შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მიირთვით ცივად ! (3)


გუშინ, 04:56
ავტორი Qetatoo
ნანახია 30

ორშაბათი , 05:00.
წვიმს. ყოველთვის,როცა წვიმის წვეთების ხმა მესმის საწოლში მობუზული 14 წლის ელი ვხდები. ბებია-ბაბუის სახლში გადმოცხოვრებული, არასასურველი სტუმარი, რომელიც სახლის მეორე ნაწილის მფლობელებისთვის უბრალოდ არასაჭირო, გარემოემებიდან გამომდინარე გამოჩენილი ზედმეტი ტვირთია. 14 წლის ელის ეგონა, რომ სამყაროს მოერეოდა, მე ამაში ეჭვი დიდი ხანია უკვე მეპარება.
წვიმს და 05:05-ია. მე ვერ დავიძინე, იმისდა მიუხედავად, რომ წესით სამ საათში უკვე მზადებას უნდა ვიწყებდე ახალი დღისთვის. სამსახურიდან დაბრუნებულს, სადაც ალბათ ყველამ თავზე დამყვირა, ვისაც კი ხმის იოგები გააჩნდა და მინიმუმ სამი თანამშრომლის საქმე ვაკეთე, კარში უბადრუკ, რვეულიდან ამოხეულ, ფურცელზე დაწერილი დამხვდა ჩემი ძვირფასი მეზობლის წერილი:
" get your stinky trash out and NEVER leave it in the hallway again"
იქნებ ეს ჩემი ბოლო წვეთი იყო? თქვენ მე უნდა მომეხმაროთ მიზეზშედეგობრივი კავშირის დადგენაში. ოქტომბრის ყველაზე თბილ დღეს როგორ წამოვიდა კოკისპირული წვიმა, თუკი ეს მინიშნება არაა, რომ ბოლო წვეთი წამოვიდა ჩემი თვალიდან?!...და რადგან მე შინაგანად აღარ დამრჩა დედაბუნებისთვის არაფერი, მან ტირილი თავის თავზე აიღო.
შუაღამისას, როცა საქმე შედარებით ნაკლებია, ჩემი თანამშრომელი საუბრით ირთობდა თავს და გვართობდა. თავის ბავშვობაზე მოყოლისას უეცრად წამოსცდა ბებიაჩემი სულ თავზე დამფოფინებდა, არ უნდოდა დაჩაგრული ბავშვის სინდრომი მქონოდაო. მე დაავადებული ვარ მეგობრებო. ხშირად, როცა უმიზეზოდ მხვდება ყურისძირში დავჯდები ჩემ დაცარიელებულ ოთხ კედელში და ვფიქრობ: რატომ გვექცევა ცხოვრება უპატრონო ბავშვებს ასე? "უპატრონო"- ჩვენს ქვეყანაში, როგორი მრავლისმთქმელი სიტყვაა არა?! ჩვენ არათუ ეთიკის მწვავე ნაკლებობას განვიცდით, როცა მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს ამ ტერმინით მოვიხსენიებთ, არამედ გავამდიდრეთ და ერთი-ორად გავზარდეთ ამ სიტყვით მომცველ ადამინთა წრე. უპატრონოა ყველა, ვისაც დიდი სანათესაო არ ყავს, ვისაც გაჭირვებაში უცხოვრია და დამხმარე არ ჩანს, მაღალ თანამდებობაზე სურს თავისი განათლებითა და გამოცდილებით დასაქმება, თუმცა არავინ "კრიშავს" და ა.შ, რადგანაც დაუსრულებელია ჩვენი უმეცრება.
თავიდან, როცა ეს ფურცელი ხელებში ჩამივარდა და შინაარსობრივად ჩავწვდი ჩემი მეზობლის კეთილ დარიგებას, ვიფიქრე რომ მის კარს ჩამოვიღებდი და თეატრალური დრამატულობით ას ნაწილად დაფლეთილ ამ წერილს სახეში მივაყრიდი. უფრო მეტი ეფექტურობისთვის შემეძლო მეთქვა, რომ თავის ოკუპანტ, მყრალ რუსეთში დაბრუნებულიყო და საერთოდ როგორ გაბედა ჩემ ნაგავზე ასე აუგად საუბარი. მერე, სულ ოდნავ რომ ჩაცხრა ჩემი პირვანდელი აფეთქება, ადგილი მზაკვრულმა სურვილებმა დაიკავეს - დავწყევლი, გავიფიქრე და აზრმა საშინლად დიდი სიამოვნება მომიტანა. "დაე დაწყევლილ იყო შე უჯიშო, უტაქტო, ღმერთმა მოგიზღოს სამაგიერო ჩემი ნაგვის მყრალად მოხსენიებისთვის და არ გაპატიოს!". შევჩერდი და მივხვდი რომ ჩემს წყევლაში ღმერთს არაფერი ესაქმებოდა, ის შემოფარგლულია ადამინთა თავისუფალი ნებით, რამეთუ უნდა განსაჯოს მაშინ როცა ამქვეყნიური თვალები დაიხუჭება და მის წინაშე წარსდგებიან. ესეც ახალი იდეა, დაე სამსჯავროზე შეახსენოს ღმერთმა რომ გვერდით მეზობელს ასეთი საშინელი წერილი დაუტოვა და სამარადჟამო ცეცხლით დასაჯოს ციდვილი. რომ არ ეყოს? იქნებ მხოლოდ ეს ცოდვა აქვს და მხოლოდ ამისთვის ხომ არ გავუშვებ კუპრში? აი მამა რომ მყოლოდა დავახვედრებდი ამბავს და...მე უპატრონო ვარ...სიმართლე ითქვას, მამა რომ მყავდეს ალბათ არ მომიწევდა ღამის თევა თავის გასატანად, მამა რომ მყავდეს და იცოდეს სამსახურში კარგი სკამის მიუხედავად ვისაც არ ეზარება ყველა დამყვირის, იქ წამით არ გამაჩერებდა და მეც ჩემი ნაგვის გასატანი დრო მექნებოდა. მამა რომ მყავდეს კართან ნაგავი არ იდებოდა, რადგან მამებს დილით ნაგავი მიაქვთ, ეს მათი საოჯახო საქმეა, უხმო რიტუალი ყველა ოჯახში. მამა, რომ მყავდეს ალბათ იმეგობრებდა კიდეც იმ მეზობელთან და ასე მოქცევას ვერ გამიბედავდა, იმიტომ რომ ჩემი მთასავით მამის რიდი ექნებოდა.
...და მე ჩემ თავში წამოწყებული ყველა თანმიმდევრობა ჩამომემსხვრა, რადგან უპატრონო ვარ. გახდილი ქურთუკი ისევ ზედ მოვიცვი და ხელი დავავლე 4 დღის წინ ფოსტიდან გამოტანილ უკვე დაცარიელებულ ყუთს, რომელიც ემიგრანტმა დედამ დიდი სიყვარულით გაავსო. მთელი ჩემი ნაგავი უხმოდ მიმქონდა და იმისდამიუხედავად რომ ის უბრალოდ ცარიელი ყუთი იყო, ჩემი რუსი მეზობლის აზრით, მაინც საშინლად ყარდა.
ყველაფრის მიუხედავად, ხომ საშინლად კომიკურია მთელი ამბავი. საკუთარ სამშობლოში მე უფრო მეტად უპატრონო ვარ ვიდრე ოკუპანტი რუსი. დიდი ხანია არაფერი მაქვს, მაგრამ სხეულის შიგნით მაინც ვიგრძენი ყრუ ტკივილი ამის გააზრებისას.
არადა, იყო დრო, სავსე ვიყავი...
იყო დრო, როცა ჩემი სხეულის ყველა ძვალს იები ეფინა გარშემო, ჩემი თვალებიდან იღვრებოდნენ მომავლის კვასკვასა,წითელი ყაყაჩოები. ოცნებებით გამოტენილ, მაინც მსუბუქ და ერთიანად ღაჟღაჟა ბალიშში დარჩენილ სულ მცირე სიცარილესაც კი ვუპირებდი შევსებას. მზის პირველი მანათობელი სხივები ჩემ თმებზე პოულობდნენ დიდებულ კვარცხლბეკს და წამწამების სიმძიმე აღვიძებდა ჩემ ღიმილებს ზამთრის ძილისგან. ისეთი იმედიანი იყო კიდევ ერთი, გათენებული დილა, სამყაროსგან საჩუქრად ბოძებული და გულის თრთოლვით მიღებული...
მერე მოხდა ცხოვრება...
ისე უეცრად და თავსდატეხვით, რომ ერთადერთი რაც ამ ჩემმა ჩიტისფრთა ფეთქვამ შეძლო, იყო ემბრიონის ფორმაში ნასახლაზე დედიშობილა მიწოლა და კანკალი, როგორც ყველაზე უსუსურმა და საცოდავმა არსებამ. ომი შორი ჩრდილოეთიდან არ წამოსულა, ის ჩემ თავის ქალაში გასკდა, როგორც ყველაზე ძლიერი ატომური ბომბი და ეს ჩემი ნაწვალები, სათუთად გამოზდილი ბაღი წამში აქცია ჩრდილების და სიბნელეების საიმედო ნავსაყუდლად. სადღაც შორეულ, თუმცა ჯერ კიდევ შემორჩენილ ქვეცნოებიერში ჩემი უკანასკნელი მებრძოლი ბავშვი ხრიალებდა იყვირეო, თითქოს ხმა უნდა ამომეღო და ჯანყის ავტორ, გულის ერთადერთ უჯრედთან გამომეცახდებინა კაპიტულაცია. პირობები მარტივად ჟღერდა, აღარანაირი სისხლი, არც ერთი იმედი აღარ მოკვდებოდა ჩემი ოცნებების სასკლაოზე, ჩემი სიყვარული კი, რომელიც ჩატეხილ ხერხემალში გაჭედილიყო, სადღაც უნდა მობუდებულიყო და დაეძინა.
დავცარიელდი.
მაშინ, როცა ეს ყველაფერი ხდებოდა და კანქვეშ შემომძვრალი, გაბერილი და ჩაშავებული გლოვა ყელში გამეტებით მიჭერდა ხელებს, მე ვერ ვტიროდი. დიდ ოთახში სკამები დადგეს, სადაც შუაში ესვენა ჩემი მთელი სიყვარულის არსი, მე კი ვიჯექი და თვალს ვარიდებდი. მერე კი, ბევრი გაზაფხულის და მარტის წვიმების მერე, მივხვდი რომ მთელი ეს დრო მე ზუსტად ასე ვარიდებდი ჩემ თავს თვალს... თითქოს ვიცოდი, რომ თუ არ შევიმჩნევდი მის არსებობას დრო გავიდოდა და ისიც თავისთავად მოკვდებოდა. ჩამოვაფარეთ ფარდები, ყველა ოცნება, ყველა ნიჭი და ნათელი მომავალი მივეცით კერძო სექტორის პირდაღებულ მოთხოვნებს და ჩვენსავე უმოქმედობაში ისე ჩავიძირეთ, როგორც უძირო და დამდგარი წყალის სიცარიელეში.
ათასტონიანი სიმძიმე იყო ეს სიცარიელე.
როცა პირველად ამოვთქვი ეს სიტყვები ხმამაღლა, ისტერიულად ამიტყდა სიცილი. არაფერი კომედიური ამაში არ იყო, თუმცა ვიდექი და ვიცინოდი. ჩემი იმედების სასაფლაოზე მარტო დარჩენილს ისე შემომიჩნდა უშიშრობა, რომ ავდექი და არაპროგნოზირებადი გავხდი. გავბოროტდი და გავმუქდი დღეების თვლაში, მატყუარაც ხომ გავხდი. ვიტყუებოდი მიყვარსთქო, მხოლოდ იმიტომ რომ მომწონდა როგორ ვუყვარდი, ვიტყუებოდი ვერ გავძლებთქო და ხელსაყრელ წამს ჩასაფრებით ველოდებოდი რომ ქარშხალი ამეტეხა და შიგ მომექცია, იქნებ გაიქცესთქო. კანი გასქელდა და შუბლის ძარღვი გაწყდა. ვაკვირდებოდი ადამიანებს და ვიპარავდი ემოციებს, რადგან ჩემი ჯერ კიდევ ნანგრევებზე ღაფავდა სულს.სინამდვილე კი ის იყო, რომ აღარ შემეძლო გამეგო რას ვგრძნობდი. ვიგებდი ამბებს, სასიხარულოს და სადარდებელს, მეც ვიღიმოდი ან ვიზიარებდი და მაინც, ყველაფერს მოპარული, კარგად დაზეპირებული შეგრძნებებით ვკვალავდი, იმიტომ რომ ათასტონიანი იყო ჩემი სიმძიმე და სხვების სიცარიელეში მაინც ვერ ვაწყობდი.
როცა გავიღვიძე ვთქვი გვიანიათქო...
...მაგრამ არ იყო, ყველაფრისთვის ჯერ ისეთი ადრე იყო, რომ ალიონზე მხოლოდ ჩიტებს თუ გავეჯიბრებოდი ადრე გამოღვიძებაში. ხოდა თავში გამსკდარ ანარქიასაც მოვხვიე ხელი და ვთქვი რომ მკმაროდა. ვეღარ ვსუნთქავდი ვერ გათენების შიშში და დრო იყო მეთვითონ ამენთო სინათლეები ცარიელ სახლში. არც კი ვიცოდი რომელ ოთახში მინდოდა ბინის დადება, მაგრამ ის კი ვიცოდი, რომ უნდა ამერჩია, რადგან მნიშვნელობა უკვე ჰქონდა. აჯანყებულებს ხომ საგულდაგულოდ სჯიან? მეც ავდექი და ყველაფრის ავტორ, გულის იმ ერთადერთ უჯრედს ამოგლეჯვით დავემუქრე, რადგან სანამ განგრენა მთელ წელს მოგწყვიტავს, ჯობია კიდური დათმო.ხოდა მეც ვთქვი-"თუ სიყვარული ვერ მექნება, ძალაუფლება მინდა!"
და ახლა მღვიძავს.
როგორი უცნაურია, არა?!
მთელი ჩვენი არსი...
ნეტავ რისთვის ვიბრძვით?

მთელი ცხოვრება ვცდილობ კითხვაზე პასუხის პოვნას და ვერც ერთ თეორიაში ვერ მივაკვლიე ჩემ სულის მოთქმას. ვცადე რელიგია, ყველა მათგანი მორჩილებას ითხოვს, მე კი ზედმეტად დიდი კოცონი მენთო თვალებში, ვწვავდი რწმენასაც და ჩემ საცოდავად მობუზულ მხევლობასაც. ვცადე ახლოს მაინც ვყოფილიყავი შეუცნობელთან და სიყვარული ვცადე, განა ღმერთი სიყვარული არაა? არ გამოვიდა! აღმოჩნდა რომ ხანდახან ზედმეტად მიყვარდა, კანში ვუძვრებოდი, პარაზიტივით ვითხოვდი თავშესაფარს და საზრდოს, ან უარესი - მე თვითონ ვხდებოდი მასპინძელი და უჯრედისხელა ვრჩებოდი ბოლოს. ხე დავრგე და აღმოჩნდა რომ მოთმინება არ გამაჩნია. ველოდებოდი დღეების გასვლას, ვითვლიდი წამებს და მილიმეტრობით ვზომავდი სიმაღლეს, როცა ფესვებს ქონდა მნიშვნელობა, მე კი იმდენად ვიყავი ჩაძირული ზედაპირული გამოკვლევებით, წიაღისეულის ცვლილება რაში მადარდებდა?! ბოლოს ლამის დავალპე და მივხვდი, რომ ჩემ გარეშე უკეთ გაიხარებდა. მივატოვე და გავგულისდი- უჩემოდ უნდა იხაროს?! "თუ მივატოვებ უკეთესად იქნება" - რა საშინელი აზრია, დასანახად უარესი. სახლის აშენება არ გამოვიდა. სქელ ჯიბეებს რაში აწყობდა ჩემი ნათელი და საიმედო მომავალი? ... ხოდა ეფექტურად გაპროცენტებულ, რეგულირებად კრედიტსაც კი ვერ გავწვდი.სიყვარულში განცდილ კრახზე ხომ მოგიყევით უკვე, ხოდა შვილზე ნუ მალაპარაკებთ...ისე, რომ გამეჩინა? ნეტავ ჩემ არათვითკმყოფადობას დააკმაყოფილებდა უსუსური არსება? თავს უკეთ ვიგრძნობდი? საზოგადოების ნაწილი გავხვდებოდი? ვილაპარაკებდი ბუნებრივ კვებაზე, პირველ გადაბრუნებაზე, აღუზე და უეცრად გაჩნდებოდა ჩემ ირგვლივ ჯგუფი სახელად- "ახალბედა დედები", მე კი ვიქნებოდი ამ ჯგუფის ყველაზე თვითმარქვია წევრი, რადგან როგორ შეიძლება მოავლინო ახალი სიცოცხლე, როცა ისიც ვერ გაგირკვევია შენ თვითონ რას წარმოადგენ ამ კოსმოსისთვისთვის, ამ ცნობიერისთვის. ჩავთვალე, რომ ასეთი გულბოროტი და საცოდავიც ვერ ვიქნებოდი და საბოლოოდ გადავხაზე ბოლო უჯრა ჩემ კეთილშობილ მიზანთა ცხრილში. ამ ცხრილით რათქმაუნდ ჩემ არსებობას ვამართლებდი და მიზანს ვაძლებდი.
ბოლოს ისევ ცოდვებს მივადექი.
დაე პირველი ქვა მან მესროლოს, ვინც უცოდველია...
ჩემი თავი სიხარბეში, ამპარტავნობაში და მრუშობაში მშვენივრად დავიგულე, კომფორტულად მოვთავსდი და იუდა ავიკარი საფეთქელთან ახლოს. შუბლის ძარღვი გავწყვიტე და უეცრად საშინლად მსუბუქი გავხდი, ამ სამყაროში ჩემ მოვლინების არსს მნიშვნელობა აღარ ქონდა და ჩემი მხრებიდან სპილო ჩამოსკუპდა. ნეტარ არიან მორწმუნენი, ოღონდ იმქვეყნად, მე კი აქ, ამ ქვეყნად უნდა ვყოფილიყავი ნეტარი. ცოდვაში ისე ჩავვარდი როგორც მინდვრის თაგვი ქერის ორმოში, გარეთ კი დეკემბრის მიწურულს რომ იცის, ისეთი ყინვა იყო...
თვალები ფართოდ მაქვს ღია, ყველაფერს მშვენივრად ვხედავ, სიბნელე ჩემ შიგნითაა და მის გარეთ ძებნას შევეშვი.
ახლა მღვიძავს.
მერე-ზე მერე ვიფიქრებ.

თავი II
” .. აი, როგორი ყოფილან ეს მდიდარი ადამიანები, ისინი ჯერ გამცირებენ და შემდეგ თქვენი გულის მონადირებას ცდილობენ რაღაც მაიმუნობით!”
-სტენდალი

გულბრყვილობის ასაკში ხშირად წარმოიდგენდა უზრუნველ ცხოვრებას, ჩაკირკიტებდა რომანებს, ახალბედა მწერლების ნამუშევრებს და ყველაზე მეტად მაინც ის სამოყვარულო ნაწერები მოსწონდა, რომელშიც დაუცველ, სიფრიფანა გოგოს წარმოუდგენელი თავგადასავალი გადახდება. მანამდე დიდად არაფრით საინტერესესოს უეცრად შეეჩეხება სახემოქუფრული, სერიოზული, საქმიანი და რაღაც მხრივ აუტანელი ბიჭი, რომელიც ასაკის მიუხედავად 50 წლის კაცის გამოცდილებას ატარებს და ამ ხელისგულზე ნატარებ, კარგ ოჯახში გამოზრდილს თვალებს დაუბნელებს, მის კართან დააღამებინებს და გაათენებინებს. მზის შესადარი და მოპაექრე ეს გოგონა აუცილებლად უნდა გაეხვეს შარში და დამხმარე მხოლოდ ეს ბიჭი უნდა აღმოჩნდეს. აი, აქედან იწყება იმ ათასწლოვნად გაწელილი ნაბიჯის გადადგმა, რომელსაც სიძულვილიდან სიყვარულამდე დავარქვით. სანამ თავის ნასუფრალ ცხოვრებას აალაგებდა, ჯერ თავზე გამოცდილი დიასახლისივით წამოადგა მაგიდას და გაითავისა- კონკიას ზღაპარში არ იყო. შარში ვერ ეხვეოდა, ამ შარს თვითონვე ქმნიდა.
ყიფიანები არც მეტი და არც ნაკლები წავკისის აგარაკზე ცხოვრობდნენ, მაშასადამე სიმდიდრის იმ ზღვარზე იყვნენ, სადაც უკვე საჭირო აღარაა ცენტრალურ უბანში, მილიმეტრობით გადაზომო რუკა და ზუსტად ცენტრალურ კორპუსში, სამი სართული გააერთიანო და იცხოვრო მხოლოდ იმიტომ რომ ცენტრია. ახლა ისინი იმ მაღალ საფეხურზე იდგნენ, როცა მდიდრები, სხვა მდიდრების დასანახად და გასაგონად რომ ამტკიცებენ, ქალაქის ხმაურმა დაღალათ და უმჯობესია არც ძალიან შორს, მაგრამ არც ძალიან ახლოს ხუთი ათას კვადრატულ მიწაზე პომპეზურად მოპირკეთებულ სამსართულიან სახლში იცხოვრონ. მოგეხსენებათ საჭიროა უიშვიათესად მოვლილი ეზო, კამკამა აუზის ლაჟვარდისფერი და ახლად გაკრეჭილი დეკორატიული ბუჩქების აღნიშვნაც, რამეთუ ხაზგასასმელია, რომ ყიფიანების მებაღე ყავთ და ეს ისევ და ისევ ფუფუნების საკითხია.
ელისაბედმა პირველად რომ შეაბიჯა ეზოში, დიდად ეცადა სახეზე გაკვირვება არ დატყობოდა. არაფერია გასარკვირი იმაში რომ მდიდრები მდიდრულად ცხოვრობდნენ, სახის უაზრო მიმიკები და წამიერი კომენტარიც კი ისედაც თავმომწონეთ უფრო მეტად გაამედიდურებდათ და მშვენივრად იცოდა რა მოსდევს მედიდურობას, დამცირებისთვის კი ჯერ მზად არ იყო. გალავნიდან სამი მეტრის სიგანეზე გაყვანილი იყო მოკირწყლული ბილიკი, რომელსაც შესასვლელისკენ მიყავდით. ნაბიჯებს ნელა დგამდა, მოზომილად, არ უნდოდა დატყობოდა რომ გაქცევის სურვილი ატკივდა მუცელში. დიდ შუშაბანდთან, რომლის მარჯვნივ შეღებული იყო უზარმაზარი შუშის კარი, იდგა შუახნის ქალბატონი და უმზერდა.
-ელისაბედი ხომ?...-თბილი იყო მისი გამოხედვაც და ხელისგულიც, თმა მოკლედ ქონდა შეჭრილი, თვალებში კი უცნაური სიმშვიდე დაეძინებინა...-ბატონმა დავითმა მითხრა, რომ დღეს მოხვიდოდი. მე მზია ვარ, დიასახლისი
-ბატონი დავითის მეუღლე?...-არ დააცადა, სპეციალურად. მშვენივრად იცოდა დავითის მეუღლე ვინ იყო. საუბარი უფრო შინაურული უნდა გაეხადა, ამას კი მის მიერ დაშვებული შეცდომა პირდებოდა.
-უი არა, არა! რას ამბობ?! დიასახლისი ვარ, სახლის საქმეებს ვუძღვები.აი ეს...-უკნიდან ორი თავით მაღალი შუახნის მამაკაცი დალანდა და მის მისალმებას უპასუხა...-ჩემი მეუღლეა ავთო, წვრილ-წვრილ საქმეებს აკეთებს ეზოში და სახლში.
-სასიამოვნოა...-ვერ მიხვდა რა ეთქვა, კითხვა უნდა დაესვა- მაინც რა საქმეებსო?...-ბატონი დავითი მელოდება?...- მობეზრდა და ისევ საქმეს მიუბრუნდა.
-არა, მე დამავალა, რომ პირველი სართული დაგათვალიერებინო, თვითონაც ჩამოვა მალე ყავაზე, მოდი, შემოდი...-წინ გაუძღვა და წამიერად თვალი გამოაპარა ხომ მომყვებაო...-წყალი ახალახანს ავადუღე, ყავას შემოგთავაზებ, ან ჩაის.
-ყავას დავლევ, თუ არ შეგაწუხებთ, უშაქროდ...-შემოსასვლელიდან ხელმარჯვნივ დიდი მისაღებია, ორი თეთრი დივანი ერთმანეთის პირდაპირ დგას, შუაში ჟურნალების მაგიდა, ბუხრის თავზე ტელევიზორია, კედლით გამოყოფილი კუთხე არ ჩანდა მაგრამ მარცხნივ ოვალური მაგიდაა თავისი სკამებით. ხელმარცხნივ სამზარეულო, სადაც დიასახლისი შეუძღვა. ყველაფერი შუშებშია, თითქოს გამჭირვალობის ილუზიას ვქმნით...-აი გამომართვი.
-დავაგვიანეეე...-ქოშინით შემოვარდა წაბლისფერთმიანი გოგონა, დიდი წამწამების ქვეშ, უშველებელი თაფლისფერი თვალები უჩანდა და თითქოს ვარსკვლავებს აცეკვებდა იქ...-სამსახურის ბოლო დღეა და მე პირველად დამაგვიანდა, აჰაა, ბედი უნდა ყველაფერს...-თქვენ?
-ელისაბედია, შენი შემცვლელი...-იღიმოდა მზიაც და მოხერხებულად წარუდგინა შემოსწრებულს დამხვედრი...-ეს ანკაა, ბატონი დავითის მდივანი.
-ყოფილიი მზიაკოო, ყოფილი მდივანი...-კისკისებდა და მოხერხებულად დასწვდა მისთვის მიწოდებულ ჭიქას...-ესეიგი ელისაბედი...-თავი დაუკრა ღიმილიანს...-ბატონი დავითის კაბინეტს გაჩვენებ, გამომყევი.
სამზარეულოდან გამოიყვანეს და შემოსასვლელის ჰოლიდან წინ გაუძღვნენ, ხელმარჯვნივ კარი გააღეს და შეატარეს. კაბინეტი საშუალო ზომის იყო, სტანდარტულად მაგიდა კუთხეში მიედგათ თავისი სავარძლით, წინ ფორმალურად ორი სავარძელი იდგა, მცირე დივანი და წიგნებით სავსე თაროების კედელი დეკორს წარმოადგენდა. მოპირდაპირედ შუშის ორი დიდი კარი იყო, რომელსაც ეზოს ხედი ჰქონდა და პირდაპირ ეზოშივე გადიოდა.
-ესაა ამ სახლში შენი მთავარი სამუშაო სივრცე, გამომართვი...-შავი დიდი წიგნაკი მიაწოდა და გადაშლისთანავე მიხვდა...-დილით ცხრაზე აქ უნდა იყო, ბატონი დავითი ამ დროს საუზმობს. შენ დღის განრიგს შეახსენებ, ახალ შეხვედრებზე მიაწვდი ინფორმაციას და ის გეტყვის უნდა თუ არა დასწრება, დრო შენთვითონ უნდა შეარჩიო, ამ მხრივ ზედმეტი კითხვები არ უყვარს, თუ თვითონ რომელიმე კონკრეტულ დროს უნდა თვითონვე გაგაფრთხილებს...-კითხვის ნიშნები ამოიტივტივა გუგებში, ელისაბედმაც თავი მორჩილად დაუქნია...-შეიძლება თვითონაც გითხრას რომ რაიმე შეხვედრა ჩანიშნო.
-როგორ უნდა მივხვდე შესაფერისი დრო რომელია?...-კითხვები კარგია, ეს იმის მომასწავებელია რომ მსმენელი ნამდვილად გისმენს.
-დილის თერთმეტიდან საღამოს ექვსამდე ნებისმიერი შეხვედრა შეგიძლია ჩანიშნო...-გაშლილი თითების მოკეცვა დაიწყო და ჭერს მიაშტერდა...-ექვსიდან ცხრამდე ძალიან მნიშვნელოვან და გადაუდებელ შეხვედრებზე შეგიძლია უთხრა, ძირითადად პარტნიორები, რეგიონალური მენეჯერები, იურისტები, ოჯახის წევრებთან დაკავშირებული პირები...ხო, ხო აი ამათთან შეგიძლია ეს დროც კი ჩანიშნო, მაგრამ...-გამომცდელად დააკვირდა...-არიან ისეთებიც, ვისაც ნებისმიერ დროს დაუთმობს. გაიცნობ, გაიგებ, არ დაიბნე...-გაიღიმა ისევ.
-განრიგი. მხოლოდ მის განრიგს ვადგენ?...-საკუთარ თავს ახლა დაცინვას დაუწყებდა.
-შენ იურისტი ხარ?...-კითხვას არ გავდა, მაგრამ მაინც თავი დაუქნია. სამუშაო მაგიდასთან მივიდა ანკა და დახურული კარადის კარები მოხსნა, ორივე მხარეს ბაინდერები დახარისხებული და ჩამწკრივებული იყო...-აქ საბუთებია, არასდროს იცი რა დაგჭირდება, ციფრულ სისტემაზე წვდომას მოგცემენ, მაგრამ თუ რაიმე გაუთვალისწინებელი იქნება, ან ისეთი რასაც ელექტრონული ვერსიით არ ვინახავთ აქაა. ჩემი რჩევაა, თუ რათქმაუნდა მიიღებ, ყველაფერი წაიკითხე, ეცადე სულ მცირედად მაინც დაიმახსოვრო აქ რაა.
-შეხვედრებზე მეც მივყვები?...-რჩევა მიიღო, ახლა უბრალოდ მეტი ინფორმაცია სჭირდებოდა.
-ზოგზე კი, ზოგზე არა. გააჩნია რა ხასიათზე გაიღვიძებს ბებრუხანა...-იუმორით ვერ იკვეხნიდა, ანკას გაბადრული სახე ჰქონდა, თვითონ კი ხუმრობის ვერც არსს ჩაწვდა და ვერც საჭიროებას, ამიტომ უბრალოდ მიბრუნდა ზურგით რომ არ მდგარიყო და ამ სიტყვების ადრესატი შერჩა ხელთ. უკვე გამოწყობილიყო, მასაც ფინჯანი მოემარჯვებინა ხელთ და წამიერად ჩარჩოში გაჭედილი გამომცდელად დააკვირდა...-ანკა, ესეიგი ვსო, მიდიხარ, გადაწყვიტე მაინც ხო გათხოვება.
-სხვა გზა არაა ბატონო დავით, თავს მოვიკლავო მემუქრება...-აშტერებდნენ? თუ ეს მდიდრების იუმორია? მისი მდაბიო გონება ვერ ჩაწვდა?...-ვთხოვდები და სამსახურიდან ამიტომ მივდივარ...-და მაინც, ოდნავადაც რომ არ ჩატეხა კუთხე გოგომ გაუგრძელა...-ბატონი დავითის დიშვილს მივყვები. უბრალოდ საერთხო ხუმრობაა, მალე მიხვდები...-აჰა, ესეიგი დავითის დიშვილსო, გაიფიქრა და ახლა ნამდვილად გაეღიმა, ოღონდ ისე არა, როგორც ანკას უნდოდა.
-აი ეს ტელეფონი, არ დამავიწყდეს, გამომართვი...-ხელში მიაჩეჩა და განმარტებაც მოაყოლა...-ესაა სამსახურის ტელეფონი. ისე, შენი ნომერი დაცვის ბიჭებსაც მივეცი და მზიკოსაც. მაინც, უცებ რომ დაგვჭირდე, ან არ გამოჩნდე...-გაიცინა, ოღონდ ამჯერად ისე როგორც ელისაბედი იღიმოდა წამის წინ.
-რუსუდანი გელოდება სამზარეულოში, ჩვენც მოვალთ...-კარისკენ ისედაც წასულს მიაძახა და როგორც კი კარის მიხურვის ხმა გაიგო, მაშინვე ოთახში დარჩენილს მოუბრუნდა. გაშლილი ხელისგულით მიუთითა სავარძელზე და დაჯექიო სთხოვა...-ესეიგი ანკამ უკვე მოგახვია თავს ჩემი განრიგი ხომ?
-დიახ, ახლა ვიცი რომ თქვენ ზუსტად ცხრაზე მიირთმევთ საუზმეს...-რატომ ელოდებოდა რომ პირველივე დღეს სეიფის გასაღებს მიაწვდიდნენ და აჰა, იხარე ჩვენო გოგოო, ეტყოდნენ?!...-ასევე ისიც, როგორ განვსაზღვრო პრიორიტეტები.
-საკმარისი არაა, ხო? ინტერესი და ცნობისმოყვარეობა ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანების ცხოვრებაში, მაგრამ ყველაფერი რისი გაგებაც სხვაზე გინდა, სხვისია. შენ ძალით ვერ წაიღებ, ამიტომ უნდა ეცადო ის ადამიანმა თავისით მოგცეს...-აკვირდებოდა, თავისი ცარიელი, არაფრისმთქმელი თვალებით და ეს უფრო მეტად აშინებდა ვიდრე ეჭვნარევობა. დენის დარტყმასავით გაუარა მთელმა წინადადებამ საფეთქლებში...-ნდობა! სადაც ნდობაა იქ ადამიანი ყველაფერს გაიმეტებს შენთვის.
-მითხარით რა მევალება, ამ უზარმაზარ წიგნაკში განრიგს მეთერთმეტე კლასის მოსწავლეც ჩამოგიწერთ...-იცოდა, მაგრამ უნდოდა მისგან მოესმინა, უნდოდა გაეგო, ამ ეტაპზე რამდენად ენდობოდა...-უბრალოდ პირდაპირ მითხარით.
-აქ არაფერ მნიშვნელოვანს და კონსპირაციულს არ ვგეგმავთ ელისაბედ...- იღიმოდა, კეთილად, გულწრფელად...-არ იქნება ისეთი მარტივი, როგორიც გგონია, ყველა შენ დაგირეკავს ყველაფერზე, ჩათვალე რომ მე ტელეფონი არ მაქვს. ნუ გეშინია, მოსაწყენად ვერ მოიცლი.
-დათო შაბათს გეგმავენ გიგის "მალჩიშნიკს" ...-აჰა, ესეც ახალი ხმა, მონოტონური და დინჯი, მაგრამ მსუბუქი...-აპირებ წასვლას? აჩიკოს ბარში აკეთებენ, დახურავენ.
-მამამისი აპირებს წასვლას? ახალგაზრდა ბიჭებთან მე რა ვაკეთო?...-უცნაურად გაშინაურდა, ასე უფრო ემსგავსება ადამიანსო გაკრა თავში.
-მამამისი კი არა ყველა იქ იქნება, ცოტას დავლევთ, გასართობად მერე წავალთ...-მისკენ არ მიბრუნდა, სკამში უძრავად იჯდა, თითქოს თუ შეირხეოდა მთლიანად დაიშლებოდა...-ანკას არ ჩაანიშნონო ოღონდ ეგეც, არ იცის ჯერ, გიგი თვითონ ეტყვის. რავიცი სცენები არ დაუდგას მერე.
-მოიცა, მოიცა, ეგ კარგი თქვი...-ეშმაკები აუცეკვდა ხმაში...-ანკა წავიდა, ვსო...-ხელი მისკენ გაიშვირა და ელისაბედმა ნერწყვი მძიმედ გადაყლაპა...- ელისაბედი, გაიცანი. დღეს ჩაანაცვლა ანკა.
ზურგზე თვალების მიწებება მთელი სხეულით იგრძნო. ნელა შეტრიალდა და მოულოდნელობის ეფექტმა თავისი საქმე გააკეთა. ელოდა, რომ ფეხზე წამოდგებოდა, პირისპირ დაუდგებოდა, ხელს ჩამოართმევდა, ხმის აუკანკალებლად ეტყოდა სასიამოვნოაო. ის კი დახრილა მთელი თავისი ტანით, ხელისგულით მაგიდას ეყრდნობოდა და გვერდულად უღიმოდა.
-ელისაბედი ძალიან დიდი სახელია, უცებ რამე რომ დამჭირდეს სახელის დამთავრებას ვერ მოვასწრებ ისე მოვკვდები...-დასცინის?..-აი ანასტასიას ანკა დავარქვი, შენ ელი იყავი...-თავი დაუკრა, ამაზე ცხადად ვეღარაფრით შეეკითხებოდა ხომ შევთანხმდითო.
-შაბათს მხოლოდ ორზე გაქვთ შეხვედრა, შემდეგ თავისუფალი ხართ, რომელზე ჩავნიშნო...-თვალი აარიდა, მიზანს მიუხვდა. ახლა სახლში მთავარი გასართობი ის იყო, ყველანაირად მოუსინჯავდნენ საზღვრებს, იქამდე მივიდოდნენ სადამდეც მიუშვებდა, მიზანი ეს იყო, თორემ არავის აინტერესებდა ელისაბედი რამდენად გრძელი და რთულად გამოსათქმელი სახელი აღმოჩნდა.
-ელი ზუტად გავიგებ დროს და გეტყვი კარგი? ...-ზღვარი დაანგრიეს, სახელი დაკარგა...-ანკამ ტელეფონი მოგცა? ...-თავი დაუქნია თანხმობის ნიშნად...-ძალიან კარგი...-მოჩვენებითი მხიარულებით მოაძახა კარისკენ წასულმა...- გაბ კაი რაა, მიდი წამო, ცოტას დავლევთ, დავითაც მოდის...-უკვე ღია კარში გააბეს საუბარი და ელისაბედიც ნელ-ნელა ჩაწვდა დავითს რაში სჭირდებოდა მეორე პირი მისი ცხოვრების საცხოვრებლად.
-დათო ვაშაკიძემ დარეკა, მშენებლობის ნებართვაზე, ოთხზე უნდა შევხვდე, თუ შენი ახალი მდივანი დროს გამოგინახავს, წამოდი...-აუტანელი ბარიტონი, ეზიზღებოდა ეს ხელოვნურად დაყენებული ხმა. მისკენ თავისუფლად გაიხედა და ისევ ისეთი შერჩა ხელში როგორც გასაუბრების დასასრულს პირველად. კარის ჩარჩოში გამოჯგიმულიყო და გაქცევისკენ ქონდა ტანი მომართული...-გამაგებინე რას გადაწყვეტ.
-მოიცა, მოიცა...-მოუთმენლად წამოუდგა უფროსი ყიფშიძე, მაქსიმალურად ეცადა ბრაზი დაემალა, მაგრამ მაინც გათქვა შეკრულმა წარბებმა...-შემოდი ერთი წუთით. ვაშაკიძეს მარტო ხომ არ შეხვდები, რას ქვია თუ დროს გამოვნახავ?
-ობიექტებზე უნდა დაველაპარაკო დათო, ქალაქის აშენებაზე კი არა...-გაიკვირვა იმანაც და გაიჯგიმა. აბა თუ მიხვდებით ოთახში ზედმეტი ვინ იყო? მე დაგტოვებთ თუ გნებავთო იკითხა ზრდილობიანად, მაგრამ თანხმობისთანავე წამოდგა თუ არა, მეორე მხარემ მოუჭრა.
-ტყუილად გაუშვებ, არ მაქვს ამდენი დრო. დამირეკე და მითხარი, ან საღამოს ვილაპარაკოთ...-მობეზრებით ლაპარაკობდა. აშკარად თაფლი იყო ჩაის ჭიქაში, ისეთი ხასიათი უჩანდა.
კარს, მიხურვისას, თვალი მიაწება და ეცადა ნაკლებ ემოძრავა. ნელა შემობრუნდა რომ უფრო მეტად არ გაეღიზიანებინა. პირველივე დღეს თავის თავზე შხამის ნთხევა მაინდამაინც პერსპექტიულ მომავალს არ უქადდა. უხერხულობამ კისერში წაუჭირა, თვალი ხომ ვერა და ვერ გაუსწორა. იატაკზე მიწებებული გუგები გაუფართოვდა, როგორც კი ხმა მისწვდა.
-ნდობა გინდა? ხომ გინდოდა?...-ნიშნისმოგებით ეუბნებოდა თუ ჯიბრით? იწვევს?...-ხოდა აი შენი ნდობაც, შენი მთავარი საქმე დღეს გაბრიელია...-მიუხვდა და მიაშტერდა...-გაიგე სად აქვს მერთან შეხვედრა დანიშნული და წადი.
-თქვენ გარეშე რომ მივალ....-წარბი აუწიეს, ენა ჩაიგდო და სმენად იქცა.
-გვერდით კი არ მიუჯდე ელისაბედ, დავითმა გამომგზავნაო. ისე მოახერხე რომ ვერ გაიგოს იქ ხარ, მოუსმინე რას ილაპარაკებენ, დააწვრილებით მომიყვები, ამიტომ თუ ვერ იმახსოვრებ ჯობია წერის სისწრაფეში ივარჯიშო.
-გინდათ, რომ ვიჯაშუშო?...-იცოდა საქმე ვისთანაც ჰქონდა, მაგრამ მაინც გაკვირვებული დარჩა.
-ხომ გინდოდა ადრენალინი? ეგეც შენი ადრენალინი...-იცინოდა, ოღონდ ვერ მიხვდა მას დასცინოდა თუ თავის თავს...-წამოდი, ოფისში ისედაც დავაგვიანე...-კარისკენ თვითონ გაუძღვა, მაგრამ წამიერად რომ შეჩერდა, ელისაბედმა ხელი სახელურისკენ თვითონ წაიღო და მაჯაზე ფრთხილად ჩასჭიდეს თითების სიმძიმე...-ელისაბედ...-ჩურჩულით წარმოთქვა, მაგრამ იმდენად სერიოზული ქონდა გამომეტყველება, რომ ადგილზე შეუხტა გული...-თუ გაბრიელი გამოგიჭერს,იცოდე, მეორე დღეს სამსახურში მოსვლით თავს ნუ შეიწუხებ.
უყურებდა.
გამომცდელად.
მის მოთმინებას არა, საზღვარს ცდიდა.
ზუსტად ისე ცდიდა, როგორც მისმა შვილმა გამოსცადა დილით მისი საზღვრები.
განსხვავება ის იყო, რომ მისი შვილისთვის ელისაბედი სახლში მოყვანილი ლეკვივით იყო, სანამ ახალი და პატარა იქნებოდა, გაერთობოდა.
უფროსი ყიფშიძე კი ცდიდა, იმისთვის, რომ გაეგო-სადამდე შეძლებდა ეს ლეკვი გაზრდას.


პ.ს ჯობს გვიან, ვიდრე არასდროს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent