საყვარელი ვენდი ( სრულად )
- ფანჯარას ხომ დახურავ? - დავხურავ, -ჩაილაპარაკა და ცერად გაუღიმა ფანჯრიდან გადაშლილ ნაცრისფერ სივრცეს. - დამპირდი. - გპირდები, -ისევ იღიმოდა, საკუთარ თითებს დაჰყურებდა ამჯერად, უკვე დანაოჭებულს, ოდნავ მოხრილს და უძლურება შეპარულს. - უკვე აცივდა, ზამთარია, მალე დაღამდება და ღამე ღია ფანჯარაში ძილი არ შეიძლება, გაცივდები, -არ ისვენებდა ბიჭი, კარადასთან მივიდა, თბილი, ღუნღულა პლედი გადმოიღო და მხრებზე მოაფარა მოხუცს, ნაზად ჩამოუსვა თითები თეთრ, თოვლივით ქათქათა ნაწნავზე, მეორე ხელით უჩუმრად მოიწმინდა ეული ცრემლი და თითქოს საკუთარი სისუსტის შერცხვაო თავი შეაბრუნა. - კარგად ვარ, -ქალს თითქოს უსიტყვოდ ესმოდა ერთადერთი შვილიშვილის განცდები, -მე კარგად ვარ შენ არაფერზე არ უნდა ინერვიულო ხომ იცი. - იმდენად მონატრებული ჰქონდა მისი სითბო ისევ აუცრემლიანდა თვალები ბიჭს, მის წინ მჯდარი მოხუცი ამ ბოლო დროს იშვიათად თუ ცნობდა ოჯახის წევრებს, უკვე სამი წელი ხდებოდა რაც უმეტესად უძრავად იჯდა ფანჯარასთან, ხმას არ იღებდა და ელოდა... - დღეს დედა გვიან მოვა, მე წასასვლელი ვარ და... - წადი. - შენ ხომ კარგად იქნები. - რა თქმა უნდა კარგად ვიქნები, ისიც მალე მოვა. - გეყოფა ბებო ძალიან გთხოვ, არავინ არ მოვა, -ხმაში ტკივილი გაერია ბიჭს, არ უნდოდა მისი გაგება ალბათ ვერც მოახერხებდა გაეგო. - მოვა, ყოველთვის მოდის, დღესაც მოვა, -ღიმილით ჩაილაპარაკა მოხუცმა და მეტი აღარაფერი უთქვამს, ისევ ფანჯარას გაუშტერა მზერა. - ძალიან, ძალიან დიდი ხნის უკან - საწოლში იწვა საზაფხულო ჭრელ საბანში გახვეული და შეშინებული, გაფართოებული თვალებით შესცქეროდა ღია ფნჯარას, ფარდები გადაწეული იყო და მთვარის შუქზე შემზარავად მოსჩანდა ერთმანეთში გაბარდული ჩამუქებული ხის ტოტები, მსუბუქი ნიავი არხევდა თეთრ თხელ ფარდებს, ჩრდილები დაცოცავდნენ ოთახში, იატაკზე ერთმანეთში იხლართებოდნენ და კედლებისკენ მიბობღავდნენ. - ფანჯარა უნდა დავხურო მაგრამ რომ მეშინია, -თავის თავს უთხრა და უფრო საგულდაგულოდ ჩაძვრა საბანში, ახლა მხოლოდ თვალები და სასაცილოდ აჩეჩილი წითური ხვეული თმები უჩანდა, აკანკალდა რაღაც უცნაური ხმა რომ მოესმა, თითქოს რაღაც ფაჩუნობდა, იქნებ სულაც ვიღაც ცდილობდა ფანჯრიდან გადმოძვრომას, საწოლის საზურგეს აეკრო შეშინებული და აცახცახებული, ფანჯარაში თეთრი საშინელი მოჩვენება რომ გამოჩნდა უზარმაზარი საზარელი შავი თვალებით შიშისგან კინაღამ სული გააცხო, უნდოდა ეყვირა, დედა და მამა მოეხმო საშველად მაგრამ ვერაფერი გააკეთა, პირი დააღო მაგრამ ყელიდან მხოლოდ საწყალობელი ხავილის მაგვარი ხმა ამოუშვა, თითქოს მისი მდგომარეობა შენიშნაო უკვე ოთახში მდგარი მოჩვენება შედგა გაჩერდა მერე კი ხელის ერთი სწრაფი მოძრაობით გადაიძრო თავზე ჩამომხობილი თეთრი ზეწარი რომელსაც თვალების ადგილზე უსწორმასწორო ხვრელები ჰქონდა ამოჭრილი. - დამშვიდდი, ნუ ეშინია, მე შენი ახალი მეზობელი ვარ, უბრალოდ ვიფიქრე რომ ცოტას შეგაშინებდი და თან გავერთობოდით, -თბილი მშვიდი ხამა ჰქონდა ბიჭუნას, იქნებოდა ასე ათიოდე წლის, მუქი ფერის ზღარბის ეკლებივით ურჩი და უხეში თმა ჰქონდა, საყვარლად აპრეხილი ცხვირი და ცუღლუტურად მოციმციმე შავი თვალები, აღელვებული და ცოტათი შეშინებული შეჰყურებდა საბანში გახვეულ მოცახცახე გოგონას. - მოჩვენება არ ხარ? -მიმქრალი მინავლებული ხმა რომ მოესმა გულიანად გაეცინა და მერე შემკრთალმა აიფარა ხელი ტუჩებზე, ქურდულად მიმოიხედა ირგვლივ, ფრთხილად მიუახლოვდა საწოლს და კიდეზე ჩამოჯდა. - შენი მეზობელი ვარ, გუშინწინ გადმოვედით, თქვენს გვერდით რომ ძველი სახლია ის იყიდა მამამ, დღეს დილით დაგინახე როგორ თამაშობდი ბაღში, მე მეგობრები არ მყავს, ვიმეგობროთ? -ხელი გაუწოდა გოგოს რომელიც უკვე დამშვიდებულიყო და ახლა ინტერესით უსმენდა, ფრთხილად გამოაცოცა თითები საბნის ქვეშიდან და ბიჭის თითებს შეაგება. - ვიმეგობროთ, მე ვენდი მქვია. - მართლა? -წარბები მაღლა აზიდა დაუპატიჟებელმა სტუმარმა. - მართლა ვენდი მქვია, დედამ დამარქვა ასე და არ დამცინო თორემ აღარ გეთამაშები, -ტუჩები გაბუსხა გაბრაზებულმა და ხელები გულზე დაიკრიფა. - არ დაგცინი, მე პიტერი ვარ, -ძლივს შეიკავა თავი რომ არ გაცინებოდა და საშინლად ესიამოვნა ვენდის თვალებში გამკრთალი აღფრთოვანების დანახვა. - მე რვა წლის ვარ შენ? -ვენდიმ საბანი მოიშორა და ახლა ბაჭიებიან საღამურში გამოწყობილი, ფეხმორთხმით იჯდა საწოლზე. - შენზე დიდი ვარ, გუშინ ათი წლის გავხდი, -მხრებში ამაყად გაიჯგიმა პიტერი. - გილოცავ დაბადების დღეს, -მორცხვად გაუღიმა ვენდიმ. იმ ღამით დიდხანს ილაპარაკეს მერე კი როცა ვენდის ღრმად ჩაეძინა პიტერმა მზრუნველად გაახვია ჭრელ საბანში და მოხერხებულად გადაძვრა ფანჯრიდან, ის საშინელი მოჩვენების მოსასხამი კი თან გაიყოლა, მეორე დღეს როცა ვენდის მშობლებს ახალი მეზობლები ესტუმრნენ გაირკვა რომ ვენდის ნამდვილად ვენდი ერქვა ხოლო პიტერს ჯაბა თუმცა ვენდის მისთვის ნამდვილი სახელით არასოდეს მიუმართავს... - აწმყო - - ისევ ღია დაგიტოვებია ფანჯარა, შენ მე გამაგიჟებ დედა, მაღალი სიცხე გაქვს, -ლამაზი ქერათმიანი ქალი ბუზღუნით უცვლიდა შუბლზე საფენებს საწოლში უღონოდ მისვენებულ მოხუცს, წამალი რომ დაალევინა მერე სამზარეულოში გავიდა და ცხელი ჩაი შემოიტანა, იქვე საწოლთან მდგარ ტუმბოზე დადო და თვითონაც სავარძელში ჩაეშვა. - რაღაც უნდა გითხრა დედა, არ მინდა რომ ინერვიულო მაგრამ ახლა სხვა გზა არ მაქვს, ეს სახლი უნდა გავყიდოთ, ბანკის ვალი გვაქვს გადასახდელი, ვაკოს სწავლაც დასაფინანსებელი გვაქვს, უკვე შევარჩიე ბინა რომელსაც დარჩენილი ფულით ვიყიდით, აქვეა ახლოს, დედა მისმენ? - გისმენ ნანუკა, -უჩვეულოდ მშვიდი ჩანდა ქალი, სიცხისგან ამღვრეულ მზერას არ აშორებდა ფანჯარას. - ვიცი შენთვის რამდენს ნიშნავს აქაურობა, ვიცი ეს სახლი როგორ ძალიან გიყვარს მაგრამ... - მოვა და მე აქ არ დავხვდები, -იმხელა სევდით, ტკივილით, შიშით იყო გაჟღენთილი ეს რამდენიმე სიტყვა, ნანუკამ ვეღარ გაუძლო, ტირილი რომ როგორმე შეეკავებინა მაგრად შეკრული მუშტი მოიქცია ტუჩებს შორის და კბილები გამეტებით ჩაასო. - ხომ იცი მამა როგორია, ყველგან გიპოვის სადაც არ უნდა წახვიდე, -რაც შეეძლო მშვიდად უთხრა, მერე სავარძლიდან წამოდგა და გვერდით მიუწვა, ჩაეხუტა, მკერდზე დაადო თავი, ათრთოლებული ტუჩებით შეისუნთქა მისი სურნელი და ყელში მოწოლილ ეკლიან გორგალს უკან ჩაბრუნება აიძულა.. - მართლა მოვა? -სახე ღიმილმა გაუნათა ქალს, ერთხანს გაღიმებული უყურებდა ფანჯარას და მერე ისევ მოიღუშა, რომ ვერ მომაგნოს? - ძალიან, ძალიან დიდი ხნის უკან - - ეს რა არის? ბიჭის ხელში მოქცეულ მწვანე ფოთლების შეკვრას გაოცებული უყურებდა ვენდი. - მუხის ტოტებია, შენთვის მოვიტანე ნახე რა ლამაზია, თან რკოებიც ასხია, -პიტერის განწყობა წამში გადაედო ვენდის, გახარებულმა ჩამოართვა თაიგულივით შეკრული ტოტები, უცნაური საჩუქრების გაკეთება უყვარდა პიტერს, აი უკვე ორი წელია რაც მეგობრობდნენ და უამრავი საჩუქარი დაუგროვდა, ფრინველების ფერდ-ფერადი კვერცხები, სხვადასხვა ფორმის ქვები, ბალახების თუ ფოთლების თაიგულები, გამხმარი ბაყაყი, გველის ტყავი, ერთხელ მუგუზალივით შავი კნუტი მოუყვანა საჩუქრად, რა აღარ გააკეთა რომ მშობლები დაეთანხმებინა დაეტოვებინათ. მთელ დღეებს ერთად ატარებდნენ თუმცა ღამით ფანჯარას არასდროს კეტავდა ვენდი, ღამე ისე არ ჩაივლიდა პიტერი რომ არ შემომძვრალიყო მის ოთახში, გადაიფარებდნენ საბანს, აანთებდნენ ძველისძველ ფანარს და ერთად მოგზაურობდნენ ერთმანეთის შექმნილ საოცარ სამყაროში, ხანდახან, იატაკზე გაფენილ ხალიჩაზე ეძინებოდათ ხოლმე ჩახუტებულებს, არავინ იცოდა მათი ღამეული თავგადასავლების გარეშე მანამ სანამ ერთხელ დილით ვენდის დედამ არ იპოვათ ჩაძინებულები, მაშინ პიტერი უკვე თოთხმეტი წლის იყო ვენდი კი თორმეტის... ერთობლივი სასამართლო მოაწყვეს ოჯახებმა, პატარა უცოდველი ბავშვების მხრები საკაცობრიო ცოდვებით დაამძიმეს, ჯვარზე გააკრეს, ფრთები დააჭრეს და საპყრობილეში გამოკეტეს, სწორედ რომ ამ ყველაფერს უდრიდა მათთვის ერთმანეთთან სიახლოვის აკრძალვა, ორივეს მკაცრად აკონტროლებდნენ მშობლები, ორივეს საძინებლის ფანჯრები აჭედეს, სკოლაშიც კი აღარ უშვებდნენ მარტო, მაგრამ თურმე ტყუილად არ უთქვამთ თუ გული გულობსო... მაინც აკითხავდა ოთახში პიტერი თავის ვენდის, ალბათ ასე რომ არ მომხდარიყო ის მეტად გასაკვირი იქნებოდა. ოცი წლის იყო პიტერი როცა თავის საყვარელ გოგონას ცოლობა სთხოვა, ჭრელი კაბა ეცვა ჯვრისწერაზე ვენდის, ფერადი ყვავილებით მოხატული, თავზე მუხის ფოთლებით და რკოებით გაფორმებული გვირგვინი ედგა, მხრებზე ცეცხლოვან ტალღებად ეყარა მბზინვარე თმა, ულამაზესი იყო... დიდხანს არ ელაპარაკებოდნენ მშობლები ურჩ შვილებს, თუმცა ცხოვრების პირისპირ შიშველი ხელებით მდგარ წყვილს არაფრის შეშინებია, ერთმანეთი სიგიჟემდე უყვარდათ, პიტერი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის რომ ვენდის სახეზე არასდროს გამქრალიყო ღიმილი, რა თქმა უნდა ყველა მათი დღე არ ყოფილა უღრუბლო და მზიანი მაგრამ როცა ღამდებოდა... როცა ღამდებოდა მათი პატარა საძინებელი ოთახი ისევ ისე ივსებოდა ჯადოსნობით როგორც იმ დროს პიტერი რომ ვენდის საძინებელში ძვრებოდა ხოლმე უჩუმრად, ალბათ დიდხანს, ძალიან დიდხანს, ძალიან გრძელი ცხოვრების ბოლომდე ეყოფოდათ ეს მოგონებები ბედნიერებისთვის და დროდადრო ახალ ლამაზ მოგონებებსაც შემატებდნენ. მერე... მერე პატარა ნანუკა გაჩნდა, პატარა ვარდისფერლოყებიანი გოგონა და მათი ცხოვრებაც სრულყოფილი გახდა მანამ სანამ, საშინელმა ავადმყოფობამ ხელიდან არ გამოაცალა ვენდის ჯადოსნური არნახული ქვეყნის ბინადარი მხიარული უდარდელი ბიჭუნა... - აწმყო - - ბებო ხომ გთხოვე რომ დაწოლამდე ფანჯარა დაგეკეტა, სავარძელში რატომ ზიხარ გაცივდები ასე, წამოდი დაწოლაში გაგეხმარები, -ბიჭმა მხარზე დაადო ხელი და უჩვეულო სიცივე რომ იგრძნო დაფეთებულმა გადადგა უკან ნაბიჯი -დედა, დედააა, -მთელი ხმით იყვირა დაზაფრულმა. თვალცრემლიანი უყურებდა ნანუკა ღია ფანჯრის წინ სავარძელში მჯდომ ვენდის რომელსაც ღიმილი შერჩენოდა ბაგეზე და დანაოჭებული თითებით რკოთი დახუნძლული მუხის ტოტების შეკვრა ჰქონდა ჩაბღუჯული... - დ ა ს ა ს რ უ ლ ი |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.