პითეკანთროპი (1)
-დილა მშვიდობის ბატონო ცოტნე-დილით ზუსტად 9 საათზე, ყოველდღე ცოტნე ერთი და იმავე დროს მიდიოდა სამსახურში და როგორც მინიმუმ 50 თანამშრომლისგან ისმენდა ერთი და იმავეს- დილა მშვიდობისა ბატონო ცოტნე-სათითაოდ ესალმებოდნენ უფროსს ღიმილით, მაგრამ ცოტნე არც ერთს ზედ არ უყურებდა. ცივი გამომეტყველებით აგრძელებდა გზას. ცოტნეს ოჯახი ფლობდა საქართველოში სასტუმროების საკმაოდ დიდ ქსელს. თვითონ ცოტნე მარკეტინგის დირექტორი იყო და ამ კუთხით მუშაობდა. მშობლები დიდი ხნის წინ გარდაეცვალა, დედის ერთაც იყო და შესაბამისად ყველაფერი მას ერგო. რთულია გითხრათ ხასიათი ვისგანღა დარჩა. ერთი შეხედვით გულქვა და აროგანტული (ბოდიშს გიხდით ჟარგონისთვის, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს ზედსართავი ცოტნეს ხასიათისთვის არის შექმნილი) ადამიანი ჩანდა. მის ფირმაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც წლობით მუშაობდნენ, მაგრამ ცოტნემ მათი სახელებიც კი არ იცოდა. დილით 9 საათზე მიდიოდა სამსახურში და 6 საათზე, არც ერთი წუთით მეტი ან ნაკლები, ბრუნდებოდა სახლში. თანამშრომლებისგანაც იმავეს მოითხოვდა. თავისთავად მარტო ცხოვრობდა, 28 წლის ასაკში ცოლი ჯერ კიდევ არ ჰყავდა. მაგრამ რა თქმა უნდა გასაკვირი არ არის, სახეზე ისეთი გამომეტყველება ჰქონდა, გეგონება მთელი სამყარო მასთან ვალში იყო და მას უნდა მომსახურებოდა. მეგობრებიც სამსახურის გარეთ არ ჰყავდა, აქაც მხოლოდ 1 თუ 2 და ისინიც მაღალ თანამდებობებს იკავებდნენ. ჩვეულებრივ მოკვდავებს, მაგალითად მენეჯერებს, მდივნებს და ასისტენტებს ცოტნე არათუ ემეგობრებოდა, ზოგჯერ ფირმაში საპირფარეშოში შემოპარულ ადამიანებად აღიქვამდა. არ ვაჭარბებ, რამდენიმეჯერ დაცვისთვის უთქვამს ასისტენტებზე რატომ უშვებთ ნებისმიერს კომპანიაშიო. ამიტომ საკმაოდ რთული იყო ,,გრინ’’-ში მუშაობა. ასე ერქვა მათ სასტუმროების ქსელს და ფირმას ,,Green’’. თუ ვინმე წლობით გაჩერდა ისიც ანაზღაურების და ბენეფიტების ხათრით, თორემ ცოტნეს ვერავინ იტანდა. წელიწადში ერთხელ, კორპორატიულზე იკრიბებოდნენ, სადაც ცოტნე არასდროს არ მიდიოდა და გულიანად ლანძღავდნენ. ბარში თუ მიდიოდნენ, ცოტნეს სურათს კიდებდნენ დართის დაფაზე და პატარა ისრებს ესროდნენ. ცოტნეს ეს სულ რომ ცოდნოდა, ალბათ არც იდარდებდა, რადგან მათთვის ეს ადამიანები არაფერს წარმოადგენდა. დილით ჩვეულებრივად 09:00 საათზე ცოტნე უკვე თავის კაბინეტში იჯდა და შემდეგი შეხვედრისთვის ემზადებოდა. 09:05 -ზე როგორც ყოველთვის, მის ოთახში თეონა, ცოტნეს ასისტენტი შემოდიოდა და აცნობებდა დღის განრიგს. ამჯერად თეონა ოთახში ხელში სხვა ფურცლებით შემოვიდა და ცოტნეს აუფრიალა ცხვირწინ. -წამიკითხე დღის განრიგი-ცოტნეს თავი არ აუწევია და ფურცლებისთვის ყურადღება არ მიუქცევია, ბლოკნოტში რაღაცას იწერდა. -შენთითონ წაიკითხე-თეონამ მაგიდაზე დაუხეთქა ფურცლებით სავსე ფაილი-სამსახურიდან მივდივარ-ცოტნეს გაეღიმა, ცალი წარბი აუწია თეონას და მზაკვრულად ახედა ქვემოდან. -რამდენით გინდა ხელფასის გაზრდა?-წამითაც არ უფიქრია, რომ თეონა სერიოზულად განიხილავდა სამსახურიდან წასვლას. -არც ერთი თეთრით, მეტიც, ერთი თვე არ ვაპირებ მუშაობას. როგორც კი კადრს იპოვი ეგრევე მივდივარ. შენნაირი უფროსის ატანა არც ერთ ათასად და მილიონად არ ღირს.-თეონა ამაყი სახით იდგა უფროსის წინ, როგორც იქნა ამოღერღა ის რასაც წლობის განმავლობაში ფიქრობდა ცოტნეზე. -და მე რატომ მეუბნები? შედი ეიჩართან-ცოტნემ ფურცლები აიღო და ისევ ხელში მიაჩეჩა-კარგად. -შ..შენ ნამუსი გაქ საერთოდ? 8 წელია ერთად ვმუშაობთ, ლამის რაც უნივერსიტეტი დავამთავრეთ იქიდან მოყოლებული და გირჩევნოდა ეიჩარს ეთქვა ჩემი ამბავი?-თეონა თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა ბრაზისგან. -თეონა არ მცალია, შეხვედრა მაქვს შენც კარგად იცი. საღამოს დავილაპარაკოთ და განვიხილოთ რა გაწუხებს. ახლა სამუშაო საათებია-ბლოკნოტი დახურა და როგორც იქნა თეონას გახედა, თუმცა უინტერესოდ და უემოციოდ. -იცი რა?-თეონამ ისევ ხელებში შეაჩეჩა ეს ფურცლები-ჯანდაბაშიც წასულხარ შენ, შენი შეხვედრაც, შენი ბანძი ცივი ხასიათიც, რომელიც 4 წლიდან მოგყვება და შენი ვითომ ძაან ქულ და ვითომ სექსი გამომეტყველება. აი ჩემ გარეშე რო თავზე ჩამოგენგრევა მთელი კომპანია, მერე დამინიშნე დრო, 2026 წლის 3 მარტს, ჩემს პრობლემებზე სალაპარაკოდ. -უი ეგ წინა წელს ჩავნიშნეთ ხომ?-ცოტნემ ისევ დამცინავი ღიმილით დაუსვა თეონას რიტორიკული შეკითხვა. თეონას უნდოდა სახეში გაერტყა, ხელიც გაწია, მაგრამ ცოტნემ გააჩერა, წამოდგა და მასთან ახლოს მივიდა-მოგწონვარ? ამაშია საქმე?-წელზე შემოხვია ხელი. თეონა გაიტრუნა, გაშრა ერთ ადგილას-თეო, ასე არასდროს შემომიხედავს შენთვის, მაგრამ თუ ასე გწყინს ჩემგან უყურადღებობა, ვეცდები აწი უფრო ხშირად მოგაქციო ყურადღება. სხვათაშორის დღეს ძალიან ლამაზი ხარ. -ავანტყოფი... ავანტყოფი ხარ-თეონამ ძლივს ამოღერღა, თავისი მაინც გაისწორა, სახეში ძლიერად გაარტყა და ოთახიდან სულ კაკუნ-კაკუნით გავიდა. ფეხზე იმხელა ქუსლებიანები ეცვა 2 წუთს მოუნდა ოთახიდან ისე გასვლას, რომ არ დაცემულიყო. ცოტნე ბოლომდე კარგად აკვირდებოდა მის სხეულს, რომელიც ახლახანს შეამჩნია, რომ საკმაოდ მოყვანილი და ნავარჯიშები იყო. მერე საათს გახედა, გაახსენდა რომ შეხვედრაზე აგვიანდებოდა, ბლოკნოტს მოკიდა ხელი და ეიჩართან შევიდა. -პეტრე-დაუკაკუნებლად შეაღო კარი-თეონა სამსახურიდან მიდის, დღესვე მიპოვე მის ადგილზე სანდო კანდიდატი. უნივერსიტეტი ეხლა რომ დაამთავრა, ჯერ სამუშაო გამოცდილებაც რომ არ აქვს და უბრალოდ ვინმეს ბიძაშვილია, ეგეთი არავინ მომიყვანო-პეტრეს არც გაკვირვებია თეონას წასვლა. ამ ოფისში ის უფრო უკვირდათ ცოტნეს წლობით როგორ უძლებდნენ თანამშრომლები. -და ვაკანსია რომ დავდო? -მაგას დიდი დრო უნდა, მიპოვე ვინმე. მალე. ძველ სივებს გადახედე თუნდაც ბაზაში. -მაგრამ... -გააკეთე-უკან გაბრუნდა, ისე რომ კარიც არ გაუხურავს და წავიდა. პეტრე საგონებელში ჩავარდა, ასე მალე სად უნდა ეპოვა ახალი კადრი? თან ისეთი, რომ ბატონ ცოტნეს მოწონებოდა? ამ დროს გაახსენდა ერთი კურსელი, რომელთან ერთადაც დაამთავრა მარკეტინგი რამდენიმე წლის წინ თავისუფალში. ადრე ამ გოგოს პეტრე მოწონდა, უნივერსიტეტშიც საკმაოდ კარგად სწავლობდა, ვიზუალითაც მშვენიერი იყო და პეტრემაც გადაწყვიტა, რომ ზუსტად ის კანდიდატურა იყო, რომელიც ცოტნესაც მოეწონებოდა. ცოტნე დიდ ყურადღებას აქცევდა თანამშრომლების, განსაკუთრებით კი მისი ასისტენტების ვიზუალს. ქალი აუცილებლად მაღალი, როგორც მინიმუმ 1.70, გამხდარი, მოყვანილი და მოვლილი ტანით, საშუალო სიგრძის მოვლილი ფრჩხილებით, მუდმივად შეკრული თმით, მსუბუქი მაკიაჟით და არა 3 მეტრი სისქის ტონალურით და ფილერებით.. .მოკლედ ეს მხოლოდ მცირე ჩამონათვალია იმისა, თუ რა სტანდარტები ჰქონდა ცოტნეს თანამშრომელბისთვის. ახლა წარმოიდგინეთ რა სტანდარტი ექნებოდა ქალებისთვის, რომლებთანაც სერიოზული ურთიერთობა უნდოდა. შესაბამისად ხელფასების გაცემისას, როგორ უცნაურადაც არ უნდა ჟღერდეს ცოტნე სულ ითვალისწინებდა ქალებისთვის თავის მოვლის ხარჯებსაც, ამიტომ ხან ბონუსს უმატებდა ხან სხვადასხვა კომპანიების მიერ გადმოცემულ ვაუჩერებს და სასაჩუქრე ბოქსებს აძლევდა. ერთი შეხედვით მკაცრი და გულქვა უფროსი იყო, მაგრამ თანამშრომლებზე მეტ-ნაკლებად ზრუნავდა. თავისებურად. პეტრემ ძლივს დაითანხმა თავისი კურსელი გასაუბრებაზე მოსასვლელად, თვითონ ძალიან კმაყოფილი დარჩა, ახლა ცოტნესთან უნდა შეეყვანა. მთელი 20 წუთი ელოდნენ ცოტნეს. პეტრეს კურსელს მარიამი ერქვა. როგორც ზემოთ აგიღწერეთ, მარიამი ზუსტად იმ სტანდარტებში ჯდებოდა, რაც ცოტნეს დაწესებული ჰქონდა თანამშრომლებისთვის. ამას ემატებოდა მისი ქერა, კულულა თმა და ღია მწვანე ფერის თვალები. თუმცა გასაუბრებაზე მოსულს თმა შეკრული ჰქონდა და ვერ შეამჩნევდით ერთი შეხედვით როგორი თმა ჰქონდა. ცოტნეს ლოდინში ნერვიულობდა დაიწყო, ხელზე ბეჭედს აწვალებდა, აქეთ-იქით ატრიალებდა, ხან იხსნიდა, ხან ისევ იკეთებდა. 20 წუთის შემდგომ იკადრა ბატონმა და შემობრძანდა ოთახში საქმიანი სახით. -პეტრე, ეს ასისტენტის ვაკანსიაზე მომიყვანე?-მარიამზე მიანიშნა თითით, ისე რომ არც მისალმებია. მაგიდასთან მივიდა, დაჯდა და მხოლოდ შემდგომ გახედა სიბრაზისგან გაწითლებულ მარიამს. -კი, ცოტნე. გაიცანი, მარიამ დაშნიანი. -სალამი მარიამ-მხოლოდ შემდგომ მიესალმა მარიამს ყალბი ღიმილით, სივი აიღო ხელში და გადახედა-მოკლედ გეტყვი, თავისთავად დიდი მნიშვნელობა აქვს სად სწავლობდი, როგორ და ასე შემდეგ, მაგრამ ჩემთვის ისიც საკმარისია რომ პეტრემ ამოგარჩია და ვენდობი. ვხედავ თავისუფალი დაამთავრე, ჯიპიეიც მაღალი გქონდა, თუმცა ეს საერთოდ არ არის საინტერესო, რადგან ბევრი ვიცი ვისაც შენნაირი ჯიპიეი ჰქონდა. რაც შეეხება სამუშაო გამოცდილებას, არც ისეთ ცუდ ფირმებში გიმუშავია, მაგრამ დაბალ პოზიციებზე. აქ არ გთავაზობთ დაწინაურების პერსპექტივას, მე მჭირდება ასისტენტი, რომელიც როგორც მინიმუმ 3 წელი იმუშავებს ჩემთან. კონტრაქტსაც ასეთს ვდებ, 3 წლიანს. გამოსაცდელი ვადა მხოლოდ 2 კვირა მაქვს, არ მაქ ამაზე მეტი დრო დასაკარგად რომ ყოველ თვე ახალი კადრი ვატრენინგო. საკმაოდ მკაცრი და მომთხოვნი უფროსი ვარ, ამას პეტრე უკვე გეტყოდა. ანაზღაურება შენ წარმოიდგინე და ასისტენტებისთვის არც თუ ისე დაბალია, 2500 გექნება საწყის ეტაპზე, მომავალი წლიდან 3000-მარიამს თვალები გაუფართოვდა, ასისტენტს რატომ ჰქონდა ამდენი ხელფასი ვერ მიხვდა-ამას ემატება ბონუსები თუ არასამუშაო საათებში მოგიწია დარჩენა, რაც ხშირად ხდება ჩვენთან. ემატება მივლინებები, რომლებშიც ჩემთან ერთად ივლი და აქაც დამატებითად გექნება ანაზღაურება. ნუ, ბევრი ბენეფიტია. დაზღვევა არ შედის შენ ხელფასში, ჩვენ ვიხდით ყველა თანამშრომლისთვის. ყველა ჩვენ თანამშრომელს ვთავაზობთ მძღოლის მომსახურებას, მაგრამ ძირითადად ყველას ყავს უკვე მანქანა. ასე, რომ .. შენ თუ არ გყავს, ჩვენი მძღოლი გატარებს. პირობები მოგწონს?-ცოტნემ ისე ჩქარა ჩამოუთვალა ყველაფერი მარიამს, მას სულ დაავიწყდა თავიდან რომ უხეშად და უზრდელად მოექცა. ანაზღაურებაც ისეთი იყო, რომ სხვაგან ასეთ სამსახურს მეორეს ვერ იპოვიდა. სიხარულისგან მეცხრე ცაზე იყო, ფული ახლა წყალივით ჭირდებოდა. გაოგნებულმა დაუქნია თავი-სხვა ყველაფერს და შენს მოვალეობებს უკვე პეტრე აგიხსნის. მთავარი მოთხოვნა ჩემთან პუნქტუალურობაა, არ მიყვარს როდესაც აგვიანებენ, ან დროზე ადრე მიდიან სახლში. ვერ ვიტან არაპროფესიონალიზმს და ფამილარულ დამოკიდებულებას. დისტანციურ მუშაობას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები თუ ავად არ ხარ. ამ შემთხვევაში შეგიძლია სახლში დარჩე. მორჩა, შეხვედრა მაქვს, ხვალიდან უკვე ჩვეულებრივად დაიწყებ მუშაობას, დღეს 6-მდე დარჩი, პეტრე აგიხსნის ყველაფერს და კონტრაქტზე მოგაწერინებს ხელს. წარმატებები-ცოტნე ისევ ადგა და სწრაფი ნაბიჯებით გავიდა ოთახიდან. -ყველაზე უცნაური გასაუბრება იყო, რაც კი ოდესმე მქონია. ორი სიტყვაც არ მათქმევინა-მარიამი გონზე ვერ მოვიდა ისე ჩქარა მოხდა ყველაფერი და პეტრეს გაშტერებული უყურებდა. -ეს ასეთია, მიეჩვევი. ადამიანს არ ჰგავს, მუდმივად რობოტივით იქცევა. არაფერი უნდა გეწყინოს ამისგან. ეხლა აგიხსნი შენს მოვალეობებს. დილით მასზე ადრე უნდა მოხვიდე აქ, სასურველია 9 ს რომ 5 აკლია. უკვე მზად უნდა გქონდეს მისი დღის განრიგი, შეხვდიე მის ოფისში ყავით ხელში. სვამს ნალექიან ყავას, უშაქროდ, ეს კარგად დაიმახსოვრე ან თუ გინდა ჩაიწერე. ყველა შეხვედრაზე დაყვები შესაბამისი დოკუმენტაციით, იქნება ეს შეთანხმებები, პროექტის გეგმა და ა.შ. შეხვედრაზე ივნც იქნება იმათაც თავაზობ ყავას, აკეთებ და მოგაქვს. თუ პრეზენტაციაა იქვე დგახარ და ეხმარები პროექტორის ჩართვაში, მომზადებაში, ა.შ. მოკლედ სულ თან დაყვები. ლანჩზე თავისთავად 1 საათი ისვენებ, მერე ყველაფერს ჩვეულებრივ აგრძელებ. 4-5-ისკენ ისევ გეგმავ შეხვედრებს მომდევნო დღისთვის და უკვე 6-ისთვის წესით ყველაფერი დასრულებული უნდა გქონდეს. ერთი შეხედვით არაფერი რთული, მაგრამ დამიჯერე, არც თუ ისე ადვილი სამუშაოა. -ვხედავ-მარიამმა ღრმად ამოისუნთქა-მაგრამ ახლა ძალიან მჭირდება ეს სამსახური და როგორმე ავიტან ამ ხეპ.. ბოდიში, უნდა მეთქვა როგორმე ვიმუშავებ ასეთ მკაცრ უფროსთან თქო. -გასაგებია-პეტრეს გაეცინა, რადგან ზოგჯერ თვითონ უნდოდა ცოტნეს დახრჩობა-ეხლა წავიდეთ ჩემ კაბინეტში, გავაკეთოთ შენი პირადობის ასლი და საჭირო საბუთები და გაგიშვებ, ისეთი არაფერი არაა სხვა რაც უნდა იცოდე. უბრალოდ მოგცემ პროექტის გეგმებს და შეთანხმებების ნიმუშებს. პეტრემ ძველი პროექტის გეგმებიც კი გაატანა სახლში გადასახედად, უამრავი ინვესტორის და მათი ასისტენტების და სააგენტოების ნომრები ჩააწერინა და სახლში სამეცადინოდ გაატანა. 6 საათისთვის გამოაღწია მარიამმა პეტრეს ოფისიდან, ქვევით ჩავიდა და დემეტრეს დაურეკა, მის შეყვარებულს. მას უნდა მოეკითხა მისთვის, რადგან მარიამს საფულე სახლში დარჩა და ფული არ ჰქონდა, რომ სახლში წასულიყო. ჯერ კიდევ ოფიციალურად არ იყო ფირმის თანამშრომელი და არ ეკუთვნოდა მძღოლის მომსახურება ხვალამდე. მის ბედად კოკისპირულმა წვიმამ დაუშვა. მარიამი დემეტრეს ისტერიულად ურეკავდა, მაგრამ ის ტელეფონს არ იღებდა. ამ დროს უკნიდან ვიღაცამ გვერდი გაკრა და კიბეებზე ჩავიდა, ცოტნე იყო. მანქანა მოუყვანა დაცვის თანამშრომელმა კიბეებთან. მარიამს იმედი ჰქონდა ცოტნე შესთავაზებდა სახლში წაყვანას. კიბეებზე ჩავიდა, უნდოდა მისულიყო და ეთხოვა, მაგრამ უცბად გასრიალდა და სახით კარგად ჩაეხუტა კიბეებს, სანამ ცოტნეს მანქანასთან არ გაადინა ზღართანი. ცოტნე მანქანიდანაც კი არ გადმოსულა, დაცვის წევრები მივიდნენ და წამოაყენეს. ამდენი ხალხის დანახვაზე დაინტერესდა რა მოხდა და ფანჯარა ჩამოწია. -რა უნდა ამ ადამიანს ჩემს მანქანასთან?-ცოტნემ ვერ იცნო ტალახში ამოთხვრილი მარიამი და ალმაცერად გახედა. -ხომ კარგად ხართ?-დაცვის თანამშრომელი შეშინებული უყურებდა, რადგან მარიამი არ პასუხობდა. რეალურად კი ის გაცხარებული იყო, უნდოდა ცოტნეს მანქანის ფანჯარა ჩაელეწა. -თქვენი თანამშრომელი ვარ, მარიამი. დღეს ამიყვანეთ-მარიამმა მტკიცედ უპასუხა. -გასაგებია. ფრთხილად იარეთ მარიამ-ისევ აწია ფანჯარა და წასვლა დააპირა, მაგრამ მარიამმა დაუკაკუნა. -მინდოდა მეთხოვა თუ შეგიძლიათ, რომ ვაკეში დამტოვოთ? ტელეფონი დამიჯდა, ჩემს მეგობარს უნდა მოეკითხა და ვერ მივდივარ. -მძღოლს უთხარით. -პეტრემ მითხრა, რომ დღეს არ მეკუთვნის მათი მომსახურება. -და მე ვგავარ მძღოლს?-ცოტნემ მკაცრად უპასუხა მარიამს და ფანჯრის აწევა დააპირა, მაგრამ მარიამმა ხელით გააჩერა. -მოკვდებით უბრალოდ რომ გამიყოლოთ? დავიჯერო სანზონაში ცხოვრობთ და აქედან ვაკის გავლა არ გიწევთ? -ბატონო?-ცოტნემ ფანჯარას ბოლომდე ჩაუწია, ხმაზე შეეტყო გაღიზიანება. მარიამს კი არა, არც ერთ მის თანამშრომელს არ აპატიებდა ასეთ სითავხედეს. -ბოდიში, უხეშად გამომივიდა. წავალ ჩემით, მირჩევნია 3 სართულიანი კორპუსის ბინის კიბეებზე ჩამოვგორდე, ვიდრე აწი თქვენ რამე გთხოვოთ-ახლა მართლა დააპირა თვითონ წასვლა, მაგრამ ცოტნემ მანქანის კარი გაუღო. მარიამს უნდოდა მიეხურა და უარი ეთქვა, რადგან თავმოყვარეობა არ აძლევდა საშუალებას ჩამჯდარიყო, მაგრამ ამინდი უარესდებოდა, ტელეფონიც უჯდებოდა და დემეტრე არსად არ ჩანდა. ბოლოს დანებდა და მანქანაში ჩაჯდა. -სად ცხოვრობ ზუსტად?-ცოტნემ გაზს ჩააჭირა ფეხი. -ვაკის პარკთან. -ბრაზის მართვის ტრენინგებიც გვაქვს სამსახურში, გამოგადგება-ეს თქვა და მარიამს არც აცალა პასუხი, ისე ჩართო მუსიკა, ჯაზს უსმენდა. ხმას აუწია. -აიფონის დამტენი ხომ არ გაქვს?-მარიამმა ხმამაღლა ჰკითხა, რადგან მუსიკის გამო საკუთარი ხმაც კი არ ესმოდა. ცოტნემ თავი დაუქნია და მიაწოდა. მარიამმაც შეაერთა ტელეფონი და დემტრეს კიდევ ერთხელ დაურეკა. -სად ხარ? ნახევარი საათია გირეკავ, ხომ მშვიდობა გაქვს?-მარიამს განერვიულებული ხმა ჰქონდა, დემეტრე ყოველთვის პასუხობდა მის დარეკილს. -კი, მესიჯი მოგწერე, რომ დღეს ვერ მოვიდოდი, სამსახურიდან გვიან გამოვალ. ეტყობა არ გინახავს. -არა არ მინახავს, უნდა დაგერეკა დემეტრე. საფულე სახლში დამრჩა, არაფერი არ მაქვს თან და ტელეფონიც მიჯდებოდა. -კარგი, გამოვალ ეხლა, სად ხარ? -არ მინდა, თანამშრომელს მოვყავარ უკვე, კარგი მერე დაგირეკავ-გათიშა. ცოტნემ ინტერესით გახედა ტალახში ამოსვრილ, გაბუტულ მარიამს, რომელიც ისევ ბეჭედს აწვალებდა თითზე. -გათხოვილი ხარ?-ცოტნე ხშირად აძლევდა თავს იმის უფლებას, რომ სხვის პირადში ჩარეულიყო. ოღონდ არა იმიტომ, რომ აინტერესებდა, უბრალოდ თავს ირთობდა. -დანიშნული-მოკლედ უპასუხა, არ უნდოდა საკუთარი პირადი ცხოვრების მასთან გარჩევა. სახე კიდევ უფრო მოეღუშა. ნერვიულობდა, რომ მის უფროსზე საშინელი შთაბეჭდილება დატოვა-ბოდიშს გიხდით ბატონო ცოტნე, ასე არასდროს ვიქცევი, უხეშად დაგელაპარაკეთ და არ იფიქროთ, რომ ასეთი ვარ. -ნუ მიხდი ბოდიშს-ცოტნეს გაეცინა- რომ იმუშავებ ჩემთან, მერე გაიგებ ნამდვილად რას ნიშნავს სიუხეშე-ისევ მუსიკას აუწია. შუქნიშანზე წითელი აინთო, მაგრამ ცოტნე არ გაჩერებულა. მარიამმა გაკვირვებულმა გახედა, მაგრამ არაფერი უთქვამს. სახლთან მიიყვანა, მანქანა გააჩერა და მარიამს კმაყოფილი სახით გახედა. -მადლობა. -ხვალიდან მძღოლი მოგემსახურება-ცივად უთხრა. მარიამი გადავიდა თუ არა და კარი მიხურა, ცოტნემ მანქანა ელვისებური სისწრაფით დაძრა ისე, რომ არც დამშვიდობებია მის ახალ ასისტენტს. მანქანა ისე მალე დაძრა, რომ მთელი ტალახი მარიამს შეასხა. -ღმერთო რა ხეპრეა, აუტანელი, ვირი!-მარიამის ტანსაცმელი მთლიანად ტალახში ამოთხვრილი და სულ სველი იყო. გიჟს გავდა, ქუჩაში ტალახში ამოთხვრილი იდგა და ბოლო ხმაზე ილანძღებოდა-მე ვიყო უნამუსო, თუ ამას საოცრება არ დავმართო. მარიამი უფროს დასთან ერთად ცხოვრობდა. მშობლები სოფელში ჰყავდა. ძალიან უჭირდათ და აქედან მარიამი და ქეთა ეხმარებოდნენ რითიც შეეძლოთ. მარიამის ახალი სამსახურის შესახებ, რომ გაიგეს ძალიან გაუხარდათ. ქეთა და მარიამი საღამოს აღნიშნავდნენ ახალ სამსახურს. მეგობრებიც დაპატიჟეს. დემეტრე მოვიდა, მის ორ მეგობართან ერთად. ერთი ქეთას შეყვარებული იყო, ალეკო. -როგორ მოგწონს ახალი სამსახური?-დემეტრემ აივანზე გაიყვანა მარიამი მოსაწევად. -ცოტა უხეში უფროსი მყავს, მაგრამ მთლიანობაში პირობები საოცნებოა. -უხეში რატომ?-დემეტრეს სახე მოეღუშა-მაგას ხო არ უნდა გავუნგრიო ეგ უხეში სიფათი. -არა, არ უნდა-მარიამს გაეცინა დემეტრეს მუდმივ გადამეტებულ მზრუნველობაზე-მეთითონაც გავუმკლავდები. შენ რა ქენი? -როგორც იქნა ხელფასს მომიმატებენ ამ თვიდან, ამიტომ დავრჩი დღეს გვიანობამდე-დემეტრე პროფესიით იურისტი იყო, თუმცა არც თუ ისე მაღალი ანაზღაურება ჰქონდა-შეგვილია იქით თვეში უკვე ჯვარიც დავიწეროთ. -კი, მეც მექნება მაგ დროისთვის ხელფასი და შეგვიძლია ვიწრო წრეში სუფრაც გავაკეთოთ. -მგონი გვეშველა და ეგ არის-დემეტრე გაბადრული სახით უყურებდა მარიამს, სიგარეტი გადააგდო, სახეზე ხელები მოკიდა და მოწყვეტით აკოცა-მალე ყველაფერი დალაგდება. აი ნახავ-მარიამს გულწრფელად უნდოდა, რომ დაეჯერებინა დემეტრეს სიტყვებისთვის, მაგრამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სულ ეს ესმოდა და შემდეგ ყველაფერი თავზე ემხობოდა. დემეტრე ადრე აზარტულ თამაშებს თამაშობდა და პირველი ბინისთვის დაგროვებული ფული მთლიანად წააგო და ვალებშიც გადავარდა. მარიამმა მაშინ არ აპატია, თუმცა 1 წლის მერე შეურიგდა იმ პირობით, რომ აღარასოდეს არ გაეკარებოდა ტოტალიზატორს. ცოტახანში ქეთა გამოვიდა აივანზე ალეკოსთან ერთად. -გვრიტებო-ალეკომ ხელი გადახვია დემეტრეს და მარიამს-როდის არის აბა ქორწილი? -ჯერ თქვენ გადაიხადეთ ერთი-დემეტრემ გაბუტული ბავშვივით უპასუხა ალეკოს. -ქეთა არ მომყვება, გოგო რა ავი და გყავს ეს. -რას ქვია ავი?-ქეთას გაეცინა, მაგრამ მერე სერიოზული სახე მიიღო-აი სად გამოგყვე აბა? სად გვაქვს ბინა? -ვიცხოვროთ ერთად-დემეტრემ შეაწყვეტინა საუბარი-აგერ მისაღებში დავწვებით მე და ალეკო და შენ და მარიამი საძინებელში და ვსო. -ვსო ხო, მოიწყო ცხოვრება-მარიამმა გაბრაზებულმა უპასუხა-მე არ მეკითხები მინდა თუ არა ალეკოსთან ცხოვრება? -მე რაღას მერჩი? იცი რა კოხტა ბიჭი ვარ?-ალეკომ მხრები აიჩეჩა. მერე სამივეს სიცილი აუტყდა და გაბუსხულ მარიამს ეღადავებოდნენ მთელი საღამო, რომ ვერ გაუგო ხუმრობა და ადვილად დაიჯერა დემეტრეს ნათქვამი სისულელე. ალეკო სახლში მალე წავიდა და დემეტრე მარიამთან დარჩა. მარიამმა და დემეტრემ მისაღებში დაიძინეს და დილით ორივე 7 საათზე ადგა მოსამზადებლად. -აუ ზედმეტად ვულგარულად ხომ არ გამოვიყურები?-ოთახიდან გამოვიდა, მუხლებამდე მუქი ფერის სადა ლურჯი კაბა ეცვა და საშუალო სიმაღლის ღია ქუსლებიანები. კაბა ოდნავ ჩახსნილი იყო, მაგრამ რეალურად არაფერს უჩენდა. დემეტრემ გაბადრული სახით აათვალიერ-ჩაათვალიერა საცოლე და კომპლიმენტიც არ დაიშურა. -ვულგარულად არა, მაგრამ ასე თუ აპირებ სამსახურში სიარულს, ეჭვიანობას დავიწყებ-დემეტრემ წელზე ხელი შემოხვია და მისკენ მიიზიდა, ის იყო უნდა ეკოცნა, რომ ოთახიდან ქეთა გამოვიდა. -აუ-ქეთამ სახეზე ხელები აიფარა-აი ხო ვამბობდი, რომ მე დავწვები მისაღებში თქო და ოთახში გექნათ რა ეს ყველაფერი-მარიამს და დემეტრეს სასაცილოდ არ ეყოთ ქეთას რეაქცია. -არაფერს არ ვშვებით ქეთევან-ვშვებით სპეციალურად გამოყოფილად წარმოთქვა დემეტრემ და გულიანად დაცინა ქეთას-მოდი, ყიყლიყოები შევწვით, საუზმე მზად არის. -მე მეჩქარება, საცობებია ვაკეში დილაობით სულ და ვერ ვისაუზმებ. -გზაში ჭამე, მე გაგიყვან მანქანით-მართლა სალფეთკში გაუხვია ყიყლიყოები და ჩანთაში ჩაუდო დემეტრემ. ქეთას დაემშვიდობნენ და გავიდნენ. მარიამი მთელი გზა ხელზე ბეჭედს იწვალებდა, აქეთ-იქით ატრიალებდა. -ჰო არ ნერვიულობ? -ცოტას. -არაფერი გაქვს სანერვიულო, სადაც თავისუფალში გაძელი 4 წელი მაგ ლექტორების გადამკიდე, მაგათზე უარესი უფროსი ვერ გეყოლება. -გეგონოს, გუშინ ხომ მაგ უფროსმ ამომიყვანა სახლში. ვევედრე და ვემუდარე, კიბეებზე დავგორდი, ტალახში ამოვითხვარე და თვითონ არც შემოუთავაზებია. -რატო არ მითხარი?-დემეტრემ მანქანა შუქნიშანთნ მკვეთრი დამუხრუჭებით გააჩერა. -გააფრინე?-მარიამს შიშისგან ხმა ჩაუწყდა. -წითელი იყო-დემეტრემ უცბად უპასუხა თავის გამართლების მიზნით და მას მიუბრუნდა-იტკინე რამე? -არაფერი ისეთი, 3-4 კიბეზე დავგორდი. უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ არაადამიანურია-მარიამმა მხრები აიჩეჩა და ინანა ცოტნეზე რომ მოუყვა დემეტრეს. ისედაც რა ფეთქებადი ხასიათი ჰქონდა და ესღა აკლდა. -არაადამიანურს ვაჩვენებ, როგორ უნდა დაშავებული ადამიანის არ დახმარება. ეგ-მწვანეზე ეგრევე ჩააჭირა ფეხი გაბრაზებულზე. ზუსტად 8:50 იყო სამსახურში რომ მიიყვანა. მთელი გზა ხმა აღარ ამოუღია-მაპატიე გუშინ დროულად რომ ვერ მოგაკითხე. -არაუშავს-მარიამმა ღვედი მოიხსნა, მისკენ გადაიხარა და აკოცა-აბა საღამომდე. -იცოდე თავი არ დაუხარო მაგ სირ რობოტს. -ზუსტად თქვი, რობოტს-მარიამმა გაუღიმა, კიდევ ერთხელ აკოცა და მანქანიდან გადავიდა. დემეტრემ მანქანა დაძრა და წავიდა, ზუსტად ამ დროს მოვიდა ცოტნეც. მარიამი კიბეებზე ავიდა, ახსოვდა პეტრეს ნათქვამი, რომ უფროსზე ადრე უნდა მისულიყო სამსახურში. მაგრამ 8:55 უთხრეს, ახლა 8:53 იყო და აშკარად ცოტნე კიდევ უფრო ადრე მოვიდა. მარიამმა ჩათვალა, რომ მისი გამოცდა უნდოდა და კისრის ტეხით ავარდა მეორე სართულზე და მხოლოდ მერე გაახსენდა, რომ ლიფტი ჰქონდა ამ შენობას. ოფისი კი მეათეზე იყო და ლიფტში შევიდა. აქაც დაასწრო ცოტნეს და მასზე ადრე ავიდა კაბინეტში. სული ძლივს მოითქვა, ქუსლებიანებით სირბილი საერთოდ არ იყო ადვილი. ჩანთიდან ამოიღო დღევანდელი დღის განრიგი და დემეტრეს გამოტანებული ყიყლიყოები დაუვარდა ძირს. -ვაიმე, დეგენერატო-საკუთარი თავის ლანძღვა დაიწყო, ძირს დაიხარა და ყიყლიყოები აკრიფა და რა თქმა უნდა, მარიამის ბედად ოთახში ცოტნე შემოვიდა პეტრესთან ერთად. -დილა მშვიდობისა მარია..მ-პეტრემ სიცილი ძლივს შეიკავა ყიყლიყოებით ხელში რომ დაინახა მარიამი. -დილა მშვიდობის პეტრე, ბატონო ცოტნე. -მე პეტრე რატო და ეს ბატონი ცოტნე?-პეტრე ცდილობდა მარიამის გახალისებას, რადგან ხედავდა, რომ ძალიან ნერვიულობდა. -დილით საუზმის ჭამა ვერ მოასწარით მარიამ თუ რატომ მომიტანეთ ოფისში ეს უცნაური წარმონაქმნი?-არა თუ მიესალმა, ზედაც კი არ შეხედა ისე მივიდა მაგიდასთან და კუთვნილი ადგილი დაიკავა-პასუხი არ გაქვთ? -ჩემმა მეუღლემ გამომატანა ლანჩისთვის და სიჩქარეში დაგვავიწყდა კონტეინერში ჩადება. ბოდიშს გიხდით-უცბად ჩატენა ჩანთაში და დღის განრიგი ამოიღო. -იმედი მაქვს მაგ განრიგს ყიყლიყოების კვალი არ ამჩნევია-ამჯერად დადო პატივი მარიამს, გახედა და გეგმის თვალიერება დაიწყო შორიდან. მარიამს ურჩევნოდა მიწა გასკდომოდა ფეხქვეშ და თან ჩაეტანა. მაკიაჟი რომ არ გაეკეთებინა, ახლა მის პამიდორივით წითელ სახეზე იცინებდა პეტრე გულიანად-ზუსტად 9 საათია-ცოტნემ ხელზე საათს დახედა-შეგიძლია წამიკითხო დღის განრიგი-თან ღრმად ამოიოხრა, აშკარად წუხდებოდა ყველაფრის ახსნა რომ უწევდა მისთვის. -10-ის ნახევარზე შეხვედრა გაქვთ გრინ ჰოტელის მთავარ დირექტორთან, თბილისში მდებარე სასტუმროსთვის მეორე შენობის მიმატების თაობაზე, უნდა წარმოგიდგინონ პროექტი პრეზენტაციის სახით, სადაც დეტალურად იქნება გაწერილი ბიუჯეტი, მშენებლობის ვადები, ნომრების რაოდენობა, თანამშრომლების რაოდენობა და ა.შ. გადმოაგზავნეს უკვე მოკლე მონახაზი და მაგიდაზე დაგიდეთ. შეხვედრა დაახლოებით 2 საათი გაგრძელდება. შემდეგ 12-ზე შეხვედრა გაქვთ...-და ასე აგრძელებდა კიდევ 5 წუთი, რადგან დღის განმავლობაში ცოტნეს უამრავი შეხვედრა ჰქონდა. საქმე არ მთავრდებოდა და კიდევ ძლივს ატევდა მარიამი მის განრიგში ამდენ პრეზენტაციას და პროექტის წარდგენას. უამრავ ინვესტორთან ჰქონდა შეხვედრა. -გასაგებია, 20 წუთში შევალთ საკონფერენციო დარბაზში. პეტრე ახალი პროექტის მოკლე მონახაზი არ მიგიცია მარიამისთვის? ხვალისთვის რომ დამიგეგმოს შეხვედრა. -არა, ეხლა მოვიტან. იმ საქმეზეც მერე დაგელაპარაკები. აბა წარმატებულ სამუშაო დღეს გისურვებთ, მარიამ რაიმე პრობლემის შემთხვევაში აუცილებლად შემოდი ჩემთან-პეტრემ ორივეს წარმატებული სამუშაო დღე უსურვა და ოთახიდან გავიდა. მარიამმაც გასვლა დააპირა თავის კაბინეტში, მაგრამ ცოტნეს ცინიკურმა განაცხადმა შეაჩერა. -შემდეგზე ცოტა ადრე გაიღვიძეთ, რომ საუზმე მიირთვათ. სხვანაირად ასეთ დატვირთულ გრაფიკს ვერ გაქაჩავთ და მალე მოგვიწევს დამშვიდობება. თავისუფალი ხართ-თავისუფალი ხართ. ისე გააღიზიანა მარიამი ამ სიტყვებმა, უნდოდა ჩანთიდან ყიყლიყოები ამოეღო და ცოტნეს პირში ჩაეტენა, რომ ხმა აღარ ამოეღო. თავისუფალი ხარ ისე უთხრა, გეგონება ცოტნეს რომ არ ეთქვა ოთახიდან სხვანაირად ვერ გავიდოდა. ისე იქცეოდა თითქოს ქვეყნის პრემიერი ყოფილიყო და მარიამი მისი მონა-მოსამსახურე. ენას კბილი დააჭირა, გაახსენდა, რომ ამ სამსახურის წყალობით ქმნიდა ოჯახს და უნდა ეთმინა ცოტნეს გამოხტომები, ამიტომ გაუღიმა ნაძალადევად, ჩანთას დაავლო ხელი და თავისი ყიყლიყოებით შევიდა ახალ კაბინეტში. მოკალათდა სავარძელში და ყიყლიყოს ჭამას შეუდგა. ამ დროს კარზე კაკუნი გაისმა, ეგრევე გადადო საჭმელი. -დიახ-ოთახში ვიღაც ქალი შემოვიდა, პირველივე შეხედვით შეატყობდით, რომ ცოტნეს ქალი ვერსია იყო. მკაცრი, ცივი და ამპარტავნული გამოხედვა ჰქონდა. -თქვენ ცოტნეს ახალი ასისტენტი უნდა იყოთ-უცხო ქალი მარიამის თვალიერებით იყო დაკავებული, ფეხსაცმლიდან დაწყებული თმით დამთავრებული რობოტივით ასკანერა გარეგნობა და ჩაცმულობა-სახელი შემახსენეთ? -მარიამი. -ჰმ-ჩაიცინა-ნამდვილად კარგი სახელია. ადვილად დასამახსოვრებელი, ყოველ მეორეს მარიამი ჰქვია-მშვენიერი, ახლა მარიამს სწორედ რომ ცოტნესნაირი უტაქტო თანამშრომლებიღა აკლდა. ამ ფირმაში თანამშრომლები ერთმანეთს გაჭრილი ვაშლებივით გვანდნენ-მე ევა მქვია. ცოტნეს პარტნიორი ვარ, ფირმის 35% მე მეკუთვნის, გასაცნობად შემოვედი, ხშირად შევხვდებით ერთმანეთს. -სასიამოვნოა თქვენი გაცნობა-მარიამი წამოდგა, ხელის ჩამოსართმევად მივიდა, მაგრამ ევამ არც იკადრა. იმ ხელით თმა გადაიწია და ვარცხნილობა გაისწორა. -ასევე. იმედი მაქვს, თეონასავით გულმოდგინედ იმუშავებთ. ასევე იმედი მაქვს, რომ ილუზიებს არ შეიქმნით ცოტნესთან დაკავშირებით, მას ძალიან არ უყვარს, როდესაც სამუშაო ურთიერთობებს თანამშრომლები პირადში ურევენ. -არა, რას ბრძანებთ. გათხოვილი ვარ-ინსტინქტურად ხელი ოდნავ მაღლა აწია და ბეჭედი აჩვენა-ევამ კმაყოფილი სახით შეხედა მარიამის ბეჭედს და ბედნიერი სახით გაუღიმა-მშვენიერი. დიდი ხანია? -არც ისე. რამდენიმე თვეა. -მშვენიერი. კარგი, შეხვედრაზე არ დაიგვიანოთ-ევა კაბინეტიდან გავიდა და მარიამმა შვებით ამოისუნთქა და სავარძელში ჩაეშვა. -ღმერთო ეს რა ხალხია-სახეზე აიფარა ხელები-რა მეშველება-სასოწარკვეთილმა ამოიოხრა. საათს დახედა და მიხვდა, რომ დააგვიანდებოდა თუ დროზე არ გავიდოდა ოთახიდან. გულდაწყვეტილმა დახედა თავის საუზმეს, რომლის ჭამაც ბოლომდე ვერ მოასწრო, ჩადო უკან ჩანთაში და შეხვედრაზე გავიდა. მთელი შეხვედრის მანძილზე გიჟივით დარბოდა აქეთ-იქით, ხან ყავის შეკვეთაზე, ხან პროექტისთვის დამატებითი ასლების ქსეროქსზე, ხან ვიღაცას პრინტის ზომა არ მოსწონდა და წამით არ შეუსვენია ორი საათის განმავლობაში. შეხვედრაზე სკამიც კი არ დაუდგეს ზედმეტი, რომ დაესვენა. ნახევარ საათში ლანჩზე გადიოდა და მხოლოდ ეს ამშვიდებდა. შეხვედრა გაიწელა და პირველის 15 წუთზე დამთავრდა. ახლა მხოლოდ 45 წუთი ჰქონდა დასასვენებლად. ლანჩზე პეტრემ შეაკითხა ოთახში. -აბა როგორია პირველი სამუშაო დღე?-გაბადრული სახით ჰკითხა პეტრემ. -როგორი იქნება-მარიამმაც საპასუხოდ გაუღიმა, თუმცა გულწრფელობის არაფერი ეტყობოდა-მშვენიერი. -კაფეტერიაში არ ჩამოხვალ? -იცი, ისე დამღალა ხმაურმა, რომ მირჩევნია მშვიდად ვჭამო ოთახში. არ გეწყინოს. -არა, რა მეწყინოს-პეტრემ კარი დაკეტა-მეც დავრჩები თუ შეილება. არც მე მიყვარს ხმაური. -კი, ყიყლიყოსაც კი გაგინაწილებ, თუ შეჭამ რა თქმა უნდა-მარიამმა ამოიღო სალფეტკებში გახვეული ყიყლიყოები და მაგიდაზე დადო. ყავაც დაასხა ჭიქებში და მაგიდაზე დადგა. -ევასგან გავიგე გათხოვილიაო. -აქ რა მალე ვრცელდება ჭორები-გატენილი პირით უთხრა მარიამმა-ბოდიში-უცბად გადაყლაპა და გააგრძელა საუბარი-კი, დემეტრეს გავყევი ცოლად. -აბაშიძეს?-პეტრეს პირი დარჩა ღია. -ჰო, რა არის გასაკვირი?-მარიამს ეწყინა პეტრეს რეაქცია. ჩათვალა, რომ დემეტრეს უწუნებდა. -არაფერი, უბრალოდ მგონია, რომ მეტს იმსახურებ. ბოდიში ამას რომ გეუბნები-პეტრეს ხმაზე გულდაწყვეტა ეტყობოდა. -მოდი სამუშაო სივრცეში პირად ურთიერთობებზე ნუ ვილაპარაკებთ, დარწმუნებული ვარ ეს წესი შენს ჭკვიან უფროსსაც ექნება. -როგროც ვხვდები ცოტნეთი არც ისეთი მოხიბლული ხარ-პეტრე უკან გადაიწია, საზურგეს მიეყუდა და ფეხი ფეხზე გადაიდო. დიდი ხანია არ გაუგია თანამშრომლებისგან ცოტნეზე უარყოფითი, ყველა ეპირფერებოდა, შესაბამისად ახლა ერთი სული ჰქონდა მარიამი როდის დაიწყებდა მის ლანძღვას-დამშვიდდი, არაფერს ვეტყვი, შეგილია მენდო. -რითი დავიწყო-მისი სახელის ხსენებაზე უკვე ფეთქდებოდა, სავარძლიდან წამოდგა და კარისკენ ზურგით დადგა, ისე რომ პეტრეს პირდაპირ იდგა-გუშინ მაგალითად, კიბეებზე დავგორდი, წვიმდა საშინლად, სახლში ვერ მივდიოდი, ტალახიანი მივბობღდი მანქანასთან და ვეხვეწე ფაქტობრივად რომ სახლში წავეყვანე. მერე ხეპრესავით მელაპარაკებოდა მთელი გზა და ისე მიმიყვანა სახლში რომ არც დამემშვიდობა, გაზს ფეხი ჩააჭირა და ახლიდან შემასხა მთელი ტალახი. ანუ ასეთი უტაქტო, არაადეკვატური, არაადამიანური და რობოტი არსება ჯერ არ შემხვედრია მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე პეტრე. ხო მიცნობ რა მშვიდი ადამიანიც ვარ და რა რთულია ჩემი მდგომარეობიდან გამოყვანა, მაგრამ აი ასეთი პითეკანთროპი ჯერ არსად არ შემხვედრია!-პეტრე კისკისებდა და თან მარიამის უკან მდგარ ცოტნეს აკვირდებოდა ბედნიერი სახით. ერთი სული ჰქონდა მარიამსაც დაენახა. არც უფიქრია მისი გაჩუმება, სანახაობით ტკბებოდა. იმდენს კი ვერ ხვდებოდა, რომ ცოტნეს იუმორის გრძნობა საერთოდ არ გააჩნდა და მარიამის არც ერთ რეპლიკაზე არც კი გაღიმებია. მარიამმა შეამჩნია, რომ რაღაც მთლად ვერ იყო კარგად, პეტრე უცნაურად იყურებოდა მის უკან და ნელი მოძრაობით გატრიალდა ცოტნესკენ და ეგრევე სახეზე აიფარა ხელები. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.