შანსი & რწმენა
ყველა მორწმუნე სინამდვილეში ერთი რამაა, მასიმა. ყველა მორწმუნე ბრმაა. ვინც ბრმა არაა, მას რწმენა ვერ ექნება, რადგან ის, რასაც ხედავ, მისი არსებობის იქეთ არ გაგახედებს. შენში რომელი კვდება პირველი მასიმა? რწმენა თუ შანსი? ჩემს სახლში პირველი შანსი მოკვდა. მას თალიე ერქვა, ხომ ლამაზი სახელია? იცი როგორ მიყურებდა? როგორც ღრუბლებში გახვეული მთვარე დედამიწას. ერთხელ მითხრა, რომ სიყვარული ამებიოზია იმისა, რასაც ძალადობას უწოდებენ. თუმცა რამდენს ვლაპარაკობ... მგონი კითხვაც დაგისვი. გეპასუხა, გამაჩერებდი. ილაპარაკეო, მასიმამ. როცა ლაპარაკობ, მავიწყდება, რომ მეც მაქვს რაღაც სათქმელი, ჰოდა დამავიწყდეს, რადგან სიჩუმე ჯვარზე აკრავს ჩემს საყვედურებს, სავალალო სიტყვებს, ჩემს დემონებს. ყველა ფუ წუწუნის მიზეზს, რომლისთვისაც ის ადამიანი იტირებდა, რომელმაც არ იცის, რომ ღმერთი მათზე იცინის... ჰო, ნუ გაჩერდებიო. ვარსკვლავებჩამქრალი ცის კიდესთან, დედაბრის დაკვარჩხნულ ხელივით მოღუნულ ხის ტოტებში ცა შეღიავებულიყო. ცის კიდე იდუმალ თეთრ სინათლეს გაეფერმკრთალებინა, თითქოს ერთი თვალის მოხუჭვაღაიყო განთიადამდე. ადამიანმა იქით გაიხედა და მზერა გაუქვავდა. მომიყევიო რწმენაზე, შანსზე... ქვიდან ანგელოზი დაიბადა. მე და რწმენა დიდხანს ვცხოვრობდით ერთად მისი დის სიკვდილის შემდეგ. იმან თავი ბაღში დაგვამარხინა, ჭასთან ახლოს. ჯერ კიდევ სუნთქავდა მზეს მიფიცხებული, როცა პატარა ბიჭებს დაუძახა მეზობლებისას და თავის საფლავს ათხრევინებდა. რწმენა ცრუმორწმუნე იყო და სექტემბრამდე მიწის გადაბრუნების გამო დას უწყრებოდა, ამიტომ სიტყვაძუნწი შანსი მხოლოდ მეღა მელაპარაკებოდა. მე შევრჩი და იმიტომ. ალბათ ვუსმენდი, მასიმა არ მახსოვს. მაგრა. მომწონდა მისი ბუნდოვანი მზერა, დაორთქლილი ლიბრი, სველი. მითხრა, ჩემგან და ჩემი დისგან თითო რამ შეგიძლია წაიღო, ოღონდ აქედან მანამ ვერ წახვალ, სანამ ორივე არ მოვკვდებით. დაჯექი და მოიფიქრეო. ვკითხე, ნებისმიერი რამე შემიძლია წავიღო? ის რაც რწმენასა და შანსში შეიძლება იპოვოო. ვიფიქრე ისეთი რამ თუ არსებობს, საერთოდ, რასაც რწმენა ან შანსი არ ფლობს, ალბათ ის მხოლოდ ტკივილია და მას ამ გადაყრუებულ დებს ნამდვილად არ ვთხოვ მეთქი. გადავწყვიტე მათ უკანასკნელ წამებამდე მომეცადა, რომ მათი ძვირფასად ყოფნა გამეხანგრძლივებინა; ჩემთვის თუ მათთვის არვიცი. მოკლედ გადაწყვეტილი მქონდა სიკვდილის წინ შანსისთვის რაც გამომერთმია აღქმის ბუნდოვანება ყოფილიყო, რადგან მივხვდი, ჩემი იდეალური ჭვრეფა ჩემს სულს ხელს უშლიდა გაქცეულიყო. მაგრამ, მასიმა, შანსი დავმარხეთ თუ არა, ღამის შემობრუნებამდე მოკვდა რწმენაც. არადა რწმენას არასდროს მოუცია ჩემთვის უფლება შანსის მეწამა. მას უფრო მაღალი იდეალის, დიადი ხსნის სჯეროდა. მისი ანდერძი ასეთი იყო: ნუ დამმარხავთ. დამწვით, რათა მეორე მოსვლის დღეს ჩემს სულს აღარ დახვდეს ჭურჭელი, რომელშიც მეორედ გამორმწყვდევა. ნუ მეღირსება მეორედ ჩემს სხეულს შევხვდე... რა მექნა სხვა, ანდაც, რატომ?ისე გავაკეთე როგორც უნდოდა. გავაკეთეთ... იცი, რწმენამ რა დამიტოვა? სიკვდილის წინ,რა დამიტოვა? შანსი. ის ჩემს წინ გაჩნდა, როცა ხალიჩას ფეხი ვკარი და მიწურიდან მინდორში გადაშლილ ბოლოში მისი მკვდარი დის გვამი ინერციის ძალით გაქვავდა. ჩვენ კვამლისგან მომხრჩვალ ცეცხლში ჩავაგდეთ მისი მუჭისოდენა სხეული. ფერფლიც არ დაგვრჩენია, ნახშირშს შეერია. იმ ნახშირთან ერთად დამარხა თალიემ სასაფლაოზე სხვათა შორის, საფლავის თავზე კი, სახელისა და სხვათა და სხვათა მაგივრად ასეთი წარწერა დამადგმევინა: არ ღირსებოდეს აქ მოსვლა. ვაკვირდებოდი, ყველა მის წინ გამვლელი როგორ შეჩერდებოდა, თვალებს მოუჭუტავდა, მხრებს აიჩეჩდა და მიდიოდა. მეც არაერთხელ შევჩერებულვარ მზის ქვეშ მტვერდადებულ ელვარე წარწერით მონუსხული, მისი საიდუმლო სიდიადით, რომელიც ღმერთის შექმნილ მიწაზე არ დაბრუნებას უსურვებდა გარდაცვლილს. ცოტახანს შანსსთან ერთად ვცხოვრობდი იმ ქოხში. ვკითხე ერთხელ, ნუთუ იმიტომ, რომ სხეულიანად დავწვი მეთქი, იმიტომ არ მეცხადება იმის სული, შენი კი ჩრდილთან ერთად დამყვება-მეთქი? მან ის გამიმეორა, რაზეც საკუთარი თითების ჭამით გართული გამალებით ვფიქრობდი: სანამ რწმენა ცოცხალი იყო, მე, შანსი ვერაფერს გავხდებოდიო. იმისათვის რომ რწმენისთვის გამოუვალი სიტუაცია ამეხსნა, ჩემი სიკვდილი იყო საჭირო. ჩემი სიკვდილი, რომელიც რწმენის არსებობას უაზროს ხდიდა. აკი ასეც მოხდა... ახლა, როდესაც ის აღარ არის, მის ფერფლზე შემიძლია აღვსდგე, შენ კი - დაივიწყო, რისიც მასში გჯეროდა და შენ წინ გზაზე ჩრდილად დამაგო... როცა ვკითხე, ნუთუ ეს ერთმანეთის მოკვლის გარეშე არ გამოვიდოდა? მან მწიხარებით ამოიოხრა. ნუთუ არ გესმის, რომ თუ კი გწამს გასასვლელი გზების მას ვერასდროს იპოვი? რადგან გზა არ არსებობს. გზას შენ ქმნი, შენი ბრაზით,ველური გაქცევით. შენში რწმენა უნდა მოკვდეს და მისმა მწუხარებამ , სასოწარკვეთამ მხოლოდ შანსის შექმნის საჭიროებაზე დაგანარცხოს. ნამდვილი ცხოვრება ასე იწყებაო, მასიმა:როცა კვდება, ყველაფერი რაც ოდესმე იცოდი. როგორც ხედავ, შანსსმა იცოდა, რომ პირველი მაინც თვითონ იყო დებიდან მკვდარი. რწმენა სწორედ მისმა სიკვდილმა გააქრო, რადგან ფარულად მას შანსიც სწამდა და უშანსობამ სასოწარკვეთაში ჩააგდო. მასიმამ ხრინწიანი ხმა ამოიღო: რწმენა თავისი არსით ეწინააღმდეგება შანსს მაგრამ როგორც ღმერთისა და მწუხარებაში უღმერთობის, მას შანსისიც და უშანსობის სწამს. ის მოკვდა, რწმენა მოკვდა მასიმა. შანსი კი დღემდე უკან დამსდევს. ყველაფერი შანსით კეთდება, რაც არ კეთდება - შანსის ურწმუნოებით. კოდორადან მესამე ცდაზე რომ გამოვაღწიე ისე უსასრულო აღარმეჩვენა მიტოვებული ქოხები და გრძელი, გაუმჭირვალე, მდუმარე ტყეთა რიგი. ვინ იცის იქ რამდენი აჩრდილი ამოუხოცავთ. ბავშვობაში იქ დავრბოდი მასიმა, კოცონებს ვეძებდი, სამეფო გზას... ყველაფერს იქ ვეძებდი, ტყეში. ახლა კი ამ ბაზარში დამწვარი ბორბლების სუნს ვყლაპავ და რომ ვიხრჩობი სინამდვილეში, მგონია რომ ვთბები.. და ასე მგონია, მასიმა, მანძილი კი არა,დრო გავიარე. მაგრამ მომწონს ამ ცის ნაგლეჯზე სხვანაირად რომ ციმციმებს ვარსკვლავები, თითქოს ყველა წითელი ვარსკვლავის ბოლო ფაზაშია და სადაცაა თავზე ცეცხლი დამეყრება... შენი სახელიც როგორ მომწონს, მასიმა... აღარ მახსოვს, რომ ნაბახუსევი გამივლის თუ არა, შენც გამივლი ორპირივით მეც ხომ ცოტა სიბრმავეს ვითხოვდი, მეტს რას. შანსმა და რწმენამ კი ბოლოს მაინც ერთმანეთი დამიტოვეს |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.