შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სხვა ტალღა


დღეს, 00:09
ავტორი marieosaki
ნანახია 3

"What is longing, if not madness—with a ribbon tied around its throat?"

სანამ გავიგებდი, რა იყო შიში, დაღლა და აღტაცება, მე გულისრევის შეგრძნება ვისწავლე. როცა დედაჩემი ყბებს მიკავებდა და კოვზით გაურკვეველ საჭმელს მჩრიდა პირში, როცა ჯერ ისიც კი არ ვიცოდი, რომ ადამიანებს განცდები გვქონდა და საერთოდ, მეც ადამიანი მერქვა, გულისრევა კუჭიდან ყელამდე ვიგრძენი. არსად წასულა, სულ, სულ აქ იყო. შიში მიპყრობდა და მტოვებდა, მიხაროდა და ვტიროდი, ის კი სულ კისერთან მიჯდა და როცა არა, მუცელში მიძვრებოდა და იქაურობას მიწრიალებდა.

ჯერ გული გაურკვეველ წვნიანზე მერეოდა, მერე დედაჩემის ღრიალზე, ხანდახან ეზოში მოთამაშე ბავშვებზე და ერთხელ, როცა საკუთარი თავის მიმართ ვიგრძენი გულისრევა, ყველა სხვა გაუფერულდა. ჩემი ფიქრები სიტყვებით არ მესმოდა, მუდამ შეგრძნებებით და გაელვებული სურათებით შევიცნობდი. გული მერეოდა მათზე და იმ გონებაზე, რომელიც დასაბამს აძლევდა. სანატორიუმში გამოკეტილი დედის დანახვაზეც რომ ვერაფერი ვიგრძენი, მხარზე მჯდომი გულის რევა პირიდან მუცელში ჩამიხტა და დღეები არ მტოვებდა. საკუთარი თავი არც მაშფოთებდა და არც მაბრაზებდა - უბრალოდ მეზიზღებოდა.

დეიდა ჯული ჩამოვიდა, მისმა ქმარმა ღია ლურჯი ავტომობილი მოაგრიხინა და ეზოში გააჩერა. აცრემლებული დედაჩემი დასჯილი ბავშვივით გამოვიდა გარეთ, ჩემოდნის საბარგულში ჩატენაში ბიძია ვანო ეხმარებოდა. ჯული და დედა უკან დახსდნენ, მე კი რატომღაც წინ მომცეს დაჯდომის უფლება. ჩვენ პატარა დაბაში ვცხოვრობდით ცხოვრებისგან მოწყვეტილები და დეიდაჩემის ნახვას შეჩვეული არ ვიყავი. მე კითხვები არ დამისვამს და არც პროტესტი გამომითვამს. არც მაშინ გამიპროტესტებია რამე, როცა ჯული და დედა სადღაც გადავიდნენ და იქიდან მხოლოდ ჯული დაბრუნდა.

უკვე დიდი ხარო, მელაპარაკებოდა გზაში დეიდაჩემი. გეცოდინება, რომ ზოჯერ დიდებს მარტოობა სჭირდებათ, რომ უკეთ გახდნენ და უფრო ძლიერები დაბრუნდნენო. აზრზე ვერ მოვდიოდი რას ბოდავდა, აქამდე მგონი სულ ორჯერ მყავდა ნანახი და ისიც არ ვიცოდი, სად მივყავდი ამ ხალხს.

ჯული დედაზე ხუთიოდე წლით უფროსი იყო. მეტი არც და ჰყავდათ, არც ძმა. ვიცოდი, რომ ჯული დიდი ხნის წინ წავიდა სასწავლებლად ბათუმში, იქვე გათხოვდა და შვილიც ჰყავდათ, იკა. ჩემს დეიდაშვილს არ ვიცნობდი, არასოდეს მენახა. გრძელ გზას ვერ უძლებსო, ამბობდა დედაჩემი, თავად კი ბათუმში არასდროს ჩავსულვართ მის გასაცნობად. ისიც ვიცოდი, რომ ჯულის სინამდვილეში საკუთარი შვილი არ გაუჩნდა და იკა აიყვანა. ეგ იმას არ ნიშნავს, რომ იკა მათი შვილი არ არისო, მიხსნიდა ხოლმე დედა.

სკოლა შევიცვალე, რაღაც უაზრო ფორმაში გამომაწყეს და მეხუთე კლასში შემიყვანეს. დეიდაჩემი ყოველ დილით ზევით მიწევდა თმას ლამაზად და ფუშფუშა სამაგრით მიკრავდა. სახლში კი სულ გაწეწილი ვბრუნდებოდი, თმის სამაგრებს ვკარგავდი, ხელებზე ნაკაწრები მიჩნდებოდა, მუხლები კი სულ გადაყვლეფილი მქონდა. ვერც ამ ფორმას ვეგუებოდი და ვერც მოლოდინს, ვყოფილიყავი მშვიდი და დამჯერი.

სამაგიეროდ, იკა იყო წყნარი. მაღალსა და გამხდარს იშვიათად ნახავდით აცელქებულს. ბეჯითი ბავშვი იყო, მეექვსე კლასში სწავლობდა და ჯულის სახლში მოტანილი ათიანებით ახარებდა. დეიდაჩემს ძალიან ვუყვარდი და შვილივით მზრდიდა, მაგრამ იკაზე საერთოდ მზე და მთვარე ამოსდიოდა. მისი სანატრელი და სამაგალითო შვილი იყო. ორივეს თავს დაგვფოფინებდა და რაც შეეძლო, გვანებივრებდა. ბნელი წლები იყო, საუკუნე იწურებოდა. ცხოვრებით კმაყოფილი არავინ იყო, მაგრამ დეიდაჩემის ოჯახს არ უჭირდა.

იკამ უფროსი ძმის როლი მოირგო და გვერდიდან არ მშორდებოდა. არ ეხალისებოდა სკოლაში შესვენებებზე თამაში, მაგრამ შორიახლოს ტრიალებდა. როცა ვეცემოდი, მაყენებდა, ონკანთან მივყავდი და გადაყვლეფილ მუხლებს მბანდა. როცა დავალების შესრულებისას რამე გამიჭირდებოდა, ოთახში ვაკითხავდი. მზად იყო, რამდენჯერმე აეხსნა ყველაფერი ისე, რომ ნერვიც არ შეუტოკდებოდა. ზაფხულში ყოველ დღე მაღაზიაში მივყავდი და ვანოს მიცემული ფულით ჩვენთვის ნაყინებს ყიდულობდა - მე მარწყვის მიყვარდა, იმას შოკოლადის. ხილის ნაყინს ვერ იტანდა და გასართობად ჩემსას ვუსვამდი ხოლმე სახეზე, ხან ცხვირზე, ხან ტუჩებზე. მიყვარდა, როცა ბრაზდებოდა, მაგრამ ხმას არ უწევდა. ასეთი იყო - მოზომილი, სანდო. კარგად ცურავდა და მეც მასწავლა. ტალღები ერთადერთი რამ იყო, რაც მოუსვენარს ხდიდა და თვალებში ნაპერწკალს უღვივებდა. მე აღტაცებით შევყურებდი ხოლმე ასეთ იკას - ცოცხალს, მამაცს, რაღაცნაირს... იმ დროს დედაც მავიწყდებოდა, სამყაროს ზიზღიც და ჩემი მარტოობაც.

წლებმა და ამდენმა ზაფხულმა თავისი ქნეს და გამხდარი, ფერმკრთალი ბიჭი გაიზარდა, კანი გაერუჯა, თმა მოეზარდა, ზურგზეც ნეკნები აღარ ეტყობოდა. ჯულის გულის გასახეთქად სახლში მოტანილმა ათიანებმაც იკლო და უხასიათობა დასჩემდა. საამაყო შვილი ვეღარ საამაყოობდა. დეიდაჩემი, ეს ტკბილი და მრგვალი ქალი, მუდამ ვალერიანის წვეთებით დარბოდა. 16 წლის იკა უკვე სახლში გვიან ბრუნდებოდა, საკუთარ ოთახს ძველებურად აღარ ალაგებდა და დეიდაჩემს ათას ფიქრსა და სანერვიულოს უჩენდა.

თავისი ურიცხვი მეგობრების გადამკიდე ყურადღებას აღარც მე მაქცევდა. დილიდან საღამომდე მათთან იყო, მე კი არავინ მყავდა, ვისთან ერთადაც დროს გავატარებდი. უკვე აღარავინ. წიგნებს შევუჩნდი. ყველაფერს ვკითხულობდი, რაც ხელში მომიხვდებოდა, ზეპელინებს ვუსმენდი და ვანოს ნაჩუქარ ფულს სიგარეტისთვის ვზოგავდი. მკერდი მომეზარდა და თამაშისგან დატოვებული ნაკაწრების კვალი გამიქრა. თმაც დამიგრძელდა - მოკლედ აღარ ვიჭრიდი და აღარც ჯული დამსდევდა, რომ ფუშფუშა სამაგრით ზევით აეწია.

არ მახსოვს, როდის შევწყვიტე იკასთვის თხოვნა, საცურაოდ წავიდეთო. ერთ დღეს უბრალოდ მივხვდი, რომ აზრი აღარ ჰქონდა. რომ შეიცვალა და სხვა სამყაროში გადავიდა - ჩემთვის უცხო და უცნაურ, დიდების სამყაროში. მაგ დროიდან მხარზე მოკალათებული გულისრევა ისევ პირში ჩამიძვრა და მუცელში დაიდო ბინა. ყველაზე მეტად საკუთარი თავი მირევდა გულს, რადგან იკას ჩემთან ყოფნა აღარ უნდოდა და არც ის შემეძლო, უკან დამებრუნებინა.

როცა სახლში რჩებოდა, მთელი დღეები ეძინა. უფრო სწორად, ვიცოდი, თავის ითახში კაიფობდა და არავის ენახებოდა. ეს მაშინ გავაცნობიერე როცა მისაღებში მარტო ვიჯექი და ლისპექტორს ვკითხულობდი რუსულად. გამოვიდა, ონკანთან მივიდა, წყალი დალია. უკვე 17-ის იყო, ძალიან მაღალს და ფართოს მხოლოდ პიჟამა შარვალი და შეხსნილი ჟაკეტი ეცვა. ისე გამომხედა, როგორც ქუჩაში ხეს, ბოძს ან რამე უფრო უმნიშვნელოს, მაგალითად სანაგვეს შეხედავ და ისევ თავისი ოთახისკენ გაემართა. ამ ნახევარ წამში შევამჩნიე, როგორ ჩაწითლებოდა თვალები. მოსაწევის სუნად ის ყარდა, მაგრამ ზიზღს მაინც ჩემი თავის მიმართ ვგრძნობდი. იკაზე გული ვერ მერეოდა, ჩვენი ურთიერთობის გაცივებას მხოლოდ ჩემს ამირალურობას ვაბრალებდი.

ცივ წყალს სახეშვი ვისხამდი და სარკეში ჩემს მიმიკებს ვაკვირდებოდი. იქნებ მე ვაგრძნობინე თავი უცნაურად? იქნებ იმიტომ გავხდი მისთვის მოსიარულე არარაობა, რომ წამიკითხა, ჩემი განცდები შეიცნო, ჩემი ავადმყოფობა და ამაზრზენობა გაშიფრა. მესიზმრებოდა, რომ შიშველი ვიდექი სადღაც ამაღლებულ გორაზე და ქვევიდან ყველა მაფურთხებდა, მათ შორის დედაჩემიც, რომელიც წლები არ მენახა. მერე კი ჯალათი მოდიოდა. სახეზე არ ჩანდა, მაგრამ იკა იყო, სიზმრისეული ცოდნით ვიცოდი და იმის მაგივრად, რომ მოვეკალი, ზურგს მაქცევდა, უკან ბრუნდებოდა და ხალხთან ერთად უჩინარდებოდა. მე კი ვრჩებოდი გორაზე მუხლებით დამხობილი და იქამდე ვტიროდი, სანამ ჩემი ცრემლებისგან აზვირთებული ტალღა შავი ზღვის ფსკერზე არ წამიღებდა.

სკოლა დავამთავრე და ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარე. თბილისში ვერ წავიდოდი - დედაქალაქში სიტუაცია უკვე დალაგებული იყო, თუმცა თავი როგორ მერჩინა ახალგამოჩეკილ სტუდენტს... ამაზე უფრო დიდი მიზეზი კი სახლში, ჩემი ოთახის მოპირდაპირედ მეგულებოდა. იკამ სწავლა არ გააგრძელა. ამბობდა, ჩემს თავში უნდა გავერკვე და მერე დავიწყებ ყველაფერსო, მაგრამ თავის ბომჟ მეგობრებთან ერთად კაიფის და არყის სმის მეტს არაფერს აკეთებდა. დროთა განმავლობაში ნორმალური, დიპლომატიური, არაფრით გამორჩეული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა. ეს კი არა და, სასწავლებელში ჩემს წასაყვანადაც კი დგებოდა ხანდახან დილაუთენია. ცოტას მელაპარაკებოდა, მოზომილად, უაზროდ, სასხვათაშორისოდ. ხანდახან ვფიქრობდი, რომ ჯობდა ისევ დავეიგნორებინე, ვიდრე ასე უსულო ქურთიკივით ჩემოვეკიდე თავის ცხოვრებაში.

ჩემი გახლეჩილი სულის ნაწილების შეკიწოწებას და ყურადღების გადატანას ვცდილობდი. უნივერსიტეტში შეყვარებული გავიჩინე - სიმპატიური და მუდამ კარგ ხასიათზე მყოფი ვაჩე, რომელსაც სქელი წაბლისფერი წარბები და ფართო ღიმილი ჰქონდა. მარტო ცხოვრობდა ბინაში თავის ზოლიან კატასთან ერთად და მასზე შვილივით ზრუნავდა. ზედმეტად კარგი იყო, ზედმეტად პოზიტიური, სწორი, ნორმალური და ვერ ვხვდებოდი, ჩემს დაქცეულ ცხოვრებაში რა ესაქმებოდა, ან ჩემში საინტერესოს რას ხედავდა, გარდა იმისა რომ ორივეს გოდარდის ფილმები მოგვწონდა. ვაჩესთან ჩუმი და ნაზი სექსი მქონდა. საერთოდ ყველაფერში ნაზი და ზანტი იყო, დიდი მოთმინებაც ჰქონდა. მისი სიკარგე ხან იმის იმედს მაძლევდა, რომ შემეძლო მასავით ვყოფილიყავი, ხან კიდევ უფრო მაზიზღებდა ჩემს უგვანო და მანკიერ თავს. ამ დროს მინდებოდა, გაღიმებულ სახეში სილა გამეწნა ხოლმე, ამიტომ ფეხსაცმელს ვიცვამდი და ალეწილი გამოვრბოდი მისი ბინიდან, თან ვუხსნიდი, დეიდაჩემი დამირეკავს თუ სახლში დროზე არ მივედიო.

ერთ დღესაც ვაჩეს თეთრეულში ამოგლანგულს ჩვენი უღიმღამო სექსის შემდეგ ჩამეძინა. რომ გავიღვიძე, მზე ჩადიოდა, ტელეფონზე რამდენიმე ნარეკი იყო. სუნთქვა მომენტალურად შევწყვიტე, გულისცემა ყურებში მესმოდა. მონაწერს დავხედე: "ვანო საავადმყოფოში გადაიყვანეს. ინფარქტია, მაგრამ კარგად იქნება. ამაღამ აქ ვრჩები, სახლს მიხედე. იკაც დაბრუნდება."

ჯული იყო. ავკანკალდი. უმისამართოდ გასროლილი უშვერი სიტყვების ძახილით ჩავიცვი და სახლში გავვარდი. გზაში დავურეკე და ათასი ტყუილი შევთხზი, თუ რატომ ვერ ვუპასუხე მის ვერც ერთ ზარს და რომ ძალიან ვწუხვარ და მის გვერდით უნდა ვყოფილიყავი, რომ ყველაფერი კარგად იქნება და არც სახლზე ინერვიულოს. მერე შუაღამემდე დავძრწოდი ოთახებში, ათასჯერ გავასწორე დივანი და სავარძლები, გადავწმინდე მტვრები და გავრეცხე ყველაფერი, თითქოს ამით უყურადღებობისთვის შენდობას ვევედრებოდი ყველას, ვინც აქ ცხოვრობდა.

ჭიშკრის გაღების და მანქანის დაყენების ხმა გავიგე. იკა დაბრუნდა. ხმაურიანად შემოვიდა მისაღებში - დიდი და მძიმე იყო, ასეთი ნაბიჯები ჰქონდა, მაგრამ ახლა ამ ხმაურში აგრესიაც იგრძნობოდა. დამიძახა. ნერწყვი გადავყლაპე და თავი შევიმაგრე. ისე მივუახლოვდი, თითქოს არაფერი.

— ნასვამი ხარ. - ვუთხარი უემოციოდ.

— ყავას გამიკეთებ?

ცხელი ფინჯანი სამზარეულოს მაგიდაზე მოვუდგი და თავად წინ დავუჯექი. სკამზე ფეხები მოვკუნტე, ასე მიყვარდა ჯდომა ყოველთვის. მოშიშვლებულ ბარძაყებზე რომ შემომხედა, არც შევიმჩნიე და ვკითხე, ბიძია როგორაა-მეთქი.

— მინი-ინფარქტია. როგორც თქვეს, კარგად იქნება. რაღაცების შეცვლა მოუწევს ცხოვრებაში.

და მერე თავჩახრილმა დაამატა:

— ძალიან შემეშინდა.

ამ სიტყვებზე ყელში ბურთი მომაწვა. ბავშვობის შემდეგ პირველად თქვა რაღაც თავის გრძნობებზე. მომინდა, მივსულიყავი თითებით თმაზე მოვფერებოდი და დამემშვიდებინა, სკამზე თავის შემაგრებას მთელი არსებით ვცდილობდი. მერე ისღა შევძელი, რომ საჭმლის შეცხელება შემეთავაზებინა.

— არ მშია. შეგიძლია, ჩემთან იყო?

აი, ამაზე კი საერთოდ გატყდი. სამზარეულოს იატაზე დავიმსხვერი. ფეხებზე დავიკიდე საკუთარი თავი, ვაჩე, დეიდაჩემი და პალატაში მწოლიარე ბიძა. ყველა, ვის წინაშეც მცირე პასუხისმგებლობას მაინც ვგრძნობდი. იკას მივუახლოვდი და კისერზე ჩავეხუტე. მან თავი მუცელზე მომადო. უეცრად ისევ მზით გამთბარ ზღვაში ვიყავით და ტალღებთან გამკლავებას მასწავლიდა. ის კი არ იცოდა, რომ თვითონ იყო ჩემს ცხოვრებაში სულ სხვა ტალღა, რომელმაც წამლეკა და რომლის მოთვინიერებასაც ვერსადროს შევძლებდი.

ჩემი მუცლიდან თავი აიღო.

— სად იყავი დღეს?

სიჩუმე. არ ვაპირებდი მასთან ამის განხილვას.

— ტყნაურობთ, ხო?

გამცრა. სხეულში სიცივე ვიგრძენი. მისი ხმაც ცივი იყო. საიდან იცოდა, რომ ვიღაც მყავდა... რა უნდოდა? რას მერჩოდა?

— ეგ შენი საქმე არაა.

— მიპასუხე.

— დავუშვათ. მერე?

— ანუ ახლა იმ ტიპთან დადიხარ? სითბო მოგაკლდა და ლეკვივით აეკიდე?

ზღვარს გადავიდა. შეიძლება მთვრალი იყო, მაგრამ ამის თქმა უნდოდა. ჩაშავებული თვალებით მიყურებდა. სულ ასეთი იყო, პირველად რომ ვნახე მაშინაც ჩაშავებოდა უპეები და რაღაც ცხოვრებამობეზრებული გამომეტყველება ჰქონდა.

— რომელ სითბოზე ლაპარაკობ! - დავუღრიალე - შენ ვინ მოგცა მაგაზე საუბრის უფლება. გეწყინა, შენს გამო რომ თავს არ ვიტანჯავ?

— ეგ რა შუაშია...

— მართლა? წლებია ისე მექცევი, როგორც დეკორაციას. ჯერ შემიზიზღე, უეცრად ამითვალწუნე, მერე კი უბრალო ნაცნობად მაქციე, რომელსაც ამინდის გარდა არაფერზე ესაუბრები!

ცოტას ვბრაზობდი, რომ თავს ვერ ვიკავებდი. მართალი ვიყავი, მაგრამ არაფრის ახსნა არ უნდა დამეწყო. იკასადმი არავითარი ვალდებულება არ მქონდა. მან ფინჯანი მაგიდაზე დაარტყა და წამოდგა.

— ძალიან, ძალიან არასწორია ეს ყველაფერი. შენ მე დამანგრევ, მე კი შენ. ყველა გაგვთელავს და ვერ დაგიცავ ამ ქაოსში. რას მთხოვ, ოჯახი ფეხებზე დავიკიდო და შენთან ერთად გადავიხვეწო?

— თუ საჭიროა, გადაიხვეწე. თუ რამეს გრძნობ, დამანახე, თუ არა და უაზრო შეკითხვებს და ეჭვიანობანას თამაშს მორჩი.

მაგიდაზე შემოვჯექი და კაბა თეძოებამდე ავიწიე. ვცდილობდი, კანკალი შემეკავებინა. ლანგრით მივართვი თავი და იმასღა ველოდი, ბოლომდე შეემუსრა ჩემი არსება.

— აქ გაიზარდე, - ხმას უწევდა, მაგრამ თან მიახლოვდებოდა - ერთ ჭერქვეშ ვცხოვრობდით. ჯული შენი დეიდაა!

— მაგრამ დედაშენი არ არის!

იკამ ყელზე თითები შემომაჭდო. თვალები უელავდა. მისი არ მეშინოდა, მაგრამ არ მინდოდა ასეთი მენახა. ზედმეტი მომივიდა, არ უნდა მეთქვა ასე, მაგრამ ახლა უკან ვერ დავიხევდი. მკაცრად ვაშტერდებოდი თვალებში, თითქოს ჩემი ყელი მის თითებში არ ყოფილიყო მოქცეული. მეორედ ეგ აღარ გაიმეოროო, ხმადაბლა მითხრა, მაგიდაზე მიგდებულ გასაღებს დასწვდა და სახლიდან გავარდა.

ცხვირი მეწვოდა, თუმცა თავს ტირილის საშუალებას არ ვაძლევდი. მის ოთახში შევვარდი, უჯრები გადავუქექე, აკანკალებული ხელებით ამოვკრიფე და უნიტაზში ჩავრეცხე. რაღაცის გაფუჭება, რაღაცის დაშავება მინდოდა მისთვის. მინდოდა იმის მეასედი ბრაზი მაინც გამომეწვია, რასაც ახლა თავად ვგრძნობდი. საკუთარი საქციელის უსუსურობა და იდიოტიზმი რომ გავაცნობიერე, სახურავზე ავედი და დილამდე იქ ვსვამდი მარტო.

მერე დათბა. ზღვა დაწყნარდა და ტალღებმა ახლოს მიმიშვეს. სანაპიროზე ვაჩესთან ერთად დავდიოდი ხოლმე. მასთან წოლისას მხოლოდ ტკივილს ვგრძნობდი, ნაზი შეხება მხოლოდ კანს მწვავდა და გულს მირევდა. ისეთი განცდა მრჩებოდა, რომ მარტოს მქონდა სექსი. მაგრამ გაჩერებაც არ შემეძლო, იკას ჯინზე დავიწყე ეს ყველაფერი და მის ჯინზე გავაგრძელებდი. შიგადაშიგ ვაჩესაც ვღალატობდი, მგონი იცოდა. ხან თეატრალურის გამოთაყვანებულ სტუდენტთან, ხან ერთ ექსცენტრიულ მეზღვაურთან, რომლის ფორმაც ძალიან მომწონდა. არ ჰქონდა მნიშვნელობა, თუ ამასობაში დავიფერფლებოდი, ჩემი თავისთვის და მისთვის უნდა დამემტკიცებინა, რომ არავის ვეკუთვნოდი.

ვანო გამოჯანმრთელდა, იკამ კი მის დასანახად ურჩობას მოუკლო. სამსახური იშოვა და სახლშიც უფრო ხშირად იყო. ჩემთან მარტო დიდხანს არ ჩერდებოდა, თუმცა კარგად მექცეოდა, დიპლომატიურად. რამდენჯერმე ვინილის დისკიც მაჩუქა და ერთად ვუსმენდით. იმ მომენტებში ხალიჩაზე ვიწექი, ვეწეოდი და გონებაში იმ სურათების აღდგენას ვცდილობდი, როცა 11-12 წლის ასაკში შავი ზღვის ნაპირას მზეს ერთად ვეფიცხებოდით.ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ ეგ ყველაფერი წინა ცხოვრების ამბავი იყო.

იმ ზაფხულს იკას დაბადების დღე მოდიოდა. ოჯახში მიჩვეული ვიყავით, რომ საღამოს სხვებთან ერთად უნდა აღენიშნა. მე ჯულის ვახშმის მომზადებაში მივეხმარე. რაც არ უნდა ყოფილიყო, დეიდაჩემი და ბიძაჩემი მხიარული და თბილი ხალხი იყო, სუფრაზე მყუდროების მოუშლელი განცდა მოჰქონდათ. როცა იკა ადგა, მე მეჩქარებაო, ვანომ შესთავაზა, მეც გავეყოლებინე და მისი მეგობრები გამეცნო. ფაქტობრივად, თანატოლები ხართო, დაამატა თან. იკა მამამისს ვეღარ შეეწინააღმდეგა და მის მანქანაში ჩავსხედით.

მეოთხე სართულამდე ქოშინით ავყევი. ყვავილებიანი საზაფხულო კაბა და თეთრი კედები მეცვა. აგვისტო იწურებოდა.

— ჰეე, იუბილარს გაუმარჯოოოს! - იყვირა დაბალმა ულვაშიანმა ბიჭმა ჩვენი შესვლისთანავე. ეს ხალხი არასოდეს მენახა.

არავინ მკითხა, ვინ ვიყავი, არც იკას წარუდგენია ჩემი თავი. დიდი ხნის ნაცნობივით შემომთავაზეს შამპანური, რომელიც გადახოტრილთმიანმა გოგომ გახსნა და ჩამოგვირიგა. არ ვიცი რატომ, მაგრამ მეუცნაურა და თან მომეწონა იკას სამეგობრო. კარტს თამაშობდნენ და ჯოინთს ეწეოდნენ. მე კარტზე უარი ვთქვი და სახლს ვათვალიერებდი. თაროებზე მტვრის სქელი ფენა იყო, ოთახებს კი სასმლის კი არა, ნასვამი კაცის სუნი უდიოდა.

მეც ბევრი დავლიე. იქამდე ვსვი, სანამ კუჭი არყით არ გავავსე და გულისრევას მუცლიდან ამოძრომა არ ვაიძულე. ყველაფერი მეკიდა საკუთარი სიხარულის გარდა. ეს ხელოვნურად შექმნილი ბედნიერება ხერხემალსა და ნეკნებში ჟრიალით მივლიდა. ახლა ზღვაზე უნდა დავეშვათო, იყვირა ულვაშიანმა და ბინიდან ყველა გაიკრიფა. ასეთი მთვრალი ზღვაში ვერ შევიდოდი. ორნი დავრჩით მისაღებში. იკას იქ ყოფნა არ მბოჭავდა და არ მასევდიანებდა. ვიცინოდი, სისულელეებზე ვეხუმრებოდი და წამით მართლა მეგონა რომ ასეთები შეგვეძლო ვყოფილიყავით - ნორმალურები, ჩვეულებრივები და ერთმანეთისთვის არ გვეტკინა. ძველ მაგნეტოფონი KISS-ს უკრავდა, მე კი მაგიდაზე ფეხშიშველი ვცეკვავდი. ხელებს ზევით ვწევდი და ყვავილებიან კაბას თეძოებით ვარხევდი. წამიერად თვალებში ნაღველი და სასოწარკვეთა გაუკრთა. ნერვები მეშლებოდა, ასეთი რომ იყო, ყველაფერს მიფუჭებდა.

— ჩამო.

— რა? - ხმამაღალი მუსიკის ფონზე კარგად არ მესმოდა.

— ჩამო-მეთქი! - იყვირა.

კაბა ჩემით აღარ ამიწევია, უხეშად ამხადა. დივანზე გადამატრიალა. მტკენდა, ცხოველივით იქცეოდა, მე კი ბალიშში ჩარგულ სახეზე ღიმილი არ მშორდებოდა, რადგან იკა იმ ღამით გატყდა.

სხვებივით არ იყო, სხვანაირი ჟინი ჰქონდა. არ მკოცნიდა, სამაგიეროდ ნაწილებად მშლიდა. თავადაც ფეთქდებოდა და ჩემს ატომებში იზილებოდა.

მეორე დილით მითხრა, რომ უნდოდა სამყარო გაჩერებულიყო და სამუდამოდ ამ ბინაში გავჭედილიყავით. რომ წუხდა იმაზე, რაც ჩვენს შორის გაჩნდა და თან მისთვის ეს ყველაზე ძვირფასი იყო. რომ საკუთარ თავს აბრალებდა საქმე აქამდე რომ მივიდა და ეს ის ზვავი იყო, რომელსაც მცელობის მიუხედავად, ვერ აჩერებდა. მერე სახე ჩემს თმაში ჩარგო და ძალიან, ძალიან მტკივნეულად ჩაილაპარაკა.

— იქით კვირას თბილისში მივდივარ.

— როდის ჩამოხვალ?

— იქ გადავდივარ.

სახე ამემრიზა. რომ შემატყო, გააგრძელა.

— აქ ვეღარ გავჩერდები, მითუმეტეს მაშინ როცა ასე ახლოს ხარ. მითუმეტეს ამის შემდეგ... წლებია თავს ვიკავებ და ვიტანჯები, ხომ ხედავ? ჯერ არავისთვის მითქვამს, მაგრამ უკვე ჩავირიცხე სასწავლებელში. ცოტა ხნით უნდა მოგშორდე. უნდა ვცადო და გამოვსწორდე...

— გაეთრიე.

— მისმინე, უნდა მაპატიო. მიყვარხარ და ვერ გავუძლებ, თუ შეგზიზღდები.

— გაეთრიე!

იატაკზე მიმოყრილ ტანსაცმელს ვესროდი და ხმის ჩახლეჩამდე ვუყვიროდი. მეტირებოდა და არ ვმალავდი. ვინ მისცა უფლება, პატიება ეთხოვა და სუფთა სინდისით გამქცეოდა ქვეყნის მეორე მხარეს. პირველად ვიყავი ასეთი ემოციური ვინმეს წინაშე. არაფერი მადარდებდა, რადგან იმ დღეს გამომფატრეს და კუთხეში მიმაგდეს. იკამ გასვლამდე კიდევ ერთხელ ჩაილაპარაკა, მიყვარხარო. მე მისი ხმის გაგონებაც აღარ მინდოდა, ზეწრებში გათეთრებული გული გადმომივარდა და იქვე უღმერთოდ იხრწნებოდა.

წავიდა... მანქანაში ჩაჯდომამდე გადავეხვიე და ჩავჩურჩულე, მეზიზღებიო. ის დღეც მეზიზღებოდა, როცა გამხდარი და უპეებჩაშავებული ბიჭი პირველად გავიცანი, როცა ტალღებთან სათამაშოდ წავედით და როცა პირველად ვიგრძენი რომ ჩემი სული მისას შეზრდოდა.

მთელმა წელმა ჩაიარა მის გარეშე. იმ პერიოდში ერთ ბასისტს ვხვდებოდი გადაპარსული თმითა და სამაჯურებით. ცოტნე ერქვა, პატარა ნახევრადსარდაფში ცხოვრობდა და თეთრეული ყოველ კვირას ახალი ქალის სუნად უყარდა. ამაზე არასდროს ვლაპარაკობდით, მაგრამ მიყვარდა, რომ სხვებთანაც იწვა. მომწონდა, რომ ვაჩეს არ ჰგავდა და ისე მექცეოდა, როგორც შეყვარებულსა და მეგობარს შორის გაჩხერილ არსებას. ერთი შეხედვით სიმპატიური არ იყო, მაგრამ ისეთ ენერგიას დაატარებდა, ვხვდებოდი, რატომაც უგორდებოდა ყველა.

იკას ოთახი დაკეტილი იყო, ვცდილობდი მასზე არ მეფიქრა, გონება არ შემეწუხებინა იმაზე ფიქრით, თუ თბილისში როგორ ცხოვრობდა, რას აკეთებდა და მე რამდენად ხშირად ვახსენდებოდი. სიბრაზემ ოდნავ გადამიარა და იმის მეშინოდა, რომ ერთ დღეს დღეს შინ დაბრუნებულს თითებზე დავადნებოდი. ცოტნეს HIM უყვარდა და პარასკევ საღამოს რიტუალივით მასმენინებდა, მე კიდევ ვოკალისტის ხმაზე იკა მახსენდებოდა და ყველაფრის მილეწვა მინდებოდა.

ვიცოდი, ზაფხულში ცოტა ხნით მაინც დაბრუნდებოდა და ასეც მოხდა. საღამოს სახლში მოსულს ეზოში შავი მერსედესი დამხვდა და ყურებში ტალღების ხმაური განმიახლდა. ამჩატებული მუხლებით შევაბიჯე მისაღებში. იქ იყო, დივანზე იჯდა და დანარჩენებს ელაპარაკებოდა. გვერდით გამხდარი ქალი ეჯდა. გოგო არა, ქალი იყო, ჩვენზე დიდი და რაღაცნაირად მედიდური. ორივეს მივესალმე და მთელი საღამო ზედმეტად აღტკინებული ვსაუბრობდი. კაცი იფიქრებდა, დიდი ხნის უნახავ ნათესავთან შეხვედრა უხარიაო. ვიცინოდი, ბევრს ვლაქლაქებდი და ვერავინ შემატყობდა, რომ შიგნით ცეცხლი მეკიდა.

ქალს მაია ერქვა, ან მაი, როგორც იკა ეძახდა. ძალიან დახვეწილი და თავდაჯერებული იყო, ცოტა სნობურიც და ვერ ვიგებდი ამ დაქცეულ და ჩაქცეულ ტიპთან რას აკეთებდა. ან საერთო რა ჰქონდათ, რაზე ლაპარაკობდნენ და როგორ დაინტერესდნენ ერთმანეთით. მშობლებს დიდად არ გახარებიათ შვილის ოცდაათს მიტანებული შეყვარებულის დანახვა, მაგრამ ხომ ვთქვი, უზომოდ თბილი ხალხი იყო.

იკას ჩამოსვლა შავი ღვინით აღვნიშნეთ. მე დალევის შემდეგ უჰაერობას ვეღარ გავუძელი და მოსაწევად აივანზე გავედი. გამომყვა. შევწუხდი.

— სხვისი სუნი აგდის. — მითხრა

— ცოტნე ჰქვია.

— მე შენი სუნი მენატრება.

— მართლა? - ცინიკურად მივუგე და თვალებში გამომცდელად ავხედე.

მერე ვკითხე, უყვარდა თუ არა მაი, რაზეც სიცილით მითხრა, საიდან მოიტანეო. არ ვიცოდი, პატარა რომანებსაც თუ აცნობდნენ მშობლებს. მე მხოლოდ შენ მყვარებიხარო, სასხვათაშორისოდ ჩაილაპარაკა, მაგალითად ისე, როგორც იტყოდი, დღეს კარგი ამინდიაო, . სისულელე იყო. სიყვარული აღიარება და ბრძოლაა, მას კი არც ერთი შეეძლო.

ამ პათეტიკას ვეღარ გავუძელი და ჩემს ოთახში ავედი. უკან შებრუნებულმა მაიას ეჭვიანი და ოდნავ ამრეზილი მზერაც ვიგრძენი, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.

იმ წელს ყველაზე მძიმე დეკემბერი მქონდა. ზღვაში შტორმები არ ჩერდებოდა, ოდნავ მოთოვა კიდეც. ვიცოდი, აღმოსავლეთში დიდი თოვლი იყო და ძალიან მინდოდა, მენახა. თოვლზე მეტად იკას ნახვა მინდოდა. მისი ჩამოსვლის შემდეგ მოსვენება დამეკარგა. რაღაც დამმართა. ამამღვრია. ჩემი მახინჯი და მტკივნეული სიყვარული შემახსენა. ისევ სახურავზე ვათენებდი, ანთებულ სიგარეტს ბარძაყებს შუა ვიდებდი და რკალის ფორმის შრამებს ვიტოვებდი. მინდოდა, იმაზე დიდი ფიზიკური ტკივილი განმეცადა, ვიდრე სულში მქონდა, მაგრამ ესეც არ გამომდიოდა.

მასთან კავშირის ასე დაკარგვა მაფორიაქებდა. მითუმეტეს, როცა მაიას არსებობის შესახებ ვიცოდი. ერთმანეთს არ ვურეკავდით, არც ვწერდით და ამ მდუმარებას ჭკუიდან გადავყავდი. გადავწყვიტე, ახალ წელს საჩუქარი გამეკეთებინა. როგორმე, თავი უნდა შემეხსენებინა. კასეტაზე ერთადერთი სიმღერა ჩავუწერე, Fleetwood Mac-ის "Silver Springs" და ლამაზად შევუფუთე. წერილიც მივაყოლე. მეც მიყვარხარო, დავჯღაბნე ფურცელზე და შეფუთვაში ჩავტენე, მაგრამ მერე ამოვიღე, ნაკუწებად ვაქციე და მის მაგივრად დავუწერე "მინდა, ისევ ფეხებს შორის გიგრძნო".

პასუხად ცარიელი ყუთი მივიღე, რომელშიც ფურცლის ნაგლეჯზე ერთადერთი სიტყვა ეწერა - "ჩამო."

ბათუმი-თბილისის მატარებელში არასოდეს ვმჯდარიყავი. მთელი გზა მსუქანი კაცის როხროხი და მისი პირიდიდან ამომავალი ხახვის სუნი მაწამებდა. ფანჯარასთან რომ არ ვყოფილიყავი, შევიშლებოდი კიდეც. მგზავრობამ დამღალა, მაგრამ აგზნებული და აღტკინებული ვიყავი, იკას ნახვის მოლოდინი გახევებულ კიდურებს უნებლიეთ მიტოკებდა.

რუსთაველზე პატარა ბინაში ცხოვრობდა, რომელიც მყუდროდ მოეწყო. ისევ ბევრს სვამდა, ამას ცარიელი მინის ბოთლებით მივხვდი. რომ დამინახა, თავისებურად უხეშად მეძგერა და საძინებელში გამათრია. საწოლი ცოტას ჭრაჭუნობდა და ოთახში იანვრის ფონზე ზედმეტად ცხელოდა.

იკა თბილისში სხვანაირი იყო. უდარდელად და ბევრს საუბრობდა. ქალაქს მათვალიერებინებდა და ნაირ-ნაირ კერძებს მაჭმევდა. აქაური მეგობრებიც გამაცნო. ჩემი თავი მის დეიდაშვილად არ წარუდგენია. არც ნათესავად, არც მეგობარ გოგონად. უბრალოდ მე ვიყავი და ეს მსიამოვნებდა. პარკში შეყვარებულებივით ვკოცნიდით ერთმანეთს, მუზეუმებში დავდიოდით და მანქანის ტარებას ვსწავლობდი. ჩემს ბარძაყებზე შრამად დატოვილ რკალებზე არაფერს მეკითხებოდა, მიზეზი თავადაც კარგად იცოდა. არ იმჩნევდა, მაგრამ ყოველთვის ვგრძნობდი, როცა თავს ჩემს ფეხებს შორის რგავდა, მუცელი მლაშე წვეთებით როგორ მენამებოდა.

მაიაზე სიტყვაც არ დამიძრავს. ალბათ იმიტომ, რომ თავიდან ამდენ სიხარულში აღარც მახსოვდა და მერე იმიტომ, რომ უკვე მეკიდა. იმ დღეს კი გადავწყვიტე, დრო იყო, მასზე მეკითხა.

იკას შავ მერსედესში საჭესთან ვიჯექი. დილით მცხეთაში ავდიოდით მეგობრებთან. მოქუფრული დილა იყო და მსხვილი ფანტელებით თოვდა. "Silver Springs"-ს ვუსმენდით და თან ლირიკას ვყვებოდით. მუსიკას ოდნავ დავუწიე და ვკითხე:

— მაიას როდის დაშორდი?

— არ დავშორებულვარ.

ისეთი მშვიდი იყო, ისეთი უდრტვინველი, რომ განვცვიფრდი. გული ამიჩქარდა და ყელში მომებჯინა. საუბარი ისევ თვითონ გააგრძელა.

— ახლა თბილისში არაა, მისი ოჯახი ლიონში ცხოვრობს და საახალწლოდ იქ წავიდა.

— მეღადავები?

— არა, რატო?

ვუთხარი, რომ ვით იქცეოდა და თავს ძალით იდებილებდა. პასუხად ის მივიღე, რომ მაია არაჩვეულებრივი ქალი იყო და ახლოს რომ გავიცნობდი, ამას თავადაც დავინახავდი. რომ არ უყვარდა, მაგრამ მოსწონდა და აპირებდა ოდესმე მასთან ოჯახი შეექმნა, რადგან სტაბილურობა ენატრებოდა და ხელმოცარულებთან წოლის ნაცვლად ჯობდა, ამაზე მეც დამეწყო ფიქრი.

სიმშვიდის შენარჩუნებას ვცდილობდი, იკა არასდროს არაფერს დამპირებია და გაპროტესტების უფლებაც დიდად არ მქონდა, მაგრამ მერე სახიდან თმა გადამიწია, ნიკაპზე შემეხო და თქვა:

— უნდა გესმოდეს, რომ ერთად ვერ ვიქნებით. ჩვენი დანაშაული მხოლოდ ისაა, რომ ერთმანეთი ასე ძალიან შეგვიყვარდა. - თან გზას გაჰყურებდა - ეს ურთიერთობა ერთი დიდი ზვავია და შიგ არ უნდა ჩავიმარხოთ. მისმენ, ხო? მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ დროდადრო ამ სიყვარულის დაოკების და ერთმანეთის მონატრების ჩახშობის უფლება არ გვაქვს.

წამიერად იმ დროში დაბრუნება მომინდა, როცა არც ერთმა არ ვიცოდით, რა იყო გოგო და ბიჭი, სქესი და მორიდება. როცა მხოლოდ ერთმანეთი და შავი ზღვა გვყავდა. როცა მისი მარილიანი კანის სუნს ვგრძნობდი და მეგონა, არასოდეს გავიზრდებოდით.

— .

ავქვითინდი და სიჩქარეს მოვუმატე. ვერაფერზე ვფიქრობდი, გარდა იმისა, რომ მას, ვინც ასე ძალიან მიყვარდა, ჩემთვის ამხელა ტკივილის მოყენება უნდოდა.

— , , !

მცხეთასთან არ გადამიხვევია. გზა წინ გავაგრძელე.

— სად მიდიხარ? - მიყვიროდა, ხმაში შიში ეპარებოდა.

— სად და ბათუმში! იქ მიმყავხარ რომ ამ საძაგელ ქალაქს და ამ საძაგელ ხალს გაგარიდო. იქ წაგიყვან, სადაც ჩვენი სახლია!

მუსიკას ბოლო ხმაზე ავუწიე, ცრემლები ხედვაში ხელს მიშლიდა. მევედრებოდა, რომ გამეჩერებინა, გადავსულიყავით და გველაპარაკა. მთხოვდა, რომ გაზის პედლიდან ფეხი ამეღო და დავმშვიდებულიყავი. მაგრამ მე მხოლოდ მზეზე აბრდღვიალებულ ტალღებს ვხედავდი, რომლებიც ამ დედააფეთქებული თოვლის იქით მელოდა.

ჩვენი მანქანა მოყინულ გზაზე მოსრიალდა და მაგისტრალიდან გადავიდა. "Silver Springs" შეწყდა, აირბაგები არ გაიხსნა. ხეს მთელი ძალით შევასკდით. მე მრავლობითი მოტეხილობით და ტვინის შერყევით ჰოსპიტალში გადამიყვანეს. მას შეჯახებიდან რამდენიმე წამში გული გაუჩერდა.

იკა ადგილზევე გარდაიცვალა. ჩემთან ძალიან ახლოს და ზღვისგან ძალიან, ძალიან შორს.

მეც იმ ხესთან მოვკვდი, თუმცა იკასგან განსხვავებით კიდევ დიდხანს ვივლიდი გამოშიგნული და გამოფატრული დედამიწის ზურგზე, გულისრევით სავსე.

უნდა იცოდე, უნდა გამიგო, რომ ვერა და ვერ შეგაკედლე ჩემი მიუსაფარი და საზიზღარი სიყვარული. და ახლა ვიცი, სიკვდილიც კი ვერ მომიყვანს შენამდე, რადგან სხვა ტალღა უბრალოდ განწირული ტალღაა და შავი ზღვა შენგან ცარიელია.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent