობდა ჭკუას.

დრო გადიოდა და ფანჩატურის აგებაც დასასრულს უახლოვდებოდა. მართლაც, რაღაც შესანიშნავი რამ გამოდიოდა. საკმაოდ მოზრდილი, მრგვალი ფორმის. პრიალა ხის იატაკით, მაღალი დაკლტკილი ღობით, შიგნით ხისავე სავარძლებით და მაგიდით, სარწეველა სკამით და ბუგენვილიასა და მანდევილასათვის გამიზნული ლამაზი თიხის ქოთნებით. როცა ფერადი კლიმატისებით დაიფარებოდა ამაზე მყუდრო რაღა უნდა ენატრა ადამიანს, დასასვენებლად და საოცნებოდ.

_ შენთვის რაღაც მინდოდა მეკითხა!_ მითხრა ერთ საღამოს ქრისტინამ. როცა დასასვენებლად ფანჩატურის კიბერბზე ჩამოვსხედით და ცივი, გემრიელი, ნაყინიანი ყავა მოვიდგით.
ინტერესით გავხედე.

_ ჩვენი პირველი შეხვედრისას, საიდან იცოდი ჩემი სახელი? სულ ამაზე ვფიქრობ და ვერ ამიხსნია._ გამახსენდა ვალოს მისამართი რომ მკითხა. გამეცინა. მისთვის არასდროს მომიყოლოა ჩემს სიზმრებზე.

_ ქრისტინა სიზმრების გჯერა?_ ვკითხე და თვალებში შევხედე.

_ კი მგონი მჯერა!_მხრები აიჩეჩა მან.

_ ხოდა სიზმარში გნახე, თან არაერთხელ!_ გაეღიმა და ეჭვით შემომხედა, ეგონა ვხუმრობდი.

_ არ გეხუმრები, მართლა გეუბნები!_ ავდექი და ყველაფერი მოვუყევი. თუ როგორ მესიზრებოდა და საიდან ვიცნობდი ჯერ კიდევ გაუცნობლად.

_ანუ არ ხუმრობ?_ მკითხა და დაფიქრდა._ იცი? ბარნი არასდროს მოქცეულა ისე, როგორც იმ დღეს! სახლიდან გიჟივით გამოვარდა, ყეფით გარბოდა და ძლივს ვეწეოდი. მარტო მაშინ ჩერდებოდა, როცა ხვდებოდა ვეღარ ვეწეოდი. მერე მხედველობიდან დავკარგე. არასდროს გაქცეულა. არასდოს დასდევნებია არც კატებს, არც ძაღლებს. არასდროს გამოუხატავს აგრესია ვინმეს მიმართ. შენც ხომ ხედავ, რა ბოთეა. არ ვიცი, იმ დღეს რამ გააგიჟა. თითქოს სადღაც აგვიანდებოდა, ისე გიჟივით გარბოდა.
მერე, მე რომ ვაწყდებოდი აქეთ_ იქეთ შეშლილი და მეგონა დავკარგე, მოვარდა ტირილით და სისხლიანი ცხვირით. და გაჩერებისკენ წამომიყვანა. ვფიქრობ ბარნი სწორედ თქვენ გეძებდათ იმ დღეს!

იყო მის ალოგიკურ სიტყვებში რაღაც ლოგიკური. ჩვენ უბრალოდ არასწორად დავიწყეთ ერთმანეთის გაცნობა. აი ისე სიძულვილიდან სიყვარულამდე რომაა. ვიჯექით თითქმის დასრულებული ფანჩატურის საფეხურებზე და ერთმანეთს თვალებში ვუყურებდით. ჯერ კიდევ მაოცებდა მისი მუქი ხორბლისფერი კანი და ბუნებრივად ღია ფერის თმა. მის შავ თვალებს ხომ სულაც სხვა არარეალურ სამყაროში გადავყავდი. ნელა დავიხარე მისკენ გრძნობებს აყოლილი და არც მას გამოუხატავს წინააღმდეგობა და ის იყო მისთვის უნდა მეკოცნა, რომ შემცბარი ხმით ამოილაპარაკა.

_ ჯანუკა ბუყე!_ "ჯანდა ბუყე შენ თავს!" გავიფიქრე გაცოფებულმა "ახლა კ მართლა დაგახრჩობ , ძმაო!" და მის მზერას თვალი გავაყოლე. იდგა ბარნი და პირში თავით ეკავა ჩემი ოქროსფერი კატა. ის კი ტყლარწივით კონწიალიბდა მისი პირიდან გადმოკიდული.
სიცივემ გულიდან მთელ სხეულში დამიარა. ადგომაც კი ვერ მოვახერხე. ანუ ბოლო_ ბოლო არ გაუმართლა ოინმა ბუყეს და ბარნიმ მისი დაჭერა შეძლო. და რა? მომიკლა ბუყე? ამ ფიქრებმა წამის მეასედში ტკივილით დამისერეს ტვინიც და გულიც. სწორედ იმ წამს, იმ საშინლად დაძაბულ მომენტში, მოგვესმა ვიღაცის მშვიდი ხმა:

_ გამარჯობა , ანჟელა შონიას სახლს ვერ მიმასწავლით?
ერთდროულად შევბრუნდით მე და ქრისტინა. კარში მაღალი უცნაურად გამხდარი, შავებში ჩაცმული და საყურიანი ბიჭი იდგა. მოზრდილი საბელით უზარმაზარი გერმანული დოგი ეჭირა. მშვენიერი ქმნილება იყო ეს ძაღლი. ქანდაკებას ჰგავდა. საოცარი აღნაგობის, სრულიად შავი, თეთრი მკერდით. მაღალი აცქვეტილი ყურებით. სათითაოდ ჩამოქნილი კუნთებით, ლამაზი დრუნჩით. ჩვენს საცოდავ, სასაცილო, მსუქან და ქონიან ცხოველებს კი არ ჰგავდა. სულ ლაპლაპი გაუდიოდა.
ნელა მოვხედეთ ჩვენებს. ბარნის თავი გვერდზე გადაეხარა და პირში კვლავ გალორწკნილი ბუყე ჰქონდა გაჩრილი.
ნელა გაუშვა პირი და კატაც ძირს დაეზნეყვა. გაიფერთხა ძაღლის დორბლები, და შემოსასვლელ კარს გახედა. ცოტა ხანს ორივე გაუნძრევლად იდგა. დოგი კი ხმადაბლა ღრინავდა.

_ გაჩუმდი პიკე!_ უბრძანა პატრონმა და ძაღლიც გაისუსა.

_ ორი სახლის იქით!_ ხელით მიანიშნა ქრისტინამ და საეჭვოდ გასუსულ ვერანას გახედა.
ბუყე და ვერანა კვლავ იმ პოზაში იდგნენ. ძაღლი ოდნავ თავგადახრილი, ხოლო კატა მის წინ მჯდარი და კუდ გაფშეკილი.
უცებ ერთმანეთს შეხედეს და გეფიცებით თუ ვტყუოდე, თუ ვიგონებდე ან თუ მომჩვენებოდა. ყოფილმა მტრებმა ერთმანეთს თანამზრახველურად გაუღიმეს.

_ ვფიქრობ მესამე მსოფლიო ომი გარანტირებული გვაქვს!_ ვთქვი შეშფოთებით.

_ თან წინაზე სისხლისმღვრელი!_ ამოილაპარაკა დაღლილი ხმით ქრისტინამაც. ჩვენ ჩვენი ჭიქები ავიღეთ და საწრუპიდან ყავა ხმაურით ამოვწრუპეთ.

_მეცოდება პიკე, მაგრამ ღირსია, აბა რა ეგონა შაკირას რომ უღალატა!_ ჩაილაპარაკა ყალბი სევდით ქრისტინამ.

_კარმა ძვირფასო, კარმა! _ სიმწრით გამეღიმა მეც.

უცნაურია ცხოვრება აბა რა არის, კაცმა არ იცის, კარმა სად წამოგეწევა. მერე რა, რომ ის ძაღლი იყო, პიკე კი ათასობით კილომერტრის იქით ცნობილი ფეხბურთელი. მისდა საუბედუროდ მოღალატე პიკეს სახელი ხომ ერქვა და კარმა სულ არ დაგიდევდათ მის ძაღლობას. თქვენც ფრთხილად იყავით და არ დაგავიწყდეთ, იქნებ თქვენც სადმე ვინმე მოღალატის სახელს ატარებთ და ბრმა კარმა კაცმა არ იცით სად წამოგეწევათ!
არ დაგავიწყდეთ, რომ ცხოვრება უცნაური რამაა!
უცნაური!!!


დასასრული.....


ვე რა



№1  offline აქტიური მკითხველი ablabudaa

ძალიან სახალისო მოთხორბა იყო, ძალიან ბევრივიცინე ❤️❤️❤️ მადლობა რომ ასეთი კარგი ნაწერებით გვამარაგებ ❤️❤️❤️

 


№2 სტუმარი სტუმარი მანანა

მადლობა, რაც ,,მონადირე,,-ზე დავითრგუნე აქ ვიხალისე.

 


№3  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი მანანა
მადლობა, რაც ,,მონადირე,,-ზე დავითრგუნე აქ ვიხალისე.

სამწუხაროდ მონადირე არ მომიგონია, მართლა მოხდა და იმდენად დამთრგუნავი მოსასმენი იყო, ვიფიქრე ასე უბრალოდ არ უნდა დაკარგულიყო და ამიტომ მოვყევი. რაც შეეხება ბუყეს ჩემი ჯატებისადმი სიყვარულმა დამაწერინა, მიხარია რომ მოგეწონათ.

 


№4 სტუმარი სტუმარი ნანა

იმედია სტოკჰოლმის სინდრომს გააგრძელებთ

 


№5  offline ახალბედა მწერალი ვე რა

სტუმარი ნანა
იმედია სტოკჰოლმის სინდრომს გააგრძელებთ

ვაგრძელებ,მაგრამ სანამ არ დასრულდება ვერ ავტვირთავ

ablabudaa
ძალიან სახალისო მოთხორბა იყო, ძალიან ბევრივიცინე ❤️❤️❤️ მადლობა რომ ასეთი კარგი ნაწერებით გვამარაგებ ❤️❤️❤️

მიხარია თუ მოგეწონათ,

 


№6 სტუმარი სტუმარი ნანა

იმედია მალე ატვირთავთ.

ძალიან მოგვწონს თქვენი მოთხრობები

 


№7 სტუმარი ნანე

საოცრად წერთ

 


№8 სტუმარი სტუმარი ნატო

ღმერთო რამდენი ვიცინე და ვიხალისე.მაგარი იყო.წარმატებები.

 


№9 სტუმარი ნია

იმედია გააგრძელებთ სტოკჰოლმის სინდრომს. როგორც ყოველთვის ეს ისტორიაც საინტერესო იყო

წარმატებებს გისურვებთ და გელით სიახლეებით

 


№10  offline ახალბედა მწერალი ვე რა

ნია
იმედია გააგრძელებთ სტოკჰოლმის სინდრომს. როგორც ყოველთვის ეს ისტორიაც საინტერესო იყო

წარმატებებს გისურვებთ და გელით სიახლეებით

გამარჯობა. მადლობა შეფასებისთვის. კი დავიწყე წერა და როცა დავასრულებ შემდეგ აქაც ავტვირთავ. იმედია მეორე ნაწილიც მოგეწონებათ.

ნანე
საოცრად წერთ

მადლობა????

 


№11 სტუმარი დარია

არაჩვეულებრივად წერთ,წარმატებები

 


№12 სტუმარი საოცრებაა

რამდენჯერჩ არ უმდა
წავიკითხო ვკვდები სიცილით????????

 


№13  offline ახალბედა მწერალი ვე რა

საოცრებაა
რამდენჯერჩ არ უმდა
წავიკითხო ვკვდები სიცილით????????

მადლობააა)))

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent