შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მერი


გუშინ, 21:06
ნანახია 3

მერი
თუ კი მართლა ამ სამყაროში იარსებებდა სილამაზით სტატუსთა მინიჭების პრინციპი მაშინ მერი უეჭველია დედოფალი იქნებოდა. ისეთი ლამაზი იყო გინდ ცალკე აიღე მისი ნაკვთები, გინდ ერთიანად წარმოიდგინე მისი სახება. დედოფალი-მეთქი იმიტომ ვამბობ, რომ ყოველივე მშვენიერს მაღალ ადგილსაც უთმობენ. ალბათ, შურიანი რომ ყოფილიყო თავისი შური თვითონვე მოკლავდა, როგორც სხვებს ემართებოდათ მისი ხილვისას. მაგრამ რაც გაქვს რატომ შეგაშურებს, თუ კი იმას არ დაინახავ რაც არ გაქვს. თუმცა ლამაზი ადამიანებიც ისე ცხოვრობენ როგორც სხვა ყველა, ვინაიდან სილამაზე არაფრის ბარათი არ არის და ამავდროულად უპირატესობაცაა თავის მხრივ. ფაქტი კი ფაქტად დარჩა, რომ მერიც ერთი, რიგითი, ადამიანი იყო, თავისი ისტორიით, მომავლითა და აწმყოთი, ყოველივე ეს კი ნაკლებ საინტერესო ჩანდა მისი მშვენიერების ფონზე.
ამ მშვენიერ ქალბატონს არც ოჯახი ჰყავდა, არ სახლი ჰქონია, არც მეგობრები ჰყოლია, სიყვარულზე ხომ კრინტსაც ვერ დავძრავ. მას ჰქონდა მხოლოდ მშვენიერი სახება, რომელიც მის ღამეულ ცხოვრებას მზესავით დანათოდა. იგი დაძინებამდე მუდამ დიდის გულმოდგინებით ივარცხნიდა წლებით ნაზარდ შავ, აბრეშუმივით მბზინავ და ბამბასავით რბილ თმას. ღამეული რიტუალის შემდგომ იწნავდა წელამდის დაშვებულ თმას და წვებოდა, თუმცა კი ცოტა ეძინა.
მისი სამუშაო ადვილი როდი იყო, იგი იქ მუშაობდა, სადაც ქალს პატიოსანი სახელი არ აქვს, მაგრამ კაცი მაინც პატიოსნად რჩება საზოგადოების თვალში. მერი ცნობილი იყო, მაგრამ ცუდად ცნობილი. მართალია მას ოჯახი არ ჰყავდა და ოჯახურ კერას ვერ დაინგრევდა იქ მოსულივით, მაგრამ მაინც ის უფრო ცუდი იყო ვიდრე მომსვლელი. განა შეედავება საზოგადოებას ვინმეს ავ-კარგის გარჩევაში ? ვერავინ ასეთ კაცს უმალ მიუჩენს ხოლმე ადგილს, მაგრამ დრო თავისთავად გამოყოფს სათანადო ადგილებს.
- ვინ არის ეს, გოგონა ?- იკითხა მერიმ და სიგარეტს გაუკიდა.
- ახალია, გუშინ მოიყვანა იმან.
- აა, იმან ? მერე აქ რა უნდა ? - მოსაუბრეს, რომელიც სახეს მთლიანად იღებდა, რათა მშვენიერი გამოჩენილიყო გულიანად გაეცინა და მაგიდას მაგრად მოუსვა მტვრის საწმენდი.
- პროფესორად დასვამენ და ლექციებს ჩაატარებინებენ.
- ჰო, რატომაც არა, მე და რამდენიმეს ხომ გვატარებინებენ.
აღნიშნა მერიმ და საფერფლისკენ წაიღო სიგარეტი. იგი უყურებდა 17-19 წლის გოგოს, დაბნეულს, შეშინებულს, მარტოსულს, თვალებს აქეთ-იქით აცეცებდა და შველას ითხოვდა, გამბედავი რომ ყოფილიყო სიკვდილსაც არ დაერიდებოდა.
- მიდი დაუძახე აქ მოვიდეს.
უთხრა თანამოსაუბრეს, რომელმაც უკმაყოფილოდ მიაგდო ტილო და გოგონასაკენ წავიდა. აქ მერის პატივს სცემდნენ, მიღებული პიროვნება იყო და მის სიტყვას დაბლა მყოფნი უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ. ქალმა რაღაც უთხრა გოგოს და ხელით ანიშნა მერიზე, რომელსაც უკვე ჩაემთავრებინა მოწევა და მეორეზე გადადიოდა. გოგონა უფრო დაიბნა და ფეხდაფეხ მიჰყვა. რაც უფრო უახლოვდებოდა მით უფრო მშვენიერი ხდებოდა ახალგაზრდას სახება.
- ლამაზია ? რას იტყვი ? შენი ახალგაზრდობა გამახსენდა, თუმცა შენ ახლაც ახალგაზრდა ხარ.- მლიქვნელურად გამოელაპარაკა უკნიდან წამომდგარი კაცი, რომელიც უკვე სიბერისკენ გადახრილიყო.
- ლამაზია.- თქვა მერიმ და თმებზე მოჰკიდა თავდახრილ გოგონას ხელი. თმები ქერა იყო, თვალები ცისფერი, კანი თეთრი, სხეული იდეალური.- ქერა და ცისფერთვალება არა...- თავისთვის ჩაილაპარაკა, გოგონას კი ყოველი მისი შეხება აკრთობდა.
- შენს მერე ასეთი აღარ გვყოლია, რაღა დაგიმალო და ფულის სუნი მცემს უკვე.
- ფულზე რომ ალერგია გქონდეს ცემინი მოგკლავდა.- ცივად მიუგო მერიმ გაჭაღარავებულ კაცს, რომელსაც მოხდენილად ჩაეცვა შარვალ-კოსტუმი. კაცმა სათვალეები შეისწორა და ნაძალადევად გაუღიმა.
- ენაც რომ შენსავით მშვენიერი გქონდეს, ქალი ვერ შეგედრებოდა.- აღნიშნა და მხარზე დაადო ხელი,- ამ გოგონას შენ გიტოვებ ასწავლე ყველაფერი, მე კიდევ ბევრი საქმე მაქვს.
- ჰო, ჯოჯოხეთს რა მოაკლებს საქმეებს.- ჩაილაპარაკა მერიმ, კაცი აღარ გაეპასუხა მიჩვეული იყო მერის მხრიდან ამგვარ დამოკიდებულებას და გაერიდა ქალებს.
- წამომყევი.- ცივად უთხრა გოგონას და მე-3 სართულზე თავის ოთახს მიაშურა, გოგონაც თან მიჰყვა. როდესაც შევიდნენ გაკვირვება ვეღარ დამალა ახალგაზრდამ.
- ეს თქვენი ოთხია ?- მერიმ თავის დაკვრით დაუდასტურა და ფარდები ოდნავ გადასწია, სინათლეზე უკეთ გამოჩნდა წიგნების დასტები, მხოლოდ და მხოლოდ წიგნები ერთი საწოლი და პატარა გარდერობი.
- აქ რატომ ხარ ?- პირდაპირ ჰკითხა, თვალი თვალში გაუყარა, მზერას არ აშორებდა, გოგონა დაიბნა თავი ძირს დახარა.
- მე... წასასვლელი არ მაქვს...
- თუ წასასვლელი არ გაქვს აქ რა გინდა ?- ახალგაზრდა ერთ წამს შედგა.
- მე... რადგან არ ვიცი სად უნდა წავიდე...
- სად არიან შენი მშობლები ?
- არ ვიცი, ობოლი ვარ.- მშრალად და ერთგვარი ზიზღითაც ჩაილაპარაკა.
- რამდენის ხარ ?
- 18-ის გავხდი ერთი თვის წინ.
- ბავშვი ყოფილხარ ჯერ...- ჩაილაპარაკა მერიმ,- მერე თავშესაფრიდან გამოგაგდეს ?
- ჰო...- მორცხვად ჩაილაპარაკა,- მე ცუდი არაფერი გამიკეთებია, უბრალოდ არ არის იქ ზრდასრულების ადგილი... ახალი ბავშვები მიიღეს და მე ქუჩაში დავრჩი.
- არის სამი ადგილი სადაც მოხვედრას სჯობს ქუჩაში ათიო და აღამო.
- ქუჩაში ვერ დავრჩებოდი... მე შემეშინდა.
- ბროდელში და პოლიტიკაში ყოფნას ქუჩაში ყოფნა სჯობს, ორივე გამომიცდია, მესამე ჯოჯოხეთია, მაგრამ ჯერ ვერ გეტყვი კიდევ აქ ვარ. სანამ დრო გაქვს წადი და ქუჩაში იწანწალე, მერე ვერ შეძლებ წანწალს, რადგან მათხოვრის ძახილს სხვა სიტყვის ძახილიც მოჰყვება. - გოგონა გაჩუმებული იდგა და ვერაფერს ვერ ამბობდა, თვალები უცრემლიანდებოდა და ერთ ადგილზე ცახცახს იწყებდა.
- მე არც აქ მინდა ყოფნა...- ბოლოს გულიდან ამოხეთქა ნადებმა.
- აქ არავის არ უნდა ყოფნა.
- მეც არ მინდა... მაგრამ სად წავიდე ?- ისე მიაჩერდა თითქოს მას სთხოვდა პასუხს,- მე ... მივედი სახლში... თავშესაფარში, მაგრამ გამომაგდეს. სულ იმას გაიძახოდნენ მალე გახდით თვრამეტისები რომ მოგიწყვიტოთ თავიდანო. არა და მართლა არ ვიქცეოდი ცუდად, მაგრამ გამომაგდეს... ორი წლის წინ 3 იყო და ერთად წავიდნენ და წელს მე ვარ მარტო არც არავინ მყავდა რომ მასთან ერთად გავეგდე... რა უნდა გამეკეთებინა ქუჩაში, არასოდეს არ ვყოფილვარ გარეთ, არ ვიცი არაფერი...
- თუ სხვაგან ვერ ნახე თავშესაფარი აქ რას დაეძებ ? შენ გგონია აქ შეგიფარებენ ?
- დავიძინებ და შევჭამ მაინც, ქუჩა-ქუჩა წანწალს ხომ სჯობია...
- სულელო, ბავშვო,- მერის გაებრაზა, რადგან ვიღაც მსგავსი გაახსენდა,- შენ სმა-ჭამა და ძილი გგონია თავშესაფარი ? ან იქნებ იმ ზღაპრების იმედი გაქვს რომ ვინმე შეგიყვარებს და მოგაშორებს აქაურობას ?- მას სიმწრის სიცილმა გამოსცრა ამ უკანასკნელზე, მერე კი სევდა გადაეფინა, გოგონასთან მივიდა ჩაეხუტა და მასთან ერთად ატირდა. ასეთი მერი რომ ვინმეს დაენახა ვერ დაიჯერებდა მის არსებობას, მერისაც კი აღარ ახსოვდა ასეთი ქალის არსებობა. ტირილი მალე მოათავა და საწოლზე დაეშვა, გოგონა გვერდით მოისვა.
- ის კაცი რომ მოვა, უთხარი რომ მიდიხარ.
- ვერა,- შეშინებულმა უთხრა,- მერე სად წავიდე ?
- სად უნდა წახვიდე, მერი ?- თავის თავს ჩაეკითხა ქალი, ერთ-ერთ წიგნს მიადგა და გასაღები ამოიღო. გოგონას ხელში ჩაუდო,- წადი და იცხოვრე, შენი იყოს, ვიდრე სახელი გაგიტყდება და ვეღარ იცხოვრებ.
- ვერ გავიგე...- გოგონა გაკვირვებული შეჰყურებდა.
- ბევრი ადამიანი აგროვებს დიდ ქონებას, მერე უცებ კვდება და მისი ავლადიდება სხვას რჩება. წარმოიდგინე სახლი იყიდეს და მოკვდნენ, მერე ეგ სახლი შენ დაგრჩა. აი, იკითხე და მიხვალ.- მან ფურცელზე წაუწერა მისამართი.
- სახლი გაქვთ ? რატომ არ მიდიხართ თუ სახლი გაქვთ ? იმუშავებთ და იცხოვრებთ, რაც მთავარია სახლი გქონიათ, ქირა არ გექნებოდათ გადასახადი და გარეთაც ვერ გამოგაგდებდნენ.
- სახლს სხვა სახლები ახვევია გარშემო, იქ კი ხალხია, რომელიც ცდად უყურებს ჩემისთანებს. მე არ მაქვს სახლი, წადი და იცხოვრე, თუ გკითხავენ თქვი რომ არ მიცნობ და საერთოდაც ეს სახლი ვინმემ გიყიდა ანდაც არ უთხრა სხვები არ ჩარიო შენს საქმეში.
- თქვენც წამოდით, მე როგორ წავიდე ვიღაცის სახლში, თქვენი სახელიც კი სხვისგან გავიგე, ჩემი არც იცით არ მიცნობთ არ გიცნობთ.
- მე ბევრის სახელი ვიცი და ბევრი უსახელოდაც ვიცი. რა გინდა გოგონა ? სახელი ? მაშინ მითხარი რა გქვია ?
- მე, ნანას, ნანიკოს მეძახიან.
- ახლა ვიცი შენი სახელი, შენი ობლობის ამბავიც და თუ გინდა რომ შენი მომავალიც არ გითხრა, რა როგორ წავა წადი და იცხოვრე მაგ სახლში. აქ აღარ მოხვიდე.
- თქვენ მართლა მაძლევთ ?- გულუბრყვილოდ იკითხა. ქალმა თავი დაუქნია. მერე წამოდგა და უთხრა აქ მომიცადეო. ახალგაზრდა ნანა გაკვირვებული დასცქეროდა გასაღებს ვიდრე მერი შემოვიდოდა. მერი კი კიბეზე დაეშვა, უფროსთან შევიდა, ერთი დააკაკუნა და შევიდა პირდაპირ. გაკვირვებული კაცი ფეხზე წამოიჭრა და მერის გაეგება წინ.
- ოჰ, ძვირფასო, მერი, რას მივაწერო თქვენი მობრძანების პატივი ?
- ზურაბის მოყვანილი გოგო უნდა წავიდეს.
- ვინ ?- წარბი შეიჭმუხნა უფროსმა,- ის ქერა გოგო ?
- ნანა.
- ვინ ?
- ნანა ჰქვია მაგ ქერა გოგოს.
- რატომ უნდა წავიდეს ?- უსიამოვნოდ შეჰყურებდა მერის უსიამოვნო გამომეტყველებას.
- იქნებ მარიამი მოგეყვანა აქ ან ანასტასია, ვიცი რომ რამდენიმე შვილიშვილი გყავს. - მწარე ენა გაქვს. ჩემს შვილიშვილებზე ეგ აღარ თქვა.
- ის მიდის.
- შენ უფროსად როდიდან დაგნიშნე ? რაღაც არ მახსოვს ?
- მან მითხრა რომ წასვლა უნდა, მხოლოდ ამას გეუბნები და ის წავა, რადგან წამსვლელი უნდა წავიდეს.
- და რა უნდა გააკეთოს ? ქუჩაში უნდა იყიალოს ? ბავშვი შესაფარს მიიღებს.
- გეტყოდი შეგრცხვეს, მაგრამ სირცხვილის რა გაგეგება.
- და ამას ვინ მეუბნება ?- დამცინავად მიუგო ქალს.
- მერი, თუ დაგავიწყდა ჩემი სახელი.- თვალი თვალში გაუყარა.
- ეს გოგო ბევრ სარგებელს მოგვიტანს, ჩემო მშვენიერო, შენი განახლებული ვერსიაა, თითქოს ხელმეორედ გაგვიღიმა ბედმა.
- ან წავა, ან აქედან მკვდარს გაიტანთ.
- ოჰ, ს ხომ არ აპირებს ?- ირონიით დაამატა.
- სიკვდილისთვის სხვებიც არსებობენ.
- იმუქრები ? ხომ არ შეგშურდა შენს დიდებას გვერდით რომ ამოუდგნენ.
- შემშურდა...- ჩაეცინა მერის,- რაღაცის ნამდვილად შემშურდა, მოკლედ ის მიდის ან ცოცხალი, თუ არა და ზედმეტი ხარჯის გაღება მოგიწევს.
- კარგი, კარგი შენ მარტო ლამაზი კი არა საშიშიც ხარ, რას ვიზავთ ზოგჯერ უნდა დათმო, მაგრამ, აი, ნახავ თავისი ფეხით მოვა უპატრონოა. შენ კი შუამავლად მოგგზავნა, მალე ისევ მოგგზავნის აქ შემოსაშვებად. - მერი კარისაკენ გატრიალდა. - იცოდე, მეტი შრომა მოგიწევს.
მერიმ ერთი შემოხედა და უსიტყვოდ გავიდა, უფროსი, რომლის მფლობელობაშიც იყო აქაურობა გაბრაზებით სცემდა ბოლთას. როდესაც მერი შევიდა გოგონა კვლავ იქ დამჯდარი დახვდა და ისევ გასაღებს ჩაჰყურებდა. ხმაზე შეკრთა და ფეხზე წამოიჭრა.
- თავისუფალი ხარ.- საფულე გახსნა და 200 ამოიღო,- წადი, სახლი გაქვს, საჭმელად გეყოფა ცოტახანს დანარჩენს კი თავადაც მიხედავ, თუ კითხვა გიყვარს გაიყოლე რომელიმე.- ნანა გაკვირვებული შეჰყურებდა მერის, მერე ჩაეხუტა და ატირებულმა მადლობა გადაუხადა.
- თქვენც რომ წამოხვიდეთ ? ერთად ვიცხოვრებდით ? თუ გინდათ მე ვიმუშავებ და ორივე როგორმე შევინახავდით თავს.
- სიკეთეს სიკეთით უნდა უპასუხო და არა მონად გახდომით. მე ვერსად ვერ წამოვალ, შენ კი წადი, შეიძლება უცოდინარი იყო, უმაქნისი, მატყუარა, ცბიერი, მლიქვნელი, მაგრამ სახელი არ გაიტეხო. სახელის გატეხვას არ პატიობენ, თუმცა სახელს წეღან რაც გითხარი ეგენიც ტეხს, მაგრამ როდესაც მთელს ქვეყანას ერთი ნიშანი აზის ის აღარაა გასაკვირი. აი, მეძავს კი ყველას არ უძახიან, ამიტომ შეუძლიათ ხელი გამოიშვირონ შენკენ მატყუარებმა, მლიქვნელებმა, მოძალადეებმა, მკვლელებმა რადგან მათნაირები ხილულადაც ბევრია. მსგავსი კი იტანს მსგავსს, მეძავი კი ასე ადვილად არ იძებნება, არა და რამდენი არიან, პატიოსანი სახეების ქვეშ.
- მე, მე...- ნანა სიტყვებს ვეღარ აბამდა თავს,- მადლობელი ვარ, არასოდეს არ დაგივიწყებთ ამ სიკეთეს. არ გავიტეხ სახელს და თქვენც გნახავთ ხოლმე.
- არა, აქ არ მოხვიდე.
- მაშინ ტელეფონის ნომერი მომეცით, როცა ვიყიდი დაგირეკავთ და თუ აქ არა თქვენ მოდით ხოლმე.
გოგონა ისე დაჟინებით სთხოვდა, რომ მან მიაწოდა ფურცელზე დაწერილი.
- არ ვიცი რა ვქნა, მადლობა სხვანაირად როგორ ვთქვა.
- წადი, აიღე რაც კი რამ გაქვს და გადი აქედან, აქ აღარ მოხვიდე.
- კარგი.- თავი დაუქნია გადაეხვია, მაგრამ მერი არ ჩახუტებია, ნანა გავიდა და დაიხურა კარი.
***
გარეთ მშვენიერი ამინდი იყო, მერის უყვარდა მზიანი ამინდი და ნათელი ოთახები, მზის ქვეშ სეირნობა. მაგრამ ის ცხოვრობდა ბნელ ოთახში, სძულდა წვიმა და წვიმაში დადიოდა, რადგან ამ დროს ქუჩა ცარიელია და ხალხი ვერ დაუწყებს მას ავად ძახილს. მერის სძულდა წვიმა და ნატრობდა წვიმას, რადგან დიდი ხანია რაც გარეთ არ გაედგა ფეხი. ერთ დღეს კვლავაც იწვიმა და მერი გავიდა გარეთ. წვიმა ასველებდა მას და წვიმას ასველებდა მერი. მიწაზე იმაზე მეტი წვეთი ეცემოდა ვიდრე ციდან ცვიოდა. ამ დროს ის ერთ თავის შეთხზულ ლექსს იმეორებდა, ტრადიციად ჰქონდა ქცეული. წვიმის წვეთები რომ მიწას ეხეთქებოდნენ და მის სამოსს ასველებდნენ ის ლექსს ჩურჩულებდა, უნდოდა თავ აწეულს ეთქვა, მაგრამ წვიმის წვეთები თვალებში ხვდებოდნენ და არ გამოსდიოდა. თითქოს ისინიც მას ახრევინებდნენ თავს...
- გულს არ აქვს მოსაჭიდარი... რატომ არის ასეთი სრიალა... მალე ჩაგიცურებს და მალევე მოგადენინებს ზღართანს...
- ქალბატონო კარგად ხართ ?- უკნიდან წამოეწია ხმა. დიდი არ უნდა ყოფილიყო დამძახებელი, ალბათ, სკოლის მოსწავლე იქნებოდა.
- მაგ კითხვას ცოცხლებს ეკითხებიან, შვილო...- უთხრა და გზა განაგრძო, ბავშვი დაზაფრა და აღარაფერი არ უთქვამს ავტობუსში ახტა.
***
მერის ზოგჯერ ურეკავდა ხოლმე ნანა, მიიპატიჟა კიდეც, მაგრამ მერი არ მივიდა. როდესაც ნანამ მოსვლა გადაწყვიტა გაახსენა რაც უთხრა და ისიც აღარ მოსულა. თუმცა ერთხელ ცა მოწმენდილზე მივიდა მერი მასთან, ისე შენიღბულიყო რომ ვერავის ვერ ეცნო. ნანამ რომ დაინახა ჯერ შეშფოთდა ვინ უნდა იყოს მაგრამ უმალ იცნო მისი გრძელი და ლამაზი თმა. 50-ს უახლოვდებოდა მერი, მაგრამ მის მშვენიერებას თითქოს წლები ვერ ეხებოდნენ ჯერ კიდევ.
- მოხვედი...- ჩაეხუტა მერის და იქვე დასვა.
- ბევრჯერ დამირეკე და გადავწყვიტე ერთხელ მოვსულიყავი.
- ერთხელ კი არა სულ მოდი.- გახარებული ელაპარაკებოდა ნანა. მან გემრიელი ვახშამი გაუშალა და მოუყვა თავისზე.
- მუშაობა დავიწყე მიმტანად, მართალია ცოტა ვიღლები, მაგრამ თავი გამაქვს. თან თანამშრომლებიც კარგები არიან.
- კარგია.- ღიმილით მიუგო.
- ერთ-ერთმა ისიც მითხრა, რომ ფოტო მოდელი გამოვიდოდა ჩემგან.
- მართალი უთქვამს.
- ხომ ? - თვალები გაუბრწყინდა მას.
სტუმრობა ხანმოკლე იყო, მაგრამ იყო სხვა ვიზიტებიც და კიდევ სხვა. ყოველ ჯერზე ის შენიღბული მოდიოდა, თუმცა მაინც არავინ არ შეხვედრია, რადგან ხალხი საკუთარ ბინებში მეტად შეკეტილიყო. მაგრამ ახლა სხვა ფორმატით ადევნებდნენ ერთმანეთს თვალ ყურს. მერისთვის რომ ძველ ნაცნობებს მოეკრათ თვალი ავის თქმას არც ახლა დაიშურებდნენ, მაშინ როდესაც თავად ერთი ჭიქა წყალი არ ექნებოდათ სხვისთვის გაწვდილი.
- ეს სახლი შენი ოჯახის იყო ?- ერთხელ კარტის თამაშისას ჰკითხა ნანამ.
- არა, მე ვიყიდე.
- შენ ? ამდენი ფული საიდ...- ნანა შედგა.
- თუ ლამაზი ხარ... საქმე კარგად მიდის.- ცივი ღიმილით განუცხადა.
- და ოჯახი არ გყავდა შენ ? ობოლი იყავი შენც ?- მორიდებით ეკითხებოდა.
- ამ კითხვას არ მაძლევენ ხოლმე...
- ბოდიში...
- საერთოდ კითხვებს არ მაძლევენ მე...- ჩაილაპარაკა მერიმ და ნათელ ოთახს მიმოავლო თვალი,- ჩემი ოჯახი, მამა და პაპა, პოლიტიკოსები იყვნენ, როდესაც საბჭოეთი დაიშალა ჯერ ოჯახში გაჩნდა ბზარები, პაპა ვერ ემხრობოდა თავისუფლების იდეას, მამა კი პირიქით. ბოლოს ისე მოხდა რომ არეულობაში დაიღუპა ორივე. დავრჩით მე და დედა, რადგან ძმა დიდი ხნის დაღუპული მყავდა. რთული დრო იყო, პოლიტიკასთან კავშირის გამო კარები მოგვიხურეს ყველა ცდილობდა უსაფრთხოდ ყოფილიყო და დავრჩით ღია ცის ქვეშ. მაგრამ როდესაც ლამაზი ხარ შეიძლება რაღაც ღირებულება მაინც გქონდეს და ასე მოხვდა იქ ჯერ დედა, რომელიც მძულდა ამის გამო. მაგრამ როდესაც ისიც მოკვდა მალევე, მაშინ მე 16-ის ვიყავი და დავრჩი მარტო, უნათესაოდ და სახელგატეხილი დედის გამო ვეღარსად ვერ წავედი. იცი, რატომ მაქვს ოთახში ბევრი წიგნი ?- თითქოს ჩაეკითხა, მაგრამ განაგრძო,- მე მარტოობამ შემაყვარა კითხვა, მე უძლურებამ შემაყვარა კითხვა, მერე ოცნებამ შემაყვარა კითხვა... იქ შეიძლება ის მოხდეს რა აქ არ მოხდება.- ნანა სევდიანად შესცქეროდა მას და აინტერესებდა თვითონ რატომღა აღმოჩნდა იმ დღეში, სად იყვნენ მისი მშობლები.- მე გავხდი ის რაც ახლა ვარ... მე ბევრი ფული დამიგროვდა, რად მინდოდა ფული წიგნი მილიონი ხომ არ ღირდა და დანარჩენი მე არ მეხებოდა არც სასმელი, არც საჭმელი, არც ტანსაცმელი. თუ სულს გაყიდი სხეული თავისთავად ექცევა მზრუნველობაში, მაგრამ თუ ასე არ იზამ ერთიც შენი სათრევია და მეორეც...
- ეს სახლი რად გინდოდა თუ არ უნდა გეცხოვრა ?
- უნდა მეცხოვრა, მაგრამ არ გამოვიდა, რადგან საქვეყნოდ უსახელო კაცს სახლიც აღარ რჩება თავის შესაფარებლად, თუ კი ცოტა სინდისი გრჩება, მაგრამ თუ არ გაქვს სინდისი მეფის ტახტზეც დაჯდები. მე კი მრცხვენოდა ვერ ვუძლებდი ხალხის მზერას და შემეშინდა.
- სხვაგან რომ წასულიყავი, თუნდაც სხვა ქვეყანაში ყველგან ხომ არ ეცოდინებოდი ხალხს ?
- ან უსინდისო უნდა იყო, ან სინდისს გაუფრთხილდე. უსინდისობაში რომ სინდისი გაწუხებს არაფერი არ გამოდის. მე არ ვარ ფურცლებიდან ამოყვანილი ქალი, მე ადამიანი ვარ და მე მეშინოდა და მე ახლაც მეშინია. ოთახის ფარდების გაწევისაც მეშინია რომ ვინმე არ დამინახოს.
- ისინიც ხომ არ არიან კარგები, განა კარგები რომ იყვნენ აქ გამომაგდებდნენ ? იქ მომვლელები ბევრს ლაპარაკობდნენ სიკეთეზე, მაგრამ სიკეთეს არც კი აკეთებდნენ. ასეთი ხალხის გამო ხომ არ ღირს დამალვა.
მერის გაეღიმა, როდესაც მისგან ასეთი სიტყვა მოისმინა, ნანას სული ჯერ არ გამტყდარიყო და ჰქონდა ის გამბედაობა, რაც ზოგადად აქვს ხოლმე ადამიანს. აი, გატეხილთა შეკეთება კი არ არის ადვილი, მათ თუნდაც უკვე შეკეთებულებს ეშინიათ ხელახლა დამსხვრევის, ვინაიდან იციან მსხვრევის შეგრძნება, ნაწილ-ნაწილ მიმოფანტვა და მითელვა, საზარელი ხმა, რომელიც მსხვრევას სდევს თან.
ნანამ ახლობლად მიიღო მერი, ან კი სხვანაირად როგორ შეიძლებოდა ? ქალმა სახლი და სახელი მისცა. იგი მერის ახარებდა ხოლმე ყოველ სიახლეს, ერთ დღეს ჟურნალიც მიუტანა, რომელშიც ფოტოსესიიდან მოხვედრილიყო. მერე სამოდელო სფეროშიც კი გაიკაფა გზა. ის მერის მადლიერი იყო და ამას წიგნების ყიდვით გამოხატავდა, რადგან მერის არც სამკაული და არ მშვენიერი სამოსელი არ აკლდა საუბედუროდ. წიგნები კი ყოველთვის მხიარული და პოზიტიური უნდა ყოფილიყო. მერი ღიმილით იღებდა საჩუქრებს. ნანა, რომელსაც უკვე ნანკას უწოდებდნენ ღიმილით იღებდა მერის. მერიმ რამდენჯერმე უთხრა უმჯობესი იქნებოდა თუ აღარ ესტუმრებოდა, რომ გაეგოთ მისი ვინაობა ეს კარგად არ იმოქმედებდა მის ავტორიტეტზე, მაგრამ ნანკა არწმუნებდა რომ მის გადამრჩენელზე ვერავინ ვერ გაბედავდა აუგის თქმას. თუმცა ცხოვრება უცნაურია, არა ცხოვრება კი არა ადამიანი, ერთ წამს რომ ერთს ამბობს მეორე წამს კი მეორეს. ვინ აძალებს რომ ილაპარაკოს, ადამიანი ჯერ უთქმელი სიტყვის მბრძანებელია, მერე კი მისი მონა ხდება. როდესაც მერიმ გააფრთხილა საქმროზე, რომ მათთან ნახა, ვიღაც გოგოსთან ერთად, მან თვალები დააბრიალა, ეტყობა იცოდა.
- ცხოვრებაში შეიძლება ერთ ოჯახში არ გაგიმართლოს, მეორე კი შენზეა დამოკიდებული და ეცადე ის მაინც იყოს ისეთი, რასაც ოჯახს უწოდებ.
- ჩვენ დანიშნულები ვართ, ის კარგი ადამიანია. შეიძლება რაიმე ვერ დაინახე, ხომ იცი ზოგჯერ როგორ ჰგვანან ადამიანები ერთმანეთს.
- მართლა ჰგვანან,- მერის თავისი თავი გაახსენდა,- მაგრამ იცოდე ოჯახის კაცად არ გამოდგება ის, ვინც იქ დადის.
როდესაც გაფრთხილება კვლავაც მიიღო და ამჯერად მოწმე თავადა გახდა, მთელი მადლი მერიზე იყარა. უთხრა რომ შურდა მისი და მისი ახალგაზრდობისა და ზედმეტად ჩაიციკლა მის საქმროზე, იქნებ მისი წართმევაც უნდოდა ? არ გაჰკვირვებია მერის მისი სიბრმავე, რადგან ერთ დროს თავადაც შეუყვარდა, დაიჯერა რომ იცხოვრებდა მასთან ერთად ბედნიერად, სახლი ამისთვის იყიდა, მას ფული ანდო ის კი გაიქცა. ამიტომ არ უკვირდა მისი სიბრმავე, მაგრამ თუ სიბრმავე არ გაკვირვებს ეს იმას ხომ არ ნიშნავს რომ არც გტკენს?
***
დიდხანს აღარ უწვიმია და როცა იწვიმა, მერიც გაუჩინარდა ოთახიდან, შხაპუნა წვიმას შეუშვირა თავი, რომელი ჩასძახოდა საძაგელი ხარ, უსირცხვილო, უზნეო და კიდევ ბევრ ავს, იმათი გამეორება კი ნამდვილად არ მხიბლავს.
წვიმა ცრემლია ზეცისა,
მიწა გულია კაცისა,
ზედ რომ წვეთები ეცემა
რბილდება გული კაცისა,
მაგრამ იქვეა კლდოვანი
ქვა-ღორღიანი ნაპირი
რომელზეც წვეთი იმსხვრევა
ფეხს ვერ იკიდებს ვერავინ,
რადგან კაცს გულით კლდიანსა
არ ააქვს მოსაჭიდარი.
მერი იმეორებდა დაუსრულებლად და წვიმა იკლებდა, სველი ქალი კი იქ მიდიოდა, სადაც შესვლა ყველაზე მეტად სძაგდა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent