"თუ ბედისწერა..." (ნაწილი I)
იმ დღეს, როცა შენ გაგიცანი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ჩემი ცხოვრების ყველაზე ლამაზი ისტორია იწყებოდა.არ ველოდი, რომ ცხოვრება, რომელსაც დიდი ხნის წინ შევურიგდი თავისი სიჩუმითა და ერთფეროვნებით, ერთ ჩვეულებრივ დღეს რაღაცას მაჩუქებდა.ეს დღე არაფრით განსხვავდებოდა სხვებისგან.არც კალენდარში იყო წითლად მონიშნული და არც რაიმე ნიშანი არსებობდა, რომელიც გამაფრთხილებდა, რომ შენ გიპოვიდი... იმ დღეს ცა მიწას ემუქრებოდა...თითქოს მთელ დაგროვილ ბრაზს ერთბაშად ახსენებდა. შიგადაშიგ ელვა ჰორიზონტს გადაურბენდა, მერე კი ისეთი გრუხუნით უბრუნებდა პასუხს, გეგონებოდა, ცა და მიწა ერთმანეთს რაღაცაზე ედავებოდნენ...სანაპიროზე ვიდექი...ჯერ ერთი წვეთი დამეცა სახეზე...მერე მეორე...მერე მესამე...რამდენიმე წამში კი წვეთები თქეშად იქცა... თითქოს ვიღაცას უზარმაზარი წყლით სავსე კასრი გადმოებრუნებინოს ციდან და მთელი ქალაქისთვის ერთბაშად დაეღვაროს...მთლად გალუმპული ქუჩაში მივრბოდი... თმა სახეზე მეკვროდა, ფეხსაცმელში წყალი ჩამსვლოდა, მაგრამ მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი, სადმე წვიმისთვის თავი შემეფარებინა...მალევე პატარა მარკეტი შევნიშნე...შორიდან პატარა სანთელივით ანათებდა...რაც შემეძლო მთელი სისწრაფით გავიქეცი და შვებით ამოვისუნთქე...ცოტაც და გადაიღებს მეთქი ჩავილაპარაკე ჩემთვის...მაგრამ წვიმას აშკარად სხვა გეგმები ჰქონდა...ზუსტად მაშინ, როცა წვიმას გავყურებდი, ქუჩის მეორე მხრიდან ვიღაც მთელი სისწრაფით გამოიქცა...ბიჭი იყო...მთლად გალუმპული...რამდენიმე გრძელი ნაბიჯი გადმოდგა, ბოლოს თითქმის სირბილით მოაღწია მარკეტამდე და კართან გაჩერდა...იმავე წამს მეხმა ისეთი ძალით დაიგრგვინა, ორივეს ერთდროულად შეგვეკუმშა მხრები...ღია ცისფერი, წვრილყვავილებიანი კაბა მეცვა...წვიმისგან მთლად გაწუწული სხეულზე ისე მეკვროდა, როგორც მეორე კანი...წამით შენკენ გამოვიხედე...სწორედ ამ დროს დავიჭირე შენი მზერაც...მაშინვე შემრცხვა...ხელები ინსტინქტურად სხეულზე მოვიხვიე, თითქოს წვიმას ჩემი უხერხულობის გამხელა არ უნდა შეძლებოდა. თითქოს ვცდილობდი, კაბის ქვეშ დამალული სირცხვილი და დაბნეულობა დამეფარა...შენ უსიტყვოდ დამაკვირდი...შემდეგ მხარზე გადაკიდებული სავარჯიშო ჩანთა გახსენი და რაღაცის ძებნა დაიწყე...თავი მაშინვე სხვა მხარეს გავატრიალე. არ მინდოდა, ცნობისმოყვარე გამოვჩენილიყავი, თუმცა გულის სიღრმეში მაინტერესებდა, რას ეძებდი...რამდენიმე წამის შემდეგ შენსკენ მოვიხედე...ხელში მუქი ფერის მოსაცმელი გეჭირა...ჩემკენ გამოიწოდე. - აი... ეს ჩაიცვი - გაკვირვებულმა შემოგხედე და უარის ნიშნად თავი გავაქნიე... - არ მინდა, შენ დაგჭირდება- ღიმილით მომიბრუნე პასუხი. - მე უკვე სულ გალუმპული ვარ. უარესი აღარაფერი მომივა - მოსაცმელს არ ვიღებდი.შენ კი ოდნავ გაიღიმე და დაამატე: - თუ უარს იმიტომ მეუბნები, რომ ახლა ერთმანეთი ძლივს გავიცანით... მაშინ ჩათვალე, უბრალოდ ერთი უცნობი ცდილობს, მეორე უცნობი არ გაცივდეს - ამ სიტყვებზე გამეღიმა.ფრთხილად გამოგართვი მოსაცმელი.მხარზე რომ მოვისხი, ჯერ კიდევ შენი სურნელი ასდიოდა.წვიმა ისევ ხმაურობდა...ოდნავ კიარა,ბევრად დიდი აღმოჩნდა მოსცმელი...ლამის ჩემ კაბას მისწვდა... - გიხდება -ისე მშვიდად მითხრა, თითქოს ეს ყველაზე ჩვეულებრივი რამ იყო...ჩამეცინა. - ასე დასველებულსაც? - განსაკუთრებით ასე - წამით თვალი ვერ გავუსწორე...გარეთ ისევ თავსხმა იყო...მარკეტის გამყიდველი მოწყენილი სახით ფანჯრიდან იყურებოდა... - სანაპიროზე რას აკეთებდი? - მკითხა ინტერესით. - უბრალოდ... როცა ბევრი საფიქრალი მიგროვდება, ზღვასთან მივდივარ... - და გეხმარება? - ზღვისკენ გავიხედე. - ზოგჯერ...ზღვა კარგია... არაფერს გეკითხება, უბრალოდ გისმენს - გაგეღიმა. - მეც მაგიტომ დავდივარ. - მართლა? - ჰო. ოღონდ მე ხმამაღლა ველაპარაკები - სიცილი ვეღარ შევიკავე და ნახევრად კისკისით ვკითხე: - ზღვას? - კი. - და გპასუხობს? - როგორ შენ თქვი არა... მაგრამ არც მაწყვეტინებს... - შენ? - მკითხე. - ყოველთვის ასეთი მშვიდი ხარ? - არა. - მაშინ? - უბრალოდ ადამიანებთან ლაპარაკი მიჭირს. - უცნობებთან? - ზოგადად - ცოტა ხანს მიყურე. - საინტერესოა... - რა? - უცნობთან ლაპარაკი გიჭირს, მაგრამ უკვე ათი წუთია, მე მელაპარაკები. - ალბათ იმიტომ, რომ შენც უცნობი ხარ - საუბარი ისე ბუნებრივად აგვეწყო, ვერც კი მივხვდი, როგორ გადიოდა დრო.ერთმანეთის სახელებიც არ გვიკითხავს...უცნაური იყო... თითქოს იმ წუთებში არც გვაინტერესებდა, ვინ ვიყავით. საკმარისი იყო, რომ იმ ერთსა და იმავე წვიმას შევეფარეთ.სწორედ მაშინ, როცა ცამ მიწას ბოლო მუქარა ესროლა, ჰორიზონტი კიდევ ერთხელ გაანათა ელვამ, მეხმა ბოლო ძალით დაიგრგვინა... და უეცრად ყველაფერი მიწყნარდა.წვიმამ თითქოს ბრაზი მოიოხა...წვეთები ჯერ შეთხელდა, მერე კი საერთოდ შეწყდა.გარეთ მხოლოდ სველი ასფალტი ბრწყინავდა. - მგონი... სახლში უნდა წავიდე - ჩემს სიტყვებზე ჩუმად დამიქნიე თავი.მხრებიდან შენი მოსაცმელი მოვიხსენი, ფრთხილად გავასწორე და შენკენ გავიწოდე. - დიდი მადლობა... მართლა გადამარჩინე - მოსაცმელს არც კი შეხედე...უბრალოდ ხელები ჯიბეებში ჩაიწყე და გამიღიმე. - დაიტოვე. - არა... შენია. - ვიცი, რომ ჩემია. — მაშინ რატომ არ იღებ? - გარეთ ცას ახედე.რამდენიმე ნაცრისფერი ღრუბელი ჯერ კიდევ ნელა დაცურავდა. - შეიძლება ისევ გაწვიმდეს - შემომხედე - და არ მინდა, რომელიმე უცნობი გაცივდეს. გამეღიმა. - უცნობი? - ჰო... ჯერ კიდევ უცნობი ხარ. - არა ასე ვერ დავიტოვებ. - შეგიძლია. - მერე როგორ დაგიბრუნო? - რამდენიმე წამით ჩაფიქრდი.შემდეგ ისეთი სიმშვიდით თქვი, თითქოს ეს ყველაზე მარტივი პასუხი იყო: - თუ ბედისწერას მართლა უყვარს ადამიანების გზების გადაკვეთა...ერთხელ ისევ შეგვახვედრებს.მერე კი მოსაცმელსაც დამიბრუნებ - ჩუმად ჩავხედე ხელში დაჭერილ მოსაცმელს...არ ვიცოდი, უფრო შენი სიტყვები მათბობდა თუ თავად ის. - და თუ აღარ შევხვდით? - მაშინ..- ოდნავ გაიღიმე - მაშინ ეს მოსაცმელი იმის დასტური იქნება, რომ ერთხელ, ყველაზე ჩვეულებრივ დღეს, ორი სრულიად უცხო ადამიანი ერთმა წვიმამ ერთმანეთს შეაფარა - ამ სიტყვების შემდეგ,სანამ წამოვიდოდი, ერთხელ კიდევ შემომხედე.არ დამემშვიდობე.არც ხელი დაგიქნევია.უბრალოდ გაიღიმე.და ასე გაიყო ჩვენი გზებიც...ჩემს ხელებში კი შენი მოსაცმელი დარჩა... იმ დღის შემდეგ ჩემი პატარა, ღია ცისფერი ოთახი თითქოს ორად გაიყო...ერთ მხარეს ისევ ძველი მე ვიყავი — არეული, დაუდევარი და ისეთი, რომელსაც ტანსაცმლის სკამზე დაყრა გაცილებით მეტად უყვარდა, ვიდრე კარადაში შეწყობა.მეორე მხარეს კი... შენი მოსაცმელი იყო...ოთახის კუთხეში თეთრი ხის სკამი მედგა...სკამი, რომელსაც წესრიგი საერთოდ არ ახსოვდა...ხან ნახევრად წაკითხული წიგნები ეყარა, ხან ათასნაირი რვეული, ხან კი ტანსაცმელი, რომელსაც საკუთარ თავთან შეთანხმება ვერასდროს დაედო - გასარეცხი იყო, ჩასაცმელი თუ უბრალოდ იქ ყოფნა უნდოდა...მაგრამ იმ დღის შემდეგ...საპატიო ადგილი შენმა მოსაცმელმა დაიკავა...სკამზე სხვა არაფერი იდო...ვეღარც დაკუჭულ მაისურებს ვყრიდი ზედ...ვეღარც ლექციების რვეულებს.თითქოს იმ სკამსაც ვუთხარი - "გთხოვ, ერთხელ მაინც მოიქეცი წესიერად"...და, ჩემდა გასაკვირად, დამიჯერა.ზოგჯერ ოთახში შევიდოდი, თვალს შევავლებდი და გამეცინებოდა...ერთი სრულიად უცნობი ბიჭის მოსაცმელს იმაზე მეტად ვუფრთხილდებოდი, ვიდრე საკუთარ ნივთებს... ხატვა ასე თუ ისე გამომდიოდა...პროფესიონალი არასდროს ვყოფილვარ, მაგრამ როცა სიტყვები ვერ მყოფნიდა, ფანქარი ყოველთვის პოულობდა სათქმელს...ერთ საღამოს ისევ სანაპიროზე წავედი.ზღვა მშვიდი იყო.ისეთი მშვიდი, თითქოს იმ დღის სიგიჟე საერთოდ არ ახსოვდა.ცაც უჩვეულოდ მშვიდად გადაჰყურებდა ჰორიზონტს.იმავე ადგილას ჩამოვჯექი, სადაც იმ დღეს წვიმის პირველი წვეთები დამეცა.ჩანთიდან პატარა ჩანახატების რვეული ამოვიღე.დიდხანს ცარიელ ფურცელს შევყურებდი.მერე ფანქარი ნელა ავამოძრავე.ჯერ შენი ხელი დავხატე.ის ხელი, რომელიც ჩემკენ იყო გამოწვდილი, მუქი ფერის მოსაცმელი ეჭირა და ისე ბუნებრივად მთავაზობდა, თითქოს წლების ნაცნობები ვყოფილიყავით.მერე შენი ღიმილი.უცნაური ღიმილი გქონდა...ხმამაღლა არ იცინოდი.ტუჩის კუთხეები ოდნავ აგეწეოდა, თვალები კი უფრო ადრე გეღიმებოდა, ვიდრე თავად ტუჩები.სწორედ ამიტომ იყო ისეთი ძნელი დასახატი.ბოლოს შენი პროფილიც დავამატე.წვიმისგან შუბლზე მიკრული მუქი თმა.რამდენიმე დაუმორჩილებელი ღერი, რომელიც თვალებთან გეცემოდა.ოდნავ წამოზრდილი წვერი, თითქოს დილას სარკესთან გაჩერება ვერ მოასწარი.და ის მშვიდი მზერა...მზერა, რომელმაც პირველივე შეხვედრაზე ისეთი განცდა დამიტოვა, თითქოს დიდი ხნის ნაცნობი მენახე.ნახატი დავასრულე და ღიმილით დავხედე.სასაცილო იყო.ადამიანს ვხატავდი, რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცოდი...მაინც...გულის სიღრმეში ბავშვივით მჯეროდა, რომ იმ საღამოს სადმე აუცილებლად შეგხვდებოდი.ალბათ ქუჩის მეორე მხარეს...ან სანაპიროზე...ან იქნებ...წვიმა ისვე მოულოდნელად წამოსულიყო...ჩვენ კი, ვითომ სრულიად შემთხვევით, ისევ იმ პატარა მარკეტს შევაფარებდით თავს.მაგრამ...არც ცა მოღუშულა.არც წვიმა წამოსულა.არც შენ გამოჩენილხარ.იმ საღამოს სანაპიროდან მხოლოდ ზღვის ტალღების ხმა წამოვიღე... დღეები გადიოდა.ერთმანეთს ისე მისდევდნენ, თითქოს სადღაც ეჩქარებოდათ.შენ კი...არსად ჩანდი...არც შენი სახელი ვიცოდი...არც ის, სად ცხოვრობდი...არც ის, ყოველ დილით რომელ ქუჩას მიუყვებოდი.ვიცოდი მხოლოდ შენი ღიმილი.და ის ერთი წინადადება - "თუ ბედისწერაა... ერთხელ ისევ შევხვდებით".ზაფხულმაც უხმაუროდ უკან მოიტოვა თავისი ცხელი დღეები.ზღვის ნაპირი დაცარიელდა.ხეებმა კი ნელ-ნელა ოქროსფერი ფოთლების ჩამოყრა დაიწყეს.მზიანი დღეები ოდნავ სუსხმა ჩაანაცვლა.ჩემი განუყოფელი მეგობარიც შენი მოსაცმელი გახდა.ყველგან ის მეცვა.უნივერსიტეტშიც.მაღაზიაშიც.ზღვაზეც.ზოგჯერ სარკეში საკუთარ თავს რომ ვუყურებდი, მეც მეცინებოდა.მოსაცმელი ჩემზე თითქმის ორჯერ დიდი იყო.სახელოები თითებს მიფარავდა, მხრები კი ისე ჩამომდიოდა, გეგონებოდა სხვისი ცხოვრება მეცვა.მაგრამ მეც ვიცოდი.ძალიან კარგად ვიცოდი.უბრალოდ... ზოგჯერ ტანსაცმელს კი არ ვიცვამთ, მოგონებებს ვიცვამთ.იმ დღესაც ჩვეულებრივად მივდიოდი.ქარი ფოთლებს ქუჩაში დაატარებდა.ხელები ისევ შენი მოსაცმლის ჯიბეებში მქონდა ჩამალული.უცებ ქუჩის კუთხეში პატარა ყვავილების მაღაზია დავინახე.ვიღაც მოხუცი ქალი ყვავილების ყუთს ალაგებდა.სწორედ მაშინ ქარმა რამდენიმე ქოთანი გადმოაგდო.პატარა ცისფერი ყვავილები ტროტუარზე მიმოიფანტა.ქალი შეშინებული დაიხარა, მაგრამ ქარი უფრო სწრაფი აღმოჩნდა.არც მიფიქრია.მის დასახმარებლად გავიქეცი.ერთ-ერთ ქოთანს ხელი რომ დავავლე, იმავე წამს მეორე ხელიც შეეხო...ორივე ერთსა და იმავე ყვავილს დავწვდომოდით...ნელა ავწიე თავი...შენ იყავი...რამდენიმე წამი არც ერთს არაფერი გვითქვამს...შენი მზერა ჯერ ჩემს სახეზე შეჩერდა...მერე... ჩემს მხრებზე...მერე ღიმილით იმ მოსაცმელს დახედე, რომელიც ისევ მეცვა. - როგორც ჩანს... - ჩუმად თქვი - მართლა არ გაცივებულხარ. - არა... - და როგორც ვხედავ... - თვალი მოავლე მოსაცმელს - მართლა დაგიტოვებია. - შენ ხომ მითხარი, თუ ბედისწერა მოინდომებს, ისევ შევხვდებითო... - თვალებში ისეთი ღიმილი ჩაგიდგა, თითქოს ამ პასუხს მთელი ამ ხნის განმავლობაში ელოდი.ორივე ისევ იმ პატარა ცისფერ ყვავილს ვიჭერდით.სამყარო ყველაფერს — წვიმას, ქარს, მოსაცმელს და ბოლოს... ერთ პატარა ცისფერ ყვავილსაც კი — მათ შესახვედრად აერთიანებს...რამდენიმე წამით ერთმანეთისთვის თვალი აღარ მოგვიშორებია...პირველმა ისევ შენ დაარღვიე სიჩუმე. - მგონი... ამჯერად წვიმას აღარ დასჭირდა ჩვენი შეხვედრის მოწყობა...ან იფიქრა, რომ დანარჩენს უკვე ჩვენ თვითონ გავართმევდით თავს. - დიდი წარმოდგენა ჰქონია ჩვენზე. - მე მაინც მადლობელი ვარ. - წვიმის? - წვიმისაც...და იმ დღისაც - უცებ ვერაფერი ვუპასუხე.მხოლოდ გავუღიმე... - სხვათა შორის... -ღიმილით მითხრა - ისევ არ ვიცი შენი სახელი. - კესანე - რამდენიმე წამით ჩაფიქრდი.სახეზე ისეთი ღიმილი გადაგეფინა, თითქოს ეს სახელი სადღაც უკვე გქონდა მოსმენილი... - კესანე...იმ კესანესავით... მთაში რომ იზრდება? - ყვავილს გულისხმობ? - ჰო. - ბავშვობაში სულ მეკითხებოდნენ, მართლა იმ ყვავილის გამო დამარქვეს თუ არა. - და? - მხრები ავიჩეჩე. - დღემდე არ ვიცი. - თვალი არ მოგიშორებია. - იცი... გიხდება. - რა? - ეგ სახელი - წამით დავიბენი. - პირველი ხარ, ვინც ასე მითხრა. - ალბათ იმიტომ, რომ პირველად შევხვდი კესანეს. - შენ? - ლევანი. - სასიამოვნოა, ლევან. - ახლა უკვე მართლა - რამდენიმე ნაბიჯი ერთად გადავდგით.მოხუცი ქალი ისევ ყვავილებს ალაგებდა, ჩვენ კი ისე გავერთეთ საუბარში, თითქოს დიდი ხნის ნაცნობები ვიყავით.სწრაფად დაეხმარე,ალბათ საუბარი,რომ გაგვეგრძელებინა... - იცი... იმ დღის შემდეგ რამდენჯერ გავიარე იმ პატარა მარკეტთან? - რამდენჯერ? - იმდენჯერ, რომ მგონი გამყიდველს ვეგონე, ყოველდღე იქიდან პროდუქტებს ვყიდულობდი. - მეც ბევრჯერ გავიარე. - მართლა? - ჰო... - ალბათ ერთმანეთს სულ რამდენიმე წუთით ვცდებოდით. - ალბათ... - ზუსტად იმ დროს ჩანთა მხარიდან ჩამომიცურდა.ვცადე დამეჭირა, მაგრამ გვიან იყო.ძირს დაეცა.ყველაფერი ერთიანად გადმოიფანტა.ფანქრები.კალმები.საფულე.და ჩემი პატარა ჩანახატების რვეული. - მოიცა, დაგეხმარები. - ლევანი დაიხარა.სანამ რამეს ვეტყოდი, რვეულს დასწვდა.გულმა ისეთი ძალით დამიწყო ცემა, თითქოს მთელი ქალაქი გაიგონებდა."ოღონდ არა..." - გავიფიქრე.რვეული ხელში გადაატრიალა.პირველი ფურცელი გადაიშალა.ზღვა იყო დახატული.მშვიდი ზღვა.ჰორიზონტზე ჩამავალი მზე და სანაპიროსთან ჩამომჯდარი თოლიები.რამდენიმე წამი უხმოდ უყურებდა.შემდეგ ჩემკენ გამოიხედა. - შენ დახატე? - შვებით ამოვისუნთქე.ჯერ მხოლოდ პირველი გვერდი ენახა... - ჰო... ასე თუ ისე ვხატავ. - ღიმილით თავი გააქნია. - კესანე... "ასე თუ ისე" ამას ნამდვილად არ ჰქვია. - ისევ რვეულს დახედა.მე კი თვალს ვერ ვაშორებდი მის თითებს...ვიცოდი...კიდევ ერთი გვერდი...მხოლოდ კიდევ ერთი...და იმ წვიმიან დღეს ნახავდა...მარკეტის კარს.თავისივე გამოწვდილ მოსაცმელს.და საკუთარ თავს...ისე, როგორც ჩემს მოგონებებში ცხოვრობდა მთელი ეს დრო.ლევანის თითები ნელა გაცურდა ფურცლის კიდესთან.გული ისე მიძგერდა, მეგონა, თვითონაც გაიგონებდა. - ლევან... - თითქმის ჩურჩულით დავუძახე.თავი ასწია. - ჰო? - ნუ... - სიტყვები ერთმანეთს ვეღარ ებმებოდა - უბრალოდ... ნუ გადაფურცლავ - წარბი ოდნავ ასწია და გაკვირვებულმა შემომხედა... - საიდუმლოა? - თვალები ავარიდე. - შეიძლება - რამდენიმე წამი მიყურებდა.შემეძლო დამეფიცა, რომ ცნობისმოყვარეობა ებრძოდა ზრდილობას.ბოლოს გაეღიმა. - კარგი. - რვეული დამიხურა და ორივე ხელით გამომიწოდა. -ბოდიში,უნებართვოდ დავიწყე დათვალიერება...ჯერ არ წავიკითხავ შენს საიდუმლოებებს...ასე რა არის შიგნით? - არაფერი... - ჩავილაპარაკე - უბრალოდ... ჯერ არა. - "ჯერ არა" ნიშნავს, რომ ოდესმე მაჩვენებ? - გაკვირვებულმა შევხედე. - საიდან იცი? - იმიტომ, რომ "არა" არ გითქვამს - პასუხი არ გამიცია.მხოლოდ რვეული გულზე მივიკარი.რამდენიმე ნაბიჯი ჩუმად გავიარეთ.ლევანმა აღარაფერი მკითხა.არც უცდია, ჩემი საიდუმლო ძალით გაეგო.უბრალოდ გამიღიმაიმ ღიმილში უცნაური პატივისცემა იყო.თითქოს მიხვდა, რომ ზოგიერთ ამბავს თავისი დრო სჭირდება.ქუჩას ნელა მივუყვებოდით.ხეებიდან მოწყვეტილი ოქროსფერი ფოთლები ჩვენს წინ ეცემოდა და ქარი ისევ ბავშვივით ეთამაშებოდა.არ მახსოვს, იმ დღეს კიდევ რაზე ვილაპარაკეთ.არც ის, რამდენი ქუჩა გავიარეთ ერთად.მახსოვს მხოლოდ ის, რომ პირველად, დიდი ხნის შემდეგ, სიჩუმე აღარ მაშინებდა.მის გვერდით სიარული ისეთივე ბუნებრივი იყო, როგორც ზღვის ტალღების მოსმენა.ადამიანი სრულიად შემთხვევით ჩნდება შენს ცხოვრებაში...და ისე მშვიდად იკავებს ადგილს შენს ყოველდღიურობაში, ვერც კი ამჩნევ, როდის შეწყვიტე მისი უცნობად აღქმა.ალბათ სწორედ იმ დღეს დაიწყო ჩვენი ისტორია.არა იმ წვიმიან საღამოს, როცა ბედმა ერთი მარკეტის ქვეშ შეგვაფარა თავი...არამედ იმ შემოდგომის დღეს, როცა მივხვდი, რომ შენთან ერთად გავლილი რამდენიმე ქუჩაც კი მოგონებად მექცეოდა...და სწორედ მაშინ, როცა მეგონა, ეს დღე მშვიდად დასრულდებოდა, ლევანი მოულოდნელად ჩემსკენ შემობრუნდა, ჩემს მხრებზე გადაფარებულ მოსაცმელს დახედა, ოდნავ გაეღიმა და მკითხა... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.




