შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

კიტის (თავი III)


18-05-2024, 19:12
ავტორი Ketevann
ნანახია 654

“ყველა, გარდა ერთისა”

კარზე ფრთხილმა კაკუნმა გამომაღვიძა.
შეშინებული წამოვჯექი და საბანი სხეულზე ავიფარე. იმ კაბით ჩამძინებოდა, რომლითაც ვიმგზავრე.
-ლილია, - ოთახში ელენემ შემოყო თავი, - შეიძლება?
სილამაზით არასდროს გამოვირჩეოდი, ახლა კი წარმოდგენაც არ მინდოდა, პირდაუბანელი, თმაგაწეწილი და ნამძინარევი, რა შესახედი უნდა ვყოფილიყავი.
საათს ავხედე, ჩემს თავთან რომ წიკწიკებდა. 4 სრულდებოდა. სირცხვილისგან რეტი დამესხა. ერთი სრული დღე ძილში გავატარე. ამასთან ერთად, საუზმეც გამოვტოვე და სადილიც.
-ღმერთო, როგორ ჩამძინებია, - ვთქვი და სიწითლის დასაფარად სახეზე ხელები ავიფარე.
-არა, რას ამბობ ... - მიღიმოდა ელენე, - წარმომიდგენია, როგორ დაიღალე. შენი გაღვიძება არ გვინდოდა, მაგრამ დღეს დიდი მეჯლისი იმართება და ნინო ამბობს, რომ ყველას წინაშე უნდა წარგადგინოს.
-მთელი ოჯახის?
-მთელი ქალაქის. - კმაყოფილმა დამიქნია თავი. ბედნიერი და ხალისიანი ჩანდა.
ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. ოჯახის წინაშე წარდგენას, კიდევ გავუძლებდი. “მთელი ქალაქი? სად უნდა შეიყაროს მთელი ქალაქი?”
-თუ არ ადგები, გამზადებას ვერ მოასწრებ, - წამოდგა ის და ხელი გამომიწოდა, - წამოხტი, მე დაგეხმარები.
დერეფანი სირბილით გავიარეთ და კიბეზე სწრაფად დავეშვით. დღის შუქზე აქაურობა კიდევ უფრო ლამაზი ჩანდა, რამდენადაც ეს შესაძლებელი იყო. როგორც ვთქვი, საუზმეც გამომეტოვებინა და სადილიც, ახლა კი, მაგიდა მხოლოდ ერთ კაცზე, მხოლოდ ჩემთვის გაეწყოთ.
საოცარი სურნელი ტრიალებდა. მსახურები გვერდიგვერდ ჩამწკრივებულიყვნენ და ჩემს გამოჩენას ელოდნენ.
”ღმერთო, რა სირცხვილია” ვფიქრობდი ჩემთვის, როცა მაგიდას მივუახლოვდი და მივხვდი, რომ არც-ერთი კერძი, რომელიც იქ ელაგა, აქამდე არ გამესინჯა.
მოწიწებით ჩამოვჯექი და თეფშზე ის გადმოვიღე, რასაც პირველად მოვკარი თვალი. მადლობა ღმერთს, სახლში ჩამი-ჩუმი არ ისმოდა და ჩემს წვალებას ვერავინ ხედავდა, გარდა ელენესი, რომელიც დარწმუნებული ვიყავი, არ მაკრიტიკებდა. მისი ღიმილი უჩვეულო სიმშვიდეს მგვრიდა.
დამდგარიყო ის დღე, როცა კაბას, რომელიც დედაჩემმა საგანგებოდ ამ დღისთვის ამოკემსა, გავიხდიდი და განვლილ ცხოვრებას მთლიანად თუ არა, სანახევროდ მაინც ჩავაბარებდი წარსულს. არ ვიცი, რატომ ვთვლიდი, რომ პრობლემა კაბაში, თმაში, ან ჩემს გარეგნობაში იყო, როცა სინამდვილეში გამოსასწორებელი მხოლოდ ჩემი წარმოდგენები გახლდათ, საკუთარ თავსა და დანარჩენ სამყაროზე. ამის შესაცნობად დიდი დრო დამჭირდა და ალბათ, ვერც ვერასდროს გავიგებდი, რომ არა ერთი ადამიანი, რომელმაც ნამდვილი სირთულეები ცხვირწინ გადამიშალა და მათ თვალებში ისე ჩამახედა, რომ არ შევცოდებივარ. ადამიანი, რომელსაც ამ წიგნს ვუძღვნი. თუმცა, ამაზე მოგვიანებით ...
გემრიელად ვილუკმებოდი, როცა სახლში ჩოჩქოლი გაისმა და ორი ერთმანეთზე უფრო მაღალი სხეული კამათით შემოლაგდა სამზარეულოში. ლუკმა ყელში გამეჩხირა და ყურები დამეცო, არაფერი გამიგონია იქიდან, რასაც ერთმანეთს უმტკიცებდნენ. მე მხოლოდ მათ ვუყურებდი.
დაუჯერებელია-მეთქი, გავიფიქრე და სწორედ ამ დროს შემამჩნიეს.
-უი, სტუმარი გვყოლია, - თქვა ერთ-ერთმა, რომელსაც სველ სხეულზე თეთრი პერანგი შემოეცვა. ქსოვილი კანზე მიჰკრობოდა და მე შემეძლო დამეფიცა, რომ ყველა კუნთსა და ყველა მყესს ვხედავდი, მისას. ჩემთვის ზედაც არ შემოუხედავს, ისე მაქცია ზურგი და შუშის ჭიქაში წვენი ჩამოისხა.
-სტუმარი არა, იესე. - შეუსწორა ელენემ, - გაიცანით, ლილია.
იესეს თმა მზისფერი იყო. საშუალო სიგრძის, ტალღოვანი, წინ ორი ხვეული ჩამოჰყროდა. სავსე ტუჩები და ნათელი შუბლი მის სახეს დაუვიწყარ იერს სძენდა. ფეხზე რომ ავმდგარიყავი, ალბათ, გულ-მკერდამდე მაშინ მივწვდებოდი, თითის წვერებზე თუ ავიწეოდი და იქამდე გავიჭიმებოდი, სადამდეც შემეძლო. ის ძალიან ლამაზი იყო, დაუჯერებლად ლამაზიც კი.
-ესენი ჩვენი ძმები, იესე და ლუკა არიან. - წარმიდგინა ელენემ.
ფეხზე სასწრაფოდ წამოვხტი და თავი დავუკარი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ორივეს კარგად ვიცნობდი, თვითონ კი წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რამდენი რამ ვიცოდი მათზე.
ჩემს თავის დაკვრას ლუკამ ხმხმაღალი სიცილი მოაყოლა. მე ალმური მომედო. მისი ხმა ბოხი იყო, ოდნავ ხრინწი ერეოდა და უნდა ვაღიარო, ძალიან სასიამოვნოდ ჟღერდა.
ისიც ქერა იყო, თუმცა იესეზე რამდენიმე ტონით მუქი. თვალები ისეთივე ლურჯი ჰქონდა, როგორიც დანარჩენებს. ზემოთ აზიდული წარბები მის გამომეტყველებას განსაკუთრებულ კეთილგანწყობას სძენდა. ლუკას სახე ნამდვილი დღესასწაული იყო. შეეძლო ერთი შემოხედვით ადამიანისთვის თავი განსაკუთრებულად ეგრძნობინებინა. თითქოს, მისი მზერა უკვე თავისთავად ნიშნავდა რაღაცას.
იესეს სიმაღლისა გახლდათ, განიერი მხარ-ბეჭი ჰქონდა და გამხდარი, თლილი თითები, რომელსაც თვალს ვერ ვაშორებდი. “ასეთებად როგორ იბადებიან?”
-აჰ, ლილია, - თქვა მან, როცა სიცილს მორჩა და თვალები ოდნავ დააწვრილა, - ნინომ ვახშმობისას გახსენა.
”ჩემი არსებობის შესახებ ვახშმობისას გაიგეს, მე კი, მათზე მთელი ცხოვრებაა ვკითხულობ” ვფიქრობდი და სევდა მერეოდა. ისევ ფეხზე ვიდექი, დაჯდომა ჯერ ვერ მომეხერხებინა და თვალებს შეშინებული ვაცეცებდი აქეთ-იქით.
-დაბრძანდით და მიირთვით, ქალბატონო ლილია, - სიცილით მითხრა მან და სკამისკენ მიმითითა, საიდანაც ცოტა ხნის წინ წამოვხტი.
იესეს არ ვაინტერესებდი. შემიძლია დავიფიცო, ჩემთვის არც შემოუხედავს. “ალბათ ფიქრობს, ახლა რა შარში გაეხვას” გავიფიქრე მე და ჩემთვის ჩამეღიმა. მათზე სულ პატარა რამის ცოდნაც კი თავს უკეთ მაგრძნობინებდა.
-ისინი არ დაბრუნებულან? - ჰკითხა იესემ დას, თავისი მელოდიური ხმით, რომელიც ჩემს სმენას მალამოდ მოედო.
-არა, ჩემი აზრით, ერთმანეთი დახოცეს და სადღაც ტყეში უპატრონოდ ყრიან. - უპასუხა ელენემ და ხმამაღლა გადაიკისკისა.
“ნეტავ ვიზე ამბობს?” ვფიქრობდი ჩემთვის. მას შემდეგ, რაც ისინი დავინახე, ლუკმა აღარ გადამდიოდა და მაგიდასთან ზრდილობის გულისთვის ვიჯექი.
იესემ ამოიხვნეშა და კიბეებს სირბილით აუყვა.
-გამზადება დაიწყეთ, გაგიჟდება დედა! - მიაძახა ელენემ.
-ისინი ჯერ არ დაბრუნებულან და აზრი? - გმინავდა ლუკაც.
-თქვენ ჩაიცვით და დანარჩენს, დედა მიხედავს.
ელენეს ძალიან უხდებოდა უფროსი დის როლი. 24 წლისა იყო. ნაბოლარას კი, კიტის, ჯერ არ შესრულებოდა 19.
ორ საათს ვემზადებოდით. გოგონები თავს დამტრიალებდნენ. ყველა კაბა მომარგეს და ის ამოარჩიეს, რომელიც მათი თქმით, ჩემს კანის ფერს ყველაზე მეტად უხდებოდა. სარკის წინ ფირუზისფერ კაბაში გამოწყობილი ვტრიალებდი, ყელზე კი მარგალიტის ყელსაბამი მეკეთა. შიშნარევ სიხარულს ავეტანე. მართას და ელენეს ხელები გადაეჯვარედინებინათ და საკუთარი თავით კმაყოფილები, ანთებული თვალებით შემომცქეროდნენ.
-საოცარია! - ხელები გაშალა მართამ.
-გადასარევია! - დაეთანხმა ელენე.
-ნამდვილად, დიდებულია, - თქვა ნინომ, რომელიც ოთახში ახლახანს შემოსულიყო და საუბრით გართულებს ვერ შეგვემჩნია, - ლილია, ულამაზესი ხარ. ახლა კი, სწრაფად, დაეშვით, ეტლი გველოდება.
”ღმერთო, სადა ვარ?” ვფიქრობდი მე, როცა ცალი ხელით კაბის ბოლო მეჭირა და გოგონებთან ერთად სიცილ-კისკისით ეტლისკენ მივრბოდი. ბიჭები, ნინო და ლაქეიები რომლებიც სახლის პატრონებს მიაცილებდნენ, კარგა ხანი იყო, რაც კართან გვიცდიდნენ.
-ის ორი რომ დაბრუნდება, დინა, იცი, რაც უნდა ქნა. - დაუბარა ნინომ დამხმარე ქალს და ერთი დახვეწილი მოძრაობით ავიდა ეტლში. მე კი ძლივს ავბობღდი, უფრო სწორად, ამათრიეს და როგორც იქნა, მოვთავსდი.
დაჯდომისთანავე, როცა საკუთარ გულისცემას ჯერ კიდევ მთელ სხეულში ვგრძნობდი, მართამ ჩემთვის წვეულების წესების ახსნა მოინდომა, რომლის თანახმადაც, პირველად მასპინძელს უნდა ეახლო, თუ რასაკვირველია თვითონ არ გეახლა და საფუძვლიანად გამოჰკითხო, როგორ გრძნობს თავს. უნდა გაუღიმო და თავი დაუკრა ყველას, ვინც მზერას შენზე სამ წამზე მეტხანს შეაჩერებს. საკვები, რომელიც იქ დაგხვდება, არ უნდა მიირთვა. შეგიძლია მხოლოდ ცოტა დალიო, ასე 1-2 ჭიქა, მეტი - არა. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ცეკვაა. თუ პირველი წვეულება მამაკაცთან ცეკვის გარეშე ჩაივლის, ეს არ იქნება კარგის მომასწავებელი.
-ვაიმე, მართა, ასე გააგიჟებ, - ბოლო წინადადებამ შეაღონა ელენე, - ოჯახში ოთხი მამაკაცი გვყავს, სულ რომ არაფერი, მათთან მაინც იცეკვებს. შენ კიდევ, შენივე შეთხზული ზღაპრებით აშინებ.
-როგორც ყოველთვის გგონია, რომ ყველაფერი იცი. თუ არ გჯერა, დედას ჰკითხე, - გაცხარდა მართა, - თანაც, მე აქ მხოლოდ ორ მამაკაცს ვხედავ, - ძმები შეათვალიერა მან, - უფრო სწორად, ორ ბიჭს.
-მამათქვენი იქ დაგვხვდება. კატერინასთან საქმე ჰქონდა და ნაადრევად გავიდა, - ნინო გუშინდელივით კმაყოფილი და ბედნიერი არ ყოფილა. სევდიანი მეჩვენა, - უკვე იქ გველოდება.
შემდეგ, გოგონები გააჩუმა და თავად განმიმარტა, რომ დღევანდელ წვეულებას 65 წელს გადაცილებული ქალბატონი, კატერინა გერლიანი მართავდა. მასთან მოწყობილი საღამოები ყოველთვის განსაკუთრებულად დასამახსოვრებელი იყო და საერთოდაც, ის მნიშვნელოვანი პიროვნება გახლდათ მათი ოჯახისთვის... და მთელი ქალაქისთვის. ვინაიდან მეც ახლახანს გავხდი მათი დიდი ოჯახის ახალი წევრი, კატერინას მიმართ განსაკუთრებული ზრდილობისა და კეთილგანწყობის გამოვლინება მმართებდა, ბოლოს კი, ისიც დააყოლა, რომ მისი ზოგიერთი შვილისგან განსხვავებით, ზრდილობა ნამდვილად არ მაკლდა. ამას რომ ამბობდა, ბიჭებს უყურებდა კოპებშეკრული.
სულ 15 წუთს ვისხედით ეტლში. დიდი დრო არ მქონია, საფიქრალი კი ნამდვილად ბევრი იყო. ინტერესისგან სული მხდებოდა. ნეტავ სად იყვნენ ის ორნი, ვიზე საუბრობდნენ სადილისას ელენე და იესე, რა დაუბარა ნინომ დამხმარეს, როგორ ჩაივლიდა ჩემი პირველი წვეულება, რატომ იყო კატერინა ასეთი მნიშვნელოვანი ფიგურა მათ ცხოვრებაში და სხვა მრავალი. წარმოვიდგენდი, ამაღამ ჩემს საწერ მაგიდასთან როგორ დამათენდებოდა. ახლა კი, ღმერთს მადლობას ვწირავ იმისთვის, რომ გუმანით მაგრძნობინებდა, დაწერად ღირდა.
ეტლი კატერინა გერლიანის სასახლესთან გაჩერდა და ამის შემხედვარემ გავიფიქრე, “ნუთუ ყველა თავადი ასე ცხოვრობს?”

888

-თქვენი უმცროსი ქალიშვილი, მას შემდეგ რაც ხალხში გამოჩნდა, უამრავ მითქმა-მოთქმას იწვევს, - ჩაის ჭიქა ხელებში მოიქცია კატერინამ და ფეხი ფეხზე გადაიდო, - მის შესახებ მათაც კი იციან, ვისაც თვალით არასდროს უნახავს.
ერეკლემ მადლობის ნიშნად თავი დაუკრა, თქმით კი არაფერი უთქვამს.
-ღმერთმა თქვენს შვილებს ყველაფერი დააბერტყა, რაც შეეძლო. - ხმადაბლა განაგრძნობდა კატერინა. ერეკლემ კიდევ ერთხელ დახარა თავი. კიტი მზეთუნახავს მართლაც ჰგავდა, თუმცა ხასიათი ნამდვილად არ დაჰყოლია თავადის ქალის, - დაბადებისთანავე ანგელოზს ჰგავდა. ნინოს დარქმეული სახელის მიუხედავად... - თავი უკმაყოფილოდ გააქნია მან,- დედას ძალიან ჰგავს.
-ჩემი ცოლი კიტის აღზრდაში უდიდეს ძალისხმევას დებს, ისევე როგორც მე. ნინო შეუძლებელსაც კი აკეთებს მისთვის. - უპასუხა ერეკლემ და გაჩუმდა.
კატერინამ, თითქოს მისი პასუხი არც გაუგონიაო, ისე განაგრძო:
-გუშინ ტეოს ჯირითში ეჯიბრებოდა, ჩემს ეზოს ისე ჩაუქროლეს, თვალი ვერ გავაყოლე. ხმამაღლა იცინოდნენ. აქამდე მათგან მხოლოდ ჩხუბი გამიგონია.
-კიტი ტეოს ყველაფერში ეჯიბრება.
-ვიცი, - კვლავ იღიმოდა ქალი, - მართა მათზე ხშირად მიამბობს. ამბობს ნამდვილი კატა და თაგვი არიან, მაგრამ ტეო ყოველთვის ხელს არაფერს და მეშინია, რამე უსიამოვნებაში არ გახვიოსო.
-ისინი სხვებს არ ჰგვანან. ჩვენზე დამოკიდებული არასდროს ყოფილან, საკუთარი თავი მათვე ეკუთნით.
-მაგრამ ამის გამო, ყველაზე მეტს სწორედ მათზე დარდობ.
-ასეა, - დაეთანხმა ერეკლე, - კიტის ინტერესები მისთვის კარგის მომტანი ვერასოდეს იქნება. ეს გვაშინებს.
-ჩემთან უფრო ხშირად რომ მოგყავდეს .... - რაღაცის თქმა დააპირა კატერინამ, მაგრამ ერეკლემ სასწრაფოდ შეაჩერა.
-მან არაფერი იცის და არც მინდა, რომ იცოდეს.
-თუ გგონია, რომ ასე გაუცხოვდება, სულ ტყუილად .
-თქვენ მას არ იცნობთ. ყველაფრის გარკვევას საკუთარი ძალებით შეეცდება. - მამაკაცს სახე აელეწა.
-იქნებ იმაზე მეტი იცის, ვიდრე გგონია? - კატერინა ისე იღიმოდა, როგორც სჩვეოდა. ეს ღიმილი კი კარგს არაფერს მოასწავებდა.
-თუ თქვენ რამე უთხარით, აუცილებლად უნდა ვიცოდე.
-ერეკლე, მე არაფერი მითქვამს, არც მისთვის და მითუმეტეს არც დანარჩენებისთვის. როგორც კიტის დაბადებისას დაგპირდი, საიდუმლოს კუბოს ფიცრამდე მივიტან. მხოლოდ ის მინდა, რომ მასთან ურთიერთობა მქონდეს და ...
-კატერინა, თქვენ არ გესმით ... მასთან ურთიერთობა რთულია. - ისევ გააწყვეტინა ერეკლემ.
-ვიცი, - ხმა გაუმკაცრდა მას, - ამას მაშინ მივხვდი, როცა 10 წლისა სრულდებოდა. ისიც ვიცი, რომ მისნაირებისთცის ცხოვრება მეტად დაუნდობელია, რადგან თვითონვე მყავდა მისნაირი შვილი. ხომ არ დაგავიწყდა? - თვალებიდან ნაპერწკლები უცვიოდა, - იქნებ მისი იმაზე უკეთ მესმის, ვიდრე თქვენ გგონიათ და იქნებ სწორედ ჩემთან ურთიერთობაა ის, რაც კიტის სჭირდება?!
ამის თქმა იყო და ლაქიამ აუწყა, სტუმრები გვეწვიენო. ერეკლეს არ ახსოვდა, ბოლოს ასე რისმა მოსმენამ გაახარა.
-იფიქრე ამაზე. - თქვა კატერინამ და წამოდა.

888

მას შემდეგ, რაც ლაქიამ მოსასხამები მოწიწებით გამოგვართვა, მკლავზე გადაიკიდა და სადღაც გაარბენინა, უზარმაზარ დარბაზში აღმოვჩნდი. საგანგებოდ გამოწყობილი ადამიანები ბუზებივით ირეოდნენ. რეტი დამესხა.ყველანი ერთმანეთს ჰგავდნენ. სახეზე ღიმილი მოჰფენოდათ, ჭიქები ეჭერათ და ხმაურიანად გადი-გამოდიოდნენ.
ცხოვრება დუღდა.
-ნუ ნერვიულობ, - ჩამჩურჩულა ელენემ, რომელსაც გაუაზრებლად კაბაზე ვექაჩებოდი მღელვარებისა და სირცხვილისაგან, - ხალხი აქ ყოველ კვირას იკრიბება. საუბრობენ, ხუმრობენ, სვამენ, განიხილავენ ერთმანეთს და ქალაქში მიმდინარე მოვლენებს. შემდეგ კი, მთელი კვირის განმავლობაში,მანამ სანამ ახალი წვეულება არ გაიმართება, იმაზე ისაუბრობენ, რასაც აქ ნახავენ. დამიჯერე, სანერვიულო არაფერი გაქვს.
-კიდევ, შესანიშნავი ადგილია საქმროს საპოვნელად. აი, შეხედე. - დარბაზის ცენტრისკენ მიმითითა მართამ, სადაც წყვილები ცეკვავდნენ, - ამიტომ, ყურადღებით იყავი, რა იცი, წინ რა გელოდება.
ვგრძნობდი, როგორ მიყვარდებოდნენ გოგონები. განსაკუთრებული სითბოთი მეპყრობოდნენ. ვიცოდი, ნინოს დავალებას ასრულებდნენ, თუმცა გულის სიღრმეში მჯეროდა, ჩემთან გულწრფელები იყვნენ.
ნინო თვალებით ქმარს ეძებდა. ანდაც შვილებს. ან, ყველას ერთად.
დარბაზის ცენტრიდან ჩვენსკენ განსაკუთრებით სუფთად ჩაცმული, ყველასგან გამორჩეული ბრგე მამაკაცი გამოემართა, დიდი, მოვლილი წვერითა და მკაცრი ბატონკაცური გამომეტყველებით. წარბები კუშტად შეეკრა, თუმცა მზერა მაინც სანდომიანი ჰქონდა.
-მამა! - ხელი დაუქნია მართამ.
ერეკლე ჯაში მძიმე ნაბიჯებით მოგვიახლოვდა და მოსვლისთანავე ხელი ჩამოსართმევად გამომიწოდა. მე ჩემი აკანკალებული თითები შევაგებე. მიღიმოდა. თმაზე მომეფერა და მითხრა, რომ დედას ძალიან ვგავდი. “ნეტავ დედაჩემი საიდან იცნობს ამ ხალხს?” ვფიქრობდი ჩემთვის. კითხვების დასმა რომ მყვარებოდა, პასუხი აქამდეც მეცოდინებოდა.
ერეკლე რაღაცის თქმას აპირებდა, როცა შეამჩნია, რომ იმაზე ცოტანი ვიყავით, ვიდრე მოელოდა. სახე მოეღუშა და ცოლს მიუბრუნდა:
-სად არიან?
-მოვლენ, - ხელი მხარზე სიყვარულით ჩამოუსვა ნინომ.
-სად არიან? - ამჯერად იესეს მიმართა ერეკლემ.
-მოვლენო, - მხრები უცოდველი ბავშვივით აიჩეჩა მან.
ჩემს წინ ლუკა იდგა და მე კარგად ვხედავდი, როგორ აკონტროლებდა მიმიკებს, რომ არ გასცინებოდა. ჩამეღიმა.
-გავიგე, იესე და სად არიან მეთქი, გეკითხები, - ხმაში საყვედური გაერია ერეკლეს.
-მე საიდან უნდა ვიცოდე?
”როგორ ეპასუხება. დედაჩემი, ალბათ მომკლავდა.” ვფიქრობდი ჩემთვის. მაშინ ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ არ მოგკლავენ, თუ პასუხს გასცემ. არ ჩაგქოლავენ, თუ თავს დაიცავ. ადამიანებს უბრალოდ არჩევანი აღარ დარჩებათ, გარდა იმისა, რომ მოგისმინონ.
-დამშვიდდი, - ერეკლეს მხარზე ისევ ჩამოუსვა ხელი ნინომ, - კატერინა გვიახლოვდება, მკაცრი მშობლების როლი სახლში განვაგრძოთ.
-შევპირდი, ნინო, რომ დღეს არავინ დაგვაკლდებოდა. - კბილებში გამოსცრა მას.
მახსოვს, განზე ვიდექი და მიკვირდა, რა აცოფებდა ასე ძალიან. თუ წვეულება ყოველ კვირას იმართებოდა, რატომ იყო აუცილებელი ყველას აქ ყოფნა? და თუ აუცილებელი იყო, მაშინ სად იყვნენ ისინი? ვერ გამეგო, ასე შვილებზე ღელავდა თავადი თუ მიცემულ პირობაზე, რომელიც მასპინძელს ვერ შეუსრულა. იქნებ, კიდევ იყო რაღაც, რაც არ ვიცოდი?
-კატერინა! - მასპინძელს შორიდან შემოეგება ნინო, - შესანიშნავად გამოიყურებით, როგორც ყოველთვის.
-გმადლობ, ნინო, საყვარელო. - თქვა მან საჩქაროდ და მე შემომხედა.
ჩასმული ქალი იყო, მკაცრი მზერით და უცნაური ფერის თმით. იმ ზომის საყურე ეკეთა, სიმძიმე ქვემოთ ქაჩავდა და ყურის ბიბილობი შესწითლებოდა. ზანტად და მოუხეშავად მოძრაობდა, თუმცა ელეგანტური ეთქმოდა.
-შენ, ალბათ, ლილია ხარ, - ამათვალიერა მან. მე დავიძაბე. - მოგვიანებით წარგადგენ, მანამდე კი, როგორც ვხედავ... - პატარა ხანს შეჩერდა ის და ყველა სათითად შეგვათვალიერა, - თქვენი უმცროსი ქალიშვილი კვლავ არ გვიერთდება.
-დღეს, სამწუხაროდ ისე გამოვიდა, რომ ... - ნინო დაიბნა. მე გამიკვირდა. მასპინძელი უცნაურად ზემოქმედებდა მათზე. მათ შორის, ჩემზეც. ნინო თბილი, მაგრამ მკაცრი ქალი იყო, მთელი ქალაქი პატივს სცემდა არამხოლოდ როგორც თავადი ერეკლე ჯაშის ცოლს, არამედ მისგან დამოუკიდებლადაც. ეს დედაჩემისგანაც ვიცოდი და მათთან ცხოვრების პერიოდშიc არაერთხელ დავრწმუნებულვარ ამაში. იმ დღეს კი, ჩვენს წინ დაბნეული და აღელვებული ნინო იდგა. ასეთს ძალიან იშვიათად ნახავდით.
-დღესაც ისე გამოვიდა, როგორც წინა კვირას და როგორც იმის წინ. - კატერინას ხმაში იმედგაცრუება სიმკაცრეს ფარავდა.
-იქნებ კიტის წამოსაყვანად ლაქია გავგზავნოთ, წესით, უკვე სახლში უნდა იყოს, - საუბარში მართა ჩაერთო, რომელსაც ელენემ მუჯლუგუნი ჰკრა და მე ვიგრძენი, რადგან მათ შორის ვიდექი და მორიდებით ვიღიმოდი.
ახლაღა შევამჩნიე, რომ ყველა სტუმარს მზერა ჩვენკენ მოეპყრო, გვიყურებდა სრულიად დარბაზი, დიდი თუ პატარა. ყელში ნერწყვი არ გადამივიდა. ხელები გამიოფლიანდა და ელენეს ხელკავი გამოვდე.
აღარ გამიგონია რას ამბობდა კატერინა გერლიანი, რადგან ჩემი ყურადღება სხვა რამემ მიიბყრო. დარბაზში ახალგაზრდა ბიჭი შემოვიდა,რომელმაც სიმაღლის გამო, შესასვლელში თავი დახარა . ჩემზე 1-2 წლით უფროსი თუ იქნებოდა, მეტით არა. ჩალისფერი თმა ჰქონდა, მხრებამდე. უწესრიგოდ ჩამოჰყროდა და ჭაობისფერი თვალები შორიდან უელავდა. მე იმ წამს და მას შემდეგაც, ყოველ დღე, შემეძლო დამეფიცა, რომ არსად მენახა ვინმე მასზე უფრო ლამაზი. მკვეთრი ღაწვები, ცხვირი და ყბის ძვალი ქანდაკებას მიუგავდა. დაუჯერებლად მომხიბვლელი აღნაგობა ჰქონდა და ისე მოდიოდა, თითქოს იცოდა, რომ გარშემო ყველა და ყველაფერი მას ეკუთნოდა. მე მომეჩვენა, რომ სანამ ჩვენამდე მოვიდოდა, მისმა თვალებმა რამდენჯერმე იცვალეს ფერი.
წვეულებისთვის შესაფერისად არ გამოიყურებოდა ... საჯირითო სამოსი ეცვა. “ნეტავ, საიდან მოდის?” ვფიქრობდი და მახსენდებოდა, რა დრო დავხარჯეთ ამ საღამოსთვის მზადებაში.
მანამ ვუყურებდი მონუსხული, სანამ არ მოგვიახლოვდა და მისმა შემხედვარე ნინომ არ დაიჩურჩულა, “ღმერთო ჩემო”.
-საღამო მშვიდობის, თავადო. - უცნაურად გაუღიმა მას მასპინძელმა. ადამიანების ემოციის ამოცნობა კარგად შემეძლო და დარწმუნებული ვიყავი, მისი დანახვა არ გახარებია.
მაინც და მაინც ბედნიერი გამომეტყველება არც ახალწვეულს ჰქონდა. მეჩვენებოდა, რომ ძალიან დაღლილი იყო და აქაურობა სულაც არ ეპიტნავებოდა.
მასპინძელს თავი ძალიან მსუბუქად, ძლივს შესამჩნევად დაუკრა.
-კიტის გადავცემთ, რომ მისი ნახვა ძალიან გინდოდათ. - მისალმების გარეშე, მოკლედ მოუჭრა მან. კატერინა იმხელა ხმაზე განიხილავდა კიტის წვეულებაზე დასწრება-არდასწრების საქმეს, რომ როგორც ჩანდა, ახალწვეულს გზად ყველაფერი გაეგონა.
-შეუძლოდ ხომ არ არის? - თვალები დასწვრილებოდა კატერინას.
-ყველაფერი კარგად აქვს. - კვლავ მოკლედ მოუჭრა მან.
მე გვერდიდან ვხედავდი, როგორ გადასდიოდა ნინოს ფერები. ახალწვეული არ იყო “განსაკუთრებით ზრდილობიანი მასპინძლის მიმართ”, პირიქითაც კი, ის საერთოდ არ მოქცეულა ზრდილობიანად. ვიცოდი, ნინოს ეს აცოფებდა.
-რახან ასეა, გმადლობთ ინფორმაციისთვის, ტეო. - თქვა კატერინამ როცა მიხვდა, რომ სხვა გზა აღარ დარჩენოდა, - თქვენ კი გთხოვთ, მხიარულებას შეუერთდით. - მოგვმართა დანარჩენებს, თავად კი, ერეკლე ოდნავ გვერდით გასწია და უთხრა:
-ერეკლე, მე მისთვის მხოლოდ კარგი მინდა. - მათი ხმა გარკვევით მესმოდა მეც და ალბათ დანარჩენებსაც, - ეს გახსოვდეს.
-ვიცი, ვიცი. - თავი დაუკრა მან და საკუთარ ადგილს დაუბრუნდა, კატერინა კი ხალხში გაერია.
ახალწვეული, რომელმაც არამხოლოდ ჩემი, არამედ მთელი დარბაზის ყურადღება მიიპყრო, ერეკლეს და ნინოს ვაჟი, თეოდორი აღმოჩნდა, რომელსაც ტეოს ეძახდნენ და რომელიც 21 წლისა გახლდათ. მას თვალებიდან ვარსკვლავები უცვიოდა და მე გულწრფელად მჯეროდა, რომ შეუძლებელი იყო სხვა რამისთვის, ანდაც სხვა ვინმესთვის შეგეხედათ მაშინ, როცა ოთახში ის იყო.
-სად იყავით? - კბილებში ცრიდა ერეკლეს. იმ საღამოს, ყველა უჩვეულო დაძაბულობას მოეცვა, მათ შორის მეც, - რატომ არ მოვიდა? და საერთოდ, ეს რა უბედურება ჩაგიცვამს ...
-საჯირითოდ. - პირველ შეკითხვაზე მშვიდად უპასუხა ტეომ.
-უფრო მოკლედ უპასუხე, თეოდორ, ამხელა წინადადებები რად უნდა, დაღლილი იქნები . - მალევე მივხვდი, რომ ლუკა ყოველთვის იყო ხუმრობის ხასიათზე, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე უმცროსებს ეხებოდათ.
-სად არის კიტი? - იკითხა მართამ.
-შემომაკვდა და ტყეში დავტოვე.
-ხომ ვთქვი! - გადაიკისკისა ელენემ. დილანდელი დიალოგი გამახსენდა, რომელიც იესესა და ელენეს შორის შედგა, მე კი აზრი ვერ გამოვიტანე.
-თეოდორ! - მოდუნების საშუალებას არ გვაძლევდა ერეკლე.
-სახლშია, - თმა უკან გადაიყარა მან. ღმერთო, რა ლამაზი იყო, - მგონი, სძინავს.
-გკითხე, რატომ არ წამოვიდა მეთქი?
-მე რა ვიცი, მამა, როდის იყო ანგარიშს მაბარებდა?
-ყოველთვის იმაზე მეტი იცი, ვიდრე ამბობ! - ძმას დაეჭყანა მართა და კიდევ ერთი მუჯლუგუნი მიიღო ელენესგან, რომელსაც ერთი სული ჰქონდა მისი ოჯახის წევრები ბუნებრივ მდგომარეობას დაბრუნდებოდნენ და როგორღაც შეკრების მიზეზი გახსენებოდათ.
-საკმარისია, - თქვა ნინომ, - კატერინას წყენა გადაუვლის, თქვენ ორნი კი, რადგან მშვიდობით დაბრუნდით, აღარაფერს გკითხავ. დროა წვეულებას შევუერთდეთ, ზედმეტად დიდ ყურადღებას ვიქცევთ.
ჩვენ ხალხში გავერიეთ. ყველაფერი შესანიშნავად მიდიოდა. ნინოს ხასიათი მართლაც გამოუკეთდა მას შემდეგ რაც თეოდორი და კიტი საღ-სალამათი დაიგულა. ყველგან ხელჩაკიდებული დავყავდი და სტუმრებს ჩემს თავს წარუდგენდა. ისინი კი ღიმილით მეგებებოდნენ, მკოცნიდნენ, სასმელს მთავაზობდნენ და გამოლაპარაკებას ცდილობდნენ.
მაინც და მაინც შესამჩნევი არ გახლდით. ეს კაბა მიხდებოდა, მაგრამ სხვებს არ ვგავდი. მეტყობოდა, რომ არ ვიყავი მათი სამყაროდან. ან, მე მეჩვენებოდა ასე.
დარბაზის ცენტრში გამოფენილ, ჩემი ასაკის გოგონებს ვათვალიერებდი, რომლებიც ელოდნენ, როდის გამოიცეკვებდა მათ ვინმე. იქაურობა ქალთა გამოფენას ჰგავდა, რომლებიც ელოდებიან, როდის შეამჩნევენ, შეაფასებდენ და მოიწონებენ. ლამაზად არ ჟღერდა, მაგრამ მე მაინც ძალიან მინდოდა ამ ყველაფრის ნაწილი გავმხდარიყავი. ქვეცნობიერად ასეთი ცხოვრებისკენ ყოველთვის მივილტვოდი.
ნინოს ჩემთვის ხელი ჩაეკიდა და რაღაცას მიხსნიდა, როცა ტეო მოგვიახლოვდა და ჩვენ წინ ჩამოდგა. სწორი იქნება თუ ვიტყვი, რომ დედამისს მიუახლოვდა, მე კი, რა თქმა უნდა, უბრალო შემთხვევითობა ვიყავი.
-ამ ქალს კიტისგან რა უნდა? - მკაცრი იყო ტეოს ხმა, თუმცა კვლავინდებურად სასიამოვნო.
-რა უნდა უნდოდეს, დედა? - შეკრთა ნინო და ხელი გამიშვა. კატერინაზე საუბრობდნენ, მასპინძელზე, რომლის წყალობითაც ჩემი პირველი წვეულება არც-ისე სასიამოვნოდ დაიწყო. მე ვერ გადამეწყვიტა, მარტო უნდა დამეტოვებინა ისინი თუ ადგილზე დავრჩენილიყავი, თუმცა რადგანაც ტეოსთვის საუბრის წამოწყებაში ჩემს იქ ყოფნას ხელი არ შეუშლია, იქვე დავრჩი.
-წვეულებებს თითქოს იმისთვის მართავს, რომ კიტი როგორღაც აქ მოიყვანოს. - ბრაზი ტონს უცვლიდა, ამას პირველივე წამს მივხვდი.
-ასე რა გაცოფებს? - ნინოს ყბა დასჭიმვოდა და დაჟინებით ჩასცქეროდა შვილს თვალებში.
-ის, რომ ეგ ქალი ალქაჯია, მაგრამ ჯერ ვერ გავარკვიე, ყველაფერზე თავს რატომ უქნევთ. - “ნუთუ ისიც ისეთივე გაურკვევლობაშია,როგორშიც მე...” ვფიქრობდი ჩემთვის.
-ტეო, რას ამბობ? - გაღიმება სცადა ნინომ და მე შემომხედა, - შეთქმულების თეორიების გამოგონებას მორჩი, დღეს ისედაც საკმარისად მანერვიულე. ახლა კი პატივი დამდე და ლილიას ეცეკვე. - ტეომ მობეზრებული, არაფრისმთქმელი გამომეტყველებით შეხედა დედამისს, მაგრამ ნინომ დააყოლა, - ეს ჩემთვის მნიშვნელოვანია.
ჩემი ხელი ტეოს ხელში ჩაუდო და ოდნავ უბიძგა.
ნინოს მიზანი ნათელი იყო. მას სურდა, ყველა იქ მყოფს შევემჩნიე, ჩემი სახე და ჩემი სახელი არასდროს დავიწყებოდათ. მე კი ვერსად გამოვჩნდებოდი იმაზე უკეთ, ვიდრე ტეოსთან. იმ დღესაც და სხვა დღეებშიც, მას ყველა უყურებდა. უმნიშვნელო იყო რა ეცვა ან გამოიყურებოდა თუ არა წვეულებისთვის შესაფერისად.
მას შემდეგ, ბევრი არაფერი მახსოვს, რადგან დაბნეულობისა და სირცხვილისგან გონება მებინდებოდა. ჩვენ ვცეკვავდით და მთელი ამ დროის განმავლობაში, მას ხმა არ ამოუღია, ჩემთვის ერთი სიტყვაც კი არ უთქვამს და მეტიც, არც კი შემოუხედავს. ზუსტად ვიცოდი, ვერც კი გაიხსენებდა, რომ მე ვიყავი ის, ვისთან ერთადაც იცეკვა.
მე ვცახცახებდი. მას არ უგრძვნია. ყველგან იყო, მაგრამ აქ არა. ამ დარბაზში, ამ მუსიკაზე, ამ ხალხთან, ჩემთან ... ტეო არ ყოფილა.
გარშემო ვიცქირებოდი, რადგან არ მინდოდა მისთვის შემეხედა. ვხედავდი, როგორ გვიყურებდნენ ახალგაზრდა გოგონები, როგორ ჩურჩულებდნენ და ასე დაუსრულებლად. თითქოს რაღაც წავართვი, რაც მათი არც არასდროს ყოფილა. შემიძლია დავიფიცო, მისი შეხებისთვისაც კი დათმობდნენ სიცოცხლის 10 წელიწადს და იქნებ მეტსაც.
მე კი, საბოლოოდ წამერთვა კუთხეში შეუმჩნევლად დგომისა და ყველაფერზე დაკვირვების პრივილეგია. აღარ შემეძლო ვყოფილიყავი მხოლოდ მაყურებელი, რადგან შემთხვევით გავხდი მონაწილე.
მუსიკის დასრულებისთანავე, ხელი გამიშვა და სწრაფი ნაბიჯებით წავიდა მაგიდისკენ, სადაც ყველა სახის სასმელი ელაგა საპატიო სუმრებისთვის, რომლებიც ერთმანეთს ტოლს არაფერში უდებდნენ.
ნინოს ჩანაფიქრი აღსრულდა, მართას კი თავისუფლად შეეძლო ეთქვა, რომ ჩემმა პირველმა წვეულებამ წარმატებით ჩაიარა. თუმცა, ის საღამო ამით არ დასრულებულა.
კატერინა გერლიანის სასახლეში რამდენიმე საათი კიდევ დავყავით. ჩემთან ადამიანები მოდიოდნენ, მესაუბრებოდნენ ყველაფერზე, მნიშვნელობა არ ჰქონდა, გამეგებოდა თუ არა რამე ამ სასაუბრო თემისა, მართა კი თვალს მიკრავდა და მანიშნებდა, რომ ყველაფერი კარგად იყო.
მოცეკვავე წყვილებზე დაკვირვება მომწონდა. ნაზად ირხეოდნენ, გოგონებს თავები ბიჭების მხრებზე ჩამოედოთ, ზოგიც გულზე მიყრდნობოდა, გარინდულიყვნენ და მათ ფეხის მოძრაობას საკუთარს აყოლებდნენ.
იესეს რამდენიმე მეგობარი აღმოეჩინა და გაცხარებული განიხილავდა რაღაცას, ლუკა კი ხანშიშესულ მამაკაცს უსმენდა და თან, მორიდებით ამთქნარებდა. ელენეს და მართას მამისთვის ხელკავი გამოედოთ და მათზე მოცქირალ მამაკაცებს ნაზად უღიმოდნენ.
სასმელების მაგიდას მივუახლოვდი. ტეოც იქ იდგა. ბევრს არ სვამდა, მაგრამ იქ ყოფნა მოსწონდა. შეუმჩნეველი ადგილი იყო და ,ალბათ, იმიტომ.
“ნუთუ ისინიც იმალებიან?” ვფიქრობდი ჩემთვის და შუშხუნა ღვინოს ჭიქაში ვისხამდი, როცა თეოდორს კატერინა მიუახლოვდა.
-უხასიათოდ მეჩვენებით, თავადო. - გაუღიმა მასპინძელმა. ეს ღიმილი არ ყოფილა გულწრფელი. ან, აქაურობამ სულ მოკლე დროში გადამიყვანა ჭკუიდან და ქვეტექსტს იქ ვეძებდი, სადაც ის უბრალოდ არ იყო.
-გეშლებათ, ქალბატონო. - აუღელვებლად უპასუხა მან.
-კარგ დროს ატარებთ?
-გადასარევს.
-თქვენი უხასიათობა თქვენს დას ხომ არ უკავშირდება? - კატერინა კითხვებს აყრიდა თეოდორს, მე კი ჩემი ეჭვები თავბრუს მახვევდნენ.
-ელენეს, თუ მართას? - ტეოს ღიმილი ცინიკური იყო. მასში გულწრფელობის ნატამალიც კი არ მოიძებნებოდა.
-კიტის.
-რას მივაწერო თქვენი ასეთი ინტერესი მისდამი?
-კითხვას ყოველთვის კითხვით პასუხობთ, თავადო? - შეკითხვა მოხერხებულად აირიდა ქალმა.
-მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში, ქალბატონო.
-უკან არასდროს იხევთ, თავადო?
-თითქმის არასდროს, ქალბატონო.
-ბედნიერ საღამოს გისურვებთ, ტეო. - ამის თქმა იყო და კატერინა მაგიდას მოშორდა.
მე გაოცებული ვიდექი. დაძაბულობისგან შუბლი ოფლით დამენამა. ისინი ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ, მე კი კვლავ არაფერი მესმოდა.
ჩემი შუშხუნა ღვინის ჭიქით გზააბნეული დავიარებოდი და ვფიქრობდი. მაინც რა უნდა ნდომოდა ამ ქალს კიტისგან? საინტერესო კი ის იყო, რომ ეს კითხვა მხოლოდ მე არ მაწუხებდა. “აქ რაღაც ხდება, რაც მარტო მე კი არა, მათაც არ იციან.” - ვეუბნებოდი საკუთარ თავს და რაც მეტს ვფიქრობდი კიტიზე, რომელიც თვალით არ მენახა, მით უფრო ხშირად ჩამესმოდა ყურში მისი სახელი. წამით გავიფიქრე, ხომ არ შევიშალე მეთქი და გარშემო მიმოვიხედე. ასე არც ამ ქალაქში და არც რომელიმე სხვაში, ბევრს არ ერქვა. მე კიდევ, ყველა დიალოგს ყურს ვუგდებდი, სადაც მისი სახელი გაიჟღერებდა.
-მაგ გოგოს, იქნებ რამე სჭირს? - კიტიზე საუბრობდა კედელს მიყრდნობილი, ჩასმული, ფორმებიანი გოგონა, რომელსაც წითელი კაბა მოერგო და ძალიან უხდებოდა.
-რატომ?
-მაშ, რატომ იმალება? - არ ნებდებოდა ის, - მაგალითად, იქნებ მარჯვენა ხელი უფრო გრძელი აქვს, ვიდრე მარცხენა?
-იქნებ, უბრალოდ გართობა არ უყვარს ...
-გართობა რაღა შუაშია, - თვალები გადაატრიალა მან, - საერთოდ, გინახავს?
-არა, - მხრები აიჩეჩა მეორემ, რომელიც კიტის ინტერესების დაცვას თავგამოდებით ცდილობდა, - მაგრამ დედაჩემს უნახავს მათთან სტუმრობის დროს.
-მათ ჩვენც ხშირად ვსტუმრობთ, მაგრამ მე თვალით არასდროს მინახავს. - არ ნებდებოდა პირველი.
-კარგი, რა.
-მე მაინც მგონია, რომ რაღაც ვერ აქვს რიგზე. - თქვა მან და საუბარი სხვა თემაზე გადაიტანა, როცა მიხვდა, რომ მეგობარი ვერაფრით აიყოლია.
ჩემს გაოცებას ბოლო არ უჩანდა. მაინც როგორ შეიძლებოდა, მთელი საღამოს მთავარი სასაუბრო თემა ის გოგო ყოფილიყო, რომელსაც პირადად თითქმის არავინ იცნობდა, ზოგს კი ნანახიც არ ჰყოლია. მათთვის კიდევ ცოტა ხანს რომ მესმინა, გეფიცებით, კიტის არსებობაშიც კი ეჭვს შემატანინებდნენ. ის აქ არც იყო. ალბათ ახლა სახლში იწვა და ეძინა. არაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ მასზე ესაუბრათ. თავს ხალხში გამოჩენითაც კი არ იწუხებდა. ისინი კი, დანარჩენები, იყვნენ მორთულები, მოკაზმულები და მათზე არავინ საუბრობდა.
მე გვიან მივხვდი, რომ არსებობენ ადამიანები, ვის გარშემოც სულ ხმაურია. ასეთი იყო კიტიც.
საათი ათს უჩვენებდა, იქაურობა რომ დავტოვეთ, ეტლში ერთმანეთის მიყოლებით ჩავსხედით და სახლს მივაშურეთ.


***

ეს 4000 სიტყვიანი, უდიდესი თავი თქვენ ჩემგან. გამიზიარეთ რას ფიქრობთ. წინასწარ გმადლობთ <3



№1 სტუმარი Елка

Гамихарда диди тави ром ико. Ечви мак кити шеизлеба екатеринес швилишвилиа арвици внахот давелодеби моутменлад. Мадлоба

 


№2  offline წევრი Ketevann

Елка
Гамихарда диди тави ром ико. Ечви мак кити шеизлеба екатеринес швилишвилиа арвици внахот давелодеби моутменлад. Мадлоба


პირიქით, გმადლობთ თქვენ <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent