შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Castle of Blood თავი I


9-07-2025, 02:22
ავტორი marieosaki
ნანახია 78

— კიდევ ერთხელ მითხარი, როგორი იყო?

— ლამაზი იყო. დიდრონი თვალები ჰქონდა, თაფლისფერი. ვერ ვიხსენებ ცხვირს, ტუჩებს.. თუმცა თვალები არასდროს დამავიწყდება. შენც ასეთი გაქვს და საერთოდ, დედას ჰგავხარ.

— მენატრება. არასდროს მინახავს, თუმცა მენატრება. შესაძლებელია საერთოდ ასეთი რაღაც?

— ალბათ.

— შენც მომენატრები, მირა.

მირამ პასუხი ვეღარ გასცა, ყელში ბურთი მიებჯინა. იმის გაფიქრებაზე, რომ დას ბოლოჯერ ესაუბრებოდა, მუცელში აუტანელი წვა იგრძნო. ემოციები მოთოკა, მობჯენილი ბურთი გადალაპა და დას მიუბრუნდა.

— მეც მომენატრები, ვი. მაგრამ შევეცდები, დავბრუნდე.

— შენც კარგად იცი, რომ იმ სასახლიდან ცოცხალს არავის გამოუღწევია. ყოველ წელს ერთ გოგონას ვკარგავთ. აღარასდროს ბრუნდებიან. - ჩაილაპარაკა ვივიენმა ისე, როგორც დანაკარგს შეგუებული ადამიანი საუბრობს. წყნარად, უემოციოდ.

მირა კიდევ ერთხელ დადუმდა. ზაფხული ილეოდა, ირგვლივ ყველაფერი შემაძრწუნებლად ჩუმი და უსიცოცხლო იყო. მინდვრის ბოლოს გადიას სილუეტი გამოჩნდა. ჩასკვნილი ქალი სიცხეში ულაზათოდ მოძრაობდა, გოგონებისკენ მოემართებოდა. ახლოს რომ მოვიდა, დაინახეს, ხელსახოცი ეჭირა და ცრემლები ღაწვებზე ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. უშედეგოდ ცდილობდა მათ შემშრალებას, ნიაღვარი არ წყდებოდა.

— მი..მირა… მოვიდნენ. - უთხრა ასლუკუნებულმა.

მირამ ვივიენს შეხედა. მერე წამოდგა და გრძელი კაბა გაისწორა. ვერ იტანდა მას, მაგრამ ქალაქში სამოსი არც იშოვებოდა და შესაბამისად, იშვიათად ანახლებდა კაბებს. თითქოს ახლა მოვიდაო აზრზე, ვივიენიც წამოვარდა ბალახებიდან და დას მკლავებში ჩააფრინდა.

— ახლაც არ არის გვიანი. შეგვიძლია გავიქცეთ. შეგვიძლია უკან მოვიტოვოთ ეს დაწყევლილი ცხოვრება და ყველა, ვინც ასე გიმეტებს. გთხოვ, მირა, არ შემიძლია… შენს გარეშე არ შემიძლია ცხოვრება გავაგრძელო.

— და სად გავიქცევით? ხომ იცი, მათ ვერსად წაუხვალ. დღეს თუ არა, ხვალ მიპოვნიან და იმ წყეული სასახლის გზას დამაყენებენ. აი, ნახე, ვცდი უკან დაბრუნებას, უბრალოდ ახლა სხვა გზა არ მაქვს, ცხენოსნები აქ არიან და უნდა დავმორჩილდე.

— არა, არა, არა… გთხოვ, სანამ დრო ჯერ კიდევ არის, არ წახვიდე მოედანზე. - არ ნებდებოდა ვივიენი.

მირამ კარგად იცოდა, რომ მოედანთან მთელი ქალაქი შეკრებილიყო მის გასაცილებლად. ასე შეიკრიბნენ შარშან, როცა მისი მეზობელი მერი ლუ გააცილეს. ახლაც ახსოვდა მერი ლუსთან სეირნობები, საუბრები. მეგობრები არ ეთქმოდათ, თუმცა მაინც ახლო იყვნენ. ერთ დღეს კი ის სასხლის გზას გაუდგა და უბრალოდ გაქრა. იგივე მოხდა მის წინათ და ასე შემდეგ. ყველამ კარგად უწყოდა, რომ 21 წელს მიღწეული ერთი გოგონას მსხვერპლად გაღება დიდი ხნის წინ დადებული ზავის ნაწილი იყო, ზავის დარღვევა კი ადამიანებსა და ვამპირებს შორის ომის განახლებას ნიშნავდა, რაც ადამიანებს ნამდვილად არანაირ სარგებელს არ მოუტანდა. მირა თუ დღეს სასახლეში არ წავიდოდა, ხვალ მთელი ქალაქი ვამპირთა ნადიმად იქცეოდა. ამიტომაც მინდორი გაიარა და მოედანზე გავიდა.

შეკრებილთა ზუზუნი შეწყდა. ყველა დადუმდა. პატივისცემისა და სინანულის ნიშნად თავები დახარეს. მოედნის ცენტრში მდგარ უზარმაზარ ქვასთან ქალაქის თავი, კანცლერი ტაირენი იდგა და მიახლოვებული მირას ნაბიჯებს უმზერდა, რომელმაც მალევე კანცლერის წინ დაიჩოქა.

— მირა რენდჰარტ, შენი სახელი ქალაქის ისტორიას სამუდამოდ შემორჩება. რაივენი არასოდეს დაივიწყებს შენს მსხვერპლს. -თქვა კანცლერმა და ბელადონების გვირგვინი თავზე დაადგა დაჩოქილ გოგონას.

მირას გულში ჩაეცინა. ეს ცერემონია გულს ურევდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა მოედნის ქვაზე ამოკაწრულ მსხვერპლად შეწირული გოგონების სახელებს უმზერდა ხოლმე. ქალაქის მცხოვრები მათ ორი დღე გლოვობდნენ, შემდეგ კი ქვას ისე ჩაუვლიდნენ ხოლმე, თითქოს ზედ მათგან განწირული, ზვარაკად გაღებული ადამიანების სახელები კი არა, უბრალო ასოები ამოეტვიფრათ. ამ დროს გულს ურევდა საკუთარი უსუსურობაც. ვერც მან და ვერც ვერავინ ვერ დაიცვა უმანკო სულები. ახლა კი მათ რიცხვს თავად მიემატებოდა.

გვირგვინიანი მირა წამოიმართა და უგულო ღიმილი მიუგდო კანცლერს. შემდეგ ირგვლივ მომოიხედა, თითქოს თვალებით კიდევ ერთ ადამიანს ეძებდა. არ გაჰკვირვებია, როცა მამამისის სახეზე ვერაფერი ამოიკითხა. მაიორი რენდჰარტი წელში გამართული იდგა, ჯარისკაცული სიმშვიდით და სადღაც შორს, უსასრულობაში იმზირებოდა. ქალიშვილისთვის თანაგრძნობის გამომხატველი არც ერთი სიტყვა არ უთქვამს. როცა გაიგო, რომ წელს მირა წავიდოდა სასახლეში, უბრალოდ თქვა, რაივენისთვის ყველამ რაღაც უნდა გავიღოთო და მას შემდეგ ამ თემაზე კრინტიც არ დაუძრავს. მირა მას არ ადანაშაულებდა, მაგრამ გულის სიღრმეში უნდოდა, მამას დაეცვა. სურდა, მისთვისაც ებრძოლა ვიღაცას. თავად ხომ ყოველდღე იბრძოდა ვივიენისთვის. დედის დაკარგვის შემდეგ ვივიენის დედობა საკუთარ თავზე აეღო და ამაზე პროტესტი არასდდროს გამოუთქვამს - იძულებული იყო მაშინ გაზრდილიყო როცა ჯერ ათი წელიც არ ეცხოვრა ამ ქვეყნად. არა, ამ მსხვერპლზე მირას არასდროს დაუწუწუნია, თუმცა გულის ღრმა კუნჭულში ყოველთვის სურდა, ერთხელ ისიც დაეცვათ.

ცხენებზე ამხედრებული ოთხი შავოსნისკენ დაიძრა. როგორც წესი მოითხოვდა, მეხუთე ცხენზე მირა ამხედრდა და ხალხს შუა გაჭრილ დერეფანს გაუყვა.

არა! — ვივიენის კივილმა ჰაერის ნაკადი გაარღვია და შუბივით ეცა ზურგში, თუმცა აქვითინებული გოგონა უკვე გადიას ეჭირა ხელში, მირას კი უკან აღარც ერთხელ მოუხედავს.

მარგალიტებივით ცრემლები მირას გაფითრებულ ღაწვებს ნამავდა. გოგონა ცდილობდა, ეს არ შეემჩნია, თუმცა ემოციების მართვა უჭირდა. იცოდა, სასახლეში მისულს, საუკეთესო ვარიანტში, წუთებში გამოასალმებდნენ სიცოცხლეს, უარეს შემთხვევაში კი რამდენიმე დღე ვამპირთა სათამაშოდ იქცეოდა, სანამ სისხლისგან არ დაცლიდნენ და შურაცხყოფასა და წამებაში არ ამოხდიდნენ სულს.



№1 სტუმარი სტუმარი Nina

მომწოოონს საშინლად,მალე დადებთ ახალს?

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent