ნაბიჯები (სრულად)
შეჯახებაზე გსმენიათ რამე? შეჯახებასა და მის შემდეგ ნარნარზე. ფრენაზე. ფრენაზე, რომელიც გტკივა, მაგრამ თან ისეთ სიმსუბუქეს გრძნობ, რომ დაბლა დაშვებაზე არც კი ფიქრობ. წინ ათასი ნაცრისფერი ღრუბელი, ელვა და ჭექა-ქუხილი გხვდება, მაგრამ ტკივილი იმდენად ძლიერს გხდის, რომ წინაღობები შენს წინ პატარავდებიან და ხელის გულზეც კი გეტევიან. მათ მუჭში იქცევ, არ ყრი, რადგან გრძნობ, ისინი შენი ცხოვრების ნაწილები არიან და ფრენას განაგრძობ. თავი 1 22 ივნისი, 2019 წელი *** უკვე მეორედ იწყებს ჩემი მობილური რეკვას და სახელის დანახვაზე მეღიმება. ყურადღებას არ ვაქცევ, რომ საქმეს არ მოვწყდე. ის მაინც არ ნებდება. ჩემი მაგიდა მბზინავი ძაფებით, ლენტებითა და ბრჭყვიალა თვლებითაა სავსე. ცეკვა „ოსურის“ ქამრებზე რძისფერი თვლების სახით, პატარა შტრიხები შემაქვს. ორ კვირაში ანსამბლი ქობულეთის ფესტივალზე მიგვყავს და ამის გამო ისე ვღელავ, თითქოს კონკურსზე გასვლა პირველად გვიწევდეს. სასტუმრო დაჯავშნილია. ავტობუსიც. ბავშვებიც ფორმაში არიან, თუ არ ჩავთვლით რამდენიმე მოზარდს, წვერის მოშვება რომ გადაუწყვიტავს, მაგრამ სამზადისი მაინც მაფორიაქებს. ნემსზე ბოლოჯერ ვაგებ ვერცხლისფერ ძაფს და ქამრის კიდეზე უკანასკნელი ორნამენტის ამოქარგვას ვიწყებ. ბევრი ვიშრომე იმისთვის, რომ ის მქონოდა, რაც მაქვს: საკუთარი ცეკვის ანსამბლი და პროფესიონალი მოცეკვავის კარიერა. დასაწყისში ჩემთვის რომ გეკითხათ, ვინ მინდოდა მომავალში ვყოფილიყავი, აუცილებლად გეტყოდით, რომ ქორეოგრაფი-მოცეკვავე, მაგრამ საკუთარ შესაძლებლობებში იმდენად არ ვიყავი დარწმუნებული, რომ ეს მხოლოდ ოცნებად მიმაჩნდა. ზუსტად ამიტომ, საკუთარ თავს კომპლექსების უკან ვმალავდი და არც კი ვფიქრობდი, რომ იმაზე მეტი შემეძლო, ვიდრე ამას სხვებს ვაჩვენებდი. მახსენდება შენიშვნები, საყვედურები, რჩევები... შემდეგ მათი გათვალისწინებები, ჩემი სიჯიუტეები და მეღიმება. ახლა, როცა კულისებიდან სცენაზე მონარნარე ჩემს გოგონებსა და ჰაერში აფრენილ ბიჭებს ვუყურებ, ამ ყველაფრით ერთიანად ვარ ამაყი. მახსოვს, ერთ დროს, მეც მიყურებდნენ ასე და ჩემზეც ამყარებდნენ იმედებს. ხანდახან მნდომებია, კალამი ამეღო და ის რჩევები და შენიშვნები, რომლებსაც ჩემთვის კარგი უნდა მოეტანათ, დანომვრით ჩამომეწერა. შემდეგ მათთვის ხშირად გადამეხედა, რომ არ დამვიწყებოდა, რა იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. მაგრამ გონებაში მათ ადგილს, ყოველთვის მათზე გაცილებით დიდი რამ იკავებდა. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, მასზე კონტროლი კარგად გამომდიოდა. მოგონებებისგან ამღვრეული, ფილტვებში ჰაერს ხარბად ვუშვებ, ძაფს ვწყვეტ და ჩემს მოქარგულ ქამარს კმაყოფილი ვუღიმი. ძალიან გამიმართლა, დედა რომ მკერავი მყავს. ცეკვის ფორმების შეკერვაში მეხმარება, მაგრამ მის გადატვირთულ გრაფიკს ვითვალისწინებ და ფორმების გაფორმებას საკუთარ თავზე ვიღებ. სულ სხვაა, როცა შენს დადგმულ ცეკვას, შენივე დიზაინის სამოსით ასრულებენ. ისევ ზარია მობილურზე. წყალს ვსვამ და ვპასუხობ. - როგორც იქნა! - მესმის გიორგის ხმა და მასთან ერთად მუსიკისა და ხმაურის. - მარიამ, ხომ შევთანხმდით? აქ რატომ ვერ გხედავ? - შენს კატეგორიულობას შეთანხმებას ნუ არქმევ. - მეცინება. - მე გითხარი, არ მცალია, ვერ მოვალ მეთქი. კიდევ ოთხი ქამარი მაქვს გასაკეთებელი. - მეხუმრები? წინ ორი კვირა გვაქვს. დაანებე მაგათ თავი. - სამაგიეროდ, ამ ორ კვირაში ბევრი რამ უნდა მოვასწროთ. - ვერ გავიგე, რატო ჭირვეულობ? - არ ვჭირვეულობ, უბრალოდ არ შემიძლია, ვერაა! - ალო, არ ისმის! ანუ მოდიხარ? - გიორგი! - მოდი და მაგ ოთხი ქამრიდან ორს მე მოგიქარგავ. - ამბობს და ჰგონია ამით დამიყოლიებს. ორივეს გვეცინება. - უბრალოდ მოსვლა არ გინდა, ტყუილი თუ მართალი? - მართალი. - ვოხრავ. - ან მიზეზი მითხარი, ან თხუთმეტ წუთში აქ იყავი. - საათს ვუყურებ. ათის ათი წუთია. - კარგი, ჩავიცვამ და ცოტა ხნით მოვალ. მხოლოდ ერთი პირობით. - პირობებზე მერე ვილაპარაკოთ! - ამბობს და მითიშავს. მეცინება. საძინებელში შევდივარ და სარკის წინ ვდგები. ჩემს კანს ჯერ ისევ აყრია ეკალი. სხეული უკვე მიეჩვია, როდის უნდა ჰქონდეს მის ხმაზე რეაქცია და როდის არა. მილანშენკომ ვერ დაგაფასა, თორემ მსახიობად დაიბადე, მარი. ჯერ კიდევ მაოცებ, ისე კარგად მალავ საკუთარ გრძნობებს და მხოლოდ იმას გამოხატავ, რასაც მეგობარი უნდა ამჟღავნებდეს მეგობრის მიმართ. - ნეტავ როდემდე დაიმალები. - ვეჩურჩულები ჩემს თავს და ზურგს ვაქცევ აწყლიანებულ მწვანე თვალებს. გასაღებს და მობილურს ვიღებ და გავდივარ. *** მანქანას მოგუგუნე სახლთან ვაჩერებ და ხმაურად ქცეულ შენობას ფანჯრიდან ვავლებ თვალს. ერთხანს ყოყმანით ვიჭამ ქვედა ტუჩს, მაგრამ მალევე ვხვდები, რომ ორჭოფობას აზრი არ აქვს, გადმოვდივარ და ჭიშკარს ვაღებ. იმაზე მეტი ხალხია, ვიდრე ველოდი. მაშინვე გიორგის ვურეკავ და მის ადგილსამყოფელს ვადგენ. შემდეგ მეორე სართულის აივანზე ავდივარ და რამდენიმე უცნობთან ერთად, კუთხეში მდგომს ვხედავ. - მარიამ! - ისიც მამჩნევს და ხელით მანიშნებს - მოდიო. მისულს წელზე მხვევს ხელს და ლოყაზე მკოცნის. ორი დღეა ერთმანეთი არ გვინახავს. - ბიჭებო, გაიცანით, ჩემი მეგობარი, მარიამი. მარიამ, ლუკა და თემო. - სასიამოვნოა. - ვუღიმი მათ და იმის იმედით, რომ ნაცნობ სახეს მოვკრავ თვალს, აივანს ვათვალიერებ. - ჩვენთვისაც. - ერთდროულად ამბობს ორივე. - მეგობარი? - უცნაურად იმეორებს ლუკა, მაგრამ ვცდილობ არ შევიმჩნიო, რომ შევნიშნე. - დიახ, უძვირფასესი. თვალის ჩინზე ძვირფასი. - ეუბნება მათ და თვალს მიკრავს. მერე მხრებზე მხვევს ხელს. ცოტა ნასვამია. ხელში ლუდის ქილა უკავია. მისი სიახლოვე მსიამოვნებს, მისი სიტყვების კი - რა ვთქვა. ჩემს ასე წარდგენას მიჩვეული ვარ. ეს სტატუსი გარკვეულწილად მე ავირჩიე. რამის შეცვლის ძალა რომ მქონოდა, ამას დიდი ხნის წინ გავაკეთებდი. - მგონი გიცნობ. ნიას მეგობარი ხარ კოლეჯიდან? - მე მეკითხება ლუკა. - არა. მხოლოდ ერთ კოლეჯში ვსწავლობდით. - ვპასუხობ და გიორგის ვუბრუნდები. - თავი მარტო რომ არ იგრძნო, მალე ნანიკო გაჩნდება აქ. - იქვე მდგარი მაცივრიდან ენერგეტიკულს იღებს და მაწვდის. - ჩემს ფიქრებს ისე ოსტატურად კითხულობ, ხანდახან მეშინია ხოლმე... - მეცინება. - სერიოზულად? აბა შემომხედე? რას მიმალავ, რომ გეშინია კიდეც? - თვალებს ჭუტავს და ღიმილით მომლოდინედ მაკვირდება. გული ისე მიწყებს აჩქარებას და ახმაურებას, ასე მგონია მუსიკის ხმას ფარავს. - რას და ჩემი აქ ტყუილად მოყვანისთვის, ორი დღე რეპეტიციებს მარტო ჩაატარებ. -გიორგის სიცილი უტყდება და ისევ მხრებზე მხვევს ხელს. - აი, იმას დავიჯერებ, რომ ოდესმე დავითი „კალიცოს“ ისევ გააკეთებს და, რომ შენ რეპეტიციას გააცდენ, არა. - გაიძვერა. - შუბლზე ვადებ თითს და ოდნავ უკან ვახევინებ. მისი ნაცნობი თემო და ლუკა, ალბათ ხვდებიან, რომ მათი წასვლის დროა და გვემშვიდობებიან. ლუკას ღიმილს ისევ ვაიგნორებ და გიორგის ვუბრუნდები. - სოფი სადაა? - ყელს ვიწმენდ. რამდენიმე წელია შეყვარებულები არიან. თითქოს შევეგუე ამ ამბავს, მაგრამ მისი სახელის ხსენებისას მაინც ვგრძნობ, რომ ყელში რაღაც იბერება. - არ მინდაო და აღარ ჩავაცივდი. დავით! - გიორგი წვეულების ორგანიზატორს ეძახის და სანამ ის პარაზიტი მოგვიახლოვდებოდეს, მისი სიტყვები გონებაში უცნაურად იწყებენ ტრიალს. „არ მინდაო და აღარ ჩავაცივდი.“ - ვაა, ჩვენი ნებიერა მოსულა. - ხელებს შლის მუხლებში ტეხვით მოსიარულე ჩვენი მეგობარი და გულში ისე მოუხერხებლად მიკრავს, ლამისაა ამოვყირავდე. - რა არის, გოგო, ბუდ იქეცი თუ ღამურად? რატო ვერსად ვეღარ გაფიქსირებ? - მსაყვედურობს. - მაინც სად მოგაკლდი თვალში, კლუბებში, ბირჟებზე თუ ლისის „ტუსოვკებზე“? - უიმე, ეს აქ ვინ დაპატიჟა? - უკმაყოფილოდ იჯღანება და ცხვირს ჭმუხნის. - არ მახსოვს ჩემს სიაში ყოფილიყოს. - დამნაშავე თქვენს წინაშეა, თანაც ნასვამი. - ხელით გიორგის წარდგენას ვაკეთებ და მრავალმნიშვნელოვნად ვუღიმი. ხვდება და თავს აქნევს. მერე დავითზე გადააქვს ყურადღება. - ბიჭო, მიდი აბა ერთი, „კალიცო“ გააკეთე. - ეუბნება და თან სიცილის შეკავებას ცდილობს. - სადღა მაქვს მაგის ტ.რაკი, შე ჩემა. ხო ამომძვრა მალები. - ხელს იქნევს. - ოჰ, ნეტავ თეას დააჭერინა შენი თავი და მე ახლოდან მაყურებინა. - მხარზე ვჩქმეტ დავითს, რომელიც წლების წინ, ტრიუკებში ერთ-ერთი საუკეთესო იყო. თუმცა, თავის შესაძლებლობებს სხვა სფეროში უფრო აფასებდა და ცეკვა ისე მიატოვა, არც კი უნანია. სამაგიეროდ, ახლა პროფესიონალი უსაქმურია და მამამისის გარდაცვალების შემდეგ, მემკვიდრეობით დატოვებული ჩიფსების საწარმოს შემოსავლების თავდაუზოგავი მფლანგველი. საბედნიეროდ, ზღვარს არ გადადის. უბრალოდ, მისთვის უკეთესია ენერგია, რომელიც ფიზიკურ დატვირთვაში უნდა დახარჯოს, მეგობრებს მოახმაროს. - ჰო არ ღადაობ, გოგო. დვალს ნუ მიხსენებ. ჯერ კიდე სიზმარში ვხედავ ხოლმე, როგორ მიყვირის ხასიათი დამანახეო. სამივეს სიცილი გვიტყდება და სანამ ნანიკო მოვიდოდეს, კოლეჯიდან უამრავ ისტორიას ვიხსენებთ. პირადი დრამის მიუხედავად, ცეკვის სამყაროში უბედნიერესი წლები გავატარეთ. რა თქმა უნდა, იყო ბევრი წყენა, იმედგაცრუება, სიძულვილი, ინტრიგები კულისებში, მაგრამ მეგობრები, რომ არა, ამ ყველაფერს ცალ-ცალკე ვერავინ გავუძლებდით. ვისაც მოცეკვავის ცხოვრება არ გაუვლია, მარტივად ვერასოდეს მიხვდება, რას ნიშნავს უანგარო მხარდაჭერა. რას ნიშნავს დახმარების ხელს უწვდიდე მტერს, მიუხედავად იმისა, რომ იცი, ეს მას არ შეცვლის. იყო მომაკვდავი, მაგრამ შენს ვალდებულებებს სიცოცხლეზე მეტად აღმერთებდე. ჩვენ ერთად ბევრი რამ გამოვიარეთ და ახლა, როცა მოგონებები ჩემს თვალწინ თითქმის ქრონოლოგიურად ლაგდებიან და ყურადღების მიპყრობას ცდილობენ, უცნაური შეგრძნება მეუფლება. ეს შიშია. დავიწყების. რა მოხდება, დრომ რომ მოგონებები გააქროს? ის მოგონებები, რომლებიც იბრძოდნენ და შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველას ის მიგვეღო, რაც გვსურდა? რა მოხდება, თუ ერთხელ ვერ გავიხსენებ, რატომ გამაგდო სესილიმ დარბაზიდან? როგორ გავრბოდი სასტუმროდან ცეკვის ჩუსტების ამარა, რომ კონცერტისთვის მიმესწრო? როგორი იყო სიღნაღში მზის ამოსვლა? რა მოხდება, თუ მნიშვნელოვანი მომენტები წლების შემდეგ ჩემი გონებიდან უბრალოდ გაქრებიან? - მარიამ... - მესმის გიორგის ხმა და მისკენ ვიხედები. როგორც ჩანს, დიდხანს ამიყოლიეს ფიქრებმა. ბიჭი თავისი ჩამუქებული, სასმლისგან ამღვრეული წაბლისფერი თვალებით მიყურებს. მახსენდება ნანიკოს დაბადების დღის წვეულება. საღამო, რომელმაც ისე ამრია, რომ საკუთარ თავს აღარ ვეკუთვნოდი. და მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ ყველაფერი დავალაგე, ის ამღვრეული შეგრძნებები დღესაც ჟრუანტელს მგვრიან. - რა მოხდა? - ვეუბნები და ვცდილობ, რეალობას სწრაფად დავუბრუნდე. - ეგ მე უნდა მეკითხა. მგონი ცოტა ხნით გაქრი. - მკრთალად იღიმის და ჩვენთან დაბრუნებულ დავითს ლუდს ართმევს. უკმაყოფილოდ ვაყოლებ თვალს მის ლამაზ თითებში მოქცეულ ბოთლს და სანამ გახსნიდეს, ვართმევ. - აი, ახლა შენ გაქრები, თუ დალევას არ მორჩები. გიორგი, ხვალ რეპეტიცია გვაქვს. - ვახსენებ. - ხომ იცი, რომ ლუდზე „პახმელია“ არ მაქვს? - ეცინება და ბოთლს უკან იბრუნებს. - დარწმუნებული ხარ, რომ მხოლოდ ლუდის გამო ნაბავ მაგ თვალებს? - ეჭვით ვუყურებ და ბოთლს ისევ ვართმევ. - კარგი დედიკო, იყოს შენი ნება. - მეხვევა და თავზე მკოცნის. - ხომ იცი, როცა მართალი ხარ, დიდხანს ვერ გეკამათები. - ის-ისაა ჩემს გამარჯვებას სიცილით უნდა შევხვდე, რომ მუჭიდან ბოთლი სხლტება და სანამ გაოგნებას მოვასწრებდე, ბიჭი მის გახსნასაც ასწრებს. - ისევ ბავშვი ხარ. - გულზე ვიკრეფ ხელებს. - შენ კიდევ, გაბრაზებული მარიამი, რომელიც რეპეტიციაზე ნახევარი საათით დაგვიანებას მაპატიებს. - თან გათამამებული ბავშვი. - მეცინება და მეც ვიღებ ლუდის ბოთლს. - „სტრანნი“ ხალხი ხართ, ტო. - ტუჩებს მუწავს დავითი და აივანზე ამოსულ ნანიკოს, რომ ხედავს შეწუხებული ჩვენკენ ტრიალდება. - ეს ვიღამ მოათრია აქ? მეცინება და გიორგის ვუყურებ. ბიჭი ლუდს სვამს და ზედმეტად ყურადღებით ათვალიერებს აივნის ძელზე ჩამოკიდებულ კაქტუსებს. - მაგრად დაგენძრა, ჩემო ძმაო! - კბილებში სცრის ის და ისე ოხრავს, აშკარად ენერგიის მოკრებას ცდილობს. გიორგი იდაყვის მორტყმით მანიშნებს, გავერთობითო და ნანიკოც გვიახლოვდება. გაცნობის დღიდან ჩემსა და გიორგის მეგობარს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდათ და დღემდე მიკვირს, ამდენი წლის შემდეგაც, როგორ არ გამოსწორდა ეს. ყველა ფიქრობდა, რომ ეს მათ შორის ერთგვარი ქიმია იყო და საბოლოოდ, გრძნობებში გადაეზრდებოდათ, მაგრამ მგონი ყველა შეცდა. თითქმის რვა წელია ერთმანეთს იცნობენ. ქიმიის ამბავში, ნანიკო აქამდე შეეგუებოდა ბიჭის აუტანელ თვისებებს და დავითისთვისაც როგორმე სულერთი გახდებოდა გოგოს ცინიზმი. თუმცა, ასე არ მოხდა და ერთმანეთს დღემდე სიტყვებზე ეკიდებიან. სანამ ომი გაჩაღდებოდეს, ბიჭებს მარტო ვტოვებთ და პირველ სართულზე ჩავდივართ. გოგო სასმელს იღებს და ღიმილით მიბრუნდება. - იცი, დღეს სად ვიყავი? - მეკითხება ეშმაკური ღიმილით და ლოყაზე თავისი საყვარელი ფოსო ეჩვრიტება. - სად? - სესილისთან. - იქ რა გინდოდა? - მე არა, თვითონ უნდოდა. შენგან რო წამოვედი, ცოტა ხანში დამირეკა. მითხრა სტუდიაში შემოიარეო. საიუბილეო კონცერტს აკეთებს. - მერე? - უფრო სწორად, 75-ე დაბადების დღეს უკეთებს კულტურის სახლი. უფინანსებს, ორგანიზებაში ეხმარება. - სერიოზულად? - ჰო. ჰოდა, მითხრა, რამდენიმე ძველი მოცეკვავე მინდა შევკრიბოო. სიაში მე, შენ და გიორგიც ვართ. ნუ, სოფი თავისთავად. - ანუ ცეკვებში დავჭირდებით? მომენატრა ჩვენი სტუდია. - აუ, მეც... რაღაცები შეუცვლიათ, დერეფანი გაარემონტეს. მარა სუნი მაინც ისევ ისეთია. რა ცუდები ვართ, თვეებია არ ვყოფილვართ. მოგონებები ერთიანად თავს მეხვევიან და ვოხრავ, რომ მათში არ გავეხვა. - კაია რომ გამოხვედი, რა. წამო, დავლიოთ. აურზაურში იმაზე დიდხანს ვჩერდები, ვიდრე გათვლილი მქონდა. ცოტას კიდევ ვსვამთ, ვცეკვავთ, ვმღერით, ერთმანეთის საზაფხულო გეგმებზე ვსაუბრობთ და სესილის იუბილესაც ვახსენებთ. მერე მასპინძელს თავის უსაქმურ ღამურებთან ერთად ვტოვებთ და მოვდივართ. რადგან ყველაზე ფხიზელი მე ვარ, ნანიკოს და გიორგის სახლში მიყვანას საკუთარ თავზე ვიღებ. ღამის გასეირნებაც დაუგეგმავად გამოგვდის. მუსიკას მაღალ ხმაზე ვრთავ და გზაში ვმღერით. გოგოსთან დამშვიდობების შემდეგ, უხმოდ მივდივართ გიორგის სახლისკენ. მანქანაში მხოლოდ ფანჯრებიდან შემოსული ქარის და ჩემი გულისცემის ხმა ტრიალებს. ბიჭი ერთხანს ჩუმადაა. სასაუბრო თემის მოძებნა არასდროს გაგვჭირვებია, მაგრამ ახლა რატომღაც ჩუმად ვართ. ალბათ, მასა და სოფის შორის რაღაც მოხდა. არაფერს ვეკითხები. ამაზე საუბარი რომ სდომებოდა, თვითონ დაიწყებდა. უკვე იმდენი წელია ვმეგობრობთ, რომ ჩვენ შორის დამალული არაფერია. თუ არ ჩავთვლით ჩემი მხრიდან პატარა ხარვეზს. თუმცა, ხანდახან რაღაცები უბრალოდ არ უნდა თქვა, რომ ისიც არ დაკარგო, რაც გაქვს. შუქნიშანზე გაჩერებული, ზებრაზე გადამსვლელებს ვათვალიერებ, რომ გვერდიან გიორგის ხმა მესმის. - შენთან დავრჩები. ვათვალიერებ და მეღიმება. სავარძელზე მიწოლილი თვალსაც კი არ ახელს. ახლა ვრწმუნდები, რომ სოფისთან მართლა მოხდა რაღაც. ალბათ იკამათეს. - კარგი. - ვეუბნები და მანქანას ჩემი სახლისკენ ვაბრუნებ. თხუთმეტ წუთში უკვე კარს ვაღებ და ხელებს ვუწვდი, რომ გადმოსვლაში დავეხმარო. გიორგის ეცინება და მანქანიდან ფეხები ძლივს გადმოაქვს. - ერთი ამას უყურე, არც ეგეთი მთვრალი ვარ, მეხუთეზე რო შენ ამათრიო. - არც ვაპირებდი. ლიფტი მაქვს . - ჰმ! - თავს აქნევს და მხრებზე მხვევს ხელს. მის თითებს და წელს ვიჭერ. მობარბაცებს. - აუ, დილით ადრე უნდა გამაღვიძო, ჰო? - არა, შეგიძლია გამოიძინო და დაისვენო. ისე წავალ, ვერ გაიგებ. - სერიოზულად? - ორი წამით ჩერდება და ცდილობს, მთვრალ გამომეტყველებაზე სიხარული და მადლიერება დაიმჩნიოს. მეცინება. - ჰო, სერიოზულად. ოღონდ, იცოდე მაგიდას არ შეეხო. - მთავარია თვითონ არ შემეხოს. სახლში შესულები, პირდაპირ საძინებლისკენ მივდივართ. საწოლზე ვაწვენ და ფეხსაცმელს ვხდი. ჩემს ბალიშს იხუტებს და კომფორტულად მოთავსებას ცდილობს. - გიორგი, ცუდად ხომ არ ხარ? - ვეკითხები და მის ფეხებთან ვჯდები. - აუ, მარიამ, მგონი გული მერევა... - მართლა? - თვალებს ვჭყეტ და უკვე წამოხტომას ვაპირებ, რომ ხითხითს იწყებს. - არა, დაგაბოლე. - მოკეტე და დაიძინე, შე იდიოტო! - ხელზე ვჩქმეტ. - ნუ იკბინები. - შუბლს ჰკრავს და ბალიშში ცხვირს ყოფს. - შენი საწოლია, ჰო? - ჰო. - მეცინება. - აქ დაწვები? - არა, დივანზე. - ოო, აქ დაიძინე. - ხელს მიჭერს. - მიგიწევ. - დიდი მადლობა, რომ ჩემს საწოლზე ჩემთვის ადგილის გამონახვას ცდილობ. - ჰოდა, დააფასე ეს ცდა და ბევრს ნუ ლაპარაკობ. ცოტა ხნით ყოყმანის შემდეგ, საწოლს ვუვლი და მეორე მხარეს ვწვები. რამდენიმე წუთით ჩუმად ვარ, რომ დაეძინოს. ისიც არ იღებს ხმას და უკვე ადგომას ვაპირებ, რომ ჩემკენ ბრუნდება. თვალებს ახელს და ერთხანს ჩუმად მიყურებს. ვუღიმი და ვცდილობ არ გავიყიდო, რომ აღელვებისგან თითები მეყინება. - სესილი ალბათ თავის იუბილეზე მე და სოფის ქართულს გვაცეკვებს. - ბუტბუტებს და ხშირად ეხუჭება თვალები. - ჰო, კარგია მერე. - სოფის არ ენდომება. - ოხრავს და თვალებს ხუჭავს. - სისულელეს ამბობ, გიორგი. - სისულელეა ყველაფერი. - რა ყველაფერი? - ყველაფერი. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ყელში რაღაც მეჩხირება და სუნთქვას ვიკრავ, რომ ტირილი არ ამივარდეს. ნეტავ რა ხდება მის თავს? - დაიძინე. - ვეუბნები ჩაწყვეტილი ხმით. ის კი ხელის ფათურით ჩემს თითებს პოულობს, იჭერს და მეკითხება: - ეს ის ხელია? - ჰო, ისაა. - ხელისგულზე ვარდისფერ ნაიარევს თვალს ვავლებ. - გტკივა? - არა, გიო. - სულ მგონია, რომ გტკივა. - ბუტბუტებს, ხელი ტუჩებთან მიაქვს და ნაიარევზე მკოცნის. ცხელი ჟრუანტელისგან თავბრუ მეხვევა. მინდა ავდგე და მისი თბილი აურისგან გავთავისუფლდე, მაგრამ თან ამ სიახლოვით ტკბობასაც ვერ ველევი. - არა, გიორგი. დიდი ხნის წინ გამიარა. - ჰო, ასეც უნდა ყოფილიყო. - ახლა დაიძინე, კარგი? - ჩემი ანგელოზი ხარ. - ისევ მკოცნის ხელზე, თავის თითებში გადაჭდობილს მკერდის ქვეშ იქცევს, ამთქნარებს და მაშინვე ითიშება. რამდენიმე წუთით მძინარეს ვადევნებ თვალს, მაგრამ გონება წარსულისა და აწმყოს სურათებით ისე მალე იტვირთება, რომ ვეღარ ვჩერდები. ხელს ფრთხილად ვითავისუფლებ და აბაზანაში შხაპისთვის შევდივარ. იქ კი საკმარის დროს ვნახულობ იმისთვის, რომ წვეულებაზე გაჩენილ ჩემს ფიქრებს დავუბრუნდე და სააბაზანოდან გამოსული, დაუფიქრებლად ვიღებ უჯრიდან თაბახის ფურცლებსა და კალამს. ფურცლები დეკემბერი, 2007 წელი *** “მაშინ ძალიან ციოდა, არადა მახსოვს, დედა ამბობდა, ცივ ზამთარს არ ვარაუდობენო. ხელთათმანები სახლში დამრჩა და თითებს ვერც ქურთუკის ჯიბეებში ვითბობდი. ჩქარი ნაბიჯით მივდიოდი, რომ სტუდიამდე მალე მივსულიყავი. ჩემი სახლიდან ორი გაჩერება იყო და ტრანსპორტს არასდროს ვიყენებდი. მიყვარდა ფეხით სიარული. უკვე ახლოს ვიყავი სტუდიასთან, ჩემს ორი დღის ნაყიდ მოტოროლაზე შეტყობინება რომ მომივიდა. ნანიკო მწერდა. „ - რაღა დღეს აგვიანებ?“ „ - რა ხდება?“ „ - ჩვენს სტუდიაში ვიღაც ცეკვავს.“ „ - აბა, უნდა მღეროდეს?“ - გამეცინა. „ - უცხოა და თან ისეთია, შეიძლება აზიურებიანად შეგიყვარდეს.“ შუა ქუჩაში სიცილი ამიტყდა. ნანიკოს გული ზედმეტად დიდი იყო და ბევრს ეკავა იქ ადგილი. პასუხი არ დამიბრუნებია. ნაბიჯს ავუჩქარე. სასჯელს ვერ ავცდებოდი, მაგვიანდებოდა. ორს ხუთი წუთი აკლდა, გასახდელში რომ შევედი და გამოცვლა დავიწყე. სესილი მალე საახალწლოდ ორი კვირით გაგვათავისუფლებდა და მანამდე ისე იყო გამკაცრებული, სიტყვას ვერ ვუბრუნებდით. ვინანე კოსა სახლში რომ არ გავიკეთე. ქალბატონი ქორეოგრაფი სახელდახელოდ აკრულ თმას აუცილებლად შეამჩნევდა. ქამარი წელზე გზაში მოვიხვიე. დარბაზიდან „ხანჯლურის“ ხმა გამოდიოდა. გამახსენდა, რომ დღეს ბიჭებთან ამ ცეკვის დადგმა უნდა დაეწყო. კარი ფრთხილად შევაღე და შევსრიალდი თუ არა, ნანიკოს ხელი მაჯაში ჩამეჭიდა და გვერდით მიმიკრა. - სად ხარ გოგო?! - შუბლშეკრულმა მისაყვედურა. სესილისკენ გავიხედე. ჩემი აწურული სახე და მისი კატეგორიული გამომეტყველება მხოლოდ ერთი წამით შეხვდა ერთმანეთს. - იმაზე გეუბნებოდი, მებოს გვერდით რომ დგას. - ნანიკომ შუბლი გახსნა და მოცეკვავეზე ეშმაკური ღიმილით მანიშნა. არ ვიცი, პირველად რამ მომხიბლა. მისმა გარეგნობამ თუ ცეკვამ. ზუსტად მხოლოდ ის ვიცი, რომ თვალს ვერ ვაშორებდი და სხეულზე ჟრუანტელის ტალღები არ წყდებოდა. აქამდე ერთადერთი ცეკვა იყო, რაც გულს მიჩქარებდა. მაშინ კი, ამას ეს უცხო გრძნობაც დაემატა და კედელზე აკრული, ვგრძნობდი, რომ რაღაც ნისლიან, თბილ გარსში ვექცეოდი. ეს ცეკვის შემდეგ მიღებულ აპლოდისმენტებზე ბევრად სასიამოვნო იყო. სცენის იატაკიდან წამოსულ ადრენალინზე უფრო ამაღელვებელი. ბევრი კარგი მოცეკვავე მყავდა ნანახი, მაგრამ იმ წუთას, ის იყო ჩემთვის იდეალური. ის და მისი მოხდენილი მოძრაობები იყო ყველაზე დიდი მშვენიერება დედამიწის ზურგზე. - ჰო გეუბნებოდი. - ნანიკოს ხითხითმა დამაბრუნა დედამიწაზე. - რა... რას? - ვეცადე არ შემემჩნია, რომ უსაშველოდ დაბნეული ვიყავი, მაგრამ ენა მაინც დამება. გოგომ სიცილი გააგრძელა და მაშინღა გაჩერდა, მუსიკა რომ შეწყდა. - რას და შეგიყვარდება-თქო. - ენა გამომიყო. მოზრდილი ნერწყვი გადავყლაპე და კედელზე აკრული დანარჩენი ჯგუფელებივით, დარბაზის შუაგულში მყოფი ბიჭებისა და სესილის თვალიერება განვაგრძე. სესილი ასათიანი მაშინ სამოცდაორი წლის იყო, მაგრამ ისე გამოიყურებოდა, ვერასდროს მიხვდებოდი მის რეალურ ასაკს. ორი წელი იყო, ცეკვაზე მასთან დავდიოდი და ქალის ყოველი დანახვისას მაკვირვებდა ის ფაქტი, რომ მასა და ბებიას შორის ასაკის სხვაობა მხოლოდ ერთი წელი იყო. ყელიანი თხელი ჯემპრი, ნაჭრის შარვალი და ცეკვის ფეხსაცმელი ეცვა. მაღალი იყო. მოხდენილი და გამართული სიარული ჰქონდა. თმას შავად იღებავდა და გამუდმებით კოსას ატარებდა. კოსმეტიკას არ იყენებდა. ერთადერთი წითელი პომადა იყო, რომელიც საოცრად უხდებოდა მის დიდ, წყლიან მწვანე თვალებს. ჩვენს შორის ეს საერთო ბავშვურად მეამაყებოდა. მკაცრი იყო, მაგრამ ძალიან სამართლიანი, ამიტომ იმის შიში არ გვქონდა, რომ მოულოდნელად მისი ჯოხი ვინმეს ფეხში მოხვდებოდა. თავის მოსწავლეებზე იმდენად ზრუნავდა, რამდენადაც მკაცრად ეპყრობოდა. ცეკვის გარდა, ყველაფერში ზომიერებას იცავდა. ცეკვა მისთვის მაქსიმუმს ნიშნავდა. - გიორგი ჰქვია. გიორგი სოლომნიშვილი. თექვსმეტი წლისაა. მშობლები რუსეთში ცხოვრობენ. თვითონაც იქ იყო და ამ ზაფხულს ჩამოსულა. - ბიჭზე მოკლე ინფორმაცია, ნანიკომ ელვისუსწრაფესად ჩამჩურჩულა ყურში და ისევ მათზე გადაიტანა ყურადღება. - გამოიცანი, სად ცხოვრობს? - სად? - ნაძალადევზე. - გაეღიმა გოგოს. მეც იქ ვცხოვრობდი და მისი ღიმილი მრავალმნიშვნელოვანი ამიტომაც იყო. - კი, მაგრამ რამდენი ხანია სტუდიაშია... ამდენი რამე ასე უცბად როგორ გაიგე. - ჩემი მეგობრის შესაძლებლობები ვიცოდი, მაგრამ მაინც სიურპრიზებით იყო სავსე. - რა მნიშვნელობა აქვს. - წარბები აათამაშა. - აბა? როგორია? - ისევ ბიჭზე მანიშნა, მაგრამ სანამ რამეს ვეტყოდი, ჩაჩუმებულ დარბაზში ჩემი სახელი გაისმა. - მარი! - სესილიმ დამიძახა. ჯგუფელებმა იცოდნენ, რომ ასეთ დროს ერთმანეთს არ უნდა მივშტერებოდით, მაგრამ მან არ იცოდა. მე მაშინვე ამობრუნებულ ცერებზე შევხტი და ის იყო, ორი წუთის ასათვლელად ღრმად ჩავისუნთქე, რომ მის მზერას წავაწყდი. ბიჭმა ჩემი ცერებიდან მზერა ჩემზე გადმოიტანა, გამიღიმა და სესილის გაწვდილი ფარ-ხმალი გამოართვა. ნანიკომ მხარზე გამამხნევებლად მომითათუნა ხელი, მაგრამ მისი ლამაზი ღიმილისგან იმდენად ვიყავი დაბნეული, რომ ირგვლივ აღარაფერი მესმოდა და ვერაფერს ვამჩნევდი. ჩემი სასჯელისგან ატკივებული ცერა თითებიც კი დიდად ვერ იქცევდნენ ყურადღებას. - ლაშა, მუხლს მიხედე! - დაიძახა სესილიმ და მუსიკოსებს ანიშნა, დაკვრა დაეწყოთ. გიორგიმ აზიურზე ლეკვერთხი შეისწორა და სანამ მუსიკა დაიწყებოდა, ხმალი ხელში მარჯვედ შეათამაშა. ის და ლაშა მებონია ნამდვილად აქამდეც იცნობდნენ ერთმანეთს. ლაშა ჩემთან და ნანიკოსთან მეგობრობდა, ამიტომ მალევე მივხვდი, ჩემს მეგობარს საიდან ჰქონდა გიორგიზე ცნობები აკრეფილი. რეპეტიციამ სრულ ბურუსში ჩაიარა. მექანიკურად ვმოძრაობდი და ორი საათის მანძილზე გულში ვლოცულობდი, რომ სესილის ჩემთვის ყურადღება არ მოექცია. გოგოები გიორგიზე ჭორაობას არ წყვეტდნენ. მე კი ერთი სული მქონდა, სახლში წავსულიყავი, რომ მათი გამაღმერთებელი კომენტარები არ მომესმინა. ნანიკო აღარაფერს ამბობდა. არ ვიცი, რატომ შეწყვიტა გიორგის ქება-დიდება, მაგრამ ასე უკეთესი იყო. გამიმართლა, რომ სესილის ისე დავემშვიდობეთ, კონკრეტული და ლოყების ამაწითლებელი შენიშვნა არ მოუცია. დარწმუნებული ვიყავი, არ გამოეპარებოდა ჩემი არეულობა, მაგრამ ალბათ იმ დღის სასჯელი მაკმარა. დარბაზიდან მეგობართან ერთად გამოვედი. ნანიკოს ახალი დამთავრებული ჰქონდა „ჯეინ ეარის“ კითხვა და შთაბეჭდილებებს მიზიარებდა. კიბეზე დავეშვით და პირველ სართულზე ჩასვლისას შევნიშნე, რომ ბათინკზე თასმა მქონდა გახსნილი და ის იყო შესაკვრელად დავიხარე, რომ ჩემ გვერდით ხმაურით ხმალი დაეცა. თასმას შევეშვი და მოვკიდე თუ არა ხელი ასაღებად, ვადაზე მეორე ხელი გაჩნდა და ხმალი მუჭში ძალიან მტკივნეულად გასრიალდა. ჩემს ყვირილთან ერთად ვიღაცის შეძახილიც მომესმა და დავინახე, იმ წუთას აღებული ლითონი გიორგიმ როგორ გააგდო. ყვირილზე ყველამ მე შემომეხვია. მუჭი ნელა გავშალე იმის იმედით, რომ ტკივილი მხოლოდ პატარა ნაკაწრისგან იქნებოდა გამოწვეული. მაგრამ მთელი ხელისგულის სიგრძეზე კანი რომ გაიხსნა, წითელი ზოლი გაჩნდა და მერე სისხლმა მუჭში დაგუბება დაიწყო, შიშისგან გავქვავდი და ვეღარ ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. - მარი, ღმერთო! - ნანიკო ხელში მწვდა და თითები დამაკეცვინა. სისხლმა გამოჟონა და ძირს დაიწყო წვეთა. ტკივილისგან თვალები ამიცრემლიანდა და შეკავების მცდელობის მიუხედავად, ლოყები მაინც დამისველდა. - რას გაშტერდით, ხალხო, ცხვირსახოცი არავის გაქვთ? - იყვირა ნანიკომ და გაოგნებულ ბიჭებს თვალები დაუბრიალა. - მოიცადე... ჰო, მაქვს. - თქვა გიორგიმ, მაჯიდან შემოხვეული შავი ბენდენა მოიძრო და მომიახლოვდა. ხელზე შემეხო, რომ შესახვევად თითები გაეშლევინებინა, მე კი უკან დავიხიე. - მტკივა. - ხმა მიკანკალებდა და ამის გამო საშინლად მრცხვენოდა. - მარი, შეიხვიე, რაა... - ნანიკო შეშინებული თვალებით მიყურებდა. გიორგიც. მიუხედავად იმისა, რომ ცდილობდა დაემალა, მისი კაკაოსფერი თვალები ჩემს ხელს დაბნეულები დაჰყურებდნენ. მერე თითები გაუფრთხილებლად გამაშლევინა. ერთხელ კი შევხტი გაოგნებისგან, მაგრამ სანამ ისევ გავაპროტესტებდი, მან შეხვევა მოასწრო. - მგონი... მგონი ცოტა ღრმა ჭრილობაა. - ჩემი სისხლისგან დასვრილ თავის თითებს შეავლო თვალი და ისევ მე შემომხედა. დაზარალებული კი ვიყავი, მაგრამ დამნაშავედ მაინც მე ვგრძნობდი თავს და გაქცევა მომინდა. ოღონდ იმ სიტუაციაში დიდხანს არ დავრჩენილიყავი და ერთი საათით დავდგებოდი ცერებზე. - მადლობა... სახლში წავალ. ნანიკო, წამო. - მაჯით ცრემლები შევიმშრალე და ადგილს მოვწყდი. - მარი. - დამიძახა დაბნეულმა გოგომ და უკან გამომყვა. შეხვეული ხელი გულზე მივიკარი, გარეთ გამოვედი და კიბეზე სწრაფად დავეშვი. - მარი, მოიცადე, სად გარბიხარ. - დამეწია ის და კოპებშეკრულმა გამაჩერა. - წამოდი, მარგოს ვაჩვენოთ, დაგიმუშავებს მაინც. - სტუდიის წინ ვეტაფთიაქი იყო, მარგო კი - ვეტერინარი. ნანიკოს თავისი კატა დაჰყავდა ხოლმე მასთან და კარგად ვიცნობდით. ის იყო უარი უნდა მეთქვა, რომ გიორგი მოგვიახლოვდა. - ეს დაგრჩა. - ჩემი ჩანთა გამომიწოდა. გამოვართვი, მადლობა ვუთხარი და ისევ გაბრუნებას ვაპირებდი, რომ გამაჩერა. - ბიჭებმა მითხრეს, ვეტერინარია აქო. წამოდი მივიდეთ, მოგხედავს და იქნებ გაკეროს კიდეც, თუ შეძლებს. - არ მინდა, მირჩევნია სახლში წავიდე, მართლა... - არ გირჩევნია. - ხელი დამიჭირა და დამანახა, როგორ ჟონავდა ბენდენიდან სისხლი. მარგოს ვენდობოდი, მაგრამ გაკერვის იდეა მაშინებდა. ემოციებისგან მაციებდა. მისი მზერისგან გული ამოვარდნას მქონდა. დამალვა მინდოდა. თვალს ვერ ვუსწორებდი. - ნუ ჯიუტობ, გოგო, წამოდი. - მეორე ხელზე ნანიკო ჩამეჭიდა და თითქმის ძალით გადამიყვანა გზის მეორე მხარეს. გიორგი წამოგვყვა და მალე ლაშაც ჩვენთან გაჩნდა. კი, გაკერვა აუცილებელი იყო, ჰოდა მარგომ ადგილობრივი ანესთეზია გამიკეთა და რამდენიმე ნაკერი დამადო. ნანიკო გაუთავებლად ლაპარაკობდა, რომ ნემსისთვის ყურადღება არ მიმექცია. გიორგიც შეფარვით, მაგრამ თან აშკარად შეამკო საყვედურებით. ლაშა პირზე ხელებს აფარებდა, რომ როგორმე მისი სამეტყველო აპარატი დაეხშო, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. ვეტაფთიაქიდან დაახლოებით ერთ საათში გამოვედით. გოგომ გადაამოწმა, რომ კარგად ვიყავი, მერე “გაახსენდა” რომ რაღაც საქმე ჰქონდა და ჯერ კიდევ უცნობ ბიჭს ოსტატურად შემატოვა. როგორც მოგვიანებით მისგან გავიგე, ეს ილეთი მაშინ გათვალა, ხელს რომ მიკერავდნენ. ძალიან გავბრაზდი მასზე, მაგრამ რა უნდა მექნა. მე და გიორგი უხმოდ გავუყევით ქუჩას. დისტანციას ვიცავდი, რამდენადაც შემეძლო. საშინელ უხერხულობასა და სირცხვილს ვგრძნობდი, თითქოს მე გამეჭრა მისთვის ხელი. მაგრამ თან ვიცოდი, ეს იმის ბრალი იყო, რომ მისით საშინლად ვიყავი მოხიბლული. - უკვე გაიგებდი, მაგრამ მაინც... მე გიორგი მქვია. - გამომხედა მან და გამიღიმა. ქუდი ეხურა და მოგრძო თმის ბოლოები შუბლსა და ლოყებზე მიჰკრობოდა. გოგოებს შეშურდებოდათ, ისეთი გრძელი წამწამები ჰქონდა. - მე - მარი. - მეც გამეღიმა. თითქოს მაშინვე გამიქრა დაძაბულობა, როგორც კი დამელაპარაკა. - მინდა იცოდე, რომ კარგი რაღაცების გაკეთებაც შემიძლია. - რა... - ჯერ ვერ მივხვდი. ჩემი გონება არაფრით უშვებდა, რომ ხელი მის გამო მქონდა შეხვეული. - ა... არა, შენი ბრალი არ ყოფილა. - იყო. დავინახე, ხმალს ხელი რომ მოჰკიდე, მაგრამ აღარ მახსოვდა, რომ ბასრი იყო. ასე რომ, ბოდიში. - კარგი. მაგრამ არაფერია. შეხორცდება. გაივლის. - ჩავილაპარაკე და შეხვეულ ხელს დავხედე. - გტკივა? - ჯერ არა. - დიდი ბაბუის იყო. ლაშას დავპირდი, რომ ვაჩვენებდი, რეპეტიციაზე ამიტომ წამოვიღე. - ძალიან ლამაზია. ცოტა ხნით ისევ ჩუმად გავაგრძელეთ სიარული. თავს ძლივს ვიკავებდი, რომ წამდაუწუმ მისკენ არ გამქცეოდა მზერა. ვერ ვიჯერებდი, რომ სახლისკენ იმ ბიჭთან ერთად მივდიოდი, რომელიც დანახვის წამიდან მომეწონა. ცოტა ხანში ჩანთიდან შოკოლადი ამოიღო და გამომიწოდა. - ცუდი მცდელობა კია, გული რომ მოგილბო, მაგრამ რუსულია, დედა მიგზავნის ხოლმე და მოგეწონება. - არ ვარ გაბრაზებული, მაგრამ შოკოლადი მიყვარს. - გამოვართვი და გზაჯვარედინზე შევჩერდი. - მე აქ უნდა ჩავუხვიო. - გამოგყვები. - არაა საჭირო, მართლა. აი იქ ვცხოვრობ. - ხელით ვანიშნე ჩემს ორსართულიან სახლზე, რომელიც ჩვენგან დაახლოებით ორმოცდაათ მეტრში იყო. - შენ? - არც მე ვარ შორს. სამშობიაროს უკან. - გახედა გზას. მერე კი ამოიოხრა და შემომხედა. - უცნაური გაცნობა გამოგვივიდა, ჰო? - ორიგინალურობა თუ გიყვარს, ორიგინალურიც. - გამეცინა. ვცდილობდი, ცოტა ხნით ჩემი აღელვება სადმე მიმეჩქმალა და ბიჭს ისე დავმშვიდობებოდი, რომ დანაშაულის შეგრძნება არ გაჰყოლოდა. - მართალი ხარ. ალბათ ხვალ არ მოხვალ. - ვნახოთ. - ჯობია დარჩე. მკაცრი კი ჩანს სესილი, მაგრამ არც მაგდენად. - ჰო, ვიცი. - მაშინ დროებით, კარგი? - კარგი, დროებით. - როცა იგრძნობ, რომ ჩემზე ბრაზდები, შოკოლადი მაშინ შეჭამე. - გამიცინა გიორგიმ და დამემშვიდობა. უკვე სახლთან ვიყავი, ხელმა რომ ტკივილი დამიწყო, მაგრამ გონებიდან მისი ღიმილიანი, ლამაზი სახე არ იშლებოდა და ტკივილსაც ვერაფრით ვანიჭებდი დიდ მნიშვნელობას. ძილის წინ უკვე ვიცოდი, რომ გიორგი შემიყვარდებოდა და შემეშინდა. *** დედამ რომ გაიგო, რაც შემემთხვა, მაშინვე ქირურგთან წამიყვანა. ექიმმა ნაკერი შეამოწმა და არაფერი გაუკეთებია, მხოლოდ გამაყუჩებელი დამინიშნა. მეორე დღეს ცეკვაზე არ წავსულვარ. წამალი დიდად არ მშველოდა, ამიტომ ვიცოდი, რეპეტიციებზე ტკივილი ხელს შემიშლიდა. სესილის დავურეკე და მასაც ვუამბე, რაც მოხდა. მშვიდად მისაყვედურა დაუდევრობის გამო და მითხრა, კვირასაც სახლში დავრჩენილიყავი. შაბათს საღამოს კი, დაახლოებით მაშინ, როცა სტუდიიდან ბავშვები უნდა დაშლილიყვნენ, ნანიკომ მომწერა, მე და ლაშა შენს სანახავად მოვდივართ და დამნაშავეც მოგვყავსო. საღამოს ხუთი ხდებოდა. დედა სამკერვალო საწარმოში მუშაობდა და შვიდამდე სახლში არ მოვიდოდა. მამა კი მძღოლი იყო. საზღვარგარეთ დადიოდა და ორ თვეში ერთხელ, მხოლოდ ერთი კვირით უწევდა შინ ყოფნა. ძალიან იშვიათად ორი კვირით. ხალათში გახვეული, მაშინვე წამოვხტი. საღამურები გამოვიცვალე და ცალი ხელით როგორც შემეძლო, სახლი ისე მოვაწესრიგე. მახსოვს, ძალიან მიხაროდა, მაგრამ თან საშინლად ვღელავდი. ხუმრობა ხომ არ იყო, ბიჭი, რომელიც მომწონდა, ჩემთან მოდიოდა სახლში. დარწმუნებული ვიყავი, ესეც ნანიკოს გაჩარხული იქნებოდა. რომ მოვიდნენ, უარესად დავიბენი. ყველაფერი ერთად მინდოდა გამეკეთებინა, ისინიც მომეკითხა, წვენით და ვაფლით გავმასპინძლებოდი, მათ შეკითხვებზეც მეპასუხა და თან თავი ისე დამეჭირა, თითქოს ძალიან ჩვეულებრივად ვიქცეოდი. ლაშასგან და ნანიკოსგან განსხვავებით, გიორგის ცოტა მორიდებულობა ემჩნეოდა. ხშირად ათვალიერებდა ჩემს შეხვეულ ხელს. მე კი, როგორც შემეძლო ამ შემთხვევაზე ვხუმრობდი. ვყვებოდი, როგორ დავეცი ოსურზე სრული ცერის გავლისას, კონცერტზე ჩვენი სამი ჯგუფელი ბიჭი როგორ როგორ შეასკდა. ნანიკომ ისიც გაიხსენა, თავის პირველ რეპეტიციაზე ჯგუფელი მის კაბას რომ დააჯდა და ადგომისას, ელასტიკების ამარა რომ დარჩა. საღამო ძალიან სახალისოდ გავატარეთ. მერე დედა მოვიდა და მიუხედავად იმისა, რომ მაიკომ ყველაფერი კარგად იცოდა და ბიჭს ძალიან თბილად და ჩვეულებრივად ეპყრობოდა, გიორგის უხერხულობის შემოტევა თავიდან დაეწყო. მალევე, ჩვენი ახალი ჯგუფელი ნინიკომ იხსნა. წასვლამდე გიორგიმ მობილურის ნომერი გამომართვა და მითხრა, ხვალაც მოგიკითხავ, თუ მოსვლა ვერ შევძელიო. სიხარულისგან ლამის ვიფრინე, როცა უკვე ძილისთვის გამზადებულს, მობილურზე შეტყობინება მომივიდა. მე და გიორგი მანამდე ვლაპარაკობდით, სანამ მესიჯების რაოდენობა არ ამომეწურა. *** ყველაფერი კარგად მიდიოდა. გიორგის მხოლოდ პარასკევს, შაბათს და კვირას ცეკვის რეპეტიციებზე ვხვდებოდი. დანარჩენ დღეებში მობილურით ვკონტაქტობდით. ჩვენს ჰობიზე, ფილმებზე, წიგნებსა და მუსიკაზე ვსაუბრობდით. მეგობრებზე ვყვებოდით, ოჯახსა და ძალიან ჩვეულებრივ, ხანაც უაზრო თემებზე. მოკლე დროში, იმაზე მეტად დავახლოვდით, ვიდრე ჩემს ოცნებებში წარმომედგინა. ამან ემოციების კონტროლზეც იმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ მასთან ყოფნისას თუ საუბრისას გული საოცარი რიტმით მიძგერდა, აღარ ვიბნეოდი. მასთან ურთიერთობას მივეჩვიე. იმ ახალ წელს, მოსკოვში, მშობლებთან გაფრინდა. მობილურით კონტაქტი ძალიან ძვირი ჯდებოდა, ამიტომ ერთმანეთი სულ რამდენჯერმე მოვიკითხეთ. მენატრებოდა. არდადეგებისთვის გადადებული წიგნების ნაცვლად, მთელი დღე ჩვენს მიმოწერებს ვკითხულობდი და ღიმილისგან სახის კუნთები მტკიოდა. არ ვფიქრობდი იმაზე, მასაც თუ მოვწონდი. იმ დროს, ის ურთიერთობაც მაბედნიერებდა, რაც მასთან მქონდა. თხუთმეტი წლის ვიყავი, არც ისე პატარა, მაგრამ ალბათ მაინც ბავშვი და მიამიტურად მიხაროდა იმ ბიჭთან მეგობრობა, რომელიც ჩემი პირველი სიყვარული გახდა. იმას, რასაც ვგრძნობდი, ვერავისთან ვამხელდი. ვერც ნანიკოსთან და ვერც დედასთან. ეს ორი ადამიანი ჩემთვის ყველაფერი იყო. არც ერთს არაფერს ვუმალავდი, მაგრამ ეს... ეს გრძნობა იმდენად სხვა და იმდენად პირადული იყო, რომ არავისთვის მემეტებოდა. ცოტაც მრცხვენოდა. შეყვარებულ მარის ვეცნობოდი. საკუთარ თავში აღმოჩენებს ვაკეთებდი. ფიქრები მეცვლებოდა, მაგრამ ვცდილობდი ქცევებში არ გადამზრდოდა. ვცდილობდი იმად დავრჩენილიყავი, რაც მანამდე ვიყავი და შესაშურად, ამ დრომდე კარგად გამომივიდა. იანვარი, 2008 წელი *** ახალი წლის არდადეგების შემდეგ, პირველი რეპეტიცია გვქონდა. უკვე დარბაზში ვიყავით შეკრებილები და სესილის მოსვლამდე სხეულს ვახურებდით. გიორგის ბოლო რამდენიმე დღე იყო, ჩემთვის არაფერი მოეწერა და არ ვიცოდი, როდის აპირებდა საქართველოში დაბრუნებას. რატომღაც ვფიქრობდი, რომ ჩამოსვლისას შემეხმიანებოდა და რადგან ასე არ მომხდარა, ესე იგი არც იყო აქ. მიუხედავად ამისა, კარისკენ თვალი ხანდახან მაინც გამირბოდა. - რაო გიომ, ამ ჩამოვედიო? - გვერდით ჩამომიჯდა ნანიკო და შპაკატისთვის ფეხები გაწელა. - არ ვიცი, ჩემთვის არ მოუწერია. - მხრები ავიჩეჩე. - ლაშას ეცოდინება. - მგონი, ბოლო დროს, თქვენ უფრო გხედავთ ერთად, ვიდრე მაგას და მებოს. - შპაკატში ჩამჯდარმა, მუხლს დაადო თავი და ქვემოდან ამომხედა. ერთხელ კი მოასწრო ჟრუანტელმა დავლა, მაგრამ მაინც არაფერი შევიმჩნიე. - ვითომ? არ მგონია. - აჰა-ა... - ტუჩები გააწკლაპუნა გოგომ და მიმახვედრა, რომ პასუხით კმაყოფილი არ იყო. ჩემი “სულერთია” გამომეტყველება წარმატებით შევინარჩუნე და მერე სესილიმაც გადამარჩინა. დარბაზში შემოსულმა თავისი ძვირფასი სუნამოს სურნელი შემოიყოლა და თავბრუ დაგვახვია. გრძელი შავი ხავერდის კაბა ეცვა, წელზე მსხვილი ქამრით. ტუჩზე როგორც ყოველთვის წითელი პომადა ესვა. ოდნავ მოშიშვლებულ ყელზე კი მოკლე შარფი შემოეხვია. დიდებულად გამოიყურებოდა. - გამარჯობა, ბავშვებო! - მოგვესალმა მკრთალი, მაგრამ ძალიან თბილი ღიმილით. უკვე ვიცოდით, ასე მხოლოდ მაშინ გვიღიმოდა, როცა დიდი ხნით ვერ გვნახულობდა. აშკარად ვენატრებოდით ხოლმე. - აბა, დაასრულეთ ახალი წლის ამბებზე ჭორაობა? - ბავშვებს გაგვეცინა და ჩვენი ადგილები დავიკავეთ. - ვატყობ, ზოგიერთს დიდი დრო გაუტარებია ტკბილეულთან. - მოსწავლეებს გადახედა და მზერა ჩემზეც რომ შეაჩერა, ლოყები წამომიხურდა. - თავს მოვიკლავ. - დავიჩურჩულე საკუთარ თავზე გულმოსულმა და გვერდიდან ნანიკოს ხითხითი მომესმა. თვითონ რა ედარდებოდა. რამდენიც არ უნდა ეჭამა, მაინც გამხდარი იყო. მე კი ოდნავ ტემპის დაგდება და ორი ზედმეტი ულუფაც კი მალევე მეტყობოდა. უფრო სწორად, სესილი გვამჩნევდა ყველას. - შენი ხმა არ გავიგო! - შევუღრინე. - რაო, სხვებზე მეტად გვიყვარს გოზინაყიო? - ქალმა ხელები თეძოებზე ჩამოიწყო და ცალი წარბი ასწია. - ხიზანიშვილი, ახალ წლებზე სადმე თოვლის ბაბუის როლი ხომ არ მოგცეს? - არა, მასწ. - ხელები ზურგს უკან ერთმანეთს ჩაკიდა ჯგუფელმა ბიჭმა და ცალყბად გაეღიმა. მიხვდა, რა შენიშვნასაც მიიღებდა. - მაშინ ერთი საპარსი შენთვის იყიდე, ერთი მებონიას უყიდე და ხვალ ეგ წვერი არ დამანახოთ. რაო, გოგოებს მათ გარეშე უფრო დიდები არ ვეჩვენებითო? - თავი გააქნია ქალმა და ამოიოხრა. - გაზრდა ასე გეჩქარებათ? - არც ისე, მასწ. - უპასუხა ლაშამ და ხიზანიშვილს თვალი ჩაუკრა. - რადგან ასეა, არც ორმოცდაათი ბუქნი დაგეზარებათ. - თვალით ანიშნა ბიჭებს წინ გამოდითო. ორივემ ყურები ჩამოყარა და ბუტბუტით დაიწყეს ბუქნების გაკეთება. ის იყო, მე და ნანიკომ ერთმანეთში ეშმაკური ღიმილები გავცვალეთ, რომ დარბაზის კარი გაიღო და შიგნით გიორგი შემოიპარა. მის დანახვაზე სუნთქვა შემეკრა და გული ისე ახმაურდა, შემეშინდა, არავის გაეგო. ზურგს უკან გადაჭდობილი თითები ერთმანეთს მაგრად ჩავაჭირე, რომ ემოციები მომეთოკა. - როგორ გეკადრებათ, ბატონო გიორგი. - თავისი ადგილისკენ მიმავალი გააჩერა სესილიმ და დასჯილებზე ანიშნა. ბიჭმა უხერხულად მოიქექა კეფა და სანამ ბუქნების გაკეთებას დაიწყებდა, მოგვესალმა. შემდეგ ორი წამით შემომხედა, გამიღიმა და თვალი ჩამიკრა. ღიმილითვე ვუპასუხე და მაშინვე სახის დაყენებას ვეცადე, რომ ბედნიერებას ღრუბლებზე მონავარდე არ დავეტოვებინე. მერე შემთხვევით ნანიკოს სახეს გადავაწყდი, რომელიც თვალებდაწვრილებული მიყურებდა. - რა... - ჩავიჩურჩულე და ვანიშნე, რომ სესილი გამოგვიჭერდა. თითქოს ენერგია შევიძინე. თავს აღარც წონაში მომატებულად ვგრძნობდი და აღარც მოწყენილი ვიყავი. ვივარჯიშეთ, ცეკვები გავიარეთ და რამდენიმე ახალი მოძრაობაც ვისწავლეთ. მარტის ბოლოს გორში კონკურსზე გვიწევდა გასვლა და სესილი ამისთვის გვამზადებდა. ორი საათის მანძილზე მხოლოდ ერთმანეთის მოკითხვა მოვახერხეთ. მასწავლებელი ამოსუნთქვის საშუალებას არ გვაძლევდა. განსაკუთრებით მაშინ, როცა ზედმეტი კალორიები გვქონდა მოსაშორებელი. რეპეტიციის შემდეგ კი, ჩვეულებრივად გავუყევით გზას სახლისკენ. ერთმანეთს ახალი წლის დღეებსა და საჩუქრებზე ვუყვებოდით. გიორგი ამბობდა, რუსები ზედმეტად ხმაურიანები არიან და ერთი სული მქონდა, როდის წამოვიდოდიო. უკვე გზაჯვარედინთან ვიყავით მისულები და გამომშვიდობებას ვაპირებდი, ჩემი ხელი რომ დაიჭირა და შეკრული მუჭი გამაშლევინა. - გტკივა? - დახედა ჩემს შეხორცებულ იარას. ნაკერები მოხსნილი მქონდა, მაგრამ ჭრილობას ჯერ ისევ გასდევდა წითელი ზოლი. მისმა მხურვალე ხელის შეხებამ ისე ამაღელვა და დამაბნია, თავი ძლივს შევიკავე, უკან რომ არ დამეხია. ვიგრძენი, როგორ ამეწვა გაყინული ლოყები და გულში ღმერთს ვევედრებოდი, ოღონდაც არ აწითლებულიყვნენ. - აღარ, - გავუღიმე მის ჩაფიქრებულ სახეს. - ხორცდება და მექავება ხოლმე, მეტი არაფერი. - მართლა? - ქვემოდან ამომხედა. - ჰო. - სულ ვფიქრობ ხოლმე, ასე იდიოტურად რანაირად დამემართა. - თითქმის ერთი თვე გავიდა და დამნაშავეც აღარ უნდა გრძნობდეს თავის დანაშაულს. - შეიძლება. - გაეცინა და წითელ ზოლს ცერა თითი ფრთხილად გადაუსვა. - იმედია გაქრება და არაფერი დარჩება. - მითხრა და ხელი გამიშვა. თითქოს საპნის ბუშტივით გასკდა ის თბილი გარსი, რაც ხელჩაკიდებულებს გარშემო გვეკრა. იმედია დარჩება და არასოდეს გაქრება-თქო, გავიფიქრე მაშინ და ძალიან, ძალიან მინდოდა, რომ ეს ხმამაღლა მეთქვა, მაგრამ ვიცოდი, რომ ასე საკუთარ თავს გავყიდდი. - იმედია. - ჩავილაპარაკე და ხელი ჯიბეში ჩავიბრუნე. - ჰო, მართლა, შენთვის რაღაც მაქვს. საჩუქარი ჩამოგიტანე. - კარგი, რა. მე რომ არაფერი მაქვს შენთვის? - ლოყები უარესად ამეწვა. - იმედია მოგეწონება, - ყურადღება არ მიუქცევია ჩემი სიტყვებისთვის. ჩანთიდან პატარა შავი ტომარა ამოიღო და გამომიწოდა. სანამ მის თასმას გავხსნიდი, დაამატა: - როგორც შენ თქვი, უკვე თითქმის ერთი თვეა გიცნობ და სულ კოსით გხედავ. ამბობენ, გრძელი თმა აქვსო. ჰოდა, ერთხელ გაიშალე და ამით დაიმაგრე. შენს მწვანე თვალებს მოუხდება. ტომრიდან ულამაზესი ოვალური თმის სამაგრი ამოვაძვრინე, რომელიც თეთრი, მწვანე და ცისფერი დაუმუშავებელი კრისტალებით იყო გაწყობილი. მოქუფრულ დღის შუქზე მომხიბვლელად პრიალებდა და წარმოვიდგინე, მზის სინათლეზე როგორი თვალისმომჭრელი იქნებოდა. - ძალიან ლამაზია, გიორგი. - თვალს ვერ ვწყვეტდი. - ულამაზესია. დიდი მადლობა. - მიხარია, რომ მოგეწონა. - გაეღიმა კმაყოფილს. - მაგრამ, მე რომ... - გეყოფა, კარგი. - თვალები გადაატრიალა, მერე ერთი წამით დაფიქრდა და გაეცინა. - აბა თმა გაიშალე. - რა? - წარბები ავწიე გაკვირვებულმა და მეც გამეცინა. - გაიშალე და ეგ იქნება შენი საჩუქარი. რომ არ გავშტერებულიყავი ცოტაღა მაკლდა. იმდენად მოულოდნელი და დაუჯერებლად უცნაური იყო მისი წინადადება. მერე თმიდან უცბად მოვიძვრე სამაგრი და რამდენიმე სარჭი. ჩემი თაფლისფერი თმა თითქმის წელამდე ჩამოიშალა. - ხუმრობ? - თვალები დაქაჩა ბიჭმა და თმაზე თითები ჩამოასრიალა. შეფერება ვცადე და თავმომწონედ ავაფრიალე ჩემი თმა. გიორგის გაეცინა. - რატომ არ იშლი ხოლმე? - ვიშლი. მაგრამ შენ მხოლოდ ცეკვის დღეებში მხედავ, მაშინ, როცა კოსა უნდა მეკეთოს. - ჰო, მაგრამ რეპეტიციის შემდეგ? - ჰოო... - გამეცინა. მერე თმის ზედა ნაწილი ავიწიე და ახალი სამაგრით უკან დავიმაგრე. - აბა, როგორია? - შემოვბრუნდი, რომ ბიჭს დაენახა. - ძალიან გიხდება. - მითხრა კმაყოფილმა და ჩანთა ზურგზე მოიგდო. მინდოდა მადლობის ნიშნად ლოყაზე მეკოცნა. მთელი ჩემი სხეული მისკენ მიიწევდა, მაგრამ რაღაც არ მიშვებდა. შინაგანი ხმა ჩამძახოდა, რომ ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი და თავი ხელში ამეყვანა. უბედნიერესი დავბრუნდი სახლში. მას მერე, რეპეტიციების შემდეგ თმას ხშირად ვიშლიდი და გიორგიც უფრო ხშირად მიღიმოდა ისე, მე რომ გულს მიჩქარებდა. რაც დრო გადიოდა, ჩემს თმას უფრო უახლოვდებოდა, ხან სხვადასხვა ვარცხნილობებს მიკეთებდა, ხან ეთამაშებოდა, ხან ულვაშების გასაკეთებლად იყენებდა. და ეჭვიანი ნანიკოს თვალებიც თანდათან უფრო წვრილდებოდნენ. მარტი, 2008 წელი *** გორის კომბინატის კულტურის სახლში აურზაური იყო. ძალიან ციოდა და ქურთუკებში გახვეულები ვცდილობდით თავისუფალი გასახდელი გვეპოვა, რომ ჩვენი ჯგუფი შევხიზნულიყავით. ქვეყნის სხვადასხვა ქალაქებიდან ჩამოსული ანსამბლების სხვადასხვა ცეკვის ფორმებში გამოწყობილი მოცეკვავეები რეპეტიციებს დერეფნებში გადიოდნენ. ჩვენ კი სესილის მივყვებოდით უკან და კონკურსანტებს აღელვებულები ვათვალიერებდით. კონცერტის ბოლოს 2008 წლის გაზაფხულის სამი საუკეთესო ანსამბლი დასახელდებოდა. აჭარული გაგვქონა ისეთი მონახაზითა და სცენარით, რომ სამეულში ეჭვგარეშე ვიქნებოდით, მაგრამ ბავშვებს ძალიან გვინდოდა გრან-პრი, რომლის მოპოვებითაც პოლონეთის ტურს დავიმსახურებდით. როგორც იქნა თავისუფალ გასახდელს მივაგენით, მაგრამ ისეთი პატარა იყო, რომ ნაწილ-ნაწილ მოგვიწია გამოცვლა. ბიჭები საერთოდ დერეფნებში განაწილდნენ და გარეთ დაიწყეს ფორმების მორგება. ყველაფერი კარგად მიდიოდა, სანამ არ აღმოვაჩინეთ, რომ ნანიკოს ქუდი დარჩენოდა სახლში. ვერაფრით ავიცილებდით თავიდან იმას, რომ ეს ამბავი სესილის არ გაეგო, რადგან კულისებში გასვლამდე, ყველას გვავლებდა თვალს. ქალმა ერთხელ ამოიოხრა და ისე დაუბრიალა თვალები, ჯობდა ფეხებში ჯოხი მოერტყა. მე და ნანიკო სოლისტები ვიყავით. საბედნიეროდ, ერთად არ გვიწევდა ცეკვა, ამიტომ ორჯერ ჩემგან მოუწევდა ქუდის თხოვება, ერთხელ სხვა გოგონასგან, რადგან სოლოების გადანაწილება სხვანაირად არ გვიწყობდა ხელს. - დაივიწყეთ ყველაფერი, რაც გაწუხებთ და რაც გაფიქრებთ. - კულისებში გასვლამდე მოცეკვავეებს თვალი მოგვავლო სესილიმ. - ქამარი, ქუდი, მნიშვნელობა არ აქვს რომელი დავარდება, რა თქმა უნდა, შენ არ გეხება ქაჯაია. - წარბები აუწია ნანიკოს. დამწუხრებულმა გოგომ წითლად შეღებილი ტუჩები დაბრიცა. - გაიღიმეთ, რვები ითვალეთ, მუსიკას უსმინეთ და იცეკვეთ. სხვა ყველაფერი მნიშვნელოვანი არაა. მაყურებელი მხოლოდ მაშინ შეიმჩნიეთ, როცა ტაშს დაგიკრავენ. ეს განსაკუთრებით მათ ეხებათ, ვინც პირველად გადის სცენაზე. დავარდნილ ნივთებს, ცეკვის დასრულების შემდეგ მიხედავთ. მთავარია თქვენ არ იყოთ იქ ნივთების ნაცვლად. რა გაცინებს, ბურდული, რამე ხომ არ გაგახსენდა? - აქა-იქ ვიღაცებმა ჩაიხითხითეს. - ღრმად ჩაისუნთქეთ და ყველას აჩვენეთ, რა არის ნამდვილი სილამაზე! წინ კიდევ ორი ცეკვა იყო. მე და ნანიკო კულისებისგან ოდნავ მოშორებით ვიდექით. გოგო ჯერ ისევ საკუთარი თავის ლანძღვაში იყო, მე თვალი წამდაუწუმ კარისკენ გამირბოდა, სადაც ბიჭებთან ერთად გიორგი იდგა და რაღაცას ჰყვებოდა. მოულოდნელად, ვიღაც გოგო მოგვიახლოვდა. ისიც აჭარულის ფორმაში იყო გამოწყობილი. - გოგოებო, გამარჯობათ. ცოტა ხნის წინ, შემთხვევით გავიგე, რომ ქუდი დაგრჩენია. - ნანიკოს გაუღიმა მან. - ჩვენ მაინც ბოლო მონაწილეები ვართ, შემიძლია, გათხოვო. - მე და ნანიკომ ერთმანეთს გახარებულებმა გადავხედეთ, შემდეგ გოგონას ქუდი შევათვალიერეთ. განსხვავება მხოლოდ ერთადერთ ფერში იყო, რომელსაც დარწმუნებულები ვიყავით, ვერავინ შეამჩნევდა. - წამოდი, მასწავლებელს ვაჩვენოთ და თუ უარი არ თქვა... - ხელი ჩაჰკიდა ჩემმა მეგობარმა გოგოს და სესილისკენ წაიყვანა. ქალმა უარი არ თქვა, ამიტომ ნანიკომ ქუდი მოირგო. ყველანი დავმშვიდდით. გავიგეთ, რომ გოგონას ხატია ერქვა და ცეკვას რომ დავასრულებდით, დარბაზის კართან დაგველოდებოდა. დროებით დაგვემშვიდობა და თავის ჯგუფელებს გაჰყვა. არასდროს მისაუბრია ჯგუფელებთან იმ გრძნობაზე, სცენაზე გასვლა, მაყურებლის აპლოდისმენტები და პროჟექტორების ციმციმი ერთდროულად რომ იწვევს. ის არ იყო პირველი და საბედნიეროდ, არც უკანასკნელი სცენა ჩემთვის, მაგრამ ყოველ ჯერზე, საკმარისი იყო ფიცრულზე ფეხი შემედგა და დარბაზისთვის მომევლო თვალი, რომ მაშინვე ფრთებს ვისხამდი. ყველაფერი ქრებოდა გარშემო. ვიყავით მხოლოდ მე, მუსიკა და ჩემიანები, რომლებსაც ამ შეგრძნებებს ვუყოფდი. ცეკვა შეიძლება მხოლოდ ხუთი წუთით გრძელდებოდა, მაგრამ ეს იყო ერთი ცხოვრება, დაბადება, სიყვარული და დამშვიდობება. სცენაზე რეალური სამყარო მხოლოდ ბოლო ამოსუნთქვის შემდეგ აღწევდა ტაშით და შეძახილებით აღწევდა და გამოფხიზლებულები გავრბოდით მისკენ, ვინც გვეტყოდა, როგორი იყო ის ხუთ წუთიანი სიცოცხლე. სესილი ბოლომდე კმაყოფილი არასოდეს ყოფილა. რამდენიმე შენიშვნა მაინც მივიღეთ და, როცა დაჯილდოებისას მეორე ადგილზე გამოგვაცხადეს, მივხვდით, რომ ეს შენიშვნები დამსახურებული იყო. ამის მიუხედავად, ბავშვები მაინც კმაყოფილები ვიყავით, რადგან ჩვენ გარდა, ძალიან ბევრი ძლიერი ნომერი შესრულდა, რომლებსაც საკმაოდ კარგი კონკურენცია გავუწიეთ. სესილიმ დიდებს უფლება მოგვცა, რომ სანამ შედარებით პატარა ჯგუფელები გამოიცვლიდნენ, ავტობუსში მოგვეცადა, ამიტომ ავიბარგეთ და კიბეზე დავეშვით. გარეთ იმაზე მეტად ციოდა, ვიდრე დილით. ემოციებისა და ხმაურისგან დაღლილს ძილი მერეოდა, ამიტომ ტრანსპორტში ასვლისთანავე, ჩემს ადგილას მოვკალათდი. ნანიკოც გვერდით მომიჯდა, მაგრამ მერე გაახსენდა, რომ შიოდა. იქვე მაღაზიაც შეამჩნია, ჩავიდა და გრძელ რიგში ჩადგა. ის იყო სავარძელზე ფეხები მოვიკეცე, რომ გიორგი ჩამომიჯდა და მისი საქციელით გაკვირვებულს გამიღიმა. მერე კალთაში თავისი ჩანთა ჩამიდო, ზედ თავი დადო და კომფორტულად მოთავსდა. - უკაცრავად? - დავხედე ზემოდან. დაბნეულს ხელები ჯერ ისევ ჰაერში მქონდა, არ ვიცოდი სად წამეღო. - წუხელ თითქმის არ მძინებია და ძაან დავიღალე. - ამიხსნა. - ნანიკო ზის აქ. - ნანიკო კარგი გოგოა. - გიორგი... - ამოვიოხრე და ფანჯრიდან გავხედე ჩემს მეგობარს, რომელიც ისევ რიგში იდგა. ავტობუსში ჯგუფელები ლაგდებოდნენ და ყურადღებას არავინ გვაქცევდა. ერთი-ორჯერ დაუძახეს გიორგის, მაგრამ ბიჭმა არხეინად გასძახა ვიძინებო. - შეხედე, ხელები როგორი გაყინული გქონია. - შეიცხადა მან, თითები დამიჭირა, თავის მუჭებში მოიქცია და გულზე დაიწყო. ისეთი აფორიაქებული ვიყავი, არ ვიცოდი, რა გამეკეთებინა. მეგონა, უკვე მიჩვეული ვიყავი მის სიახლოვეს, მაგრამ საკმარისი იყო შემხებოდა, რომ საშინლად ვიბნეოდი. - ფორმა გიხდებოდა და ლამაზად იცეკვე. - მადლობა. - გავუღიმე. ლოყები ამეწვა მის კომპლიმენტზე. ჩვენს ხელებს დავხედე და საკუთარ თავს შევუძახე, რომ დავმშვიდებულიყავი და მომენტით ტკბობა მესწავლა. - შენც კარგად ცეკვავ. თან ძალიან კარგად. - ბიჭმა თვალები დახუჭა და წარბები აზიდა. შეიფერა. ორივეს გაგვეცინა. - შენიშვნა მივიღე. - რაო დედოფალმა? - ამომხედა გიორგიმ. მისი მოგრძო წაბლისფერი თმა ლამპიონის შუქზე ისე პრიალებდა, მომინდა თითები ამებლანდა და მოვფერებოდი. - წრეზე ერთი ნაბიჯით ჩამორჩიო. არადა, ნემსაძე გარბის და ვერ ვეწევი, ხომ არ ვირბენ. - ჰოდა მაშინ ნემსაძესთან შევათანხმოთ, რომ ნუ დარბის. - თვალი ჩამიკრა მან. მერე ჩემი მარჯვენა ხელი აიღო და ნაიარევს დააკვირდა. - ჰო აღარ გტკივა? - რაღა დროს ამის ტკივილია, გიორგი. - გამეცინა. მან მხრები აიჩეჩა. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. ავტობუსი ნელ-ნელა ივსებოდა. ნანიკო რიგში ვეღარ დავინახე. მერე ტრანსპორტის წინა რიგებს გავხედე და შევამჩნიე, რომ წინ იყო გოგოებთან. უხერხულად შევიშმუშნე. ნანიკოსთან მერიდებოდა, მაგრამ არც გიორგის წასვლა მინდოდა. მერე ჩემი მეგობრის მზერას წავაწყდი, რომელმაც თვალები დამიელმა და ენა გამომიყო. გავუცინე. ამოვიოხრე და ბიჭს დავხედე, რომელსაც თვალები დაეხუჭა, მაგრამ ვიცოდი, რომ არ ეძინა. მთელი გზა ასე ვიმგზავრეთ. მოკეცილი ფეხები დამიბუჟდა, მაგრამ ერთი წამითაც არ მიფიქრია, რომ ავდგებოდი და გიორგის გავაღვიძებდი. სამაგიეროდ, ხელებიც გამითბა და სხეულიც. აღარ მციოდა და თან, ისიც ძალიან ახლოს იყო ჩემთან. თბილისში შესვლისთანავე წამოდგა, დაგვემშვიდობა და დიღომში ჩავიდა, რადგან ნათესავთან აპირებდა დარჩენას. ის იყო ჩემს გვერდით ადგილი გათავისუფლდა, რომ ნანიკო ჩამოჯდა და მომაშტერდა. - ერთმანეთი მოგწონთ? - მკითხა თვალებგაფართოებულმა. სუნთქვა შემეკრა. - ჰო არ გაგიჟდი, საიდან მოიტანე? - გავუცინე, რომ ჩემი დაბნეულობა დამეფარა. - მარი! შენ მე ბრმა ან დებილი ხომ არ გგონივარ? - ნანიკო, არა-მეთქი! - აბა შენ მოგწონს? - არ დაეცა მუხლებზე. - არა! - უფრო მეტად შევიცხადე და იმედი მქონდა, დამაჯერებელი ვიყავი. - ჰო იცი, თუ რამეს მიმალავ რა გემუქრება? - არ გიმალავ ნანი... მეგობრები ვართ უბრალოდ. რა გჭირს? - მე მეკითხებიან, შეყვარებულები არიანო? - ვინ გეკითხება? - გული ისე ამიჩქარდა, მეგონა ცუდად გავხდებოდი. - რა მნიშვნელობა აქვს. შთაბეჭდილებას რომ არ ტოვებდეთ, არც ეს ეჭვი გაჩნდებოდა. - ჰოდა, არ ვართ. ყველას გეჩვენებათ. - ჰო არ დამიმალავ რამე რომ იყოს? - ტუჩი ამოაბრუნა საწყლად. - არა, რა თქმა უნდა. - გამეცინა და მოვეხვიე. მასთან თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ასე მეგონა, ჩემი ცხოვრების ნახევარს ვუმალავდი. ასე მეგონა, ჩემზე თითქმის არაფერი იცოდა. მაგრამ ვერაფრით ვამჟღავნებდი მასთან გიორგის მიმართ გრძნობებს. ძალიან არ მინდოდა, რომ ასე დიდხანს გაგრძელებულიყო. იმედი მქონდა, ერთხელაც გავბედავდი და ყველაფერს ვეტყოდი.“ თავი 2 23 ივნისი, 2019 წელი *** დისკომფორტი მაღვიძებს. თურმე პულტზე მეძინა და გვერდზე მისი კლავიატურა მატყვია. ვიწევი და ფეხებთან მიმოფანტულ ფურცლებს რომ ვხედავ, ახლაღა მახსენდება, რა გავაკეთე. მერე ისიც მახსენდება, რომ ჩემს საძინებელში გიორგის სძინავს. ფურცლებს, რომლებზეც ჩემი წარსულის წერა დავიწყე, თავს ვუყრი და საგულდაგულოდ ვინახავ. რეპეტიცია თერთმეტზე იწყება. ჯერ რვა საათია. წყალს ვივლებ და ყავას ვიკეთებ. ვერაფრით ვხვდები, ამას რატომ ვაკეთებ, მაგრამ ახლა, როცა ვიაზრებ, რომ ჩემი ფიქრები მხოლოდ ჩემს გონებაში აღარაა, რატომღაც შვებას ვგრძნობ. მართალია, ეს საიდუმლო დიდი ხანია უკვე მხოლოდ მე არ მეკუთვნის, მაგრამ მასზე საუბარი აკრძალული თემაა. ვამბობ, რომ დუმილს და ჩემს მდგომარეობას შევეჩვიე, მაგრამ საკუთარ თავს როგორ მოვატყუო? ამაზე საუბარი მიჭირს. იმ ერთადერთთანაც კი, რომელმაც იცის, რას ვუკეთებ ჩემს თავს. მიჭირს გრძნობებზე ხმამაღლა ლაპარაკი. ჰოდა ახლა, ფურცლებს საუკეთესო გამოსავლად ვთვლი. ისინი მხოლოდ მომისმენენ. არც თვალები აქვთ და არც პირი, რომ მათგან საყვედურს ველოდო. ჰოდა, მეც ზუსტად ეს მჭირდება. საძინებელში შევდივარ და ჩემს საწოლზე სასაცილოდ გართხმულს ზემოდან დავყურებ. ლოყაზე ბალიშისგან ნაოჭი გასჩენია და თვალებზე მაჯა აქვს აფარებული. მეცინება, ტანსაცმელს ვიღებ და გამოვდივარ. პირველი შემთხვევა არაა, რომ ჩემთან ასეთს ვტოვებ. თავს მიხედავს. *** სტუდიაში ავდივარ. გზად ჩვენი დამლაგებელი მხვდება და მეკითხება „ზბორები“ კიდევ რამდენი ხნით გაგიგრძელდებათო. შვებულებაში მალე ვერ გადის და ალბათ ამიტომაცაა დარბაზში ფანჯრები დაკეტილი. იმედია, მომავალ წელს მაინც შევძლებ კონდიციონერის გაკეთებას. ფეხზე ვიცვლი და ფანჯრებს ვაღებ. შემდეგ სარკის წინ ვდგები და რამდენიმე მოძრაობას ერთმანეთს ვახდენ. გოგონების ხორუმის გაკეთება არც ისეთი იოლი საქმეა. მალე ბავშვებიც იწყებენ მოსვლას. სანამ მოწესრიგდებოდნენ, ინტერნეტბანკში შევდივარ და სტუდიის ქირის ფულს ვიხდი. შემდეგ ვხედავ, კართან ჩამომჯდარ ბიჭებს, მობილურს ვდებ და მათკენ მივდივარ. ისე არიან ლაპარაკში გართულები, რომ ვერც კი მამჩნევენ. - აბა, რა ხდება აქ? - თავზე ვადგები თუ არა, მაშინვე ფეხზე დგებიან. - ენას ვახურებთ, თუ სხეულს? - ცოტ-ცოტა ორივეს მასწ. - იკრიჭება ხუჭუჭა ბერიანიძე. - და შენი აზრით ცეკვისას სხეული უფრო გჭირდება თუ ენა? - ვეკითხები. ბიჭი ოხრავს და ქვემოდან მიყურებს. - ესე იგი გავერკვიეთ? - თავს მიქნევს. - მაშინ ხვალ პირგაპარსული მოდი, რომ ერთმა დღემ მაინც ჩაიაროს ისე, შენიშვნა არ მიიღო. - მხარზე ხელს ვურტყამ. - ბავშვებო, დაუჩქარეთ! - თვალს ვავლებ დარბაზს და მოლოდინში მობილური მირეკავს. სესილია. რატომღაც გული უცნაურად მიჩქარდება. ალბათ იმიტომ, რომ დიდი ხანია ქალი არ მინახავს. მოკითხვის შემდეგ, მთხოვს, რომ საღამოს მასთან სტუდიაში მივიდე. - მარ, სალამი. - მესმის ზურგიდან ნაცნობი ხმა და ვბრუნდები. სოფია, გიორგის შეყვარებული. მიღიმის, თუმცა მაინც ეტყობა, რომ არც ისე კარგ ხასიათზეა. მერე მიახლოვდება და ლოყაზე მკოცნის. - როგორ ხარ? - კარგად, შენ? - მეც ვუღიმი, მაგრამ მაინც დისკომფორტს ვგრძნობ. უკვე წლებია ასეა. - არა მიშავს, მადლობა. გიორგი აქ არის? მობილური გამორთული ჰქონდა და ვიფიქრე რეპეტიციაზე იქნება-თქო. - არა დღეს არ მოვა. გუშინ დავითთან დალია და მერე ჩემთან დარჩა. შეგიძლია გაიარო, იქ იქნება ისევ. - აჰ, გასაგებია. კარგი, მაშინ გავუვლი. - სოფი თავიდანვე ძალიან მომწონდა თავისი პიროვნებით და სილამაზით. ერთ-ერთი საუკეთესო მექართულე იყო, ვინც კი ოდესმე მენახა. ხშირად ვაკვირდებოდი, რომ მისი მანერები მესწავლა, თუმცა მაინც ვერაფრით დავიმსახურე, რომელიმე კონცერტზე ქართული მეცეკვა. სოფიმ იცოდა, რამდენად ახლო მეგობრები ვიყავით მე და გიორგი და მის მიმართ კეთილგანწყობა გაორმაგდა, როცა ეს ფაქტი საკმაოდ ცივილურად მიიღო. არასდროს შემიმჩნევია ეჭვიანობა. ან ბიჭის გამო კარგად მალავდა ან მართლაც არასდროს ეჭვიანობდა. მე? ჩემზე უკვე არც ღირს არაფრის თქმა. - ჰო მართლა, მარ, ზეგ ჩემთან გელოდები. იმედია არაფერი გაქვს დაგეგმილი. - ზეგ რა... უი, შენი დაბადების დღეა. კი, მოვალ, აბა რას ვიზამ. - ვუღიმი გოგოს. - შენ რა გადაწყვიტე? ქობულეთში წამოხვალ? - არ ვიცი. იქამდე კიდევ დიდი დროა. მოვიფიქრებ. გოგო მემშვიდობება და მიდის. სესილიზე არაფერს მეუბნება. უცნაურია. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ბავშვებს ვაკვირდები. - პირველი ხაზი გაასწორეთ! ნუნუკა, მხრები! ვხურდებით და შემდეგ აფხაზურს გავდივართ! *** სანამ სესილისთან მივიდოდე, დედასთან მივდივარ სახლში. ხუთი წელია მაიკომ შინ გახსნა ატელიე და საწარმოში აღარ მუშაობს. მამა მძღოლი აღარაა, მაგრამ თავისი პატარა ოფისი აქვს, სადაც მთელ დღეს ატარებს. ბინა, რომელშიც ახლა მე ვცხოვრობ, ადრე გაგირავებული გვქონდა მანამ, სანამ გივიმ არ მაჩუქა. დიდი ხანია იქ გადავედი, მაგრამ მაიკოსთან და მამასთანაც ხშირად მოვდივარ ხოლმე. დედას ხორუმის ქუდები დაუმთავრებია და მეუბნება, რომ თუ მივუტან, ოსურის ქამრებსაც დამიქარგავს. ჩემს ყოჩაღს კოცნით ვიკლებ, მშობლებთან ერთად ყავას ვსვამ და სესილისთან მივდივარ. შევდივარ თუ არა დერეფანში, გონებაში მაშინვე ის ყველაზე ტკბილი და მტკივნეული დღის მოგონება ჩნდება. თითქოს საიდანღაც ხმლის დავარდნის ხმა ჩამესმის. ეს სურნელი და დერეფნების სიგრილე ნოსტალგიურ ღიმილს მგვრის. შორიდან ჩამესმის დოლის ხმა. ხუთი წლის წინ, გულზე ოპერაცია გადაიტანა და მას შემდეგ ანსამბლ „დაირას“ მისი შვილი ქეთევანი ხელმძღვანელობს, თუმცა ისიც ვიცი, რომ სესილი ხშირად დადის რეპეტიციებზე და ახალი ცეკვების ძირითად მონახაზებს ის ქმნის. შესაძლოა, უკვე ძალიან მოხუცია, იმისთვის, რომ ასეთ შრომატევად საქმეს ეჭიდებოდეს, მაგრამ მისი ანსამბლი „დაირა“ ისეთი თანამედროვეა, რომ ხშირად მშურს, როცა მის ცეკვებს ვადევნებ თვალს. ძალიან ამაყი ვარ, რომ მის მოსწავლედ ვითვლები. დარბაზის კარს ფრთხილად ვაღებ და ბავშვების ყურადღებას ვიპყრობ. ქეთევანი შორიდან მესალმება და ზურგით მჯდომ სესილის ეუბნება, რომ მივედი. ქალი დგება და ჩემ დანახვაზე თბილად იღიმის. კი, ოპერაციის შემდეგ ასაკი განსაკუთრებით დაეტყო, მაგრამ მისი მზერა, მოწესრიგებულობა და დისციპლინა ვერაფერმა შეცვალა. ახლა ხელ-ჯოხი უკავია, თუმცა მაინც წელში გამართული მიახლოვდება და მეხვევა. - ოხ, როგორ იცით კატებმა ლომების დავიწყება. - თავს აქნევს ის და დარბაზიდან გამოვყავარ. თავისი კაბინეტისკენ მივუყვებით გზას. - კარგით რას, მასწ. ისედაც ძალიან მრცხვენია. ხომ იცით, რომ თქვენი დავიწყება შეუძლებელია? - ვუღიმი ქალს. - რა თქმა უნდა, ისიც იცით, როგორ დაიძვრინოთ თავი მსგავსი შენიშვნებისგან. - თითს მიქნევს. მეცინება. - მომიყევით, როგორ ხართ? ჯანმრთელობა ხომ არ გაწუხებთ? - ახლა მხოლოდ ის მაწუხებს, შევძლებ თუ არა ჩემი ძველი სიამაყეების შეკრებას. რას ფიქრობ, რამდენი გაშლის ხელს? - რამდენსაც თქვენ მოისურვებთ. ყოველ შემთხვევაში, ჩვენებიდან არ მგონია ვინმემ უარი თქვას. - ძალიან კარგი. - ეღიმება ქალს. მერე მიყვება, როგორ გადაწყვიტა უფროსმა დელეგაციამ მისთვის იუბილეს მოწყობა. ვინ იყვნენ, რას გეგმავენ, როდის და ასე შემდეგ. ცოტა არ იყოს, მიკვირს, რომ ახლა მასთან მხოლოდ მე ვარ. ნანიკომ ხომ მითხრა, რომ ქალს ჩვენი შეკრება უნდოდა. მაშინ სად არიან სხვები? - არ ვიცი, ასე გვიან რატომ დავფიქრდი ამაზე, ჩემო გოგო, მაგრამ ძველი შეცდომა მინდა, რომ გამოვასწორო. - მეუბნება სესილი და წყლიანი მწვანე თვალებით დაფიქრებული მიყურებს. - თქვენ? შეცდომა? - გაოგნებული ვარ. - რას ამბობთ, მასწ. თქვენგან იმდენი რამ ვისწავლე, რომელ შეცდომაზეა ლაპარაკი. - შენ ალბათ დაივიწყე, მაგრამ მე ძალიან კარგად მახსოვს. - სათვალეს იხსნის და ისე იღიმის, თითქოს იმ მოგონებას უყურებს, რომელიც ახლა გაახსენდაო. - მე რომ არ ავჩქარებულიყავი და შენთან ცოტა მეტი მემუშავა, მაშინ გულს ასე არ გატკენდი. - ვხვდები, რაზეც ამბობს და გული ისე მიჩქარდება, თითქოს იმ დროსა და იმ მომენტში ვიყო. - მერე გაკვირდებოდი და დავინახე, რომ ზუსტად ისეთ მოცეკვავედ ჩამოყალიბდი, როგორიც მინდოდა, რომ ყოფილიყავი და მაშინდელი ჩემი არჩევანი ძალიან ვინანე. - მასწ, კარგით, რა. ვიცი, რაზეც ამბობთ, მაგრამ რაც იყო - იყო. თქვენზე უკეთ, არავინ იცოდა, რა უნდა ყოფილიყო სწორი. - არა, მაშინ სწორი ნამდვილად არ ვიყავი, მაგრამ შეცდომის გამოსწორება ხომ შემიძლია? - რა თქმა უნდა, ეგ ყველას შეუძლია. - ჰოდა, მაშინ რას იტყვი, იუბილეზე ჩემთვის ქართულს იცეკვებ? პირი მიშრება. ვერ ვიჯერებ, რომ სესილისგან ეს სიტყვები მესმის. ვცდილობ, გაოგნება არ შევიმჩნიო, მაგრამ ხმასაც ვერ ვიღებ. თავში უამრავი კითხვა მიტრიალებს, მაგრამ არ ვიცი რომელი, ან საერთოდ უნდა ვიკითხო თუ არა. - მაგრამ... მასწ, სოფი? მეგონა... - უბრალოდ მითხარი, იცეკვებ თუ არა. - კი. მაგრამ... - ანუ თანახმა ხარ. - არ მინდა, ამას რამე გაუგებრობა მოჰყვეს. - სოფიმ იცის. ნუ ნერვიულობ. - მეუბნება და კიდევ უფრო მაკვირვებს. - და ვისთან ერთად... - რას მეკითხები, მარი. რა თქმა უნდა, გიორგისთან ერთად. - ეღიმება ქალს. *** გაბრუებული გამოვდივარ სტუდიიდან და ცოტა ხნით კიბეზე ვჯდები. როცა გიორგი მექართულეს ამპლუაში პირველად დავინახე, მაშინ გამიჩნდა ოცნება, რომ ოდესმე ამ ცეკვაში, სცენაზე მისი პარტნიორი ვყოფილიყავი. მას შემდეგ რამდენმა წელმა გაიარა, რამდენმა კონცერტმა, რამდენმა წვეულებამ... რამდენი ცეკვა გვიცეკვია ერთად, მაგრამ არასდროს ქართული. არასდროს ის, რაზეც ასე ვოცნებობდი. და ახლა? ახლა, როცა ყველაფერი თითქოს ცხოვრების რუტინას მიჰყვება, ახლა, როცა ჩემში მის მიმართ გრძნობები თითქოს მდორედ მიედინება, ამან ყველაფერი ისევ უნდა აამღვრიოს? მობილურს ვიღებ და ნანიკოს ჩემთან სახლში მოსვლას ვთხოვ. რომ არ დაველაპარაკო, შეიძლება გავგიჟდე. - შოკი! - თვალებს ჭყეტს გოგო, როცა ყველაფრის მოყოლას ვასრულებ. - ანუ, სოფიმ იცის, რომ სესილის იუბილეზე ქართულს შენ იცეკვებ. - არ ვიცი, სოფიმ რა იცის. - მხრებს ვიჩეჩავ და აივნიდან ჩამავალ მზეს ვავლებ თვალს. - სესილიმ ხომ არ იცოდა დავთანხმდებოდი თუ არა. - უარს ვერ ეტყოდი. თანაც, მისი გადასაწყვეტია თავის იუბილეზე ვინ რას იცეკვებს. მარი, მორჩი ამ უაზრობებზე ნერვიულობას, გთხოვ. - უბრალოდ, არ მინდა ამან რამე დაძაბულობა გამოიწვიოს, ჰო ხვდები? - რა დაძაბულობა? პატარა ბავშვები ხომ არ ვართ? რაიმე კონკურსი ხომ არაა? ეს უბრალოდ ცეკვაა ჩვენი მასწავლებლისთვის, რომელიც მან თავად დაგეგმა. მით უმეტეს, სოფისთან უკვე შეთანხმებული აქვს. შენ ანიჭებ ყველაფერს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. - შეიძლება. - ვოხრავ. - გიორგის გუშინ მთვრალს წამოსცდა, სოფის ქართულის ცეკვა არ ენდომებაო. - ჰოდა, მით უმეტეს. - წარბებს ზემოთ სწევს ის და ცოტა ხნით ფიქრობს. - მგონი, მაგათ შორის რაღაც ისე ვერაა. - მეც ასე მომეჩვენა, მაგრამ არ მინდა მაგაზე ლაპარაკი. ნანიკო თვალებს ატრიალებს და ყავის ფინჯანს მაგიდაზე დებს. - მგონი წელს „ზბორები“ არ გვექნება. - ამბობს ის. - და სიმართლე გითხრა, ძალიანაც მიხარია. არსად გამგზავრება არ მინდა. რაჭაში მინდა წასვლა. მე და ნანიკო, მას მერე, რაც კოლეჯი დავამთავრეთ, სახელმწიფო ნაციონალურ ანსამბლში პროფესიონალ მოცეკვავეებად მიგვიღეს. იქ მოხვედრა მანამდეც რამდენჯერმე ვცადეთ კასტინგების მეშვეობით, თუმცა მანამ არაფერი გამოგვივიდა, სანამ ხელში დიპლომები არ დავიკავეთ. უკვე ოთხი წელია იქ ვცეკვავთ. ანაზღაურებით დიდად ვერ ვიტრაბახებთ, თუმცა, ძალიან კარგი გარემოცვა, დიდი გამოცდილება და საკმაოდ ბევრი „პაეზდკა“ სრულიად საკმარისია ჩვენთვის. - ჰო, კარგი იქნება. წელს ძალიან დავიღალე. მოდი, ხელაძეს ვკითხოთ. - ჩვენს ხელმძღვანელზე ვეუბნები ნანიკოს და ისიც თავს მიქნევს. - ჰო, რაღაცნაირად დატვირთული წელი იყო. - ეგ მე მკითხე, გოგონი. - მეცინება და ის ოთხი ოსურის ქამარი მახსენდება, სკამის საზურგეზე გადაკიდებული მოქარგვას რომ ელოდება. კვირაში სამი დღე ჩემი და გიორგის ანსამბლის რეპეტიციები, ორი კი - ჩემი სამსახური. კი, ვცეკვავ, მაგრამ საერთოდ არ ვარ მოცლილი. მეგობარს მალევე ვაცილებ, მუსიკას ვრთავ და ორ ქამარსაც ვამთავრებ. შემდეგ უჯრიდან ფურცლებს ვიღებ და ღიმილით დავყურებ. ჩემი პატარა საიდუმლო რატომღაც მაბედნიერებს. ის-ისაა დასაწერად ისევ აივანზე გავდივარ, რომ მობილური მირეკავს. გიორგია. - რას შვრები? - მეკითხება. - არაფერს, აივანზე ვარ. შენ? - ახლა მივედი სახლში. დღეს სესილისთან ვიყავი და იცი რა მითხრა? - ვიცი. - ვამბობ და პასუხის მოლოდინში გული გამალებით მიწყებს ძგერას. რამდენიმე წამით სიჩუმეა. - დავფიქრდი და... ისე რანაირად მოხდა, რომ მე და შენ ქართული არასდროს გვიცეკვია? - არ ვიცი. - შვებისგან ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და მეცინება. - თუმცა, ის კი ნამდვილად ვიცი, რომ ბევრი მუშაობა მოგიწევს. - ეგრეა. არ დავუშვებ შენ გვერდით ახალბედასავით ვაპარტყუნო ფეხები. - შენი ჩოხა მოგერგება? - ბოდიში? - იცხადებს ბიჭი. ვკისკისებ. მიუხედავად იმისა, რომ დიდი ხანია ცეკვას თავი დაანება, მაინც იდეალურ ფორმაშია. - შენ კი არ გგავარ, თვეში სამჯერ რომ იმატებ და იკლებ. - ბოდიში? - გაოგნებული ვწევ წარბებს. გიორგი ხითხითებს. - რეპეტიციამ როგორ ჩაიარა? - კარგად. ცოტა ხნით ისევ ჩუმადაა. მისი ნაბიჯების ხმა მესმის. - მარიამ. - ჰო. - მგონი ჩვენი ქართული ცოტა უცნაური იქნება, არა? - ვისთვის იქნება უცნაური? - ჩვენთვის. - ამბობს გიორგი. ემოციებისგან ეკალი მაყრის და ღიმილს ვერ ვიკავებ. - შეიძლება, მაგრამ უცნაურობაც კარგია. - ვამბობ დაუფიქრებლად, თუმცა რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს საკუთარი თავისთვის, არ ვნანობ. - შეიძლება. - ამბობს ისიც და ხმაზე ვამჩნევ, რომ ეღიმება. - კარგი, ხვალ და ზეგ თავისუფალი ხარ, ხომ? - ჰო. - კარგი. ახლა წავიდეთ და ძალები აღვიდგინოთ. - შენ განსაკუთრებით. - მეცინება. - მიდი გიო, ძილი ნებისა. - ძილი ნებისა, მარიამ. ფურცლები აპრილი, 2008 წელი *** კლასელები სიყვარულის დღესთან დაკავშირებით სკოლის შემდეგ მაკდონალდსში აპირებდნენ წასვლას. გიორგიმ კი ცეკვიდან რამდენიმე ჯგუფელი თავისთან ფილმის სანახავად დაგვპატიჟა. როგორც თქვა, მამიდა, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა, თანამშრომლებთან ერთად რესტორანში იქნებოდა. ერთი სულით ველოდი, როდის წამოვიდოდი კლასელებისგან. ვიცოდი, რომ ძალიან კარგ საღამოს გავატარებდით. წამოსვლამდე ნანიკო ტუალეტში შევიდა. მე კი გარეთ ვიცდიდი ოთო, ჩემი პარალელური კლასელი ქურთუკში ხელებჩაწყობილი რომ მომიახლოვდა. - უკვე მიდიხარ? - მკითხა ბიჭმა. დაბნეული ჩანდა იმის კვალობაზე, თუ როგორი თავზეხელაღებული იყო სკოლაში და თავისი ენის გამო, მასწავლებლებთან სულ პრობლემები ჰქონდა. თუმცა, ძალიან სასაცილო ბიჭი იყო და მთელ სკოლას ართობდა. - ჰო, სხვა გეგმებიც გვაქვს მე და ნანიკოს. - ჩანთა შევისწორე და შუშის კარს მიღმა ვეცადე გოგოს დანახვას. - აა, ეგეც მოდის? - ჰო. რამე მოხდა? - მის უკმაყოფილო სახეზე გამეცინა. ჩემი მეგობარი თავისი შემტევი ხასიათის და მწარე ენის გამო, გულზე დიდად არავის ეხატებოდა. - არაფერი, ვიფიქრე, სახლამდე გაგაცილებდი. - ორი წამით შემომხედა და მერე თავის ფეხსაცმელს დაუწყო თვალიერება. მისი ნათქვამი ცუდად მენიშნა. ტუჩები ერთმანეთს მაგრად დავაჭირე, რომ რამე არასწორად არ მეთქვა. - მადლობა ჯენტლმენობისთვის, ოთო. - ბიჭს მხარზე ხელი მსუბუქად დავარტყი და გავუცინე. მაგრამ ჩვენ შორის ისე იყო აურა დაძაბული, რომ მაინც ავღელდი. - სახლში არ მივდივართ, მეგობართან ვაპირებთ წასვლას. - ჰოო, გასაგებია. იქნებ სხვა დროს? - შემომხედა. არა, არა, არა! ვყვიროდი გულში. ვხვდებოდი, საითაც მიჰყავდა საუბარი და რას აპირებდა მომავალში. რა უნდა მეთქვა? - ვნახოთ, შეიძლება. - უხერხულად გავუღიმე და ნანიკოც გამოვიდა. - ბარამიძე, შიგნით შეეთრიე, ტვინი მოგეყინება. კიდე ეგ გინდა? - თავში უთავაზა გოგომ და კისკისით ჩამათრია კიბეზე. ოთოს სახეზე შევატყვე, რომ ჩემს მეგობარს მალე ალბათ ჩამოახრჩობდა. გამეცინა და შვებისგან ამოვიოხრე. - რა ჯანდაბა უნდოდა, სიყვარულს ხო არ გიხსნიდა? - მკითხა მეტროსკენ წასულმა. - სახლამდე გაგაცილებდიო. ნანიკომ თვალები ჭყიტა და ერთი წამით ადგილზე გაიყინა. - რაო? ოთიკოს შეხედეთ? ეგ თავისით ვერ მიხვდება, რომ შენთან შანსები არ აქვს და რამენაირად უნდა შევაპაროთ. - ენა დაიმოკლე, თვითონ მივხედავ. - გამეცინა. - შემთხვევით, ხომ არ გესიამოვნა... - ნანიკო! - თვალები დავუბრიალე და ესკალატორზე დავეშვით. *** გიორგის მამიდას ლამაზი სახლი ჰქონდა კედლებზე ნახატებითა და სარკეებით. ტყავის სავარძლებით, მარმარილოს მაგიდით, ძვირფასი ხალიჩებით და ბიბლიოთეკით. გრძელი ორმაგი ფარდებითა და ბდღვრიალა ჭაღებით. როგორც აღმოჩნდა, გიორგიმ მოგვატყუა. ჩემსა და ნანიკოს შემდეგ ლაშა მოვიდა და ყველა აქ ვყოფილვართო დაიძახა. გიორგიმ ეშმაკურად გაიღიმა. - აკი რამდენიმე ჯგუფელს ვეტყვიო? - ჰკითხა ნანიკომ. - წამოდი შენ სამზარეულოდან რაღაცები გამომატანინე. - უპასუხა ბიჭმა და ოთახიდან გაქრა. ჩემი მეგობარი თვალებდაწვრილებული გაჰყვა. გამიხარდა. ასე თავს უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. რაც უფრო ცოტანი ვიქნებოდით, გარემო უფრო საჩემო იქნებოდა. როგორც ჩანდა, გიორგისაც ასე ერჩივნა. სახლის კიდევ ერთი ძვირფასი ნივთი, უზარმაზარეკრანიანი ტელევიზორი იყო, რომელშიც ფილმი „ნაბიჯით წინ“ უნდა გვენახა. - დღეს ვის რა აჩუქეთ? - ბიჭებს ჰკითხა ჩემმა მეგობარმა და თასიდან მუჭით მზესუმზირა ამოიღო. - ეგ კი არა, - გამოგვხედა ლაშამ. - გახსოვს, გორში გოგომ ქუდი რო გათხოვა? - მერე? - წარბები აზიდა ნანიკომ. - რომელი ანსამბლიდან იყო ან რა ერქვა, იცი? - ეეე, ლაშაა! - თვალები ვჭყიტე ბიჭის გაბრწყინებული სახე რომ შევამჩნიე, რომელიც სიცილის შეკავებას ცდილობდა და თან DVD-ს ტელევიზორზე აერთებდა. - მოგეწონა? - აუ, ჰო. - გაეცინა ბოლოს და გიორგის ნასროლი პატარა ბალიში დაიჭირა. - ვეღარსად დავინახე, თორე... - ხატია ერქვა და გორიდან იყო. მოიცა, ანსამბლს რა ერქვა?.. - ჩაფიქრდა ნანიკო. - მგონი „მერანი.“ - გამახსენდა მე. - ბიჭო, იქვე ვერ თქვი? მოვივლიდით კომბინატს, ვიპოვიდით, გაიცნობდი და რავი... - უთხრა გიორგიმ და დისკი DVD-ში ჩადო. მერე კი ერთი სავარძელი მეორესთან მიაცურა და ჩაჯდა. მუხლზე ისე მოისვა ხელი, მომეჩვენა, რომ სტკიოდა. - რავი, გადარბენაზე ვიყავით. აი, ივნისში თუ წავედით ისევ, მერე ვნახოთ. - გვერდით მიუჯდა ლაშა გიორგის. - ეგ კი არა, დღეს ქალბატონს ლამის სიყვარული აუხსნეს. - თქვა ნანიკომ ფხუკუნით და გავიგე, როგორ შემოჰკრეს სადღაც ბარაბანს. ვეცადე არ შემემჩნია, რომ საშინლად არ მინდოდა, ეს თემა აქ წამოჭრილიყო და მეც ვცადე ხუმრობის ტონს აყოლა. - ვის, შენ? - შემომხედა ჩემ გვერდით მჯდომმა გიორგიმ და ფილმის ჩასართველად აწეული პულტი ისევ ქვემოთ ჩამოწია. - ხუმრობს, არ უსმინო. - გავუცინე და თავი გავიქნიე. ბიჭმა ჯერ ნანიკოს გახედა, მერე ისევ მე შემომხედა. - ჰოო, ვხუმრობ აბა! კიდევ კარგი გამოვედი, თორემ დნებოდა ოთიკო შენს მუხლებთან. - ო-ოჰ, გეყოფა, ნანი, რა სისულელეებს ამბობ! - იდაყვი გვერდში ვუთავაზე. - მკითხა ასე მალე რატო მივდიოდი სახლში. - და, რომ სახლამდე სიამოვნებით მიგაცილებდა. - მაინც მომიღო ბოლო ჩემმა მეგობარმა. - ნებიერიძე, რა იყო, რატო გაწითლდი? - ლაშამ სიცილით გამომხედა. - ახლა ორივეს ტვინს გაგასხმევინებთ! - გაბრაზებულს მაინც გამეცინა. - მე კიდევ ვფიქრობ, რომ ვალენტინობას და დღევანდელ დღეს ყველა ღრუბლებში დაფრინავს. - თქვა გიორგიმ და ცალყბად გამიღიმა. - მეც ეგრე მგონია. - დავეთანხმე. გაეცინა, ფილმი ჩართო და შეკრული მუშტი გამომიწოდა. მეც მუშტი დავახვედრე და ყურადღება ტელევიზორზე გადავიტანეთ. მაგრამ გონება ხშირად მეფანტებოდა. ოთოზე ვფიქრობდი. ალბათ მოვწონდი. ნეტავ შემდეგში რას იზამდა? გიორგისკენაც გამირბოდა თვალი. არ მინდოდა, რომ ეს გაეგო. მაშინებდა ეს ამბავი ალბათ იმიტომ, რომ გულის სიღრმეში იმედი მქონდა, ისიც გრძნობდა ჩემს მიმართ რამეს. ყოველ შემთხვევაში, არ მინდოდა ეფიქრა, რომ ოთოს აქტიურობის გამო, შეიძლებოდა მისით დავინტერესებულიყავი. და, მიუხედავად იმისა, რომ ბოლოს მხარი ამიბა, მისი პირველი რეაქცია მაინც მაფიქრებდა. - მარ. - მომესმა მისი ჩურჩული გვერდიდან და დავინახე ხელს რომ იწვდიდა ჩემკენ. გამიკვირდა, მაგრამ მუჭი გავშალე. გიორგიმ ხელისგულზე გარჩეული მზესუმზირა დამიყარა და, როცა გახარებულმა და გაოცებულმა შევხედე, თვალი ჩამიკრა და ფილმის ყურება გააგრძელა. იმ დღიდან ვცდილობდი, ოთოს თვალში არ მოვხვედროდი. ვფიქრობდი, რაც უფრო იშვიათად დამინახავდა, უფრო მალე დავავიწყდებოდი. ანდაც, იგრძნობდა, რომ მისგან თავს შორს ვიჭერდი. მაგრამ ვცდებოდი. არ მაწუხებდა, თუმცა ღიმილზე ვატყობდი, რომ რუსთაველზე ჩვენი დაწყებული საუბრის გაგრძელება უნდოდა. ერთხელაც, უკვე სკოლიდან გამოსულს დამეწია. მითხრა, მაინც შენკენ მოვდივარ და ერთად გავუყვეთ გზასო. ისე გამოვიდა, რომ მაინც სახლამდე მიმაცილა. ცოტა დაძაბული ვიყავი, თუმცა ისეთზე არაფერზე გვისაუბრია, რაც უხერხულობას შექმნიდა. ძირითადად სკოლის ამბებზე ვლაპარაკობდით. მაშინ კი დამშვიდებული შევედი სახლში, მაგრამ ვიცოდი, ეს ოთოს უკანასკნელი ცდა არ იქნებოდა. მართალიც აღმოვჩნდი. რამდენიმე დღის შემდეგ, ცეკვის რეპეტიციიდან გამოსულს კიბეზე შემეჩეხა. მითხრა, შენი ჯგუფელის სანახავად ვიყავი მოსული და ერთად წავიდეთო. უარი არ მითქვამს. ვერ ვეტყოდი. მხოლოდ იმაზე ვღელავდი, რომ მალე გიორგი მომძებნიდა. ჩვენ ხომ რეპეტიციიდან სახლში ყოველთვის ერთად მოვდიოდით. ოთოსაც ვუთხარი, რომ მეგობარს ველოდებოდი. შევატყვე, რომ ეგ ამბავი დიდად არ გახარებია, მაგრამ ჩემთან ერთად იცდიდა. ბიჭი რომ არ გამოჩნდა, მივწერე. მითხრა, ლაშასთან წავედი და გაფრთხილება დამავიწყდაო. ის იყო, მე და ოთო გზას დავადექით, რომ ნანიკომ სტუდიიდან გამომძახა, გიორგი გეძებდა, წიგნის მოცემა უნდოდაო. რაღაც არ ემთხვეოდა და თავი საშინლად ვიგრძენი. ასე მოხდა კიდევ ორჯერ. მინდოდა ოთოს ეს შემთხვევით შეხვედრები შეეწყვიტა, მაგრამ თვითონ მიზეზს არ მაძლევდა, დავლაპარაკებოდი და მეთქვა, რომ არ გამოვიდოდა ის, რაც მას უნდოდა. არც კი ცდილობდა, ჩემთვის რამე ეგრძნობინებინა. პირიქით, გზად ძალიან ჩვეულებრივ ამბებზე მესაუბრებოდა და მაცინებდა კიდეც, ისეთ ამბებს მიყვებოდა. ნანიკო ამ ინფორმაციებს ჩვენს მეგობრებს პროფესიონალურად აწვდიდა, მიუხედავად იმისა, რომ ვთხოვდი, ხმა არ ამოეღო. ხანდახან, მაგრამ ლაშასთან და ნანიკოსთან ერთად, ამაზე გიორგიც ხუმრობდა. არ ვიცოდი, ეს კარგი იყო თუ ცუდი, მაგრამ დინებას მივყვებოდი. დღეები კი ჩვეულებრივად გადიოდა. სკოლა, ცეკვა. დროდადრო შეკრებები ხან სკვერში, ხან ჩემთან ჯოკრის, ხან გიორგისთან „ფლეისთეიშენის“ სათამაშოდ. ვსაუბრობდით მომავალზეც. ლაშას და ნანიკოს პროფესიული სასწავლებლები ჰქონდათ არჩეული. ჩემს მეგობარს ძალიან უნდოდა თიხაზე მუშაობა ესწავლა, მაგრამ არც ცეკვისთვის თავის დანებებას აპირებდა. ლაშაც. ამბობდა ცეკვას გავყვები, მაგრამ კომპიუტერებზე მუშაობა უნდა ვისწავლოო. მე და გიორგის კი უნივერსიტეტში სწავლა გვინდოდა. მაგრამ იმ უნივერსიტეტში, რომლის ანსამბლიც ორივეს ძალიან მოგვწონდა. ხშირად ვსაუბრობდით იმაზე, თუ როგორი იქნებოდა ჩვენი სტუდენტობა, რამდენად კარგად ვისწავლიდით ცეკვის და გართობის გამო. რამდენად დაგვაინტერესებდა ჩვენივე არჩეული პროფესიები, ასევე ცეკვის სიყვარულის გამო. იმასაც ვფიქრობდით, ჩვენი ამ ძვირფასი ჰობისთვის უფრო სერიოზული სახე ხომ არ მიგვეცა და დაგვევიწყებინა ყველა დანარჩენი პროფესია, მაგრამ უარს ბევრი რამის, პირველ რიგში კი მშობლების გამო ვამბობდით. ძალიან უნდოდათ, რომ უმაღლესში გვესწავლა. მეც ვფიქრობდი, რომ საჭირო იყო. ამიტომ, იმ ზაფხულს საბუთებს ღამის სკოლაში გადავიტანდი, რომ მეთორმეტე კლასი ეროვნული გამოცდების სამზადისისთვის დამეთმო. მაისი *** გიორგიმ მეჩვიდმეტე დაბადების დღე თავის ეზოში გადაიხადა. დიდხანს ვიფიქრე, რა უნდა მეჩუქებინა. მერე ჩემს ზარდახშაში ნათესავის ნაჩუქარი ვერცხლის უსაშინლესი ბეჭედი ვნახე და რადგან არც დედა იყო წინააღმდეგი, მის ნაცნობ ოქრომჭედელს ბეჭდისგან პატარა სალამური გამოვაძერწვინე. გიორგი უკრავდა სალამურზე და ძალიან კარგადაც გამოსდიოდა. მოეწონა, თან ისე, რომ დღემდე ყელზე აქვს შებმული. თბილი და მშვიდი ამინდი დაემთხვა. მამიდამისი ღელავდა, საღამოს შეგცივდებათო, მაგრამ დავრჩით თუ არა ჩვენი შესანიშნავი ოთხეული, ბიჭებმა კოცონი დაანთეს. მე და ნანიკო საქანელა სავარძელზე ფეხებმოკეცილები, პლედში გახვეულები ვისხედით. ბიჭები კი კოცონის მეორე მხარეს. ცოტა ლიქიორი გვქონდა დალეული. მე და ჩემს მეგობარს სასმელი საკმაოდ მალე გვეკიდებოდა, ამიტომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფებმა დიდხანს ვიკისკისეთ. ბევრი ვიმღერეთ და ვიხმაურეთ. რამდენჯერმე მეზობლებმაც კი გადმოგვხედეს ცერად. მერე ნანიკომ აიჩემა მარილიანი ჩხირები მინდაო და ლაშასთან ერთად მაღაზიაში წავიდა. მეღიმება, მაშინდელი შეგრძნებები რომ მახსენდება. კოცონი, პლედი, კრიალა, სავსე მთვარე და ბიჭი, რომელიც მიყვარდა. როგორ არ უნდა ვყოფილიყავი იმ მომენტში მოჯადოებული და ყურებამდე შეყვარებული? - კარგი საღამო გამოვიდა, ჰო? - მკითხა გიორგიმ. ცეცხლის შუქზე საოცრად მიმზიდველი იყო. - ძალიან. მაგრამ მთავარია, იუბილარი იყოს კმაყოფილი. - გავუღიმე. - იუბილარი აღარ ვარ. უკვე პირველი დაიწყო. - მობილურზე საათს დახედა მან. - მაგრამ კმაყოფილი ვარ, თანაც ძალიან. - მერე ადგა, მომიახლოვდა და ჩემ გვერდით დაჯდა. სიამოვნებისგან გავიბადრე, როცა ხელი გადამხვია და გულზე მიმიკრა. საშინლად ვღელავდი, მაგრამ ბუნებრივად მოქცევაც არაჩვეულებრივად გამომდიოდა. თავი მხარზე ჩამოვადე და პლედის ქვეშ ფეხები კომფორტულად მოვკეცე. წინასწარ წარმოვიდგინე ნანიკოს დაწვრილებული თვალები, ჩვენ რომ დაგვინახავდა და გამეღიმა. - იცი, ჩემებს არ უნდოდათ საქართველოში რომ ჩამოვსულიყავი. - თქვა გიორგიმ. არ ველოდი ამ თემაზე თუ დაიწყებდა საუბარს. - რატო? - ვკითხე დაფიქრებულმა. - რა ვიცი, ამბობდნენ იქ მომავალი არ გაქვსო. ფიქრობენ, ცხოვრება იქ უკეთესია, ვიდრე აქ. - როგორც ჩანს, შენ ასე არ ფიქრობ. - არა. მეც ასე ვფიქრობ. - მართლა? - გული მომეწურა, ისე ცუდად ჟღერდა მისგან ეს სიტყვები. - ჰო, იქ მეტი თავისუფლებაა, მეტი შესაძლებლობებია, კარგი სწავლება და დაფასებული სამსახურებია. მაგრამ მე მაინც აქ ყოფნა მირჩევნია. - კიდევ კარგი, თორემ ტექსტს ვალაგებდი შენს გასალანძღად. - გადავრჩი. - გაეცინა ბიჭს. ჩემი თმის ნაწილი ეკავა და ხუთივე თითზე თითო წრედ იხვევდა. - კი დამთანხმდნენ, აქეთ წამოსვლა რომ გადავწყვიტე, მაგრამ, ვიცი, რომ ნაწყენები არიან. - რახან მაინც გამოგიშვეს, ვფიქრობ, შენი ესმოდათ და სანერვიულოდ არ ღირს. - დედა ხშირად მეკონტაქტება ხოლმე და ვდარდობ მის გამო. მგონი ჯერ კიდევ ვერ ეგუება, რომ იქ არ ვარ. - დედაა, გიო. ვერასდროს შეეგუება, რომ ასე შორს იქნები. შეიძლება იმაზე მეტი დრო სჭირდება, ვიდრე ეს რამდენიმე თვეა. - შეიძლება. - ყურადღების გამო, არ უსაყვედურო ხოლმე. მშობლებს ყველაზე მეტად ეგ სწყინთ. - მართალი ხარ. - მითხრა და ჩემი თმის ბოლო სახეზე მომიღუტუნა. გამეცინა და მოვიშორე. - იცოდე, ეს თმა რომ ოდესმე შეიჭრა, არქიტექტურას ვისწავლი, რომ საუკეთესო სახრჩობელა ავაშენო და იდეალური ჩამოხრჩობა მოვაწყო. - აბა?! თმა ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზამ. - შევიცხადე, მაგრამ თმის მიმართ მისმა ასეთმა დამოკიდებულებამ მეცხრე ცაზე შემომსვა. - ჩემს ნათქვამს წაუყრუე თუ რა ქენი? - სახრჩობელა ცუდი არაა. სულ მინდოდა საქანელა მქონოდა. - მთავარია იქანაო და კისრით რომ იქნები ჩამოკიდებული, არა უშავს, ჰო? ორივეს სიცილი აგვიტყდა, მაგრამ მალევე ჩავჩუმდით. რამდენიმე წამით მხოლოდ კოცონზე დამწვარი ფიჩხების ტკაცუნი ისმოდა. - მარ... - თქვა გიორგიმ და სავარძელი ოდნავ გააქანავა. - ჰო. - იმ ბიჭს შენგან რა უნდა? დავიბენი. ისე დავიბენი, რომ ხმას ვერ ვიღებდი. ჩემი აჩქარებული გული თითქოს ყელამდე იყო ამოსული და რამის თქმის საშუალებას არ მაძლევდა. განა იმას ვერ ვამბობდი, რომ ოთო ჩემთვის არავინ იყო, უბრალოდ მისი დასმული შეკითხვა თავგზას მიბნევდა. მერე მისი მხრიდან თავი ავიღე. გიორგის ოდნავ შეეკრა წარბები და მუქი მომნუსხველი თვალებით ცქერით, ჩემს პასუხს ელოდებოდა. მაგრამ, სანამ მე სიტყვებს თავი მოვაბი ნანიკო და ლაშა დაბრუნდნენ. თან ისეთი ხმაურით, რომ საუბრის გაგრძელება შეუძლებელი იყო. მერე ჩვენც მათ განწყობას ავყევით და ამ საკითხს აღარც მივბრუნებივართ. *** - მარი, მუსიკას უსმინე, შენთვის ნუ ცეკვავ! - დამიყვირა სესილიმ ოსურის რეპეტიციისას და გამოვფხიზლდი. იმ საღამოდან რამდენიმე დღე იყო გასული, მაგრამ გიორგის შეკითხვაზე მაინც მეფიქრებოდა. ისედაც ყველანაირად ვცდილობდი, რომ მის გამო ცეკვაზე ყურადღება არ გამფანტოდა და მაშინ კიდევ უფრო დაბნეული ვიყავი. უკვე მეშინოდა, რომ სესილი დამიძახებდა და პირადად ერთ გრძელ შენიშვნას მომცემდა. ცეკვა მშვიდობით დავასრულეთ. ქალმა ხუთი წუთი შესვენება გამოაცხადა. გოგოებთან იატაკზე დავჯექი და გიორგის შევავლე თვალი, რომელიც ფანჯრის რაფაზე შემომჯდარიყო, ბიჭებს ელაპარაკებოდა და მუხლზე გაუცნობიერებლად ისვამდა ხელს. უკვე მეორედ დავინახე მსგავსი შემთხვევა და ეჭვი გამიჩნდა, რომ ფეხი სტკიოდა. იმ წამს შემამჩნია, რომ ვუყურებდი. გამიცინა, თვალი ჩამიკრა და ფეხი რაფაზე მოკეცა. - ბიჭებო, ტრიუკებზე ვივარჯიშებთ და გახურდით! - დაიძახა სესილიმ. შეკრებილები სამუხლეების გამოსატანად გასახდელში გავიდნენ. მეც მათ გავყევი და გიორგის დავუძახე. - ფეხი გტკივა? - ვკითხე პირდაპირ გულზე ხელებდაკრებილმა. - რა? რა ფეხი... - გაეცინა. - უკვე მეორედ დაგინახე, მუხლზე ისვამდი ხელს. - ნუ იგონებ რაღაცებს. - გიორგი! - დავუბღვირე. ბიჭმა შემაბრუნა, მხრებზე ხელები ჩამკიდა და დარბაზთან ძალით მიმიყვანა. - შედი, სანამ შენი თმები ფაფახს დავამსგავსე. - კარი გააღო, ხელი მკრა და შიგნით შემაგდო. თითქოს საეჭვო მართლაც არაფერი იყო, მაგრამ მე მაინც ვერ მოვისვენე. ამას ისიც დაემატა, რომ სესილიმ ბიჭს სამუხლეების არქონის გამო უსაყვედურა და ტრიუკებზე ვარჯიშის უფლება არ მისცა. სახლში წამოსვლისას კიდევ ერთხელ ვცადე, ამაზე დალაპარაკება, მაგრამ თემა ოსტატურად შემიცვალა. იმ საღამოს ერთმანეთს აღარ შევხმიანებივართ. მეორე დღეს კი ცეკვაზე არ მოსულა. შეტყობინება მივწერე, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია. არც ლაშამ იცოდა, სად იყო და არც მის ზარზე უპასუხია. სანამ რეპეტიცია დაიწყებოდა, ფანჯარასთან ვიდექი და გზას ვუყურებდი, რომ დამენახა, თუ გამოჩნდებოდა, მაგრამ სესილიმ მალევე შეგვკრიბა. - ბავშვებო, პირველ ივნისს არტ-ჰოლში კონცერტია დაგეგმილი. ვფიქრობ, ქართული და ოსური გავიტანოთ. მექართულე გოგოს შევარჩევ, მეწყვილე კი ლაშა იქნება. - ყველას გაუკვირდა, რადგან ანსამბლის მექართულე მოსვლის დღიდან გიორგი იყო. - ეს იმიტომ, რომ ვინც არ იცის, დღეს გიორგის მოულოდნელად მოსკოვში გამგზავრება მოუწია. *** ვერ ვიჯერებდი. ჯერ ნანიკოს გადავხედე, მერე ლაშას. ორივეს გაკვირვებული სახე ჰქონდა. სესილის მიზეზი არ უთქვამს. ალბათ საჭიროდ არ თვლიდა, თორემ აუცილებლად ეცოდინებოდა, რატომ მოუწია გიორგის წასვლა. რეპეტიცია დაიწყო, მაგრამ დარბაზში არ ვიყავი. დროდადრო ყურებში მიგუბდებოდა. ვერაფრით ვიაზრებდი, რომ ბიჭი, რომელიც მთელი გულით მიყვარდა, განა რეპეტიციაზე ან თბილისში არ იყო, არამედ საქართველოში. რატომ წავიდა? რატომ ასე უთქმელად? რატომ ასე სასწრაფოდ? რა მოხდა? ხომ კარგად იყო? შეკითხვებისგან თავი მისკდებოდა. ვერ ვცეკვავდი. თითქოს ძალა გამომეცალა. ცერზე ვერ ვიწეოდი, რომ ოსური გამევლო. ხაზს ვერ ვიჭერდი, სინქრონს ვარღვევდი. სესილიმ ბევრი შენიშვნა მომცა, ბოლოს კი ალბათ ყელში ამოუვიდა და დარბაზიდან გამიშვა. ნანიკომ თვალი გამომაყოლა. უნდოდა, რომ დამდევნებოდა, მაგრამ ქალმა შეამჩნია და არ გამოუშვა. ტანსაცმელი გამოვიცვალე და სტუდიიდან გამოვედი. გზაჯვარედინამდე გიორგისთან ერთად სიარულს ისე ვიყავი მიჩვეული, რომ მაშინ მთელ თბილისში თავი მარტო დარჩენილი მეგონა. სანამ სახლისკენ ჩავუხვევდი, ჯიბიდან მობილური ამოვიღე და მიუხედავად იმისა, რომ პასუხის იმედი არ მქონდა, მივწერე: „ - ხომ კარგად ხარ?“ მთელი საღამო ცრემლებს ვიკავებდი და ყელში მოწოლილმა ტირილის შეგრძნებამ ლამის დამახრჩო. არ მინდოდა, დედას რამე შეემჩნია, ამიტომ მასთან ერთად ვივახშმე, მერე ვუთხარი ძალიან მეძინება მეთქი და საძინებელში ჩვეულებრივზე ადრე შევიკეტე. ასე მეგონა მხოლოდ გული კი არა, ყველაფერი მტკიოდა. მახსენდებოდა მისი საუბარი თავის დაბადების დღეზე და ვერ ვიჯერებდი, რომ იმ ყველაფრის შემდეგ, ასე წასვლა შეეძლო. მხოლოდ ნაწყენი და გულნატკენი კი არა, გაბრაზებულიც ვიყავი. ჩვენ ხომ ვმეგობრობდით. ხომ ამბობდა, რომ მისი მეგობარი ვიყავი. მაშინ როგორ მოახერხა ისე, რომ არც მე და არც ლაშას არაფერი გვითხრა? რა თქმა უნდა, იმასაც ვიაზრებდი, რომ შეიძლებოდა, რაღაც მოულოდნელი და სასწრაფო ყოფილიყო, სხვანაირად ერთ დღეში წასვლას არ გადაწყვეტდა. მაგრამ ერთი შეტყობინება. ერთი ზარი, ერთი სიტყვა. ერთი „მივდივარ“ როგორ ვერ თქვა? იმ ღამით ტირილით დაღლილს დამეძინა. შაბათს კი გაღვიძებულს გიორგისგან მესიჯი დამხვდა. „ - მაპატიე, მარი. არ იღელვო, მე კარგად ვარ. დედაა ავად. სიმსივნე აქვს. მამამ დამირეკა და მითხრა, რომ დედა ძალიან ცუდად იყო. არ ვიცი, რამდენ ხანს იცოცხლებს, ამიტომ მასთან უნდა ვიყო. მაპატიე, რომ ვერაფერი გითხარი. მომენატრები.“ შეტყობინება რომ გადავხარშე, უარესად გავხდი. უარესად, რადგან გიორგი ახლა ძალიან ცუდად იყო, მე კი მის გვერდით არ ვიყავი. არ ვიქნებოდი დიდხანს. ტირილით რომ გული ვიჯერე, მხოლოდ შემდეგ მოვახერხე პასუხის დაბრუნება. „ - ძალიან ვწუხვარ გიორგი. გთხოვ, როცა ლაპარაკი მოგინდება მომწერე. თუ არადა, იმედია, მანდაც გყავს ჩვენნაირი მეგობრები, რომლებიც მოგისმენენ. მეც მომენატრები.“ შეიძლებოდა, იქ ჩვენზე უკეთესი მეგობრები ჰყოლოდა, მაგრამ რატომღაც მჯეროდა, რომ მე, ლაშა და ნანიკო ვიყავით, ისინი, ვინც ამ საშინელ ამბავს გადაატანინებდა. გული მიკვდებოდა, როცა ბიჭს სრულიად მარტო მყოფს წარმოვიდგენდი მაშინ, როცა ვინმესთან საუბარი და გულის გადაშლა დასჭირდებოდა. ცხოვრებამ ისე მოაწყო, რომ იქ დააბრუნა, სადაც გული არ უწევდა და თან ყველაზე მტკივნეული მიზეზით. მე კი მისი ტკივილი მტკიოდა. თერთმეტის ნახევარი იყო, გარეთ ნაბიჯების ხმა რომ გავიგე და მალევე ჩემს ოთახში ნანიკო შემოვიდა. - არ ამდგარხარ? დღეს ადრე გამოვედი და გამოგიარე. გაიგე გიორგის... მარი... - მისგან ზურგით ვიყავი და გადმობრუნებულზე ჩემი ტირილისგან აწითლებული სახე რომ დაინახა, გაშრა. - მარი, რა გჭირს? - საწოლზე ჩამომიჯდა და თვალებში მომაცქერდა. მე კიდევ ისევ ავტირდი, მისკენ გავიწიე და ჩავეხუტე. - კარგი, ნუ ტირი რა, დამშვიდდი. - შეშინებული ხმა ჰქონდა და ზურგზე ძლიერად მიჭერდა ხელებს. - გიოს დედის გამო? მესმის ხო, მაგრამ... მარი, ასე ნუ განიცდი. რა დაგემართა, ღმერთო... - ვერ ვმშვიდდებოდი და ჩემს მეგობარს ვაშინებდი, ამიტომ ვცადე, ცოტა თავი ხელში ამეყვანა. გოგომ თმა უკან გადამიწია და თვითონაც აწყლიანებული თვალებით შემომხედა. - ეს... გიოს გამო, ჰო? - მკითხა, მაგრამ სახეზე ეტყობოდა, რომ დარწმუნებული იყო და არც პასუხი სჭირდებოდა. აღარც მე მინდოდა დამალვა. ვგრძნობდი, რომ მარტო ვეღარ გავუმკლავდებოდი. ისევ ტუჩები დამებრიცა, სახე მაისურში ჩავმალე და თავი მის კალთაში ჩავდე. - ჩემო გოგო. - საწოლზე მოკალათდა და თავზე მომეფერა. ცუდად ვიყავი, მაგრამ იმდენად აღარ, რადგან ახლა ჩემს დარდს ნანიკოც იზიარებდა. თავიდან ვერ ვიგდებდი გონებაში ერთდროულად დატრიალებულ მოგონებებსა და წარმოსახვისგან შექმნილ გულნატკენი გიორგის სურათებს. თითქოს ცრემლებს მანამ უნდა ერბინათ ჩემს ლოყებზე, სანამ თავად არ გადაწყვეტდნენ დაღლას და შეჩერებას. არ ვიცი, რამდენ ხანს უსმინა ჩემს ტირილს. ცუდად გახდებიო, მერე მითხრა. ადგომა და პირის დაბანა მაიძულა. თვითონ სამზარეულოში ჩავიდა ჩაის გასაკეთებლად. კიდევ კარგი, რომ დედა დილიდან კერძო გამოძახებაზე იყო. ვიღაცას საქორწილო კაბას უკერავდა. ნამდვილად არ მინდოდა, ასეთი ვენახე და მერე ყველაფერი ამეხსნა. გიორგის დედის ამბავი ნინიკოსთვის ლაშას დილით ადრე მიუწერია. ლაშას კი ბიჭის მამიდისგან გაეგო. ბოლოს და ბოლოს ვუთხარი, რომ გიორგი დანახვის წამიდან მიყვარდა და თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, რომ აქამდე ვუმალავდი. რომ არ წასულიყო, ალბათ კიდევ დიდხანს არ მეცოდინებოდა არაფერიო, მისაყვედურა. მაგრამ მერე ბევრი ვილაპარაკეთ. რეალობის შეგრძნება დავიბრუნე. ნანიკომ ძალიან ბევრი მალაპარაკა იმ გრძნობაზე, მარტოს რომ დამქონდა გულით. თვითონ ღიმილით მისმენდა და ხანდახან სასაცილო კომენტარებს მიკეთებდა. გოგოსთან გატარებული ის დილა ერთგვარ თერაპიად მექცა. *** მეორე დღეს, როგორც რეპეტიციაზე გავიგე, სესილის მექართულე გოგო ჯერ ისევ არ ჰყავდა შერჩეული, ამიტომ რამდენიმეს სამდათვლითი (წრეების დარტყმა ქართულში) გაატარა. ცეკვა ქართულისთვის არასდროს ვარიანტიც კი არ ვყოფილვარ, ამიტომ ქალმა გამაოცა, როცა მითხრა მოემზადე და წრე გამიკეთეო. საშინლად ვიყავი გაორებული. პროტესტის შეგრძნება მქონდა, რადგან, სწორედ მაშინ მეძლეოდა ჩემი საოცნებო ცეკვის შესრულების შანსი, როცა გიორგი არ იყო. და თან ძალიან მინდოდა, რომ მეცადა და იმ რამდენიმე, ჩემზე გაცილებით კარგ მექართულე გოგონებს შორის სწორედ მე გამმართლებოდა. ეს გაორება კი ცეკვასაც დაეტყო. სესილის გამომეტყველებაზეც რომ არ დასწეროდა ყველაფერი, ისედაც მშვენივრად ვხვდებოდი, რომ საშინლად გამომდიოდა. როცა გამაჩერა, თავი დამნაშავედ ვიგრძენი. მეორე შანსიც მომცა. არა, ჩემი ოცნება არ იმსახურებდა ასეთი დაბნეული ნაბიჯებით ასრულებას. ვეცადე თავი ხელში ამეყვანა. ღრმად ჩავისუნთქე და სამდათვლითი წრე კიდევ ერთხელ გავაკეთე. სესილიმ ისევ გამაჩერა. იმ დღისით ქალს არჩევანი არ გაუკეთებია და რეპეტიციის დასასრულს მეორედ გამაოცა. - მინდა, რომ შანსი მოგცე და შენ გაცეკვო. - ცალკე მითხრა, როცა ბავშვები დარბაზიდან გადიოდნენ. - ჰოდა, შენც თუ გინდა, დანარჩენებზე მეტად უნდა ეცადო, თორემ სამეცადინოდ ძალიან ცოტა დრო გვაქვს. იმაზე მეტად ვეცადე, ვიდრე შემეძლო. ხელზე, ფეხზე, წელზე, მანერაზე ვმუშაობდი და რაღაც იმედიც კი გამიჩნდა, მაგრამ სესილის თავი ვერ მოვაწონე. პირველი ივნისის კონცერტზე ქართული სხვამ იცეკვა. 25 ივლისი, 2019 წელი *** - შენი ბედი, რომ გოგოები არ მაინტერესებს, თორემ დიდი ხნის წინ შეგაბამდი. - ხითხითებს ნანიკო და აივნის კარში მდგომი სიგარეტს უკიდებს. ულამაზესია თავის შავ, აბრეშუმის კომბინიზონში. თმა აწეული აქვს და მოშიშვლებულ ზურგზე საკმაოდ მოზრდილი ლამაზი ორნამენტის ტატუ მოუჩანს. - დღეს კარგი შანსი გექნება ვინმე შეაბა, თუ ასეთი მოწადინებული ხარ. - მეცინება. სარკის წინ ვდგავარ და ხელში გიორგის ნაჩუქარი თმის სამაგრი მიკავია. ვერ გადამიწყვეტია, გავიკეთო თუ არა. - ხანდახან ძაან მეზარება ხოლმე. მით უმეტეს, ვგრძნობ, რომ ჩემი ყურადღების და დიდებულების ღირსი არავინაა. - ყელს იღერებს გოგო. - გაიკეთე, რას ელოდები. - მეუბნება თმის სამაგრზე. - არ მგონია კაბას მოუხდეს. - ვიმიზეზებ და შოკოლადისფერ მატერიას ვავლებ თვალს. - თვალებს მოუხდება, მარიამ. - ეღიმება მრავალმნიშვნელოვნად და თვალს მიკრავს. ვხვდები მის მინიშნებას და თავს ვაქნევ. თმას სახელდახელოდ მაღლა ვიკეცავ და თმის სამაგრს ვიკეთებ. მოგრძო წინამოს გვერდით ვიყრი და ნანიკოსთან აივანზე გავდივარ. - დიდი ხანია ამაზე არ გვილაპარაკია... - შეპარვით მეუბნება გოგო. - რა არის სალაპარაკო, ნანი. - მხრებს ვიჩეჩავ, ვჯდები და მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ზონარს ვიკრავ. - უბრალოდ ვიცი, რომ შენი საყვარელი პროფესიაა ყველაფრის გულზე დახვევა. - და ისიც იცი, რომ ვცდილობ დრამატული არ ვიყო. - ღმერთო, - თვალებს ატრიალებს და ნახევრამდე ჩამწვარ ღერს მაწვდის. - წლები გადის და შენი მაინც არ მესმის. - მე კი პირიქით ვფიქრობ, - სიგარეტს სანაგვეში ვაგდებ. - სხვა შემთხვევაში, გიორგი დიდი ხნის წინ იქნებოდა შენგან ინფორმირებული. - ნეტავ იცოდე, რამდენჯერ მქონია ამის სურვილი. - წარმომიდგენია. - მეცინება და ვდგები. - აბა, წავიდეთ? - წავიდეთ, მივულოცოთ დაბადების დღე ქალბატონ მურმანის ეკალს. - უკმაყოფილოდ იღებს თავის ჩანთას და საჩუქარს ნანიკო. სინამდვილეში ჩემი მეგობარი სოფის არაფერს ერჩის. მის მიმართ ასე მხოლოდ მაშინაა განწყობილი, როცა გიორგის მიმართ ჩემს გრძნობებზე ცდილობს, რომ მალაპარაკოს. ეს კი ძალიან იშვიათად ხდება. აღარც ვსაყვედურობ, რადგან ნანიკოს საკუთარ თავზე კარგად ვიცნობ. *** სოფის რესტორანში შესვლისთანავე ვხვდებით. როგორც ყოველთვის, ძალიან ლამაზია. ნაცრისფერი ტანზე მომდგარი კაბა აცვია. სწორად შეჭრილი მოკლე შავი თმა უკან გადაუწევია და ყურებზე თვალისმომჭრელად უბრწყინავს მოზრდილი საყურეები. საჩუქრებს იღებს, მაგიდისკენ მიგვითითებს და გვეუბნება, მალე დავბრუნდებიო. რესტორანში ბევრი ხალხი არაა, მაგრამ მაინც ხმაურია. შიგნით მკრთალი განათებაა, მაგრამ მაინც ვხედავ იუბილარისთვის ლამაზად გაწყობილ მაგიდას, რომელიც თითქმის სავსეა. - როგორ გამომრჩა ის ფაქტი, რომ ეს ნაცარქექიაც აქ იქნებოდა. - დავითზე ამბობს ნანიკო და ტუჩს ამრეზით სწევს ზემოთ. - ღმერთო, როგორ მეზიზღება. - არა, ნანი, შენ დავითი არ გეზიზღება. - ჩემი ტონით ვცდილობ დავაჯერო, რომ ეს მხოლოდ მისი აკვიატებაა. ვხედავ, რომ დავითიც შორიდანვე გვამჩნევს და მაშინვე ზურგს გვაქცევს. - სწორედაც, რომ მეზიზღება. მაყრის, რომ ვუყურებ. - მიბრიალებს ცისფერ თვალებს. - კარგი. - ხელს ვკიდებ მაჯაზე და ერთი წამით ვაჩერებ. - რატომ? მიზეზი მითხარი. ერთი მაინც. - აი, სწორედ ესაა გულწრფელი და სპეტაკი ზიზღი, როცა მიზეზი არ გაქვს. კმაყოფილი ხარ? - სპეტაკი ზიზღი? - მეცინება. - ღმერთო, არ ვიცი, თქვენ შორის რა არის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ზუსტად ვიცი, რომ ორმხრივია. - ამ სიტყვებს წინ დაგახვედრებ, დაიმახსოვრე. - თითის აბზეკვით მაფრთხილებს და მიდის. სიცილით მივყვები. ნაცნობებს ვესალმებით და ვსხდებით. დავითი მაგიდას იდაყვებით დაჰყრდნობია, სიგარეტს ეწევა და ისე სერიოზულად და დაფიქრებით ათვალიერებს ჩემს მეგობარს, რომ ღიმილს ვერ ვიკავებ. ნეტავ გამაგებინა, ერთმანეთს რას ერჩიან. მერე მზერა მის გვერდით მჯდომ გიორგიზე გადამაქვს და მის ღიმილიან სახეს ვუცინი. - როგორი სიმპათიური ხარ? - ვეუბნები კომპლიმენტს და ჩანთას სკამის საზურგეზე ვკიდებ. თმა უკან გადაუწევია, პირიც გაუპარსავს და ეს შავი პერანგი ხომ საერთოდ, საოცრად უხდება. ბიჭი ცხვირს ჭმუხნის. ასე იცის, როცა კომპლიმენტს ეუბნებიან. - შენ კი ძალიან ლამაზი. - სკამზეა მიყრდნობილი, თითები კი ღვინის ფუჟერზე შემოუხვევია. მომნუსხველად ბრიალებენ მისი თვალები, მაგრამ რატომღაც სევდიანები მეჩვენებიან. მადლობას ვეუბნები და ჭიქას ვუწვდი, რომ ღვინო დამისხას. ისიც არ მზარდება. - თავი მოაბრუნე? - მეუბნება უცბად. დაბნეული ვტრიალდები. როდისღა შენიშნა თმის სამაგრი? - რამდენი ხანია შენს თმაზე არ მინახავს. - გაკვირვებულს ეღიმება. - მეგონა აღარც გქონდა. - რა სისულელეს ამბობ, რას ჰქვია, აღარ მქონდა?! - შუბლს ვკრავ ნაწყენი და მუშტს ვუღერებ. გიორგის ეცინება. - ძალიან დავაგვიანეთ? გზად რამდენიმე საცობში მოვყევით. - მნიშვნელოვანი არაფერი გამოგიტოვებიათ. გაგვიმარჯოს! - თვალს გვიკრავს მე და ნანიკოს. ჭიქებს ერთმანეთს ვუჭახუნებთ და ღვინოს ვსვამთ. მერე სოფიც მოდის, გიორგის გვერდით ჯდება და გვიღიმის. ბიჭს ყურში რაღაცას ეჩურჩულება, გიორგის ეცინება და ისიც ჩურჩულით პასუხობს. თვალს ვარიდებ და იმ წუთას მოსულ ლაშას და ხატიას რომ ვხედავ, სიხარულისგან ფეხზე ვდგები და ვეხვევი. ორივეს ჩემ გვერდით ვისვამ და დიდი ხნის უნახავ მეგობრებს, მე და ნანიკო შეკითხვებს ვაყრით. საღამო ჩვეულებრივ გრძელდება. ერთმანეთის მოკითხვა, სასმელი, ცეკვა. ძველი სიმღერების გახსენება და მუსიკოსებისთვის შეკვეთა. ბევრი სიცილი და ერთმანეთის სიყვარული. მერე როგორც ხდება ხოლმე. მოგვიანებით, ცოტა ნასვამზე ყველაფერი გაცილებით მეტი მოგვდის. იმაზე მეტი ფიქრი და აზრი იწყებს თავში ტრიალს, ვიდრე უნდა იყოს. იმაზე გაცილებით მეტს ხედავს თვალი, ვიდრე უნდა ხედავდეს. როცა ფხიზელზე მაგიდას თითქმის ერთი სალაპარაკო თემა აქვს, რამდენიმე ჭიქის შემდეგ ყველა იშლება. წყვილდება, ან ჩემსავით განმარტოება ურჩევნია. მელანქოლიურად ჟღერს ხომ? თუმცა, ასე ნამდვილად არ გამოვიყურები. არ მჩვევია ჩემი განწყობის სხვისთვის თავზე მოხვევა. დაღლილობას ვიმიზეზებ და მაგიდასთან ვჯდები. მოცეკვავე მეგობრები შორიდან მემუქრებიან და მეცინება. ჭიქაში წყალს ვისხამ და მოწყურებული ბოლომდე ვცლი. ღვინო სასიამოვნოდაა ჩემს სხეულს დაპატრონებული. ვხედავ ზურგით მდგარ ნანიკოს, როგორ ეპარება უკნიდან დავითი, ერთხანს თმაზე აკვირდება და მერე უცბად სარჭებს აძრობს. გოგო ბრუნდება და დამნაშავეს რომ ხედავს, გაცხარებული ეკამათება. დავითი სიცილით კვდება. ვხედავ ლაშას და ხატიას, გოგოს ალბათ თვალში რაღაც ჩაუვარდა და ლაშა მეუღლის თვალს დაკვირვებული ათვალიერებს. ვხედავ გიორგის და სოფის. ბიჭს მობილური უკავია. გოგოს მისი მეორე ხელი უჭირავს და მეგობრებთან საცეკვაოდ მის წაყვანას ცდილობს. მერე უახლოვდება, პერანგის საყელოს უსწორებს და ლოყაზე კოცნის. თვალს ვაშორებ და ჩემს ღვინიან ფუჟერს ვუყურებ, ვიღებ და ერთ ყლუპს ვსვამ. მაგრამ ერთ წამში, თვალი ისევ მათკენ გამირბის. შენ უკვე მიეჩვიე, მარი. ამაში ტრაგედიას აღარ უნდა ხედავდე. შენთვის ჩვეულებრივი მოსიყვარულე წყვილი უნდა იყოს. მათი დანახვისას გული ასე საშინლად აღარ უნდა გტკიოდეს. რა ჯანდაბა გჭირს? გიორგი შენი მეგობარია და ის ბედნიერია. უკვე დიდი ხანია. და ამით შენც ბედნიერი არ უნდა იყო? მაშინ რა ჯანდაბად გაწვება ყელში დარდი და რა ჯანდაბად გინდა აქედან გაქცევა? შენთვის ხომ მასთან მეგობრობაც საკმარისია? ასე არ არის? განა უკვე არ გაითავისე ეს? განა არ ამაყობ იმით, რომ ცალმხრივ სიყვარულთან თანაცხოვრება წლების მანძილზე იდეალურად შეძელი? ახლა რა ხდება? ორი ჭიქა ღვინო მოგერია და საკუთარ თავთან გაშიშვლებას და დასუსტებას ცდილობ? - ფიქრისთვის არც ისე შესაფერისი ადგილია. - მესმის გვერდიდან ხმა და ვფხიზლდები. საკუთარი მარწუხებიდან ისე სწრაფად ვთავისუფლდები, რომ გული მიჩქარდება. როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, ჩემ გვერდით ლუკა ჯდება. ის ლუკა, დავითის წვეულებაზე ნიას მეგობრად რომ მთვლიდა. მის მოგრძო, ქერა თმას თითებით არეულობის კვალი ამჩნევია. - შეიძლება. - ვყოვნდები. - აქამდე რატომ ვერ შეგამჩნიე? - იმიტომ, რომ ახლა მოვედი. გვიანი სტუმარი ვარ. იმედია მიმიღებთ. - იღიმის. - ეგ დღის მთავარ პერსონას უნდა ჰკითხო. - თვალით სოფიზე ვანიშნებ, რომელსაც გიორგი საცეკვაოდ მაინც გაუყვანია. - როგორც ჩანს, ჩემთვის არ სცალია. - წარბებს სწევს და ისიც წყვილს ავლებს თვალს. მერე ცოტა ხნით დგება. მაგიდაზე სუფთა ჭიქას პოულობს, ღვინოს ისხამს და ისევ ჩემს გვერდით იკავებს ადგილს. - აბა? ბოლოს რა სადღეგრძელო დალიეთ? - მეკითხება ხელოვნური ინტერესით და ჩემდა გასაკვირად, მეცინება. - არ გავხარ იმ ადამიანს, ეს რომ აინტერესებდეს. - ვეუბნები. - მართალი ხარ. მაშინ, რას გაუმარჯოს ჩვენ თუ ფიქრისთვის შეუფერებელ ადგილებს? - პასუხის მოლოდინში, ოდნავ ჩემკენ იხრება. - ადგილისთვის შეუფერებელ ფიქრებზე რას იტყვი? - ჰმ, - წარბებს სწევს გაკვირვებული. - შენთან ერთად სიამოვნებით დავლევდი. ჩვენს ფუჟერებს ერთმანეთს ვახვედრებთ და ღვინოს ვსვამთ. ცოტა ხნით ვსაუბრობთ და მასზე შექმნილი პირველი შთაბეჭდილებები მიქრება. როგორც ვიგებ, ლუკა ნიას კლასელია და ჩვენს რამდენიმე კონცერტზეც ყოფილა, მაშინ, როცა ჯერ კიდევ მასთან მეგობრობდა. იქიდან იცნობს დავითსაც და სოფისაც. შესაძლოა ჩემი საქმე არაა, მაგრამ მისი აქ ყოფნა მაინც მაკვირვებს. დიდი ხანია სოფის ვიცნობთ, მისგან კი არასდროს გვსმენია ლუკას შესახებ. აქ, გოგოს დაბადების დღეზე კი, მხოლოდ მისი ძალიან ახლო მეგობრები არიან. თუ ლუკაც ასეთივე მეგობარია, მაშინ რატომ აქამდე არ ვიცნობდით? მოცეკვავეებს ვავლებ თვალს და იმ წუთას ენერგიული მუსიკა შედარებით მშვიდი მელოდიით იცვლება. გოგო გიორგის ეკრობა, მხარზე ნიკაპით ეყრდნობა და ბიჭთან ერთად ნელა ირხევა. გონებაში ამოტივტივებული კადრები სხეულზე ჟრუანტელს მგვრიან და თვალებზე მოწოლილი ცრემლი ერთი წამით მხედველობას მიბინდავს. სუნთქვას ვიკრავ და ოსტატურად უკან ვაბრუნებ ყველა ამღვრეულ გრძნობას. - როგორ ფიქრობ, ცეკვაზე უარს ყველაზე ხშირად ჩვეულებრივი ადამიანები ამბობენ, თუ მოცეკვავეები? - მეკითხება ლუკა და სანამ პასუხს გავცემდე, გიორგის თვალებს ვაწყდები. ვუღიმი. მას კი მზერა ჩემგან ლუკაზე გადააქვს, ორი წამით უყურებს, მერე ისევ მე მიბრუნდება და მკრთალი ღიმილით მპასუხობს. მკერდში რაღაც სიმხურვალეს ვგრძნობ და წარმოდგენა არ მაქვს, რა არის ეს. - ალბათ ისინი, ვისაც ცეკვა არ უნდათ. - ვპასუხობ ლუკას. გიორგი ისევ ჩვენკენ აპარებს თვალებს. ბიჭის სტუმრობის შესახებ ალბათ მანაც არ იცოდა. - ანუ ახლა ცეკვა, რომ შემოგთავაზო და უარი მითხრა, მიზეზი ის იქნება, რომ ცეკვა უბრალოდ არ გინდა?- პასუხის მოლოდინით მიყურებს და მიღიმის ლუკა. - ვფიქრობ, უარს არ გეტყვი. - ვპასუხობ და ვცდილობ, მეც გავუღიმო. - მშვენიერია! ბიჭის გამოწვდილ ხელს თითებით ვეჭიდები და მოცეკვავეებისკენ წასულს მივყვები. ვცეკვავთ, მაგრამ ეს რბილი მოძრაობები ჩემზე არ მოქმედებენ. მხოლოდ ღვინო და ჩემ წინ მოცეკვავე წყვილი, რომლისგან ერთ-ერთის თვალები მე და ლუკას უყურადღებოდ არ გვტოვებენ. მეჩვენება, რომ გიორგი ბიჭის გამოჩენით არც ისე კმაყოფილია. ალბათ არის რამე, რაც მე არ ვიცი. ან ეს, უბრალოდ მეგობრული ინტერესი ან ყურადღებაა. რაც არ უნდა იყოს, მსიამოვნებს, რომ გიორგი თვალს მადევნებს. ლუკას მხარს მიღმა რამდენჯერმე ვუღიმი კიდეც, რომ გაიგოს, ჩემთან ყველაფერი რიგზეა. ისიც ყოველ ჯერზე ღიმილით მპასუხობს და ასე გრძელდება ცეკვის დასრულებამდე. მერე ლუკა სოფის ეხვევა და დაბადების დღეს ულოცავს, დანარჩენ სტუმრებსაც ესალმება და თითქმის ყველა მაგიდასთან ვბრუნდებით. მას დაჯდომა და ნაცნობებთან საუბრის გაბმა მოშორებით უწევს, თუმცა ვამჩნევ, როგორ ცდილობს, რაც შეიძლება მეტჯერ დაიჭიროს ჩემი მზერა. მერე კი, გიორგი ჯდება ჩემ გვერდით, მხრებზე ხელს მხვევს და ისე აგრძელებს სოფისთან და დავითთან საუბარს. კოლეჯიდან ერთ-ერთ სახალისო მოგონებას ვიხსენებთ და ვიცინით. თუმცა, არც ლუკას შეცვლილი მზერა მრჩება უყურადღებოდ. საბედნიეროდ, ჩემი სიცილის მიზეზი მოყოლილ ამბებში ირევა და ვერავინ არჩევს. - ტვინი ნუ შემიჭამეთ, ტო. ცეკვას თავი იმიტომ დავანებე, რომ ჩემს შესაძლებლობებს კაციშვილი არ აფასებდა და თვითშეფასება მომიკალით. - ხელს იქნევს დავითი და საკუთარ თავისმართლებაზე თვითონაც ეცინება. - შესაძლებლობებში ალბათ სათვალის შუბლით ტარებას გულისხმობ. - სერიოზულად აღნიშნავს ნანიკო და ღვინოს წრუპავს. გვეცინება. - ვგულისხმობ, რომ შენ ჩემთან საქმე არა გაქვს, ალქაჯო! - მართალი ხარ. ტიპთან, რომელიც ამბობს, რომ ხუთი წელი ცეკვაზე ვიარე და დრო დავკარგეო, რა საქმე უნდა მქონდეს. - თვალებს ატრიალებს ნანიკო და მობილურში იხედება. - ზუსტადაც, მაგას იმიტომ ვამბობ, რომ ჩემში პროფესიონალს ვერავინ ხედავდა. - ჰო არ ღადაობ, ბიჭო. - იცინის გიორგი. - კოლეჯის პირველ პრაქტიკულზე გამოტყდი, რო ხორუმი არ იცოდი. იქიდანვე ჩანდა შენი პროფესიონალიზმი. - ახლა ყველა გრეხი უნდა გამიხსენო თუ დავამთავროთ ეს ცეკვა ფერხულით? - ფერხულით ცეკვები არ მთავრდება, მარა კაი, ძმაო. სანამ ცეკვას დაბრუნებიხარ და ფაფახი დაგიხურავს, დავამთავროთ. - ღვინის ჭიქას იღებს გიორგი, ჩემსას უჭახუნებს და ცოტას სვამს. ნანიკო შანსს არ უშვებს ხელიდან და თავისთვის ბოროტულად ხითხითებს. დავითი მობილურს აცლის ხელიდან და მორიგი კამათიც იწყება. - ამათ რამე უნდა მოვუხერხოთ. - მაგიდის მეორე მხრიდან ჩუმად გვეუბნება სოფი. - მესმის! - ერთი წამით დავითთან კამათს ეთიშება ნანიკო და თვალებს გვიბრიალებს. - მოსაწევად გავდივარ. ვინმე წამომყვეს, თორემ, მარტო თუ დავრჩი, მკვლელობას დავგეგმავ. - მოვდივარ. - ამბობს სოფი და დგება. - მენატრება ხოლმე კოლეჯის პერიოდი. - მეუბნება გიორგი და იდაყვით ჩემი სკამის საზურგეს ეყრდნობა. - ჰო, ლამაზი ორი წელი გავატარეთ. ბევრი მოგონება დაგვიგროვდა იქ. - გახსოვს, მილაშენკომ ლექციიდან რო გამაგდო? - ეცინება გიორგის. - რავი, რომელზე ამბობ, ბევრჯერ გაგაგდო მაგან. - აი, ლექსის წერა რო გვქონდა დავალებად და დავითმა რო წაიკითხა. ნეტა თუ ახსოვს. უნდა ვკითხო, რო შემოვა. რამდენი ვიცინეთ, ვეღარ ვჩერდებოდი. ისედაც ატეხილი ვიყავი და მაგან დამიმატა. - ჰო, მახსოვს. საერთოდ მილაშენკოს ლექციები განსაკუთრებით მახსოვს. ორივეს გვეცინება. რამდენიმე წამით დარბაზს ვავლებ თვალს და მერე არც კი ვყოყმანობ, ისე ვეკითხები: - ბოლო დროს უცნაური მეჩვენები, ტყუილი თუ მართალი? - შესაძლოა, მართალი. - თავს ოდნავ გვერდით ხრის გიორგი. - მაგრამ ახლა არ მინდა ამაზე ლაპარაკი, კარგი? - კარგი. - ტუჩებს უკმაყოფილოდ ვმუწავ. - მაგრამ არ დამავიწყდება, იცოდე. - თვალებით ვაფრთხილებ. - უნდა გახსოვდეს, აუცილებლად. - ეცინება ბიჭს და ორი წამით უკან იხედება. - იდეა მაქვს. ხომ არ გვეცეკვა? - თავით მოცეკვავე წყვილებისკენ მანიშნებს. - ამ შანსს ხელიდან როგორ გავუშვებ. - ვუცინი მას, ხელს ვკიდებ და ვდგები. გიორგი გულზე მიკრავს და ხელებს წელზე მხვევს. მის მხარს ნიკაპით ვეყრდნობი და მშვიდ მელოდიას ფრთხილად მივყვებით. საუკეთესო შეგრძნებაა, როცა მის არსებობას ვიპარავ. მხოლოდ სამი წუთით, მაგრამ ეს სამი წუთი იმაზე ბევრია, ვიდრე მჭირდება, რომ ყველაზე ბედნიერი ადამიანი ვიყო. ამ ქურდობებისგან თავის გაკონტროლება შეუძლებელია. ამას მთელი ჩემი არსება გარკვეული დროის შემდეგ ისე მთხოვს, როგორც სიცოცხლისთვის ორგანიზმი ჰაერს. მასთან სიახლოვით, მისი სურნელით ტკბობით თითქოს იმ ენერგიით ვივსები, რამაც მომავალში კიდევ უფრო მომთმენი და ძლიერი უნდა გამხადოს. თვალებს ვხუჭავ და ნანიკოს დაბადების დღის მოგონება ჩემში ისე ცოცხლდება, თითქოს ორი წუთის უკან ყოფილიყოს. მაშინვე ვცდილობ იმ შეგრძნებების დაბლოკვას, რასაც გონებაში გაცოცხლებული სურათები იწვევენ, მაგრამ გვიანია. სწრაფად ვრცელდება ჟრუანტელი ჩემს სხეულზე და გული გამალებით მიწყებს ძგერას. სუნთქვას ვიკრავ და გიორგის მხარზე ლოყას ვადებ. გეყოფა მარი, ხომ იცი, რომ მისთვისაც ძვირფასი ხარ. რა მნიშვნელობა აქვს, როგორ? ბიჭი თავზე მადებს ხელს და მკერდით ვგრძნობ, როგორ ისუნთქავს ჰაერს ხარბად. შემდეგ თითებით თავის ნაჩუქარ თმის სამაგრს ეხება, თითქოს მის შესწავლას ცდილობდეს. მეღიმება. „ - მიყვარხარ.“ ათასჯერ მაინც ვასწრებ გულში გამეორებს, სანამ მუსიკა მთავრდება. ხალხი ტაშს უკრავს და ჩვენი თბილი გარსიც სადღაც ქრება. გიორგი მიშვებს, იცინის, შუბლზე მკოცნის. მე ისევ მისი მეგობარი ვხდები. მეც ვუცინი და სანამ მაგიდასთან მივიდოდეთ, დაღლილობაზე წუწუნსაც ვასწრებ. სოფი და ნანიკო უკვე იქ გვხვდებიან. გიორგი ბიჭებისკენ მიდის და მათთან ჯდება. ვხედავ, სოფი რომ თვალს აყოლებს ისე, თითქოს მასთან საუბარი უნდოდეს, მაგრამ ისევ ხატიასთან აგრძელებს ლაპარაკს. მერე ნანიკოს მზერას ვაწყდები. გოგო თმას თითზე იხვევს და არ იმჩნევს, მაგრამ ვხვდები, რომ მაკვირდება. თვალებით ვანიშნებ, რა ხდება-თქო. ის კი ჩემკენ იხრება. - არ ვიცი თქვენ შორის რა არის, მაგრამ რაც არ უნდა იყოს, ზუსტად ვიცი, რომ ორმხრივია. - ამბობს და თავს სიტყვებში დარწმუნებული თავს იქნევს. - ვწუხვარ, რომ რევანშის შეგრძნება უნდა გაგიქარწყლო, მაგრამ ეს მეგობრობაა, გოგონი. - ვუღიმი ჩემს ჭკვიან მეგობარს და ღვინის ჭიქას ვიღებ. *** სუფთა ჰაერისთვის აივანზე გასულს მყუდროებას მირღვევენ. ლუკა გარეთ ისეთი გამომეტყველებით გამოდის, რომ ზუსტად ჩემი ფიქრები აწერია. ორივეს გვეცინება. - ძალიან მეტყობა, შენთან საუბარს რომ ვცდილობ, ჰო? - მიახლოვდება და აივნის მოაჯირს ზურგით ეყრდნობა. - არ მითხრა, რომ სოფის დაბადების დღეზე თავი ამიტომ დაიპატიჟე. - გულზე ვიკრეფ ხელებს. სიმართლე რომ ვთქვათ, მაღალ ქუსლებზე დგომაც აღარ შემიძლია, ისეთი ძალაგამოცლილი ვარ. - არ გეტყვი. - მხრებს იჩეჩავს. - რა უნდა ვქნა, მსგავსი რამ რომ აღარ განმეორდეს? - არ ვიცი. - თავს ვაქნევ. არ მინდა პასუხის გაცემა. არც ის მხარე მინდა, საითაც ლუკა ცდილობს ჩვენი საუბრის და ურთიერთობის წაყვანას. ახლა მხოლოდ სახლი და დღევანდელი ემოციებისგან დაცლა მინდა. - შესაძლოა,ამაზე საფიქრელად, დღეს არც დროა და არც ადგილი. - მთავარია ტყუილად არ ვცდილობდე. რას იტყვი? - მარ... - აივნის კარს აღებს ნანიკო და ლუკას დანახვისას დაბნეული აცეცებს თვალებს, თუმცა მიხარია, რომ უკან არ ბრუნდება. - ხელს კი გიშლით, მაგრამ მივდივართ. - რას ვიზამთ... - წარბებს სწევს გაწბილებული ლუკა. თანავუგრძნობ, ვიცი, რაცაა უპასუხოდ დატოვებული შეკითხვები. ბიჭი გზას მითმობს და დარბაზში ვბრუნდებით. ყველა უკვე კარისკენ მიდის. - რა ხდება აქ? - მეჩურჩულება ნანიკო და ლუკაზე მანიშნებს. - მაგიდასთან საუბარი, ცეკვა, აივანზე განმარტოება. - მერე გეტყვი. - ხელს ვუჭერ მაჯაზე, რომ ცნობისმოყვარეობა დაიმშვიდოს. - მარი! მე კი არა, დღეს მგონი შენ შეაბი ტიპი... - ჩუმად! გარეთ გავდივართ. უკვე ორის ნახევარია. საბედნიეროდ ხელაძის ხვალინდელი რეპეტიცია საღამოსაა. ჩვენზე ადრე გამოსულები მალევეც ახერხებენ ტაქსების გაჩერებას. სოფი და გიორგი ერთად აპირებენ წასვლას. ჩვენც მათთან ვდგავართ. სოფის ტაქსი ჰყავს გამოძახებული და სადაცაა მოვა. ნაცნობები თანდათან მიდიან. სამწუხაროდ, ყველას სხვადასხვა გზა გვაქვს. ნანიკო ხატიასთან და ლაშასთან ერთად მიდის. როგორც ვატყობ, ლუკა მანქანითაა მოსული და, როცა ის დავითთან საუბარს ამთავრებს და ჩემკენ მოდის, გულში ვლოცულობ, რომ სახლში წაყვანა არ შემომთავაზოს. სოფის ტაქსი მოდის და მეც გზის პირას ვჩერდები. - მარი... - ზურგიდან მიახლოვდება ლუკა და სანამ რამეს მეტყოდეს, გიორგის ხმა მესმის, რომელიც მანქანის ღია კართან დგას. - მარიამ, არ მოდიხარ? - ახლავე. - მაშინვე თავს ვუქნევ, ლუკას ვემშვიდობები და მისკენ მივდივარ. - მადლობა. - ვეჩურჩულები ბიჭს, სანამ ტაქსიში ჩავჯდებოდე. გიორგი თვალს მიკრავს, კარს მიხურავს და თვითონ მძღოლის გვერდით ჯდება. თავი 3 ფურცლები 2008 წელი *** იმ თვის ბოლოს, გერმანიიდან მამა ჩამოვიდა და ლეპტოპი ჩამომიტანა. გამიხარდა, რადგან მალე ინტერნეტიც შემოვიყვანეთ და „ადნაკლასნიკებში“ დავრეგისტრირდი. მობილურით გიორგის ძალიან იშვიათად ვეკონტაქტებოდი, ამიტომ იმედი მქონდა, რომ ეს სიტუაციას გამოასწორებდა. თითქოს ასეც მოხდა. მხოლოდ თავიდან. დაახლოებით ორი თვე, თითქმის ყოველდღე ვკითხულობდით ერთმანეთს. ის დედაზე მიყვებოდა. ამბობდა, რომ სიცოცხლის ხანგრძლივობის მხოლოდ რამდენიმე თვე მისცეს. ამაზე ბევრს არ ლაპარაკობდა, მაგრამ რა მიხვედრა უნდოდა, ძალიან განიცდიდა. საიტზე მის აქტიურობას ვერ ვხედავდი. სავარაუდოდ, ინტერნეტით მხოლოდ ჩემი და ლაშას გამო სარგებლობდა. ამბობდა რომ მამასთან ურთიერთობა ეძაბებოდა, რადგან დედამისს მკურნალობას არ აძალებდა. ქალს კი მედიკამენტების გარეშე მოკლე, მაგრამ მშვიდი ცხოვრება ჰქონდა გადაწყვეტილი. ამასობაში, მეთერთმეტე კლასიც დავამთავრე და საბუთები ღამის სკოლაში გადავიტანე. იქ არავინ დადიოდა. ნიშნებს უპრობლემოდ წერდნენ და მეც მაწყობდა ეს ამბავი. ივნისის ბოლოს უკვე კურატორების ძებნა დავიწყე, რომ ეროვნული გამოცდებისთვის მოვმზადებულიყავი. ნანიკომაც მომბაძა და ზაფხულის მშვიდად გატარება გადაწყვიტა იმისთვის, რომ სექტემბერში საბუთები სამხატვრო აკადემიაში შეეტანა. ჩვენი სამეგობრო ისევ ვიკრიბებოდით, მაგრამ გიორგის გარეშე ყველაფერს სხვა ფერი ჰქონდა. სიცილი სამ ხმაში, თითქოს ისე მხიარულად აღარ ჟღერდა, როგორც ამას მიჩვეულები ვიყავით. დედის ამბავმა ბიჭი ძალიან შეცვალა. აღარ იყო ისეთი გახსნილი, როგორსაც ვიცნობდი. შეტყობინებებზე მოკლედ მპასუხობდა. რაც დრო გადიოდა, შეკითხვებსაც იშვიათად მისვამდა. მწყინდა, მაგრამ მესმოდა კიდეც მისი. წარმოდგენაც არ მინდოდა, როგორი იქნებოდა მომაკვდავი დედისთვის ყოველდღე ყურება და ყოველდღე იმაზე ფიქრი, რომ მალე ხელებში ჩაგაკვდებოდა. მაგრამ მაინც, ძალიან მენატრებოდა ის ბიჭი, ჩემი თმებისგან ულვაშებს რომ იკეთებდა და სესილის შენიშვნებზე იცინოდა. მიმოწერებმა ნელ-ნელა იკლო. ინტერვალი ჯერ ერთი დღე, მერე ორი დღე, ერთი კვირა გახდა. გული საშინლად მტკიოდა. აღარც ცეკვის სურვილი მქონდა. თითქოს რეპეტიციებზე მოვალეობის გამო მივდიოდი. სესილი შენიშვნებით მიკლებდა. ერთხელ ისიც კი მითხრა, ისე არ მოხდეს, რომ სოლოები დაკარგოო. - ჩემთვის სულ ერთია. - სტუდიიდან გამოსვლისას ვუთხარი ნანიკოს, როცა ქალის მუქარა გამახსენა. ისეთმა გაცოფებულმა შემომხედა, რომ ნათქვამი ლამის ვინანე. - შენ ვერ ხარ კარგად, ჰო? - ტერიტორია მოათვალიერა. შეამოწმა, რამდენად ხმამაღლა შეეძლო საუბარი. - წარმომიდგენია და ვხედავ კიდეც, როგორ ხარ, მაგრამ მე თუ მკითხავ, ძალიან იდიოტურად იქცევი. რაღაცნაირად თავი ხელში აიყვანე. გეგმები გაქვს. გიორგის წასვლით ცხოვრება არ ჩერდება. - ნანიკო, ვიცი, რასაც ამბობ და შემეშვი. ვხვდები ყველაფერს. - ხვდები? მაშინ მარიონეტის თოჯინასავით რატო დადიხარ? დღის გეგმა საითაც გადაგისვრის იქით მიექანები. მესმის, რაც გჭირს და როგორც ხარ, მაგრამ ამის გამო ყველაფერს, რაც შენს ცხოვრებაში ხდება და უნდა მოხდეს, ნუ გააუფასურებ. - ნუ დარდობ, სულ ასე არ ვიქნები. მივეჩვევი. - მე კი მგონია, რომ კი არ უნდა მიეჩვიო, უნდა გამოასწორო. - რა? როგორ? - ყურადღება სხვა რამეზე გადაიტანე და მერე... მერე იქნებ სხვა ვინმეზეც. - შემომაპარა. გაბრაზებულმა თვალები დავუბრიალე, მაგრამ სანამ რამეს ვეტყოდი, გააგრძელა. - თუ არადა, მისკენაც დალაგდება სიტუაცია, სულ ასე ხომ არ იქნება. ისევ ჩამოვა. შეიძლება მოგვიანებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რუსეთში საცხოვრებლად არ დარჩება. მერე ძალიან რთული აგვისტო დადგა. მამა ახალი ჩამოსული იყო და სოფელში ვაპირებდით დასასვენებლად წასვლას, რომ საზღვრებზე სიტუაცია დაიძაბა და მალევე საქართველოში რუსეთის ჯარი შემოვიდა. ბევრი ჩვენი მეზობელი თავის გადასარჩენად მთაში წავიდა, მაგრამ ჩვენ არსად მივდიოდით. მამა დარწმუნებული იყო, რომ ოკუპანტებს დედაქალაქამდე არავინ მოუშვებდა. გარეთ იშვიათად გავდიოდით. პირველი რამდენიმე დღე, საშინელ კადრებს თვალს ტელევიზიით ვადევნებდით. პრეზიდენტის გამოსვლები, სურათები გორიდან და მისი მიმდებარე სოფლებიდან. დაბომბილი და გაძარცვული სახლები, დაღუპულები. მერე ვითომ მხარში მდგომი ევროპელების კომენტარები. მოსახლეობის რეაქციები. ძალიან მძიმე იყო მთელი დღით ამ ყველაფრის მოსმენა და მერე ფიქრი. მეშინოდა და ძალიან ბევრ რამეზე ვფიქრობდი. იმ პერიოდში გიორგიც მწერდა. ხანდახან, მაგრამ მაინც. აინტერესებდა, როგორ ვიყავი, რა ხდებოდა თბილისში და მომიწევდა თუ არა ქალაქის დატოვება. ამბობდა, რომ ჩვენ გამო ნერვიულობდა და წუხდა, რომ საქართველოში არ იყო. მისი სიტყვები მახარებდა. მაშინ ისეთი რადიკალური გადაწყვეტილებაც კი მივიღე, რომ თუ რუსეთის ჯარი თბილისამდე მოაღწევდა და საფრთხის წინ აღმოვჩნდებოდი, გიორგის აუცილებლად მივწერდი, რომ მიყვარდა. მაგრამ ასე არ მოხდა. მსხვერპლით, მაგრამ ყველაფერი მაინც მშვიდობით დასრულდა და ჩემი საიდუმლოც ჩემთან დარჩა. გიორგი კი გაქრა. თექვსმეტ სექტემბერს ჩემი მეჩვიდმეტე დაბადების დღე ნანიკოსთან და ლაშასთან ერთად ჩემს ოთახში აღვნიშნე. გვერდით მეტი არავის ყოფნა მინდოდა, მიუხედავად იმისა, რომ დედა ამბობდა, სხვა მეგობრებიც დაპატიჟეო. მხოლოდ ტორტის გაკეთების უფლება მივეცი. რომ გაიგო, ლაშამ ლუდი მოიტანა, ერთი კი გაიქნია თავი უკმაყოფილოდ, მაგრამ არაფერი უთქვამს. რაღაცები გავიხსენეთ, თამაში ვცადეთ, ცეკვაც. მერე ფილმებს ვუყურეთ. მერე გიორგიზეც ჩამოვარდა ლაპარაკი და სასმლისგან ისედაც გულამღვრეულს, მონატრებისგან ლამის ტირილი ამივარდა. ნანიკომ მალე შემამჩნია, რომ ზღვარზე ვიყავი და თემა სასწრაფოდ შეცვალა. ბიჭთან თავს უხერხულად ვგრძნობდი, როცა მე და ჩემი დაქალი საერთო საიდუმლოს გამო, ერთმანეთს თვალებით ვეკონტაქტებოდით. ერთხანს ისიც ვიფიქრე, რომ ლაშასთვისაც მეთქვა, გიორგის მიმართ რას ვგრძნობდი, მაგრამ თავი მხოლოდ იმიტომ შევიკავე, რომ ისინი დიდი ხნის და ძალიან კარგი მეგობრები იყვნენ. არ მინდოდა, ლაშას გიორგისგან რაიმე დამალული ჰქონოდა და თავი მასაც უხერხულად ეგრძნო. იმ საღამოს გავიგე, რომ ბიჭები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ. არ მწყენია. პირიქით, მიხაროდა, რომ გიორგი მასთან მაინც გრძნობდა თავს გახსნილად და ვიღაც მაინც ჰყავდა, ვისაც ელაპარაკებოდა. ოქტომბრიდან ჩემი აბიტურიენტობის დღეები იწყებოდა. ერთ ღამეს საკუთარ თავს სერიოზულად დაველაპარაკე და ვაიძულე ის, რაც მისთვის ყველაზე ძვირფასი და ყველაზე მტკივნეული იყო, გულის ძალიან ღრმა ნაწილში გამოეკეტა. უნდა დამევიწყებინა ის, რომ გიორგი მივიწყება. ივიწყებდა იმას, რაც ჩემთვის ყველაფერი იყო. უნდა გამოვფხიზლებულიყავი და სწავლისთვის მიმეხედა. აღარ უნდა მეფიქრა იმაზე, რას აკეთებდა, როდის ჩამოვიდოდა, როგორი ჩამოვიდოდა, ფიქრობდა თუ არა ჩვენზე. ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყებოდა და ვალდებული ვიყავი, მხოლოდ მომავალზე გამემახვილებინა ყურადღება. ოთო. ეს ბიჭი არ ნებდებოდა. გიორგი ჯერ კიდევ ახალი წასული იყო, რომ ცეკვის სტუდიაში რამდენჯერმე აღმოჩნდა. როცა ის სახლამდე აპირებდა ჩემს გაცილებას, ლაშა ორჯერ დაგვემგზავრა, რაც საკმაოდ უცნაურად მომეჩვენა. ერთხელ თავისი კლასელის ნახვა მოიმიზეზა, მეორედ „რაღაც საქმე“ და, როცა მესამედ გზაჯვარედინთან დავიშალეთ. სახლში მისულმა, მაშინვე ლაშას მივწერე. „ - ლაშ, რა ხდება?“ „ - რაზე მეკითხები?“ „ - ჩემკენ რატო დადიხარ. ვიცი, რომ საქმე არ გაქვს და იმიზეზებ.“ „ - რატო უნდა ვიმიზეზებდე?“ - მაინც არ ტყდებოდა. „ - იმიტომ, რომ გიცნობ. ოთოს გამო დადიხარ?“ „ - მგონია, რომ არ გსიამოვნებს მაგ ტიპთან ერთად სიარული და ვერ ეუბნები.“ გამეცინა და მისი ყურადღება ძალიან მესიამოვნა. „ - ვაიმე, ლაშა.“ - ბევრი სიცილის ღიმილები გავუგზავნე. „ - რა გაცინებს? ეგრეა?“ „ - არა, არ არის ასე, უბრალოდ შენზე მეცინება.“ „ - ჩემზე იცინე, მაგრამ თუ ისე იქნება, როგორც ვთქვი, უბრალოდ მითხარი, კაი?“ „ - კარგი ძმაო, თუ რამე არ მომეწონება, მაშინვე გეტყვი. ჯერ-ჯერობით, კი ყველაფერი რიგზეა. ნორმალური ტიპია, არაფერს აშავებს.“ „ - ჰოო, ეგრე ცდილობენ ხოლმე გოგოს შებმას.“ სანამ რუსების გამო ცეკვის რეპეტიციები არ შეგვიწყდებოდა, ოთო ხანდახან მაკითხავდა და, რადგან ის მხოლოდ უწყინარ საუბრებს ჯერდებოდა, მეც არაფერს ვამბობდი. მაგრამ გზაჯვარედინზე ყოველი ჩვენი დაშორება გიორგის მახსენებდა და საკუთარ თავთან მაშინვე პროტესტის შეგრძნება მიჩნდებოდა. ნანიკო არაფერს მეუბნებოდა, მაგრამ საუბრებში ტონზე ვამჩნევდი, რომ ოთოსთან ჩემი დამოკიდებულება და პირიქით, ძალიან უხაროდა. ოქტომბრიდან კი, ისე აღმოჩნდა, რომ ქართულის რეპეტიციებზე მე და ოთო ერთ პედაგოგთან მოვხვდით. ეს რომ გაიგო, იმდენი გააკეთა, მასწავლებელს თავი ჩემს ჯგუფში ჩაასმევინა. არც ველოდებოდი, რომ ბიჭი უნივერსიტეტში სწავლას გადაწყვეტდა, სკოლაში თავზეხელაღებული იყო და დიდად არც სწავლა აინტერესებდა, მაგრამ ქართულის გაკვეთილებზე აღმოვაჩინე, რომ საკმაოდ ნიჭიერი იყო. ჯგუფის ახალ ნაცნობებთან ერთად კარგ დროს ვატარებდით. ნანიკო სწავლობდა. ლაშაც. მათი სწავლის ხანგრძლივობა ორ წელს გრძელდებოდა. ერთხელაც მითხრეს, რომ როცა პროფესიულებს დაასრულებდნენ, ქორეოგრაფიულზე აპირებდნენ ჩაბარებას. ვიცოდი, ცეკვის მიმართ მათი სიყვარულის ამბავი. ცეკვა ხომ ყველას ძალიან გვიყვარდა, მაგრამ მაინც გამიკვირდა. გამიკვირდა და თან ძალიან გამიხარდა. უნივერსიტეტისთვის მზადება უკვე დაწყებული მქონდა, ამიტომ ამ ინფორმაციამ გარკვეული პერიოდი შემარყია. რაღაც ეჭვები გამიჩინა. ვფიქრობდი, მართლა მინდოდა უნივერსიტეტში ფილოლოგიის სწავლა თუ თავს ვიტყუებდი. მაგრამ, საბედნიეროდ, მწყობრში ჩადგომა მალევე შევძელი. იანვრის ბოლო იყო, სესილის რეპეტიციაზე ახალმისულ მე და ნანიკოს ლაშა რომ დაგვეწია და გვითხრა, გუშინწინ გიორგის დედა დაეღუპაო. მთელი დღე ვფიქრობდი, რა უნდა გამეკეთებინა. რა სიტყვები მიმეწერა მისთვის, როცა ჩვენი ბოლო საუბრიდან ხუთი თვე იყო გასული. ვცდილობდი, ემოციებს არ ავყოლოდი, მაგრამ ზუსტად ეს „როგორ“ მიშლიდა ნერვებს. როგორ მოხდა, რომ ჩემი მეგობრისთვის მესიჯის მისაწერად ამდენი დრო მჭირდებოდა? და თან ამისთვის სიტყვებს ვეძებდი? ბოლოს, როგორღაც ორი წინადადება ავაწყვე და თითქმის შუაღამე იყო, რომ მივწერე. „ - ლაშამ მითხრა... ძალიან ვწუხვარ დედაშენის გამო, გიორგი. ვიცი, რომ კარგად არ ხარ, მაგრამ იმედი მაქვს, მალე იქნები.“ მხოლოდ ხუთი დღის შემდეგ მიპასუხა. „ - მადლობა მარიამ. კარგად ვიქნები, ალბათ.“ რა თქმა უნდა, იმედი არც მქონია, რომ ჩვენი ურთიერთობა აღდგებოდა და არც დიდ შეტყობინებას ველოდი, მაგრამ ამ ორმა სიტყვამ გული საშინლად მატკინა. და უარესი. მარიამ? როდის მეძახდა მარიამს? არასდროს არავის ჩემთვის ასე არ მოუმართავს. რატომ გადაწყვიტა, რომ ახლა მარიამი მერქვა? იმდენად დამივიწყა, რომ სახელიც შემიცვალა? როდიდან ვიყავი მარიამი და არა მარი, ის, რაც მერქვა? ჩემმა ფიქრებმა თვალები ამიწვა. ის პატარა აზრიც, რომ მისთვის მეპასუხა და საუბარში ამეყოლიებინა, ჯანდაბაში მოვისროლე და კომპიუტერი საშინლად გაბრაზებულმა გამოვრთე. დიდი ხნის შემდეგ, იმ ღამით მის გამო ისევ ვიტირე. მარტი *** გორის კომბინატში ისევ გაზაფხულის ფესტივალზე ვიყავით. წინა წლისგან განსხვავებით, მეტი კონკურსანტი ანსამბლი იყო. ჩვენ ორი ცეკვა გაგვქონდა. პატარა ჯგუფელებს ლაზური და დიდებს ყაზბეგური. ცეკვა ძირითადად ბიჭებს ეკუთვნოდათ, ამიტომ სოლოებისთვის მხოლოდ ოთხი გოგო ვიყავით. სიურპრიზად, ჩვენ ისევ პატარა გასახდელი გვერგო. სანამ ოთახიდან ჯგუფელების ნაწილი გამოვიდოდა, გარეთ ვიდექი და ვიწელებოდი. - ხომ იცი, რაზეც უნდა ვკონცენტრირდეთ? - მომიახლოვდა ლაშა და წარბები აზიდა. - ცერი, ქუსლი, ცერი ქუსლი! - მოძრაობა გავუკეთე, მაგრამ ვიცოდი რასაც გულისხმობდა. - რა ცერი და ქუსლი გოგო, ის გვყავს მოსაძებნი. - გაეცინა, თან წელზე ხანჯალს იმაგრებდა. - ხატია, ჩვენი ხატია, როგორც სამშობლო... - ხელები გავშალე. მერე ჩანთიდან ჟელე ამოვიღე და ბიჭის თმის დაყენება დავიწყე. - ნუ მეღადავები. ნეტა, საერთოდ აქაა? - გაიხედა და თვალები დაიწვრილა. - თავი გამიჩერე! აქ იქნება. ვის არ უნდა თურქეთის „პაეზდკა“? - ჩავიფხუკუნე. - თურქეთი, ეგეც არ იყოს ამერიკა. - ვიღაც-ვიღაცები, იქაც არ არიან ნამყოფები, რომეო. - დავუბრიალე თვალები. ლაშას გაეცინა და ორივე ლოყაზე მიჩქმიტა. - ღმერთოო! - იმ წუთას გასახდელიდან ნანიკო გამოვიდა, ჩვენთან გაჩერდა და შემომხედა. - შედი, მარა იქ ისეთი ამბავია, ვერ გაიგებ ვისი ფაფახი ვის თავზეა. ჩვენ რა ვქნათ აბა, მოვძებნოთ? - მხარზე ჩამოადო ხელი ლაშას. თვალებგაბრწყინებულმა ბიჭმა თავი დაუქნია. გასახდელიდან ისე გამოვედი, შიგნით არავინ დამიტოვებია. ოთახი ყველა დანარჩენი გასახდელისგან მოშორებით იყო, ამიტომ აჭარულის ფორმაში გამოწყობილი, კუთხეში მოჩურჩულე სამი გოგო მარტივად შევამჩნიე. ჩვენები არ იყვნენ, ამიტომ ყურადღება არ მიმიქცევია. ფაფახი დავიმაგრე, ჩემი ნაწნავები ქამარში ჩავიტანე და ჯგუფელებისკენ წავედი. სესილი ბავშვებს დასტრიალებდა და სათითაოდ ამოწმებდა, ვინმეს რამე უწესრიგოდ ხომ არ ჰქონდა. - აბა? რა ქენით? - ლაშასთან მივედი. - ანსამბლი ვიპოვეთ, მარა თვითონ ვერა. დაბლა ჩავიდაო, ნანის უთხრეს. - მერე, ვერ ჩახვედი? - არაა მაგის დრო, ორ ცეკვაში ჩვენ ვართ. ახლა გავიგე, რო ეგენი მეთორმეტეები არიან, ასე, რომ... - ყურებამდე გაიკრიჭა ლაშა. მეც გამეცინა. სცენასთან დადარაჯება ყველაზე კარგი ვარიანტი იყო. - ნებიერიძე! - დამიძახა სესილიმ. ცივმა ოფლმა დამასხა, ისეთი სახე ჰქონდა. - ტუჩზე ვინ წაგისვამს, ლაშა თუ ხიზანიშვილი? პირზე ავიფარე ხელი. პომადის წასმა დამვიწყებოდა. სანამ გოგოები დამცინოდნენ, გასახდელისკენ გავვარდი. გულამომჯდარმა კარი გავაღე და ორი ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული, რომ ფეხში საშინელი ტკივილი ვიგრძენი. ვერ მოვითმინე და მთელ ხმაზე ვიყვირე. მოულოდნელობისგან მეორე ფეხი გადამიბრუნდა და დავეცი. თვალებში მოწოლილი ცრემლი რომ გადავყლაპე და ირგვლივ ყველაფერი დავინახე, ფეხს დავხედე. ქუსლიდან ჭიკარტი ამაყად იმზირებოდა. სანამ ამოვიღებდი, იატაკს დავხედე, იქვე კიდევ სამი ცალი ეგდო. ზუსტად კართან. შემოსასვლელში. იქ, სადაც თხუთმეტი წუთის წინ, როცა გამოვედი, არაფერი ყოფილა. ჭიკარტებს იმხელა წვერები ჰქონდათ, მახათს უფრო ჰგავდნენ, ამიტომ მისი ამოღება შემეშინდა. მერე გამახსენდა, რომ მალე ჩვენი სცენაზე გასვლის დრო იყო და ქუსლიდან სწრაფად ამოვიცალე. ჩუსტი და წინდა გავიხადე და ლამის გული გამისკდა, როცა დავინახე, ჩემი კოლჰოტი წითლად როგორ იღებებოდა. თან ისე სწრაფად, რომ მთელი ფეხის გული გამისისხლიანდა. მაშინვე ჩემს ჩანთას გადავწვდი, სალფეტკი ამოვიღე, ქუსლზე ორმაგად დავიდე და წინდა და ჩუსტი ისე ჩავიცვი. წითელი პომადა ტუჩებზე სწრაფად გადავისვი, ჭიკარტები ავკრიფე და გასახდელიდან გავედი. ქუსლის დადგმა ვცადე, მაგრამ მეტკინა. ისე ავნერვიულდი, არ ვიცოდი, რა უნდა გამეკეთებინა. როგორ ვიცეკვებდი? გაღიზიანებული, მუშტებშეკრული მივდიოდი ჯგუფელებისკენ და ყველანაირად ვცდილობდი, რომ კოჭლობა არ დამტყობოდა, მაგრამ ნანიკოს არ გამოჰპარვია. - რა დაგემართა? - მკითხა ჩურჩულით, როცა მივუახლოვდი. ვიცოდი, რომ ის ჭიკარტები იქ თავისით ვერ გაჩნდებოდნენ. ვერც გასახდელში იქნებოდა ქინძისთავი, რადგან სესილისგან კარგად ვიყავით ჰიგიენასა და დისციპლინაზე დამუშავებულები. მსგავსი შემთხვევებისგან თავიდან ასაცილებლად, მათთვის სერიოზული ყურადღება უნდა მიგვექცია. მერე ის სამი გოგო გამახსენდა, ჩვენი გასახდელის კუთხეში საეჭვოდ რომ იყვნენ მიყუჟულები და ლამის ვიფეთქე, ისე გავღიზიანდი. მიუხედავად ამისა, აყალმაყალის ატეხვა არ მინდოდა. - დერეფანში ქინძისთავს დავაბიჯე, ოღონდ ჩუმად, სესილიმ არ გაიგოს. - მაშინვე გავაწყვეტინე გოგოს სიტყვა, როგორც კი პირი გააღო. - ძალიან გტკივა? ცეკვას შეძლებ? - შევძლებ, არ იდარდო. - დავამშვიდე ის, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი. ნაჩხვლეტი ადგილი მიფეთქავდა და ძალიან მაწუხებდა. ასე მეგონა, ერთი ქუსლის დარტყმა და ფეხი მომძვრებოდა. - ყველა მოცეკვავე ჯოჯოხეთში მოხვდება, ვინც ასე საკენკივით ყრის ქინძისთავებს. ნაგვები! - ჩაისისინა ნანიკომ და მაჯაზე მომეჭიდა. ეს იყო ერთადერთი შემთხვევა, როცა ჩემთვის ცეკვა ტანჯვასთან ასოცირდა. ჩვენ რომ ოსური გაგვეტანა, ვერაფერს ვიგრძნობდი, მაგრამ ყაზბეგური? როცა ფეხში ქუსლი მთავარია? მოთმინებისგან გული მისივდებოდა და ამ ყველაფრის მიუხედავად, ვიცინოდი კიდეც. სცენიდან გამოსვლის შემდეგ, საკუთარი თავით ვამაყობდი. იმდენად გავუძელი ტკივილს, სესილისაც კი არაფერი შეუმჩნევია. და ბოლოს, როცა პირველი ადგილი დავიმსახურეთ და თურქეთის ტური მოვიგეთ, ჩემზე ბედნიერი დედამიწაზე არავინ ყოფილა. ლაშამ ვერ მოახერხა კულისებში ხატიასთვის ჩასაფრება და მისი პოვნის იმედი უკვე გადაწურული ჰქონდა, რომ ავტობუსისკენ მიმავალმა შევამჩნიე, როგორ ჩამოდიოდა კიბეზე გოგო. მაშინვე ტრანსპორტში ავედი და ბიჭს დავუძახე. ისიც წამოხტა. ჯგუფელებთან ერთად მიმავალი ხატია ხელით ვაჩვენე. ლაშამ შემომხედა, როგორ გამოვიყურებიო და გოგოსკენ დინჯი ნაბიჯებით გაემართა. *** თვეებმა ისე გაიარეს, როგორც მანამდე მიდიოდნენ. მეცადინეობები ეროვნული გამოცდებისთვის, ხანდახან სესილისთანაც. ხანდახან, რადგან კულმინაციური დღეები ახლოვდებოდა და ცეკვას დიდ დროს ვეღარ ვუთმობდი. თუ იმ უნივერსიტეტში მოვხვდებოდი, რომელსაც ძალიან მაგარი ანსამბლი ჰყავდა, მაშინ ასათიანთან დამშვიდობება მომიწევდა. ქალს ეს ავუხსენი და თან დავპირდი, რომ თუ კონცერტებზე დავჭირდებოდი, აუცილებლად დავეხმარებოდი. მაგრამ მასთან იმდენად კარგი მომავალი თაობა დადიოდა, რომ თავისუფლად ჩამანაცვლებდა ყველა, ვინც მოინდომებდა. ვიყავი სკოლაში, შევავსე განაცხადი და მალე საგამოცდო ბარათიც ავიღე. ძალიან ვნერვიულობდი, არ მინდოდა მშობლებისთვის იმედები გამეცრუებინა. არ ვფიქრობდი, რომ ჩავიჭრებოდი, მაგრამ ძალიან მინდოდა დაფინანსება მომეპოვებინა. მერე იყო ბოლო ზარიც. ვერ ვიჯერებდი, რომ სექტემბრიდან სკოლაში კი არა, უმაღლეს სასწავლებელში წავიდოდი. ჩემი ცხოვრების ეს ეტაპი მღელვარებისგან ფრთებს მასხამდა. რამდენჯერმე ისიც გამახსენდა, ამ ყველაფერზე მე და გიორგი როგორ ვსაუბრობდით. ეს ერთი აბიტურიენტობის წელი, ეს მეცადინეობები, ეს მღელვარება და ნერვიულობა ხომ ერთად უნდა გამოგვეარა. ერთად უნდა აგვერჩია უნივერსიტეტები და ერთნაირად ჩაგვეწერა განაცხადში იმის იმედით, რომ ერთ სასწავლებელში მოვხვდებოდით. ის კი... ჩემი ცხოვრებიდან ისე მოულოდნელად გაქრა, როგორც გამოჩნდა. ყველაზე მტკივნეული კი ის იყო, რომ მის მიმართ გრძნობა ჩემთან ერთგულად რჩებოდა. ოთოც. დავმეგობრდით. ისე არა, როგორც მე და გიორგი ვიყავით, მაგრამ კარგი ურთიერთობა გვქონდა და დროსაც ერთად არც თუ ისე იშვიათად ვატარებდით. ვიცოდი, რომ მისი მხრიდან ეს ურთიერთობა მხოლოდ მეგობრობა არ იყო და ველოდი, რომ ადრე თუ გვიან ამაზე დამელაპარაკებოდა. ქართულის მეცადინეობის უკანასკნელი დღე იყო, სახლში ვბრუნდებოდით, პარკში შესვლა რომ შემომთავაზა. მითხრა, რამე დავლიოთ და აღვნიშნოთო. ღია კაფეში ჩამოვსხედით და ცივი ყავა შევუკვეთეთ. მერე მთელ წელს გადავავლეთ თვალი და ბოლოს თემა ჩვენს ურთიერთობამდეც მივიდა. - ალბათ უკვე ფიქრობ იმაზე, რის თქმასაც შეიძლება ვაპირებდე, ჰო? - ოთოს ხელები მაგიდაზე ეწყო და თითებში სალფეტკს ატრიალებდა. - მგონი, ჰო. - ძალებს ვიკრებდი სალაპარაკოდ. მისთვის სათქმელი სიტყვები დიდი ხნის წინ მქონდა შერჩეული, მაგრამ მაშინ, როცა უკვე მათი თქმა უნდა გამხდარიყო საჭირო, არ ვიყავი დარწმუნებული, რომ შესაფერისად რბილი ვიქნებოდი. თუმცა, ის კი გარდაუვალი იყო, რომ რაც და როგორც არ უნდა მეთქვა, ბიჭს მაინც ნაწყენს დავტოვებდი. - ჰო. შორიდან ამდენი წელი ვიცნობდით ერთმანეთს და ჩემი ასე უცბად გააქტიურება მეტისმეტად მისახვედრი იყო. - გაეღიმა თავის სიტყვებზე. - ალბათ ეს იმიტომ, რომ რაღაცნაირად, ერთ დღეს, ერთ მომენტში მივხვდი, რომ მომწონდი. - არ მითხრა, რომ ეს მაშინ, მაკდონალდსში მოხდა, სიყვარულის დღეს. - მეც გამეღიმა და გიორგის სიტყვები გამახსენდა, ამ დღეს ყველა ღრუბლებში დაფრინავსო. - არა, ოდნავ ადრე. ნოემბერი იყო, რაღაც კონცერტი გქონდათ ფილარმონიაში და გარეთ შემხვდი, ბიჭებთან ერთად ვიყავი, თუ გახსოვს. - მახსოვს. - თითები ერთმანეთს გადავაჭდე. თავს საშინლად უხერხულად ვგრძნობდი. - იცი, აქამდე რატომ არ გითხარი? - შემომხედა ოთომ. საუბარზე არა, მაგრამ მიმიკებზე ეტყობოდა, რომ ისიც ღელავდა. მუქ ნაცრისფერ თვალებს წამდაუწუმ მაცილებდა და ღიმილიან ტუჩებსაც ხშირად ილოკავდა. ოდნავ წამოზრდილ წვერზე ისვამდა თითებს. - არ მერიდებოდა, უბრალოდ... ვფიქრობდი, რომ სხვა მოგწონდა. სუნთქვა შემკერა. ეს მეტყობოდა? ასე მეტყობოდა? - და იცი, მგონია, რომ ახლაც ასეა. - რატომ გგონია? - წელიწადზე მეტია, შენს გარშემო ვტრიალებ და ვიცი, რომ თავიდანვე ხვდებოდი ყველაფერს. მე იმის გამო არაფერს გამოვხატავდი, რაც გითხარი და თან, არ მინდოდა ჩემთან თავი უხერხულად გეგრძნო და სწავლაში ხელი შეგშლოდა. მაგრამ... შენგანაც არაფერი ყოფილა. ალბათ ხვდები, რასაც ვგულისხმობ. შენგან არაფერი მიგრძნია საიმისო, რომ მე ამაზე უფრო ადრე მელაპარაკა. - და ახლა რატომ გადაწყვიტე? რა შეიცვალა? - ვკითხე. ყელი ჩავიწმინდე. ნერვებისგან ხმა წამსვლოდა. - სწავლას მოვრჩით და თან... ვერავისთან გხედავ. - მხრები აიჩეჩა. - და მაინც ფიქრობ, რომ ვიღაც სხვა მომწონს? - ჰო, მარი, ვფიქრობ. ან ასეა, ან უბრალოდ, როგორც ბიჭი არ გაინტერესებ. - იცი, რომ დღესდღეობით ოდნავადაც არ გავხარ იმ ბიჭს, შატალოებს რომ აწყობდა და მასწავლებლებს ტუალეტის კარებს უკეტავდა? - ორივეს გაგვეცინა მოგონებებზე. - შეიცვალე და მთელი ამ წელიწად-ნახევრის მანძილზე ამას კარგად ვხედავდი. ჰო, სიყვარულის დღის შემდეგ შენი დამოკიდებულება რთული მისახვედრი არ იყო და თავიდანვე ვხვდებოდი ყველაფერს, მაგრამ... ოთო... არც კი ვიცი, როგორ გითხრა ისე, რომ... - მარი, უარს რომ მეუბნები ამას ვხვდები და რომ მეტყოდი, ისიც ვიცოდი. - გამაჩერა ბიჭმა. - უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ მომწონხარ. ადრე ვითომ შენი უარის მიზეზის მოსმენაც მინდოდა, იქნებ როგორმე შანსები მომეძებნა და მეცადა, მაგრამ ახლა ვხვდები, რომ არ ღირს. - შენ კარგი ბიჭი ხარ, ოთო. ძალიან კარგი ადამიანი ხარ და მე არ ვარ ის, ვინც შენ უნდა მოგწონდეს. შეიძლება გავრისკო, შენც და საკუთარ თავსაც მივცე შანსი და ვეცადო, მაგრამ... - არ გამოვა. - შეიძლება ახლა ნაწყენს გტოვებ, მაგრამ თუ ოდნავ მაინც გჯერა ჩემი, მერე უფრო გეტკინებოდა გული. იმედი მოგცე და მერე გაგიცრუო... არ იქნება ჩემგან სწორი. - მესმის. - გაიღიმა ოთომ. სახეზე ეტყობოდა, რომ ჩემგან უარს მართლა ელოდა. - მაპატიე, კარგი? - საპატიებელი არაფერია და იმედია, მიზეზი ისაა, რომ სხვა მოგწონს, თორემ ჩემს დაწუნებას ვერ გადავიტან. - ორივეს გაგვეცინა. თუმცა არც ისეთი იოლი მოსასმენი იყო, რეალობაზე რომ ხუმრობდა. იმ წუთას გიორგის საშინელი მონატრება ვიგრძენი და უკვე ყურადღება მეფანტებოდა. მე და ოთომ მშვიდობით დავასრულეთ საუბარი და სიცილით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, მაინც სევდიანად დავემშვიდობეთ ერთმანეთს. *** ქართულის, უნარებისა და მათემატიკის გამოცდებზე, წარმოუდგენელი ნერვიულობა გამოვიარე. ვღელავდი, მაგრამ მერხთან მოთავსებულს, ტესტების მოლოდინში თუ ასე საშინლად დამესხმებოდა თავს პანიკა, ვერ წარმოვიდგენდი. პირველ, ქართულის გამოცდაზე, კალამი ძირს სამჯერ მაინც დამივარდა. ერთხელ წყალიც გადამცდა და ხველება ამიტყდა. აკეცილი კოსა რამდენჯერმე დავიშალე და თავიდან შევიკარი. დამკვირვებელი ისე მიყურებდა, მალე ალბათ ტესტირებიდან მომხსნიდა. მეორე და მესამე გამოცდა შედარებით მშვიდად გადავიტანე, მაგრამ ერთიანობაში მთელი სამი კვირა ჩემი ტანჯვა და შფოთიანი ძილი იყო. კლასმა ბანკეტის გაკეთება ეროვნულების მერე გადავწყვიტეთ. მაშინ, როცა სანერვიულო აღარ გვექნებოდა და მშვიდად ყველაფერს დავგეგმავდით. მე და ნანიკოს კაბებს დედა გვიკერავდა. ჩემს მეგობარს გრძელი შავი, მხრებზე გადასული და მუხლს ზემოთ შეხსნილი კაბა გამოუვიდა. კიდეებზე ასევე შავი ბისერების ზოლი გასდევდა და ულამაზესი იყო. ჩემი კი მოკლე, მუქი მწვანე აბრეშუმის კაბა იყო. ტანზე ოდნავ მომდგარი და გრძელი ფარფარა შიფონის მკლავებით. მაღალქუსლიანი ფეხსაცმელიც პირველად და თან ბანკეტის გამო ვიყიდე. წარმოდგენა არ მქონდა, სხვა დროს სად უნდა ჩამეცვა. ნანიკო ჩემთან ორი დღით ადრე დარჩა. გეგმა ასეთი იყო, რომ ბანკეტის დღეს ლაშა მანქანით გამოგვივლიდა და რესტორანში წაგვიყვანდა, ამიტომ კლასელ ბიჭებს თავაზიანად ვუთხარით უარი. დილიდანვე აფორიაქებულები ვიყავით. გოგოს კაბა ისე მოსწონდა, ერთი სული ჰქონდა ჩაეცვა. დილით ადრე გავიღვიძეთ და სანამ სალონში წასვლის დრო მოვიდოდა, საუზმისთვის ჩავედით. ჭამა არ გვინდოდა, მაგრამ დედამ დაგვაძალა, საღამომდე მშივრები რატომ უნდა იყოთო. ფული მომცა და პურისთვის მაღაზიაში გამაგზავნა. ივლისის ბოლო იყო და დილის ათ საათზე უკვე საშინლად ცხელოდა. მთავარ ქუჩამდე ნელა ამოვუყევი. გზის მეორე მხარეს საცხობში უნდა გადავსულიყავი, მაგრამ იმ წამს წითელი აინთო და გზაჯვარედინზე შევჩერდი თუ არა, ზუსტად იმ საცხობის წინ, სადაც მე მივდიოდი, თვალი საშინლად ნაცნობ აღნაგობას მოვკარი, რომელიც გაზეთების ჯიხურში რაღაცას ყიდულობდა. გული ამიჩქარდა და მუშტები შევკარი. - ის არ იქნება. - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და ზუსტად იმ დროს შემობრუნდა გიორგი. ჩემკენ ისე გამოიხედა, თითქოს იცოდა, რომ იქ დავხვდებოდი. სუნთქვა შემეკრა. ჩემს სხეულზე ჟრუანტელი არ წყდებოდა. იქ იყო. მე კი ადგილიდანაც ვერ ვიძროდი. მკერდში სიბრაზისგან, წყენისგან, მონატრებისგან, სიყვარულისგან საშინელ სიმძიმესა და სიმხურვალეს ვგრძნობდი. ვერც კი მივხვდი, თვალები ცრემლებით როდის ამევსო, მაგრამ ლოყებზე გადმოცურების ნებართვა არ მიმიცია. ამას არ ვიზამდი. ახლა არა. გიორგი მიყურებდა და არ იძვროდა. არ მიდიოდა. ალბათ მელოდებოდა, როდის გადავიდოდი, მაგრამ შუქნიშანზე აინთო თუ არა მწვანე, ნაბიჯი თვითონ გადმოდგა და ზებრაზე გადმოსვლა დაიწყო. მოულოდნელობისგან უკან დავიხიე. თან მინდოდა წასვლა, თან არა. თან საშინლად მინდოდა მისი ნახვა, თან არა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მის წინ თავის შეკავებას შევძლებდი. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ასეთი ძლიერიც ვიქნებოდი. ჩემ წინ შედგა. გამაღლებული მეჩვენა. ცოტა გამხდარიყო, თმა შეეჭრა და სახეზე წვერი ოდნავ ეტყობოდა. თვრამეტი წლისას არ ჰგავდა, ცოტა უფრო მეტის შთაბეჭდილებას ტოვებდა. კაკაოსფერი, წყლიანი თვალებით შემომცქეროდა და მათვალიერებდა. მერე ოდნავ შეირხა და ამოიოხრა. ჩემკენ ერთი ნაბიჯი გადმოდგა და ჩამეხუტა. მეც გაუაზრებლად მოვხვიე ხელები და მისი თბილი სურნელი ხარბად შევისუნთქე. იმ წუთას ვერაფერს ვეტყოდი, ვერც ვუსაყვედურებდი და ვერც იმას გავუმხელდი, როგორ მენატრებოდა. ვერც შეკითხვებს დავუსვამდი. უბრალოდ მინდოდა, ასე ვმდგარიყავი და ბოლომდე დამეჯერებინა, რომ გიორგი აქ იყო. ჩემთან ასე ახლოს. - მაპატიე, მარიამ. - მითხრა და ვიგრძენი, როგორ ჩამოასრიალა თითები ჩემს გაშლილ თმაზე. სხეულზე სასიამოვნო ეკალმა დამაყარა. - ასე ნუ მეძახი. - მის მხართან საყვედურით ჩავიბუტბუტე. იმედი მქონდა, ჩემს აჩქარებულ გულისცემას ვერ გრძნობა. - შეიძლება დღეს საღამოს ბანკეტზე მიგაცილო? - მკითხა მისმა მონატრებულმა, რბილმა ხმამ და არ გავუშვივარ, ისე დაელოდა პასუხს. ჩემი პროტესტისთვის ყურადღება არ მიუქცევია. - შეიძლება. - ვუთხარი. - მაგრამ იმედია ხვდები, რომ ასე მარტივად ვერ გამოძვრები. გიორგის გაეცინა და გამიშვა. მის თვალებს ეტყობოდათ, რომ თავს დამნაშავედ გრძნობდა. მე კი საკუთარ თავს ვამჩნევდი, რომ ახლა, როცა ის ჩემ წინ იდგა, როცა ამდენი ხნის შემდეგ ძველებურად შემხვდა, ისე აღარ ვბრაზობდი მასზე, როგორც ადრე. ასეთ დროს ვერაფერს გახდები, წარმოუდგენლად ბევრი რამის პატიება შეუძლია გულს, როცა შეყვარებულია. - არა, გამოძრომას არც ვაპირებ. მოგისმენ და ყველა სილას დამსახურებულად მივიღებ. მითხრა, რომ მამამისიც აქ იყო და მასთან ერთად რაღაც საქმეზე უნდა ევლო. შევთანხმდით, როდის უნდა მოსულიყო ჩემთან და ერთმანეთს დროებით დავემშვიდობეთ. ისე ვიყავი დაბნეული, ლამის ისიც დამავიწყდა, სახლიდან რატომ ვიყავი გამოსული. დაბრუნებულმა მაშინვე ლაშას დავურეკე და გაბრაზებულმა ვკითხე, იცოდა თუ არა, რომ გიორგი ჩამოსული იყო. ნანიკომ ეს რომ გაიგო, ყვირილი დაიწყო და გაოგნებული მიყურებდა. არც მან იცოდა, მითხრა, მეც ცოტა ხნის წინ დამირეკაო. თავ-გზა ამებნა. აღარც ბანკეტი მინდოდა და არც ის ორდღიანი ექსკურსია. მთელი სამი დღე როგორ უნდა მომეცადა? მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, გიორგი რას მეტყოდა. როგორი იქნებოდა ჩვენი საუბარი. მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩემმა დამხმარე გონებამ, რომელსაც ნანიკო ერქვა, სწრაფად გამომაფხიზლა. გამოვიცვალეთ და სალონში წავედით მოსაწესრიგებლად. ლაშა ჩვენთან იმაზე ადრე მოვიდა, ვიდრე დაგეგმილი გვქონდა. ორივე უკვე მზად ვიყავით. დედა ამაყი და აწყლიანებული თვალებით გვათვალიერებდა. - ასეთი ლამაზები რომ ვართ, შენი დამსახურებაა, მაიკო დეიდა. - დედაჩემს ეხვეოდა ნანიკო. - თუ მანეკენი ლამაზი არაა, რაც გინდა ჩააცვი იმას, ჩემო გოგო. - წარბები აზიდა დედამ. - რამე ხომ არ გინდათ წასვლამდე? სანამ პასუხს გავცემდით, კარზე დააკაკუნეს. გიორგიაო, ყველამ ერთად ვთქვით და გაგვეცინა. ბიჭი ისე შემოვიდა სახლში, თითქოს პირველად ყოფილიყო, მაგრამ ერთ წელზე მეტი იყო გასული და მისი ის უხერხულობა არც მიკვირდა. ლაშას უკვე მოესწრო მისი ნახვა, ნანიკო კი მისკენ ხელებგაშლილი გაიქცა და მოეხვია. თან ხმამაღალი საყვედურებით ისე იკლებდა, რომ სათქმელი აღარაფერი დამიტოვა. - ეს ისევ ისეთი ხმაურიანია. - გაეცინა გიორგის და გოგო ხელით გვერდით გასწია. მერე დედა მოიკითხა და ჩემამდეც მოვიდა. გამიღიმა და შემათვალიერა. გაკვირვებული ჩანდა. პირველად მხედავდა სადღესასწაულო მაკიაჟითა და ჩაცმულობით. თავი უხერხულად ვიგრძენი. - რა გჭირთ ვერ გავიგე, ენა გადაყლაპეთ? - წამოიძახა ნანიკომ, გვერდით ამომიდგა და ხელები გაშალა. - კომპლიმენტები, კომპლიმენტები ცალტვინებო! რუსებს ეგ არ ეშლებათ, არ გასწავლეს? - წაკბინა გიორგის და ენა გამოუყო. - ძალიან ლამაზები ხართ ორივე. - თქვა მან და ლაშასთან ერთად ჩვენ წინ ჩამოჯდა. - უხეირო! - თვალები გადაატრიალა ნანიკომ. - გეყოფა, ისედაც იცი, რომ ლამაზი ხარ. - იდაყვი ვუთავაზე გვერდში და ვანიშნე, რომ გაჩუმებულიყო. სანამ რესტორანში წასვლის დრო დადგებოდა, მოკლედ და ზედაპირულად განვიხილეთ, რა ხდებოდა ამ ერთი წლის მანძილზე. გიორგისგან გავიგეთ, რომ მამამისი დროებით იყო ჩამოსული. მისთვის სახლი უნდა ეყიდა და ისევ უკან დაბრუნებულიყო, რადგან ბიჭი საქართველოში აპირებდა დარჩენას და ცხოვრების გაგრძელებას. როგორც ჩანდა, ურთიერთობა დაელაგებინათ და უკვე ორი ამბავი იყო მასზე, რაც მახარებდა. იცოდა, რომ გაუჩინარების გამო, მე და ნანიკო მასზე ნაწყენები ვიყავით და ვხედავდი, როგორ უხაროდა, როცა ჩვენ ჩვენი დამოკიდებულებით მისთვის დაძაბულობის მოხსნას ვცდილობდით. რა თქმა უნდა, ეს ის საუბარი არ იყო, რაც მე მისგან მჭირდებოდა, მაგრამ მანამდე ჯობდა, ჩვენ შორის უხერხულობა მოგვეხსნა, რომ ამას გულახდილობაში ხელი არ შეეშალა. ძალიან ცოტა დრო დასჭირდა იმას, რომ ჩვენ ოთხს შორის ისეთივე დიალოგები შემდგარიყო, როგორც ადრე. იქნებ ზუსტად ესაა მეგობრობა, რომ თვალს ხუჭავ ყველაფერზე და უსიტყვოდ გესმის მისი, ვინც შენთვის ძვირფასია? ლაპარაკმა ისე ჩაგვითრია, უკვე რვა იყო დაწყებული, რომ გაგვახსენდა, ბანკეტზე ვიყავით წასასვლელები. რვა საათზე რესტორანში უნდა ვყოფილიყავით. აღმოჩნდა, რომ გიორგის ბიძამისისთვის მანქანა ეთხოვებინა, ამიტომ გადავწყვიტეთ (უფრო ნანიკოს იდეა იყო), რომ მე გიორგი წამიყვანდა, გოგოს კი ლაშა. გზაში ბევრი არ გვისაუბრია. მხოლოდ იმაზე შევთანხმდით, რომ წამოსვლის წინ დავრეკავდით და მე და ნანიკოს წამოგვიყვანდა. - მოიცადე. - მითხრა, როცა მანქანა რესტორნის წინ გააჩერა. გადავიდა, კარი გამიღო და ხელი ღიმილით გამომიწოდა. მის ჟესტზე გამეცინა, ხელი შევაგებე და მეც გადმოვედი მანქანიდან. - ნანიკომ კი შემჭამა, მაგრამ ხომ იცი, რომ ლამაზი კომპლიმენტების თქმა არ მეხერხება. - ვიცი, ნუ აქცევ ყურადღებას. - მართლა ძალიან ლამაზი ხარ. ისედაც იყავი, მაგრამ... გიხდება ეს... - თვალი შემავლო. კაბაზე დავიხედე. გამახალისა მისმა დაბნეულობამ. - გაპრანჭულობა? - ჰო, რაც არის. - მადლობა, გიორგი. - გავუცინე. - კარგად გაერთე, ეს დღეები არაფერზე იფიქრო. მე წასვლას აღარსად ვაპირებ. - მითხრა და ჩემ უკან ნანიკოს გახედა, რომელიც რესტორნის კართან მიცდიდა. თავი დავუქნიე და დროებით დავემშვიდობე. 28 ივლისი, 2019 წელი *** სესილის ძველი მოსწავლეებიდან ათნი ვგროვდებით. ცარიელ დარბაზში ვსხედვართ და მის გეგმებს ვუსმენთ. მთელი საუბრის მანძილზე ქალს სახიდან ღიმილი არ შორდება და ვერ ავხსნი, ეს რამდენად სასიამოვნოა. მახსენდება მისი მეცადინეობები, მისი ჩვევები, სიმკაცრე და დისციპლინა. მასთან საუკეთესო წლები დავყავი. ახლა კი, როცა ცეკვებს გვინაწილებს და გვეუბნება, ვინ რას გავაკეთებთ, ასე მგონია, რომელიმე ფესტივალზე ვაპირებთ გასვლას და მღელვარებისგან ფეხზე გადადებულ ფეხს ვაქანავებ. ქართული, სამაია და აფხაზური აქვს გეგმაში. ამბობს, მონახაზს გაჩვენებთ, რომ ივარჯიშოთ. ვიცი, რომ ხშირად ვერ შეძლებთ აქ მოსვლასო. ჯერ აფხაზურით ვიწყებთ. მონახაზში რაღაც იდეებს ვთავაზობთ და ისიც უყოყმანოდ გვთანხმდება. როგორც ჩანს, ასაკმა მეტად დამთმობი გახადა. ისეთი პრინციპული აღარ ჩანს, როგორიც რამდენიმე წლის უკან იყო. მისი ქალიშვილი, ქეთევანიც აქაა და მისი შვილიშვილი სოფიც. - ბებო, შენი გოგონების სამაიის ფორმები მოგვერგება? - ეკითხება გოგო ქალს. - მგონი ცოტა პატარები არიან. - ნუ დარდობ მაგაზე, ჩემო ლამაზო, თქვენც მშვენიერი ფორმა გაქვთ შენარჩუნებული. - მოხუცი თვალს გვავლებს და ორი წამით ჩემზე აჩერებს მზერას. აი, ისევ! ამ მზერისგან სუნთქვა ისე მეკვრება, თავი მართლა მისი ჩვეული მოსწავლე მგონია. მერე ჩუმად მეღიმება. საბედნიეროდ, ამ თვალებით კონტაქტს ვერავინ ამჩნევს. სამაიასაც გავდივართ. საკმაოდ ლამაზი მონახაზი აქვს, ამიტომ იმას ვაკეთებთ, რასაც სესილი გვეუბნება. სცენიდან ვხედავ, სკამების პირველ რიგში ჩამომჯდარი ლაშა და გიორგი როგორ გვაჯავრებენ და ხელების მოძრაობებს აკეთებენ. მათ შემხედვარეს, კოლეჯის პერიოდი მახსენდება და მეცინება. - მარი, მიდი სანამ ქართულს გავივლიდეთ, ერთი შენე გამიკეთე. - მეუბნება სესილი. - ისევ ისე უნაკლოდ გამოგდის? - ვცდილობ, მასწ. - ჯერ კიდევ ვიმორცვხებ ქალის კომპლიმენტზე. - ნუ თავმდაბლობ, გოგო! - ქვემოდან მიყვირის ნანიკო. - გატყუებთ, მასწ. ბევრად უკეთესია ახლა. - მერე რა გაყვირებს. ეგ შეგშვენის? ცოტა ხნის წინ სამაიას ცეკვავდი. - თავს აქნევს სესილი და თვალით მანიშნებს დაიწყეო. ნანიკო ფხუკუნებს და გიორგის და ლაშას უკან აწურული იმალება. მე სცენის თავში ვიკავებ ადგილს, ჰაერს ხარბად ვისუნთქავ, წერტილს ვიღებ და სცენის კიდემდე ბრუნებით ჩავდივარ. აპლოდისმენტებს ვიღებ და მადლობის ნიშნად მაყურებელს თავს ვუკრავ. - კარგი გოგო ხარ. - თავს მიქნევს სესილი, მერე მიახლოვდება და ჩუმად მეუბნება. - ორი-სამი კილო დაიკელი და უკეთესი იქნები. - მასწ, ხელაძეს არ აწუხებს ჩემი ორი-სამი კილო. - ვეუბნები ნაწყენი, მაგრამ მაინც მეცინება. - ხელაძეა თუ ფეხაძე, არ ვიცი. ლამაზი ფიგურა გაქვს, მაგრამ ჩემი ქართულის ფორმის „ზმეიკა“ შენს ზურგზე შეუყოვნებლად უნდა ასრიალდეს. შევთანხმდით? - თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. როგორც ჩანს, თვალის სიზუსტეს ასაკმა ვერაფერი დააკლო. - აბა, ბატონო გიორგი. ამობრძანდით სცენაზე. - ეძახის სესილი. ბიჭი დგება. სანამ სცენაზე ამოვიდოდეს, ვგრძნობ, ნერვიულობისგან ხელ-ფეხი როგორ მეყინება, რადგან სოფიც აქაა. გოგო, რომელიც აქამდე მისი მეწყვილე იყო. აქაა და ახლა უნდა უყუროს, როგორ ანაცვლებს მას სხვა. უნდა უყუროს. ასე მშვიდად და იმ ღიმილით, რომლითაც მიახლოვდება. - მშურს. ბრუნები რა მაგრად გამოგდის. - მეუბნება გოგო. - გახსოვს თურქეთში რომ გნახე პირველად? მახსოვს, როგორი იდეალური იყო. რა კარგია, რომ ბოლომდე ინარჩუნებ. - ვარჯიში უნდა და ყველას გამოუვა. არც ისეთი რთულია. შენთვის მით უმეტეს. - ვეუბნები და ჩვენთან მოსულ გიორგის ვუღიმი. - ამასაც კარგად გამოსდიოდა. გამეცადინოს უთხარი. - არაა. - იცინის სოფი. - ასე მგონია წერტილი, რომელსაც დასაწყისში ვიღებ, სივრცეში მეკარგება და შუა გზიდან სადღაც მივფრინავ. - ვინ არ გაფრენილა სცენიდან, მშვენიერო? - მის თითებს იჭერს ბიჭი და თავაზიანად მიაცილებს დარბაზში ჩასასვლელ კიბეებამდე. სოფი კისკისებს. თითებს ერთმანეთში ვხლართავ და ველოდები, როდის მოგვაქცევს შვილთან მოსაუბრე სესილი ყურადღებას. გიორგი ისევ ჩემთან ბრუნდება. - რა გჭირს? - მეკითხება და ხელებს გულზე იკრეფს. ვიბნევი და კოპებს ვუკრავ. - არაფერი, რა უნდა მჭირდეს. - ნერვიულობ მგონი. - ეღიმება და მაკვირდება. - ნოსტალგიის ბრალია. - ხელებს მაჯაზე ვკიდებ და სცენის კუთხისკენ მიმყავს. - მარიამ, ხელები გაქვს გაყინული. - თითებს მიჭერს. - არ მაქვს. აქ დადექი და დავიწყოთ. - სწრაფად ვაქცევ ზურგს და მეორე მხარეს თითების ფშვნეტით მივდივარ. სესილი გვხედავს და ჩვენკენ მოდის. დარბაზის პირველ რიგში ჩამომსხდარ ჩვენს მეგობრებს ვავლებ თვალს. ნანიკოს ფეხი-ფეხზე გადაუდია, ნიკაპი თითებით უკავია და ინტერესით გვაკვირდება. სოფი ლაშას ელაპარაკება და თან ჩემსა და გიორგის შორის ცვლის მზერას. ნერვიულობისგან მუცელში რაღაც მაქვს დაჭიმული და ვგრძნობ, როგორ იშლებიან იქიდან ცივი ტალღები. „ - გამოგივა. მასთან ერთად უნდა გამოგივიდეს!“ - ვეუბნები საკუთარ თავს. ეს უბრალოდ მონახაზია. წერტილებია, რომლებიც უნდა დავიმახსოვროთ, ხასიათში მაშინ ჩავსვამთ, როცა იუბილე მოახლოვდება. ახლა მუსიკაც კი არაა. უბრალოდ თვლებია. ერთი, ორი სამი. მეტი არაფერი. - აბა, გიორგი! - ხელით ანიშნებს სესილი ბიჭს, რომ დაიწყოს. - წრე. გახსოვს იმედია, ჰო? - მასწ, როგორც პირველი სიყვარული, თქვენ და ქართული არასდროს დამავიწყდებით. - გიორგი ქალს მომხიბვლელად უღიმის. სესილი თავს აქნევს და მასაც ეცინება. ბიჭის ნაბიჯებს თვალს აყოლებს. - ერთი წრეც დაა... გასმები ხაზზე... ერთი, ორი სამი!.. გიორგი, მეორედ რომ მოხვალ ჩუსტები წამოიღე. და, მარი! - წელზე ხელით მიბიძგებს სესილი, რომ წინ წავიდე. წრე, ბრუნები, გაქცევები, ისევ წრე, ტრიალი. სრულ ფეხშიც კი არ მიწევს ცეკვა და ცოტა ვდუნდები. გიორგის თავი მშვენივრად უჭირავს. მე კი მოძრაობებს და სესილის ვაქცევ ყურადღებას. - კარგი, კარგია ბავშვებო. მარი, ძალიან ლამაზი ხელი გაქვს და ადრინდელისგან განსხვავებით, მშვენივრად დასრიალებ. - მიღიმის ქალი. - აბა რა მასწ, ჩემი ნიჭიერი გოგოა. - მხრებზე მხვევს ხელს გიორგი. - ჰოდა, დაუჯერე ამ გოგოს და როცა სამეცადინოდ დაგიძახებს, გაჰყევი. - სესილი ბიჭს გამაფრთხილებლად წარბებს უწევს. ის კი თანხმობის ნიშნად თავს უქნევს. - გესმის? - თვალებს ვუბრიალებ მას. გიორგი ლოყაზე მჩქმეტს. - გიორგი, შენ ჩემგან უკვე არაფერი გესწავლება. ქართული ისე იცი, როგორც ორჯერ ორი. უბრალოდ, როგორც ჩანს, დიდი ხანია არ გიცეკვია და მობილიზება გჭირდება. მარი, შენ კი გათავისება. ასე, რომ დადექით თქვენს სტუდიაში და მუსიკაში იმდენჯერ გაიარეთ, რამდენჯერაც არ დაგეზარებათ. - აუცილებლად, მასწ, - ვპირდები ქალს. - დღეის სწორს მოვალთ. ხომ აქ იქნებით? - აბა სად წავალ. - ხელზე მეფერება ის და კულისებისკენ გავდივართ. ერთმანეთს მალევე ვემშვიდობებით და არტ-ჰოლიდან გამოვდივართ. რადგან აქვე ვარ, დედასთან მისვლას ვგეგმავ. ის-ისაა ბაღში მოსეირნე მეგობრებს ვუბრუნდები, რომ ჩემი მობილური რეკავს. უცნობი ნომერია. - დიახ. - ვპასუხობ. - გამარჯობა მარი, ლუკა ვარ. - მესმის ბიჭის ხმა და ნაბიჯს ვაჩერებ. - ლუკა? - გაკვირვებული ვეკითხები. - ჰო. გაგაკვირვე, როგორც ჩანს და იმედია სასიამოვნოდ. - მაგას ცოტა ხანში გეტყვი. - მეცინება. ნანიკო თვალს მავლებს. ჩემი სათვალთვალო კამერა ყოველთვის აქტიურია. მათგან რამდენიმე ნაბიჯით უკან ვიხევ. - ცოტა ხნის წინ, ერთ ძალიან ლამაზ ადგილს ჩავუარე, თან ყავის ძალიან მაგარი სურნელი გამოდიოდა და გამახსენდი. მერე ისიც გამახსენდა, რომ დავითს შენი ნომერი მოვპარე და აი... - როგორი გულახდილი ხარ? - კიდევ უფრო გაკვირვებულს მეცინება. - პირველი ნახვისთანავე ისედაც ვერ მოგხიბლე. ბე გეგმა კი ზუსტადაც რომ გულახდილობაა. - კარგი, გასაგებია. - ვამბობ და ვფიქრობ. ჩემი გონება გამალებით მუშაობს. ისევ იწყება. მეორედ. და არ ვიცი, რა გავაკეთო. არ ვიცი, მას მერე როგორ მოვიქცე. არ ვიცი, უნდა ვცადო თუ არა კიდევ ერთხელ. არაფერი არ ვიცი. ღმერთო! - ვფიქრობ, ეს ადგილი უნდა ნახო. და კარგი იქნება თუ ყავასაც ერთად მივირთმევთ. მეგობრებისკენ ვბრუნდები, რომლებიც რაღაცაზე იცინიან. იმ წამს გიორგი იჭერს ჩემს მზერას და თავის გაქნევით მანიშნებს, თუ რა ხდება. ასევე ვპასუხობ, რომ არაფერი. - კარგი, ლუკა. მისამართი გამომიგზავნე. გარეთ ვარ და წამოვალ. მობილურს ვთიშავ და გასასვლელისკენ წასულებს ვეწევი. *** მეცინება ლუკას გამოგზავნილ მისამართს რომ ვკითხულობ. ეს ჩემი საყვარელი კაფე-ტერასაა, რომელში უკვე დიდი ხანია არ ვყოფილვარ. შენობის მეორე სართულზე ავდივარ და ტერასაზე გასულს, მაგიდასთან მჯდომი მხვდება. ნაჭრის შარვალსა და თეთრ მაისურში კარგად გამოიყურება. რომ მხედავს, დგება, მესალმება და დასაჯდომად სკამს მიწევს. - იმედი მქონდა, რომ უარს არ მეტყოდი. - იღიმის ბიჭი და ხელებს მაგიდაზე აწყობს. - რატომ უნდა მეთქვა. ალბათ რამდენი იწვალე ამ ადგილის შესახებ რომ გაგეგო. - ვეუბნები ნიშნისმოგებით. - სიმართლე გითხრა, არა. ფეისბუქზე ვნახე შენი “ჩექინები.” ორივეს გვეცინება. ვიცოდი, რომ ამას იტყოდა. მერე მიმტანიც მოდის. - ყავაზე კი დაგპატიჟე, მაგრამ თუ გინდა თითო ჭიქა ღვინო და ტკბილეული... - არა, არა. ყავა იყოს და ხილი. წყალიც თუ შეიძლება. - ვეუბნები მიმტანს და სესილის ხათრით დასაკლები ჩემი სამი კილოგრამი მახსენდება. თანაც, ღვინო პირველივე შეხვედრაზე, მაშინ, როცა ყველაფერს დაკვირვება სჭირდება, არ მგონია კარგი აზრი იყოს. - კარგი. - თავს უქნევს ლუკა მიმტანს. - კიდევ რა საჭირო ინფორმაცია ნახე ჩემს ფეისბუქზე? - ვეკითხები ინტერესით და ნიკაპს ხელისგულს ვაყრდნობ. - მმ... - ფიქრობს ის. - პოეზია გიყვარს. მგონი აზიაში გინდა მოგზაურობა. ბევრი არ გძინავს. თეთრი ფერი გიყვარს. - მგონი დროა ჩემი ექაუნთი დავკეტო. - მეცინება გაკვირვებულს. ტერასაზე დაახლოებით ორ საათს ვატარებთ. მხიარული ადამიანია, რომელსაც ცოტა ბევრი ლაპარაკი და ტრაბახი უყვარს, თუმცა თავს ამით არ მაბეზრებს. პირიქით, მისი ეს ხასიათი მაცინებს და კარგ განწყობაზე მაყენებს. უშუალოა და საუბრის დროს, არც უხერხული სიტუაციები იქმნება. შეკითხვებს მისვამს და პირველი შეხვედრის კვალობაზე, ჩემზე საკმაოდ დიდ ინფორმაციას იგებს. ასევე მეც. ჩემზე ორი წლით პატარაა და თუმცა გარეგნულად არ ეტყობა, მის ამ ტრაბახა ხასიათს ასაკს მივაწერ. ჩემთვის არ აქვს ამას მნიშვნელობა, მაგრამ რამდენჯერმე სპეციალურად ვუსვამ ხაზს. მაინტერესებს გაბრაზდება თუ არა, მაგრამ რეაქცია არ აქვს. ვიგებ, რომ მამამისს ავტონაწილების რამდენიმე მაღაზია აქვს და თვითონ ერთ-ერთი მათგანის მენეჯერია. არც იმას მიმალავს, რომ დიდად შრომისმოყვარე არაა და, რომ მამამისთან ამის გამო ბევრჯერ უწევს კამათი. მერე ვხვდები, რატომ მეგობრობს დავითთან და აღვნიშნავ კიდეც. ხუმრობას, როგორც მოსალოდნელი იყო, ხვდება და იმასაც მიყვება, როგორ გაიცნო ბიჭი. - შენს სამეგობროს შორიდან ვიცნობდი, როცა ნიასთან ვიყავი ხოლმე. - ამბობს ლუკა და თითებს მაგიდაზე ათამაშებს. - იყავი? - ვერ ვხვდები. - ჰო. სკოლის მერე, კოლეჯის პერიოდში შეყვარებულები ვიყავით. ნუ შეყვარებულები რა - ვხვდებოდით ერთმანეთს. - ბიჭი ისე იღიმის, რომ ყველაფერი აშკარაა. თვალები შუბლზე ამდის. ღმერთო ჩემო, ეს ამბავი ნანიკოს ჭკუიდან გადაიყვანს. - უყურე შენ? - ვამბობ და მახსენდება კოლეჯის ამბები. - რატომ გაგიკვირდა? - არა, არ გამკვირვებია, უბრალოდ... მოკლედ ძველი ამბავია, დაივიწყე. - ვოხრავ და საათს ვუყურებ. - ჩვენი დაშლის დროა? - მეკითხება ლუკა. - მგონი ასე ჯობია. დილიდან სამსახური... სამწუხაროდ, ანსამბლი მამაჩემს არ ეკუთვნის და ვერ დავაგვიანებ. - ნელ-ნელა ვაჩენთ კბილებს საკბენად, არა? - წარბებს სწევს ლუკა. - კარგი, რა. არ მითხრა, რომ გულზე მოგხვდა. - თავს ვაქნევ. - გულზე მხოლოდ თქვენი მშვენიერი ღიმილი მხვდება, ახალგაზრდა ქალბატონო. - ამბობს ბიჭი და ღიმილით შემომყურებს. ნაუცბათევი კომპლიმენტი მსიამოვნებს და მეც ღიმილითვე ვპასუხობ. - იცით, როგორ უნდა მოხიბლოთ ქალი, ახალგაზრდა ჯენტლმენო. - ნებას მომცემთ, ჩემი განსწავლულობით სხვა დროსაც მოვახდინო თქვენზე შთაბეჭდილება? - შესაძლოა. - მხრებს ვიჩეჩავ. - ოჰ, ეს ამოუცნობი პასუხები. - ტუჩებს მუწავს უკმაყოფილოდ. მეცინება. მერე მაგიდის საფასურს იხდის, კაფედან გამოვდივართ და გზის პირას ვჩერდებით. - შემიძლია სახლამდე მიგიყვანო. - თავის მანქანაზე მანიშნებს. - თუ ტაქსი გირჩევნია... - მანქანით ვარ, მადლობა. - ჩემს მანქანაზე ვუთითებ. და ისიც თავს მიქნევს. მობილურზე მესიჯი მომდის. ჩემი ცნობისმოყვარე დაქალია. ალბათ კვდება ინტერესით, თუ რა ხდება აქ. - და კიდევ ერთი მადლობა დღევანდელი საღამოსთვის, ლუკა. შენ ყველაფერში ისეთი გულწრფელი იყავი, მეც არ შემიძლია სიმართლე არ გითხრა. ცოტას ვყოყმანობდი, მოვსულიყავი თუ რამე მომემიზეზებინა... - ანუ, რადგან უარი არ მითხარ, რაღაც შარმი მაინც მაქვს. - იღიმის ის. - მართლა კარგი საღამო გავატარე. - მშვენიერია. - ჩემს ხელს იღებს ის და თითებზე მკოცნის. - მაშინ, ღამე მშვიდობისა, მარიამ. - ღამე მშვიდობისა. - ვუღიმი და ჩემი მანქანისკენ მივდივარ. შიგნით ვჯდები და თითებს საჭეს ვუჭერ. „მარიამ.“ ასე მხოლოდ გიორგი მეძახის. მხოლოდ ის. *** ნანიკოს მოკლედ ვუყვები, როგორი საღამო გამოვიდა, მაგრამ ვერ კმაყოფილდება. სახლში მისულს, კართან მხვდება ატუზული. სანამ აბაზანაში ვარ, თვითონ მოჰიტოს აკეთებს. - შენთვის ისეთი ამბავი მაქვს... გაგიჟდები, ნანი. - წარბებს ვუთამაშებ გოგოს. მაგიდასთან ვსხდებით, ოსურის დარჩენილი ორი ქამრის დასრულებას ვგეგმავ. გოგო მომლოდინედ მომშტერებია. - იცი, ლუკასგან რა გავიგე? ეგ და ნია კოლეჯის დროს ხვდებოდნენ. - არაა! - პირს აღებს გოგო და თვალებს ჭყეტს. მერე მალევე იაზრებს მოსმენილს. - ვიცოდი ღმერთო, ვიცოდი! ხომ ვამბობდი? გაიხსენე, რას ვამბობდი? ვიღაც ჰყავს-თქო, მაგრამ არავის სჯეროდა მაგისი ვითომ კდემამოსილი სახის გამო. კახპა გოგო! - ჰო, მახსოვს. - მეცინება. - ისიც მახსოვს, გამოსაჭერად რომ გაჰყევი. ძაან იდიოტი იყავი, ნანი. - უფრო ჯიბრიანი. დიდად არ შევცვლილვარ. ჩემო ინტუიციავ, ვაბოდებ შენზე. - ჭიქას მიჭახუნებს და სვამს. - კაი, მიდი მოყევი მაგ ლუკაზე. ერთი ნაკლი უკვე ვუპოვე, ნიას ყოფილია. - სხვა ბევრი ნაკლიც აქვს და ექნება კიდეც, მაგრამ რა გითხრა, ნორმალური ტიპია. კარგი საღამო გავატარე, მართლა. უშუალოა, კარგი იუმორის გრძნობა აქვს. - რატომღაც მდიდარი მამიკოს შვილის შთაბეჭდილებას ტოვებს. - ტუჩს ამრეზით სწევს ზემოთ. - ზედაპირულად ასე ჩანს, ჰო. მამამისს აქვს მაღაზიები და იქ მუშაობს მენეჯერად, მაგრამ ხასიათში არ აქვს ეგ, ჰო ხვდები. - შენ რას ფიქრობ არ ვიცი, მაგრამ ჩემი აზრით, შენი ტიპი არ არის. - შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ ფაქტია, კარგ ხასიათზე მაყენებს. ადამიანის აყოლიება და თავის ტალღაზე გადართვა შეუძლია. - ჰოო? ეგ იმას ხომ არ ნიშნავს, რომ მერე, ურთიერთობაში შეიძლება დომინანტობა მოიწადინოს? - არ მგონია. - თავს ვაქნევ და მოჰიტოს რამდენიმე ყლუპს ვსვამ. - ასეთი ტიპი არ ჩანს. - გამოდის შთაბეჭდილება მოახდინა. რას აპირებ? - მაგიდაზე ფრჩხილებს რიტმულად აკაკუნებს. - არ ვიცი. ალბათ მივცემ შანსს მასაც და ჩემს თავსაც. - კარგია, მარ. თუ ოდნავ მაინც მოგწონს, შეიძლება ყველაფერი კარგად წავიდეს. - პირველი ცდის მერე მეშინია, სიმართლე რომ გითხრა. - რის? რომ ისევ არაფერი გამოვა? - ჰო. და ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, რომ ასე იქნება. 29 ივლისი, 2019 წელი *** მე და გიორგის მანქანიდან ოსურის ფორმები გადმოგვაქვს და სტუდიაში ავდივართ. ქობულეთის ფესტივალამდე ერთი კვირაც არაა დარჩენილი და ძალიან ვღელავ. ჩვენს დამლაგებელს ალბათ ჩვენზე მეტად უხარია. ფანჯრები ღია გვხვდება და რაფებზე შემოწყობილი ჩემი ყვავილებისთვის წყალიც კი დაუსხამს. ფორმებს მაგიდაზე ვაწყობთ და ბავშვებიც მალევე იწყებენ მოსვლას. ფორმებს რომ ხედავენ თვალები უნათდებათ. სანახავად ახლოს მოსვლას ვერ ბედავენ და ვხედავ, როგორ აკვირდებიან შორიდან. ცოტა ხანში ყველას თავის ფორმას ვაძლევ. თავქუდმოგლეჯილები გარბიან გასახდელში გამოსაცვლელად. მერე კი, მწყობრში ჩამდგრებს, ჩოხებში, კაბებსა და ჩიხტებში გამოწყობილებს რომ ვუყურებ, სიამაყისგან და კმაყოფილებისგან გული ძლიერად მიძგერს. - როგორ მომწონს. - ვეუბნები გვერდით მდგარ გიორგის. - მართლა ძალიან ლამაზი გამოვიდა. - ღიმილით ავლებს თვალს მოსწავლეებს და ერთ-ერთს ეძახის, იმას ვისაც წვერზე მივეცი შენიშვნა. - ბერიანიძე, ნუ ცანცარებ მანდ! - დაგვცხა, მასწ! - პასუხობს ბიჭი. - მოთმინებაზე რამე გსმენია? ერთხელ გავიაროთ და გაიხდით. - ბერიანიძე უკმაყოფილოდ ფრუტუნებს. - სახე გაასწორე, თორე სოლოში პარტნიორს შეგიცვლი! ჩვენც ასე ვწუწუნებდით? - მეკითხება გიორგი ჩუმად. - დიახ. - მეცინება. გიორგი მხრებს იჩეჩავს, ვერ ვიხსენებო და მუსიკას რთავს. რეპეტიციის შემდეგ სტუდიაში ვრჩებით. მალე მეგობრები მოვლენ და სესილის ცეკვებს გავივლით. გიორგი წყლის ბოთლს მაძლევს და ჩემს გვერდით ჯდება. იმ წუთას ფეისბუქის მესენჯერზე შეტყობინება მომდის. ლუკაა. „ - ახლო მომავალში კინოტური ხომ არ დაგვეგეგმა?“ - ღიმილს ვერ ვიკავებ, მაგრამ გიორგის ახლოს ყოფნა უხერხულ სიტუაციას მიქმნის. „ - შეიძლება.“ - ვწერ ბიჭს და მობილურს ვდებ. - მგონი ორი მშობელი გამოგვაკლდა. - მეუბნება ის და სიას ჩაჰყურებს. - ქობულეთზე ამბობ? - წყალს ვსვამ. - ჰო. ცუდია, სრული დაფინანსება რომ არ გვაქვს. ფულს „ციცინათელასთვისაც“ ავკრეფდით. - არა უშავს. მეორე წელს კიდევ ვცადოთ. წელს ბოტანიკურში წავიდეთ. ან მშობლებსაც დაველაპარაკოთ. თუ შვილებისთვის ჯიბეზე ხელის გაკვრა არ დაენანებათ, ციცინათელაშიც წავიყვანთ. - ჰო ეგეც მართალია. - ამბობს. მე ისევ მესიჯი მომდის. „ - შეიძლება? ისევ? გუშინაც და დღესაც? ხუმრობ?“ ისევ მეღიმება. „ - მოგვიანებით გიპასუხებ. რეპეტიციაზე ვარ.“ მობილურს ვდებ და ვხედავ, როგორ აყოლებს მას თვალს გიორგი. მერე ჩემს სახეს ამჩნევს. - ვის წერ? - მეკითხება. გული გამალებით მიწყებს ძგერას. მის შეკითხვაზე ისეთი რეაქცია მაქვს, თითქოს ვინმესთან ურთიერთობას მიკრძალავდნენ. - აამ... ლუკას. - ვეუბნები, სიას ვართმევ და მეც ვიხედები, ვითომ რამე მაინტერესებდეს. - ლუკას? - ცალ წარბს სწევს გიორგი და თავჩახრილს ქვემოდან მიყურებს. ცდილობს თვალებში შემომხედოს. - იმ ტიპზე ამბობ? - ჰო. დილით ფაისბუქზე დამამატა და... - მერე? - რა მერე? - მხრებს ვიჩეჩავ. - ანუ... რამე ხდება? - ისევ მაკვირდება. - ჯერ-ჯერობით მხოლოდ ის, რომ გუშინ ტერასაზე შევხვდით. - ჩემი სულერთიას როლი ისევ პროფესიონალურ დონეზე თამაშობს. - შეხვდით. - იმეორებს და ერთი წამით ფიქრობს. - შენს ტერასაზე. - ჰო. - ნანიკომ იცის. - გიორგი... - თვალებს ვატრიალებ. - ჩემთვის თქმას არ აპირებდი? - რა თქმა უნდა, ვაპირებდი. - ვუბრაზდები. - ნუ გაქვს რა ეს ტონი. - არანაირი ტონი არ მაქვს. როგორი ტიპია? - იატაკზე ჩამომჯდარი, ხელისგულებს პარკეტზე აწყობს. დარწმუნებული ვარ, ამას მხოლოდ იმიტომ მეკითხება, რომ წყენის თემა შეცვალოს, მაგრამ მე მაინც ვპასუხობ: - რა ვიცი. ნორმალურად მხოლოდ გუშინ ვილაპარაკეთ. ასე, რომ ერთი შეხედვით ცუდი არაა. - სახლამდე მიგაცილა? - მანქანით ვიყავი. - აჰა. - წარბებს სწევს. - მოგწონს? - მაინტერესებს, შეძლებს თუ არა, რომ მომეწონოს. - გამოუვა? როგორ ფიქრობ... - არ ვიცი. - შევამჩნიე სოფის დაბადების დღეზე... სიმართლე თუ გინდა, დიდად თვალში არ მომდის. - მივცეთ შანსი. იქნებ დაიმსახუროს ჟიურის სიმპათია. გიორგის მკრთალად ეღიმება. - ნუ მიბრაზდები. ასე გამოვიდა უბრალოდ. შენთვის რამის დამალვა აზრადაც არ მომსვლია. - მისკენ ვიწევი და ლოყაზე ვკოცნი. - თუ რამე არ მოგეწონება, მაშინვე დაახვევინებ. თუ შენ არა, მაშინ... - გიორგი! - ვაწყვეტინებ. - ვიცი, არავინ არაფერს მაიძულებს. და საერთოდაც. ძალიან სერიოზულად იღებ ამ ამბავს. სანამ შეტევაზე გადმოსული გამომეტყველებით რამეს მეტყოდეს, სტუდიაში ლაშა და ნანიკო ხმაურით შემოდიან. მეც ვდგები და მათკენ მივდივარ. *** ღმერთო! ეს რეპეტიცია არაა. ეს უბრალოდ ჩვენი ძველი ცეკვების და სოლოების გახსენებაა. არც ველოდი, რომ სესილის მოცემულ დავალებას, პირველივე ცდაზე სერიოზულად მოვეკიდებოდით. ამ გეგმას ბოლომდე ჩაშლილად მაშინ ვაცხადებთ, დავითი ლუდის შეკვრით რომ შემოდის. მერე სოფი და ხატიაც მოდიან და კიდევ ოთხი ჯგუფელი. დროს კარგად ვატარებთ, მაგრამ ეს ნამდვილად არ არის საშინაო დავალების შესრულება. ლუკას კინოში წასვლას ორი დღის შემდეგ ვუთანხმებ და ამჯერად ამ ამბავს ნანიკოსაც და გიორგისაც ვეუბნები. - მიდი დაო, ბოლომდე მოაჯადოვე ეგ ბიჭი. - ლოყაზე მკოცნის ოდნავ ნასვამი ნანიკო და ვიცი, რომ ამას გიორგის რეაქციის სანახავად ამბობს. ასე ბევრჯერ გაუკეთებია. მაგრამ მის სახეზე ვერც ამჯერად ხედავს სასურველ გამომეტყველებას. მერე მობილურს ცენტრზე აერთებს, თავისი ფლეილისტიდან რაღაც ელექტროს რთავს და საცეკვაოდ გვეპატიჟება. სახლში მისული შხაპს ვიღებ, ყავას ვიკეთებ და ჩემი ფურცლებით საძინებელში შევდივარ, მაგრამ რატომღაც წარსულის გახსენება არ გამომდის, ან უბრალოდ არ მინდა. ერთხანს იმასაც ვფიქრობ, რომ წერის სურვილი დავკარგე, მაგრამ უკანასკნელ წინადადებებს რომ ვავლებ თვალს, ვხვდები, რომ ახლა ძილის გარდა არაფერი მინდა. ფიქრებისგან თავის დასაღწევად ეს ყველაზე კარგი გამოსავალია. *** სოფის დაბადების დღე ჯერ არ დასრულებულა. მაგიდა ძალიან ხმაურობს, მაგრამ ეს ხმაური სასიამოვნოა. იმ მქუხარე ტაშს ჰგავს, სცენიდან, გულაჩქარებულს რომ გესმის. მე და გიორგი მაგიდის თავსა და ბოლოში ვსხედვართ. ხელში ღვინის ჭიქა მიკავია და ვგრძნობ, რომ ჩემს ორგანიზმში სასმელი ძალიან ბევრია. ალბათ ამიტომაა, წამდაუწუმ რომ თვალი გამირბის ბიჭისკენ. რამდენჯერმე გიორგიც ამჩნევს ჩემს მზერას და ზუსტად იმ სიყვარულით მიღიმის, როგორზეც მიოცნებია და არა მეგობრული სითბოთი. მსიამოვნებს, მაგრამ არ ვიმჩნევ. თითქოს ამჯერად როლები გვაქვს გაცვლილი. თითქოს მას ვუყვარვარ და ცდილობს თავი არ გაყიდოს. სოფიც აქაა. მაგიდის შუაში ზის და ამ ყველაფერს ვერ ხედავს. იმასაც კი ვფიქრობ, ნეტავ თუ იცის, რომ ბიჭს მე ვუყვარვარ და არა ის. მერე ვხედავ, როგორ დგება გიორგი, მაგიდას უვლის, ჩემთან ჩერდება და ხელს მიწვდენს. ვყოყმანობ. სოფის ვუყურებ. ის ვერც კი გვხედავს. მერე კი გამოწვდილ ხელს ვეჭიდები და ვდგები. გიორგი მიდის. ერთ კარს აღებს, მერე მეორეს, მესამეს და ჩერდება. რესტორანში აღარ ვართ. ეს... ეს ნანიკოს სახლია. მისი დის ოთახი. ბიჭი საწოლზე ჯდება. მე კი მის გვერდით. გადაჭდობილ თითებს მაგრად ვუჭერ ერთმანეთს. ვუცდი და მოლოდინით გული მისივდება. - ვიცი. - მეუბნება გიორგი. ვხვდები, რასაც გულისხმობს და სხეულზე ჟრუანტელი მივლის. თვალებს ვხუჭავ და ვცდილობ გავიაზრო, რომ მთელი ეს დრო თავს ვიტყუებდი. ცრემლები კალაპოტს არიან მოწოლილები და მხოლოდ ნებართვას ელოდებიან. თვალებს ვახელ. ახლა ჩემს ოთახში ვართ, ჩემს სახლში. საწოლზე კი ფურცლებს ვხედავ, ჩემს ფურცლებს შიშისგან გული მიჩქარდება. გიორგიმ ეს არ უნდა ნახოს. არც ერთ შემთხვევაში. ხელს ვავლებ და ზურგს უკან მიმაქვს. ბიჭს კი ეღიმება. - ვიცი. - მეუბნება ისევ და ოდნავ ჩემკენ იხრება. ვგრძნობ, როგორ მაწვება ყელში ტკივილი და ამდენწლიანი მოთმინება ერთიანად თავისუფლდება ჩემგან. ცრემლები მაინც გადმოდიან ლოყებზე და ვტირი. გიორგი ხელებს მხვევს და გულზე მიკრავს. საოცარ შვებას და სიმსუბუქეს ვგრძნობ, მაგრამ დიდხანს არ გრძელდება. დაღლილს მეღვიძება და ცრემლებს ვიწმენდ. თავი 4 30 ივლისი, 2019 წელი *** ამჯერად ყველაფერი უფრო სერიოზულად ხდება. ამჯერად ჩემი და გიორგის ქართულის რეპეტიცია მოზარდების გართობას აღარ ჰგავს. მისი მხრებიც უფრო გაშლილია და ჩემი ნაბიჯებიც უფრო მოზომილი. შეიძლება იმიტომ, რომ ჩვენს ცეკვას სოფი ადევნებს თვალს. სოფის კი ბებიის დისციპლინა მემკვიდრეობით საკმაოდ უხვად ერგო. ან შეიძლება იმიტომ, რომ ჩემი სიზმარი თავიდან არ ამომდის და გონებაში გამუდმებით სიტყვა „ვიცი“ ტრიალებს. მიუხედავად ამისა, ვცდილობ, ისეთივე იდეალური მექართულე ვიყო, როგორც სოფია. ვცდილობ, სესილიმ არ ინანოს, რომ შვილიშვილის ნაცვლად, საკუთარ იუბილეზე მთავარი ცეკვა სხვას მისცა. მონახაზს ბრუნით რომ ვასრულებ, ჩაკეტილ ფილტვებს ჰაერს ვაწვდი და სხეულს მოდუნების საშუალებას ვაძლევ. სოფის და გიორგის ვუღიმი და გოგოს ხელების ფშვნეტით ვუახლოვდები. - როგორია? - ვეკითხები შენიშვნების მოლოდინში. - ძალიან კარგი ხარ, მარ. მიკვირს, აქამდე რატომ არ ჰყავდი სესილის მექართულედ. - მხრებს იჩეჩავს გოგო და გიორგის თვალებით ეკითხება. ბიჭიც მხრების აჩეჩვით პასუხობს. წავედიო, ამბობს ის, წყლის ბოთლს იღებს და ჯგუფელებისკენ მიდის. - მადლობა, სოფი. მიხარია, რომ მოგწონს. მაგრამ შენსავით მაინც არ გამომდის. - ვეუბნები და თან ზუსტად ვიცი, რომ ასეა. - რა თქმა უნდა, ერთნაირად არც გამოგვივა. შენ შენი მანერა, მკლავი და მზერა გაქვს. შენი და გამორჩეული. წლებთან ერთად, ცეკვაში ბევრი რამ იცვლება. ჩვენ ხომ მაინც ვიცით ეს. - ჰო, მაგრამ სესილი ამას ვერ ეგუება. - აღვნიშნავ სიცილით. - სამი კილო დაიკელიო, მითხრა. - ხუმრობ? - გაოცებული მეკითხება გოგო და ისიც იცინის. - ღმერთო, სესილი, რა ტიპია. - ვერ გავამტყუნებ. ქართულს თავისი ფიგურა აქვს. - თქვენი ნებაა, ამჯერად მე არ ვერევი. - ხელებს სწევს გოგო და სამაიის გასავლელად, მობილურზე მოლაპარაკე ნანიკოს ეძახის. *** ლუკა უკვე ჩაბნელებულ ოთახში პოპკორნითა და პეფსით ხელში შემოდის და კოლოფს მაწვდის. - მადლობა. - ვართმევ ბიჭს და ბატიბუტს ვაგემოვნებ. - იმედია რომანტიკულ კომედიას არ ელოდები. - მეუბნება ის, როცა სავარძელში თავსდება. - რატო? - რაც იყო, ძალიან დებილობა იყო და ვერ გაკადრებდი. თანაც, სტერეოტიპების დამსხვრევის მომხრე ვარ. ვინ თქვა, რომ პაემანზე მხოლოდ რომანტიკულ დრამებს უნდა უყურო? - ანუ პაემანზე... - ვუყურებ ბიჭს. ლუკას ეცინება. - ოდესმე ეს სიტყვა ხომ უნდა ვახსენოთ და ინიციატივას ჩემს თავზე ავიღებ. - ვინმეს შენზე გაბრაზება შეუძლია? - ვეკითხები. - მამაშენის გარდა, რა თქმა უნდა. - ძირითადად იმაზე ბრაზობენ, რომ ჩემზე ვერ ბრაზდებიან. - ხვდება, რატომაც ვეკითხები და საკმაოდ კონკრეტულად მპასუხობს. - მინდა ხოლმე ხანდახან გისაყვედურო, მაგრამ ძალიან სასაცილო ხარ და არ გამომდის. - ძალიან კარგი, მერე. საყვედურებისთვის ცალკე საზოგადოება მყავს და შენ მათ რიცხვში არ ხარ. იმედია არც იქნები. - თვალს მიკრავს ბიჭი. დარბაზი ივსება. ფილმი საკმაოდ საინტერესო და დაძაბულია. ჰორორსა და თრილერს შორის მერყეობს. და კი, ლუკასთან ერთად რომანტიკული დრამის ყურებას, ნამდვილად ეს მერჩივნა. ნანიკო აქაც არ მტოვებს მარტოს და მწერს, მერამდენე რიგში სხედხართო. თავს ძლივს ვიკავებ, რომ სიცილი არ ამიტყდეს და გოგოს შუათითის სმაილს ვუგზავნი. დარბაზიდან კმაყოფილი გამოვდივარ. ლუკა იქვე, პიცის ჭამას მთავაზობს. ჩემი მოკლე დიეტის გამო, უარი მინდა ვუთხრა, მაგრამ ამის კიდევ ერთხელ გაკეთების მერიდება და ვთანხმდები. უგემრიელეს პეპერონს მივირთმევ. - შენ რას ისურვებდი, ასეთი ოთახი რომ აღმოგეჩინა? - მეკითხება ბიჭი. - რო მცოდნოდა, სინამდვილეში რასაც აკეთებს ოთახი, არაფერს. - შუბლს ვკრავ. - არა. აი, წარმოიდგინე. სულ ახლახან აღმოაჩინე, რომ ოთახი გაქვს და რასაც ეტყვი მოგცემს. ჯერ არ იცი, რომ კედლებია. რას სთხოვდი? ვფიქრობ. არა. საკუთარ თავთანაც არ ვიტყვი იმას, რომ გიორგის სიყვარულს ვთხოვდი. ილუზიებში არასდროს გავჭრილვარ. მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მძიმე შემთხვევა ვარ, რეალობის შეგრძნება არასდროს დამიკარგავს. - კედლები მხოლოდ მატერიალურ სურვილებს ასრულებდნენ. ჩემი სურვილები კი არამატერიალურია. ამიტომაც, დავრჩებოდი ასე. - კაი რა... თავს ნუ მაჩვენებ. არ ხარ ასეთი მოსაწყენი. დაფიქრდი. - არ ვიცი. ალბათ დიდ და კომფორტულ სტუდიას. საკუთარს. რომ ქირა არ მეხადა. - მეცინება. - ახლა მხოლოდ ეგ მჭირდება. შენ? - მანქანას... - თითზე ითვლის. - რა თქმა უნდა. - თვალებს ვატრიალებ. - შლიაპას და პერსონალურ თვითმფრინავს. - თვითმფრინავს? - მეცინება მის ბოლო ორ ვარიანტზე. - ჰო, აზიაში გადავიდოდით. - წარბებს სწევს ნიშნისმოგებით. - ახლა გასაგებია. - საწრუპს ვიდებ პირში. ამ თემის გავრცობა დიდად არ მინდა. - და შლიაპა რად გინდა? - რავი, მაგრად ცხელა იქ და სახეზე მზე რო მეკიდება, კანი მიჭრელდება. - ამბობს ლუკა და ღიმილით ადევნებს თვალს, როგორ ვეღარ ვსუნთქავ სიცილისგან. მალე ვტოვებთ კაფეტერიას და ისევ ჩვენ ჩვენი მანქანებით ვიშლებით. სახლში მისული ტანსაცმელს ვიცვლი, ფურცლებს ვიღებ და აივანზე გავდივარ. ფურცლები ივლისი, 2009 წელი *** - ძალიან რთული იყო, მარიამ. - ლაშას და ნანიკოს წასვლის შემდეგ, მე და გიორგი ჩემს ოთახში მარტო დავრჩით. ჰოდა, როგორც დამპირდა, თავის სათქმელს არ გაჰქცევია. - მამამ რომ დამირეკა და მითხრა, დედაშენი ძალიან ცუდადააო, ჯერ ეგ ძლივს გავაცნობიერე. მერე მითხრა, რომ დედაჩემს გონება ორი თვის უკან დაუკარგავს და მაშინ აღმოუჩენიათ თავზე სიმსივნე. უთხრეს, რომ ქიმიოთერაპიები არც ისე დიდი ხნით გაუხანგრძლივებდნენ სიცოცხლეს. რომ ჩავედი, ბოლოს მაშინ გაიკეთა. მის უკუჩვენებებს ვერ უძლებდა და თავის დანებება გადაწყვიტა. თავიდან ვერ ვეგუებოდი. წარმოგიდგენია? დედაშენი გეუბნება, რომ უნდა მოკვდეს და შენ ვალდებული ხარ, ამ აზრს მიეჩვიო. - აქ წამოსვლა არ უნდოდა? - ვკითხე ჩუმად. - ვუთხარი, მაგრამ არა. ნათესავები რატომღა ვანერვიულო და დავზაფრო ჩემი ყურებითო. - თავს აქნევს ბიჭი. - ასეთ რაღაცებს რომ ამბობდა, თავს ძლივს ვიკავებდი, რომ ჩხუბი არ დამეწყო. დედა, რომელიც ყველანაირ მდგომარეობაში მსოფლიოში ყველაზე ლამაზი ქალი გგონია და ამ დროს, საკუთარ თავზე ასე ლაპარაკობს... ცალკე მამა. თავიდან ვცდილობდი დედაჩემი დამეყოლიებინა, რომ მკურნალობა გაეგრძელებინა და თემო რომ ამისთვის არაფერს აკეთებდა, წყობიდან გამოვდიოდი. ერთხელ, თამო ცუდად გახდა და საავადმყოფოში რომ წავიყვანეთ, მაშინ დამელაპარაკა ექიმი. ამიხსნა, რომ არ ჰქონდა აზრი არც ქიმიოთერაპიებს და არც ოპერაციას. ჯობდა, დედაჩემისთვის სახლში მშვიდი გარემო შემექმნა. სულ ნერვებზე ვიყავი. არაფერი მაინტერესებდა. შენ გწერდი, მაგრამ ხომ ვიცი, როგორც გწერდი. ვფიქრობდი, რომ ასეთ მეგობარს არ იმსახურებდი. - ეგ როგორ იფიქრე? - ვაწყვეტინებ. - გიორგი, მეგობრები მხოლოდ მაშინ ვიყავით, როცა ვცეკვავდით და ერთად ვგიჟობდით? როცა მართლა გჭირდებოდი, მაშინ არ მომეცი დახმარების უფლება. - ვიცი. მაგრამ ძალიან შემცვალა თამოს სიკვდილის მოლოდინმა. დღისით უცინი, მასთან ერთად ხარ მთელი დღე. საჭმლის გაკეთებაში ეხმარები, ხან დაუთოებაშიც. ფილმებს უყურებთ ერთად, მონოპოლიას თამაშობ მასთან და მის დაქალებთან. ღამე კიდევ დაწვები და ფიქრობ, როგორი იქნება მისი სიკვდილი, მისი სამძიმრები, დაკრძალვა. მერე ისევ თამაშობ, ვითომ არაფერი ხდება, ძალიან ჩვეულებრივი დღეა და არც დედაშენს უჭირს სუნთქვა. რომ დაახველებს, ისე უნდა მიიღო, ვითომ გაციებულია. არავისთან არ მინდოდა ამაზე ლაპარაკი. არც შენთან. სხვანაირს მიცნობდი და არ მინდოდა ისეთი გენახე, როგორიც მაშინ ვიყავი. - იქაური მეგობრები? - ისინიც ცდილობდნენ ხოლმე ჩემს გარეთ გატყუებას. ხანდახან ფეხბურთის სათამაშოდ გავდიოდი. მერე ცუდად წავიქეცი და იმასაც შევეშვი. ლაშას ველაპარაკებოდი და ვიცოდი, რომ ნაწყენები იყავით შენც და ნანიკოც. დიდი დრო იყო გასული, როცა ვიფიქრე, რომ მომეკითხე, მაგრამ ვიცოდი, ძალიან გამიბრაზდებოდი. სწავლობდი, არ მინდოდა ყურადღება გაგფანტოდა. - ხუმრობ, ალბათ. ეს... ეს რა მიზეზია, გიორგი. რას ნიშნავს, ყურადღება გამფანტოდა? ჰო, შეიძლებოდა ცოტა გავბრაზებულიყავი კიდეც. ან არა. იქ, გზაჯვარედინზე მეტყობოდა, როგორ ვბრაზობდი? არა. არადა, მინდოდა მუშტებით მეცემე. - ბოლომდე ვერ აგიხსნი ჩემს საქციელს, იმიტომ, რომ თვითონაც არ ვიცი, რა დამემართა ასეთი. მინდოდა შენთან საუბარი, მაგრამ არ გამომდიოდა. ეს თავის გამართლება არ არის. ვიცი, რომ დამნაშავე ვარ. უბრალოდ, მიზეზის ახსნას ვცდილობ და მგონი ეგეც არ გამოდის. - გამოდის. უბრალოდ არასწორია და ეს მწყინს. ვფიქრობდი კიდეც, რომ არ გინდოდა საუბარი, არ შეგეძლო. და თავს ვიკავებდი. მერე ისიც ვიფიქრე, იქნებ ჩავაცივდე, იქნებ სჭირდება, რომ მე ავიყოლიო საუბარში-თქო, მაგრამ იმისიც მეშინოდა, ამის გამო არ გაბრაზებულიყავი. - დიდი გაუგებრობა იყო. - მკრთალად გაიღიმა ბიჭმა. - ჩამოსვლა რომ გადავწყვიტე, პირველად ის ვიფიქრე, ნეტავ მარიამის მუშტს თუ გადავურჩები. და თუ გადავურჩი, ნანიკო უეჭველი მიმაძაღლებს-თქო. - ორივემ დაგინდეთ. - ჰო, ვხედავ ამას და თან ამბიციაც მაქვს, რომ ყველაფერი ძველებურად იყოს. - ქვედა ტუჩი ამოაბრუნა გიორგიმ. გამეცინა და ხელები გავშალე. - ჩემი დამნაშავე ბიჭი. - მოვეხვიე და თავზე მოვეფერე. - ოთარი როგორ გყავს? - მკითხა უცბად. - ყველაფრის საქმის კურსში ხარ, ჰო? - მაშინვე გავუშვი და წარბები შევუკარი. - ნანიკო ამბობდა რაღაცას, ყავას რომ აკეთებდი მაშინ. გამოგიტყდა როგორც იქნა? გულზე დავიკრიფე ხელები და ნოხზე მჯდომი საწოლს მივეყუდე. ამდენი ხნის შემდეგ, მის მიმართ ასე გამყარებული გრძნობის ფონზე, ძალიან ძნელი უნდა ყოფილიყო სხვა ბიჭთან ურთიერთობაზე საუბარი. - ჰო. არც ისე დიდი ხნის წინ. - მერე? - მკითხა ცნობისმოყვარედ. - მითხრა, რომ მოვწონდი. მაგრამ მშვიდად ვისაუბრეთ და ჩემი უარიც ძალიან მშვიდად მიიღო. ოთო კარგი ბიჭია. ისეთი არ აღმოჩნდა, როგორსაც სკოლის დროს ვიცნობდი. - და მაინც უარი უთხარი. - ჰო. - მხრები ავიჩეჩე. - რატო? - მარტივი მიზეზის გამო, გიორგი. ისე არ მომწონდა, როგორც მას მოვწონდი. მეგობრები ვიყავით და ასე დავრჩით. - ძალიან კარგი. - დივანს მიეყრდნო. - რა? რატო? - გაკვირვებულმა შევხედე. - იმიტომ. მასთან მაინცდამაინც აუცილებელი არც მეგობრობაა. ჩემი მეგობრის მეგობარი რომ ჩემი მეგობარი არ იქნება, ეგ აზრი დიდად არ მხიბლავს. - ახლა ეჭვიანობ, თუ მეჩვენება? - თვალები გამიფართოვდა გაოგნებულს. - რაც გინდა ის დაარქვი, მარიამ. - წარბები აზიდა, წყლის ჭიქას გადასწვდა და მოსვა. სიცილი ამიტყდა, მაგრამ თვითონ წარმოდგენაც არ ჰქონდა, როგორ მიხაროდა მისი ამ სახის დანახვა. შესაძლოა მხოლოდ მეგობრულად, მაგრამ ეჭვიანობდა და თან ასე აშკარად. მერე გავჩერდი. რადგან კიდევ ერთი საკითხი მქონდა მასთან განსახილველი. - რატომ მეძახი მარიამს? რამდენიმე წამით, სანამ მიპასუხებდა, ჭიქას უყურა. - არ ვიცი, უბრალოდ, მარიამი გახდი და როცა ასე მოგმართე, მომეწონა. - ასე არ მქვია, ხომ იცი. და მე არ მომწონს, გიორგი. - არა უშავს. - გამიღიმა მან. - მიეჩვევი და მოგეწონება. აგვისტო, 2009 წელი *** „ზბორების“ პირველი დღე იყო, სტუდიაში სესილისთან ერთად ლამაზი შავგვრემანი გოგო რომ შემოვიდა. იდეალურად შეკრულ კოსაზე შავი ლენტი შემოეხვია. პატარა ცხვირი და მსხვილი ვარდისფერი ტუჩები ჰქონდა. გრძელი წამწამებიდან მზეებივით ანათებდნენ თაფლისფერი თვალები. გამხარი იყო და ქალს უკან ნარნარა სიარულით მიჰყვებოდა. მორიდებით გვათვალიერებდა ცნობისმოყვარე ჯგუფელებს, რომლებიც ერთმანეთში ჩურჩულებდნენ, მაგრამ სიმორცხვე არ ეტყობოდა. სესილიმ სოფი აბრამიძე გაგვაცნო. მისი შვილიშვილი იყო, რომელიც აქამდე ბათუმში ცხოვრობდა და ანსამბლ „მართვების“ მოცეკვავე იყო. ვიცოდი ეს ჯგუფი, რამდენიმე კონცერტზე საკმაოდ ძლიერი ცეკვები ჰქონდათ გამოტანილი. როგორც მერე გავიგეთ, ოჯახი თბილისში გადმოსულა საცხოვრებლად. სოფი კი უნივერსიტეტში აბარებდა და ჩემსავით პასუხების მოლოდინში იყო. ცეკვები გავიარეთ. გოგო არაფერში იღებდა მონაწილეობას. ბებიამისს არც ერთ ცეკვაში მიუცია სოლო, არც მასაში ჩაუყენებია. სოფი მშვიდად გვადევნებდა თვალს და ნელ-ნელა ყველას გვეცნობოდა. როცა აფხაზურს გავდიოდით და სოლოს ვცეკვავდი, შევამჩნიე თვალს რომ მადევნებდა და ცოტა გაკვირვებული ჩანდა. - გოგოებს შეგიძლიათ წახვიდეთ. ბიჭები რჩებით. ტრიუკებზე უნდა ვივარჯიშოთ. გიორგი, გაიწელე და გახურდი, იცოდე თვალს გადევნებ. - გაისმა დარბაზში სესილის ხმა. ქალმა მისი ჩამოსვლის ამბავი რომ გაიგო, გაუხარდა. დაიბარა და უთხრა, რომ აგვისტოში თურქეთში მივდიოდით და თუ ცეკვაზე დაბრუნება უნდოდა, სიამოვნებით მიიღებდა. თანაც, იქაურ ფესტივალზე ქართულის წაღებაც სურდა და გიორგის, როგორც „დაირას“ რჩეულ მექართულეს თურქეთის სიაში აუცილებლად ჩაამატებდნენ. ბიჭმა ცოტა კი იყოყმანა, მაგრამ მეგობრები არ მოვეშვით და ცეკვაზე სიარული „ზბორებით“ განაახლა. - ბევრს იწელები? - მკითხა ახალმა ჯგუფელმა, როცა მის სიახლოვეს, ჩემი მოსაცმელის ასაღებად მომიწია მისვლა. - მარტო ცეკვის წინ. სახლში იშვიათად. - გავუღიმე და სესილისკენ ჯაშუშურად გავიხედე, ჩემი სიზარმაცის ამბავი რომ არ გაეგო. - მართლა? აფხაზურის სოლოში ძალიან მაგარი ფეხი გაქვს. ისე მაღლა სწევ, შემშურდა. - თავი დაიქნია კმაყოფილმა. - მადლობა, ვცდილობ. გავდივარ. არ მოდიხარ? - ვკითხე და უკან დავიხიე წასასვლელად. - არა, რავი, სესილიმ ქართული უნდა გაგატაროო. - ზურგს უკან შემოიწყო ხელები წელში გასამართად და უხერხულად გამიღიმა. - ა, მართლა? კარგი, მაშინ. - დაბნეულმა გადავდგი ნაბიჯები კარისკენ და სანამ გავიდოდი, გიორგის გავხედე. ბიჭი შპაკატში იჯდა და წინ გადმოხრილიყო. რომ დამინახა დასამშვიდობებლად ხელი დამიქნია და თვალი ჩამიკრა. მეც ასევე ვუპასუხე და გამოვედი. - სესილის ასლია. - საუბარი დაიწყო ნანიკომ, როცა ნაყინები ვიყიდეთ და სკვერში ჩამოვსხედით. ძალიან ცხელოდა. - ჰო, ძალიან ჰგავს. - დავეთანხმე. - და ვითომ რატომ არ ცეკვავდა? - როგორც ჩანს, მექართულედ სჭირდება. - საიდან მოიტანე? - უნდობლად შემომხედა. - თვითონ მითხრა წამოსვლამდე. დარჩა. ქართული უნდა გამატაროს სესილიმო. - ძაან დიდი უსამართლობა და ნაგლობა მგონია. არ ველოდი. - ჩაიფრუტუნა ნანიკომ და ნაყინის ვაფლს გემრიელად უკბიჩა - რატო? კარგად ცეკვავს ალბათ, თორემ, მარტო იმიტომ, რომ თავისი შვილიშვილია, ამ ცეკვას არ მისცემდა. - მხრები ავიჩეჩე და კიდევ ერთხელ წარმოვიდგინე, როგორ დასრიალებდნენ სცენაზე ის და გიორგი. რაღაც უსიამოვნოს ვგრძნობდი, მაგრამ არ ვიცოდი, რა იყო. - ჩვენც ძალიან კარგი მექართულე გვყავს. - ჯიბრით არ ეცემოდა მუხლებზე ჩემი მეგობარი. - და საერთოდაც, ასათიანს შარშან რომ არ ეჩქარა, შენც მშვენიერი მექართულე დადგებოდი. გამეღიმა და ლოყაზე ვაკოცე. დაიწუწუნა, ნუ მატკბილიანებო. მერე უცბად თვალებგაფართოებულმა შემომხედა. - მოიცადე, ანუ... მაგან და გიორგიმ უნდა იცეკვონ? - თავი დავუქნიე. - და... შენ? - შეპარვით მკითხა. - რა, მე? - ეს ამბავი არ გაბრაზებს? - მათ ცეკვას რომ ვნახავ, მერე გეტყვი, მაბრაზებს თუ არა. - ღმერთო ჩემო, რანაირი ვინმე ხარ! მე შენს ადგილას ეჭვიანობით გავსკდებოდი. ეჭვიანობა. მაშინ მივხვდი, რომ ის უსიამოვნო შეგრძნება ეჭვიანობა იყო. მაგრამ მაინც არ გავბრაზებულვარ. მათი შესრულებით, ქართული ისეთი მშვენიერი გამოვიდა, რომ ვერაფრით გავბრაზდებოდი. სოფის ულამაზესი მანერა და ხელი ჰქონდა. ყველა კრიტერიუმს ზედმეტად აკმაყოფილებდა, რაც მექართულე გოგოსთვის იყო საჭირო. დარწმუნებული ვიყავი, მათი დუეტი ყველას აღფრთოვანებულს დატოვებდა. *** გამოცდების ქულები რომ გავიგე, უბედნიერესი ვიყავი. ზუსტად ვიცოდი, რომ სამოცდაათპროცენტიან დაფინანსებას მოვიპოვებდი. დედა სიხარულისგან ტიროდა და ის ჩემზე მეტად ელოდა უკანასკნელ პასუხებს, რომ გაგვეგო, სად მოვხვდებოდი. კარგად ავუხსენი, როგორ უნდა ენახა ყველაფერი კომპიუტერში, რადგან პასუხების დღეები სავარაუდოდ ჩემი თურქეთში ყოფნის პერიოდს დაემთხვეოდა. გიორგის უნივერსიტეტი გადაეფიქრებინა. ამბობდა, ისედაც დედას გამო ვაბარებდი, ახლა კი აღარ მაინტერესებსო. თურმე, მამამისიც აძალებდა, რომ მასწავლებლებთან ევლო, მომზადებულიყო და შემდეგ წელს გამოცდები ჩაებარებინა, მაგრამ გიორგი უარზე იყო. ასე ამბობდა, მაგრამ ვატყობდი, რომ თან ორჭოფობდა. შევთავაზე, რომ მე დავეხმარებოდი. შემეძლო, შაბათ-კვირა ერთად გვემეცადინა. აბიტურიენტობის ყველა კონსპექტი შენახული მქონდა. ასე რომ, არც ჩემ გარეშე მეცადინეობა გაუჭირდებოდა. მაინც უარზე იყო. ამბობდა, ეს ერთი წელი ვიმუშავებ, შემდეგ კი ნანიკოსთან და ლაშასთან ერთად ვცდი ქორეოგრაფიულზე ჩაბარებას, ისედაც ამაზე მეტად არ მგონია რამე მინდოდესო. აღარ ჩავაცივდი. თავისი მომავალი მისი გადასაწყვეტი იყო. თუმცა, გული მწყდებოდა, რომ ჩვენი საერთო გეგმები ნელ-ნელა იშლებოდა. *** ავტობუსით სამდღიანი მგზავრობის შემდეგ, სასტუმროსთან გავჩერდით. ნაზილში ძალიან ცხელოდა. ფესტივალის გამო, თითქმის ყველა შენობას ფანჯრიდან თურქეთის დროშა ჰქონდა გადმოფენილი. მათი სიმღერები ისმოდა და ქუჩებში თავიანთ ნაციონალურ სამოსში გამოწყობილი ახალგაზრდები გვხვდებოდნენ. ქალაქსა და სასტუმროზე ინფორმაცია წასვლამდეც გვქონდა და ინტერნეტშიც მოვიძიეთ, მაგრამ ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. ულამაზესი ადგილი იყო. დიდი აუზით, გამწვანებით, სხვადასხვა გასართობი მოედნითა და კუთხეებით. სასტუმროს ადმინისტრატორი ღიმილითა და სტუმართმოყვარეობით დაგვხვდა. აგვიხსნა იქაური წესები და ნომრებიც გვაჩვენა. ის დღე თავისუფალი გვქონდა, ამიტომ ოთახებში დავლაგდით თუ არა, მაშინვე ეზოში ჩამოვედით და იქაურობის დათვალიერებას შევუდექით. სესილის ნაცვლად, თურქეთში მისი ქალიშვილი, სოფის დედა ქეთევანი წამოვიდა, რადგან ასათიანს მგზავრობა არ შეეძლო. ისიც ქორეოგრაფი იყო. ქეთევანი სესილიზე გაცილებით მკაცრი ჩანდა, მაგრამ სამდღიანი მგზავრობის შემდეგ, ბავშვებს დაგვიახლოვდა. არ გვზღუდავდა იმ პირობით, რომ სანერვიულოს არაფერს გავაკეთებდით, ამიტომ საღამოს სასტუმროს გარეთ (მაგრამ შორს არა) გასვლის უფლებაც მოგვცა. ბევრი ტკბილეული გავსინჯეთ, სურათები გადავიღეთ. სკვერში ქართული სიმღერებიც ვიმღერეთ და თურქების ყურადღებაც მივიქციეთ. მერე ვახშმისთვის დავბრუნდით და სასტუმროს დიდ სასადილო ოთახში საერთო ვახშამსაც მივუსწარით. ქეთევანმა დაძინება გვირჩია, მაგრამ, მას მერე, რაც გიორგიმ და ლაშამ ხელები ხელ-ფეხში ჩამავლეს და აუზში ჩამაგდეს, ძილი გადაიდო. სასტუმროში ასევე ფესტივალისთვის ჩამოსული პოლონელი და უკრაინელი მოცეკვავეებიც იყვნენ, ამიტომ კიდევ ერთი გასართობი - მათთან დაახლოება და ენობრივი ბარიერის გადალახვა გამოგვიჩნდა. ძირითადად რუსულად ვკონტაქტობდით, მაგრამ ყველაზე მეტს გიორგი ირჯებოდა, რადგან ეს ენა მისთვის მშობლიურივით მარტივი იყო. დანარჩენმა ჯგუფელებმა აივნებიდან დაგვინახეს და სანამ ისინიც ჩვენთან დაეშვებოდნენ, ქეთევანმა თავაზიანად გვთხოვა ნომრებში დაბრუნება. მეორე დღეს, საუზმის შემდეგ, ჩვენს ნაციონალურ სამოსში გამოვეწყვეთ და სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან ერთად ქუჩაში მხიარულ და ხმაურიან მსვლელობას შევუდექით. ძალიან ცხელოდა და ბევრს ვწუწუნებდით. ერთი სული გვქონდა სასტუმროში დავბრუნებულიყავით და საღამოს კონცერტამდე აუზით დავმტკბარიყავით. კონცერტი არც ისე შორს, მოედანზე მოწყობილ სცენაზე გაიმართებოდა. სასტუმროს მერვე სართულიდან კარგად ჩანდა, როგორ აწყობდნენ მას. აუზზე საკმაოდ დავიქანცეთ და ისევ ცეკვის ფორმებში გამოწყობა გვეზარებოდა. თან მზეზე საკმაოდ დავიწვი და უხეში მატერია ჩემს კანზე აუტანელი იყო. სანამ მოედნისკენ წავიდოდით, ყველა სასტუმროს პირველ სართულზე შევიკრიბეთ და მალევე ჩვენი ახალგაცნობილი უკრაინელი მეგობრები გამოჩნდნენ. მოკითხვის შემდეგ, ერთმანეთს საკუთარი ცეკვებიდან მოძრაობებს ვასწავლიდით. მერე შეჯიბრება გამართეს, ვინ უფრო რთულ ტრიუკებს გააკეთებდა. გიორგიმ დუელი მუხლებზე ბრუნებით გახსნა, შემდეგ თავის მოცეკვავეებს უკრაინელი ტურჩიკი გამოეყო და ისეთი ბრუნები აკეთა, ერთ ადგილს სანტიმეტრითაც არ დაშორებია. ეშხში შესულმა ლაშამ, საოცარი ირმულა შეასრულა. შემდეგმა უკრაინელმა კი ცალ ხელზე დაყრდნობით გააკეთა სალტო. მერე ნანიკო შეხტა სრულ ცერზე და წრე დაარტყა. კონკურენტები ისევ სალტოებით შემოიფარგლნენ. მერე კი გიორგიმ მთხოვა შენე გამეკეთებინა. მეც სიამოვნებით დავდექი დერეფნის თავში და დაახლოებით ათი მეტრის მანძილი ბრუნებით დავფარე. აპლოდისმენტებიც დავიმსახურე და კმაყოფილმა გადავიყარე ჩემი გრძელი ნაწნავები უკან. მერე კი ქეთევანიც გამოჩნდა და სარეპეტიციოდ სასტუმროს უკანა ნაწილში გაგვიყვანა. - მარი, - დამეწია სოფი. ჩვენს სამეგობროსთან დიდად ახლოს არ იყო. სხვა გოგონებთან ატარებდა ხოლმე დროს, ამიტომ ცოტა გამიკვირდა კიდეც. - იდეალური შენე იყო. ვერ წარმოიდგენ, როგორ მომეწონა. - მართლა? - გამეცინა მის გაბრწყინებულ თვალებზე და თან ძალიან მესიამოვნა. როცა სრულყოფილი მექართულე კომპლიმენტს გეუბნება, ეს განსაკუთრებულ შემთხვევად უნდა მიიღო. - კი, მართლა. ესეც თანდაყოლილი ნიჭია, თუ ბევრი ივარჯიშე? - ბევრი ვივარჯიშე. - გავუღიმე. - ამაზე იმხელა ენერგიას ვხარჯავდი, უკვე მეგონა, რომ მალე წნევა დამარტყამდა. - აი, მე ვარ ასე. სამ მეტრსაც ვერ გავდივარ, რომ თავბრუ მეხვევა. - გაეცინა გოგოს. - მთავარია სურვილი და ნებისყოფა. - წარბები ავუწიე და საუბრით გავაგრძელეთ გზა. კონცერტმა არაჩვეულებრივად ჩაიარა. წინ კიდევ ოთხი დღე გვქონდა. იგივე სცენა და იგივე ცეკვები უნდა გაგვევლო. მეორე დღეს, რამდენიმე გოგო საშოპინგოდ ვაპირებდით წასვლას. ვიცოდით, რომ მაღაზიებში ფასდაკლების დღეები იყო. წასვლამდე სოფი დავინახე. თავისი ოთახის აივანზე იჯდა და წიგნს კითხულობდა. დავუძახე და ვუთხარი, რასაც ვაპირებდით. შევთავაზე, წამოსულიყო, თუ უნდოდა. ახლავე ჩამოვალო ჩამომძახა. ნანიკომ ერთხელ გამომხედა და ტუჩები გვერდით მოიქცია. კარგი გოგოა-თქო, მოკლედ ავუხსენი, მაგრამ პასუხი არ დაუბრუნებია. გოგოს, როგორც ჩვეულებრივ ნაცნობს, ისე ეპყრობოდა. სოფისთან დიდად კომუნიკაბელური არ იყო. მე უფრო ვცდილობდი მასთან საუბარს, ვიდრე ის. აშკარა იყო, რატომღაც არ მოსწონდა და იმედი მქონდა, რომ ეს ჩემ გამო არ ხდებოდა. და ზუსტად ასე, ჩემი მონდომებით დაუახლოვდა სოფი ჩემს სამეგობროს. *** დედამ წამოსვლის წინა ღამეს დამირეკა და იმ უნივერსიტეტის სახელი გამაგებინა, სადაც ჩავაბარე. ის არ იყო, რომელსაც ცეკვის ანსამბლი ჰყავდა, თუმცა ერთ-ერთ საუკეთესოდ ითვლებოდა. აღმოჩნდა, რომ სოფიც იქ მოხვდა საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტზე. ორივეს გვიხაროდა, მაგრამ მას განსაკუთრებით, რადგან სწორედ იქ ოცნებობდა მოხვედრას. ქეთევანისგან ნებართვა ავიღეთ და აღსანიშნად სანაპიროზე გავედით. ბიჭებმა ლუდი, მზესუმზირა და მიწისთხილი იყიდეს. ვსვამდით და ერთმანეთის გეგმებზე ვსაუბრობდით. ლაშა და ნანიკო, როგორც უკვე ერთი წლის სტუდენტები, გამოცდილებას გვიზიარებდნენ და სტუდენტურ სირთულეებს გვაცნობდნენ. გიორგიც ჩვეულებრივ იყო საუბარში ჩართული, მაგრამ ძირითადად იმაზე ამახვილებდა ყურადღებას, რომ ის თავისუფალი იქნებოდა, როცა ჩვენ სწავლისგან თვალებდასიებულები ღამეებს გავათენებდით. ხუმრობდა, თუმცა დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ამ საკითხს მართლაც არ განიცდიდა. კი, მითხრა, რომ უნივერსიტეტში სწავლა არ უნდოდა, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, რთული იქნებოდა თავისუფლებაში მარტო ყოფნა მაშინ, როცა ყველა მისი მეგობარი სწავლით იქნებოდა დაკავებული. საბედნიეროდ, არსებობდა შაბათ-კვირა, დღეები, როცა ერთმანეთს შევხვდებოდით იქ, სადაც ჩვენთვის საყვარელი რამ ხდებოდა. *** უკვე საქართველოში ვიყავით. ავტობუსი ცოტა ხნით ბენზინგასამართ სადგურთან შეჩერდა. ჩამოვედით, რომ გაგვევლო. მერე მარკეტშიც შევედით და წყალი ვიყიდეთ. ძალიან ცხელოდა. ლაშა ნაყინებით ხელში გამოვიდა და ჩამოგვირიგა. სანამ ყველა თავის საქმეს მოითავებდა, ჩრდილში ჩამოვსხედით. - ვგრძნობ, როგორ ატყვია ჩემს სულსა და სხეულს სკამის ფორმა. - წელის ვარჯიშებს აკეთებდა ნანიკო. - იმხელა ტრავმა მაქვს მიღებული, მეშინია, ჯდომის ფობია არ ჩამომიყალიბდეს. - არ თქვა. - დავეთანხმე. - ალბათ ორი-სამი დღე აღარ დავჯდები. - მე კიდევ კარგად გამოძინება მინდა. - თვალები მოისრისა ლაშამ. - ბიჭო, მთელი გზაა გძინავს. ორი დღეა უკვე. - გაეცინა გიორგის და თავის ნაყინს შოკოლადი მოაცალა. - ეგ თუ ძილია, რა! რეალობა და სიზმარი ვეღარ განმისხვავებია, ყველგან თქვენი ინდაურის სახეებია! - არადა, რას არ იზამდი ხატიასი იყოს. - თავი გაიქნია ბიჭმა. - წადი შენი... - ლაშამ ბიჭს ხელი ჰკრა. გიორგიმ თავი ვერ შეიმაგრა და გვერდით მდგომ სოფის დაეჯახა, მისმა ნაყინმა კი გოგოს მხაზე ყოფნა მოისურვა. რეაქციის მოლოდინში,ყველამ გაოცებულებმა შევხედეთ, მაგრამ სოფის რომ გაეცინა, ჩვენც ამოვისუნთქეთ. გიორგიმ ბოდიში მოუხადა და ის იყო გოგოსკენ გავიწიე სალფეტკის მისაცემად, რომ ბიჭმა ჯიბიდან თავისი ბენდენა ამოიღო და სოფის მხარი მოწმინდა. თან ბოდიშს უხდიდა. სოფი კი მისთვის ნაჭრის გამორთმევას და მხარის თვითონ გაწმენდას ცდილობდა. გოგოს სიცილმა სიტუაცია თითქოს განმუხტა, მაგრამ მე მაინც ვგრძნობდი უხერხულ დაძაბულობას. სალფეტკი მუჭში მოვიქციე და ჩუმად ვუყურებდი, როგორ ეფაკლებოდა სოფის ლოყები, როცა გიორგი თავისი დანაშაულის გამოსყიდვას ცდილობდა. მერე წყალი გავუწოდე. კანი გატკბილიანებული ექნებოდა. გამომართვა და ღიმილით გადამიხადა მადლობა. მეც გავუღიმე და მაინც შევთავაზე სალფეტკი. სანამ გიორგი ლაშასთვის თავში წამორტყმას ცდილობდა, მობილურის შემოწმება მოვიმიზეზე და ავტობუსში ავედი. რაღაც ძალიან მხურვალე ტრიალებდა ჩემი გულის გარშემო, მაგრამ მასთან მიახლოების საშუალებას არ ვაძლევდი. *** უკვე ღამე იყო. თბილისში დაახლოებით ორ საათში შევიდოდით. ავტობუსიც შედარებით ნელა დადიოდა, რადგან გზაში მოულოდნელად ამინდი აირია და ძალიან წვიმდა. ფანჯარასთან ვიჯექი და ვხედავდი, როგორ ჭრიდა ჩამუქებულ ცას მყვირალა ელვა. ჯგუფელებს ახალი დამთავრებული გვქონდა „წითელი, ყვითელი, შავის“ თამაში და დაღლილებს თვლემდათ. ავტობუსში სიწყნარე იყო. ქეთევანი დროდადრო წამოდგებოდა და გადმოგვხედავდა ხოლმე. მე და ნანიკოს ყურსასმენები გვეკეთა. წამდაუწუმ ბატარეას ვამოწმებდი. თორმეტ პროცენტზე იყო და იმედს ვიტოვებდი, თბილისამდე მეყოფოდა. თავი ფანჯარაზე მედო და მთვლემდა, გოგოს ადგომა რომ ვიგრძენი. მალევე დაჯდა და თითის მხარზე მობჯენით გამომაფხიზლა. თვალები გავახილე. ნანიკოს ნაცვლად გიორგი დამხვდა. გავუცინე. ბიჭმა ერთი ყურსასმენი მომაცალა და თვითონ გაიკეთა. მობილურიც გამომართვა და მუსიკა შეცვალა. სავარძელში მოკალათდა და თავი მხარზე ჩამომადო. რამდენიმე წუთი ასე ვიმგზავრეთ. მომენტით ტკბობა უკვე ნასწავლი მქონდა, ამიტომ უაზრო ფიქრებში ერთ წამსაც კი არ ვკარგავდი. როცა გიორგი ჩემთან ასე ახლოს იყო, ვერაფერი იქცევდა ჩემს ყურადღებას. ცოტა ხანში ჩემი მარჯვენა ხელი აიღო და თითები გამაშლევინა. ჭრილობიდან დარჩენილ ვარდისფერ ნაიარევს დახედა და მერე ზედ თავისი ხელისგული დაადო. გამეღიმა და ამ სასიამონო ჟესტისგან მთელი სხეული ჟრუანტელმა მოიცვა. მერე თავი აიღო და შემომხედა. კრიალა თვალები დაღლილობისგან ჩასწითლებოდა. - მოსკოვში რამდენჯერმე გამახსენდა ჩვენი სისხლიანი გაცნობა. - გაეღიმა და ჩვენს ხელებს დახედა. - იმედი მქონდა, მეორედ რომ ვნახავდი აქ აღარაფერი დამხვდებოდა. - ასე რატომ გადარდებს? - გავუცინე. - არ ვიცი. - მხრები აიჩეჩა. - ეს უბრალოდ ზოლია. ტკივილი აღარაა და არც იქნება. არც რამე მომაკვდინებელი სენი შემყრია. და რაც მთავარია, არც შენ მოგიკლავს ადამიანი. თუ მაინც ვერ მშვიდდები, შემიძლია მეც გაგიჭრა ხელისგული. - როგორი იდეალური გამოსავალი ნახე. - გიორგი, ამ ამბავს გამოსავალი არ სჭირდება. - კარგი, - თავი გააქნია მან, მერე ისევ ჩემს მობილურს დახედა და ისევ მუსიკა შეცვალა. - ესე იგი, მალე დავიშლებით? - მკითხა და ჩემკენ შემობრუნებულმა, თავი სავარძელს მიადო. - დავიშლებით? - ჰო, მე სახლში, თქვენ განათლებისკენ. - არა, ბატონო გიორგი. ჩვენ შევთანხმდით, რომ მომავალი წლისთვის მოვემზადებოდით. არ გახსოვს? - მახსოვს. - ხომ არ გადაიფიქრე? - არა. - ამოიოხრა მან. - ცეკვაზე ალბათ აღარ ივლი... - აი, თურმე როგორ მიცნობს ჩემი საუკეთესო მეგობარი. - უკმაყოფილოდ მოვიქციე ტუჩები გვერდით და მეც მის მსგავსად დავჯექი. გიორგის გაეღიმა. - თმას მოვიჭრი, მაგრამ ცეკვას არასდროს მივატოვებ. გესმის? - თანაც გარკვევით. - თვალები ჭყიტა ბიჭმა და ჩემი ნაწნავი ისე დაიჭირა, თითქოს მართმევდა. - არ ვიცი, მოსკოვში როგორ იყო, მაგრამ ჩვენი სამეგობრო ასეთია. ჩვენგან თავს მარტივად ვერ დაიძვრენ. - მუქარაა? - შეიძლება. - გამეცინა. - მზად ვარ გამუდმებით ასეთი მუქარები ვისმინო. - გიორგი... - ჰო. - ხომ გახვალ ეროვნულებზე? - ჰმმ... იცი, იქამდე იმხელა დროა, შეიძლება უნივერსიტეტში სწავლა შენც კი მოგბეზრდეს . - გაიცინა ბიჭმა. - გიორგი! - თვალები დავუბრიალე და სანამ საყვედურებით ავიკლებდი, მომიღუტუნა და ამაყვირა. ავტობუსის სხვადასხვა კუთხიდან სხვადასხვა ნივთებმა იწყეს ჩვენი მიმართულებით ფრენა. 31 ივლისი, 2019 წელი *** რადგან ხვალ უკვე ქობულეთში გვიწევს წასვლა, დღეს დავალების ჩასაბარებლად სესილისთან ვიკრიბებით. საცობების გამო, ოდნავ მაგვიანდება. ყველა არტ-ჰოლის დარბაზშია. ნანიკო ლაშასთან ზის, გიორგი და სოფი მოშორებით სხედან და ლაპარაკობენ, დანარჩენი ჯგუფელები სცენაზე არიან. ნანიკო მამჩნევს და მეძახის. მერე ყველა ჩემკენ იხედება და მესალმება. გიორგი და სოფი ისევ საუბარს აგრძელებენ. იქვე ერთ-ერთ სკამზე ვჯდები და საცეკვაო ფეხსაცმელს ვიცვამ. - სიურპრიზიიი! - გვერდით მიჯდება ნანიკო. - ქობულეთში მეც მოვდივარ. - რაა? - მისკენ ვტრიალდები. - აკი რაჭაო? - ღმერთო, ასეც თუ გაგიხარდებოდა, არ მეგონა. - თვალებს ატრიალებს უკმაყოფილო ნანიკო. - მიხარია, იდიოტო. როდის გადაწყვიტე, ასე უცბად. ან სად გაჩერდები... - შენს სასტუმროში. ცოტა თავის განებივრება მინდოდა და უკეთეს სასტუმროს ვფიქრობდი, მაგრამ, ჯანდაბას! გავიგე, რომ სოფიც მოდის, ამიტომ ასე ვერ გაგწირავ. - რა სულელი ხარ. - თავს ვაქნევ. - მშვენივრად იცი, რომ დიდი ხანია რეაქცია არ მაქვს. შენ რომ ასე იქცევი, მერე უფრო ვფორიაქობ. - როგორ ნერვებზე მშლი. - თვალებს უწვრილებს გოგო. - კარგი და, რაჭა რატომ გადაიფიქრე? - არ გადამიფიქრებია. რაჭაში სექტემბერში წავიდეთ. ვერ წარმოიდგენ ამბროლაურში რა ადგილი აღმოვაჩინე. იქაურობისთვის შემოდგომა იდეალური პერიოდი იქნება. - მობილურს იღებს ჯიბიდან ის და ფოტოებს მაჩვენებს. მოხიბლული ვუყურებ ოთახის ზომის რამდენიმე კარვისგან შემდგარ ბანაკს, რომელსაც პატრონმა სასტუმრო უწოდა. - წავიდეთ. - თავს ვუქნევ აღფრთოვანებული. - სანამ სწავლის სეზონი განახლდება, მოვასწროთ. სესილის და ქეთევანის მოსაკითხად სცენაზე ავდივარ. ქობულეთის გეგმებზე მოკლედ ვუყვები. ამბობენ, ოქტომბერში პოლონეთში მივდივართ და ცოტა თავის შეკავება გვიწევს შიდა „პაეზდკებისგანო.“ მერე ქალი სცენაზე მალევე გვიყრის თავს. მუსიკასაც გვირთავს და აფხაზურს გავდივართ. დიდი ხანია არტ-ჰოლში არ მიცეკვია და აქაური სცენის ნოსტალგია, აქაურ ფიცრულზე ქუსლით მტვრის ადენა სხვანაირ ჟრუანტელს მგვრის. სამაიაზე ყველაფერი რიგზეა, თუმცა ვხედავ, ცეკვის დასრულების შემდეგ კულისებში გასულ სოფის, როგორ აჩვენებს ქეთევანი ერთ-ერთ ხელის მოძრაობას და მის მიმიკებზე ვხვდები, რომ შენიშვნას აძლევს. ცოტა მიკვირს, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. სანამ სესილი ქართულის გავლას მოითხოვდეს, მუსიკალურ ცენტრთან მდგომ გიორგისთან მივდივარ. - მშვიდობაა? - ვანიშნებ სოფიზე. რაც აქ ვართ, ერთმანეთისთვის არ გაუღიმიათ და დიდად არც კონტაქტობენ. - ჰო, არაფერია... ცოტა ვიკამათეთ. - წარბებს სწევს ბიჭი და თითებში პულტს ატრიალებს. იღიმის კიდეც, მაგრამ ვიცი, ეს იმიტომ, რომ დამარწმუნოს, თითქოს მნიშვნელოვანი არაფერია. მაგრამ მე მისი ყველა მიმიკა ვიცი. - რაზე? - უკვე იმდენი ხანია მინდა ვკითხო ეს, რომ თავს აღარ ვიკავებ. - ქობულეთის გამო. ალბათ დარჩება. - ჰმ... - მიკვირს და ზურგით მდგარ სოფისკენ გამირბის თვალი. - და რატო? - „უბრალოდ“ - ესაა მისი მიზეზი. - წამოვა არ იღელვო. - მაჯაზე ვკიდებ ხელს და ვუღიმი. - მისი ნებაა. პატარა ბავშვები აღარ ვართ, რომ უაზროდ გავებუტოთ ერთმანეთს, მარიამ. თუ არ უნდა, დარჩეს. - გეყოფა. შეიძლება რამე დააშავე და ნაწყენია. - სერიოზულად? - გაკვირვებული მიყურებს. - უნებლიეთ... - მხრებს ვიჩეჩავ. - შენ ჩემი მეგობარი ხარ და ჩემ მხარეს უნდა იყო. - ორივეს მეგობარი ვარ. - სოფიც ისე გიყვარს, როგორც მე? - მეკითხება და მოლოდინით შემომყურებს. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ და ხელს ვუშვებ. - ბავშვები აღარ ვართო, წეღან ამბობდი და ახლა... - მიპასუხე. - მაწყვეტინებს. - არა, რა თქმა უნდა. - თვალებს ვუბრიალებ გაბრაზებული. - მაგრამ ეგ არაფერ შუაშია. რამდენი ხანია, ერთად ხართ და არ იცი, რომ, როცა მიზეზად სიტყვა „უბრალოდ“ მოაქვს, ესე იგი შენშია საქმე? - მარიამ... - გაბრაზებული ტუჩებს მუწავს და ცალ წარბს სწევს. - მე მაგ მზერით ვერ შემაშინებ. ახლა სახე დააყენე და ქართული გავიაროთ. სოფი კიდევ წამოვა, ნუ დარდობ. - სცენაზე გავდივართ და ნანიკოსთან მოლაპარაკე სესილის ვეუბნები, რომ ცეკვა გავიაროთ, თორემ ხვალინდელი დღის გამო ბევრი დრო არ მაქვს. ქალს სახეზე ვატყობ, რამდენად კმაყოფილია ჩემი და გიორგის ქართულის შესრულებით. ვცდილობ, ბოლომდე არ დამეტყოს აჟიტირებულობა, მაგრამ წამდაუწუმ მეღიმება. ახალბედა მოცეკვავეს ვგავარ, რომელსაც პირველად მისცეს სოლო. წამოსვლამდე სესილი მადლობას გვეუბნება, რომ არ ვზარდებით და ქობულეთის ფესტივალზე წარმატებებს გვისურვებს. გარეთ გამოსულები ჯგუფელებს ვემშვიდობებით. - დღეს ადრე ვიძინებთ, რომ დილით არავის ჩაგვეძინოს. - ვაფრთხილებ ქობულეთში წამომსვლელებს. - გიორგი, მაღვიძარა დააყენე, არ დაგავიწყდეს, თორემ არ დაგელოდებით. - ბიჭი უკმაყოფილოდ აქნევს თავს. ხელში მანქანის გასაღებს აჩხარუნებს და ჩუმად მოგვყვება. - სოფი, გაიღვიძებ თუ არა, მაშინვე დაურეკე. მაინც ვერ ვენდობი ამის მაღვიძარას. - ვეუბნები გოგოს და ვხედავ, როგორი დაბნეული მიყურებს. - მე-ე?.. - მეკითხება და ვამჩნევ, რომ ორჭოფობს. ალბათ ფიქრობს, თქვას თუ არა, რომ ქობულეთში წასვლა გადაიფიქრა. ალბათ იმაზეც ფიქრობს, ამას როგორ ახსნის. - ჰო, შენ. მართლა, - არ ვაცდი პასუხის გაცემას. - ახალი ამბავი იცით? ნანიკოც მოდის. გოგო, რომელიც მობილურზე ლაპარაკობს, ხელს უქნევს გაკვირვებულ გიორგის და სოფის და ისევ საუბარს აგრძელებს. - ეს რო ყველგან არ ჩაეკვეხოს... - ბუტბუტებს გიორგი. მეცინება. - ჰოდა, იდეა მაქვს. - გოგოსგან ფარულად, ჩუმად ვაგრძელებ საუბარს. - თავისი მანქანით მოდის და გზად რომ არ მოიწყინოს, მოდი, დავითს გავაგებინოთ და წამოვიდეს ისიც. მგონი კარგად გავერთობით. - ვუღიმი წყვილს. გიორგის გამომეტყველებიდან ვხვდები, რომ ჩემს ჩანაფიქრს მიხვდა და სანამ რამეს მანიშნებდეს, სოფის ვუბრუნდები. - მგონი ძაან კაი იდეაა. რას იტყვი? გოგო ტუჩს იკვნეტს და გიორგისკენ აპარებს მზერას. - ჰო, კარგი აზრია. - ამბობს ბოლოს. - ფოტოაპარატი არ დაგრჩეს, გთხოვ. შენ იმედზე ვართ. - არ დამრჩება. - იღიმის სოფი და გიორგის მანქანისკენ ჩუმად მიჰყვება. მერე ორივეს ხვალამდე ვემშვიდობები და ნანიკოსთან ერთად, დედის სანახავად მივდივარ. - რა დავითიო? მომესმა თუ მართლა ახსენე მაგ არასწორ სამყაროში დაბადებულის სახელი? - მეკითხება თვალებდაწვრილებული ნანიკო, მობილურზე საუბარს რომ ასრულებს. 1 აგვისტო, 2019 წელი *** დილის ექვსი საათია. ტაქსიდან გადმოვდივარ და სპორტის სასახლესთან ჩამომდგარ ავტობუსს ვუახლოვდები. იქიდან ნაცნობი მძღოლი ჩამოდის და ღიმილით მესალმება. მეუბნება მეორე მძღოლიც მალე მოვაო და ავტობუსში ასასვლელ გზას მითმობს. ტრანსპორტი აქამდეც შევამოწმე და კიდევ ერთხელ ვავლებ თვალს. მერე გიორგის ვურეკავ. მეუბნება გზაში ვარო. ნანიკომ დაიჩემა, მეც მანდ მოვალ და ერთად დავიძრათო, ამიტომ მასაც და დავითსაც აქ ველოდები. წესით შვიდ საათზე უნდა გავიდეთ. ბავშვები ნელ-ნელა იწყებენ მოსვლას. ქობულეთში ათი დღე გავჩერდებით. სამი დღე ფესტივალს დაეთმობა, დანარჩენი ზღვას, ბოტანიკურ ბაღს, დელფინარიუმს და ალბათ „ციცინათელასაც.“ მიუხედავად იმისა, რომ ანსამბლი ზღვაზე შარშანაც მყავდა, მაინც ვღელავ. მაგრამ მშობლების იმედიც მაქვს, რადგან ოცდაათი ბავშვი იოლი დასამორჩილებელი არ არის, მით უმეტეს, ზღვაზე. მშობლები კი ნამდვილად შეგნებული ადამიანები არიან. ბავშვები გაბრწყინებული თვალებით მესალმებიან და ავტობუსში ადგილებს იკავებენ. წამდაუწუმ საათს ვუყურებ. მალევე გიორგი და სოფიც მოდიან. სოფი ჩემთან რჩება. გიორგი კი ბარგის შესანახად მიდის. მალე ბავშვების ტყვეობაში ექცევა და მძღოლებთან ერთად ცდილობს მათთან გამკლავებას. სოფი ავტობუსში ამყავს და ვათვალიერებინებ. გოგო ადგილს იკავეს და ისევ ჩამოდის. - დავითი დაითანხმეთ? - მეკითხება ის. - ქობულეთში წამოსვლა მოუნდა, მაგრამ ნანიკოსთან ერთად მგზავრობაზე იყოყმანა. დარწმუნებული არ ვარ, რომ გზაში არ დამტოვებსო. - დიდი ხანია ერთად არსად ვყოფილვართ. კარგად მოიფიქრე. - იღიმის გოგო. მზის სხივების გამო თაფლისფერი თვალები მწიფე ყურძნის მარცვლებს მიუგავს. - მართალია. ლაშასაც ვუთხარი გუშინ, მაგრამ პატარას ვერ დავტოვებთო. - მხრებს ვიჩეჩავ. - არადა, კარგი იქნებოდა, ისიც ჩვენთან ერთად ყოფილიყო. - ისე, ნაუცბათევ გადაწყვეტილებას ჰგავს... - გულზე დაკრეფილ ხელებზე თითებს ათამაშებს სოფი და ეჭვით მიყურებს. - რა? - ზღვაზე სამეგობროს წამოსვლა. - გვერდულად ეღიმება. - ა... არა... იდეაში მქონდა, უბრალოდ გვიან გამახსენდა. - ვცდილობ, ტყუილი არ დამეტყოს და ბავშვებისკენ ვიხედები. სოფი თავს მიქნევს და სანამ ჩემთან მოსულ მშობელს ვესაუბრები, ვამჩნევ, როგორ არ მაშორებს თვალს. - იცი, - მეუბნება გოგო, როცა ისევ მარტო ვრჩებით. - სესილიმ რომ „დაირაში“ მომიყვანა და თქვენი სამეგობრო შევამჩნიე, ძალიან შემშურდა. ბათუმში მეც მყავდა მეგობრები, საუკეთესო დაქალები, მაგრამ რაც უფრო გაკვირდებოდით, ვხვდებოდი, რომ საერთოდ სხვა რამ ყოფილა მეგობრობდა. დრო რომ გავიდა და ისინი დაიკარგნენ, მერე უფრო მივხვდი. - ჰო, ხანდახან ძალიან გვიცრუებენ ადამიანები იმედებს, მაგრამ ეგ დასასრული არ არის. სამაგიეროდ, ჩვენში გაგიმართლა. - სიამაყით ვეუბნები. - მართალი ხარ. - ჰაერს ხარბად უშვებს ფილტვებში სოფი. - გიორგისაც ძალიან გაუმართლა, შენ რომ ჰყავხარ. - აფრიალებულ თმას ყურებზე იწევს ის და მიყურებს. ნათქვამზე ვუღიმი და ყველანაირად ვცდილობ, დაბნეულობა არ შემამჩნიოს. - და დარწმუნებული ვარ, ამას კიდევ ბოლომდე ვერ იაზრებს. - ჩვენმა სამეგობრომ ერთმანეთის ფასი დიდი ხნის წინ გავიგეთ. და თუ რამეს ჯერ კიდევ ვერ ვიაზრებთ, ამაშიც ალბათ სიყვარული გვიშლის ხელს. - ვუცინი და მხრებს ვიჩეჩავ, მაგრამ მისი უკანასკნელი სიტყვები ისე უცნაურად იწყებენ ჩემს გონებაში ბრუნვას, რომ სხეულზე ჟრუანტელი მივლის. - რა თქმა უნდა. - თავს მიქნევს გოგო და ჩვენი საუბარი თითქოს დასრულებულად ითვლება, მაგრამ დანაკლისის შეგრძნება არ მასვენებს. - მარი მასწ! - მეძახის მოსწავლე გოგონა და ჩემთან მორბის. - ჩემს ოსურის ჩიხტს დიდი თვალი მოსძვრა, რა გავაკეთო? - ისეთი შეწუხებულია, სადაცაა იტირებს. - წებო მაქვს, ნუ ნერვიულობ, ლიზიკო, წამოდი, დავაწებოთ. - სოფის ვუღიმი და მარტოს ვტოვებ. ვცდილობ გონება არ გამეფანტოს. ახლა ამის დრო არ არის. ახლა სხვა უამრავი საფიქრალი მაქვს. ბავშვები, მგზავრობა, მათი დაბინავება, ყურადღების მიქცევა, ფესტივალი. ღრმად უნდა ჩავისუნთქო ისე, რომ უკან დაბრუნებამდე მეყოს. - მეც მოვედიი! - მესმის უცბად ნანიკოს ყვირილი და ავტობუსიდან ჩამოვდივარ. გოგო მკოცნის და საეჭვოდ ათამაშებს წარბებს. - სიურპრიზი მაქვს. - მეშინია ნანი... - თავს ვაქნევ, რადგან მისი ეს მზერა კარგად მაქვს შესწავლილი. მერე გოგოს მანქანისკენ ვიხედები, საიდანაც დავითთან ერთად ლუკა გადმოდის, მომხიბვლელად იღიმის და მისალმების ნიშნად ხელს მიქნევს. 5 თავი 1 აგვისტო, 2019 წელი *** ნანიკოს ვუყურებ და გოგო მაშინვე წყვეტს სიცილს. - იმედია ნომერი ჩემს ოთახთან ახლოს არ მოგცეს. - ვცრი კბილებში და გაღიზიანებული ხელს კისერზე ვისვამ. მშობლებსაც და ბავშვებსაც ახლადმოსულებისკენ გამოურბით თვალი. - ოო, რა ჩემი ბრალია. - წუწუნებს გოგო და სოფის მოსაკითხად მიდის. რატომ ვბრაზობ? ღმერთო, ისეთი დაძაბული ვარ, თითქოს ტერორისტი აპირებდეს ჩვენთან ერთად დამგზავრებას. მერე ვაცნობიერებ, რომ ასე გიორგის გამო ვარ. ვაცნობიერებ, რომ ვღელავ იმაზე, თუ როგორ ავუხსნი, რატომაა აქ ლუკა. მაგრამ მალევე მახსენდება, რომ გიორგი ჩემი მეგობარია და არა შეყვარებული, რომელიც იმ ბიჭის გამო დაიძაბება, რომელიც ჩემს მოხიბვლას ცდილობს. თავი ხელში აიყვანე, მარი! - აუუ, რა სახე გაქვს, მარ? - სიცილით მიახლოვდება ლუკა და გადაკოცნით მესალმება. - არადა სიურპრიზს გავუკეთებ-თქო, ვიფიქრე. - ჰოდა, გამოგივიდა. - ხელებს ვშლი და ვცდილობ მეც გავიცინო. - მაგრამ მაინც მაინტერესებს, აქ საიდან დაიკარგე. - გუშინ რომ დამირეკე, ამასთან ვიყავი. - მეუბნება დავითი და მესალმება. ბიჭს თავზე თეთრი პატარა შლაპა ახურავს, თეთრი ბრიჯები და ფარფარა პალმებიანი პერანგი აცვია. სასაცილოდ გამოიყურება. - აგვეკიდა, რა. - ეე ბიჭო, სიტყვები. - მკერდზე ხელის ზურგს ურტყამს ლუკა მას და ისევ მე მიცინის. - შემიძლია ავტობუსით წამოვიდე, თქვენთან ერთად. - ადგილები არ არის. - ზურგიდან მესმის გიორგის ხმა, მერე ჩემს გვერდით ჩერდება და მოსულს ხელს ართმევს. ჯერ ისეთი სერიოზული სახე აქვს, არც კი ვიცი დაძაბულობისგან რა გავაკეთო და სად გავიქცე. მერე იცინის. - უბრალოდ ბავშვებიც ზოგან სამნი სხედან. - გასაგებია, ძმა. - თავს აქნევს ლუკა და თვალს მიკრავს. სანამ დავითი გიორგისთან აგრძელებს თავის ჩაცმულობაზე ლაპარაკს, მე და ლუკა მოშორებით გავდივართ. - ბოდიში, მართლა არაა ადგილები... - მჯერა, რატო მიხსნი. - მხრებს იჩეჩავს ბიჭი. - სამაგიეროდ, ზღვაზე უამრავი თავისუფალი ადგილი იქნება. ცურვა იცი? - კი. - ვუცინი და ავტობუსისკენ ვიხედები. უკვე საკმაოდ მოგროვილან ბავშვები. - ოო, კაი, რა. გეგმა მქონდა, უნდა მესწავლებინა. - კარგი, იქამდე დიდი გზაა და რამეს მოიფიქრებ. შენი შესაძლებლობების მჯერა. - საათს ვუყურებ. სადაცაა შვიდი გახდება. - ბოდიში, ბავშვებს უნდა მივაქციო ყურადღება. იქ შევხვდეთ, კაი? - არაა, პრობლემა, მარი მასწ. - იღიმის ბიჭი, დროებითო ამბობს და დავითისა და გიორგისკენ მიდის. შორიდან თვალს ვადევნებ, როგორ საუბრობს ეს სამი და რატომღაც მაინც ვღელავ. მერე უკანასკნელი მოსწავლეც მოდის და გიორგის ვეძახი, რომ წასვლის დროა. ავტობუსში ავდივართ. ბიჭი ტრანსპორტის უკანა ნაწილში მიდის. იქ შეკრებილ მოზარდებს ამშვიდებს და უკან ორლიტრიანი ლუდით ხელში ბრუნდება. გაბრაზებული ვიხედები უკან. ბავშვები გაბუტულები სხედან. - ვის ჰქონდა? - ვეკითხები გიორგის. - ვის ექნებოდა. - წარბებს სწევს. - ბერიანიძე! - ვეძახი დამნაშავეს. - დიახ, მასწ! - გინდა, რომ ეს დღეები შენი მშობელი გავხდე? - მყავს მასწ, მადლობა. - მეძახის, მაგრამ თვითონ არ ჩანს. - დარწმუნებული ვარ, ისინი სასტუმროს ნომერში არ ჩაგკეტავდნენ და ზღვაში ჩასვლას არ აგიკრძალავდნენ! - ვუყვირი, მაგრამ პასუხი აღარ მესმის. ვჯდები. სოფის ეცინება. - ამას ერთხელ თავს გავუხეთქავ. - ვიმუქრები და მეც მეცინება. *** გზა ძალიან იწელება. ცოტა მოდუნება მინდა, მაგრამ არ გამომდის. თითქოს გადავხარშე ის ფაქტი, რომ ეს დღეები ლუკა ჩვენთან იტრიალებს, მაგრამ შინაგანად მაინც ვღელავ. ავტობუსის უკანა ნაწილში, რამდენჯერმე ბავშვებთანაც ვთამაშობ. მინდა, რომ ფიქრები შორს გადაიკარგონ, მაგრამ ვუბრუნდები თუ არა ჩემს ადგილს, ყველაფერი თავიდან იწყება. ვიცი, რომ ჩემი ეს შინაგანი ბრძოლები სისულელეა და მახსოვს, რომ ლუკას შანსი მივეცი, მაგრამ გულს ვერაფერს ვუხერხებ. ის ისევ ყველაფერს მოზარდი ბავშვივით განიცდის. მგზავრობისგან თავი საშინლად მტკივდება და ვერაფრით ვიყუჩებ. ბავშვების სასტუმროს ნომრებში გადანაწილებას ძლივს ვახერხებ. გიორგი მეხმარება, მაგრამ ისეთი არეულობა და ხმაურია, ყველაფრის დალაგებას მაინც დიდ დროს ვანდომებთ. ჩვენთან ადგილები აღარაა, ამიტომ ლუკა და დავითი გვერდით სასტუმროში ჩერდებიან. ჩემს ნომერს ორადგილიანში ვცვლი და ნანიკოც ჩემთან ბინავდება. - მოკლედ, ხომ ყველამ ვიცით, რომ ფესტივალი ზეგ იწყება, - სასტუმროს ბაღში ვკრებ ბავშვებს და მშობლებს, რომ სათქმელი ყველას ერთად ვუთხრა. - დღევანდელი საღამო და ხვალინდელი დღე გვაქვს თავისუფალი. არ ვაპირებთ არსად გასვლას, ამიტომ, შეგიძლიათ ზღვით დატკბეთ. შეგიძლიათ სანაპიროზე გაისეირნოთ, მაგრამ გთხოვთ, ძალიან გთხოვთ! შორს ნურც სასტუმროდან გახვალთ და განსაკუთრებით, ნურც ზღვაში. შეიძლება ვიღაც-ვიღაცებმა ცურვა კარგად ვიცით, მაგრამ, მოდით, ნუ ვიტრაბახებთ ამით და შეჯიბრებებს ნუ მოვაწყობთ. კიდევ, ეცადეთ, მზისგან არ დაიწვათ, თორემ შემდეგ ცეკვის ფორმების ჩაცმა გაგიჭირდებათ. და ყველაზე მთავარი. სრულწლოვანი აქ ჯერ არავინ არაა, ამიტომ ვინც ალკოჰოლის დალევას გადაწყვეტს, იმედია მანამდე დაფიქრდება იმ სირთულეებზე, რომლებსაც აუცილებლად გადააწყდება ახალი სასწავლო წლიდან. - ვამბობ ნელა და ხაზგასმით. ვხედავ, როგორ იქექავს თავს ბერიანიძე და თავს ძლივს ვიკავებ, რომ არ გამეცინოს. - მესმის, რომ გართობა გინდათ, ამიტომ აღნიშნულის გარდა, არაფერში გზღუდავთ. უბრალოდ, გთხოვთ, ყველაფერი ზომიერების ფარგლებში და კიდევ ერთი: როცა დაგირეკავთ და გეტყვით, რომ სასტუმროში უნდა დაბრუნდეთ, მეორე ზარი აღარ უნდა დამჭირდეს. შეკითხვები? ყველა ჩუმადაა. მშობლებს კმაყოფილებს ეღიმებათ. - ძალიან კარგი. - ვამბობ და საათს ვამოწმებ. - ნახევარ საათში ვახშამია და ვისაც შია, შეუძლია შემოგვიერთდეს. ბავშვები იშლებიან. - თავი ისევ გტკივა? - მიახლოვდება გიორგი. თავს ვუქნევ. - ალბათ შიმშილის ბრალიცაა. ჭამე და ადი ნომერში. ამათ მე მივხედავ. კარგი? - კარგი. დღეს ვერსად გამოვალ. თქვენ გაერთეთ. - ლოყაზე ვკოცნი ბიჭს და სასტუმროს სასადილოში შევდივარ. ლუკა დღევანდელი საღამოს გეგმებზე მწერს, მაგრამ სიტუაციას ვუხსნი და ძალას აღარ მატანს. ვახშამი ნომერში ამაქვს და ვჭამ თუ არა, ტკივილგამაყუჩებელს ვსვამ და ვიძინებ. 2 აგვისტო *** ძილიდან ფრთხილ შეხებას გამოვყავარ, მაგრამ თვალებს არ ვახელ. არ ვიმჩნევ, რომ უკვე მღვიძავს. ვიღაც ჩემს საწოლზე ზის და თმაზე მეფერება. ვიცი, რომ ეს გიორგია. მისი სურნელი ცხვირში სასიამოვნოდ მიღიტინებს და ამ გამაბრუებელი მომენტით, რამდენიმე წამით ვნებივრობ. მერე თვალებს ნელა ვახელ. - როგორ ხარ? - მეკითხება ბიჭი, მიღიმის და ხელისგულით საწოლს ეყრდნობა. - თავი ისევ გტკივა? - არა, კარგად ვარ. - ბალიშს ვხვევ ხელებს. - ბავშვები რას შვრებიან? - ყველა ზღვაზე წავიდა. მეც იქ მივდივარ, სანამ მზე დააცხუნებს. - ახლაღა ვუყურებ კედელზე ჩამოკიდებულ საათს. დილის შვიდი ხდება. - სოფი ოთახში მელოდება. თუ კარგად ხარ, წამოდი. - თხუთმეტი წუთი დამელოდებით? - ჰო. მიდი. - ამბობს გიორგი და დგება. ის-ისაა საწოლიდან ვიწევი, რომ ბიჭი ისევ ბრუნდება. - ისე... არ დამვიწყებია, მარიამ. - რაზე ამბობ? - სამეგობროს შეკრებაზე იმისთვის, რომ სოფი აქ წამოსულიყო. - არ უნდა გამეკეთებინა? - ხელებს გულზე ვიკრეფ. - ვიცი, რატომაც გააკეთე. სხვა სიტუაცია, რომ ყოფილიყო, შენი ხრიკი გამიხარდებოდა, მაგრამ, სიმართლე გითხრა, ჯობდა ყველაფერი ისე დარჩენილიყო, როგორც მიდიოდა. - და ახლა რა სიტუაციაა? გიორგი ოხრავს და ერთხანს ქვემოდან მიყურებს. ტუჩის კუთხე კბილებით უჭირავს. არ იცის, თქვას თუ არა. ან არ იცის, რა უნდა თქვას. მსაყვედურობს? არა, ამასაც ვერ დავარქმევ, მაგრამ რაც არის, გულზე მხვდება და დანაშაულის შეგრძნებას მიჩენს. - კარგი, მივხვდი, - ვეუბნები. - აღარ ჩავერევი. - არ გეწყინოს, მარიამ. - მკრთალად ეღიმება გიორგის, ხელებს მხვევს და გულზე მიხუტებს. - უბრალოდ ახლა, რაღაც შეკითხვებზე პასუხები მე თვითონაც არ მაქვს. - თუ გინდა, ვილაპარაკოთ, როცა დროს გამოვნახავთ. - ჰო, ვნახოთ. - თმაზე მკოცნის ბიჭი და მიშვებს. - მიდი, გამოიცვალე და გავიდეთ. *** რვის ნახევარზე უკვე სანაპიროზე ვარ. მზე სავარაუდოდ გამოსვლას ჯერ არ აპირებს. ცას ოდნავ ნაცრისფერი შეჰპარვია. ბავშვებს ვაფრთხილებ, რომ ტივტივას არ გასცდნენ, ისინიც მპირდებიან, მაგრამ თვალს მაინც ვერ ვაცილებ. იქვე ცურავენ სოფი და გიორგიც. ვუყურებ მათ და ბიჭის სიტყვები მახსენდება. მათ ურთიერთობაში რაღაც მართლაც ხდება, მაგრამ არ იმჩნევენ. არც გიორგი მელაპარაკება და არ ვიცი, რატომ. ჩვენ ხომ რაღაც შეზღუდვები საუბარში არასდროს გვქონია. ჰო, ცოტა ირონიულად ჟღერს, მაგრამ ერთხელ ნაჩხუბრები შევარიგე კიდეც. მაგრამ ახლანდელი შემთხვევა როგორც ჩანს, მართლა განსხვავდება მაშინდელისგან. რაც არ უნდა იყოს, თვითონ მოგვარდნენ, მე ჩარევას აღარ ვაპირებ. - დაშორდებიან. - მესმის გვერდიდან ნანიკოს ხმა, რომელიც შეზლონგზე ლოტოსის ფორმაში ზის, მზის სათვალე უკეთია და მედიტირებს. სინამდვილეში უყურადღებოდ თევზიც არ რჩება ზღვაში. - რა? - გაკვირვებული ვუყურებ. - დაშორდებიან მეთქი, მაგათზე გეუბნები. - ნიკაპს ოდნავ მაღლა სწევს და გიორგიზე და სოფიზე მანიშნებს. - საიდან მოიტანე? - ნახევარი ტანით მისკენ ვბრუნდები. გოგო ორი წამით სათვალეს ცხვირის წვერამდე სწევს. - უბრალოდ, სიტყვაზე მენდე. - უბრალოდ ასეთ რამეს არ იტყოდი. - ჰოდა, მეც მაგას ვამბობ. სიტყვაზე მენდე და ნახავ. მაქსიმუმ ერთი თვე. - ნანი! - რა გინდა, რა! ვერ ხედავ, რომ უკვე ძალისხმევა სჭირდებათ, ერთმანეთს რომ გაუღიმონ? ნაცნობებივით ორმეტრიან დისტანციას იჭერენ, ერთად რომ დადიან. - დაძაბულობა არის, ჰო, ვამჩნევ, მაგრამ არ მგონია დაშორებამდე მივიდეს საქმე. - მხრებს ვიჩეჩავ. „რაღაც შეკითხვებზე პასუხები თვითონაც არ მაქვს.“ მახსენდება გიორგის ნათქვამი. - ვნახოთ. - ნანიკო ისევ სათვალეს იკეთებს. ისევ ზღვისკენ ვიხედები, რომ ვხედავ, როგორ ამოდის იქიდან ლუკა. მერე გიორგისთან ერთად მოცურავე დავითსაც ვხედავ. ალბათ მანამ მოვიდნენ, სანამ გოგოს ველაპარაკებოდი. ბიჭი გვიახლოვდება, ნანიკოს ესალმება და ჩვენ შორის ჯდება. სველი თმითა და სხეულით საკმაოდ მიმზიდველია, მით უმეტეს, რომ ასე მაცდურად იღიმის. ნანიკო ისევ სათვალის ქვემოდან იხედება და ყელს ხელით ინიავებს. დარტყმული. - როგორ გამოიძინე? უკეთ ხარ? - მეკითხება ბიჭი. - კი, მადლობა. როგორი წყალია? - ცოტა ცივია, მაგრამ ამღვრეული არაა, კარგია. ჯერ არ ჩასულხარ? - თვალს მავლებს. ღიმილს ვერ ვიკავებ. მასაც ეღიმება. - ჰო, შენი ლამაზი კუპალნიკები ჯერ ისევ მშრალია. თმაც. - ახლა ძალიან მინდა, რომ რამე სალანძღავი გითხრა. - თავს ვაქნევ. - გადადე, ახლა წყალში უნდა შევიდეთ. - დგება ის, ხელს მაჯაში მავლებს და ზღვისკენ მიმაქანებს. *** საუზმის შემდეგ ნომერში ავდივარ და წყალს ვივლებ. მერე მე და ნანიკო სუვენირების მაღაზიების დასათვალიერებლად გავდივართ. ვაპირებ სოფისაც ვუთხრა, მაგრამ აივნიდან ვხედავ, გიორგისთან ერთად სასტუმროდან რომ გადის. შემდეგ ეზოში მობილურებში ჩაყირავებულ ჩემს რამდენიმე მოსწავლეს ვამჩნევ, ვეძახი და თან მიმყავს. გოგონები უკან მოგვყვებიან, მაგრამ მათი ჩურჩული მესმის. მასწავლებელთან და მის მეგობართან ერთად სასეირნოდ გასვლა უხარიათ. გზად წყლის თოფებს ვყიდულობთ და ღამით ბიჭებზე ვგეგმავთ თავდასხმას. მერე ერთ-ერთ მაღაზიაში შევდივართ და ხელნაკეთ სამკაულებს ვათვალიერებთ. ღიმილით გვხვდება მწვანეთვალება კონსულტანტი (ისტორიიდან “ვიოლინოს გასაღები”), რომელსაც ბეიჯზე თამთა აწერია და ნანიკოს წელის მძივს არჩევინებს. სამკაულები დიდად არ მიყვარს, ეს ნანიკომაც მშვენივრად იცის, მაგრამ ერთს მეც მყიდულობს. მეუბნება, შენს შავ კუპალნიკს მოუხდებაო. ჯერ-ჯერობით მაჯაზე ვიხვევ და მაღაზიიდან გამოსულები, კაფეში ნაყინის საჭმელად შევდივართ. ის-ისაა მაგიდასთან ვსხდებით, რომ შემოსასვლელიდან გიორგი და სოფი გვხედავენ. ხელს ვუქნევ, რომ მოვიდნენ და ისინიც შემოდიან. მოსწავლე გოგონები გვერდით მაგიდაზე გადადიან და შორიდან გვიღიმიან. - კარგია, რომ გამოჩნდი. - ვეუბნები გიორგის. - საღამოს ხო იცი, მელაძე უნდა ვნახოთ. - ვეუბნები ფესტივალის ხელმძღვანელზე. - ჰო, მახსოვს. სიურპრიზი გინდა? ხვალ წვიმაა გამოცხადებული. - არაა! - გული მიწუხდება. ნანიკო მხარზე მისვამს ხელს და მოტანილ ნაყინებს მაგიდაზე ანაწილებს. - დღეს ვნახე სცენა. საიმედოდაა გადაფარებული. თუ გაწვიმდება, წესით ხელი არ უნდა შეგვეშალოს. - გიორგი სკამის სახელურზე დებს ხელს. ველოდები, რომ ახლა სოფი მის თითებს საჩვენებელ თითს გადაატარებს (გოგოს ჩვევაა, რომელიც დიდი ხნის წინ შევნიშნე), მაგრამ არა. აყოვნებს, ისევ აყოვნებს და საბოლოოდ, მგონი არც აპირებს. ნაყინს იღებს და მშვიდად აგრძელებს ჩვენს მოსმენას. - იმედია, იმედია. - ტუჩს ვიკვნეტ და ნანიკოსკენ ვაპარებ თვალებს, რომელიც ნაყინით ტკბება. მისი დილით ნათქვამი სიტყვები მახსენდება და თავს ვაქნევ, რომ ფიქრები გამეფანტოს. - ჩვენი მძღოლები? - რავი, ზღვაზე იყვნენ. - მხრებს იჩეჩავს ბიჭი. - ის ორი სადაა? - სავარაუდოდ დავითსა და ლუკას კითხულობს ნანიკო. - იმან თავისი ნაცნობი ნახა და გაჰყვნენ. გვიან მოვალთო. - ამბობს გიორგი, თავის ნაყინის ქილას იღებს და შოკოლადისფერ მასას ინტერესით ათვალიერებს. იმან? დავითზე ასე არ იტყოდა. ლუკა იგულისხმა? - ალბათ ლუკას გულისხმობ. - სოფი ამბობს ჩემს სათქმელს და ფიქრიანად ათვალიერებს. - დიახ. - პასუხობს ბიჭი, მერე ჩვენს მოსწავლეებს ეძახის და თვალს უკრავს. *** გვიან ღამით ჩვენი გეგმა სისრულეში მოგვყავს და გოგონები სასტუმროს უკან შეკრებილ ბიჭებს, რომლებიც კალათბურთს თამაშობენ, წყლის თოფებით ვესხმით თავს. ზოგიერთი მიძინებული ფანჯრიდან უკმაყოფილო სტუმრები ყოფენ თავებს და საყვედურებით გვიკლებენ. ჩემთვის მთავარი კი ისაა, რომ ბავშვებს მასწავლებლებთან ერთად გართობა უხარიათ. ლუკა არ ჩანს. ალბათ თავის ნაცნობთან კარგად მოილხინა. როცა ყველას სასტუმროს ნომერში ვიგულებ, მეც მშვიდად შევდივარ ოთახში. წყალს ვივლებ და ჩემოდნიდან საქაღალდეში მოთავსებულ ჩემს ფურცლებს ვიღებ. ნანიკოს უკვე სძინავს. ლუდმა, რომელიც ბიჭებზე თავდასხმის შემდეგ დავლიეთ, მასზე დამამშვიდებლად იმოქმედა. სავარძელში ვჯდები, ჟურნალზე სუფთა ფურცელს ვდებ და კალმის წვერით ვეხები. წამოვიღე ისინი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ წერის დრო და სურვილი მექნებოდა. ფურცლები 2010 წელი, სექტემბერი *** ჩემი მეთვრამეტე დაბადების დღე საკმაოდ დიდი გამოვიდა. ალბათ იმიტომ, რომ უკვე სტუდენტი ვიყავი და თან სრულწლოვანიც. მაშინ ამ სიტყვაზე ბევრს ვფიქრობდი. შეზღუდული ისედაც არასდროს ვყოფილვარ. ის პრივილეგიები კი, რასაც თვრამეტი წელი მანიჭებდა, დიდად არ იქცევდნენ ჩემს ყურადღებას. ერთადერთი იმის შეგრძნება გამიჩნდა, რომ უკვე დიდი ვიყავი. მაგრამ დავინახე თუ არა ის უზარმაზარი თაფლისფერი დათვი, რომელიც გიორგის სხეულს ფარავდა, სიხარულისგან პატარა ბავშვივით დავიწყე ხტუნვა. ბიჭი ჩემს რეაქციაზე იცინოდა და თან უხაროდა, მისი საჩუქარი რომ ასე მომეწონა. სანამ სხვა სტუმრები მოვიდოდნენ დათუნიას კალთიდან არ ავმდგარვარ. ბევრი არ მიფიქრია, ბალუ დავარქვი და ჩემს საწოლზე მოვათავსე. მერე გიორგი გავაფრთხილე, რომ ოთოც იყო დაპატიჟებული და ისე გაეკეთებინა, რომ მის მიმართ ანტიპათია ბიჭს არ შეემჩნია. ვერ დაგპირდებიო, უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა და ჩემი ტორტიდან კრემის ასაღებად თითი გაიშვირა. ხელი ჩავავლე და მისთვის შეხება კატეგორიულად ავუკრძალე. კლასელებმა, მეგობრებმა და ცეკვის ჯგუფელებმა ჩემი სახლი აახმაურეს. ძალიან ბედნიერი ვიყავი. ამას ისიც დაემატა, რომ სიურპრიზად მამა ჩამოვიდა და ხელში გასაღები ჩამიდო. იმ სახლის გასაღები, რომელშიც ახლა ვცხოვრობ. მაშინ გაგირავებული გვქონდა. თურმე ბინა დიდი ხნის წინ დაუცლია, ცოტა შეურემონტებია და ჩემზე გაუფორმებია. მითხრეს თუ გენდომება იქ ცხოვრება, შეგიძლია ხვალვე გადახვიდეო. სიხარულისგან ყველა კუთხეს მოვედე. როცა ვუთხარი, დედას მარტოს ვერ დავტოვებ-თქო, მაშინ გავიგე, რომ გივი სამსახურს თავს ანებებდა. თვეობით საზღვარგარეთ ყოფნა აღარ მოუწევდა. ახლა თვითონ ჩამოიყვანდა მანქანებს და გაყიდდა. მიუხედავად ამისა, ერთი წელი ისევ მათთან ვიცხოვრე. ოთომ ჩემი საყვარელი მომღერლის, ბეთ ჰარტის ახალი ალბომი მაჩუქა. ვიყვირე კიდეც, ისე გამიხარდა, ლოყაზე ვაკოცე და მოვეხვიე. ბიჭი გაბრწყინებული თვალებით მიყურებდა, რაც დაბღვერილ გიორგის არ გამოჰპარვია. - ხომ დამპირდი? - ვუთხარი, როცა ეზოში სიგარეტის მოსაწევად გასული დავინახე. - რას? - ინტერესით გამომხედა. - ოთოზე. - არაფერიც. არ დაგპირებივარ, ნუ მაბრალებ. - ნუ ხარ ასეთი ჯიუტი, რა. - მხარზე ვუჩქმიტე. გიორგიმ წამოიყვირა და შუბლშეკრულმა მოისრისა კანი. - გამოელაპარაკე და მიხვდები, რომ კარგი ბიჭია. - ვიცი, რაც არის. - ისევ... - თვალები გადავატრიალე. - შემახსენე, დღეს ვისი დაბადების დღეა? - მე რა ვიცი. - რატო ლაშას არ აღიზიანებს, ან ნანიკოს? ისინიც ხომ ჩემი მეგობრები არიან? - ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ სხვანაირი მეგობრები ვართ. - მითხრა და ისე გამიღიმა, თითქოს საუბარი უკვე დასრულებული იყო. ცოტა დავიბენი, მაგრამ კარგად თუ დავუკვირდებოდით, მართლა ასე იყო. არ ვიცოდი, რა უნდა მეპასუხა, ამიტომ ისევ საყვედური ვარჩიე. - და კიდევ, ნუ ეწევი. ხომ იცი, რომ დროთა განმავლობაში ვარჯიში გაგიჭირდება. გიორგიმ ცალყბად გაიცინა და თავი დამიქნია. *** სწავლა ოქტომბრის დასაწყისში დაიწყო. უნივერსიტეტში აღელვებული წავედი. ნახევარი საათით ადრეც კი მივედი და სოფი ვნახე. ჩემი ფაკულტეტი მეშვიდე სართულზე იყო, მისი მეხუთეზე. საბედნიეროდ, ლიფტი მუშაობდა. ახალი გარემო, ახალი სახეები, ახალი შენობა და მისი სურნელი, ახალი ცხოვრების დაწყებას საკმაოდ თვალნათლად მიხატავდნენ. ყურადღებით ვიყავი. ვცდილობდი, არაფერი გამომრჩენოდა, ბევრი მომესმინა და ცოტა მელაპარაკა. რამდენიმე ლექტორმა ლექცია მხოლოდ ჩვენს გაცნობას დაუთმო, ზოგმა კი ამ პროცესში მხოლოდ ათი წუთი დახარჯა და პირველივე დღე სილაბუსიდან პირველ საკითხს დაუთმო. ჯგუფში ოცდაათი სტუდენტი ვიყავით, აქედან ბიჭი მხოლოდ ხუთი იყო. ერთად ისხდნენ და მუშკეტერებს ჰგავდნენ. პირველი დღე რომ დამთავრდა, მე და სოფიმ შეხვედრა იქვე კაფეში დავთქვით, ყავა შევუკვეთეთ და ერთმანეთს შთაბეჭდილებები გავუზიარეთ. ამ გოგოსთან საუბარში რაც უფრო დიდ დროს ვატარებდი, მით უფრო კარგ შთაბეჭდილებას ტოვებდა ჩემზე. ჭკვიანი იყო, სამართლიანი და ცოტა მორცხვიც. ეშინოდა, რომ ჯგუფში საერთოს ვერავისთან აღმოაჩენდა. მე კი ვამშვიდებდი და ვეუბნებოდი, რომ დროთა განმავლობაში ყველას გაიცნობდა და გამორიცხული იყო, ორმოცდაათ ჯგუფელს შორის ერთი მაინც არ აღმოჩენილიყო მისი ჭკუის. მას შემდეგ, ერთმანეთს თითქმის ყოველდღე ვხვდებოდით. ხანდახან, ლექციების შემდეგ გიორგი გამომივლიდა და ხან ჩვენ ორნი მივდიოდით განტვირთვისთვის, ხან სოფიც მოგვყვებოდა. ხან კი ნანიკო და ლაშაც ჩვენთან ერთად იყვნენ. გიორგი მუშაობდა. როცა მამაჩემი მძღოლობას შეეშვა და თავისი პატარა ბიზნესისთვის ასევე პატარა ოფისი გახსნა და გაიგო, რომ გიორგის ერთი წელი ტყუილად უცდებოდა, მუშაობა შესთავაზა. მე უარზე ვიყავი. ვამბობდი, უქმად არ იქნება, მომდევნო წლისთვის უნდა ვიმეცადინოთ მეთქი, მაგრამ ბიჭი გივის მაინც დათანხმდა. ხან კურიერი იყო, ხან საბუთების მოწესრიგებას სწავლობდა. მეცადინეობას ვახერხებდით, მაგრამ იმდენად ხშირად ვერა, რამდენი თავისუფალი დროც გვქონდა. ნოემბრის ბოლო იყო, ნანიკო რომ გამომიტყდა შეყვარებული ვარო. არ ვიცოდი, რატომ, მაგრამ ძალიან გამიკვირდა და სიცილი ამიტყდა. ვერ წარმომედგინა ნანიკო და სიყვარული. გოგო გაბრაზებული მიყურებდა და მიცდიდა, როდის დავამთავრებდი კისკისს. მერე ბოდიში მოვუხადე და მოვუსმინე. ჩვენი რომეო მისი კოლეჯის სტუდენტი იყო. მხატვარი. ფოტო სპეციალურად არ მაჩვენა, როცა გაგაცნობ, შენი სახე უნდა ვნახოო. კაფეში ყელიანი სვიტერით, ჯინსის შარვლითა და გახსნილთასმებიანი ბათინკებით დაგვხვდა. ლამაზი იყო. ძალიან ლამაზი. ბიჭისთვის ზედმეტად ლამაზი და საეჭვოდ ლამაზი. ჩვენზე ორი წლით უფროს ალექსანდრეს საკმაოდ მომნუსხველი ლექსიკა და მანერები ჰქონდა. მართალია, სასიყვარულო ურთიერთობებში გამოცდილი არ ვიყავი, მაგრამ შეხვედრიდან ათ წუთში მივხვდი, რომ ნანიკოს და ამ ბიჭს საერთო არაფერი ჰქონდათ. მოგვიანებით არც დავუმალე და მსუბუქად მოვახსენე გოგოს ჩემი აზრი. მითხრა, არ იღელვო, არც ჩემს თავს და არც ჩემს გრძნობებს არავის დავაჩაგვრინებო. დეკემბრის ბოლოს კი გამომიცხადა, ალექსანდრემ შიშველი დამხატაო. - უკანა ხედით. - დაამატა ბოლოს, როცა ჩემი აღშფოთებული სახე დაინახა. უხაროდა, მუზა ვარო და არ ესმოდა, როცა ვეუბნებოდი, რომ მაგ ტიპს ვერ ვენდობოდი. მაგრამ, ვერც ვერაფერს ვამბობდი, რადგან ბატონი მხატვარი მიზეზს არ მაძლევდა. ჩემს ჯგუფელებს დავუახლოვდი, მაგრამ მაინც დისტანციას ვიჭერდი. ახალი მეგობრების იდეა დიდად არ მომწონდა. კინოშიც დავდიოდით, კაფეებშიც და სასეირნოდაც, მაგრამ ბოლომდე საკუთარ თავს არავის ვაცნობდი. არც ისინი მიკლებდნენ პირადი შეკითხვებით და თავს ასე უფრო კომფორტულად ვგრძნობდი. შუალედური გამოცდები გადავლახე, მაგრამ ფინალურებზე ძალიან ვღელავდი. საკმაოდ რთულ საგნებს გავდიოდით და თეორიული მასალაც საკმაოდ ბევრი იყო. საკუთარ თავს იმაში ვიჭერდი, რომ მეცადინეობისას ხანდახან ლაზურის მელოდიას ვღიღინებდი, ან კალამს რვეულს ვურტყამდი და რვამდე ვითვლიდი, თითქოს რაღაც მოძრაობას ვაკეთებდი. შაბათ-კვირას ერთი სულით ველოდი, რომ სულისა და სხეულისთვის ნამდვილი განტვირთვა მომეწყო ხოლმე. ფილოსოფია, აკადემიური წერა და ენათმეცნიერება საერთოდ მავიწყდებოდა, როცა სტუდიის კარს ვაღებდი. მუსიკა და ეს მოძრაობები, რომლებიც სიცოცხლეს მერჩივნა, განსაკუთრებით ძვირფასად მაშინ მეჩვენებოდა, როცა ვხვდებოდი, რომ მათთვის გაცილებით ნაკლები დრო მრჩებოდა. ხანდახან, როცა სამეცადინო მიგროვდებოდა, ცეკვის გაცდენა მიწევდა. საშინლად განვიცდიდი. იმაზე მეტად, ვიდრე შუალედურების გამოცდებზე არასასურველ საკითხებს. მაგრამ ვცდილობდი, თავი ხელში ამეყვანა. ცეკვა ყოველთვის ჩემთან ახლოს იქნებოდა. ლექციებსა და ქულებს კი სხვა დროისთვის ვერაფრით გადავდებდი. არც ოთო გამქრალა ჩემი ცხოვრებიდან. ჩემი სასწავლებლის პარალელურ ქუჩაზე სწავლობდა. ერთ დღეს შემთხვევით შევხვდით გაჩერებაზე და მაშინღა გამახსენდა, რომ ასე ახლო იყო ჩემთან. ამიტომ ხანდახან ჩვენც ვსვამდით ხოლმე იმ კაფეში ყავას, სადაც მე და სოფი. ერთხელ სამივეს ერთად მოგვიწია იქ ყოფნა და როცა დავიშალეთ, გოგომ მითხრა, ამ ბიჭს მგონი ისევ მოსწონხარ, რომ გიყურებს უცნაურად იღიმისო. მე არ შემიმჩნევია. ალბათ იმიტომ, რომ არ მინდოდა ამაზე ფიქრი. სამაგიეროდ, მას შემდეგ, როცა ოთოს ვხვდებოდი, სულ გოგოს სიტყვები მახსენდებოდა და თავს ისევ უხერხულად ვგრძნობდი. 2011 წელი, იანვარი *** ფილარმონიის დარბაზში ძველით ახალ წელს კონცერტი იმართებოდა და არც „დაირას“ გამოუტოვებია ეს დიდებული სცენა. კულისებიდან ვუთვალთვალებდი დარბაზს, რომელიც ნელ-ნელა ივსებოდა და ადრენალინიც თანდათან იწყებდა ჩვენზე ზემოქმედებას. კონცერტის დაწყებამდე ხატიას შევხვდით. ანსამბლი გორიდანაც იყო ჩამოსული. ის და ლაშა უკვე შეყვარებულები იყვნენ. სანამ დავიშლებოდით, იმაზე საუბარიც მოასწრეს, თუ კოლეჯში გამოცდაზე, ჟიურის წინ რა ცეკვებით წარდგებოდნენ. ისეთი აჟიტირებულები და ბედნიერები იყვნენ, ცოტა შემშურდა კიდეც. როგორი წარმოსადგენი იყო, რომ სამივე და შესაძლოა გიორგიც ისწავლიდნენ იქ, სადაც ყოფნა ყველაფერს ერჩივნათ. ნანიკოს მობილური ჩაებღუჯა და მასზე ფრჩხილებს ნერვიულად აკაკუნებდა. მისმა ალექსანდრემ კონცერტზე მოსვლა ვერ მოახერხა და ბრაზობდა. მერე სესილიმ რეპეტიციისთვის დაგვიძახა. დავლური უნდა გაგვეტანა. სოლო კი ქართული იქნებოდა. ამიტომ კონცერტზე სოფიც იყო. გოგო შორიდან დავინახე. მარტო იდგა ზურგით და მობილურზე ლაპარაკობდა. შევამჩნიე რომ ჩიხტის ფატა ჰქონდა გასასწორებელი და ის იყო მის გამოსასწორებლად მისკენ ნაბიჯი გადავდგი, რომ გოგოსთან გიორგი გაჩნდა და სწორედ ის გააკეთა, რასაც მე ვაპირებდი. სოფი დაბნეული შემობრუნდა, მერე ალბათ გიორგიმ აუხსნა, რაც ხდებოდა და ორივეს გაეცინა. ბიჭი ნამდვილ თავადს ჰგავდა, სათანადოდ დალაგებული ვარცხნილობით, შავ ჩოხა-ახალუხზე მოხვეული რუხი მანტიით და კოხტად მომდგარი აზიურებით. სოფი კი თავისი მორცხვი ღიმილითა და გამართული სიარულის მანერით, ნამდვილი დედოფალი იყო. იდეალურ წყვილზე ხომ გსმენიათ? თავში სწორედ ამან გამიელვა და ნახევარი წამით საფეთქელთან წვაც კი ვიგრძენი. მუცელი შემეკუმშა, იმდენად ღრმად ჩავისუნთქე ჰაერი, რომ ყელში მოწოლილი ბურთი შემეკავებინა. საკუთარ თავს შევძახე, რომ ამის დრო არ იყო. ახლა კონცერტზე, მოძრაობებსა და განწყობაზე უნდა მეფიქრა და არა ამ მტკივნეულ სილამაზეზე, ნელა რომ მიახლოვდებოდა. ცეკვა ყველაფერს გამოასწორებდა. ცეკვა მიშველიდა. ცოტაც უნდა მომეთმინა. უკან დავიხიე და შორს წასულ ნანიკოს დავეწიე. - რა გჭირს? - დანახვისთანავე მკითხა. - არაფერი. - სწრაფად ვუპასუხე. ლაპარაკი არ მინდოდა, ჯერ ისევ ყელში იყო ტირილის სურვილი. მაკიაჟის ხელახლა გაკეთების დრო არ იყო. არც უამრავი კითხვისგამჩენი დრამების. - რა არაფერი, ისეთი სახე გაქვს, სადაცაა იტირებ. - მხარზე დამადო ხელი. - თუ არ გაჩუმდები, მართლა ვიტირებ. სხვა დროს გეტყვი, დღეს არა. - ვუთხარი და ვერცხლისფერ კაბაზე მოცმული რუხი ხავერდის ჟილეტი შევისწორე. - კარგი. - ჩაიჩურჩულა გოგომ და გამომყვა. საკუთარი თავი მაოცებდა, იმხელა მოთმინების უნარს ვამჟღავნებდი, რაც დრო გადიოდა და რაც უფრო მეტად მჭირდებოდა. რთული გადაყლაპვა და გულში გამოკეტვა იყო, თორემ იქ მოთავსებული გრძნობები ერთმანეთს აძლიერებდნენ და მე მათ უკვე აღარ ვჭირდებოდი. ღიმილი დავიბრუნე. რეპეტიცია გავიარეთ და კონცერტიც მალევე დაიწყო. ჩვენი დავლური ნამდვილ საოცრებად მიმაჩნდა. გულში ჩამწვდომი მელოდია თითქოს ჩემს განწყობას გრძნობდა. ულამაზესი კაბების შრიალი სასიამოვნო ჩამესმოდა. ეს ცეკვა ჩემი მშველელი უნდა ყოფილიყო, მაგრამ რატომღაც პირიქით მოხდა. ალბათ იმიტომ, რომ განწყობით ერთმანეთს ვგავდით. ცეკვამ არაჩვეულებრივად ჩაიარა. აპლოდისმენტებიც ნამდვილად მქუხარე იყო. სანამ გამოვიცვალეთ, კონცერტიც დასრულდა და ფილარმონიიდან გამოსვლა ხალხთან ერთად მოგვიწია. გიორგი უკან მომყვებოდა და ჯერ ისევ ჩაწნულ ნაწნავებს მიშლიდა. ეს მისია ყოველი კონცერტის ბოლოს საკუთარ თავს თვითონ დააკისრა. უფლებას არ მაძლევდა ეს ჩემით გამეკეთებინა. მეტროთი ერთად უნდა წავსულიყავით და იმედი მქონდა, რომ ჩემს თავში დაბრუნებული ფიქრები სახეზე არ დამეტყობოდა. ის იყო, გარეთ გამოვედით, რომ მიწისქვეშა გადასასვლელის კიბესთან ნაცნობ სილუეტს მოვკარი თვალი. ეს ალექსანდრე იყო, ნანიკოს შეყვარებული. მხედველობა დავძაბე, ხომ არ მეჩვენება მეთქი, მაგრამ მისი მოგრძო ქერა თმა და დგომის მანერა ვერავისში ამერეოდა. უკვე ნანიკოსთვის ვაპირებდი თქმას, რომ ბიჭს ვიღაც გოგო მიუახლოვდა და კისერზე ჩამოეკიდა. ლამის პირი დავაღე და ინსტინქტურად შევწყვიტე მოძრაობა. გოგოს მოკლე ტყავის ბოლოკაბა და სქელი ჯემპრი ეცვა. მოკლე თმა უკან გადაეწია და მოღიმარ ალექსანდრეს საკმაოდ გამომწვევი მზერით მიშტერებოდა. - მარიამ. - დამიძახა გიორგიმ, რომელსაც მეორე ნაწნავი მოემარჯვებინა და შემომყურებდა. - რა დაინახე? - მანაც ჩემს მზერას გააყოლა თვალი და მაშინვე წარბები შუბლზე აზიდა. მიმოვიხედე, ნანიკოს ვეძებდი. გოგო უკან იდგა, ლაშასთან ლაპარაკს ამთავრებდა და ჩემკენ მოდიოდა. - ეს ის პიკასო არაა? - მიჩურჩულა გიორგიმ. თავი დავუქნიე. არ ვიცოდი, უნდა მეთქვა თუ არა. რამდენიმე წამით ძალიან დავიბენი. მერე ნანიკოც მომიახლოვდა და შევხედე თუ არა, გამახსენდა, როგორი აღფრთოვანებული მეუბნებოდა ალექსანდრეს მუზა გავხდიო. ისიც გამახსენდა, რომ ვეუბნებოდი, ამ ტიპს არ ვენდობი-თქო. - არ წავიდეთ? რა მოგივიდა. კიდე ტირილი გინდა? - მკითხა უხასიათოდ. ჯერ თვალები ვჭყიტე. დავინახე გიორგის სახე, როცა უკანასკნელი შეკითხვა მოისმინა და გაბრაზებულმა, გოგო იმ მხარეს მივატრიალე, საითაც მისი ფუნჯიანი მხატვარი იდგა. - ალექს... - დაძახება დააპირა ნანიკომ, მაგრამ კადრი მალევე აღიქვა. თვალები გაუშტერდა, ტუჩები მომუწა და მუშტები შეკრა. - ახლა არ აყვირდე. - ვურჩიე მშვიდად, რადგან მისი ფეთქებადი ხასიათის ამბავი კარგად ვიცოდი. - თუ გინდა ჩავერევი. - გიორგიმ ჩემი ნაწნავის დაშლა გააგრძელა, იცოდა, რომ ნანიკო უარს ეტყოდა. - არავინ ჩაერევა. მე თუ ამას დალტონიკად არ ვაქცევ და ნახავს... - ჩაილაპარაკა გაღიზიანებულმა. - წავიდეთ. გზაში შევთავაზე, შენთან წამოვალ დღეს და დავრჩები-თქო, მაგრამ უარი მითხრა. ნუ დარდობ, მაგ ნაგვის გამო ტირილს და დარდს არ ვაპირებ. მხოლოდ კარგ გეგმას დავსახავ, რომ შურისძიებისას დანაკლისი არ ვიგრძნოო. ერთმანეთს მეტროში დავშორდით. - ტირილი რატომ გინდოდა? - მკითხა გიორგიმ, როცა უკვე გზაჯვარედინთან ვიყავით. - ტირილი? - წარმატებულად შევიცხადე. - ნანიკო ამბობდა წეღან... - ა, არა. მეძინებოდა და მაგაზე მითხრა, ასე მგონია, ტირილს აპირებო. - გეძინებოდა... - ეჭვით დამიქნია თავი. - არ ჩამაცივდე. იმავეს გიპასუხებ. - გავუცინე და სახლისკენ გავიხედე. ერთი სული მქონდა, ჩემს ოთახში შევსულიყავი. - კარგი, და... მართალია, რომ იმ ოთოს ისევ მოსწონხარ? - რა? საიდან გაგახსენდა, ან საიდან მოიტანე? - თურმე შენთან და სოფისთან ერთად ყავას სვამს ხოლმე. - შენ და სოფი ჩემზე ჭორაობთ? - შუბლი შევკარი. ისედაც შეკავებულ ემოციებს ახლა საშინელი სიბრაზეც დაემატა და გული ისე ამიჩქარდა, მეშინოდა, რომ თავს ვეღარ გავაკონტროლებდი. - ვჭორაობთ? მარიამ... - ასე ნუ მეძახი! - რა? - გაკვირვებულმა შემომხედა. - რა გჭირს? ახლა მეგობრებში საუბრებს ჭორაობას ვეძახით? - ვეძახით, როცა ეს თემა არც ერთს არ გეხებათ. - მკლავებზე გადაფენილ ცეკვის ფორმას თითები მაგრად მოვუჭირე. ვლაპარაკობდი და ვხვდებოდი, რომ ეს სიტყვები ჩემსას არ ჰგავდნენ. უნდა წავსულიყავი, სანამ ზედმეტი მომივიდოდა და ყველაფერს გავაფუჭებდი. - დავიღალე, უნდა წავიდე. - ვუთხარი და უკან დავიხიე, მაგრამ გიორგიმ ხელში თითები ჩამავლო. - სანამ არ მეტყვი, რა დაგემართა, არსადაც არ წახვალ. - თქვა კატეგორიულად. - შენს ახალ მეგობართან ერთად გამოიცანი, რა დამემართა. გიორგიმ წარბები შუბლზე აზიდა და გაკვირვებული სახე ნელ-ნელა ღიმილმა გაუხსნა. მერე გაეცინა. - რა გაცინებს? - გავბრაზდი, მაგრამ გულზე მომეშვა. ვიცოდი, ახლა რასაც მეტყოდა და ჯობდა ზუსტად ეს ეფიქრა, ვიდრე კამათით დავშორებოდით ერთმანეთს. - ეჭვიანობ, ტყუილი თუ მართალი? - მართალი. და შესაძლოა ოთოსაც ისევ მოვწონვარ. - მივახალე და გამოვბრუნდი. ზურგს უკან გიორგის სიცილი მესმოდა. მერე მობილურზეც მომივიდა შეტყობინება, ეს საუბარი არ დაგვიმთავრებიაო და სახლშიც შევედი. მამას ეძინა. დედასაც დავემშვიდობე, ჩემს ოთახში ავედი და საწოლზე ძალაგამოცლილი მივწექი. თავი საშინლად მტკიოდა. ყველა ნერვის დაბოლოება გულისგამაწყალებლად ფეთქავდა. მანამდე აზრად არასდროს მომსვლია, მაშინ კი საკმაოდ ცხადად გავაცნობიერე, რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა. გიორგის ვინმე აუცილებლად მოეწონებოდა, ვინმეს შეიყვარებდა ისე, როგორც მე მიყვარდა და მე ვიქნებოდი ამის თვითმხილველი. გამახსენდა, როგორ წმენდდა ის სოფის ნაყინს მხრიდან და როგორ უღიმოდა გოგო მას. გამახსენდა დღევანდელი მცირე ჟესტი და მისით გამოწვეული დიალოგი. მათი ღიმილიანი სახეები. ის მუხტი, რასაც მათ შორის აშკარად ვხედავდი. განსაკუთრებით კი სოფის მხრიდან. ის მოხიბლული იყო და საკმაოდ მოსალოდნელი იქნებოდა, გიორგიც თუ ამითვე უპასუხებდა. ჩვენ სხვანაირი მეგობრები ვიყავით. ასე მითხრა, ასე იყო და ალბათ ასევე გაგრძელდებოდა. შემეძლო რამის შეცვლა? ამის ძალა არ მქონდა. მისთვის მეგობარი ვიყავი. სხვანაირი, მაგრამ მაინც მეგობარი. ესეც რომ დამეკარგა? ერთხელ უკვე გამოვიარე და მეორედ ვერ გავუძლებდი, მით უმეტეს, როცა მიზეზი მე ვიქნებოდი. და მის გვერდით სხვის დანახვას რამდენად შევძლებდი? გონებაში თავისით ჩნდებოდნენ არასასურველი სურათები და გული მისივდებოდა. მომუშტულ თითებს მუცელზე ვიჭერდი, რომ ტკივილი შემეჩერებინა, მაგრამ არაფერი გამოდიოდა. შიგნით რაღაც ძალიან მხურვალე იზრდებოდა და ასე მეგონა დამწვავდა. რაც უფრო მეტი ფიქრი გროვდებოდა თავში, მით უფრო იწელებოდა ის ღამე. წამოვდექი. ბალუს ფუმფულა ხელი ცრემლებით დასველებოდა. უჯრაში პატარა ყუთი მოვძებნე, რომელშიც გიორგის მოცემულ წვრილმან ნივთებს ვინახავდი. იქიდან კი ბენდენა ამოვიღე. გარეცხილი და სუფთა იყო, მაგრამ, მოგონებას მაინც უნაკლოდ ინახავდა. რამდენჯერმე დამავიწყდა ცეკვაზე მისი წაღება, რომ გიორგისთვის დამებრუნებინა. მაგრამ ბოლოს გადავწყვიტე დამეტოვებინა. იმდენად ცხადად მახსენებდა იმ დღის შეგრძნებებსა და ფიქრებს, რომ მისი დაკარგვა არ მინდოდა. მასთან ერთად თმის სამაგრიც იდო, იმ რუსული შოკოლადის შეფუთვაც, შემოსარიგებლად რომ მაჩუქა და კიდევ რამდენიმე წვრილმანი ნივთი. ალბათ კიდევ ბევრი მიემატებოდა, ის კი მათ ვერასდროს ნახავდა. მერე ჩვენი ბოლო საუბარი გამახსენდა და გამეღიმა. იფიქრა, რომ ვიეჭვიანე. მართალი იყო, მაგრამ არ იცოდა რამდენად მძაფრად. არ იცოდა და ალბათ ვერც ვერასდროს გაიგებდა. *** მეორე დღეს, მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო გაფრთხილებული მყავდა, ორ დღეში ფინალური მეწყება და ვერ მოვცდები მეთქი, მაინც თავზე დამადგა. თან ცხელი შოკოლადი მოიტანა. იცოდა, როგორ უნდა გავეჩუმებინე. სანამ მას ვამზადებდი, თვითონ ბალუს ეხუტებოდა. - აბა, როგორია შენი გეგმა? - ვკითხე გოგოს და ფინჯანი გავუწოდე. - იდეალური გეგმა მაქვს. სასწავლებელი თვის ბოლოს წარმატებული სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას აწყობს. მაგ იდიოტის ორი ნახატიც უნდა იყოს. სამუდამოდ დავამახსოვრებ იმ დღეს. - დახმარება ხომ არ გინდა? - გავუცინე. - არ მგონია, თუ რამეა არ მომერიდება. - ჩაიხითხითა. - ახლა შენ მომიყევი, რა ხდება? - მოიკალათა ბალუსთან და ინტერესით შემომხედა. - არაფერი ისეთი ნანი. ვიეჭვიანე. - ბოლო სიტყვა ჩუმად ვთქვი, მაგრამ მაინც გაიგო. - რაა? ღადაობ? უნდა აღვნიშნოთ. - წამოიყვირა, მაგრამ ჩემს ნირწამხდარ სახეს რომ გადააწყდა, გაჩერდა. - მოიცადე და, ვისზე? - მხრები ავიჩეჩე და ცხელი სითხე მოვსვი. - სოფიზე? - ჰო. - ვიცოდი! - სოფის გიო მოსწონს. ხომ გახსოვს, ნაყინით რო დასვარა შემთხვევით... - გოგომ თავი დამიქნია. - ჯერ კიდევ მაშინ შევამჩნიე. - დარწმუნებული ხარ? მე რანაირად გამომეპარა? - ჰო, უბრალოდ აქამდე თითქოს ყურადღებას არ ვაქცევდი. - და გუშინ რამე მოხდა? - არაფერი განსაკუთრებული. საუბრობდნენ რომ შევამჩნიე და... უბრალოდ აშკარაა, რასაც ვამბობ. ჩემთვის ყოველ შემთხვევაში. - კარგი. - ამოიოხრა გოგომ და ერთი წამით ჩაფიქრდა. - და შენ? რას აპირებ? - რას უნდა ვაპირებდე... - მარი! ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო და არ მითხრა, რომ აპირებ უყურო, როგორ გაჩაღდება მათ შორის სასიყვარულო რომანი. - ღმერთო, ხან რანაირი პირდაპირი ხარ. - დავუბღვირე გოგოს. - მეტის ღირსი ხარ, თუ მართლა ასე ფიქრობ! - და რა უნდა გავაკეთო? მივიდე გიორგისთან და ვუთხრა, მიყვარხარ მეთქი? - ჰო, ჰო, ზუსტად ეგ. უნდა მიხვიდე და უთხრა. - გამორიცხულია! - მაშინ შეიცვალე. რაღაცნაირად მიახვედრე, რომ შენთვის მხოლოდ მეგობარი არ არის. თქვენ... ისეთი ურთიერთობა გაქვთ, ვიღაცამ შეიძლება იფიქროს კიდეც, რომ თქვენს შორის რაღაც არის... - ნუ სულელობ. მსგავსი არაფერია. - ჰო, იმიტომ, რომ მისი მეგობრის როლის თამაშს, თავს მშვენივრად ართმევ. - მე მისი მეგობარი ვარ! - მაგრამ ეს ხომ ის არ არის, რაც შენ რეალურად გინდა? რა ჯანდაბაა... ასე რანაირად იმეტებ თავს? - გეყოფა. - ვუღიმი ჩემს აღელვებულ მეგობარს. - არ მეყოფა. რაღაც უნდა გააკეთო. ან გიორგის მიახვედრე, რომ გიყვარს, ან სოფის სადმე ბნელში დავხვდები. - იდიოტო! - ამ ყველაფრის შემდეგ შენ გეცინება და კიდევ მე ვარ იდიოტი? შე მართლა იდიოტო! მარი გთხოვ, არ მაყურებინო, როგორ უღიმი შეყვარებულ სოფის და გიორგის. რამე გააკეთე. - არ მინდა, რომ დავკარგო, ნანი. მაგ მცდელობებმა რომ გიორგი დამაკარგვინოს... ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. ვერ გავრისკავ, ვერანაირად, გესმის? - ფინჯანი დავდე და სახეზე ხელები ავიფარე. ხმა გამიტყდა. ტირილი არ მინდოდა, მაგრამ ნერვებმა მიმტყუნა. - კარგი რაა... - ნანიკომ თავი კალთაში ჩამადებინა და თვითონაც დაებრიცა ტუჩები. - რასაც შენ ამბობ, ის „რაღაცნაირი ურთიერთობა“ ჩემთვის გარანტია არაა, რომ გიორგი ყველაფრის გაგების შემდეგ დარჩება და ჩემს ისე შეყვარებას შეძლებს, როგორც მე მიყვარს. მირჩევნია ის იყოს მყარი, რაც მასთან მაკავშირებს, ვიდრე გავრისკო და ყველაფერი დავკარგო. - სოფის ვერ ვიტან. - ჩაილაპარაკა ზიზღით გოგომ. - ის კარგია. მართლა კარგია. - ვერც შენ გიტან ამის გამო. და საერთოდაც, - თმა გადამიწია და ზემოდან დამხედა. - რას აიჩემე ეს სოფი და გიორგი. იქნებ გეჩვენება? - არ მეჩვენება. და რომც მეჩვენებოდეს, არაფერს ცვლის ეს. - ასე არ შეიძლება. - ჩაიბუტბუტა ნანიკომ და ბალუს ლოყაში მუშტი უთავაზა. გამეცინა. ვიცოდი ეს მუშტი ვისაც ეკუთვნოდა სინამდვილეში. 6 თავი 3 აგვისტო, 2019 წელი *** წვიმს, მაგრამ საბედნიეროდ მანამ მთავრდება, სანამ სასტუმროდან გავალთ. ბავშვებს ფორმების ჩაცმაში ვეხმარები და აღელვების მიუხედავად, სახიდან ღიმილს ვერ ვიშორებ. ულამაზესები არიან. ანსამბლის უფროსი გოგონები მაკიაჟს თავისით იკეთებენ, შედარებით პატარები კი ჩემთან და ნანიკოსთან მორბიან. გიორგი ბიჭებს უმოწმებს ფორმებს და თან სცენასთან დაკავშირებით რჩევებს აძლევს. ცოტა ადრე უნდა მივიდეთ, რომ რეპეტიცია გავიაროთ და სცენას მოვერგოთ. - გუშინ გაქრობა მომიწია. - მესმის გვერდიდან ლუკას ხმა. ბიჭს თვალს ვავლებ და მოსწავლის თვალის შეღებვას ვაგრძელებ. - ახლაც თუ გაქრები, დამეხმარები. - ვეუბნები სწრაფად. - ჰმ, ეგ მგონი ჩემ თავიდან მოშორებას უფრო გულისხმობს, ვიდრე დახმარებას. - შენი გამჭრიახობის იმედი სულ მაქვს. - მეცინება. - ანუ დავახვიო... - ჰო, ასე გამოდის. - ვეუბნები, მაგრამ არ მინდა მთლად უყურადღებო გამოვჩნდე და ვსწორდები. - კონცერტი ორზე იწყება. იქ იქნები? - კონცერტის მერე რა ხდება? - რასაც დავგეგმავთ. - მხრებს ვიჩეჩავ. - კარგი. მაშინ იქ ვიქნები და გეგმას ჩავნომრავ. - ეცინება ლუკას და მიდის. ვოხრავ და საქმეს ვაგრძელებ. მერე გიორგიც მოდის და ბიჭები მზად არიანო, მეუბნება. ვხედავ, როგორ უყურებს სასტუმროს გასასვლელს, საიდანაც ცოტა ხნის წინ ლუკა გავიდა. მაკიაჟს ვამთავრებ და მოსწავლეს ვუშვებ. მერე სოფი მოდის თავისი ფოტოაპარატით და ერთ-ერთ სურათზე მეუბნება, თქვენი ფეისბუქ-გვერდის პროფილის ფოტოდ კარგი იქნებაო. მზადების პროცესში გადაღებულ სხვა ფოტოებსაც ვათვალიერებ. თითქმის ყველგან ნანიკოა. მეცინება. შემდეგ ყველას ერთად ვკრებ და სანაპიროზე გამართული სცენისკენ მივდივართ. ვნერვიულობ. სამი წელია რაც მე და გიორგის ანსამბლი გვაქვს და საზღვარგარეთ მხოლოდ ერთხელ, ისიც თურქეთში მოვახერხეთ წასვლა. ახლა კი ფესტივალს გრან-პრიდ აქვს ჩეხეთის ტური, რომლის სამოცდაათი პროცენტიც ფინანსდება და უზომოდ მინდა, რომ ეს პრიზი დავიმსახუროთ. რეპეტიციაზე ჩვენი ჯერი მალე დგება. ბავშვები არაჩვეულებრივ ფორმაში არიან. რამდენიმე წელში, ნამდვილი პროფესიონალები იქნებიან. კმაყოფილი ვუყურებ მათ სინქრონს და თითქმის იდეალურ ხაზს. დამთავრებისას სკამებს მიღმა ლუკას და დავითს ვხედავ, რომლებიც ნანიკოს ელაპარაკებიან. - რამე ხდება? - მიახლოვდება გიორგი. - სავარაუდოდ არაფერი. - მხრებს ვიჩეჩავ და ყურადღება ისევ მოსწავლეებზე გადამაქვს. - ბავშვებს ვუთხრათ, რომ სოლოს დროს მასაში ცოტა კიდევ გაიშალონ. ადგილი არის სცენაზე და ძალიან ნუ შემჭიდროვდებიან. - არ დაიბნენ, შეეშვი. როგორც მიჩვეულები არიან ისე გააკეთონ. - არ დაიბნევიან გიორგი, ჩვენი მოსწავლეები არიან. - ვეუბნები და ამაყად ვუღიმი. ის თავს აქნევს, ეცინება და მომყვება. *** ფესტივალი იხსნება და ჩვენც სცენაზე რიგით მეშვიდეები გამოვდივართ. ცეკვის ყველა ეტაპი მშვენივრად სრულდება. ჩემი გოგონები სცენაზე გედებივით დასრიალებენ. მათ კდემამოსილ, მოკრძალებულ სახეებს თვალს არ სწყვეტენ მხრებში გამართული ბიჭები. სრულ ცერზე ისე მსუბუქად დააბიჯებენ, თითქოს ფეხ-ქვეშ ფიცარი კი არა ღრუბლები ეგოთ. ისე გრძნობენ მუსიკას, როგორც სისხლს თავიანთ ძარღვებში. სხვანაირად ვერ იქნება, ისინი ჩემი და გიორგის მოცეკვავეები არიან. პირველი ალბათ მე ვარ, ვინც დასასრულს ტაშს უკრავს. მაყურებელიც კმაყოფილია და ჟიურის სახეებზეც ვერ ვამჩნევ შენიშვნებს. ხელმძღვანელებთან მოკლე საუბრის შემდეგ, ბავშვებთან მივდივარ და ჩემს მოლოდინებს მათაც ვუზიარებ. რატომღაც მგონია, რომ ფესტივალიდან უკმაყოფილოები არ წავალთ. ვეუბნები, რომ ფორმებით არ იარონ და ისევ გიორგისთან, მაყურებლების რიგებში მივდივარ. დანარჩენი კონკურსანტებიც გვაინტერესებს. კონცერტი ხუთი საათისთვის სრულდება. სასტუმროსკენ წამოსულს, ლუკა მეწევა და ცივი ყავის ქილას მაწვდის. - მადლობა. - ვეუბნები და ჩუმად ვავლებ თვალს. - მოგეწონა ჩემი ბავშვები? - მომეწონა... მაგრამ შენი ცეკვა როდის უნდა ვნახო? - გვერდულად მიყურებს. - სექტემბერში ჩემი ძველი ქორეოგრაფი საიუბილეოს აკეთებს და შემიძლია ბილეთი გიშოვო. - გინდა მითხრა, რომ სექტემბრამდე სადმე აჭარული ან მთიულური რომ ჩაირთოს, არ იცეკვებ? - წარბებს სწევს. - ყველგან, სადაც მუსიკა ირთვება, არ ვცეკვავ, ბატონო ლუკა. - არც გამორჩეული ადამიანებისთვის? ვჩერდები და გაკვირვებული ვბრუნდები მისკენ. ბიჭი მიღიმის. - გამორჩეული ადამიანებისთვის ცეკვაზე გაცილებით მნიშვნელოვან რაღაცებსაც ვაკეთებ, მაგრამ ჯერ გამორჩეულები უნდა გახდნენ. - მინიშნება მიღებულია. - თავის ცივი ყავის ქილას ჩემსას ახვედრებს. - რას იტყვი, საღამოს სანაპიროზე რომ გაგვესეირნა? - ვერ ვიჯერებ, შენი გეგმა ასეთი უბრალოა? - გააჩნია, რას მიპასუხებ. - კარგი, - თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. - გავისეირნოთ. - დაგირეკავ. - მეუბნება და ღიმილით მემშვიდობება. სასტუმროში ვბრუნდები და მშობლებთან საუბრის შემდეგ ნომერში ავდივარ. ნანიკოს სოფის ფოტოაპარატი უჭირავს და სურათებს ათვალიერებს. - რაო ბატონმა მომხიბვლელობამ? - მეკითხება, მაგრამ ისეთი სახე აქვს, დარწმუნებული არ ვარ, რომ მართლა აინტერესებს. - საღამოს გავისეირნოთო. - ო-ო... ჩემო კარგო, ეს უკვე მესამე პაემანია. წესით, კოცნას უნდა ველოდოთ... - ღიმილი ეპარება ნანიკოს. - არ ვიცი, შეიძლება... - მხრებს ვიჩეჩავ და საწოლზე მოწყვეტით ვწვები. - სულ ოდნავ მაინც ვერ დაიმსახურა შენი სიმპათიები? - ფოტოაპარატს დებს გოგო. - ასე რომ არ იყოს, არც ამ პაემნებზე ვივლიდი, მაგრამ... როგორ გითხრა... - ვიცი, რაც უნდა მითხრა. უკვე მითხარი ეგ. ფიქრობ, რომ ტყუილი ცდაა, რომ მაინც არაფერი გამოვა. - დაზეპირებულივით იმეორებს ნანიკო. - ჰო. - ცოტა არ იყოს და მეცინება უკვე. - მე კი მგონია, რომ ცდაც კი არ გინდა. - კარგად იცი, რომ ასე არ არის. - მაშინ ეს რა არის? - თვალით მანიშნებს ჩემოდანზე დადებულ ჩემს საქაღალდეზე. ჯანდაბა! ვოხრავ და სიტყვების მოძებნას ვცდილობ, რომ სათქმელი სწორად ვუთხრა. - არ წამიკითხავს, ნუ დარდობ. არც გამიხსნია. უბრალოდ, ვერ მივხვდი რა იყო და რაც ჩანდა, იმის კითხვა დავიწყე, მერე მივხვდი და თავი დავანებე. - არ არის პრობლემა, თუ გინდა წაიკითხე. - არ მინდა. იმიტომ, რომ კარგად ვიცი, ადრე რაც იყო. მე უბრალოდ იმას ვერ ვხვდები, შენ რატომ წერ ამას. - შუბლს ჰკრავს გოგო. - არ მინდა, რომ რამე დამავიწყდეს ნანი, მაგრამ ეს... - პრობლემაც აღმოვაჩინეთ. - მაწყვეტინებს და ხელებს შლის. - ჯერ ისედაც ცხვირწინ გყავს გიორგი მთელი თავისი მიუხვედრელობით და ახლა გადაწყვიტე თავიდან გამოიარო წარსული. მერე იტყვი, სხვა ბიჭი ჩემს ყურადღებას ვერ იქცევსო. - ეს ნაწერები ამასთან არაფერ კავშირშია, ნანი. რა გგონია, მე რომ ლუკასთან ურთიერთობა გავასერიოზულო, გიორგი აღარ მეყვარება? - არ მგონია, მაგრამ ამით საკუთარ თავს ხელს უარესად უშლი, რომ შენი პირადი ცხოვრება შეიქმნა. - როცა ეს ერთხელ უკვე ვცადე, მაშინ არაფერს ვწერდი, და საკმარისად სერიოზულადაც იყო ყველაფერი, მაგრამ იცი, როგორც დამთავრდა. - წარსულის გახსენება უსიამოვნო ჟრუანტელს მგვრის. ფეხსაცმელს ვიხდი და საწოლზე ავდივარ. - მაშინ სხვა სიტუაცია იყო. - არანაირად. მაშინაც იმას ვცდილობდი, გიორგისგან ყურადღება გადამეტანა. მაშინ მართლა ვცდილობდი და იმედიც მქონდა. ახლაც ვცდილობ, მაგრამ იმედი აღარ მაქვს. - ჯერ არ გადაუსვა ხაზი, კარგი? - კარგი, შენი ხათრით არ ვიზამ. - მეცინება მის სახეზე. - ჩემი კი არა, შენი იდიოტი თავისთვის არ უნდა ქნა. - ტუჩებს გვერდით იქცევს. - ეს საქაღალდე კიდევ, ასე აღარ დააგდო. ხომ წარმოგიდგენია, ჩემზე ცნობისმოყვარე თვალი თუ გადააწყდება. - შენზე ცნობისმოყვარე კიდევ არსებობს ვინმე? - ვეკითხები ნანიკოს და გონებაში წარმოდგენაც კი არ მინდა იმ სცენის, თუ როგორ კითხულობს ჩემს ფურცლებს გიორგი. *** სასტუმროდან გამოვდივარ და ლუკას ვუახლოვდები. ბიჭი მობილურზე საუბრობს და ერთი წამითო, მობოდიშებით მანიშნებს. მოლოდინში ქუჩას ვავლებ თვალს და აივანზე მყოფ გიორგის და სოფის ვხედავ, რომლებიც პატარა მაგიდასთან სხედან და ყავას სვამენ. მაშინვე თვალს ვაცილებ და მოუთმენლად ვბრუნდები ლუკასკენ, რომელიც იმ წამს ასრულებს საუბარს და წავედითო, მეუბნება. საკუთარ თავზე ნერვები მეშლება. ისე ვიქცევი, თითქოს მშობლების უკითხავად ვიპარებოდე პაემანზე. რომც დავენახე, მერე რა? ბულვარს მივუყვებით. ვეკითხები, გუშინ სად იყო და როგორი დრო გაატარა. ისიც ნელა და დალაგებულად საუბრობს. მიუხედავად იმისა, რომ მე ეს შეკითხვა სალაპარაკო თემისთვის დავუსვი, ის ისე მიყვება, რომ მაჯერებს, თითქოს მაინტერესებდა. შიგადაშიგ შეკითხვებსაც კი ვუსვამ. მოგვიანებით პატარა, ძალიან მყუდრო ღია ბარში მეპატიჟება, რომლის განათებაც მხოლოდ ბარმენთან დამონტაჟებული რამდენიმე წითელი პროჟექტორია. ბამბუკებით შემოღობილ რამდენიმე კვადრატულში მხოლოდ ოთხი მაგიდა დგას მაღალი სკამებით. მშვიდ, მელოდიურ მუსიკასთან ერთად, ჩვენამდე ზღვის ხმაც აღწევს, რადგან სანაპიროსთან საკმაოდ ახლოს ვართ. როგორც ჩანს, ლუკამ იცოდა, სადაც მოვდიოდით და გზად არ აურჩევია. - აბა? - მიყურებს ის მომლოდინედ. - ძალიან მომწონს. - ასეც უნდა ყოფილიყო. - წარბებს სწევს თავმომწონედ. - შენი თავდაჯერებულობა ოდესმე გტოვებს? - მის გარეშე არავინ ვართ. - მეუბნება, შეკვეთას მითანხმებს და ბარმენთან მიდის. ალბათ მართალია და თავდაჯერებულობაა ის, რაც ახლა მჭირდება. გონებაში ის კი არ უნდა მიტრიალებდეს, როგორ სვამდნენ ყავას გიორგი და სოფი, არამედ იმის რწმენა, რომ ამჯერად მაინც აეწყობა ურთიერთობა. დაბრუნებული ბიჭი სესილის იუბილეზე მეკითხება. მეც შეძლებისდაგვარად საინტერესოდ ვყვები. ამბობს, სიამოვნებით მოვალ, თუ იქამდე თავს არ მოგაბეზრებ და არ დამახვევინებო. - როდის იყავი ყველაზე სერიოზული? - ვეკითხები ბიჭს. - ჰმმ... ალბათ ბებიამ ძაფით კბილი რომ ამომიღო მაშინ. ძაან არ გამისწორდა ის ფაქტი, ჩემი საკუთრება თაგვს რომ გაატანეს. - კარგი... - მეცინება. - მამას ვეკამათე, როცა უმაღლესში ვაბარებდი. უნდოდა, რომ სამართალზე ჩამებარებინა. მე ტექნოლოგიები უფრო მომწონდა. - მერე? გაჭრა შენმა სერიოზულობამ? - შენ როგორ გგონია? - თვალს მიკრავს. - მე უმაღლესს თავი დავანებე. - შენ ხომ თეატრალურზე სწავლობდი, ქორეოგრაფიას? - მერე ჰო. - და რა მოხდა, მშობლების პონტში? - არა, მთლად ასეც არ იყო. თავიდან მეც მინდოდა და ჰო, მშობლებს თავისთავად. ჩავაბარე კიდეც, სამოცდაათ პროცენტიანი გრანტით. ქართულ ფილოლოგიას ვსწავლობდი. - უყურე შენ?! - პირველი კურსი რომ დავხურე, იმ ზაფხულს მივხვდი, რომ აღარ მაინტერესებდა. იქ მინდოდა, სადაც თავიდანვე უნდა ვყოფილიყავი. - იცი, საკმაოდ მამაცი ყოფილხარ. მშობლებს აუხსნა ეგ ყველაფერი, არც ისე მარტივია. - ვიცოდი, მშობლები გაიგებდნენ და ამის გადაწყვეტა არ გამჭირვებია. მიმტანს კოქტეილი და ხილი მოაქვს. - გაგვიმარჯოს. - თავის ჭიქას ჩემსას ახვედრებს ლუკა. - მეგობრებისგან თავი როგორ დაიძვრინე? - არ დამჭირვებია. - მხრებს ვიჩეჩავ. - მათთვის ყოველთვის მაქვს დრო. და თუ საერთო გეგმები არ გვაქვს, რატომ უნდა დამაბან. - მჭიდრო სამეგობრო გაქვთ, ჰო? - იმაზე მეტად, ვიდრე ჩანს. - ჰო, ჩვენი გაცნობის დღეს საკმარისზე კარგად ამიხსნეს ეგ. - თავს იქნევს ლუკა და ცალყბად იცინის. დავითის წვეულებაზე გიორგის ნათქვამი სიტყვები მახსენდება. - არაფერი გადაუჭარბებიათ. - მეც მეცინება. - მომიყევი აბა მათზე. - მაგიდას ხელებით ეყრდნობა ის. ეჭვით ვუყურებ. - სერიოზულად? - ჰო. - მხრებს იჩეჩავს. - მე და ნანიკო ყველაზე დიდი ხნის მეგობრები ვართ. პირველი კლასიდან. მის გარეშე არაფერი ყოფილა ჩემს ცხოვრებაში და ვერც წარმომიდგენია, რომ ოდესმე იქნება. ცეკვაზე რომ შევედით, იქ გავიცანით ლაშა. ხომ იცი ლაშა? - ბიჭი თავს მიქნევს. - მაშინ მგონი ცამეტი წლისები ვიყავით. ლაშას მხოლოდ ცეკვაზე ვხვდებოდით, სხვა სკოლაში სწავლობდა. მაგრამ არდადეგებზე და დასვენების დღეებში დროს ერთად ხშირად ვატარებდით. მერე გიორგი შემოგვიერთდა. - ჩემს ხელისგულს ვავლებ თვალს, რომელსაც მკრთალად, მაგრამ ჯერ ისევ ამჩნევია მოთეთრო ნაიარევი. - მალევე სოფიც. ჩვენი ქორეოგრაფის შვილიშვილია. ერთ უნივერსიტეტში მოვხვდით და დავახლოვდით. დავითი კი კოლეჯში გავიცანით და მიუხედავად იმისა, რომ ნანიკო სასტიკი წინააღმდეგი იყო, მაინც გახდა ჩვენი სამეგობროს ნაწილი. ერთი ამრევი გვჭირდებოდა და იგრძნო. - ჰო, დავითი მეც კოლეჯში გავიცანი, ნიას პონტში რომ მოვდიოდი ხოლმე, მაშინ. საერთო ნაცნობი აღმოგვაჩნდა. - კოქტეილს სვამს ლუკა, ნიკაპს ხელისგულზე იდებს და თვალს მავლებს. - გიორგი ძალიან მოკლედ ახსენე. - ვითომ? - შუბლს ვკრავ, თითქოს მართლა ასე არ ყოფილიყოს და მეც ვსვამ. არ მინდა, რომ ჩამეძიოს, მაგრამ ვიცი, რომ ასე არ მოხდება. რატომღაც სულ ასე ხდება, გიორგიზე საუბარი ყველასთან გამოკვეთილად მიწევ. - ჰო. იშვიათია ბიჭის და გოგოს ასეთი ძლიერი მეგობრობა. დაჟე, ნანიკო და დავითიც კი არ მგონია მეგობრები. - ჰო, ეგენი არავის ჰგონია და ალბათ არც არიან. - მეცინება. - შენ და გიორგი კი ხართ. - ვართ. - ცოტა უცნაურია, იცი? - ჩაფიქრებული ერთი წამით გვერდით იხედება. - რაზე ამბობ? - სოფი ძალიან მაგარი გოგოა, კი, ბაზარი არაა. მაგრამ, მე რომ გიორგის ადგილას ვყოფილიყავი და სოფიმდე შენ გამეცანი, რომელ მეგობრობაზე იქნებოდა საუბარი. - იღიმის ლუკა და თვალს მიკრავს. და თვითონ ვერც კი ხვდება, რომ ამ წინადადებით თავისი დაგეგმილი პაემნიდან ფაქტობრივად მაგდებს. ნუ სულელობ-თქო, ვეუბნები და ვცდილობ, მეც ღიმილით ვუპასუხო. ლუკა თემას მაშინვე ცვლის, მაგრამ არ იცვლება ჩემს გონებაში მოგუგუნე მისი სიტყვები. ვსაუბრობთ, მაგრამ მე ვერ ვცდები იმ წამს, რომელიც თავისთან მყინავს და აღარ მაძლევს საღამოთი ტკბობის საშუალებას. ვუყურებ ლუკას და მახსენდება, დარბაზში შესვლის და გიორგის დანახვის წამი. ვუსმენ მის საუბარს და ყურებში გიორგის სიცილი მესმის. როგორ უნდა აიძულო ამ დროს საკუთარი თავი იმაზე კონცენტრირდეს, რაც წინ აქვს? როცა ერთი სულისშემკვრელი წინადადებაც საკმარისია იმისთვის, რომ ჩემმა გრძნობებმა შიგნიდან მომგუდონ, როგორ უნდა ვაიმედო თავი, რომ გიორგი ჩემი ტვინიდან გაქრება? პირველი საათი ხდება, ბულვარიდან რომ გამოვდივართ და სასტუმროსკენ ნელი ნაბიჯებით მოვუყვებით გზას. ხალხი ქუჩაზე დიდად არ მცირდება. თითქოს არც კი გეგმავენ ამ ღამით დაძინებას. ლამპიონებისგან ნარინჯისფრად ქცეული ქუჩის სხვადასხვა მონაკვეთებზე, კაფე-ბარებიდან გამოსული სხვადასხვა სიმღერები ისმის. აქა-იქ ნეონით განათებული ჭრელი ბანერები ციცინათელებივით ანათებენ. ლუკა ხან ჩემს ხელს იჭერს და ლამაზი თითები გაქვსო, მეუბნება. ხან თმაზე მეკითხება შენი ფერია თუ იღებავო. მერე საჩვენებელი თითიდან ბეჭედს მაცლის და ნეკაზე ცდილობს გაკეთებას, მაგრამ ნახევრამდე ძლივს ჩასდის. - რატომ ვერ ვხედავ შენზე სამკაულებს, არ გიყვარს? - მეკითხება ის. - ჰო, დიდად არ მიყვარს. ძალიან ცოტა მაქვს. ეს ბეჭედიც ნანიკომ მაჩუქა და წლებია ვატარებ. - ანუ, შენთვის საჩუქრის გაკეთება რომ მოვინდომო, სამკაული უნდა გამოვრიცხო. - სიურპრიზების წინააღმდეგი ხარ? - მეცინება. სასტუმროსთან მივდივართ და კართან ვჩერდებით. - უეფექტო სიურპრიზების. - ჩასწორებას აკეთებს და ბეჭედს ისევ თითზე მიბრუნებს. - ხვალ რას ვაკეთებთ? - ხვალ... - ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. ზღვიდან გრილი ნიავი მოდის. - კონცერტს უნდა დავესწროთ, საღამოს კი ბავშვები რესტორანში მიგვყავს აჭარულებზე. - ასეთი საღამოები იშვიათი იქნება? - აქ მათ გამო ვარ ჩამოსული, ასე, რომ ვერაფერს შეგპირდები. - გასაგებია. - ლუკა შარვლის ჯიბეებში იწყობს ხელებს და ისე მავლებს თვალს, თითქოს ჩემი რეალური ფიქრების წაკითხვას ცდილობდეს. - ასე მგონია, დღეს სადღაც რაღაც არასწორი გავაკეთე. - არა, ლუკა. ბარიც მშვენიერი იყო, კოქტეილიც და საღამოც. - ეკალი მაყრის იმის მცდელობის გამო, რომ მინდა ბიჭს ჩემი სიტყვები დავაჯერო. - მიხარია, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები და იქნებ სხვა დროს გამოვისყიდო. - ამბობს, შემდეგ ჩემკენ იხრება და ტუჩის კუთხესთან მკოცნის. მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრის და ვგრძნობ, როგორ იჭიმება კანი. - ოდნავ გვერდითაც შეიძლებოდა, მაგრამ დანაშაულის შეგრძნების გამო თავი შევიკავე. - მეუბნება ლუკა და იღიმის. - მე კი გითხარი, რომ შენგან არანაირი დანაშაული არ ყოფილა, ამიტომ, დღეს შანსი ტყუილად გაუშვი. - უიღბლო ლუკა. - თავს აქნევს და ეცინება. - კარგი, მაშინ ხვალამდე, ჰო? - ხვალამდე. - ვემშვიდობები ბიჭს, ვბრუნდები და სანამ სასტუმროში შევიდოდე, გიორგის და სოფის აივანს ვავლებ თვალს. კარი ღიაა და ფარდა ფრიალებს, შუქი კი იმ წამს ქრება. სასტუმროში ფიქრებისგან თავატკივებული შევდივარ. ნანიკოს ლაქი წაუსვამს და სიგარეტი თითებს შორის ფრთხილად მოუქცევია. დივანზე მის გვერდით ვჯდები. კოლოფიდან მეც ვიღებ ერთ ღერს და ვუკიდებ. - მოიცადე... - შუბლზე ასდის წარბები გოგოს. ძალიან იშვიათად ვეწევი ხოლმე და ამიტომაც უკვირს. - ან ძალიან კარგი იყო, ან ძალიან ცუდი. - მეგობრებზე ვლაპარაკობდით და იცი, რა მითხრა? - ნიკოტინს შეუჩვეველს, სწრაფად მეხვევა თავბრუ და ზუსტად ისეთ სიმსუბუქეს ვგრძნობ, როგორსაც ველოდი. - მე რომ გიორგის ადგილას ვყოფილიყავი და სოფიმდე შენ გამეცანი, რომელ მეგობრობაზე იქნებოდა საუბარიო. - ღმერთო! - თვალებს ატრიალებს ნანიკო. - რატოა ყველა კაცი ასეთი უიმედო იდიოტი? - მგონი მიხვდა, რაღაც რომ გააფუჭა. - გაკოცა მაინც? - აქ. - თითს ტუჩის კუთხეზე ვიდებ. - მერე? - სასიამოვნო შეგრძნება იყო, მაგრამ ის არა, რაც წესით უნდა ყოფილიყო. - ეგ ცუდია, ძალიან ცუდი. - ფრჩხილებს სულს უბერავს გოგო. ფურცლები იანვარი, 2011 წელი *** ნანიკოს არაფერი შეუმჩნევია და ბატონი ალექსანდრეც პატიოსნად აგრძელებდა გოგოსთან ურთიერთობას. ჩემი ჭკვიანი მეგობარი ამბობდა, ახლა რომ დავშორდე, მერე მიხვდება, რომ ჩემი გაკეთებულია, რასაც ვაპირებ, ამიტომ ჯერ საქმე და მერე „გრძნობების გაციებაო.“ მე და ნანიკო მის კოლეჯში შაბათს მივედით, მაშინ, როცა შენობა ღია მხოლოდ ადმინისტრაციისთვის იყო. დაცვა არ ჰყავდათ. შევედით და მეორე სართულამდე ისე ავედით, მხოლოდ დამლაგებელი შეგვხვდა. ისიც, იატაკს გვიდა და ჩვენგან ზურგით იყო. შავი სათვალეები გვაკლდა და ნამდვილი „ადამიანები შავებში“ ვიქნებოდით. საპრეზენტაციო ოთახს რომ მივუახლოვდით, გარემო მოვათვალიერეთ. არაფრის ხმა ისმოდა. რატომღაც გვეგონა, რომ კარი დაკეტილი დაგვხვდებოდა. ალბათ გამოფენის საქმეებს აგვარებენო, თქვა გოგომ, ფრთხილად დასწია ურდული და შეიჭყიტა. არავინ იყო და ოთახში სწრაფად შევსხლტით. გამოფენისთვის მართლა ძალიან ბევრი ლამაზი ნივთი იყო გამზადებული. - ეს ! - შეიცხადა ნანიკომ და ერთ-ერთ სურათზე მიმითითა, რომელზეც აივანზე მდგომი, თმაგაშლილი შიშველი გოგო ღამის ფონზე მოპირდაპირე ფანჯრის ხედს უყურებდა. - ეს შენ ხარ? - თვალები ვჭყიტე და ლამის ენა ჩამივარდა. ხელები პირზე ავიფარე, რომ სიცილის ხმა ჩამეხშო. - არ იცოდი, გამოტანას რომ აპირებდა? - არა, სხვა სურათები მაჩვენა. - გამოსცრა გამწარებულმა, ჯიბის დანა გახსნა და ნახატს მიუახლოვდა. - ვაიმე, ნანი, ძალიან ლამაზია, მეცოდება. - შესაჩერებლად ხელები წინ გავწიე. - ამის დახევას არ ვაპირებ. - ჩაიცინა ბოროტულად, სურათი მაგიდაზე დადო და ჩარჩოდან ტილო ისე აკურატულად ამოჭრა, გაწაფულ ქურდს შეშურდებოდა. მერე მეორე სურათთან მივიდა, რომელზეც არლეკინი გაფრენილ ბუშტს მისტიროდა და წითელი მარკერით ღორის თავი დახატა. - ამის შემდეგ, შენი გაბრაზება გონებაშიც კი არ გამიელვებს. - ვუთხარი. - ვერც კი წარმოიდგენ, როგორი შვებაა. - ამოიოხრა გოგომ და წავიდეთო, მანიშნა. უკანაც მშვიდობიანად გამოვბრუნდით, პირდაპირ მასთან წავედით სახლში და კარგად გამოვთვერით. დილით კი, როცა ნანიკომ ალექსს მიწერა, ბიჭმა გადმოურეკა და ახალი ამბავი მოუყვა. ნანიკო ისეთი გაოგნებული ელაპარაკებოდა ბიჭს, ლამის ვიფიქრე, ნეტავ ხომ არ დაავიწყდა, ყველაფერი თვითონ რომ გააკეთა მეთქი. ბევრი ფიქრისა და ვარიანტების შემდეგ, დამნაშავე მაინც ვერ იპოვეს. ნანიკო კი, „ერთ დღეს მიხვდა, რომ მხატვარი აღარ აინტერესებდა“ და დაშორდა. *** იმ საუბრის გასაგრძელებლად, რომლის გაგრძელებითაც დამემუქრა, გიორგი მეორე დღესვე მესტუმრა, მაგრამ ვაღიარე, რომ ჩემგან უაზრო გამოხტომა იყო და „შევურიგდი.“ არადა, გაბრაზებულიც კი არ ვყოფილვარ. რა მისი ბრალი იყო, მე რომ უზომოდ მიყვარდა, გულს მტკენდა მისი სხვასთან წარმოდგენა და მაინც ვერაფერს ვაკეთებდი? შენნაირი მეგობარი არასდროს მეყოლება და შენ რომ ადგილი გიკავია ჩემს გულში, მაგხელას და მსგავსს ვერავინ დაიკავებსო, მაშინ დამპირდა. ეს იყო ის, რისი დაკარგვისაც საშინლად მეშინოდა და ამიტომაც იყო, რომ ბიჭისკენ იმ ნაბიჯებს ვერ ვდგამდი, რომლებსაც ნანიკო მირჩევდა. იმ დღისით, ჩემს საწოლზე მოვთავსდით, შუაში ბალუ ჩავისვით და ფილმს ვუყურეთ. მაგრამ საშინელი გრძნობაა, რაღაც რომ აგეკვიატება და გამუდმებით მასზე ფიქრობ. განსაკუთრებით თუ, ეს რაღაც გთრგუნავს და განსაკუთრებით, თუ ეს თრგუნვა არ უნდა შეგემჩნეს. მას შემდეგ, სამეგობროს შეკრებისას ჩემი თვალები ვიდეოკამერებს ემსგავსებოდნენ. ყოველგვარი სურვილისა და ძალდატანების გარეშე, ყველა კადრს აფიქსირებდნენ და გონებაში ინახავდნენ. ვხედავდი გიორგისთვის მომზადებულ ყავას, რომელიც სოფის მოჰქონდა, როცა ჩემთან, ბიჭთან ან ნანიკოსთან ვიკრიბებოდით. ვხედავდი გაწვდილ სალფეტკს, ერთმანეთისთვის გაღებულ კარს, ინსტინქტურ შეხებებს, მისალმების გადაკოცნებს, მხარზე ჩამოდებულ ხელს და კიდევ უამრავ ყოველდღიურ წვრილმანს, რომლებიც აღარ იყო ჩემთვის უბრალო წვრილმანები. ვხედავდი, იმასაც, რომ მათ შორის აშკარა არაფერი იყო. ნანიკოც მეუბნებოდა, არ იქცევიან ისე, თითქოს ერთმანეთი მოსწონთო, მაგრამ ვიცოდი, მე ვიცოდი, რომ ეს მალე მოხდებოდა. გოგო კი ხშირად მახსენებდა იმას, რომ ბევრი რამ ჩემზე იყო დამოკიდებული. მე კი ნაცვლად იმისა, რომ გამერისკა, საკუთარ თავს ვამზადებდი იმისთვის, რომ ერთ დღეს გიორგი მეტყოდა, სოფი მომწონსო. ხანდახან სარკესთანაც კი ვდგებოდი და რეაქციისთვის საჭირო ფრაზებსა და მიმიკებს ვარჩევდი. მერე ბალუს ვეხუტებოდი და ტირილისგან თვალებდასივებულს მეძინებოდა. თებერვალი, 2011 წელი *** თებერვალი იყო ჩემთვის ნამდვილი არდადეგები. წარმატებული ფინალური გამოცდების შემდეგ, ზუსტად მეორე დღეს მოთოვა. დილით, შვიდი საათი იყო გიორგის მესიჯმა რომ გამაღვიძა. „ - ამას შენც ხედავ?“ „ - რავი, რაღაც სიზმარს ვხედავდი, ჰო.“ - მივწერე გაბრაზებულმა, რომ ჩემი სამკვირიანი არდადეგების პირველ დღეს უთენია გამაღვიძა. „ - მიდი გამოფხიზლდი.“ „ - ამ დროს რატო გღვიძავს?“ „ - წყლისთვის ავდექი და დავინახე, მოუთოვია.“ მაშინვე წამოვხტი საწოლიდან და ფანჯარასთან მივიჭერი. ჯერ კიდევ ჩაჩუმებული ჩემი ქუჩა ერთიანად გათეთრებულიყო. „ - ვიგუნდაოთ?“ - მივწერე გაბედნიერებულმა. „ - ვიგუნდაოთ.“ - მიპასუხა მაშინვე. ნახევარ საათში, ერთმანეთს სკვერში შევხვდით. მანამდე ნანიკოს და ლაშას მივწერე, სანამ თოვლს დნობა მოუსწრია, ჩემთან გამოდით-თქო. სოფი გამოცდების დასრულებისთანავე სოფელში წავიდა, ამიტომ იმ დღეს, ჩვენთან ერთად არ ყოფილა. მოსული გიორგი რომ დავინახე, ხელზე თათმანები მოვირგე. ბიჭი ეშმაკურად იღიმოდა და ვიცოდი, რომ კარგად გავერთობოდით. - ნეტავ გემრიელია? - მუქარა შევაპარე. - ახლავე გაგასინჯებ და ნახავ. - მითხრა მან და ჩემკენ გამოქანდა. სახლში დაქანცულები და თოვლისგან დასველებულები დავბრუნდით. დედა სიცილით შეგვხვდა. გიორგის მამას სახლის ტანსაცმელი მივეცი. სანამ ჩვენ გავთბით, დედამ ორცხობილები გამოაცხო. ამასობაში ლაშა და ნანიკოც გვესტუმრნენ. გოგო წუწუნებდა, ვერ მოგისწარითო. მაგრამ თოვლი არ დამდნარა, ყინავდა და საღამოს ისევ გათოვდა. ამიტომ ღამითაც მოვასწარით უბნის ახმაურება. ნარინჯისფერი ლამპიონების ქვეშ ოქროსფრად მოელვარე თოვლის გათელვა მენანებოდა. ცა ისე იყო მოქუფრული, ალბათ ისევ მოთოვდა. იმ ღამით ყველა ჩემთან დარჩა. ვახშმის შემდეგ ჩემს ოთახში ყავა და ორცხობილები ავიტანეთ და „მარტო სახლშის“ ვუყურეთ. მეორე დღეს გიორგისთან წავედით და მონოპოლია ვითამაშეთ. მესამე დღეს კინოში ვიყავით. დღეები მოკლე იყო, მაგრამ მეგობრებთან ერთად მთელ საუკუნეს უდრიდა. *** სამეცადინოდ დრო გვქონდა, ამიტომ გიორგი ყოველ საღამოს მოდიოდა ჩემთან. გეგმას ჩამორჩენილები ვიყავით, მაგრამ მოსწავლეს დიდად არ ადარდებდა. თხუთმეტ წუთში ერთხელ ჩემი ყურადღების გადატანას ცდილობდა. ხან რაზე იწყებდა საუბარს, ხან რაზე, მაგრამ არ ვანებებდი. - მგონი, წინა ცხოვრებაში სათვალეებიანი და ჯოხიანი შინაბერა მასწავლებელი იყავი. - კალამი დადო გიორგიმ, დავიღალეო დაიწუწუნა და ჩემს საწოლზე მიწვა. - შენ კი მოსწავლე, რომელსაც ყველაზე ხშირად ვაყენებდი კუთხეში და უკანალს ვუწითლებდი. - უკმაყოფილოდ გავხედე მაგიდასთან მჯდომმა. - ჰოდა, იქაც მეყო და დამასვენე აქ. - თავ-ქვეშ ამოიდო ხელები. წიგნი დავხურე, მეც მასთან მივედი და საწოლის ბოლოში მოვიკეცე ფეხები. - საერთოდაც, ვფიქრობ, რომ მაინც ვერ ჩავაბარებ და აზრი არ აქვს ამდენ ტვინის ბურღვას. - თუ ქორეოგრაფიულზე გინდა ბავშვებთან ერთად და ვერ მეუბნები? - ჰო, მარიამ, ძაან მრცხვენია. - აბა ასე რატო ფიქრობ. მათემატიკა ისედაც იცი. უნარებს კარგად გაუგე. რუსულზე აღარ ვლაპარაკობ. ერთადერთი ქართული გვრჩება. - მხრები ავიჩეჩე. გიორგი ცოტა ხნით ჩუმად იყო, მერე კი მითხრა: - ჩემთან მეგობრობა რატომ გააგრძელე? - ვერ მივხვდი... - შუბლი შევკარი დაფიქრებულმა. - მოსკოვში რომ წავედი და მოკლედ, მაგაზე გეუბნები. - თვითონაც წამოჯდა საწოლზე და შემომხედა. - ახლა რომ ვიხსენებ, როგორ ვიქცეოდი, ნამდვილი ვით, ნერვები მეშლება საკუთარ თავზე. მერე ჩამოვედი, შენ კი მხოლოდ ერთ საყვედურს დასჯერდი. - და რა, გინდოდა, რომ უარი მეთქვა შენთან მეგობრობაზე? - არ მინდოდა, მაგრამ ლოგიკური იქნებოდა. სხვა ალბათ ასეც მოიქცეოდა. - გიორგი, - ხელები გულზე დავიკრიფე. ნანიკოს რომ მოესმინა ეს დიალოგი, ალბათ მეტყოდა, რომ საუკეთესო დრო იყო ჩემი აღიარებისთვის. ფიქრმა სხეულზე ჟრუანტელი მომგვარა და შევიშმუშნე. - შენ რომ ახირების გამო წასულიყავი, ალბათ ასეც მოვიქცეოდი. ალბათ კი არა, იქ, გზაჯვარედინზე თავს გაგიხეთქავდი და გაგიშვებდი უკან. მაგრამ მიზეზი გქონდა და ეგ მიზეზი მარტივი ასატანი არ ყოფილა. არც ის იყო, მარტივი, რომ ჩემთან ძველებური ურთიერთობა აღარ გქონდა, მაგრამ... - მაგრამ? - მაგრამ შენი გავიგე. - ჰოდა, რატომ? „ - იმიტომ, რომ მიყვარხარ.“ - გავიფიქრე. ნეტავ შემძლებოდა ჩემი პატიების მიზეზის ამ სიტყვებით ახსნა. - ჩვენ მეგობრები ვართ. შენ ხომ თქვი, ჩვენ სხვანაირი მეგობრები ვართ და სხვანაირად ვერც იქნებოდა. - გავუღიმე ბიჭს. ის კი ისე მიყურებდა, თითქოს ხვდებოდა, რომ ჩემს ახსნას რაღაცას ვაკლებდი. - კარგი. - ბოლოს თავი დაიქნია და მხარით კედელს მიეყრდნო. - რატომ ფიქრობ ჯერ კიდევ ამაზე? - რა ვიცი, ალბათ იმიტომ, რომ ადამიანს ასე საშინლად არასდროს მოვქცევივარ. - ეგ იმით გამოისყიდე, რომ ჩამოხვედი და დამელაპარაკე. ასე, რომ... - რა უნდა მოხდეს, რომ ჩემზე უარი თქვა? - გიორგი! - ხმას ავუწიე და დავუბღვირე, მაგრამ მაინც გამეცინა და ფეხი მუხლზე მივკარი. - კარგი რა, რა გჭირს დღეს? - მითხარი, მითხარი, მაინტერესებს. - მასაც გაეცინა. - არაფერი. შენზე უარის თქმას არ ვაპირებ. აი, ასე მარტივად გაქვს დარხეული. - მარიამ... თვალები გადავატრიალე და რამდენიმე წამით დავფიქრდი. - თუ შენ იტყვი ჩემზე უარს, მხოლოდ მაშინ. დანარჩენს ყველაფერს გაპატიებ. კმაყოფილი ხარ? გიორგის გაეღიმა, ერთხანს ასე მიყურა, შემდეგ კი თავი დამიქნია. მერე მკითხა: - მე უფრო გიყვარვარ თუ ბალუ? - რა თქმა უნდა, ბალუ. ბიჭმა თვალები დაიწვრილა, შემდეგ მოულოდნელად კოჭში ჩამავლო ხელი და ფეხის გულზე მომიღუტუნა. შეშლილივით ავყვირდი და სანამ თავის დასაღწევად იატაკისკენ ჩავცურდებოდი, დამიჭირა და მუცელზე გააგრძელა ჩემი წამება. *** მარტში ერთად ავარჩიეთ ის უნივერსიტეტები, რომლებში ჩაბარებასაც გიორგი ცდიდა. ერთ-ერთი ჩემი სასწავლებელიც იყო. ფაკულტეტს ძირითადად მენეჯმენტს და ადმინისტრირებას წერდა. საგამოცდო ბარათის ასაღებადაც გავყევი. მეცადინეობებს მაშინ ვახერხებდით, როცა გაცდენის მიზეზს ვეღარ იფიქრებდა. ჩემთვის კი მეორე სემესტრი გაცილებით დატვირთული აღმოჩნდა, ამიტომ ცეკვაზე ზოგჯერ ვერც შაბათს ვახერხებდი მისვლას და ვერც კვირას. სესილის საშინლად მრცხვენოდა. სეზონზე ორი კონცერტის გამოტოვება მომიწია. იმდენად ვნერვიულობდი, რომ იმასაც ვერ ვაკეთებდი, რის გამოც გაცდენები მიწევდა. ცეკვაზე ფიქრი მეცადინეობაში ხელს მიშლიდა. კონსპექტებს ვაკეთებდი და ვფიქრობდი სცენის ხმაურზე, ტაშზე, შეძახილებზე. დარბაზის სუნსაც კი ვგრძნობდი. მერე ნერვებმოშლილი სწავლას თავს ვანებებდი, ცოტა ხნით მუსიკას ვუსმენდი, რომ ამაზე აღარ მეფიქრა. ხანდახან ვცეკვავდი კიდეც, რომ გული მომეოხებინა და ოდნავ დამშვიდებული ვუბრუნდებოდი რვეულებს. მაგრამ ვგრძნობდი, რამდენად უშლიდა ხელს უნივერსიტეტი ცეკვას და ცეკვა უნივერსიტეტს. ამაზე ფიქრი ცოტა ხნით მაშინ შევწყვიტე, როცა მეც და გიორგისაც გამოცდები დაგვეწყო. ქართულის ტესტირებაზე გავყევი. ისე ვნერვიულობდი, თითქოს ხელმეორედ მე ვაბარებდი გამოცდას. ერთი საათით ადრე გამოვიდა. მითხრა ერთი თემა არ დავწერე, ლექსის ანალიზი იყო, მაგრამ დანარჩენი წესით ცუდი არ უნდა იყოსო. უნარებსა და ინგლისურზე ლაშა, სოფი და ნანიკო გაჰყვნენ, რადგან მე უნივერსიტეტის გამოცდები დამემთხვა, რომლებიც კატასტროფა იყო. ეს ქულებსაც დაეტყო. წინა ფინალურებისგან განსხვავებით, შესამჩნევად დაბალი შედეგები მქონდა. ვიცოდი, რატომაც და საკუთარ თავზე ნერვები მეშლებოდა. გიორგის ქულები რომ გავიგეთ, დავმშვიდდი. უნარებში იმაზე მაღალი ჰქონდა, ვიდრე წარმომედგინა, ქართულსა და რუსულში კი ნორმალური. უნივერსიტეტში ყველა ვარიანტში ირიცხებოდა. თვითონაც გაოცებული იყო თავისი შედეგებით, მაგრამ არ ჰგავდა ჩვეულებრივ აბიტურიენტს, რომელიც სასწავლო წელზე დაიწყებდა ლაპარაკს. მერე კი ის დღე დადგა, გონება რომ ბოლომდე ამირია. ნანიკო და ლაშა ქორეოგრაფიულზე ჩაბარებას აპირებდნენ. მისაღებ გამოცდაზე კი თავისი დადგმული ცეკვა უნდა წარედგინათ. ნანიკომ ლაზურის და აჭარულის მიქსი შეარჩია და გამოცდამდე ერთი კვირით ადრე მაჩვენა. ძალიან ლამაზი მონახაზი იყო და დარწმუნებული ვიყავი, რომ მიიღებდნენ. ლაშას ხევსურული კი ძირითადად ტრიუკებით იყო დატვირთული. ძალიან აჟიტირებულები და ბედნიერები იყვნენ. ნანიკო მიყვებოდა კოლეჯის სიტუაციებზე, ლექტორებზე, შანსებზე, რომლებსაც ამ სფეროში წარმატების მოტანა შეეძლო. ფიქრისგან ტვინი მიდუღდა. მაკანკალებდა, როცა წარმოვიდგენდი ჩემი სასწავლებლის აუდიტორიას, ახალ ლექტორებს, საგნებს, რომლებსაც მეორე სემესტრში ისედაც გულს ვერ ვუდებდი. დაიწყებოდა ლექციები იმაზე ფიქრით, რომ სადღაც ჩემი მეგობრები ცეკვავდნენ და იმას აკეთებდნენ, რაც მთელი გულით უყვარდათ. ჩემგან განსხვავებით. მაშინ გამახსენდა გიორგის ნათქვამი, შეიძლება უნივერსიტეტში სწავლა შენც კი მოგბეზრდესო და მივხვდი, რომ თავიდანვე მართალი იყო. ნერვიულობისგან ხელებგაყინული ჩავედი მაიკოსთან და გივისთან, რომ მეთქვა, უნივერსიტეტიდან საბუთების გამოტანა მინდოდა. იმედი მქონდა, რომ ჩემს გადაწყვეტილებას გაიგებდნენ, მაგრამ მაინც საშინლად ვღელავდი. ვღელავდი იმ თანხის გამო, რაც აბიტურიენტობის და უნივერსიტეტისას დაეხარჯათ. როგორც იქნა დავამთავრე ჩემი სათქმელი და ბოლოს ისიც მივაყოლე, რომ ვიმუშავებდი და კოლეჯის გადასახადს თვითონ დავფარავდი. გაუკვირდათ. დედას უფრო, ვიდრე მამას. გივის ისედაც ჰქონდა ნათქვამი აბიტურიენტობის დროს, მეგონა ცეკვას გაჰყვებოდიო. ამიტომ, დამამშვიდა და მხარი დამიჭირა. დედამ კი ჩაიბუტბუტა, როგორც გინდაო და რამდენიმე დღე გაბუტულივით დაფუსფუსებდა სახლში, მაგრამ საგამოცდო ცეკვა ვაჩვენე თუ არა, მაშინვე მოლბა. მშობლებთან საუბარი რომ დავასრულე, მერე გიორგიზე დავიწყე ფიქრი. როგორ უნდა მეთქვა, რომ ქორეოგრაფიულზე ვაბარებდი, როცა ტვინს ვუჭამდი ეროვნულები ჩააბარე და უნივერსიტეტში ისწავლე მეთქი? საშინლად, საშინლად მრცხვენოდა. მაგრამ მაინც დავურეკე და სკვერში გამოდი-თქო ვუთხარი. სკამზე ჩემს გვერდით რომ ჩამოჯდა და შემომხედა, უარესად ავღელდი. - უნივერსიტეტს თავს ვანებებ. - ვთქვი ჩუმად და ქვემოდან ავხედე. - ვაა, ყოჩაღ. - გაეცინა, მერე გვიან მიხვდა, რა ვუთხარი. - მოიცა, რა? სერიოზულად? - ჰო. - ჰო გითხარი. - მასაც თავისი სიტყვები გაახსენდა და ისევ გაეცინა. - მარა, რატო? - იმიტო, რო... გიო... აუ, ვიცი, გეწყინება... - ცეკვის გამო? კოლეჯში გინდა ჩაბარება? - ჰო. - ჩავიჩურჩულე და გაოგნებულმა შევხედე. - გაბრაზდი? გიორგის დასერიოზულებული სახე ნელ-ნელა ღიმილმა გაუხსნა და მითხრა: - გინდა ჩემი მისაღები ცეკვა გაჩვენო? ასე მოხდა ფილმის სცენარივით. გამოცდა ოთხივემ ჩავაბარეთ. თავი 7 4 აგვისტო, 2019 წელი *** გაბრუებული ვიღვიძებ. ასე მგონია, ერთი კვირაა მძინავს. ფანჯრიდან იისფერ ფარდებს შორის მზის სხივები იპარებიან და ფეხის თითებს მიწვავენ. ათი ხდება. ღმერთო, ბავშვები! ასე როგორ დამეძინა? ნანიკოც არაა. მაშინვე ვდგები და გიორგის ვურეკავ. მამშვიდებს, ისაუზმეს და ყველა ზღვაზე ვართო. ცოტა დამშვიდებული აივანზე გავდივარ. არა, მზე უკვე ძალიან მცხუნვარეა. ახლა არ ღირს ზღვით ტკბობა. თხელ სარაფანს ვიცვამ და სასაუზმოდ სასტუმროს გვერდით კაფეტერიაში შევდივარ. უკან დაბრუნებული, სანამ კიბეზე ავიდოდე, უკანა ეზოში გასასვლელ მინის კარს მიღმა, ნაცნობ ფიგურას ვხედავ, რომელიც გვერდით იწევა და ქრება. ჩქარი ნაბიჯით მივდივარ, რადგან გული ცუდს მიგრძნობს. კარს ვაღებ, დეკორატიულ ბუჩქებს ვუვლი და გაოგნებული ადგილზე ვიყინები. - ბერიანიძე! მიქაძე! - მასწ? - შეცბუნებულები მაშტერდებიან ჩემი მოსწავლეები და კვამლადენილი სიგარეტი თითებში უშეშდებათ. - თქვენ ჰო არ გაგიჟებულხართ? ეს რა არის? - არაფერი, მასწ, ისეთ პონტში... - ბერიანიძე, ხმას ნუ იღებ, თორემ ისეთ პონტში წაგაცლი მაგ თავს. - სიგარეტს ორივეს ხელიდან ვაცლი და იქვე სანაგვეში ვყრი. - ღმერთო, როგორ მინდა ახლა სესილის ჯოხი მქონდეს. - ფიზიკური ძალადობა ისჯება, მასწ. - კისერს იფხანს მიქაძე. - მორალურიც და თუ ჩემს ნერვებზე თამაშს კიდევ გააგრძელებთ, ვინ ვის უჩივლებს პირველი, ნახავს! გიორგიმ იცის? - ბიჭები ერთმანეთს უყურებენ. - მაცადეთ, თქვენ! გამომყევით ახლა და მთელი დღე გვერდიდან არ მომშორდეთ. - მარი მასწ... - ხმა! გამოვდივარ გაბრაზებული და ისინიც უკან მომყვებიან. რაღაცებს ჩურჩულებენ, მაგრამ არ მესმის, სანაპიროზე ჩავდივართ. პლაჟი სავსე და ხმაურიანია, მზე კი შემაწუხებლად ცხელი. მშობლებს ვესალმები და ბოდიშს ვუხდი, რომ საუზმეზე მათთან ერთად არ ვიყავი. სანამ მათ ველაპარაკები, ბიჭები წინ მიდიან. - თქვენ საით? - ვაჩერებ. - ზღვაში ჩავალთ რა, მასწ. - ვერსადაც ვერ ჩახვალთ! - თითით ვანიშნებ, რომ დამელოდონ. მოშორებით გიორგის ვხედავ, როგორ ამოდის წყლიდან და როგორც ჩანს, თვითონაც გვამჩნევს, რადგან ჩვენკენ მოდის. ბიჭებთან გამოლაპარაკებასაც ასწრებს, მერე კი მეც მივდივარ მათთან. - ვუთხარი, თავი დაანებეთ, თორემ მარიამი უფრო მკაცრი იქნება მეთქი. - იღიმის გიორგი და მზემოკიდებული ისეთი მიმზიდველია, თავს ძლივს ვატან ძალას, რომ არ მოვლბე. - დიდი ხანია? - ვუყურებ მზისგან გაღიავებულ ყავისფერ თვალებში. - სადღაც ორი კვირის წინ წავასწარი. - ნუ უცინი, თორემ ისედაც თავზე არიან წასულები. - ვუბღვერ. - რატო არ დასაჯე? გიორგი მკლავს მიჭერს და გვერდით გავყავარ. - რა აზრი აქვს, თავს დაანებებენ? - უნდა იცოდნენ, რომ ჩვენთან არ გაუვათ. - კარგი, შენ დასაჯე და ვნახოთ აბა, რა მოხდება. - გიორგი, ნუ იცინი! - შენ კიდე, ნუ ბრაზობ. არც მე მომწონს, ჰო. ჯერ თექვსმეტი წლისები არიან და მხარს არ ვუჭერ, რასაც აკეთებენ, მაგრამ ხომ იცი, რომ მაინც მოწევენ. - მე მაინც დავსჯი. დღეს ჩემთან ერთად იქნებიან. - ყველგან? - მეკითხება გაკვირვებული. - დიახ. - პაემანზეც? - თმიდან სახეზე ჩამოდენილ ზღვის წვეთებს იშორებს. - პაემანზეც, თუ საჭირო იქნება. - ვამბობ კატეგორიულად. გუშინდელი საღამო და მისი ნომრის აივანი მახსენდება. გიორგი თავს აქნევს და ერთი წამით უკან იხედება. - ერთი იდეა მაქვს და საღამოს რესტორანი ხვალისთვის ხომ არ გადაგვედო? თან ხვალ ფესტივალი მთავრდება და იქნებ კარგი ამბის აღნიშვნაც მოგვიწიოს. - ჰო, ეგ ცუდი აზრი არაა. რა იდეაა? - ფრენბურთის მოედანი ვნახე, აქედან შორს არაა. ხომ არ წავსულიყავით ცოტა საღამოსკენ, მზე რომ გადავა. ბავშვებიც გაერთობიან და ჩვენც. - ჰო, მშვენიერი იდეაა. მაგრამ ესენი გვიყურებენ. თამაშს არ დაჰპირდე იცოდე. - ვანიშნებ დასჯილებზე, თითს ვუბზეკ და მასაც ვემუქრები. *** კონცერტს ვესწრებით. დღეს ადგილობრივი მომღერლები და მოცეკვავეები კონკურსგარეშე სანახაობას აწყობენ. ზოგიერთი ნომერი ძალიან მოსაწყენია, მაგრამ ანსამბლის ხელმძღვანელებს ვალდებულება გვაკისრია და ორი საათით რაღაცნაირად ვძლებთ. ხვალ დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება და სავარაუდოდ, არც დიდხანს გაგრძელდება. ჩემგან მარჯვნივ გიორგი და სოფი სხედან, მარცხნივ კი ბერიანიძე და მიქაძე. ყურებჩამოყრილები ფეისბუქს სქროლავენ. სოფი რამდენჯერაც გამოხედავს, იმდენჯერ ეცინება. უკვე მეც ვეღარ ვიკავებ თავს, მაგრამ დღის ბოლომდე მაინც არ დავთმობ. კონცერტიდან კი სოფის კეპის საყიდლად მივყვები, სხვანაირად ვერ ვითამაშებო. დასჯილებიც უკან მოგვყვებიან. ერთი კი დაიწუწუნეს, მაგრამ ხმა არ გამიცია, გავხედე და გაჩუმდნენ. - ნეტა სესილი რას იზამდა, ბიჭები რომ გამოეჭირა სიგარეტზე. - ჩუმად ეცინება სოფის. - წარმოდგენაც არ მინდა. ერთხელ ლაშასგან გაიგო, რომ ვიღაცას შეაგინა და აჭარულის სოლო წაართვა. ასე ვერ გავწირავ, მაგრამ რო არ დაისაჯონ, ვერ მოვისვენებ. - სესილის დროს გიორგიც ეწეოდა. - ჰო, და არც გახურებით და გაწელვებით იწუხებდა თავს. - არაფერს ამბობს, მაგრამ მგონია, რომ ისევ განიცდის, შენსავით რომ ვეღარ ცეკვავს. - ჰო, დარწმუნებული ვარ, ასეა. - კანზე უსიამოვნო ეკალი მაყრის, ის დღეები რომ მახსენდება. - ანსამბლის გაკეთება გინდოდა? შენ ხომ მაშინ უკვე ხელაძესთან ცეკვავდი? - უფრო ის მინდოდა, რომ გიორგი საყვარელ საქმეს დაჰბრუნებოდა. ორგანიზების პროცესში, სურვილიც უფრო გამიმყარდა. - ვპასუხობ სოფის და მაღაზიასთან ვჩერდებით. ბიჭებს ვეუბნები, რომ გარეთ დაიცადონ და შიგნით შევდივართ. სოფი მალე არჩევს კეპს და უკან ვბრუნდებით. - ლუკაც იქნება თამაშზე. - ღიმილით მეუბნება სოფი. - გამიკვირდებოდა, რომ არ ყოფილიყო. - მეცინება. - რა ხდება მანდ? - რა ვიცი, ლუკა ცდილობს, თავი მომაწონოს, მე ვცდილობ, მომეწონოს. - ჰო, კარგი ბიჭია... - ამბობს სოფი, თუმცა შეგრძნება მიჩნდება, რომ ბოლომდე ასე არ ფიქრობს. - მაგრამ? - არაფერი. უბრალოდ, შენ გვერდით ცოტა სხვანაირი ადამიანი წარმომიდგენია. - შეიძლება... ყოველთვის არ ხდება ისე, როგორც გვინდა. - ვუღიმი სოფის და ვცდილობ, ჩემი ამოოხვრა არ შეამჩნიოს. *** საღამოს რვა საათი ხდება ფრენბურთის მოედანთან რომ ვგროვდებით. ჩემს გუნდში მე, ნანიკო, ლუკა, ბერიანიძე და მიქაძე ვართ. კი ვიმუქრებოდი, ეს ორი არ ითამაშებს მეთქი, მაგრამ სხვა გამოსავალი არ დამიტოვეს. გიორგის გუნდში, თვითონ, დავითი, სოფი და კიდევ ორი მოსწავლე გოგონა. ჩემს დასჯილებს ვპირდები, თუ მოვიგებთ, საღამო თავისუფალი გექნებათ მეთქი, მათაც მოტივაცია უმაღლდებათ და ემზადებიან. - წაგებულები სასტუმრომდე ფეხშიშველები მივლეენ! - ყვირის ბერიანიძე. ყველა მას ვუყურებთ. აქამდე აზრად არავის მოგვსვლია, რომ რამეზე გვეთამაშა. - შენ გაჩუმდი. - თვალებს ვუბრიალებ. - არა, არა, კაი აზრია! - გვეძახის მეორე მხრიდან გიორგი და ბიჭს ცერა თითს უჩვენებს. ბერიანიძე იკრიჭება. - ფეხი რო გავიჭრა, მაგაზე პასუხს ვინ აგებს მერე? - აპროტესტებს ნანიკო. - ფეხი შენია და პასუხისმგებლობა სხვას რატო უნდა შეტენო, შე არასწორო! - ეპასუხება დავითი. - ეს ფეხი იქნება, ცხვირს რომ მოგაცლის. - წაგებას აპირებ და მაგიტომ ხარ აწყვეტილი? - ბურთს თითზე ატრიალებს დავითი და გოგოს პასუხის გაცემას აღარ აცდის. - დავიწყოთ, თუ არა? დაახლოებით ნახევარი საათით ვთამაშობთ. ხელები და კისერი მტკივდება. განსაკუთრებით მარჯვენა ხელისგული. ისე ხურს, თითქოს ცეცხლი მეკიდოს. ბავშვები გვგულშემატკივრობენ და გველოდებიან, როდის დავასრულებთ, რომ შემდეგ თვითონ ითამაშონ. მიუხედავად დიდი მონდომებისა, ჩვენი გუნდი ოცით თხუთმეტს აგებს. ნანიკო ჩუმად იგინება, დასჯილებს სწყინთ, რომ სასჯელს ჯერ ვერ მოიხსნიან, მე და ლუკა კი ერთმანეთს ვუცინით. - რაღაცნაირად რომანტიკულიც კია. - მეუბნება ის და ფეხებზე მიყურებს. - ჰო, გააჩნია, რამდენი კენჭი წამოგაყვირებს. - მედგრად დადგომას ვაპირებ. შემიძლია ხელში აგიყვანო, მაგრამ სავარაუდოდ, მოგებულები გააპროტესტებენ. - წაგება წაგებაა. მე არ გავურბივარ. - მხრებს ვიჩეჩავ. მერე იქვე სკამებზე ვსხდებით და ველოდებით, როდის ითამაშებენ ბავშვები. გიორგიც ჩვენკენ მოდის და ჩემ გვერდით ჯდება. უხერხულად ვიშმუშნები, რადგან ლუკასა და მას შორის ვზივარ. მოსულს ვუღიმი, ისიც ღიმილით მპასუხობს და ჩემ უკან აპარებს მზერას. იდაყვს ხელზე ვკრავ და თვალებს ვუბრიალებ. ის მხრებს იჩეჩავს. - ხელში აყვანა არ შემოგთავაზა? - მეკითხება ჩურჩულით. - შენ რას შემომთავაზებ, რომ ფეხები არ მეტკინოს? - არაფერს, იმიტომ, რომ წაგებული ხარ. - თვალს მიკრავს. - იდიოტი ხარ, გიორგი. - არა, გამარჯვებული. - თელავი გახსოვს? - მეცინება მოგონებაზე. - მახსოვს. - ისიც იცინის. - მაგრამ იქ წაგებული არ ყოფილხარ. - საერთოდ არ ხარ ჯენტლმენი. - ცხვირს ვჭმუხნი უკმაყოფილოდ. - ჯენტლმენი შენგან მარცხნივ. მე მეგობარი ვარ. მეღიმება და ლუკაზე გადამაქვს მზერა. ისიც მამჩნევს და იღიმის. - დღეს გასეირნება არ გამოგვივა? - მეკითხება. - თან ორი დასჯილი უნდა მახლდეს, თუ თანახმა ხარ... - რაო? - უკვირს. მოედნის მეორე მხარეს მდგომ ბიჭებზე ვანიშნებ. - სიგარეტზე წავასწარი და მთელი დღე ჩემ გვერდით ყოფნა მივუსაჯე. - კარგი, მაშინ ხვალ საღამოს იყოს. - დღევანდელი რესტორნის გეგმა ხვალისთვის გადავდეთ. - უხერხულად ვუღიმი. - ღმერთო, რა რთულია შენთან განმარტოება. - ცოტა გაბრაზებული მიყურებს. - სიტუაცია ხომ აგიხსენი. შეგიძლია რესტორანში მოხვიდე, დაპატიჟებული ხარ. - სიტუაციის განმუხტვა ნამდვილად გეხერხება. - იცინის. ბავშვებიც მალე ამთავრებენ თამაშს, მერე ფეხზე ვიხდით და ყველა ერთად მივდივართ სასტუმროსკენ. არც ისეთი რთულია, როგორც წარმომედგინა, მაგრამ ეს მხოლოდ სიფრთხილის წყალობით. ნანიკო ყოველ მესამე ნაბიჯზე იგინება, მაგრამ მოგებულები ყურადღებას არ აქცევენ. მხოლოდ სოფი გამოდის წინადადებით, რომ ნახევარზე მეტი გზა გამოვიარეთ და საკმარისი იქნებაო, მაგრამ გიორგი და დავითი უარზე არიან. - ხელში აყვანაზე რას ამბობდი? - ვეკითხები ლუკას. ბიჭი იცინის, ჩერდება და ხელში ავყავარ. კისერზე ვხვევ ხელებს და მის მხარს მიღმა, უკან მოსიარულე მოგებულებს ვავლებ თვალს. სოფის ეცინება და ცერა თითით მიჩვენებს, კარგიაო. დავითი გაპროტესტებას აპირებს, მაგრამ გიორგი აჩერებს. ცალ წარბს სწევს და უხმოდ გვათვალიერებს. გასაბრაზებლად თვალს ვუკრავ და ვიხედები. ფურცლები სექტემბერი, 2011 წელი *** კოლეჯის პირველი დღე ჩემს მეცხრამეტე დაბადების დღეს დაემთხვა. მე და გიორგი ერთმანეთს სკვერში შევხვდით და ერთად წავედით. უბედნიერესი ვიყავი იმ ფაქტით, რომ ყოველდღე მასთან ერთად ვიქნებოდი. ერთ კოლეჯში და ერთ ჯგუფში. მთელი გზა მეღიმებოდა იმის წარმოდგენაზე, რომ უნივერსიტეტში არ მივდიოდი, ფილოსოფიის ლექციაზე დასასწრებად. ჯგუფში ოცდაორი ვიყავით. სანამ დირექტორი ზოგად წესებსა და დისციპლინაზე ახალწვეულებს გველაპარაკებოდა, მე და ჩემი სამეგობრო ერთმანეთს ჩუმი ღიმილით ვადევნებდით თვალს. ამაღელვებელი იყო ის ფაქტი, რომ ორი წლით, ოთხივე ერთად ვისწავლიდით. ქალბატონი დალი ზოიძე ასევე ეთნოგრაფიას გვასწავლიდა, ამიტომ გაცნობის შემდეგ საგანზეც გადავიდა. ყველაზე მკაცრი წესი იყო ის, რომ სწავლის პროცესში არავინ უნდა დაოჯახებულიყო და სერიოზული ურთიერთობისგან თავი შორს დაგვეჭირა. საკმაოდ შრომატევადი ორი წელი გველოდა წინ, ამიტომ ხელისშემშლელი ფაქტორები უნდა გამოგვერიცხა. სამივემ ლაშას გავხედეთ. ხატია, აქ სწავლობდა და მეორე კურსზე იყო. ალბათ მალე ყველა გაიგებდა, რომ შეყვარებულები იყვნენ. ლაშამ თავი მოიქექა და გაგვიცინა. ორი ლექციის შემდეგ, სანამ ბიჭები მაღაზიიდან მოვიდოდნენ, მე და ნანიკო ფოიეში კიბეზე ვისხედით, ხატიას ველოდებოდით და ჯგუფელი გოგოების ლაპარაკს ვუსმენდით. პირველივე დღეს გახდა ცნობილი, ვისგან უნდა დაგვეჭირა თავი შორს და ვისთან შეიძლებოდა დაახლოება. ორი მათგანი გვანცა და თაკო ჩვენს ერთ-ერთ ლექტორზე - თეა დვალზე საუბრობდნენ, რომელსაც კოლეჯში თავისი თეატრალურ-ქორეოგრაფიული დასი „ეიფორია“ ჰქონდა ჩამოყალიბებული და საკმაოდ ბევრ წარმატებულ პროექტში იწვევდნენ. - ამბობენ, ძაან ძნელია იქ მოხვედრაო, მარა ვნახოთ. ზოიძეს ისე მოვეწონე შესარჩევზე, რო რავი. - საღეჭ რეზინს თითზე იხვევდა გვანცა და ერთი სული მქონდა, როდის გამოედებოდა წინ ჩამოყრილ მის გასწორებულ თმას. - ზოიძე რა შუაშია. „ეიფორიაში“ თუ გინდა მოხვედრა, დვალს უნდა მოაწონო თავი. - უთხრა ნანიკომ. - დირექტორია და სწორედაც, რომ შუაშია. - კაი. - მხრები აიჩეჩა ნანიკომ და გამომხედა. თვალებით გავცვალეთ სათქმელი და ის იყო ჩვენთან ხატია მოვიდა, რომ კიბეზე ორმა გოგომ შემაწუხებელი სიცილით ჩამოირბინა. გვანცა რომ დაინახეს, გაჩერდნენ და ისეთი წიოკით მიესალმნენ ერთმანეთს, ალბათ მთელმა თბილისმა გაიგო. - მარი... - ხელი მომკიდა ჩემმა მეგობარმა, სანამ ისინი ერთმანეთის ამბებს იგებდნენ. - ეს ის არაა? შემდეგ დავაკვირდი გვანცასთან მისულებს და ერთ-ერთ მათგანში ის გოგო ამოვიცანი, ფილარმონიის წინ, ალექსანდრეს რომ ეკიდებოდა კისერზე. - დამშვიდდი, ნანი. წამო ჰაერზე გავიდეთ. როგორც აღმოჩნდა, იმ გოგოს ნია ერქვა და თეატრალურზე სწავლობდა, თან ცეკვავდა და „ეიფორიაშიც“ კი იყო. მას შემდეგ, რამდენჯერაც ნანიკო მას დაინახავდა, ზურგს აქცევდა. რომ ვხედავ, მინდება დაჭმუჭნულ ქაღალდს დავამსგავსოო. თეა დვალი ახალგაზრდა გამხდარი ქალი აღმოჩნდა, ბიჭივით მოკლე ქერა თმითა და სამი ზომით დიდი ტანსაცმლით. პირველად რომ დავინახეთ ახალი ჯგუფელი გვეგონა და ლექტორივით რომ მოგვესალმა, მაშინღა მივხვდით ვინც იყო. სადადგმო ხელოვნებას და ქართული ცეკვის თეორიულ საფუძვლებს ჩაგვიტარებდა. ასევე ცეკვის პრაქტიკულ ლექციებს. ჩვენი ძირითადი სამუშაო მასთან, ორ კვირაში ერთხელ, გარკვეულ თემებზე ახალი ცეკვების დადგმა იყო. მოცეკვავეების არჩევა კი კოლეჯის მასშტაბით შეგვეძლო. ყველაფერი, რაც ერთი დღის მანძილზე გავიგეთ, სახალისო ჩანდა, მაგრამ საკმაოდ რთულიც. კოლეჯიდან ბავშვებმა რესტორანში დამპატიჟეს და დაბადების დღე აღმინიშნეს. სოფი მოგვიანებით მოვიდა და კოსმეტიკა მაჩუქა. მითხრა, კოლეჯში მაკიაჟის გაკეთება ხშირად მოგიწევსო. არ დავუჯერე, მაგრამ მართლა ასე იყო. არც ერთი ჩაბარებული ცეკვა, საჭირო მაკიაჟის გარეშე არ გადიოდა. დანარჩენებმა კი ტილოზე შესრულებული ჩემი პორტრეტი მაჩუქეს და ახსნაც მოაყოლეს - მოცეკვავეებს გვიყვარს საკუთარი თავის ყურებაო. *** შემდეგ დღეს ნანიკო გაციებული მოვიდა. ცოტა სიცხეც ჰქონდა, მაგრამ არ მინდოდა გაცდენაო და შეწუხებული სახით იჯდა სამსახიობო ხელოვნების ლექციაზე, რომელსაც უზომოდ სიმპათიური რატი მილაშენკო გვიტარებდა. გოგოები შეყვარებული თვალებით უყურებდნენ და დარწმუნებული ვიყავი, არც ერთი მისი ნათქვამი სიტყვა არ ესმოდათ. მე კი ვიცოდი, ეს საგანი იქნებოდა ის, რომელიც სიცოცხლეს გამიმწარებდა. ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა ლექტორმა გირჩის განსახიერება დამავალა. რა თქმა უნდა, კრახით დასრულდა და გიორგი და ლაშაც სიცილით გაიგუდნენ, მაგრამ მათი დროც დადგა და ჩემი სიცილისაც. ნანიკოს ყველაზე მარტივი - ჩიტი შეხვდა, მაგრამ მისი ცდაც წარუმატებელი იყო, ალბათ გაციების და სიცხის გამო. შემდეგი სამი საათი კი დვალის პრაქტიკულები გვქონდა, რომლის მთავარი სალაპარაკო თემა ის გახდა, რომ ერთ-ერთმა ჯგუფელმა, სახელად დავითმა ხორუმის ცეკვა არ იცოდა. - შეიძლება ეთქვა, ტანგო არ ვიციო, მაგრამ ხორუმი? - ჩუმად შეიცხადა ნანიკომ, როცა ლექტორი ცოტა ხნით დარბაზიდან იყო გასული, მაგრამ ბიჭმა მაინც გაიგო. - სამაგიეროდ, ხელებით ფრთების განსახიერება არ მიჭირს და მაგიდასავით არ ვდგავარ. - უპასუხა მან და ნანიკოს ფეხებთან შავი ბენდენა დააგდო. გოგო ჯერ წამოენთო, მაგრამ მალევე ჩაუქრა თვალები. - მადლობა თქვი, რომ ენერგია არ მაქვს, ამ ბენდენით დაგიბა ენა. - სამაგიეროდ მე მაქვს და შემიძლია პირი აგიკრა. ასე გაიხსნა დავითსა და ნანიკოს შორის დაუსრულებელი ომის ისტორია. *** სექტემბრის ბოლოს, მზიანი და ზუსტად კახეთის შესაფერისი ამინდი იყო, თელავში რომ ჩავედით. ცენტრალურ მოედანზე კონცერტი ტარდებოდა და რა თქმა უნდა, მონაწილეობას “დაირაც” იღებდა. კონცერტი ოთხ საათზე იწყებოდა. იმ ღამით საოჯახო სასტუმროში გავჩერდებოდით, მეორე დღეს სიღნაღს ვნახავდით და წამოვიდოდით. ქართლ-კახური უნდა გაგვეტანა. მოედანზე კახური ნუგბარი და აქსესუარები იყო გამოფენილი. პატარა ფაცხები ჩაედგათ და ფელამუშსაც კი ხარშავდნენ. სესილიმ გაგვაფრთხილა, არ დაიშალოთ, ტანსაცმლის გამოცვლას მალე დავიწყებთო და თვითონ ხელმძღვანელობის სანახავად წავიდა. გიორგიმ ჩურჩხელები დაინახა თუ არა, მათ საყიდლად გაიქცა. ჩვენც მას გავყევით. შემოდგომის ტკბილეულები რომ დავაგემოვნეთ, ცეკვის ფორმები ჩავიცვით და რეპეტიციაც გავიარეთ. მე და ნანიკოს კეკელა და მაროს სოლო გვქონდა და ბავშვები ამ სახელებით მოგვმართავდნენ. მწვანე კაბები გვეცვა ჭრელი წინსაფრებითა და თავზე თავშლებით. ბიჭებსაც მწვანე ზედები და შავი შარვლები, თავზე კი კახური ქუდები. კონცერტი ძალიან კარგი გამოვიდა. ბევრი ხალხი იყო. ღია ცის ქვეშ გამართულ ღონისძიებებს სხვა ხიბლი ჰქონდა, ყველას შეეძლო მისით სიამოვნების მიღება, სახლის ფანჯრიდანაც კი. რადგან ჩვენი სასტუმრო შორს არ იყო, სესილიმ უფლება მოგვცა, თელავის პარკში გაგვესეირნა. ტანსაცმლის გამოცვლა გვეზარებოდა, ამიტომ ცეკვის ფორმებითვე წავედით. შორს არ იყო და კონცერტიდან დაშლილ ხალხს ნელა გავყევით. პარკში კარგი დრო გავატარეთ, ხედით დავტკბით, ფოტოები გადავიღეთ. ჯგუფელებსა და პირველ გასატან ცეკვაზე ვილაპარაკეთ. მერე ნანიკომ აიჩემა, მოშორებით საპნის ბუშტების ქილები დავინახე გასაყიდი და უნდა ვიყიდოო. ლაშას ხელი ჩაჰკიდა და წაიყვანა. მე და გიორგი ბალახზე ვისხედით. ვუყურებდი იმ გზას, რომელსაც ჩვენი მეგობრები დაადგნენ. დაახლოებით თხუთმეტი წუთი გავიდა, მაგრამ არ ჩანდნენ. - აქამდე რა ვერ იყიდა. - დავიწუწუნე. - ნანიკოს არ იცნობ? მოივლიდა იქაურობას. - ხომ არ წავიდეთ? მოიღრუბლა. - მოიცადე, ჯერ არ იწვიმებს. - მითხრა გიორგიმ, თავიდან თავშალი მომხსნა და ჩემი ნაწნავების დაშლა დაიწყო. - მალე ალბათ ჩემი ნაწნავები დასაშლელად აღარ გეყოფა. - ვუთხარი ბიჭს. - ჯერ-ჯერობით არ ვწუწუნებ. გრძელია. - ერთ დღეს რომ მომბეზრდეს? - არ მოგბეზრდება. - გაფრთხილებას ჰგავდა მისი სიტყვები და გამეცინა. - არავინ იცის. - მხრები ავიჩეჩე. - მე ვიცი. - და რას იზამ, რომ შევიჭრა. გამებუტები? - გამეცინა. - მერე ასე აღარ გაგეცინება. - მეორე ნაწნავი ყელზე შემომახვია და მოგკლავო, მიმახვედრა. მერე თმის ბოლო აიღო და ულვაშებზე მიიდო. - ულვაში ხომ არ მოვუშვა? - მკითხა სერიოზულად. - მოუშვებ და ეგ იქნება ის დღე, მე რომ თავს გადავიპარსავ. გიორგის სიცილი აუტყდა. ალბათ მელოტი წარმომიდგინა. მერე თმაში შემიცურა თითები და ისე ამიჩეჩა, ალქაჯს დამამსგავსა. ხელები დავუჭირე და ის იყო მეც იმავეს გაკეთებას ვაპირებდი, რომ თავზე წვეთი დამეცა, მერე ხელზე და ისე უცბად გახშირდა, ვერც მოვასწარით გააზრება, რომ უკვე წვიმდა. - გავიქცეთ. - ხელი დამიჭირა გიორგიმ და სასტუმროსკენ გავქანდით. უკვე მალე იქ ვიქნებოდით, ფეხი რომ რაღაცას წამოვკარი და წავიქეცი. მუხლი საშინლად მეტკინა და მაშინვე გადმოვბრუნდი. გიორგი შეშინებული ჩაიმუხლა. - მარიამ, რა დაგემართა? იტკინე რამე? ჩემს ცეკვის ჩუსტს დავხედე, რომელიც ნახევრამდე ჩამოხეულიყო. გადაყვლეფილი მუხლი კი საშინლად მეწვოდა. მაგრამ მაინც წამოვდექი. - არა, არაფერია, წავიდეთ. - ვუთხარი და ორი ნაბიჯი, რომ კოჭლობით გადავდგი, გიორგიმ სწრაფად ამიტაცა ხელში და გზა გააგრძელა. - დამსვი, გიო. არც ისე მტკივა. - ჰო, შეგატყვე. - ჩაეცინა. - მძიმე არ ვარ? - კეკელას კალათზე მსუბუქი ხარ. - მითხრა და ენა გამომიყო. გადავიკისკისე და ხელები კომფორტულად მოვხვიე კისერზე. წვიმამ მაინც ერთიანად დაგვასველა, მაგრამ ამ გასეირნებით მიღებულ სიამოვნებას, ჩემში ბედნიერების გასახანგრძლივებლად დიდხანს ვიმყოფინებდი. სასტუმროში მისულებს სესილიმ გვისაყვედურა და გამოსაცვლელად ოთახში შესულმა გავარკვიე, რომ ჩემი და გიორგის მარტო დატოვება ნანიკოს გეგმა ყოფილა. *** კოლეჯი გავითავისეთ და მიუხედავად წვრილმანი უთანხმოებებისა, ჩვენი სამეგობრო თავისი არჩევანით უზომოდ კმაყოფილი იყო. მხოლოდ ჯგუფის დაყოფას არ ველოდი. სესილისთან მიჩვეული ვიყავი, რომ ყველასთან კარგი ურთიერთობა მქონდა, აქ კი სხვანაირი თანატოლები იყვნენ. ზოგი პრესტიჟული ანსამბლის მოცეკვავე, ზოგი ვიღაცის შვილი, ვიღაცის ნათესავი და ეს ყველაფერი არც იმალებოდა. ჩანდა ყველა ქცევასა და სიტყვაში. ასეთ კატეგორიებს მიეკუთვნებოდნენ გვანცა და თაკო, რომლებმაც ჩვენი სამეგობრო მას შემდეგ აითვალწუნეს, რაც თეა დვალს პირველად დადგმული ცეკვები ათიდან რვა ქულებზე ჩავაბარეთ. ჯგუფში ასეთი შედეგი პირველ ჯერზე არავის ჰქონია. ცეკვებში ერთმანეთი გვჭირდებოდა, ამიტომ თავიანთ ირონიას მთლად აშკარად არ გამოხატავდნენ, თუმცა მიგვანიშნებდნენ, რომ ჩვენთან მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა ჰქონდათ. ეს კი ნამდვილად არ იყო ჩვენთვის ის თემა, რომელსაც განვიცდიდით. ნანიკოსა და ნიას ურთიერთობა მაშინ გაირკვა, როცა ნიამ ხატიას მიანიშნა, რომ კოლეჯში შეყვარებულის ყოლა ასე არ უნდა გაესაჯაროებინა. გოგომ ვეღარ მოითმინა და ალექსანდრე უხსენა. ერთ დღესაც, დვალმა გამოგვიცხადა, რომ „ეიფორიადან“ ერთ-ერთი მოცეკვავე გოგო წასვლას აპირებდა და სანაცვლოდ ვინმე დასჭირდებოდა, ამიტომ გადაწყვიტა პირველკურსელებისთვის შანსი მიეცა. გვითხრა, პირველი სემესტრის ბოლომდე დაგაკვირდებით და რომელიმეს ავარჩევო. თავიდან გვანცა დარწმუნებული იყო, რომ ის ერთ-ერთი სწორედ თვითონ იქნებოდა, მაგრამ როცა დაინახა, რომ მეც და ნანიკოც თავებს არ ვზოგავდით, ბინძურ ხერხებს მიმართა. დეკემბერი, 2011 წელი *** უკანასკნელი ცეკვების თემა დვალს არ მოუცია. გვითხრა, თავისუფლებას განიჭებთ და იმედები არ გამიცრუოთო. გადავწყვიტე, ამჯერად ნაციონალურის ნაცვლად, თანამედროვე სტილი ამერჩია. ჯერ უნდა დამეწერა ლიბრეტო, მოკლე ამბავი, თუ რაზე იყო ცეკვა, როგორი მონახაზი ექნებოდა, რამდენი მოცეკვავე მეყოლებოდა და ყველა საჭირო წვრილმანი. ამას ვაჩვენებდი თეას, მომცემდა შენიშვნებს, მერე დავხვეწდი და დავდგამდი ცეკვას. ყველაფერმა ჩვეულებრივად ჩაიარა. ცეკვის დადგმა დავიწყე და მიუხედავად რაღაც შენიშვნებისა, თეა ამ ცეკვაზე მაინც იმედებს ამყარებდა. გამოცდის წინა დღე იყო. სამეცადინო დარბაზში მე, ნანიკო და სოფი ვისხედით. გიორგის ველოდებოდით, რომელიც გვანცას ცეკვაში იღებდა მონაწილეობას და რეპეტიციას მალე დაამთავრებდნენ. - დღეს ადრე წამოსულხარ. - უთხრა სოფის ნანიკომ. - ჰო, ბოლო ორი ლექცია გამიცდა. - უპასუხა გოგომ, თან ცეკვას ადევნებდა თვალს. - დიდი ხანია, არ მინახიხართ და ერთი სული მქონდა მოვსულიყავი. - გაგვიღიმა მან და ისევ მოცეკვავე გიორგიზე გადაიტანა მზერა. ვხედავდი, როგორ ცდილობდა დაემალა, მაგრამ მის თვალებში აღფრთოვანება მაინც ჩანდა. - სად გავიდეთ? - სადაც იტყვით. - მხრები აიჩეჩა სოფიმ. მისი ნამდვილად მესმოდა. სულ ერთი იყო, სად, მთავარია გიორგი იქ იქნებოდა. - ნანი, აუდიტორიაში ავალ, ლიბრეტოს დავტოვებ თეასთან და ახლავე მოვალ. - სწრაფად ავდექი და დარბაზიდან გავედი. რთული იყო იმის დანახვა, თუ როგორ უყურებდა სხვა გოგო ბიჭს, რომელიც მიყვარდა. და წარმოდგენა არ მქონდა, ამას როდემდე გავუძლებდი. ჩანთიდან ფაილში ჩადებული დარედაქტირებული ლიბრეტო ამოვიღე და აუდიტორიაში შევედი. გვანცაც იქ იყო. თმას იკრავდა. ყურადღება არ მიმიქცევია, ფაილი მაგიდაზე დავდე და უკან გამოვბრუნდი. დარბაზში ჩასვლისას გვანცაც მალევე უკან მომყვა. თავის მოცეკვავეებს გამოელაპარაკა და დავიშალოთო, უთხრა. ჩვენ კი ჯერ მაკდონალდსში წავედით, შემდეგ კი გიორგისთან. უკვე დიდი ხანი იყო, ბიჭი მარტო ცხოვრობდა და მასთან ხშირად ვიკრიბებოდით ხოლმე. სწორედ იმ დღეს გადავწყვიტე, რომ მამას ნაჩუქარ ბინაში გადავსულიყავი. - ახალ წელს რა ვქნათ? - იკითხა ლაშამ, როცა ჩვენს ადგილებზე ყავის ფინჯნებით მოვკალათდით. გიორგის სახლში ყველას თავისი კომფორტის ზონა ჰქონდა. მე დივნის კუთხეში ვიჯექი. იქვე იყო ფანჯრის რაფა, რომელზეც თხელ ლეიბს ვდებდით და იქ გიორგი იჯდა. როცა ზურგით ვიჯექი, ჩემს თმას ადვილად სწვდებოდა და თავს ირთობდა. მეც განაბული ვისრუტავდი ამ სასიამოვნო შეგრძნებას. მაგრამ ამჯერად ასე არ იყო. გიორგი ჩემ გვერდით იჯდა, მის გვერდით კი სოფი. - მე იდეა მაქვს. - თქვა გიორგიმ. - ამ არდადეგებზე მამაჩემთან მაინც არ მივდივარ და მოდი აქ აღვნიშნოთ, ჩემთან. - აუ, ჰო, - წამოიყვირა ნანიკომ. - მაგარი იქნება! - განსაკუთრებით მაშინ, თუ შენ არ იქნები და ყველა მაგარ იდეაზე ასე არ იყვირებ. - გამოეპასუხა დავითი გოგოს. - საერთოდ, ვინ დაუშვა, რომ ეს ერთუჯრედიანი ჩვენს სასტავში უნდა ყოფილიყო? ტიპს, რომელმაც ხორუმი კოლეჯში ისწავლა, ჩვენთან რა ჯანდაბა უნდა? - მნიშვნელოვანი და განსაკუთრებული მოვლენები ზებუნებრივი ძალების დახმარებით ხდება და არა შენი ნებართვით, ალქაჯო. - დაიწყეს. - გადმომხედა გიორგიმ სიცილით. მეც გავუცინე და გაყინული ფეხის თითები, გასათბობად მისი ფეხის ქვეშ მოვათავსე. გიორგიმ მუხლებზე ჩამომადო ხელი. - გვეტენები! ამაში ზებუნებრივს ვერაფერს ვხედავ. - თვალები დაუბრიალა გოგომ. - ხმათა უმრავლესობამ გადაწყვიტოს, გეტენებით თუ არა. - დავითმა თვალი მოგვავლო. ხელი მხოლოდ ნანიკომ ასწია. - კურდღლებო. - დაიწუწუნა გოგომ და ყავა ხმაურით მოსვა. - თუ მორჩით, აბა, სერიოზულად ახლა... აქ შევიკრიბოთ? - იკითხა გიორგიმ. ყველა თანახმა იყო. მერე ისიც გადავწყვიტეთ, რომ საიდუმლო სანტა გვეთამაშა და ფურცლებზე დაწერილი ჩვენი სახელები ლაშას ქუდში ჩავყარეთ. მკაცრი პირობა დავდეთ, რომ არავინ არავის გაუმხელდა ვინ შეხვდებოდა. მე კი სოფი ამომივიდა. *** ძალიან ვღელავდი. ეს იყო სემესტრის უკანასკნელი დავალება თეა დვალთან, რომელსაც შეეძლო „ეიფორიის“ გუნდის წევრად ვექციე. ყველაფერი წესრიგში მქონდა, ბუტაფორიებიც, გოგონების სამოსიც და მუსიკაც. დარბაზში ჟიურის მაგიდასთან თეა, დირექტორი და რატი მილაშენკო ისხდნენ. მათ უკან კი კოლეჯის სტუდენტები. მოცეკვავეები გარეთ, გასახდელში ჭიანჭველებივით ვირეოდით. ერთი სტუდენტი, მინიმუმ ორ ცეკვაში მაინც იდგა და გამოცვლას რეკორდული სისწრაფით ვახერხებდით. ბოლო სამი ცეკვაღა იყო დარჩენილი. მალე მე გავიდოდი, გამოცდას კი გვანცა დახურავდა. გული ლამის ამომივარდა, როცა თეამ ჩემი სახელი ამოიკითხა. დარბაზში შევედი. ჟიური ინტერესით მაკვირდებოდა. - მოგესალმებით, მე ვარ მარი ნებიერიძე, ქორეოგრაფიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი. წარმოგიდგენთ თანამედროვე ცეკვას სახელწოდებით „ნაკვალევი.“ ჩემი გოგონები შავი შიფონის ფარფარა კაბებით შემოსრიალდნენ და მუსიკაც ჩავრთე. ჩემს შემოქმედებას კუთხიდან ვუყურებდი და სიხარულისგან გული მებერებოდა. თუ არ ჩავთვლიდით ორგან სინქრონის დარღვევას, ყველაფერი არაჩვეულებრივად მიდიოდა. ვერც ჟიური აცილებდა თვალს გოგონებს და ვერც მაყურებელი. აპლოდისმენტებიც დავიმსახურე და არაჩვეულებრივი შეფასებაც. მოცეკვავეები გარეთ გავიდნენ და ის იყო, მადლობის შემდეგ მეც მათ უნდა გავყოლოდი, რომ თეამ დამიძახა. დაბნეული და თან უკმაყოფილო სახე ჰქონდა. - მარი, შენი ლიბრეტო სადაა? მეგონა მზად გქონდა. - მითხრა მან. - გუშინ დაგიტოვეთ, მასწ. - მეც დაბნეულმა დავხედე მის წინ დაწყობილ ფაილებს. - დარწმუნებული ხარ? იმიტომ, რომ აქ არ არის. ლიბრეტოს გარეშე კი, კარგად იცი, რომ ქულები დაგაკლდება. - გეფიცებით, მასწ, გუშინ რეპეტიციებს სანამ დავამთავრებდით, აუდიტორიაში თქვენს მაგიდაზე დავტოვე. თეამ მხრები აიჩეჩა. - მაპატიე, აქ არაა. ცეკვა არაჩვეულებრივი იყო, მაგრამ ლიბრეტოს გამო ორი ქულა დაგაკლდება. სხეულზე ცივმა ტალღამ გადამიარა. საფეთქლები ნერვიულობისგან ისე დამიბუჟდა, მეგონა იქვე წავიქცეოდი. უსიტყვოდ გამოვბრუნდი. ცეკვა, რომელსაც ათიდან ათი ქულა უნდა აეღო, რვით შეფასდა, მაშინ, როცა ის ორი ქულა უზომოდ მჭირდებოდა. გარეთ გამოვედი და ბავშვებისთვის არც კი მიმიქცევია ყურადღება, ისე შევედი გასახდელში და ტანსაცმლის გამოცვლა დავიწყე. - მარი. - შემოვიდა ნანიკო. - რა დაგემართა, რა მოხდა? - არაფერი, შედი, უნდა იცეკვო. - რა გჭირს, ფერი არ გაქვს სახეზე. არ მოეწონათ? რა გითხრეს? - მოეწონათ, მაგრამ თეას ჩემი ლიბრეტო არ ჰქონდა. - შარვალი შევიკარი და ფეხსაცმლის გამოცვლა დავიწყე. გული ამოვარდნას მქონდა და ნერვებისგან ტუჩები მებრიცებოდა. - ჰო არ ღადაობ, გუშინ არ დაუტოვე? - ნანიკო, წადი. - რა მოხდა? - შუბლშეკრული შემოვიდა გიორგი. თასმები შევიკარი და ქურთუკი ავიღე. - ლიბრეტო დაიკარგა გიო და ორი ქულა დამაკლეს. - რას ჰქვია დაიკარგა, რანაირად? - არ ვიცი. გუშინ აუდიტორიაში რეპეტიციის დროს ავედი, იქ... - უცბად გამახსენდა, რომ ოთახში გვანცა იყო. - ეგ ნაგავი. - სახეზე ავიფარე ხელები. წარმოსახვამ ნათლად დამანახა, ის გველი გოგო ჩემს ლიბრეტოს როგორ იღებდა. ჯგუფელი შემოვიდა და ნანიკო წაიყვანა, ჩვენი ჯერიაო. გიორგი გვერდით მომიჯდა და სახიდან თითები ჩამომაღებინა. - ვისზე ამბობ? - იქ გვანცა იყო. - ცრემლები მოვიწმინდე. ვერ ვიჯერებდი, რომ ადამიანს ასეთი საზიზღრობის გაკეთება შეეძლო. - შენი ფაილი მაგან აიღო? - აბა, სად წავიდა? - წამოვიძახე გაღიზიანებულმა. - ავედი, მაგიდაზე დავდე და ჩამოვედი. - აქ დამელოდე. - მითხრა გიორგიმ, გავიდა და ორი წუთში ისევ შემობრუნდა. ცეკვის ფორმა გამოეცვალა. - არა, გიო, არა. - თავი გავაქნიე. - წადი, გამოიცვალე. შენს გარეშე ცეკვა ჩაეშლება. - და შენი აზრით, მე რატომ მივდივარ? მაგ დეგენერატ გოგოს ეს ასე არ შერჩება. - გისაყვედურებენ. ასე არ შეიძლება. - ერთი მაგათიც, მარიამ. წავედით! - მაჯაში ჩამავლო ხელი ბიჭმა და გასახდელიდან გავედით. ფოიე ისე გავიარეთ, არავის დავუნახივართ. ვღელავდი იმის გამო, რომ გიორგის შენიშვნას მისცემდნენ, მაგრამ თან ძალიან მიხაროდა, რომ გვანცა თავისი საქციელის გამო სწორედ მან დასაჯა. *** დვალმა „ეიფორიისთვის“ ნანიკო შეარჩია და გოგო ისეთი ბედნიერი იყო, ვერ ვაჩუმებდით. სანამ ბიჭები აივანზე ფეიერვერკებს ამაგრებდნენ, გოგოები მაგიდას ვაწყობდით. ნანი ხატიას და სოფის უყვებოდა, როგორ მოხდა ეს დიდებული ამბავი და მზად იყო ქუჩაში გამვლელებისთვისაც კი მოეყოლა. საახალწლო ფლეილისტი ჩვენს განწყობაზე ზრუნავდა. ათასფერად ბრწყინავდა მორთული ნაძვის ხე და კედლებზე გაბმული ფერადი ნათურები. სანამ თორმეტი საათი გახდებოდა, მაგიდას შემოვუსხედით და ცოტა დავლიეთ. ვიცოდი, რომ სასმელი ყველაფერს გამირთულებდა. ისედაც ვცდილობდი, რომ ჩემი დაკვირვებული თვალები დამემშვიდებინა, რამდენიმე ჭიქა ღვინომ კი ეს მცდელობები საერთოდ მოკლა. თორმეტ საათზე ფეიერვერკები გავისროლეთ და აივნიდან ფერადი ნაპერწკლების წვიმას რამდენიმე წუთით ვუყურებდით. ცა ატლასის მატერიას ჰგავდა, რომელზეც ბევრი ბრჭყვიალა ბრილიანტი დაეყარათ. შემდეგ ოთახში დავბრუნდით და ნაძვის ხესთან ჩამწკრივებული საიდუმლო სანტას საჩუქრების გახსნა დავიწყეთ. სოფის ძალიან მოეწონა ჩემი ნაჩუქარი საათი. რამდენიმე კვირის უკან გოგოებს მაღაზიის ვიტრინაში გვაჩვენა და ვიცოდი, რომ ძალიან უნდოდა. თუმცა ვერ გამოიცნო, რომ მისი სანტა მე ვიყავი. ნანიკოს მინიატურული ცოცხი აჩუქეს და ყველა მიხვდა, ვინ იყო მისი საიდუმლო სანტა. გიორგიმ თავისი სასაჩუქრე შეფუთვიდან სუნამო ამოიღო. ყველამ რომ გახსნა საჩუქარი, შემდეგ გავამჟღავნეთ ვინაობები. გიორგის სანტა სოფი ყოფილა. ბიჭი მადლობის ნიშნად მოეხვია და ლოყაზე აკოცა. სოფიმ ჩამოშლილი ლამაზი თმა ყურზე გადაიწია და დანარჩენებს თვალი დაბნეულმა მოგვავლო. დარწმუნებული ვიყავი, ჩემს გარდა მისი შეფაკლული ლოყები არავის შეუმჩნევია. ოთახის ჰაერი აღარ მყოფნიდა, ხატიას ნაჩუქარი ფაფუკი ქუდი თავზე ჩამოვიმხე და აივანზე გავედი. აქა-იქ ისევ ისროდნენ ფეიერვერკებს. ნანიკომ თვალი გამომაყოლა. უხმოდ ვანიშნე, რომ მალე დავბრუნდებოდი და არ გამომყვა. ცივი ჰაერი მტკივნეულად დაეშვა ჩემს ემოციებისგან გახურებულ მკერდზე. ყელი ჩამწვა და დამახველა. სულ ორი წუთი მჭირდებოდა, რომ ემოციებს მოვრეოდი, გრძნობები გამეყინა და უკან დავბრუნებულიყავი. მაგრამ ხატიამ გამომაკითხა. მაგიდას დავუბრუნდით და შემოდიო. ისევ დავლიეთ. ცოტა გამოფხიზლებულს ისევ მომეკიდა სასმელი და ისევ თავიდან დაიწყო ჩემმა მხედველობამ ყველა წვრილმანის აუტანელ სიზუსტეში აღქმა. ვიცინოდი, ვხუმრობდი, ძალიან ბევრს ვლაპარაკობდი და ვცეკვავდი, რომ თავიდან ამომეგდო ყველა ის სიტყვა, რომელიც ამოთქმას ითხოვდა, მაგრამ მე მთელი მონდომებით უკან ვაბრუნებდი. დილის ხუთი საათი ხდებოდა. მხოლოდ დავითს ეძინა. დანარჩენები ისევ ერთ ოთახში ვიყავით. ნანიკო დივანზე იჯდა და მობილურს ჩაჰყურებდა. მე მის კალთაში მედო თავი. ლაშას და ხატიას ცეკვას ვადევნებდი თვალს და დროდადრო მთვლემდა. ღვინო ჩემს ორგანიზმში ისევ თამამად იყო გაშლილი. - მარიამ... - შორიდან ჩამესმა გიორგის ნათქვამი ჩემი სახელი, მაგრამ თვალი არ გამიხელია. რატომღაც ჩავთვალე, რომ სიზმარში ვიყავი. - მგონი სძინავს. - დაიჩურჩულა ნანიკომ და მივხვდი, რომ სიზმარი არ იყო, მაგრამ მაინც არაფერი შემიცვლია. რამდენიმე წამში კი ვიგრძენი, რომ ჩემს ფეხებთან მჯდომი სოფი წამოდგა. ნელა გავახილე თვალები და დავინახე მათი ცეკვა. გოგოს ნიკაპი გიორგის მხარზე ჩამოედო, ბიჭს კი ხელები მის წელზე შემოეხვია. მათ შორის მანძილიც აღარ იყო. მშვიდ მელოდიას ჩახუტებულები ჰყვებოდნენ. ხანდახან გიორგი რაღაცას იტყოდა, სოფის ეღიმებოდა და პასუხს უბრუნებდა. შემდეგ იყო ლოყაზე კოცნა, მაგრამ არა ისეთი მეგობრული, როგორიც გიორგისგან აქამდე შემიმჩნევია, არამედ უფრო ინტიმური და მგრძნობიარე, თანაც ისეთი, რომ სოფიმ მღელვარების დამალვა ვეღარ შეძლო. ბიჭს მხარზე ლოყა ჩამოადო და მასთან ერთად ცეკვა ბედნიერი ღიმილით გააგრძელა. მუცელში რაღაც აუტანელი ტკივილი ვიგრძენი, რომელიც სწრაფად გავრცელდა მთელს სხეულზე და თავბრუ დამახვია. შემცივდა. ისე შემცივდა, რომ გამაკანკალა. მხარზე ნანიკოს შეხება ვიგრძენი. გაყინული თითები ერთმანეთს მაგრად მოვუჭირე და საკუთარ თავს მთელ ხმაზე ვუკივლე, რომ ტირილი არ გაებედა. მაგრამ ვეღარ ვიმორჩილებდი ვერც გრძნობებს და ვერც გულს. გადმოვბრუნდი და მოვიკუნტე. ზურგი ვაქციე იმ სილამაზეს, რომელიც ნელ-ნელა ყველასთვის უფრო აშკარა გახდებოდა. ღრმად ჩავისუნთქე, ამოოხვრას ცრემლებიც ამოვაყოლე და ნანიკოს ფაფუკ ჯემპრში ჩავმალე სახე. - ჩემო გოგო. - დაიჩურჩულა მან და თმაზე მომეფერა. თავი 8 5 აგვისტო, 2019 წელი *** გუშინდელი საღამო რომ მახსენდება, მეცინება. ლუკა როლში შეიჭრა და ხელში აყვანილი სასტუმროს ნომრამდე მიმიყვანა. კარს მე გავუღებო, ნანიკომ უკმაყოფილოდ ჩაილაპარაკა და ბიჭი მიახვედრა, რომ მისი წასვლის დრო იყო. - შენი დაქალია თუ დაცვა, ჯერ ვერ გავიგე. - ყურში მეუბნება ლუკა წასვლამდე. - გაგაგებინებს, თუ მიხვდა, რომ მასზე მეჭორავები. - მეცინება და ბიჭს ვემშვიდობები. დღეს დაჯილდოების დღეა და ცოტას ვღელავ. მე და ნანიკოს ადრე გვეღვიძება და საუზმემდე ზღვაზე ჩავლასაც ვასწრებთ. შეზლონგზე მიწოლილს გიორგის დაბღვერილი სახე მახსენდება და ღიმილს ვერ ვიკავებ. ვერ ვხვდები, რატომ იქცევა ასე. ლუკა მართლა არ მოსწონს თუ უბრალოდ ეჭვიანობს? თუ ასეა, მიხარია, მაგრამ თუ არ მოსწონს, მაშინ სერიოზული მიზეზი უნდა მითხრას. თანაც, უკვე დიდი ხანია მარტოები არ დავრჩენილვართ და არ გვილაპარაკია ისე, როგორც გვჩვევია. ძირეულად, ყველა საკითხზე. ერთი ღამე რომ სჭირდება რამდენიმე ფინჯან ყავასთან ერთად. დარწმუნებული ვარ, მასაც აქვს სალაპარაკო, მაგრამ რატომღაც აჭიანურებს. ახლა რომ ვართ ერთმანეთთან თავშეკავებულები, ასე არასდროს ვყოფილვართ და ვერ ვხვდები, რა ხდება. ვითომ ეს ლუკას ბრალია? ფიქრებიდან ნანიკოს გამოვყავარ. ამბობს, მალე საუზმის დრო მოვაო და ჩვენც სასტუმროში ავდივართ. სასადილო ოთახში ბავშვებს და მშობლებს ვესალმები. მოსწავლეებს ვაფრთხილებ, რომ არ დაიფანტონ. დაჯილდოება ორ საათზე იწყება და მზადებას თორმეტზე დავიწყებთ. ცეკვა მოგვიწევს იმ შემთხვევაში, თუ პირველ, მეორე, მესამე ადგილს ან გრან-პრის ავიღებთ. ამიტომ ყოველ შემთხვევაში მზად უნდა ვიყოთ. გიორგი სასაუზმოდ მარტო ჩამოდის და ჩემთან და ნანიკოსთან ჯდება. ამბობს, სოფის ეძინა და არ გავაღვიძეო. ნანიკო ჩუმად აპარებს ჩემკენ მზერას. შუბლს ვუკრავ, რომ მიმიკები გააკონტროლოს. მეც მშვენივრად ვხვდები, რომ რაღაც რიგზე არაა. გოგო მალე ამთავრებს ჭამას და მიდის. ამბობს კუჭზე დამაწვა და გავივლიო. რა თქმა უნდა, ვხვდები, რომ ამას ჩვენს მარტო დასატოვებლად აკეთებს. გიორგი ჩუმად სვამს ჩაის და ყველის ნაჭერს ჩანგლით აქუცმაცებს. - ბოლოს როდის გავათენეთ? - ვეკითხები მას და სკამის საზურგეს ვეყრდნობი. გიორგის ეღიმება. - მგონი მაისის ბოლო იყო. - ამბობს. არაფერს ვეუბნები. ვაცდი, გაიაზროს, რომ მთელი ორი თვე გავიდა. - მას შემდეგ ძალიან ჩუმად ვართ, ჰო? - ასე მოხდა, მაგრამ გამოსწორება შეგვიძლია. - აქ არა, მარიამ. - მაგიდაზე აბრუნებს ფინჯანს და მიყურებს. - მოდი, ამ დღეებს ამოწურვის საშუალება მივცეთ. - ვიცი, რომ ჩაგაცივდი და ეს არც მე მომწონს. უბრალოდ, მგონია, რომ საუბარი გჭირდება. - ასეთი აშკარაა? - მხოლოდ ეს არა. კიდევ ბევრი რამე ჩანს, რის დამალვასაც ცდილობ. - მოდი, თბილისში დაბრუნებას დაველოდოთ. ხომ იცი, შენს აივანზე საუბარი უკეთესად გამოგვდის. - იღიმის და ჩემს ოდნავ წამოზრდილ ფრჩხილებზე საჩვენებელ თითს ასრიალებს. - თანაც, სანამ შენ ხელის გულზე გატარებენ, არ მგონია, ამის დრო გამოვნახოთ. - ახლა სახეში მიიღებთ, ბატონო გიორგი. - კარგი, ვიხუმრე. - ბოღმიანი მეგობარივით. - მეცინება გაბრაზებულს. - ჰო, ვიცი. - ოხრავს გიორგი. - რას ვიზამთ, უნდა შევეჩვიო შენს ცხოვრებაში ახალ პერსონაჟს, რომელიც ნანიკოსავით პირს არ აჩერებს. *** სცენასთან, პირველ რიგში სუნთქვაშეკრული ვზივარ. გიორგიც ჩემ გვერდითაა, მაგრამ სულაც არ ნერვიულობს. წამყვანს თვალს არ ვაცილებ. კაცი მესამე ადგილოსან ანსამბლს ასახლებს. ჩვენ არ ვართ. ბავშვები კი ცეკვავენ. ჩვენ არც მეორე ადგილზე ვართ და უკვე ძალიან ვნერვიულობ. თითებს ვიფშვნეტ და ლამისაა დამემტვრეს. - დამშვიდდი. - მეუბნება გიორგი, ჩემს ხელს იჭერს და თავის თითებში იქცევს. ბავშვებს ვუყურებ, რომლებიც სცენის გვერდით, დანარჩენ ანსამბლებთან ერთად დგანან და მოუთმენლობისგან ცქმუტავენ. არც პირველი ადგილია ჩვენი. - გავგიჟდები, უარაფროდ რომ წავიდეთ. ბავშვები ამას არ იმსახურებენ. - ვეუბნები გიორგის, სანამ პირველ ადგილზე გასული ანსამბლი ცეკვავს. - გეყოფა. ეს არც პირველი ფესტივალია ჩვენთვის და არც უკანასკნელი. - ვიცი, მაგრამ ისეთი კარგები იყვნენ... ცეკვა რჩება და სცენაზე ისევ წამყვანი გამოდის, უკანასკნელი, გრან-პრის მფლობელის გამოსავლენად და როცა მიკროფონში „ნაბიჯები“ ისმის, მღელვარებისგან და ბედნიერებისგან სხეულზე ცხელი ტალღა მივლის. გიორგის ვუყურებ და მოსმენილს მისი გაბრწყინებული თვალები მიდასტურებენ. ბავშვები სიხარულისგან ერთმანეთს ეხუტებიან. მშობლებსაც ვხედავ და მათ გახარებულ სახეებსაც. სცენაზე ორივე ავდივართ. მადლობას ვუხდით ფესტივალის ხელმძღვანელობას, პრიზს ვიღებთ და ადგილს ჩვენს საამაყო ბავშვებს ვუთმობთ. *** ის-ისაა სარაფანს ვიცვამ, რომ ოთახის კარზე ზარია. - ღიაა. - ვეძახი მოსულს და ზურგზე ელვის შეკვრას ვცდილობ. გიორგი შემოდის. ხელში სერტიფიკატი და გრან-პრის სიმბოლო უკავია. - შენ შეინახე რა. - მეუბნება და სარკესთან აწყობს. - ბავშვები ნახე? - ჰო, დაბლა არიან, სოფიც იქ ჩავიდა. რას აკეთებ? - გაიჭედა. - დაღლილ ხელებს მოწყვეტით ვუშვებ. - მოდი, გავასწორებ. - ამბობს, საწოლზე ჯდება და წინ ზურგით მაყენებს. სუნთქვა მეკვრის, როცა მისი ცხელი ხელები ჩემს წელს ეხებიან. - ნაჭერია ჩაყოლებული, ერთი წამი. - ელვას იჭერს გიორგი და ნაჭრისგან გათავისუფლებას ცდილობს. გული ლამის ამომვარდეს და უკვე დანებებას ვაპირებ, რომ ელვა თავისუფლდება და ბოლომდე იკვრება. - ესეც ასე. გიხდება. - ამბობს ის და მიცინის. - მადლობა. - მეც მეცინება და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო იმას, რომ წელზე მის შენახებ ადგილს ცეცხლი უკიდია. - ქალბატონი სადაა? - აქ ვარ! - ყვირის ნანიკო სააბაზანოდან. - ხან მაშინებს ამისი ზებუნებრივი შესაძლებლობები. კარგი ჯაშუში იქნებოდი, ნანი. - მეორე ცხოვრებაში ეფბიაის აგენტობას ვუმიზნებ. გვეცინება და ის-ისაა ფეხსაცმლის ჩაცმას ვიწყებ, რომ გიორგი დგება, გვერდს მივლის და დაბალ მაგიდასთან ჩერდება. - ეს რა არის? - მეკითხება და სანამ მივტრიალდებოდე, უკვე ვხდები, რაზეც ამბობს. ღმერთო, ჩემი ფურცლები ისევ სააშკარაოზე დამრჩა. ვბრუნდები და ვხედავ, გიორგი საქაღალდეს ზემოდან როგორ დაჰყურებს. ხელები მეყინება. ხმას ვერ ვიღებ. თავში არაფერი მომდის. წარმოდგენა არ მაქვს, რა შეიძლება დავარქვა ახლა ამ ფურცლებს. გიორგი იხრება და იღებს. - ვნახო? - მეკითხება და მიყურებს. - არა, ეგ... - უკან დადე, ჩემი ჩანაწერებია. - ამბობს აბაზანიდან გამოსული ნანიკო, უკმაყოფილოდ აქნევს თავს და თმის აწევით სარკესთან მიდის. - ღმერთო, ეს ხალხი პირად სივრცესაც კი გიზღუდავს. - მომიტევეთ. - ამბობს გიორგი, სიცილის შეკავებას ცდილობს და დატუქსული ბავშვივით საქაღალდეს უკან აბრუნებს. მეც სიცილით ვპასუხობ და ერთიანად ვეშვები. სხეულზე გადარჩენის ჟრუანტელი მივლის. - მე და სოფი წავალთ. მაგიდას დავჯავშნით და დაგელოდებით. ბავშვებსაც წავიყვანთ. გიორგი გადის თუ არა, სახეზე ხელებს ვიფარებ. - ღმერთო! - ვამბობ მოგუდული ხმით და კიდევ ვერ ვიმშვიდებ აჩქარებულ გულისცემას. - ერთხელაც შენ გვერდით არ ვიქნები და ვნახოთ აბა, რა მოხდება. - მადლობა, ნანი. - გეუბნები, შეეშვი ამის წერას. *** სასტუმროდან გასულებს გარეთ დავითი და ლუკა გვიცდიან. ფესტივალის დასრულების შემდეგ შევთანხმდით, რომ რესტორანში ერთად წავიდოდით. მისვლისას სოფი ხელს მკიდებს და მენიუს შესარჩევად მიმტანთან მივყავარ. ჩვენთვის რამდენიმე მაგიდა შეუერთებიათ და ბავშვები მოთმინებით იცდიან. მათ გაბრწყინებულ თვალებს რომ ვხედავ, ბედნიერებისგან მეცინება. მიყურებენ და უხმოდ იზიარებენ საერთო სიხარულს. ჩვენს არჩეულ მენიუს მშობლებსაც ვაჩვენებ და შეკვეთას მას შემდეგ ვაძლევ. შემდეგ ჩვენც მაგიდასთან ვსხდებით. გრილი ღამეა. ზღვიდან ნიავი მოდის და მისივე სურნელი მოაქვს. ცას სავსე მთვარე ანათებს, რესტორანს კი ფერადი პროჟექტორები. სცენაზე მჯდარი მუსიკოსი ტამტამებზე უკრავს და რესტორნის სხვა ნაწილში სტუმრები ცეკვავენ. - ცოტა ხნით გაპარვას შევძლებთ? - გვერდით მჯდომი ლუკა ჩემკენ იხრება და ხმამაღალი მუსიკის გამო ყურთან მელაპარაკება. - ვნახოთ საღამო როგორ გაგრძელდება. შეიძლება. - ვპასუხობ. - იქნებ დღეს მაინც იცეკვო? - მიყურებს ბიჭი და მომხიბვლელად იღიმის. ჩემი გული რომ თავისუფალი იყოს, ეჭვგარეშე შემაყვარებდა თავს. - მეცეკვები? - ვუყურებ პასუხის მოლოდინით. - გააჩნია. - მხრებს იჩეჩავს და ნიავისგან წინ ჩამოყრილ თმას ყურს უკან მიწევს. - ქართულს ვერ ვცეკვავ. არ გამომდის. მირჩევნია შენი ცქერით ვისიამოვნო. - მარტონი არ ვართ. არ დაგავიწყდეს. - ვუღიმი გამაფრთხილებლად და ჩვენთან მოსულ მიმტანებზე გადამაქვს ყურადღება, რომლებიც პიცას ტოვებენ და მიდიან. მერე კი სოფის და გიორგის ვავლებ თვალს. გოგო მასთან ახლოს ზის, ზურგით ნახევრად მკერდზე ეყრდნობა და მობილურში რაღაცას აჩვენებს. გიორგის თითები გოგოს ხელზე აქვს შემოხვეული და მის საუბარს უსმენს. ალბათ ილაპარაკეს. ალბათ ურთიერთობა დაალაგეს. სკამის საზურგეს ვეყრდნობი და ნანიკოს მზერას ვაწყდები, რომელიც ურწმუნოდ აქნევს თავს. ხვდება, რაზეც ვფიქრობდი ცოტა ხნის წინ და გამომეტყველებით მანიშნებს, რომ არასწორი ვარ. მესიჯს ვწერ, სახე დააყენე-თქო. თვითონ კი შუა თითის სმაილს მიგზავნის. სანამ შეკვეთას სრულად მოიტანენ, მშობლებს ველაპარაკები. ხვალ დილით ბათუმში წავალთ. ბოტანიკურ ბაღს დავათვალიერებთ, დელფინარიუმშიც შევალთ და იქიდან ციცინათელასაც ვესტუმრებით. ლუკას ჩემი საუბარი ესმის და ვცდილობ, მის გამომეტყველებებზე არ გამეცინოს. - გამოდის ხვალ მთელი დღე არ იქნები? - მეკითხება ბიჭი. - გვიან მოვალთ, ჰო. - მგონი ტყუილად წამოვედი. - იდაყვით მაგიდას ეყრდნობა და ლოყას ხელისგულზე დებს. - ახლა გულს ამიჩუყებ. - მეღიმება. - სერიოზულად. - ხვალინდელ დღესაც თუ გადაიტან, დარჩენილი ოთხი დღე თავისუფალი ვიქნები. თანაც, შეგიძლიათ შენ და დავითმა ნანიკო დაიყოლიოთ და თქვენც წამოხვიდეთ მანქანით. ბოტანიკურ ბაღში ნამყოფი ხარ? - არა. - ჰოდა, შანსი გეძლევა ერთდროულად მეც მნახო და ისიც. - თანდათან უფრო ვიხიბლები თქვენით, ძვირფასო მარიამ. - იღიმის ლუკა, ჩემს ხელს იღებს და თითებზე მკოცნის. მერე მობილურზე შეტყობინება მოსდის და ყურადღება მასზე გადააქვს. მე კი გიორგის მზერას ვაწყდები, რომელიც რაღაცას ბუტბუტებს, სავარაუდოდ ლუკას მისამართით და მეცინება. კარგი, მოვა დრო და ამაზეც ვილაპარაკებთ. ჩვენი შეკვეთები მალე მოაქვთ და ბავშვებთან ერთად მშვენიერ საღამოს ვატარებთ. მოგვიანებით რესტორანში ქართულ მუსიკასაც რთავენ და ბერიანიძე და მიქაძე ლაზურის საცეკვაოდ მეპატიჟებიან. გაიძვერები, როგორ დაიბრუნონ ჩემი კეთილგანწყობა, კარგად იციან. ლუკა მანიშნებს, უარი არ თქვაო და მეც მივყვები. ჩემს ყველაზე დაუმორჩილებელ მოსწავლეებთან ერთად ცეკვა სახალისო და სასიამოვნოა. მერე ნანიკოც გვიერთდება, დავითიც. სოფი ძალით აყენებს გიორგის. ლუკა კი ზის და როგორც თქვა, ცქერით ტკბება. ცეკვაში რესტორნის სხვა სტუმრებიც გვყვებიან და ადგილს მალევე ვუბრუნდები. - ძალიან ლამაზად ცეკვავ. - ჩემკენ ბრუნდება ლუკა და მათვალიერებს. - მადლობა. - ვპასუხობ ღიმილით. - კარგია სექტემბრამდე ლოდინმა რომ არ მომიწია. - თუ იქ მოსვლა არ გინდა, შეგიძლია პირდაპირ მითხრა. ასეთ სისულელეებზე არ ვიბუტები. - პირიქით, იქ მოსვლა ძალიან მინდა. - ძალიან რატომ? - ჩემი იქ ყოფნა ჩემთვის სასურველ მომავალზე მეტყველებს. თუ იუბილეზე ვიქნები, გამოდის, ამ ურთიერთობის ინტერესი ისევ გექნება. - ორი ნაბიჯით წინ ხარ. - მეცინება. - თან ოპტიმისტურად. სანამ ვუპასუხებდე, მშობლები მემშვიდობებიან და ბავშვებთან ერთად სასტუმროში მიდიან. მაშინღა ვამოწმებ საათს. თორმეტი სრულდება. მართალია. დროა დანარჩენებმაც ოთახებს შეაფარონ თავი. ხვალ ადრე უნდა ავდგეთ, რომ ყველაფერი მოვასწროთ. გიორგის ვეძახი და ვანიშნებ, რომ წასვლის დროა. მოსწავლეები ცოტას ჭირვეულობენ, მაგრამ საბოლოოდ უკან მოგვყვებიან. - მგონი ჩვენთვის არც ისე გვიანია. - უკვე სასტუმროსთან მისულს მეუბნება ლუკა. - ბავშვები უნდა შევამოწმო. - კიბეზე ასულებს ვაყოლებ თვალს. - აქ დაგელოდები. - თავისი მაცდური ღიმილით ჩემს დაყოლიებას ცდილობს. - კარგი, მაგრამ ცოტა ხნით. - ვეუბნები და კიბეზე ავდივარ. ბავშვების ოთახებს ვამოწმებ. ყველა ადგილზეა და უკვე უკან გაბრუნებას ვაპირებ, რომ გიორგი თავისი ნომრიდან გამოდის და ზღურბლზე ჩერდება. - დილით ადრე უნდა ავდგეთ, ჰო? - მეკითხება ისე, თითქოს არ იცის. თუმცა ვხვდები, ეს უფრო მინიშნებაა, რომ ლუკასთან დიდხანს არ უნდა გავჩერდე. - ჰო, ადრე. - ვცდილობ არ გამეცინოს. - მაღვიძარა რომელზე დავაყენო? - შვიდზე. - გინდა შენც დაგიყენო? - გიორგი. - თვალებს ვატრიალებ მობეზრებით. - რა? - იცი, რაც. შედი და დაიძინე. - ვბრუნდები, მაგრამ ვერ ვისვენებ. ვიცი, რისი მოსმენაც უნდა და მიუხედავად იმისა, რომ შიგნიდან მეორე მე ამის გაკეთებას კატეგორიულად მიკრძალავს, ჩასვლამდე მაინც ვეუბნები: - მალე ამოვალ. *** ლუკა სასტუმროს უკანა ნაწილში, ფანტანთან ზის და მელოდება. მის გვერდით ვჯდები. ბიჭი იღიმის. მერე კი მეკითხება. - მარტო რატომ ხარ? - მეორე ნახევარს გულისხმობ? - ცოტა მიკვირს მისგან ეს შეკითხვა. - ჰო. - ვფიქრობ, ჩვეულებრივი ამბავია ეს და საკვირველი ამაში არაფერია. - მხრებს ვიჩეჩავ. და არც საუბარი მინდა ამაზე. მეზიზღება, როცა სიმართლეს ვერ ვამბობ და თავის დასაძვრენად ტყუილზე ტყუილის დამატება მიწევს. - მე კი ასე არ მგონია. ძალიან ლამაზი ხარ, ჭკვიანი, შეგნებული, სექსუალურიც, - წარბებს სწევს და ეღიმება. - და ამას დამატებული - მოცეკვავე. ამის შემდეგ, ლოგიკაში მხოლოდ ის ჯდება, რომ მარტო არ უნდა იყო. - ლოგიკა ხშირად ცდება. და არც ცუდად ვგრძნობ თავს, როცა მარტო ვარ. - და რატომ? - უკვე ხვდები, რატომაც, ლუკა. ჩემს წარუმატებელ ურთიერთობაზე საუბარი გინდა? - არა, ჯერ ძალიან შორსაა ჩვენგან ის დღე, როცა ყოფილებზე ვილაპარაკებთ. - ეცინება მას. - და დამიჯერე, შეიძლება ეგ ზუსტად ის დღეც იყოს, როცა იფიქრებ, რომ ჩემზე ზედმეტად ბევრი დრო დაკარგე. - და აი, ისევ ტრაბახობ. - რით ვერ გამიცანი. - თავს აქნევს. შემდეგ კი ჩემკენ ბრუნდება და თმას ყურზე მიწევს. - არ ვაპირებ, აქ დიდხანს დაგაყოვნო. უბრალოდ, რაღაც მინდა, რომ გამოვასწორო. - მოდი, გამოვიცნობ. - მეღიმება. ვხედავ, როგორ ავლებს თვალს ჩემს სახეს. - რთული არ იქნება. - ამბობს და საჩვენებელ თითს ლოყაზე ფრთხილად ასრიალებს, შემდეგ ნიკაპს მიჭერს და მკოცნის. ჯერ უბრალოდ ტუჩებზე მეხება, თითქოს ჩემს რეაქციას ამოწმებს და როცა ხვდება, რომ წინააღმდეგი არ ვარ, კოცნას უფრო თამამს ხდის. თვალებს ვხუჭავ და მის სახეს ვეხები. ვცდილობ, ამ სასიამოვნო შეგრძნებასთან ერთად ვიპოვო კიდევ რაღაც, რაც ასეთი მიმზიდველი ადამიანის კოცნისგან უნდა მივიღო, რამაც თავბრუ უნდა დამახვიოს და რეალობას მომწყვიტოს. ვცდილობ და ამ ცდაში გადის ეს სასიამოვნო წამები. ლუკას ტუჩები ლოყაზე გადააქვს, შემდეგ ყურთან და მეჩურჩულება. - ტკბილიც ყოფილხართ, ძვირფასო მარიამ. - შემდეგ კი ისევ ტუჩებს უბრუნდება და ისევ მკოცნის. - ზედმეტმა სიტკბომ შეიძლება პირი დაგწვას. - ვუღიმი და ოდნავ უკან ვიხევ. - მიხარია, ჩემზე რომ ზრუნავ. - იცინის ის და თან ჩემს სიცილსაც ადევნებს თვალს. - კარგი, მგონი აჯობებს ჩვენს ოთახებს დავუბრუნდეთ. - ვდგები და ისიც მე მბაძავს. - მხოლოდ იმიტომ არ მწყდება გული, რომ ხვალ მთელ დღეს ერთად გავატარებთ. - ძილი ნებისა, ლუკა. - ძილი ნებისა, მარი. ოთახში ავდივარ თუ არა, საწოლში მყოფი ნანიკო ჩემკენ ბრუნდება და ცნობისმოყვარედ მაშტერდება. - კარგი კოცნა იცის. - ვეუბნები. - მაგრამ? - არაფერი, ნანი. - სარაფანს ვიხდი და სააბაზანოში შევდივარ. გამოსულს ჩემი მეგობარი უკვე მძინარე მხვდება. ან თავს მაჩვენებს, რადგან ხვდება, რომ საუბარი არ მინდა. ვწვები და ფარდებს შორის შემოსულ მთვარის შუქს ვუყურებ. შემდეგ გვერდს ვიცვლი და უკვე მთვლემარეს, შორიდან კარზე კაკუნი ჩამესმის. ვფხიზლდები. ასე გვიან ვინ უნდა იყოს? ვდგები, მაისურს ვიცვამ და კართან მივდივარ. რადგან სათვალთვალო არ აქვს, ვეკითხები: - ვინ ხარ? - მე ვარ. - მესმის გიორგის ხმა. გაკვირვებული ვაღებ კარს. - რა მოხდა? - ვეკითხები, მაგრამ ის ხმას არ იღებს. ოთახში ბნელა, მაგრამ მის მზერას მაინც ვხედავ. ისე მიყურებს, თითქოს ყველა ის ფიქრი ესმის, რაც ჩემს გონებაში ტრიალებს. მისი სხეულის კონტურები ირხევა, ნაბიჯებს ნელა დგამს ჩემკენ და ახლოდან მაკვირდება. მისი უცნაური აურა მაბნევს და არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. უცბად თითებს ყელზე მაკრობს. მოულოდნელობის გამო, ინსტინქტურად მეც მის მკლავებს ვეჭიდები. ახლა ალბათ ჩემი არტერიები მის ხელისგულებზე ფეთქავენ. - გიორგი. - ვჩურჩულებ და უკან ვიხევ. არ მიშვებს. ერთ ხელს ნელა ასრიალებს ქვემოთ და გულთან აჩერებს. - ვიცი, აქ რაც ხდება. - ამბობს ის, ჩემკენ იხრება და ტუჩებს ლოყაზე მაკრობს, ფრთხილად ინაცვლებს ყელსა და ნიკაპზე. ვგრძნობ, როგორ ხურს ჩემი სხეული და არ მინდა მისი ტუჩები დავწვა. გული ისე ძლიერად მიფეთქავს, მგონია ამოვარდება და მკერდზე დადებულ მის ხელს უფრო ვაწვები. მისი მხურვალე სუნთქვა ბაგეებზე მეცემა და თავბრუ მეხვევა. მერე კი ტუჩებზე მეხება და ისე მგზნებარედ მკოცნის, რომ ვგრძნობ, როგორ ვდნები მის მკლავებში. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თვალებს ვახელ. მეზიზღება ეს სიზმრები. ვერც კი ვიაზრებ, ისე ვიწყებ ტირილს და სახეს ბალიშში ვრგავ, რომ ნანიკომ არ გაიღვიძოს. ძილს ვეღარ ვიბრუნებ. ღამეს აუტანელ, არეულ, დაულაგებელ ფიქრებში ვათენებ. გამთენიისას კი ვდგები და ჩემს ფურცლებს ჩავყურებ. ფურცლები თებერვალი, 2012 წელი *** ახალი წლის ღამის შემდეგ, ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდა. ყველამ ისევ ჩვენი როლი მოვირგეთ და სენტიმენტებიც იქვე დარჩნენ, სადაც გაჩნდნენ. ასეა, დღისით ყველაფერი მარტივი ასატანი და გასაძლებია. შეიძლება ღამე ტირილით გაათენო, მაგრამ დღე გაღიმებას გაიძულებს. გეუბნება, რომ დღისით ტრაგედიები არ უნდა ხდებოდეს. იანვარი გამოცდებს დავუთმე. დრო არ მრჩებოდა იმისთვის, რომ რამე სხვაზე მეფიქრა. უკვე იქ ვსწავლობდი, სადაც მთელი გულით მინდოდა და ვერ დავუშვებდი, რომ ცუდი ქულები მქონოდა. უკვე არდადეგებზე გავიგეთ, რომ ერთ-ერთი გამორჩეული ანსამბლი, რომელში მოხვედრაზეც მე და ნანიკო უკვე დიდი ხანი იყო ვოცნებობდით, კასტინგს აცხადებდა. დიდხანს არ გვიფიქრია და მიუხედავად იმისა, რომ კოლეჯში ამას კარგად არ მიიღებდნენ, შესარჩევზე მაინც წავედით. თუმცა, საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, არ გაგვიმართლა. დანებებას არ ვაპირებდით, ამიტომ დიდად გულდაწყვეტილები არ წამოვსულვართ. თვის ბოლოს დადგა ის დღე, უკვე დიდი ხანი რომ იყო ველოდი. გიორგის შარვლის ყიდვა უნდოდა, მე ფეხსაცმლის, ამიტომ ერთად გადავწყვიტეთ მაღაზიებში გავლა. შემდეგ კი კაფეში შევედით ცხელი ყავის დასალევად და გასათბობად. მაშინ შევატყვე, რომ რაღაცის თქმა უნდოდა. მეორე სემესტრზე ვსაუბრობდით და ვამჩნევდი, რომ უფრო მისმენდა, ვიდრე ლაპარაკში მყვებოდა. მერე გავჩუმდი და საშუალება მივეცი ეფიქრა. ბოლოს გადაწყვიტა და დაიწყო. - მარიამ, რაღაც უნდა გითხრა. - თქვა მან. ფინჯანს უყურებდა და ხანდახან თუ ამომხედავდა ქვემოდან. - გისმენ. - შეიძლება ხვდები კიდეც, მაგრამ მაინც მინდოდა, რომ მეთქვა. ეს ცოტა... როგორ გითხრა... - ალბათ სოფის ეხება. - დავეხმარე. გიორგის გაეღიმა. ეს თანხმობის ღიმილი იყო, რომელმაც ისე შემიკუმშა გული, მეგონა ორ წამში დაპატარავდებოდა და გაქრებოდა. - ჰო. - კისერზე მოისვა ხელი მან და დარცხვენილმა ამომხედა. - დიდი ხანია ვამჩნევ, რომ მეგობრულად არ მიყურებს. თავიდან ცოტა შორს ვიჭერდი თავს, მაგრამ ბოლო დროს მგონი... მგონი მეც მომწონს. - ვიცი. - ყელში გაჩხერილი ტკივილი ძლივს გადავყლაპე. საკუთარ თავს წარმოუდგენელ ძალას ვატანდი, რომ ახლა ჩვეულებრივი ხმითა და ჩვეულებრივი გამომეტყველებით ვყოფილიყავი მისი მეგობარი, რომელსაც საიდუმლოს უმხელდნენ. გამომივიდა, რადგან გაღიმებაც კი შევძელი. - მეც შევნიშნე ეგ. - რანაირად? - გაუკვირდა გიორგის. - მის გვერდით ბამბის ნაყინს ემსგავსები მზის გულზე. - ნუ დამცინი. - სოფი კარგი გოგოა. - ჰო. მისგან სხვანაირ ყურადღებას ვგრძნობ, ხომ ხვდები... და სასიამოვნოა. ბამბის ნაყინს კიდევ ალბათ იმიტომ ვემსგავსები, რომ მისთვის მეც იმავეს ვცდილობ. - ჰო, მესმის. უკვე უთხარი? - რომ მომწონს? არა, მაგრამ სანამ სწავლა დაიწყება ვეტყვი. - ძალიან კარგი. - გავუღიმე ბიჭს და ყავა მოვსვი. საშინლად დაძაბული ვიყავი. მინდოდა ავმდგარიყავი და ამ დიალოგს გავქცეოდი, მაგრამ შეუძლებელი იყო. - მეტს არაფერს მეტყვი? - მკითხა გიორგიმ. თითქოს ის რაც ვთქვი, ჩემთვის იოლი იყო. - მიხარია, რომ შენ გვერდით სოფი იქნება და არა ვინმე სხვა. ერთმანეთს ძალიან უხდებით. და რომ იცოდე, „დაირაში“ თქვენზე ჭორაობენ კიდეც. - სერიოზულად? - ჰო, გოგოები. თანაც, უკვე დიდი ხანია. მიკვირს, ეგ ამბავი შენამდე რომ არ მოვიდა. - მეც მიკვირს. - წარბები ზემოთ ასწია, შემდეგ კი ჩემი ხელი აიღო და ნაიარევზე მაკოცა. - მიხარია შენ რომ ხარ აქ. გიორგის გავუღიმე, მალე მოვალ-თქო ვუთხარი და ტუალეტში გავედი. ფილტვებში გამოკეტილი ჰაერი რომ არ გამომეშვა, ალბათ შიგნიდან ავფეთქდებოდი. სახეზე წყალი შევისხი. სარკეში საკუთარ თავს დავაკვირდი. არა, ეს ის სახე ნამდვილად არ იყო, რომლითაც გიორგის ველაპარაკებოდი, თორემ აუცილებლად შენიშნავდა, რომ რაღაც მჭირდა. სუნთქვა შევიკავე და ტირილის სურვილი გადავყლაპე. ამის დრო არ იყო. უკან დაბრუნებულმა სოფიზე საუბარი გავაგრძელეთ. მიკვირდა, მაგრამ ფაქტი იყო, თავს არაჩვეულებრივად ვართმევდი. მილაშენკო რომ საქმის კურსში ყოფილიყო, ალბათ გაუკვირდებოდა, ამ სამსახიობო ნიჭს, მის ლექციებზე რატომ ვერ ვამჟღავნებდი. *** იმ დღეს, როცა სამეგობროს შეკრებაზე სოფი და გიორგი ხელიხელჩაკიდებული დავინახეთ და ყველამ გაიგო, რომ შეყვარებულები იყვნენ, ნანიკოს ჩემთან გიორგიზე ლაპარაკი სერიოზულად ავუკრძალე. არავითარ საყვედურებს, ლექციებს და „ხომ გეუბნებოდის“ აზრი აღარ ჰქონდა. ჩემი ბრალი იყო ყველაფერი. ვიაზრებდი, რასაც ვაკეთებდი და ვიცოდი, რატომაც ვიყავი ჩუმად. ამიტომ, საკუთარ უმოქმედობაზე პასუხი მე უნდა მეგო. მევე ვუსაყვედურებდი ჩემ თავს და მარტო გადავიტანდი იმას, რის ატანასაც ვერ შევძლებდი. მიხაროდა ის, რომ გიორგი ჩემ მიმართ არ იცვლებოდა. არც ჩემს ნაწნავებს ტოვებდა დაუშლელს და არც ჩემს ლოყებს მოსაჩქმეტს. მიუხედავად იმისა, რომ სოფი თავიდანვე მომწონდა, მაინც მეგონა, რომ ჩვენს ასეთ მეგობრობას ეჭვიანი თვალით შეხედავდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ამიტომ, კიდევ უფრო მიხაროდა, რომ ბიჭის გვერდით ის აღმოჩნდა და არა ის, ვინც გიორგისგან მეგობარი გოგოს ჩამოშორებას მოითხოვდა. მათ ერთად დანახვას თვალი ეჩვეოდა, მაგრამ გული ვერ. რამდენჯერმე მოვიტყუე კიდეც, რომ სამეგობროს შეკრებაზე არ წავსულიყავი. ნანიკო არ მაცივდებოდა. იცოდა, რატომაც ვამბობდი უარს და დანარჩენების დაშოშმინებასაც ახერხებდა. დრო მჭირდებოდა, რომ გიორგის და სოფის ერთად ყოფნა ბოლომდე მიმეღო. მაგრამ რამდენი იყო ეს დრო, არ ვიცოდი. აპრილი *** მილაშენკო ძალიან მაბრაზებდა. ყოველთვის ისეთ დავალებებს გვაძლევდა, რაც უმრავლესობას არ გამოგვდიოდა. ლექსი დაწერეთო ისე გვითხრა, თითქოს კვერცხი უნდა შეგვეწვა. პოეზია მიყვარდა, მაგრამ ლექსის წერის ნიჭი რომ არ მქონდა, ზუსტად ვიცოდი. ორი დღე კი ძალიან ცოტა იყო იმისთვის, რომ რითმებზე მემუშავა. თანაც, შაბათ-კვირას მამას ნაჩუქარ ბინაში ვაპირებდი გადასვლას და ამისთვის არც დრო მექნებოდა. კოლეჯიდან ყველა ერთად გამოვედით, მაგრამ მეტროში დავიშალეთ. ვაგზლის მოედანზე წვრილმანი ნივთების საყიდლად ამოვედი, რომ კიბეზე ოთოს გადავეყარე. რამდენიმე თვე იყო, არ მენახა და ისე შემხვდა, თითქოს ბოლო შეხვედრიდან ამხელა დრო არც იყო გასული. საუბარს შევყევით და ბოლოს მითხრა, აქ დგომას, ყავა ხომ არ დაგველიაო. არ ვიცი რატომ, მაგრამ დაუფიქრებლად დავთანხმდი. თავის ამბებს მიყვებოდა. საერთო ნაცნობებზე, ჩემზე, ახალ ამბებზე ვლაპარაკობდით. მობილურზე შეტყობინებები მომდიოდა, მაგრამ არ ვპასუხობდი. მერე გიორგიმ დამირეკა და გამახსენდა, რომ ლიბრეტოს დაწერაში უნდა დავხმარებოდი. შეგეხმიანებიო, მითხრა ოთომ და ერთმანეთს დავემშვიდობეთ. გზაში გავაცნობიერე, რომ მასთან საუბარმა გამუდმებით გიორგიზე და სოფიზე ფიქრს მომწყვიტა და გადავწყვიტე, ოთოსთან ხანდახან შეხვედრა ურიგო არ იქნებოდა. ბინაში გადავედი. პირველ დღეს ჩემთან ნანიკო დარჩა და მას შემდეგ ხშირადაც რჩებოდა. ალბათ არ უნდოდა, რომ მარტო დავეტოვებინე. ჩემზე სიტყვის უთქმელად ზრუნავდა. ლექსის დაწერაც კი ერთად ვცადეთ. ჩემი ორი სტროფი რომ წაიკითხა, პირდაპირ მითხრა. - ხვალ ამას რატის თუ წაუკითხავ, ყველა მიხვდება, რომ შეყვარებული ხარ. - ეს უბრალოდ დავალება იქნება. - თავი გავაქნიე. - შენ ასე გგონია. თან... თან რა კარგად გამოგივიდა. დარწმუნებული ხარ, რომ აქამდე არ დაგიწერია? - თვალები დაიწვრილა ეჭვით. - რომ დამეწერა, შენ როგორ დაგიმალავდი. - გამეცინა მის სახეზე. - ვფიქრობ, გიორგიც გაკვირვებული დარჩება. - შემომაპარა ჩუმად. - თავადაც მიკვირს ასე, რომ... ხომ შეიძლება სამსახიობოსთან ერთი დავალება მაინც გამომივიდეს. არ მაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს. *** „ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ დაბურულ ტყეში, პატარა ქოხი რომ გვქონდეს სახლად, ავაყვავებდით ენძელებს თმებში, ძველ მელოდიებს ვაქცევდით ახლად. ვაქცევდით ახლად გაცვეთილ სიზმრებს, ფრთებს შევასხამდით დაცემულ წამებს, ჩვენ რომ შეგვეძლოს, ვიტყოდით სიტყვებს, რეალურ სიტყვებს და არა ზღაპრებს.“ დავამთავრე ლექსის კითხვა და პარკეტზე მსხდომ ჯგუფელებს მოვავლე თვალი. ხმა არავის ამოუღია, სანამ მილაშენკომ არ მკითხა: - ნებიერიძე, დარწმუნებული ხარ, რომ ეს შენი პირველი ლექსია? - დარწმუნებული ვარ, მასწ. - პირველი ჯერისთვის საკმაოდ კარგია. - მადლობა. - გავიღიმე გახარებულმა და ჩემს მეგობრებს გავხედე. გიორგი იატაკს ხელისგულებით დაჰყრდნობოდა და მკრთალი ღიმილით უსმენდა ჩემსა და ლექტორის საუბარს. მე რომ შემამჩნია, დაფიქრებულმა შემათვალიერა და მერე გამიღიმა. ისე მინდოდა გამეგო, რას ფიქრობდა იმ წუთას... მაგრამ არაფერი უკითხავს. ლექციების შემდეგ კოლეჯიდან ერთად გამოვედით და მეტროში ჩასვლისას რომ ვუთხარი, მე რუსთაველზე მივდივარ-თქო, გამაჩერა. - რა ხდება რუსთაველზე? - მკითხა. - ოთო უნდა ვნახო. - ვუთხარი და ჯიბეებში ჩაწყობილი თითები ნერვიულად მოვმუშტე. - ოთო? ეგ ცოცხალია? - წარბები აზიდა გაკვირვებულმა. - ჰო, პარასკევს მეტროში შევხვდით ერთმანეთს და ვილაპარაკეთ. - თურმე დაბრუნებულა და ჩვენ არაფერი ვიცოდით. - არ ჩავთვალე, რომ მნიშვნელოვანი იყო, გიო. - მეგობრებისთვის მოსაყოლ ამბებს კატეგორიებად როდის მერე ვყოფთ? - შუბლი შეკრა. - რა გჭირს, რატომ ბრაზობ? - არ ვბრაზობ, მარიამ. მოიცადე, იქნებ ლექსიც მას ეკუთვნის და არ ვიცით? - ლექსი არავის ეკუთვნის. - ნერვებისგან ყელში რაღაც გამებერა და სანამ ტირილის სურვილი სახეზე დამეტყობოდა, გამოვბრუნდი და ახლად ჩამომდგარ ვაგონში შევედი. მატარებელი ისე დაიძრა, რომ მისკენ არ მივბრუნებულვარ. გულგასივებული ამოვედი რუსთაველზე და სანამ მაკდონალდსში ავიდოდი, სულის მოსათქმელად ცოტა ხნით სკამზე ჩამოვჯექი. ვერ ვხვდებოდი, რა უნდოდა ჩემგან. რატომ ითხოვდა იმ ბიჭზე მასთან საუბარს, რომელსაც დასანახადაც ვერ იტანდა. ოთომ მალევე მომწერა, უკვე ადგილზე ვარო და მეც წავედი. ერთად დაახლოებით ორი საათი გავატარეთ. ბიჭი ძველებურად მეპყრობოდა. არც ერთი თემა, რაზეც მასთან ვისაუბრე, მოსაწყენი არ ყოფილა. გიორგისგან დატოვებული ბრაზი შესამჩნევად გამიქარწყლა და სახლში დამშვიდებული წამოვედი. გზაში გადავწყვიტე მშობლებთან გამევლო, რამდენიმე წიგნის წამოღება მინდოდა. ტრანსპორტიდან ჩამოვედი და ფეხით გავუყევი დარჩენილ გზას. ის იყო სკვერს ჩავუარე, რომ სკამზე მჯდომი სოფი და გიორგი შევნიშნე. მინდოდა გვერდი ამევლო. ვიცოდი, სოფი თუ დამინახავდა, დამიძახებდა, მაგრამ რამდენიმე წამით ადგილს მივეყინე. გიორგის გოგოს თმა ეჭირა და უწნავდა. სოფი კი იცინოდა და ისევ იშლიდა. სუნთქვა შემეკრა და საფეთქლებთან საშინელი წვა ვიგრძენი. ვხედავდი, როგორ ეხებოდა გიორგი მის თმას და ეჭვიანობისგან სხვას ვეღარაფერს ვამჩნევდი. თვალები დამებინდა და ვიგრძენი ცივ ლოყებზე თბილი ცრემლები როგორ ჩამოსრიალდნენ. გამოვბრუნდი და იმ წუთას გაჩერებულ ავტობუსში ავედი. იმ სურათს მთელი გზა გონებიდან ვერ ვიგდებდი. ერთმანეთში ირეოდნენ კადრები, როგორ მჩუქნიდა პირველად თმის სამაგრს, როგორ უყურებდა ჩემს თმას, როგორ იკეთებდა მისით ულვაშებს, როგორ მიჩეჩავდა და შემდეგ დავარცხნას ცდილობდა. მოგუდულმა ვიმგზავრე. სახლში შევედი თუ არა, კარი დავხურე და ავტირდი. თავში მისი სიტყვები მიტრიალებდა, რომ თმა არ უნდა შემეჭრა, რომ ჩემი თმა მისიც იყო, რომ არასდროს მომბეზრდებოდა, რომ ჭაღარაც კი ამ სიგრძის უნდა მქონოდა. გამახსენდა, როგორ ვასწავლიდი მის დაწვნას, კოსის გაკეთებას და დავცინოდი, რომ არ გამოსდიოდა. ახლა? ახლა სხვის თმაზე ირთობდა თავს. ახლა ალბათ სოფის თმა უფრო ძვირფასი იყო, ვიდრე ჩემი. ახლა ალბათ მას აჩუქებდა თმის სამაგრს. აღარც კონცერტის შემდეგ დამიშლიდა ნაწნავებს. ქურთუკი გავიხადე, მაკრატელი ავიღე და სარკის წინ დავდექი. ეს თმა აღარ მჭირდებოდა. *** კარზე კაკუნმა გამაღვიძა. დღის სამი საათი ხდებოდა. თვალები ძლივს გავახილე. თავი საშინლად მტკიოდა. მობილურს დავხედე, რომელიც უხმო რეჟიმზე მქონდა დაყენებული და უამრავი მესიჯი და გამოტოვებული ზარი დამხვდა. რომ წამოვიწიე და იდაყვით ჩემს თმას არ დავაბიჯე, მაშინღა გამახსენდა, რაც გავაკეთე. ნელა ავდექი, თავბრუ მეხვეოდა. სანამ კარამდე მივედი, გავიგე ნანიკომ რომ დამიძახა. არავის ნახვა მინდოდა, მაგრამ უკან ვერ გავაბრუნებდი. არც თავის მოკატუნება მინდოდა, თითქოს სახლში არ ვიყავი. მერე ჩემს მშობლებთან წავიდოდა. სათვალთვალოში გავიხედე და რომ დავინახე მარტო იყო, კარი გავაღე. გოგო რაღაცის თქმას აპირებდა, მაგრამ, რომ დამინახა, გაშრა. გამოვბრუნდი, ისიც მომყვა. ჯერ ისევ სარკის წინ დაყრილ ჩემს მოჭრილ თმას გადავაბიჯე და სამზარეულოში შევედი. - ყავა გინდა? - ვკითხე მას. გოგო გაოგნებული უყურებდა ჩემს თმას, რომელსაც კარეც არ ეთქმოდა. მერე აყვირდა. გამლანძღა, მეჩხუბა. თავი რომ არ მოეთოკა, ალბათ მცემდა კიდეც. მშვიდად ვუსმინე და მერე ვუამბე, ეს რატომ გავაკეთე. ბოლოს კი ჩამეხუტა და იტირა. ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩემი თმის შეჭრას ასე განიცდიდა. ოთოზეც მოვუყევი და იმაზეც, რომ გუშინ გიორგიზე გავბრაზდი. ვუთხარი, რომ ჯერ არ მინდოდა კოლეჯში მისვლა. დარწმუნებული არ ვიყავი, რომ ჩემი თმის ამბავს ისიც ნანიკოსავით მიიღებდა, მაგრამ მაინც. ბოლომდე უნდა გადამეხარშა, რომ ნაწნავებს წლების მანძილზე ვეღარ გავიკეთებდი. იმ ღამით გოგო ჩემთან დარჩა. გიორგის არ მოუწერია, მაგრამ ნანიკოსგან გაიგო, რომ ყელის ტკივილის გამო სიცხე მქონდა და კოლეჯში რამდენიმე დღე არ ვიქნებოდი. მეორე დღეს ნანი სალონში გამომყვა, რომ თმა შემესწორებინა. ზუსტად ის სიგრძე მქონდა, რაც გიორგის, როცა პირველად ვნახე. ქუდი რომ დავიფარე, მასავით თმის ბოლოები ლოყებსა და თვალებზე მომეკრო. ხანდახან ინსტინქტურად ხელი თმის ყურზე გადასაწევად მიმქონდა. თმის სამაგრს ვეძებდი, რომ თმა შემეკრა, მაგრამ მერე მახსენდებოდა, რომ შესაკრავი აღარც არაფერი იყო. სიმსუბუქე, რომელსაც შეჭრის შემდეგ ვგრძნობდი, საშინლად მაწუხებდა. მაგრამ ვცდილობდი შევგუებოდი. სარკის წინ ვიდექი და ახალ ვარცხნილობას ვაკვირდებოდი. უცხო იყო. მიხდებოდა, მაგრამ მაინც უცხო იყო. *** გარეთ ქარი ქროდა, ამიტომ კაპიუშონი წამოვიფარე და უბნის მაღაზიიდან გამოვედი, რომ მობილურზე მესიჯი მომივიდა. გიორგი იყო. „ - ყელმა არ გაგიარა?“ „ - არა.“ - მივწერე მოკლედ. „ - ექიმთან იყავი?“ „ - არა.“ „ - სახლში ხარ?“ „ - არა.“ ვიცოდი, რომ ჩემი პასუხები გააღიზიანებდა, მაგრამ ლაპარაკი არ მინდოდა. მობილური ჯიბეში ჩავიდე, სადარბაზოში შევედი და ის იყო ლიფტი გამოვიძახე, რომ გვერდით ვიღაც ამომიდგა. გიორგი იყო. გამომიჭირა. მიუხედავად იმისა, რომ არაფრის ახსნას ვაპირებდი, მაინც საშინლად დავიძაბე. - რატომ მატყუებ? - მკითხა მშვიდად, მაგრამ სერიოზულად. ხმა არ გავეცი. ყელში ისე ძლიერ მომაწვა ტირილის სურვილი, ხმა რომ ამომეღო, ვეღარ გავჩერდებოდი. ლიფტის კარი გაიღო. შევედი. ისიც შემომყვა. - მარიამ. - ასე ნუ მეძახი. - ვუთხარი ჩუმად. - შემომხედე. - გიორგი, ჯობია წახვიდე. - კაპიუშონი მოიხადე. - მითხრა. არ ვუყურებდი, მაგრამ ვგრძნობდი, როგორ მაშტერდებოდა გვერდიდან. გული ამოვარდნას მქონდა. - მცივა. - იგონებ. - შემეშვი. - მარიამ, მოიხადე ეს ქუდი და შემომხედე. - გამიმეორა და ისევ რომ არაფერი გავაკეთე, კაპიუშონს ხელი თვითონ ჩაავლო და უკან გადასწია. - გიორგი! - ვუყვირე წყობიდან გამოსულმა და აცრემლებულმა შევხედე მის გაოგნებულ სახეს. პირი გაეღო და სიტყვებს თავს ვერ უყრიდა. მისი ყურება არ შემეძლო. გონებაში ჯერ ისევ ის სურათები მიტრიალებდა, სოფის რომ თმას უწნავდა. იმ წუთას კარი გაიღო, სწრაფად გავედი და სახლში შევვარდი. - სად გარბიხარ? გაჩერდი, მოიცადე! - შემომყვა ისიც, მაჯაში ხელი ჩამავლო და მიმაბრუნა. - თავი დამანებე! - თავი დაგანებო?! - შუბლი შეკრა. თვალებში ისეთი ბრაზი უელავდა, რომ მის შემხედვარეს, სხეულზე ცივმა ტალღამ გადამირბინა. - ჰო, და ასე ნუ მიყურებ. - თმას რა უქენი? რატომ შეიჭერი? - მიყურებდა და ჯერ ისევ ვერ იჯერებდა. - ასე მომინდა. - არა... არა... ეს მიზეზი არ არის. ეს სისულელეა. ყველაზე დიდი იდიოტობაა, რაც კი მსმენია. - თმა ჩემია და რასაც მინდა იმას ვუზამ! - და მერე ჩემი ულვაშები? - გიორგი... - და ნაწნავები? - როგორც იქნა თვალი მოსწყვიტა ჩემს მოკლე თმას და შემომხედა. - დედამიწაზე არ გამქრალან გრძელთმიანი გოგოები. - წამომცდა და გავიყიდე. გიორგის ჯერ გაუკვირდა, მერე გაღიზიანებულმა გააქნია თავი. - არ არსებობს მიზეზი, რომელიც შენც საქციელს ახსნის. - არც არაფერია ასახსნელი. - ჰო, არა? კარგი. იმედია ნანობ მაინც. ძალიან და მტკივნეულად ნანობ, მარი. - გამოსცრა ცივად, გაბრუნდა და კარი ხმაურით გაიჯახუნა. მის ყვირილსა და მზერაზე მეტად, ის „მარი“ მეტკინა, რომელიც ისე ჟღერდა, თითქოს ვიღაც უმნიშვნელო ადამიანს მიმართავდა და არა თავის მეგობარს. თითქოს მსჯიდა ისე, რომ მთელი ცხოვრება უნდა მხსომებოდა. თავი 9 6 აგვისტო, 2019 წელი *** ბოტანიკური ბაღი მთელი თავისი სილამაზითა და სიმდიდრით გვხვდება. ადრე მივდივართ, ამიტომ ხმაური არაა. თან გრილი სიო მოგვყვება და ბამბუკებსა და ათასნაირი ჯიშის ყვავილს შორის დაქრის. ყოველ გადადგმულ ნაბიჯზე ახალი მცენარე, ახალი მშვენიერება და ახალი სურნელია. ხეებზე შემომსხდარი ჩიტები სტუმრებს ათვალიერებენ. ბავშვები უკან მოგვყვებიან. უფლებას არ ვაძლევ, რომ წინ წავიდნენ და დაგვშორდნენ. სოფის თავისი ფოტოაპარატი უკავია და უამრავ ფოტოს იღებს. ნანიკო და დავითი ისევ რაღაცას ვერ იყოფენ და მათი კამათი ბაღში ფუტკრების ბზუილივით ისმის. ლუკა გვერდით მომყვება. ძალიან ახლოს. თავიდან ხშირად ხვდებიან ჩვენი იდაყვები ერთმანეთს, შემდეგ კი თითებს მიჭერს და ხელჩაკიდებულ გასეირნებაზე უხმოდ ვთანხმდებით. გიორგი ჩუმად მოგვყვება, ხელები ჯიბეებში ჩაუწყვია და არაფერი რჩება უყურადღებოდ. სკოლის დირექტორს ჰგავს. - მგონი შენს მეგობრებს არ მოვწონვარ. - ჩუმად მეუბნება ლუკა. - საიდან მოიტანე? - გაკვირვებული ვუყურებ, თუმცა ლუკა სულელი არაა და მშვენივრად ხვდება რაღაცებს. - ნანიკოს და გიორგის ვგულისხმობ. განსაკუთრებით გიორგის. - არა, ლუკა, ეჭვიანობენ. რომ არ მოსწონდე, დამიჯერე ამას დიდი ხნით ადრე აშკარად გაგრძნობინებდნენ. - შემეჩვევიან? - წარბებს სწევს. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. რომ შეეჩვიონ, დროა საჭირო. მე კი ჩემსა და ლუკას ურთიერთობას ამხელა დროს ვერ ვაძლევ. მიუხედავად იმისა, რომ ახლა თითქოს ყველაფერი ნორმალურადაა, მაინც პესიმისტურად ვარ განწყობილი. რამდენჯერაც ლუკამ ჩემკენ თამამი ნაბიჯი გადმოდგა, იმდენჯერ იმ ღამით გიორგი მესიზმრა. ვიცი, რომ ჩემი მცდელობები უიმედოა და წარმოდგენა არ მაქვს, რატომ არ ვნებდები. - ერთმანეთს ჯერ ჩვენ უნდა შევეჩვიოთ. - ვუღიმი ბიჭს და იმედი მაქვს, რომ ფიქრები სახეზე არ მაწერია. ლუკა თავს მიქნევს და ჩვენს ხელებს დაჰყურებს. ნეტავ მასაც ეჭვი ხომ არ ეპარება? მერე სოფი გვაჩერებს და ანსამბლს მასწავლებლებთან ერთად ჯგუფურ ფოტოს გვიღებს. მერე კი მარტოს მიგულებს და ლუკაზე მანიშნებს. - რაღაცები შეცვლილა. - ჰო, ნელ-ნელა. - ვუღიმი. - კარგია, მაგრამ მე მაინც ჩემს აზრზე ვრჩები. - მხრებს იჩეჩავს. - ნუ ღელავ, დანარჩენებიც. - მეცინება. - და სამწუხაროდ ლუკა ამას გრძნობს. - ეჭვი არ მეპარება, ჭკვიანი ბიჭი ჩანს. - მკრთალად იღიმის სოფი და გვერდულად მიყურებს. - ცოტა დრო მივცეთ და კიდევ დაინახავს რაღაცებს. - მაგალითად? - ინტერესით ვუყურებ. ვერ ვხვდები, რას გულისხმობს. - მაგალითად იმას, რომ რეალურად ჩვენ მისი საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს. - იცი, რომ ბოლო დროს საკმაოდ ორაზროვნად მელაპარაკები? - ვიცხადებ. - მართლა? - ეცინება. - შენს დაბნევას არ ვცდილობ. - არადა კი გამოგდის. - მაპატიე. - თვალებს დამნაშავესავით აბრიალებს სოფი, მერე კი მეუბნება: - მადლობა მაქვს შენთვის სათქმელი. - რისთვის? - არ გამოტყდი, თუმცა ვიცი, რომ იცოდი, აქ წამოსვლას რომ არ ვაპირებდი. ღმერთო! აი ამაზე საუბარი კი მართლა არ მინდა. თანაც, სოფისთან. - კარგი, გამომიჭირე. - ვუღიმი ხაფანგში გაბმულივით. - უბრალოდ, ვიფიქრე, თუ რამე იყო მოსაგვარებელი, ახალი გარემო ყველაფერს გამოასწორებდა. - და სწორადაც იფიქრე. აქ წამოსვლა მართლა კარგი აზრი იყო. - მიხარია თუ ასეა. იმიტომ, რომ თავს დამნაშავედ ვგრძნობდი, თქვენს საქმეში რომ ჩავერიე. - მეგობრებს ეპატიებათ. თანაც, კარგი განზრახვა გქონდა. მეც ასე მოვიქცეოდი. აქ რაღაცებს სხვა თვალით შევხედე და ყველაფერი უფრო მარტივად აღსაქმელი გახდა. - ძალიან კარგი. - ვეუბნები. ალბათ შერიგებას გულისხმობს. სოფი მიღიმის, მერე ფოტოაპარატს იმარჯვებს და ჩვენს უკან მოკამათე დავითსა და ნანიკოს სურათს უღებს. *** დელფინარიუმი ნამდვილი სიმშვიდისა და ჰარმონიის ზონაა. დელფინების ტრიუკებს ჩემს მოსწავლეებზე არანაკლებ აჟიტირებული და აღფრთოვანებული ვუყურებ. შემდეგ ბავშვები ბათუმის ბულვარში გასეირნებაზეც მიყოლიებენ და უარს ვერ ვეუბნები. უკვე შებინდებას იწყებს, ავტობუსს ციცინათელასთან რომ ვაჩერებთ. ბავშვებს ვეუბნები, რომ ათ საათზე ყველა ტრანსპორტთან უნდა იყოს და შემდეგ უფლებას ვაძლევ გაიფანტონ. - აქედანვე გაფრთხილებ, სიმაღლის მეშინია. - მეჩურჩულება ლუკა. - ოღონდ არ გამიბაზრო. - ხუმრობ. - ვუყურებ გაკვირვებული. - ჩემი ხუმრობები ხომ უკვე დაამუღამე. - მხრებს იჩეჩავს. - ატრაქციონებით ვერ ვერთობი. - არა უშავს, ამდენ ადრენალინის მოყვარულ ადამიანს, ერთი მაყურებელიც ხომ გვჭირდება. - ეს რომელი ფაზაა, მტკივნეულ ადგილებზე წიხლის დაჭერის? - შუბლს კრავს ლუკა. - უფრო, ლოგიკური გამოსავლის ძებნის. - ვუცინი და დანარჩენებისკენ ვტრიალდები. - აბა, რომლით დავიწყოთ? გიორგი ამბობს, მე დავრჩებიო, რაც ცოტა უცნაურად მეჩვენება, მაგრამ არ ვაცივდებით არც მე და არც სოფი. ბარათზე თანხას ვრიცხავთ და ეშმაკის ბორბლისკენ მივდივართ. დიდი ხანია, ატრაქციონებით არ დავმტკბარვარ. და, რადგან ფესტივალზე სანერვიულო აღარაფერი მაქვს, მთელი ენერგიის დატოვებას აქ ვაპირებ. ბორბალი უკვე ბრუნვას იწყებს, ქვემოთ დარჩენილ ლუკას და გიორგის რომ ვხედავ. ბიჭი ლუკას სიგარეტს სთავაზობს და უკიდებენ. მერე კი საუბარს იწყებენ. რაღაცნაირად ვიძაბები. ვცდილობ, არ შევიმჩნიო, რომ გიორგის ეშმაკის ბორბალზე ამოსვლის უარის მიზეზს მივუხვდი, მაგრამ არ გამომდის. ახლა ვხვდები, მთელი დღის მანძილზე ასე საეჭვოდ ჩუმად რატომ დაიარებოდა. აქ მასთან განმარტოების შანსი მიეცა. ვბრაზობ. ვიცი, რომ ჩემზე დაელაპარაკება. ღმერთო, გიორგი, იმედი მაქვს ზედმეტი არ მოგივა და იმედი მაქვს, ამის გამო კამათი არ მოგვიწევს. სანამ დავითი და სოფი ფოტოაპარატში სურათებს განიხილავენ, ნანიკო ხელის შეუმჩნევლად მორტყმით მახვედრებს, რომ არც მას გამოჰპარვია არაფერი. - ჩვენი ბიჭი ფორმაშია. - მეჩურჩულება. - მოკეტე, ნანი. - ვცრი კატეგორიულად. - აქედან ყველაფერი კარგად ჩანს. - მაინც არ აჩერებს ენას. სოფის ვავლებ თვალს და ნანიკოს ხელზე ვჩქმეტ. - ახლა ქვემოთ აღმოჩნდები და უკეთესად დაინახავ! გოგო იცინის. ყურადღებას აღარ ვაქცევ, არც ნანიკოს და არც დაბლა დარჩენილებს. ხედს ვუყურებ. ჰორიზონტს ფერმკრთალად დამჩნევია მზის უკანასკნელი ცეცხლისფერი. იმდენად მაღლა ვართ და იმდენად ახლოს არიან მუქ კრიალა ცაზე მიმოფანტული ვარსკვლავები, რომ გგონია, სადაცაა მათ შორის აღმოჩნდები. ქვემოთ ვიხედები და ადრენალინი მუცელში სასიამოვნოდ ფარფატებს. გრილ ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და ვცდილობ, ამ მომენტით დავტკბე, მაგრამ გონებაში მაინც დაბლა დარჩენილები ცოცხლდებიან. მაინც ვფიქრობ იმაზე, თუ რა დამხვდება იქ დაბრუნებულს. მაგრამ არაფერი. ორივე კარგად თამაშობს. გიორგი შიშის ოთახში გასეირნებას გვთავაზობს და ყველაფრის შემდეგ, მისი მხრიდან ეს ისე ირონიულად ჟღერს, რომ მინდა რამე დამსახურებული ვუთხრა, მაგრამ თავს ვიკავებ. ერთი წამით ხვდებიან ჩვენი თვალები ერთმანეთს და ვხედავ, ტუჩის კუთხეებში ღიმილი როგორ ეპარება. გაიძვერა! - აბა, რა ხდებოდა ზემოთ? - მეკითხება ლუკა და თითებს მიჭერს. ჰმ, როგორც ჩანს, არაფერი შეცვლილა. - დარწმუნებული ვარ, ქვემოთ უფრო საინტერესო იყო. - ნიშნისმოგებით ვწევ ცალ წარბს. ინტერესი არ მასვენებს, თუმცა ვიცი, რომ პასუხებს ვერ მივიღებ. ბიჭს ეცინება. - სიმაღლიდან მაგის გარკვევა ძნელი იქნებოდა. - ამბობს ის. - აბა, ახლა გავიგებთ, მშიშარა ხარ თუ არა. *** აბაზანიდან ძალაგამოცლილი გამოვდივარ. დავიღალე, მაგრამ არ მეძინება. ნანიკო მაინც ვერ თოკავს თავის ცნობისმოყვარეობას და ჩემს ფურცლებს ჩაჰყურებს. უხერხულობას არ ვგრძნობ, რადგან ყველა სიტყვა და ყველა სიტუაცია იცის, რაც იქ წერია. ხანდახან ოხრავს. მესმის მისი, წერა არც ჩემთვისაა მარტივი. აივანზე გავდივარ. მეზობელი კარიდან სინათლე გამოდის. ალბათ მათაც ჯერ ისევ ღვიძავთ. „ - დილით ზღვაზე შევხვდებით?“ - მწერს ლუკა. „ - კი, ვაპირებ.“ - ვპასუხობ. „ - დღევანდელი გამომშვიდობება არ გამოგვივიდა და დანაკლისის შეგრძნება მაქვს.“ „ - სამაგიეროდ, მთელი დღე ერთად ვიყავით.“ „ - კარგი, ჩემს პრიორიტეტებზე სალაპარაკოდ ცუდი დროა. ხვალ შევხვდებით. ძილი ნებისა.“ „ - ხვალამდე, ლუკა.“ წყალს ვსვამ და ზღვიდან მონაბერ სიოს ფილტვებში ხარბად ვუშვებ. უკვე ოთახში დაბრუნებას ვაპირებ, რომ გვერდით ოთახიდან საუბრის ხმა მესმის, თუმცა სიტყვებს ვერ ვარჩევ. მერე კი გიორგი გამოდის. ჩემს დანახვაზე ერთი წამით ცბება. არ მელოდა. მერე მიღიმის, აივანს ეყრდნობა და სიგარეტს უკიდებს. სოფი შიგნით შუქს აქრობს და აღარ საუბრობს. შორიდან ტალღების სუსტი ხმა მოდის. - ვერ იძინებ? - მეკითხება. - ჰო, დაახლოებით. - ძალიან მინდა ვკითხო, რაზე ისაუბრეს მან და ლუკამ, მაგრამ თავს ვიკავებ. - ვერც შენ? - მეც დაახლოებით. ცოტა ხნით სიჩუმეა. არ ვიცი, რატომ, მაგრამ აქ მასთან მარტო ვერ ვისვენებ. აივნის მოაჯირიდან მობილურს ვიღებ. - არ იდარდო, მარიამ, - მეუბნება გიორგი და გვერდულად მავლებს თვალს. - შენი ბიჭისთვის ისეთი არაფერი მითქვამს, რომ რამე გამეფუჭებინა. - მაგას უკვე მივხვდი და არ ვდარდობ, გიორგი. - ძალიან კარგი. მაშინ, ძილი ნებისა. - მკრთალად იღიმის და ზურგით დგება. - ძილი ნებისა. - ვპასუხობ, ოთახში შევდივარ და ვწვები. ღმერთო, რატომ ვგრძნობ თავს ასე ცუდად? რა სჭირთ გიორგის თვალებს? რა სჭირს სოფის? 6 აგვისტო, 2019 წელი *** მუცელზე ნანიკოს ნაჩუქარ სამკაულს ვიკრავ და კუპალნიკზე თხელ მოსაცმელს ვიცვამ. კარგი ამინდია და მინდა ცურვით გული ვიჯერო. სამ დღეში წავალთ, ამიტომ მინდა დარჩენილი დრო ზღვას დავუთმო. - მძინარე ლაპარაკობდი. - მეუბნება ნანიკო. - რას? - ვუყურებ გაკვირვებული. - არ ვიცი, რაღაც დაულაგებელს, მაგრამ აშკარად შეწუხებული იყავი. - ეგღა მაკლდა. - თავს ვაქნევ და ჩემს შლოპანცებს ვეძებ. - იმედი მქონდა, რომ ქობულეთი ყველაფერს დაალაგებდა, მაგრამ მგონი პირიქით მოხდა. - რატო? - შუბლს ჰკრავს გოგო. - სალაპარაკოდაც არ ღირს. - ჰო, რა თქმა უნდა, გაექეცი ამაზე საუბარს და მერე ღამით დაიწყე ბოდვები. - როგორ მოგაბეზრე თავი. - ვუღიმი ჩემს მეგობარს და ვეხვევი. - ნუ მთაფლავ. - მხრებზე მიჭერს ხელებს და მაგდებს. მეცინება. - თუ მზად ხარ, წავიდეთ. - გოგო მიდის და კარს აღებს. ზღურბლზე ხელაწეული ლუკა გვხვდება, ალბათ დაკაკუნებას აპირებდა. - კონსიერჟი არ გამოგვიძახებია. - ეუბნება ნანიკო. - სასტუმროს ხარჯზეა განსაკუთრებული მომხმარებლებისთვის. - მომხიბვლელად იღიმის ლუკა. ნანიკო მობეზრებით ოხრავს და გადის. - სალამი. - მეუბნება, ოთახში შემოდის, კარს ხურავს და ზედ ეყუდება. - წავიდეთ. - მეცინება მის საქციელზე. - აუცილებლად. - ჩემკენ დგამს ორ ნაბიჯს და თან მათვალიერებს. - კომპლიმენტის თქმა მინდა, მაგრამ ყველა სიტყვა მებანალურება, რაც თავში მომდის. - შენი გულახდილობა ჩემი ფავორიტია. ლუკა მიახლოვდება, ფრთხილად მხვევს წელზე ხელს და მკერდზე მიკრავს. - ძლივს გათენდა. - ამბობს ის ჩემს ტუჩებთან და მკოცნის. მეც ვყვები. მინდა დავივიწყო გუშინდელი აუხსნელი დიალოგები. მინდა გაქრეს გიორგის შენახები ჩემს წელზე და ლუკას მხურვალე ხელებმა დაიკავოს. მინდა მისი კოცნა და მოფერება მიჩქარებდეს გულს და არა გიორგის ჩვეულებრივი გამოხედვა. მინდა, მაგრამ ძალიან მყარია იატაკი, ძალიან მკვეთრია გონებაში გაცოცხლებული ამ მომენტისთვის შეუფერებელი სურათები. ვჩერდები. ვერ ვუძლებ. ძალიან რთულია საკუთარ თავზე ძალის დატანება. ლუკა ჩემს ლოყებზე ასრიალებს თითებს და მეკითხება. - რამე მოხდა? - არაფერი. - ვუღიმი. არ მინდა ჩემს თავში არეულობა გავცე. არ მინდა იფიქროს, რომ თვითონაა რამეში დამნაშავე. - გველოდებიან. - მის ხელს ვიჭერ და ნომრიდან გავდივართ. *** ყველა ზღვაზეა. ბავშვებს და მშობლებს ვესალმები და ცოტა ხნით მათთან ვატარებ დროს. შემდეგ მეგობრებისკენ მივდივარ და ნანიკოს გვერდით ვჯდები. გოგო კრემს მაძლევს და ზურგზე წამისვიო, მეუბნება. - არ გინდათ საღამოს დავლიოთ? - თავს უკან აბრუნებს ის, რომ ყველამ გაიგოს. - ჩანაწერებიო, დალევა... რაღაც შენგან დეპრესიულად ჟღერს, ნანი, - ეცინება ფეხმორთხმით მჯდომ გიორგის. - ზღვამ ხომ არ იმოქმედა შენს მეორე მეზე? - ნუ მიწვევ, თორემ გულს გატკენ. - მზის სათვალეს ცხვირის წვერზე იწევს გოგო. - დეპრესია არ მაქვს. მინდა, რომ ზღვაზე მყოფმა ზღვაზე მყოფივით ვიგრძნო თავი და არა კლასის დამრიგებლად. - ჩემს ანსამბლზე ცოტა წესიერად ილაპარაკე. - მხარზე ვურტყამ ხელს. - არ მგონია, თავის განებივრებაში შენ ვინმე გიშლიდეს ხელს. - ამბობს გიორგი. - ვერც ვერავინ დამიშლის. თქვენზე ვფიქრობ. რაც ჩამოვედით, ან ბავშვებს დავდევთ, ან დაკარგული წერილებივით დავდივართ. - ბაზარი არაა. - მზეს მიფიცხებული დავითი თავს ოდნავ სწევს. - შენთვის აზრი არ უკითხავთ და არც სასმელზე გეპატიჟებიან. - ვის აინტერესებს. მე ჩემს სასტავთან ვარ. შენ არც გიმჩნევდი და რაღა ახლა შეგიმჩნევ? - ერთი წუთით. - ვაჩერებ ორივეს. - ბავშვებს უყურადღებოდ ვერ დავტოვებ. - შენი ბავშვები დღეს ცოტა ადრე დააძინე დედიკო და თავს განებივრების უფლება მიეცი. - ხელიდან მტაცებს თავის კრემს ნერვებმოშლილი ნანიკო. - ჰო, ნანი მართალია, - ამბობს სოფი. - თუ არადა, აქაურობას დიდი ხნის წინ მიეჩვივნენ. ისედაც არაფერს აშავებენ. რა მათი ბრალია, ახალგაზრდა მასწავლებლები რომ ჰყავთ? ჯერ ლუკას ვუყურებ, რომელიც თანხმობის ნიშნად სოფის თავს უქნევს და მერე თვალს მიკრავს. შემდეგ კი გიორგის, რომელიც თითქოს ღიმილით ადევნებს თვალს ჩვენს მოლაპარაკებას, მაგრამ მეჩვენება, რომ ერთად დალევის დიდი მომხრე არ არის. მაგრამ მაინც ამბობს: - კარგი, მარიამ, ბავშვებთან მოვგვარდებით. უყურადღებოდ არ დარჩებიან. - ამ მიზეზებით თავს ხომ არ იძვრენ? - მეკითხება ეჭვით ლუკა. - ჰო, ძალიან ცუდი სიმთვრალე მაქვს. - მეცინება. - ეგრეა, მეორე დღეს აღარაფერი ახსოვს ხოლმე. - ჩემს გასაბრაზებლად ამბობს გიორგი, მაგრამ ვერც კი ხვდება, ჩემში რას იწვევს. სიცილი სახეზე მეყინება. შიგნიდან ისე ძლიერ მირტყამს გული, რომ მგონია გასკდება. ერთი წამით აღელვებისგან მაკანკალებს კიდეც და ნანიკოს მხარზე ჩამოდებულ ხელს ვიღებ, თუმცა დაგვიანებით. ის გრძნობს და ჩემკენ ბრუნდება. გთხოვ ნანი, გადამარჩინე, ვემუდარები თვალებით და ვცდილობ, სახეზე არ შემეტყოს ის, რაც ჩემს შიგნით ხდება. - სისუსტეებზე წაკბენით მაგარი ტიპი ვერ გახდები. - თვალებს უბრიალებს გოგო გიორგის. მას კი ეცინება, მაგრამ მაინც მზის სათვალის ზემოდან მიყურებს და ჩემს პასუხს ელოდება. - წამოდი გოგონი, ზღვით დავტკბეთ. ამ იდიოტებს ამაღამ მოვუღებთ ბოლოს. - დგება ნანი. მეც მას ვბაძავ, თხელ მოსაცმელს ვიხდი და დაბლა ვაგდებ. - აი, ნამდვილი იდიოტი. დაიკრემა და წყალში შედის. - ბუტბუტებს დავითი. - კიდევ ვინ წამოვა? - ვეკითხები დანარჩენებს და იმედი მაქვს, რომ გიორგი უარს იტყვის. ლუკა თვალს მავლებს და ვხედავ, ერთი წამით ტუჩს კბილებით როგორ იჭერს.. მერე დგება, მაისურს იხდის და ხელჩაკიდებული ზღვისკენ მივყავარ. ნანიკოც უკან მომყვება. წყალში შესული ოდნავ ვმშვიდდები. სანამ ლუკა ცურავს, ნანიკო მიახლოვდება. - ხან ისეთი იდიოტია, ისეთი გველი და ნაგავია, რომ მინდა ყელი გამოვჭრა. - კბილებში სცრის გოგო. - ამას ხომ სპეციალურად არ აკეთებს. - წყლიდან ვუყურებ სოფისთან მოლაპარაკე გიორგის. - მე კი მგონია, რომ ზუსტადაც. და კიდევ გეუბნები, რომ ყველაფერი მშვენივრად ახსოვს. უბრალოდ ერთი ძალიან დიდი ა. - არც შენ ხარ ნაკლები. - შუბლს ვკრავ. - ეს ერთად დალევა რა მოიფიქრე? - მიყვარს ინტრიგები. - მის სახეს ბოროტი ღიმილი ფარავს. - სამეგობროში? - გაოგნებული ვაქნევ თავს. - განსაკუთრებით სამეგობროში. მთელი ჩემი შინაგანი ენერგია მკარნახობს, რომ ცვლილებების დროა და ამ საქმეში ჩემი წვლილიც უნდა იყოს. - ნანი, სერიოზულად გვაქვს სალაპარაკო. ისინი შერიგდნენ, - თვალით ვანიშნებ სოფიზე, რომელიც მის შეზლონგზე ჩამომჯდარ გიორგის მხარს ლოყით ეყრდნობა და თმაზე ეფერება. - გუშინ ხომ გითხარი, სოფი რომ მელაპარაკა? - და რა გითხრა სოფიმ კონკრეტული? - ნანიკო... რამდენიმე დღის წინ, შენ თვითონ მითხარი, რომ ლუკასთან ურთიერთობის აწყობა მეცადა და მარტივად არ დავნებებოდი. ახლა რა ხდება? - სირთულეები ურთიერთობებს ან ამყარებენ, ან საერთოდ შლიან. კარგად იცი, რომ შენთვის მხოლოდ კარგი მინდა. განსაკუთრებით ამდენი წლის შემდეგ. - ვიცი, მაგრამ... - სანამ წინადადებას დავასრულებდე, ფეხზე რაღაც მეჭიდება და წყალში მითრევს, შემდეგ წელზე ვგრძნობ შეხებას და ამოყვინთული ჰაერს ხარბად ვუშვებ ფილტვებში. - ლუკა! - ვუყვირი გაბრაზებული და შეშინებული. ბიჭი კი იცინის. წყალს ხელს ვურტყამ და სახეში ვაშხეფებ. - გაერთეთ, ოქროებო. - კმაყოფილი ნანიკო გვიღიმის და ნაპირისკენ მიცურავს. - შეგაშინე? - სიცილით მიახლოვდება ბიჭი. - გული გამიხეთქე. - უკან ვიწევ თმას. - ღმერთო, რა ბოროტი ვარ. - იცხადებს ის. - ნება მომეცი გამოვსწორდე. - წელზე ხელებს მხვევს და გულზე მიკრავს. - ნამდვილი იდიოტი ხარ. - მეცინება და მის მხრებს ვეყრდნობი. - დიახ, დიახ, ლანძღვას ნამდვილად ვიმსახურებ. მივიღებ კიდეც, ამ ვნებიანი ტუჩებისგან. - ნიკაპს მიჭერს ის და მკოცნის. „ - მეორე დღეს აღარაფერი ახსოვს ხოლმე.“ - გონებაში გიორგის ხმა ჩნდება და სხეულზე ეკალი მაყრის. არა, ასე არ შეიძლება. შეუძლებელია ჩემი ტვინი ასე იყოს მოწყობილი. სხვასთან ყოფნისას ყოველთვის ის არ უნდა ჩნდებოდეს. ამის გაქრობა უნდა შემეძლოს. ათი წელი მის მიმართ გრძნობები ვმალე და მათ დაიგნორებას რატომ ვერ ვახერხებ? *** ბავშვებს პირობას ვადებინებ, რომ სასტუმროს ეზოს არ გასცდებიან. საბედნიეროდ მშობლები მაიმედებენ, რომ მათ ყურადღებას მიაქცევენ და დასაძინებლად მალევე წაიყვანენ. თერთმეტი საათი ხდება, რესტორანს რომ ვუახლოვდებით. თეთრი კუთხის დივნებით და შუშის დაბალი მაგიდით მოწყობილ ღია კუპეს ვირჩევთ. მიმტანი მალევე მოდის და ჩვენს შეკვეთას ინიშნავს. აქაურობას რესტორნის ღია ნაწილიდან შემოსული თეთრი პროჟექტორები ანათებენ. სიმყუდროვეა, თუ არ ჩავთვლით მუსიკას. დროდადრო ზღვის ტალღების ხმაც ისმის და პლაჟიდან ჩვენამდე გრილი სიოც აღწევს. - მაინტერესებს, მთვრალი როგორი ხარ. - ხმამაღალი მუსიკის გამო, ყურში მეუბნება ლუკა. - დიდი იმედი ნუ გექნება, რომ ასეთს მნახავ. - მარი, თავს ნუ იძვრენ. იდეა ისეთ პიროვნებას ეკუთვნის, არ მგონია გადაურჩე. - მაგ პიროვნებასთან მოვგვარდები შენ არ იდარდო. - ნანიკოსკენ ვაპარებ თვალებს. სამწუხაროდ მაფიქსირებს. - რა ხდება? - მეკითხება ის. - დათრობას არ აპირებს. - უმოწყალოდ მყიდის ლუკა. - დალევს. თანაც იმდენს, რამდენსაც დანარჩენები. - ამბობს ჩემს გვერდით მჯდომი გიორგი. - რახან შენ ამბობ, ასე იქნება. - თვალებს ვუწვრილებ და ვაჯავრებ. - დიახ. გაგიმართლა, რომ ჩემ გვერდით აღმოჩნდი. არ იდარდო, ჭიქებს მე დავითვლი. - და ნაბახუსევზეც ჩემ მაგივრად შენ გამოხვალ. - არ მგონია ნაბახუსევის გეშინოდეს. - თავს აქნევს გიორგი და პასუხის მოლოდინში ხელს დივნის საზურგეზე დებს. - გიორგი. - საყვედურობს სოფი და თითებით მხარზე უბიძგებს. - შეეშვი. - ვეუბნები გოგოს. - ასეთი საზიზღარი რომაა, დიდი ხანია ვიცი. - ბიჭი წარბებს სწევს და მობილურში ისე იყურება, თითქოს ამ დიალოგში არც არასდროს ყოფილა. სანამ ჩვენი შეკვეთა მოვიდოდეს, სცენაზე მყოფ ბიჭს ვაკვირდები, რომელიც მიკროფონს ასწორებს და გოგოს ელაპარაკება. შემდეგ სკამზე ჯდება და გიტარას იღებს. ვხედავ, რომ წარბთან ტატუ აქვს, მაგრამ ვერ ვარჩევ რა არის. ცოტა ხანში უკრავს, გოგო კი ძალიან ტკბილი ხმით ელვის პრესლის can’t help falling in love-ს მღერის. მადლობა ძვირფასებო, ჩემს მუჭში მოქცეულ გრძნობებს ზუსტად ეს სიმღერა სჭირდებოდათ, თავი რომ უკეთ ეგრძნოთ. განსაკუთრებით ახლა, როცა ერთ მხარეს ლუკა ზის, რომელთანაც ძალიან მინდა ურთიერთობა გამომივიდეს, მეორე მხარეს კი გიორგი, რომელიც უდარდელად ეწევა სიგარეტს და ხანდახან, როცა ჩვენი თვალები ერთმანეთს აწყდებიან, მკრთალად მიღიმის. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ბოლო დროს, ძალიან უცნაურია ისიც და მისი და სოფის ურთიერთობაც. ვითომ ნანიკო მართალია? დაშორდებიან? ამდენი წლის შემდეგ? რატომ? რა უნდა მომხდარიყო? წლებს ხომ პირიქით, უფრო უნდა გაემყარებინა მათი გრძნობები? ახლა ვუყურებ და საერთოდ არ ვფიქრობ, რომ მათ შორის ეს დღეები დაძაბულობა იყო. სოფი ბიჭს რაღაცას უყვება და ისიც ყურადღებით უსმენს. მუსიკის გამო არ მესმის, რაზე საუბრობენ, მაგრამ არცაა აუცილებელი. მათი მზერა ბევრ რამეს ამბობს. მიმტანების მოსვლა ფიქრებს მიფრთხობს. შეკვეთას მაგიდაზე აწყობენ. დავითი მაშინვე არაყს იღებს და ხსნის. ლუკა მიყურებს და მოლოდინით წარბებს ათამაშებს. ერთი სული აქვს, მთვრალს როდის მნახავს. მის გამომეტყველებაზე მეცინება, მაგრამ პიცის მადისაღმძვრელი სურნელი ჩემს ყურადღებას იქცევს და უცბად ძალიან მშივდება. ერთ ნაჭერს ვიღებ. - დიეტაზე აღარ ხარ? - მეკითხება ნანიკო. ყველა მე მიყურებს გაკვირვებული. - სესილის უნდა, რომ „დაირას“ ქართულის კაბა ჩამაცვას. - ვუხსნი მათ. - სამი კილო დაიკელიო. მადლობა, რომ საჯაროდ შემახსენე, ნანი. - რავი, მაინც. - მხრებს იჩეჩავს. - თანაც, დალევას ვაპირებ და რამე უნდა ვჭამო, ხომ სწორი ვარ? - ნიშნისმოგებით ვეკითხები გიორგის. - უკამათოდ. - მეთანხმება ისიც. - ძაან მესაიდუმლეა ეს შენი მეგობარი, საღოლ, მშურს. - თავს იქნევს დავითი და ნანიკოს წინ არყის ჭიქას დგამს. - რატო უბაზრებ? - არ არის ეგ შენი უსაქმური ს საქმე. ჩემი და ჩემი დაქალის ურთიერთობაში ნუ ერევი. - დაიწყეს. - მეჩურჩულება ლუკა. - იცი მაგ შენს ენას ერთხელ რას ვუზამ? - სანამ დამემუქრებოდე, დაფიქრდი, რისი გაკეთება შემიძლია. - მუქარა ხარ, მეტი არაფერი. - არა დავით, ფრთხილად. - თავს აქნევს გიორგი და მეგობარს აფრთხილებს. - ნანიკო, ამან არ იცის ბატონი მხატვრის ამბავი, ჰო? - მე და ნანის წარსულის გახსენებაზე გვეცინება. შემდეგ კი გოგო მომხდარს დაწვრილებით ჰყვება. - სხვათა შორის, ლუკა, ჩემმა ყოფილმა, შენს ყოფილზე გამცვალა. - რა? ვისზე ამბობ? - ნიაზე. - ღადაობ! - თვალებს ჭყეტს ბიჭი. - არა. შენამდე ეგ ჰყავდა. - ხითხითებს ნანიკო. - მოდი, მაშინ ჩვენს ყოფილებს გაუმარჯოთ. - იცინის ლუკა და არყის ჭიქას იღებს. - ბაზარი არაა. - დავითს სადღეგრძელო უსწორდება. - მე და გიორგის ყოფილები არ გვყავს. - ეცინება სოფის და მხრებს იჩეჩავს. ვოხრავ და ჭიქას მეც ვიღებ. - ოთარი. - ბუტბუტებს გიორგი და სიცილს ძლივს იკავებს. - შენ მოკეტე. - ვუბღვერ და დანარჩენებთან ერთად ვსვამ. სითხე მთელს ორგანიზმს მიწვავს. სწრაფად ვაყოლებ გაზიანს და თვალებს ვხუჭავ. - საშინელებაა. რამე უფრო მსუბუქი აგვეღო. - ვწუწუნებ, მაგრამ არავინ მისმენს. - დალევას რომ ყოფილების დალოცვით დაიწყებ, არ მგონია ეგ დღე კარგად დამთავრდეს. - ამბობს ნანიკო და სიგარეტს უკიდებს. *** ოთხი ჭიქა არაყი საკმარისია იმისთვის, რომ ყველაფერი შემსუბუქდეს. რომ მუსიკა უსაშველოდ ხმამაღალი მეჩვენოს. რომ ჩემს მხარზე მოსრიალე ლუკას თითების გამო უხერხულობას აღარ ვგრძნობდე. რომ ავლაპარაკდე და მოგონებებზე გულიანად ვიცინო. დავივიწყო დილით ნათქვამი გიორგის სიტყვები და მეგობრებთან ერთად ჩვეულებრივი, ზაფხულის ერთი მხიარული ღამე ნორმალური ადამიანივით გავატარო. სანამ ნანიკო გიტარისტ ბიჭს სცენასთან ახლოს ელაპარაკება, დავითი ყურადღებით ადევნებს მას თვალს. რამდენიმე წუთის წინ, სოფი უნივერსიტეტის ჯგუფელს შეხვდა და ჩვენგან მოშორებით მის მაგიდასთან ჩამოჯდა. ნანიკო ისევ იქაა. წარმოდგენა არ მაქვს, რაზე ელაპარაკება გიტარისტ ბიჭს, მაგრამ რამდენჯერმე რომ თმას ყურზე იწევს, კარგად ვხედავ და მეცინება. მერე მათთან მომღერალი გოგოც მიდის. საუბარს მალევე ასრულებენ და ნანიკო ჩვენთან ბრუნდება. - რაო აბა, ვერ შეაბი? - ეკითხება დავითი. მე და გიორგის გვეცინება. - მოკვდა ეჭვიანობით, ნანიკო, რას უკეთებ ამ ბიჭს? - თავს აქნევს ლუკა. - ნუ იდიოტობთ, რა. ნოეს ვიცნობ. რამდენიმე წლის უკან თბილისში იყო და ბარში უკრავდა (ვიოლინოს გასაღები). მოვიკითხე უბრალოდ. - სერიოზულად მაინტერესებს. ერთმანეთს რატო ვერ იტანთ? რომელიმემ რამე დააშავა? - ეკითხება ლუკა მათ. - მისმინე, ახალო, - ნანიკო არყის ჭიქას იღებს. - ხანდახან ცხოვრებაში აუხსნელი რაღაცებიც ხდება. ერთი ნახვით შეყვარება ხომ გაგიგია? ჩემთვის ეგ წარმოუდგენელი და აუხსნელია. ჰოდა, აქვე არსებობს, ერთი ნახვით შეზიზღებაც. უმიზეზოდ და სოფის დაბადების დღეზე როგორ ვთქვი? - მეკითხება მე. - სპეტაკი ზიზღი. - ჰო, სპეტაკი ზიზღი. ჰო ხვდებით? - ლუკასა და დავითს შორის ცვლის მზერას. - ჩვენი გრძნობები ორმხრივია, სატანა. - ბრაზით სცრის კბილებში დავითი. - ჰოდა, მოდი ორმხრივ გრძნობებს გაუმარჯოს. - გახარებული იკრიჭება ნანიკო და სასმელს სწრაფად ცლის. - მარი. - ჭიქაზე მანიშნებს ჩემი მეგობარი. დალევა არ მინდა. პირველ რიგში სადღეგრძელოს გამო და თანაც მეხუთე ჭიქა ვგრძნობ, რომ ჩემთვის ძალიან ზედმეტი იქნება. - ნანი, ცუდად გავხდები. - ვამბობ, მაგრამ მუსიკა ძალიან ხმამაღლა ირთვება და ჩემი სიტყვები არ ესმის. ლუკა ჭიქას იღებს და მაწვდის. - ნუ გეშინია, - მეუბნება ყურთან ახლოს. - დალიე, იქნებ ეს სადღეგრძელო ჩვენც შეგვეხოს. ლუკა იღიმის, მაგრამ ვგრძნობ, რომ ეს მისი ჩვეული მომხიბვლელი ღიმილი აღარ არის. ეს იმედი და რეალური მოლოდინია. თვალებში ეშმაკები არ დაურბიან. მიყურებენ და მელიან. მე კი თავში ქაოსი მაქვს. შეგვეხება ორმხრივი გრძნობები? შევძლებ, რომ მასთან ოდესმე მეც გულწრფელი და ნამდვილი ვიყო? მინდა. ძალიან მინდა, მაგრამ ამას შევძლებ? ხომ არ ჯობია მანამდე გავჩერდე, სანამ კიდევ ერთხელ ღრმად არ შემიტოპავს და ორივესთვის უფრო გამირთულებია? მაგრამ ჭიქას მაინც ვართმევ. არ ვიცი, ეს ინსტინქტია, თუ ლოგიკა, მაგრამ სასმელს ვსვამ. მთელი ორგანიზმით ვგრძნობ, როგორი უსიამოვნოა ეს ორი ყლუპი. მკერდზე მხურვალე ტალღასავით მეშლება და მატყობინებს, რომ ეს უკანასკნელი უნდა იყოს. ლუკა ჩემკენ იხრება, ლოყაზე მკოცნის და თვითონაც სვამს. საკუთარ თავს კატეგორიულად ვუკრძალავ გიორგისკენ გახედვას. ახლა არა, მოგვიანებით, როცა ეს სადღეგრძელო ყველას მიავიწყდება, მაშინ. მაგრამ ახლა საკუთარ თავს ვერ ვმართავ, რადგან ამის პასუხისმგებლობა ალკოჰოლს აქვს აღებული. თვალს ჩუმად ვაპარებ მისი ხელებისკენ და ვხედავ, ცარიელ ჭიქას მაგიდაზე როგორ აბრუნებს. რა თქმა უნდა, მასაც უნდა დაელია. - გინდა ვიცეკვოთ? - მეკითხება ლუკა. - ძალიან რომ მომეკიდა? - მეცინება. - ასე მგონია, ვერ გავივლი. - მე დაგიჭერ, ადგომისასაც და ცეკვისასაც. - ესე იგი, დამიჭერ. - თან სიამოვნებით. - იღიმის ბიჭი და ხელს მიწვდენს. თითებით ვეჭიდები და ორივე ვდგებით. ჰო, გავაბუქე. მთვრალი ვარ, მაგრამ სიარული არ მიჭირს. ლუკა მაინც წელზე მხვევს ხელს და იქით მივდივართ, საითაც რამდენიმე წყვილი ცეკვავს. უკვე ადგილზე ვართ, რომ მუსიკა მთავრდება. - რაა? ღადაობთ? - ეცინება ლუკას. - ღმერთო. ბედიც ამას ჰქვია. - მეც მეცინება. ლუკა თითებს მიჭერს და თავის მხრებზე მაწყობინებს. - შემიძლია ვიმღერო და მუსიკაც იქნება. - კარგად მღერი? - საშინლად. - მაშინ არც გაბედო. - თითს ვადებ ტუჩებზე. - რაღაცას აუცილებლად ჩართავენ. - ვამბობ და სცენაზე, ლეპტოპთან მდგარ ნანიკოს ნაცნობ გიტარისტ ნოეს ვუყურებ. ის კი მუსიკას რთავს. რთავს და პირველივე ნოტები თითქოს მხრებზე მაწვებიან და მიწაზე ზურგით მანარცხებენ. ეს ბეთ ჰარტია. მომღერალი, რომელსაც აღარ ვუსმენ. ეს ის სიმღერაა, რომელიც წლებია არ მომისმენია, რადგან ცუდად მხდის. ვერ ვიჯერებ, რომ ეს მესმის. ახლა, ზუსტად ახლა. ისევ მთვრალს და ისევ საშინლად არეულს. ვჩერდები. ლუკას მხრებიდან ხელებს ვიღებ. არა, ვერ ვიცეკვებ. არ შემიძლია. ამაზე არა. ოღონდ ამაზე არა. ნაბიჯს უკან ვდგამ. უნდა დავჯდე. ადგილს უნდა დავუბრუნდე. ამას ვერ გავაკეთებ. - მარი... - ლუკა ხელს მიჭერს. - კარგად ხარ? - ჰო, უბრალოდ... - ხმა მიწყდება და თავბრუსხვევას ვგრძნობ. ვეღარ ვხვდები, ეს ემოციებია, თუ ალკოჰოლი. ლუკას მაგრად ვეჭიდები, რადგან წაქცევის მეშინია. მერე ვხვდები, რომ ახლა ვერც მაგიდასთან დავბრუნდები იმიტომ, რომ გიორგი იქაა. იმიტომ, რომ ჯერ ისევ შეუწყვეტლად ჩამესმის მისი დილით ნათქვამი სიტყვები. იმიტომ, რომ მე ყველაფერი მახსოვს... ლუკა მიახლოვდება, წელზე მხვევს ხელს და გულზე მიკრობს. მისი სხეულის რხევას რობოტივით ვყვები. სუნთქვა მეკვრის. საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ არ შეიძლება. ამ სიმღერაზე სხვასთან ცეკვა არ მინდა. მაგრამ ვერ ვინძრევი. ვერც ვრჩები და ვერც მივდივარ. ნელ-ნელა ვბრუნდებით. დახუჭულ თვალებს ფრთხილად ვახელ და ჩვენს მაგიდას ვხედავ. გიორგის ვხედავ. ისიც გვხედავს. სიგარეტს ეწევა და ჩემსა და ლუკას ცეკვას თვალს არ აშორებს. მკერდში მარწუხებს ვგრძნობ. ჰაერის ჩასუნთქვა მიჭირს. ხელები მეყინება და მიბუჟდება. არ შემიძლია. აქ არ უნდა ვიდგე. არ უნდა ვცეკვავდე. ამ სიმღერაზე არა. მაგრამ ვერ ვჩერდები. ისევ ვბრუნავთ. გიორგი ისევ გვიყურებს. დივანს მიჰყრდნობია და მგონი აღარც ახსოვს, რომ თითებს შორის სიგარეტი აქვს მოქცეული. ყელში რაღაც მტკივა და თვალები მემღვრევა. ასე არ უნდა გვიყურებდეს. ასე მოშტერებით არა. ეს მზერა მეგობრული ეჭვიანობა არაა. ეს რაღაც უცხოა ჩემთვის, ან ალკოჰოლის ბრალია და უბრალოდ მეჩვენება. მაგრამ არ მეჩვენება მისი გადაგდებული სიგარეტი, არ მეჩვენება არყისგან დაცლილი ჭიქა და ისევ ჩვენკენ გამოქცეული მზერა. რა გჭირს? რა გვჭირს? სიმღერა კი არ მთავრდება. მთავრდება მხოლოდ ძალა ჩემს ფეხებში და მეშინია, რომ წავიქცევი. მეშინია, რომ ემოციებს საბოლოოდ დავნებდები. მეშინია, რომ შეიძლება გიორგისაც ყველაფერი ახსოვდეს. - ლუკა, ბოდიში. - ვეუბნები ბიჭს, ხელს ვუშვებ და სანამ წავიდოდე, მაგიდისკენ გამირბის თვალი. არ ვიცი, რატომ დგება გიორგი. ერთ ნაბიჯს დგამს ჩვენკენ, მაგრამ მასთან სოფი მიდის. მე ვბრუნდები. უნდა წავიდე. ამ სიმღერას ლუკასთან ცეკვაში ვერ გავლევ. - ცუდად ხომ არ ხარ? - მაჩერებს ის. - არ გამომყვე, მოვალ. - ძლივს ვაბამ სიტყვებს თავს და მივდივარ. გულისრევის საშინელი შეგრძნება ცუდად მხდის. ნერვებისგან მაკანკალებს. შეუძლებელია, რომ ნანიკო მართალი იყოს. შეუძლებელია, რომ გიორგის ის ღამე ახსოვდეს. ამას ვერ გავუძლებ. ამდენი წლის შემდეგ ვერა. საიდან გაჩნდა ეს სიმღერა მაინცდამაინც აქ და ახლა? ასე მგონია, ჩემი ანგელოზი დამცინის. მაშინ აბრუნებს ყველაფერს, როცა საკუთარი ქაოსის დალაგებას ვცდილობ. გულზე რაღაც მძიმედ მაწვება. ახლა მინდა, რომ მეძინოს და ხვალ დილით მითხრან, ღამით სიზმარს ხედავდი და ძილში ლაპარაკობდიო. მინდა, რომ გავიქცე, ჰოდა მივდივარ, მაგრამ არ ვიცი სად ან რატომ... უკან დაბრუნება მაინც მომიწევს. თამაში და ღიმილის სახეზე აკვრა მომიწევს. სასმელს ვერ მივცემ სიმშვიდის დარღვევის უფლებას. ასე არ შეიძლება. სკამზე ძალაგამოცლილი ვჯდები. ღრმად ისუნთქე, მარი. ამაზე ცუდადაც ყოფილხარ. ეჭვებს არ მისცე ნება, რაღაც არარსებული დაგანახონ და ყველაფერი გააფუჭონ. ის მოზარდი აღარ ხარ, წვრილმან გულისტკენებზე რომ ტიროდი. უკვე დიდი ხანია, გაიზარდე და ახლა გადახარშვაც აღარ გიჭირს. აღარ გიჭირს, ხომ ასეა? რესტორნიდან უკვე სხვა მუსიკა ისმის და ჩემ შიგნით ამოვარდნილი ქარიშხალი ნელ-ნელა დგება, მაგრამ იქ დაბრუნება მაინც არ მინდა. გიორგის მზერას ვერ ავიტან. ის მზერა, რომლითაც მე და ლუკას გვიყურებდა, გონებას ამირევს. ნეტავ მთვრალი არ ვიყო, ყველაფერი გაცილებით მარტივი იქნებოდა. ვგრძნობ, რომ ამ მდგომარეობაში მაგიდასთან დიდხანს ვერ გავჩერდები. არც შეკითხვების კორიანტელი მინდა. რა გავაკეთო? - მარი. - მესმის ზურგიდან ნანიკოს ხმა. გოგო სკამს უვლის, ჩემ გვერდით ჯდება და ბეჭებზე მეფერება. - კარგად ხარ? - არ ვარ, ნანი. - ხმა მიტყდება. - ძალიან ცუდად ვარ. - ღმერთო, მაპატიე, ჩემი ბრალია. - ხელებს მხვევს გოგო და თავზე მეფერება. - არა. არავის ბრალი არ არის. - გინდა სასტუმროში წავიდეთ? - რომ დაგენახა, როგორ გვიყურებდა... - დავინახე. - თუ მას მართლა ახსოვს, ახლა იმასაც მიხვდებოდა, რომ მეც მახსოვს. გესმის? დამახრჩობენ ეს ეჭვები. ამდენი გაურკვევლობა და თამაში აღარ შემიძლია. - სახეზე ვიფარებ ხელებს. ტირილი არც კი გაბედო, მარი! არ გაბედო! - დამელოდე. მობილურებს ავიღებ და ნომერში დავბრუნდეთ. ვიტყვი, რომ არაყმა ცუდად გაგხადა. - არა. ორი წუთი მაცადე. - ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და სკამის საზურგეს ვეყრდნობი. - ასე ვერ გავიქცევი. ძალიან ეგოისტური იქნება. ვერც ლუკას დავტოვებ. - გეყოფა სხვებზე ფიქრი. ნერვებზე ნუ მშლი. არ ვპასუხობ. რამდენიმე წამით ჩუმად ვარ და სუნთქვის მწყობრში ჩაყენებას ვცდილობ. ვცდილობ დაჭიმული კუნთების მოდუნებას. ახლა მხოლოდ ალკოჰოლისგან ცუდად მყოფი უნდა ვიყო და არა გრძნობებისგან. ცოტა ხნით კიდევ გავძლებ. ვიცი, რომ შემიძლია. ვდგები და წავიდეთ-თქო ნანიკოს ვეუბნები. მაგიდისკენ გაბრუებული მივდივარ. ყოველ ნაბიჯზე გული თანდათან უფრო ჩქარდება, მაგრამ ყურადღებას არ ვაქცევ. შორიდან ვხედავ ლუკას, რომელიც მობილურს ხელში ნერვიულად ატრიალებს. დავითი კი სოფის და გიორგის ელაპარაკება. გიორგი მალევე გვამჩნევს. ალბათ თვალსაც გვადევნებდა, როდის დავბრუნდებოდით. ლუკას გვერდით ვჯდები. - მარი, როგორ ხარ? - მეკითხება სოფი. ლუკაც პასუხის მოლოდინით მიყურებს. - არაფერია, არყის ბრალია. - ყოჩაღ მარი. თავს მშვენივრად ართმევ. - უკეთ ხარ? - მეკითხება გიორგი და ვისმენ თუ არა მის ხმას, სხეულზე ცივი ჟრუანტელი მივლის. არ მინდა, რომ შევხედო, მაგრამ სხვა გზა უბრალოდ არ არის. სასმლისგან ამღვრეული თვალები აქვს და საბედნიეროდ ის მზერა აღარ, რომლის დანახვის შიშიც ჯერ ისევ გულს მიჩქარებს. - ჰო გიო, უკეთ ვარ. - ვუღიმი მას და ისიც ასევე მპასუხობს. ოდნავ ვმშვიდდები. - წამოგყვებოდი, მარტო რატომ წახვედი? - მსაყვედურობს ლუკა. - მეგონა გული ამერეოდა და არ მინდოდა გენახა. - კარგი რა. - თავს აქნევს ბიჭი და თმას ყურზე მიწევს. რესტორანში დიდხანს აღარ ვჩერდებით. დავითისა და ნანიკოს წყალობით, საღამოს ისე ვასრულებთ, როგორც მეგობრულ გართობას შეეფერება. ისე ვიცინი, თითქოს არაფერი მომხდარა. ისე მეხუმრება გიორგი, თითქოს რამდენიმე წუთის წინ თავისი საქციელით გონებას არ მირევდა. მაგრამ ასეც უნდა იყოს. ასე ჯობია, რომ იყოს. დავითს და ლუკას სასტუმროსთან ვემშვიდობებით და ჩვენს ნომრებში ავდივართ. კაბას ვიხდი, ღამის მაისურს ვიცვამ და სავარძელში ვჯდები. არაყი თავს არ მანებებს. არც მოგონებები. მაგიდაზე დადებულ კალამს ვუყურებ და ვფიქრობ. - რას აკეთებ? - მეკითხება აბაზანიდან გამოსული ნანიკო. - არაფერს. - ვპასუხობ ჩუმად. - არც კი გაბედო ახლა რამის დაწერა. დაწექი და დაიძინე. გადაგიყრი მაგ ფურცლებს, მარი. ვდგები და ჩემოდნიდან საქაღალდეს ვიღებ. ფურცლები აპრილი-მაისი, 2012 წელი *** კოლეჯში მოკლე თმით დაბრუნება მარტივი არ იყო. ძალიან ბევრის შეკითხვაზე უნდა გამეცა პასუხი, თუ რატომ შევიჭერი ასეთი გრძელი და ლამაზი თმა. ცნობისმოყვარეთა რიცხვი ნელ-ნელა მთავრდებოდა და იწურებოდა, მაგრამ გიორგის ნაწყენი და გაბრაზებული თვალები არაფრით იცვლებოდა. ორად ვიყავი გახლეჩილი. მისი მესმოდა და ვაცნობიერებდი, რომ ეჭვიანობამ ზედმეტად გამასულელა. იმაზე არ ვიფიქრე, რომ მე და გიორგი მეგობრები ვიყავით, სოფი კი მისთვის სულ სხვა იყო. მაგრამ იმდენად მეძვირფასებოდა და ეგოისტურად ვიყავი განწყობილი გიორგის ჩემს თმასთან დამოკიდებულების გამო, რომ შინაგანად მაინც მწყინდა. არ მელაპარაკებოდა, რაც უფრო მეტად მარწმუნებდა იმაში, რომ სისულელე გავაკეთე. არ უნდა მეფიქრა, რომ მისთვის ჩემი თმა ძვირფასი აღარ იყო მხოლოდ იმიტომ, რომ სოფისაც ეფერებოდა. მაგრამ ამაზე დარდი გვიანი იყო. დალაპარაკებას ვფიქრობდი, მაგრამ არ ვიცოდი, თავი რით უნდა მემართლებინა. გიორგი ისედაც მშვენივრად ხვდებოდა ყველაფერს. ჩემი საქციელის რეალური მიზეზი იცოდა, მე კი ამ მიზეზით თავის მართლება არ მინდოდა. ამიტომ ერთმანეთისგან თავს შორს ვიჭერდით. მეგობრების შეკრებაც უჩვენოდ ხდებოდა. ხან მე არ მივდიოდი, ხან ის. დანარჩენებსაც თავები მოვაბეზრეთ. მეც მსაყვედურობდნენ და მასაც, რომ ამდენი ხნით ბუტიაობა ზედმეტი იყო, მაგრამ არაფერი იცვლებოდა. ალბათ იმიტომ, რომ ეს დამოკიდებულება გაბუტვაზე ცოტა უფრო მეტი იყო. სესილიმ რეპეტიციიდან გამიშვა და მითხრა, რომ არც მეორე დღეს მივსულიყავი. - ასეთ არაადეკვატურ საქციელს შენგან არ ველოდი. როგორც ჩანს, დაგავიწყდა, რომ ანსამბლში ხარ. მხოლოდ საკუთარ თავს კი არ მოექეცი უპატივცემულოდ - მეც და ანსამბლსაც. მომავალ კვირამდე არ დამენახო. - მითხრა და ზურგი მაქცია. თავი ძლივს მოვთოკე, რომ კარამდე როგორმე უცრემლოდ მივსულიყავი. ყველაზე მეტად გულს ის მტკენდა, რომ ამ საყვედურს გიორგიც ისმენდა და დარწმუნებული ვიყავი, რომ საშინლად კმაყოფილი იყო. ალბათ, რაც უფრო მეტი ადამიანი მანანებდა საკუთარ საქციელს, ბედნიერების ფრთებს უფრო მეტად გამოისხამდა. ეს ამბავი სიხარულით არც მშობლებს მიუღიათ. დედა ლამის გადაირია, სესილისგან წამოსულმა რომ მივაკითხე. თან ატირებულს მამშვიდებდა, თან მსაყვედურობდა. მამას ხმა არ გაუცია და დიდხანს ისიც არ მელაპარაკებოდა. თავიდან ვერ ვიგდებდი გიორგის სიტყვებს, იმედია ძალიან და მტკივნეულად ნანობო. დიდხანს გაგრძელდა ჩემი დასჯა, ძალიან დიდხანს. გიორგის მეოცე დაბადების დღეზე არ ვიყავი. არც ნანიკო წასულა. სოლიდარობა გამომიცხადა და მეგობრებთან ერთად ყოფნაზე უარი თქვა. ჩემთან იყო და ჩვენი საჩვენებელი ცეკვების მონახაზებზე ვმუშაობდით. გოგოს გვანცას ცეკვაში სოლო ჰქონდა. შეთავაზებაზე უარს ვერ ეტყოდა, მაგრამ ჯგუფელის მიერ ნაჩვენები მოძრაობები საშინლად არ მოსწონდა და ბევრს წუწუნებდა. მე მოხეურს ვდგამდი. ხუთი ბიჭი მყავდა და ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ ვიცოდი, რომ ცეკვას რაღაც აკლდა. ეს რაღაც კი გიორგი და მისი იდეალური „კაპისონები“ იყო. შემეძლო, ეს ტრიუკი სხვისთვის მიმეცა, სხვას ევარჯიშა ამაზე და ისეთი გამოსულიყო, როგორიც მე მინდოდა, მაგრამ ვერ ვრისკავდი. რამდენჯერმე ხატიამ და სოფიმ მოგვწერეს, რომ გიორგისთან გავსულიყავით, მაგრამ როგორ? ბიჭს ჩემი დანახვაც არ უნდოდა. თითქმის სამი კვირა იყო, არ მელაპარაკებოდა და დაბადების დღეზე თავზე დავდგომოდი ისე, ვითომც არაფერი? იძულებული გამეხადა, რომ მივეღე? არა. და ისიც ვიცოდი, რომ გიორგი ამას არ იზამდა. მთელი საღამო დამაიგნორებდა, მაგრამ არაფრით შემირიგდებოდა, თუ ამას თვითონ არ მოინდომებდა. - და იცი რა მაინტერესებს? - ჩამომიჯდა ნანიკო. - ორ კვირაში რომ ჩემი დაბადების დღეა, როგორ უნდა მოვიქცეთ? არც იქ უნდა იყოთ არც ერთი? მხრები ავიჩეჩე. - ახლა ჭკუიდან არ გადამიყვანო! - იყვირა გოგომ. - ყელში ამომიხვედით. რა უბედურებაა ეს ჯიბრიანობა. პატარა ბავშვები ხართ? - ნუ ბრაზობ, რა. მე მოვალ, ნუ დარდობ. შენს დაბადების დღეზე ვიქნები. მაგრამ გიორგი რომ ამას გაიგებს, არ მოვა. - ძალიან კარგადაც მოვა. იქნებ იქამდე შერიგდეთ კიდეც. თუ არადა, ვეტყვი, რომ შენ არ მოდიხარ. მერე უკან ხომ აღარ გაბრუნდება? - არ ვიცი. და დიდად არც მაინტერესებს. ნანიკომ მართლა ასე გააკეთა და ვერ ვიჯერებდი, გიორგი მართლა წამოეგო იმას, რომ ჩემი საუკეთესო დაქალის დაბადების დღეზე მის გამო არ ვიქნებოდი? *** შუა დღის ორი საათი იყო, სოფიმ რომ დამირეკა და მითხრა, ნანიკოსთვის საჩუქარი არ მიყიდია და დრო თუ გაქვს საღამომდე, იქნებ მაღაზიებში გამომყვეო. მისგან ცოტა გამიკვირდა, მაგრამ უარი არ მითქვამს. მანაც იცოდა, რომ ნანიკო გიორგის ატყუებდა, ვითომ არ ვაპირებდი გოგოს დაბადების დღეზე მისვლას. ყველაზე უცნაური კი ის იყო, რომ მიუხედავად იმისა, ჩემსა და გიორგის შორის უთანხმოება სწორედ მის გამო იყო, გოგოზე მაინც არ ვბრაზობდი. ამ ფაქტს ვერ ვხსნიდი და დიდად არც ვცდილობდი. მაგრამ ის მაინც მაკვირვებდა, რომ წვეულებაზე ჩემთან ერთად აპირებდა წასვლას და არა გიორგისთან. შეხვედრა მარჯანიშვილზე ერთ კაფესთან დავთქვით. მითხრა, ერთ საათში იქ ვიქნებიო. მეც ისეთ დროს გავედი სახლიდან, რომ დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებოდა. მისულმა სოფის მივწერე, რომ ადგილზე ვიყავი. მიპასუხა, მალე მოვალო. იქვე ჩამოვჯექი. ყურსასმენები გავიკეთე და ლოდინი დავიწყე. დაახლოებით თხუთმეტი წუთი ვიჯექი და უკვე ის იყო მიწერას ვაპირებდი, სად ხარ-თქო, რომ ვიღაცამ ყურსასმენი მომაძრო. უკან მივიხედე. გიორგი სერიოზული სახით დამყურებდა. - შენ აქ რას აკეთებ? - ვკითხე გაკვირვებულმა, მაგრამ სანამ მიპასუხებდა, მანამ მივხვდი, რაც ხდებოდა. - სოფის უნდა შევხვედროდი. მადლობა სოფი, დიდი მადლობა, რომ შენთან თავი კიდევ უფრო დამნაშავედ მაგრძნობინე. გიორგიმ ამოიოხრა და ქუჩა მოათვალიერა. მეგონა წავიდოდა, მაგრამ ჩემ გვერდით ჩამოჯდა. ხელები მოკეცილ მუხლებზე ჩამოვიწყე და დაველოდე, როდის დაიწყებდა საუბარს. თვეზე მეტი იყო ერთმანეთთან ასე ახლოს არ ვყოფილვართ, ჩემთვის არ მოუმართავს და თავს ისე ვგრძნობდი, თითქოს ახლა ვიწყებდი მის გაცნობას. ძალიან მინდოდა, რომ სოფის გეგმას თავისი შედეგი გამოეღო. - ესე იგი, ყველამ მომატყუა. - თქვა მან ისე, რომ ჩემთვის არ შემოუხედავს. მის ლამაზ თვალი პროფილს ერთი წამით შევავლე. - ასე გადაწყვიტეს. ნანიკოს დაბადების დღეს ვერ გამოვტოვებდი. - ვუთხარი მტკიცედ. - ჩემი ხომ გამოტოვე. - მსაყვედურობ? - შევხედე გაოგნებულმა. - ჩემი იქ ყოფნა რომ გნდომოდა, როგორღაც გამაგებინებდი. - მინდოდა, მაგრამ ისევ გაბრაზებული ვიყავი. - ახლა აღარ ხარ? - ვარ, მაგრამ მომენატრე. - ისე თქვა, წარბი არ შეუხრია. არც შემოუხედავს. მე კი თავი ვერ შევიკავე და გამეღიმა. არაფერი ვუპასუხე და ამ სიტყვას ბოლომდე ვაცადე, რომ გავებედნიერებინე. - ნუ იცინი. - მითხრა და შემობრუნდა. თვალებში მაინც მოუჩანდა ბრაზი, თუმცა მაშინდელივით აღარ. ალბათ ყინული ნელ-ნელა იწყებდა ლღობას. თავი დავხარე. ყურსასმენებს ნერვიულად ვიხვევდი თითებზე. - ვიცი, რომ სისულელე გავაკეთე, გიორგი, მაგრამ ამაზე ლაპარაკი აღარ მინდა. - ვთქვი ჩუმად. - და ასე იოლად გინდა გამოძვრე? - იოლად არ გამოვმძვრალვარ. მშვენივრად ხედავდი ამას. ზუსტად ის მივიღე, რაც მითხარი. ვინანე და საკმაოდ მტკივნეულადაც. ამიტომ ვფიქრობ, რომ საკმარისია. - რაზე ფიქრობდი? - თავი გააქნია და ისე შემავლო თვალი თმაზე, თითქოს პირველად ხედავდა. - რომ ის სიგრძე საჭირო აღარ იყო. - ნუ ამბობ მაინც! - თვალები დამიბრიალა გაოგნებულმა. - მეკითხები და არ გითხრა? - გავბრაზდი. - და ვისთვის არ იყო საჭირო, შენთვის? - ჰო, ჩემთვის. - მაშინ რატომ განიცადე ისე, რომ კოლეჯსაც კი აცდენდი და მე საერთოდ სამი დღის მერე გავიგე? - რისი მოსმენა გინდა? - სიმართლის. - სიმართლე ისაა, რაც გითხარი. ჰო, შევიჭრი, იმიტომ, რომ ასე მინდოდა. ვინანე და ასეც იქნებოდა. მაგრამ მე შეველიე ჩემს ნაწნავებს. ჰოდა შენც შეელიე შენს ულვაშებს, გიორგი. ბოლოს და ბოლოს თმაა, ისევ გაიზრდება. ტუჩები ერთმანეთისთვის მიეწება და შუბლშეკრული მიყურებდა. მერე თავი გაიქნია და წამოდგა. - წავიდეთ. გველოდებიან ალბათ. *** ნანიკოს სახლამდე ისე მივედით, ხმა არც ერთს ამოგვიღია, მაგრამ დაძაბულობას მაინც არ ვგრძნობდი. რადგან არ გაბრუნდა, დარჩა და დამელაპარაკა, თან ისიც კი მითხრა, რომ ვენატრებოდი, ესე იგი ნელ-ნელა ჩვენს ურთიერთობას ისევ აღვადგენდით. ბოლო ერთი თვის მანძილზე, შვებით პირველად ამოვისუნთქე. მეგობრების რეაქცია ჩვენი დანახვისას ცალკე აღსაბეჭდი იყო. ნანიკოს დაბადების დღეზე ჩემსა და გიორგის შერიგებას აღნიშნავდნენ. სოფიმ ერთად მისულები რომ დაგვინახა, სახე ეშმაკურმა ღიმილმა გაუხსნა. მეც გამეცინა, გოგოს მოვეხვიე და მადლობა ვუთხარი. გიორგი ისევ უკმაყოფილო სახით მოძრაობდა. მერე ნანიკოც გაგვახსენდა, საჩუქარი მივეცი და მოვუყევი რაც მოხდა. მითხრა, ამაღამ ვთვრებით და საერთოდ ყველაფერს ვივიწყებთო. წინააღმდეგი არ ვიყავი. გეგმაში მქონდა ბევრი დამელია, ბევრი მეცეკვა და მეორე დღეს კოლეჯი გამეცდინა. ასეც მოვიქეცი. ორსართულიანი სახლი იმ დღისით ოჯახის წევრებს იუბილარისთვის გაეთავისუფლებინათ, ამიტომ მეგობრები იქვე ვაპირებდით დარჩენას. მეორე დღეს კი ყველაფრის მილაგებას. ნანიკოს საკმაოდ ბევრი სტუმარი ჰყავდა. თვითონ თავზე ფერადი ციმციმა ნათურებიანი გვირგვინი დაედგა და ოცი წლის იუბილეს ზედმეტად იფერებდა. ალკოჰოლი, ხმამაღალი მუსიკა და ცეკვის მოყვარული საზოგადოება ზუსტად ისეთ წვეულებას ქმნიდა, როგორიც მას უნდოდა. ბედნიერი იყო. მეც ბედნიერი ვიყავი მის გამო. ვსვამდით, ცოტას ვჭამდით და ვერთობოდით. ხმამაღლა ვლაპარაკობდით, რადგან მუსიკა ერთი წამითაც არ ითიშებოდა. რამდენჯერმე გიორგისთანაც ვცადე გამოლაპარაკება, მაგრამ ის ისევ სიტყვებზე ძუნწობდა. ვიცოდი, რომ დრო სჭირდებოდა, ამიტომ ძალას არ ვატანდი. გოგოებთან ერთად ვსვამდი და მოვლენებს საშუალებას ვაძლევდი, რომ თავისით განვითარებულიყვნენ. უკვე საღამო იყო, სასმელიც საკმარისად მატარებდა თავის ჭკუაზე, რომ ცოტა ხნით პირველი სართულის აივანზე გამოვედი. გრილოდა. ჰაერი ხარბად შევისუნთქე და თვალები დავხუჭე. ახლაღა ვიგრძენი, რომ თავი მტკიოდა და გულიც ალკოჰოლისგან ზომაზე მეტად მქონდა აჩქარებული. საბედნიეროდ თავს ცუდად არ ვგრძნობდი. კიდევ შემეძლო დალევა, მაგრამ ცოტა ხნით შესვენების შემდეგ. მოვბრუნდი, მოაჯირს მივეყრდენი და ფანჯრიდან შიგნით მოცეკვავე ახალგაზრდებს შევავლე თვალი. დავითს თავზე ნანიკოს გვირგვინი დაედო და გოგოს აჯავრებდა. გამეცინა. მერე გიორგის მოვკარი თვალი. ლუდის ერთჯერადი ჭიქა ეჭირა, კედელთან იდგა და მოუსვენრად წრიალებდა. ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდა, თითქოს რაღაც აწუხებდა. მომინდა მივსულიყავი და მეკითხა, მაგრამ ისევ რომ დავეიგნორებინე, სასმლისგან გათამამებული, ალბათ ვეჩხუბებოდი კიდეც. მერე კედელს მოშორდა და სამზარეულოში შევიდა. აივანს გავუყევი და მეორე ფანჯრიდან ბიჭი ისევ დავინახე. ჯიბიდან რაღაც ამოიღო. კარგად რომ დავაკვირდი, მივხვდი, წამალი იყო. პირში ჩაიდო და ლუდი მიაყოლა. ფირფიტა კი ნაგვის ურნაში ჩააგდო. ვერაფერს მივხვდი. რა იყო? რა დალია? რას სვამდა? აქამდე რატომ არაფერი ვიცოდი? ამ ერთი თვის მანძილზე რამე მოხდა? გამორიცხულია. სხვებს მაინც ეცოდინებოდათ. ნანიკო მაინც მეტყოდა. გამოვბრუნდი და სახლში შევედი. გიორგი არ ჩანდა. სამზარეულოში შევედი, კარი დავხურე და ნაგვის ურნიდან წამლის ცარიელი ფირფიტა ამოვიღე. ეს ტკივილგამაყუჩებელი იყო და თან საკმაოდ ძლიერიც. გამაკანკალა იმის გამო, რომ არ ვიცოდი, რა სტკიოდა ან რამდენად. სამზარეულოდან გამოვედი და ახალგაზრდებს შორის ძლივს ვიპოვე. მეორე ოთახში, ლაშასთან ერთად იდგა და სვამდა. მისკენ წავედი. ვყოყმანობდი, მაგრამ ალკოჰოლი ჩემს ნაბიჯებს მაინც სიმტკიცეს სძენდა. ალბათ მოვკვდებოდი, რომ არ გამეგო, რაში სჭირდებოდა ეს წამალი. რომ მივუახლოვდი და მათ წინ უსიტყვოდ ჩამოვდექი, ბიჭმა კითხვის ნიშნის გამომეტყველებით შემომხედა. ლაშას ხატიამ დაუძახა და გამიხარდა, რომ მარტო დავრჩით. - რა იყო? - მკითხა გულგრილად. - რა გტკივა? - ვკითხე ჯერ ისევ მორიდებით, მაგრამ უკვე ნერვები მეშლებოდა, რომ ისევ ცივად მექცეოდა. - რა უნდა მტკიოდეს, არაფერი. - მითხრა, მაგრამ სახეზე შევატყვე, რომ ხვდებოდა, გამოჭერილი იყო. - გეყოფა. დაგინახე, რომ რაღაც დალიე და ფირფიტა შევამოწმე. - რატო მეტიჩრობ? - დამიბღვირა. - გიორგი, რა გტკივა, რატო სვამ ამ გამაყუჩებელს? - თავი მტკიოდა. უძილო ვარ. არაფერი განსაკუთრებული. - ამოიოხრა. - კმაყოფილი ხარ? - და რატომ ვგრძნობ, რომ მატყუებ? - ალბათ იმიტომ, რომ ბოლო დროს ტყუილებთან ერთად გიწევს ცხოვრება. - ისეთი ხმით მითხრა და ისეთი სახით, რომ იმ წუთას საშინლად მეზიზღებოდა და საშინლად მინდოდა სახეში მთელი ძალით დამერტყა. ნერვებისგან ყელში რაღაც გამეჩხირა. ხმის ამოღებაც კი აღარ მინდოდა. აღარც მისი დანახვა. - ეს დასჯა აღარ არის, გიორგი. ეს უკვე ჯიბრია. - შეიძლება, - მხრები აიჩეჩა. - მეგობრებისგან ბევრ რამეს ვსწავლობთ. - ჰოდა, იქნებ როგორმე პატიებაც გესწავლა! - მივაძახე გულგასივებულმა და სანამ თვალები ამიწყლიანდებოდა, მოვბრუნდი და წამოვედი. მეორე ოთახში გამოსულმა დამშვიდება ვცადე, მაგრამ იმდენად ვიყავი გაღიზიანებული, რომ დაჭიმულ კუნთებს ვერაფრით ვადუნებდი. ცრემლების უკან გადაყლაპვა მოვახერხე, მერე ნანიკოსთან მივედი, მაგიდიდან ჭიქა ავიღე და არაყი ერთ ყლუპად დავლიე. - ჩემი გოგო ხარ და მაგრად მიყვარხარ! - დაიყვირა საკმაოდ მთვრალმა იუბილარმა, ჩამეხუტა და კოცნებით დამდორბლა. ცოტა ხნით მის გვერდით დავჯექი. ხატიაც მთვრალი იყო და სოფიც. ვმღეროდით. იმ ჭიქას კიდევ ერთი დავუმატე. მერე ავდექით, ვიცეკვეთ. ძალაგამოცლილმა კიდევ ერთი ჭიქა დავლიე და ნანიკო ისევ საცეკვაოდ გავათრიე. ირგვლივ ყველაფერი ტრიალებდა და წარმოდგენა არ მქონდა, ფეხზე დგომას როგორ ვახერხებდი. რამდენჯერაც გიორგის მოვკრავდი თვალს, იმდენი ჭიქის დალევა მინდოდა. ისიც მთვრალი იყო. მძულდა. იმ დღისით, საშინლად მძულდა იმიტომ, რომ ჩემთვის გაუგებარი მიზეზების გამო ვერ მპატიობდა იმას, რასაც მე თვითონაც აღარ განვიცდიდი. ამიტომ, რამდენჯერაც დავინახავდი, ზურგს ვაქცევდი. ნანიკოს ვეხუტებოდი და არანორმალურივით ვიცინოდი. ამის მიუხედავად, მაინც იმაზე ვნერვიულობდი, გამაყუჩებლის შემდეგ ალკოჰოლს რომ იღებდა, ცუდად არ გამხდარიყო. მაგრამ ის თავს მშვენივრად გრძნობდა, მე კი ამ მზრუნველი ფიქრების გამო საკუთარ თავს მაზიზღებდა. არ ვიცი, მერამდენე ჭიქა არაყი იყო, ნანიკომ სიყვარულის სადღეგრძელო, რომ დალია და გოგოები საცეკვაოდ გაგვიყვანა. დავინახე, სავარძელში მჯდომ გიორგის სოფი რომ მიუახლოვდა, ხელი დაუჭირა და მისი წამოყენება სცადა. ალბათ ცეკვა უნდოდა. გამეცინა. გაუწონასწორებელივით ყველაფერზე ვიცინოდი და თავს ისე ვიჭერდი, თითქოს ერთი ჭიქაც კი არ მქონდა დალეული. ზურგი ვაქციე და მუსიკას ავყევი. ცეკვა კარგი იყო, ცეკვა მშველოდა. რაც უფრო ხმამაღალი იყო მუსიკა, მით უფრო კარგად ვგრძნობდი თავს. ნანიკო ჩემ გარშემო ტრიალებდა. ჩემი თამამი ცეკვა მოსწონდა და თვითონაც მბაძავდა. მოულოდნელად რომ დაიყვირა, ახალი ვარცხნილობა ძალიან მიხდებოდა და ვისაც არ მოსწონს, წვეულება სასწრაფოდ დატოვოს, მე გიორგის გავხედე. ალბათ ნანიკოს სიტყვები არ ესმოდა. მოშორებით სოფისთან ერთად ცეკვავდა. მაგრამ ჩემი მზერა მაინც დაიჭირა. თვალი მოვაცილე. ისევ ზურგი ვაქციე და მუსიკას ავყევი. უნდა მეცეკვა. უნდა მეცეკვა, რომ ის ღამე გადამეტანა. მის სიცივეს ვერ ვუძლებდი. განსაკუთრებით კი მაშინ, როცა მთვრალი ყველაფერს გაასმაგებულად მძაფრად ვგრძნობდი. მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებდი. თვალები ისევ მისკენ გამირბოდა და უფრო ცუდად ვხდებოდი, ისიც რომ მე მაქცევდა ყურადღებას. დავიღალე. მისი მზერა სუნთქვას მიკრავდა. ასე მეგონა, ისევ პასუხებს მთხოვდა. ისევ გაქცევას აპირებდა, რომ შემდეგ დაბრუნებულიყო და მისთვის ისევ მე მეპატიებინა. ვეღარ ვცეკვავდი. ალკოჰოლი მაჩერებდა. სხეულს უკვე ის იმორჩილებდა, მე ვეღარ. ცოტა ხნით თვალებს ვხუჭავდი და მეგონა, რომ საათობით ვითიშებოდი. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს წვეულების რაღაც მონაკვეთებს ვტოვებდი. თითქოს მეხსიერებაში ჩავარდნები მეწყებოდა. ცოტა ხნით კედელს მივეყუდე. ნელა და ღრმად ვსუნთქავდი. გაყინულ ხელებს გახურებულ ლოყებსა და შუბლზე ვიდებდი. გულისრევის შეგრძნება არ მქონდა, მაგრამ ჰაერი არ მყოფნიდა. აივანზე გასასვლელ კარს გავხედე, მაგრამ ძალიან შორს მომეჩვენა და გამეცინა. უგონოდ ვიყავი მთვრალი. - ახლა შენს საყვარელ მუსიკას ჩავრთავ, ჩემო ყველაზე მაგარო და მაგაზე უნდა ვიცეკვოთ. - ყურში ჩამყვირა ნანიკომ. - ვეღარ, ნანი. - ვუთხარი, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ გაიგო. არა. ხელის გაქნევაც კი აღარ შემეძლო. გვერდით კიბეს გავხედე, რომელიც მეორე სართულზე ადიოდა. ჰო, იქ უნდა ავსულიყავი, ნანიკოს დის ოთახში და რამენაირად ცოტა გონს მოვსულიყავი. ერთი საფეხური, მეორე, მესამე. მერე ერთი წამით თვალები დავხუჭე და რომ გავახილე, უკვე ყველა მათგანი ავლილი მქონდა. რანაირად? სიცილი ამიტყდა და მოაჯირს ჩავეჭიდე, რომ არ წავქცეულიყავი. მაშინ ჩაირთო ნანიკოს დაპირებული ჩემი საყვარელი სიმღერა, ბეთ ჰარტის Take care of you. გამეღიმა და სხეულზე სიამოვნების ტალღამ გადამირბინა. ღიღინით და ბარბაცით წავედი კარისკენ და ლამის ფეხი გადამიბრუნდა. საკუთარ თავს შევაგინე, ურდული დავწიე და შევედი. ოთახს ღამის ნათურა მკრთალად ანათებდა. ხელი კედლისკენ გავწიე, რომ შუქის ჩამრთველი მეპოვა, მაგრამ შევეშვი, მაგის ძალაც კი არ მქონდა. საწოლზე ჩამოვჯექი და ხელისგულებით მუხლებს დავეყრდენი. არა, გამოფხიზლების შანსი არ მქონდა. თვალებს ძლივს ვახელდი. თავში ათასი ფიქრი ტრიალებდა, ათას შეკითხვაზე ვცდილობდი პასუხის გაცემას. მხოლოდ ძილი მიშველიდა. უღონოდ მივეგდე საწოლზე და თვალები დავხუჭე თუ არა, მაშინვე ყველაფერმა ტრიალი დაიწყო. ვცდილობდი, ამისთვის ყურადღება არ მიმექცია და სიმღერას ვყვებოდი, მაგრამ ვეღარ გავუძელი. თვალები გავახილე და ჩემ წინ მაღალი სილუეტი რომ შევნიშნე, შეშინებული შევხტი და ფეხები საწოლზე ავიკეცე. - მე ვარ. - მომესმა გიორგის ხმა და მერე მართლაც ვიცანი, რომ ის იყო. საწოლის ბოლოსთან იდგა და ოდნავ ირწეოდა. ალბათ ისიც აჯერებდა თავს, რომ საერთოდ არ იყო მთვრალი. გაღიზიანებული წამოვდექი და თავი რომ შემემაგრებინა, მაგიდას დავეყრდენი. - რისთვის მოხვედი? დღეს არ გეყო? მთელი ერთი თვე არ გეყო? - ვერ ვლაპარაკობდი. თავში ათასი სიტყვა მიტრიალებდა, მაგრამ ენა არ მიბრუნდებოდა. - ვიფიქრე... ცუდად იყავი. - მითხრა და ხელი დამიჭირა, მაგრამ მაშინვე გავაშვებინე. დავინახე, როგორ შეკრთა. - შემეშვი, გიორგი. ძალიან დამღალე. უნდა დავისვენო. წადი. - მისკენ გავიწიე. მინდოდა ძალით გამეყვანა, რადგან ადგილიდან არ იძვროდა, მაგრამ ჩემი ძალაგამოცლილი ფეხი ნოხს წამოვდე. თავბრუ დამეხვა და მოვემზადე, რომ დაცემისას რაღაცას ვიტკენდი, მაგრამ მალევე გავაცნობიერე, რომ მას ვეჭირე. ნელა გავახილე თვალები, გავსწორდი და უკან დახევა ვცადე, მაგრამ მისმა ხელებმა არ გამიშვა. - გიორგი. - შუბლშეკრულმა შევხედე. თვითონაც წაიბორძიკა და მეტკინა კიდეც, ისე მაგრად ჩამეჭიდა ხელებზე. ასე თუ გავაგრძელებდით, ერთმანეთს წავაქცევდით და რამეს დავუშვავებდით. - ვეღარ გიბრაზდები. - მითხრა და თითები ჩემს პატარა თმას ჩამოუსვა. - ალბათ იმიტომ, რომ მთვრალი ხარ. გათენებას დაელოდე... - ხელები მის მკერდს დავაწყვე, მაგრამ ძალა ვერ დავატანე, რომ მებიძგა. ახლა თვითონ უნდა გავეშვი. უნდა წასულიყო, მე კი დამეძინა. მაგრამ საერთოდ სხვა რამ ხდებოდა. ისე მიყურებდა, როგორც არასდროს შემოუხედავს ჩემთვის. ისე ახლოს იყო, როგორც არასდროს. მის აჩქარებულ გულისცემას და მკერდის მოძრაობას მკლავზე ვგრძნობდი. ჩემს თვალებს აკვირდებოდა, მერე კი უფრო ქვემოთ, ალბათ ტუჩებს, მაგრამ ვერაფრით ვხვდებოდი, რატომ. ვუყურებდი და ვხედავდი, რომ რაღაცის თქმა უნდოდა. იქნებ ამბობდა კიდეც, მაგრამ ვერაფერს ვიგებდი, რადგან მისი სახე, არეული, ემოციური და დაჟინებული, თავგზას მირევდა. როგორც კი ვიგრძენი, რომ ჩემს წელზე შემოხვეული ხელები ოდნავ მოადუნა, მაშინვე უკან გადავდგი ნაბიჯი, მაგრამ მან ჩემი სახე ხელებში მოიქცია და აფორიაქებული დამაცქერდა. სუნთქვა შემეკრა. ის... ის ახლა... გიორგიმ მაკოცა. მისი ტუჩები ჩემსაზე ვიგრძენი. მხურვალე, სავსე და ვნებიანი. ვიგრძენი, როგორ გაჩნდა მუცელში რაღაც ნაპერწკალი და მთელ სხეულს სინათლის სიჩქარით ცეცხლად მოედო. გაოგნება არ მტოვებდა. შეიძლება სიზმარი იყო, მაგრამ ასეთი ხორციელი? ასეთი რეალური? შეიძლება, მაგრამ მისი გაშვება არ მინდოდა. მის კოცნას ისე ავყევი, რომ გამოღვიძებულს დანაკლისის შეგრძნება არ მქონოდა. მაგრამ მაინც ვერ ვხვდებოდი, ასე მწველად მის ხელებს ჩემი მაისურის ქვეშ რატომ ვგრძნობდი. რატომ იყო მისი ტუჩები ასეთი მგზნებარე. რატომ მესმოდა ისევ ბეთ ჰარტი. უკან დავიხიე, მაგრამ გიორგიც მომყვა. ისევ დავიხიე და ისიც ისევ მომყვა. საბოლოოდ, კედელსა და მას შორის მოვექეცი. ჩემს კისერზე შემოხვეული მისი თითები, ყელზე ჩამოცურდნენ და ტუჩებმაც იქვე მოინდომეს კოცნის დატოვება. მუცელში სასიამოვნოდ მტკენდნენ სპაზმები. ტკივილი მკერდამდე აღწევდა და სუნთქვას მიმძიმებდა. მერე ლოყაზე მომეკრო. ხელი ჩემს გულზე ედო და ადგილზე ირხეოდა. თითქოს მის დარტყმებს ითვლიდა. - არ წახვიდე... არასდროს. - ყურთან მისი ჩურჩული მომესმა. ეს ის ხმა არ იყო, მე რომ ვიცნობდი. ეს ხმა თითქოს ამ მომენტს ელოდებოდა, რომ თავი გაემჟღავნებინა. მის ტუჩებს თითებით შევეხე და დავინახე, როგორ თრთოდნენ ისინი. დავინახე ამ შეხებისგან როგორ აემღვრა ბიჭს თვალები. კანი დამიწვა მისი გახსნილი ტუჩებიდან გადმოფრქვეულმა ჰაერმა და თითები მაშინვე მის თმას შევაფარე. გიორგიმ ხელისგულები ისევ წელზე მომაკრო, ისევ მიმაწება თავის სხეულს და მისი კოცნით, ისევ სიზმარსა და რეალობას შორის მომაქცია. ისეთი კოცნით, თითქოს ჩემში რომ ცდილობდა შემოძრომას, ჩემი ჰაერით სუნთქვას და ჩემი გულით ცხოვრებას. ცხელ ჟრუანტელსა და სუნთქვას გავყევი, რომელიც სიამოვნებისგან გულს მიჩერებდა, მღლიდა და თან ენერგიით მავსებდა. რაც არ უნდა ყოფილიყო, მე მას ვგრძნობდი, მის გულისცემას და მხურვალე კანს ჩემი ხელებით ვგრძნობდი მანამ, სანამ ზედმეტმა ალკოჰოლმა ან მოულოდნელად თავს დატეხილმა ჭარბმა ვნებამ გონებიდან არ გამთიშა. თავი 10 7 აგვისტო, 2019 წელი *** ხველა მაღვიძებს. ყელი ისე მაქვს გამომშრალი, ასე მგონია, თვეებია წყალი არ დამილევია. საათის შესამოწმებლად ნელა ვტრიალდები. დილის რვა ხდება. მუცელი მტკივა და გულისრევის შეგრძნება მაქვს. არაყი. უკეთესად რომ ვიქნები, აუცილებლად მოგკლავ, ნანი! გუშინდელ საღამოს და ახლანდელ ჩემს მდგომარეობას რომ ვაკვირდები, დეჟა-ვუს განცდა მაქვს. სანამ ნანიკოს დაბადების დღის მოგონება ჩემს თავში მყარად არსებობს, ჩემი დათრობა არ შეიძლება. მობილურზე შეტყობინება მომდის. ლუკაა. მეკითხება მღვიძავს თუ არა. პასუხს რომ ვუბრუნებ, მირეკავს. - როგორ ხარ? ჩამოხვალ ზღვაზე? - მეკითხება ბიჭი. ტალღების ხმას რომ ვიგებ, ძალიან მინდება იქ წასვლა, მაგრამ თავს ისე ცუდად ვგრძნობ, რომ სიცხეში გასვლა არც ისე კარგ აზრად მეჩვენება. - მინდა ჩამოსვლა, მაგრამ საშინელი ნაბახუსევი მაქვს. - მუცელზე ვიჭერ ხელს. ნეტავ ლიმონი მქონდეს. ასე მგონია, ახლა მხოლოდ ის მიშველის. - გინდა გაზიანი მოგიტანო? ან რამე, რა გჭირდება მითხარი. - არა, არა. ახლა არაფერი მინდა. წყალზე ვიქნები და საღამომდე გამოვკეთდები. - არ ვიცი, რატომ არ ვაძლევ ლუკას უფლებას, რომ დამეხმაროს. - გამოდის, საღამომდე ვერ გნახავ? - ძალიან მჟავე სახე მაქვს და სანამ არაყს ბოლომდე არ ამოვაქრობ, ხასიათიც ასეთი მექნება. ლუკა რამდენიმე წამით ჩუმადაა. მერე კი ამბობს: - კარგი, თავს მიხედე, მარ... თუ დაგჭირდი, სიამოვნებით დაგეხმარები. - მადლობა, ლუკა. საღამოს შევხვდეთ. - კარგი, მაშინ საღამომდე. მობილურს ვთიშავ, თვალებს ვხუჭავ და გუშინდელი საღამოს სურათებს ვაცოცხლებ. ის ეჭვი, რომ შეიძლება გიორგის ჩვენი კოცნა ახსოვდეს, უარესად მხდის. მაგრამ, რა იცვლება ამით, მარი? სანამ ამაზე არც ერთი ვლაპარაკობთ, არაფერი. სანამ ორივე ჩუმად ვართ, სანამ მას სოფი ჰყავს, მე კი მისი მეგობარი ვარ, არაფერი. და რატომ არ ვლაპარაკობთ ამაზე? შესაძლოა, მისთვის ეს კოცნა შეცდომაა, სიმთვრალეში დაშვებული შეცდომა. ჩემთვის კი ძველი და კარგად ნაცნობი შიში იმისა, რომ მას დავკარგავ. ჩემი ეჭვებისგან დაღლილი მეორე მე გამუდმებით ჩამძახის, რომ გამორიცხულია, გიორგის ეს ახსოვდეს, რომ აღარ უნდა ვიფიქრო ამაზე. თავიდან უნდა ამოვიგდო გუშინდელი მისი მზერა და სიტყვები, მისი ჩემკენ და ლუკასკენ გადმოდგმული ნაბიჯი და ისე გავაგრძელო ცხოვრება, როგორც ამას აქამდე ვაკეთებდი. არ ღირს უსაფუძვლო ეჭვების გამო ყველაფრის გართულება, მარი. არ უნდა ვინერვიულო იმ შეკითხვების გამო, რომელსაც იცი, რომ ვერასოდეს დასვამ. არაფერი მოხდება, თუ ხანდახან საკუთარ თავს შეიცოდებ. ვდგები, სავსე ჭიქით წყალს ვსვამ და აბაზანაში შევდივარ. შხაპი არ მშველის. თავი ისევ მტკივა და გული ისევ მერევა. შორტს და მაისურს ვიცვამ. იქნებ ჩავიდე და ლიმონი ვიყიდო? ძალიან მეზარება, მაგრამ მაინც ვიწყებ საფულის ძებნას. ის-ისაა ვპოულობ, რომ კარზე აკაკუნებენ. თვალები ინსტინქტურად ჩემი საქაღალდისკენ გამირბის, რომელიც ცარიელია. ფურცლები კი ჩემი საწოლის ბოლოში, იატაკზე ყრია. ურდული იწევა. საბედნიეროდ კარი დაკეტილია. იმ წამს კი მესიჯი მომდის. გიორგია. „ - მარიამ, გღვიძავს? კართან ვარ.“ გული გამალებით მიწყებს ძგერას და მაშინვე ფურცლების ასაკრეფად მივიწევ. ნანიკო მართალია. ჩემი ჩანაწერები დღეს თუ არა, ხვალ მაინც მომიღებენ ბოლოს. - მღვიძავს გიო, ახლავე მოვალ! - ვეძახი შიგნიდან. ფურცლებს საქაღალდეში ვდებ და უჯრაში ვინახავ. მერე კი კარს ვაღებ. - ვიცვამდი. მოდი. - გვერდით ვდგები და ბიჭს ოთახში ვუშვებ. როგორც ჩანს, ზღვიდან მოდის. ტანზე არ აცვია. მაისური მხარზე აქვს გადაგდებული. მხრებზე აქა-იქ შავ ქვიშასაც ვხედავ. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. ჯერ ისევ გუშინდელი საღამოს და ჩანაწერების გავლენის ქვეშ მყოფს, ჩემ შიგნით დატრიალებული შეგრძნებების გაკონტროლება მიჭირს. თავი ხელში აიყვანე, მარი! - ვიფიქრე, გენდომებოდა. - ახლაღა ვამჩნევ მის ხელში მოქცეულ ორ ცალ ლიმონს. სიცილს ვერ ვიკავებ, ისე მიხარია. - ახლა მივდიოდი საყიდლად. - მადლობა საჭირო არ არის. - გვერდულად იცინის გიორგი, ბართან მიდის და დანას იღებს. - ჩამოხვალ საუზმეზე? - ჰო, ბავშვებს და მშობლებს ვნახავ, თორემ ისე მერიდება. - საწოლზე ვჯდები და მის მოძრაობებს თვალს ვადევნებ. იმედია ჩემი გულისრევის შეგრძნებისგან შეწუხებული სახე, ჩემს შეყვარებულ გამომეტყველებას ფარავს. - მაგრამ ჭამით ვერაფერს შევჭამ, ცუდად გავხდები. - თქვა ლოთმა მარიამმა. - ჭიქებს შენ მითვლიდი, თუ დაგავიწყდა? - წარბებს ვწევ. - და უიმედოდ სცადა, სხვისთვის გადაბრალება. - გიორგი... - მეცინება. - რა იყო? - ისიც მიცინის. მიხარია მისი თვალების ძველებურად მხიარული ციმციმი. მიხარია, რომ გუშინდელი დაძაბულობის ძაფი ჩვენს შორის წყდება. უცაბედი ცვლილება კი დამაბნეველია, მაგრამ ამაზე ფიქრი არ მინდა. აუხსნელ მოვლენებზე ფიქრი არ მინდა. ბიჭი მოზრდილ ჭიქაში წყალს ასხამს და შიგნით ლიმონს წურავს. ჩემთან მოაქვს და მაწვდის. - მიდი, დალიე და სამზარეულოში ჩავიდეთ. - თვითონ მაისურს იცვამს და დივანზე ჯდება. - მადლობა. - წყალს ვსვამ. მსიამოვნებს სიმჟავე. - გელოდებოდა შენი ბიჭი. - რომ იცოდე, ხვდება, რომ არ მოგწონს. - უნდა ხვდებოდეს. - რას ერჩი, გიორგი? - ჰმმ... მოიცა, ნანიკომ როგორ თქვა გუშინ დავითზე? სპეტაკი ზიზღიო, ჰო? აქაც ეგ ვარიანტია ალბათ. სპეტაკი ანტიპათია. - საერთოდ არ არის სასაცილო. - რა ვიცი, მე კი მეცინება. - ტუჩებზე თითებს ისვამს და ალბათ ასე ცდილობს ნერვების მომშლელი ღიმილის დამალვას. ჯერ მეც მეცინება, მაგრამ შემდეგ გუშინდელი საღამო მახსენდება. ლუკასთან ცეკვა, გიორგის გამომეტყველება ამის ყურებისას და საკუთარი გრძნობები მივიწყებული და განსაკუთრებული სიმღერის მოსმენისას. რაღაცები სწორედ მაშინ ირევა, როცა მე დალაგებას მთელი მონდომებით ვცდილობ. ირევა ჩემშიც და ჩემ გარეთაც. რატომ ვერ უნდა შევძლო ორივე მათგანის მოწესრიგება? - გიორგი, - ჭიქას ვხვევ თითებს და ჰაერს ხარბად ვისუნთქავ. სიტყვებს ვეძებ. ისეთ სიტყვებს, რომ მას აღარ გაეცინოს და ისე გაიგოს, როგორც ვიტყვი. - ჰო, მარიამ. - ბიჭი უკვე სერიოზულია. სავარაუდოდ, ყველაფერი სახეზე მაწერია. - მინდა, რომ ამაზე ხუმრობას მოვრჩეთ. - გული გამალებით მიცემს და სხეული ისე მაქვს დაჭიმული, ასე მგონია სუსტი შეხებაც კი დამამსხვრევს. - რაზე? - ლუკასა და ჩემს ურთიერთობაზე. ის ცუდი არაა და არც შენ გაქვს რამე, რაც შენს მისდამი დამოკიდებულებას ახსნის. ჰოდა, მინდა, რომ მიიღო ეს ფაქტი. - საქმე ასე სერიოზულადაა? - არა, არ არის. და სანამ ჩემი მეგობრები მას ისე უყურებენ, როგორც ჩემთვის უმიზეზოდ შეუფერებელ ადამიანს, ვერც იქნება. იცი, რომ შენი აზრი ჩემთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს „სპეტაკი ანტიპათია“ საკმარისი არ არის იმისთვის, რომ ლუკას ცუდობა დამაჯერო. მით უმეტეს, რომ მის გაცნობას ჯიუტად არ ცდილობ, რომ გაიგო, რამდენად არასწორი ხარ. - შეიძლება მართალი ხარ, მარიამ, მაგრამ არ მინდა, რომ ის განმეორდეს, რაც ადრე იყო. - და რა იყო ადრე, გიორგი? - მხრებს ვიჩეჩავ. - ურთიერთობა, რომელიც არ შედგა. და იმის შიშით, რომ ეს აღარ განმეორდეს, მეორედ აღარ უნდა ვცადო? - ჰო, და აი რატომ ვიქცევი ასე. მგონია, რომ ლუკას ამის გამოსასწორებლად ხვდები და არა იმიტომ, რომ მოგწონს. მგონია, რომ თავს ძალას ატან. - ოდნავ წინ იხრება გიორგი და პასუხის მოლოდინით მიყურებს. შინაგანად ისე ვცახცახებ, მეშინია, რომ სხეულზეც დამეტყობა. სუნთქვას მიკრავენ მისი სიტყვები, რადგან რეალობასთან საკმაოდ ახლოს არიან. ის გრძნობს, რაც ხდება სინამდვილეში, მაგრამ არ უნდა ფიქრობდეს, რომ მართალია. არ ვაფიქრებინებ. - ასე არ არის. - არ არის? - მეკითხება. - ანუ ლუკა მართლა მოგწონს? - მომწონს. ამ ეტაპზე მომწონს. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ზუსტად ვიცი მომავალში რა იქნება. უბრალოდ მინდა ვიცოდე, რომ, როცა მე ლუკას ვუცინი და ის მე მიცინის, შენ ამ დროს მის გამო გულში არ ილანძღები. - მარიამ... - ეცინება გიორგის და თავს აქნევს. ერთხანს ჩუმადაა და თვალებზე ვატყობ, რომ გამალებით ფიქრობს. - არ მინდა, რომ ვიკამათოთ. უბრალოდ მინდა, ჩემი არჩევანი მიიღო. ასე უფრო მშვიდად ვიქნები. - ვეუბნები და რა ხდება ამ დროს ჩემს თავში? მისი მზერა ჩნდება, ნასვამი და არეული. ვხედავ, როგორ უყურებს ჩემსა და ლუკას ცეკვას. და ასე მგონია, ახლა რომც დამეთანხმოს, გულის სიღრმეში მაინც წინააღმდეგი იქნება. - კარგი. ამაზე არ ვიკამათებთ, მარიამ. ვალდებული ვარ, შენს არჩევანს პატივი ვცე. - დგება ის, მიახლოვდება და ცარიელ ჭიქას მართმევს. ერთხანს მას დაჰყურებს. - ვერც ლუკა იგრძნობს, რომ მხოლოდ შენ გამო ვაძლევ შანსს. მაგრამ... - ამბობს და აღარ ამთავრებს. ჭიქას მაგიდაზე დებს. - მაგრამ? - იცი, რაც. ახლა წავიდეთ. - ჩემთან მოდის, მიღიმის და ხელს მიჭერს. - იქნებ რამე შევჭამოთ და ლუკასთვის შანსის მიცემაც დავიწყოთ. *** დილას ბავშვებთან და მშობლებთან ერთად, სასტუმროს უკანა ეზოში ვატარებ. ჩეხეთზე ვსაუბრობთ, ახალ ცეკვებსა და გოგონების ხორუმის ფორმებზე. ნანიკო ესკიზებს ხატავს და მოსწავლე გოგონები აღფრთოვანებულები არიან. ალექსანდრესთან ურთიერთობას რაღაც დადებითიც ჰქონდაო, მეჩურჩულება ჩემი მეგობარი. ყოველთვის ვცდილობ, ის რაც ბავშვებს უნდა ჩავაცვა, მათთანაც შევათანხმო, მათი აზრი მოვისმინო და მატერიის ფერსა და დეტალებზე გადაწყვეტილება ერთობლივად მივიღოთ. ფორმას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სცენაზე განწყობის და ხასიათის შესაქმნელად. ალბათ ყურადღებას რომ არ ვაქცევ, ჩემი ნაბახუსევი მალე მტოვებს და რადგან სადილამდე ჯერ დიდი დროა, ლუკას ვურეკავ. რესტორანში სასადილოდ მივდივართ. ბიჭს ვატყობ, რომ თავიდან არც ისეთი მხიარულია, როგორც სჩვევია. ალბათ ეს დილანდელის გამოა, მაგრამ როგორც ჩანს, ჩემს ინიციატივას ხასიათზე მოჰყავს. დროს კარგად ვატარებთ. დესერტად ნაყინს მივირთმევთ და იმაზე ვსაუბრობთ, თუ როგორ გავაგრძელებთ აგვისტოს დღეებს, როცა თბილისში დავბრუნდებით. ნანიკოს რაჭის გეგმა მახსენდება, მაგრამ ლუკასთან ჯერ არ ვახსენებ. ზუსტად არ ვიცი, გოგოს რა გეგმები აქვს. მარტო უნდა, რომ წავიდეთ თუ არა. სასტუმროში დაბრუნებულებს, აუზთან ნანიკო და დავითი გვხვდებიან. ვერ ვიჯერებ, რომ მობილურები უფრო ართობთ, ვიდრე კამათისთვის თემის შერჩევა. ცოტა ხნით აუზში ვცურავ. წყალი მსიამოვნებს. ბავშვები აქ არ არიან. ბერიანიძეს ვურეკავ და მისგან ვიგებ, რომ ყველა ზღვაზეა მშობლებთან ერთად. გიორგი და სოფიც არ ჩანან. მათთან დარეკვას ვფიქრობ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ურთიერთობა აღადგინეს, ალბათ ჯობია, რომ დროის რაღაც ნაწილი ერთად გაატარონ. ხანდახან საკუთარ თავს შეკითხვას ვუსვამ ხოლმე, როგორ მარტივად ვხარშავ იმას, რასაც წესით საშინლად უნდა განვიცდიდე. მაგრამ პასუხი ყოველთვის მაქვს - შეგუება. ეს თვისება ჩემში ისეა გამჯდარი, რომ მეშინია, საბოლოოდ უგრძნობი არ გავხდე. შესაშურად სწრაფად ვკეტავ ჩემში იმ კარებს, რომლის მიღმაც სიმშვიდის დამრღვევი კადრები და გრძნობები ერთმანეთს გულს უშლიან. სამწუხაროდ, ხანდახან სათვალთვალოდან ვხედავ, რა ხდება იქ, თუმცა ვიცი, რომ მისი ამოქოლვა ყოველ წამს შემიძლია. ეს გავაკეთე დილით და არ ვიცი, ამ კარს ხელმეორედ როდის მივუბრუნდები. დიდი იმედი მაქვს, რომ მალე არა. ღამით დავითი ჩვენს შეკრებას ცდილობს და გიორგის ურეკავს. მაშინღა ვიგებთ, რომ ის და სოფი, გოგოს ჯგუფელთან ერთად არიან. იმ ჯგუფელთან, გუშინ რესტორანში რომ შეხვდა. ამბობენ, გვიან დავბრუნდებით და უჩვენოდ გაერთეთო. მთელი დღით მათი გაქრობა, ჯერ ცოტა უცნაურად მეჩვენება, მაგრამ შემდეგ ვასკვნი, რომ ასე ჯობია. მართალია, გიორგი დამპირდა, რომ ლუკას მიმართ აუტანელი აღარ იქნება, მაგრამ მაინც პირველი დღეა ამ გადაწყვეტილებიდან და ასი პროცენტით დარწმუნებული ვერაფერში ვიქნები. ამიტომ, ალბათ აჯობებს ეს საღამო ლუკასთან ერთად მშვიდად, გიორგის და დაძაბული სხეულის გარეშე გავატარო. ასეც ხდება. საღამოს ლუდს ვსვამთ, სახალისო ამბებს ვიხსენებთ, რამდენჯერმე ნანიკოს და დავითის კამათსაც ვადევნებთ თვალს და ვერც იმას ვამჩნევ, რომ სოფი და გიორგი ჩვენთან ერთად არ არიან. და ახლაღა ვხვდები, რომ თბილისში დაბრუნება საუკეთესო გამოსავალი იქნება ჩემი და ლუკას ურთიერთობისთვის. ხშირი განმარტოება გვჭირდება იმისთვის, რომ შორიდან მომზირალ თვალებს ყურადღება აღარ მივაქციოთ. *** ღამის პირველი საათი ხდება, მე და ნანიკო ნომერში რომ ავდივართ. გოგო მაშინვე წვება. მე ჩემს საქაღალდეს ვიღებ, სავარძელში ვჯდები, მაგრამ რაღაც მაყოვნებს. რატომ უნდა ვწერო ისევ ჩემი მოგონებები, თუ ლუკაზე ფიქრს ვცდილობ? წერა იმიტომ დავიწყე, რომ მეშინოდა, წარსულიდან არაფერი დამვიწყებოდა, მაგრამ ახლა? ახლა გიორგისგან გაქცევას ვცდილობ. ვცდილობ, როგორმე მისი სახელი ჩემს გონებაში გავაფერმკრთალო. ვცდილობ სხვამ დაიკავოს მისი ადგილი. მთლიანად თუ ვერა, ნაწილობრივ მაინც. მაშინ რატომღა უნდა მეშინოდეს, რომ წარსულიდან გიორგისთან დაკავშირებული მოგონებები გაქრება? რატომღა უნდა ვანიჭებდე ამას მნიშვნელობას? იქნებ შემეწყვიტა. იქნებ ნანიკო მართალია და განვლილის გახსენება და დეტალებში ფურცელზე გადმოტანა ჩემი თავის გადარჩენის მცდელობებს ძალას უკარგავს? იქნებ მართლა ამის გამო ხდება, რომ რაღაც სიტყვებს და ყურადღებებს არასაჭირო მნიშვნელობებს ვანიჭებ? კალამს და ფურცლებს საქაღალდეში ვაბრუნებ. ვწვები და რამდენიმე წუთის განმავლობაში დაძინებას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. მერე ვდგები, ნანიკოს კოლოფიდან ერთ ღერ სიგარეტს ვაცლი, აივანზე გავდივარ და ვუკიდებ. ვგრძნობ, როგორ ედება ფილტვებს კვამლი და იქ იქამდე ვაყოვნებ, სანამ თავბრუს არ მახვევს. წარსული თავიდან უნდა ამოვიგდო. ჩემს გრძნობებს აქამდე წარმატებით ვმალავდი. ახლა ახალი ნაბიჯების დროა. ახლა კარი წარსულსაც უნდა მივუხურო. - მარიამ, რატომ არ გძინავს? - მესმის მეზობელი აივნიდან გიორგის ხმა. მოულოდნელობისგან სუნთქვა მეკვრის. მისკენ ვბრუნდები. კარის ზღურბლზე დგას. თითებში ისიც სიგარეტის ღერს ატრიალებს. - საწოლში ვერ მოვისვენე. დიდი ხანია დაბრუნდით? - ვეკითხები და ვცდილობ, ყურადღება არ მივაქციო, თვალი რომ გაურბის ჩემი კვამლადენილი თითებისკენ. - ცოტა ხნის წინ. - სოფი? - ოთახში შუქი არ ანთია. - დავლიეთ და დაწვა თუ არა, ჩაეძინა. - როგორი დრო გაატარეთ? - ვუღიმი, მაგრამ ცოტა გაკვირვებული ვარ. სოფი მე მგავს. ასე ხშირად ალკოჰოლს არ ეტანება. - ნორმალური. იქაურობა სნობებით იყო სავსე. - აჰაა... მარტივი არ იქნებოდა. - სამაგიეროდ, აქ იქნებოდა მარტივი. ლუკასთან ერთად უჩემოდ გატარებული დღე. - ღიმილი ეპარება გიორგის. სიგარეტს უკიდებს და პატარა მაგიდაზე გვერდულად ჯდება. - ჩვენი დილანდელი ლაპარაკი ასე უცბად როგორ დაივიწყე? - მაგას რა დამავიწყებს, მარიამ? - მაშინ რატომ მიფუჭებ ხასიათს. ერთობი? - თვალებს ვუწვრილებ. - ადრე ასე უცბად არ ბრაზდებოდი ხოლმე. - ადრე არც შენ იყავი ასეთი უცნაური. - ვამბობ და საკუთარი სიტყვების მნიშვნელობას გვიან ვხვდები. ვხედავ, ერთი წამით წარბებს ჭმუხნის. რა თქმა უნდა, უკვირს. მეც გამიკვირდებოდა. ახლა მკითხავს, რატომ ვთქვი ეს. ღმერთო, ახლა ყველაფერი ისევ აირევა. - რამე მოხდა? - საერთოდ სხვა შეკითხვას მისვამს. - რა უნდა მომხდარიყო? - ეწევი. - თვალით მანიშნებს სიგარეტზე. - არაფერი, უბრალოდ მომინდა. - მხრებს ვიჩეჩავ და თითქმის ბოლომდე ჩამწვარ სიგარეტის ღერს სანაგვეში ვაგდებ. - კარგი, აღარ ჩაგაცივდები. - კვამლს უშვებს ის ტუჩების შორის. მიხარია, რომ ჩემს დაუფიქრებლად წამოსროლილ სიტყვებს არ ჰყვება. არ ვიცი, რატომ და არც მინდა ვიცოდე. - გიორგი, - გამშრალ ტუჩებზე სწრაფად ვიტარებ ენას. ვგრძნობ, რომ ვეღარ ვეგუები იმ ფაქტს, ბოლო დროს, ერთმანეთისთვის ბევრი რამის დაკონკრეტება და ახსნა რომ გვიწევს. - ხანდახან მართლა არ ხდება არაფერი და ნუ გგონია, რომ რამეს გიმალავ. შეიძლება ჩემს ცხოვრებაში რაღაცების შეცვლა მინდა, მაგრამ ეს ცვლილებები შენ არ გეხება. არ მომწონს ამის ახსნა რომ მიწევს. - კარგი, ნუ ბრაზდები. - ეღიმება. - უკვე ვგრძნობ თავს დამნაშავედ. - ჰოდა, ძალიან კარგი. ჩავიდეთ დილით ზღვაზე? - ვეკითხები სიტუაციის განსამუხტად და წინადადება არ მაქვს დასრულებული, რომ შორს ცაზე გაელვებას ვამჩნევთ. - ჰოო, თუ ამინდმა დაგვაცადა ჩავიდეთ. - მაშინ, ძილი ნებისა. - ძილი ნებისა, მარიამ. - თვალს მიკრავს გიორგი. მე ოთახში შემოვდივარ, ის კი აივანზე რჩება. ჩემს საქაღალდეს ჩემოდანში ვდებ, ვიხდი და ვწვები. 8 აგვისტო, 2019 წელი *** წვიმის ხმა მაღვიძებს. ნანიკოს გაუღვიძია და ოდნავ შემოღებულ ფანჯარასთან დგას. - ახლა წარმოვიდგინე, როგორ გხატავდა ალექსანდრე. - ვეუბნები ნანიკოს და მეცინება. - რა იდიოტი ხარ. - მეუბნება, საწოლში ბრუნდება და თხელ საბანში ეხვევა. - გრილა, იცი? და საშინლად წვიმს. მგონი დარჩენილ ორ დღეს წაგვართმევს. - საკმარისად შოკოლადისფერი ხარ. ნუ წუწუნებ. - რაო იმათ? - თვალებით გვერდით ოთახზე მანიშნებს. - ჩამესმა გიორგის რომ ელაპარაკებოდი. რატომ გავქრითო მთელი დღეო? - ხომ იცი, სადაც იყვნენ... - გვერდით ვიქცევ ტუჩებს უკმაყოფილოდ. - რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ ძალიან მარტივად ხარ მოწყობილი. ეგ ვიცი, მაგრამ, რაც მაგის უკანაა, ის მაინტერესებს. - შერლოკ ჰოლმსის ოროსან სტაჟიორს მაგონებ. ნანი, გეყოფა ეს გამოძიებები. არც მე და მით უმეტეს, არც შენ ეს არაფერს გვაძლევს. ნუ იბღვირები, - ვაჩერებ, სანამ რამეს იტყოდეს. - გიორგის დაველაპარაკე და დამპირდა, რომ ლუკასთან ჩემს დაახლოებას სერიოზულად მიიღებს. შენთან კიდევ, გადაღეჭილი მაქვს ეს თემა და მაინც ვერაფერს მივაღწიე. - იმიტომ, რომ ვიცი, სინამდვილეში შენ რაც გინდა. იმან არ იცის. - ეგ დაივიწყე. მაგაზე ფიქრი აღარ მინდა, ნანი იმიტომ, რომ ცუდად მხდის და დავიღალე. უკეთ მინდა ყოფნა. ცოტა ხნით მაინც. - და ლუკასთან რომ ხარ, თავს უკეთესად გრძნობ? - მინდა, რომ ვიგრძნო, მაგრამ შენ და გიორგი არ მაცდით. - მგონი ვერ მიხვდი, რომ თანდათან ხმას აუწიე. - თავს იქექავს გოგო და ალმაცერად მავლებს თვალს. ვოხრავ და ვწვები. - დამშვიდდი, წვიმაც მყოფნის ხასიათის გასაფუჭებლად, ახლა კიდევ შენი დრამები. - მოგკლავ! - მელოდრამები არ მიხსენებია. მეცინება და ბალიშს ვესვრი. - თუ გგონია, რომ შენი გეგმა გაამართლებს, მიდი მაშინ. მე რას მისმენ. - მეუბნება ის. - ლუკა გეგმა არაა. - რაც არის. იმ ადგილს დავუბრუნდები, როცა შენთვის მეც კარგ ვარიანტად მეჩვენებოდა. და იმედია გაამართლებს... - მასზე რომ ლაპარაკობთ შენც და გიორგიც, მგონია, რომ ახალი ტექნიკა შევიძინე და მეშინია, რომ მალე გამიფუჭდება. ნანიკო მხრებს იჩეჩავს. პლედიანად მიდის ფანჯარასთან და სიგარეტს უკიდებს. ასე უნამუსოდ რანაირად მეთანხმება?! *** თითქოს ორივესთან მშვიდობას ვაღწევ, მაგრამ მაინც მოუსვენრად ვარ. ალბათ იმიტომ, რომ ნანიკოსაც და გიორგისაც კარგად ვიცნობ და ვიცი, რომ სინამდვილეში თავიანთ პოზიციებს, მხოლოდ ჩემ გამო თმობენ. არა უშავს, მარი. დასაწყისისთვის ესეც კარგია. დაინახავენ, რომ მართალი იყავი, რომ ასე უკეთ ხარ, რომ ლუკა მართლა კარგია და მათი მისდამი მშვიდობიანი დამოკიდებულებაც გულწრფელი გახდება. შუა დღემდე დროს ბავშვებთან ერთად ვატარებთ. ხან ჯოკერს ვეთამაშებით, ხან „ჯაშუშს.“ წვიმა კი არაფრით წყდება. უკვე ოთახში ვაპირებ დაბრუნებას და ყავის გაკეთებას, რომ ლუკა მოდის. ბიჭი ლოყაზე მკოცნის და დანარჩენებსაც ესალმება. თამაშში ჩაბმული გიორგი და ნანიკო პასუხობენ და თვალს ისე ავლებენ, თითქოს პირველად ხედავდნენ, რომ ლუკა ქობულეთშია. ნერვებმოშლილი ბიჭს ხელს ვკიდებ და ოთახში შევდივართ. ვერ ვიტან ვერც ერთს. ასე მგონია შეთანხმებულები არიან. ვიცი, რომ ეს გამორიცხულია და ამაზე კიდევ უფრო ვბრაზდები. რანაირად ვერ მიგებს ვერც ერთი?.. ყავას ვაკეთებ და ლუკასთან ერთად მშვიდად ვსვამ. ის მოლოდინი, რომ ნანიკო ათ წუთში კარს შემოგვიღებს და სიმყუდროვეს ჩაგვიშლის, საბედნიეროდ არ მართლდება. როგორც ჩანს, პირობას ასრულებს და მასზე სიბრაზე ნელ-ნელა მივლის. ბიჭთან ერთად ოთახში დაახლოებით სამ საათს ვატარებ. იმაზე ვლაპარაკობთ, რასაც სიტყვა მოიტანს. ხანდახან ისიც კი მავიწყდება, სად ვარ, მასთან ლაპარაკს იმდენად გულს ვაყოლებ. მაგრამ საკმარისია, თვალი მოვკრა ჩემოდანს, რომ ჩემი ჩანაწერები მახსენდება. მახსენდება, ბოლოს რა დავწერე და წამიერად გაბრუებას ვგრძნობ. მერე თავს ვამხნევებ. უნდა დავიჯერო, რომ ყველაფერი თანდათან გაივლის. რომ ჯერ ჩემი მცდელობები დასაწყისშია. რომ თავსაც და ლუკასაც დრო უნდა მივცე. ყველაფერი ისე ვერ იქნება, როგორც ჩემს გულს უნდა. აქამდე გონება მშვენივრად მართავდა ყველაფერს. ამდენწლიანი გამოცდილების შემდეგ კი, გრძნობები ჩემს ვარდისფერ ნაჭუჭში გამოკეტვას ვეღარ შეძლებენ. არ უნდა შეძლონ! წვიმა ისეთ დროს წყდება, რომ გარეთ გასვლა აღარც ღირს. დავითს ლუდი მოაქვს და ყველა ჩვენს ნომერში იკრიბება. გიორგი და ნანიკო შესაშურად კარგად იქცევიან. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით. ლუკას ისე ექცევა, თითქოს კოლეჯის მეგობარი იყოს. მეშინია, რომ მისი აშკარა ცვლილება ბიჭს რაიმე ეჭვს გაუჩენს, მაგრამ ლუკა არაფერს იმჩნევს. პირიქით, ნანიკოს არაჩვეულებრივად უგებს. გიორგი პუფში ზის, სოფი კი მის კალთაში და საკმაოდ ცივილურად ჰყვებიან ჩვენს ხუმრობებსა და უბრალო საუბარს. გიორგის სახეზე ვეღარც უცნაურ მზერას ვხედავ და ვერც რაიმე ნიშანს, რომ ყველაფერს დაგეგმილად აკეთებს. რამდენჯერმე ჩვენი მზერაც ხვდება ერთმანეთს. ვცდილობ, სწორედ ამ დროს გამოვიჭირო, მაგრამ წმინდა მსახიობური ნიჭის წყალობით, საკმაოდ კარგად ინიღბება. ან იქნებ მართლაც ცდილობს ჩემს გაგებას და ლუკას მიღებას? როგორც არ უნდა იყოს, ამჟამად ორივე ფაქტი მაწყობს. 9 აგვისტო, 2019 წელი *** დღე ისევ წვიმით იწყება. ადგომაც კი მეზარება. ნანიკოსაც ღვიძავს, მაგრამ ჩუმადაა. უცნაურია, მაგრამ მაინც არ ვეხმიანები. გამჭვირვალე ფარდის მიღმა წვიმის წვეთებს ვუყურებ და მოგონებები ჩემთან დაუდევრად ბრუნდებიან. ვცდილობ, გავფანტო. ვცდილობ არ ავყვე, მაგრამ ვგრძნობ, რომ მათთან უძლური ვარ. მამცივნებს. თვალებს ვხუჭავ. იქნებ დამეძინოს. ასე ყველაფერი გაქრება, მაგრამ არც ეს გამომდის. საიდანღაც ტირილი ჩამესმის. კიდევ, სველი ფეხსაცმლის მეტლახზე ჭრიალის ხმა. - მარი, წადი! - მიყვირიან და შეშინებული ვხტები. მაინც ჩამძინებია. - კოშმარი ნახე? - გვერდულად ეღიმება ნანიკოს. ისევ ბალიშს ჩახუტებული წევს. - არ ვიცი, არ მახსოვს. - ჯერ ისევ ვგრძნობ კანზე დაყრილ ეკალს. - დღეს რა გავაკეთოთ? - მოწყენილი მეკითხება ნანიკო. - ჯერ ბავშვები გავართოთ და საღამოსთვის მოვიფიქროთ რამე. - რა კარგია, ზეგიდან შვებულება. - იზმორება ერთ წამში გაბედნიერებული. - ეგ მე. - მეცინება. - ხელაძესთან ორი რეპეტიცია კიდევ დაგვრჩა. - შენს ბედნიერებას ვიზიარებ და უფრო ბედნიერი ვხდები. ნუ მაშხამებ, მაცადე. - მეჯღანება ის. - ჰო, მართლა, სად არის ჩემთვის განკუთვნილი ქება-დიდება? - რით დაიმსახურე? - გაკვირვებული ვუყურებ. - შენს ბიჭთან დამეგობრებით! - ისე მიყურებს, თითქოს თავადაც უნდა მივმხვდარიყავი. - ღმერთო, რა თქმა უნდა! მე კიდევ ლამის სასწაულების ვიწამე. *** ორი მშობელი თავის ორ შვილთან ერთად ქობულეთში აპირებს დარჩენას. ლუკა რომ იგებს ამ ამბავს, მეუბნება, ახლა მაინც იქნება ავტობუსში ადგილი და ხვალ შენთან ერთად უნდა წამოვიდეო. უარს არ ვეუბნები. პირიქით, მიხარია კიდეც, რომ ჩემ გვერდით იქნება. თბილისამდე დროს მასთან ერთად უფრო მალე გავიყვან. დღევანდელი დღე კი გუშინდლისგან არაფრით განსხვავდება. სანამ საღამოს შევიკრიბებოდეთ, ლუკა რესტორნის სასადილოში ყავაზე მეპატიჟება. რამდენიმე წუთს პატარა ჰოლის შუშის კედელთან, სავარძლებში მსხდომები ვატარებთ. ლამაზი სანახავია, წვიმა ბაღის პალმებს, ყვავილებსა და კოხტად გაკრეჭილ ბუჩქებს როგორ ასველებს. ბიჭთან ერთად ვარ, ველაპარაკები, ვუსმენ, მაგრამ ხანდახან მაინც გაუცნობიერებლად ვიკარგები. ეს წამიერად ხდება. მაშინ, როცა სიზმარი მახსენდება. როცა ხმა ჩამძახის, რომ წავიდე. არ მინდა. არ მსიამოვნებს. არ მინდა მოგონებებმა თავი ასე ხშირად შემახსენონ. მათთან და ლუკასთან ერთდროულად, ცხოვრებას ვერ შევძლებ. ან ერთი უნდა იყოს, ან მეორე. მე კი არ ვიცი, რომელი უფრო ძლიერი აღმოჩნდება. არა... ვიცი. გულის სიღრმეში ვიცი და ეს კიდევ უფრო მაშინებს. 10 აგვისტო, 2019 წელი *** ქობულეთიდან მცხუნვარე მზე გვაცილებს. მიუხედავად ბოლო ორი დღისა, ბავშვები მაინც ძალიან კმაყოფილები ბრუნდებიან. რა თქმა უნდა, ჩვენ ხომ გრან-პრი დავიმსახურეთ? ამის გამო, ძალიან ამაყი ვარ და ერთი სული მაქვს, როდის დავიწყებ „პაეზდკისთვის“ მზადებას. მანამდე კი, შვებულებით უნდა დავტკბე. ღრმად უნდა ჩავისუნთქო და ძალიან ნელა და მშვიდად ამოვისუნთქო. დარჩენილი ერთი თვე მხოლოდ საკუთარ თავის განებივრებაზე უნდა ვიფიქრო. მხოლოდ იმაზე, რომ წარსულისგან განკურნებას ვცდილობ, რომ მომავალი უხარვეზო და ფერადი იყოს. შეიძლება ვარდისფერი არა, მაგრამ ფერადი მაინც. - რას უსმენ? - მუსიკის მიღმა ლუკას ხმა ჩამესმის. მერე ერთ ყურსასმენს მაცლის და თვითონ იკეთებს. ჩემი ფლეილისტი ville valo & Natalia – summer wine-ს უკრავს. ფიქრებში გართული ვერც კი ვხვდები, სიმღერა როდის იცვლება. ბიჭი ჩემთან ერთად უსმენს. ჩემი თითები უჭირავს და ცერა თითს ფრთხილად ასრიალებს. ვუყურებ ამ პატარა ჟესტს და საკუთარ სხეულს ვაკვირდები. რატომ არ მოქმედებს ჩემზე? რატომ არ მგვრის ჟრუანტელს? მე ხომ ლუკა მომწონს? ხომ მიზიდავს? მაშინ ჩემი სხეული მისი შეხებისას ასეთი უგრძნობი რატომაა? „ - ძალიან კარგად იცი, რატომ!“ - მეძახის შიგნიდან ჩემი ფხიზელი მე, მაგრამ არ ვუსმენ. მირჩევნია მიზეზების ძებნაში დავიკარგო, ვიდრე მისი პასუხები დავიჯერო. - მარი. - ლუკას ჩემი ხელი ამოუტრიალებია და მკრთალ ნაიარევს დაჰყურებს. - სულ მინდოდა ამაზე მეკითხა. საიდან გაქვს? ისევ წარსული, ისევ მოგონებები. ლუკამ რომ იცოდეს, მათ რამდენად გავურბივარ, ვიცი, არ მკითხავდა. მაგრამ მან არაფერი იცის და თავს საშინლად დამნაშავედ ვგრძნობ. ჰო, იმ გეგმების შემდეგ, რაც საკუთარი თავისთვის დავსახე, ახლა ბიჭის მიმართ დანაშაულს ვგრძნობ. უბრალოდ, თავიდან ყველაფერი უნდა ამოიგდო, მარი! ამოიგდო და გზიდან არ გადაუხვიო! - ეს... წლების უკან მოხდა. - გაღიმებას ვცდილობ და ყურსასმენს ვიძრობ. - რეპეტიციაზე ხმალმა გამიჭრა. უფრო სწორედ, რეპეტიციის შემდეგ. - ვეუბნები ლუკას და გიორგისკენ გამირბის მზერა. ოდნავადაც არ მიკვირს, როცა ვხედავ, როგორ უყურებს ჩვენს ხელებს. მის მკერდზე ჩაძინებულ სოფის თმაზე ეფერება, მაგრამ არც ის რჩება უყურადღებოდ, გვერდით სკამებზე რა ხდება. სასწრაფოდ ვაცილებ თვალს. არ მინდა მის მზერას წავაწყდე. - ხმალმა? არ მეგონა ცეკვის იარაღები ასეთი ბასრი თუ იყო. წარმომიდგენია, ნაიარევი წლების შემდეგ რომ მოგყვა, ჭრილობა მაშინ როგორი იყო. - არა, ხმალი სარეპეტიციო არ იყო. შემთხვევით სტუდიაში აღმოჩნდა. რაც იყო - იყო. - მხრებს ვიჩეჩავ. - იმედია ხმლის პატრონი დაისაჯა. - ეღიმება ლუკას. - ამის გამო არა, მაგრამ ჰო, ზედმეტადაც კი დაისაჯა. - ვპასუხობ და ვერც კი ვასწრებ გააზრებას, ისე მკოცნის ლუკა ხელისგულზე. სუნთქვა მეკვრის. სხეულს ჟრუანტელი უვლის, მაგრამ სიამოვნებისგან არა. მოულოდნელობისგან და გაორმაგებული დანაშაულის შეგრძნებისგან. ალბათ არ იყო საკმარისი, მხოლოდ ლუკასთან ვყოფილიყავი დამნაშავე, ახლა გიორგისთანაც. ეს კოცნა მისი არაა. მიზეზს ვხვდები, მაგრამ ეს კოცნა მაინც არაა მისი. ეს კოცნა მტკენს, მარწუხებს მაჭერს და მაპატარავებს. ახლა ლუკა ტუჩებს მომაშორებს და ალბათ ნაიარევიდან ისევ სისხლი გამოჟონავს. თავიდან უნდა შეხორცდეს? კანი შეიძლება, მაგრამ ეს ტკივილი? შეხორცდება? გაივლის ბრაზი გიორგის თვალებში? - მარი, - ძალიან შორიდან ჩამესმის ლუკას ხმა. ნერვებისგან ხელებში სისუსტეს ვგრძნობ. ეს არ უნდა მომხდარიყო. - რა გჭირს? - მაკვირდება ის. ნეტავ თუ ხედავს იმას, რაც ჩემს შიგნით ტრიალებს? - არა... არაფერი. - ფრთხილად ვაცურებ თითებს მისი ხელიდან, მაგრამ გვიანია. - ფერი დაკარგე. - ეს... წუხელ თითქმის არ მეძინა და ალბათ მაგის ბრალია. ლუკა ჩვენ გვერდით, პატარა საყინულეს ხსნის და ცივ წყალს იღებს. - დალიე, მიდი. და შეგიძლია დაიძინო კიდეც. ავტობუსში ვართ, შენი შვილები ვერსად გაგეპარებიან. - მოსწავლეებზე მანიშნებს ის, მიღიმის და ლოყაზე მეფერება. ნუთუ მართლა ცუდად გექცევი? *** საღამოს რვა საათი ხდება, სპორტის სასახლესთან რომ ვჩერდებით. მოსწავლეებთან გამომშვიდობებას და მათ მშობლებთან საუბარს ნახევარი საათი მაინც მიაქვს. ბოლოს მხოლოდ მე, ლუკა, სოფი და გიორგი ვრჩებით. ბიჭი არ იმჩნევს და ითმენს, მაგრამ საუბარს გაურბის და ვხვდები, ცდილობს, მალე წავიდეს. სოფი მელაპარაკება. მადლობას მეუბნება, რომ ქობულეთში გავიტყუე. ამბობს სესილისთვის რეპეტიციებზე შევხვდებითო. ერთმანეთს ბევრს არაფერს ვეუბნებით, მაგრამ დრო საშინლად იწელება. ასე მგონია, უკვე საათებია აქ ვდგავართ. შემდეგ კი გიორგის ანიშნებს, რომ შეუძლიათ წავიდნენ. ბიჭი მიახლოვდება და გამოსამშვიდობებლად ლოყაზე მკოცნის. მერე კი მოულოდნელად ხელს მხვევს და ერთი წამით მიხუტებს. - არა უშავს. - მეჩურჩულება ის, მერე ლუკასაც ემშვიდობება და სოფისთან ერთად ტაქსების გაჩერებისკენ მიდის. გულში რაღაც მწყდება. ერთიანად ვეშვები. ასე მგონია, ძალა აღარ მაქვს. ჩემი გაიგო. გამიგო, მაგრამ ეს ვერ მშველის. თავს მაინც დამნაშავედ ვგრძნობ. ლუკა სახლამდე მიცილებას მთავაზობს, მაგრამ უარს ვეუბნები. რაც შეიძლება მალე უნდა დავრჩე მარტო. უნდა დავიცალო. ყველაფრისგან. სახლში შესულს ერთიანად ყველა ნერვი მეშვება და უკვე რამდენიმე საათის შეკავებულ ცრემლებს გარეთ ვუშვებ. დაღლილობისგან საწოლამდე ძლივს მივდივარ, ვწვები და სახეს ბალიშში ვრგავ. ვეღარ ვუძლებ და წარმოდგენა არ მაქვს, რა უნდა გავაკეთო. თერთმეტი საათი ხდება, თვალებს რომ ვახელ. ჩამძინებია. თავი საშინლად მტკივა. მაშინვე ვდგები. გზად ვიხდი და აბაზანაში შევდივარ. გამოსული ყავას ვიკეთებ, ჩემოდნიდან ჩემს ფურცლებს ვიღებ და სავარძელში ვთავსდები. ვიცი და თავიდანვე ვიცოდი, რომ კარგად არაფერი იქნებოდა. ფურცლები მაისი, 2012 წელი *** მეორე დღეს თვალების გახელა ძალიან მტკივნეული იყო. სიმშრალისგან ყელი მეწვოდა და თავი საშინლად მტკიოდა. ოთახს დავაკვირდი და გამახსენდა, სად ვიყავი. - ღმერთო, რატო არ მომკალი. - ჩავიჩურჩულე ჩემთვის და ხელი გასივებულ შუბლზე დავიდე. თბილი პლედი გადავიძვრე და საწოლში გასწორება ვცადე. მუცელში რაღაც უსიამოვნოდ ტრიალებდა და გულისრევის შეგრძნებას მიჩენდა. გადმოვბრუნდი, მაგრამ ფანჯრიდან შემოსულმა მზის სხივებმა თვალი მომჭრა და ისეთი მტკივნეული იყო, ლამის ვიყვირე. ისევ გადავბრუნდი. საშინლად მწყუროდა. ნეტავ ნაბახუსევს როგორ გადავიტანდი? ან დანარჩენები როგორ იყვნენ? გიორგი! თვალები ვჭყიტე და ხელები ტუჩებზე ავიფარე. ღმერთო, არა. ეს სიზმარი იყო? არა, არ ყოფილა. თუ იყო? მან მე... ჩვენ... გონებაში წინა ღამის სურათები საკმაოდ ცხადად გაჩნდა. სხეულს მისი კოცნისგან გამოწვეულმა მხურვალე ჟრუანტელმა ძალიან მძაფრად გადაურბინა. კი, ერთი შეხედვით, ყველაფერი ცხადი იყო, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. ასეთი სიზმრები მინახავს. ასეთი რეალური და ასეთი შეგრძნებებითაც გამიღვიძია. გული გამალებით მიცემდა, მაგრამ ვერ ვხვდებოდი, ეს ნაბახუსევის ბრალი იყო, თუ იმის, რის ახსნასა და გარკვევასაც ვცდილობდი. თვალები დავხუჭე და კიდევ ერთხელ გავიხსენე. გუშინდელი დღე დეტალურად უნდა აღმედგინა. არ მახსოვდა, როგორ ამოვედი ოთახში, მაგრამ გიორგი მახსოვდა. მახსოვდა, როგორ შემეშინდა, როგორ დამიჭირა, როცა ლამის წავიქეცი და მერე... მერე მაკოცა. ისიც მითხრა, რომ ვერ მიბრაზდებოდა და, რომ არ უნდა წავსულიყავი. ღმერთო, არა. ეს სიზმარი არ ყოფილა. მან მე მაკოცა. ჩვენ ერთმანეთს ვაკოცეთ. ამ სიტყვებს რაც უფრო ხშირად ვიმეორებდი თავში, გრძნობები უფრო მერეოდა. წამიერად ღიმილი გამიკრთებოდა, მაგრამ შემდეგ გაურკვევლობა და დანაშაულის შეგრძნება საშინლად მტკენდა გულს. მუცელზე ვიჭერდი ხელებს, თითქოს შევაკავებდი შიგნით გაჩენილ მხურვალე ქარიშხალს, რომელიც თანდათან მთელს სხეულში იშლებოდა. ვგრძნობდი, რომ ეს კოცნა ერთიანად ამომაყირავებდა. ვიცოდი, რომ ამის შემდეგ ბიჭის მიმართ ჩემი გრძნობები, კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა.. ნანიკოს დის საწოლში დიდხანს ვიწექი და ბევრს ვფიქრობდი იმაზე, თუ ამ ოთახიდან როგორ გავიდოდი. როგორ უნდა მენახა გიორგი? ერთმანეთს ამის შემდეგ როგორ მოვექცეოდით? ერთმანეთს როგორ შევხედავდით? შეიძლება ჩემთვის ეს კოცნა ყველაფერი იყო, მაგრამ მისთვის? ეს რატომ გააკეთა? მას ხომ სოფი ჰყავდა? ნუთუ რამე შეეშალა? რამე აერია? ის ხომ... ის მთვრალი იყო. ჩემზე მთვრალი. ნეტავ საერთოდ თუ ახსოვდა? ნერვიულობისგან მაკანკალებდა. ადგომა არ მინდოდა. ნეტავ არ სცოდნოდათ, რომ იქ ვიყავი. ნეტავ გაპარვა შემძლებოდა. დავინახე ურდული რომ დაიწია. ერთხანს ვიფიქრე თავი მომემძინარებინა, მაგრამ მერე ოთახში სოფიმ შემოიხედა და გადავიფიქრე. რომ დამინახა, მეღვიძა, კარი ფართოდ გააღო და სიცილით შემოიხედა. ხელში ბორჯომ ეჭირა. - ცოცხალი ხარ? - საწოლზე ჩამომიჯდა ის და ბოთლი მაგიდაზე დადო. ყელში ძარღვები დამეჭიმა. გოგოს მზრუნველობამ და მისდამი დანაშაულის შეგრძნებამ, ლამის ადგილზე გამაქვავა. იმ წუთას ვერაფრით წარმოვიდგინე, ამით როგორ უნდა მეცხოვრა. - მგონი, ჰო. - მისთვის გაღიმება ვცადე და საწოლში წამოვჯექი. - გუშინ ისე აორთქლდი... - კისკისებდა გოგო. - პირველ სართულზე გეძებდით და მერე აქ გიპოვეთ. - მართლა? საერთოდ არაფერი მახსოვს. - თვალები მოვისრისე და მაშინ მივხვდი, რომ ეს იყო კარგი გამოსავალი. - არ მახსოვს, აქ როგორ ამოვედი. ღმერთო, ზედმეტი დავლიე... დანარჩენები როგორ არიან? - ყველამ მოშივებულებმა გავიღვიძეთ. ნანიკო და ხატია მაგიდას აწყობენ. მიდი, ბორჯომი დალიე, გამოფხიზლდი და ჩამოდი. - წამოდგა სოფი და გელოდებითო, ღიმილით გამაფრთხილა. თავი საწოლის საზურგეს მივადე და თვალები დავხუჭე. ჩემს სახეზე, ჩემს წელზე, გიორგის ხელებს ვგრძნობდი. ყველგან, სადაც კი მეხებოდა. მის ტუჩებს ყელსა და ბაგეებზე. მესმოდა მისი სუნთქვა და მისი ჩურჩული. ეს იყო წარმოუდგენლად სასიამოვნო და აუტანლად მტკივნეული. ამ კოცნას ბევრჯერ გავიხსენებდი, მაგრამ წარმოდგენა არ მქონდა, რას მომიტანდა. თუმცა, იმ წუთას მთავარი ეს არ იყო. უნდა ავმდგარიყავი, ჩავსულიყავი პირველ სართულზე და თავი მომეჩვენებინა, თითქოს არაფერი მომხდარა. ამას შევძლებდი? ნეტავ გიორგი როგორ იყო? რას გრძნობდა? ჩვენს შეხვედრაზე ჩემსავით ნერვიულობდა? ამაზე ვილაპარაკებდით? მე მქონდა ახსნა, თუ რატომ არ ვინანებდი მის კოცნას, მაგრამ ის რას მეტყოდა? თავში ათასი ვარიანტი ცვლიდა ერთმანეთს, თუ როგორი იქნებოდა მისი პასუხი, როგორი იქნებოდა მისი მზერა ჩემი დანახვისას და საშინლად ავირიე. წამოვდექი, ბორჯომი გავხსენი და მოწყურებულმა მოვიყუდე. ბევრმა გაზმა ყელი დამწვა. მაგიდის ქვეშ მიმოფანტული ფანქრები შევამჩნიე. გვერდით კი მათი კოლოფი. წამოვდექი და ავკრიფე. გამახსენდა, რომ წინა ღამეს დავეჯახე და რაღაც ჩამოვარდა. ჰო, ერთადერთი გამოსავალი თავის მოჩვენება იყო. გუშინ გავითიშე და არაფერი მახსოვდა. გიორგის აუცილებლად შევატყობდი, მოისურვებდა თუ არა იმაზე ლაპარაკს, რაც გადაგვხდა. მაგრამ მინდოდა კი საერთოდ ეს საუბარი? იქნებ სჯობდა საერთოდ არ ხსომებოდა, ვიდრე ჩემთვის ის აეხსნა, რომ მთვრალი იყო და არ იცოდა, რას აკეთებდა. რომ სოფი უყვარდა და ეს კოცნა ორივეს უნდა დაგვევიწყებინა. ამას ვერ გადავიტანდი. ვიცოდი, რომ ეს ჩვენს ურთიერთობას სამუდამოდ გააქრობდა. საშინლად მეშინოდა. რაც მეტს ვფიქრობდი, ახალი სანერვიულო მემატებოდა. ჩემს თავში ახალი და საშინელი წინადადებები ჩნდებოდა, რომლებიც იმედისმომცემ მონოლოგებს არ ქმნიდნენ. ამას სჯობდა, ისევ მენახა, რა მოხდებოდა. ჩემი ზურგჩანთიდან ახალი ზედატანი ამოვიღე. უნდა გამომეცვალა. რაც მეცვა გავიხადე და სანამ მეორეს ჩავიცვამდი, ორივე ხელზე, იდაყვსა და მხარს შორის პატარა სილურჯეებს მოვკარი თვალი. თითი დავადე. მეტკინა. ისიც გამახსენდა, საიდან მქონდა. გიორგი მიჭერდა, რომ ერთმანეთი არ წაგვექცია. გამეცინა. ზედა ჩავიცვი, თმა თითებით გავისწორე და ღრმად ჩავისუნთქე. ყველაფერი რამდენიმე ნაბიჯში გაირკვეოდა. *** ოთახიდან გასვლისას პირველი ნანიკო დავინახე, მაგრამ სამზარეულოდან ყველას ხმა მესმოდა. გული გამალებით მიცემდა. გოგო მესიჯს წერდა, მერე მობილური ჯიბეში ჩაიდო და ჩემს დანახვაზე გაეცინა. - ჩამოდი, რას დგახარ. ახალი ამბავი მაქვს, მოგიყვები მერე. - წარბები აათამაშა. არ წასულა. დამელოდა. მეც კიბეზე დავეშვი. - წუხელ ბევრი გამოვტოვე? - ვკითხე. - არა, მალევე დაიშალნენ და ვის სად ეძინა, კაცმა არ იცის. არ გშია? - ჰო, ცოტა. - ვუთხარი და მინის ბოთლს თითები მაგრად მოვუჭირე. სამზარეულოში შევედით. ყველა კუთხის მაგიდასთან იჯდა, გიორგის გარდა. სწრაფად მოვავლე თვალი მეგობრებს და მეც ჩამოვჯექი. მერე ფანჯრიდან დავინახე, რომ აივანზე ზურგით იდგა და სიგარეტს ეწეოდა. მოლოდინმა კიდევ უარესად ამაღელვა. მალე შემოვიდოდა, შემომხედავდა და... რა მოხდებოდა მერე? თვალი მოვაშორე. სჯობდა მისგან ყურადღება გადამეტანა. ყველა მოვიკითხე და მერე ჩემ გვერდით ჩამომჯდარ ნანიკოს მივუბრუნდი, რომელიც ისევ მესიჯს წერდა. - რა ხდება, აბა? რა ახალ ამბავზე ამბობდი? - ვკითხე და ლობიანის ნაჭერი თეფშზე დავიდე, მაგრამ დარწმუნებული არ ვიყავი, რომ პირველივე ლუკმა არ დამახრჩობდა. - იცი, წუხელ რა მოხდა? - ნანიკომ ცისფერი, გაკრიალებული თვალები დამიბრიალა. - არ იყვირო იცოდე. ჯერ არავისთვის მითქვამს. - რა... ნუ დამტანჯე, ნანი. გოგო ჩემკენ გადმოიხარა და ყურში ჩამჩურჩულა. - ბექამ მაკოცა. - ხიზანიშვილმა? - თვალები ვჭყიტე. ვერ ვიჯერებდი, რომ ჩვენს ცეკვის ჯგუფელზე ამბობდა. - ჰო. და ამ დილით გამახსენა, ისიც გითხარი, რომ მომწონხარო. - ჩაიკისკისა. - ეგ იდიოტი! - გაოგნებული ვიყავი. მაინც რანაირი ღამე იყო? - ახლა მაგას ემესიჯები? - ჰო. წაგაკითხებ მერე. ჯერ მეც შოკში ვარ. მე და ხიზანიშვილი. ხომ წარმოგიდგენია? - ვერა. მაგრამ შენგან არაფერი მიკვირს. - თავი გავაქნიე და ბორჯომი მოვსვი. ისევ გიორგის გავხედე. ბიჭმა სიგარეტი მოისროლა, მობრუნდა და კარისკენ წამოვიდა. ჰაერი არ მყოფნიდა. ვერ ვისვენებდი. სახე მიხურდა და იმედი მქონდა, რომ ერთიანად წითელი არ ვიყავი. ზურგიდან მისი ნაბიჯების ხმა გავიგე. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ის სამი წელი მიახლოვდება, რაც გიორგი მიყვარდა. მაგიდას შემოუარა და სოფის გვერდით დაჯდა. გოგოს მხრებზე გადახვია ხელი და მოღიმარს თვალი ჩაუკრა. მერე მეც გამომხედა, ერთი წამით თვალი შემავლო და სანამ ხმას ამოიღებდა, მღელვარებამ ლამის გამგუდა. - გვეგონა ძილში გაიგუდე. - მითხრა მან და გვერდულად გაიღიმა. - ვერ მოგართვით. - ჩამეცინა. მას არაფერი ეტყობოდა. მის მზერაში ვერაფერს ვხედავდი. იქნებ არც ახსოვდა? მართლა არ ახსოვდა? - აბა რას აკეთებდი ამდენ ხანს, თმას ივარცხნიდი? - გიორგი! - დაუბღვირა სოფიმ. - ზედმეტი მოგდის უკვე. მარ, არ უსმინო რა... - შეეშვი, - სკამის საზურგეს მივეყრდენი და გოგოს გავუღიმე. - ისედაც ვიცი, რომ ჩემზე აღარ ბრაზობს. „ - ვეღარ გიბრაზდები.“ - თავში მისი სიტყვები მიტრიალებდა და ბიჭს ვაკვირდებოდი. მაინტერესებდა, ჩემს თავდაჯერებულ ტონსა და სიტყვებს როგორ შეხვდებოდა. და მას გაეცინა. არ გაჰკვირვებია, არ დაბნეულა. მას უბრალოდ გაეცინა. ისე, როგორც ადრე მიცინოდა. - გაიძვერა. - ჩაილაპარაკა მან. მერე ბორჯომის ბოთლი აიღო და პირი ჩემკენ გამოსწია. - შევრიგდეთ. - თქვა და თვალი ჩამიკრა. გამეღიმა. ყველაფერი ჩვეულებრივად გრძელდებოდა. მას არაფერი ახსოვდა. ბოთლი ავიღე და მივუჭახუნე. - მე შენზე გაბრაზებული არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგი, შევრიგდეთ. - გავუღიმე და ენა გამოვუყე. - სიტყვა არ შემარჩინო. - მუდამ თქვენი სიტყვების სადარაჯოზე... - ამისთვის უნდა დავლიოთ. - იყვირა დავითმა და მაგიდაზე არყის ბოთლს გადასწვდა. - თავი დამანებე. - დავიჯღანე. - აბა, ვინაა ყველაზე ცუდად? ბაზარი არაა, იმან არ დალიოს. - მგონი ყველაზე ცუდად მარიამია, ჰო? - თქვა გიორგიმ და გამიცინა. მისი ყოველი შემოხედვა ჯერ ისევ გულის ძლიერ დარტყმებს იწვევდა და უკვე მეგონა, რომ მკერდი გამებზარებოდა. ის იცინოდა. მიყურებდა თავისი ლამაზი, მუქი კაკაოსფერი თვალებით და პასუხს ელოდა. - რატო ვითომ? - შევიცხადე და ნერწყვი მძიმედ გადავყლაპე. უნდა დავმშვიდებულიყავი, სასწრაფოდ. მეორე სართულისგან განსხვავებით, პირველ სართულზე ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდა. მეც ჩვეულებრივი მეგობარი უნდა ვყოფილიყავი. - წუხელ პირველი შენ გაქრი და ბოლოს შენ გაიღვიძე. - არაფერი მახსოვს. ასე, რომ პირველად ჩემს გაქრობას ნუ შემომტენით. არავინ იცის ვინ როდის და სად გაქრა. - წარბები ავწიე. იმედი მქონდა, რომ დამაჯერებელი ვიყავი. - სიმღერა, რომ მოგიძღვენი არც ეგ გახსოვს? - ნანიკომ თვალები უკმაყოფილოდ მოჭუტა. - ბეთ ჰარტი? - ვკითხე ნანის და მაინც გამექცა თვალები გიორგისკენ. ჩემსა და გოგოს საუბარს თვალს ადევნებდა. - ეგ მახსოვს, მაგრამ მაგის მერე აღარაფერი. აზრზე არ ვარ ოთახში როგორ ავედი და როგორ მოვკვდი. - არა უშავს, მთავარი გახსოვს. სიკვდილის დავიწყებას კიდევ რა ჯობია. - ნანიკომ ხელზე იდაყვი მომარტყა და მოულოდნელი ტკივილისგან უცბად შევკრთი. ზუსტად იქ მომხვდა, სადაც დალურჯებული მქონდა. - რა დაგემართა? - შემომხედა შეშფოთებულმა გოგომ. - არაფერი, მეტკინა, იდიოტო. - ხელი მოვისვი და ისევ გიორგისკენ გავიხედე. ბიჭმა მკრთალად გამიღიმა. მერე წამოდგა და ისევ სიგარეტის მოსაწევად გავიდა. ამოვიოხრე და ჩემს თეფშს დავხედე. უნდა მეჭამა. იქნებ ყელში გაჩხერილი დიდი მოთმინება, რამენაირად გადამეყლაპა. დანარჩენები ახმაურდნენ. ვჭამდით, წინა დღის ამბებს ვიხსენებდით და ვიცინოდით. არავინ იცოდა, რა საშინლად მინდოდა იქიდან წასვლა, სახლში გამოკეტვა და გამაყრუებელი სიჩუმის მოსმენა. უნდა დავრჩენილიყავით მხოლოდ მე, გიორგი და ჩვენი ვარდისფერი გარსი. აუცილებლად ყველაფერი „ნაბახუსევის ამნეზიას“ უნდა ჩაბარებოდა, რადგან არსებობდა ბევრი რამ, რის გამოც კოცნის თემა არ განიხილებოდა. პირველი და ყველაზე მთავარი კი ჩემ წინ იჯდა. გიორგის მაგიდაზე ჩამოდებულ თითებზე საჩვენებელ თითს ასრიალებდა და მხიარულად ეკისკისებოდა. ბიჭის ყოველი სიტყვა ისეთ ბედნიერს ხდიდა, რომ უნებურად მეღიმებოდა. თვალებში უყურებდა, აღფრთოვანებით, სიყვარულით, თითქოს მის ნათქვამ ყოველ სიტყვას იწოვდა და მათით სულდგმულობდა. გიორგის ხუმრობაზე გულიანად იცინოდა, სახეზე ეფერებოდა, ხან ლოყაზე კოცნიდა, ხან თითებზე. თავს მხარზე ჩამოადებდა და დანარჩენების საუბრებს თვალს თავისი მყუდრო გარემოდან ადევნებდა. ბიჭისგანაც იღებდა საპასუხო ქმედებებს. შესაძლოა იმდენს არა, რამდენადაც თავად გასცემდა, მაგრამ გიორგი არც ყურადღებას აკლებდა და არც სითბოს. ჩემ თვალწინ ახალი ცეკვა იდგმებოდა, ლაღი და მომნუსხველი მოძრაობებითა და საოცარი მუსიკით, რომელსაც ვერანაირად ეყოლებოდა კონკურენტი. გიორგის არაფერი ახსოვდა და ჩვენი კოცნის შესახებ ვერც გაიგება. მისი და სოფის ურთიერთობას ეს ამბავი ბზარებს არასოდეს გაუჩენდა. სოფის ამას ვერ გავუკეთებდი. ის ამას არ იმსახურებდა. ივნისი, 2012 წელი *** იატაკზე ვიწექი და ყურსასმენებში ბეთ ჰარტს ვუსმენდი. შაბათ-კვირა მქონდა იმისთვის, რომ საკუთარ დრამაში თავი მთავარ გმირად საბოლოოდ და დიდებულად წარმომეჩინა. გმირად, რომელიც უპასუხო გრძნობებისგან იხრჩობოდა, სამაგიეროდ, მისი საყვარელი ადამიანის ბედნიერების გამო ბედნიერი იყო. ფიქრობდა: არა უშვას, თუ გაკოცა, არა უშავს თუ ეს სიგიჟემდე მოგეწონა და არა უშავს თუ ამას ტუჩები ისევ ითხოვდნენ. არა უშავს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ვერასდროს ვიფიქრებდი, თუნდაც სიკვდილის წინ გიორგის კოცნას დავიმსახურებდი, მაინც ყველაფერი თავიდანვე ვიცოდი. ჩემი გრძნობები ჩემს ხელში იყო და მე მეგობრის დაკარგვის მეშინოდა. ამ ამბავში დამნაშავე ჩემ გარდა არავინ ყოფილა და, რამდენად საოცარიც არ უნდა ყოფილიყო, ხანდახან საკუთარ თავსაც კი ვერ ვადანაშაულებდი. იმ ღამიდან ორი დღე იყო გასული. კოლეჯიდან პირდაპირ სახლში მივდიოდი და სკვერში გაჩერებაზე უარს ვამბობდი. გასაკვირი იყო, რომ არავინ მაცივდებოდა, მაგრამ მიზეზზე არც კი ვფიქრობდი, ისე მიხაროდა, რომ ტყუილების მოფიქრება არ მჭირდებოდა. ის შაბათ-კვირა კი გამოტირების დღეებად ვაქციე. ორშაბათიდან ჩემი გეგმებით ახალი ცხოვრება უნდა დამეწყო. მაგრამ დილიდანვე ვგრძნობდი, რომ ფიქრებს მარტო ვერ ვუმკლავდებოდი. სიამოვნებას აღარც ბეთ ჰარტი მანიჭებდა. საღამოსკენ უკვე მძულდა ის ხმა და ის სიტყვები ბიჭის შეხებასა და მის სუნთქვას რომ მახსენებდა. მობილური ავიღე და ტექსტი ავკრიფე. „ - მჭირდები, ნანი.“ მაგრამ ვერ ვწყვეტდი, უნდა გამეგზავნა თუ არა. ვიცოდი, რომ ჩემი გაუთავებელი სევდით ჩემს ძვირფას მეგობარსაც ვამძიმებდი. ვიცოდი და ამიტომაც ვყოყმანობდი, მაგრამ არ მინდოდა მისთვის რამე დამემალა. ის ერთადერთი იყო, რომელსაც ჩემი საიდუმლოს ყველა დეტალს ვუზიარებდი და გამონაკლისი არც უკანასკნელი მათგანი უნდა ყოფილიყო. დივანზე ჩემ წინ იჯდა და მოთმინებით მელოდა, როდის ავამოძრავებდი ნერვებისგან დაბრეცილ ტუჩებს. ჩემი გოგო მოსმენილისგან შოკში იყო. ერთი წუთით მაცადეო, მითხრა და თვალები დახუჭა. ნამდვილად, ამ ამბის გადახარშვა არც ისეთი მარტივი იყო. - ეს ასე არ უნდა დატოვო. - კომიდან გამოსვლის შემდეგ, ეს იყო მისი პირველი წინადადება. ვიცოდი. რა თქმა უნდა, ვიცოდი, რომ ნანიკო მოქმედებისკენ მომიწოდებდა. გადათელავდა ყველაფერს, რომ მე ჩემი ბედნიერებისთვის რამე გამეკეთებინა. - უკვე დავტოვე, ნანი. შენ იმიტომ გითხარი, რომ... რომ უბრალოდ უნდა მეთქვა. - მარი, ეს... ეს კოცნაა, გესმის? ამბობ, მთვრალები ვიყავითო, მთვრალი იყოო... რა თქმა უნდა, ამას ფხიზელი ვერ და არ გააკეთებდა. - არა, ნუ ამბობ ამას... - თავი გავაქნიე და თვალები დავხუჭე. - ვერაფრით დამაჯერებ, რომ ეს გაუცნობიერებლად, უგონოდ გააკეთა. მარი ვერაფერი დამაჯერებს, რომ გიორგის ეს არ ახსოვს... - არ გინდა, ნანი. ის ძალიან მთვრალი იყო... მეორე დღეს ვაკვირდებოდი. რომ ხსომებოდა, სახეზე რაღაც მაინც დაეტყობოდა. - გეყოფა, რა! შენ შემხედვარეს, თავი ჰოლივუდში მგონია. რატომ ფიქრობ, რომ მხოლოდ შენ შეგიძლია ყველაფრის კარგად დამალვა? დამიჯერე, არც შენ გეტყობოდა მეორე დილით, რომ წინა ღამეს გიორგის აკოცე. - გთხოვ, ნანი. - ხმა გამებზარა. ვიცოდი, რასაც ამბობდა, ყველაფერს ჩემთვის. მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა სიმართლეში დავერწმუნებინე. იმ სიმართლეში, რომელიც ჩემთვის მხოლოდ არაღიარებული სურვილები იყო. მაგრამ ეს მტკენდა. ძალიან მტკენდა, რადგან მაინც არაფრის გაკეთებას ვაპირებდი. - ვერ გიტანთ, იცით? ვერც ერთს ვერ გიტანთ. ვერც აქამდე გიტანდით და ახლა საერთოდ. რა არის ეს? თუ ის იდიოტი შენ მიმართ რამეს გრძნობს, მაშინ რა ჩემ ფეხებად უნდა სოფი? და თუ სოფი ჰყავს, მაშინ შენ რატო გაწვალებს? სახეზე ხელები ავიფარე. ვერ ვიჯერებდი, რომ ნანიკო გულის სიღრმეში მიმალულ ჩემი საყვედურების სიას ასე ხმამაღლა და ზედმიწევნით ითვლიდა. - იტირე, ჰო. ასე ჯობია. - არ ჩუმდებოდა გოგო. - ისედაც ვიცი, რომ, რაც არ უნდა გითხრა, მაინც ყველა გზას გადაიჭრი. რაღაცას მაინც იპოვი, რომ დარჩე მარტო და იმ ვირს მთელი ცხოვრება ასე ეტრფოდე. - ნანიკო... - ვსაყვედურობდი, მაგრამ არ ესმოდა. - ჰო, ჰო... არ ჯობია სოფიზე იფიქრო? ის ხომ უდანაშაულოა, არაფერი დაუშავებია... - მაჯავრებდა. - რაც მემართება მარტო ჩემი ბრალია. შენი ბრალია, მართალი ხარ! საშინლად გაღიზიანებული ვარ და ჩემგან რამდენიმე საათის განმავლობაში თავზე ხელის გადასმას არ ელოდო. აი, ასე იჯექი და იტირე. თუ შენი ცრემლები არ გყოფნის, მეც შემიძლია ვიტირო. ოღონდ ისე ქენი, რომ ამ გლოვამ შედეგი გამოიღოს, მარი. თუ გჯერა, რომ გიორგის არაფერი ახსოვს; თუ მასთან დალაპარაკება და მისი და სოფის წყვილის დაშლა არ გინდა, მაშინ თავი ხელში აიყვანე. ეგ კოცნა დაივიწყე და იცხოვრე, თორემ მკვლელად მაქცევ. ღმერთო! - ამოიოხრა ნანიკომ და თავი დივნის საზურგეს ჩამოადო. ცოტა ხნით თავისთვის ბუტბუტებდა, მერე ჩემკენ გადმოიხარა და გულში ჩამიკრა. ყველაზე სუსტი შემეძლო რომ ვყოფილიყავი იმ მომენტში, რადგან ვიცოდი, რომ მარტო არასდროს ვიქნებოდი. ყოველთვის მეყოლებოდა გვერდით ის, ვინც გამლანძღავდა, ჩემს სისუსტეებს ცხვირწინ დამილაგებდა, მერე კი ჩამეხუტებოდა და სირთულეებს გადამატანინებდა. თავი 11 14 აგვისტო, 2019 წელი *** მაიკოს დაბადების დღეა. ჩემი მშობლების სახლში ვარ და დილის ათ საათზე, ბადრიჯნის შეწვისგან ვიწვი. საშინლად ცხელა. მაიკო ფიქრის საშუალებას არ მაძლევს. ათას შეკითხვას მისვამს ქობულეთთან დაკავშირებით და მეც გაუთავებლად ვლაპარაკობ. მაგრამ ეს სახლი იმდენი კარგი მოგონებითაა დატვირთული, რომ მისი ყოველი კუთხიდან სხვადასხვა ხმები ჩამესმის. ნოსტალგია კარგი რამეა, ბედნიერ წარსულზე მეტყველებს, მაგრამ თან გახსენებს, რომ ის ყველაფერი ახლა აღარ გაქვს. საბედნიეროდ, მაიკო თავისი ახალი და სახალისო ამბების წყალობით ხასიათს მინარჩუნებს და თავს ძალიან კარგად ვგრძნობ. იმასაც კი ვფიქრობ, რამდენიმე დღე აქ ხომ არ დავრჩე. - დედა, მოდი ბავშვებსაც დაურეკე და მოვიდნენ საღამოს, რა. - თვალებგაბრწყინებული მიყურებს მაიკო. - ვის ვუთხრა. - მხრებს ვიჩეჩავ. - ლაშა და ხატია საირმეში არიან, ფეისბუქზე ვნახე. ნანიკო მშობლებს გაჰყვა სოფელში, ზეგამდე არ ჩამოვა. დავითი ბათუმში დარჩა თავის ნათესავთან. სოფი და გიორგი არ ვიცი. - რა არ იცი? - აქ არიან, მაგრამ... კარგი, ჰო დავურეკავ მერე. - ოჰ, მაიკო. რა არ გასვენებს?! - რას შვრებიან ეგენი დე, რამდენი ხანია, რაც ერთად არიან? - მეკითხება ინტერესით და უკვე ვიცი, საითაც წაიყვანს საუბარს. - ახლა არ დაიწყო! - ჩანგალს ვწევ კატეგორიულად და წარბებსაც თან ვაყოლებ. - უიმე, კარგი. - ცბება ქალი. - მაინტერესებდა უბრალოდ. - ჰოდა, რო მოვლენ იმათ ჰკითხე, რაც გაინტერესებს. - რა საზიზღარი ვინმე ხარ. დაგეწვა ბადრიჯანი, მიხედე მაგას. - ცხვირს მიბზუებს წინსაფრიანი იუბილარი და სამზარეულოდან გადის. არ ვიცი, როგორ დავიძვრინო თავი იმისგან, რომ ეს საღამო მშობლებთან და მათ სტუმრებთან ერთად მარტომ გავატარო და არა სხვა დამსწრე საზოგადოებასთან ერთად. ღმერთო, მაიკო, რატომ არ შეეშვები ჩემს სამეგობროს და რატომ შენი და შენი ქმრისას არ დასჯერდები?! - დედა, - უკან ბრუნდება ქალი და თვალებს უწვრილებს. - ჰო არ იკამათეთ? - რა? საიდან მოიტანე? - მეცინება. - რა ვიცი, აბა. მაგათზე რომ გკითხე გაბრაზდი. - იმიტომ გავბრაზდი, რომ გიორგიზე და სოფიზე ჭორაობას აპირებდი. ჩვენ რაზე უნდა ვიკამათოთ? - ისე ვიცხადებ, თითქოს ბოლო ერთ თვეში რამდენჯერმეც არ მოგვესწროს. - ძალიან კარგი, დედი. თქვენ რა გაქვთ გასაყოფი. - ხელფასი, მაიკო. - მაგის გარდა. - კისკისებ ქალი და ლოყაზე მკოცნის. ლუკაზე იმიტომ არ ვსაუბრობთ, რომ მისთვის ჯერ არაფერი მითქვამს. არ ვარ დარწმუნებული, რომ მაიკოსთან მასზე ლაპარაკი მინდა. ჯერ არაფერში ვარ დარწმუნებული. ქობულეთიდან აკვიატებული ფიქრები, რომ ლუკას ცუდად ვექცევი, თავიდან ჯერაც არ ამომვარდნია. ამიტომ ვფიქრობ, რომ დედასთან ამაზე საუბარი ჯერ ადრეა. ვიცი, საკმარისია მასთან ვახსენო, რომ ჩემს ცხოვრებაში ვიღაც გამოჩნდა, გეგმებს დასახავს, ოცნების კოშკებს ააგებს და წარმოიდგენს, რომ უკვე ყველაფერი ისეა, როგორც მას უნდა ჩემთვის. თითქოს ჩემი ფიქრები ესმისო, ლუკა მწერს. შუა დღით აუზზე მეპატიჟება. სიტუაციას ვუხსნი და ვეუბნები, რომ მარტო წავიდეს. ისიც არ მაცივდება. არასდროს არაფერზე მაცივდება და ალბათ ეს მისი საუკეთესო თვისებაა. წინა დღეები მასთან ერთად გავატარე. ხელაძის ბოლო რეპეტიციიდან გამოსულს, სტუდიასთან დამხვდა და გარდენიაში წამიყვანა. იქაურმა სიმშვიდემ და ძველი ჰანგებით შექმნილმა ჰარმონიამ, ჩემს ხასიათზე საოცრად იმოქმედა. უგემრიელესი ჩაი დავლიეთ და ბევრიც ვისაუბრეთ. ვიცი, რომ ეს გარემო და ასეთი სიმშვიდე ლუკას სტილი არაა და ვაფასებ, რომ ჩემი სამყაროს მიღებას ცდილობს. სამაგიეროს მეც ვცდილობ და ამის მერეა, რომ შემდეგ ყოველთვის დამნაშავედ ვგრძნობ თავს. ბადრიჯნის შეწვას ვრჩები, ხელებს ვიბან და მობილურს ვიღებ. თერთმეტი საათია. „ - გღვიძავს?“ - ვწერ გიორგის. „ - ჰო. რაო?“ - რას შვრები დღეს, გცალია? - ვურეკავ. ტუჩს შიგნიდან ვიჭამ და გულში ვლოცულობ, რომ არაო, მითხრას. - ჰო, რა ხდება? - ახალგაღვძებულის ხმა აქვს. მიყვარს ასე რომ დაუბოხდება ხოლმე. - უსაქმურო! - ვეძახი გაბრაზებული. - რას ილანძღები უთენია, ჰო არ გაგიჟებულხარ? - მაიკო გეპატიჟებათ შენ და სოფის. - თავს ვაქნევ უკმაყოფილოდ და უპასუხოდ ვტოვებ. - დანარჩენები არ არიან თბილისში და... - რაზე?.. უი, მაიკო დეიდას დაბადების დღეა, ჰო? გილოცავ, გილოცავ. - მადლობა. - მეცინება. - მოიცადე. ჰო, მე მოვალ, მაგრამ სოფი არ მგონია. დღეს მგონი კორპორაციული აქვს, - კარგი. გაარკვიე და გელოდება დედა. - დედა? შენ არა? - ჩაცინების ხმა მესმის. - არა. - ქობულეთში ყელში ამოვედი, ჰო? - სიტყვებზე ნუ დამდევ. ადექი, გამოფხიზლდი. - მეცინება და ვუთიშავ. იდიოტი. *** უფროსებთან ყოველთვის სახალისოა, თანაც ნასვამ უფროსებთან ერთად დროის გატარება. წარსულიდან მათი სახალისო ამბების მოსმენა, თუნდაც აქამდე უკვე ბევრჯერ ჰქონდეთ მოყოლილი. მათ ისტორიებში ვიკარგები ხოლმე და იმაზე ვფიქრობ, როცა მე და ჩემი სამეგობრო მათი ასაკისები ვიქნებით, რამდენ რამეს გავიხსენებთ და მოვუყვებით ჩვენთან ერთად მაგიდასთან მსხდომ შვილებს. გიორგიც მალე მოდის. მაიკოს გულში იკრავს და საჩუქარს აძლევს. მამა მისი დანახვით გამოწვეულ სიხარულს, განსხვავებულის დალევით გამოხატავს. - მგონი დღეს დარჩენა მომიწევს. - მეჩურჩულება ჩემსა და გივის შორის, მაგიდის კუთხეში მჯდომი გიორგი და ხელში მომარჯვებულ ყანწს უყურებს. - დივანზე მოგიწევს დაძინება. - თვალით ვანიშნებ, მოშორებით მდგარ ავეჯზე. - მანდ ძირითადად შენ გძინავს ხოლმე, მე შენს საწოლში. - ცვლილებების დროა. - მამიდასთან გადავალ. ცვლილებები მომინდომა. - წარბებს სწევს ის. არ ვსვამ. ბოლო დროს ჩემი ალკოჰოლთან ურთიერთობა საკმარისი იყო. ეს ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აღარ მოხდება. მიზეზად ცუდი ნაბახუსევი მომაქვს. გიორგის ეცინება და გვერდში მწარე ჩქმეტასაც იღებს. ქობულეთის ნაბახუსევი რომ მახსენდება, საზიზღარი ჟრუანტელი მივლის. თუმცა, ასეც რომ არ იყოს, აქ ისეთი სიტუაციაა, ისეთი ხალხი და საუბრებია, რომ ჯობია ფხიზელმა ვუყურო და დავტკბე. ცოტა ხანში კი, ტრადიციული შეკითხვების დროც დგება: - მარი, შენს ქორწილში როდის უნდა მოვილხინოთ? - მეკითხება მამას ძმაკაცი. გიორგი ხელს თავისი სკამის საზურგეზე დებს და ინტერესით მაკვირდება. მის გაიძვერულ ღიმილსაც არაჩვეულებრივად ვამჩნევ. სანამ შეკითხვის ავტორს პასუხს დავუბრუნებდე, დედას დაქალი ამატებს: - აბა, აბა, გვითხარი. რამდენის ხარ? მალე ოცდაშვიდის ხდები, ჰო? დროა, მარი დროა. ვიცინი. სხვა რა გავაკეთო. სიტყვის ჩაგდების საშუალებას არ მაძლევენ. - შეყვარებული არ გყავს? გეყოლება, შენ ისეთი კარგი ხარ. ისევ ვიცინი. ღმერთო, ნეტავ ახლა ვინმე დამეხმარებოდეს და თემას შეცვლიდეს. გიორგის ვუყურებ, მაგრამ რად გინდა... - უპასუხე, უპასუხე, გვაინტერესებს ხალხს. - თვალს ავლებს სტუმრებს. - ყელს გამოგჭრი. - ვცრი კბილებში და ღიმილსაც ვინარჩუნებ. - არ მყავს, ლალი დეიდა. ჩემს ქორწილში ყველა იქნებით, არ ინერვიულოთ. - ვუცინი ქალებს. - ნეტა როგორი შეგრძნებაა, როცა ინკოგნიტო ხარ? ლუკას ვკითხავ, მაგას ეცოდინება. - ფხუკუნებს გიორგი და მამაჩემს უბრუნდება. - გივი ძია, რა სადღეგრძელო თქვი ბოლოს? დედისერთა, გათამამებული შვილების? - მამაჩემს ეცინება. - ა, არა, დედისერთა, გათამამებული, გასათხოვარი შვილების. მარიამ, აბა შენ იცი. - სიცილს ძლივს იკავებს გიორგი და ღვინოს სვამს. სანამ უფროსები იცინიან და ისევ ჩემს მომავალს განიხილავენ, გიორგი ყურადღებას ითხოვს და ჩემს ყავის ფინჯანს იღებს. - ღმერთო, ჩემო. - ვხვდები, რასაც აპირებს და ნერვებმოშლილი სახეზე ვისვამ თითებს. მაგრამ ვცდილობ, მაყურებელმა არ შემამჩნიოს, ბიჭს ვუცინი და თან თვალებით ვანიშნებ, რომ სასწრაფოდ გადაიფიქროს, რასაც გეგმავს. - ამას შეხედეთ, მარიამს რა მეტყველი ჭიქა აქვს. მარიამ, სხვათა შორის, შენი ყავა შენზე გულახდილია. - ყურადღებას არ მაქცევს იდიოტი. - შენი სიკვდილის თარიღიც ხომ არ წერია? - ფეხზე ვურტყამ ხელს. გვერდით იწევა. როლშია შესული და მაყურებელიც დიდი ინტერესით აკვირდება. - ჰმმ... - ახლად გამომცხვარი ბოშა ჭიქას ჩაჰყურებს. - ოქროსთმიან პრინცს ვხედავ. ნიკაპზე მგონი რძე აქვს... აი ეგ არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს. - თავს ვერ ვიკავებ და სიცილი მიტყდება. ეს იდიოტი კიდევ ერთხელ მახსენებს, რომ ლუკა ჩემზე ორი წლით პატარაა. - კიდევ, ასო „მ“-ს ვხედავ, რომელიც ამ პრინცს ხელში უკავია. გრძელ გზას ადგას. რაღაც შენობამდე მიდის, მარიამ ნახე? - ერთი წამით ჭიქას ჩემკენ სწევს, მაგრამ ჩახედვას ვერ ვასწრებ. - უი, ასე “მ” პრინცს ხელიდან უვარდება. - გიორგი, ბრმა ხარ. - მეცინება. ეს სავარაუდოდ ფრენბურთის ღამის ამბავი უნდა იყოს. - აბა მოდი, იქნებ სახელიც დავინახოთ. - ჭიქას ატრიალებს ის. - ყველაზე მეტად რაც გვაინტერესებს! - იცინის მაიკო თავის დაქალებთან ერთად და გიორგის გაბრწყინებული თვალებით შეჰყურებს. ერთობა. - ჰმმ... მგონი, “დ” ასოა. არა, არა, “ლ.” უეჭველი ეგაა. - თავს აქნევს ის და ფინჯანს მაგიდაზე აბრუნებს. - “ლ?” - მაიკო ლოყას ხელისგულზე იდებს. - მარი, “ლ?” - დედა, სერიოზულად? - თვალებს ვჭყეტ. - ეს ვერ არის კარგად, რას უსმენ? გიორგი იცინის და მაიკოს ანიშნებს, დამიჯერეო. - კიდევ ჩაიხედე აბა, იქნებ ისიც ჩანს, როგორ გაგდებენ დაბადების დღიდან. - თვალებს ვუბრიალებ. - უი, მაიკო დეიდა. მეორე ასოც დავინახე. “უ” იყო. - ყურადღებას არ მაქცევს. - “უ?” - დედა კიდევ ფიქრობს. - ალბათ ლუარსაბი. - ეხმარება გიორგი და ჩემს სახეს რომ ხედავს, ლოყაზე მჩქმეტს. - რაო დარეჯან, რამ გაგაცოფა? ჩიხირთმა გინდა? - ა, ხალხს ტყუილად ეჭვებში ნუ აგდებ, გიორგი. ნერვებზე მშლი. - ტყუილად? - იოცებს. - კიდევ კარგი პრინცს არ ესმის. მაიკო დეიდა, მესამე ასო გამოჩნდა! და სანამ უკუდო ეშმაკს მართლა ყელს გამოვჭრიდე, ჩემი მობილური რეკავს. ნანიკოა. ღმერთო, რა თქმა უნდა. ისევ ის თუ მიშველიდა! სასწრაფოდ ვპასუხობ. - რა შოუ ჩამიგდო. - დანანებით თავს აქნევს გიორგი. სიტუაციაზე გადასახედად რეკავს. არკვევს, არის თუ არა კიდევ ის ნამცხვარი, მას რომ უყვარს. არკვევს უმისოდ ვერთობით თუ არა და ვახსენეთ თუ არა, რომ მისი აქ არ ყოფნა დასანანია. მერე ბოდიშს ვიხდი და ჩემს ოთახში ავდივარ, რომ თავისუფლად ველაპარაკო. - როგორც მივხვდი, სოფი მანდ არ არის. - მეუბნება გოგო. - არ არის, ჰო, კორპორაციული ჰქონია. - მომიყევი ახლა, ქობულეთის მერე როგორ იქცევა? - ვისზე მეკითხები... - გიორგიზე. ლუკა, რომ განებივრებს მაგაში ეჭვი არ მეპარება. - ჰო, ლუკასთან ყველაფერი კარგადაა. და მგონი გიორგისთანაც. რაც მოვიდა, მარტო ნერვებს მიშლის. ხან მგონია, რომ ქობულეთის ბოლო დღეები არც ყოფილა. - ჰმმ... რაღაც სიტუაცია საეჭვოდ დამშვიდდა. - ნანიკო, მომასვენე, კარგი? შენც და ყველამაც. - ყველაში ვის გულისხმობ? დარწმუნებული ხარ, რომ მაგ „ყველასგან“ მოსვენება გინდა? სხვათა შორის, შენს სახლში ხართ, ჰოდა... - სანამ დაასრულებდე, მანამ გაგითიშავ. - ჰო, კარგი, კარგი. სად მაქვს შენი ნერვები. მითხარი, - ოხრავს გოგო. - სესილის რეპეტიცია დაგეგმეთ? შეიძლება ხვალ ჩამოვიდე. - აბა რა აზრი აქვს რეპეტიციას. უმეტესობა თბილისიდან გასულია. მაქსიმუმ სამაია და ქართული გავიაროთ. და ჰო, ჩამოდი რა. მომწყინდა უშენოდ. - ვგიჟდები, თავს მნიშვნელოვნად ასე მკაფიოდ რომ მაგრძნობინებ ხოლმე. - კისკისებს ის. - კარგი, წადი, გაერთე მაგ შენს ტურფასთან, სანამ მარტონი ხართ. - ამბობს ის და სანამ ვუსაყვედურებდე, მანამ მითიშავს. მობილურს ვდებ და ჩემს ოთახს ვავლებ თვალს. მიუხედავად იმისა, რომ რაღაცები ჩემს ბინაში წავიღე, ნივთების უმეტესობა აქაა. პოსტერები კედლებზე. იასამნისფერი საათი, ძველი მუსიკალური ცენტრი, წითელი პუფი. აქაურობა სამახსოვრო ნივთის ჰგავს. ასე მგონია, რამე რომ შევცვალო, მოგონებებიც და წარსულიც შეიცვლება. აქ სხვა სუნი და სხვა ფერი აქვს ცხოვრებას. თითქოს ცალკე განზომილება იყოს, შემოსვლისთანავე განვლილი წლები ჩემ გარშემო ტრიალს იწყებენ. დღევანდელ დღეს რომ ვუკვირდები, ასე მგონია, წარსულიდან ერთ ძალიან ჩვეულებრივ დღეს ვიპარავ. იმ წარსულიდან, სანამ სოფი გამოჩნდებოდა და სანამ გიორგის მეგობრად თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი. სანამ ძალიან გართულდებოდა ჩემთვის ყველაფერი. დღეს გიორგი ასეთია, ძველებური, მხიარული და უდარდელი. და მეც ასეთს მხდის. თვითონ ალბათ არ იცის, მაგრამ ეს გავლენაა. მისი განწყობა ვირუსივით სწრაფად მედება ხოლმე. ახლა ის კარგად არის. ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს და მეც კარგად ვარ. ძალიან მინდა, რომ ასე გაგრძელდეს. ეჭვები აღარ გაჩნდეს, და უკვე გაჩენილიც მალე დამავიწყდეს. - აქ ხარ? - ღიად დარჩენილი კარიდან იხედება გიორგი. - ჰო, მოდი. - არა, უნდა წავიდე. დასამშვიდობებლად ამოვედი. - მაინც შემოდის და ოთახს თვალს ავლებს. - დივნის ვარიანტი არ მოგეწონა, ჰო? - მეცინება. - დიდი ხანია, მამიდას მონახულებას ვპირდები და სანამ აქეთ ვარ, გავუვლი. რამდენი ხანია ამ ოთახში არ ვყოფილვარ. მგონი წელიწადზე მეტია. - პირველი რა გაგახსენდა. - მტკივნეული გაკვეთილები. - ეცინება. - მგონი ფიქრობ, რა ტყუილად დაკარგე დრო, არა? - არა, არ ვფიქრობ. - ამბობს და მიახლოვდება. - მარიამ, მგონი ჩვენი საუბრების საღამო უნდა დავგეგმოთ. - ჰოო... - თავს ვუქნევ თანხმობის ნიშნად. - დავგეგმოთ. - შენს აივანს ხომ ეცლება. - დარწმუნებული ვარ, სიამოვნებით მიგვიღებს, როცა მოვისურვებთ. - ძალიან კარგი. - როდის? - რამდენიმე დღე არ მეცლება. მაკას უნდა დავეხმარო სახლში რაღაც საქმეები აქვს. - თავის დეიდაზე ამბობს. - გეტყვი, შენ ხომ სულ გცალია? - ჰო. მთელი ერთი თვე ზედმეტად მოცლილი ვარ. - კარგია. ნორმალურად დაისვენებ და პრინცსაც მიხედავ. - ვაიმე, ძალიან ცუდად იქცეოდი. არ გეგონოს, რომ დამავიწყდა. - სამაგიეროდ ხალხი გავართე. - მხრებს იჩეჩავს. - გეყოფა ბუზღუნი. ადექი, გამაცილე. ვდგები. პირველ სართულზე ჩავდივართ, თვალს ვადევნებ, როგორ ემშვიდობება მაგიდასთან მსხდომთ და შემდეგ ჭიშკრამდე მივყვები. - კარგი ბიჭი ხარ, რომ მოხვედი და მაიკო გაახარე. - მარტო მაგიტომ ვარ კარგი? - პასუხის მოლოდინით წარბებს ზემოთ სწევს. - არა, ისედაც კარგი ბიჭი ხარ. - მეცინება. გიორგი ხელებს შლის და გულში მიკრავს. - ჩვენს შორის კარგი ვინ არის, ეს ყველამ მშვენივრად იცის. - ამბობს ის და თავზე მკოცნის. აფორიაქებულ გულს ვებრძვი, მაგრამ არაფერი გამომდის. - ძილი ნებისა, მარიამ. - ძილი ნებისა. - ლოყაზე ვკოცნი ბიჭს და ვემშვიდობები. სახლში დაბრუნებული ვაანალიზებ, რომ დღეს სოფი ნანიკოს გარდა არავის უხსენებია და უხერხულობის შეგრძნება დიდხანს მყვება. დაძინებამდე, ჩვენი საუბრების საღამოზე ფიქრი თავიდან არ მშორდება. არ ვიცი, რატომ, მაგრამ იმედი არ მაქვს, რომ ის ღამე მშვიდად ჩაივლის. „ - ახლა ჩემზე ფიქრობ თუ დასარეცხ ჭურჭელზე?“ - მესენჯერში ლუკას შეტყობინება მომდის და მეცინება. „ - სიმართლე თუ გინდა, არც ერთზე.“ - ვპასუხობ. „ - ასე ჯობია. პასუხის ისედაც ძაან მეშინოდა. როგორ ჩაიარა დღემ?“ „ - მშვენივრად. აუზზე რა ხდებოდა? როგორ გაერთე?“ „ - მგონი აუზი უფრო გაერთო ჩემით. ფეხი ამისხლტა და წავიქეცი.“ „ - სერიოზულად? როგორ ხარ, რამე იტკინე?“ „ - მხოლოდ მგრძნობიარე მიდამოები და ცოტა დაჯდომა მიჭირს. უპირატესობას დგომას და წოლას ვანიჭებ.“ სიცილი მიტყდება და დიდხანს ვერ ვჩერდები. საუბარი გვიგრძელდება და დაძინებაც არ ხდება რთული. 16 აგვისტო, 2019 წელი *** არ მინდოდა, ჩემ გამო თავისი დაჟეჟილობებით ლუკას გარეთ ევლო, თანაც საშინლად ცხელოდა და გუშინ სახლში დავპატიჟე. წინააღმდეგი არც თვითონ ყოფილა. ბოლოს და ბოლოს, ჩემთან პირველად მოდიოდა. მაგრამ არ გაუმართლა. ნანიკო თავისი საყვარელი ნამცხვრის საჭმელად, რომელიც მაიკოსგან წამომაღებინა, სოფლიდან პირდაპირ მესტუმრა. თავი ოდნავადაც არ უგრძნია ზედმეტად, მიუხედავად იმისა, რომ ლუკამ რამდენჯერმე ყოველგვარი მინიშნებების გარეშე უთხრა. თავისი სიამოვნება მიიღო, დაგვემშვიდობა და წავიდა. ბიჭი გვიანობამდე დარჩა. მაჩვენა თავისი დალურჯებული ზურგი და თუ სხვა ადგილიც გაინტერესებს, არ მოგერიდოს, მითხარიო, გამამხნევა. აივანზე გავედით და ყავა იქ დავლით. ჩვენს მომავალ საუბარზე, გიორგის სიტყვები მახსენდება და გონება მეფანტება. რადგან თვითონ გაახსენდა, ალბათ მართლაც აქვს სალაპარაკო. ეს ისედაც ვიცოდი, მაგრამ რატომღაც მეგონა, რომ ქობულეთში დადებულ პირობას მაინც გაექცეოდა. - მომეჩვენა, თუ ჩვენი პატარა სესილი რაღაც ფორმაში ვერაა? - მეკითხება ნანიკო. არტ-ჰოლის ეზოში ვართ. სამაიის რეპეტიცია გავიარეთ. სესილიმ ქობულეთის ამბები გამოგვკითხა. საკუთარივით უხარია ჩვენი გრან-პრის ამბავი და პირობას მართმევს, რომ მზადებისას თუ დახმარება დამჭირდება, აუცილებლად შევეხმიანო. გიორგი დეიდასთანაა და ვერ ახერხებს მოსვლას. ვერც აფხაზურის ხალხი მოდის, რადგან უმეტესობა დასასვენებლადაა წასული. მერე ჩათს ვაკეთებ და ვთანხმდებით, რომ თვის ბოლოს შეკრებას ყველა მოვახერხებთ. ახლა სოფის ველოდებით, რომელიც ცოტა ხნით ბებიასთან შეყოვნდა. აქედან ყავის დასალევად უნდა წავიდეთ. - ნანიკო, გთხოვ, ახლა მასზე ჭორაობა არ დაიწყო. ხომ იცი, რომ ვერ ვიტან? - ვეუბნები კატეგორიულად. - მე კიდევ ვერ ვიტან მნიშვნელოვან დეტალებს რომ აიგნორებ. - რა დეტალებს? სოფი მშვენიერ ფორმაშია. თავი დაანებე. - არ არის ეგრე, ჩემო დედა ტერეზა. სპორტულები აცვია, თმა მანქანიდან რომ გადმოვიდა, მაშინ აიკეცა, დავინახე. უძილო თვალები აქვს და სესილიმაც ბევრი შენიშვნა მისცა. - ყველას გვაქვს ზარმაცი დღეები. ნუ ეძებ ამაში რაღაცას. - თავს ვაქნევ უკმაყოფილოდ და კიდევ კარგი, სოფი გამოდის. ცივი ყავის დასალევად მისი მანქანით მივდივართ. დღევანდელ რეპეტიციაზე ვსაუბრობთ. სესილიზე გვიყვება. არ გვიმალავს, რატომ დაიტოვა სოფი მარტო სალაპარაკოდ. - სულ თითები მიტრიალა თვალწინ, - იცინის გოგო. - თუ არ გინდა ცეკვა, პირდაპირ მითხარიო. - მაქსიმალისტია ბებიაშენი, ხომ არ დაგავიწყდა. - წარბებს სწევს ნანიკო. - ჰო, ვიცი. ძალიან უხარია, თქვენი შეკრება რომ მოახერხა, მაგრამ მაინც არავის გვინდობს. მემუქრებოდა, იცოდე არ გაცეკვებ იუბილეზეო. - ღადაობ? - იცინის ნანიკო. - მაგით მეც დამემუქრა, გახსოვთ? თმა რომ შევიჭერი მაშინ. - მეცინება. - არადა, რომ გაიგოს, მართლა ვერ ვიცეკვებ იუბილეზე, ალბათ გააფრენს. - თავს აქნევს სოფი. - რა? - წარბები შუბლზე ასდის ნანიკოს. - მოიცა... ხუმრობ? - ვიბნევი. - არა. მართლა ვერ ვიცეკვებ და წარმოდგენა არ მაქვს, როგორ უნდა ვუთხრა. - ოხრავს სოფი და საწრუპ მილს ტუჩებით იჭერს. მე და ნანიკო ერთმანეთს ვუყურებთ, ის კი ჩვენ გვიყურებს. არა, სოფი ნამდვილად არ ხუმრობს, მაგრამ ვერაფრით ვხვდები ეს სიმართლე რატომ უნდა იყოს. თავში აზრად არაფერი მომდის, მისი უარის მიზეზი რა შეიძლება იყოს. - და რა ხდება სოფი, რატომ გადაიფიქრე? - ვეკითხები გაოცებული. - არ გადამიფიქრებია მარ, ასე გამოვიდა უბრალოდ. ჩვენი ორგანიზაცია ლონდონში მაგზავნის მაგისტრატურის კურსებზე. - სერიოზულად? - მიხარია, მისი ამბავი, მაგრამ ამ სიახლის გვერდით, კიდევ ძალიან ბევრი კითხვის ნიშანია, რომლებზე პასუხებიც ჩემს გონებაში საშინელ ქაოსს იწვევენ. - ჰო. ერთ წელს მიფინანსებს და თუ იქ საქმე კარგად წავიდა, მეორე წელს კოლეჯი დამიფინანსებს. ასე, რომ... ამ შანსს ხელიდან ნამდვილად ვერ გავუშვებ. - ორი წელი? ბევრი არაა? - თვალებს ჭყეტს ნანიკო. ვხვდები, რომ რაღაც ისეთს გულისხმობს, რისი განხილვაც მან არ უნდა წამოიწყოს და დაჟინებით ვუყურებ. საბედნიეროდ ხვდება და მშვიდდება. - გააჩნია რისთვის და ვისთვისაა ბევრი, ნანი. - ეღიმება სოფის და მხრებს იჩეჩავს. - სხვათა შორის, კორპორაციულზე გავიგე ეს ამბავი და პირველები ხართ, ვისაც ვეუბნები. არც ქეთისთვის მითქვამს და არც გიორგისთვის. - ძალიან მაგარი ამბავია სოფი, მართლა... გილოცავ. - ვუღიმი გოგოს. ყოველთვის დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა საკუთარ კარიერას და ვიცი, რომ ეს ფაქტი მისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ... - მადლობა, ძალიან მიხარია. - იცინის ის. - და, როდის გიწევს წასვლა? მართლა ძალიან კაია, მაგრამ ვერ ვიჯერებ ჯერ. - ნანიკო გაოგნებულია. - შვიდ სექტემბერს. სამი დღით ადრე იუბილემდე. ჰოდა, მინდა, მალე ვუთხრა სესილის, რომ სამაიაში ჩემი შემცვლელი ნახოთ. - იცი რა, არ მგონია სესილი გაბრაზდეს. შენი მომავლისთვის აკეთებ ამას და დარწმუნებული ვარ, აუხსნელად მიხვდება. - ვეუბნები გოგოს. - ჰო, მართალი ხარ, მაგრამ გული დასწყდება. - გული ჩვენც გვწყდება და ეგ ნორმალურია. - მაგრამ ასწორებს პირველები რომ ჩვენ ვიგებთ. - წარბებს ათამაშებს ნანიკო. სამივეს გვეცინება და საუბარს ლონდონზე ვაგრძელებთ. სოფი გიორგის არ ახსენებს და ეს ძალიან უცნაურია. წესით, იმაზეც უნდა ნერვიულობდეს, როგორ უთხრას ეს ამბავი თავის შეყვარებულს, ზუსტად ისე, როგორც სესილიზე ღელავს. მაგრამ არა. არც ჩვენ ვეკითხებით და რადგან ერთად ყოფნის განმავლობაში, არც თვითონ ამბობს არაფერს, ესე იგი რაღაც ხდება. ამიტომ ჩარევა ნამდვილად არ ღირს. მათგან პირდაპირ ლუკასთან ერთად კინოში მივდივართ, მაგრამ ისე მაქვს გონება გაფანტული, რომ ფილმის ნახევარს ვერ ვიგებ. ბიჭიც ამჩნევს ჩემს არეულობას და მეკითხება, რა მჭირს. რეპეტიციას და დაღლილობას ვიმიზეზებ და სახლში მალე მივდივარ. თავიდან არ ამომდის სოფის პასუხი ნანიკოს შეკითხვაზე - ორი წელი ბევრი არაა? გააჩნია ვისთვის და რისთვის. ვცდილობ ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო. ლეპტოპთან ვჯდები და ხორუმის მუსიკის აწყობას ვიწყებ, მაგრამ არაფერი გამოდის. მერე თითქმის ერთი კვირის მივიწყებული ჩემი ფურცლები მახსენდება, უჯრიდან ვიღებ, სავარძელში ვჯდები და თვალს ვავლებ. ფურცლები *** მარტივი? არა, მას შემდეგ მარტივი არაფერი ყოფილა. უბრალოდ თავს ვაჩვენებდი, ისე, როგორც ყოველთვის. ღრმად ჩავისუნთქე და ვეცადე ძველი მარი ვყოფილიყავი. ის, რომელსაც თავისი მეგობრები და თავისი საქმე ძალიან უყვარდა. ერთადერთი, რაც გულწრფელად მაღიმებდა იყო ორი რამ: იმაზე ფიქრი, რომ ჩემი პირველი კოცნა მისგან მივიღე, ვისგანაც ვისურვებდი და ცეკვა. სწავლის პროცესში ისე გადავეშვი, დვალიც კი მეუბნებოდა, რომ ზედმეტი მომდიოდა. მილაშენკოს პირველი კურსის ბოლოს ვაოცებდი. ჩემი სამსახიობო ნიჭის მოულოდნელ ზრდას სამწუხაროდ, მაგრამ სტილის შეცვლას მიაწერდა. კონკრეტულად კი თმას. რა თქმა უნდა, არ იცოდა, რომ რატომღაც კომპლექსები მოვიშორე და ყველაფერს თვალს ვუსწორებდი. სინანულს, გულში ღრმად გამოკეტილ სურვილებს, გრძნობებს, რომლებიც არასდროს გამოაღწევდნენ გარეთ, ჩემ თვალწინ მოსიყვარულე წყვილსაც და იმ ღიმილსაც, რომელსაც ოთოსგან ჯერ ისევ ვიმსახურებდი. კი, ისევ ჩემ შორიახლოს ტრიალებდა და ვიფიქრე, ის დამეხმარებოდა, ყველაფერი სწრაფად ჩამეყენებინა მწყობრში. მოგვიანებით მივხვდი, რომ თავს ვიტყუებდი, მაგრამ მაშინ ვფიქრობდი, რომ ოთოსთან შეხვედრები იყო ის, რაც მჭირდებოდა. მიზეზი მქონდა, მეგობრების საღამოები გამეცდინა. ეს ფაქტი არ მოსწონდათ, სამაგიეროდ, რაც უფრო ნაკლებად ვხედავდი გიორგის და სოფის ერთად, უფრო ვეჩვეოდი, მათ ურთიერთობას. ოთოსგან წამოსულს, წყვილის დანახვა მიადვილდებოდა. გიორგი მის მიმართ აზრს არ იცვლიდა, მაგრამ არ ვეკამათებოდი. ყველაფერს იუმორის წყალობით ვუმკლავდებოდი და ვაგრძნობინებდი, რომ მხოლოდ ჩემი საქმე იყო, რამდენად სერიოზული გახდებოდა ჩვენი ურთიერთობა. მიუხედავად იმისა, რომ მე და ოთოს ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება არც კი გვქონდა განხილული, ჩემს მეოცე დაბადების დღეზე ყველა დარწმუნდა, რომ ბიჭი უნდა მიეღოთ, როგორც ჩემთვის მნიშვნელოვანი ადამიანი. მომავალში რა იქნებოდა, ამას ყველა ერთად ნახავდა. მათ შორის მეც. ოთო მესამე კურსზე იყო, ტურიზმს სწავლობდა და მასთან ერთად თბილისში ხეტიალი საკმაოდ სახალისო იყო. ბევრი ისეთი ადგილი მაჩვენა, რის შესახებაც წარმოდგენა არ მქონდა. აბიტურიენტობის დროს, ვუთხარი კიდეც, როგორი შეცვლილი იყო სკოლის შემდეგ, მაგრამ სტუდენტობას ის თავქარიანი ბიჭი სულმთლად გაექრო. მის მზერაში ზოგჯერ კითხვის ნიშნებს ვხედავდი. დარწმუნებული ვიყავი, კარგად ახსოვდა ჩვენი ის დიალოგი, როცა პირველად გამომიტყდა, რომ მოვწონდი. ახსოვდა ის წლები, რომლებიც ისე გადიოდა, რომ ერთმანეთს ძალიან იშვიათად ვნახულობდით. და მერე მე რაღაც დამემართა. მის ღიმილს ვუპასუხე, მე ვწერდი, ჩვენს თავისუფალ საღამოებს მე ვგეგმავდი და მეგობრების ნაცვლად, მასთან ერთად ყოფნას ვარჩევდი. მაგრამ ეს შეკითხვები არ დასმულა. - თითქოს იგივე ხარ, რაც იყავი, მაგრამ მაინც არ ხარ. - სექტემბრის ბოლო საღამოს გასეირნების შემდეგ მითხრა მან. - არ ვიცი, ეს რა ცვლილებაა, მაგრამ სიმართლე გითხრა, არც მაინტერესებს იმიტომ, რომ ასეთი ძალიან მომწონხარ. მერე მაკოცა. არ შევმცბარვარ, ავყევი კიდეც და ბოლოს ვუპასუხე მეც-თქო, მაგრამ დამშვიდობების შემდეგ, კიბეზე რომ ავდიოდი, გონებაში ჩემს პირველ კოცნასთან გავავლე პარალელი. გული დამიმძიმა იმ აზრმა, რომ მასთან შედარებით ეს არაფერი იყო, მაგრამ გახდებოდა, აუცილებლად გახდებოდა ის, რაც უნდა ყოფილიყო. ლექციების შემდეგ, ოთო ძალიან იშვიათად მაკითხავდა. არ მინდოდა, ვიღაც ისე ამდევნებოდა და კოლეჯისთვის არასასურველ სიტუაციაში გამოვეჭირე, როგორც ამას ნანიკო აკეთებდა. ჩვენმა ძვირფასმა ნიამ, იმდენჯერ ახსენა საერთო რეპეტიციებზე ლაშას და ხატიას ურთიერთობა და იმდენჯერ ანერვიულა გოგო, რომ ნანიკომ ვეღარ მოითმინა. ისედაც ეჭვი ჰქონდა, რომ ნიას ვიღაც ჰყავდა და კარგად მალავდა. რამდენჯერმე კოლეჯიდან უკან გაჰყვა. ძალიან მეცინებოდა მის საქციელზე. თან ვცდილობდი დამერწმუნებინა, რომ მისთვის ყურადღება არ მიექცია, მაგრამ სანამ თვითონ არ მოჰბეზრდა, არ შეეშვა. ვერ ვხვდებოდი, რა აზრი ჰქონდა ამ აკრძალვას. კოლეჯში ისედაც ძალიან ბევრს ჰყავდა მეორე ნახევარი, თანაც ისე, რომ არ მალავდა. თვითონ ნანიკოსაც. ის და ბექა, ისე მალე გახდნენ შეყვარებულები, რომ ამის გააზრებაც ვერ მოვასწარი. ბიჭს “დაირადან” შვიდი წელი ვიცნობდით და აღმოვაჩინეთ, რომ გოგოს გვერდით საერთოდ სხვანაირი იყო. ნანიკოსნაირი გადარეული და ხანდახან არაადეკვატური. სიგიჟეების ჩადენაში ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. ჩემი მეგობარი ძალიან ბედნიერი იყო, მისი თავგადასავლები კი დაუსრულებელი. სექტემბერი, 2012 წელი *** ფოთოლცვენა ახალი დაწყებული იყო, სიღნაღში რომ ჩავედით. თეატრი უკრაინელ ხელოვანებს სტუმრობდა და მათთვის გამართულ ღონისძიებაზე თეა დვალის „ეიფორია“ იყო მიწვეული. ამის გარდა, ქალს შეეძლო მისი რამდენიმე სტუდენტი, მათივე დადგმული ცეკვით წაეყვანა. ეს ცეკვა კი ნანიკოს პირველი კურსის დამამთავრებელი ქალ-ვაჟური იყო მოხეურ ელემენტებზე, რომელშიც ჩვენი სამეგობრო და კიდევ რამდენიმე ჯგუფელი, მათ შორის გვანცაც ცეკვავდა. ღონისძიება საღამოს ექვს საათზე იწყებოდა და თბილისში დაბრუნებას გვიან ღამით არ ვაპირებდით, ამიტომ თეატრთან ახლოს ოჯახური სასტუმროს რამდენიმე ნომერი დაგვიჯავშნეს. პირველ რიგში იქ მივედით, რომ დავლაგებულიყავით და ფორმები გამოგვეცვალა. თეა კი თეატრში დარჩა. იქამდე არც ისე შორი მანძილი იყო, ამიტომ, როცა გავემზადებოდით, ფეხით გასეირნებასაც მოვასწრებდით. პირველი, რაც მესამე სართულზე ასვლისას შევნიშნე, ჭერზე ამოჭრილი კარი იყო, რომელსაც პატარა კიბით მისწვდებოდი. კარი კი სასტუმროს სახურავზე ადიოდა. დიასახლისმა გვირჩია, თავი შეგვეკავებინა მისი გამოყენებისგან, რადგან საშიში იყო, მაგრამ მე და ნანიკომ მაინც ავიჭყიტეთ. რა თქმა უნდა, დიასახლისი აბუქებდა, რომ ზედმეტი თავის ტკივილი აეცილებინა. ნომერში რამდენიმე საწოლი იდგა, ამიტომ გოგოებს ერთ ოთახში მოგვიწია გაჩერება, ბიჭებს მეორეში. თეას და ჩვენი კოლეჯის მენეჯერს კი მესამეში. - ამათთან ერთად დაძინების მეშინია. - თვალებით მანიშნა ნანიკომ გვანცასა და ნიაზე ფორმებს რომ ვიცვამდით. - ან ისინი მომგუდავენ, ან მე. არ მინდა მაგათ გამო მკვლელი გავხდე. - კედლის მხარეს დაგაწვენ. არ იღელვო. ორივე ვარიანტში დაცული იქნები. - გამეცინა. - ვერასდროს ვაპატიებ თეას, რომ ჩემს ცეკვაში ეს რვებზე დახამებული გველი ჩამიკვეხა. - შენც ცეკვავდი მის ცეკვაში. - ეგ მაგისი არჩევანი იყო, ეს კი ჩემი არაა. - დამიბღვირა გოგომ და ლაინერის წასმა დაიწყო. მალე მოვწესრიგდით და თეამაც ცოტა ხანში დაგვირეკა, ხუთ საათზე აქ იყავითო. უკვე წასვლას ვაპირებდით, რომ ხელი თვალზე ცუდად მომიხვდა და მიწებებული წამწამი მომძვრა. ცუდი წებო მქონდა და მისი მორგება თავიდანვე გამიჭირდა. ნანიკოს ვუთხარი, რომ წასულიყვნენ და დავეწეოდი, მაგრამ გოგო მაინც ჩემთან დარჩა. დანარჩენებმა კარი გაიხურეს და წავიდნენ. სანამ საქმეს შევუდგებოდი, ოთომ დამირეკა. მკითხა როგორ ვიმგზავრეთ და იქ როგორი სიტუაცია იყო. ცოტა ხნით ველაპარაკე. ნანი მანიშნებდა, დავაგვიანებთო, ამიტომ ბიჭს საღამომდე დავემშვიდობე. მერე წამწამიც დავიმაგრე, მაგრამ კარი ვერ გავაღეთ. ვერაფრით მივხვდით, რა სჭირდა. ვიძახეთ, ხელები ვურტყით, მაგრამ ვერავის გავაგებინეთ. - ეს რა ჯანდაბაა! - აყვირდა ნანიკო. - გაიჭედა თუ რა უბედურებაა? - გასაღები ხომ მოგვცეს? ვინ ჩაიბარა? - არ ვიცი, მაგრამ აქ არავინ დაიტოვებდა. რომ წავიდოდით, ხომ უნდა ჩაგვეკეტა? - ანუ გარედანაა დაკეტილი? - შუბლზე ამივიდა წარბები. მობილური ავიღე და გიორგის დავურეკე. - გიო, შორს ხართ? - სად დაიკარგეთ? - ოთახში ჩავიკეტეთ. უნდა ამობრუნდე და დიასახლისი ნახო. - ჰო არ ღადაობ? რანაირად ჩაიკეტეთ? გასაღები არ მოგცეს? - ვიღაცას მისცეს. აბა იკითხე მანდ. - გოგოების ოთახის გასაღები ვის აქვს? - დაიყვირა ბიჭმა. - არ გვაქვსო. დამელოდეთ, მოვდივარ. - გიორგიმ მობილური გათიშა. - თავს დავდებ, ეს თუ იმ ბოზების გაკეთებული არ იყოს. - შუბლზე მიიკრო ხელი ნანიკომ. - დიასახლისს ეგ ელაპარაკებოდა და დავინახე, რაღაც რომ გამოართვა. - კარგი, დამშვიდდი. გიორგი მოვა და გაგვიღებენ. - ნანიკოს გამხნევება ვცადე, მაგრამ მეც ისე ვიყავი გაცხარებული, რომ დავინახავდი, ალბათ ორივეს ტვინს გავასხმევინებდი. გიორგი მალე მოვიდა. წუწუნით გაგვიღო კარები, რანაირად მოახერხეთ გაჭედვაო. არ გვითქვამ ჩვენი მოსაზრება. სირბილით ჩავუყევით ქვაფენილიან დაღმართს და საბედნიეროდ, ადგილზე კარგ დროს მივედით. ღონისძიება საკმაოდ პრესტიჟული იყო. ბევრ ცნობილ მუსიკოსს, მოცეკვავეს და ხელოვანს მოეყარა თავი. მათ შორის უნდა გევლო და უბრალოდ დამტკბარიყავი კლასიკური მელოდიის ჰანგებითა და ცოტაოდენი შამპანურით. ცეკვის შემდეგ დრესკოდისთვის შესაფერისად გამოვეწყვეთ. ნანიკო ისე იჭერდა თავს, თითქოს ელიტის განუყოფელი ნაწილი ყოფილიყო. შავ შარვალსა და თეთრ პერანგში გამოწყობილი ბიჭებიც თვალისმომჭრელად გამოიყურებოდნენ. თვალს ვერ ვწყვეტდი გიორგის, რომელიც ჩემთან და ნანიკოსთან ჩამომდგარიყო და ჯერ ისევ ჩაკეტილი კარის თემას განიხილავდა. იმდენი მოახერხა, რომ გოგოს მაინც დააცდენინა ჩვენი მოსაზრება. პირობა ჩამოვართვით, რომ არაფერს იტყოდა, მაგრამ ცოტა ხანში დავინახეთ, როგორ გადიოდა სახეალეწილი და კაბადასველებული ნია დარბაზიდან და როგორ მოაბიჯებდა კმაყოფილი ღიმილით გიორგი ჩვენკენ. შამპანური არ მომეწონა. გული ამიჩქარა და მთელი ღამე ვერ მოვისვენე. თავიდან ოთოს ვწერდი. დღევანდელ დღეს ვუყვებოდი. მერე მანაც დაიძინა. დილით ადრე იყო ასადგომი. ცოტა ხანში მეც ჩამეძინა, მაგრამ დიდი ხნით არა, რადგან ხუთი იყო დაწყებული ისევ რომ გამეღვიძა. ცოტა ხნით ნათურის მკრთალ შუქზე ვათვალიერებდი მძინარე ჯგუფელებს. მერე კი უცბად სასტუმროს სახურავი გამახსენდა. ნანიკოს გადავხედე. ვიფიქრე გავაღვიძებდი და მზის ამოსვლას ვნახავდით, მაგრამ ისე ტკბილად ეძინა, შემეცოდა. ფრთხილად ავდექი, ჩავიცვი, პლედი მოვიხვიე და ოთახიდან გავიპარე. ფოიე გავიარე, პატარა კიბეზე შევდექი, სახურავი ავწიე და ავედი. ის იყო კარი ფრთხილად დავხურე, რომ უკნიდან ხმა მომესმა. - მზემ უშენოდ არ ამოვალო? შეშინებული მივბრუნდი. შენობის კიდესთან პლედმოხვეული გიორგი იჯდა. გამეცინა. მისკენ წავედი და გვერდით მივუჯექი. - რამ არ დაგაძინა? - ვკითხე. გვერდით ლუდის ბოთლი ედო. ავიღე და შევამოწმე იყო თუ არა კიდევ. - თავი მტკიოდა და ჰაერზე ამოვედი. შენ? - შამპანურმა. ვერ მოვისვენე და ვიფიქრე მზის ამოსვლას ვნახავ-თქო. - ისე, რომ არავის ეპატიჟებოდი, ჰო? - თავი გააქნია. - ნანიკოს გაღვიძება დავაპირე, მარა მკვდარივით ეძინა. შენზე არ მიფიქრია, ბოდიში. - ენა გამოვუყე თვალებდაწვრილებულს და ჰორიზონტს გავხედე. მუქი ლურჯი ცა ნელ-ნელა ფერებს იცვლიდა და სითეთრე ეპარებოდა. უკვე აისი იყო. მისი ბოთლი ავიღე და ცოტა ლუდი მოვსვი. - თმა ცოტა გაგეზარდა. - მითხრა გიორგიმ. - ჰო, აბა სად წავიდოდა, მაგრამ არ მგონია, ისევ ის სიგრძე დავიბრუნო. - რატო? - წარბები შეჭმუხნა. - იმიტომ, რომ აღარ მინდა. ასე მგონია, ვეღარ შევეგუები. - ასე მალე შეეჩვიე? - თვალი შემავლო თმაზე. - ალბათ. ხომ იცი, როგორ სწრაფად შეგვიძლია მივეჩვიოთ ყველაფერს. - გავუღიმე ბიჭს. - აი, შენ კი ძალიან გაგეზარდა და შესაჭრელი გაქვს. - პლედიდან ხელი გავყავი და თმა ავუჩეჩე. - ჰო, ვიცი, შენზე გრძელიც კია. შევიჭრი რომ ჩავალთ. ცოტა ხნით სიჩუმე ჩამოვარდა. უკვე გათენებულიყო და ჰორიზონტს კრიალა ყვითელი ფერი დამჩნეოდა. წყნარი დილა იყო. არც სიო ქროდა და ჯერ არც ადამიანების ხმები აღწევდა ჩვენამდე. უცბად გიორგი ჩემკენ ოდნავ ახლოს მოჩოჩდა. - აბა ხელი მაჩვენე. - მითხრა. მივხვდი, რისი ნახვაც უნდოდა. პლედიდან მარჯვენა ხელი გამოვაცურე. გიორგიმ თითებში მოიქცია და ნაიარევს დახედა, რომელიც მკრთალ ვარდისფერ ზოლად ჯერ ისევ მეტყობოდა. - ღრმა კი იყო ჭრილობა, მაგრამ იმდენად, რომ ამ დრომდე გამოგყვა? - რატომ გიკვირს? - მხრები ავიჩეჩე. - არ ვიცი. არ მიკვირს, უბრალოდ ძალიან არ მომწონს ისევ აქ რომაა. - გიორგი... - გამეცინა. - მეც კი ვეღარ ვამჩნევ ხოლმე. - ჰო, მიჩვევაზე ამბობდი წეღან. - ამოიოხრა. - ზუსტადაც. ეს უკვე აღარაფერია, მარტო მოგონებაა. - მოგონებებსაც ხომ გააჩნია მერე? - იმ დღეს შენ გაგიცანი, იდიოტო. მერე რა თუ ხელი გავიჭერი. ეგ რომ არ მომხდარიყო, წარმოგიდგენია, როგორი ჩვეულებრივი და ბანალური იქნებოდა ჩვენი გაცნობა? მე მარი ვარ, მე გიორგი და ვსო. - რა სულელი ხარ. - მასაც გაეცინა. - სამაგიეროდ მართალი. - მაგრამ მაინც. იმედია გაქრება და არაფერი დარჩება. - ნაიარევზე მაკოცა გიორგიმ და ხელი გამიშვა. სწრაფად შევიწოვე კანზე გაჩენილი სიმხურვალე და პლედის ქვეშ თითები დავმუშტე. ჟრუანტელს უფლებას ვაძლევდი, რომ ჩემთან ერთად ხედით დამტკბარიყო. ეს ადრე უკვე მითხრა და ძალიან მინდოდა მეპასუხა, იმედია დარჩება და არასოდეს გაქრება-თქო, მაგრამ მაშინ ვერ გავბედე. ახლა კი ამის თქმა ჭკვიანური ნამდვილად არ იქნებოდა. - შეხედე. - ვუთხარი ბიჭს და ჰორიზონტზე ვანიშნე. მზე ამოწვერილიყო და ვანილისფერ ცაზე მოსრიალე ღრუბლებს თავისი ყვითელი სხივებით იჭერდა, თითქოს მათი ერთად შეკრება და ფერის შეცვლა ჰქონდა განზრახული. *** ნოემბერში მირიან ხელაძის ანსამბლში კასტინგი კიდევ ერთხელ გამოცხადდა და მე ნანიკოს არც კი გვიფიქრია, ისე წავედით ბედის მეორედ საცდელად, მაგრამ უკან ისევ გაწბილებულები დავბრუნდით. ვერ ვიგებდით, რა კრიტერიუმები იყო საჭირო. ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულ გოგონებსა და ბიჭებს იღებდნენ. საქმე ალბათ პროფესიონალიზმში იყო, რომელიც სავარაუდოდ გვაკლდა. თუმცა, დანებებას მაინც არ ვაპირებდით. თანაც კოლეჯში დატვირთულები ვიყავით და მალე სადიპლომოზეც დავიწყებდით ფიქრს. ამიტომ უარი სასიკეთოდაც კი წაგვადგა. სადიპლომო ისეთი მარტივი ასაწყობი ცეკვა არ იქნებოდა, როგორც ყოველთვიური მონახაზები იყო. და არ შეგვაფასებდნენ მხოლოდ დირექტორი, თეა და მილანშენკო. ამიტომ ისე უნდა გვემუშავა, თითქოს ჩვენი არჩეული მოცეკვავეები ანსამბლის წევრები იყვნენ და ჩვენ - მათი ქორეოგრაფები საკონკურსო ცეკვას ვქმნიდით. დეკემბერი, 2012 წელი *** „ - მარიამ გცალია?“ - წიგნს ვკითხულობდი გიორგისგან მესიჯი რომ მომივიდა. „ - ჰო, რა იყო?“ „ - შენკენ ვიყავი და ამოგივლი. მუსიკა გამაკეთებინე, თუ არ გეზარება.“ გამეღიმა. ჩვენი ყოველთვიური ცეკვებისთვის, რა თქმა უნდა მუსიკაც თავად მიგვქონდა, მაგრამ დიდი ხნის წინ, როცა ჩემი ერთ-ერთი ცეკვისთვის შესავალი სხვა მუსიკიდან მომეწონა, მისი მოჭრა და გადაბმა ვცადე. მოსალოდნელზე კარგად გამომივიდა და მას შემდეგ ყველასგან გამორჩეული ფონოგრამები მქონდა. „ - არ მეზარება. ამო.“ „ - რა ამოვიყოლო?“ - მკითხა და ლუდის სმაილი მოაყოლა. ალკოჰოლს ნანიკოს დაბადების დღის შემდეგ აღარ გავკარებივარ, მაგრამ უკვე სხვა სიტუაცია იყო. საკმაოდ მონდომებით ვაჯერებდი თავს, რომ ჩემ შიგნით სიმშვიდეს დაესადგურებინა. გიორგის ბურგერებიც ეყიდა და სანამ საქმეს შევუდგებოდით, გვიან ვახშამზე უარი არ მითქვამს. მერე დივანზე მოვკალათდით, ლეპტოპი მუხლებში ჩავიდე და მუსიკას დაჭრას შევუდექით. აბრაგულს დგამდა. მისი მონახაზი ვიცოდი და რამდენიმე მოძრაობის ჩასანაცვლებლად ახალ ილეთებს მაჩვენებდა. - ირმულა დავითს მიეცი. კარგად გამოსდის. - ვურჩიე. საკუთარ ცეკვებში მონაწილეობის მიღება თვითონ არ შეგვეძლო. - ჰო, მაგას მივცემ და იცი, კიდევ რა ვიფიქრე? - კეფა მოიქექა და გვერდით ჩამომიჯდა. - გოგოს პარტიაზე რას იტყვი? - შენ ალბათ ნაციონალური კულტურის წალეკვა გინდა. - გადავიკისკისე. - გიო, რა უნდა გოგოს აბრაგულში? - გარისკვად არ ღირს? - გაეცინა. - არ ღირს! - თვალები დავუბრიალე. - თეასთან არც დაგცდეს, თორემ აბრაგულს კი არა, დაბადების დღეებზე შალახოს ცეკვასაც კი აგიკრძალავს. - მეგონა სამყაროს გადატრიალებაში მხარს ამიბამდი. ეგ კი არა, წიხლს ვგრძნობ უკანალზე. - ჩემგან არა უშავს. აი, ეს ამბავი დირექტორამდე თუ მივიდა, იმისგან ითვალე წიხლები. გიორგიმ ამოიოხრა და დივანის საზურგეზე თავი გადააგდო. მივხვდი, რომ რაღაცის შეცვლა უნდოდა. - თუ მაინცდამაინც გოგოს პარტია გინდა, ფარიკაობა გააკეთე ან მუხამბაზი. მართლა, მუხამბაზი! ხატიას ჯეირანი ნანახი გაქვს? გაგიჟდები, ისე ცეკვავს. - ჰმმ... - ტუჩებზე მოისვა თითები, მერე ლუდის ქილებს გადასწვდა, გახსნა და ერთი მომაწოდა. - ვიცი, ნანახი მაქვს. და... შენ? შენ არ გიცეკვია არასდროს, ჰო? - ჯეირანი? - ჩამეცინა. - ერთი ეგ არის ჩემი ოცნების ცეკვა და მეორე ქართული. შენ ჯერ არ იყავი ჩამოსული, სესილი რომ დგამდა მუხამბაზს და მაშინ რამდენიმე გოგოს მონახაზი გაგვატარა. ულამაზესი ხომაა და ზუსტად ამდენადვე ურთულესია. - იცეკვებ? - თვალები დაიწვრილა ბიჭმა. - ხუმრობ? ერთ კვირაში გინდა, რომ აბრაგულზე აწყობილი ბიჭები მუხამბაზზე გადააკეთო და ერთ კვირაში გინდა, რომ ჯეირანი გავხდე? გაიღვიძე გიორგიი... - შუბლზე მივუკაკუნე. - ერთი წამი, მოიცადე. ახლა არა. ახლა აბრაგულს გავიტან, არაფერს შევცვლი. მუხამბაზს სადიპლომოზე გავაკეთებ. ეგ დრო გეყოფა? იქამდე... - ჩაფიქრდა. - შვიდი თვეა. - ეს იდეა ახლა გაგიჩნდა, ჰო? - გამეცინა. - ჰო, ფაქტობრივად შენ მომაწოდე. - თვალი ჩამიკრა. - ჰოდა, მოდი ჯეირანიც შენ იყავი. - რომ იცოდე, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა. - ბიჭმა მხრები აიჩეჩა. თვითონაც კარგად იცოდა, რას მთავაზობდა. - ვახ, კარგი მაშინ. მაგრამ აქედანვე გეუბნები, თუ თუ ჩემი ცეკვით კმაყოფილი თვითონ არ ვიქნები, ხატიას გადავაბარებ. - შევთანხმდით. - წარბები ასწია კმაყოფილმა გიორგიმ და ლუდის ქილა მომიჭახუნა. . - ახლა მითხარი, სად ჩავსვა ეს დოლები და მოვრჩები. მუსიკის გაკეთება დავამთავრე, მეხსიერების ბარათზე ჩავუწერე და მივეცი. არ დამრჩესო, ჩაილაპარაკა გიორგიმ და თავისი ქურთუკის ჯიბეში ჩადო. სანამ ის იქ დაძვრებოდა, უცნაური ჭრაჭუნის ხმა მომესმა. ის იყო გავიფიქრე, რა უდევსთქო, რომ მაშინვე მისი ტკივილგამაყუჩებელი გამახსენდა. ნამდვილად წამლის ფირფიტა იყო. ახლა, დიდი ხნის შერიგებულსა და დამშვიდებულზე, შემეძლო, მეკითხა და იმედი მქონდა, რომ ასევე მშვიდად და გულწრფელად მიპასუხებდა. - აბა, - შემობრუნდა ის, ფეხსაცმელი გაიხადა და დივანზე კომფორტულად მოთავსდა. - მომიყევი, რა ხდება ოთარისთან. - გიორგი, ასე ნუ ეძახი, - მეცინება. - ჩემი დიდი ბაბუა მახსენდება, კბილები რომ არ ჰქონდა და მის ლაპარაკს რომ ვერ ვიგებდი. - თუ ერთმანეთს შეაბერდებით, მეორე ოთარი ბაბუ გეყოლება. ახლა ვფიქრობდი, ახალ წელს რა ვაჩუქოთქო და პროთეზისთვის ერთ ლამაზ წყლის ჭიქას გიყიდი. - ეცინება. - ჰო, ასე გააგრძელე და ვნახოთ პირველი ვის დასჭირდება პროთეზისთვის ჭიქა. - კარგი ჰო, სერიოზულად. - ხმას იწმენდს ის და ლუდს სვამს. - ყველაფერი კარგადაა, მშვიდად და საყვარლად. - მხრებს ვიჩეჩავ. - საყვარლად. - ეღიმება. - ასე ნუ მიყურებ, არ დაგცინი. უბრალოდ ცოტა უცნაურია, ოთარისთან რამე საყვარლად იყოს. - მაბრაზებ. - ვიცი, ჰო. უბრალოდ მიკვირს, მასთან რომ ხარ. - რატო? - მახსოვს, მითხარი, როგორც ბიჭი არ მომწონსო. - ეგ წლების წინ იყო. მას მერე მეც შევიცვალე და ისიც... რაღაცები შეიცვალა. შორს არ წასულა. სულ ჩემს ირგვლივ იყო. და ბოლოს ეს ამბავი საინტერესოდ მომეჩვენა. შანსი მივეცი და გაამართლა. - ანუ, ახლა მოგწონს. - ჰო, მომწონს. მასთან თავს კარგად ვგრძნობ. - კარგია. მიხარია ეგ, მაგრამ ხშირად მის გამო ჩვენთან ერთად არ ხარ და ეს არ მომწონს. - არც მე მომწონს, გამაყუჩებლებით რომ დადიხარ და არაფერს მეუბნები. გიორგი ერთი წამით შეცბა. მერე ალბათ მიხვდა, რომ მაინც მოუწევდა ლაპარაკი და რამდენიმე წამით თავის ლუდის ქილას ჩუმად დაჰყურებდა. - რა გტკივა გიორგი? გთხოვ, ისევ თავიო არ მითხრა. - მენისკი მაქვს. - მითხრა და ქვემოდან ამომხედა. თვალები თითქოს ჩაუქრა. წარბები ოდნავ შეარხია. თითქოს ჩემგან თავდასხმის მოსაგერიებლად ემზადებოდა. სუნთქვა შემეკრა. ერთ წამში გავიაზრე ყველაფერი, ერთ წამში მოგროვდა ყველა ის პრობლემა, რაც შეიძლებოდა ამას გამოეწვია. - ღმერთო... - შუბლზე მოვისვი ხელი. - სულ ვგრძნობდი ამას... სადღაც სულ ვიცოდი, რომ ასე იყო, გიორგი. თუ არ იყო, იქნებოდა, იმიტომ, რომ... - მარიამ, ვიცი, ახლა რაც უნდა ილაპარაკო და მოდი ეგ გამოტოვე. - დივანს მიეყრდნო ის. დარწმუნებული იყო, რომ დავუჯერებდი. - არა, რომ არ გითხრა, რომ თავიდანვე იდიოტი იყავი, ვერ მოვისვენებ. - სიბრაზისგან მკერდში ისეთ სიმხურვალეს ვგრძნობდი, რომ არ გამელანძღა, ალბათ გავსკდებოდი. - მოვწევ, კაი? - მკითხა და პასუხს არ დალოდებია, ისე ამოიღო ერთი ღერი თავისი სიგარეტის კოლოფიდან და მოუკიდა. - გაწელვები არ მინდა, გახურება არ მინდა, სამუხლეები არ მჭირდება... მაგარი ბიჭი ვარ, არაფერი მომივა. ეს... ეს რაღაც ერთმა ტრავმამ ხომ არ გამოიწვია? თავს რატო არ უფრთხილდებოდი, გიორგი? აქამდე მოსვლა როგორ მოახერხე? შენი ცხოვრების ნახევარია, ცეკვავ. თავი ასე როგორ უნდა გაიმეტო? - ამოისუნთქე ახლა. რა იყო და როგორ უნდა ყოფილიყო, ამაზე ლაპარაკს რა აზრი აქვს? გაცხარებულმა ჯერ ბალიში ჩავარტყი ფეხებში, მერე მისკენ გადავიხარე და თითებიდან სიგარეტი ავაცალე. - რას აკეთებ? - თვალები გაუფართოვდა, როცა დაინახა, როგორ მოვიქციე ტუჩებში მისი ღერი და ღრმად მოვქაჩე. ვიგრძენი, როგორ ჩაეშვა ფილტვებში ცხარე კვამლი და ხველა ამიტყდა. თვალები ამიწყლიანდა. მეგონა გავიგუდებოდი. როცა გადაიარა, სიგარეტის ეფექტიც ვიგრძენი. თავბრუ დამეხვა და სხეული რამდენიმე წამით მომიდუნდა. - კარგად ხარ? - მკითხა გიორგიმ. თავი დავუქნიე და რომ მიხვდა, მართლა უკეთ ვიყავი, სიცილი აუტყდა. იმდენი იცინა, ძლივს გავაჩერე. - რა გაცინებს, უნამუსო, იდიოტო! - ფეხი მივკარი და მოწევა გავაგრძელე. სანამ სიგარეტი ბოლოში არ ჩავიდა, გიორგის არაფერი უთქვამს. იჯდა და მიყურებდა, როგორ ვაგემოვნებდი იმას, რისი სურვილიც იქამდე არასდროს გამჩენოდა. - მოგეწონა? - მკითხა გაიძვერული ღიმილით, როცა ნარჩენი ლუდის ქილაში ჩავაგდე. - მაინტერესებდა დამამშვიდებდა თუ არა. ვფიქრობ, ამ მიზეზით ტყუილად ეწევით. გიორგიმ ისევ აიღო ერთი ღერი და მოუკიდა. - რევმატიზმი მქონდა ბავშვობიდან, მაგრამ იმდენად იშვიათად მაწუხებდა, რომ არც წამალს ვიყენებდი და არც ტკივილებით ვიყავი შეწუხებული. დედას გამო, მოსკოვში რომ წავედი, მგონი ნოემბერი იყო, ფეხბურთის თამაშისას წავიქეცი. იმ საღამოს მტკიოდა მარტო, დილით გადაყვლეფილი კანისთვისაც აღარ მიმიქცევია ყურადღება და დამავიწყდა კიდეც. რომ დავბრუნდი, პირველად ტკივილი მაშინ ვიგრძენი. ისევ რევმატიზმი მეგონა. ხშირად არ მეორდებოდა ხოლმე, ალბათ ასე სამ თვეში ერთხელ. თავიდან წამალსაც არ ვსვამდი... - და ამის მიუხედავად, თავს მაინც არ უფრთხილდებოდი. - შარშან ამ დროს ძალიან ამტკივდა. თან მამიდასთან ვიყავი და მან დაიჟინა, რომ ექიმთან მივსულიყავი. ძალით წამიყვანა. მითხრეს, რომ მენისკი იყო. გარკვეული რაოდენობის წყალი მქონდა. მაგას კიდევ იცი, რომ ოპერაციის მეტი არაფერი უშველის. - და? - ვუყურებ გაკვირვებული. - მას მერე ერთი წელი გავიდა, გიორგი. - გამუდმებით არ მაწუხებს. თუ ძალიან დავიტვირთე, მარტო მაშინ. ეს წამალიც ყოველი შემთხვევისთვის დამაქვს. ახლა ვერც ოპერაციას გავიკეთებ, მარიამ. ორი თვე მაინც სჭირდება რეაბილიტაციას. დიდი დროა. - და ზაფხულში რომ დაგეგეგმა, ამაზე არ იფიქრე? სწავლის დაწყებამდე მორჩებოდი. - აზრი მითხარი. გავა რაღაც დრო და ისევ დაგუბდება. ხომ იცი, რაც არის მენისკი... - ამოიოხრა. - რატომ მეჩხუბები? - სოფიმ იცის? - მარტო მამიდამ. და ოპერაციაზე ლაპარაკით ის ცალკე მაბეზრებს თავს. - და სწორიცაა. გიორგი, ამას თუ არ მიხედავ... - მივხედავ. სწავლას მოვრჩეთ და გავიკეთებ ოპერაციას. - გამაყუჩებელი გშველის? - მშველის, ცოტას. - ცოტას. - თავი გავაქნიე უკმაყოფილოდ. - და... და ცეკვის დროს? - ძლივს ვკითხე. - ხანდახან მტკივა, მაგრამ რას ვიზამთ. უბრალოდ მინდა კოლეჯი მშვიდად დავამთავრო, ამაზე ფიქრის გარეშე. ისედაც ვიცი, რომ მომავალში ყველაფერს თავზე ჩამომაქცევს. - გიორგიმ სიგარეტის ნარჩენი ლუდის ქილაში ჩააგდო და შევამჩნიე, როგორ დაეჭიმა სახის ნაკვთები. გული შემეკუმშა. მკერდში საშინელ ტკივილს ვგრძნობდი. ვიცოდი, რასაც ფიქრობდა და რამდენს ითმენდა. გულით დაგქონდეს რაღაც, რაც აუტანელ ტკივილს იწვევს და არავის უმხელ, ჩემზე უკეთ ვინ იცოდა, რა იყოს ეს. - მოდი. - ვუთხარი მას, წინ გადავიხარე და ბიჭს ხელები მოვხვიე. გიორგიმ გულზე ჩამომადო თავი. - არ ინერვიულო. ყველაფერი კარგად იქნება. - არ მგონია. - ჩაიბუტბუტა მან. - ასე პესიმისტურად განწყობის უფლებას არ მოგცემ. და ნუ გვიმალავ გიორგი ამ ამბავს. მეგობრებს მაინც. სოფის მაინც. გულზე დახვევა და საფიქრალთან მარტო დარჩენა ყველაფერს აუარესებს. - თუ საჭირო გახდება, ვიტყვი. - თქვა, ქვემოთ ჩამოცურდა და თავი კალთაში ჩამიდო. - ჩემი წასვლის დროა. - ქვემოდან ამომხედა ღიმილით. - იწექი სადაც ხარ. უკვე პირველი ხდება. - მის პრიალა თმაში თითები ჩავმალე. - ტაქსით გავალ. - ყავა გინდა? - შევთავაზე. - ჰო. - მიდი, გააკეთე. ის ღამე იქცა ჩვენი საუბრების პირველ საღამოდ, რომელსაც ხშირად ვიმეორებდით ხოლმე. 12 თავი 17 აგვისტო, 2019 წელი *** ადრე მეღვიძება და წარმოდგენა არ მაქვს, მთელი დღე რა უნდა ვაკეთო. ვდგები, ვსაუზმობ და ნანიკოს ვწერ. ისიც ჩემსავით მოცლილია და მალევე მოდის. ხელში რაღაც პროდუქტები უკავია, მეუბნება ხილის ტორტი უნდა გავაკეთოო და სამზარეულოში შედის. უკვე საღამოს, როცა ცივ ყავას ვაკეთებთ დესერტისთვის, ლუკა მირეკავს, სადმე გავიდეთო. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ვყოყმანობ. ვერც უარს ვეუბნები და ხილის ტორტზე ვეპატიჟები. უარს არ ამბობს. - ჯერ კიდევ ვერ ვიჯერებ სოფის ამბავს. - მეუბნება ნანიკო. - ვიცი, რომ სწავლას და კარიერას სერიოზულად უყურებს, მაგრამ საზღვარგარეთ წასვლას თუ ასე მარტივად დათანხმდებოდა, არ მეგონა... - ასე ჩანს, მაგრამ არ მგონია მარტივი ყოფილიყო. - გახსოვს, რა თქვა? გააჩნია ვისთვის და რისთვის იქნება ორი წელი ბევრიო. ვიღაცის წინასწარმეტყველების ახდენის სუნი მცემს. - ამბობს და სანამ რამეს ვეტყოდე, მანამ ცვლის თემას. - იცი, რა? ვერ ვითმენ სექტემბრის ბოლომდე. შევამოწმოთ, თუ არის აგვისტოში ადგილები. რაჭაში იმ სასტუმროს ვგულისხმობ და დავჯავშნოთ რამდენიმე დღე. - მერე სესილის რეპეტიციები, ნანი? ისედაც არავინაა თბილისში. აფხაზურს ვერ გავდივართ. მერე კიდევ სამაიაში სხვა ჩადგება და ვარჯიში დაგვჭირდება... - სამი-ოთხი დღე, მარი. ნუ დაპანიკდები ხოლმე. - თვალებს ატრიალებს გოგო და ლეპტოპს უჯდება. ცოტა ხანში კი მეუბნება: - შეხედე, პირველი, ორი და სამი სექტემბერია თავისუფალი და მთელი თვე დაკავებულია, ხუმრობ? მოდი დავჯავშნი, კაი? მერე წასვლას ვეღარც მოვახერხებთ. სწავლის სეზონი განახლდება. - მარტო ჩვენ? - ვეკითხები. - ჰო, მარტო ჩვენ, არ გვჭირდება არავინ. - კარგი, დაჯავშნე. იმედია არაფერი აგვერევა. ლუკაც მალე მოდის. რაჭის ამბავზე არაფერს ვამბობ, ნანიკო სასტიკად მიკრძალავს. ამბობს, საიდუმლო გასვლა უნდა იყოსო და მეც ვერ ვგრძნობ კისერზე მეორე თავს, რომ შევეწინააღმდეგო. მიუხედავად იმისა, რომ წინა შემთხვევისგან განსხვავებით, დღეს მესამე პირის ყოფნა ბიჭს ოდნავადაც არ აწუხებს, ნანიკო საღამოს მაინც მიდის. მარტო დარჩენილები დივანზე ვსხდებით და აივნის ღია კარიდან ვუყურებთ, როგორ ჩადის მცხუნვარე მზე. ჩემ უკან მჯდომი ჩაჩუმებული ლუკა, თმაზე მეფერება. - რამე ხდება? - მეკითხება ის. - რაზე ამბობ? - მისკენ ვაბრუნებ თავს. - არ ვიცი, ბოლო დროს თითქოს უხასიათოდ ხარ. - არა, უბრალოდ საქმე რომ აღარ მაქვს, მგონი ზედმეტად მოვდუნდი. - მე კიდევ ვფიქრობდი, თავი ხომ არ მოვაბეზრე-თქო. - არა, - ვუღიმი ბიჭს. - პირიქით, შეიძლება მე გაწყენდე თავს. ჰოდა, მოდი, მართლა სადმე გავიდეთ. - ყველაზე მეტად ხათრით რაღაცის კეთება არ მიყვარს. აქ მირჩევნია, სადაც ვართ და როგორც ვართ. - ლუკა მუცელზე მხვევს ხელს და ნიკაპს მხარზე მადებს. ცოტა ხნის სიჩუმე ისადგურებს. ქალაქის ხმაური ჩვენამდე სუსტად აღწევს. ჰორიზონტს ჩამავალი მზის გამო, ცეცხლი უკიდია. სიმშვიდეა. ახლა ჩემთან საოცარი სიმშვიდეა, მიუხედავად იმისა, რომ გულიდან გამოპარული შეგრძნებები, გონებისკენ ჩუმად მიიკვლევენ გზებს და ფიქრებში იკარგებიან. - თუ ასე იქნება, უბრალოდ მითხარი, კარგი? - მესმის ყურთან ბიჭის ხმა. - რა, ლუკა? - თუ აღარ გენდომება ჩემი შენს გვერდით ყოფნა. - ამას რატომ ამბობ... - იმიტომ, რომ ვხედავ ხოლმე, როგორ ქრები ხანდახან. 20 აგვისტო. 2019 წელი *** დილით სესილი მირეკავს. სამაიისთვის თავისი არც ისე ძველი მოცეკვავე უპოვია. მთხოვს, მე და ნანიკოს თუ გვცალია რეპეტიციისთვის მივიდეთ. ახალ გოგოს შორიდან ვიცნობ, ამიტომ მასთან დაახლოება არ მიჭირს. სესილი სოფის არ ახსენებს. ალბათ ნაწყენია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მალე გადაუვლის. არ მგონია, შვილიშვილის კარიერული წარმატება არ უხაროდეს. თუმცა, ისიც მესმის, რომ მისი ასაკის ადამიანისთვის რთული ამბავია, მარტივად შეეგუო იმას, რომ საკუთარი შვილიშვილი შენთვის ასეთ მნიშვნელოვან დღეს გვერდით არ გეყოლება. მეც ვფიქრობ, დაველაპარაკო თუ არა, იქნებ ორი სიტყვით მაინც ვანუგეშო და ხასიათზე მოვიყვანო, მაგრამ ჯობია არ ჩავერიო. ვიცი, შემდეგ რეპეტიციაზე უკვე თვალებგაბრწყინებული დაგვხვდება. არტ-ჰოლიდან რომ გამოვდივართ, უკვე ვიცი, რომ მთელი დღე უქმად უნდა ვიყო და ნანიკოს ბაზრობაზე, ხორუმის ფორმებისთვის მატერიების დასათვალიერებლად წასვლას ვთავაზობ. მეუბნება, ძალიან ცდები, თუ გგონია, რომ იმდენად მიყვარხარ, ამ სიცხეში მანდ ვიხეტიალებ შენთან ერთადო და მიდის. მანქანაში ვჯდები და მარტო მივდივარ. არ ვიცი, ხასიათის ბრალია თუ აუტანელი სიცხის, მაგრამ არაფერი მომწონს. თითქოს ყველა ნაჭერი ერთმანეთს ჰგავს. ერთი მაღაზიის გამყიდველი მეუბნება, რომ ორ დღეში ახალი მატერიები უნდა მიიღონ. ჩემს ნომერს ვუტოვებ, რომ დამირეკოს. იქიდან კი მშობლებთან მივდივარ და მათთან რამდენიმე საათს ვატარებ. უკვე მზე იწყებს ჩასვლას, გიორგი რომ მირეკავს, ცოტა ხანში გამოგივლი, თუ გცალიაო. მეც მაშინვე სახლში ვბრუნდები. წამოსვლამდე დედა მეუბნება, რომ საძინებლისთვის ახალი ფარდები შემიკერა, ზეგ ჩემთან გამოსვლას აპირებს და სახლში დავხვდე. ტანსაცმელს ვიცვლი და გიორგის მოლოდინში ლეპტოპთან ვჯდები. ისევ ხორუმის მუსიკას დავტრიალებ და იუთუბში რამდენიმე მელოდიას ვუსმენ, რომ შესაფერი დასაწყისი მოვუძებნო, მაგრამ ბიჭი მოდის. ხელში ლუდი და ბურგერები უკავია. მათი დანახვისას მეცინება. - გახსოვს? - მეკითხება ისიც და მიღიმის. - ჰო, პირველად რომ გავათენეთ, მაშინ მოიტანე. - გზაში გამახსენდა და... - მაგიდაზე აწყობს პარკებს და იქვე ჯდება. - რას აკეთებ? - ლეპტოპს თავისკენ ატრიალებს. - ხორუმს ვეწვალები. ამოჭრილი მაქვს რამდენიმე ნაწყვეტი და სანამ გადავაბამ, დასაწყისი მინდა შევუცვალო. დიდად არ მომწონს. - რატო? - მუსიკას რთავს და უსმენს. - მე მომწონს, დატოვე. გოგოების ხორუმია და რბილი დასაწყისი მოუხდება კიდეც. - მაგაზე არ მიფიქრია. - მგონი მართლა კარგი აზრია. - აბა? ვჭამოთ? გიორგი თანხმობის ნიშნად თავს მიქნევს. თეფშები მიმაქვს და სანამ ვჭამთ, მიყვება, რას აკეთებდა დეიდასთან ეს დღეები. იმასაც ვიგებ, რომ დავითი ჩამოსულა და ხვალ ჩვენი შეკრება უნდა. ჩვენიო, ამბობს, მაგრამ ზუსტად ვიცი, მთელი თბილისი იქ დამხვდება. მერე სტუდიაზეც მელაპარაკება. ნორმალური გათბობის დაყენება გვინდა და ხარჯებს ვითვლით. საუბარში ლუდიც ბოლომდე ჩადის და საათის ისრებიც მიქრიან. - ყავა? - ვეკითხები. - გავაკეთებ. - ეცინება გიორგის, დგება და სამზარეულოში შედის. ასეა. ასეთ საღამოებზე, ყავას ყოველთვის ის ამზადებს. სკამზე მჯდომი, ღიმილით ვადევნებ თვალს მის მოძრაობებს და ჩვენი საუბრის მოლოდინს ყურადღებას არ ვაქცევ. გიორგი ფინჯნებს იღებს, აივანზე გავდივართ და პატარა მაგიდასთან ვსხდებით. უკვე თორმეტი საათი ხდება. ღამის გრილი სიო სხეულზე სასიამოვნოდ მეხვევა. - ამ ჩვენს საუბრებს შორის, ერთადერთი უსიამოვნო მგონი პირველი იყო. - ამბობს გიორგი და თავის სიგარეტის კოლოფს თითებში ატრიალებს. ფანჯრიდან გამოსულ მკრთალ შუქზე, გულზე ჩამოკიდებული ჩემი ნაჩუქარი ვერცხლის სალამური უპრიალებს. - ცუდი დასაწყისია. - შუბლს ვკრავ. კანზე ეკალი მაყრის. - ისე, დღეს რატო გცალია? წესით ლუკასთან ერთად არ უნდა იყო? - ვიღაც ნათესავის დაბადების დღეზე მოუწია წასვლა. - ნეტა, ისიც ამბობს ხოლმე, შეყვარებული არ მყავსო? - ცალყბად ეღიმება გიორგის, ფინჯანს იღებს და ყავას სულს უბერავს. - შეიძლება ამბობს, იმიტომ, რომ შეყვარებულები არ ვართ. - ერთი წუთით... - რატო გაგიკვირდა? შენი აზრით, შენ და სოფიც შეყვარებულები ხართ და მე და ლუკაც? ჩვენ ერთმანეთი არ გვიყვარს, ასე, რომ შეყვარებულები ვერ ვიქნებით. მარტივია. - მხრებს ვიჩეჩავ. - უბრალოდ ერთმანეთი მოგვწონს. - და რატო ასე? - როგორ? - თქვი და ამოიოხრე. რამე ხდება? - არა, არაფერი... - მღელვარებისგან თითები მეყინება და ფინჯანს ვხვევ. - უფრო სწორად, კი. - და რა? - იდაყვით მაგიდას ეყრდნობა გიორგი. - არ ვიცი... ბოლო რამდენიმე დღეა, ჩვენი ურთიერთობა ცოტა უსამართლობა მგონია. ვგრძნობ, რომ ისე აღარაა, როგორც თავიდან იყო. - მისი ბრალია? - არავის ბრალია. მისი მით უმეტეს. ლუკას მხრიდან ყველაფერი ძველებურადაა, მაგრამ ჩემგან იმავეს ვერ ვიტყვი. - და ეს ყველაფერი მას შემდეგ, რაც ლექციები მიკითხე. - წარბებს სწევს გიორგი. - მოდი ახლა წიხლით ნუ გადამივლი. და საერთოდაც. საღამო შენი იდეა იყო... ასე, რომ... - ჰო. - გიორგი კოლოფიდან ერთ ღერ სიგარეტს იღებს, სკამს ეყრდნობა და საზურგეზე ოდნავ ქვემოთ ცურდება. - დაახლოებით შენი სიტუაციაა აქეთაც, მაგრამ ეს... ეს ორმხრივია. - ერთი წუთით... - მაგიდას ხელებს ვაყრდნობ. - სწორად გაიგე, საკუთარ თავს და სოფის ვგულისხმობ. - თითებში მოქცეულ ღერს დაჰყურებს გიორგი. - და... მოიცადე. მეგონა თქვენ ქობულეთში ყველაფერი დაალაგეთ. - შეიძლება ასეც ითქვას. - გიორგი, ვერაფერი გავიგე. - ვუყურებ მოლოდინით. - მარიამ, მე და სოფი შეყვარებულები აღარ ვართ. ხომ ამბობ, რომ ამისთვის სიყვარულია საჭირო. ჰოდა, აღარ არის ეგ ჩვენს შორის. გიორგი სიგარეტს ტუჩებში იქცევს და უკიდებს. რამდენიმე წამით უხმოდ ვუყურებ. ბიჭი იდაყვს ფანჯრის რაფაზე დებს, ხელისგულს თავს აყრდნობს და ისიც მე მიყურებს. ალბათ სახეზე ყველაფერი მაწერია. ჩემს გაოგნებას, გაურკვევლობას, მოულოდნელობით გამოწვეულ ელდას, ალბათ ყველაფერს კითხულობს. ეს გრილი სიო, ცოტა ხნის წინ რომ მსიამოვნებდა, ახლა მგონია, რომ სადაცაა გამყინავს. - მაგრამ... როგორ, გიო. როდის... - ხმის ამოღებას ძლივს ვახერხებ. - ალბათ დიდი ხანია, იმიტომ, რომ ორივე ჩუმად ვართ. თითქოს შეგუებას ნიშნავდეს. მარიამ, - ღიმილი უკრთის გიორგის. - უკვე მაშინებ, ისეთი გაოგნებული ხარ. - და არ უნდა ვიყო? მაპატიე. ცოტა უცნაური მოსასმენია. ამდენი წლის შემდეგ... - ჰო, ზუსტადაც. დაფიქრდი. შვიდი წელია ერთად ვართ, ერთ ადგილას. არც წინ და არც უკან. არ ვიცი, ეს ვისი ბრალია. ჩემი? - მხრებს იჩეჩავს ის. - მაშინ რატომ არასდროს უსაყვედურია სოფის? და თუ მისი ბრალია, რატომ ვერ ვსაყვედურობ მას? არ ვიცი, მარიამ რა ხდება, მაგრამ ის ნამდვილად აღარ არის, რაც დასაწყისში იყო. - ილაპარაკეთ? - ვეკითხები. ვცდილობ, არ დავმუნჯდე. ვცდილობ, ამ მოულოდნელობით გამოწვეული აღელვება ოდნავ მაინც ჩავახშო. - რამდენჯერმე მანამდეც და ბოლოს ქობულეთში. უბრალოდ ვკითხე, რატომ არ უნდოდა იქ წამოსვლა და ამას მოჰყვა საუბარი. იცი, რაც იქიდან ჩამოვედით ერთად რატომ ვერ გვხედავ? შესვენება გვაქვს აღებული. - ეს მისი იდეა იყო? - არა, მე შევთავაზე და დამთანხმდა. მაგრამ მითხრა, რომ ამის თქმას თვითონაც აპირებდა. - ვერ ვიჯერებ გიორგი. - გამშრალ ყელს ყავით ვისველებ და ვცდილობ, გონებაში გაფანტულ სიტყვებს თავი მოვუყარო. - ქობულეთში ეს ყველაფერი არ ჩანდა. - არ ვაჩენდით. ჯერ კიდევ ვეჭიდებოდით რაღაცას, მაგრამ არ ვიცი რას. ალბათ გამოვლილ შვიდ წელს. იცი, ამ დროსაც რას ვამსგავსებ? თითქოს გამოცდაზე ვიყავით, დავალება მოგვცეს, შევასრულეთ და დროც ამოიწურა. - ასე ნუ ამბობ გიორგი, სიყვარული დავალება არ არის. - იყო საერთოდ სიყვარული? რომ ყოფილიყო, ახლა ასე ვილაპარაკებდი? - სიგარეტს აქრობს ის და უყურებს საფერფლიდან ჰაერში ავარდნილი კვამლი როგორ ქრება. - შვიდი წელი ადამიანთან ერთად ვერ იქნები, თუ ის არ გიყვარს, გიორგი. ახლა თუ გაცივდა თქვენი ურთიერთობა, იმას არ ნიშნავს, რომ არც ადრე იყო არაფერი. - შეიძლება მართალი ხარ და ცოტას ვაჭარბებ. - ჰო, ნუ ხარ ასეთი რადიკალური, იქნებ... - აღარ იქნება აღარაფერი. ეს ზუსტად ვიცი. - მაწყვეტინებს, ფინჯანს იღებს და ყავას სვამს. ცოტა ხნით ჩუმადაა. არც მე ვიცი, რა უნდა ვუთხრა. რადგან ამაზე მელაპარაკება, ესე იგი ნაფიქრი და გააზრებული აქვს ყველაფერი, ამიტომ არ აქვს აზრი, ვკითხო დარწმუნებულია თუ არა თავის სიტყვებში. - და... ამ დღეების მანძილზე, რაც არ გინახავს... არ მოგენატრა? - ვეკითხები. - არ ვიცი. შეიძლება ახლა ყველაფერი მერევა. შეიძლება მიჩვეული ვარ, რომ სულ ჩემს გვერდითაა. - და იქნებ არა. - მკითხე, რატომ მინდა, რომ სოფი ახლა აქ იყოს. - მიყურებს ის და ჰაერით ივსებს ფილტვებს. - მკითხე, მარიამ და ნახავ, რომ ვერ გიპასუხებ. შუბლზე ვისვამ თითებს და გამალებით ვფიქრობ, რა ვუთხრა. თავში არაფერი მომდის. პირველად ხდება, რომ მისთვის რჩევები არ მაქვს. ალბათ იმიტომ, რომ ვერასდროს წარმოვიდგენდი, ჩვენი საუბრების საღამოს განსახილველი თემა ეს თუ იქნებოდა. - მარტივი აღარაა, ხომ? - ძლივს შესამჩნევი ღიმილით მაცქერდება. - რაზე ამბობ? - დაბნეული ვუყურებ. - იმის მოფიქრება, თუ როგორ შეგვარიგო. გეგმა სულ გქონდა ხოლმე და ძალიან მაღიზიანებდი. - ცხვირს ჭმუხნის და თან ეცინება. - რაა? რატო? - თვალებს ვჭყეტ გაოცებული. - იმიტომ, რომ ჩვენით შერიგებას არ გვაცდიდი. - ბოდიში, ბატონო. - მხრებს ვიჩეჩავ და მისი მზერის დანახვას, ღამის ქალაქის ხედით ტკბობას ვამჯობინებ. - ნუ იბუტები. აქ ვრჩები და რა გაგიძლებს. - იდიოტო. - მეცინება. - როდის ვყოფილვარ აუტანელი. - სწორი ხარ. მგონი, რო მამეცადინებდი, მას მერე აღარ. - გიორგი... - შიგნიდან ტუჩს ვიკვნეტ. არ ვიცი, უნდა ვკითხო თუ არა. - სოფი რას ფიქრობს? - მითხრა, ვნახოთ ეს დღეები რას მოგვცემსო. მაგრამ არ მგონია, მასაც რამის იმედი ჰქონდეს. ჩვენ დიდი ხანია დავიშალეთ. - ეს დღეები შენთვის არაფერი უთქვამს? - არა და კიდევ უფრო ვრწმუნდები იმაში, რომ ეს ვითომ შესვენება არაფერში გვჭირდება. უბრალოდ პირველი ნაბიჯის გადადგმას ვაჭიანურებთ. - რას გულისხმობ? - დაშორებას. ალბათ ჯობია, სოფის ამაზე დაველაპარაკო. ჩვენი საუბარი კიდევ დიდხანს გრძელდება. ვუსმენ და ხან მგონია, რომ ოდნავადაც არ ნერვიულობს, მაგრამ მისი სიგარეტის კოლოფი ნელ-ნელა ცარიელდება. უკვე აისი დგება დაძინებას რომ ვთავაზობ და ძლივს ვიყოლიებ. აზრი არ აქვსო, საწოლამდე ამას მეუბნება, მაგრამ რგავს თუ არა ჩემს ბალიშში თავს, მაშინვე ეძინება. ვიცი, რომ დეიდასთან საქმემ ფიზიკურად ძალიან დაღალა და ახლა ეს ამბავიც. ცოტა ხნით მის წინ სავარძელში ვზივარ და მძინარეს ვუყურებ. მთელი ღამის საუბრის მიუხედავად, ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ იმას, რომ გიორგის და ალბათ სოფისაც დაშორება უნდათ. ამდენი წლის შემდეგ... ამდენი წლის... ამდენი საერთო მოგონებისა და ისტორიის შემდეგ... ისევ მახსენდება სოფის სიტყვები: „გააჩნია ვისთვის და რისთვისაა ბევრი.“ როგორც ჩანს, გიორგისთვის ჯერ არ უთქვამს სასწავლებლად რომ მიდის. ლონდონში წასვლის გადაწყვეტილება ასე მარტივად ამიტომ მიიღო? იქნებ ისიც აღარაფერს ელის მათი ურთიერთობისგან? იქნებ მასაც დაშორება აქვს გადაწყვეტილი? მაგრამ გოგოც მშვიდად გამოიყურებოდა. ნუთუ ორივემ მართლა დიდი ხნის წინ გააცნობიერა, რომ აქამდე მოვიდოდნენ? საძინებლიდან გამოვდივარ და წყალს ვსვამ. დივანზე ვწვები, მაგრამ თავი ფიქრებით მაქვს სავსე. თვალებს ვხუჭავ, თუმცა ძილის გარდა ყველაფერი ხდება. მერე ვდგები, საძინებლის კარს ვხურავ, ოთახში შუქს ვანთებ და ფურცლებით ხელში სავარძელში ვთავსდები. ფურცლები *** რთული იყო გიორგისთან საუბრის შემდეგ თავის მოჩვენება, თითქოს არ ვიცოდი, რომ ყოველთვის თუ არა, ხანდახან მაინც ფეხი სტკიოდა. ვხედავდი, მის გაკეთებულ ტრიუკებს ცეკვებში და აღფრთოვანების ნაცვლად, მეშინოდა. მეშინოდა, რომ ცუდად დაარტყამდა, რომ ზედმეტად გადაეღლებოდა და ასტკივდებოდა. იატაკზე მისი მუხლის ოდნავ შეხებაც კი საშინლად მაფორიაქებდა. უკვე თავს ვაბეზრებდი შეკითხვებით, ხომ არ სტკიოდა და როგორ იყო. ერთხელაც გაბრაზდა და ამიხსნა, რომ პანიკებში არ უნდა ჩავვარდნილიყავი და თავი ხელში ამეყვანა, თორემ ვინმე აუცილებლად მიხვდებოდა და არ უნდოდა მთელ კოლეჯს ამაზე ელაპარაკა. როგორღაც მოვახერხე ეს, რადგან მეორე სემესტრიდან ძალიან დავიტვირთე. ვფიქრობდი ყოველდღიურ ლექციებზე, ყოველთვიურ ცეკვებზე, ჩემს სადიპლომოსა და ჯეირანზე. სანამ ივნისი არ გაივლიდა, სხვა პრობლემები ჩემს ცხოვრებაში უბრალოდ ვერ იარსებებდნენ. სარკის წინ ვიდექი და ჯეირანის მოძრაობებს ვითავისებდი. ამ ცეკვის ხასიათი ჩემთვის ცოტა უცნაური იყო, მაგრამ გიორგი მარწმუნებდა, რომ აუცილებლად ყველაფერი გამომივიდოდა. ხატიას წითელი კაბა და უმშვენიერესი ჩიხტი რომ მოვირგე, საკუთარი თავი ამ ფორმაში იმდენად მომეწონა, რომ გადავწყვიტე, მთელი მონდომებით მევარჯიშა. თვეები ისე გადიოდა, ფაქტობრივად არაფერი ხდებოდა სწავლის პროცესის გარდა. ოთოსთანაც ვეღარ ვახერხებდი ისე ხშირად შეხვედრას, როგორც მანამდე. - მაპატიე, დამაგვიანდა. - კაფეში მომლოდინე ოთოს ვაკოცე და მის წინ ჩამოვჯექი. - სანამ რეპეტიციები გავიარეთ, შემოგვაღამდა. ნანიკოს გამოვეპარე. - კარგი ვიცი, მეც ვსწავლობ და მესმის შენი გრაფიკის. - გამიღიმა ბიჭმა და მიმტანს ყავა შეუკვეთა. - მაგრამ მაინც მენატრები ხოლმე. საღამოობით რომ ხანდახან სახლში ამოგიარო? - ამომიარე, უბრალოდ გამაფრთხილე ხოლმე, შეიძლება ვცეკვავდე. - შემიძლია შენს ცეკვას ვუყურო. თუ ვერ დაგელაპარაკები, ცქერით მაინც დავტკბები. - ცუდ დღეში ვართ, არა? - გამეცინა. - შენ რა გიჭირს. ოთხი თვეც და სწავლას დაამთავრებ. მე კიდევ მეოთხე კურსი. - მე რომ ვგრძნობდი, ასეთ წუწუნს ვიწყებდი, იცი რა გავაკეთე? - წარბები ავათამაშე. - შენ პირველ კურსზე იყავი. უნივერსიტეტისთვის თავის დანებებას არ ვაპირებ. მაცადე, სანამ სტუდენტი ვარ სწავლაზე ვიწუწუნებ. - და კიდევ იმაზე, რომ ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებით. - ჰო, ეგ კიდევ გამახსენე. - მითხრა და ხელი დამიჭირა. - მარი, გამოგვდის, რაც გვინდა? - ამას რატომ მეკითხები, ოთო? რამეს არასწორად ვაკეთებ? - ვკითხე შეცბუნებულმა. დიდი ხანი იყო მასთან ურთიერთობას რაღაცნაირად უკვე მიჩვეული ვიყავი. - არა, არა... უბრალოდ, ხანდახან მგონია ხოლმე, რომ ეს შეხვედრები ვალდებულებაში გადაგვდის. თუ ასეა, უბრალოდ... - არ არის ასე. შენთან შეხვედრა რომ არ მინდოდეს, ამას გეტყოდი. - ჰო-ო? - ჰო. და თუ შენ ყელში ამოგივა ჩემი ეს მოუცლელობა, შეგიძლია პირდაპირ მითხრა. ნებას გრთავ. - გამეცინა და მიმტანის დადგმული ფინჯანი ჩემკენ მივაცურე. ოთოსაც გაეცინა და თავი გააქნია. *** ყველაფერი შედარებით მსუბუქად იყო. სამეგობროს შეკრებებს ნელ-ნელა უფრო ვეჩვეოდი. ხან ოთოსთან ერთად მივდიოდი, ხან მარტო. ნანიკოს უხაროდა, როცა ბიჭთან ერთად მხედავდა. რა თქმა უნდა, კარგად იცოდა, რომ ოთო გიორგის ვერასდროს ჩაანაცვლებდა, მაგრამ საკუთარი თავის განადგურებით რომ აღარ ვიყავი დაკავებული და ყურადღება მასზე მქონდა გადატანილი, ვისთანაც უსაფრთხოდ ვიყავი, ეს ფაქტი ამშვიდებდა. არ ვიცი, რა მოხდა, მაგრამ გიორგი ოთოზე აღარ მეხუმრებოდა. პირიქით, მასთან ნორმალური ადამიანივით კონტაქტსაც კი ცდილობდა. ვკითხე კიდეც, წინააღმდეგი რატომ აღარ ხარ, და რატომ შეიცვალე ბიჭზე აზრითქო. მიპასუხა, წლები გავიდა და შევიცვალეთო. ვიცი, ეს ჩემი სიტყვების გადაკეთებული ვერსია იყო და ცოტა ეჭვიც გამიჩინა, მაგრამ აღარ ჩავციებივარ. სიმშვიდეს ვეძებდი და ის ჩემთან ძალიან ახლოს იყო, ამიტომ შეკითხვების დასმით თავს აღარ ვიწუხებდი. ერთ-ერთ ასეთ შეხვედრაზე გავიგეთ, რომ სოფის უნივერსიტეტი გაცვლითი პროგრამით ერთი თვით გერმანიაში უშვებდა. დავითი აღსანიშნად მაშინვე ლუდების საყიდლად გაიქცა. გოგო წუხდა, რომ გამგზავრება ივნისის ბოლოს უწევდა და ჩვენს სადიპლომოს ვერ დაესწრებოდა. გამგზავრებამდე ორი დღით ადრე, მისი გაცილების საღამო კარაოკე ბარში აღვნიშნეთ. ცოტა დავლიეთ, ბევრი ვიმღერეთ და კარგად გავერთეთ. სოფის ცრემლებიც კი ვნახეთ. გიორგის ეხუტებოდა და მომენატრებითო, ტიროდა. ყველა სათითაოდ ვამშვიდებდით. ერთი თვე მალე გავიდოდა და უკან დაბრუნებულს ყველა ისევ იქ დახვდებოდა. ბარი ჩემი სახლისგან შორს არ იყო, ამიტომ, როცა დავიშალეთ, მე და ოთო ფეხით წავედით. მითხრა, მიგაცილებ და მერე გავბრუნდებიო. ცხელოდა, ამიტომ ერთი სული მქონდა სახლში მივსულიყავი, რომ ცივი წყლით სხეული გამეგრილებინა. ოთახში რომ შევედი, ბიჭს მაცივრის წყალი შევთავაზე. ისიც სამზარეულოში შემომყვა. ისევ სოფიზე ვფიქრობდი და გიორგის მოულოდნელი გამგზავრება გამახსენდა, ჩვენი შემცირებული მიმოწერები და დიდხანს შეწყვეტილი ურთიერთობა. გული ისე შემეკუმშა, იმ წუთას ოდნავადაც ვერ ვგრძნობდი, რომ მას შემდეგ წლები იყო გასული და ყველაფერი წარსულს გვქონდა ჩაბარებული. ისიც წარმოვიდგინე, სოფის ნაცვლად გიორგი რომ წასულიყო, ისევ იმ დროით და ჩვენ ასეთი მხიარულებით გაგვეცილებინა. შევძლებდი დროის ასე კარგად გატარებას? - მარი, რამე მოხდა? - ზურგიდან მომესმა ოთოს ხმა. - არაფერი. - მისკენ შევბრუნდი და წყლის ჭიქა მივაწოდე. - მგონი ხასიათი დაკარგე. - სასმლის ბრალია, გამოვიძინებ და გამივლის. - მისთვის გაღიმება ვცადე. ოთომ თავი დამიქნია და წყალი მოსვა. - და მე ვერ შევძლებ ამას? შენს დახმარებას. - ჭიქა დადო, მომიახლოვდა, ხელები მომხვია და ჩამეხუტა. მეც მოვხვიე ხელები და თვალები დავხუჭე, მინდოდა იმ უაზრო ფიქრებს გაევლო. გიორგი ხომ არსად მიდიოდა. აქ იყო, ჩემს გვერდით და მსგავსი რამ აღარასდროს განმეორდებოდა. სამაგიეროდ, ჩემს თავში სურათი გაჩნდა, როგორ ეხუტებოდა სოფი ბიჭს და მაშინვე თვალები გავახილე. ოთო თავზე მეფერებოდა, მერე წელზე მომხვია ხელები. ჩახუტებამ სხვა სახე მიიღო. ვგრძნობდი, როგორ მოსრიალებდნენ მისი თითები ზემოთ. ჯერ ჩემს მხრებზე მოექცნენ, შემდეგ ყელსა და ლოყებზე. თვალებზე დამაცქერდა, მაგრამ ის მზერა ვერ ვიცანი. შემდეგ დაიხარა და მაკოცა. ჩემკენ გადმოდგა ერთი ნაბიჯი და მეც უკან დავიხიე. სანამ მისი ხელები ჩემს თეძოებზე გადაინაცვლებდნენ და კოცნაც უფრო თამამი გახდებოდა, გონებამ ათასჯერ მოასწრო გიორგის ბაგეების გახსენება. მისი შეხების და მხურვალე კოცნის გახსენება. მაგრამ ჩემ წინ ოთო იდგა. ის მეხებოდა და ის მეფერებოდა. და საბოლოოდ მივხვდი, რომ ამას მეხსიერებიდან ვერასდროს წავშლიდი. გავიდოდა რამდენიმე თვე, თავს მოვერეოდი, მაგრამ ერთ დღეს, ასეთ დღეს, როცა გულში გამოკეტილ გრძნობებს ოდნავ სისუსტეს გავუბედავდი, ის ღამე და ის მოგონება თავს დამესხმებოდა და კატეგორიული ტონით ჩამჩურჩულებდა, რომ მას ვერასოდეს გავექცეოდი. - მარი. - დაიჩურჩულა ჩემს ყურთან ოთომ, ჩემი წელიდან ხელები ფრთხილად ჩამოასრიალა და ერთი ნაბიჯით უკან დაიხია. ვერ ვუყურებდი. თვალებდახრილი და საშინლად აღელვებული ვიდექი და თავს ვერაფერს ვუხერხებდი. ძალიან მრცხვენოდა. - მაპატიე. - ვუთხარი როგორღაც და ლოყებიდან ცრემლები მოვიშორე. ოთომ ამოიოხრა, დავინახე, როგორ შეირხა და ერთი ხელით მაგიდას დაეყრდნო. - ეს ისაა, რისი მოსმენაც არ მინდოდა. - თქვა მან, თუმცა ხმაზე შევატყვე, რომ გაკვირვებული არ იყო. - მაგრამ ველოდი. სულ ველოდი. - საშინელი ადამიანი ვარ. მაპატიე, ოთო. - გეყოფა. შენ დამნაშავე არ ხარ. - როგორ არა. ვიცოდი, რომ ისევ მოგწონდი და იმედი მოგეცი. ახლა ძალიან მინდა, რომ შემიძულო. - მარი, გგონია ჩემ მიმართ შენმა უცაბედმა ინტერესმა ვერაფერს მიმახვედრა? ვიცოდი, რომ ეს დიდხანს არ გაგრძელდებოდა. შემეძლო, შენთვის მეგრძნობინებინა, რომ არ ღირდა იმის წამოწყება, რასაც აპირებდი, მაგრამ არ გავაკეთე. ასე, რომ პატიებას ნუ მთხოვ. რაც იყო, იყო. ორივეს გვქონდა ჩვენი რაღაც სურვილები. - მაგრამ ვერც ერთმა ვერ მივიღეთ. - ჩავილაპარაკე და ძლივს გავუსწორე თვალი ბიჭს, რომელიც ისე მიყურებდა, თითქოს ზუსტად იცოდა, რა ხდებოდა ჩემს თავში. - საპატიო მიზეზის გამო, მჯერა. - ოთოს სახეზე ღიმილი გაუკრთა. - არ ვიცი, ეს როგორ მოხდა და როგორაა საერთოდ შესაძლებელი, მაგრამ მჯერა, რომ უარის მიზეზი არ შეცვლილა. თანხმობის ნიშნად თავი დავუქნიე და ტუჩები მაგრად დავაჭირე ერთმანეთს. დაჭიმული კუნთებისგან მთელი სხეული მტკიოდა. არ მინდოდა, პირველი შემთხვევის მსგავსად, ახლაც გაურკვეველი პასუხებით წასულიყო. უნდა სცოდნოდა, რატომ მოვიქეცი ასე საშინლად. - არ მინდა, რომ მარტო დარჩე, მაგრამ არც ჩემი დარჩენა იქნება ნორმალური. - მითხრა მან და მომიახლოვდა. სახე დამიჭირა და თვალებზე დამაცქერდა. ნაცრისფერი სფეროები მკრთალ სინათლეზე ჩამუქებოდა. - დღეს შეიძლება იტირო, მაგრამ ხვალ აუცილებლად გაგეღიმება. მის სიტყვებზე გამეცინა, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, რომ ყველაფრის შემდეგ ასე მექცეოდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ ვიმსახურებდი მისგან ამ სიტყვებს. - მადლობა, ოთო. ყველაფრისთვის. - ვუთხარი და ბიჭს მოვეხვიე. - უბრალოდ, როცა შევხვდებით, თვალი არ ამარიდო ხოლმე. მპირდები? - ისიც მომეხვია. - რა თქმა უნდა, გპირდები. ოთომ გამიღიმა, შუბლზე მაკოცა და დამემშვიდობა. *** ნანიკოს ჩემი და ოთოს ამბავი არ გახარებია, გიორგის კი არ გაჰკვირვებია. თავს ისევ დამნაშავედ ვგრძნობდი და რამდენიმე დღე საშინლად უხასიათოდ ვიყავი. ვგრძნობდი, ორივე ყველაფერს როგორ მითმობდა. ცდილობდნენ, ამაზე არ ელაპარაკათ. დიდი დრო აღარ იყო დარჩენილი სადიპლომოს დღემდე, ამიტომ სასაუბრო მხოლოდ ეს გვქონდა. როცა რეპეტიციებისთვის დარბაზი გაგვითავისუფლდა და ჯეირანის ცეკვა დავიწყე, მაშინ მივხვდი, რომ საკმარისი იყო საკუთარი თავის კიცხვა. შევნიშნე ფანჯრიდან გვანცა რომ გვადევნებდა თვალს და დამცინავ სახეს არ მაშორებდა. მერე გიორგისაც შევხედე და სახეზე შევატყვე, რომ არც ისე კმაყოფილი იყო. გულმოსულმა ღრმად ჩავისუნთქე და ვთხოვე, მუსიკა თავიდან ჩაერთო. პირადი დრამები ყველაფერს აფუჭებდა. *** სადიპლომოს მხოლოდ „ა“ კატეგორიის სტუდენტები ვიცავდით, ამიტომ ბევრი მონაწილე არ ვყოფილვართ. ჩემი ჯგუფიდან მხოლოდ ექვსნი ვიყავით, პარალელურიდანაც ამდენივე. კოლეჯში დილით ადრე მივედი. ჩემი ლაზურის მოცეკვავეები უკვე ადგილზე იყვნენ და რეპეტიციობდნენ. სიხარულისგან თვალები გამიბრწყინდა. ხელში ჯეირანის კაბა მეკავა. გასახდელში შევედი, იქ კი გვანცა დამხვდა. არ შეიმჩნია, მაგრამ შევატყვე, რომ ტიროდა. მეუცნაურა. მინდოდა მეკითხა, რა სჭირდა, მაგრამ ზურგი მაქცია და მეც გამოსვლა ვარჩიე. ჩემს მოცეკვავეებთან მივედი და მოვიკითხე. ნანიკო უკვე იქ იყო და რეპეტიცია დაამთავრა თუ არა, ჩემთან მონარნარდა. - გვანცა ტიროდა თუ მომეჩვენა? - ვკითხე გოგოს ჩუმად. - ტიროდა? ოჰ, ჩვენმა გველმა ვერ დაიტია? - შეიცხადა გოგომ და თავის ფრჩხილებს დახედა. - ნატა რეპეტიციისას დაეცა, ფეხი იღრძო. თეას კაბინეტშია ახლა, სასწრაფოს ელოდებიან. ვეღარ იცეკვებს. ჰოდა, მგონი ქალბატონს სადიპლომო ეშლება, ან გადაუტანენ. არ ვიცი. - ვა, ცუდია. - მისი ამბავი დიდად არ მესიამოვნა, როცა საკუთარი თავი ამ პრობლემით წარმოვიდგინე. მალევე გიორგიც მოვიდა და მუხამბაზის გასავლელად დარბაზისკენ წავედით. ჯეირანი საოცრება იყო. მართლა ისე გამოვიდა, როგორც გიორგი ამბობდა. ასე მეგონა, მთლიანად ცეკვას ვეკუთვნოდი. მისი ყველა ნაბიჯი შველისას ჰგავდა, ფრთხილს, მოზომილს, დაუცველს და თან მკაცრს. ჩემი მოძრაობებით, გარშემო შემოხვეულ ყარაჩოღელებს, რომლებიც მგლებივით დამტრიალებდნენ და თვალს არ წყვეტდნენ ხელებისა და სხეულის მიმოხვრას, თავს ვაწონებდი და თან ვიცავდი. ლამაზი მსხვერპლი ვიყავი, რომელიც სცენაზე ჟრუანტელის მომგვრელ მუსიკის ფონზე უნდა მოენადირებინათ. - ძალიან მაგარი ხარ. - ცერა თითები ასწია გიორგიმ და თვალებგაბრწყინებულმა გამიღიმა. გავუცინე, ვუთხარი გასახდელში გავალ-თქო და გამოსაცვლელად წავედი. მის გარდა, კიდევ ორ ცეკვაში ვიღებდი მონაწილეობას. გვანცა ისევ იქ იყო. ხელში თავისი სადიპლომოს ცეკვის კაბა ეჭირა და სახეზე აეფარებინა. გამოსვლა დავაპირე, მაგრამ შემეცოდა. ყოყმანის შემდეგ შევბრუნდი და გვერდით მივუჯექი. - მერამდენე ხარ? - ვკითხე. გოგომ ნაჭერი ჩამოსწია. ტირილისგან ცოტაც და ქუთუთოები დაუსივდებოდა. ეჭვით შემათვალიერა. ჩაწითლებულ თვალებში ბრაზი ჩასდგომოდა. - რაში გაინტერესებს? - გამოსცრა და ცრემლები სალფეტკით მოიწმინდა. - შემიძლია ნატას მაგივრად ვიცეკვო, თუ ფორმის გამოცვლას მოვასწრებ. - შევთავაზე, მაგრამ ვიცოდი, უარს მეტყოდა. - მეღადავები? - ჩაეცინა უნდობლად. - არა. თვალს ვადევნებდი შენს ცეკვას. ხომ იცი მომწონს მოდერნი. რაღაცები მახსოვს. დაწყებამდე ჯერ ოთხი საათია. ვეცდები სწრაფად ავითვისო. - გამორიცხულია, ვერ მოასწრებ. სამი თვეა ამ ცეკვას ვდგამ. - სადიპლომო ისედაც გეშლება. შენი რა მიდის? მამეცადინე. იქნებ გამოდის. - მხრები ავიჩეჩე. გვანცამ გვერდით გაიხედა. - მეგობრობას არ გთხოვ, ნუ დარდობ. სადიპლომოა და ამაზეა დამოკიდებული შენი კარიერა. ასე არაა? - ეს კაბა მოიზომე თუ მოგერგება. - ნატას კაბა გამომიწოდა, რომელიც ხელში ეკავა და გასახდელიდან გავიდა. გამეცინა და თავი გავიქნიე. ის იყო ტანზე გადავიცვი, რომ ნანიკო შემოვიდა. რომ მიხვდა, რა მეცვა პირი დააღო. - ახლა არ მითხრა, რომ... - თითი კარისკენ გაიშვირა და თვალები გადმოყარა. - ვეხმარები. შეგეძლო შენც შეგეთავაზებინა. - ენა გამოვუყავი. - მიხდება? - დავტრიალდი და ულამაზესი მუქი ლურჯი შიფონის მატერია ავაფრიალე. - ღმერთო, - ამოიოხრა ნანიკომ და ხელი შუბლზე შემოირტყა. - გთხოვ, ამას ერთხელ შემოულაწუნე და ვფიცავ, ჩემი პრობლემებით აღარასდროს შეგაწუხებ! სიცილი ამიტყდა, გოგოს ხელი ჩავჭიდე და გარეთ ერთად გავედით. გიორგიმ უცხო ფორმაში რომ დამინახა ვერაფერს მიხვდა და სანამ მე რამეს ვეტყოდი, ნანიკომ თავისებური ელფერებით ჩააყენა საქმის კურსში. ბიჭმა ლოყებზე მომჩქმიტა და დაყენებული თმა ისე ამიჩეჩა, გაცეცხლებული შევბრუნდი გასახდელში. უკან უკვე პატარა კიკინას ვიკრავდი და ისეთი საშინელი სიგრძე იყო, რომ მისი ცეკვისთვის გაკეთება საშინლად მირთულდებოდა. გვანცას მოდერნი არც ისე მარტივი აღმოჩნდა, მაგრამ საბედნიეროდ ნატას ჰქონდა შედარებით მარტივი მოძრაობები, ისეთი, რომ ოთხ საათში ბოლომდე მონდომების წყალობით ავითვისე. თეა გაკვირვებული, მაგრამ კმაყოფილი ჩანდა. მხოლოდ იმით არა, რაც გავაკეთე, ჩვენი ჯგუფის ნამუშევრებითაც. მე და ნანიკომ 97 ქულა ავიღეთ, გიორგიმ 98, ლაშამ და გვანცამ 95. უბედნიერესები ვიყავით. გოგომ მადლობაც კი გადამიხადა. მართლა არ ველოდი. ღონისძიება დამთავრდა თუ არა, კოლეჯიდან გამოსულებმა სოფის დავურეკეთ და ჩვენი ამბავი ვამცნეთ. შემდეგ კი ზარმაც დავითთან ერთად ჩემთან წავედით აღსანიშნად. *** მეორე დღეს წვიმის ხმამ გამაღვიძა. თავი ძლივს ავწიე, რომ ოთახი შემემოწმებინა. ნანიკო ზურგით მომკრობოდა და საშინლად მცხელოდა. წამოვიწიე და საკუთარ თავს დავაკვირდი. წინა ღამეს დავლიეთ, მაგრამ კარგად ვიყავი. ნაბახუსევი არ მქონდა. თერთმეტი საათი ხდებოდა. მისაღებ ოთახში გავედი. არავინ იყო. ბიჭები ისე წასულან, რომ ვერ გავიგე. ასე რა ჯანდაბამ გამთიშა. ან მათ რა ეჩქარებოდათ? წყალი დავლიე და ფანჯრიდან გავიხედე. შუა ზაფხულში თავსხმა წვიმამ გამაკვირვა, მაგრამ ისე ვიყავი გაბრუებული, ამაზე დიდხანს არ მიფიქრია, მაშინვე დასაბანად შევედი. ასე მეგონა, მთელი თბილისის ჭუჭყს მე ვატარებდი. გამოსულს ნანიკო სამზარეულოში დამხვდა. - დამტენი სად გაქვს? ვერ ვიპოვე. - მკითხა და ფინჯნებში წყალი დაასხა. ყავას აკეთებდა. მაშინღა გამახსენდა ჩემი მობილური და ის იყო მოძებნა დავიწყე, რომ საძინებლიდან ზარი მომესმა. შიგნით შევედი, ლაშა იყო. - ჰო, სად გაიქეცით ასე ადრე, არ გეძინათ? - ვუპასუხე. - მარ... მარ, რას აკეთებ? - მკითხა ბიჭმა. ისეთი აღელვებული ხმა ჰქონდა, რომ სხეული ერთიანად გამეყინა. უკვე ვიცოდი, რომ რაღაც საშინელებას მეტყოდა. - რა მოხდა. - მარი... არ შეგეშინდეს, რა. კარგად ვართ... - ლაშა! - ხმა ჩამიწყდა. - რა მოხდა? - ჩემ წინ აისვეტა ნანიკო და მოლოდინით მომაცქერდა. - მე და გიოს მანქანა მოგვისხლტა. საავადმყოფოში ვართ. ცოცხლები ვართ, არ ინერვიულო, კაი? მობილური ხელიდან გამიცურდა და საწოლზე ჩამოვჯექი. ლაშა რეკავდა, გიორგი არა. რატო? რატომ ის არა? რატომ მამშვიდებდა ბიჭი? უცბად წამოვდექი. სანამ მე თავბრუდახვეული ტანსაცმელს ვეძებდი ჩასაცმელად, პირზეხელაფარებული ნანიკო ლაშას ელაპარაკებოდა. ტაქსით წავედით. არ ვიცოდი, რა ხდებოდა. ნანიკო მთლი გზა რაღაცას მელაპარაკებოდა, მაგრამ არაფერი მესმოდა. ყურებში რაღაც საშინლად წიოდა და სხვას ვერაფერს მაგებინებდა. გაყინული სხეული მიცახცახებდა. მანქანიდან გადასვლა და სირბილი მინდოდა. მეგონა არც კი ვმოძრაობდით. ერთ ადგილზე ვიყავით გაჩერებულები და ჯიბრით ვაგვიანებდით იქ, სადაც აქამდეც მისული უნდა ვყოფილიყავით. „ცოცხლები ვართ“ - მესმოდა ლაშას სიტყვები, მაგრამ ვერ ვიჯერებდი. ვერაფრით ვიჯერებდი. უნდა მენახა. გიორგი უნდა მენახა. სანამ მის თვალებს არ დავინახავდი, ვერავის სიტყვებს ვენდობოდი. შინაგან ხმასაც კი, რომელიც შიგნიდან მეძახდა, რომ მას არაფერი მოსვლია. მანქანიდან რომ გადავედი, ერთხანს ფეხებში სისუსტე ვიგრძენი. მომეჩვენა-თქო ვიფიქრე და ნაბიჯს ავუჩქარე. ნანიკო მომყვებოდა. ექთნებს რაღაცას ეკითხებოდა. მერე ხელი ჩამკიდა და გვერდით შევუხვიეთ. კიბეს ავუყევით. მერე გავჩერდით. არ ვიცი, რატომ. ვიდექი და ველოდებოდი, როდის წამიყვანდა გოგო. ფოკუსი რომ გავასწორე, ჩემი მეგობარი დავინახე, რომელიც შუბლშეკრული და შეშინებული მიყურებდა. - მარი! - დამიყვირა მან, მხრებში ხელები ჩამავლო და შემარხია. - ცუდად არ გახდე, გული არ გამიხეთქო. გიორგი აქაა. ცოცხალია. გესმის? - მესმის. - როგორც იქნა ყურებიდან ის საშინელი წივილი გაქრა და ნანიკოს ხმა იმედივით ჩამესმა. - საშიში არაფერი, გიორგი კარგადაა. ხომ გაიგე. - ჰო. გოგომ ისევ ხელი ჩამკიდა და წამიყვანა. კიბეზე რომ ავედით და ფოიეს გავუყევით, მალევე დავინახე ლაშა, რომელსაც ხელზე თაბაშირი ედო. იქვე იყვნენ გიორგის მამიდა და ბიძა, რომლებიც ექიმს ელაპარაკებოდნენ. ქალს სახეზე ხელები აეფარებინა და ტიროდა. - რა მოხდა, ნანი, რატომ ტირის? - ჰაერი არ მყოფნიდა, ვგრძნობდი, როგორ მიახლოვდებოდა პანიკა. თვალები დამებინდა და გოგოს ხელი მაგრად ჩავჭიდე. მეუბნებოდნენ, რომ ყველაფერი კარგად იყო. მაშინ ქალი რატომ ტიროდა? - ნერვიულობს. გეყოფა. თავი ხელში აიყვანე. მივიდეთ და გავიგოთ, რა ხდება. - წელზე მომადო ხელი ნანიკომ და მიბიძგა, რომ ნაბიჯები გადამედგა. ყველაზე, ყველაზე მძიმე ნაბიჯები იყო. ყველაზე მოკლე და დამღლელი, რადგან არ ვიცოდი, რისკენ მივყავდი. მეუბნებოდნენ, მაგრამ ვერ ვიჯერებდი, რომ ამ ნაბიჯების იქით სიმშვიდე დამხვდებოდა. მერე ლაშამაც დაგვინახა და სანამ მივუახლოვდებოდით, ჩვენკენ თვითონ წამოვიდა. ნიკაპი და შუბლი გასტეხოდა. გარშემო ჩაწითლებული და ჩალურჯებული ჰქონდა. - მოხვედით? - გვკითხა მან და გავიგე თუ არა მისი ხმა, თითქოს მაშინვე მოვედი გონს. - გიორგი სად არის, შენთან ერთად რატომ არაა? მამიდამისი რატო ტირის? ლაშა... - მივაყარე კითხვები. ასე მეგონა, ჩემი მოგონილი პასუხებისგან, რომლებიც ქარბორბალასავით დაჰქოდნენ, თავი ამიფეთქდებოდა. - პალატაშია. - თვალით გვანიშნა. - მოდი დავსხდეთ. - ჩამოჯდა ის და ჩვენც გვერდით მივუსხედით. - ტელეფონზე აღარ გითხარით. წითელზე გამოვარდა ვიღაც და შემოგვასკდა. ისიც აქ გდია. გონს ჯერ არ მოსულა. მთვრალი იყო. დილა ადრიან მაგისი დედაც... გიოს... გიოს ფეხი დაუზიანდა. ოპერაცია გაუკეთეს. მენისკი ჰქონია. იცოდით? - თავი გააქნია ბიჭმა და ტუჩები მაგრად დააჭირა ერთმანეთს. სახეზე ავიფარე ხელები. თავში მაშინვე მისი სიტყვები გაჩნდნენ - „ვიცი, რომ მომავალში ყველაფერს თავზე ჩამომაქცევს.“ გული ლამის გამისკდა. ახლა ის იქ იყო. პალატაში მარტო, თავის ფიქრებთან, საშინელ ფიქრებთან სულ მარტო და ზუსტად ვიცოდი, თავს როგორ გრძნობდა. - ექიმმა რა თქვა? - ჰკითხა ნანიკომ. მის ხელს ვგრძნობდი ზურგზე. მეფერებოდა. - უკვე მწვავე ფორმა ჰქონდა. რატო არ გვითხრა, რას გვიმალავდა ნეტა, ეგეც კარგი იდიოტია. - ბრაზობდა ლაშა. - წყალი ამოუღეს, მარა ხო ხვდებით... ავარიამ ცალკე, დიდი წვივის ძვალი გაუბზარა. კაი ხნით მოუწევს თაბაშირით სიარული. მარა მაინც კარგად გადავრჩით. - ნახეთ? - ვკითხე ლაშას. ყბები ისე დამეჭიმა ნერვებისგან, მთელი სახე მტკიოდა. - არა. - გვერდით გაიხედა ბიჭმა. - მამიდამისი შევიდა და უკან გამოუშვა, არავის ნახვა არ მინდაო. ექიმმა გაიგო მოცეკვავე როა და უთხრა ცეკვას ვეღარ შეძლებო. წამოვდექი და პალატისკენ წავედი. ნანიკომ კი დამიძახა, მაგრამ უკან არ გამომყოლია. რას ჰქვია, არავის ნახვა არ უნდოდა. ის მარტო არ უნდა ყოფილიყო. მარტო არ უნდა დაგვეტოვებინა. ამას ვერ გაუძლებდა. გული გაუსკდებოდა. მასთან უნდა ვყოფილიყავით. მამიდამისს და ბიძამისს მივესალმე და ოთახთან გავჩერდი. ქალმა იმედიანი თვალებით გამომხედა. დამაბარა, უთხარი, არ ინერვიულოსო. ურდულს რომ ხელი მოვკიდე, მაშინღა შევამჩნიე, როგორ ვცახცახებდი. კარი ფრთხილად შევაღე და ჩუმად შევედი. მის დანახვაზე ტუჩები დამებრიცა და თვალები ცრემლებით ამევსო. იმ დიდმა თეთრმა მასამ, რომელიც ფეხზე შემოხვეოდა, უსიამოვნოდ მომჭრა თვალი. მუცელში საშინელ სპაზმებს ვგრძნობდი და მეშინოდა ტკივილისგან არ ჩავკეცილიყავი. სუნთქვაშეკრული ვუახლოვდებოდი. გიორგის თავი ფანჯრისკენ მიებრუნებინა და გადაჯვარედინებული ხელები სახეზე დაეწყო. არ ვიცოდი, რას ვეტყოდი ან რას გავაკეთებდი, მაგრამ აქედან ვერ გამაგდებდა. არ გავიდოდი. ჩემმა კედებმა მეტლახზე რომ დაიჭრიალეს, მაშინ გადმოაბრუნა ჩემკენ თავი და ადგილზე გავიყინე. გიორგის სახე ცრემლებისგან დასველებოდა. ტიროდა. მარტო იყო, არავის იკარებდა და ასე ცდილობდა თავის ტკივილთან შეგუებას. მუშტები შევკარი. მისი მზერისთვის თვალის გასწორება რთული იყო. სანამ ხმას ამოიღებდა, იმ რამდენიმე წამით შეშინებული ვუყურებდი. - წადი. - მითხრა ცივად და სახეზე თითები მოისვა. - გიორგი... - წადი მეთქი. - ნუ მაგდებ, გთხოვ... - ხმა გამიტყდა. - მარი, წადი! - მიყვირა მან და თავი ოდნავ წამოსწია. მოულოდნელობისგან შევხტი. ვუყურებდი და იმ წამს მეგონა, რომ ყველაზე მეტად ვძულდი. ვძულდი, რადგან მის ტკივილს ვხედავდი. თრთოლამ ამიტანა. გაყინულ სხეულს ვერ ვიმორჩილებდი. მხოლოდ მას ვხედავდი, მას და მის ჩამუქებულ თვალებს, რომლებიც გაღიზიანებულები შემომყურებდნენ. - წადი გესმის? წადით! შემეშვით, თავი დამანებეთ! - ისევ დაიყვირა. - არსადაც არ წავალ და რამდენიც გინდა იმდენი იყვირე. - ცრემლები შევიმშრალე, მისკენ გადავდგი ნაბიჯები და საწოლის გვერდით, სკამზე ჩამოვჯექი. თავი ისევ შეაბრუნა. რამდენიმე წუთით, ოთახში მხოლოდ მისი ხშირი სუნთქვა ისმოდა და მეც მას ვყვებოდი. ნეტავ მისი ტკივილის გაზიარება შემძლებოდა. ნეტავ შემძლებოდა, რომ მის ადგილას მე ვყოფილიყავი. არც კი დავფიქრდებოდი, ისე დავთმობდი ყველაფერს, ოღონდ იმ მდგომარეობაში ის არ მენახა. დიდი ხნის წინ ჰქონდა გაცნობიერებული, რომ თავისი საყვარელი საქმის კეთებაში მენისკი ოდესმე ხელს შეუშლიდა. იცოდა, რომ ოდესმე მის გამო ცეკვისთვის თავის დანებება მოუწევდა, მაგრამ ასე სწრაფად? ვიცოდი, რაც სტკიოდა ყველაზე მეტად. ყველაფერი ზუსტად სადიპლომოს დაცვიდან მეორე დღეს დაკარგა. მაშინ, როცა სიხარული ჯერ კიდევ ბოლომდე არ ჰქონდა გაჯერებული. როცა ჯერ სამომავლო გეგმებზეც კი არ ჰქონდა ნაფიქრი. როცა ყველაფერი ჯერ ახლა უნდა დაეწყო. სხვები კი ეუბნებოდნენ, რომ ვეღარასდროს იცეკვებდა. - გაიგე? - მკითხა ისე, რომ ჩემკენ არ მოუხედავს. - გითხრეს, რომ ვეღარ ვიცეკვებ? - გაზვიადებულია გიორგი. - ვუპასუხე და პირზე ავიფარე ხელი. არ მინდოდა გაეგო, რომ ვტიროდი, მაგრამ ხმა ვერ დავმალე. - კარგად იცი, რასაც ვგულისხმობ. - იმკურნალებ და ივარჯიშებ. ასე არ დატოვებ. არ დანებდები. - გითხრეს, რომ ვეღარასდროს ვიცეკვებ? - გამიმეორა. - ჰო, გიორგი მითხრეს, მითხრეს! მითხარი, რა გავაკეთო და გავაკეთებ. უბრალოდ მითხარი. - ნერვებმა მიმტყუნა და მეც ვუყვირე. - არაფერი. - ჩემკენ მოიხედა, თვალი შემავლო და ამოიოხრა. - უბრალოდ ჩემთან იყავი. *** საავადმყოფოში რამდენიმე დღით დატოვეს. ჩემ გარდა პალატაში არავის უშვებდა. ლაშასაც კი. მაგრამ ვერაფერს ვეუბნებოდი. ყველაფერს გავაკეთებდი, რასაც მოისურვებდა, მაგრამ არაფერს მეუბნებოდა. თავიდან დროს სიჩუმეში ვატარებდით. ლაპარაკი არ უნდოდა. ჩუმად იყო და მიუხედავად ჩემი იქ ყოფნისა, საფიქრალს მაინც გულზე იხვევდა. მაგრამ მერე ავალაპარაკე. გაწერის წინა ღამეს, როცა ექიმი შემოვიდა და რჩევები მისცა, ამ თემაზე წამოვიწყე საუბარი. მართალია სიტყვებზე ძუნწობდა და ყველაფერზე იმას ამბობდა, აზრი არაფერს აქვსო, მაგრამ მთავარი იყო, ჩაჩუმებული აღარ იწვა. ვბრაზობდი, რადგან მისი ბიძა და მამიდა ძალიან ნერვიულობდნენ. გიორგი კი, საკმარისი იყო ოთახში ვინმე შესულიყო, მაშინვე ყვირილს იწყებდა. ვუთმენდით, სანამ საავადმყოფოდან გამოწერეს. მერე ისედაც მამიდასთან წავიდა და თვეების მანძილზე, სანამ რეაბილიტაციას არ მორჩა, მასთან მოუწია ყოფნა. მეც გარკვეული პერიოდი, სანამ სოფი ჩამოვიდა, დედასთან გადმოვედი, რომ გიორგისთან ახლოს ვყოფილიყავი. პირველი დღეები საერთოდ, თავისთან მთხოვდა დარჩენას, რომ ოჯახის წევრებთან არ ჰქონოდა შეხება. მამამისსაც მაშინ გააგებინა თავისი ამბავი, საავადმყოფოდან რომ გამოწერეს. უთხრა, აქ ყოფნით მაინც ვერაფერს შეცვლი და ჩამოსვლას ნუ იჩქარებო. ვიცოდი, რატომ არ უნდოდა არავის ნახვა. როცა ყველამ იცის, რომ მოცეკვავე ხარ. რომ მთელი შენი ცხოვრების გეგმები ამაზეა აგებული, მისით ცხოვრობ და მისით არსებობ... შემდეგ კი ფეხზე თაბაშირით გხედავენ და იგებენ, რომ ეს ის ტრავმაა, რომელიც შესაძლებლობებს გიზღუდავს. გიყურებენ და სახეზე აწერიათ - სამწუხაროა, რომ ვეღარ იცეკვებ... ალბათ მეც არ მენდომებოდა არავის დანახვა და ალბათ მის ადგილას მე შევიშლებოდი. - მამიდაშენის ადგილას რომ ვიყო, სახლიდან გაგადებდი. - ვუთხარი გიორგის. მისი საწოლის ბოლოში ვიჯექი და თაბაშირზე ვხატავდი. - ცოტა ხანი მაცადეთ, მარიამ. - თვალები გადაატრიალა მან და ბალიში შეისწორა. - ქალი შენს მდგომარეობას ისედაც განიცდის და შენ კიდევ უმატებ. - შენ კიდევ მე მიმატებ. ვერ გავიგე, აქ ანგელოზის სტატუსით ხარ თუ ეშმაკის? - დამიბღვირა. - მეგობრის, რომელმაც თუ მოინდომა, ყველაფერს დაგმართებს ისე, რომ ხელს ვერ შემოუბრუნებ. - წარბები ავუწიე მუქარით. ჩაეცინა. - ხვდები მაინც? თითქმის ოთხი თვე შემიძლია შენს ნერვებზე ვითამაშო. არა, უფრო მეტი, რეაბილიტაცია არ ჩამითვლია. - და მაინცდამაინც დღეს უნდა დაიწყო, ჰო? - იცი რა, მგონი ჯობდა სოფისთვის გერმანიაში დარჩენა არ დაგეძალებინა, როცა გეუბნებოდა ჩამოვალო. - ერთ კვირაში ისედაც ჩამოვა. რა იყო, თავი მოგაბეზრე? - მისმინე. - ფლომასტერს თავსაფარი დავაფარე. - ყველას გვესმის შენი, გიორგი. ყველას, ვინც შენ გარშემო ვართ. იმიტომ, რომ გიცნობთ და ვიცით, რა არის შენთვის ცეკვა... - იყო... - მაწყვეტინებს. - დამაცადე! - წყობიდან გამოსულმა თვალები დავუბრიალე. - ჩვენც ვცეკვავთ, ჩვენც გვაქვს იმის შიში, რომ ტრავმას მივიღებთ და ეგ იქნება დასასრული. ხომ ხვდები ამას, რატომ გეუბნები? ის, რასაც კარს უკან მდგომები გრძნობენ, შეცოდება არაა, გიორგი. დარდობენ შენზე და შენი გამხნევება უნდათ. წარმოიდგინე ლაშა შენს ადგილას და წარმოიდგინე, რომ მასთან მისვლას გიკრძალავს. წარმოიდგინე? - ჰო, ჰო, წარმოვიდგინე. - ამოიოხრა. - გესიამოვნა? ნუ ჯიუტობ, გიორგი. ვიცი, რომ ეს შენთვის ტრაგედიაა და არც მაქვს იმედი, რომ მდგომარეობიდან ხვალ და ზეგ გამოხვალ, მაგრამ ნუ იკეტები და ხელს ნუ ჰკრავ იმ ხალხს, ვინც შენზე ნერვიულობს. დარდს გაცდით, იდარდე, მაგრამ დანარჩენებსაც მიეცი საშუალება, რომ ამ დროს შენ გვერდით იყვნენ. - დავინახე. - მითხრა რამდენიმე წამიანი სიჩუმის შემდეგ. - რა? - ვერ მივხვდი ჩემ ნალაპარაკებთან რა შუაში იყო. - შენი ანგელოზის ფრთები. ამოვიოხრე და თაბაშირზე შექმნილ ჩემს ნახატს დავხედე. - ნანიკოს ჟირაფს ვერ შეედრება, სამაგიეროდ, მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს. - რა დახატე? - წამოიწია დასანახად. - ვირი. მეგონა გაბრაზდებოდა, მაგრამ გაეცინა. მერე მეც ვეღარ შევიკავე თავი, მაგრამ აღარაფერი მითქვამს. ვიცოდი, რომ ჩემს ნათქვამზე იფიქრებდა. დაჟინება საჭირო აღარ იყო. გამოვედი და დაპირებული პიცის ცხობა დავიწყე. მამიდამისი ღიმილით მადევნებდა თვალს და გამუდმებით მადლობას მიხდიდა, რომ გიორგის გვერდით ვიყავი. ძალიან ემოციური და თბილი ქალი იყო. ბიჭის ოთახიდან ჩემი გამოსვლა და შეკითხვების დაყრა ერთი იყო. პირობა მივეცი, რომ სიტუაცია მალე გამოსწორდებოდა და ისიც ცოტა დამშვიდდა. რამდენიმე დღის შემდეგ, გიორგის მოსანახულებლად რომ მივედი, მისი ოთახიდან ბიჭის და მამიდამისის საუბრის ხმა მომესმა და გამეღიმა. არ მინდოდა ხელი შემეშალა, სამზარეულოში შევედი და ცოტა ხნით იქ დავიცადე. გამოსულ ქალს ჩემს დანახვაზე სახე გაუბრწყინდა. ყველაფერი ისეა, როგორც ამბობდიო, მითხრა და ჩამეხუტა. - სად ხარ აქამდე. - მისაყვედურა გიორგიმ და როცა ჩემს სახეზე ყველაფერი წაიკითხა, სანამ რამეს ვეტყოდი, დაამატა: - ეგ მზერა მოიშორე და რის თქმასაც აპირებ ისიც. - უჟმურო. - დავეჯღანე, ჩანთა საწოლზე დავდე და იქვე დავჯექი. - კარგი, ჰო. მართალი ხარ, მარიამ. შეიძლება იმას ვეღარ გავაკეთებ, რაც მინდოდა, რომ მთელი ცხოვრება მეკეთებინა, მაგრამ სხვების წყენინება მართლა არ მინდა. იმათ მივწერე და მოვლენ დღეს. - ჩვენი მეგობრები იგულისხმა. - ყველაფერს გააკეთებ, გიორგი. შეიძლება ისე ვერა, როგორც გინდოდა მაგრამ, მაინც გააკეთებ... - რაზე ამბობ? - რაღაც გეგმა მაქვს, მაგრამ ახლა არ გეტყვი. ვიცი, რომ ნერვებს მომიშლი. ასე, რომ ახლა ჯობია მეგობრების დასახვედრად მოვწესრიგდეთ. - ჩანთა ავიღე და გავხსენი. - მაქსიმუმ თაბაშირი მომხსნა. სმოკინგს ხო არ ჩავიცვამ. - მხრები აიჩეჩა გიორგიმ. ჩანთიდან მაკრატელი ამოვიღე და მრავალმნიშვნელოვნად გავუღიმე. - მაგით უნდა მომხსნა? - დაბნეული მიყურებდა. - თმა უნდა შეგჭრა. - ავაწკაპუნე მაკრატელი. - არაა... გამორიცხულია, მარიამ. - თავი გააქნია. - კარგი რა, სიღნაღში თქვი, თბილისში რომ ჩავალთ შევიჭრიო. უკვე კიკინას იკრავ. - დავუბღვირე. - არ გიხდება, გიორგი! - გშურს! - არა, შენზე ვზრუნავ. ჩათვალე, სტილისტი ვარ და შენს სასიკეთოდ ვმოქმედებ. - მეორე ტრავმას ნუ მომაყენებ! მამიდა! - დაიძახა ბიჭმა. ნახევარ საათში ყველაფერი მშვიდობით დასრულდა. იდეალური შეჭრილი არ ყოფილა. სამაგიეროდ მისი თმა გრძელი აღარ იყო და მშვენივრად გამოიყურებოდა. 13 თავი 21 აგვისტო, 2019 წელი *** „ - აღარ იქნება აღარაფერი. ეს ზუსტად ვიცი.“ - ჯერ ისევ თავში მიტრიალებს გიორგის სიტყვები. საძინებლის ზღურბლზე ვდგავარ და ვხედავ, როგორ უთვალთვალებენ ახლად ამოსული მზის სხივები მის მხრებს, ჩემს საწოლზე მძინარეს, პლედიდან რომ მოუჩანს. ვერ დავიძინე. ფურცლებმა და ფიქრებმა გამათენებინეს. არ ვიცი, რა იქნება დღეს ან ხვალ, გიორგი მართლა ისე მოიქცევა, როგორც გუშინ ილაპარაკა თუ არა, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც აუცილებლად შეიცვლება. მერე ქობულეთში ნათქვამი ნანიკოს სიტყვებიც მახსენდება. წარმომიდგენია მისი სახე, როცა ამ ამბავს გაიგებს. უკან ვბრუნდები და გამოსაფხიზლებლად სააბაზანოში შევდივარ, მაგრამ რატომღაც პირიქით ხდება. ძილი მერევა. გამოსულს გიორგი უკვე გაღვიძებული და ჩაცმული მხვდება. ამბობს, დავითმა დამირეკა და უნდა გავიდეო. წუხანდელი ღამისთვის მადლობას მეუბნება და საღამომდე მემშვიდობება. საძინებელში შევდივარ. თმიდან პირსახოცს ვიცლი და საწოლზე ვწვები. ჩემს ბალიშს გიორგის სურნელი აქვს. მეღიმება და ვხუჭავ თუ არა თვალებს, მაშინვე ვითიშები. *** კარზე ზარის ხმა მაღვიძებს. მობილურზე კი ლუკას და ნანიკოს შეტყობინებები მხვდება. რომელიღაც მესტუმრა. უკვე შუადღეა. სათვალთვალოდან ნანის ვხედავ. გოგო ეჭვით მავლებს თვალს, რატომ გეძინა აქამდეო. მერე ვუყვები, რომ გიორგი დარჩა და ვილაპარაკეთ. სანამ იმას ვეტყოდე, რაც ისევ მიტრიალებს თავში და ვერაფრით ვიშორებ, საუბარს თვითონ იწყებს. - იცი ვინ შემხვდა? - მეკითხება ის და სამზარეულოს ბართან ჯდება. - ვინ? - ვეკითხები და მისი დაბნეული სახე ცოტა მაკვირვებს. - ბექა. - ჩამოვიდა? - გაოცებული ვუყურებ. ბიჭს ორი წლის წინ, საზღვარგარეთ მოუწია წასვლა, რის გამოც მან და გოგომ იჩხუბეს და დაშორდნენ. - ჰო. მითხრა ერთი კვირაა ჩამოვედიო. - მერე? - მის წინ ვჯდები და ნანიკოს მოუსვენარ მიმიკებს ვაკვირდები. - მერე? - მხრებს იჩეჩავს. - რა მოხდა სხვა? რა გითხრა? რო დაინახე, არ მიხვდი, რომ მოგენატრა? - მეღიმება. როცა გაიგო, რომ ბექა ესპანეთში მიდიოდა, ჩემი მეგობრის ძალიან ეგოისტურად მოიქცა. ბიჭი ერთი წლით აპირებდა წასვლას, რაღაც თანხის გამომუშავებას და უკან დაბრუნებას, მაგრამ ნანიკოს კაპრიზების გამო რომ დაშორდნენ, აღარ ჩამოსულა. - ოდნავადაც არ მომნატრებია. - ბუტბუტებს და ჩანთიდან სიგარეტს იღებს. - და ბექას? - მინდოდა შენი ნახვაო. - ჰო, არა? - ლოყებზე ხელებს ვიწყობ და ნანიკოს ეშმაკურად ვუღიმი. - ასე ნუ მიყურებ. დიდი ხანია აღარ მიყვარს. - ალბათ მაგიტომაც არ გყოლია ბექას შემდეგ არავინ და მაგიტომაც ხარ ახლა ასე განერვიულებული. - მარი! - რა მოხდა, სხვამ ხომ არ მიიქცია ამასობაში შენი ყურადღება და არ ვიცი? - არა. - თვალებს ატრიალებს. - კარგი, მაშინ თუ ამაზე ლაპარაკი არ გინდა, მერე ვისაუბროთ, ბექა რომ შეხვედრას გთხოვს და დათანხმდები. - აქ ერთადერთი წინასწარმეტყველი მე ვარ და შენ ტყუილად ცდილობ ჩემზე შთაბეჭდილების მოხდენას. - სიგარეტს უკიდებს გოგო და აივანთან მიდის. - ჰოო, მაგაზე... - ისევ გიორგის ამბავი მახსენდება. - იცი გუშინ გიორგიმ რა მითხრა? - რა? - ნანიკო ისე მიყურებს, რომ მგონი ბექაც კი ავიწყდება. - სოფის უნდა დავშორდეო. - ჩუმად ვამბობ. თითქოს ვინმე გაიგებდეს. - ვამბობდი! - გაოგნებული სახე აქვს გოგოს. - ვამბობდი, ვიცოდი, მაგრამ მაინც შოკში ვარ! - გთხოვ, საღამოს არაფერი შეიმჩნიო, რა... - ვიცი, არ მინდა, მაგის შეხსენება. - თავს აქნევს უკმაყოფილოდ. - ერთი თვე მივეცი, გახსოვს? არც კი გასულა, იმდენად ცუდად ჰქონიათ საქმე. და ახლა სოფის გამგზავრების ამბავიც მესმის. ანუ რომ მიკვირდა, ასე მარტივად როგორ გადაწყვიტა-თქო. - ჰო, გიორგიც ამბობს, რომ მათი გაციებული გრძნობები ორმხრივია. ძალიან მიკვირს ნანი. ამდენი წლის შემდეგ... - მე არ მიკვირს. და იცი კიდეც, რომ ველოდი... სულ ვგრძნობდი, რომ სოფი ზედმეტი იყო. - ნუ ხარ ასეთი უხეში, რა. ეგ რა შუაშია? - ვუბღვერი გოგოს. - რას ჰქვია, რა შუაშია. შენსა და გიორგის შუაშია. თქვენ ორივე დებილები იყავით, მაგრამ სოფი მაინც ზედმეტი იყო. - ნანი, მშვენივრად იცი, რომ ჩემი გრძნობა ცალმხრივია და იყო ყოველთვის. - ძალიან გულუბრყვილოდ ჟღერს, დღემდე ამის რომ გჯერა. - ეღიმება გოგოს. - და გიორგი სოფის ჩემ გამო არ შორდება. - კარგი, კარგი. - სიგარეტს სანაგვეში აგდებს ის და ისევ ჩემ წინ ჯდება. - შეიძლება მართალი ხარ და ვხვდები, რომ ხან მეც ზედმეტი მომდის ხოლმე. თუმცა, აღიარე, რომ რაღაცებს შენზე მალე ვხვდები. - როცა საქმე შენ გეხება, მაშინ ვერა. მიხარია ბექას ჩამოსვლა და ახალ ამბებს ველოდები. ნანიკოს ეცინება და ყავის გასაკეთებლად დგება. *** მთელი თუ არა, დავითის სახლში ნახევარი თბილისი მაინცაა. ვცდილობ, სოფისთან ბუნებრივად მოვიქცე და ჩემი უხერხულობა არ შევიმჩნიო. მისთვის უდარდელად გაღიმება არც ისე კომფორტულია, როცა რაღაც ისეთი ვიცი, რაც მან ჯერ არა და თან ეს ამბავი კარგი სულაც არაა. გიორგის ვუღიმი და ლუკასთან მივდივარ, ნაცნობებთან ერთად აივანზე დგას. - დეჟა-ვუს შეგრძნება მაქვს. - ლოყაზე მკოცნის ბიჭი და ჩემს წელზე ასრიალებს ხელს. - იცი, რომ მაშინ არ მომეწონე? - ჰოდა, გამოსწორება ვცადე. - თვალს მიკრავს და ლუდის ქილას მაწვდის. ვართმევ, მაგრამ არ მგონია დავლიო. ბიჭი ჩემს ხელს იჭერს და მეგობრებისკენ მივდივართ. დავითი და გიორგი ბილიარდს თამაშობენ. სოფის გვერდით ვჯდები. გოგო ნანიკოს სამაიაზე ელაპარაკება. ვუსმენ და თან ბიჭებს ვადევნებ თვალს. რამდენჯერმე გიორგის მზერასაც ვაწყდები და ვხვდები, რომ მას და სოფის ჯერ არ უსაუბრიათ. ბიჭი ჯოხს ლუკას უთმობს და თვითონ ლუდის ქილას იღებს. არ მგონია ეს წვეულება ჩვენთვის იყოს. დავითის დანარჩენი სტუმრები კარგად ერთობიან. მუსიკაც ხმამაღალია და სასმელიც არის, მაგრამ აქ, ჩვენ შორის უცნაური აურაა. ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, უმრავლესობა რაღაცას მალავს. რაღაც აქვს სათქმელი და აყოვნებს. ამასობაში კი, გარემო რაღაცნაირად მძიმდება. არ ვიცი, ამას სხვებიც ამჩნევენ თუ არა, მაგრამ ჩემთვის დღევანდელი წვეულების განწყობა არ არსებობს. - თქვენი იუბილე ხო არ გადაიდო? - გვეკითხება დავითი. - არა. ისევ ათში გიწევს ჩვენი ხათრით კონცერტზე დასწრება. - ვუცინი დავითს. არ უყვარს მსგავსი ღონისძიებები. - ეს თქვენ მიმართ ჩემს სიყვარულს ამტკიცებს. გრძნობების გამოვლენის საშუალება მეძლევა. - ბიჭიც იცინის და თვალს მიკრავს. - მოდი გულახდილები ვიყოთ. არ გვჭირდება შენი სიყვარულის დამტკიცება, ასე, რომ არც ვალდებული ხარ, დარბაზში ადგილი დაიკავო. - ლუდს სვამს ნანიკო და ქილაზე ფრჩხილებს აკაკუნებს. - მთელი ეს წლებია მხოლოდ იმას გიმტკიცებ, რომ შენთან საქმე არ მაქვს. ვერ გავიგე, რა გინდა? - ბილიარდის ჯოხს ეყრდნობა დავითი. - გაქრეს შენი უსაქმური სიფათი. - აქ ვინმემ დაგპატიჟა? - კი, შენ. - ჰოდა, სიტყვები უკან მიმაქვს. დადე ჩემი ლუდი და დაახვიე აქედან. - ხალხო! - იცინის სოფი. - ოდესმე თქვენ შორის სიმშვიდე დამყარდება? - არასდროს! - ერთდროულად ამბობს ორივე და ყველას გვეცინება. - დღეს ომი არ გინდათ, არ მინდა ცუდი მოგონებები. - თავს აქნევს გოგო და ისევ კისკისებს. სოფის ვუყურებ. ვერ ვხვდები წამოსცდა თუ გააზრებულად თქვა. მერე გიორგისკენ ვაპარებ თვალებს და მის დაბნეულ მზერასაც ვხედავ. მაშინვე ვიხედები, რომ ჩემს თვალებს არ წააწყდეს. ვიცი, მერე მე მომიწევს იმაზე საუბარი, რაც სულაც არაა ჩემი სათქმელი. - დაგაგვიანდა, დაო. შენი მეხსიერება, ჩვენგან ნაჩუქარ საკმარისზე მეტ კოშმარულ დღეს ითვლის. - ლუდს იღებს დავითი და სანამ ისინი საუბარს აგრძელებენ, ჩემ გვერდით ლუკა ჯდება. ბიჭი მიღიმის და ჩემს თითებს იჭერს. ვეკითხები, როგორი დრო გაატარა თავისი ნათესავის დაბადების დღეზე და ისიც მოკლედ მიყვება. დღეს მისი ხმაც სხვანაირია. იქნებ მასაც არ უნდოდა წვეულებაზე მოსვლა? ან იქნებ ჩემ გამოა? იქნებ ისევ მამჩნევს, რომ ფიქრებს უფრო მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე აქაურობას და მისთვის უკვე მოსაბეზრებელი ვხდები? არა, ეს არ ეტყობა, რადგან ისევ ყურადღებიანია. მერე ცეკვასაც მთავაზობს და უარს არ ვეუბნები. მინდა ამ უცნაურად დაძაბულ გარემოს რამე შევუცვალო. იქნებ უკან დაბრუნებულს ყველაფერი სხვანაირად მომეჩვენოს? ჯერ პირველ სართულზე ჩავდივართ. რამე ცოტა უფრო მაგარი დავლიოთო, ლუკა მეუბნება და ეზოში მოწყობილ პატარა ბართან მივყავარ. უარის მიუხედავად, ერთ ჭიქა არაყს ვსვამ. ცოტა ხნით ნაცნობთან ჩერდება, მერე კი ვცეკვავთ. ხმამაღალ და რიტმულ მუსიკას ახლოს ვუშვებ ჩემს სხეულთან, მაგრამ გონება ისე მიჯნავს, რომ მეშინია, ჩემს მოძრაობებს არ დაეტყოს, რამდენად უემოციოა ჩემი ცეკვა. ლუკა ხელს არ მიშვებს, მარტო არ მტოვებს. მისი სიახლოვე უხდება მუსიკას, უხდება ცეკვას, მაგრამ ვერ ვახდენ ფიქრებს. ერთხანს ვღიზიანდები კიდეც, რომ ნაცვლად იმისა, საღამო გავითავისო, ჩემს აივანზე ვრჩები და გიორგის ვუსმენ. ვუსმენ, როგორ მიყვება, რომ სოფისთან დაშორებას აპირებს. ლუკას მხარზე ვეყრდნობი და ვეუბნები, რომ ჯობია უკან დავბრუნდეთ. მთანხმდება, ჩემკენ იხრება და ტუჩებზე მოწყვეტით მკოცნის. ვბრუნდებით და კიბისკენ წასულს თვალი აივნისკენ გამირბის. იქ კი ზურგით მდგომ გიორგის ვხედავ, რომელიც სიგარეტს ეწევა და შემდეგ კიბეზე ასულებს თვალს გვავლებს. არ ვიცი, რატომ, მაგრამ შიგნით ყველაფერი მემღვრევა. არც ის ვიცი, რატომ მაქვს სინანულის შეგრძნება. შიგნით შევდივართ, მაგრამ შორიდან ისევ ვგრძნობ მის მზერას და თავში ყველაფერი მერევა. წასვლა მინდა. გუშინვე ვგრძნობდი, რომ ეს წვეულება შეცდომა იქნებოდა. - ამას შეხედეთ. - ვჯდები თუ არა დივანზე, ნანიკო მე და სოფის გახსნილ შეტყობინებას გვაჩვენებს, სადაც წერია, რომ თუ სცალია, ვიღაცას ამ დღეებში მასთან შეხვედრა უნდა და რომ მოენატრათ. - ვინაა? - გაკვირვებული ეკითხება მას სოფი. მე კი ვიცი ვინცაა და გოგოს ვუცინი, როცა ჩემი რამდენიმე საათის წინ ნათქვამი სიტყვები მახსენდება. - ბექა. - თავს აქნევს ის და ღიმილი ეპარება. - ჩამოვიდა? - თვალები უფართოვდება. - რა მაგარია... როდის? - ერთი კვირააო. დღეს შევხვდი შემთხვევით. - და მერე? უნდა შეხვდე, ჰო? - ჰო, რა ვიცი. იმას მაინც გავიგებ, რა უნდა. - ორი წლის შემდეგ რომ ისევ შენს ნახვას აპირებს, რთული მისახვედრი არაა, რა უნდა, ნანი. - თვალს ვუკრავ გოგოს. - რაა? ტიპი ძლივს გაექცა და ისევ ამასთან შეხვედრა უნდა? - ფხუკუნებს დავითი. - ან რას ჩამოდიოდა. აზრზე არაა, რომ სიტუაცია გაუარესებული დახვდება და ნომერი მომეცით, გავაგებინო. ტეხავს. - სანამ საკუთარი თავის გაუარესებულ ვერსიად გადაქცეულხარ, ჯობია დამშვიდდე. - ტუჩებს მუწავს ნანიკო და თვალებს ატრიალებს. - მაინც ვერ ვხვდები, ტიპს რამდენად ეკეტება შენზე, რომ შენი იდიოტური ჭირვეულობა გაპატია. ვაახ ჩემი, შანსი ჰქონდა, მოგიშორა და ისევ გაბამს. - ნანიკო აღარ უსმენს და დავითი ჩვენ გველაპარაკება. - ხო არ ეჭვიანობს? - ყურთან მეჩურჩულება ლუკა და ეღიმება. - არაა. ის სპეტაკი ზიზღი რეალურია. ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ასეა. - და შენ რა გჭირს? - თვალებში მაკვირდება ის და თითებს ჩემს ლოყაზე ასრიალებს. - გამოუძინებელი ვარ. ცოტა ადრე წავალ. ხო არ გეწყინება? - არა. ერთად წავიდეთ. ლუკას ვუღიმი და მის თითებს ვიჭერ. ჩემი სულ ესმის, ყოველთვის ესმის და ვერ ვხვდები, ეს როგორ ხდება. - შეგირიგდა სესილი? - ჩუმად ვეკითხები სოფის. - კი, მეორე დღესვე. - ეცინება გოგოს. - საღამოს სახლში რომ მოვიდა თქვენი რეპეტიციიდან, დამსვა და ყველაფერი დაწვრილებით მომაყოლა. - გეუბნებოდი. - ჰო. მოულოდნელი იყო და გავბრაზდიო. უნდოდა, რომ იქ ვყოფილიყავი, მაგრამ არა უშავს. კარგია დავითმა ეს წვეულება რომ გააკეთა. ბევრი ნაცნობი ვნახე ერთად. ნეტა ხატია და ლაშაც აქ იყვნენ. - ამბობს გოგო დანანებით და თავის ლუდის ქილას დაჰყურებს. - ჩამოვლენ იქამდე, არ იდარდო. ლაშა იუბილეზე ხომ უნდა იყოს. - ჰო, მართალი ხარ. - თავს აქნევს სოფი და ოხრავს. - არ ვიცი, იქ მეგობრების გარეშე როგორ გავძლებ. - ამბობს ის და სანამ პასუხს გავცემდე, გოგო კარისკენ იხედება, სადაც გიორგი დგას. ბიჭს ალბათ მისი სიტყვები ესმის, მაგრამ აზრს ვერ ხვდება და დაბნეული და მოღუშული უყურებს. სუნთქვაშეკრული ვაცქერდები სოფის, რომელიც გამოჭერის ფაქტს საკმაოდ მშვიდად იღებს. მკრთალად ეღიმება და სანამ ადგებოდეს ამბობს. - არც ისეთი რთული იქნება ყველაფერი. სოფი ოთახიდან გადის და გიორგიც მას მიჰყვება. - ადრე თუ გვიან ეს მომენტი დადგებოდა. - ბუტბუტებს ნანიკო. - მგონი რაღაც დაძაბულობაა. - ამბობს ლუკა. დაახლოებით ერთი საათი გადის, მაგრამ არც ერთი არ ჩანს. მოგვიანებით კი დავითი გვეუბნება, რომ გიორგი და სოფი წავიდნენ. ვღელავ, რადგან ვიცი, რომ წინ რთული საუბარი ელით. რაც არ უნდა იყოს, პირველ რიგში ორივე ჩემი მეგობარია. ჩვენც მალევე ვიშლებით. დავითის სახლს კვლავ ხმაურიანს ვტოვებთ და ნანიკოს მანქანით გავდივართ. გოგო სახლში მტოვებს. ლუკაც ჩემთან ჩამოდის და მომყვება. მეგონა სახლში აპირებდა წასვლას, და ასეც მერჩივნა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ მარტო დარჩენილი ისევ სოფისთან და გიორგისთან უნდა ვიყო. იქნებ ბიჭის აქ ყოფნამ, ცოტა ხნით მაინც ყურადღება გამაფანტვინოს? - ძალიან ცნობისმოყვარე ვიქნები, გიორგიზე და სოფიზე რომ გკითხო? - გვერდით მიჯდება დივანზე ლუკა. - რა უნდა მკითხო? - ლამის გამეცინოს, ისიც კი მათზე მელაპარაკება. - თქვენ რაზე საუბრობდით მანამდე არ ვიცი, მაგრამ მათი გაპარვა ცოტა უცნაურად მომეჩვენა. დაძაბულობა აქვთ? - სოფი ლონდონში მიდის, სამსახურმა მაგისტრატურა დაუფინანსა. გიორგიმ არ იცოდა. წეღან გაიგო. - თვალებს ვისრეს. საშინლად მეძინება. - გასაგებია. - თავს აქნევს ლუკა ჩაფიქრებული. - მგონი ეს არც ისეთი პრობლემური ამბავია, თუ სხვა რამეც არ არსებობს. - ეს უკვე ძალიან ცნობისმოყვარე ადამიანის ნათქვამია. - ვუღიმი ბიჭს. - ჰო, ხან ბარიერები საერთოდ არ ჩანს ხოლმე და დანახვა მიჭირს. - ეცინება. - ძალიან გეძინება, ჰო? - მეკითხება, ჩემკენ იხრება და თმას ყურზე მიწევს. - თმაზე მეხები და შეიძლება ახლავე გავითიშო. - სანამ გათიშულხარ... - ლუკა ლოყაზე მკოცნის. - იქნებ ერთი-ორი კოცნა მოგპარო. - შემდეგ ჩემს ბაგეებს ეხება. ვღელავ და არ ვიცი, რატომ. მისი შეხებისას თავი ასე არასდროს მიგრძნია. ვყვები მის კოცნას, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ამის სურვილი მაქვს. არც მის ხელებს ვუკრძალავ ჩემი კაბის ქვეშ მოექცნენ და ურცხვად გაიკვლიონ გზა წელამდე, მაგრამ მოუსვენრობა მიპყრობს. ვხუჭავ თუ არა თვალებს, ვხედავ, როგორ უყურებს გიორგი ჩემი და ლუკას ცეკვას ქობულეთში, როგორ გვავლებს თვალს დავითის სახლში კიბეზე ამოსულებს და გული ისე უცბად მიჩქარდება, რომ ერთი წამით ჰაერის უკმარისობასაც კი ვგრძნობ. ბიჭი ჩერდება და დივანზე ჩემ ზემოდან მოქცეული დამყურებს. იმასაც კი ვერ მივხვდი, ასეთ მდგომარეობაში როდის აღმოვჩნდი. - რატო არ მაჩერებ? - მეკითხება ის. მე კი დაბნეული და აღელვებული მის ცისფერ თვალებს ვუყურებ, რომლებიც პასუხის მოლოდინით მაცქერდებიან. - მგონი დავიკარგე. - ვეუბნები ჩუმად. ლუკას ეღიმება, ერთი წამით ჩემს ლოყაზე ასრიალებს თითებს და შემდეგ დგება. მეც ვჯდები და კაბას უხერხულად ვისწორებ. ბიჭი ონკანიდან წყალს ისხამს და სვამს. - არ დაკარგულხარ, - მეუბნება და ჩემ წინ დაბალ მაგიდაზე ჯდება. - ეცადე, მაგრამ არ გამოგივიდა. - არა, ლუკა... სხვა რამეს ვგულისხმობ. მე... როგორ გითხრა... - ენა მებმება. თავგზა მაქვს არეული და სახეზე თითებს ვისვამ. - მე ვერ გამომაპარებდი იმ ფაქტს, რომ ჩემთან არასდროს ყოფილხარ. - მეუბნება ის დარწმუნებით და წარბებს ზემოთ სწევს. მერე წყლის ჭიქას მაწვდის. ვართმევ და კამკამა სითხეს დავყურებ. სხეულზე ეკალი მაყრის. უკვე საშინლად მთრგუნავს ის ფაქტი, რომ ვერც ოთოს დავუმალე ჩემი მონდომება და ვერც მას. - შენ ვერც კი წარმოიდგენ, ლუკა, როგორ არ მინდა ამ ყველაფრის მოსმენა. - ვიცი. მეც ვამჯობინებდი, რომ ეს საუბარი არ შემდგარიყო. იმიტომ, რომ თავიდან ყველაფერი კარგად დაიწყო. - ჩემი თუ გჯერა, უზომოდ მინდოდა, რომ ასევე გაგრძელებულიყო. - ვუყურებ ბიჭს, რომელიც თავს მიქნევს. წყალს ვსვამ და ჭიქას მაგიდაზე ვაბრუნებ. ლუკა ჩემს თითებს იჭერს. - დავნებდი, თორემ, დამიჯერე, ასეც იქნებოდა. - მეუბნება დარწმუნებით. - შეიძლება ტრაბახს ჰგავს, ჩემგან გასაკვირი არცაა, ხომ იცი, მაგრამ მართლა ასეა. - მაშინ რატომ, ლუკა? მე შეიძლება სუსტი ვიყავი, მაგრამ შენ რატომ დაიხიე უკან? - საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა კი მაქვს, მაგრამ სხვების სისუსტით არ ვსარგებლობ, მარიამ. - მეუბნება ბიჭი და ეღიმება. - არ მოგწონს ასე რომ მოგმართავ, ჰო? - საიდან მოიტანე? - მინდა არ შევიმჩნიო, რომ ლუკა მართალია, მაგრამ იმასაც ვერ ვხვდები, რამე აზრი თუ აქვს ამას. უკვე დარწმუნებული ვარ, რომ ის ოთოზე გაცილებით ბევრ რამეს ხვდება. - მართლა გგონია, ვერ შევამჩნიე, რომ მარიამით მარტო გიორგი მოგმართავს? - ბიჭი ჰაერს ხარბად უშვებს ფილტვებში. მეც მას ვბაძავ. ხელებს მისი თითებისგან ვითავისუფლებ და სახეზე ვიფარებ. უზომოდ მსიამოვნებს სიბნელე. ნეტა ახლა ყველაფერი გაქრეს. ყველა ჩემი ფიქრი და ყველა სიტყვა, რომელიც უნდა მოვისმინო. - და ეგ არაა ერთადერთი, რაც შევამჩნიე. უბრალოდ, ვერ ვხვდები, ერთმანეთს რას უკეთებთ. - ეს ცალმხრივია, ლუკა. - ხმა მებზარება. - არ არის. - კი, არის და არ მინდა შენთან ამის განხილვა. - ხელებს ვიშორებ სახიდან და ბიჭს ვუყურებ. - ისედაც უსამართლოდ მოგექეცი და ახლა შენ რას აკეთებ? რაზე მელაპარაკები? - ვაღიარებ კი, ნორმალური არაა, რომ გოგოს, რომელიც მომწონს ვაჯერებ, რომ მისი სიყვარული ორმხრივია, თან სხვასთან. მაგრამ არ მიკვირს. ჩემთან ნორმალური რაღაცები იშვიათად ხდება, მარი. - მხრებს იჩეჩავს ბიჭი. - ვხვდები, რომ თავს უხერხულად გრძნობ, მაგრამ ამაზე იმიტომ გელაპარაკები, რომ, როცა წავალ, ზუსტად იმაზე ფიქრს არ მოჰყვე, თითქოს ცუდად მომექეცი. - როდის მიხვდი? - გაყინულ თითებს ერთმანეთში ვხლართავ. - ეჭვი ჩვენი გაცნობის საღამოდანვე მქონდა, მაგრამ მხოლოდ ეჭვმა შენზე უარი ვერ მათქმევინა. მაშინ დავრწმუნდი, ბათუმის ბარში მეგობრებზე რომ მელაპარაკებოდი. - მითხარი გიორგი მოკლედ ახსენეო. - მახსენდება მისი ნათქვამი. - ამით გამომიჭირე? - ზოგადად მათზე, ვისაც მალავენ, ცოტას საუბრობენ. ალბათ იმიტომ, რომ ეშინიათ, რამე ისეთი არ წამოსცდეთ, რითაც გაიყიდებიან. მაგრამ, ზუსტად ეგ ფაქტი, რომ ცოტას საუბრობ, უკვე ყველაფრისმთქმელია. - შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ მაგ დროს შენთან დაახლოებას მართლა ვცდილობდი. მართლა ხარ ის ადამიანი, ვისთან ერთადაც კარგად ვგრძნობ თავს და ძალიან მინდოდა, ყველაფერი ისე გაგრძელებულიყო, როგორც მაშინ იყო. - მაგის მჯერა, მარი. და მიუხედავად იმისა, რომ არასდროს მყვარებია, შენი მესმის. მაგრამ თან არ მესმის. - თავს აქნევს ლუკა და შუბლს ჰკრავს. - არ მესმის, ამის დამალვა როგორ შეძელი, ან რატომ გადაწყვიტე საერთოდ. - ჩვენ მეგობრები ვიყავით. დასაწყისიდანვე. - არ მჯერა. - ასე იყო და არ აქვს მნიშვნელობა, გჯერა თუ არა, ლუკა. - აჰ, ახლა გასაგებია. ამას აჯერებდი თავს, ჰო? ალბათ მეგობრის დაკარგვა არ გინდოდა. - ახლა მგონია, რომ ნანიკომ სქესი შეიცვალა და წინ ის მიზის. - ნანიკო! ღმერთო, ვეთაყვანები მის მოთმინებას. მე ამდენი წელი ამას ვერ შევინახავდი. ძალიან მალე და მარტივად ჩაგიშვებდი. - ლუკა... - შეშინებული ვუყურებ. ვერ ვხვდები, რას ნიშნავს მისი სიტყვები. - ნუ დარდობ. - ეცინება. ეცინება და ვერ ვიჯერებ. - შეიძლებოდა ცდუნების მომენტი ყოფილიყო, მაგრამ დღეის მერე არ მგონია, გიორგი კიდევ ვნახო. ახლო მომავალში მაინც. - სულაც არაა სასაცილო. - გეთანხმები. - მაგიდაზე აწყობს ხელისგულებს და რამდენიმე წამით ორივე ჩუმად ვართ. - შენი აზრით, უკან მხოლოდ იმიტომ დავიხიე, რომ გამოვიცანი, შენს თავს რა ხდებოდა? არა. მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო, ყველაფერს გავაკეთებდი და ახლა არც ეს საუბარიც იქნებოდა. მაგრამ მეორე მხრიდანაც ბევრი რამ დავინახე. იცი, ატრაქციონებზე მე და გიორგი მარტო რომ დავრჩით, რა მითხრა? - ქვემოდან მიყურებს ლუკა. ყურებს ვცქვეტ, ისე მაინტერესებდა მაშინ მათი დიალოგი... - მარის სჭირდები და გული არ ატკინოო. ეს მითხრა და მაინც ვამჩნევდი, რომ ეჭვიანობდა... - ლუკა, ეგ... - ეგ მეგობრული ეჭვიანობა არ ყოფილა. მაშინ, რატომ ნანიკო არ ეჭვიანობდა? მას უბრალოდ არ მოვწონდი. - ასე არაა... - ვიცი, როგორცაა. უბრალოდ შენთვის არ მოვწონდი, რადგან ისიც ფიქრობს, რომ გიორგის შენ მიმართ გრძნობები აქვს. მეგობრები შეყვარებულებსა და პარტნიორებზე არ ეჭვიანობენ. მხოლოდ მათზე ვინც ახალ, პოტენციურ მეგობრად ეჩვენებათ. მე კი, გეფიცები, - ხელს სწევს ლუკა. - შენს მიმართ მეგობრული დამოკიდებულება არასდროს მქონია. მის გამომეტყველებაზე მეცინება, მაგრამ თავში ისეთი ქაოსი მაქვს, რომ მეშინია, ვერ გადავრჩები. - თავში ერთი რჩევა მიტრიალებს, მაგრამ ვიცი, რომ თქმას აზრი არ აქვს. - ვხვდები, რაც არის და მართალი ხარ, აზრი არ აქვს. - მგონი პირველად ხდება, რომ მაგრად არ მისწორდება, მართალი რომ ვარ. - ეღიმება ბიჭს და ფეხზე დგება. - აბა, გამაცილებ? მეც ვდგები და ლუკას კარამდე მივყვები. ბიჭი ზღურბლთან ჩერდება, ჩემკენ ბრუნდება და გულში მიკრავს. მეც ხელებს ვხვევ. - ილოცე, რომ გიორგი არსად შემხვდეს. - მეუბნება. - ლუკა! - კარგი, ვხუმრობ. საიდუმლოს შენახვა შემიძლია. - როცა შემხვდები, თვალს ხომ არ ამარიდებ? - ვეკითხები მას და მახსენდება, რომ ოთომაც ზუსტად ეს მითხრა წასვლამდე. - ეგ შეუძლებელია. კი ვშორდებით, მაგრამ მშვენიერების აღქმის უნარს არ ვკარგავ. - ძალიან კარგი ხარ. - მეცინება და ლოყაზე ვკოცნი. - საუკეთესო. - მისწორებს და ისიც მკოცნის. - ბედნიერად, მარი. - ბედნიერად, ლუკა. კარს ვხურავ და რამდენიმე წამით ზურგით ვეყრდნობი. ვცდილობ, გავაცნობიერო, რომ ჩემი ცდა, ვყოფილიყავი ბედნიერი ძალიან კარგ ადამიანთან ერთად, უკვე მეორედ იყო ფუჭი. საძინებლისკენ მივდივარ, საწერი მაგიდის უჯრიდან ფურცლებს ვიღებ და საწოლზე ვჯდები. მკერდში სიმძიმეს ვგრძნობ, მაგრამ ამასთან ერთად თავისუფლებასაც. ალბათ ეს იმის გამო, რომ ლუკას აღარ მოვატყუებ. სამაგიეროდ, მას ჩემი საიდუმლო მიაქვს. ვერ ვიჯერებ, რომ ამდენი წლის შემდეგ, ნანიკოს გარდა, გიორგის მიმართ ჩემი გრძნობების შესახებ კიდევ ვიღაცას გავანდვე. თავში ისევ ბიჭის სიტყვები ჩამესმის. ის მიხვდა და ვერ ვიჯერებ, რომ ასეთი ამოსაცნობი ვიყავი. საქაღალდიდან ფურცლებს ვიღებ და დავყურებ. რატომ მეუბნებიან ლუკა და ნანიკო, რომ ჩემი გრძნობები ცალმხრივი არაა? ის, რაც აქ წერია, უბრალოდ საკუთარი თავის დაბრმავებაა? მაშინ რატომ არსებობდა ჩვენს ცხოვრებაში სოფი? თუ გიორგი ჩემ მიმართ რამეს გრძნობდა, რატომ არაფერი მითხრა? თუ თავისი გრძნობების გამხელა სოფისთან იყო მარტივი, ჩემთან რატომ გაუჭირდა? ორი ვარიანტია: ან მე ვარ სულელი ან სისულელეა ეს ყველაფერი. ამაზე ფიქრი კი მხოლოდ მცდელობა, რომ გამოვლილის შემდეგ უარესად გავხდე. 22 აგვისტო, 2019 წელი *** კარზე ზარის ხმა მაღვიძებს. დილის თერთმეტი საათია. ვდგები და გასაღებად მივდივარ. თავი გაბრუებული მაქვს და მიმავალს გუშინდელი საღამოს კადრები უკან მომყვებიან. დედაა და მისი დანახვისასღა მახსენდება, გუშინწინ რომ მითხრა, ფარდები უნდა გამოგიტანოო. მაიკო სახლში შემოდის და მეხვევა. საყვედურსაც ასწრებს, აქამდე რატომ გეძინაო. მერე სამზარეულოში შედის და იქაურობას ათვალიერებს. მაცივარს ამოწმებს და მაღაზიიდან ნაყიდ პროდუქტებს შიგნით აწყობს. - დე, რამდენჯერ გითხრა, რომ ნუ ყიდულობ ჩემთვის ნურაფერს. ზოგი რამე მიძველდება და ვყრი. - ელექტროჩაიდანს ვრთავ და ფინჯნებს ვიღებ. - დალევ ყავას? - არ მინდა, მამაშენთან ერთად დავლიე. მიდი შენ გამოფხიზლდი. - მეუბნება მაიკო და თავის საქმეს აგრძელებს. - აუ, მაიკო ჰო არ გეჩქარება, კიდევ ერთი საქმე რომ მოგცე ფარდების გარდა? - დედიკოს ზურგიდან ვეხუტები. - არ მეჩქარება, რა საქმეა აბა. - ბალიშის პირი მაქვს ერთი, ცოტა დიდია და მოჭრა უნდა. - წავიღებ დედი, საკერავი მანქანა ხო დასჭირდება. - არ უნდა, არა, ხელით ამოუხვიე რა. - კარგი. - ეცინება ქალს და თავს აქნევს. ხვდება, რომ მეზარება ბალიშის პირის გამო ცხელ ქუჩებში სიარული. ყავას ვიკეთებ, ვსვამ და თან დედას ველაპარაკები. შემდეგ აბაზანაში შევდივარ. გამოსულს მობილურზე მირეკავენ. გამყიდველი ქალია, მატერიების ბაზრობიდან. მეუბნება მივიღეთ ახალი ნაჭრები და თუ გინდათ სანახავად მოდითო. მეც სწრაფად ვწესრიგდები, თითქოს ერთ საათში ყველაფერს გაყიდდნენ. მაიკოს ბალიშის პირს ვუტოვებ და მისი წუწუნის მიუხედავად, სახლიდან მაინც გავრბივარ. საცობების გამო, ქალაქის ბოლოში გასვლას დიდხანს ვანდომებ. უკვე ბაზრობაზე შესული ვაცნობიერებ, რომ მობილური მანქანაში მრჩება და უკან მიბრუნება ძალიან მეზარება. ჩემი დანახვისას გამყიდველი ქალი გახარებული იცინის და მაღაზიაში მეპატიჟება. ახალ მატერიებს ვათვალიერებ და ორი მათგანი ძალიან მომწონს. ერთი მუქი ლურჯია, მეორე კი მუქი იასამნისფერი. ერთმანეთს ძალიან უხდებიან. მატერიის რაოდენობა დათვლილი მაქვს, ამიტომ აღარ ვფიქრობ. რამდენიმე ხვეულა ნაჭერს ვყიდულობ, მაგრამ შემდეგ მახსენდება, რომ მანქანამდე ვერ მივიტან. ასეთი მომგებიანი კლიენტით ქალი ისეთი გახარებულია, რომ მანქანამდე მატერიების მიტანას უფასოდ მთავაზობს, მაგრამ თავის შეგირდს ვერ პოულობს. რამდენიმე წუთიანი ლოდინის შემდეგ, შავგვრემანი გამხდარი ბიჭი მოდის თავისი ურიკით და მეხმარება. მეცინება იმ ფაქტზე, რომ ნაჭრების დასატოვებლად, მაინც მშობლების სახლში მიწევს გასვლა. მამა მეხმარება. მატერიებს მაიკოს სამუშაო ოთახში ვაწყობთ და სახლში ვბრუნდები. გზად ნანიკო მირეკავს და მაშინღა მახსენდება, რომ მობილური უკვე რამდენიმე საათია უპატრონოდ გდია. და მახსენდება ისიც, რომ გოგომ არ იცის, ლუკას რომ დავშორდი. გზად ყველაფერს ვუყვები. - გაოგნებული ვარ, იცი? და თან ძალიან ვეჭვიანობ. - მეუბნება გოგო. - რაზე? - მეცინება. - მეგონა შენი საიდუმლო მარტო მე უნდა მცოდნოდა. შენ კიდევ პირველივე შემხვედრს მოუყევი. - ნანი, დარწმუნებული ვარ, კარგად ხვდები, რომ ლუკა პირველივე შემხვედრი არაა. თანაც, გითხარი, რომ ყველაფერს თვითონ მიხვდა. - შეგეძლო გეთქვა, გეჩვენებაო. - არ მინდოდა მისი მოტყუება. მასთან ისედაც ძალიან ცუდად ვგრძნობდი თავს. გთხოვ, ისტერიკებს ნუ მიმართავ. ეს ორი წელი ბექასთან ზუსტად ასეთი უაზრობის გამო დაკარგე. - იშვიათად ხდება, მაგრამ ვერ ვიტან, ასე რომ მომაკეტვინებ ხოლმე. - მისი უკმაყოფილო ხმა მესმის. - ლუკას შეეშვი და მითხარი, ბექას როდის ხვდები. - დღეს საღამოს. - ამბობს გოგო და ისევ იმაზე აგრძელებს ლაპარაკს, რომ მისი ნახვა არ უნდა. ამასობაში, ჩემს კორპუსთანაც ვჩერდები, გოგოს ვემშვიდობები, ჩანთას ვიღებ და შიგნით შევდივარ. ძალიან დაღლილი ვარ და ლიფტის გამოძახებას ვცდილობ, მაგრამ ვერ ვახერხებ. ალბათ ისევ გაიჭედა. კიბეს ნელა მივუყვები და თან მობილურში მოსულ იმ შეტყობინებებს ვამოწმებ, რომლებისთვისაც ვერ მოვიცალე. ორი ზარი და ერთი მესიჯია. სამივე გიორგისგან. „ - შენთან ამოვედი. არ დააღამო. მაიკო დეიდა დამხვდა და მალევე წავიდა. ვსხედვართ მე და ბალუ და გელოდებით.“ მეცინება და გზას განვაგრძობ. ჩემთან ალბათ გუშინდელ საღამოზე სალაპარაკოდ მოვიდა. მერე უცბად ვიაზრებ, რომ შეტყობინება ახლა არ მოუწერია. დროს ვუყურებ. მესიჯი დაახლოებით სამი საათის წინაა მოსული. მოულოდნელად ამოტივტივებული ფიქრები ადგილზე მაშეშებენ. მახსენდება, რომ ჩემი საქაღალდე არ შემინახავს. რომ სავარძელზე დავდე და ზემოდან ბალუ მოვათავსე. ღმერთო! არა, არა, არა! ოღონდ ეს არა! ღმერთო! სხეული ისე მეყინება, ასე მგონია ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და მეხუთე სართულისკენ თითო საფეხურის გამოტოვებით მივიწევ. გულამოვარდნილი შევდივარ სახლში. სიჩუმეა. ფურცლები. ღმერთო, ჩემი ფურცლები... საძინებლისკენ მივდივარ, მაგრამ ფეხები უკან მრჩება. ვიცი. უკვე დიდი ხანია, ზღაპრების აღარ მჯერა. ვიცი, იქ რაც დამხვდება. ვიცი. ღმერთო, ნეტავ არ ვიცოდე. ღმერთო, ნეტავ ახლა ყველაფერი გაქრეს. კარიც, რომელსაც შიშით ვუყურებ. გიორგიც, რომელიც ვიცი, რომ შიგნითაა და ფურცლებიც... ჩემი ფურცლები... ურდულს ფრთხილად ვწევ და კარს ვაღებ. რეალობა გაცილებით საშინელი სანახავია, ვიდრე წარმოსახვა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე ერთსა და იმავე სურათს ხატავს. ბალუ საწოლზეა, გიორგი კი სავარძელზე ზის. ისე ზის, თითქოს დიდი ხნის სირბილის შემდეგ, ძალაგამოცლილი ისვენებდეს. ორივე ხელში ფურცლები უკავია. ნაწილი იატაკზე ყრია. კარის გაღებისთანავე, თავს მაღლა სწევს და შეკრული შუბლი ეხსნება. ჯერ სავარძელზე სწორდება, შემდეგ კი დგება და ისე, რომ ფურცლებს ხელებიდან არ უშვებს, ტუჩებგახსნილი მიყურებს. ორი წამით ჩემ წინ მდგომი იცრიცება, თითქოს მინა, რომელიც აქამდე ჩვენ ორს შორის გამჭვირვალე ზღვარს ავლებდა, დაიორთქლა. ვგრძნობ, როგორ იკლებს ჰაერი ოთახში. ჩემ თვალწინ დაქრის ყველა ის დღე, როცა კალმით და ამ ფურცლებით ხელში ვიჯექი და შეუსვენებლად ვწერდი. მგონია, რომ ლაბირინთში ვარ და ყველა ჩემი უმნიშვნელო მოძრაობაც კი გასასვლელს უფრო ხლართავს. - მარიამ... - ჩახლეჩილი ხმით ამბობს გიორგი და ჩემკენ დგამს ერთ ნაბიჯს. - ასე ნუ მეძახი! - მაშინვე ვაჩერებ. ათი წლის წინ შეგუებული ჩემი სახელის ეს ფორმა საფეთქლებს მიკაწრავს, თითქოს პირველად მესმოდეს. თითქოს პირველად ვაპროტესტებდე. - მარი, ეს... ეს შენ ხარ? - ფურცლებს ზემოთ სწევს შეცბუნებული. - ეს ჩვენ ვართ? - ვერ იცანი, ჰო? გაჩერდი! - ჩემკენ წამოსულს ვაჩერებ. კედელს ვეყრდნობი და სახეზე ხელებს ვიფარებ. ყველაფერს წარმოვიდგენდი, გარდა ამ სიტუაციაში მოხვედრისა, მიუხედავად იმისა, რომ ამის რისკი რამდენჯერმე იყო. ახლა კი შიშველი ვარ. მის წინაშე ერთიანად შიშველი ვარ და წასვლა მინდა. გაქცევა, სირბილი მინდა, თუნდაც იმ ლაბირინთში, რომელსაც გასასვლელი არ აქვს. დაღლა, გათიშვა, ძილი მინდა. მინდა დავყრუვდე, დავმუნჯდე, ანდაც სულაც გავქრე. ჩემი ოცნებები, ჩემი სურვილები, რომლებიც აქამდე არავისთვის არაფრის ახსნას საჭიროებდნენ, ახლა განმარტებებს ითხოვენ. - ღმერთო... - ჩურჩულებს გიორგი და ფურცლებს ისე დაჰყურებს, თითქოს წარსულს ათვალიერებდეს. - გეყოფა, მორჩი, გთხოვ. დაამთავრე ამის კითხვა! - მაშინვე მისკენ მივიწევ, ქაღალდებს ხელიდან ვტაცებ და ოთახის მეორე კუთხისკენ ვისვრი. თავისუფლება მინიჭებული ფურცლები, ჰაერში ლივლივით იატაკისკენ ეშვებიან. - ოღონდ ახლა წადი, გთხოვ. ოღონდ ახლა წადი. - ჩემს ხმაში აქამდე გაუგონარ მუდარას ვამჩნევ და საკუთარი თავი მძულს. - ოღონდ ახლა ნუ მაიძულებ ამას. - თავს აქნევს ის და კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს ჩემკენ. - ახლა რაც არ უნდა მითხრა, ვერაფერს ავიტან, გიორგი. ვერ გავუძლებ... ახლა ვერა... - ცრემლებს ვიწმენდ, მაგრამ აზრი არ აქვს, ლოყები მაინც მისველდება. - მარი, - ჩემკენ გამოწვდილი ხელებისგან თავის დასაღწევად უკან ვიხევ, მაგრამ ვერ ვასწრებ. გიორგი ჩემს სახეს თითებში იქცევს და ისეთი ძალით მიჭერს, ასე მგონია, ვეღარასდროს მოვიშორებ. ვგრძნობ, როგორ უთრთის გახურებული ხელები. საფეთქლებზე ძარღვები ეჭიმება და ჩამუქებული კაკაოსფერი თვალები, წყალში ჩავარდნილ ყავის მარცვლებს მიუგავს, რომლებიც სადაცაა გადნებიან. ტუჩებს ხსნის, რაღაცის თქმას ცდილობს, მაგრამ აყოვნებს. არ ვიცი, ან აყოვნებს, ან თვითონაც არ იცის, რა უნდა თქვას. თვალებში მაშტერდება. ცერა თითებით გაუჩერებლად მწმენდს ღაწვებიდან ცრემლებს. მოლოდინით გული საშინლად მეღლება. - გამიშვი. - მის თითებს ვებღაუჭები, მაგრამ არაფერი გამომდის. არ ვიცი, საიდან ვიკრებ იმის ძალას, რომ მისი შეხებისგან პანიკა არ მეწყება. - შენ... და მე... - თვალს არ მაშორებს. ღმერთო, ისე მიყურებს, თითქოს სხვა ვიყო. მაგრამ ეს ხომ ასეცაა. ახლა უკვე ასეა. - იქ სხვანაირები ვართ. - გამიშვი. - არ მინდა მისი მოსმენა. ისევ მის თითებს ვეჭიდები. ისევ არაფერი გამომდის. - გიორგი, გთხოვ, გამიშვი. - თვალებს ვხუჭავ, რომ მის მზერას გავექცე. მერე კი ვგრძნობ, როგორ ეშვება, მისი დაჭიმული ხელები. - წავალ... წავალ მარი. - თავს მიქნევს თანხმობის ნიშნად და ლოყებიდან თითებს ფრთხილად ასრიალებს. გული მისივდება. ახლა უკვე აღარ მინდა, რომ წავიდეს. ღმერთო, ნეტავ შეეძლოს, უბრალოდ აქ იდგეს, ჩუმად. მე კი ვუყურებდე გაუმაძღრად და იმ სურვილით, რომელიც მხოლოდ მალულად, საკუთარ თავთან გამომიმჟღავნებია. მაგრამ არ შეუძლია და არც მე შემიძლია. - წავალ, მხოლოდ იმ პირობით, რომ შენ აქ იქნები. ისევ ის იქნები და ისევ ჩემი იქნები. სუნთქვას ვიკრავ, რომ ხმამაღლა არ ავტირდე. უკანასკნელ სიტყვებზე ტუჩები ებრიცება და ხმა ებზარება. ერთხანს უხმოდ მიყურებს, შემდეგ ჩემს მარჯვენა ხელს იღებს და ჯერ კიდევ ვარდისფრად დამჩნეულ ნაიარევს დაჰყურებს. მასზე ცერა თითს ასრიალებს და მკრთალად ეღიმება. - იმედია დარჩება და არასოდეს გაქრება. - ამბობს ჩუმად. ამბობს ჩემს გაუმხელელ სიტყვებს. ამბობს და ჟრუანტელისგან ვთრთი, იმდენად ამაფორიაქებელია ჩემი სიტყვების მისი ხმით წარმოთქმა. ხელს ვმუჭავ და მისი თითებისგან ვითავისუფლებ. გიორგი მძიმედ ოხრავს და საწოლიდან თავის მობილურს იღებს. მოულოდნელად ჩემკენ იხრება და შუბლზე მკოცნის. მისი გავარვარებული ტუჩები კანს სასიამოვნოდ მიწვავენ. ხელები მის მხრებზე შემოხვევას იხვეწებიან, მაგრამ გონება ისეა თავშეკავებას მიჩვეული, რომ ვერ ვბედავ. ვერ ვაკეთებ. - იმდენი ხნით წავალ, რამდენიც შენ გჭირდება, მაგრამ იცოდე, რომ სათქმელი მეც მაქვს, მარიამ. - ჩემს თმაზე ასრიალებს თითებს და ოთახიდან ნელი ნაბიჯებით გადის. მე კი ფურცლებით გათეთრებული იატაკისკენ ვიხრები. ქაღალდის წარსულს ზემოდან დავყურებ და არც კი ვიცი, მათზე როგორ და როდის მეძინება. *** მობილურის ზარი მაფხიზლებს. თვალებს ვახელ, მაგრამ ირგვლივ სიბნელეა. ვერაფერს ვხედავ. გარეთ უკვე ღამეა. ხელს იატაკზე ვასრიალებ და პირველი, რასაც ვეხები - ფურცლებია. ფურცლები, რომლებმაც გამომამჟღავნეს. ჩამოსხდნენ ის, რასაც განვლილი დღეების მანძილზე მათ საიდუმლოდ ვუმხელდი, ჩამოსხდნენ და მას მშვიდად გაანდვეს. მას, ვისაც აქედან არც ერთი სიტყვა არ უნდა სცოდნოდა. ახლა ვინ იცის, სადაა, ვინ იცის, როგორაა და რას ფიქრობს. ფიქრობს ალბათ ფურცლებზე. აქ წაკითხულ სიტყვებზე. ამბებზე, რომლებიც მასაც გადახდა, მაგრამ ალბათ ჩემი თვალით დანახული, თავისი ცხოვრებიდან ვერც ერთი ეპიზოდი იცნო. მისთვის ყველაფერი ალბათ ძალიან უცხო იყო. ფიქრობს ალბათ, რატომ ვწერდი ამ ყველაფერს. ფიქრობს ალბათ ჩემზეც. ალბათ იმას ფიქრობს, როგორ შევძელი ამდენი წელი მისი სიყვარულის დამალვა. როგორ შევძელი, რომ ამდენწლიანი უპასუხო გრძნობისგან არ შევიშალე. როგორ არ შევიძულე საკუთარი თავი, ან ის. ის იმიტომ, რომ ვერაფერს მამჩნევდა. მერე რა, რომ ვიმალებოდი. ალბათ მაინც უნდა შეემჩნია. თუ ოთომ დაინახა, თუ ლუკამ დაინახა. მასაც უნდა შეემჩნია. მაგრამ არ იცის, რომ არ არსებობს მიზეზი, რაც მის თავს შემაძულებს. მობილური რეკვას არ წყვეტს. იატაკიდან ვიწევი. ასე მგონია, ძირს მოფანტული ფურცლები მხრებზე მეჭიდებიან და უკან დაბრუნებას მთხოვენ, რომ მარტო არ დავტოვო. გაბრუებული დავყურებ მათ და დანახვას ვცდილობ. მინდა, რომ ავკრიფო და დავწვა, მაგრამ მეცოდებიან. არაფერი დაუშავებიათ. ერთადერთი დამნაშავე აქ მე ვარ. ბევრჯერ გამაფრთხილეს, რომ ასე მოხდებოდა, მაგრამ მე არ შემშინებია. ღმერთო, იქნებ შინაგანად იმის იმედიც კი მქონდა, რომ ის ამ ჩანაწერებს წაიკითხავდა? იქნებ მათ წერას ამიტომაც არ ვეშვებოდი? იქნებ მინდოდა კიდეც, რომ ასე მომხდარიყო? ჩემი ფიქრები ჟრუანტელს მგვრიან. შეიძლება ასეც იყო, მაგრამ მომხდარის შემდეგ თავს კარგად არ ვგრძნობ. ისე არ ვარ, როგორც მენდომებოდა, რომ ვყოფილიყავი. ფეხებთან დავარდნილი ჩანთიდან მობილურს ვიღებ. ნანიკო რეკვას არ წყვეტს. - ჰო, ნანი. - ვპასუხობ და საკუთარ ხმას ვერ ვცნობ. - მარი? - მეძახის გოგო. - რატომ არ მპასუხობ? რა გჭირს, რა ხმა გაქვს? - ყველაფერი წაიკითხა. - ვგრძნობ, როგორ ნელ-ნელა მეჭიმება ყელზე ძარღვები და როგორ მოცურავს თვალებიდან თბილი ცრემლი. - რა? რაზე ამბობ? - გიორგიმ... - მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. იქნებ ჩაიტანოს ის სიმძიმე, საუბარში რომ მიშლის ხელს. - ფურცლები წაიკითხა. - არა! - ჩურჩულებს ნანიკო. მისგან მანქანების ხმა მესმის. - უკვე ახლოს ვარ. - მეუბნება და მითიშავს. საწოლს ვეყუდები და თავს უკან ვაგდებ. არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. არ ვიცი, როგორ უნდა შევეგუო იმ აზრს, რომ გიორგიმ ყველაფერი იცის. როგორ უნდა გავუსწორო მზერა, როცა მეცოდინება, რომ მის თვალებში ძველებური გამოხედვა აღარ იქნება? ღმერთო, ახლა მან ყველა ჩემი სიტყვა და ფიქრი იცის. ის, რაც კარგად იყო გადამალული, რამდენიმე საათში იპოვა. ის, რაც მხოლოდ ჩემი იყო, ახლა მისიც გახდა. ვერ ვიჯერებ, რომ ახლა ორივე ერთსა და იმავეზე ვფიქრობთ. ათი წლის შემდეგ, როცა ჩემს მისდამი გრძნობებს უკვე ყოველდღიურობის ნაწილად ვთვლიდი, ყველაფერი ამოყირავდა. ჩემი სიმსუბუქე ხელიდან ამაცალეს და მხრებზე რაღაც სიმძიმე მომახვიეს. ახლა მგონია, რომ ეს-ესაა სესილისგან გიორგის მოსკოვში წასვლის ამბავი გავიგე, მგონია, რომ ყველა უმისოდ გატარებული დღე ერთიანად დამატყდა თავს და მის დაკარგვას განვიცდი. მეორედ ამას ვეღარ გავუძლებ. ამის გამოვლა აღარ მინდა. - მარი?! - სიბნელეში ნანიკოს ხმა მესმის და შორს შუქიც ინთება. ვხედავ, როგორ მიახლოვდება და სინათლეს ჩემს ოთახშიც ანთებს. - მარი... - შეშფოთებული იატაკს ავლებს თვალს და ჩემ გვერდით ჯდება. - კარგი, რაა... - ბუტბუტებს ის და გულში მიკრავს. - ყველაფერი იცის. - ხმა მიტყდება. ჩემს გონებაში რამდენიმე საათის წინ მომხდარის კადრები ისევ თავიდან მოდიან. ისევ ერთი და იგივე ფიქრები ტრიალებენ. ისევ ჟრუანტელი მივლის იმის გაფიქრებაზე, რომ გიორგიმ ჩემი გრძნობებისგან შექმნილი ყველა სიტყვა წაიკითხა. იცის, რომ კოლეჯში დაწერილ ჩემს ლექსში მთლიანად ის იყო. - ჰო. კარგი, მარ... - თავზე მეფერება გოგო. არაფერს ამბობს. არ ამბობს, ხომ გეუბნებოდიო. არ ამბობს, რადგან იცის, რომ ეს უარესად გამხდის. მაგრამ ვიცი, რომ გულში იმეორებს. მეც ვიცი, რომ ჩემი ბრალია. - ნეტა აქამდე დამერეკა. ადექი ახლა და თავი ხელში აიყვანე. - არ შემიძლია. დღეს არ შემიძლია. ახლა არც მინდა. - მარი... - დღეს უბრალოდ ჩემთან დარჩი, კარგი? დღეს არ დამამშვიდო. გთხოვ. - მის კალთაში ვდებ თავს და ჩემს ფურცლებს ვუყურებ. „ - ჩემთან მეგობრობა რატომ გააგრძელე?“ - მეკითხება გიორგი ჩანაწერებიდან. ალბათ სიმართლე უნდა მეთქვა. ალბათ. თავბრუს მახვევს ყველა ის წინადადება, რომელიც „უნდათით“ იწყება და წარსულში ჩემს უმოქმედობასა და შიშებს სახეში სილასავით მახვედრებს. 23 აგვისტო, 2019 წელი *** მაიკოს ზარი მაღვიძებს. მეუბნება, რომ ეგონა, გუშინ მატერიების გამო თვითონ დავურეკავდი. აინტერესებს, როდის უნდა დავიწყოთ ფორმების შეკერვა. ვეუბნები, რომ საღამოს დავურეკავ და ვემშვიდობები. სტუდია. რაც კი საერთო გვქონდა მე და გიორგის, ახლა ყველაფერი ბურუსითაა მოცული. თავს ვერ დავაღწევ ამაზე ფიქრს. იმაზე შიშს, რომ ყველაფერი დამთავრდება. - გაიღვიძე? - ჩემს ოთახში შემოდის ნანიკო და საწოლზე ჯდება. - აბა, როგორ ხარ? - ფიქრისგან ტვინი მიდუღს. - ბალიშში ვრგავ სახეს. ტირილი აღარ მინდა, მაგრამ ცრემლებს ვერ ვაკონტროლებ. - მარი, მესმის, რასაც განიცდი, მაგრამ გთხოვ, რა. ასე ვერაფერს გამოასწორებ. - ჩემკენ იწევს ნანიკო და ხელს წელზე მხვევს. - ადექი, გამოფხიზლდი. წყალი გადაივლე და ვისაუზმოთ. - გული ამერევა. - ნერვებს ნუ ჰყვები. ძალა უნდა მოიკრიბო. - მგონი ჩემი დამშვიდება გეგმაში საერთოდ არ გაქვს, ხო? - ბალიშიდან ვუყურებ გოგოს. - არა, - მიღიმის. - იმიტომ, რომ ეს უნდა გადაიტანო. ათი წელი იყავი ცუდად. ახლა სხვების ჯერია. - რატომ ხარ ბოროტი? - დღესაც სხვებზე ფიქრობ. - თვალებს ატრიალებს ნანიკო. - ვერაფერი გამოგასწორებს. - ახლა რა უნდა გავაკეთო? ნანი, ხვდები რა წაიკითხა? ხვდები, რა იცის? ჩვენი კოცნაც... ღმერთო! - დარწმუნებული ვარ, აქამდეც ყველაფერი იცოდა. - ის ვერ ეცოდინებოდა, რაც ფურცლებზე ეწერა. ეჭვები და მტკიცებულებები სხვადასხვა რამეა. - საწოლზე ვჯდები და ცრემლებს ვიწმენდ. - ჰოდა, მით უმეტეს, ძალიან კარგი. ახლა ყველაფერში დარწმუნებულია. - არ ვიცი ახლა რა იქნება... ამის შემდეგ... - თავს ხელში აიყვან და დაელაპარაკები. ახლა მაინცაა ამის დრო. - ამის წარმოდგენაც კი არ მინდა. როგორ შევხედო? როცა ვიცი, რას შეიძლება ფიქრობდეს... ამას ვერ ვიზამ. არ შემიძლია, ნანი. - მისი სიახლოვის წარმოდგენაზეც კი სხეულზე ეკალი მაყრის. - კარგი, მესმის. ჯერ მზად არ ხარ, მაგრამ ადრე თუ გვიან მოგიწევს. მოგიწევთ. - მხრებს იჩეჩავს გოგო და ოხრავს. - რა გითხრა? რამე გითხრა? - ჰო, თქვა სათქმელი მეც მაქვსო. - სახეზე ვიფარებ ხელებს. გიორგის ხმა ოთხის კუთხიდან ჩამესმის და მეორდება და მეორდება. - მერე? ძალიან კარგი, მარ. - თვალები უფართოვდება ნანიკოს. - ვინ იცის, რას მეტყვის. - სტრესში ხარ და ფიქრის უნარი გაქვს დაკარგული. დრო მოგცა მარი, რომ გონს მოხვიდე. ვირი კია, მაგრამ არც იმდენად, რომ ვერ ხვდებოდეს, ახლა რას გრძნობ. როგორ გგონია, უკან დასაბრუნებელ გზას დაიტოვებდა, შენი ჩანაწერები რომ არ მიეღო? - არ ვიცი, ნანი... - ვხედავ, როგორ მითრთის თითები ნერვებისგან. - გთხოვ, ადექი. წყალი გადაივლე და გამოფხიზლდი. ჯერ იმას შეეგუე, რომ გიორგიმ შენს გრძნობებზე გაიგო. ეს რომ მოგვარდება, მის ნახვასაც შეძლებ. ახლა დასაკარგი აღარაფერი გაქვს. ამაში ხომ მაინც მეთანხმები? - შეიძლება. - მიდი, ადექი. ვისაუზმოთ. მეც უნდა მოგიყვე რაღაც. - ეშმაკურად იღიმის ნანიკო და ოთახიდან გადის. *** დღეები გადის. ჩემი საქაღალდე ისევ ადგილზეა. ფურცლების განადგურება უკვე აღარაფერს შეცვლის, ამიტომ არ ვეხები. თითქმის მთელ დღეს დედასთან ვატარებ და ხორუმის ფორმების შეკერვაში ვეხმარები. მინდა, რომ რაც შეიძლება ცოტა ვიფიქრო იმ დღეზე, როცა გიორგისთან დასამალი აღარაფერი დამრჩა, მაგრამ ეს სახლი თავისი ისტორიებით კიდევ უფრო მამძიმებს. ყველგან ისაა, თავშიც და მის გარეთაც. საითაც არ უნდა გავიხედო, გიორგის თვალებს ვხედავ. გაოგნებულ, დაბნეულ, აწყლიანებულ თვალებს. „ეს ჩვენ ვართ?“ ჩამესმის მისი სიტყვები. „იქ სხვანაირები ვართ.“ ასეა, როცა მე ვფიქრობ, ყოველთვის სხვანაირები ვართ და ასეც იქნება, რაც არ უნდა მოხდეს. ჩვენ ხომ ისედაც ყოველთვის სხვანაირი მეგობრები ვიყავით? გიორგი ჩუმადაა. გამოღვიძებას მაცდის. მაგრამ ალბათ მხოლოდ ჩემთვის არ იცდის. ალბათ თვითონაც ბურუსშია და იქიდან გამოღწევას ცდილობს. ალბათ სიტყვებს ალაგებს იმ საუბრისთვის, რომელსაც ჩემთან აპირებს და, რომლისაც ასე მეშინია. როგორც კი მარტო ვრჩები, ყველაფერი თავიდან იწყება. ჩემი წარმოსახვა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ გამახსენოს, როგორ დაჰყურებდა ჩემს ფურცლებს, ჩემს ნაიარევსა და ჩემს თვალებს. მერე სტუდიაში მივდივარ. ცოტა ხნით ფანჯრებს ვაღებ, რომ ჰაერი გაიწმინდოს. შემდეგ მუხამბაზს ვრთავ. მახსენდება მისი სადიპლომო ნამუშევარი და წარმოვიდგენ ყარაჩოღელების მოძრაობებს. „პარკეტზე“ მათ ნაბიჯებს ღიმილით ვხაზავ და შემდეგ ჯეირანს ვცეკვავ. ვცეკვავ ისე, თითქოს არაფერი მომხდარა. ისე თითქოს, კუთხიდან გიორგი მადევნებდეს თვალს, რომ დასასრულს შემაფასოს და შენიშვნები მომცეს. ვცეკვავ და ვგრძნობ, რომ ამ რამდენიმე წუთში ცუდი არაფერი ხდება. ვგრძნობ, რომ კარგად ვარ. ხელებში ძალა მაქვს და მათი გაშლა არ მიჭირს. წელში გადასვლისას არ მეშინია, რომ ჩემი ფიქრებისგან შემდგარი კორიანტელი თავბრუს დამახვევს. ვდგამ ნაბიჯებს და არ ვყოყმანობ, რადგან ვიცი, რისკენაც მიდიან ისინი. დასასრულს ოფლისგან დაცვარულ შუბლს ვიწმენდ, სარკის წინ ვდგები და საკუთარ თავს ვაკვირდები. უძილო თვალები და ჩამოყრილი მხრები საშინლად მთრგუნავენ. სესილის ალბათ ჩემი დაკლებული კილოგრამები გაახარებს. და ქართული? ვგრძნობ, როგორ მეწყება ხელებიდან თრთოლა და ნელ-ნელა მთელს სხეულზე გადადის. წინ იუბილეა. წინ ჩემი საოცნებო ცეკვაა. ცეკვა მასთან, ვისთანაც არც ერთი ფარდა აღარაა ჩამოფარებული. ვისთან ერთადაც აქამდე სიამოვნებით უნდა მეცეკვა. და ახლა? ახლა ამას როგორ გავაკეთებთ? როგორი იქნება ჩვენი ქართული, გიორგი? 27 აგვისტო, 2019 წელი *** მანქანიდან გადმოვდივარ და არტ-ჰოლის ბაღში გზას გულამოვარდნილი მივუყვები. ფეხები უკან მრჩება. დღეს რეპეტიციაა. როგორც იქნა, ყველა თბილისშია და სამივე ცეკვას გავივლით. მაგრამ არ ვიცი, მე რას გავაკეთებ. არ ვიცი, უბრალოდ იქ ყოფნა მაინც გამომივა თუ არა. არ ვიცი, გიორგის რომ ვნახავ თავს ხელში ავიყვან თუ ვერა. თვითონ? თვითონ როგორ მოიქცევა? როგორ შემხვდება? ეს ხომ ჩვენი დაგეგმილი შეხვედრა არაა... აქ ჩვენს გარდა კიდევ ბევრი ადამიანია, რომლებმაც იციან, რომ ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. მას თუ არ მოვეხვევი, მას თუ არ ვაკოცებ, თუ არ გავუღიმებ და გავეხუმრები, ხომ ბევრი შეკითხვა გაუჩნდებათ? იმას ხომ მაინც გვკითხავენ, რა ხდება? ჩვენ რას ვეტყვით? ჩვენ როგორ მოვიქცევით? - მარი! - ნანიკოს ხმა მესმის და შეშინებული ვხტები. ფიქრებში დაკარგული, ვერც კი ვიაზრებ შენობაში როგორ შემოვდივარ. ვბრუნდები. გოგო ბექასთან ერთად მიახლოვდება და ბიჭის დანახვა მაშინვე მაფხიზლებს. - მაარ, როგორ ხარ? - ხელებს შლის ბიჭი და თავისი ფართო ღიმილით მიახლოვდება. - კარგად, ბექა. - ვეხვევი მონატრებულ მეგობარს. - შენ როგორ ხარ? მაპატიე, რომ აქამდე ვერ გინახულე. - არა უშავს, სად გავიქცევი. გავიგე, რომ აქ იკრიბებოდით, - ნანიკოზე მანიშნებს თვალებით. - ჰოდა, ყველას ერთად ნახვა გადავწყვიტე. - კარგად მოგიფიქრებია. წამოდი და მომიყევი, რას შვრები... სამივე დარბაზისკენ მივდივართ. ბექას ვუსმენ, მაგრამ ვხვდები, რომ მისი ნათქვამი სიტყვებიდან ზოგი მათგანი არ მესმის, სადღაც იფანტებიან და მათ ნაცვლად ადგილს ღელვა და აფორიაქება იკავებს. ნანიკო მაჩერებს. ბიჭს ეუბნება, შედი და მოვალთო. შემდეგ ჩემკენ ბრუნდება. - იქ შესვლა არ მინდა. - ვამბობ და ნანიკოს მხარს მიღმა დარბაზის უკანა კარს ვუყურებ. - მარი, რადგან გიორგი ამდენი ხანია გიცდის, იმას არ ნიშნავს, რომ უსასრულოდ უნდა იმალებოდე. - ვერ ვიცეკვებ, ნანი. - თავს ვაქნევ. ვიცი, რომ სცენაზე ნაბიჯსაც ვერ გადავდგამ, რომელ ხელზე და ხასიათზეა ლაპარაკი?! - გეყოფა, გიორგია, მონსტრად კი არ ქცეულა. - ეცინება. - ჰო, მაგრამ ახლა ყველაფერი იცის. - მითხარი, ამ საუბარს აზრი აქვს? მაინც უნდა შევიდეთ. ხუთი წუთით გვიან იქნება თუ ათით, მაინც იქ უნდა შევიდეთ. - სოფი აქაა? - არა, მაგრამ სესილიმ თქვა, მოგვიანებით მოვაო. - კარგი. უბრალოდ რეპეტიციას გავივლი და წამოვალ. არ ეცადო ჩემს იქ დარჩენას, ნანი. ხომ გაიგე. - გავიგე. კარისკენ მივდივართ. შორიდან ბიჭების სიცილის ხმა ისმის. ვუახლოვდები კარს და მგონია, სადაცაა გული გამიჩერდება. ხელები მეყინება. სხეულზე ცივი ეკალი მაყრის. ძალა მჭირდება. ძალა სამი ცეკვისთვის. სესილის იმედებს ვერ გავუცრუებ. არ შემიძლია. როგორმე ეს სამი ცეკვა უნდა ვიცეკვო. ჩემს დანახვაზე ხატია ლაშას ანიშნებს, მოვიდაო და ორივე მიცინის. მეგობრებს ვეხვევი და დანარჩენებსაც შორიდან ვესალმები. ველაპარაკები მათ და ვცდილობ, თვალები სხვაგან არ გამექცეს. მაგრამ ვიცი, რომ ამ მცდელობას აზრი არ აქვს. ის ხომ აქაა. ერთ შენობაში ვართ, ერთსა და იმავე ადამიანების გარემოცვაში. ერთი ცეკვა გვაქვს და ერთი ქორეოგრაფი გვყავს. ქალი, რომელსაც ვხედავ, როგორ ესაუბრება. კულისების ბოლოში ვიღაც ფარდას აფრიალებს, ნაჭერი აღარ სწორდება და კარგად ვხედავ სესილის, რომელსაც ნიკაპი თითებით დაუჭერია და გიორგის საუბარს ჩაფიქრებული უსმენს. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და თვალებს ვაშორებ, მაგრამ დიდხანს ვერა. ისევ მისკენ ვიხედები, მაგრამ ჩუმად აღარ გამომდის. გიორგი გვერდით იხედება და მხედავს. ერთი წამით სიტყვა უწყდება და დაბნეული მიყურებს, მაგრამ მალევე ქალს უბრუნდება. იმ წუთას სესილიც მხედავს და ხელს მიქნევს, რომ მივიდე. ვუღიმი. არ მინდა ნერვიულობა შემამჩნიოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არაფერი გამოეპარება. გაყინულ თითებს ვისრეს, რომ სისხლმა მოძრაობა არ შეწყვიტოს. სანამ მათკენ ნაბიჯს გადავდგამდე, ნანიკოსკენ ვაპარებ თვალებს. წარბებს სწევს და წადიო, მიმიკით მეუბნება. - მარი, შენი ლოყები წასულან. - მისულს მიცინის სესილი და მაჯაზე მკიდებს ხელს. ვიცოდი, რომ ჩემს დაკარგულ კილოგრამებს შეამჩნევდა. ერთი წამით გიორგისკენ გამირბის თვალები და ტუჩებზე მკრთალ ღიმილს ვამჩნევ. ისე ახლოსაა, რომ მისი სურნელი ნიავივით მეხვევა. სესილი ლაპარაკობს. მეორე ხელი გიორგის მაჯაზე ჩაუვლია და ქართულზე გველაპარაკება. ვუსმენ და თან მეშინია, რომ ქალი იგრძნობს, მღელვარებისგან დროდადრო როგორ ვთრთი. მეშინია, რომ ამის მიზეზს მკითხავს და მე ვერაფერს ვუპასუხებ. ვუსმენ. არ მინდა, მისი საუბრიდან რამე გამომრჩეს, მაგრამ გიორგის აურა ყურადღებას მაფანტვინებს. გაუნძრევლად დგას, მაგრამ ხანდახან მგონია, რომ მეხება და საშინლად ვიძაბები. ქალი საუბარს მალე ამთავრებს. ამბობს, მოწესრიგდით და თხუთმეტ წუთში რეპეტიცია დავიწყოთო. თავს ვუქნევ და სწრაფად ვბრუნდები. სცენის უკან ჩქარი ნაბიჯით მივდივარ, გასახდელისკენ. მესმის მეგობრების ხმა, რომლებიც ზოგი სცენაზე არიან, ზოგი კი დარბაზში სკამებზე. ნაბიჯების ხმაც მესმის, რომელიც სინქრონულად მომყვებიან უკან და ის-ისაა ფარდის უკან გავდივარ, რომ გიორგის ხმა მესმის. - მარიამ... - ამბობს ჩუმად და ჩემს ხელს იჭერს. თითები მიბუჟდება და კანი ისე მიალდება, მგონია, მასაც დავწვავ. ვჩერდები და მისკენ ვბრუნდები. რომ ამჩნევ, ხელის გათავისუფლებას ვცდილობ, მიშვებს. ერთი ნაბიჯით უკან ვიხევ. აქ ბნელა. ძალიან მკრთალად აღწევს ღია კარიდან სინათლე და მის მზერას დიდად ვერ ვამჩნევ. მაგრამ ვხედავ, რომ ისევ მიახლოვდება. - გიორგი... - ძლივს ვამბობ მის სახელს. საშინლად მტკენს ის ფაქტი, რომ ჩვენ შორის უცნაური გაუცხოებაა. და, რომ ეს ისევ ჩემი გრძნობების ბრალია. - ეს ცეკვაა. ჩვენი ცეკვა... - ვიცი, მაგრამ... დღეს ძალიან რთულია. - ხმა მებზარება და თვალებზე მოწოლილი ცრემლების შესაჩერებლად მთელ ძალას ვიკრებ. - ჰო... - გიორგი ჰაერს ღრმად ისუნთქავს და ისევ ჩემს ხელს იღებს. - მაგრამ ამ ათ წელზე რთული არა. - ამბობს და ნაიარევზე მკოცნის. სუნთქვას ვიკრავ. ხელისგულიდან წამოსული ცხელი ტალღა მთელ სხეულზე მევლება და მკერდში ისედაც გავარვარებულ გრძნობებს უერთდება. - გთხოვ, მარიამ, შენ ნუ გტკივა ის, რაც მე უნდა მტკიოდეს. - ჩემ წინ ჩამოყრილ თმას ოდნავ ეხება და ფრთხილად მიწევს ყურს უკან. ფილტვებში გამოკეტილი ჰაერი თავშეკავებას ვეღარ ერევა. თრთოლით ვუშვებ გარეთ და სუნთქვას ვაგრძელებ, რომ მღელვარებამ არ გამგუდოს. - დღეს უბრალოდ ვიცეკვოთ. კარგი? - ლოყაზე მეფერება გიორგი, ნაბიჯს უკან დგამს და მტოვებს. სცენაზე გაბრუებული გავდივარ. ვცდილობ თავი დავიჭირო, თითქოს არაფერი ხდება. თითქოს მე და გიორგის დღეს უბრალოდ სალაპარაკო თემა არ გვაქვს. დღეს აქ მხოლოდ ცეკვისთვის ვართ. სესილისთვის და ცეკვისთვის. ეს დიდხანს არ გაგრძელდება და ჩვენც მალე დავიშლებით. მაგრამ, რამდენჯერაც მის თვალებს ვაწყდები, უკან დახევა და გაქცევა მინდება. ვგრძნობ, ეს აშკარაა, რომ ჩემი ესმის, რომ ჩემი ჩანაწერების გაიგო, მაგრამ როგორ? ეს როგორ შეძლო? როგორ ახერხებს იმას, რომ ამდენი დღეა მელოდება და საუბარს არ მაძალებს? ნუთუ თავს დამნაშავედ გრძნობს? - მარი, ქართული! - მეძახის სესილი და უკვე მერამდენედ გამოვყავარ ფიქრებიდან. სცენის კიდისკენ აფორიაქებული მივდივარ და ვდგები. მეორე კუთხეში გიორგი დგას. მაისურს ისწორებს, მუშტებს ჰკრავს და მუსიკის მოლოდინში შორიდან მაცქერდება. მის მზერას ვერ ვუძლებ და თვალებს ვხრი. ვხრი და მთელი ცეკვის განმავლობაში ასე გრძელდება. არ ვიცი, რა ხდება სცენაზე, რადგან ნაბიჯებს ვერ ვითვლი. ხანდახან თუ შევავლებ თვალს ჩემს ხელს და ფიცრულს, რომ მონახაზს არ ავცდე. ერთიანად მუსიკას ვყავარ ატანილი და მისი გავლენის ქვეშ მყოფს, ზოგჯერ მგონია, რომ ნისლში დავცურავ. გიორგის მხოლოდ ერთხელ, ჩვენი ხელების გადაკვეთისა და საერთო ბრუნისას ვავლებ თვალს და ვხვდები, რომ მას არც აქამდე მოუშორებია ჩემთვის მზერა. არ ვიცი, გრძნობებს აყოლილს რა გამომდის და არ ვიცი, რატომ არ გვაჩერებს სესილი, რადგან ცეკვა ბოლომდე მიგვყავს. სუნთქვააჩქარებული ვუშვებ ხელებს და სცენის ქვემოთ მდგომ ქალს, რომელიც რამდენიმე წამით ჩუმად გვაკვირდება ორივეს, დაბნეული დავყურებ. - ეს იყო... იდეალური. - თავს აქნევს სესილი და მის თვალებში ჯერ ისევ გაურკვევლობას ვხედავ. სიხარულისგან სუნთქვა მეკვრის. პირს ვაღებ, მინდა რაღაც ვთქვა, მაგრამ სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. ინსტინქტურად გიორგისკენ ვიხედები და ვუღიმი. მერე ყველაფერი მახსენდება და მის ნათელ, მაგრამ არეულ მზერას თვალს ვაცილებ. - შეგიძლიათ დაიშალოთ. ცხრაში შევხვდებით. მხოლოდ აფხაზურის ბიჭები დარჩით ცოტა ხნით. - ამბობს სესილი. მაშინვე ვბრუნდები, გასახდელში შევდივარ და სწრაფად ვიცვლი. ნანიკოს სახიდან ღიმილი არ შორდება და ეს კიდევ უფრო მაფორიაქებს. გოგოებს ვემშვიდობები, მობილურს ვიღებ და გავდივარ. შენობიდან გასული ხარბად ვისუნთქავ ჰაერს და სწრაფი ნაბიჯით მივდივარ მანქანისკენ. „ - შენ ნუ გტკივა ის, რაც მე უნდა მტკიოდეს.“ - გიორგის სიტყვები გონებაში იწყებენ ტრიალს და თვალებზე მოწოლილ ცრემლებს აღარ ვზღუდავ. გული ამოვარდნას მაქვს. არ მინდა, რომ განიცდიდეს, ძალიან არ მინდა. ამას კი მხოლოდ დალაპარაკება გამოასწორებს. ეს ვიცი, მაგრამ ჯერ ვერ ვბედავ. ჯერ ვერა. ღმერთო, რა ჯანდაბა გავაკეთო?! - მარი. - მესმის უკვე მანქანასთან მისულს ჩემი სახელი. გვერდით ვიხედები და სოფის ვხედავ, რომელიც ჩემს ცრემლებს გაკვირვებული უყურებს. 14 თავი 27 აგვისტო, 2019 წელი *** - შიგნით რამე მოხდა? - მეკითხება სოფი, მზის სათვალეს იხსნის და მიახლოვდება. ღმერთო, არა... ოღონდ ახლა მისთვის არ მქონეს რამე ასახსნელი. - არა, არაფერი. დაივიწყე. - გაღიმებას ვცდილობ, ცრემლებს ვიწმენდ და მანქანისკენ ვბრუნდები. - მაპატიე, სოფი, უნდა წავიდე. დანარჩენები ისევ შიგნით არიან. - მარი... - მხარზე მადებს გოგო ხელს. ვბრუნდები. - მოდი, ვილაპარაკოთ.. თუ არ გეჩქარება. - რაზე? - ვეკითხები. - იმაზე, რაზეც ტირი. - მელოდება, როდის ვუპასუხებ. დაბნეული ვაკვირდები. იცის? არა, გიორგი ამას არ ეტყოდა. ჩემს ფურცლებზე არ მოუყვებოდა, გამორიცხულია. მაგრამ აშკარაა, ჩემი ტირილის მიზეზთან ახლოსაა. - შენთან ეს არ გამოვა, სოფი. - გამოვა. სანამ წავალ, რაღაცები უნდა გავარკვიოთ. - კარგი. - ვეუბნები. ეზოში შესულს მივყვები. ისე ვარ დაღლილი ემოციებისგან, რომ ვეღარ გავრბივარ. ძალა არ მაქვს, რომ მიზეზები მოვიფიქრო და გოგოსთან საუბარი თავიდან ავიცილო. ცუდად მხდის ეს „რაღაცები უნდა გავარკვიოთ“, მაგრამ უკან დახევაზე ფიქრსაც კი ვერ ვახერხებ. შესასვლელისგან მოშორებით სკამზე ვსხდებით. სოფი ერთხანს არტ-ჰოლის შენობას ავლებს თვალს და მერე ჩემკენ ბრუნდება. - ალბათ იცი, მე და გიორგი რომ დავშორდით. - ამბობს ის და ქვემოდან მიყურებს. თითებში მომწყვდეულ სათვალეს მოუსვენრად ატრიალებს. კანზე ეკალი მაყრის. როგორც ჩანს დავითის წვეულებიდან წასულებმა ამაზე ილაპარაკეს. იცის, რომ გიორგი არაფერს მიმალავს, მაგრამ ის არ იცის, რომ რამდენიმე დღეა ჩვენ უკვე მეგობრები აღარ გვქვია. - არ ვიცოდი, მაგრამ... ჩვენ... ბოლოს რომ ვილაპარაკეთ, მითხრა, რომ ამაზე შენთან საუბარს აპირებდა. - მაგრამ არ უთქვამს, რომ დავშორდით? - არა. - უცნაურია. მეგონა ამას პირველი შენ გაიგებდი. რა თქმა უნდა, ასეც იქნებოდა, ჩემს სახლში მისულს ფურცლები რომ არ ეპოვა და უბრალოდ დამლოდებოდა. იქ ალბათ ამაზე სასაუბროდ იყო მოსული. - რამდენიმე დღეა, არ მინახავს. მე... ფორმების კერვა დავიწყე და მთელი დღე მაიკოსთან ვარ. ამის გამო... - მარი, ვხვდები, რომ რაღაც მოხდა. - მაწყვეტინებს სოფი. - ახლა გიყურებ და ამას ვხედავ კიდეც, მაგრამ არაფერს გკითხავ. მგონი აღარ მაქვს უფლება იქ ჩავერიო, სადაც ამდენი წელი ვერეოდი. რაც არ უნდა ხდებოდეს, ეს უკვე შენი საქმეა. - რას გულისხმობ? - გული გამალებით მიცემს. ვგრძნობ, როგორ მევლება სხეულზე ცივი ტალღა და გოგოს დაბნეული ვუყურებ. შეუძლებელია ისიც იმას გულისხმობდეს, რასაც ნანიკო ჩამძახოდა მთელი ეს წლები. - ჰო, ბოლო წამამდე ცდილობ დამალვას, მაგრამ ვფიქრობ უკვე გვიანია. - ტუჩს შიგნიდან იკვნეტს გოგო და მკრთალად მიღიმის. - იცი, ახლა როგორი საუბარი მინდა გამოგვივიდეს? შენ და გიორგი რომ აწყობთ ხოლმე. შეიძლება ადგილი არა, მაგრამ მგონი კარგი დროა ამისთვის. გამოგვივა? - შენ თუ ასე გინდა, გამოგვივა. - თავს ვუქნევ გოგოს. - სულ, სულ პირველი მომენტი უნდა ვახსენო, გიორგი რომ შემიყვარდა, აი ის. არ ვიცი, შენს შემთხვევაში ეს როგორ იყო, მაგრამ მე ისეთი აღტაცებული ვიყავი, მის გარდა არაფრის შემჩნევა აღარ მინდოდა. - სოფი... - თავისით მცდება გოგოს სახელი. ისე მოულოდნელად სვამს წინადადებაში გიორგის მიმართ ჩემი გრძნობების ფაქტს, რომ შეკითხვასაც კი არ მისვამს, იქნებ ცდება. ის დარწმუნებულია. გაოგნებული სიტყვებსაც ვეღარ ვუყრი თავს. - ჰო, - თავს მიქნევს და მეუბნება, რომ ყველაფერი იცის. - დასაწყისი მართლაც არაჩვეულებრივი იყო. თავბრუდამხვევი და მღელვარე. მომდევნო წლებიც. მაგრამ წლები. შვიდი წელი. დღემდე მიკვირს უკანასკნელი რამდენიმე თვე, როცა წარსული მახსენდება. მიკვირს ეს როგორ მოხდა, მაგრამ ფაქტია - ჩემი და გიორგის ურთიერთობა ჩვევაში გადაიზარდა ისე, რომ ვერც კი გავაცნობიერეთ. ძალიან ბევრ რამეს ძალიან გვიან მივხვდი, მარი. იმდენად ვიყავი გიორგის ნაჭუჭში მოქცეული, რომ ბევრ დეტალს არ ვაქცევდი ყურადღებას. წარსულს ახლა ვხედავ. ახლა, როცა გიორგის მიმართ ძველებური გრძნობები აღარ მაქვს, ძალიან ბევრ რამეს ვხედავ. მომიყვები? - რას? - ხმა მებზარება, მაგრამ თავის ხელში აყვანას ვახერხებ. ის კი მშვიდადაა და ვერ ვხვდები, ამხელა ძალას როგორ პოულობს, რომ ჩემთან ამ ყველაფერზე ილაპარაკოს. - გრძნობების დამალვას ასე როგორ ახერხებდი. - ამის მოსმენა რატომ გინდა? - ამას ისე გეკითხები, როგორც მეგობარი და არა როგორც გიორგის ყოფილი შეყვარებული, მარი. ნუ დარდობ, ეგ მე გულს აღარ მატკენს. - ჩვენ თავიდანვე მეგობრობით დავიწყეთ, სოფი. - ერთი წამით სუნთქვას ვიკრავ და მოულოდნელად ჩამოღვრილ ცრემლს ვიწმენდ. - სანამ ბავშვები ვიყავით და მარტონი ვიყავით, ჩემს წილ სიყვარულს ვჯერდებოდი. აზრადაც არ გამივლია, რომ გიორგის ვინმე შეუყვარდებოდა. მისი მეგობრობა მყოფნიდა. მოგვიანებით, როცა მივხვდი, რომ ჩემი გრძნობები გაცილებით სერიოზულ სახეს იღებდა, შემეშინდა. მისგან მხოლოდ მეგობრული დამოკიდებულება იგრძნობოდა და მე ჩემი სიყვარულის გამხელით, ამ მეგობრობას საფრთხეს ვუქმნიდი. მეშინოდა, რომ თუ თავს გავანდობდი, იმავეს ვერ მივიღებდი და საერთოდ დავკარგავდი იმას, რაც ძვირფასი იყო. მერე გამოჩნდი შენც. ვხედავდი, როგორ იზრდებოდა თქვენს შორის მიზიდულობა. გიორგი შენთან ბედნიერი იყო და ჩემთვის ესეც საკმარისი იყო. გაგიცანი და მივხვდი, რომ შენზე უკეთესს ის ვერავის იპოვიდა... - ჰო, შიშის ბრალია. შიშის ბრალია ის, რაც ამ წლების მანძილზე გამოიარე და დარწმუნებული ვარ, იგივე შიში ჰქონდა გიორგისაც. ტუჩებზე ვისვამ თითებს და ორი წამით თვალებს ვხუჭავ. ისევ ამაზე საუბარი და ახლა ვისგან? ადამიანისგან, რომელმაც გიორგის გვერდით შვიდი წელი გაატარა. შვიდი წელია ჩემი მეგობარია და ახლა მანაც ის უნდა მითხრას, რომ გიორგის ვუყვარვარ? და მე რა უნდა ვუპასუხო? ისევ ვიუარო? ისევ ის ვთქვა, რომ ჩვენ შორის მეგობრობის გარდა არასდროს არაფერი ყოფილა? მაშინ რა იყო ის კოცნა? - გიორგი ყოველთვის ჩემი მეგობარი იყო, სოფი. - ვიცი, იმიტომ, რომ შენსავით ისიც ძალიან კარგად იმალებოდა. ამდენი წელი... ორივეს ამდენი წელი ისე ღრმად გქონდათ გამოკეტილი ერთმანეთის მიმართ რეალური გრძნობები, რომ ვერაფერს გატყობდით. ვერავინ ვერაფერი შეგამჩნიათ. - უბრალოდ, შენ ეჭვიანი არ ხარ. - ჰო. ძალიან ბევრს უკითხავს, როგორ ვეგუებოდი, რომ გიორგის გოგო საუკეთესო მეგობარი ჰყავდა. ვაფასებდი იმას, რაც ჩემამდე იყო და ეს ყოველთვის ნორმალურად მიმაჩნდა. - მხრებს იჩეჩავს ის. - უბრალოდ ვერ ვხვდები, თავიდანვე, ორივეს მეგობრობა რატომ გქონდათ ამოჩემებული. - ასე რატომ ხარ დარწმუნებული, რომ გიორგის ვუყვარვარ, სოფი? აღიარა? რამე მიგანიშნა? - არაფერი უთქვამს, მარ. - ეღიმება სოფის. - ბოლო დროის ჩვენს საუბრებში არც კი უხსენებიხარ. უბრალოდ მაშინ, როცა უკვე გიორგის მიმართ აღარაფერს ვგრძნობდი, ქობულეთი ძალიან ბევრისმთქმელი მეჩვენა. არა, არა. კიდევ უფრო ადრე. ჩემი დაბადების დღე. - მე? მაშინ რამე არასწორად გავაკეთე? - ვეკითხები და პასუხის მოლოდინში თითებს ერთმანეთს მაგრად ვუჭერ. ვგრძნობ, რომ ამ საუბრის გაგრძელების ძალა აღარ მაქვს, მაგრამ აღარც ჩემი სისუსტის დროა. - არა, - ეღიმება გოგოს. - ლუკა გამოჩნდა. და გამოჩნდა გიორგის გრძნობებიც. დარწმუნებული არ ვიყავი. ჯერ მართლა მეგონა, რომ, როგორც მეგობარი, ისე ეჭვიანობდა. რომ ლუკა არ მოსწონდა. მაგრამ მის მიმართ გიორგის ანტიპათია ზომაზე მეტი იყო. ჰოდა, ამან ჩემი ყურადღება მიიქცია. მერე შენკენ გამომექცა თვალები და ბევრი ისეთი რამ აღმოვაჩინე, რაც მანამდეც უნდა შემემჩნია. მაგალითად, როგორ უყურებდით ერთმანეთს, როგორ ელაპარაკებოდით და რას აკეთებდით ერთმანეთისთვის. გიორგი შენით სულ იყო აღფრთოვანებული და აი, ახლა ვხვდები, რომ საქმე მხოლოდ აღფრთოვანებაში არ იყო. არა, ასეთი სახე ნუ გაქვს, მარი. მანამდე დიდი ხნის ნაფიქრი მქონდა დაშორებაზე და გადაწყვეტილიც კი. ქობულეთში წამოსვლა იმიტომ არ მინდოდა, რომ დრო მჭირდებოდა, დავრწმუნებულიყავი, სწორად ვიქცეოდი თუ არა, მაგრამ ვინ დამაცადა... - გვერდით იქცევს ტუჩებს. - მერე ლუკაც წამოვიდა და მისი იქ ყოფნა იყო ჩემი გადაწყვეტილების ყველაზე დიდი გამართლება. ბოლო თვეების მანძილზე მე და გიორგიმ ჩვენი დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ რამდენჯერმე განვიხილეთ. ხვდები? დამოკიდებულება და არა გრძნობები, მაგრამ დღემდე ვერ ვხვდები, აქამდე რას ვეჭიდებოდით. რატომ ვაჩვენებდით თავს ყველას და საკუთარ თავებსაც, თითქოს ყველაფერი ძველებურად იყო. მით უმეტეს, რომ დარწმუნებული ვარ, დაშორებაზე ისიც დიდი ხნის წინ ფიქრობდა. ქობულეთში კი ყველაფერი გამარტივდა. ლუკამ მიმახვედრა, რომ გიორგის ეჭვიანობა ოდნავადაც არ იყო მეგობრული და ჩემი გადაწყვეტილება მცდარი... - კარგი... სოფი, შენგან ამის მოსმენა არც ისეთი მარტივია. - ვაჩერებ გოგოს. - ვიცი, მაპატიე. ყველაფერი ისე მივაყარე ერთმანეთს, თითქოს დრო არ გვქონდეს. მართალია, ეს ახალია, მაგრამ მე უკვე გადავხარშე, დიდი ხნის წინ. შენ კი... - ჰაერს უშვებს ფილტვებში ის და ცოტა ხნით ჩუმდება. რამდენიმე წამით ქუჩის ხმაურს ვუსმენთ. შემდეგ ორივე ვხედავთ, როგორ გამოდიან არტ-ჰოლის შენობიდან ჩვენი მეგობრები და ჯგუფელები. ჩვენ ვერ გვხედავენ, ბილიკს მიუყვებიან და გარეთ გადიან. - ჰო, მართლა. შენ და ლუკა? - ისევ ჩემკენ ბრუნდება და თვალებს იწვრილებს. - რამდენიმე დღის წინ დავშორდით. ყველაზე სასაცილო ისაა, რომ მანაც შენსავით ყველაფერი შეამჩნია და ისიც შენსავით თვლის, რომ... - ვერაფრით ვიმეორებ ხმამაღლა, რომ გიორგის ვუყვარვარ. ათი წელია საკუთარ თავს ვუმეორებ, რომ ეს ასე არ არის. ბოლო რამდენიმე დღე კი საპირისპიროს მიმტკიცებენ. ძალიან რთულია. ასე მგონია, ხმამაღლა რომ გავიმეორო, ამ სიტყვების მნიშვნელობა საპნის ბუშტივით გასკდება. - არც მიკვირს. შენი შესაფერისი არაა, თორემ, ნამდვილად ჭკვიანი ბიჭია. - თავს იქნევს გოგო და მაჯაზე საათს უყურებს. იმ წუთას ჩემი მობილური რეკავს. ნანიკოა. - ჰო, ნანი. - ვპასუხობ. - წასული მეგონე და შენი მანქანა შევნიშნე. სად ხარ? არ ვიცი, ასეთი გაბრუებული და თავგზააბნეული სახლში როგორ წავალ. არც მაიკოსთან მინდა ამ მდგომარეობაში მისვლა. ამიტომ ვთხოვ, რომ ცოტა ხნით დამელოდოს და მობილურს ვთიშავ. - შენს ტკივილზე საუბარს არ ვიწყებ, მარი. დარწმუნებული ვარ, ამაზე ლაპარაკი არ გინდა. - მეუბნება სოფი. - ვერც ვერაფერს ახსნის და გამოასწორებს. - გამოსასწორებელი აქ მხოლოდ ერთი რამაა და კარგად იცი, რაც. მე უბრალოდ იმის თქმა მინდოდა შენთვის, რომ გაბრაზებული არ ვარ, არც ნაწყენი. თვეების განმავლობაში ისე ნელ-ნელა შევეჩვიე გიორგის მიმართ გაუცხოებას, ვერ ვგრძნობ, რომ ახლახან დავშორდით. თითქოს დიდი ხნის წინ ეს უკვე მოხდა. - მხრებს იჩეჩავს ის. ვუყურებ და არ ვფიქრობ, რომ ამას ჩემს დასამშვიდებლად, ან რაიმე სხვა მიზეზის გამო შეიძლება ამბობდეს. - ახლა რაღაც ახალი მჭირდება და ლონდონი ზუსტადაც რომ დროულია. - ხომ უნდა დაბრუნდე უკან? - რა თქმა უნდა. იქ არ დავრჩები. შეიძლება მეორე წელზეც კი ვთქვა უარი. - მიხარია. არ მინდა, ჩემ გამო აქაურობაზე თქვა უარი. - მარი, რაც მოხდა, შენ გამო არ ყოფილა. და ვფიქრობ, ამაში დამნაშავე არავინაა. ხომ იცი, ბათუმიდან წამოსვლა არ მინდოდა, მაგრამ აქ თქვენ დამხვდით და მეგობრობაზე ბევრად მეტი მომეცით. ამის დაკარგვას არ ვაპირებ. ჯერ მარტო იმის წარმოდგენაც კი არ მინდა, რომ ნანიკოს და დავითის ჩხუბს ასე ხშირად ვეღარ მოვისმენ. თავს მოვაბეზრებ, იმდენჯერ დავურეკავ ორივეს ერთად. - ეცინება სოფის. - მე მჭირდებით. ცვლილებებით, მაგრამ მე მაინც ვაპირებ თქვენთან ყოფნას. თქვენ? - მეც მჭირდება, რომ ჩვენს გვერდით იყო. ახლა ეს რომ ვიცი, გაცილებით მშვიდად ვიგრძნობ თავს. - მიხარია, რომ საუბარი გამოგვივიდა. - მიყურებს სოფი და მის თვალებში სიმშვიდეს ვხედავ. ჯერ ისევ მაკვირვებს ეს, მაგრამ მალე დავიჯერებ, რომ ის, რაც მისგან მოვისმინე სიზმარი არ ყოფილა. - აეროპორტში ჰო ყველა მოხვალთ? - თვითმფრინავის ლოდინი მარტო არ მოგიწევს. - მისთვის გაღიმებას ვცდილობ. სოფიც მპასუხობს, მემშვიდობება და შენობისკენ მიდის. 1 სექტემბერი, 2019 წელი *** უცნაურია. ჩემს სიზმრებსა და ოცნებებში, როცა ვიგებდი, რომ გიორგის ვუყვარდი, ბედნიერებისგან სუნთქვა მეკროდა. ხანდახან ეს განცდა იმდენად რეალური იყო, რომ ჩემში ამ სიხარულისგან დატოვებულ ნაკვალევს საათების მანძილზე თავიდან ვერ ვიშორებდი. ახლა კი, მეუბნებიან, რომ ეს სინამდვილეა, რომ ეს სიზმარი არაა. მე კი დაჯერებაც არ შემიძლია. ჩემში იმის რწმენას, რომ მე და გიორგი მხოლოდ მეგობრები უნდა ვყოფილიყავით, იმდენად ჰქონდა ფესვები გამდგარი, რომ ახლა აზრი, თითქოს მას ვუყვარვარ, რომ მთელი განვლილი წლები ვუყვარდი, ზუსტად ჩემს სიზმრებს ჰგავს. ველოდები, რომ სადაცაა გამომეღვიძება და ყველაფერი გაქრება. სოფი და გიორგი ისევ ერთად იქნებიან, მე და ლუკაც და ის აზრიც აღარ იარსებებს, რომლის დაჯერებასაც ბოლო დროს მაიძულებენ. მაგრამ ეს ასე აღარ იქნება. ახლა რაღაცები შეცვლილია. მტკივნეულად, მაგრამ ბევრი რამ გადასხვაფერდა და გიორგისთან სალაპარაკოდ ერთადერთი დაბრკოლება მხოლოდ ჩემი შიში და გონებაა, რომელსაც ისევე დავიმორჩილებ, როგორც განვლილი წლების მანძილზე ჩემს გრძნობებს ვუკეთებდი. უკვე ერთი საათია მე და ნანიკო რაჭაში, ჩვენი კარვის გვერდით პატარა ხის აივანზე ვართ და ხედით მოხიბლულები ჩუმად ვდგავართ. აქაურობა სამოთხეა. მთების შუაგულში ჩამდგარი რამდენიმე სასტუმრო-კარავი მინდვრად ამოსულ სოკოს ჰგავს. ეს ადგილი ხმაურიანი ქალაქისგან იმდენად შორსაა, რომ შეიძლება გარკვეული დროის შემდეგ დაგავიწყოს კიდეც, რომ სადღაც შორს არსებობენ მანქანები, საწარმოები და საქმიანი, ხმაურიანი ადამიანები. ირგვლივ მხოლოდ ბუნების სურნელი ტრიალებს. ერთადერთი, რაც მესმის ნანიკოს სიამოვნების ამოოხვრა და ჩიტების ჭიკჭიკია. - აქაურობა ბევრ პრობლემას მოაგვარებდა. - ბუტბუტებს გოგო და მერე მე მიყურებს. - საოცრებაა, არა? - ვგრძნობ, რომ ამ ადგილის დატოვება ძალიან გამიჭირდება. - თვალს ვავლებ ბორცვებზე შემდგარ კარვებსა და მათ პატარა აივნებს. ზოგიერთ მათგანზე ბინადრები რომ სხედან და ხედით ტკბებიან. - ჰო. ეჭვიც არ მეპარება. - წარბებს სწევს გოგო. - რა გჭირს? - ვაკვირდები მის მზერას, გამწვანებულ ბუნებას რომ არ სცილდება. - რაზე ამბობ? - შენს სახეზე ქვეტექსტებს ვხედავ თუ მეჩვენება? - გარემოს ცვლილების ბრალია. ყავა არ გინდა? მიდი რა გააკეთე. ხვალ წვიმაა გამოცხადებული და სანამ მზე და ამინდია, აივნით დავტკბეთ. - ჩანთიდან ნივთების ამოლაგებას არ აპირებ? - სად გაიქცევა. - მხრებს იჩეჩავს. კარავში შევდივარ და ჩემი სალაშქრო ჩანთიდან ყავას და შაქარს ვიღებ. ამ ადგილს ერთ-ერთი დიდი პლიუსი ის აქვს, რომ აქამდე მანქანები არ მოდიან. გარკვეული მანძილი ფეხით უნდა გაიარო, რომ აქ მოხვედრა დაიმსახურო. ქურაზე წყალს ვადგამ და ფინჯნებში ყავას ვყრი. გარედან ნანიკოს საუბარი შემოდის. სიტყვებს ვერ ვარჩევ, ამიტომ გარეთ ვიხედები, რომ გავარკვიო, მე ხომ არ მელაპარაკება, მაგრამ ვხედავ, რომ მობილური უჭირავს. საწოლზე ვჯდები და აქაურობას თვალს ვავლებ. დიდი აბსტრაქციული ფორმის ფანჯრიდან, რომელიც კედელი უფროა, სიმწვანის გარდა არაფერი ჩანს. შეგიძლია შეხედო და უბრალოდ წარმოიდგინო, შენ რისი დანახვა გინდა. სიღნაღი და მზის ამოსვლა მახსენდება. მაშინ ყველაფერი მშვიდად, თავისი კალაპოტით მიედინებოდა და მეც მშვიდად ვინახავდი ლამაზ მომენტებს. არ ვფიქრობდი იმაზე, რომ ოდესმე ჩემი შინაგანი განცდები სხვებისთვის ხელმისაწვდომი გახდებოდა. რომ გიორგი გაიგებდა, მაშინდელი მზის ამოსვლით როგორი ბედნიერი ვიყავი. ფინჯნებში წყალს ვასხამ და გარეთ გავდივარ. ნანიკო იმ წუთას თიშავს მობილურს და პატარა შუშის მაგიდაზე დებს. ყავას ვაწვდი, ვჯდები და ქუსლებს სკამზე ვაწყობ. - ვინ იყო? - ვეკითხები გოგოს, რომელიც ჩემს გვერდით ჯდება და ყავას ყნოსავს. - ბექა. - ბრუნდება და ეღიმება. - ვაღიარებ, მართლა იდიოტი ვიყავი. ეს უიშვიათესი მომენტია და კარგად დაიმახსოვრე. - მიდი, მომიყევი. - მეცინება მის სიტყვებზე. - გაბრაზებული იყო. შენი დანახვაც არ მინდოდაო. - კისკისებს. - თავიან მუშაობას ვაყოლებდი გულს, მაგრამ აქეთ წამოსვლისთვის რომ დავიწყე მზადება, მივხვდი, რომ ისე ვერ გიტანდიო. ხვდები? მერე შემხვდა და მომენატრეო, მეუბნება. ვერაა ეგ... - თქვენ ორივე დასაწყისიდანვე ვერ იყავით, ნანი. მაგიტომაც გამიკვირდა, ასე რომ აიჭერი ბექას წასვლაზე. რატომღაც მეგონა, შენც დაგარტყამდა და გაჰყვებოდი. ან... რა ვიცი. ყოველ შემთხვევაში, შენს ისტერიკებს არ ველოდი. - ჰოო, ჰო იცი, როგორი არაპროგნოზირებადი ვარ. ფრთხილად იყავი, შეიძლება რომ დაიძინებ, გაგეპარო. - იცინის. - არა უშავს. აქ თავს მარტოც მშვენივრად ვიგრძნობ. - როგორ არა. - თავს მიქნევს ის. - იცი, მგონი ჯობდა, წამოსვლამდე გიორგი გენახა. - არა. მირჩევნია აქ დავლაგდე და საკუთარი თავი შევაგუო. - ფინჯანს ხელებს ვხვევ და ორთქლადენილ სითხეს დავყურებ. - ვერ წარმომიდგენია, როგორი იქნება ჩვენი საუბარი. - მე გეტყვი. ერთხელ და სამუდამოდ, ერთმანეთს სიყვარულში გამოუტყდებით და დამასვენებთ! - გამოუსწორებელი იდიოტი ხარ! - არა. გამწარებული მეგობარი, რომელსაც ამ საიდუმლოს ტარება უკვე აღარ შეუძლია.. - ბოლო პერიოდში, ისედაც ბევრი თამამი სვლა გააკეთე. - და ძალიანაც ვამაყობ. ვიცი, ბრაზდები ამას რომ ვამბობ, მაგრამ შეხედე... ისედაც ყველაფერი აქეთ მიდიოდა. მე უბრალოდ დავაჩქარე. ნუ, მე და ლუკამ. არ მომწონს ამ ამპლუაში ჩემთან ერთად კიდევ რომ ვიღაცას ვიხსენიებ, მაგრამ ხომ იცი, ხარბი არა ვარ. იცი გიორგის რას ვერ ვპატიობ? - რას? - შენს საქაღალდეზე ვუთხარი, ჩემი ჩანაწერებია-თქო. რანაირად გაბედა წაკითხვა, როცა იცოდა, რომ ჩემი პირადი ფურცლები იყო? - ხომ გიხაროდა, რომ წაიკითხა? - ახლაც მიხარია, მაგრამ არ იცოდა შიგნით სინამდვილეში რა იყო. მაგას ვუთხარი, ჩემი ჩანაწერებია-თქო. ადგა და წაიკითხა. - თავს აქნევს გაოგნებული. - შეგიძლია ამაზე პირადად უსაყვედურო. - იდიოტი. - ბუტბუტბეს ის. სანამ ჩვენს ფინჯნებში ყავაა, ჩუმად ვართ. ნანიკოს მობილურზე ხანდახან შეტყობინება მოსდის და ისიც პასუხობს. შორიდან ბავშვების ხმაური აღწევს. თვალს ვადევნებ, აივნის მოაჯირზე დროდადრო ჩიტები როგორ სხდებიან, ახალ სტუმრებს გვათვალიერებენ და გვტოვებენ. ნანიკო ფოტოებს იღებს. რამდენიმე სელფისაც და ფეისბუქის „სთორის“ ცარიელს არ ტოვებს. მე კი საფიქრალი მხოლოდ ერთი მაქვს. გიორგისთან საუბარი. ამას აღარ გადავდებ. თბილისში ჩასვლისთანავე დავურეკავ. - გეღიმება. - მეუბნება ნანიკო და თან მობილურს ჩაჰყურებს. - ასე გააგრძელე. *** სანამ აივანს მზე ძალიან აჭერს, გარეთ გაჩერება არც ისეთი მარტივია. კარავში შევდივართ და ტელევიზორს ვრთავთ. „ნეტფლიქსზე“ „mindhunter”-ის სერიები გადის და ნანიკოს წამოღებულ მარილიან სასუსნავთან ერთად, მისი ყურებით გაგვყავს დრო. მეორე დღეს, თუ ძალიან არ იწვიმებს, შაორის ტბის სანახავად წასვლას ვთავაზობ. მგონია, რომ დაეზარება, მაგრამ სწრაფად მთანხმდება და ცოტა მიკვირს. საღამოს ჩაისთან ერთად ისევ აივანზე ვბრუნდებით და მზის ჩასვლის საოცარი ხედით ვტკბებით. მთის კალთებს თბილად ედებათ ნარინჯისფერი და მზის გაქრობასთან ერთად, ისინიც ნელ-ნელა მუქდებიან. კარვებს შორის რამდენიმე პროჟექტორი ინთება და მიდამოს მისტიკურ ელფერს სძენს. გარეთ მალე გრილდება. თითქოს შუქის ჩამრთველით დაღამებასთან ერთად, სიცივესაც რთავდნენ. შიგნით შევდივართ. რამდენიმე დღის წინ, ნანიკო ხელაძეს შეხვედრია და მიყვება, რაზე ილაპარაკეს. მერე მობილურზე ურეკავენ და სანამ უპასუხებდეს, გარეთ გადის. ეჭვით ვაყოლებ თვალს. არასდროს მტოვებს მარტოს ტელეფონზე საუბრისას და მისი საქციელი ცოტას მაფიქრებს. შიგნით მალე ბრუნდება და ვითომ არაფერი მომხდარა, ისე შედის სააბაზანოში. სურვილი მიჩნდება, ბოლო ზარი გადავამოწმო, მაგრამ განზრახვას მაშინვე ვიშორებ. გამოსული თავის სპორტულ მოსაცმელს იღებს და ბოტასებს იცვამს. - შენ მგონი ჩემს დაძინებასაც აღარ ელოდები, ისე იპარები. - მეცინება და თან მის მოძრაობებს ვადევნებ თვალს. - გადმოგირეკავო, ბექამ მითხრა და ქვემოთ გავივლი. - აა. - წარბებს ვწევ. - თუ გინდა დარჩი და მე გავივლი. - არა, არა. - თავს აქნევს. - თან სუფთა ჰაერს ჩავყლაპავ. ჯერ ისევ დამჭირდება მაგასთან ლაპარაკისას. - ეცინება გოგოს. მობილურს იღებს და კარვიდან გადის. აივანზე არ ჩერდება. კიბით დაბლა ჩადის და პროჟექტორთან ახლოს ტრიალებს. მიხარია ბიჭის დაბრუნებასთან ერთად, მათი ურთიერთობაც რომ ბრუნდება. ყურსასმენებს ვიკეთებ, საწოლზე ვწვები და მუსიკას ვრთავ. *** თვალებს ვახელ. ფლეილისტი ისევ ტრიალებს. ჩამძინებია. ღამის თორმეტის ნახევარი ხდება. ყურსასმენებს ვიხსნი, მობილურს ტუმბოზე ვდებ და ნანიკოს შესამოწმებლად საწოლის მეორე მხარეს ვბრუნდები, მაგრამ იქ ის არ არის. საწოლზე ზურგით გიორგი ზის და ჩემს გადაბრუნებასთან ერთად, ისიც უკან იხედება. - ღმერთო, გიორგი! - სწრაფად ვსწორდები. დაბნეული და გაოგნებული ვუყურებ და ჯერ ისევ ეჭვი მაქვს, რომ სიზმარში ვარ. - მაპატიე, ხომ არ შეგაშინე? - ფეხს საწოლზე იკეცავს, ჩემკენ ბრუნდება და მათვალიერებს. - აქ რას აკეთებ... აქ საიდან გაჩნდი? - ბალიშს ვეყუდები, მაგრამ ვერ ვისვენებ. გაურკვევლობისგან გული ამოვარდნას მაქვს. მერე უცბად ყველაფერს ვხვდები. - ნანიკო... - ვცრი გაბრაზებული. - ჩემი იდეა იყო. - რომელზეც სიამოვნებით დაგთანხმდა. - რა თქმა უნდა. ეს ხომ ნანიკოა. - მხრებს იჩეჩავს ის და ეღიმება. - მაგრამ, არავინ იცოდა აქ რომ მოვდიოდით. - ჰო, კარგი, ნუ უბრაზდები. ფეხზე ვდგები და თითებს ვმუშტავ. ფანჯარასთან მივდივარ და ეზოს ვათვალიერებ. ასე არ შეიძლება. ასე მოულოდნელად არ უნდა მოსულიყო. თბილისში ჩასვლისას თვითონ დავურეკავდი. მე ხომ ამას ვაპირებდი. - მარიამ... - დგება გიორგიც და მიახლოვდება. - სად არის? - ვეკითხები, სანამ რამეს მეტყოდეს. - წავიდა. - რას ჰქვია, წავიდა... სად წავიდა? - ვბრუნდები მისკენ და პასუხის მოლოდინით ვუყურებ მის მუქ კრიალა თვალებს, რომლებიც მშვიდად მარკვევენ სიტუაციაში. - თბილისში დაბრუნდა. - ამ დროს? მარტო? გიორგი... - ბექამ წაიყვანა, არ ინერვიულო. ზარები, მესიჯები მთელი დღე. ახლა ყველაფერი გასაგებია. ერთი წამით თვალებს ვხუჭავ და ისევ ფანჯრისკენ ვბრუნდები. გიორგი იქვე სავარძელში ჯდება და თავის მობილურზე მოსულ შეტყობინებას სწრაფად პასუხობს. - ვიცი, რომ დაგაფრთხე. ჩუმად ვიქნები, სანამ გაბრაზება გადაგივლის. ან ჩაის გავაკეთებ. - დგება ის და სამზარეულოს კუთხისკენ მიდის. თვალს ვაყოლებ და ვბრუნდები. პატარა ჩაიდანში წყალს ასხამს და ქურაზე დგამს. ფინჯნებს იღებს და იქაურობას დაკვირვებით ათვალიერებს. ალბათ ჩაის ეძებს. გაბრაზებას აზრი არ აქვს. ალბათ უკეთესიც კია, გიორგი ახლა აქ რომაა. ალბათ ჩვენი საუბრის გადადება უკვე სისულელე იყო. სავარძელში ვჯდები და ფეხებს ვიკეცავ. - ქვედა უჯრაშია, უკან. - ვეუბნები. ბიჭი პატარა უჯრას სწევს და ჩაის იღებს. - ლიმონიც გქონიათ. - თავს აქნევს. ვუყურებ მის მოძრაობებს და ვაცნობიერებ, რომ უზომოდ მომენატრა. მინდა, რომ მივიდე და ჩავეხუტო. ხელები მომხვიოს ისე თბილად და ძლიერად, მან რომ იცის და მონატრების შეგრძნება თავის მკლავებში გამიქროს, მაგრამ ჩვენ შორის მინა ჯერ ისევ დაბურულია. „ - შენსავით ისიც ძალიან კარგად იმალებოდა.“ მახსენდება სოფის სიტყვები და ერთი წამით თვალები მებინდება. გაყინულ თითებს მუხლებს შორის ვიქცევ. გიორგი ფინჯნებს იღებს, ჩემთან ბრუნდება და მაგიდაზე აწყობს. თვითონაც სავარძელს უბრუნდება, იდაყვებს მუხლებზე იწყობს და თითებს ერთმანეთს ხვევს. ჯერ ორთქლადენილ ფინჯანს უყურებს, მერე მე. - მარიამ... - ამბობს ჩუმად, თითქოს არ უნდა ირგვლივ არსებული სიმშვიდე დაარღვიოს. მისი მზერა მაფორიაქებს. მასზე სიფრთხილეს, ღელვას და თან თავდაჯერებულობას ვკითხულობ. - მარიამ... მიყვარხარ. ვთრთი და სუნთქვა მეკვრის. ასე მგონია, რამდენიმე წამით გული მიჩერდება და მისი მზერა მაძლევს ძალას, რომ გავუძლო. მერე ისე უცბად იწყებს ძგერას, რომ მგონია, ცოტაც და გასკდება. ეს სიტყვა, რომლის მოსმენაზეც ათი წელი ვოცნებობდი, ერთმანეთისგან განსხვავებულ გრძნობებს იწვევს. თან იმდენს, რომ თავბრუ მეხვევა. თვალები ცრემლებით მევსება და სანამ ლოყებზე გადმოიღვრებიან, გიორგი ორი წამით ქრება. არ მინდა შეამჩნიოს, როგორ ვკანკალებ, მაგრამ თავს ვერ ვაკონტროლებ. - შეგეძლო... შეგეძლო აქამდე გეთქვა. - ჩემი ხმა გატეხილია. - შენც. - მართლა გეშინოდა? - შენსავით. - მპასუხობს და ოხრავს. არაფერს ვეუბნები, ვხვდები, რომ რაღაცის თქმას აპირებს და ვაცდი. - შენს ფურცლებში განა ჩვენი თავი ვერ ვიცანი... იქ... იქ იმას ამბობ, რომ თურმე წარსულში ყველაფერი ისე იყო, როგორც მინდოდა, რომ ყოფილიყო. იყო, მაგრამ მე ვერ ვხედავდი. - გინდოდა, რომ მყვარებოდი? ბიჭი თავს მიქნევს და თვალს არ მაცილებს. ასე მგონია, არც ერთი ჩემი მიმიკის და რეაქციის გამოტოვება არ უნდა. ასე მგონია, ყველაფრის დამახსოვრებას ცდილობს. - მაშინ ჩემსავით სუსტი რატომ იყავი, გიორგი. ამ სურვილს რატომ მალავდი? მანამ მაინც, სანამ სოფი გამოჩნდებოდა. - იმიტომ, რომ მეგობრობით დავიწყეთ. ჩემი მეგობარი, ჩვენი მეგობრობა, საუკეთესო მეგობარი, განსხვავებული მეგობრობა. სულ, მარიამ, გამუდმებით ამას ვიმეორებდით. - შუბლს ჰკრავს ის და ისე მაკვირდება, თითქოს ელოდება, რომ უნდა დავეთანხმო. - შენ ხომ გეშინოდა, რომ თუ რაღაც მინიშნებებს მომცემდი და მე მივხვდებოდი, შენგან თავს შორს დავიჭერდი? ხომ ასე იყო? მე საკუთარ თავს იმაშიც ვერ ვუტყდებოდი, რომ მიყვარდი. ჩვენი ეს მეგობრობა, რომელსაც ვერ ველეოდით, იმ განსხვავებულ და გაუგებარ გრძნობებს, რომლებიც შენ მიმართ მქონდა იმდენად აიძულებდა დამალვას, რომ ვეღარ ვხვდებოდი, რა იყო საერთოდ. - გამოდის, ჩემი ბრალია. - არა. არც ერთის ბრალი არაა, მაგრამ მაინც ორივე დამნაშავე ვართ. - სავარძელს ეყრდნობა გიორგი და რამდენიმე წამით ფანჯრიდან ჩამუქებულ მთებს უყურებს. ვეთანხმები, ამიტომ აღარ ვპასუხობ. მაისურის მკლავებს ვქაჩავ და თითებს მასში ვახვევ. მერე მახსენდება, რომ წინ ჩაი დგას. ვიღებ და ხელებს ვხვევ. სასიამოვნო არომატი აქვს, მაგრამ ასე მგონია, მისი ერთი ყლუპიც კი დამახრჩობს. ვგრძნობ, რომ ჩემი აჩქარებული გულისცემა ნელ-ნელა მშვიდდება და ვერ ვხვდები, რატომ. ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ეს საუბარი აქამდე უკვე ბევრჯერ შემდგარა. მერე ვაცნობიერებ, რომ კი, ეს უამრავჯერ იყო - ჩემს წარმოსახვაში. მისი იმდენი ვარიანტი ამიწყვია, რომ ახლა ეს ღამე ერთ-ერთი მათგანი მგონია. იქნებ ამიტომაა, რომ ყელზე დაჭიმული ძარღვებიც ნელ-ნელა ეშვებიან. - ვერ გავაცნობიერე, რომ მიყვარდი. - ისევ მიყურებს, ჩემს ხელებს აკვირდება და შემდეგ ოთახს ავლებს თვალს. - დედას სიკვდილის შემდეგ, მოსკოვიდან რომ ჩამოვედი და გზაჯვარედინზე შემთხვევით შეგხვდი, მაშინ მივხვდი, მთელი ის თვეები როგორ მჭირდებოდი. მეზიზღებოდა ჩემი თავი იმის გამო, რომ შენი ცხოვრებიდან გავქრი და მერე ერთ წამში, შენი დანახვისას მივხვდი, რამდენად ძვირფასი იყავი ჩემთვის. მერე ვისაუბრეთ და ისევ მეგობრობა ახსენე. ისევ უკან დაიხია ყველაფერმა. - მე რატომ ვერაფერს ვამჩნევდი. ორივე ასეთი სულელი რანაირად ვიყავით? - ამჩნევდი. - ამბობს ის, შემდეგ დგება, საწოლიდან ჩემს პლედს იღებს, მიახლოვდება და მხრებზე მხვევს. - ყველაფერი წავიკითხე და იქ ჩანს, რომ ამჩნევდი. - გიორგი თითებს კისერზე ასრიალებს და ზურგში ჩაყოლებულ თმას პლედის ზემოთ მიქცევს. მოულოდნელი შეხებისგან ინსტინქტურად ვკრთები და მთელ სხეულზე მოგვრილი ჟრუანტელი დიდხანს არ წყდება. ის კი ისევ სავარძელზე ჯდება, თავის ფინჯანს იღებს და ჩაის სვამს. ერთმანეთზე ზრუნვა იმდენად გვაქვს გამჯდარი, რომ ჯერ ალბათ ვერ აცნობიერებს, რამდენად მაღელვებს მისი უმნიშვნელო შეხებაც კი. არადა, ფურცლებში ამაზე ზომაზე მეტიც კი წერია. - რამდენჯერაც ეჭვი გაგიჩინე, რამდენჯერაც თვალი დახუჭე და ჩათვალე, რომ მოგეჩვენა; რამდენჯერაც იფიქრე, რომ „არა, ეს ასე არ იქნება,“ იმდენჯერ შემამჩნიე, რომ ის ყველა სიტყვა და მოქმედება ჩემი გრძნობებისგან იყო წამოსული. გაუცნობიერებელი ნაბიჯები იყო, მაგრამ შენი ჩანაწერებიდან მივხვდი, რომ ასე იყო. და მართალი ხარ, ორივე ძალიან სულელი ვიყავით, ჩვენს შიშებს რომ ავყევით. - ამბობს და ისევ ოთახს ავლებს თვალს. - ამათ გათბობა არ აქვთ? - მგონი ჯერ არა. - იმდენად მოულოდნელია მისი შეკითხვა, რომ მეცინება. გიორგისაც ღიმილი უხსნის სახეს. რამდენიმე წამით ერთმანეთს ვუყურებთ და ვგრძნობ, რომ აი ასეთი, ზუსტად ასეთი იქნება ამის შემდეგ ჩვენი ყველა მზერა, რომელსაც ერთმანეთს მივაპყრობთ. - მერე სოფი მოვიდა. - გიორგი ერთი წამით თვალებს ხრის და სახე ისევ უსერიოზულდება. უკვე შეგრილებულ ფინჯანს მჭიდროდ ვხვევ თითებს. გული ისევ მიჩქარდება. რამდენიმე დღის წინ გოგოსთან საუბრის მონაკვეთები თავში თავისით ჩნდებიან. - ყურადღება იმიტომ მივაქციე, რომ მისგან ღიად ვიღებდი იმას, რასაც შენში გაუცნობიერებლად ვეძებდი. ეს ცუდად ჟღერს, ვიცი... მაგრამ არც მაშინ იყო მარტივი. ერთ დღესაც იეჭვიანე. გისმენდი და შენს სიტყვებში რაღაცის დაჭერას ვცდილობდი, მარიამ და რა მოხდა მერე... ისევ ყველაფერი მეგობრობით აიხსნა. საბოლოოდ კი, ამ მოლოდინებმაც უკან დაიხიეს და სოფიმაც თავი მომაწონა. - საბოლოოდ? - შუბლს ვკრავ. - მაშინ ნანიკოს დაბადების დღეზე რა მოხდა? ის... ის კოცნა რა იყო? გიორგი მუხლზე ისვამს ხელს და ისე ოხრავს, რომ ვხვდები, ამაზე პასუხი არ აქვს. მის მოლოდინში, გული გამალებით მიცემს და ვცდილობ აჩქარებული სუნთქვა დავიმშვიდო. მაგრამ რატომ უნდა დავმალო, რას ვგრძნობ? რატომ არ უნდა შემამჩნიოს, რომ ამაზე პასუხები მჭირდება? - მაგას ვერ ვხსნი, მარიამ. არ ვიცი, რა მოხდა. მხოლოდ ის ვიცი, რომ ეს გაუცნობიერებლად არ გამიკეთებია. - ალბათ ინსტინქტურად, მაგრამ ტუჩებზე ისვამს თითებს. თვალები ისევ მემღვრევა და მკერდში რაღაც მჩხვლეტს. მახსენდება ის დღეები, როცა კოცნის შემდეგ, საკუთარი თავი ტკივილს დავუთმე და ჩემს შინაგან ხმას ვაჯერებდი, რომ გიორგი მაშინ ვერ ხვდებოდა, რას აკეთებდა. მახსენდება, რამდენად ცუდად ვიყავი და ძვლებამდეც კი ატანს სიცივეში გადაზრდილი მაშინდელი ტკივილი. - და შენ გახსოვდა. - ხმა მიტყდება. - ვერ გიტანდი თმის შეჭრის გამო. იმის გამო, რომ მას მერე, რაც გამუდმებით მეგობრობას მიტრიალებდი თვალწინ, სოფიზე იეჭვიანე. წახვედი და ის წამართვი, რაც ჩემთვის ძალიან ძვირფასი იყო. მერე ადექი და ისე მარტივად გადაიტანე, თითქოს ფრჩხილი მოგეჭრას. ვერც საკუთარ თავს ვიტანდი იმის გამო, რომ ვერ გპატიობდი. მაშინ, სოფიმ რომ შეგვახვედრა, მაშინაც ვცდილობდი გამომეტყუებინა შენთვის თმის შეჭრის ნამდვილი მიზეზი, მაგრამ ისევ გაჩუმდი. სამაგიეროდ, თვითონ გამომტყუე ის, რომ ძალიან მენატრებოდი. მერე ისევ ვიკამათეთ. ისევ გაბრაზებული ვიყავი, ფეხი საშინლად მტკიოდა, სასმელმაც იმოქმედა... გიყურებდი და... არასდროს ვყოფილვარ ისეთი არეული არც მანამდე და არც მას შემდეგ. - ამაზე საუბარი არასდროს გნდომებია? - დილით გელოდებოდი. შენსავით. შენ... მაშინ გაითიშე და ვიფიქრე, რომ შეიძლებოდა არც კი გხსომებოდა. ვკითხულობდი შენს ჩანაწერებს, მარიამ და მეგონა ჩემს მაშინდელ ფიქრებს აცოცხლებდი. მე რაღაც მიზეზი მაინც მქონდა, რომ არაფერი შემემჩნია. შენ? შენ რატომ გადაიტანე ეს... - მიზეზიც საერთო გვქონდა, გიორგი. ესეც ეწერა იქ. - სოფის დავშორდებოდი. მაგრამ ჰო... არც ერთმა არაფერი ვიცოდით და არც ერთმა არაფერი შევიმჩნიეთ. ორივე ერთმანეთს ვაკვირდებოდით და საბოლოოდ დავიჯერეთ, რომ სასმელმა ყველაფერი დაგვავიწყა. - სახეზე ისვამს ხელს და თვალს მავლებს. - გცივა შენ. - და, მერე? - ფინჯანს მაგიდაზე ვდებ, ფეხებს ვიკეცავ და პლედს კარგად ვიხვევ. - მერე ამ მოგონებით ცხოვრება მარტივი არ ყოფილა. წლები გადიოდა, მაგრამ არ დამვიწყებია. თავს ხშირად მახსენებდა. ხანდახან სოფისთან ურთიერთობაშიც მიშლიდა ხელს. და მოგვიანებით მივხვდი, რომ მასთან გრძნობების გაციების ერთ-ერთი და იქნებ მნიშვნელოვანი მიზეზიც ეგ იყო. მაგრამ ვატყობდი, რომ სოფიც აღარ იჩენდა ჩვეულ ყურადღებას და სიყვარულს ჩემს მიმართ. მე და შენ ამაზე ცოტა ხნის წინ ვილაპარაკეთ, რაღაცების დამალვით, მაგრამ ძირითადი მიზეზი მაინც იცოდი. ვფიქრობდი მასთან დაშორებას, მაგრამ არ ვიცოდი, შენთან მეგობრობას როგორ გავაგრძელებდი, როცა გაუთავებლად მახსენებდი თავს. მერე... მერე ლუკა გაგაცანი. - ეღიმება და თავს აქნევს. - ჰო, მანამდე ოთო იყო და დიდხანსაც იყავით ერთად, მაგრამ არ ვიცი, მაგ ტიპზე რეაქცია რატომ არ მქონდა. ალბათ, სულ მეგონა, რომ ის არ იყო, ვისთანაც ურთიერთობას გაასერიოზულებდი. ალბათ იმ პერიოდში სოფის მიმართ უფრო მეტ ყურადღებას ვიჩენდი. არ ვიცი. მაგრამ ლუკა... ეს ტიპი... - ტუჩებს ერთმანეთს აკრობს ის და ფანჯრისკენ იხედება. ღელვისგან პლედის ქვეშ მუცელზე ვიკრობ ხელებს. - გიორგი... - მოთმინებას ვკარგავ მისი დუმილისგან. - წყობიდან გამომიყვანა. - მიყურებს და წარბებს სწევს. ისეთი ტონი აქვს, თითქოს ამ ორმა სიტყვამ ყველაფერი თქვა და მეც უნდა დავკმაყოფილდე, მაგრამ აგრძელებს. - არ შეგეშვა. ყველგან იყო. შენი ყურადღების მიპყრობას ცდილობდა. გეხებოდა. გკოცნიდა... - ოთოც იქცეოდა ასე. - ვაწყვეტინებ დაბნეული და გაკვირვებული, მაგრამ მისი რეაქცია ამ ყველაფერზე გულს გამალებით მიჩქარებს, თუმცა, ეს აჩქარება უზომოდ მსიამოვნებს. - ეს სხვანაირად. - თავს აქნევს. - ისე გიყურებდა, თითქოს დარწმუნებული იყო, რომ ადრე თუ გვიან მის მიმართ გრძნობები გაგიჩნდებოდა და თავდავიწყებით შეგიყვარდებოდა. - აგდებით ამბობს და ტუჩებს გვერდით იქცევს. - ნაიარევზე გაკოცა... მარიამს გეძახდა და ნერვები მეშლებოდა, რომ არ უკრძალავდი. რატო არ უკრძალავდი? - მიბღვერს. - გიორგი, არც მე მსიამოვნებდა, მაგრამ მასთან ურთიერთობის აწყობა მინდოდა და ეს რომ გამეკეთებინა, თავს გავყიდდი. - თავს ძალას ვატან, მაგრამ ოდნავ მაინც მეღიმება. - ჰო, რა თქმა უნდა. - თავს აქნევს. - კიდევ თავს ვიკავებდი მაგის გამო. გამუდმებით იმას მიმეორებდი, რომ მოგწონდა და ბოლოს და ბოლოს უნდა მიმეღო ეგ ფაქტი. მე კიდევ მაგის მოსმენაც არ მინდოდა... - და ალბათ ამიტომაც უთხარი ლუკას, რომ მჭირდებოდა და ჩემთვის გული არ ეტკინა. - ვეუბნები და მისი რეაქცია მახალისებს კიდეც. - ეგ... - პირს აღებს გაოგნებული და მერე ოხრავს. - ხომ ვამბობ, ნანიკოსავით ბევრს ლაპარაკობს მეთქი. - და კიდევ, ძალიან ბევრს მიხვდა. - და ამიტომაც დაგშორდა. ახლა მე ვუყურებ დაბნეული, მაგრამ მალევე ვხვდები ყველაფერს. - ნანიკოს შეეშვი, მარიამ. ისედაც დიდხანს იკავებდა თავს, რომ ჩემთვის ყველაფერი არ ეთქვა. ალბათ ერთი სული აქვს, როდის მეტყვის, სინამდვილეში რატომ ვარ ვირი. მეცინება, მაგრამ ჯერ ისევ უხერხულობას მიქმნის ის ფაქტი, რომ ფურცლებიდან ბევრი რამ იცის. ბევრი ისეთი რამ, რასაც ალბათ არც ახლა და არც მომავალში ვეტყოდი. მაგრამ ალბათ ესეც გაივლის, ისევე, როგორც ჩემი ღელვისგან დაძაბული კუნთები. - ჰო... ლუკას ეგ იმიტომ ვუთხარი, რომ შენ გინდოდა ასე ყოფილიყო. მასთან ყოფნა გინდოდა... მაგრამ მერე... მეორე დღეს, მარიამ... ნანიკოს იდეაზე, რომ დაგველია. ვიხუმრე და შენ ისეთი რეაქცია გქონდა, ისე დაიბენი, რომ ეჭვი გამიჩნდა. მთელი დღე ვფიქრობდი, შეიძლებოდა ის კოცნა გხსომებოდა და მერე ღამით ამაში დავრწმუნდი კიდეც. საცეკვაოდ გახვედით და... საიდან გაჩნდა ის მუსიკა? მაინცდამაინც ის! არ მინდოდა იმის ყურება, როგორც ცეკვავდი მასთან... ვერ შევძელი ამის დაიგნორება, მარიამ. მოგონებების ფონზე თქვენი ის ცეკვა მაცოფებდა. გეხებოდა... შენც... მერე დამინახე, მაგრამ მაინც ცეკვავდი. ლუკა იქ იყო, სადაც მხოლოდ მე და შენ უნდა ვყოფილიყავით... - ჩვენთან მოდიოდი? - ვეკითხები ხმაჩამწყდარი. მისი მიმიკები და თვალები მაფორიაქებენ. ახლად გამჟღავნებული მისი მაშინდელი სურვილები, სხეულზე მეხებიან და ვგრძნობ, როგორ მიმღვრევენ შიგნით ყველაფერს. - შენთან... არ მინდოდა, რომ ის მუსიკა მასთან ცეკვაში გაგელია. ვისაც რა არ უნდა ეფიქრა, ამის დაშვებას არ ვაპირებდი. - თავს აქნევს ის. - მაგრამ წახვედი. და ამოვისუნთქე. მაშინ მივხვდი, რომ ყველაფერი გახსოვდა. რომ ის კოცნა შენში უკვალოდ არ ჩაივლიდა. შენს გრძნობებში დარწმუნებული არ ვიყავი, მაგრამ ჩემსაში ეჭვი აღარ მეპარებოდა. მაშინ მივხვდი, როგორ მიყვარდი, როცა შენი დაკარგვის რეალური საფრთხე ისევ მაგიდასთან ჩამოჯდა და შენზე ნერვიულობა დაიწყო. „როგორ მიყვარდი,“ „როგორ მიყვარდი,“ ტრიალს იწყებენ თავში ეს სიტყვები... დღეს უკვე მეორედ და ვგრძნობ, როგორ ჩემს სიცარიელეს ნელ-ნელა როგორ ავსებენ. ნერვებს ვერ ვთოკავ. თვალებიდან ცრემლები ისევ მეპარებიან. სწრაფად ვიშორებ, მაგრამ გიორგი თვალს არ მწყვეტს და არც დამალვა გამომდის. რამდენიმე წამით სახეს ხელებში რგავს. - გინდა დავიძინოთ? - მეკითხება შემდეგ და მის თვალიერებას ვწყვეტ. - მინდა. - ვპასუხობ. წინ კიდევ ორი დღე გვაქვს. დღეისთვის საკმარისზე მეტი მოვისმინე და თითქმის არაფერი მილაპარაკია. - არაფერს მკითხავ? - შეკითხვები ბევრია, გიორგი. ლაპარაკი კი წერაზე რთული. - კარგი. - თავს მიქნევს ის. ამბობს, ცოტა ხნით გავალო. თავისი სალაშქრო ჩანთიდან, რომელსაც ახლაღა ვამჩნევ, სიგარეტს და სანთებელას იღებს და აივანზე მიდის. პლედს ვიხსნი, ვდგები და ერთი წამით ვჩერდები. სუსტი თავბრუსხვევა მალე რჩება. წყალს ვსვამ და ჩაის ფინჯნებს ნიჟარაში ვაწყობ. გაბრუებული მივდივარ საწოლთან და მობილურზე საათს ვამოწმებ. შუაღამის სამი ხდება. მერე ნანიკოს მოსულ შეტყობინებას ვხსნი. „ - მაპატიე. მიყვარხარ.“ - მწერს გულის სმაილებთან ერთად. მეღიმება. „ - მეც, ნანი. ჩახვედით?“ - ვეკითხები. „ - უკვე სახლში ვარ. შენ კი მწერ. ესე იგი ყველაფერი რიგზეა.“ „ - სანამ მანდ ხარ, არაფერი გემუქრება.“ „ - ვიცი, მ ა რ ი ა მ... ჩემთვის ნუ გცალია. ხვალ შეგეხმიანები. ძილი ნებისა.“ „ - ძილი ნებისა, ნანი.“ მეცინება. მობილურს ვდებ და სააბაზანოში შევდივარ. სახეს ვიბან და გახურებული ლოყების ჩაცხრობას ვცდილობ. სარკეში საკუთარ თავს ვუყურებ და ვხედავ, როგორი დაბნეულია. გიორგის საუბრის მონაკვეთების გახსენება მინდა, მაგრამ ყველა მხრიდან მისი ხმით ნათქვამი „მიყვარხარ“ ისმის. სარკიდან ჩემი თავი მიღიმის. აჩქარებულ გულზე ხელს ვიდებ, მაგრამ ეს მის დამშვიდებაში არ მეხმარება. არა, სინამდვილეში არც მინდა. სააბაზანოდან გამოსული საწოლს დავყურებ. მერე დივანს. მერე ისევ საწოლს და არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ვცდილობ, სწრაფად ვიპოვო გამოსავალი, მაგრამ არ გამომდის. - რაღაცები არ იცვლება, მარიამ. - ზურგიდან გიორგის ხმა მესმის და მისკენ ვბრუნდები. ზღურბლთან დგას და გულზეხელებდაკრეფილი მიყურებს. ალბათ დაინახა, როგორ ვიდექი საწოლთან და ვფიქრობდი. ღმერთო... უხერხულობისგან ალბათ ერთიანად ვწითლდები. - ძილს შენს საწოლში ვარ მიჩვეული, ჰოდა, დივანზე დაძინებას არ ვაპირებ. ბოდიში. - თავს აქნევს და ეღიმება. - მაგრამ ეს ჩემი საწოლი არ არის. - წარბებს ვწევ. - აქაურობა მე არ დამიქირავებია. თანხა შენი გადახდილია. ამიტომ შენია. - მხრებს იჩეჩავს. მიახლოვდება, სიგარეტს და სანთებელას ტუმბოზე აწყობს და პასუხს ელოდება. უკან ვდგამ ერთ ნაბიჯს და საწოლს მეორე მხრიდან ვუვლი. ვხედავ თვალს რომ მაყოლებს. - ისედაც არ ვაპირებდი შენს დივანზე მოთავსებას. - ძალიან კარგი. - ამბობს. ფეხზე იხდის და წვება. შუქს ვაქრობ და მეც ვწვები. მინის კედელზე ფარდებს არ ვაფარებ, ამიტომ გარედან შემოსული პროჟექტორის შუქი ოთახს მკრთალად ანათებს. მისკენ ვბრუნდები. ჩუმად ვართ, მაგრამ ვხედავ, რომ გიორგიც მიყურებს. ვიცი, რომ საუბარი ჯერ არ დაგვისრულებია. ვიცი, რომ კიდევ ბევრ რამეს მეტყვის, მაგრამ ახლა არა. ახლა დაღლილია. შეიძლება ყველაზე დაზარალებულად მე ვჩანდე, მაგრამ ასე არაა. მე ნანიკო მყავდა. ჩემი ტკივილის გაზიარება შეეძლო. ნებისმიერ დროს მზად იყო მოესმინა ყველაფერი, რაც მაწუხებდა და ცუდად მხდიდა. მერე დამამშვიდებდა და რეალობაში დამაბრუნებდა. გიორგი კი მარტო იყო. სულ მარტო. თავის ეჭვებთან და გაურკვევლობასთან ერთად მარტო. ათი წელი მარტო. და ის დაღლილია. საბნიდან ხელს ვყოფ და მის ლოყას ვეხები. გარეთ ყოფნის გამო გაჰყინვია. სიცივე მედება და კანზე ეკალი მაყრის. გიორგი თვალებს ხუჭავს და ვგრძნობ, როგორ ირღვევა მისი მშვიდი სუნთქვა. მაგრამ დიდხანს არა. მალე ისევ მწყობრში დგება და ჩემკენ ოდნავ ახლოს იწევა. - მაპატიე, მარიამ. - მეუბნება ჩუმად, თითქოს ვინმეს გააღვიძებდეს. ან იქნებ იმ სიმშვიდის დარღვევა არ უნდა, რასაც ორივე უთქმელად ვგრძნობთ. - მიყვარხარ. - ვპასუხობ ჩურჩულით ისე, თითქოს ამას მიჩვეული ვიყო და მის ლოყაზე მოსრიალე ჩემს ცერა თითს ვაჩერებ. გიორგი თვალებს ახელს. ერთხანს მიყურებს. ისე მიყურებს, თითქოს ესმოდეს ჩემი აჩქარებული გულისცემის ხმა. ისევ ვგრძნობ ხელისგულზე მისი ემოციების ცვლილებას. მკლავზე მეცემა მისი გახსნილი ბაგეებიდან გადმოფრქვეული ცხელი ჰაერი და სუნთქვას ვიკრავ, რომ ჩემი შინაგანი მღელვარება გავაჩუმო. მერე გიორგი ჩემს ხელს იღებს, ნაიარევზე მკოცნის და აღარ მიშვებს. თვალებს ვხუჭავ და იმაზე მალე მეძინება, ვიდრე ველოდი. 15 თავი 2 სექტემბერი, 2019 წელი *** სახეზე ფრთხილი შეხება და წვიმის ხმა ერთდროულად მაფხიზლებს. ცოტა ხნით არ ვიმჩნევ და ჩემში გამოწვეული შეგრძნებებით ვტკბები. გუშინდელი ჩვენი საუბარი გონებაში ამაღელვებელი სიზმარივით ცოცხლდება და გიორგის ნათქვამი წინადადებები მშვიდად ყოფნის საშუალებას აღარ მაძლევენ. მერე თვალებს ვახელ და ვხედავ, ბიჭს თავი ხელისგულზე ჩამოუდია, მიყურებს და გაღვიძებულს მიღიმის. - დილა მშვიდობისა. - მეუბნება და საჩვენებელ თითს შუბლიდან ნიკაპამდე ასრიალებს. მიყვარს მისი ახალგაღვიძებულის ხმა. თვალები ოდნავ შეშუპებია და თმაც აქეთ-იქით გაურბის. იმდენად ახლოსაა, რომ მის თვალებში საკუთარ ანარეკლს ვხედავ. - დილა მშვიდობისა. - ვპასუხობ და დაბუჟებული კუნთების საშველად ვიშმუშნები. - ამით მთელი ღამე როგორ მოისვენე? - მეუბნება ჩემს ტანსაცმელზე და ახლაღა ვამჩნევ მის მოშიშვლებულ მხრებს. საწოლის ბოლოზე კი მის შარვალს ვხედავ. მოზრდილ ნერწყვს ვყლაპავ. ისე მაღელვებს ეს ფაქტი, თითქოს პირველად იწვეს ჩემს საწოლში ჩემგან განსხვავებით ნორმალურ მდგომარეობაში. - მციოდა. - ვეუბნები და ჩამწყდარ ხმას ვიწმენდ. გიორგის ნელა უხსნის ღიმილი სახეს. - ჩემს მხარეს თბილოდა. - მხრებს იჩეჩავს. - არ ვიცოდი, შეგეძლო გეთქვა. - წარბებს ვწევ. - არც მე ვიცოდი, რომ გციოდა. შეგეძლო მოწეულიყავი და ჩამხუტებოდი. მეღიმება. მერე ვაცნობიერებ, რომ ჩვენს ცხოვრებაში აუარებელი „არ ვიცოდი“ იყრის თავს. რომ ყველაფერი, რაც გამოვიარეთ, სწორედ იმის ბრალია, რომ ერთმანეთს არაფერი გავუმხილეთ. ამას ან შიშს დავაბრალებთ, ან სულელურ თავშეკავებას, მაგრამ ფაქტი ერთია - დუმილი ათი წელი გაგრძელდა. უსაშველოდ დიდხანს. - კიდევ ბევრი არ ვიცის თქმა შეგვიძლია ერთმანეთზე. - ვეუბნები გიორგის. - გამოვასწორებთ, გპირდები. - ამბობს ის, ქვემოთ ცურდება, თავს გულზე მადებს და ხელს მუცელზე მხვევს. აღარ მაღელვებს, რომ ჩემს აჩქარებულ გულისცემას მოისმენს და მიხვდება, რა ხდება ჩემში. აღარ მაღელვებს, რადგან უკვე ყველაფერი კარგად იცის. ფურცლებმა ყველაფერი უთხრეს, რა ხდებოდა მისი გაცნობიდან ხუთი წლის მანძილზე. მე კი არაფერი, საერთოდ არაფერი ვიცოდი. თითებს მის თმაში ვაცურებ და თვალებს ვხუჭავ. - დაწერა რატო გადაწყვიტე, მარიამ... - ათი წელი გავიდა. მეშინოდა, რომ რაღაცები დამავიწყდებოდა. რომ წარმოვიდგინე, ჩვენი დიალოგები აღარ მემახსოვრებოდა... ჩემთვის ბედნიერ და მტკივნეულ მომენტებსაც თავისი ფასი ჰქონდა, გიო. ვერ გადავიტანდი, რომ წლების შემდეგ რომელიმე მათგანი მაინც ვერ გამეხსენებინა. ჰოდა, დაწერა საუკეთესო გამოსავლად მომეჩვენა. მაგრამ მას მერე, რაც ფურცლები ნახე, საკუთარ თავს გამოვუტყდი, რომ გულის სიღრმეში იმედი მქონდა, ოდესმე წაიკითხავდი. - მეორედ მაგ ყველაფრის გამოვლასთან ერთად, ლუკასთან ურთიერთობის აწყობა როგორ წარმოგედგინა... ღამით წერდი, როგორ გიყვარდი, დღისით ცხვირწინ თითებს მიტრიალებდი და ლუკა მიიღეო, ლექციებს მიკითხავდი. - უკმაყოფილო ხმა აქვს გიორგის და ღიმილს ვერ ვიკავებ. - რომ მცოდნოდა, თავში რა გიტრიალებდა, შენი აზრით ასე მოვიქცეოდი? - თმას უკან ვუწევ თითებით, რომ მისი სახე დავინახო, მაგრამ კაკაოსფერი მოკლე ტალღები ისევ შუბლზე ეყრება. - ფურცლების წერა ჩემთვის წარსულის გადარჩენა იყო. ლუკასთან რომ ურთიერთობა გამესერიოზულებინა, ფიქრობ, აღარ მეყვარებოდი? - ვფიქრობ დაწერა კარგი გადაწყვეტილება იყო. შენი იმედი გამართლდა. - თმა გაქვს შესაჭრელი. გინდა... - არ მინდა! - მაწყვეტინებს მაშინვე, თავს სწევს და იდაყვს ეყრდნობა. გაფართოებული თვალებით დამყურებს და მიუხედავად იმისა, რომ კატეგორიულობას ცდილობს, ლამაზი ღიმილი მაინც ეპარება. - საკუთარ შეცდომებზე სწავლა უნდა დავიწყოთ. შევთანხმდით? - შევთანხმდით. - მეცინება. - მაგრამ ვფიქრობ, გარისკვაც უნდა შევძლოთ. - ყველაფერს გავრისკავ შენთან ერთად, მაგრამ თმას აღარ შემჭრი. ჩემს ცხოვრებაში მსგავსი ერთი დღეც რომ ფიქსირდება, სრულიად საკმარისია. - კარგი, გავიგე. შეცდომებს აღარ ვიმეორებთ. და რომელია მოგონება, რომელიც გინდა, რომ განმეორდეს? გიორგი ერთხანს მიყურებს. ჩემს ნაკვთებს ათვალიერებს. მოგონებაზე ფიქრობს და ხან შუბლს ჰკრავს, ხან ტუჩებს ხსნის სათქმელად. მის ყოველ ჩასუნთქვას მხრების მოძრაობით ვითვლი და ინსტინქტურად მეც მას ვყვები. უკვე ვიცი, რომელ მათგანსაც მეტყვის. - ის, რომელმაც მომშალა და ამრია, მარიამ. შენ რამდენჯერ გინდოდა მისი გამეორება? - არ ვიცი... იქნებ ყოველ დღეც. სულ რომ ამაზე მეფიქრა, გავგიჟდებოდი. - იცი, როცა შეგეხე, შენგან არც პროტესტი ყოფილა, არც გაოგნება. მთელი სხეულით ვგრძნობდი, რომ შენც გინდოდა და შენც გჭირდებოდა. ამაზე ფიქრს ჭკუიდან გადავყავდი. არ მაჩერებდი და ვერც მე ვჩერდებოდი. არ მინდოდა. - ფრთხილად ასრიალებს თითებს ჩემს ლოყაზე და თან თვალს აყოლებს. - ჩემს კოცნაზე შენმა პასუხმა ლამის გონება დამიბინდა. - ლამის? - ვეკითხები და პასუხის მოლოდინში, ფილტვებში გამოკეტილი ჰაერისგან ვგრძნობ, როგორ ვიგუდები. - შენ რომ არ გათიშულიყავი, ალბათ... - გიორგის მზერა ჩემი თვალებიდან ტუჩებზე გადააქვს. იხრება და ჯერ ლოყაზე მკოცნის, შემდეგ ნიკაპზე. ჟრუანტელისგან დამუხტული, გაყინული თითებით ყელზე ვეხები. ოდნავ კრთება. გზას მისი სახისკენ ვიკვალავ და ცერა თითებს ღაწვებზე ვასრიალებ. - ალბათ ვეღარასდროს გავჩერდებოდით, მარიამ. გიორგი ბაგეებზე მეხება და თან თავბრუსხვევა მოაქვს. თან მოაქვს ჩემი სურვილები, რომლებსაც ვაიგნორებდი. თავისი ნდომა და შეხების წყურვილები. მის კოცნას ვყვები და სხეულით ვგრძნობ, როგორ ვუყვარვარ. მის კოცნას ვყვები და ვიცი, რომ ამის იქით ვეღარასდროს ვეღარაფერი მატკენს. მისი მხურვალე კანის ქვეშ სისხლის მოძრაობის ხმაც კი ჩამესმის. ვგრძნობ, როგორ გაგიჟებით ფეთქავენ მის ყელზე არტერიები. აღარ მეშინია, რომ სადაცაა გამომეღვიძება და ჩემს ბაგეებზე მისი კოცნის კვალიც კი აღარ დარჩება, რადგან ეს ის სიზმარი აღარაა წლების განმავლობაში გამუდმებით რომ მსტუმრობდა. ეს ის რეალობაა, სადაც ჩემს სხეულზე მთელი სიცხადით შევიგრძნობ მისი მხურვალე ხელების მოძრაობას. მის სუნთქვას ჩემს ყელსა და ტუჩებზე. - ამის გამეორება მინდოდა, - ამბობს ჩემს ყურთან გიორგი და იქვე მაკრობს სველ ტუჩებს. - და მენდომება დარჩენილი ცხოვრება. - თავის თითებს ჩემსაში ხლართავს და ისვე ბაგეებზე მეწებება. უცბად კარზე აკაკუნებენ და ვარდნის შეგრძნებით ვფხიზლდები. გიორგი წელზე მხვევს ხელებს. არ მიშვებს. არ მაშორებს გავარვარებულ სხეულს. მხარზე მკოცნის, ყელზე, ლოყებზე. - გიორგი... - ვეჩურჩულები და კარისკენ ვიხედები. მხრებზე ვაბჯენ ხელებს. - რა უნდათ. - თავს რგავს ჩემს კისერში და ოხრავს. - უკაცრავად... დილა მშვიდობისა, საუზმეა! - გვეძახის კარს მიღმა მდგარი გოგოს ხმა. - გშია? - თავს იღებს და ზემოდან დამყურებს. - ადექი. - ისევ ვაწვები მხრებზე. გვერდით იწევა, მაგრამ საწოლში აღარ ჩერდება. - ერთი წუთით, ახლავე. - ვეძახი მოსულს და გულამოვარდნილი ვდგები. გიორგი შარვალს და მაისურს იცვამს და სანამ მე თმას ვიკრავ, კართან ის მიდის. - გამარჯობა. საუზმე ინებეთ. - კალათს აწვდის გიორგის ის. - მადლობა. - ეუბნება ბიჭი და ართმევს. - გემრიელად მიირთვით. - ბოდიში, - აჩერებს გიორგი გაბრუნებულს. - გათბობის გამოყენებას ვერ შევძლებთ? ღამით ცივა და თან დღეს ცუდი ამინდიც დაემატა. - კი, კი გუშინ დილით მოაწესრიგეს. აგიხსნით, შეიძლება? - გოგო შემოსვლისთვის ითხოვს ნებართვას. კარვის მეორე ბოლოში მიდის და გიორგის გათბობის მოწყობილობას უჩვენებს. მალევე გვემშვიდობება. ბიჭი კარს ხურავს, ბრუნდება და თვალს ადევნებს, როგორ ვასწორებ საწოლს. - რა? - ვეკითხები. - მე მაგალითად არ მშია. - მხრებს იჩეჩავს. მეცინება. - გშია. და სხვათა შორის, აქ მხოლოდ საუზმე აქვთ. მარკეტი კი აქედან ორ კილომეტრშია. - შენ დიეტაზე არ ხარ? - მახსენებს, მერე კალათთან მიდის და შიგნით იხედება. - ბოლო დროს საკმარისზე მეტი დავიკელი. გიორგი ერთხანს მიყურებს და მერე იაზრებს ჩემს ნათქვამს. მიახლოვდება, ხელებს მიჭერს და გულში მიკრავს. მკლავებს ვხვევ წელზე და თავს მხარზე ვადებ. - აქ წარსული არ მინდა. მხოლოდ შენ მჭირდები და შენი ფიქრები. - ვეუბნები და ხელებს უფრო მჭიდროს ვხვევ. - აქ ვარ. - მეუბნება, ჩემს სახეს იჭერს და მკოცნის. *** საუზმეც საუბარში გაგვყავს. გიორგი ისევ ჩემი თმის შეჭრის ფაქტს უბრუნდება და გაუთავებლად, ისე მსაყვედურობს, თითქოს ეს ორი დღის უკან მომხდარიყოს. ლაპარაკობს და ხანდახან ჭამაც მავიწყდება, იმდენად მიფანტავენ გონებას მისი იმდროინდელი ფიქრები. საუბრობს და კიდევ ერთხელ ვრწმუნდები, რომ გასული ათი წელი არც მისთვის ყოფილა მარტივი. ორივე ბედნიერები ვჩანდით. მე ჩემი საქმე და მეგობრები მაბედნიერებდნენ, მას კი ამ ყველაფერს დამატებული სოფი. ეს ბედნიერება იყო წიგნის ყდა, იმ წიგნის, რომელსაც თაროზე ვერასდროს ვერავინ იპოვიდა. და რომ არა ჩემი ფურცლები, აუცილებლად მტვერი შეჭამდა. ახლა ამ წიგნს ორივე ნელ-ნელა, მორიგეობით ვკითხულობთ. ნელ-ნელა ცოცხლდება და მკითხველს სიმართლეს უმხელს. მკითხველს, რომლისთვისაც მისი ფურცლები დაუვიწყარი გახდება. შუადღისას აღარ წვიმს. რამდენიმე წუთია, ახალგადაყრილი ღრუბლებიდან მზე მცხუნვარედ ანათებს. ხის ჩაწნულ სკამებზე ცელოფანს ვფენთ, ყავას ვაკეთებ და გარეთ გავდივართ. წვიმისგან გაცოცხლებული ბუნების სურნელი ჩვენს ამბავს ჰგავს. თითქოს ყველასთვის ნაცნობია, მაგრამ მაინც ახალი და თავბრუდამხვევი. რამდენიმე წუთით ჩუმად ვართ. დარწმუნებული ვარ, ხედს, რომელიც ჩვენს წინ იშლება ჩვენი უყურადღებობა სწყინს. ვიცი, რომ ისიც თავის ფიქრებში იკარგება. ალბათ უფრო ახალ, ვიდრე ძველ ფიქრებში. და როცა მათთან არაა, მე მიყურებს და მიღიმის. მერე ნანიკო მახსენდება. ჩემი ყველაზე ძვირფასი და გადარეული სულის ნაწილი. ყოველ წუთს მახსენებდა, რომ რაჭის ტური საიდუმლო უნდა ყოფილიყო და რისთვის? რომ მერე თვითონ გაემხილა. მაგრამ ალბათ საიდუმლოს გამჟღავნება სიტუაციამ გადააწყვეტინა. მეცინება, როცა წარმოვიდგენ, ჩემგან ჩუმად საქმეს როგორ ხლართავს. - გიორგი, ფურცლები რატომ წაიკითხე? - ვეკითხები ჩაჩუმებულს. ვერ ხვდება, რას ვგულისხმობ და შუბლს ჰკრავს. - ნანიკო იყო აღშფოთებული. იცოდა, რომ ჩემი ჩანაწერები იყო და წაკითხვა როგორ გაბედაო. - ა, - ეცინება. - პირადი ჩანაწერებიო, ასე თქვა მაშინ ქობულეთში. კარგი, რა. ნანიკო და დღიური? იმას უფრო დავიჯერებ, რომ დავითი მუშაობას დაიწყებს. საერთოდ არ ჰგავდა მას. მივხვდი, რომ რაღაც ისე არ იყო. შენთან რომ დავინახე დავრწმუნდი კიდეც. ნანიკო დღიურს წერს, თან თაბახის ფურცლებზე, თან თან დააქვს და თან შენთან ტოვებს. სისულელე! - იფიქრე, ჩემი იყო? - ვერ მივხვდი უბრალოდ. თუ მართლა ჩანაწერები იყო, შენი არ უნდა ყოფილიყო, იმიტომ, რომ წესით შენზე ყველაფერი უნდა მცოდნოდა. და თუ ჩანაწერები არ იყო, მაშინ რა იყო და რატომ უნდა დაგემალა, გამიკვირდა. ცოტა გავბრაზდი და იმიტომ ავიღე. - გიორგი ფინჯანს მაგიდაზე დებს და ჩემკენ ბრუნდება. - შენც წაიკითხავდი. - არ გსაყვედურობ. რთული იყო შენი იქ დანახვა, მაგრამ არ გსაყვედურობ. - ძალიან მინდოდა იმ დღეს შენთან დარჩენა. - არა, არ გამოვიდოდა. - მაშინდელი შეგრძნებების გახსენება ჟრუანტელს მგვრის. - ასე მეგონა, მაშინ ყველაფერი დავკარგე. ასე მეგონა, მხოლოდ შენ კი არა, სამყარომ იცოდა, რა ეწერა იქ. იმდენ ხანს გემალებოდი და შენ უცბად, ერთ დღეში, რამდენიმე საათში დამინახე. შენთვის სხვა ვიყავი, სხვანაირად მხედავდი და ამას უნდა შევგუებოდი. - მესმის. - თავს მიქნევს გიორგი. - ამხელა დრო როგორ მომეცი... - როგორ არ უნდა მომეცა? ათი წლის მერე, როგორ არა? მეც უნდა მეფიქრა იმაზე, რას ვაკეთებდი ადრე და რა აღარ უნდა გამეკეთებინა. - იცი, შენ რომ დაგეწერა... შენც რომ გქონოდა ფურცელზე შენი ფიქრები გადმოტანილი, ალბათ ბოლომდე წაკითხვას ვერასდროს შევძლებდი. - რატო? - შუბლს ჰკრავს გიორგი. - ვიცი, რომ ახლა გულახდილი ხარ და აღარაფერს მიმალავ. მაგრამ, როცა მარტო ხარ და შენი მსმენელი უსულო ფურცელია, საკუთარი გრძნობების აღწერა ბევრად მძიმედ გამოდის. წარმომიდგენია, რა იქნებოდა შენი ჩანაწერები. და კიდევ ვერ ვხვდები, როგორ შეძელი ჩემი ფურცლების ბოლომდე წაკითხვა. - გაოგნებული ვიყავი. გაბრაზებულიც, ბედნიერიც, დაბნეულიც. ამიტომ თავს ვერაფრით დავანებებდი. - თავს უცნაურად არ გრძნობ? - მეღიმება და თან ლოყები მეწვება. - როცა მიყურებ და მხოლოდ მეგობრად ვეღარ აღმიქვამ. - ისევე უცნაურად, როგორც ჩვენი ქართულის ცეკვა მომეჩვენა. - ღიმილით მპასუხობს გიორგი. - უცნაურია, მაგრამ მძაფრად სასურველი. - მძაფრად სასურველი. - ვიმეორებ მის სიტყვებს და მათი მნიშვნელობის შეგრძნება, მთელ ჩემს სხეულს იპყრობს. - შენსავით. - ისე ამბობს, თითქოს საიდუმლოს მიმხელდეს. ქვედა ტუჩს კბილებით შიგნიდან ვიჭერ, რომ არ გამეღიმოს, მაგრამ არ გამომდის. და სანამ უსიტყვოდ დარჩენილი ჩემს ფრჩხილებს ვუყურებ, გიორგი დგება, ჩემს გვერდით იმუხლებს და ხელებით სკამის სახელურს ეყრდნობა. ქვემოდან მომზირალი, ხშირ წამწამებში ჩამალული მუქი სარდიონები თვალებში მაცქერდებიან და უსიტყვოდ მესაუბრებიან. - ლექსი გახსოვს? თუმცა რას გეკითხები... - ბავშვური რითმები იყო, გიორგი... - თავს ვაქნევ. ვიცი, რატოც მეკითხება. - წამიკითხე, გთხოვ. - გიორგი... - მარიამ... - მიყურებს მოლოდინით და ვხვდები, რომ კამათს აზრი არ აქვს. ტუჩებს ვილოკავ და ფილტვებში ჰაერს ვიზოგავ. - „ჩვენ რომ ვცხოვრობდეთ დაბურულ ტყეში, პატარა ქოხი რომ გვქონდეს სახლად, ავაყვავებდით ენძელებს თმებში, ძველ მელოდიებს ვაქცევდით ახლად. ვაქცევდით ახლად გაცვეთილ სიზმრებს, ფრთებს შევასხამდით დაცემულ წამებს. ჩვენ რომ შეგვეძლოს, ვიტყოდით სიტყვებს, რეალურ სიტყვებს და არა ზღაპრებს.“ მის თმაში ვაცურებ თითებს და უკან ვუვარცხნი. - რა იდიოტი ვიყავი. ფაქტობრივად ყველაფერი თქვი. - შუბლს ჰკრავს. - იმიტომ არ დავწერე, რომ შენ გაგეგო, გიორგი. მართლა. დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს არ მოხდებოდა და არც მინდოდა. შენ უკვე სოფი გყავდა. - ეგ ის დღე იყო, თმა რომ შეიჭერი. - ისე ამბობს, თითქოს არც კი გაუგია, რა ვუთხარი. - უბრალოდ დაემთხვა. - ფურცლები წაკითხული მაქვს. იქიდან არაფერი დამვიწყებია, მარიამ. - გიორგი, - თითებს მისი თმიდან ლოყაზე ვასრიალებ. - მითხარი, რომ გიყვარვარ და მას შემდეგ წარსული აღარ მტკივა. სხვას უბრალოდ აღარაფერს აქვს მნიშვნელობა. რაც იყო, იმაზე გაბრაზებას რა აზრი აქვს? - კარგი. - თავს მიქნევს და მის ლოყაზე მოთავსებულ ჩემს თითებს ზემოდან თავისას აწყობს, შემდეგ ჩემკენ იწევა და ტუჩებზე ფრთხილად მეხება. ეს კოცნა არ ჰგავს დილანდელს. ეს უფრო ბოდიშს ჰგავს და გულზე საშინელ მარწუხებს ვგრძნობ. - დაცემულ წამებს თავს ნელ-ნელა დავაღწევთ. ხომ ასეა? - მეკითხება და ლოყაზე მეფერება. ვუღიმი და თანხმობის ნიშნად თავს ვუქნევ. - მოდი, მე მარკეტში წავალ, რომ ხვალ არსად გასვლა აღარ მოგვიწიოს. კარგი? - მეც წამოვალ. - არ გინდა. ტალახი იქნება ბილიკზე. თან ისევ იღრუბლება. გზაზე ტაქსები დგანან, მალე მოვალ. რა წამოვიღო? - რაც შენ გინდა. მე დიეტაზე ვარ. - ნიშნისმოგებით ვახსენებ დილანდელს. გიორგის ეცინება. - არ გიხდება დაკლებული კილოგრამები. იუბილე რომ ჩაივლის, ისევ მოიმატე. - რატო, ლოყები აღარ მეჩქმიტება? - თავს ვერ ვიკავებ და გულიანად მეცინება. - შევამოწმოთ. - მეუბნება და თითებს ლოყებზე მიჭერს. - წადი, თორემ წვიმა მოგისწრებს. - უკან ვწევ თავს და მოჩქმეტილზე ხელებს ვისვამ. კარავში შევდივართ. გიორგი საწვიმარს და საფულეს იღებს და მიდის. მარტო დარჩენილი საკუთარ თავს შვებით ამოოხვრის უფლებას ვაძლევ და საწოლზე ზურგით ვეცემი. ჩემს თავში უამრავი ფიქრია, ჩემ თვალწინ კი უამრავი კადრი დაქრის, მაგრამ რამდენიმე წამით, სანამ ცრემლები კალაპოტს გადმოსცდებიან, ყველა მათგანი ბუნდოვანი ხდება. აფორიაქებული, მაგრამ ბედნიერი ვარ. ცრემლებს არ ვიწმენდ, რადგან მათი არსებობა არ მაწუხებს. რომ მკითხონ, ახლა რა მჭირდება, ალბათ ვერაფერს ვუპასუხებ, რადგან ყველაფერი მაქვს. ყურებში გამუდმებით მიმეორებს გიორგის ხმა, რომ ვუყვარვარ. ტუჩებზე დილიდან მოყოლებული სიმხურვალე არ მშორდება. არ მშორდებიან გიორგის თბილი თვალები. მზერა, რომელიც ოდნავადაც აღარ ჰგავს მეგობრისას. ნეტავ მე როგორი ვარ, როცა ვუყურებ? ალბათ ოდნავადაც აღარ ვმალავ იმას, რასაც ათი წელი ყველაზე უკან, გულის ჯურღმულებში ვამწყვდევდი. არის ნალექები, ჩემთანაც და გიორგისთანაც. იქნებ მასთან უფრო, მაგრამ მასაც გავაქრობთ. ჩვენში აღარაფერი დარჩება მძაფრად სასურველი გრძნობების გარდა. დამპირდა ხვალ მოგწერო, მაგრამ ვიცი, რატომაც არ მეხმიანება. არადა, დარწმუნებული ვარ, ყველა წვრილმანი აინტერესებს, რაც აქ ხდება. მობილურს ვიღებ და ნანიკოს ვურეკავ. - მარი? - მპასუხობს. - რა ხდება, რატომ მირეკავ? ჰო ყველაფერი რიგზეა? - ჰო, რა გჭირს, დამშვიდდი. მოსაკითხად დაგირეკე. - რა დროს ჩემი მოკითხვაა, მარი, გათიშე და მიხედე საქმეს. - რა საქმეს, ჰო არ გადარეულხარ? - მეცინება. - მარტო ვარ და დროის გასაყვანად დაგირეკე. - მარტო? - ხმას უწევს. - რა მარტო. სადაა ის იდიოტი? - მარკეტშია წასული და ნანი, წესიერად რომ დამელაპარაკო, ჰო შეგიძლია? - აა... ჰო, კარგი. მიდი მომიყევი ყველაფერი, ეგ დიდხანს არ მოვა. - ეცინება. - კარგად ხართ? - ძალიან, ნანი. - სახე მებადრება და კარვის აბსტრაქტულ ჭერს ვუღიმი. - აუ, ნეტა მოგასმენინა, როგორი ხმა გაქვს... გითხრა მიყვარხარო? - ჰო. - ღმერთო... - ოხრავს გოგო. - და რა ჯანდაბას ვაკეთებდი აქამდეო? *** გოგოსთან დიდხანს ვლაპარაკობ. სხვაა, როცა მეგობართან ხარ გულახდილი და სხვა ადამიანთან, რომელიც გიყვარს. სოფის ამის ესმოდა და ამიტომაც არასდროს უეჭვიანია ჩემსა და გიორგის საღამოს საუბრებზე. ნანიკოსთან ლაპარაკი იმაზე, თუ როგორ იყო გიორგი და როგორ ვიყავი მე, საბოლოოდ მარწმუნებს იმაში, რომ ეს ყველაფერი მართლა მოხდა. ვისაუბრეთ, აღვადგინეთ საკუთარი თავები და ახლა მხოლოდ დროა საჭირო, რომ ერთმანეთს სხვანაირად მივეჩვიოთ. გარეთ ისევ იღრუბლება. ნაცრისფერი ცა მწვანედ ჩამუქებულ მთებს ნისლად ედება. მკრთალად წვიმს. კარავში ისე დათბა, რომ ოდნავადაც აღარ იგრძნობა გარეთ მოსეირნე, ადრეული შემოდგომის სუსხი. გიორგის ვურეკავ. მეუბნება, რომ საშინელი ტალახი იყო და ტაქსამდე მისვლას დრო დასჭირდა. ახლა მაღაზიაშია და დაახლოებით ერთ საათში აქ იქნება. მოვტყუვდი, როცა ნანიკოს ერთჯერადი სუპების წამოღება ავუკრძალე. ამ რამდენიმე საათს არ დავკარგავდით. სააბაზანოში შევდივარ და ცხელი შხაპის ქვეშ მდგარს, ხანდახან მავიწყდება რას ვაკეთებ. ფიქრები დროდადრო მიტაცებენ. მე და გიორგი მარტონი აქამდეც ბევრჯერ დავრჩენილვართ. თუნდაც მაშინ, როცა ოპერაციის შემდეგ მასთან ვათენებდი, მაგრამ მაშინ მეგობრები ვიყავით. დროს უაზრობებზე საუბრით ან ფილმების ყურებით ვკლავდით. მაშინ სხეულის ყველა უჯრედს ჰქონდა გამჯდარი, რომ მისი სიახლოვისგან რეაქცია არ უნდა ჰქონოდა. ყველა შინაგანი გრძნობდა იმდენად იყო დაბლოკილი, რომ გამორიცხული იყო, რამეს მიმხვდარიყო. ახლა? ახლა იმისი ცოდნაც კი, რომ ჩვენ შორის დამალული აღარაფერია უკვე ჟრუანტელს მგვრის. მის მოსვლას ყველა ჩემი ფიქრი, აზრი, სხეულის ყველა ნაწილი და ყველა ჩასუნთქვა ელოდება. უკვე საღამურებით ფანჯარასთან მჯდომი ისევ ვურეკავ. გარეთ წვიმს და წარმომიდგენია ახლა როგორ მდგომარეობაშია. არ მპასუხობს. და სანამ კიდევ ერთხელ დავრეკავდე, კიბეზე ნაბიჯების ხმა მესმის და კარის დაბურული მინიდან ჩრდილს ვხედავ. მისკენ მივდივარ. გიორგი ერთიანად ტალახშია ამოსვრილი და სიცილს ვერ ვიკავებ. - რა გჭირს? ასე ბილიკის ტალახმა მოგსვარა? - გაკვირვებული ვუყურებ. - ვიღაცის მანქანა იყო ტალახში ჩავარდნილი და... გამომართვი. - პარკებს მაწვდის, საწვიმარს და ფეხსაცმელს იხდის და ცერებზე აწეული ფრთხილად შემოდის ოთახში. - ჰო კარგად ხარ? - რა გაცინებს? - მიყურებს დაბღვერილი. ჩანთიდან თავის ნივთებს იღებს და სააბაზანოს კართან ჩერდება. - გავიყინე. - ცხელი წყალი გაგათბობს. და... რომ გამოხვალ, მეც. - ვეუბნები და ვგრძნობ, როგორ მეწვება ლოყები. გიორგის ღიმილისგან სახე ნელა ეხსნება, რამდენიმე წამით უხმოდ მავლებს თვალს და შემდეგ ჩემკენ ნაბიჯს დგამს. - ტალახიანი ხარ. - ტანსაცმელზე ვანიშნებ და ვაჩერებ. ბიჭი ოხრავს და სწრაფად შედის სააბაზანოში. მეცინება. ვბრუნდები და მისი მოტანილი პროდუქტებიდან იოგურტს ვიღებ, ფანჯარასთან სავარძელში ვჯდები და თვალს ვადევნებ, პროჟექტორით განათებულ მწვანე ეზოს როგორ აწვიმს. ჩემი ლექსიდან, პატარა ქოხი და დაბურული ტყე მახსენდება და ირგვლივ რაღაცნაირ მაგიას ვგრძნობ. ხვალ დილით „სოკოები“ ალბათ ნისლში იქნებიან გახვეულები. იოგურტი ჩემს მადას აფორიაქებს. პარკებს უფრო დაკვირვებით ვათვალიერებ და შიგნით ბურგერებს ვხედავ. ვიღებ, მაგრამ ისევ უკან ვაბრუნებ. ჯობია ერთად ვივახშმოთ. ქურაზე ჩაიდანს ვდგამ და მოსული შეტყობინების სანახავად მობილურს ვიღებ. მაიკო მწერს, რომ შეიძლება მატერია დაგვაკლდეს და გადავურეკო. მაშინღა ვიწყებ იმაზე ფიქრს, თუ როგორ გავუმხელთ მე და გიორგი ჩვენს ახლობლებს იმას, რასაც აქამდე ერთმანეთს ვუმალავდით. როგორ მიიღებენ იმას, რომ ათი წლის მეგობრები ახლა ერთმანეთზე არიან შეყვარებულები? რომ ეს ახალი არაა და, რომ მთელი ეს წლები ასე იყო? ვღელავ ამის გამო, მაგრამ არ მეშინია. არ ვიცი, რატომ. იქნებ უკვე ძალიან გვიანია ამაზე ნერვიულობა, იქნებ ისედაც ყველა გრძნობს შინაგანად, რომ ეს სულაც არაა შეუძლებელი. დედას ვურეკავ და ვუხსნი, რომ ახლა თბილისში არ ვარ, რომ მე და ნანიკო რაჭაში წავედით სამი დღით და ზეგ საღამოს ვინახულებ. ვინახულებ და ყველაფერს მოვუყვები. ახალი ამბის გაგების შემდეგ, მისი სახის წარმოდგენას ვცდილობ, მაგრამ არ გამომდის. არ ვიცი, როცა გაიგებს, რომ მე და გიორგის ერთმანეთი დიდი ხანია გვიყვარს, ჩემს ემოციურ გოგოს რა დაემართება. ან მამას... ღმერთო... - მარიამ... - მესმის ზურგიდან გიორგის ხმა და საწოლზე მჯდომი მისკენ ვბრუნდები. - ჰო. - ვეკითხები და თვალს ვავლებ. სპორტული შარვლით დგას და მაისური ხელში უკავია. ალბათ ჩაცმას აპირებდა და რაღაცამ შეაჩერა. - წყალი დუღდა. რამე მოხდა? - არაფერი. დედამ მომწერა და იმაზე დავფიქრდი... რომ... ხომ ხვდები. - საფიქრალის და კიდევ იმის გამო, რომ ჩემ წინ ჩამომჯდარი საშინლად მაღელვებს, აზრები მეფანტება. - არ იცი ჩვენზე როგორ ეტყვი? - ხელზე მეხება და მკრთალად ეღიმება. თავს ვუქნევ და მის მიმზიდველ სხეულს, რომელსაც ურეაქციოდ უკვე ვეღარ ვტოვებ, ჩუმად ვავლებ თვალს. - თუ გენდომება, შენ გვერდით ვიქნები. ასე გირჩევნია? - არა, არა... მარტო მირჩევნია. ჯერ არ მინდა ამაზე ფიქრი. დღეს და ხვალ არა. - ხელს ფრთხილად ვიღებ, საწოლიდან ვდგები და პარკებისკენ სუნთქვაარეული მივდივარ. პროდუქტებს დავყურებ, მაგრამ არ ვიცი, რა უნდა გავაკეთო. მერე ფინჯნების ვიღებ, მაგრამ ჩაიდნისკენ შებრუნებას ვერ ვახერხებ. ზურგს უკან გიორგის სიახლოვეს ვგრძნობ. ასე მგონია, სივრცე პატარავდება და ჰაერიც მასთან ერთად ქრება. - მარიამ... - მესმის ხმა და მის ტემბრზე ვხვდები, რომ ჩვენი ვახშამი არ გამოვა. - იმ კოცნის შემდეგ შენთვის შეხება ძალიან მიჭირდა. - ამბობს და ვხედავ, როგორ ფარავს მისი მტევანი მაგიდაზე დაყრდნობილ ჩემს ხელს. - რომ გხედავდი, ინსტინქტურად ერთი ნაბიჯით უკან ვიხევდი. - გიორგი ზურგზე მეკრობა და მეორე ხელს მუცელზე მხვევს. სუნთქვა მეკვრის, თვალებს ვხუჭავ და მისი მკერდის მოძრაობას ჩემსას ვაყოლებ. - ჩემი სურვილები ბოლოს მიღებდნენ. ვეღარ ვუძლებდი. - ამბობს ყურთან და ვგრძნობ, როგორ მეხებიან მისი სიტყვები. ბაგეებიდან გადმოღვრილ ცხელ ჰაერთან ერთად კანზე იშლებიან და ჟრუანტელად იქცევიან. - და თურმე შენც... - ტუჩებს მაკრობს კისერზე. - თურმე შენც არ გინდოდა მოახლოება. - ორივე ხელი ჩემი მაისურის ქვეშ ცურდება და მჭიდროდ მეხვევა. ჰაერს ხარბად ვისუნთქავ და მუცელი მეკუმშება. ფეხებში სისუსტეს ვგრძნობ და მის მკლავებს ვეყრდნობი. - მინდოდა... ყველაზე მეტად, გიორგი. - ჩემს ხმას ვერ ვცნობ. - როგორ შევძელი იმის ატანა, რომ ჩემს შემდეგ ამ ტუჩებს სხვებიც შეეხნენ. - ამბობს და თითებით ჩემს ბაგეებს ფრთხილად ეხება, შემდეგ ყელზე აცურებს, წელზე მაკრობს და თავისკენ მაბრუნებს. - მარიამ, - მეუბნება ამღვრეული ხმა, შუბლით ჩემს შუბლს ეხება და სახეს მიჭერს. - შენ როგორ უძლებდი ამას... - აღარ მინდა. - თავს ვაქნევ და მის ტუჩებს ვეხები. ეს ის კოცნა ხდება, რომელმაც ჩვენში გაჩენილ პატარა კოცონებს სული უნდა შეუბეროს, რომელმაც წარსულის ტკივილები უნდა განკურნოს. ძალა მოგვცეს, რომ ერთმანეთის სურვილებს გავუძლოთ. მაგრამ ეს ძალა ჯერ არ ჩანს, რადგან სხეული ვერ გრძნობს. ვერ გრძნობს ვერაფერს გიორგის მგზნებარე კოცნის გარდა, მისი მხურვალე ხელების გარდა, რომლებიც უფლებას არ მაძლევენ მის ტანს ოდნავ მაინც მოვშორდე. უფლებას არ მაძლევენ ამოვისუნთქო, რომ თავბრუსხვევამ გონება არ დამაკარგვინოს. - ფანჯარა... - ვჩერდები როგორღაც და თითებით მისი ტუჩების დაკავებას ვცდილობ. - რა... - შუბლს ჰკრავს გიორგი. - ძალიან დიდია. - და... - გიორგი... - არ მაქვს ლაპარაკის ძალა, არც სიტყვები მაქვს და ნერვები მეშლება, რომ ვერაფერს ხვდება. ის კი ისევ მკოცნის და ჩემს გაჩუმებას ცდილობს. მერე ოდნავ წინ იხრება და იმ წამს კარავს მხოლოდ ეზოდან შემოსული პროჟექტორის სუსტი შუქი ანათებს. რატომ აქვს სიბნელეს ის ძალა, რომ ყველაფერს გაკეთებინებს, ნაბიჯებს გადგმევინებს და არაფერზე გაფიქრებს. მხოლოდ გრძნობ, რასაც აკეთებ. გრძნობ და არაფერი დანარჩენი. გიორგი უკან იხევს. მის ნაბიჯებს მივყვები, მის ხელებს და შეხებას ვენდობი. სხეულზე მიკრავს და ფაფუკ მატერიებში მასთან ერთად ვეფლობი. ვეხები მის კანს, მის თმას, მისი შარვლის სალტეს, რომელიც მაშინვე სადღაც ქრება. ვგრძნობ მის თითებს ჩემს თმაში, ჩემს მკერდსა და მაისურის კიდეზე და ისიც ქრება. მის გავარვარებულ ტუჩებს და სხეულს საკუთარ თავს ვჩუქნი. ვჩუქნი ჩემს სიშიშვლეს, რომელიც შესაძლოა ფურცლებზე მეტსაც კი ნიშნავს. ის კი უსიტყვოდ იღებს. იღებს და უვლის, ეფერება. მძიმეა მისი სუნთქვა, რომელსაც მუცელზე ვგრძნობ და შორია ის სამყარო, რომელშიც ჩვენ ვართ. მწვავენ მისი ხელები, რომლებიც უმისამართოდ დაცურავენ ჩემზე. მწვავს მისი სუნთქვა, რომელიც ტანსაცმლის ნაცვლად ფარავს ჩემს კანს. იწვიან ჩემი ტუჩები. იწვის ჩემი სხეული და გონება, მაგრამ ეს ცეცხლი არ მტკენს. ჩვენ გარშემო გიზგიზებს და ახლა ალბათ გარეთ წვიმაც კი ცხელია. 3 სექტემბერი, 2019 წელი *** მზიანი და გამაყრუებელი დილაა... არაფერი მესმის. მხოლოდ გიორგის მშვიდი სუნთქვა ჩემს კისერთან. დიდი ხანია მღვიძავს და საკუთარ თავს განძრევის უფლებას არ ვაძლევ, რომ მას არ გაეღვიძოს და ეს მშფოთვარე წუთები, რომლებიც ჩვენი დედამიწიდან გადაკარგვის ამბავზე ფიქრის საშუალებას მაძლევენ, დაამშვიდოს. უკვე ძალიან მხურვალეა მისი მკერდი, ზურგზე რომ მომკრობია, მაგრამ მისგან თავის დაღწევას ერთი წამითაც არ ვფიქრობ. ჩემი ფიქრები მხოლოდ გუშინდელ ღამეს დასტრიალებენ თავს და ვერაფრით ეშვებიან. „იმ კოცნის შემდეგ შენთვის შეხება ძალიან მიჭირდა.“ გონებაში გიორგის სიტყვები იწყებენ ხმაურს და გული მეკუმშება. მუცელზე მოხვეულ მის თითებს ფრთხილად ვეხები. არ მინდა, მაგრამ ალბათ ეს კიდევ ძალიან დიდხანს გაგრძელდება. გასული წლები ჩვენი შიშებითა და უკან დახეული ნაბიჯებით უამრავ მოგონებას მტკივნეულად გაგვახსენებენ. უამრავს, რადგან ათი წელი უზომოდ ბევრია. ბევრი იყო და დაგროვდნენ კიდეც კარგთან ერთად უსიამოვნო მოგონებებიც. მაგრამ საშიში აღარაფერია. სანამ გიორგი ასე ახლოსაა, სანამ მე მასთან ასე ახლოს ვარ, ჩვენთვის საშიში უკვე აღარაფერია. ბიჭი იშმუშნება. მეორე ხელსაც მხვევს, თავისკენ მაბრუნებს და გულზე მიხუტებს. - მარიამ... - ჩურჩულებს ჯერ ისევ თვალებდახუჭული და თმაზე მეფერება. ეს ხმა... სანამ ჯერ ისევ ბოხი და თბილია, ზემოთ ვცოცდები და ყელზე ვკოცნი. მკერდით ვგრძნობ, როგორ ეკვრება სუნთქვა და ჩემს თმაში შესრიალებულ თითებს ოდნავ ხრის. - დილა მშვიდობისა. - ვბუტბუტებ მის კისერში თავჩარგული და ხარბად ვისუნთქავ თმის სურნელს. გიორგი სახეზე მეხება და ცერა თითით ტუჩებს ეფერება. ჩემს თვალებს აკვირდება. თმას ყურზე მიწევს. - სხვანაირი ხარ. - ამბობს და გაშლილ ხელისგულს წელზე მაკრობს. ეკალი მაყრის. - შენც. ვითომ შევიცვალეთ? - არა. უბრალოდ ახლა ის ვართ, ვინც სინამდვილეში უნდა ვყოფილიყავით. - იღიმის ის, ჩემკენ იწევა და ტუჩებზე კოცნით ზურგზე მაწვენს. - ახლა როგორი ვარ? - ვეკითხები გულაჩქარებული. - ისევ ისეთი, მაგრამ მძაფრად სასურველი. - ბუტბუტებს ჩემს ყელთან. მეღიმება. გუშინაც ეს მითხრა და ალბათ კიდევ ბევრჯერ მეტყვის. - აქამდე მგონი არაფერი ვყოფილვარ. სანამ არ გითხარი, რომ მიყვარხარ, მანამდე მგონი არც ვარსებულვარ, მარიამ. - ღაწვებზე მკოცნის. - ასეთი რადიკალური ნუ ხარ... - მის სახეს ვიჭერ და ამღვრეულ თვალებს ვუყურებ. - არ დაგავიწყდეს, რომ იმ გაუგებრობაში ერთად ვიყავით. და არა უშავს გიორგი, იმიტომ, რომ ახლა აქ ხარ. - ასე ადვილად ნუ მპატიობ... - საერთოდ არ ვთვლი, რომ რამე მაქვს საპატიებელი. გეყოფა, მორჩი და მაცადე დავტკბე ისეთით, როგორიც ხარ. - და როგორი ვარ? - მძაფრად სასურველი. - მის თმაში ვხლართავ თითებს და ტუჩებს ვილოკავ. ის-ისაა მისი მოწებებული ბაგეების სიმხურვალე გონებიდან მთიშავს, რომ კარზე აკაკუნებენ. - ღმერთო... - ოხრავს გიორგი და წელზე თითებს მაჭერს, რომ არ გავინძრე. - ათი საათია. საუზმეა. - მეცინება. არც მე მინდა მისი გაშვება, მაგრამ უხერხულია. - ახლავე. - ვეძახი კარს მიღმა მდგომს და ბიჭისგან ვცურდები. - იცის, რომ ერთი კვირის მარაგი გვაქვს? - სერვისია. წესით უნდა გშიოდეს. - ტანზე პლედს ვიხვევ და იატაკიდან ჩემს შორტსა და მაისურს ვიღებ. ბალიშსმიყრდნობილი გიორგი თვალს არ მაშორებს. ალბათ ელოდება, პლედს როდის მოვიხსნი. ზურგს ვაქცევ და სააბაზანოსკენ მივდივარ. გიორგის სიცილი უტყდება. უცბად ვიცვლი და კალათით საუზმეს ვიბარებ. - ადექი. - ვეუბნები და ხელით ვანიშნებ. კალათიდან საუზმეს ვაწყობ და სავარძელში ვჯდები. გიორგი ზანტად დგება, იცვამს და მიახლოვდება. ჩემს ნიკაპს იჭერს და ზემოთ მახედებს. მის ბრიალა კაკაოსფერ თვალებს ვუღიმი. - ძალიან მიყვარხარ. - მეუბნება ის. ჟრუანტელისგან ვთრთი და ვიცი, რომ ამ სიტყვებზე ჩემი რეაქცია არასდროს განელდება. იხრება და ტუჩებზე მკოცნის. - მეც ძალიან მიყვარხარ. - ვპასუხობ და ბაგეებზე ვეფერები. *** მიუხედავად იმისა, რომ კარვებს არ ვშორდებით, რაჭაში გატარებული უკანასკნელი საათები ერთმანეთისგან განსხვავებულია. დილით ვსეირნობთ, ხედით და ერთმანეთით ვტკბებით. მცხუნვარე მზის სხივებს ძალიან ვახდენ ჩვენი სულის ახლანდელ მდგომარეობას. სველი ფოთლებიდან არეკლილი პატარა მზეები თვალს გვჭრიან, მაგრამ იმდენად ლამაზი და თბილია, რომ არ გვაწუხებენ. შუადღით ყავასთან ერთად აივანზე ვსხდებით. ჩვენი დიალოგი არ სრულდება. ჩვენი ახალი ფიქრები გონებაში აღარ ჩერდებიან. მოგვიანებით მზის გაუჩინარებას ვესწრებით და ცივ საღამოს თბილ კარავს ვაფარებთ თავებს. ღამით ყველაფერი იცვლება. ჩვენი ქცევებიც, სურვილებიც და საუბრებიც. ახლა ჩვენი ხელის ჩაკიდებაც კი სხვანაირია, ჩვენი ღიმილიც და მზერაც. სხეულის ენაც არ ხდება რთული გასაგები. არც აზრების და ფიქრების გამოცნობა გვიჭირს. ეს უკანასკნელი არც ადრე იყო რთული. მეგობრობით დავიწყეთ და ეს იყო ჩვენთვის მნიშვნელოვანი. ეს იყო, რადგან მხოლოდ ეს გვქონდა და სწორედ მისი დაკარგვის გამო ვმალავდით საკუთარ თავებს. მნიშვნელოვანი მომენტები ცხოვრებაში მან მოგვცა და დაგვაკარგვინა. მან გაგვაღიმა და გვატირა. მან დაგვახევინა უკან და გადაგვადგმევინა ნაბიჯები. მან მოგვიყვანა აქამდე. ვიხსენებ ბოლო ორი დღის ჩვენს დიალოგებს, ვაკვირდები ჩვენს საუბრებს და ისინი ისევ ისეთებია, როგორიც იყო აქამდე. საჭირო, გულახდილი და ხშირი. ასე იქნება ყოველთვის, რადგან ეს ჩვენ შევქმენით. გვჭირდებოდა, შევქმენით და ახლა ეს ვართ ჩვენ. *** ნანიკოს ვეუბნებოდი, გამიჭირდება აქაურობის დატოვებათქო და მაშინღა ვხვდები, რატომ დამაეჭვა მისმა ნათქვამმა „ეჭვიც არ მეპარება“-მ, როცა კარვები თვალს ეფარებიან და მთებს შორის უჩინარდებიან. აქ ვტოვებ ჩემს გულს, მაგრამ მიმაქვს ახალი ცხოვრების ახალი მოგონებები. გზად კი იმის ფიქრი, თუ როგორი იქნება ახლობლებისთვის ჩემი და გიორგის ამბავი. ის ამაზე რატომღაც არ ღელავს. ხელს ერთი წუთითაც არ მიშვებს და რამდენჯერაც ჩემს ფიქრებისგან დაბნეულ სახეს შეამჩნევს, კოცნით მამშვიდებს. სახლამდე მაცილებს. არ უნდა ჩემთან გამომშვიდობება, მაგრამ ორივემ ვიცით, რომ თბილისში რაჭისგან განსხვავებით, კულისებიდან ყველაფერი შედარებით უფრო ნელა გამოვა. ხანდახან მეშინია კიდეც იმის გამხელის, რომ მე გიორგი მიყვარს, მას კი მე ვუყვარვარ და, რომ ეს ახალი ამბავი არ არის. მეშინია, რადგან ათი წელი ამ შიშით ვცხოვრობდი. ვფრთხილობდი და საკუთარ თავს ვაკონტროლებდი, რომ ამას ვერავინ მიმხვდარიყო. ახლა კი ეს გამჟღავნდება და საშიში საერთოდ აღარაფერი იქნება. ამიტომ როცა ჩემს სახლში მარტო ვრჩები, თავს უცნაურად აფორიაქებულად ვგრძნობ. მაშინვე ნანიკოს ვურეკავ. მერე მახსენდება, რომ ახლა მას ისევ ბექა ჰყავს და გადაფიქრებას ვაპირებ, მაგრამ ზარი უკვე გადის და ისიც მაშინვე მპასუხობს. მეკითხება, ჩამოვედით თუ არა და, რომ თუ მინდა, ახლავე ჩემთან გაჩნდება. მოგვიანებით ვიგებ, რომ ბექა სამსახურის საქმეს აგვარებს და ნანიკო თავისუფალი ამიტომაა. რომ მათი ურთიერთობა ნელ-ნელა ძველ სახეს იღებს და ჩემი მეგობრის თვალებიც ცისფერი ბრილიანტებივით ბრწყინავენ. ვუყვები ყველაფერს და ისიც ღიმილით მისმენს. მისი სახის გამომეტყველებით ვხვდები, თუ რამდენად ბედნიერი ვარ. ასე მგონია, ჩემი მეგობრის მზერა ჩემი სულის ანარეკლია. ყოველთვის ასე იყო. ყოველთვის ყველაფერს იმდენად განიცდიდა, რამდენადაც მე. ამ საუბრის შემდეგ კი, ისეთი შეგრძნება მიჩნდება, თითქოს ათი წლის მანძილზე ჩემ გამო გამოვლილი მტკივნეული დღეებისთვის ბოდიშს ვუხდი. *** - მაინც ვირი ხარ! - ეუბნება გიორგის მეორე დღეს, როცა ერთმანეთს ჩემს სახლში ხვდებიან. დავითი აივანთან დგას და შორიდან გვაკვირდება. ჯერ ისევ ჰგონია, რომ ის, რაც გაიგო ხუმრობაა და იმ მომენტს ელოდება, როცა გამოგვიჭერს. ლაშა ამბობს, სოფიმდე სულ მქონდა ეჭვი, მაგრამ მერე თავიდან ამოვიგდეო. ხატია გაოგნებულია და ვხვდები, რომ უამრავი შეკითხვა აქვს, მაგრამ თავს იკავებს. ვუყვები რაღაცებს, რომ მისი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო და ვპირდები, რომ, როცა მარტონი დავრჩები, ყველაფერს დაწვრილებით გაიგებს. ვხედავ, როგორ იბნევიან ჩვენი მეგობრები, როცა გიორგი ზურგიდან მხვევს ხელებს და გულში მიკრავს. როცა ერთმანეთს ისე ვუყურებთ, როგორც მათ ჯერ არასდროს უნახავთ. როცა ისე მეფერება სახეზე, როგორც ეს აქამდე არასდროს გაუკეთებია. ხან ეღიმებათ, ხან თვალს გვარიდებენ. მერე ეცინებათ და თავებს იმართლებენ, რომ ამასთან შეჩვევა სჭირდებათ. გვეცინება და ვერ ვამტყუნებთ. ერთმანეთს ჯერ ჩვენც თავიდან ვეჩვევით. მაიკო დიდხანს ზის გაოგნებული და თითებს ერთმანეთში ხლართავს. აცრემლებულ თვალებს ჩემსა და მამას შორის აცეცებს და უსიტყვოდ გვეკითხება, სწორად იგებს თუ არა, იმას, რასაც ორივეს ვუყვები. ვუყვები ყველაფერს, რაც უნდა იცოდნენ. არ ვუმალავ, რომ ჩემი და გიორგის გრძნობები თავიდანვე სხვანაირი იყო, მაგრამ ვუხსნი იმასაც, რომ ჩვენი მეგობრობის გულწრფელობაში ეჭვი არ უნდა შეიტანონ. ვსაუბრობ და ერთიანად ვიყინები ნერვიულობისგან, რადგან მათ სახეებზე ვხედავ, ყველაფრის მოსმენა რამდენად რთული და მოულოდნელია. მამა მაიკოსგან განსხვავებით უხმოდ ზის. მაგიდას უყურებს და მხოლოდ მიმიკებით თუ ამხელს თავის რეაქციებს. დედა კი ხმაურობს. თითებს ტუჩებზე იკრობს, ცრემლებს იწმენდს და ბოლოს ხელებს მიჭერს. გრძნობს, როგორ მითრთის ღელვისგან და ეს გულს კიდევ უფრო უჩუყებს. - ხომ იცი, როგორ მიყვარს გიორგი, დედა. - მეუბნება ხმაგატეხილი მაიკო, ხელებს შლის და გულში მიკრავს. - და ვიცი, რომ შიგნით ძალიან ბედნიერი ვარ, მაგრამ გარედან ჯერ გაოგნებული. უნდა შევეჩვიო, დედი. - ჰო. - თავს ვუქნევ ჩემს ემოციურ ქალს და სიხარულისგან გულგაბერილი ვეხუტები. მამა კი ისევ ჩაფიქრებული გვიყურებს და თავს უკმაყოფილოდ აქნევს. ვიცი, რომ გაბრაზებული არაა და ისიც ვიცი, რატომ დუმს ასე. კაცების ლოგიკა ასეთ დროს უცნაურად მუშაობს. ხანდახან გგონია, რომ იმ ადამიანისთვის, რომელსაც აქამდე შვილივით იღებდნენ, ერთ წამში შეუძლიათ ზურგის ქცევა. მამას გამომეტყველება ასეთია, მაგრამ ვიცი, რომ ფიქრები სხვა აქვს. ვიცი, რომ ნაწყენია. ის ხომ თავის ქალიშვილს გიორგის ისე ანდობდა, რომ ზედმეტს არც კი ფიქრობდა. ახლა კი ესმის, რომ თურმე წლების განმავლობაში, მას ისე არ უყურებდა, როგორც მეგობარს. - მამა... - ვუყურებ დადუმებულს. ვეღარ ვუძლებ საკუთარ აზრებს. გივი დგება, თავზე მკოცნის და ლოყებზე მეფერება. მიღიმის კიდეც და ამის დანახვისას მხრებიდან ლოდი მეხსნება. - დაურეკე ერთი მაგას, მოვიდეს. - ამბობს ჯუჯღუნით და ჯიბიდან სიგარეტს იღებს. - ოო, გივი! - ცხვირს ჭმუხნის მაიკო და მანიშნებს, ყურადღება არ მიაქციოო. *** აეროპორტში კი ხმაურია. სოფის თითებგაყინული ვეძებ. მიხარია, რომ ყველა ერთად ვახერხებთ წამოსვლას და გოგოსთან გამომშვიდობებას. თავს უცნაურად და უხერხულად ვგრძნობ, მაგრამ ის ურთიერთობა, ის მეგობრობა, რაც აქამდე სოფისთან მაკავშირებდა, უფლებას არ მაძლევს, მის მიმართ გულგრილი გავხდე. მიუხედავად ყველაფრისა. გიორგისკენ ხშირად გამირბის თვალი. მასთან ამაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ვიცი, რომ ისიც ჩემს მსგავსად ფიქრობს. ვიცი, რადგან ახლა ისიც ჩემ გვერდითაა და თვალებით მესაუბრება. მამშვიდებს და მეუბნება, რომ სწორად ვიქცევით. ჩვენი მეგობრობა სოფისთან ისეთი მჭიდრო ვეღარ იქნება, როგორც იყო, მაგრამ ის ფაქტი, რომ ერთმანეთს ცუდად არ ვშორდებით, და საერთოდაც, არ ვშორდებით, მშვიდად სუნთქვის საშუალებას მაძლევს. მასაც მალე ვხედავთ. ქეთევანთან და რამდენიმე ახლო ნათესავთან ერთად სკამზე ზის და მობილურს ჩაჰყურებს. ჩვენს დანახვაზე ეღიმება, ფეხზე დგება და გვიახლოვდება. მისი და გიორგის გადაკოცნა მათ გარდა, ყველას უხერხულად ეჩვენება. ეს ისე ხდება, თითქოს რამდენიმე დღე კი არა, რამდენიმე წელია ერთმანეთს დაშორდნენ და ახლა შემთხვევით შეხვედრილები, ერთმანეთის მოკითხვით შემოიფარგლებიან. ის რამდენიმე წუთი, რომელსაც აეროპორტში ვატარებთ, მღელვარე და მოუსვენარია. იმაზე ვსაუბრობთ, თუ როგორი იქნება ლონდონი. სად იცხოვრებს და რამდენად დატვირთული იქნება. ჩვენს სტუდენტობის წლებზე ვლაპარაკობთ და მიხარია, რომ ყველაფრის მიუხედავად, წარსულის გახსენება ყველას მაინც ღიმილს გგვრის. სოფისგან ჩემი და გიორგის მიმართ, განსაკუთრებული ყურადღება არ იგრძნობა, მაგრამ იმაზე ფიქრი, რომ ალბათ ამას მაინც, ჩვენგან მალულად აკეთებს, მაფორიაქებს. იმაში დარწმუნებული ვარ, რომ გრძნობები აღარაა, თუმცა ჩვენი ერთად დანახვა მას შემდეგ, რაც გაირკვა, მისთვის მაინც დაკვირვების საგანი იქნება. ვიცი, რომ ეს ნორმალურია და ვცდილობ, ჩემი აღელვება ძალიან არ დამეტყოს. გამომშვიდობებისას ყველას სათითაოდ გვეხვევა და გვიღიმის. წლების წინ მისი გაცილება გერმანიაში მახსენდება და, თუ ხატიას და დედამისს არ ჩავთვლით მაშინდელისგან განსხვავებით, აქ ცრემლები არ არის. სოფი შორიდანაც გვიქნევს ხელს და ხალხის რიგში მალე უჩინარდება 10 სექტემბერი. 2019 წელი *** სესილის იუბილეა, მაგრამ ყველაზე მეტს მაინც ის ფუსფუსებს. თითქოს ამ საღამოს ორგანიზატორი ჰყავს, მაგრამ მაინც ყველაფერი ქალის ხელის გულზეა. შავ კაბასა და მბზინვარე მოსასხამში დიდებულად გამოიყურება. დღეს ისეთი ახალგაზრდაა, როგორც მისი მოსწავლეები. ბედნიერი და გაბრწყინებულია. მწვანე თვალებში ოდნავადაც არ ეტყობა, რომ თავს მოხუცად გრძნობს. ასე მგონია, ახლა წითელი მანდილი რომ მისცენ, კინტოურსაც კი იცეკვებს. იუბილე უკვე დასასრულს უახლოვდება და სადაცაა ხმაურიან საღამოს ქართული დახურავს. ქალი შორიდან მამჩნევს, ფარდის უკან მდგარი მას რომ ვუთვალთვალებ, ეღიმება და ხელით მანიშნებს, რომ მოწესრიგება დავასრულო. იმ წუთას მისი მოსწავლე ჩიხტს მაძლევს, გასახდელში შევდივარ და მასაც ვიმაგრებ. სარკეში საკუთარ თავს ვათვალიერებ და ქართულის საცეკვაო ფორმაში გამოწყობილი საკუთარი თავის დანახვა გულს ისე მიჩქარებს, თითქოს სცენაზე ცეკვა პირველად მიწევდეს. ახლა აქ ვარ, ამ მომენტამდე მოსული და ჯერ ისევ ვერ ვიჯერებ, რომ სესილიმ ეს გააკეთა. მაინც მომცა ის ცეკვა, რომელსაც ერთ დროს თვლიდა, რომ არ ვიმსახურებდი. მომცა და თან მასთან, ვისთან ერთადაც ვისურვებდი. „ - ცოტა უცნაური იქნება ჩვენი ქართული, არა?“ - მახსენდება გიორგის სიტყვები და ღიმილს ვერ ვიკავებ. ასეთი უცნაურობების არსის მჯერა. - მარიამ, - გიორგის ხმა მესმის ზურგიდან. მისკენ ვბრუნდები და ჩოხა-ახალუხში გამოწყობილს რომ ვხედავ, გული ამოვარდნამდე მიწყებს ძგერას. თმა ლამაზად გადაუვარცხნია და სულ სხვანაირად მიმზიდველია. ხელში მანტია უკავია და რამდენიმე წამით ადგილიდან არ იძვრის. - რა ლამაზი ხარ. - ამბობს და თვალს მავლებს. ქართულის ფორმაში ისიც პირველად მხედავს. კომპლიმენტზე ისე ვიმორცხვებ, თითქოს ასე გაოგნებული, პირველად მეუბნებოდეს და პირველად მათვალიერებდეს. - მადლობა, - ვუცინი და ვუახლოვდები. - შენ კი, ნამდვილ თავადს ჰგავხარ. - ჯერ ეს შემიკარი. - წარბებს სწევს თავმომწონედ და მხრებზე მანტიას ისხამს. შესაკრავებს ვიჭერ და ერთმანეთში ვსვამ. - მართლა როგორ არასდროს არსად გვიცეკვია, არა? - მის ქამარზე დაკიდებულ ხანჯალს ვასწორებ. - ალბათ სესილის ჯადოქრობა იყო. გვზოგავდა, რომ თავის იუბილეზე გვეცეკვა. ამას შეეშვი. - ხანჯლიდან იღებს ჩემს ხელს, ტუჩებთან მიაქვს და ნაიარევზე მკოცნის. შემდეგ ნიკაპს მიჭერის და ღიმილით დამყურებს. - ჩემი დედოფალი ხარ. გიორგის ხელს ვიჭერ და ისევ ვხრი თვალებს. ალბათ გარემო მოქმედებს, მის ყველა კომპლიმენტზე რომ ლოყები მეწვება. იმ წუთას სესილის პატარა მოსწავლე შემორბის და გეძახითო, ქალზე გვეუბნება. გასახდელიდან გავდივართ. ბიჭს ხელს ვუშვებ. აქ ჯერ არავინ იცის ჩემსა და გიორგიზე. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ჩვენი ქორეოგრაფის რეაქცია მასზე მეტად მე მაღელვებს. ალბათ სოფის გამო, ალბათ ქალთან განსაკუთრებული დამოკიდებულების დაკარგვის შიშის გამო. ზუსტად ვერ ვარკვევ, რატომ, მაგრამ ჯერ მაინც არ იცის. და გიორგიც ჩემს სურვილს ითვალისწინებს. გაყინულ თითებს ვმუშტავ და ბიჭს გვერდით მივყვები. მოხდენილად მოაბიჯებს. მხრებს ოდნავ არხევს და ზურგზე მოსხმული შავი მანტიაც ფარდასავით ირხევა. ვიწრო გასასვლელში გზას მითმობს და წელზე მაკრობს ხელისგულს, რომ წინ წავიდე. მისი შეხებით ვიმუხტები. სხეულზე თბილი ჟრუანტელი მევლება და თითებიც მალე მილღვება. სესილი გვიახლოვდება და ყურადღებით გვათვალიერებს. თვალები უბრწყინავს, მაგრამ სერიოზულ გამომეტყველებას არ იშორებს. ეს ხომ დასასრულია, ეს ფინალია და ის ჩვენს ხელშია. - მგონი სათქმელი არაფერი მაქვს და მუსიკისა და სცენის გარდა თქვენც არაფერი გჭირდებათ. - ამბობს ქალი და უკან გადაწეულ ფატას მხრებზე მაფარებს. სესილის თავს ვუქნევ და აღელვებული ვაპარებ თვალს სცენისკენ. - შენ აქ რას აკეთებ? მეორე მხარეს! - თვალით ანიშნებს გიორგის ის. - მასწ, უკვე გითხარით, რომ დღეს თვალს მჭრით? - უღიმის ბიჭი, მის ხელს იღებს, წელში იხრება და თითებზე მოწიწებით კოცნის. მეცინება და ვერც სესილი იკავებს თავს. - ალბათ ასე შეიძლება იყოს ადამიანი ერთდროულად გალანტურიც და უხეიროც. - ამბობს ის. - გულს მტკენთ. - მკერდზე იდებს ხელს გიორგი და უკან იხევს. ქალი თავს აქნევს და ღონისძიების წამყვანს ელაპარაკება. ბიჭისკენ ვბრუნდები. - ვნერვიულობ, გიორგი. - ვეუბნები და თითებს ლოყებზე ვიწყობ. ასე მგონია სახე წითელი მაქვს. - იმიტომ, რომ ეს ჩვენი ქართულია. - ჩემს ხელებს მუჭში იქცევს და თვალებში მაცქერდება. - ჰო. ჩვენი ქართულია. - თავს ვუქნევ და ვუღიმი. ამის კიდევ ერთხელ გაცნობიერება საოცარ ძალას მძენს. მერე ხელებს ვითავისუფლებ და ბიჭს ვუშვებ. სესილის გვერდით ვდგები და ვცდილობ წამყვანს ვუსმინო, რომ სიტყვის დამთავრება არ გამომეპაროს, მაგრამ სცენის თვალიერება ყურადღებას მიფანტავს. აქ ყველგან მისი მტვრის სურნელია. არომატი, რომელიც ელექსირს ჰგავს. ვერ დავთვლი, აქ რამდენჯერ მიცეკვია და რამდენჯერ მიგრძნია პარკეტის და ჩემის ქუსლების შესისხლხორცება. რამდენჯერ მიმიღია აპლოდისმენტები და მაყურებლის სიყვარული. რამდენი ცეკვა ყოფილა ჩემთვის აღმაფრენის და აღტაცების მომტანი, მაგრამ ეს... ეს ქართულია და ეს ოცნებაა. ოცნება, რომლის ახდენაც ერთდროულად მახარებს და მამწუხრებს. მახარებს, რადგან მისი ცეკვის შესაძლებლობა საოცნებო პარტნიორთან ერთად მეძლევა. მამწუხრებს, რადგან ასე მგონია, ჩემი ოცნებების სიაში აღარაფერი რჩება და ვცარიელდები. - მიდი, ჩემო გოგო. - მესმის სესილის ხმა და ვფხიზლდები. ქალი წელზე ოდნავ მკრავს ხელს და სცენისკენ მიბიძგებს. გავდივარ. ჩემს ადგილს ვიკავებ. ერთ წამში ვახერხებ დარბაზისთვის თვალის შევლებას და შემდეგ ჩემს პირისპირ, სცენის მეორე მხარეს გიორგის ვხედავ, მუშტებშეკრულს, მზადმყოფს და მკრთალად მოღიმარს. მერე კი მუსიკა იშლება და მასთან ერთად ჩვენი ხელებიც, ჩვენი სულიც. ნაბიჯები, რომლებიც სინქრონულად მიუყვებიან ერთმანეთს, სცენაზე დადგმულ უკანასკნელ მოძრაობებს ჰგვანან. მზერა, რომელსაც მაყურებელი ჩვენს სახეზე ამჩნევს ჩვენია და არა მორგებული. გრძნობებიც, რომლებიც ჩვენს ხელებსა და სხეულზე იხატებიან, არავის ეკუთვნიან ჩვენ გარდა. თითქოს მუსიკაც მხოლოდ ჩვენია, ჩვენ გვესმის და ჩვენ ვგრძნობ. ეგოისტური მგონია ეს ცეკვა, რადგან ვერაფერს ვამჩნევ ჩემი და გიორგის ნაბიჯების გარდა. მხოლოდ მათ და ვხვდები, რომ ეს ის ნაბიჯებია, რომლებზეც მიოცნებია, რომლებიც უნდა გადადგმულიყო, მაგრამ ცხოვრებამ იქამდე მიგვიყვანა, სანამ ეს მომენტი არ დადგა. ახლა ვითვლი მათ, სულში კი ფორიაქთან ერთად ქართული მაქვს. დასასრულს ფილტვებში გამოკეტილ ჰაერს ვათავისუფლებ და მაყურებელს მცირე რევერანსით ვემშვიდობები. გიორგი ჩემს თითებს იჭერს და სცენიდან ერთად გავდივართ. კულისებში მდგომ სესილის რომ ვხედავ, გული გამალებით მიწყებს ძგერას. გიორგის ვუყურებ. ბიჭი ხელს არ მიშვებს. თითებს მჭიდროდ მხვევს და ყველა იმ სიტყვას, რომლის მოსმენაც მინდა, მის თვალებში ვხედავ. - როგორი იყო? - აღელვებული ვეკითხები ქალს და ღრმად ვსუნთქავ, რომ მოლოდინმა არ გამგუდოს. გიორგი ჩემს თითებზე ცერა თითს ასრიალებს და ისიც პასუხს ელოდება. - თქვენ გგავდათ. - გვეუბნება სესილი და მწვანე თვალებში ჩამდგარი მღელვარებით გვაცქერდება. დასასრული 17.11.2020 |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.


თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.


