შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ოპერაცია პაგანინი ( სრულად )


გუშინ, 10:01
ავტორი ლილა ნესი
ნანახია 63

დილა მშვენივრად იწყება, ჯერ კიდევ ძილბურანში ვარ, ნახევრად გამოფხიზლებული ისევ ვხედავ სიზმარს, გინდ დაიჯერეთ გინდ არა მაგრამ სულ ასე მემართება ხოლმე, თან ვიცი რომ უკვე გავიღვიძე, თან სიზმარი არ მეთმობა.
         - ჩამეხუტე ბენისიო მცივა, ( ბენისიო დელტორო მესიზმრება ) -ვლუღლუღებ საცოდავად, -ისიც მთელი ძალით მეხუტება, მკლავებს მხვევს და მოშიშვლებულ მხარზე მკოცნის.
         - ახლავე გაგათბობ ძვირფასო, -მეჩურჩულება ვნებიანი ხმით და უმისამართოდ დააფათურებს ხელებს ჩემს სხეულზე რომელზეც რატომღაც აბრეშუმის უთხელესი პენუარი მაცვია ( ვერ ვიტან აბრეშუმს )
         - ძალიან მცივა ბენისიო, -ვწუწუნებ და ვცდილობ რამეს წავავლო ხელი რაც მოსახურად ან დასაფარებლად გამომადგება.
         - ალბათ ღამით ფანჯარა დარჩა ღია, -ამბობს და ხელს მიშვებს, საწოლზე ვეცემი, ის კი კაცმა არ იცის სად ჯანდაბაში მიდის.
         - ფანჯარა მაინც დაგეკეტა, გავიყინე, სად წახვედი, -ვყვირი და საპასუხოდ რაღაც სველის და ხაოიანის შეხებას ვგრძნობ ტუჩებზე.
         - ბენისიო რატომ გაქვს ასეთი ხაოიანი ენა? -ვეკითხები და პასუხად განწირული ხმით ჯღავილს რომ ვიღებ დაფეთებული ვჭყეტ თვალებს, თავზე ჩემი წითური კნუტი დობი მადგას და კნავის, ალბათ შია, თვალებს ვხუჭავ და სიზმარს ვიხსენებ, მერე იქვე მიგდებულ ტელეფონს ვიღებ და ვგუგლავ, ვიკიპედიაში გარკვევით წერია რომ ჩემი სიზმრისეული სტუმარი ორმოცდათვრამეტი წლისაა.
         - მთავარია რომ სიზმარში ოცდათხუთმეტ წელზე მეტს ვერ მიცემდი, -ვამბობ და მერე ჩემს თავზე ხმამაღლა მეცინება, გახალისებული ვდგები საწოლიდან და ღია ფანჯარას ვუყურებ.
         - ნახე რა, მართალი უთქვამს იმ კაცს, ღია ყოფილა ფანჯარა, -ვბუზღუნებ და თან ვცდილობ ფეხებში აბლანდულ დობის როგორმე ისე გადავურჩე იატაკზე არ გამშხლართოს.
         - მიაააავ, -უკვე ცარიელ თეფშთან ზის და საწყალი თვალებით მიყურებს, საათს ვუყურებ, რვის ნახევარია, თეფშს საჭმლით ვუვსებ.
         - რა ჯანდაბა გჭირს ყოველ ორ საათში ერთხელ ჭამა შეიძლება? იზრდებოდე მაინც, ერთი ბეწო ხარ, -ვბრაზობ და თან ღიმილს ვერ ვიკავებ როცა ვხედავ როგორი გამგელებული ჭამს.
         დობის დაპურების შემდეგ აბაზანისკენ მივდივარ ღიღინით, კარგ ხასიათზე ვარ მიუხედავად იმისა რომ წინასწარ ვიცი ნერვები უნდა მომეშალოს, ასეც ხდება, წყალი შუა ბანაობისას ცივდება.
         - არაუშავს, ყველაფერს აქვს რაღაც დადებითი, მთავარია რომ ბევრი შამპუნი არ მქონდა წასმული, -ნაძალადევი ღიმილით შევყურებ ჭერს, ჩემი ჭკუით კოსმოსში დადებით ენერგიას ვგზავნი და მერე უკვე საკმაოდ შეგრილებული წყლით ვიბან თავიდან იმ შამპუნის ნარჩენებს რომელშიც დედაჩემმა კოლოსალური თანხა გადაიხადა თმის ცვენას აჩერებსო და მე ლამისაა გამამელოტოს, თუმცა ისეთი ჯიუტი ვარ მაინც არ ვეშვები, იმ იმედით დღეს თუ არა ხვალ ხომ ამომიყვანს თმასთქო.
        - მგონი როგორც იქნა მზად ვარ სამსახურში წასასვლელად, -სარკეში კმაყოფილი შევყურებ საკუთარ გამოსახულებას, მომწონს რასაც ვხედავ, მიუხედავად იმისა რომ თავიდან ბოლომდე თემუს ცოცხალი რეკლამა ვარ, ფეხზე ყალბი გუჩი, ტანზე რაღაც გაურკვეველი წარმოშობის კომბინიზონი და ჟაკეტი რომელიც უამრავი წინაღობის გადალახვის და ცხრათავიანი გველეშაპის მოკვლის შემდეგ საჩუქრად გამომიგზავნეს, თუმცა რაც არ უნდა გასაკვირი იყოს საკმაოდ კარგი რამ გამოდგა და აგერ უკვე ორი თვეა გაუხდელად მაცვია.

-
        გაჩერებაზე ვდგავარ და ავტობუსს ველოდები, ყოველთვის სასტიკად სავსე სამასცხრამეტი ნომერი ახლა ნახევრად ცარიელი მოდის, ბედნიერად გაღიმებული ვთავსდები თავისუფალ სკამზე და მობილურ ინტერნეტს ვრთავ, ვრთავ და ჩვენი ჩათი რომელსაც ახლა რატომღაც ‘’კანტორა’’ ჰქვია წკაპუნს იწყებს, ვერა იწყებს მიმოწერას.
        - ნიკოლო პაგანინზე რამე სმენიათ? მევიოლინე რომ იყო მაგაზე ( სხვაც არსებობდა? ) სტატია უნდა დავწერო მასზე ოღონდ სხვანაირი სტატია, დავასკვენი რომ ეგ კაცი ვამპირი იყო.
        - ვაიმეეეე, დაიწყო ამან, -სალი მოხარხარე სმაილიკებს აყოლებს მესიჯს.
        ვერა პასუხად ვიდეოს აგდებს ჩათში, პაგანინის ოცდაოთხი კაპრიზი, საოცარი მელოდიაა, სწრაფი, ქაოსური, ცოტა არ იყოს უცნაური.
        - ეს არის ოცდაოთხი კაპრიზი, -ახსნას იწყებს ვერა, -და წლების მანძილზე მარტო თავად შეეძლო ამის დაკვრა, მასზე ამბობდნენ რომ სული ეშმაკს მიჰყიდა, გაფითრებული, გამხდარი და გრძელ თითებიანი კაცი იყო ეს კაპრიზები  რთული ტექნიკა იყო, ისეთი რომ დაკვრას ვერ ახერხებდნენ, იმდენად სწრაფი, ზუსტი და ტემპიდან გაქცეული იყო კონცერტზე შთაბეჭდილება რჩებოდა რომ ვიოლინო თავისთვის უკრავდა.
         - ნეტა ახლა რას შვება, რას საქმიანობს, -ისევ იცინის სალი, მე მხოლოდ მესიჯების კითხვით შემოვიფარგლები, იმიტომ რომ ტელეფონით მესიჯობა არ მეხერხება და მითუმეტეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
         - ჰოო, საქმეც ეგაა რომ ჯერ ვერ ვიპოვნე სად იმალება, -სრულიად სერიოზულად ამბობს ვერა, ან მე მეჩვენება რომ მართლა სერიოზულია.
          - აბა რა ხდება ჩათში ახალი, -ლინდაც გვიერთდება.
          - რა ხდება და ვერა ვამპირებზე ნადირობას აპირებს, -ხარხარებს სალი.
          - დააკვირდით, -ფოტოებს გვიყრის ვერა, -ნახეთ რა ქოჩორი აქვს, თითების სიგრძეს დააკვირდით, მოკლედ ნამდვილი ვან ჰელსინგი ვარ რა.
          - პაგანინი ვამპირი? უცნაური თეორიაა, -როგორც იქნა ვახერხებ მესიჯის დაწერას.
          - არც ისე უცნაურია, -ამბობს ლინდა და მე რატომღაც ვფიქრობ რომ ლინდას სულაც არ სჯერა ვამპირების არსებობის.
          - ლინდა ვამპირების არსებობის რა დოზით გჯერა? -ვეკითხები.
          - სკეპტიკოსი ვარ, მაგრამ ბიბლიაში წერია, რომ დედამიწაზე მცხოვრებ ანგელოზებს და ადამიანებს შთამომავლობა ჰყავდათ, რომლებიც უკვდავები იყვნენ, სისხლს სვამდნენ, ძველი აღთქმა უამრავ ლეგენდას ინახავს, -მპასუხობს კარგა ხნის შემდეგ.
          - ანუ არ გეუცნაურება რომ პაგანინი შეიძლება მართლა ვამპირი იყო?
          - იყო კი არა არის, -მისწორებს სალი.
          - უცნაური კი არა მაგარი თეორიაა, -ისევ ვერ ისვენებს ვერა, -ისე ატყობთ რომ ეს საძაგელი ვამპირები მუსიკასთან მეგობრობენ? არ გჯერათ არა? მოიცა დაგიმტკიცოთ.
          ჩათში უცნაურ, სასაცილო ფოტოს აგდებს, პაგანინი ვიოლინოთი ხელში, უკან კედელზე კი ვამპირის ჩრდილი, როგორც ჩანს მხოლოდ ვერას არ აწუხებს ის აზრი რომ პაგანინი ვამპირი იყო, ან ისევ არის.
          - სასტუმრო ტრანსილვანიაში რომ დრაკულაა იმას არ გავს? -სალი ისევ ახერხებს გაგვაღიმოს თუმცა ვერ უარვყოფ რომ ზედმეტად სახიფათოდ ჩამაფიქრა ვერას თეორიამ.
          - სხვათაშორის გიტარაზეც უკრავდა, -ახალ-ახალ ინფორმაციას გვაწოდებს ვერა, -ისეთ ნაწარმოებს ქმნიდა რომელიც მხოლოდ ერთ სიმზე სრულდებოდა, მისი ვიოლინო იმეორებდა სალამურის და სხვა საკრავების ხმებს, თავის თავზე ამბობდა მე გიტარის მეფე ვარ ვიოლინო ჩემი დედოფალიაო, არასდროს ჰყოლია ცოლი, მაგრამ ქალებს ძალიან მოსწონდათ, საკუთარი ვიოლინო გადასცა ქალაქს იმ მიზეზით რომ აღარავინ შეხებოდა მის სიმებს, ეს რატომ უნდოდა ნეტა?
         - ეგ სადღაც არის შეყუჟული და უნდა გამოვათრიოთ დღის სინათლეზე, -სალი უკვე რაღაც ცუღლუტური გეგმის დასახვას იწყებს.
         - მთავარია ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ, -ლინდა როგორც ყოველთვის ახლაც ცდილობს ყველაფერი ცივი გონებით გათვალოს და გაიანგარიშოს.
         - ამბობდნენ რომ ტუბერკულიოზი ჰქონდა, -აგრძელებს ვერა თხრობას, -მაგრამ მისი სიკვდილის შესახებ ჭორები მის სიცოცხლეშივე გავრცელდა. იტყოდნენ მოკვდა მაგრამ გამოჩნდებოდა ცოცხალი, იმდენჯერ თქვეს მოკვდაო რომ ბოლოს დაიჯერეს კიდეც, გაიგე ახლა მოკვდა თუ არა, მოკლედ როცა მოკვდა  არ მისცეს მის შვილს  უფლება (უკანონო შვილს) რომ დაემარხა ამიტომ კუბო გემზე აიტანა და გენუაში წაიღო, მაგრამ იქაც არ მისცეს უფლება რომ გემიდან მიწაზე ჩაეტანა, სამი თვე იდგა გემი პორტში და პაგანინის კუბო იქ იყო, ამბობდნენ მეზღვაურები რომ კუბოდან ოხვრა ისმოდა და ვიოლონოს ხმა, ეშინიდათ და არ ეკარებოდნენ იმ ადგილს სადაც ესვენა, სამ თვეში ბალზამირებული ცხედარი არ უნდა გახრწნილიყო?
          - რად უნდა მაგას სამი თვე? -იკვირვებს სალი.
          - ჰოდა ეტყობა არ იყო მკვდარი, -ასკვნის ვერა. -მოკლედ დამარხეს მაგრამ რამდენჯერმე ამოთხარეს, ბოლოს სადაც დამარხეს იქაც უცნაური ამბები ხდებიდა, ხმები ესმოდათ მაგრამ რაც ყველაზე უცნაურია ცოცხალი თავით არ დამარხეს ქრისტიანული წესით, არც ნაკურთხ მიწაზე, რატომ ?????

          ამ მესიჯების კითხვაში გართული ისე ვცდები ჩემს გაჩერებას ვერ ვხვდები და ახმეტელის თეატრთან ვფხიზლდები, საბოლოოდ სამსახურში მივდივარ თუ არა თავიდან ვხსნი ჩათს და ყველაფერს რომ ვკითხულობ ჩემს გონებაში რა ხდება ზუსტად ვერ გეტყვით მაგრამ სასწაულად უცნაური სურვილი მიპყრობს, მიპყრობს და რა თქმა უნდა მაშინვე ჩათის წევრებს ვწერ.
          - პაგანინის ამოთხრა მომინდა.
          - ლილაში ნეკროფილმა გაიღვიძა, -იცინის სალი.
          - მაგ მიზნით არა, -მაშინვე ვუარობ, ნეკროფილიაღა მაკლია სრული ბედნიერებისთვის.
          - რად გინდა მაგის ამოთხრა, -დაეჭვებული კითხულობს ვერა, მგონი თვითონაც უნდა მაგრამ ეშინია რომ პირველმა არ ამოვთხარო და არ წავართვა.
          - რად უნდა მინდოდეს? ვამპირია ბოლოს და ბოლოს.
          - ვინც ეძებს ის პოულობს ლილა, -ყალბი მხიარულება იგრძნობა ვერას მესიჯში, ალბათ უკვე გეგმავს როგორ ამოთხაროს ჩემზე ადრე.
          - აუ რა სანახავი იქნება საფლავიდან წამომხტარი მკვდარი პაგანინი? -სიცილს არ წყვეტს სალი.
          - ეს რა ცხოვრებაა, -წუწუნებს ვერა, -ერთ ცოცხალ ვამპირს ვერ მივაგენი  ( თითქოს მკვდრები ნანახი ჰყავდეს ) მაგრად მემალებიან ეგ ოხრები.
          - ლინდა სად გაქრა, რაღაც უნდა მეკითხა, ნეტა პაგანინის ამოსათხრელად თუ წამოვა? -ვკითხულობ და მათ რეაქციებს ველოდები.
          - მაგას კითხვაც არ უნდა, წამოვა რა თქმა უნდა, -ასკვნის ვერა.
          - მეც მინდა რა, -წერს სალი.
          - შენ უკითხავად პირველ ნომრად ჩაგწერე, -მეცინება და თანაც ისეთი ხმით თანამშრომლები გაკვირვებულები მიყურებენ, მგონი ჯობს არ ვთქვა რატომ ვიცინი.
          - მოკლედ გეგმა ასეთია, -ვიწყებ ახსნას, -მე და თქვენ მივდივართ პაგანინის ამოსათხრელად.
          - ლუციენი და ანტონიოც მოდიან? -კითხულობს სალი.
          - არა, არ მოდიან, ლუციენს მაინცდამაინც არ იზიდავს ასეთი მოულოდნელი და სახიფათო თავგადასვლები, ანტონიოს კი რა იზიდავს საერთოდ კაცმა არ იცის ასე რომ მხოლოდ ჩვენ მივდივართ.
          - ძალიან კარგი, ოღონდ იცოდე პაგანინი ჩემია, არ დაგითმობ, -ვერა თავიდანვე ცდილობს სიტუაცია გაარკვიოს.
          - კარგი ერთი, მე ამოვთხარო და მერე შენ მოგცე? -ცოტა არ იყოს და სერიოზულად ვბრაზობ.
          - შენ უნდა ამოთხარო, მაგრამ იდეა ხომ მე მოგაწოდეთ.
- არავითარ შემთხვევაში, -უკვე სერიოზულად ვბრაზობ.
          - კარგი ჰო ახალგამოღვიძებული შენი იყოს მერე მომეცი, -საეჭვოდ მალე მთანხმდება, ნეტავ რა აქვს ჩაფიქრებული?
          - ახალი წამომდგარი თქვენი იყოს მე და ლინდას უკვე დამშვიდებული გადმოგვეცით, -თავისი განსაკუთრებული იუმორით ცდილობს სალი სიტუაციის განმუხტვას.
          - არც მე მინდა ახალი წამომდგარი, -მოულოდნელად ვერაც უარობს.
          - კარგი რაც არის არის, იყოს ჩემი, -მზად ვარ დანარჩენებისთვის თავი გავწირო.
          - ლილა თავგანწირული, -ისევ ხარხარებს სალი.
          - მოკლედ ასე მოვიქცეთ, -გონებაში უკვე ვიწყებ გეგმის დალაგებას, -ხვალიდანვე ვიწყებთ მომზადებას ოპერაციის შესასრულებლად, სადაც არ უნდა იყოს მოვძებნით და ამოვთხრით, ეგ არის რომ ამ ოპერაციის სახელი ვერ მოვიფიქრე.
          - პაგანინი, -წერს სალი.
          - კარგი, იყოს პაგანინი, -ვოხრავ და ჩათს ვხურავ...

-

          მთელი დღე ისე გადის ყურადღების მოკრებას ვერ ვახერხებ, დაბნეული დავბოდიალობ აქეთ-იქით, ყურში პაგანინის მუსიკა ჩამესმის, თვალწინაც ის მიდგას თავისი გრძელი თითებით და აჩეჩილი თმით, საღამოს სახლში მისულიც ვერ ვისვენებ, ღამითაც ვერ მძინავს, დილის ხუთ საათზე ვაიძულებ ჩემს თავს დაძინებას, თვალს ვხუჭავ თუ არა სიზმრად დაბარებულივით მოდის,  მოდის მზერით მაჰიპნოზებს და იმ თავის გრძელ, ქათქათა ეშვებს მასობს ყელში, ნება-ნება სვამს ჩემს სისხლს და ნაცვლად იმისა რომ შიშისგან გული გამისკდეს ეს პროცესი ისე მსიამოვნებს... რვა საათზე ვიღვიძებ ვამპირივით თვალებჩაწითლებული, ვდგები და სამსახურში წასასვლელად ვემზადები, სამასცხრამეტი ნომერი ამჯერად პირთამდე სავსე მოდის თუმცა ვახერხებ და რაღაც სასწაულის ძალით მაინც ვეტენები შიგნით, ისეთი გაჭედილი ვდგავარ სადმე ხელის მოკიდებაც არ არის საჭირო, რომც მინდოდეს მაინც ვერ წავიქცევი, ბარათის გატარებასაც  ვერ ვახერხებ, ახლა ჯიბეში ბარათისთვის ქექვა გვარიან აყალმაყალს ნიშნავს, არადა თუ კაი ბიჭი ხარ აუხსენი კონტროლიორს რატომ ვერ გაატარე.
          მეტროში ჩავდივარ, მოძრავ კიბეზე ვდგები და ოდნავ ვითქვამ თუ არა სულს მაშივე ჩათს ვხსნი, ენას კბილებს შორის ვიქცევ ( საკითხზე კონცენტრაციის ნიშნად ) და ვწერ.
          - თუ იცით იტალიაში წასასვლელად ვიზა გვჭირდება?
          - არა, -ორიოდე წუთში მპასუხობს ლინდა.
          - იტალიაში მიდიხარ? -გვერთვება სალი.
          - მივდივარ კი არა მივდივართ, დაგავიწყდათ გუშინ რაზე შევთანხმდით? -ვწერ და საეჭვოდ რომ აგვიანებს პასუხები ვხვდები რომ ჩვენი გუშინდელი მიმოწერა უბრალოდ ხუმრობად აღიქვეს.
          - არ წამოხვალთ და ნუ წამოხვალთ, მე წავალ მარტო, ამოვთხრი და სულ ჩემი იქნება, -ნაწყენი ბავშვივით ვბუტბუტებ და თან შეტყობინებას ვწერ, ის ისაა ჩათი უნდა გავთიშო რომ ვერაც შემოდის.
          - არავითარ შემთხვევაში, პაგანინს არ დაგითმობ, მე ვიპოვე და ჩემია, -წერს და მეც მაშინვე მავიწყდება რომ გაბრაზებული ვარ.
          - ესე იგი მოდიხარ?
          - მოვდივარ არა, მოვდივართ და ესენიც მოდიან.
          - თუ მოდიან რატომ გაისუსნენ.
          - აცადე შოკიდან გამოვიდნენ, -იცინის.
          ბევრი კამათის და იმაზე მსჯელობის შემდეგ თუ ვის უნდა დაუტოვონ ბავშვები, საბოლოოდ ვთანხმდებით წასვლის თარიღზე, კბილების კაწკაწით ველი როდის გავა ერთი კვირა და აი ის უმნიშვნელოვანესი დღეც დგება, აეროპორტის წინ ვდგავართ ზურგჩანებით და ერთმანეთს დაბნეულები შევყურებთ, ჩათში საუბარი და ფანტაზიორობა ადვილია და ასე საქმე საქმეზე რომ მიდგა ცოტა არ იყოს და მეშინია.
          - დაგველოდე იტალია ჩვენ მოვდივართ, -ომახიანი ხმით ამბობს ლინდა.
          - შენ რომ არ გაგეფრთხილებინა ხომ რას ამბობ გარბოდა სადმე, -ფხუკუნებს სალი.
          - ახლა სადღა გამექცევა ის საძაგელი ვამპირი, ბოლოს და ბოლოს ჩავიგდებ ხელში, -მეოცნებე ხმით, თითქოს მხოლოდ თავისთვის ლაპარაკობს ვერა.
          - წავედით თორემ გაფრინდება თვითმფრინავი უჩვენოდ, -ვამბობ და ჩვენს პატარა რაზმს წინ მივუძღვი.
-
          იტალიის პატარა, ულამაზეს ქალაქში პარმაში რომ ჩავდივართ უკვე ბინდდება, კითხვა კითხვით ვაგნებთ ჩვენს საცხოვრებელს, რომელიც წინდაწინ გვქონდა დაქირავებული, ეს არის პატარა ორსაძინებლიანი ბინა ქალაქის ცენტრში, მყუდრო, ლამაზ ქუჩაზე.
          - დარწმუნებული ხარ რომ ამ ქალაქშია საფლავი? -სალი ყურადღებით ათვალიერებს ფანჯრიდან გადაშლილ ულამაზეს ხედს.
          - ქალაქში არა, ქალაქის სასაფლაოზეა ალბათ, -მხრებს ვიჩეჩავ და დივანზე ვწვები დაღლილი, -სანამ წამოვიდოდით დავგუგლე და რომელიღაც საიტზე ეწერა საბოლოოდ პარმაში გადაასვენესო.
          - ანუ რომელიღაც საიტზე ეწერა და ამიტომ ვართ აქ? სერიოზულად? იქნებ საერთოდ სხვაგან არის, -ვერა სახიფათოდ ზიდავს წარბს მაღლა.
          - დიდი ამბავი, სხვა თუ არაფერი მოგზაურობა ხომ მაინც შეგვრჩება, -ვამბობ და ვხვდები, სულაც არ დამწყდება გული თუ ვერ ვიპოვით, ცოტათი გართობა და გულის გადაყოლება მინდა ეს არის და ეს, ჰოდა ბონუსად ერთი ვამპირიც თუ მოყვება ამ გართობას მთლად უკეთესი.
          - უფრო კარგად უნდა დაგვეგეგმა ყველაფერი, -ბრაზობს ვერა.
          - მოიცადეთ დავჯდეთ და ყველაფერი კარგად გავაანალიზოთ, -ლინდა წამსვე ხვდება რაც შეიძლება მოხდეს და ცდილობს დაძაბულობა განმუხტოს.
          გაანალიზების რა მოგახსენოთ მაგრამ, იმ საღამოსვე ერთ პატარა მყუდრო ბარში ვისხედით ოთხივე, ლუდს ვსვამდით და გეგმებს ვაწყობდით.
          - ვთქვათ და ვიპოვეთ მერე რას ვაკეთებთ? -ლინდა ყველაზე მეტად ლოგიკურ კითხვას სვამს.
          - ვთქვათ კი არა ვიპოვით, აქ ტყუილად კი არ ჩამოვსულვართ, -ვერა კიდევ ერთი ჭიქა ლუდიო მიმტანს ანიშნებს და მერე გაღიმებული გვიყურებს, -თქვენ რა მართლა გადაიფიქრეთ? შეგეშინდათ თუ რა ხდება?
          - ჰოდა რა უნდა ვქნათ რომ ამოვთხრით ეგ მაინტერესებს, გადაფიქრება რა შუაშია.
          - მართლა უნდა ამოვთხაროთ? -სალი ისეთი ხმით კითხულობს მგონი ახლა პირველად დაფიქრდა იმაზე რომ არ ვხუმრობთ და აქ მართლა საფლავის გასათხრელად ჩამოვედით.
          - რა თქმა უნდა მართლა უნდა ამოვთხაროთ, -მეც ვერთვები საუბარში, -უბრალოდ არ ვიცი როგორ უნდა მივაგნოთ, ინგლისური მაინც ვიცოდეთ.
          - საფლავის გათხრას ინგლისური რად უნდა, -ვერა ჩვენ გვესაუბრება თუმცა მზერას იქვე ახლოს მდგარ მაგიდასთან მჯდომ მამაკაცს არ აშორებს.
          - საფლავის გათხრას კი არა საფლავამდე მისვლას უნდა, ინგლისურად ძლივს ვსაუბრობთ და იტალიურიც არ ვიცით, ხომ უნდა გავიკითხოთ სად არის დასაფლავებული, მერე სანდო მეგზური უნდა ვიპოვოთ.
          - ისეთი ვინც ღამით სასაფლაოზე გამოგვყვება და თან ისე მოაგვარებს ყველაფერს რომ პოლიციას არ ჩავუვარდეთ ხელში, ვეჭვობ ამისთვის კარგად მოგვიწევს გადახდა, თუმცა მთავარია ჯერ ასეთი ტიპი ვიპოვოთ, -ჩაფიქრებული ლინდა ნიკაპით ეყრდნობა გადაჯვარედინებულ ხელებს, დარწმუნებული ვარ ახლა იმ ადგილების შესაძლო ვარიანტებს განიხილავს გონებაში სადაც ასეთი საეჭვო ტიპების პოვნაა შესაძლებელი.
          - რომ ამოვთხრით მერე რა უნდა ვუყოთ, -კითხულობს სალი.
          - რა უნდა ვუყოთ, დავსვამთ და დაველაპარაკებით, -სერიოზული სახით ვამბობ და უკვე მეოთხე ჭიქას ვცლი, ჩემს თვალწინ სახიფათოდ იდღაბნება გამოსახულებები.
          - თქვენ ილაპარაკეთ ასე ტყუილად და მე კი მგონი უკვე ვიპოვნე ის ვინც საფლავის მოძებნაში და გათხრაში დაგვეხმარება, -იდუმალი ხმით ამბობს ვერა.
          - ვინ არის?
          - სად არის?
          - როგორ იპოვნე?
          სამივე ერთბაშად ვფხიზლდებით და იქით ვიყურებით საითაც ვერა, ოოოოოჰ, აღფრთოვანების შეძახილი გვხდება ყველას ერთხმად, ის ტიპი რომელმაც ვერა დააინტერესა მართლაც საოცრად გამოიყურება, მაღალია, შავი ხშირი დატალღული თმა შუბლზე უწესრიგოდ აქვს ჩამოყრილი, ლამაზი ტუჩები და სახის მკვეთრი, უხეში ნაკვთები აქვს, იდაყვებამდე აკეცილი პერანგის ქვემოდან ტატუებით დაფარული დაძარღვული მკლავები უჩანს.
          - საოცრად გამოიყურება, - მოურიდებლად ვამბობ ხმამაღლა და ვხედავ როგორ იღიმის, ჩვენ არ გვიყურებს მაგრამ აშკარაა რომ ესმის რასაც ვამბობთ, არამგონია ქართული იცოდეს თუმცა ალბათ არ გასჭირვებია ჩემს ხმაში მისით აღფრთოვანების წაკითხვა.
         - მაფიოზს გავს არა? -ვერას რაღაც აქვს ჩაფიქრებული თუმცა ვერ ვხვდები რა.
         - მაფიოზები ღამღამობით საფლავებს არ თხრიან, ეგ ტიპი არ გამოგვადგება, -ლინდას ჩემგან განსხვავებით არ უჭირს გამოიცნოს ვერას ფიქრები.
         - ძალიანაც კარგად გამოგვადგება, ოღონდ ახლა მთავარი ისაა დაველაპარაკოთ და დავითანხმოთ რომ დაგვეხმაროს.
         - დაელაპარაკეთ აბა თქვენ იცით, -სალი უდარდელად იცინის, თავიდანვე გამორიცხავს თავის მონაწილეობას ამ საქმეში.
         - ლილა დაელაპარაკება, -ჩემს მაგივრად იღებს გადაწყვეტილებას ვერა.
         - მე რატომ? -ვიკვირვებ, რატომღაც არ მხიბლავს ეს აზრი, ასეთი გაბედულიც არ ვარ.
         - იმიტომ რომ მე ქმარი მყავს, ლინდასაც.
         - ეგ რა შუაშია?
         - იმ შუაშია რომ ამ საქმეს შეიძლება როგორც ლუციენი იტყოდა ‘’არშიყი’’ დაჭირდეს, ახლა გესმის? მიდი ცოტა გაეარშიყე რა მოხდება.
         - შეიძლება თქვენს მაგიდასთან დავჯდე? -ლაპარაკში გართულებს შეუმჩნევლად გვადგება თავზე ჩვენი მაფიოზი, გაოცებულები ვუყურებთ ერთმანეთს.
         - რა თქმა უნდა შეიძლება, -პირველი ვერა ერკვევა სიტუაციაში და ჩემს გვერდით უთმობს ადგილს.

         ნიკოლა ძალიან სასიამოვნო, მიმზიდველი და ქარიზმატული მამაკაცი ჩანს, სუფთა ინგლისურით საუბრობს და ყველანაირად ცდილობს ჩვენი დამტვრეული ინგლისური სწორად გაიგოს, სასმელზე გვპატიჟებს და კიდევ ორიოდე ჭიქას ვსვამთ თუ არა მთელი ჩვენი გეგმების შესახებ უმცირეს დეტალებამდე ვუყვებით.
         - ესე იგი გაინტერესებთ სად არის პაგანინის საფლავი? გინდათ რომ იქამდე მიგიყვანოთ და ამოთხრაში დაგეხმაროთ? -როგორც იქნა იგებს რაც გვინდა თუმცა აშკარაა რომ დაჯერება უჭირს, თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევთ, ერთხანს სერიოზული სახით გვიყურებს და მერე ხმამაღლა, გულიანად იცინის.
         - მგონი დაგვცინის ეს პატენტი მაფიოზი, -მოღუშული და წარბებშეჭმუხნული ბუზღუნებს სალი.
         - გაჩუმდი არ გაიგოს, -ამბობს ლინდა და ნაძალადევ ღიმილს არ იშორებს სახიდან.
         - როგორ გაიგებს, არა მგონია ქართული იცოდეს, -ამბობს ვერა.
         მე ვზივარ ჩუმად და გამოლენჩებული შევყურებ, საოცრად უხდება სიცილი, ულამაზესი კბილები აქვს და დიდი შავი თვალები, საშინლად მიმზიდველი და სექსუალურია, ამას დამატებული მისი უშუალო საქციელი და იუმორის გრძნობა... არა რა, ნამდვილად იდეალურია, მართალი ყოფილა იტალიელი მამაკაცებზე რა ლეგენდებიც დადისთქო ვფიქრობ.
         - ესე იგი პაგანინი არა? -ამბობს და მერე მის ხელს ვგრძნობ მუხლზე, მსუბუქად მიჭერს და ნელ-ნელა მიუყვება ზემოთ, ვერაფერს ვაკეთებ, გაშეშებული ვზივარ და ვცდილობ სხეულში უადგილოდ აგიზგიზებულ ხანძარს როგორმე გავუმკლავდე, სასმლით სავსე ჭიქას ვიღებ და ერთ ყლუპად ვცლი, დანარჩენებიც მბაძავენ, მერე... მერე რაც ხდება ბუნდოვნად მახსოვს... ნიკოლაც ზედმეტად არის ნასვამი, იმდენად რომ ჩვენს მონათხრობზე ვამპირების შესახებ აღარ ეცინება, პირიქით, ზედმეტად ყურადღებით გვისმენს და დროდადრო რჩევებსაც გვაძლევს თუ როგორ უნდა მოვათვინიეროთ ახლად გაღვიძებული, ბოლოს კი წავიდეთ აქედან მე მიგიყვანთ საფლავთანო გვეუბნება, ჩვენც ცხვრებივით მივყვებით უკან, ბარიდან გასულები მის ავტომობილში ვსხდებით და ნიკოლას სადღაც ძველისძველ სასაფლაოზე მივყავართ.
          - აქ არის მისი საფლავი? რაღაც არ მომწონს, -ვერა სხეულზე იხვევს მკლავებს და დაზაფრული უყურებს ჩაბნელებულ სასაფლაოს.
          - შენც გეშინია, -უკნიდან მესმის ნიკოლას ხმა, მისკენ ვტრიალდები და ისე ახლოს დგას ცხვირით ვეჯახები მკერდზე, საოცარი სურნელი აქვს, ქვემოდან ავყურებ, თვალები ისე ჯადოსნურად უელავს... ჩემკენ იხრება, სახეზე მის ცხელ სუნთქვას ვგრძნობ და რომ მგონია უნდა მაკოცოს...
          - რითი უნდა ამოვთხაროთ, ბარი რომ არ გვაქვს? -სალის უეცარი კითხვა მთელ რომანტიკას აქრობს, ნიკოლა უცნაურად იღიმის და ნაბიჯით უკან იხევს.
          - მანქანაში სალაშქრო აღჭურვილობა მაქვს, ბარიც უნდა მქონდეს, -საბარგულთან მიდის და აღებს.
          - რომელ ნორმალურ ადამიანს აქვს მანქანაში ბარი, მგონი მანიაკია, -ასკვნის ვერა და მე ისევ საეჭვოდ მხვდება თვალში ნიკოლას ღიმილი.
          - აბა წავიდეთ? -თვითონ ბარს იდებს მხარზე, ვერას ფანარს აჩეჩებს ხელში და ის ისაა ძებნა უნდა დავიწყოთ რომ თითქოს არსაიდან ჩვენს წინ კარაბინერები ჩნდებიან.
          - ამის დედაც, -ქართულად უშვერი სიტყვებით იგინება ნიკოლა...
-
          - დამპალი აფერისტი, -დაბოღმილი ვბუტბუტებ და ვცდილობ აპლიკაციიდან ტაქსი გამოვიძახო, თუმცა რატომღაც თავისუფალი მანქანა არ ყავთ.
          თბილისის აეროპორტში ვართ და იტალიური თავგადასავლის შემდეგ სულის მოთქმას ვცდილობთ, მას მერე რაც სასაფლაოზე უკანონოდ მყოფები, საკმაოდ საეჭვო სიტუაციაში დაგვაპატიმრეს კარაბინერებმა, ციხიდან ნიკოლას იტალიელმა მეგობარმა გვიხსნა რომელიც ნამდვილი მაფიოზი და საკმაოდ გავლენიანი პიროვნება აღმოჩნდა, იმაზე ყურადღებას აღარ გავამახვილებ რომ ნიკოლა ქართველი ყოფილა, რადგან ამის გახსენებისას მისი მოკვლა მინდება და...
          - ტყუილად ლანძღავ, ის რომ არა ახლაც ციხეში ვიქნებოდით, შენ კი არც დაემშვიდობე ისე წამოვედით, ალბათ როგორ დაწყდა გული, -სალი დანანებით აქნევს თავს.
          - იმაზე რატომ არაფერს ამბობთ რომ ყველა მოგვატყუა.
          - ეგ სახალისო იყო, -იცინის ვერა.
          - არაფერიც არ იყო სახალისო, -ისევ აპლიკაციას ჩავკირკიტებ ნიკოლაზე გაბრაზებული, კვლავ იტალია მახსენდება, ის დღე როცა დილით პოლიციის განყოფილებიდან გაგვიშვეს, ნიკოლა გარეთ, ეზოში გველოდა თავის მეგობართან ერთად, დაგვინახა თუ არა ჩვენკენ წამოვიდა, დანარჩენებს მიესალმა, მე კი მკლავები მომხვია და მთელი ძალით ჩამიკრა გულში, ვერაფერი გავაკეთე, ვიდექი ასე გაშეშებული, მერე კი როცა მომშორდა უბრალოდ ზურგი ვაქციე...
         - გინდათ წაგიყვანოთ? -ნაცნობი ხმა მესმის და ვერაფრით ვიკავებ ღიმილს, თავს მაღლა ვწევ, ჩვენს წინ ნიკოლა დგას და ისე მომხიბვლელად იღიმის, მაშინვე მავიწყდება რომ გაბრაზებული ვარ.
         - რა თქმა უნდა გვინდა, -ლინდა სულაც არ აპირებს თავპატიჟის გამოდებას.
         გოგონები წინ მიდიან, ჩვენ უკან მივყვებით, ნიკოლა მხარზე მხვევს ხელს და თავისკენ მიზიდავს, არ ვუძალიანდები.
         - მინდა ხვალ ერთ ძალიან ლამაზ ადგილზე წაგიყვანო, -მეუბნება და მეც გაკვირვებული ავყურებ ქვემოდან, გულიანად იცინის.
         - რატომ გიკვირს? შენი დაკარგვა არ მინდა, ბოლოს და ბოლოს ყოველდღე კი ვერ შეხვდები ქალს რომელიც თბილისიდან პარმაში პაგანინის საფლავის გასათხრელად მიდის...
-
დ ა ს ა ს რ უ ლ ი




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent